1658-1659 წწ. ოსმალეთის დიდვეზირის მეჰმედ ქოფრულუს წერილი იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



სტატია:

ვიტალი ჩოჩიევი - იმერეთის სამეფოს და ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVII საუკუნის მეორე ნახევარში

კრებული:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები - ტ.250 (აღმოსავლეთმცოდნეობა) - 1985 წ.

რესურსები ინტერნეტში:

წინასიტყვაობა[edit]

ოსმალეთის დიდვეზირის მეჰმედ ქოფრულუს წერილი იმერეთის მეფე ალექსანდრე III-თან შეტანილია ფერიდუნ ბეგის - "სულთნების მიმოწერის კრებულში".

ეს დოკუმენტი დაწერილია 1658 წელს ან ცოტა გვიან. მისი ავტორია ოსმალეთის დიდი ვეზირი ქოფრულუ მეჰმედ-ფაშა, რომელსაც ეს თანამდებობა 1656-1661 წლებში ეკავა, ხოლო წერილის ადრესატია იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639-1660).

წერილში მოთხრობილი ამბები ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ დას. საქართველოში გაჩაღებულ ფეოდალურ ომებს გულისხმობს:

1657 წ. ალექსანდრე III შეიჭრა ოდიშში, განდევნა ლევან დადიანის ძმა ლიპარიტი და დადიანად დასვა ლევანის გერი - ვამიყი.

ლიპარიტმა ქაიხოსრო გურიელთან და ახალციხის ფაშა როსტომთან ერთად სცადა ოდიშის დაბრუნება, მაგრამ 1658 წელს ბანძასთან მომხდარ ომში ალექსანდრემ სძლია მათ და გურიაც დაიქვემდებარა, სადაც თავისი კაცი - დემეტრე დასვა გურიელად.

გაძევებული ლიპარიტ დადიანი და ქაიხოსრო გურიელი სტამბოლს გაიქცნენ და სულთანს სთხოვეს დახმარება.

სწორედ ამ ამბების გამოხმაურებაა ქვემოთ მოყვანილი წერილი, რომელიც გამოქვეყნდა 1985 წელს ნაშრომში: ვიტალი ჩოჩიევი - იმერეთის სამეფოს და ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVII საუკუნის მეორე ნახევარში.

ტექსტი[edit]

დადიანის დანიშვნის თაობაზე დიდი ვეზირის მიერ იმერეთის მმართველისადმი გაგზავნილი მაღალღირსეული წერილის პირი
ოსმალეთის დიდი ვეზირი ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა (1656-1661)

მისი უდიდებულესობის, დიადი, ზვიადი და უძლეველი ჩემი მბრძანებლის, ისლამის ფადიშაჰის, - მაღალი ალლაჰიმც გაახანგრძლივებს მის ხალიფობას უკანასკნელი სამსჯავროს დღემდე - მაღალ ზღურბლსა და უზესთაეს კარიბჭეზე მოვიდა თქვენი ელჩი, რომელმაც ძველი ჩვეულებისამებრ თავი დაუკრა ბედნიერ სამეფო უზანგს. თქვენს მიერ გამოვლენილი გულწრფელობისა და პირდაპირობის საპასუხოდ მას ყურადღება მიექცა. ოსმანის მაღალი სახელმწიფოს წესიერი და ერთგული მსახური ყოფილიყო. ისე, როგორც თქვენი მამა-პაპის დროიდან მოკიდებული [იმერეთის მეფეებს] დღემდე ალალმართლობის და მორჩილების მეტი არაფერი მიგიძღვით, მომავალშიც - ჩვენი რწმენა და გულდაჯერება ასეთია - თქვენი სამართლიანი სამსახური მტკიცე და უწყვეტი ყოფილიყოს. მაგრამ ეს კი (უნდა ითქვას), რომ ამის წინათ, როდესაც დადიანი გარდაიცვალა და გურიის მთავარმა მის ადგილზე შეუფერებელი და ყიზილბაშიდან (გადმოყვანილი) კაცი გაგზავნა და მისი დადიანად დანიშვნა მოინდომა, თქვენ მას ხელი შეუშალეთ.

იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639-1660)

[ამის შემდეგ] თქვენს შორის ბევრჯერ მოხდა ომი და ხოცვა-ჟლეტა. ასეთი ურიგო მამაცობის გამო გურიელმა ნამდვილად დანაშაული ჩაიდინა და ამ შეცდომის გამო გასაკიცხია, მაგრამ შენც ამას წინათ მომხდარ ომში გარდა იმისა, რომ ახალციხის საზღვრების მცველთაგან მრავალი კაცი დაატყვევე, ჩვენი ამაყი ფადიშაჰის სამეუფეო უზანგისათვის წარმოდგენილ შენს არზაზე [სათანადო] ბრწყინვალე ბერათის გაცემის გარეშე დადიანი დანიშნე და (ასევ), სამეუფეო ნებართვისა და დასტურის მიუღებლად გურიელს თავს დაესხი და იქაც [გურიაში] შენი შეხედულებისამებრ მბრძანებელი დასვი. [ამიტომ] შენი ცოდვაც დიდია. ერთი სიტყვით, შენი ამგვარი საქმიანობა დაუშვებელი იყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ამჟამად ჩვენი დიდებული, ზვიადი და უძლეველი ფადიშაჰის სამეუფეო ნება-სურვილი ისაა, რომ დადიანის დანიშვნა არ ხდებოდეს შენი ან გურიელის სურვილით და რომ დადიანი სამეუფეო [ოსმალეთის ფადიშაჰის] მხრიდან ინიშნებოდეს. ასევე [იცოდე]: ვიდრე [გურიაში შენს მიერ დანიშნული] გურიელი იჯდება, არეულობა და უწესრიგობა არ შეწყდება. [ფადიშაჰის] უავგუსტოების მიერ მის ადგილზე დაინიშნება ერთი კაცი, რომელიც გურიელთა საგვარეულოს ეკუთვნის. სამეუფეო ნებას და მაღალღირსეულ ბრძანებებს თანაბრად დაემორჩილე და დაუჯერე. დიდებული ბრძანების შესრულებას თუ გილით და სულით მოეკიდები, [შენს მიმართ] ჩვენი სიყვარული და სამართლიანობა იმატებს. დღენიადაგ სულ იმას ეცადე, რომ ფადიშაჰმა წყალობის თვალით გიყუროს. ასე რომ, ამ საქმეში სულ მცირე ყოყმანიც არ გამოიჩინო. რაც შეეხება [თქვენს წინადადებას], რომ მაღალი ალლაჰის შემწეობით, ჩვენი ბედნიერებამოსილი, კეთილგონიერებით შემკული, დიდებული ფადიშაჰის გულისათვის მთელი დანარჩენი [აღმოსავლეთი] საქართველო ხმლით იქნას აკუწული და ცხენის ფეხით გადაიქელოს, ეს [საქმე] განზრახულია. ჩვენ ასე გვითქვია: ფადიშაჰის ბრძანების წინააღმდგომელებს ვიდრე ძალას არ აგრძნობინებ, მანამდე [მის საქმეს] განზე არ განუდგე. ჩვენი დიდებული ფადიშაჰის წმინდა სურვილი და სამეუფეო ბრძანება ასეთია. ჩვენი საჭირბოროტო [საქმეები] თქვენ გაცნობეთ, ჩვენი წერილით მათი დედააზრი შეგატყობინე. ამის შემდეგ თუ ჩვენდამი მორჩილების საქმეში საკმაო გამჭრიახობას ვერ გამოიჩენ, დაუყოვნებლივ მოემზადე [განკითხვისათვის]. ამჟამად შენი ელჩები გამოემართნენ არზრუმის ციხისთავის, ბრწყინვალე ძლიერების ვეზირის, პატივცემული ჩვენი ვაჟის, მის აღმატებულებააჰმედ ფაშასთან ერთად. შენი დაუყოვნებელი პასუხი ჩვენს წერილზე ზემოხსენებულ (აჰმედ ფაშას)აღმატებულებას გაუგზავნე, რათა თქვენი ამბები ჩვენს მხარეს ეცნობოს მისი მეშვეობით. თუ მაღალმა ალლაჰმა ქნა, საქართველოში ამტყდარ შფოთს მალე მოეღება ბოლო. (და) როცა (საქართველოში) წესრიგი დამყარდება, თითოეული თქვენგანის ცხოვრება სამეუფეო სახელმწიფოში მოსვენებას მოიპოვებს. ჩვენი სურვილიც ხომ დიდებული, ძლევამოსილი და ამაყი ფადიშაჰის მბრძანებლობაში მყოფი მონების და კეთილადდაცულ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის და არსებათა დამშვიდებულ ცხოვრებაში გამოიხატება/ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც მოგეხსენებათ როგორი ძალა და ღონე გააჩნია ფადიშაჰს, ხოლო მისი ხმალი - როგორი გრძელია.