1562-1564 წწ. ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ის წერილი ლევან კახეთის მეფეს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



სტატია:

ვიტალი ჩოჩიევი - კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან XVI საუკუნის 60-იან წლებში

კრებული:

1967 - თსუ შრომები - ტ.118


წინასიტყვაობა[edit]

ნაშრომში გამოქვეყნებულია ფერიდუნ ბეგის - "სულთნების მიმოწერის კრებულში" შეტანილი 1562-1564 წწ. ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ის წერილი ლევან კახეთის მეფეს.

ტექსტი[edit]

ირანის შაჰზე საჩივრის გამო საქართველოს ამირასადმი გაგზავნილი გადმოსაბირებელი სამეუფეო წერილის პირი

მესიის ხალხის ამირებში სახელოვანო, იესოველთა ტომის დიდებულებში საუკეთესო ლევან. ბედკეთილი იყოს მისი ბოლო, როცა მაღალი სამეუფეო სიგელი შენამდე მოაღწევს, იცოდე რომ სამართლიანობის შენობის ტახტი და ბედნიერების ჩვენი საყრდენი, რომლისთვისაც ბრწყინვალე ვედრების სიტყვა შემოგითვლია, სახელგანთქმულ ამირათა თავის დაკვრის ადგილი და დიდებულ ხელისუფალთა თავშესაფარია. [შევიტყეთ], რომ შენი შვილებიდან ერთ-ერთი, ღვიძლი შვილი, მოკლულია უდანაშაულოდ, ხოლო [მეორე] ვაჟი, სახელად იესე, რომელმაც ისლამი მიიღო დაპატიმრებულია და რომ ძველი დროიდან მომდინარე ჩვეულებისა და აზრის საწინააღმდეგოდ შემოღებული გადასახადების გადახდის ღონე დაჰკარგეთ, ხოლო ტანჯვის მოთმენა აუტანელი გახდა. ამბობ, რომ მათი განზრახვაა საქართველოს მოსპობა, შემდეგ კი ისლამის ქვეყნებში შეჭრა და თავდასხმა. [რის გამო] სამყაროს ღირსებამოსილი ჩვენი ზღურბლისაგან დახმარებასა და შემწეობას ითხოვთ.

თქვენს წერილში ჩაწერილ ამბებს ჩვენი ბრწყინვალე შუქი მოეფინა და დაწვრილებით იქნა შესწავლილი და გაგებული. თქვენმა ბრწყინვალე და დიდებულმა დეფდერდარმა, აბდულ ალამმა (იმატოს მისმა სიქველემ), აგრეთვე გვაცნობა ყოველივე, რაც ჩვენს შორის არსებული ვითარების შესახებ თქვენს მიერ შემოთვლილი და მოხსენიებულია.

მაინც, რაც არ უნდა იყოს, სინამდვილე ისაა, რომ მისი უდიდებულესობის, მაღალღირსეული შაჰის ელჩები რამდენჯერმე მოვიდნენ სამართლიანობის თავშესაფარ ჩვენს სამეფო კარზე. რაიების, ღარიბების, მოსახლეობის და უძლურებისათვის სიმშვიდის და კეთილდღეობის მოსატანად ზავი იქნა დადებული. ნახჭევანის ლაშქრობიდან ათი წელი გავიდა, რაც საზავო ხელშეკრულების დამდები ორივე მხარის მიერ ზავისა და მშვიდობის საფუძვლები მოწესრიგებულია და მტკიცედაა დაცული. მათი მხრიდან ზავისა და ხრლშეკრულების საწინააღმდეგო მოქმედემას ადგილი არ ჰქონია. დისი, ბრწყინვალე საგვარეულოსა და ჩვენი მყარი შენობისათვის, რომელიც ძველი დროიდანვე სარწმუნოების ხალხის საყრდენს და მსოფლიოს ხანების თავშესაფარს წარმოადგენს, სავსებით ნათელია და მას ყველაზე უკეთ ესმის, რომ შეთანხმებისა და [მიღებული] გადაწყვეტილებისაგან გადახვევა, ზავისა და [მიცემული] აღთქმისაგან განსხვავებული [საქციელი], სარწმუნოებისა და ისლამისათვის შეუფერებელია. მაგრამ ამავე დროს, საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი მომეტებული გულმოწყალეობა და სრული თანაგრძნობა იმ სახელოვანი ამირებისადმი, რომლებიც მაღალღირსეული ზღურბლისა და სამყაროს საყრდენი ჩვენი სამეფო კარისაგან დახმარებას და შემწეობას ითხოვენ. ყოველი აუცილებელი დახმარება, შაჰინშაჰური სულგრძელობა და სათანადო ფადიშაჰური მოწყალებაა განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც იტანჯება და დიდ განსაცდელშია ჩავარდნილი.

თქვენი მდგომარეობა რომ სასიკეთოდ შეტრიალდეს და ტანჯვა მოსვენებად გექცეთ, ამა თუ იმ სახით, შესაძლებლობის ფარგლებში. [ჩვენი] გარჯა და მზრუნველობა არ მოგაკლდებათ. თქვენ, აგრეთვე, იდუმალი თუ სხვა რაიმე საშუალებით, შესაძლებლობის კვალობაზე, საჭირო თადარიგი დაიჭირეთ.

შენიშვნები

1561 წელს სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა ლევან კახთა მეფის ძე გიორგი ბატონიშვილი, ლევანის მეორე ვაჟი იესე ბატონიშვილი, რომელიც სპარსეთში მძევლად იმყოფებოდა, დააპატიმრეს და ალამუთის ციხეში ჩასვეს. როგორც ჩანს, ლევან მეფემ სპარსეთის წინააღდეგ მოკავშირის ძებნა დაიწყო და წერილით მიმართა ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ს.

სწორედ კახეთის მეფის წერილის პასუხს წარმოადგენს ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ის წერილი ლევან მეფესთან.