ფერიდუნ ბეგი - "სულთნების მიმოწერის კრებული"

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"სულთნების მიმოწერის კრებული"
ავტორი: ფერიდუნ ბეგი
ცნობები საქართველოს შესახებ


დიდვეზირი სოკოლუ მეჰმედ-ფაშა და ფერიდუნ ბეგი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები





წინასიტყვაობა[edit]

აჰმედ ფერიდუნ-ბეგი XVI საუკუნის ოსმალო სახელმწიფო მოხელეა. სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში ყოფნის შემდეგ 1570 წელს მიაღწია საგარეო საქმეთა სამდივანმწიგნობროს მეთაურის თანამდებობას, ხოლო 1573 წელს დაინიშნა სახელმწიფო ბეჭდის მცველის თანამდებობაზე. ამ სამსახურებში მას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფო არქივებში დაცულ მთელ ოფიციალურ მიმოწერაზე, რომელთაგან მან გადაიღო პირები და თავი მოუყარა თავის მთავარ ნაშრომში "სულთნების მიმოწერის კრებული". ამ კრებულში მოთავსებულია დოკუმენტები ოსმალთა სახელწიფოს დაარსებიდან (1299 წ.) სულთან მურად III-ის ტახტზე ასვლამდე (1574 წ.). ფერიდუნის შრომას გამგრძელებლებიც აღმოუჩნდნენ, რომლებმაც მის კრებულში მომდევნო ხანის მიმოწერაც შეიტანეს.

ფერიდუნ-ბეგის კრებულიდან საქართველოს ისტორიისათვის საყურადღებო დოკუმენტები სხვადასხვა დროს იქნა გამოქვეყნებული სხვადასხვა ქართველი ისტორიკოსის მიერ. აქ ჩვენ გაერთიანებული და ქრონოლოგიურად დალაგებული გვაქვს დოკუმენტების ტექსტების ქართული თარგმანები, ხოლო თვით გამოკვლევები მოცემულია შესაბამის ნაშრომებში.

დოკუმენტების ტექსტები[edit]


1562-1564 წწ. ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ის წერილი ლევან კახეთის მეფეს[edit]


ირანის შაჰზე საჩივრის გამო საქართველოს ამირასადმი გაგზავნილი გადმოსაბირებელი სამეუფეო წერილის პირი
სულეიმან I კანუნი - ოსმალეთის სულთანი 1520-1566 წწ.

მესიის ხალხის ამირებში სახელოვანო, იესოველთა ტომის დიდებულებში საუკეთესო ლევან. ბედკეთილი იყოს მისი ბოლო, როცა მაღალი სამეუფეო სიგელი შენამდე მოაღწევს, იცოდე რომ სამართლიანობის შენობის ტახტი და ბედნიერების ჩვენი საყრდენი, რომლისთვისაც ბრწყინვალე ვედრების სიტყვა შემოგითვლია, სახელგანთქმულ ამირათა თავის დაკვრის ადგილი და დიდებულ ხელისუფალთა თავშესაფარია. [შევიტყეთ], რომ შენი შვილებიდან ერთ-ერთი, ღვიძლი შვილი, მოკლულია უდანაშაულოდ, ხოლო [მეორე] ვაჟი, სახელად იესე, რომელმაც ისლამი მიიღო დაპატიმრებულია და რომ ძველი დროიდან მომდინარე ჩვეულებისა და აზრის საწინააღმდეგოდ შემოღებული გადასახადების გადახდის ღონე დაჰკარგეთ, ხოლო ტანჯვის მოთმენა აუტანელი გახდა. ამბობ, რომ მათი განზრახვაა საქართველოს მოსპობა, შემდეგ კი ისლამის ქვეყნებში შეჭრა და თავდასხმა. [რის გამო] სამყაროს ღირსებამოსილი ჩვენი ზღურბლისაგან დახმარებასა და შემწეობას ითხოვთ.

ლევან კახეთის მეფე (1518-1574) მეუღლესა და შვილთან ერთად

თქვენს წერილში ჩაწერილ ამბებს ჩვენი ბრწყინვალე შუქი მოეფინა და დაწვრილებით იქნა შესწავლილი და გაგებული. თქვენმა ბრწყინვალე და დიდებულმა დეფდერდარმა, აბდულ ალამმა (იმატოს მისმა სიქველემ), აგრეთვე გვაცნობა ყოველივე, რაც ჩვენს შორის არსებული ვითარების შესახებ თქვენს მიერ შემოთვლილი და მოხსენიებულია.

მაინც, რაც არ უნდა იყოს, სინამდვილე ისაა, რომ მისი უდიდებულესობის, მაღალღირსეული შაჰის ელჩები რამდენჯერმე მოვიდნენ სამართლიანობის თავშესაფარ ჩვენს სამეფო კარზე. რაიების, ღარიბების, მოსახლეობის და უძლურებისათვის სიმშვიდის და კეთილდღეობის მოსატანად ზავი იქნა დადებული. ნახჭევანის ლაშქრობიდან ათი წელი გავიდა, რაც საზავო ხელშეკრულების დამდები ორივე მხარის მიერ ზავისა და მშვიდობის საფუძვლები მოწესრიგებულია და მტკიცედაა დაცული. მათი მხრიდან ზავისა და ხელშეკრულების საწინააღმდეგო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. დიდი, ბრწყინვალე საგვარეულოსა და ჩვენი მყარი შენობისათვის, რომელიც ძველი დროიდანვე სარწმუნოების ხალხის საყრდენს და მსოფლიოს ხანების თავშესაფარს წარმოადგენს, სავსებით ნათელია და მას ყველაზე უკეთ ესმის, რომ შეთანხმებისა და [მიღებული] გადაწყვეტილებისაგან გადახვევა, ზავისა და [მიცემული] აღთქმისაგან განსხვავებული [საქციელი], სარწმუნოებისა და ისლამისათვის შეუფერებელია. მაგრამ ამავე დროს, საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი მომეტებული გულმოწყალეობა და სრული თანაგრძნობა იმ სახელოვანი ამირებისადმი, რომლებიც მაღალღირსეული ზღურბლისა და სამყაროს საყრდენი ჩვენი სამეფო კარისაგან დახმარებას და შემწეობას ითხოვენ. ყოველი აუცილებელი დახმარება, შაჰინშაჰური სულგრძელობა და სათანადო ფადიშაჰური მოწყალებაა განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც იტანჯება და დიდ განსაცდელშია ჩავარდნილი.

თქვენი მდგომარეობა რომ სასიკეთოდ შეტრიალდეს და ტანჯვა მოსვენებად გექცეთ, ამა თუ იმ სახით, შესაძლებლობის ფარგლებში, [ჩვენი] გარჯა და მზრუნველობა არ მოგაკლდებათ. თქვენ, აგრეთვე, იდუმალი თუ სხვა რაიმე საშუალებით, შესაძლებლობის კვალობაზე, საჭირო თადარიგი დაიჭირეთ.

შენიშვნები

1561 წელს სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა ლევან კახთა მეფის ძე გიორგი ბატონიშვილი, ლევანის მეორე ვაჟი იესე ბატონიშვილი, რომელიც სპარსეთში მძევლად იმყოფებოდა, დააპატიმრეს და ალამუთის ციხეში ჩასვეს. როგორც ჩანს, ლევან მეფემ სპარსეთის წინააღმდეგ მოკავშირის ძებნა დაიწყო და წერილით მიმართა ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ს.

სწორედ კახეთის მეფის წერილის პასუხს წარმოადგენს ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ის წერილი ლევან მეფესთან.


დოკუმენტი 1967 წელს გამოაქვეყნა ვიტალი ჩოჩიევმა კრებულში თსუ შრომები - ტ.118

ვიტალი ჩოჩიევი - კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან XVI საუკუნის 60-იან წლებში






1589-1590 წწ. ოსმალეთის სულთან მურად III-ის წერილი ქართლის მეფე სიმონ I-ს[edit]


ქართლის მბრძანებლისადმი გაცემული უავგუსტოესი ხელშეკრულების პირია
მურად III - ოსმალეთის სულთანი 1574-1595 წწ.

იესოელთა დიდებული თავადების სიამაყევ, მესიელთა ხალხში წარჩინებულთა რჩეულო, ქრისტეს მაღიარებელ გვარ-ტომთა საქმეების კეთილად წარმმართველო, ქართლის ქვეყნის მფლობელო სიმონ-ხან - ალლაჰმა კეთილი დასასრული მისცეს მას - როდესაც [ეს] მაღალი და სამეფო სიგელი [თქვენთან] მიაღწევს, იცოდეთ, რომ ამას წინათ ჩემს მაღალ და ბედნიერებამოსილ ზღურბლსა და სამართლიანობად წოდებულ ჩემს უზენაეს სამეფო სასახლეში შენ გამოაგზავნე შენი ძმა, შენი ნათესავი, შენი მოურავი და [კიდევ] ნდობით აღჭურვილი რამდენიმე კაცი.

ჩემი სარდალი, პატივმოსილი დესთური, ჩემი დიდებული მუშირი, ქვეყნის მომწესრიგებელი ვეზირი ჩემი ფერჰად ფაშა - ხანგრძლივი იყოს დიდებულება მისი - დიდი ყურადღებით ეკიდება შენს საქმეებს; და ამას წინათ შენც მას, აღნიშნულ ჩვენს სარდალს, წერილი გამოუგზავნე და ჩემს სვებედნიერ სამეფო ტახტს ყოველმხრივი მორჩილება და გამგონობა გამოუცხადე, მისი მოხარაჯეობა ბედნიერების წყაროდ მიიჩნიე და ზემოხსენებულ [სარდალს] შენი წლიური ხარაჯა გამოუგზავნე და [ამრიგად] ერთგულად და გულწრფელად მიენდვე და შემოაფარე თავი ჩემს უზენაეს კარს. ამიტომ აღნიშნულმა ჩემმა სარდალმაც ყოველმხრივ შეგიწყნარა და მოგეცა შენ [სარდლისაგან] ხელშეკრულება იმაზე, რომ შენს უფლებაში მყოფი შენი ქვეყანა უწინდებურად შენს ხელში იყოს, შთამომავლიდან შთამომავლამდე შენ იყო მისი მფლობელი და სხვა ვინმეს ამაში ხელი არ ჰქონდეს და [ამ საქმეში] არ ჩაერიოს. [ამ ხელშეკრულების] შესაბამისად თქვენ ჩემი ბედნიერების ბუდე სასახლიდანაც გითხოვიათ სამეფო პირობის წიგნი.

ქართლის მეფე სვიმონ I

ამგვარად, გარდა იმისა, რომ შენი სურვილი და საწადელი კეთილად იქნა [ჩვენს მიერ] დაკმაყოფილებული, შენი ძმა და სხვა შენი კაცები ჩემი მაღალი ოსმალთა სახელმწიფოსათვის შესაფერისი პატივით იქნენ მიღებულნი და მათ მიმართ გამოჩენილ იქნა მზრუნველობა და მფარველობა და უწინ მოცემული ხელშეკრულების შესაბამისად, ჩემი უზენაესი კარიდანაც ეს-ეს იყო მტკიცე საბუთი უნდა მოგვეცა, რომ მაგ მხარეში მყოფ მესაზღვრე ბეგლარბეგებისაგან ზედიზედ წერილები მოვიდა. [ამ წერილებით] მომახსენეს და შემატყობინეს, რომ შენ ხშირად მორჩილებიდან გამოდიხარ, ციხეში მომსვლელებს და სხვა გამვლელ-გამომვლელებს ავიწროებ და, გარდა ამისა, აქაოდა მე მოხარაჯე ვარო, ციხესთან ახლო მდებარე ნათესებიდან უშურს ითხოვ და ამბობ, რომ ციხეების გარშემო განლაგებული და ჩემი სამეფო და უძლიერესი ჯარის მიერ დაპყრობილი სოფლები და ნათესები უწინდელივით ჩემს მფლობელობაში უნდა იყოსო, ჩხუბობ და საქმეში ერევი. ამრიგად, უწინ რომ ამოდენა ერთგულება და გულწრფელობა გვაჩვენე, ხარაჯა გამოგზავნე და ახლა, როდესაც ჩვენს შორის მშვიდობიანობისა და შეთანხმებულობის დამყარებას ველოდით, ასეთი ვითარების შექმნა ეწინააღმდეგება ჩვენს მიზანდასახულობას. ამიტომ ბეგლარბეგებს უკვე დაეგზავნათ პატიოსანი ბრძანებები, რათა მათ ჭეშმარიტებით გაარკვიონ თუ რა არის [ყველაფერი] ამის არსი და თითოეული ბეგლარბეგი ფრთხილად იყოს და მისი საბეგოსადმი დაქვემდებარებული ჩემი ძლევამოსილი ჯარით სრულ მზადყოფნაში იდგეს.

ამჟამად კი თბილისის ბეგლარბეგმა გამოგზავნა წერილი, რომელშიაც შენს შესახებ მომახსენა, რომ შენ სრულ მორჩილებასა და გამგონობას იჩენ სვებედნიერი [ჩემი] კარის წინაშე, როდესაც აჩიკბაშისაკენ მიემართებოდი, დახმარება ითხოვე და თბილისის ყულის ჯარიდან დამხმარე სამხედრო ძალა მოგეცა, წახვედი და მტერზე გაიმარჯვე. თუ ეს ასე იყო, მე კეთილად მოვისმინე შენი ასეთი მორჩილება და გამგონობა და ამიტომ კვლავ გავუგზავნე ბეგლარბეგებს მტკიცე და პატიოსანი ბრძანებები და თითოეული მათგანი მტკიცედ და დაბეჯითებით გავაფრთხილე და მივუთითე, რომ რამდენადაც ჩვენთან ერთგულად და პირიანად არის, მის ქვეყანას არ ჩააცივდეთ და მის საქმეში არ ჩაერიოთ-მეთქი, იმის მეგობარს მეგობრობა, ხოლო მის მტერს მტრობა გაუწიეთ და მასთან ყოველნაირად მეგობრულად და გულითადად იყავით-მეთქი. მაგრამ არც შენ შეგფერის, მხოლოდ იმიტომ, რომ მოხარაჯე ვარო და ციხეები რომ შენდებოდა ჩემი ძლიერი და სამეფო ჯარებით დაპყრობილი და დამორჩილებული სოფლებისა და ნათესების საქმეებში ერევი და ციხის მიდამოებში მდებარე ყანებიდან უშურს ითხოვ. ყველა ციხის გარშემო მდებარე სოფელი და ნათესი გალავნით არაა შემოზღუდული.

ამრიგად, თქვენს ბუნებით თანდაყოლილი ერთგულებისა და გულითადობის შესაბამისად ეცადეთ იყოთ მშვიდობიანად და პირიანად, სხვისი შეცდენისა და წაქეზების მეშვეობით ტყუილ-უბრალოდ ბოროტებას ნუ ჩაიდენთ. უკეთუ ჩემს ბეგლარბეგებში თავს იჩენს ისეთი ვითარება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს უზენაეს ბრძანებას, შენს მიერ ნდობით აღჭურვილი კაცის საშუალებით დაწვრილებით და სიმართლისა და ჭეშმარიტების საფუძველზე მომწერე ამის შესახებ და ჩემს უზენაეს კარს მოახსენე, რომ მათ სათანადო სასჯელი მიეზღოთ. შენ კიდევ შენს ხელქვეით მყოფი შენი თავადები და აზნაურები და სხვები მტკიცედ გააფრთხილე და მიუთითე, რომ ციხეებში მიმავალ-მომავალ ჩემს ჯარისკაცებს, სურსათისა და ხაზინის დამტარებლებსა და გამვლელ-გამომვლელებს ნურავითარ შემთხვევაში ნუ ერჩიან და ნუ გადაეკიდებიან. და საერთოდ საჭიროა, რომ შენი კეთილი მზრუნველობით ქვეყანაში როგორმრე დამყარდეს მშვიდობა და სიწყნარე, რათა შეუძლებელი იყოს ვნება და ზიანი მიეყენოს ვისიმე ქონებასა და სიცოცხლეს. ხოლო თუ ვინმე მეციხოვნე ჯარიდან ჩვენს მფლობელობაში მყოფი სოფლების გარდა შენი ქვეყნისადმი დაქვემდებარებული სოფლებისა და ნათესების საქმეში ჩაერევა, ან ვისმე თავს დაესხმის, ეს მათ ბეგლარბეგს აცნობე, რომ მაგისთანა ავაზაკებს სათანადოდ გაუსწორდნენ და ამისი საშუალება არ მისცენ. და უკეთუ მათმა ბეგლარბეგმა ამას ყურადღება არ მიაქციოს, დაუყოვნებლივ მოახსენე ჩემს სვებედნიერ კარს, რათა ამ ბეგლარბეგს მარტო სამსახურიდან სამუდამოდ დათხოვნა კი არ ვაკმარო, არამედ უფრო სასტიკად გავუსწორდე. ამ ვითარების შესახებ შენი ხელით დამაკმაყოფილებელი პასუხი დაწერე და გამომიგზავნე, რომ ეს შენი წერილი ჩემს ბედნიერებამოსილ სასახლეში სახელმძღვანელო დასტურლამალა იყოს, თქვენ კი მყუდროებაში იყოთ და დამშვიდებული გეძინოთ, გამუდმებულად ღირსი გახდეთ ჩემი მრავალნაირი სამეფო წყალობისა და ისე, რომ შენი თანატოლები შენ შეგშუროდნენ.

შენიშვნები

გამომცემლები შინაარსის მიხედვით დოკუმენტს 1589-1590 წლებით ათარიღებენ. ამ დროს სვიმონ I დროებით დაუზავდა ოსმალებს და ზავი დასდო მის სარდალ ფერჰად-ფაშასთან და ამ საზავო შეთანხმების დამტკიცება სულთან მურად III-განაც მოისურვა, რისთვისაც თავისი ძმის მეთაურობით ელჩობა მიავლინა სულთნის კარზე.

სწორედ ამ ამბების გამოძახილია ოსმალეთის სულთან მურად III-ის წერილი ქართლის მეფე სიმონ I-თან.


დოკუმენტი 1966 წელს გამოაქვეყნეს მიხეილ სვანიძემ და სერგი ჯიქიამ კრებულში "მაცნე" - № 6 - 1966

მიხეილ სვანიძე, სერგი ჯიქია - საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ისტორიიდან 1588-1590 წწ.






1590-1592 წწ. ოსმალეთის სულთან მურად III-ის წერილი იმერეთის მეფე როსტომს[edit]


აჩუკ ბაშის მმართველის, როსტომ-ხანისადმი გაგზავნილი, გადმოსაბირებელი სამეუფეო წერილის პირი
ოსმალეთის სულთანი მურად III (1574-1595 წწ.)

ჩემი უზესთაესი, სიკეთის დედაბოძ კარიბჭისა და მაღალი ძლევამოსილი ზღურბლისათვის, რომელიც დიდებული სულთნებისა და მაღალი ხაკანების საფარველსა და თავშესაფარს წარმოადგენს, წერილი გამოგიგზავნია. უწინ, როდესაც სამოთხეში განსვენებული, შეწყალებული და შენდობილი ჩემი პაპა, სულთანი სულეიმან-ხანი, თავის [სახელმწიფოს] სატახტოდან ამხედრდა და სიუხვით, სიკეთით, ბედნიერებითა და ბრწყინვალებით მოსილი, საძულველ ურჯულოებზე ლაშქრობდა, თქვენმა მამამ საჩუქარი და ელჩი გაუგზავნა ქვეყნის საფარველის ტახტს და გულწრფელობითა და ერთგულებით მორჩილება გამოხატა. მეორედ კი, როცა [სულთანი სულეიმანი] თავრიზზე მიემართებოდა, სამეუფეო ბედნიერებას თან ახლდა და დიდი სამსახური გაუწია. თქვენც გასულ წელს სიმონ-ხანი და ამირ ულ-უმარა სახელოვანი ფერჰადი - ხანგრძლივი იყოს მისი ბედნიერება - ქუთაისის ციხისაკენ წაიყვანეთ და იქ რომ აბინავებდით, როდესაც ახალციხის ბეგლარბეგის მიერ გაგზავნილი სურსათი ზემოხსენებულმა (ფერჰადმა ან სიმონმა) წაიღო, გადაცემის საშუალება არ მიეცი, გზებზე დაბრკოლებები შეჰქმენი. შემდეგ სთქვი, რუმელთა ლაშქარი გავიყვანოთო, ჩვენი მოკავშირე გახდით, ყიზილბაშიც დამორჩილებული იქნება და ახალციხის აღება შესაძლებელი გახდებაო. სწორ გზას ასცდით. ხოლო, როდესაც თქვენი თანხმობის შესახებ ქაღალდი და კაცი გამოგზავნე, თქვენი ლაშქარი მთლიანად თქვენზე წამოვიდა. მომხდარ ომში დამარცხებული და ძლეული იქენი, შვიდი-რვა კაცით გადარჩი. შემდეგ სთქვი, არეულობის მიზეზი ხსენებული სიმონ-ხანიაო და [ეს ამბავი] შეგვატყობინე და ამასთან ერთად წრფელი განზრახვით და წმინდა რწმენით თავი შემოგვავედრეთ და მორჩილება გამოგვიცხადეთ, ხარაჯის გზავნა იკისრე და ამის თაობაზე ჩემი ბრწყინვალე ფირმანი ითხოვე და თქვენი ლაშქრით ხსენებულ სიმონ-ხანზე გალაშქრების და მისი ქვეყნისა და ვილაიეთის აოხრებისა და იავარყოფის შესახებ სამეუფეო ნებართვის მოსაპოვებლად გვეაჯე. ყველაზე სახელოვანი და მაღალი ღვთის უდიდებულესობის უსაზღვრო მზრუნველობის და დიდსულოვნების წყალობით ჩემი ზეციური პატივისცემის უზესთაესი კარიბჭე და ციური ბრწყინვალების მაღალი ზღურბლი ყოველთვის ღიაა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებიდან მშვიდობისა თუ ომის საქმეებზე ჩამოსულთათვის და არც ერთ მათგანს რაიმე დაბრკოლებას არ უქმნის. განსაკუთრებით ცნობილია ჩემი სამეუფეო მზრუნველობა და სამეუფეო მფარველობის ხელოვნება მათ მიმართ, ვინც გულით გამოხატავს მორჩილებას ჩემი უზენაესი კარიბჭისა და მაღალი ზღურბლისადმი. და რადგანაც მათი მომართვების და სურვილების სისრულეში მოყვანა ჩემი სახელოვანი მამების და დიდი წინაპრების - გაანათლოს მაღალმა ალლაჰმა მათი სული - დროიდან დღემდე ჩვენს საუკეთესო ფადიშაჰურ ჩვეულებას წარმოადგენს, ამიტომ თქვენი თხოვნა ჩემს ზედამხედველობაში აღმოჩნდა და მოწონება დაიმსახურა. რაკი ჩემი მაღალი ზღურბლის მორჩილი იქნები, შენს მიერ ნაკისრ ხარაჯას გამოაგზავნი, ჩემი ბრძანების გამგონი იქნები და ჩემს საწინააღმდეგო საქმეებს განერიდები, თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, ეჭვი არ არის, რომ ჩემი მაღალი კარიბჭის ხალასად მორჩილ დიდ სულთნებთან და სახელოვან ამირებთან შედარებით ორმაგად მომეტებულ ჩემს მზრუნველობას და წყალობას ეღირსები. უწინ სიმონ-ხანი სრულებით არ გვემორჩილებოდა, შემდეგ კი გონს მოვიდა და ადრინდელი შფოთი და ცოდვები მოინანია და ბოდიში მოიხდა. ვინაიდან {სიმონ-ხანი] უკვე კარგა ხანია, რაც მორჩილი და ხარაჯის გადამხდელი გახდა, ხოლო ჩვენი დიდი წინასწარმეტყველის წმინდა მუჰამედის -ალლაჰიმც ილოცებს და გაუმარჯვებს მას - უდიდებულესობის ღვთაებრივი კანონით ასეთი მოხარაჯეების წინააღმდეგ ლაშქრის გაგზავნა არ შეიძლება, ამიტომ თქვენი თხოვნა აღნიშნულ საკითხზე სამეუფეო თანხმობას ვერ ეღირსა. [მაგრამ ისე იცოდე, რომ] ამის შესახებ სიმონ-ხანს დამტკიცებული სამეუფეო წიგნი გავუგზავნეთ, მუქარა შევუთვალეთ და განმეორებით შევახსენეთ, რომ მუდამ გიმეგობროს და კარგად იყვეს შენთან, შენი ქვეყნის და ვილაიეთის არც ერთ ადგილს არ დაესხას და არ დალაშქროს. შენი ქვეყნის და ვილაიეთის დალაშქვრა-შევიწროება არავითარ შემთხვევაში არც ერთხელ არ მოხდება. ჩემი ბრძანება როცა მოაღწევს, სახელმწიფოს სატახტოს და სამართლიანობის სახელით ცნობილი ჩემი საგვარეულოსადმი შენი გულწრფელობის, სიხალისის, თავდადებისა და ერთგულების შესაფერისად მეგობრობა გამოიჩინე და სწორი გზით იარე. ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად ბედნიერების ჩემს სატახტოში ყოველწლიურად შენი ღირსეული და საპატიო კაცების მეშვეობით ხარაჯა გამოგზავნე. ჩემი უმაღლესი ღირსების ზღურბლისადმი მორჩილება იქნება შენი ბედნიერების ჯილდო და გამპატიოსნებელი სამკაული. მაგ მხარის ჩემ მიუდგომელ საზღვრებზე მყოფ ბეგლარბეგებთან და ამირებთან თანხმობა და ერთობა იქონიე. ჩემს სამეუფეო ბედნიერებასთან დაახლოებულთა შორის ჩემთვის სამსახურის გაწევაში თავი გამოიჩინე მომეტებული გარჯილობითა და თავდაუზოგაობით, რათა შენი იმედებისა და ფიქრების უმეტესობა, თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, ჩემს ყურადღებასა და კეთილგანწყობილებას ეღირსოს. ჩემს მფარველობაში, გარდა იმისა, რომ სიმშვიდესა და მოსვენებას მოიპოვებ, უეჭველია [აგრეთვე] ყურადღება არსად არ მოგაკლდება და ყოველთვის პატივცემული იქნები.

შენიშვნები

დოკუმენტი მეტად საინტერესოა და რამოდენიმე სრულიად ახალ ცნობას შეიცავს.

პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია ცნობა იმის შესახებ, რომ როსტომის მამას სულეიმან კანუნისათვის ირანის წინააღმდეგ ომში თანადგომა გამოუცხადებია, ხოლო თავრიზზე ლაშქრობისას თან ხლებია მას. სულეიმან I-მა თავრიზზე სამჯერ ილაშქრა 1534, 1535 და 1548 წლებში. ამ პერიოდში და საერთოდ სულეიმან კანუნის მმართველობის დროს (1520-1566) იმერეთში ბაგრატ III მეფობდა (1510-1565), რომელიც როსტომის მამის, კონსტანტინე ბატონიშვილის მამა იყო. რადგან იმდროინდელი თურქული წყაროები არაფერს ამბობენ ბაგრატ III-ის თავრიზზე ლაშქრობაში მონაწილეობაზე, ვ. ჩოჩიევს ეს ამბავი სინამდვილედ არ მიაჩნია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ ოსმალეთის სულთანი მურად III არასწორ ფაქტს ჩაწერდა წერილში.

საინტერესოა ფაქტი, რომ ქუთაისის ციხე სიმონ მეფესა და ფერჰად ფაშას ერთად აუღიათ და იქ თურქული გარნიზონი ჩაუყენებიათ. საწუხაროდ გაუგებარია მონათხრობი როსტომ მეფის დამარცხებაზე. დოკუმენტით არ ჩანს თუ ვის და რატომ შეებრძოლა როსტომი და გაურკვეველია, ეს თვით ტექსტის ბუნდოვანობას უნდა მიეწეროს, თუ არაზუსტ თარგმანს. მიუხედავად ამისა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დოკუმენტში აღწერილი ამბავი ასე გამოიყურება: ქუთაისის ციხეში ოსმალური გარნიზონის ჩაყენების შემდეგ, როსტომ მეფეს დაუწყია ოსმალთა შევიწროება, ამავე დროს შეუთავაზებია, ალბათ, სვიმონ მეფისათვის (თუმცა არაა გამორიცხული მანუჩარ ათაბაგიც) ძალების გაერთიანება და როგორც თურქების, ასევე ყიზილბაშების განდევნა და ახალციხის გათავისუფლება. ეს ამბავი სულთნისთვის ცნობილი გამხდარა და ამას მოჰყოლია როსტომის სასტიკად დამარცხება, როცა ის შვიდი თუ რვა კაცით ძლივს გაქცეულა. აქ, ალბათ, იგულისხმება სიმონის მიერ იმერეთის აღება და როსტომის სამეგრელოში გადახვეწა.

რაც შეეხება დოკუმენტის შედგენის თარიღს, ის თითქოს შედგენილი უნდა იყოს 1590 წლის ოფიშკვითის ბრძოლამდე, რადგან როსტომი ჯერ კიდევ დახმარებას თხოულობს სიმონის წინააღმდეგ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ წერილი ოდნავ მომდევნო ხანას ეკუთვნოდეს.


დოკუმენტი 1976 წელს გამოაქვეყნა ვიტალი ჩოჩიევმა კრებულში "მაცნე" - ისტორიის სერია - № 4 -1976

ვიტალი ჩოჩიევი - იმერეთის სამეფოს და ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI ს-ის ბოლო მეოთხედში (უცნობი თურქული დოკუმენტი იმერეთის შესახებ)






1625 წ. ოსმალეთის სულთან მურად IV-ის წერილი დიდ მოურავ გიორგი სააკაძეს[edit]


ქართლის მპყრობელ მოურავ-ხანისადმი გაცემული უზენაესი წყალობის წიგნის პირია
ოსმალეთის სულთანი მურად IV (1623-1640)

მაღალკეთილშობილ ემირთა წინამძღოლო, სანჯაყის ბეგის მეჰმედისა - ხანგრძლივი იყოს დიდება მისი - და ჩემი სამეფო კარის ჩაუშთაგანის ალი-ჩაუშის - იმატოს მისმა ღირსებამ - ხელით ჩემი ბედნიერების ზღურბლისათვის დაწვრილებითი და ვრცელი წერილები გამოგიგზავნია. [წერილების] შინაარსით მაცნობებ, რომ უბედურ ყიზილბაშს სწადია მაგ მხარეები დააზარალოს და, მაღალმა ალლაჰმა დაგვიფაროს, გზადაბნეული შაჰის დღისა და ღამის უწმინდურ განზრახვასა და ფუჭ ოცნებას შეადგენს საქართველოს ქვეყნების დაპყრობა და მაგ მხარეში ჩემი ღვთივდაცულ ქვეყანათა საზღვრებისათვის ზიანის მიყენება. [იწერები აგრეთვე], რომ საჭიროა დროულად ღონისძიებათა მიღება ურჯულო მტერთა და უკუღმართ გზაზე შემდგარ რაფიზიებისაგან [მოსალოდნელ] სიავეთა თავიდან აცილებაო და ითხოვ აქედან ჯარსა და შველას. ყველაფერი ის, რაც შენ მტრის მდგომარეობის შესახებ დაგეწერა და მოგიხსენებია, ჩემს სამეფო დიდებას სრულად ეცნობა.

დიდი მოურავი გიორგი სააკაძე

ვინაიდან, როგორც შენ მომახსენებ და მაუწყებ, ჩემი უდიდებულესობისათვის ცხადი შეიქნა, რომ სარწმუნოების მტერთა მიზანს უეჭველად საქართველო შეადგენს და ვინაიდან ხსენებული საზღვრისათვის დახმარების აღმოჩენა ჩემს რელიგიურ და სახელმწიფო საქმეებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ შენს მეშველად დაინიშნონ ყველა [ქვემოხსებულნი]: აწ ბათუმის ბეგლარბეგი წარჩინებული ემირთა-ემირი ომერი[1] - ხანგრძლივი იყოს მისი კეთილდღეობა - მისი ვილაიეთის ჯარით, ჩალდირის-ხიდის ბეგი მურთაზა[2], არფალიკის წესით თავისი სანჯაყის მფლობელი საფარი[3] - ხანგრძლივი იყოს ორთავეს კეთილდღეობა - და საქართველოს მხარეების [სხვა] მმართველები და ემირები მათ განკარგულებაში მყოფი ლაშქრითურთ. ვინაიდან ზემოხსენებული ომერი - ხანგრძლივი იყოს მისი კეთილდღეობა - მაგ საზღვრების კარგი მცოდნე, გამოცდილი და სახელმოხვეჭილია, ამიტომ ზემოხსენებული ჯარების მთავარსარდლად დაინიშნოს იგი. ყველა ესენი დაუყოვნებლივ დაიძრან თავიანთი ადგილებიდან და შენ შეგიერთდნენ და ჩემი უდიდებულესობისათვის სამსახურის გაწევისა და დაზარალების თავიდან აცილების საქმეში იხმარონ ყოველგვარი ღონე, როგორიც კი შესაფერისად იქნება ცნობილი, რაშიაც გაიცა ჩემი მტკიცე და დიდებული ბრძანების [შემცველი] უზენაესი ფირმანი. ამათ გარდა, ჩემი ბედნიერების საყრდენ ზღურბლიდანაც გამოიყო ჩემი იანიჩართა ნაწილები, რომლებიც ემზადებიან გემით ჩავიდნენ ტრაპიზონს და იქიდან ზემოხსენებულ მთავარსარდალთან ერთად მოვიდნენ შენთან და შემოგიერთდნენ. შენთვის დახმარების გაწევა ებრძანა აგრეთვე ანატოლიის ვილაიეთების ზაიმებსა და თიმარის პატრონებს და სრულიად არზრუმისა და ტრაპიზონის ვილაიეთში მყოფ იანიჩარებს თავიანთ მეთაურებითურთ. ჩემ საპატიო სამოსლებთან ერთად ჩემი დიდებული ბრძანებები გაეგზავნა [აგრეთვე] დაღისტნის მმართველებს, რათა მათ სასწრაფოდ გამოიყვანონ [ჯარი] და გამოგზავნონ დანიშნულ ადგილას. ჩემი მათდამი ბრძანებაა, რათა როგორც კი თქვენ თქვენი ადგილიდან დაიძვრებით, ისინიც თავიანთი ლაშქრით წამოვიდნენ და მოგეშველონ. დიდებული ბრძანებები დაეგზავნა აგრეთვე გურიის, სამეგრელოს და იმერეთის[4] მეფეებს მასში, რომ ჩემი სამარადისო ტახტისა და შეურყეველი ჩემი დინასტიისადმი მათი ერთგულებისა და მორჩილების შესაბამისად, თქვენთან ერთსულოვანნი იყვნენ და სამსახურის შესრულებას გულმოდგინებითა და ყურადღებით მოეკიდონ.

ანატოლიის ვილაიეთის პატივდებული და სახელოვანი სანჯაყთაგანი, ????-ს[5] სანჯაყი, შენ გებოძა არფალიკის წესით და შენს მიერ დასაკავებლად მზადაა. ახლა შენც, შენს ბუნებაში თანდაყოლილი დიდი თავგამოდების, განუზომელი მამაცობისა და გმირობის შესაბამისად, მოიკრიბე რაც ძალი და ღონე გაქვს და შენი მმართველობის ქვეშ მყოფი საქართველოს ჯარის გარდა, შესაძლებლობის ფარგლებში, საქართველოს სხვა ბეგები და გულადი წარჩინებულები წაახალისე და საკმარისი ხალხი შეკრიბე და ზემოხსენებულ ბეგლარბეგებს დაუკავშირდი. შეიკრიბენით იმ ადგილას, რომელიც მოხერხებულად იქნეს ცნობილი და მაღალი ჩემი სახელმწიფოსათვის, დროის საჭიროებათა მიხედვით, სამჯობინო და მეტად სასარგებლო სამსახურის გასაწევად დიდი მუყაითობა გამოიჩინეთ. სარწმუნოების მტერთა ბოროტებით აღსავსე მოქმედებათაგან მარცხის თავიდან ასაცილებლად, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს [მარცხი] გამოწვეული - მაღალი ალლაჰის შემწეობით - კეთილგონივრული ღონისძიებები იხმარეთ [და], როგორც კი შემთხვევა მოგეცემათ, უბედურ ყიზილბაშთა მტაცებლურ კლანჭებში ჩავარდნილ ციხე-სიმაგრეთა და ადგილთა დაპყრობისათვის სულითა და გულით მთელი თქვენი ძალ-ღონე არ დაზოგოთ და წინანდებურად, მაღალი ალლაჰის წყალობით, ყიზილბაშს სიცოცხლე არ შეარჩინოთ.

გარდა იმისა, რომ მაგ საზღვრები ჯეროვნად უნდა იქნეს დაცული, ამ წელსაც მაგ ადგილებში მტერი უნდა დაისაჯოს. გასწიეთ მრავალგვარი კეთილი სამსახური, რომელიც სარწმუნოებისა და ჩემი სახელმწიფოსათვის ღირსეული, ჩემი უდიდებულესობის ნების შესაფერი, ქვეშევრდომთა მდგომარეობის გამაუმჯობესებელი და ქალაქებში წესრიგის [დამამყარებელი] იყოს, რაზედაც გაიცა ბრძანება [ესე] ჩემი.

ვინაიდან შენი ერთგულება, გულწრფელობა, მორჩილება და გულმიდრეკილება ჩემი ბედნიერების ბუდე ტახტისადმი იმსახურებს მოწყალებას, შენდამი გამოჩენილ იქნა ჩემი მომეტებული მზრუნველობა: შენ გებოძა და გეწყალობა ჩემი სამეფო საპატიო სამოსელთაგან ერთი სიხარულის მომნიჭებელი ჩემი ხალათი და მავანის ხელით გამოგეგზავნა. ვბრძანე, რომ, როგორც კი ჩემი დიდებული ბრძანებულება მიაღწევს [შენთან], ნაბოძებსა და გამოგზავნილ ჩემს საპატიო ხალათსა და ბრწყინვალე სამოსელა მრავალგვარი დიდებით, პატივითა და მოწიწებით შეეგებე, მიიღე და ჩაიცვი.

[ამის გარდა] კიდევ შენთვის გაცემულ ჩემ უხვ წყალობათა საპასუხოდ გულმოდგინეობით მოემზადე, რომ ორი სამსახური გამიწიო[6]: შენს განკარგულებაში მყოფი საქართველოს ბეგები და წარჩინებულები კეთილი გულით მიიმხრე, მოიხმე შენთან და ყოველი ღონე იძიე, რათა შენმა [ჯარის] შენაერთებმა დღითი დღე იმატოს და მტერზე გაიმარჯვო. შენს მაშველად დანიშნული ზემოხსენებული ტრაპიზონის ბეგლარბეგი ომერის - ხანგრძლივი იყოს მისი კეთილდღეობა -ზემოაღნიშნულ ლაშქართან ერთად შესაფერისად მიჩნეულ ადგილას შეიკრიბენით და, მაღალმა ალლაჰმა გვაშოროს, უკეთუ მტერი თქვენზე წამოვიდა, თავს დაგესხათ და მოინდომა საქართველოს ქვეყნების დაზიანება, კეთილგონივრილ ღონისძიებათა მიღებით მარცხი თავიდან აიცილეთ. გამოიჩინეთ სრული შეუპოვრობა და მომეტებული გულმოდგინეობა, რათა ღვთივდაცულ ჩემს სახელმწიფოს არც ერთ ადგილს ზიანი არ მიადგეს და, როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მოგეცემათ, მთელი თქვენი ძალ-ღონით ეცადეთ უკან გამოგლიჯოთ მაგ მხარეში ურჯულოების გამავრცელებელი ყიზილბაშების ხელში მყოფი საქართველოს ციხე-სიმაგრეები, თუ სხვა ადგილები და ჩემი უდიდებულესობისათვის სრული შეუპოვრობითა და მომეტებული მზრუნველობით მრავალი სასახელო საქმიანობა გამოიჩინეთ. უეჭველია, ჩემი უდიდებულესობა სავსებით ენდობა შენს სიფხიზლეს, წინდახედულებასა და კეთილგონივრულ ღონისძიებათა მიღებას ლაშქრობის, ბრძოლის და მტრების განდევნისა და მოსპობის საქმეში. ამრიგად, სარწმუნოების მტერთა ცბიერებასა და ვერაგობას უდარდელად არ მოეკიდო და მუდამ შორსმჭვრეტელობა გამოიჩინე.

ვინაიდან ჩემი უდიდებულესობა დიდ მზრუნველობას იჩენს საქართველოს ქვეყნისადმი, ამა და ამ ჩემ დიდ ვეზირ მთავარსარდალსაც - მაღალმა ალლაჰმა ხანგრძლივი ჰყოს დიდებულება მისი - ეცნობა და გაიცა მაღალღირსეული ჩემი ფირმანი მასზედ, რომ ხსენებული [ დიდი ვეზირიც] სრული მზრუნველობით მოეკიდოს საქართველოს ვითარებებს. ამის გარდა, ვინაიდან წლევანდელი სამეფო ლაშქრობა ტარდება უფრო მეტი გულმოდგინეობით, ვიდრე სხვა წლებისა, ამიტომ საყოველთაოდ მუსლიმთა ჯარს და მთლიანად ერთღმერთობის მაღიარებელ ლაშქარს ებრძანა ჩემს ძლევამოსილ ლაშქრობაში მონაწილეობის [მიღება]. ხოლო ჩემი ძლევამოსილი სარდალი, თუ მაღალმა ალლაჰმა-მეუფემ ინება, მზად არის უახლოეს ვადაში ზღვა ლაშქრით წამოვიდეს ღვთივგამარჯვებული საზღვრისაკენ. იმედისმცემელ დიდებულ [ალლაჰს] ვსთხოვთ, რომ ამ ბედნიერ წელს, მაღალი ღმერთის შემწეობით, მივაღწიოთ სარწმუნოების მტერზე სასურველ შურისძიებას.

იმედია, რომ, როგორც წინათ, აღმოსავლეთის ქვეყნების დაპყრობა საქართველოს ქვეყნებიდან დაიწყო, ისე ახლაც დაპყრობათა და გამარჯვებათა კარი მაგ ქვეყნებიდანვე გაიღოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოხარაჯე და აზატი ქვეშევრდომნი მაგ ჯოჯოხეთისწილ ურჯულოების ბოროტებათა და სიავეთაგან.

ამრიგად, აბა შენ იცი, წელსაც როგორ მამაცობასა და გმირობას გამოიჩენ და სარწმუნოებისა და ჩემი სახელმწიფოს სამსახურის ასპარეზზე მხნეობისა და მამულიშვილობის დროშას როგორ როგორ აღმართავ. თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, ამიერიდან შენ მიერ გაწეული სამსახური სანაქებოდ ჩაითვლება, ხოლო შენი გულმოდგინება - მადლობის ღირსად, რის სანუქფოდაც, როგორც შენ, ისე შენთან სამსახურში მყოფნი, მრავალი ჩვენი მაღალი სამეფო მოწყალების, ჩვენი შემწყნარებლობისა და დაჯილდოების ღირსნი გახდებით.

ამიდა შესაბამისად, თქვენთან კეთილად ვართ განწყობილი და შენს მიმართ დღითი დღე მზარდი ჩემი უდიდებულესობის ყურადღება ჩემგან კეთილ საქმეთა მომასწავებლად ჩათვალეთ და ყოველი ღონე იხმარეთ ქების ღირსი სამსახური გაგვიწიოთ.

არ დააყოვნოთ მტრის მხარეებიდან გაგონილი ამბები მოახსენოთ ჩემს ძლევამოსილ სარდალსა და ჩემს ბედნიერების საყრდენ ზღურბლს.

გათავდა.

შენიშვნები
  1. ომერ-ფაშა 1602 წ. ებოძა ფეჩევის სანჯაყი, 1617 წ. ებოძა ბათუმის ბეგლარბეგობა. გარდაიცვალა ბათუმში 1631 წ. მომდევნო ხანაში. იგი მამაცი, ერთგული და მართალი კაცი იყო - [ ოსმალთა სახელმწიფო მოღვაწეების ბიოგრაფიული კრებული, ტომი III]
  2. მურთაზა ფაშა ახალციხის ათაბაგთა საგვარეულოდან იყო. 1617 წლიდან იგი ჩალდირის ბეგი გახდა. ამ თანამდებობაზე დიდხანს იყო და დიდად გაითქვა სახელი. 1635 წელს მურთაზა ტყვედ ჩაუვარდა ირანელებს, ხოლო დაზავების შემდეგ გათავისუფლდა. გარდაიცვალა იბრაჰიმის სულთნობის ბოლო წლებში, ანუ 1648 წლამდე - - [ ოსმალთა სახელმწიფო მოღვაწეების ბიოგრაფიული კრებული, ტომი IV, გვ.360.]
  3. საფარ ფაშა , ქრისტიანობაში ბექა III. მის შესახებ ასეთი ცნობებია: "საფარ-ფაშა სულთან მურად-ხან IV-ის დროს (1623-1640) ემირთაგანი იყო და ყარსის ციხისთავი გახდა. 1628 წელს ერანელებზე გაიმარჯვა და ახალციხისა და ჩალდირის ბეგლარბეგი გახდა. შემდეგში ყარსის ციხისთავის თანამდებობაც დაემატა. ამ თანამდებობაზე დიდხანს იყო და გარდაიცვალა 1651 წელს. თუმცა მისი ადგილი მისმა ძმამ დაიკავა, მაგრამ 1652 წელს გადაყენებული იქნა. მისი [საფარის] შვილი არსლან მეჰმედ-ფაშაა" - [ ოსმალთა სახელმწიფო მოღვაწეების ბიოგრაფიული კრებული, ტომი III, გვ.51]. ქართული წყაროებით საფარ-ფაშა სამცხეს განაგებდა 1625-1635 წლებში. ს. ჯიქია უპირატესობას ქართულ წყაროებს ანიჭებს.
  4. ტესტშია "გურიელ", "დადიან" და "აჩიკ-ბაშ".
  5. სანჯაყის სახელი ვერ იქნა იდენტიფიცირებული
  6. ტექსტშია "გულმოდგინეობის ქამარი ორ ადგილას შემოირტყი"




დოკუმენტი 1942 წელს გამოაქვეყნა სერგი ჯიქიამ კრებულში 1942 - ენიმკის მოამბე - ტომი XIII

სერგი ჯიქია - ხონთქრის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემული სიგელი






1625 წ. ოსმალეთის სულთან მურად IV-ის წერილი ქურთ ფეოდალებს[edit]


საქართველოს დაცვის განზრახვით ქურთების ამირებისა და ხანებისადმი გაგზავნილი სამეუფეო წერილის პირი
ოსმალეთის სულთანი მურად IV (1623-1640 წწ.)

რადგანაც საქართველოს ამირები ძველი დროიდანვე სამართლიანობის სახელით ცნობილ მტკიცე საფუძვლის ჩემს ოჯახსა და მარადიული საგვარეულოს ჩემს შენობას ემორჩილებოდნენ, ამიტომ მათი სამფლობელოები დაცული იყო გზადაბნეული ყიზილბაშისაგან, ხოლო მათი ღირსება და ქონება დაზღვეული გარეშე ლაშქრისაგან; მდიდრები და ღარიბები ჩემს მიერ მინიჭებული ბედნიერი დღეების სიმშვიდეში ცხოვრობდნენ. მაგრამ ზოგმა მათგანმა ცოდვიანი შაჰის ეშმაკობისა და ვერაგობისადმი გულგრილობა გამოიჩინა და იმ [შაჰის] მხარისადმი მორჩილება და კარგი განწყობილება გამოავლინა, რის შედეგად მათი კეთილაშენებული ქვეყნები დარბეულ იქნა, ხოლო ხალხი, ოჯახები, ქონება და შემოსავალი მრავალჯერ დაზარალდა. რაკი მტრების ბატონობა დღითიდღე მატულობდა, მათ [ქართველებმა], რომელთა ბუნებაში თანდაყოლილია თავდადებულობა და გულმოდგინება, ყიზილბაშის მიერ შექმნილი ვითარებით გამოწვეული სიავე ვეღარ აიტანეს. ზაგემის მმართველი თეიმურაზ-ხანი, ქართლის მმართველი მოურავ-ხანი, გურიელი, დადიანი, კარაკალკანის მბრძანებლებთან და საქართველოს სხვა ამირებთან გაერთიანდნენ და შეკავშირდნენ და ბოროტი ზრახვით საქართველოში შესასევად მისულ ავსულიან ყიზილბაშის ლაშქარს წინაღუდგნენ და ბრძოლა გაუმართეს; მრავალი ხანი მოკლეს; ვინც ცოცხალი გადარჩა, ძლეული დროშებით უკან გაბრუნდა. [ქართველები] ფეხდაფეხ დაედევნენ ბრძოლის ველიდან გაქცეულებს და ყარაბაღის საზღვრებამდე სდიეს, ყიზილბაშთა არაერთი სახელოვანი პირი ადვილად დახოცეს, ხოლო მათი ქვეყნები გაძარცვეს და დაარბიეს, ციხეები დააქციეს. შემდეგ, სამაგიეროს მიზღვის მიზნით, კვლავ გაერთიანებულ და [საქართველოზე] მისულ ხსენებულ წყეულებს შეხვდნენ და დიდი ომი გადაიხადეს. რადგანაც ყიზილბაში სარდალი დაატყვევეს და მრავალი გამოჩენილი [ყიზილბაში] დახოცეს, მაღალი ალლაჰის შემწეობით კარგი სახელი დაიმსახურეს.

რადგანაც სასიამოვნო გამარჯვებათა სულისჩამდგმელმა მოურავ-ხანმა [ზემოაღწერილი ამბების შესახებ] დაწვრილებით მომახსენა და მაუწყა, ამიტომ ჩემმა კარგმა შეხედულებამ თქვენს მიმართ იმატა. ჩემი კეთილი სურვილის და დიდსულოვნების ნიშანი [ახლა] თქვენა ხართ. თქვენგან მოსალოდნელი, ასეთივე თავდაუზოგავი და ენერგიული საქმიანობა გამოავლინეთ. თქვენს მიერ დამტკიცებული ვაჟკაცობის გამო ჩემმა ხელმწიფურმა მზრუნველობამ იმატა: ჩემი დიდებული ხალათებიდან თითო, სიხარულის მომგვრელი ხალათი გეწყალობათ და გებოძათ, რომელთა წამოსაღებად მავანი [კაცი] დაინიშნა. თქვენი ერთგულების, გმირობისა და მამაცობის კვალობაზე ყოველივე იღონეთ. ჩემი მაღალი კარიდან გამოყოფილი იენიჩარების მეომრებთან, მაგ საზღვრებზე მდებარე ვილაიეთების ბეგლარბეგებთან, ზაგემის მმართველ თეიმურაზ-ხანთან, ქართლის მმართველ მოურავ-ხანთან, გურიელთან, დადიანთან, კარაკალკანის მბრძანებლებთან და სხვა ქართველ ამირებთან გაერთიანდით და შეკავშირდით. თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, ჩემი სახელოვანი სარდალი მაგ მხარისაკენ გამოილაშქრებს. საძაგელი ყიზილბაშის ქვეყნების აოხრებასა და გადაბუგვას, მაგ საზღვრების მახლობლად მდებარე ციხეების აღებასა და ვერაგი ბრბოს გაჟლეტას ბეჟითად მოეკიდეთ და ვაჟკაცობა გამოიჩინეთ. გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს ამირების მიერ დამტკიცებული გულწრფელი ნასაქმევის პატიოსანი და ღირსეული შედეგების მოპოვების შესახებ ერთმანეთს შეატყობინეთ და გააგებინეთ. მაგ პირობის, კავშირისა და ფიცისადმი სუსტად და მერყევად განწყობილი [ქურთული] ტომების ეშმაკობასა და სიცრუეს არ ენდოთ და მათი ვარეგობა და ცბიერება სარწმუნოდ არ მიიღოთ. სიბრძნისა და სიფხიზლის შესაფერისად, ღირსებისა და პატიოსნების საკადრისად და ჩემს სამეუფეო ნებასთან შეთანხმებული თადარიგითა და მზადყოფნით დაიცავით ქვეყანა და საქმეში ძალმიცემით გაისარჯენით. თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, თქვენი სამსახური არ დაიკარგება. თქვენთვის ჩემი მაღალი წყალობის ბოძება გადაწყვეტილი ამბავია. ამიერიდან არ შეწყვიტოთ მომხდარ ამბებზე წერა ბედნიერების საყრდენი ჩემი კარისთვის და [მათი] მოხსენება და შეტყობინება ჩემი ძლევამოსილი, სახელოვანი სარდლისათვის.

შენიშვნები

შინაარსის მიხედვით დოკუმენტი შედგენილია 1625 წელს. ამ წერილით ოსმალეთის სულთანი ქურთებს მოუწოდებს, შეუერთდნენ ყიზილბაშების წინააღმდეგ აჯანყებულ ქართველებს და ერთობლივი ძალით შეეცადონ ზიანი მიაყენონ სპარსეთს.


დოკუმენტი 1971 წელს გამოაქვეყნა ვიტალი ჩოჩიევმა კრებულში "ქართული წყაროთმცოდნეობა" - ტომი III

ვიტალი ჩოჩიევი - მარტყოფის 1625 წლის აჯანყების გამოძახილი ოსმალეთში (სულთან მურად IV-ის წერილის მიხედვით)






1626-1632 წწ. ოსმალეთის სულთან მურად IV-ის წერილი თეიმურაზ I-ს[edit]


საქართველოს მმართველისადმი მომეტებული პატივისცემით გაგზავნილი სამეუფეო წერილის პირი
ოსმალეთის სულთანი მურად IV (1623-1640 წწ.)

შენ, საქართველოს ამირებში გულადობითა და სიმამაცით გამოჩენილს, იალბუზის ქვეყნის სახელგანთქმულთა შორის ისლამისადმი თავგამოდებითა და ერთგულებით განდიდებულს, ჩემი დიდებული წინაპრები - ნათელში ამყოფოს ალლაჰმა ისინი - გარდა იმისა, რომ სარწმუნოების ცნობილი და ერთგული ოთხი რჩეული მეგობრის - ალლაჰი კმაყოფილია ყველა მათით - მაღალი საქმისათვის ალლაჰის სიტყვის შესაბამისად, საღვთო ომებში იღწვოდნენ, დიდი მეგობრების შეურაცხმყოფელ რაფიზთა ბრბოსა და მწვალებლებზე შურისმგებელი, დიდებული მბრძანებლები იყვნენ. მათს ბრწყინვალე დროში, როცა აღმოსავლეთის ქვეყნებში გაგზავნილმა სარდლებმა და სერასქერებმა შირვანისაკენ გაილაშქრეს და იმ მხარეში სუნასა და წმინდა სარწმუნოებას რაფიზთა ბილწი ბატონობისაგან სწმენდნენ და მრავალ რაფიზს იმორჩილებდნენ, მაშინ შენი ალალმართალი წინაპრები, აგრეთვე რაფიზებისა და მწვალებლების ძირფესვიანად მოსპობისა და დამორჩილების საქმეში [ჩემს წინაპრებთან] ერთსულოვანნი და შეკავშირებული იყვნენ. სარწმუნოებისათვის გაწეული სამსახურის ჯილდოდ მათ ფადიშაჰური ქება და ალერსი დაიმსახურეს. ახლა რაკი ჩემმა მაღალმა სამეუფეო სმენამ გაიგო, რომ შენ აგრეთვე ერთგული და გულდაწმენდილი ხარ ჩემი მტკიცე საყრდენიანი საგვარეულოსადმი, მტკიცედ გიდგია ფეხი სამართლიანობის დიდ გზაზე და შენ წინაპართა გულწრფელობის შეუდრეკელი მიმდევარი ხარ, შენდამი ჩემმა უზენაესმა კეთილმა შეხედულებამ იმატა. ჩემი ლოცვა და კეთილგანწყობა შენკენაა მომართული. ბედნიერი იყავ შენ. ახლა ცის კარის ჩემი სახელმწიფოსადმი შენი ხალასი გრძნობების სანუქფოდ ჩემი მომეტებული სამეუფეო წყალობა გეღირსა: ჩემი საპატიო ხალათებიდან სიხარულის მომგვრელი ერთი ხალათი გიწყალობეთ და გიბოძეთ, რომლის წამოსაღებად დაინიშნა მავანი [კაცი]. როცა ჩემს მიერ ნაწყალობევი საპატიო ხალათი და საუცხოო ტანსაცმელი შენამდე მოაღწევს, მოწიწებით და განდიდების გრძნობით ჩაიცვი. მთელი შენი ლაშქრითა და ხალხის გამოჩენილი პირებით შენს ბუნებაში თანდაყოლილი გულმოდგინების კვალობაზე მოემზადე და, თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, როცა ჩემი ძლევამოსილი, სახელგანთქმული სარდალი მაგ მხარისაკენ წამოვა, ხოლო საქართველოს ამირები თავიანთი საზღვრებიდან დაიძვრებიან, შენც სათანადო ადგილას მათ შეუერთდი. შემოქმედის ბრძანების წინაღმდგომლების, [მუსლიმანთა] აღთქმისა და ერთობის გამტეხ რაფიზებისა და მწვალებლების მეთაურზე (ირანის შაჰზე) შურის საძიებლად და დიდი მეგობრების გულისათვის მთელი ძალები დაძაბე, ძალმოცემით შეუდექი საძაგელი ყიზილბაშის ჟლეტას, ვაჟკაცურად, მამაცურად და გაბედულად გაისარჯე, ისლამის სარწმუნოებისადმი საკადრისი თავგამეტება და სიბეჯითე გამოიჩინე, ორივე ქვეყნის მეუფის წადილის შესაბამისად საღვთო ომის წესის პატივისცემასა და შარიათის კანონის დაცვა-შესრულებაში უსაზღვროდ გაისარჯე, რათა შენი სანაქებო სამსახური არ დაიკარგოს. შენთვის ჩემი მაღალი წყალობის ბოძება გადაწყვეტილი ამბავია. კიდევ, - ამიერიდან არ შეწყვიტო სარწმუნოებისა და სახელმწიფოს საქმეებთან დაკავშირებული ამბების შეტყობინება ჩემი ბედნიერების კარისა და ჩემი ძლევამოსილი, სახელოვანი სარდლისათვის.

შენიშვნები

სამწუხაროდ კრებულში არც წერილის ავტორის და არც ადრესატის ვინაობა არ არის მითითებული. ვ. ჩოჩიევის გამოკვლევით წერილის ადრესატი უნდა იყოს თეიმურაზ I, რომელსაც მურად IV მოუწოდებს დაიკავოს ანტიირანული პოზიცია. დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს 1626 წლის ბაზალეთის ომის შემდეგ, როდესაც თეიმურაზ I-მა საქართველოში მდგომარეობა განიმტკიცა. ამ წერილით ოსმალეთის სულთანი მას მოუწოდებს, როგორც მისი წინაპრები, ისიც შეუერთდეს ყიზილბაშების წინააღმდეგ გამოგზავნილ ოსმალთა სარდალს და ერთობლივი ძალით დაამარცხონ ყიზილბაში მწვალებლები.

ვ. ჩოჩიევის აზრით ქართველი მეფის წინაპრად, რომელმაც ოსმალების მხარე დაიჭირა, უნდა იგულისხმებოდეს კახეთის მეფე ალექსანდრე II, რომელმაც ლალა მუსტაფა ფაშას 1578 წელს მორჩილება გამოუცხადა.


დოკუმენტი 1977 წელს გამოაქვეყნა ვიტალი ჩოჩიევმა კრებულში "მაცნე" - ისტორიის სერია - № 4 - 1977

ვიტალი ჩოჩიევი - ოსმალეთის სულთნის წერილი ქართველი მეფისადმი






1658-1659 წწ. ოსმალეთის დიდვეზირის მეჰმედ ქოფრულუს წერილი იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს[edit]


დადიანის დანიშვნის თაობაზე დიდი ვეზირის მიერ იმერეთის მმართველისადმი გაგზავნილი მაღალღირსეული წერილის პირი
ოსმალეთის დიდი ვეზირი ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა (1656-1661)

მისი უდიდებულესობის, დიადი, ზვიადი და უძლეველი ჩემი მბრძანებლის, ისლამის ფადიშაჰის, - მაღალი ალლაჰიმც გაახანგრძლივებს მის ხალიფობას უკანასკნელი სამსჯავროს დღემდე - მაღალ ზღურბლსა და უზესთაეს კარიბჭეზე მოვიდა თქვენი ელჩი, რომელმაც ძველი ჩვეულებისამებრ თავი დაუკრა ბედნიერ სამეფო უზანგს. თქვენს მიერ გამოვლენილი გულწრფელობისა და პირდაპირობის საპასუხოდ მას ყურადღება მიექცა. ოსმანის მაღალი სახელმწიფოს წესიერი და ერთგული მსახური ყოფილიყო. ისე, როგორც თქვენი მამა-პაპის დროიდან მოკიდებული [იმერეთის მეფეებს] დღემდე ალალმართლობის და მორჩილების მეტი არაფერი მიგიძღვით, მომავალშიც - ჩვენი რწმენა და გულდაჯერება ასეთია - თქვენი სამართლიანი სამსახური მტკიცე და უწყვეტი ყოფილიყოს. მაგრამ ეს კი (უნდა ითქვას), რომ ამის წინათ, როდესაც დადიანი გარდაიცვალა და გურიის მთავარმა მის ადგილზე შეუფერებელი და ყიზილბაშიდან (გადმოყვანილი) კაცი გაგზავნა და მისი დადიანად დანიშვნა მოინდომა, თქვენ მას ხელი შეუშალეთ.

იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639-1660)

[ამის შემდეგ] თქვენს შორის ბევრჯერ მოხდა ომი და ხოცვა-ჟლეტა. ასეთი ურიგო მამაცობის გამო გურიელმა ნამდვილად დანაშაული ჩაიდინა და ამ შეცდომის გამო გასაკიცხია, მაგრამ შენც ამას წინათ მომხდარ ომში გარდა იმისა, რომ ახალციხის საზღვრების მცველთაგან მრავალი კაცი დაატყვევე, ჩვენი ამაყი ფადიშაჰის სამეუფეო უზანგისათვის წარმოდგენილ შენს არზაზე [სათანადო] ბრწყინვალე ბერათის გაცემის გარეშე დადიანი დანიშნე და (ასევ), სამეუფეო ნებართვისა და დასტურის მიუღებლად გურიელს თავს დაესხი და იქაც [გურიაში] შენი შეხედულებისამებრ მბრძანებელი დასვი. [ამიტომ] შენი ცოდვაც დიდია. ერთი სიტყვით, შენი ამგვარი საქმიანობა დაუშვებელი იყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ამჟამად ჩვენი დიდებული, ზვიადი და უძლეველი ფადიშაჰის სამეუფეო ნება-სურვილი ისაა, რომ დადიანის დანიშვნა არ ხდებოდეს შენი ან გურიელის სურვილით და რომ დადიანი სამეუფეო [ოსმალეთის ფადიშაჰის] მხრიდან ინიშნებოდეს. ასევე [იცოდე]: ვიდრე [გურიაში შენს მიერ დანიშნული] გურიელი იჯდება, არეულობა და უწესრიგობა არ შეწყდება. [ფადიშაჰის] უავგუსტოების მიერ მის ადგილზე დაინიშნება ერთი კაცი, რომელიც გურიელთა საგვარეულოს ეკუთვნის. სამეუფეო ნებას და მაღალღირსეულ ბრძანებებს თანაბრად დაემორჩილე და დაუჯერე. დიდებული ბრძანების შესრულებას თუ გილით და სულით მოეკიდები, [შენს მიმართ] ჩვენი სიყვარული და სამართლიანობა იმატებს. დღენიადაგ სულ იმას ეცადე, რომ ფადიშაჰმა წყალობის თვალით გიყუროს. ასე რომ, ამ საქმეში სულ მცირე ყოყმანიც არ გამოიჩინო. რაც შეეხება [თქვენს წინადადებას], რომ მაღალი ალლაჰის შემწეობით, ჩვენი ბედნიერებამოსილი, კეთილგონიერებით შემკული, დიდებული ფადიშაჰის გულისათვის მთელი დანარჩენი [აღმოსავლეთი] საქართველო ხმლით იქნას აკუწული და ცხენის ფეხით გადაიქელოს, ეს [საქმე] განზრახულია. ჩვენ ასე გვითქვია: ფადიშაჰის ბრძანების წინააღმდგომელებს ვიდრე ძალას არ აგრძნობინებ, მანამდე [მის საქმეს] განზე არ განუდგე. ჩვენი დიდებული ფადიშაჰის წმინდა სურვილი და სამეუფეო ბრძანება ასეთია. ჩვენი საჭირბოროტო [საქმეები] თქვენ გაცნობეთ, ჩვენი წერილით მათი დედააზრი შეგატყობინე. ამის შემდეგ თუ ჩვენდამი მორჩილების საქმეში საკმაო გამჭრიახობას ვერ გამოიჩენ, დაუყოვნებლივ მოემზადე [განკითხვისათვის]. ამჟამად შენი ელჩები გამოემართნენ არზრუმის ციხისთავის, ბრწყინვალე ძლიერების ვეზირის, პატივცემული ჩვენი ვაჟის, მის აღმატებულებააჰმედ ფაშასთან ერთად. შენი დაუყოვნებელი პასუხი ჩვენს წერილზე ზემოხსენებულ (აჰმედ ფაშას)აღმატებულებას გაუგზავნე, რათა თქვენი ამბები ჩვენს მხარეს ეცნობოს მისი მეშვეობით. თუ მაღალმა ალლაჰმა ქნა, საქართველოში ამტყდარ შფოთს მალე მოეღება ბოლო. (და) როცა (საქართველოში) წესრიგი დამყარდება, თითოეული თქვენგანის ცხოვრება სამეუფეო სახელმწიფოში მოსვენებას მოიპოვებს. ჩვენი სურვილიც ხომ დიდებული, ძლევამოსილი და ამაყი ფადიშაჰის მბრძანებლობაში მყოფი მონების და კეთილადდაცულ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის და არსებათა დამშვიდებულ ცხოვრებაში გამოიხატება/ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც მოგეხსენებათ როგორი ძალა და ღონე გააჩნია ფადიშაჰს, ხოლო მისი ხმალი - როგორი გრძელია.


შენიშვნები

ეს დოკუმენტი დაწერილია 1658 წელს ან ცოტა გვიან. მისი ავტორია ოსმალეთის დიდი ვეზირი ქოფრულუ მეჰმედ-ფაშა, რომელსაც ეს თანამდებობა 1656-1661 წლებში ეკავა, ხოლო წერილის ადრესატია იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639-1660).

წერილში მოთხრობილი ამბები ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ დას. საქართველოში გაჩაღებულ ფეოდალურ ომებს გულისხმობს:

1657 წ. ალექსანდრე III შეიჭრა ოდიშში, განდევნა ლევან დადიანის ძმა ლიპარიტი და დადიანად დასვა ლევანის გერი - ვამიყი.

ლიპარიტმა ქაიხოსრო გურიელთან და ახალციხის ფაშა როსტომთან ერთად სცადა ოდიშის დაბრუნება, მაგრამ 1658 წელს ბანძასთან მომხდარ ომში ალექსანდრემ სძლია მათ და გურიაც დაიქვემდებარა, სადაც თავისი კაცი - დემეტრე დასვა გურიელად.

გაძევებული ლიპარიტ დადიანი და ქაიხოსრო გურიელი სტამბოლს გაიქცნენ და სულთანს სთხოვეს დახმარება.

სწორედ ამ ამბების გამოხმაურებაა ზემოთ მოყვანილი წერილი.


დოკუმენტი 1985 წელს გამოქვეყნდა ვიტალი ჩოჩიევის ნაშრომი კრებულში 1985 - თსუ შრომები - ტ.250

ვიტალი ჩოჩიევი - იმერეთის სამეფოს და ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVII საუკუნის მეორე ნახევარში






ცნობები საქართველოს შესახებ[edit]


1983 - აბულაძე ცისანა - თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის[edit]


  • 1515 წლის აგვისტოს ბოლოს დივანის გადაწყვეტილებით დიდ ვეზირ სინან ფაშას ზემო ქვეყნებში წასვლა და საქართველოს დაპყრობა ებრძანა - Feridun Bey, Minseat-i's-Salatin, c.I, Istanbul, 1858. - გვ.8

  • 1515 წლის 18 დეკემბერს (ჰიჯრით 921 წლის 12 ზილ-კაყიდას) სტამბოლს აცნობეს, რომ "სერასქერი მანუჩარი გახდა საქართველოს დამოუკიდებელი ფადიშაჰი" - Feridun Bey, p. 473. - გვ.11

  • 1516 წლის 15 მარტს (ჰიჯრით 922 წლის 5 მუჰარემს) ბაიბურდის ბეგის შიკრიკმა სტამბოლში ამბავი ჩაიტანა, რომ თმოგვთან ბრძოლის შემდეგ დივ-სულთანსა და ყვარყვარეს ვილაიეთის ერთი ნაწილი (მტკვრის ზემო წელი) ერგო, მანუჩარსა და ყიზილ აჰმედ მირზა ბეგს კი მეორეო (ჭოროხის აუზი) - Feridun Bey, p. 474-475. - გვ.11-12

  • 1515 წლის მარტში შეკრებილ დივანზე წარდგენილიქნა არზა იმის შესახებ, "რომ ყიზილ აჰმედ მირზა მეჰმედ ბეგთან შიკრიკები მოვიდნენ და მირზა ჭაბუკის ადგილზე მანუჩარი რომ გახდეს ბეგი, Basane-დ სახელდებულ ბეგთაგან ერთი გაიგზავნა ხონთქრის კარზე დახმარების სათხოვნელად. მოვიდა და დახმარება ითხოვა" - Feridun Bey, p. 475. - გვ.22

  • 1516 წლის 10 დეკემბერს (ჰიჯრით 922 წლის ზილ-კაყიდას) დივანი შეიკრიბა და მანუჩარი საქართველოს ბეგად იქნა აღიარებული და საქართველოს მოსაზღვრედ ძლიერი საბეგლარბეგოს შექმნის მიზნით მირზა ბეგს ბაიბურდის, თერჯანისა და ერზინჯანის ბეგლარბეგობა ებოძა - Feridun Bey, p. 482. - გვ.12

  • 1517 წლის 29 აგვისტოს კაიროში შეკრებილ დივანს ალეპოდან მოსულმა შიკრიკმა ყვარყვარესთან ბრძოლაში მირზა ბეგის სიკვდილის ამბავი აცნობა - Feridun Bey, p. 491-492. - გვ.13

  • 1518 წლის 10 იანვარს დამასკოში "შეიკრიბა დივანი, ქურცინად სახელდებულ გიაურბეგს, რომელიც მოვიდა და ერთგულება გამოავლინა, საქართველოზე დაქვემდებარებული სანჯაყის სახით ვილაიეთის ბეგლარბეგობა უბოძეს. მოვიდა, (სულთანს) ხელზე ემთხვია და ბერათი მიიღო" - Feridun Bey, p. 495. - გვ.26