Jump to content

1625 წ. ოსმალეთის სულთან მურად IV-ის წერილი დიდ მოურავ გიორგი სააკაძეს

From Wikisource
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



სტატია:

სერგი ჯიქია - ხონთქრის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემული სიგელი

კრებული:

1942 - ენიმკის მოამბე - ტომი XIII


წინასიტყვაობა

[edit]

ოსმალეთის სულთან მურად IV-ის წერილი დიდ მოურავ გიორგი სააკაძესთან შეტანილია ფერიდუნ ბეგის - "სულთნების მიმოწერის კრებულში" (სტამბოლის 1858 წ. გამოცემა II ტომი, გვ.311-312).

ეს დოკუმენტი დაწერილია მარტყოფის ბრძოლის შემდეგა. მისი ავტორია ოსმალეთის სულთანი მურად IV (1623-1640) აღფრთოვანებას ვერ ფარავს გიორგი სააკაძის მიერ ყიზილბაშთა ამოწყვეტის გამო და ყოველგვარ დახმარებას ჰპირდება, თუკი ქართველები მეტ ზიანს მიაყენებენ ყიზილბაშებს.

ეს მეტად საინტერესო წერილი 1942 წელს გამოაქვეყნა სერგი ჯიქიამ თავის ნაშრომში ხონთქრის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემული სიგელი.

ტექსტი

[edit]

ქართლის მპყრობელ მოურავ-ხანისადმი გაცემული უზენაესი წყალობის წიგნის პირია

[edit]
ოსმალეთის სულთანი მურად IV (1623-1640)

მაღალკეთილშობილ ემირთა წინამძღოლო, სანჯაყის ბეგის მეჰმედისა - ხანგრძლივი იყოს დიდება მისი - და ჩემი სამეფო კარის ჩაუშთაგანის ალი-ჩაუშის - იმატოს მისმა ღირსებამ - ხელით ჩემი ბედნიერების ზღურბლისათვის დაწვრილებითი და ვრცელი წერილები გამოგიგზავნია. [წერილების] შინაარსით მაცნობებ, რომ უბედურ ყიზილბაშს სწადია მაგ მხარეები დააზარალოს და, მაღალმა ალლაჰმა დაგვიფაროს, გზადაბნეული შაჰის დღისა და ღამის უწმინდურ განზრახვასა და ფუჭ ოცნებას შეადგენს საქართველოს ქვეყნების დაპყრობა და მაგ მხარეში ჩემი ღვთივდაცულ ქვეყანათა საზღვრებისათვის ზიანის მიყენება. [იწერები აგრეთვე], რომ საჭიროა დროულად ღონისძიებათა მიღება ურჯულო მტერთა და უკუღმართ გზაზე შემდგარ რაფიზიებისაგან [მოსალოდნელ] სიავეთა თავიდან აცილებაო და ითხოვ აქედან ჯარსა და შველას. ყველაფერი ის, რაც შენ მტრის მდგომარეობის შესახებ დაგეწერა და მოგიხსენებია, ჩემს სამეფო დიდებას სრულად ეცნობა.

დიდი მოურავი გიორგი სააკაძე

ვინაიდან, როგორც შენ მომახსენებ და მაუწყებ, ჩემი უდიდებულესობისათვის ცხადი შეიქნა, რომ სარწმუნოების მტერთა მიზანს უეჭველად საქართველო შეადგენს და ვინაიდან ხსენებული საზღვრისათვის დახმარების აღმოჩენა ჩემს რელიგიურ და სახელმწიფო საქმეებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ შენს მეშველად დაინიშნონ ყველა [ქვემოხსებულნი]: აწ ბათუმის ბეგლარბეგი წარჩინებული ემირთა-ემირი ომერი[1] - ხანგრძლივი იყოს მისი კეთილდღეობა - მისი ვილაიეთის ჯარით, ჩალდირის-ხიდის ბეგი მურთაზა[2], არფალიკის წესით თავისი სანჯაყის მფლობელი საფარი[3] - ხანგრძლივი იყოს ორთავეს კეთილდღეობა - და საქართველოს მხარეების [სხვა] მმართველები და ემირები მათ განკარგულებაში მყოფი ლაშქრითურთ. ვინაიდან ზემოხსენებული ომერი - ხანგრძლივი იყოს მისი კეთილდღეობა - მაგ საზღვრების კარგი მცოდნე, გამოცდილი და სახელმოხვეჭილია, ამიტომ ზემოხსენებული ჯარების მთავარსარდლად დაინიშნოს იგი. ყველა ესენი დაუყოვნებლივ დაიძრან თავიანთი ადგილებიდან და შენ შეგიერთდნენ და ჩემი უდიდებულესობისათვის სამსახურის გაწევისა და დაზარალების თავიდან აცილების საქმეში იხმარონ ყოველგვარი ღონე, როგორიც კი შესაფერისად იქნება ცნობილი, რაშიაც გაიცა ჩემი მტკიცე და დიდებული ბრძანების [შემცველი] უზენაესი ფირმანი. ამათ გარდა, ჩემი ბედნიერების საყრდენ ზღურბლიდანაც გამოიყო ჩემი იანიჩართა ნაწილები, რომლებიც ემზადებიან გემით ჩავიდნენ ტრაპიზონს და იქიდან ზემოხსენებულ მთავარსარდალთან ერთად მოვიდნენ შენთან და შემოგიერთდნენ. შენთვის დახმარების გაწევა ებრძანა აგრეთვე ანატოლიის ვილაიეთების ზაიმებსა და თიმარის პატრონებს და სრულიად არზრუმისა და ტრაპიზონის ვილაიეთში მყოფ იანიჩარებს თავიანთ მეთაურებითურთ. ჩემ საპატიო სამოსლებთან ერთად ჩემი დიდებული ბრძანებები გაეგზავნა [აგრეთვე] დაღისტნის მმართველებს, რათა მათ სასწრაფოდ გამოიყვანონ [ჯარი] და გამოგზავნონ დანიშნულ ადგილას. ჩემი მათდამი ბრძანებაა, რათა როგორც კი თქვენ თქვენი ადგილიდან დაიძვრებით, ისინიც თავიანთი ლაშქრით წამოვიდნენ და მოგეშველონ. დიდებული ბრძანებები დაეგზავნა აგრეთვე გურიის, სამეგრელოს და იმერეთის[4] მეფეებს მასში, რომ ჩემი სამარადისო ტახტისა და შეურყეველი ჩემი დინასტიისადმი მათი ერთგულებისა და მორჩილების შესაბამისად, თქვენთან ერთსულოვანნი იყვნენ და სამსახურის შესრულებას გულმოდგინებითა და ყურადღებით მოეკიდონ.

ანატოლიის ვილაიეთის პატივდებული და სახელოვანი სანჯაყთაგანი, ????-ს[5] სანჯაყი, შენ გებოძა არფალიკის წესით და შენს მიერ დასაკავებლად მზადაა. ახლა შენც, შენს ბუნებაში თანდაყოლილი დიდი თავგამოდების, განუზომელი მამაცობისა და გმირობის შესაბამისად, მოიკრიბე რაც ძალი და ღონე გაქვს და შენი მმართველობის ქვეშ მყოფი საქართველოს ჯარის გარდა, შესაძლებლობის ფარგლებში, საქართველოს სხვა ბეგები და გულადი წარჩინებულები წაახალისე და საკმარისი ხალხი შეკრიბე და ზემოხსენებულ ბეგლარბეგებს დაუკავშირდი. შეიკრიბენით იმ ადგილას, რომელიც მოხერხებულად იქნეს ცნობილი და მაღალი ჩემი სახელმწიფოსათვის, დროის საჭიროებათა მიხედვით, სამჯობინო და მეტად სასარგებლო სამსახურის გასაწევად დიდი მუყაითობა გამოიჩინეთ. სარწმუნოების მტერთა ბოროტებით აღსავსე მოქმედებათაგან მარცხის თავიდან ასაცილებლად, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს [მარცხი] გამოწვეული - მაღალი ალლაჰის შემწეობით - კეთილგონივრული ღონისძიებები იხმარეთ [და], როგორც კი შემთხვევა მოგეცემათ, უბედურ ყიზილბაშთა მტაცებლურ კლანჭებში ჩავარდნილ ციხე-სიმაგრეთა და ადგილთა დაპყრობისათვის სულითა და გულით მთელი თქვენი ძალ-ღონე არ დაზოგოთ და წინანდებურად, მაღალი ალლაჰის წყალობით, ყიზილბაშს სიცოცხლე არ შეარჩინოთ.

გარდა იმისა, რომ მაგ საზღვრები ჯეროვნად უნდა იქნეს დაცული, ამ წელსაც მაგ ადგილებში მტერი უნდა დაისაჯოს. გასწიეთ მრავალგვარი კეთილი სამსახური, რომელიც სარწმუნოებისა და ჩემი სახელმწიფოსათვის ღირსეული, ჩემი უდიდებულესობის ნების შესაფერი, ქვეშევრდომთა მდგომარეობის გამაუმჯობესებელი და ქალაქებში წესრიგის [დამამყარებელი] იყოს, რაზედაც გაიცა ბრძანება [ესე] ჩემი.

ვინაიდან შენი ერთგულება, გულწრფელობა, მორჩილება და გულმიდრეკილება ჩემი ბედნიერების ბუდე ტახტისადმი იმსახურებს მოწყალებას, შენდამი გამოჩენილ იქნა ჩემი მომეტებული მზრუნველობა: შენ გებოძა და გეწყალობა ჩემი სამეფო საპატიო სამოსელთაგან ერთი სიხარულის მომნიჭებელი ჩემი ხალათი და მავანის ხელით გამოგეგზავნა. ვბრძანე, რომ, როგორც კი ჩემი დიდებული ბრძანებულება მიაღწევს [შენთან], ნაბოძებსა და გამოგზავნილ ჩემს საპატიო ხალათსა და ბრწყინვალე სამოსელა მრავალგვარი დიდებით, პატივითა და მოწიწებით შეეგებე, მიიღე და ჩაიცვი.

[ამის გარდა] კიდევ შენთვის გაცემულ ჩემ უხვ წყალობათა საპასუხოდ გულმოდგინეობით მოემზადე, რომ ორი სამსახური გამიწიო[6]: შენს განკარგულებაში მყოფი საქართველოს ბეგები და წარჩინებულები კეთილი გულით მიიმხრე, მოიხმე შენთან და ყოველი ღონე იძიე, რათა შენმა [ჯარის] შენაერთებმა დღითი დღე იმატოს და მტერზე გაიმარჯვო. შენს მაშველად დანიშნული ზემოხსენებული ტრაპიზონის ბეგლარბეგი ომერის - ხანგრძლივი იყოს მისი კეთილდღეობა -ზემოაღნიშნულ ლაშქართან ერთად შესაფერისად მიჩნეულ ადგილას შეიკრიბენით და, მაღალმა ალლაჰმა გვაშოროს, უკეთუ მტერი თქვენზე წამოვიდა, თავს დაგესხათ და მოინდომა საქართველოს ქვეყნების დაზიანება, კეთილგონივრილ ღონისძიებათა მიღებით მარცხი თავიდან აიცილეთ. გამოიჩინეთ სრული შეუპოვრობა და მომეტებული გულმოდგინეობა, რათა ღვთივდაცულ ჩემს სახელმწიფოს არც ერთ ადგილს ზიანი არ მიადგეს და, როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მოგეცემათ, მთელი თქვენი ძალ-ღონით ეცადეთ უკან გამოგლიჯოთ მაგ მხარეში ურჯულოების გამავრცელებელი ყიზილბაშების ხელში მყოფი საქართველოს ციხე-სიმაგრეები, თუ სხვა ადგილები და ჩემი უდიდებულესობისათვის სრული შეუპოვრობითა და მომეტებული მზრუნველობით მრავალი სასახელო საქმიანობა გამოიჩინეთ. უეჭველია, ჩემი უდიდებულესობა სავსებით ენდობა შენს სიფხიზლეს, წინდახედულებასა და კეთილგონივრულ ღონისძიებათა მიღებას ლაშქრობის, ბრძოლის და მტრების განდევნისა და მოსპობის საქმეში. ამრიგად, სარწმუნოების მტერთა ცბიერებასა და ვერაგობას უდარდელად არ მოეკიდო და მუდამ შორსმჭვრეტელობა გამოიჩინე.

ვინაიდან ჩემი უდიდებულესობა დიდ მზრუნველობას იჩენს საქართველოს ქვეყნისადმი, ამა და ამ ჩემ დიდ ვეზირ მთავარსარდალსაც - მაღალმა ალლაჰმა ხანგრძლივი ჰყოს დიდებულება მისი - ეცნობა და გაიცა მაღალღირსეული ჩემი ფირმანი მასზედ, რომ ხსენებული [ დიდი ვეზირიც] სრული მზრუნველობით მოეკიდოს საქართველოს ვითარებებს. ამის გარდა, ვინაიდან წლევანდელი სამეფო ლაშქრობა ტარდება უფრო მეტი გულმოდგინეობით, ვიდრე სხვა წლებისა, ამიტომ საყოველთაოდ მუსლიმთა ჯარს და მთლიანად ერთღმერთობის მაღიარებელ ლაშქარს ებრძანა ჩემს ძლევამოსილ ლაშქრობაში მონაწილეობის [მიღება]. ხოლო ჩემი ძლევამოსილი სარდალი, თუ მაღალმა ალლაჰმა-მეუფემ ინება, მზად არის უახლოეს ვადაში ზღვა ლაშქრით წამოვიდეს ღვთივგამარჯვებული საზღვრისაკენ. იმედისმცემელ დიდებულ [ალლაჰს] ვსთხოვთ, რომ ამ ბედნიერ წელს, მაღალი ღმერთის შემწეობით, მივაღწიოთ სარწმუნოების მტერზე სასურველ შურისძიებას.

იმედია, რომ, როგორც წინათ, აღმოსავლეთის ქვეყნების დაპყრობა საქართველოს ქვეყნებიდან დაიწყო, ისე ახლაც დაპყრობათა და გამარჯვებათა კარი მაგ ქვეყნებიდანვე გაიღოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოხარაჯე და აზატი ქვეშევრდომნი მაგ ჯოჯოხეთისწილ ურჯულოების ბოროტებათა და სიავეთაგან.

ამრიგად, აბა შენ იცი, წელსაც როგორ მამაცობასა და გმირობას გამოიჩენ და სარწმუნოებისა და ჩემი სახელმწიფოს სამსახურის ასპარეზზე მხნეობისა და მამულიშვილობის დროშას როგორ როგორ აღმართავ. თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, ამიერიდან შენ მიერ გაწეული სამსახური სანაქებოდ ჩაითვლება, ხოლო შენი გულმოდგინება - მადლობის ღირსად, რის სანუქფოდაც, როგორც შენ, ისე შენთან სამსახურში მყოფნი, მრავალი ჩვენი მაღალი სამეფო მოწყალების, ჩვენი შემწყნარებლობისა და დაჯილდოების ღირსნი გახდებით.

ამიდა შესაბამისად, თქვენთან კეთილად ვართ განწყობილი და შენს მიმართ დღითი დღე მზარდი ჩემი უდიდებულესობის ყურადღება ჩემგან კეთილ საქმეთა მომასწავებლად ჩათვალეთ და ყოველი ღონე იხმარეთ ქების ღირსი სამსახური გაგვიწიოთ.

არ დააყოვნოთ მტრის მხარეებიდან გაგონილი ამბები მოახსენოთ ჩემს ძლევამოსილ სარდალსა და ჩემს ბედნიერების საყრდენ ზღურბლს.

გათავდა.

შენიშვნები
  1. ომერ-ფაშა 1602 წ. ებოძა ფეჩევის სანჯაყი, 1617 წ. ებოძა ბათუმის ბეგლარბეგობა. გარდაიცვალა ბათუმში 1631 წ. მომდევნო ხანაში. იგი მამაცი, ერთგული და მართალი კაცი იყო - [ ოსმალთა სახელმწიფო მოღვაწეების ბიოგრაფიული კრებული, ტომი III]
  2. მურთაზა ფაშა ახალციხის ათაბაგთა საგვარეულოდან იყო. 1617 წლიდან იგი ჩალდირის ბეგი გახდა. ამ თანამდებობაზე დიდხანს იყო და დიდად გაითქვა სახელი. 1635 წელს მურთაზა ტყვედ ჩაუვარდა ირანელებს, ხოლო დაზავების შემდეგ გათავისუფლდა. გარდაიცვალა იბრაჰიმის სულთნობის ბოლო წლებში, ანუ 1648 წლამდე - - [ ოსმალთა სახელმწიფო მოღვაწეების ბიოგრაფიული კრებული, ტომი IV, გვ.360.]
  3. საფარ ფაშა' , ქრისტიანობაში ბექა III. მის შესახებ ასეთი ცნობებია: "საფარ-ფაშა სულთან მურად-ხან IV-ის დროს (1623-1640) ემირთაგანი იყო და ყარსის ციხისთავი გახდა. 1628 წელს ერანელებზე გაიმარჯვა და ახალციხისა და ჩალდირის ბეგლარბეგი გახდა. შემდეგში ყარსის ციხისთავის თანამდებობაც დაემატა. ამ თანამდებობაზე დიდხანს იყო და გარდაიცვალა 1651 წელს. თუმცა მისი ადგილი მისმა ძმამ დაიკავა, მაგრამ 1652 წელს გადაყენებული იქნა. მისი [საფარის] შვილი არსლან მეჰმედ-ფაშაა" - [ ოსმალთა სახელმწიფო მოღვაწეების ბიოგრაფიული კრებული, ტომი III, გვ.51]. ქართული წყაროებით საფარ-ფაშა სამცხეს განაგებდა 1625-1635 წლებში. ს. ჯიქია უპირატესობას ქართულ წყაროებს ანიჭებს.
  4. ტესტშია "გურიელ", "დადიან" და "აჩიკ-ბაშ".
  5. სანჯაყის სახელი ვერ იქნა იდენტიფიცირებული
  6. ტექსტშია "გულმოდგინეობის ქამარი ორ ადგილას შემოირტყი"