1625 წ. ოსმალეთის სულთან მურად IV-ის წერილი ქურთ ფეოდალებს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური მატიანე.png
1593 სულთან მურად III-ის ბერათი ათაბაგ მანუჩარის ოჯახს.jpg
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



სტატია:

ვიტალი ჩოჩიევი - მარტყოფის 1625 წლის აჯანყების გამოძახილი ოსმალეთში (სულთან მურად IV-ის წერილის მიხედვით)

კრებული:

ქართული წყაროთმცოდნეობა - ტომი III - თბილისი - 1971

რესურსები ინტერნეტში:

წინასიტყვაობა[edit]

ნაშრომში გამოქვეყნებულია ფერიდუნ ბეგის - "სულთნების მიმოწერის კრებულში" შეტანილი ოსმალეთის სულთან მურად IV-ის წერილი ქურთ ფეოდალებთან, მიწერილი 1625 წლის ქართლის ანტიირანული გამოსვლების შემდეგ.

ტექსტი[edit]

საქართველოს დაცვის განზრახვით ქურთების ამირებისა და ხანებისადმი გაგზავნილი სამეუფეო წერილის პირი[edit]

რადგანაც საქართველოს ამირები ძველი დროიდანვე სამართლიანობის სახელით ცნობილ მტკიცე საფუძვლის ჩემს ოჯახსა და მარადიული საგვარეულოს ჩემს შენობას ემორჩილებოდნენ, ამიტომ მათი სამფლობელოები დაცული იყო გზადაბნეული ყიზილბაშისაგან, ხოლო მათი ღირსება და ქონება დაზღვეული გარეშე ლაშქრისაგან; მდიდრები და ღარიბები ჩემს მიერ მინიჭებული ბედნიერი დღეების სიმშვიდეში ცხოვრობდნენ. მაგრამ ზოგმა მათგანმა ცოდვიანი შაჰის ეშმაკობისა და ვერაგობისადმი გულგრილობა გამოიჩინა და იმ [შაჰის] მხარისადმი მორჩილება და კარგი განწყობილება გამოავლინა, რის შედეგად მათი კეთილაშენებული ქვეყნები დარბეულ იქნა, ხოლო ხალხი, ოჯახები, ქონება და შემოსავალი მრავალჯერ დაზარალდა. რაკი მტრების ბატონობა დღითიდღე მატულობდა, მათ [ქართველებმა], რომელთა ბუნებაში თანდაყოლილია თავდადებულობა და გულმოდგინება, ყიზილბაშის მიერ შექმნილი ვითარებით გამოწვეული სიავე ვეღარ აიტანეს. ზაგემის მმართველი თეიმურაზ-ხანი, ქართლის მმართველი მოურავ-ხანი, გურიელი, დადიანი, კარაკალკანის მბრძანებლებთან და საქართველოს სხვა ამირებთან გაერთიანდნენ და შეკავშირდნენ და ბოროტი ზრახვით საქართველოში შესასევად მისულ ავსულიან ყიზილბაშის ლაშქარს წინაღუდგნენ და ბრძოლა გაუმართეს; მრავალი ხანი მოკლეს; ვინც ცოცხალი გადარჩა, ძლეული დროშებით უკან გაბრუნდა. [ქართველები] ფეხდაფეხ დაედევნენ ბრძოლის ველიდან გაქცეულებს და ყარაბაღის საზღვრებამდე სდიეს, ყიზილბაშთა არაერთი სახელოვანი პირი ადვილად დახოცეს, ხოლო მათი ქვეყნები გაძარცვეს და დაარბიეს, ციხეები დააქციეს. შემდეგ, სამაგიეროს მიზღვის მიზნით, კვლავ გაერთიანებულ და [საქართველოზე] მისულ ხსენებულ წყეულებს შეხვდნენ და დიდი ომი გადაიხადეს. რადგანაც ყიზილბაში სარდალი დაატყვევეს და მრავალი გამოჩენილი [ყიზილბაში] დახოცეს, მაღალი ალლაჰის შემწეობით კარგი სახელი დაიმსახურეს.

რადგანაც სასიამოვნო გამარჯვებათა სულისჩამდგმელმა მოურავ-ხანმა [ზემოაღწერილი ამბების შესახებ] დაწვრილებით მომახსენა და მაუწყა, ამიტომ ჩემმა კარგმა შეხედულებამ თქვენს მიმართ იმატა. ჩემი კეთილი სურვილის და დიდსულოვნების ნიშანი [ახლა] თქვენა ხართ. თქვენგან მოსალოდნელი, ასეთივე თავდაუზოგავი და ენერგიული საქმიანობა გამოავლინეთ. თქვენს მიერ დამტკიცებული ვაჟკაცობის გამო ჩემმა ხელმწიფურმა მზრუნველობამ იმატა: ჩემი დიდებული ხალათებიდან თითო, სიხარულის მომგვრელი ხალათი გეწყალობათ და გებოძათ, რომელთა წამოსაღებად მავანი [კაცი] დაინიშნა. თქვენი ერთგულების, გმირობისა და მამაცობის კვალობაზე ყოველივე იღონეთ. ჩემი მაღალი კარიდან გამოყოფილი იენიჩარების მეომრებთან, მაგ საზღვრებზე მდებარე ვილაიეთების ბეგლარბეგებთან, ზაგემის მმართველ თეიმურაზ-ხანთან, ქართლის მმართველ მოურავ-ხანთან, გურიელთან, დადიანთან, კარაკალკანის მბრძანებლებთან და სხვა ქართველ ამირებთან გაერთიანდით და შეკავშირდით. თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, ჩემი სახელოვანი სარდალი მაგ მხარისაკენ გამოილაშქრებს. საძაგელი ყიზილბაშის ქვეყნების აოხრებასა და გადაბუგვას, მაგ საზღვრების მახლობლად მდებარე ციხეების აღებასა და ვერაგი ბრბოს გაჟლეტას ბეჟითად მოეკიდეთ და ვაჟკაცობა გამოიჩინეთ. გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს ამირების მიერ დამტკიცებული გულწრფელი ნასაქმევის პატიოსანი და ღირსეული შედეგების მოპოვების შესახებ ერთმანეთს შეატყობინეთ და გააგებინეთ. მაგ პირობის, კავშირისა და ფიცისადმი სუსტად და მერყევად განწყობილი [ქურთული] ტომების ეშმაკობასა და სიცრუეს არ ენდოთ და მათი ვარეგობა და ცბიერება სარწმუნოდ არ მიიღოთ. სიბრძნისა და სიფხიზლის შესაფერისად, ღირსებისა და პატიოსნების საკადრისად და ჩემს სამეუფეო ნებასთან შეთანხმებული თადარიგითა და მზადყოფნით დაიცავით ქვეყანა და საქმეში ძალმიცემით გაისარჯენით. თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, თქვენი სამსახური არ დაიკარგება. თქვენთვის ჩემი მაღალი წყალობის ბოძება გადაწყვეტილი ამბავია. ამიერიდან არ შეწყვიტოთ მომხდარ ამბებზე წერა ბედნიერების საყრდენი ჩემი კარისთვის და [მათი] მოხსენება და შეტყობინება ჩემი ძლევამოსილი, სახელოვანი სარდლისათვის.

შენიშვნები

შინაარსის მიხედვით დოკუმენტი შედგენილია 1625 წელს. ამ წერილით ოსმალეთის სულთანი ქურთებს მოუწოდებს, შეუერთდნენ ყიზილბაშების წინააღმდეგ აჯანყებულ ქართველებს და ერთობლივი ძალით შეეცადონ ზიანი მიაყენონ სპარსეთს.