1990 - სოსელია ოლღა - საუფლისწულოები იმერეთის სამეფოში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
წიგნები1.jpg
იმერეთის ბაგრატიონთა გერბი



გენეალოგიური კვლევები


იმერეთის ბაგრატიონები



პუბლიკაცია:

ოლღა სოსელია - ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები) - წიგნი III - თბილისი - 1990


ტექსტი[edit]

საუფლისწულოები იმერეთის სამეფოში

დავით-ნარინ - დავით ბატონიშვილი, ალექსანდრე V-ის მეორე ვაჟიშვილი, ძმა მეფის სოლომონ I-ის, ბაგრატის, იესეს (იოსების), არჩილის და გიორგი ბატონიშვილებისა. ჩანს 1727, 1744, 1747, 1748, 1749 წლების საბუთებში.[1]

მისი "გამდელი" უნდა იყოს "მხევალი ღვთისა" ვინმე "სილდასტან".[2]

1772 წელს ნარინ-დავითი ცოცხალი არ არის. ალექსანდრე V-ის ძეთა დასახელებისას გიულდენშტედტი აღნიშნულ წელს ამ ბატონიშვილს ცოცხალთა შორის არ იხსენიებს.[3]



იესე // იოსებ ბატონიშვილი, ალექსანდრე V-ის მესამე ვაჟი, ძმა მეფის სოლომონის, ნარინ-დავითის, ბაგრატის, არჩილის და გიორგი ბატონიშვილებისა[1]. პირველად ვხედავთ, მამასთან და ძმებთან ერთად, 1744 წლის ერთ წყალობის წიგნში[2].

1745 წლიდან იესე გენათელ მიტროპოლიტად იჯდა, ხოლო 1769 წლის 10 მაისიდან, გენათლობასთან ერთად, მან დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ხარისხი მიიღო[3].

მისი "გამდელი" იყო გუნცაძის ასული ელენე[4].

ჯერ კიდევ გენათელ მიტროპოლიტობის დროს, 1760 წელს იოსებ ბატონიშვილს გელათის ღვთისმშობლის დიდ ტაძარში აუშენებია "სამღვდელთმთავრო ტახტი", რომლის სახურავის კარნიზზე მოთავსებული წარწერა მისი აღმშენებლის ვინაობას გვამცნობს[5].

ამავე ტაძრის ჩრდილოეთის სვეტზე კიდევ "სამხრეთით, ლურჯ ფონზე გამოსახულია ზემოხსენებული იოსები საეპისკოპოსო ტანსაცმელში"[6].

გარდაიცვალა იგი 1776 წლის 13 მაისს ქუთაისს, მწვანეყვავილაში. დასაფლავებულია "გელათის მიწაში"[7].


  1. ქუთ. მუზ. საბ. N 157.
  2. ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა..., I, გვ.73, N 76.
  3. ბ. ლომინაძე, მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII ს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, ნაკვ. 31, 1954, გვ.137,139
  4. დას. საქ. საეკლ. საბ., I, გვ.157.
  5. ბ. ლომინაძე, გელათი (გზამკვლევი), ქუთაისი, 1958, გვ.18.
  6. იხ. იქვე.
  7. შ. ლომსაძე, გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან, ახალციხური ქრონიკები, თბ., 1979, გვ.151 (1776 წლის 13 მაისის ქვეშ).

ბაგრატ II ბატონიშვილი, ალექსანდრე V-ის მეოთხე ვაჟი, ძმა მეფის სოლომონის I-ის, ნარინ-დავითის, იესეს (იოსების), არჩილის და გიორგი ბატონიშვილებისა[1].

მოხსენებულია 1744, 1747, 1748, 1749 წლების დოკუმენტებში.[2]. იგი ცხოვრობდა "როგორც იმერელი თავადი" თავის მამულში, ზემო იმერეთში. უკანასკნელად ვხედავთ მას 1772 წლის ზაფხულში გიულდენშტედტის იმერეთში ყოფნის დროს[3]. ბაგრატი გარდაცვლილი უნდა იყოს აღნიშნული წლის ახლო ხანს.



4[edit]


არჩილ II ბატონიშვილი, ალექსანდრე V-ის მეხუთე ვაჟიშვილი, ძმა მეფის სოლომონის I-ის, ნარინ-დავითის, იესეს (იოსების), ბაგრატის და გიორგი ბატონიშვილებისა[1]. იხსენიება 1747, 1748, 1752-1775, 1753, 1755, 1760, 1762, 1769, 1770, 1772 წლების დოკუმენტებში.[2].

დაქორწინებული იყო ერეკლე II-ის ასულ ელენე ბატონიშვილზე. ჰყავდა ერთი ვაჟი დავითი, რომელიც გამეფების შემდეგ სოლომონ II-ედ იწოდა[3]. და ერთი ასული მარიამ.

არჩილი ცხოვრობდა "როგორც იმერელი თავადი" თავის მამულში (ზემო იმერეთს). მისი რეზიდენცია იყო საზანოსა და კაცხს. მისი აზნაურები იყვნენ მესხები, ავალიანები, ასათიანები. [4].

არჩილის საუფლისწულოს გამოყოფა სოლომონ I-ის სურვილის წინააღმდეგ რთულ საშინაო და საგარეო პირობებში მოხდა[5]. ეს მოხდა უთუოდ იმ დროს, როცა მეფემ თავისი მეტოქე ბიძაშვილი თეიმურაზი ციხეში გამოკეტა (1768 წ.) და თურქი აგრესორებისა და რაჭის ერისთავის როსტომის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდებოდა (1768-1769 წწ.). არჩილმა ამ ბრძოლაში სოლომონს დიდი სამსახური გაუწია[6]. ამ სამსახურის სანაცვლოდ, როგორც ჩანს, მეფემ მას საუფლისწულო გამოუყო, მაგრამ არჩილი ამით არ დაკმაყოფილდა. 1772 წელს მან მეფეს კვლავ მოსთხოვა მამულები და ციხეები. სოლომონმა გადაჭრით უარყო მისი მოთხოვნა. ამ ნიადაგზე მათ შორის ერთხანს მტრობა ჩამოვარდა. არჩილი საიდუმლოდ ახალციხის ფაშას და დადიანს დაუკავშირდა: პირველს თურქეთის ქვეშევრდომობაში მიღება სთხოვა, მეორეს თავისი ერთგულება-მეგობრობა შესთავაზა. მაგრამ სოლომონმა გაიგო ეს და არჩილს თავის განზრახვაზე უარი ათქმევინა, თანაც ერთგულებაზე შემოიფიცა იგი. მაგრამ თურქეთის ქვეშევრდომობაში შესვლის ცდა იოსებ კათალიკოსმა არ აპატია არჩილს და შეაჩვენა უფლისწული.

არჩილი გარდაიცვალა 1775 წლის 5 ოქტომბერს კაცხს. მოასვენეს გელათს 8 ოქტომბერს. მაგრამ ეკლესიაში "არ დაფლეს". რადგან, როგორც ითქვა, შეჩვენებული იყო კათალიკოსისაგან, ვითარცა "ურწმუნო". ამიტომ, ნაცვლად ეკლესიისა დამარხულ იქნა "სანეხვეში".

აღნიშნულ წელსვე (უთუოდ არჩილის სიკვდილის შემდეგ) არის შეწირული ჭელიშის უდაბნოს ეკლესიისათვის ვერცხლის ბარძიმი, რომლის მხედრულ წარწერაში შემწირველი ღვთისმშობელს არჩილ ბატონიშვილისათვის "დღესა მას საშინელსა განკითხვისასა" "წყალობით მოხედვას" თხოვს.


  1. ქუთ. მუზ. საბ. N 157.
  2. ქუთ. მუზ. საბ. N 775; ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა..., I, გვ.80, N 85; გვ.95-96, N 103; გვ.104-105, N 114; გვ.121, 122, 124, 125, N 132, 133, 136, 138; გ. ბოჭორიძე - რაჭის ისტორიული ძეგლები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ.V (1928), ტფილისი, 1930, გვ.189; Грамоты..., т.I, с.361-362
  3. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ.167; ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება, გვ.185
  4. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ.167; ახალციხური ქრონიკები, გვ.149 (1775 წ. 6 ოქტომბერი); ნ. ლორთქიფანიძე, "რაინდები" - წიგნში: ნ. ლორთქიფანიძე - მოთხრობები, ლეგენდები, ზღაპრები, თბ. 1958, გვ.140-141 (1779 წლის მიწურულს, რუხის ომის დროს, გადმოცემით ამ ომის მოაწილე არჩილ ბატონიშვილის რაზმში არიან მისი აზნაურები: მესხები, ავალიანები, ასათიანები).
  5. ამ მხრივ საინტერესოა კაპიტან ლვოვის 1772 წლის ცნობები. იხ. Грамоты, I, გვ.361-362
  6. იხ. იქვე

5[edit]

ხვარამზე ბატონიშვილი[edit]

ხვარამზე ბატონიშვილი, იმერთა მეფის გიორგი III-ის (1605-1639 წწ.) ასული. 1619-1626 წლებში დანიშნულ იქნა დიდი მოურავის გიორგი სააკაძის შვილის ავთანდილის საცოლედ[1].



დარეჯან I ბატონიშვილი[edit]

დარეჯან I ბატონიშვილი, ბაგრატ IV-ის ასული, ნაშობი მუხრან-ბატონის ქალის თამარ დედოფლისაგან. ალექსანდრე IV-ის და. მამიდა მეფის გიორგი VI-ისა.

1677 წელს ბაგრატმა იგი გიორგი III გურიელს მიათხოვა[1]. მაგრამ 1681-1682 წლებში გურიელმა "განუტევა" დარეჯანი და შეირთო თავისი სიდედრი თამარი (დარეჯანის დედა)[2]. ხოლო დარეჯანი 1683 წელს არგვეთის დიდ თავად პაატა აბაშიძეზე დაქორწინდა[3]. პაატა როკითის ომში (1684 წელს ვახუშტის ქრონოლოგიით) მიღებული ჭრილობისაგან გარდაიცვალა იმავე 1684 თუ მის მომდევნო წელს. დარეჯანი კი 1684-1685 წლებში მესამედ პაპუნა II რაჭის ერისთავზე გათხოვდა[4].



მარიამ I ბატონიშვილი[edit]

მარიამ I ბატონიშვილი, ბაგრატ IV-ის ასული, ზემოხსენებულ დარეჯან I-ის და. მეორე მამიდა გიორგი VI-ისა. 1703 წლის ახლო ხანში იგი იესე კაციას ძე ჩიქვანის (გიორგი ლიპარტიანის ძმის) თანამეცხედრეა. 1709 წელს ის რაჭის ერისთავმა შოშიტა III-მ შეირთო. მარიამი გარდაიცვალა 1726 წელს ან მის ახლო ხანს[1].



როდამ ბატონიშვილი[edit]

როდამ ბატონიშვილი (შემდეგ გურიის დედოფალი), იმერთა მეფის ალექსანდრე IV-ის ასული, სოლომონ I-ის და, მამია IV გურიელის თანამეცხედრე[1]. გურიელს მიათხოვეს 1732 წელს. უშვილო იყო[2]. ვხედავთ 1760 წლის 10 თებერვლის ერთ შეწირულების წიგნში[3]. 1769 წელს იგი ავადაა და თავის "მოსარჩენად" ბიჭვინთის ღვთისმშობელს სწირავს ძმებს - იობ და ნიკოლოზ ტუსკიებს "მათი ცოლ-შვილით, ყმითა და მოსამსახურითურთ"[4]. გურიის დედოფლის ავადმყოფობის შემდგომო მსვლელობა ჩვენთვის უცნობია. მაგრამ რადგან მამია IV გურიელის თანამეცხედრედ შემდეგ თავდგირიძის ქალი გვხვდება[5], უნდა ვიფიქროთ, რომ როდამი აღნიშნულ წელს ან მის ახლო ხანს გარდაიცვალა.



დარეჯან II ბატონიშვილი[edit]

დარეჯან II ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ასული. გათხოვილი იყო ქართლელ ქაიხოსრო პაატას ძე აბაშიძეზე. გიულდენშტედტის ცნობით, 1772 წ, დარეჯანი პაატას "დანიშნული" იყო[1]. მათი ქორწინება აღნიშნულ წელს ან მის ახლო ხანს არის სავარაუდებელი. ჰყავდა ორი ვაჟი: სვიმონ და იოანე (ივანე). პირველი 1798 წლისთვის უკვე მკვდარია, მეორე - ივანე კი, როგორც ცნობილია, იყო 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთი მთავარი მეთაურთაგანი. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი ახალციხის საფაშოში გაიქცა და აქვე მოკლეს 1822 წელს. აღნიშნულ აჯანყებას, ჩანს, თვით დარეჯანიც თანაუგრძნობდა. უთუოდ ამიტომ გადაასახლა იგი 1820 წელს პენზაში მეფის რუსეთის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ. რამდენიმე ხნის შემდეგ მას მოსკოვში ცხოვრების ნება მიეცა და სარჩოდ 5000 მანეთი დაენიშნა წლიურად ასიგნაციით. დარეჯანი საქართველოში დაბრუნების ნებას თხოულობდა, მაგრამ მაშინ (1826 წელს) რუსეთ-ირანის ომი იყო და მისი თხოვნის დაკმაყოფილება ომის დამთავრების შემდგომი დროისათვის გადაიდო. ამასობაში უკვე ხანში შესული (70 წლის) მეფის ასული გარდაიცვალა მოსკოვში 1827 წლის 1 თებერვალს.