მაჰმუდ ნათანზი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"ნაყავათ ალ-ასარ ფი ზექრ ალ-ახიარ" ("საუკეთესო ამბები მატიანეთა თხრობაში")
ავტორი: მაჰმუდ ნათანზი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: გელაშვილი ნანა


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები



წიგნი:
სამი სპარსული წყარო XVI საუკუნის საქართველოს შესახებ - სპარსულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ნანა გელაშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 64 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XXV - თბილისი - 1990


წინასიტყვაობა[edit]

მაჰმუდ იბნ ჰედაიათალლაჰ ნათანზის ნაშრომში "ნაყავათ ალ-ასრაფ ფი ზექრ ალ-ახიარ" ("საუკეთესო ამბები მატიანეთა თხრობაში") აღწერილია მოვლენები შაჰ თამაზის ზეობის უკანასკნელი წლებიდან მოყოლებული, შაჰ აბას I-ის (1587-1629) მეფობის მეთერთმეტე წლამდე. ნათანზი დაიბადა ჰიჯრის 938 წელს (1531/32) და ცხოვრობდა შირაზში. თხზულების წერა ჰიჯრის 998 წლის (1590 წ.) გაზაფხულზე დაუწყია, 60 წლის ასაკში, როდესაც შაჰ აბასმა იაყუბ-ხან ზულყადარის აჯანყება ჩაახშო ფარსში. 
"ნაყავათ ალ-ასარ" შედგება ორი წიგნისაგან: პირველი მოიცავს შაჰ თამაზის სიცოცხლის უკანასკნელ წლებს. შაჰ ისმაილ II (1576-1577) და შაჰ მოჰამედ ხოდაბანდეს (1577-1587) ზეობათა პერიოდის აღწერას. რაც შეეხება თხზულების მეორე წიგნს, იგი მოიცავს შაჰ აბას I-ის მეფობის პირველი თერთმეტი წლის ისტორიას. უკანასკნელი ამბავი, რომელიც მოთხრობილია ნათანზის ნაშრომში, ესაა შაჰ აბასის მიერ მოჰამედ-ხან ოზბეგის დამარცხება ხორასანში და ჰერათის დაპყრობა.
საქართველოს შესახებ ცნობები თხზულებაში წარმოდგენილია ირან-ოსმალეთის მეორე ომის (1578-1590) ფონზე. კერძოდ: ქართლის მეფის სიმონისა და კახეთის უფლისწულის იესეს გათავისუფლება ტყვეობიდან შაჰ ისმაილ II-ის მიერ, სიმონის სამშობლოში დაბრუნება და მისი ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ, ქართლ-კახეთის მეფეთა ურთიერთობა ირანის სამეფო კართან ხსენებული ომის მსვლელობის პერიოდში.

ტექსტი[edit]

"ნაყავათ ალ-ასარ"-ის ცნობები საქართველოს შესახებ

ბედნიერი ფადიშაჰის[1] მარადიულ სამეფო ტახტზე განმტკიცების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნების სულტნები და პატივცემულ მეფეთა ელჩები მისი უდიდებულესობის მითითებით აბულ-მუჰამედ-ხანის სულტნების თავშესაყარ სასახლეში მიბრძანდნენ. მათ შორის: მოჰამედ ყული სულტანი - ხორეზმის ვალის ჰაჯემ-ხანის ვაჟი, ისა-ხანი - ლევანის ძე, სიმონ მეფე[2] - ლუარსაბის ძე, საქართველოს სხვა დიდებულებთან ერთად, საფრანგეთის მეფის ელჩები, დინ მოჰამედ-ხან ოზბეგის ძის - იბნ ხანის ელჩი, ქუღთისტანისა და ლურისტანის მბრძანებელი. აუცილებელი საბოძვარის მირთმევის შემდეგ, [მათ] მისი უდიდებულესობა დალოცეს და ხოტბა შეასხეს, გამეფება მიულოცეს. გულითადი განწყობილების აღსანიშნავად, ჩვეულებისამებს, სამოთხისებური მეჯლისი გაიმართა და ყველანი პატივითა და დიდებით იქნენ შემკულნი.

ყიზილბაშ ამირათაგან აჰმედ ხალიფას გარდა, სხვა არავინ მოუკლავთ. თოყმაყ-ხანი და იმამყული-ხანი[3] სხვა ყაჯარ ამირებთან ერთად ბრძოლის ველიდან უვნებლები გამოვიდნენ[4] და ალამაღმართულები ჩუხურ-საადისაკენ[5] გაემართნენ, დახოცილ ოსმალთა თავები კი ტყვეებთან და ომში მოპოვებულ ნადავლთან ერთად ქვეყნიერების მფარველის[6] კარზე გაგზავნეს. ოსმალებმაც აჰმედ ხალიფასა და სხვა დახოცილთა თავები სტამბოლისაკენ გაგზავნეს და უკან დახევის ალმები თბილისის მიმართულებით ააფრიალეს. თბილისის ციხის დაპყრობის შემდეგ ისინი მდინარე მტკვრის ნაპირზე დაბანაკდნენ[7].

მუსტაფა-ფაშა[8] თავისი ლაშქრით არეზის[9] ნაპირზე ერთ წარმტაც ადგილას ჩამოხდა, დანარჩენი ფაშები კი ურიცხვი ჯარით ყარაბაღის ვილაითისაკენ გაემართნენ[10]. როდესაც ეს სამწუხარო ამბავი - მამაცი ამირების გოდების შესახებცის თაღის მსგავსი ტახტის ფერხთ მდგომმა დიდებულებმა გაიგეს, [აგრეთვე] უძლეველ ამირათა ბრძოლებისა და ზოგიერთი მათგანის მოკვლის ამბებმა მისი უმაღლესობის სმენამდე მიაღწია, მამაცმა უფლისწულმა[11], უძლეველ ამირებთან ერთად, როგორებიც არიან: ამირ ჰამზა-ხანი - აბდალაჰ-ხანის ძე, სულტან ჰუსეინ-ხანი, ხალილ-ხან ავშარი, მოჰამედ-ხან მოსაჰები, ხალიფა შამლუ, ყორჩიბაში ყოლი-ხანი, შაჰროხ-ხან მოჰრდარ ზულყადარი, ეშიყაღასიბაში ჰუსეინ-ყული სულტანი, მისი უდიდებულესობის დიდვეზირმა მირზა სალმანმა[12] ზღვის ტალღებზე უფრო დიდი ლაშქრით, მსგავსად იმისა როგორც უდაბნოს ქვიშა ზღუდიდან გარეთ გადმოიბნევა, 987 წლის რაჯაბის 20 რიცხვს[13], სამშაბათს, ძლევამოსილი დროშები სატახტო ქალაქ ყაზვინიდან ყარაბაღის მხარეს მიმართეს.

დიდად პატივცემული უფლისწულის გამარჯვებისა და ამირათა ძლიერების ამბავმა მუსტაფა-ფაშას სმენას რომ მიაღწია, მან ის ვილაიეთები, რომლებიც არეზის სანაპიროსთან იყო, ხონთქრის ერთ-ერთ დაახლოებულ პირს ყაიათას-ფაშას ჩააბარა, შემახი კი - ოსმან ფაშას, ტაბარისტანის ტომის ნაწილი და შირვანელები, თოფებით, ზარბაზნებით, უამრავი იარაღით [მან] შირვანში გაგზავნა, თან დაუბარა: "მართალია, ზოგი ყიზილბაში ამირა ამ მხარეში იმყოფება, მაგრამ მათ არავითარი ძალა და ძლიერება არ გააჩნიათ. სულ მალე, ხონთქრის ბრძანების თანახმად, ადილ-გირეი-ხან[14] თათარი თავისი ძმებითა და ყივჩაღებით დარუბანდის[15] გზიდან მოვა და თქვენ შემოგიერთდებათ". [მუსტაფა-ფაშამ] ასეთი იგავითა და ზღაპრით, [ანუ] თათრების მფარველობის იმედით, ის ხალხი იმ მხარეს გაისტუმრა, თავად კი არზრუმისაკენ წავიდა. რადგან მისი გზა საქართველოს ვილაიეთზე გადიოდა, ლუარსაბის ვაჟი სიმონ მეფე ქართველთა უძველესი ჯარით, მამაცი და მხნე რაინდებით, უშიშრად დაესხა თავს მის ლაშქარს: ბევრი დახოცეს, ზოგიც შეიპყრეს და ურიცხვ აღჭურვილობასა და იარაღთან ერთად თავიანთ მხარეში წაასხეს[16]. მუსტაფა-ფაშა ნელ-ნელა დანიშნული ადგილისაკენ მიიწევდა. სწორედ ამ დროს მამაცმა დროშებმა იმამყული-ხან ყაჯარის, მირზა ალი სულტანის, ჩოლბი-ბეგ ჩოქნის, აჰმედ-ბეგ ფერნალ-ოღლი უსთაჯლუს, მუსტაფა-სულტანვალი-ბეგ ბეჰარლუს და სხვა ყაჯარი ამირების მრავალრიცხოვანმა სპამ წყალი გადალახეს[17] და ვასეყის მიდამოებში რუმიელებს წამოეწივნენ. ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, შეუდრეკლად და მტკიცედ იდგნენ. ბრძოლა უკიდურესად მწვავე იყო, ორივე მხარეს მრავალი მეომარი დაეღუპა. ყიზილბაშებმა დიდძალი ნადავლი იგდეს ხელთ და უკან გაბრუნდნენ, ხოლო მოკლულთა თავები მის უდიდებულესობას გაუგზავნეს.

როდესაც ამ მეამბოხე ლაშქრის[18] ამბავმა მაჰმუდ გირეი-ხანის[19] ყურამდე მიაღწია და მან შიკრიკებისაგან შეიტყო, რომ ის სპა ფრიად თავზარდამცემი იყო, იგი მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევა და [მისი] მებრძოლების გამძლეობა თავის შესაძლებლობათა ზღვარს სცილდებოდა, ამიტომ გაქცევის საშუალების გამონახვაზე დაიწყო ზრუნვა. ორ-სამ დღეში [მას] ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა და თავისი საგზალი და ბარგი იმ სახიფათო ადგილს მოაშორა, მაგრამ გზის სიძნელეებისა და დამღუპველი შხამიანი ბალახისაგან შინაური ცხოველებისა და ოთხფეხის დიდი დანაკლისის გამო, [მას] უძლეველი სპა დაეწია. ძლევამოსილი ამირების საქართველოს სანახებში მისვლის შემდეგ, იქაურმა ვალიმ ალექსანდრემ[20] სანდო შიკრიკები შესაფერისი საჩუქრებით გაგზავნა [მათთან] და მორჩილება და ერთგულება აღუთქვა. [ამის შემდეგ] ამირებმა იქიდან წასვლა ბრძანეს თბილისის ციხის აღების მიზნით და გზას გაუდგნენ.

ამბავი საქართველოს მეფეთა მორჩილება-გაგონებისა. მზის სადარ ასულებთან ერთად ხარჯისა[21] და საჩუქრების გაგზავნა ამა ქვეყნის მბრძანებლის კარზე

როდესაც ამ სახელოვანი გამარჯვების ამბავმა[22] ყველა ქვეყნის - დიდისა თუ პატარის ყურამდე მიაღწია, იმ ქვეყნების მბრძანებლები ეჰრამით[23] შეიმოსნენ, თავიანთი სამშობლოდან ღირსეული საჩუქრებითა და შესაფერისი მისართმევლებით უმაღლესი ზღურბლისაკენ [გაემართნენ], სადაც ხალიჩის მთხვევით გაბედნიერდნენ. საქართველოს მეფეებს, რომელთაც თათართა შეპყრობის ამბის გაგონების შემდეგ, თავიანთ სამეფოთა ძლიერება-სიმტკიცეში ეჭვი გაუჩნდათ, აღარ შეეძლოთ თავი ისე მოეჩვენებინათ, თითქოს არაფერს უწყოდნენ. აქედან გამომდინარე, მისმა უდიდებულესობამ ბედნიერმა მეფე სიმონმა და მისმა უავგუსოესობამ სულტანმა ალექსანდრემ, რომელნიც საქართველოს სახელოვან მბრძანებელთაგან იყვნენ და თავიანთი მაღალი მდგომარეობის, მიუდგომელი ადგილ-სამყოფლის, მრავალრიცხოვანი ლაშქრისა და ამალის, დიდძალი სიმდიდრისა და ქონების მუდმივი ზრდა-მატების გამო თავს გამორჩეულად და საუკეთესოდ თვლიდნენ, უმაღლეს ზღურბლზე, წესისამებრ, ელჩები გაგზავნეს მრავალფეროვანი საჩუქრებით[24]; [კერძოდ]: ურიცხვი ძვირფასი საქონელი, თეთრი და წითელი ფული, უამრავი თვალი პატიოსანი, თავიანთი სურნელოვანი ასულები, რომელთაგან თითოეული ვენერას თანავარსკვლავედივით წმინდა და ბედნიერი, მზის უზენაესი წერტილის მსგავსი და წარჩინებული იყო. ამასთანავე ტანკენარი ყრმა ვაჟები, ვერცხლისფერი მოახლეები ჟასმინისფერი პირისახით. [მათ] მორჩილება გამოაცხადეს, გულწრფელ და მეგობრულ გარემოში ერთსულოვნებისა და ერთგულების ალამი აღმართეს. უბადლო უფლისწულმა იმ ბედნიერ ადგილას დღესასწაულისა და წვეულებისათვის აუცილებელი პირობების მომზადება, [ამასთანავე], სამეჯლისო მხიარულება, დროსტარება და გართობა ბრძანა. სამეფო კარის დიდებულებმა და სამოთხის ბაღის მსახურებმა გართობის, სიამოვნებისა და მხიარულებისათვის რაც კი საჭირო იყო, მოამზადეს და ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ იქაურობა სამოთხის ბაღზე და სურათების გამოფენაზე უფრო თვალწარმტაცი ყოფილიყო.

მისი უმაღლესობა უფლისწული იმ სამოთხისებურად მორთულ ადგილას რამდენიმე დღე უძლეველი ბედნიერი ძალის მფარველობით, ადათ-წესების დაცვის ფარგლებში დროსტარებას, გართობას და მხიარულებას მიეცა. იმ ლამაზმანებთან სანეტარო სურვილი აისრულა. ყველანაირი სიამოვნება რომ იგემა და კარგადაც დაისვენა, მისი უავგუსტოესობის მითითებით [უფლისწულმა] საქართველოს მეფეთა ელჩებს მოწყალება მიაგო და ფულადი გადასახადი დაუწესა[25], რის შემდეგაც მათ უკან დაბრუნების ნებართვა უბოძა. [ამასთანავე], მან ზედამხედველობა ითავა იმ ვილაიეთების წესრიგზე, წესწყობილებაზე, ვაჭრობის გამოცოცხლებაზე და სხვა მნიშვნელოვან საქმეზე. ზოგიერთი ღრმად პატივცემული ამირა და გულადი მეომრები, რომლებმაც ბრძოლის ველზე თავი ისახელეს, გმირობა და სიმამაცე გამოამჟღავნეს, იმ მხარის ქვეყნებისა და ოლქების მბრძანებლობით გაბედნიერდნენ.

როდესაც საქართველოს მეფეებმა ბედნიერი ამალის მოახლოების ამბავი შეიტყვეს, უწინდელი შეთანხმებით გათვალისწინებულზე უფრო მეტი ნაირ-ნაირი საჩუქრებითა და ძვირფასეულობით, გულწრფელი და გულითადი განზრახვით მისი ადგილსამყოფელისაკენ გაეშურნენ. მეფური კეთილგანწყობილებისა და დიდებული საჩუქრების მიღების შემდეგ, ისინი თავიანთ მხარეში გაბრუნდნენ. რაც შეეხება განჯისა და ბარდას ვილაიეთებს, სანახებითა და ახლომდებარე ადგილებით, ყაჯარ დიდებულთა მფლობელობაში გადავიდა. ამის შემდეგ ბრძანება გაიცა ჩაგვრისა და ძალადობის აღკვეთის თაობაზე, მთელი ამ მხარის ხალხის მიმართ სამართლიანობა და უანგარობა უნდა გავრცელებულიყო. უძლეველმა მეომრებმა იქიდან მდინარე არეზისკენ ქნეს პირი და რამდენიმე დღე დასასვენებლად იმ მიდამოებში შეჩერდნენ.

გულადმა უფლისწულმა, ზულყადარის[26] ამირებისა და უძლეველი მამაცი ღაზიების[27] მუდმივი დახმარებითა და თანადგომით, საღვთო ომის ალამი ააფრიალა. იგი სარწმუნოების მტერსა და დუშმანს საკადრის ბრძოლასა და წინააღმდეგობას უწევდა. იმ დროს, როდესაც ფადიშაჰის ვარსკვლავებით ურიცხვი ამალა რუმიელთა სპის იერიშებს იგერიებდა, [უფლისწულის] ბრძოლისა და შურისძიებისათვის აღმართული დროშები აზერბაიჯანში, ყარაბაღში და არანის ვილაიეთებში თათრებს ანადგურებდნენ. იმ საზღვრების ზოგიერთი მბრძანებელი, ნაირ-ნაირი საჩუქრებით თავიანთი იღბლის წყალობით, უმაღლესი ზღურბლის კოცნის ბედნიერებით ამაღლდა და სხვადასხვა წყალობითა და განდიდებით [ისინი] ცის უზენაეს წერტილს მისწვდა, ადათ-წესების მცოდნე ზოგიერთი ელჩი, სასახლის კარზე ძვირფასეულობითა და ურიცხვი ფულით გამოცხადდა და მორჩილება-ერთგულება გამოავლინა. მაგალითად, საქართველოს მბრძანებლებმა ბედნიერ უფლისწულს გაუგზავნეს: უამრავი სამეფო საჩუქარი, ძვირფასი მისაძღვნელები, თავიანთი ასულები, რომლებიც მზისებრ დიდებულები და მომხიბვლელები, ვენერას თანავარსკვლავედივით ლამაზნი და სრულყოფილნი იყვნენ. როდესაც სახელმწიფოს უძლეველი დროშების ჩრდილმა ყარაბაღის ვილაიეთის წმინდა სივრცე მეორეჯერ დაფარა, საქართველოს მეფეებმა კვლავ მრავალი საჩუქრის მირთმევით, გულწრფელი საქციელის წყალობით განსაკუთრებული მდგომარეობა და ციური სამეფო სასახლის კარის ამალაში ყოფნის ბედნიერება მოიპოვეს. [შემდეგ ისინი] პატივდებულნი და განდიდებულნი თავიანთ ვილაიეთებში დაბრუნდნენ.


  1. იგულისხმება ირანის შაჰი ისმაილ II (1576-1577). სამეფო ტახტზე იგი ავიდა ოცი წლის ციხეში ყოფნის შემდეგ, სადაც იგი მამამისის - შაჰ თამაზის ეჭვიანიბის გამო ჩასვეს 1557 წელს. ისმაილი ციხიდან გაათავისუფლეს მხოლოდ მისი ძმის - ჰეიდარის მკვლელობის შემდეგ (რომელიც სამეფო ტახტის დაუფლებას ცდილობდა).ისმაილის სამეფო ტახტზე ხელდება მოხდა 1576 წლის 27 აგვისტოს. მართალია, მან წელიწადსა და ექვს თვეს იმეფა, მაგრამ ეს მცირე ხანიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას ირანის ისტორიაში დაემკვიდრებინა ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და სისხლიმღვრელი ტირანის სახელი. მრავალწლიანმა პატიმრობამ წარუშლელი დაღი დაასვა ისმაილის პიროვნებას: ცხოვრებისაგან გაბოროტებულმა, თავისი ხანმოკლე ზეობის განმავლობაში ენით აუწერელი სისასტიკე და შეუბრალებლობა გამოიჩინა. 1577 წლის 25 ნოემბერს, ყიზილბაშ ამირათა შეთქმულების შედეგად, ისმაილ II მოკლულ იქნა. ისმაილის შესახებ მოგვითხრობენ როგორც აღმოსავლური (შერეფ-ხან ბითლისი, მაჰმუდ ნათანზი, ისქანდერ მუნში), ისე ევროპული (თომაზო მინადოი, დონ ხუან დე პერსია) წერილობითი წყაროები.
  2. სიმონ მეფე - ქართლის მეფე სიმონ I (1556-1569; 1578-1600). იგი ყიზილბაშებმა დაატყვევეს 1569 წელს ალგეთის ხეობაში ბრძოლის დროს და შაჰთან გაგზავნეს ირანში. თავდაპირველად შაჰმა იგი დიდი პატივით მიიღო, მაგრამ შემდეგ ისლამის მიუღებლობისათვის, ალამუთის ციხეში ჩასვა, სადაც ქართლის მეფემ რვა წელი დაჰყო (იხ. ნ. გელაშვილი, სიმონ მეფე ყიზილბაშთა ტყვეობაში, ცისკარი, 6, 1984, გვ.151-154). სიმონთან ერთად ციხეში იმყოფებოდა უფლისწული ისმაილიც. მათ შორის ისეთი გულითადი მეგობრობა დამყარდა, რომ სიმონმა ისმაილის შეგონებით სჯულიც კი გამოიცვალა. თომაზო მინადოის გადმოცემით, ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სიმონის მიერ იმის შეგნებამ, რომ ქრისტიანად დარჩენის შემთხვევაში მას სამუდამო ტყვეობა ელოდა, ხოლო, თუ იგი გამუსლიმდებოდა, ისმაილი გამეფების შემდეგ მას დიდ პატივს ჰპირდებოდა (თომაზო მინადოი, ფ.67). ანალოგიური ცნობაა ადამ ოლეარიუსის ნაშრომშიც (Подробное описание путешествия Голштинского посольства в Московию и Персию, გვ.844). ისმაილმა დანაპირები შეასრულა და და სამეფო ტახტზე ასვლის ცერემონიალზე დასასწრებად ციხეში მყოფი სიმონისა და იესე ბატონიშვილის მოყვანა ბრძანა. ისმაილ II-ია მიერ ქართველი მეფისა და სხვა დიდებულთა გათავისუფლების შესახებ მოგვითხრობს ისქანდერ მუნშიც (ისქანდერ მუნში - გვ.28). შერეფ-ხან ბითლისი კი სიმონის ტყვეობიდან გათავისუფლებას შაჰ მოჰამედ ხოდაბენდეს მიაწერს (შერეფ-ხან ბითლისი - გვ.182). მართალია, ხსენებულმა შაჰმა სიმონს თბილისის მმართველობა უწყალობა და საქართველოშიც მანვე გაგზავნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად (1578 წ.), მაგრამ რაც შეეხება სიმონის ციხიდან გათავისუფლებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ ისმაილ II-ის დამსახურებაა.
  3. ყიზილბაშთა ლაშქრის სარდლები; თოყმაყ-ხანი ჩუხურ-საადის გამგებელი იყო, ხოლო იმამ-ყული-ხან ყაჯარი ბარდისა და განჯის მმართველი.
  4. იგულისხმება ბრძოლა ჩილდირის ველზე 1578 წლის 9 აგვისტოს ყიზილბაშთა და ოსმალებს შორის, რომელიც ყიზილბაშთა მარცხით დასრულდა. ჩილდირთან ბრძოლის შესახებ ვრცლად და ხატოვნად მოგვითხრობენ სპარსული და ოსმალური წყაროები (ისქანდერ მუნში, გვ.31; იბრაჰიმ ფეჩევი, გვ39; მუსტაფა სელიანიქი, გვ.262).
  5. ჩუხურ-საადი - სიტყვასიტყვით ნიშნავს "კეთილდღეობის, ბედნიერების მხარეს". ამ სახელწოდებით იხსენიება ერევნის სახანო შუა საუკუნეების აღმოსავლურ წერილობით წყაროებში.
  6. იგულისხმება შაჰ მოჰამედ ხოდაბენდე (1577-1587). "ხოდა-ბენდე" სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ღვთის მონას. ყიზილბაშმა დიდებულებმა იგი სამეფო ტახტზე აიყვანეს მისი ძმის - ისმაილის მოკვლის შემდეგ.
  7. ჩილდირთან გამარჯვების შემდეგ, ოსმალებს ქართლისაკენ გზა ხსნილი ჰქონდათ და მათ გეზი თბილისისაკენ აიღეს. ოსმალო ისტორიკოსთა გადმოცემით მუსტაფა-ფაშა 1578 წლის 24 აგვისტოს თითქმის უბრძოლველად შევიდა თბილისში, რადგან მისმა მმართველმა დაუდ-ხანმა ქალაქი უპატრონოდ მიატოვა (მუნეჯიმ-ბაში, გვ.137; იბრაჰიმ ფეჩევი, გვ.41). ანალოგიურად, მაგრამ უფრო მოკლედ აშუქებენ აღნიშნულ ფაქტს შერეფ-ხან ბითლისი, გვ.235-236 და ისქანდერ მუნში, გვ.30. ქართული საისტორიო თხზულებების თანახმად, 1578 წელს დაუდ-ხანმა ვერ შეძლო ოსმალებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ მან თბილისი გადაწვა და მიატოვა ("ახალი ქართლის ცხოვრება" (მესამე ტექსტი), გვ.522, ვახუშტი ბატონიშვილი, გვ. 411; "პარიზის ქრონიკა", გვ.51). გამონაკლისია ამ მხრივ ბერი ეგნატაშვილის ცნობა, რომელიც არაფერს ამბობს დავითის მიერ თბილისის გადაწვის თაობაზე (ბერი ეგნატაშვილი, გვ.372. აღსანიშნავია, რომ არც ევროპულ წყაროებშია მოხსენიებული აღნიშნული ფაქტი. მათი გადმოცემით, როდესაც დაუდ-ხანმა ოსმალთა თბილისისკენ წამოსვლის ამბავი შეიტყო მან გაქცევით უშველა თავს (თომაზო მინადოი, ფ.41; დონ ხუან სპარსელი, გვ.143; პეტრო ბიზარუსი, გვ.63; XVI ს. ანონიმი ვენეციელი, გვ.24). ამრიგად, ქართული წყაროების გარდა, არც ერთ საისტორიო თხზულებაში არაფერია ნათქვამი დავითის მიერ თბილისის გადაწვის ფაქტზე.
    თბილისის დაპყრობის შემდეგ, ოსმალები იქ თავიანთი წესების შემოღებას შეუდგნენ: თბილისი საფაშოდ გამოაცხადეს, გორი - სანჯაყად, ციხე-სიმაგრეებში კი თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს (დაწვრ. იხ. მ. სვანიძე - ლალა მუსტაფა ფაშას ლაშქრობა ამიერკავკასიაში, გვ.393-394; აგრეთვე ზემოთ დასახელებული ქართული, სპარსული და ევროპული წყაროები).
  8. მუსტაფა-ფაშა - ოსმალთა ჯარის მთავარსარდალი. იბრაჰიმ ფეჩევის გადმოცემით, ლალა მუსტაფა-ფაშა ბოსნიელი სოკოლოვების გვარიდან იყო. თავისი ნიჭისა და დამსახურების წყალობით იგი მალე დაწინაურდა სულტნის კარზე; მას დაევალა უფლისწულ სულტან სელიმის აღზრდა ანუ ლალობა. სხვადასხვა დროს მუსტაფა-ფაშა იყო ვანის, არზრუმის, ალეპოსა და დამასკოს ბეგლარბეგი. შემდეგ მან ვეზირის წოდება მიიღო და დაინიშნა კვიპროსის დასაპყრობად გაგზავნილი ჯარის მთავარსარდლად, ირან-ოსმალეთის II ომის დაწყებისას (1578 წ.) კი ამიერკავკასიაში მებრძოლ ოსმალთა ჯარს მეთაურობდა. მუსტაფა ფაშა გარდაიცვალა ჰიჯრის 988 წლის ჯომადი ალ-ახირის 5 ან 23 რიცხვში - 1580 წლის 18.VII ან 5.VIII (იხ. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ.98-99).
  9. არესი - ანუ არეზი, მდინარე არაქსი, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. მნიშვნელოვან მანძილზე მასზე გადის სსრ კავშირის საზღვარი თურქეთთან და ირანთან.
  10. საქართველოდან ლალა მუსტაფა ფაშას ლაშქარი, ისე როგორც წინასწარ იყო გათვალისწინებული, შირვან-შაქისა და ყარაბაღისაკენ გაემართა.
  11. იგულისხმება შაჰ მოჰამედ ხოდაბენდეს უფროსი ვაჟი ჰამზა-მირზა, რომელიც ცნობილია, როგორც მეტად ნიჭიერი პიროვნება და მამაცი მეომარი. აღსანიშნავია, რომ ნათანზი უფლისწულს თავისი უფლება-მოვალეობით შაჰს უთანაბრებს. მისი სიტყვით: "რადგან მისი უდიდებულესობა შაჰი უმეტეს წილად მუსაიფით, გართობითა და დროსტარებით იყო დაკავებული, სახელოვანმა ამირებმა და დიდებულებმა სახელმწიფოს მართვის სადავეები სამართლიანობის მფარველ უფლისწულს მისცეს ხელთ. ყველა მხარეთა მბრძანებლები ალექსანდრეს სადარ უფლისწულის ფირმანებს ემორჩილებოდნენ" (მაჰმუდ ნათანზი, გვ.211). ირან-ოსმალეთის მეორე ომის (1578-1590) დაწყებიდანვე ჰამზა-მირზა აქტიურად ჩაება ანტიოსმალურ ბრძოლაში. ჰამზა მოკლულ იქნა 1586 წელს ყიზილბაშ ამირთა შეთქმულების შედეგად, რომელთაც არ სიამოვნებდათ უფლისწულის აღზევება და წარმატებები.
  12. მირზა სალმანი - შაჰ მოჰამედ ხოდაბენდეს დიდვეზირი. პირველად იგი სამეფო კარზე გამოჩნდა შაჰ თამაზის ძეობის უკანასკნელ წლებში. შაჰ ისმაილ II-მ იგი ვეზირად დანიშნა. ამ უკანასკნელის სიკვდილის შენდეგ, მირზა სალმანმა ადვილად მოიპოვა ახალი შაჰისა და მისი მეუღლის მაჰდი-ულიას ნდობა; იგი მალე დაინიშნა უმაღლესი დივანის ვეზირის თანამდებობაზე "ეთემად დოულეს" ("სახელმწიფო ნდობა") საპატიო ტიტულით (ისქანდერ მუნში, თარიხ-ე ალამ-არაი-ე აბასი, გვ.163-164). განსაკუთრებით დაუახლოვდა მირზა სალმანი უფლისწულ ჰამზას, რომელსაც თავისი ქალიშვილი მიათხოვა, უფროსი ვაჟი კი უფლისწულის ვეზირად დანიშნა. ისქანდერ მუნშის გადმოცემით, დიდვეზირი მუდამ ცდილობდა, რომ შაჰი და ჰამზა-მირზა ყიზილბაშ ამირთა წინააღმდეგ განეწყო. ეს გარემოება, ბუნებრივია, შეუმჩნეველი არ დარჩენილა ყიზილბაშ დიდებულთათვის, რომელთაც მირზა სალმანი სძულდათ და ცდილობდნენ მის თავიდან მოშორებას. მირზა სალმანი ყიზილბაშებმა მოკლეს 1583 წელს (შერეფ-ხან ბითლისი, Шараф-наме, II, გვ.214; ისქანდერ მუნში, თარიხ-ე ალამ-არაი-ე აბასი, გვ.282-288; ნასროლა ფალსაფი, ზენდეგანი-ე შაჰ აბას ავალ, I, თეჰრან, 1333, გვ.75-76).
  13. ევროპული წელთაღრიცხვით 1579 წლის 12 სექტემბერი.
  14. ადილ გირეი-ხანი - ყირიმელი თათრების ხანის მოჰამედ გირეის ძმა. ირან-ოსმალეთის ხსენებული ომის დროს ყირიმელი თათრები იბრძოდნენ ოსმალეთის სულტნის მხარეზე ყიზილბაშთა წინააღმდეგ.
  15. დარუბანდი - დაღესტნის უძველესი ქალაქი კასპიის ზღვის სანაპიროზე.
  16. ქართულ საისტორიო თხზულებათა მიხედვით, სიმონ მეფე 1578 წლის ოქტომბერში დაბრუნდა საქართველოში, სდაც უკვე ოსმალთა საწინააღმდეგო მოძრაობა იყო გაჩაღებული. სამშობლოში ჩამოსვლისთანავე იგი სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას: სიმინ მეფემ პარტიზანული ბრძოლები გაუმართა ოსმალეთში დასაბრუნებლად მიმავალ ლალა მუსტაფა-ფაშას ლაშქარს და დიდი ზარალი მიაყენა მას (ბერი ეგნატაშვილი, გვ.373; ფარსადან გორგიჯანიძე, გვ.221). სიმონის თავგანწირული ბრძოლების შესახებ მოგვითხრობენ შერეფ-ხან ბითლისი (გვ.182-183) და ისქანდერ მუნში (გვ.30-31), აგრეთვე ოსმალო ისტორიკოსი მუნეჯიმ-ბაში (გვ.139). ქართლის მეფის თავდაუზოგავმა ბრძოლამ ოსმალო დამპყრობთა წინააღმდეგ გარკვეული შედეგი გამოიღო; მუსტაფა-ფაშას ქართლიდან გასვლის შემდეგ, სიმონმა ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორი, გორი და სხვა ციხესიმაგრეები, მაგრამ თბილისი კვლავ მტრის ხელში რჩებოდა.
  17. იგულისხმება მდინარე მტკვრის გადალახვა. ანალოგიური ცნობაა დაცული ისქანდერ მუნშისთან, რომლის გადმოცემით იმამ-ყული-ხანმა თავის ლაშქრით "მდინარე მტკვარი გადალახა და ივრის პირას, რომელიც საქართველოს ეკუთვნის, ოსმალებს წამოეწია. ოსმალთა ლაშქრიდან ორი ათასამდე კაცი დახოცეს და უამრავი ქონება და სიმდიდრე იგდეს ხელთ, ოსმალო ამირათა ერთი ჯგუფიც დატყვევებულ იქნა" (ისქანდერ მუნში, გვ. 28.).
  18. იგულისხმება ყიზილბაშთა ლაშქარი. მას შემდეგ რაც მოჰამედ გირეი-ხანმა ოსმალთა ლაშქართან ერთად განჯა და ბარდა დაარბია, შაჰ მოჰამედ ხოდაბანდეს ბრძანებით ყიზილბაშები იმამ-ყული-ხან ყაჯარისა და ფირემოჰამედ-ხანის სარდლობით თათრების წინააღმდეგ საომრად გაემართნენ (მაჰმუდ ნათანზი, გვ.103).
  19. მოჰამედ გირეი-ხანი - ისქანდერ მუნშის ცნობით, "დოვლეთ-გირეის შვილი იყო, რომელიც ჩინგიზ-ხანის ვაჟის ჯუჩი-ხანის შთამომავალი იყო. ჯუჩის ულუსის დაახლოებით ასი ათასი თათართა ოჯახით იგი ბახჩისარაიში სახლობდა და ოსმალეთის სულტანთან მეგობრობა და კეთილგანწყობა ჰქონდა" (ისქანდერ მუნში, გვ.28).
  20. ალექსანდრე - კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1605) ლევანის-ძე. ირანისა და ოსმალეთის მიმართ იგი ლოიალური პოლიტიკის გამტარებელი იყო და მთელ თავის ენერგიას საშინაო საქმეებს ახმარდა. ამასთანავე, მოხერხებული პოლიტიკის წყალობით, იგი ცდილობდა გაეძლერებინა თავისი სამეფო; ამ მიზნით ალექსანდრე მეფეს ნათესაური ურთიერთობის წყალობით კავშირი ჰქონდა შეკრული ყაბარდოსთან, სამეგრელოსთან, ქართლის მმართველ დაუდ-ხანთან. აღსანიშნავია ალექსანდრე მეფის აქტიური მოღვაწეობა რუსეთთან დაახლოების თვალსაზრისით. 1587 წელს მან რუსეთის მეფის ხელდებულების ფიცი მიიღო (იხ ნ. ბერძენიშვილი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, საქართველოს ისტორიის საკითხები, IV, თბ,.1967, გვ.131-138; Бушев П.П., История посольств и дипломатических отношений Русского и Иранского государств в 1585-1612 гг., М.,1976, გვ.407-410). ალექსანდრე მეფეს ხუთი ვაჟი ჰყავდა, რომელთა შორის დაუცხრომელი ბრძოლა იყო სამეფო ტახტის დაუფლებისათვის. შაჰ აბას I, რომელსაც მისი თავიდან მოცილება ჰქონდა განზრახული, 1605 წელს ალექსანდრეს გამუსლიმებულ ვაჟს კონსტანტინეს მოღალატურად მოაკვლევინა მამა (ისქანდერ მუნში, გვ.94; იბრაჰიმ ფეჩევი, გვ.44; არაქელ დავრიჟეცი, გვ.14-15).
  21. ხარაჯ - მიწაზე დადებული გადასახადი, რომლის გადახდა მუსლიმურ სახელმწიფოებში ეკისრებოდათ არამუსლიმ მოსახლეობას.
  22. იგულისხმება ყიზილბაშთა გამარჯვება ყირიმელ თათრებზე 1578 წლის 28 ნოემბერს, როდესაც მათ ტყვედ იგდეს ადგილ გირეი-ხანი და შაჰის კარზე გაგზავნეს (მაჰმუდ ნათანზი, გვ.197-198; ისქანდერ მუნში, გვ.32; მუნეჯიმ-ბაში, გვ.140; იბრაჰიმ ფეჩევი, გვ.56; XVI ს. ანონიმი ვენეციელი - "თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები", გვ.36). მოგვიანებით ადილ გირეი-ხანი, ყიზილბაშ ამირათა მოწყობილი ინტრიგების წყალობით, მოკლულ იქნა.
  23. ეჰრამი - სამოსი, რომელსაც მექაში პილიგრიმობის დროდ იცვამენ მუსლიმები.
  24. ამ ცნობიდან ჩანს, რომ აღწერილი მოვლენების დროდ ალექსანდრე მეფე კვლავ ირანის მოკავშირეა და სიმონ მეფესთანაც შერიგებული. 1578 წელს ლალა-მუსტაფა-ფაშას საქართველოში შეწრის დროს კახეთის მეფემ ოსმალეთის სულტანს მორჩილება გამოუცხადა, ოსმალთა სარდალმა მას შაქის დაპყრობა მიანდო. ამ დავალების შესრულების შემდეგ, შაქის გამგებლად ალექსანდრეს ვაჟი ერეკლე დანიშნა ("ახალი ქართლის ცხოვრება" (მესამე ტექსტი), გვ.523; "პარიზის ქრონიკა", გვ.52). თვით ალექსანდრეს კი თურქეთის სულტანმა უმაღლესი სიგელი უბოძა: კახეთის მმართველობა ბეგლარბეგის რანგით, მაგრამ კახეთის მეფეს ყოველწლიური ხარკი უნდა ეძლია ოსმალებისათვის(იბრაჰიმ ფეჩევი, გვ.42-44). რაც შეეხება ალექსანდრეს და სიმონს შორის არსებულ უთანხმოებას, ქართულ საისტორიო წყაროთა გადმოცემით, ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ალექსანდრემ ქართლის მეფეს ცოლისძმები დაუხოცა, ამასთანავე, იგი დაუდ-ხანს (სიმონის ძმას) უჭერდა მხარს, ვინაიდან ამ უკანასკნელის ცოლი მისი ნათესავი იყო (ვახუშტი ბატონიშვილი, გვ. 412; ბერი ეგნატაშვილი, გვ.372). მას შემდეგ, რაც ალექსანდრემ ოსმალთა მომხრეობის გზა აირჩია, სიმონმა კი - ირანის მხარეს ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა, მეფეთა შორის არსებულ უთანხმოებას ზედ დაერთო მათი პოლიტიკური გეზის შეურიგებლობაც (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ.276). გადამწყვეტი ბრძოლა სიმონსა და ალექსანდრეს შორის მოხდა ჭოტორთან 1582 წელს, რომელიც სიმონის გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლის შემდეგ სიმონმა დააფიცა თავისი მომხრეები, რომ კახელების მტრობას თავს დაანებებდნენ. ქართლ-კახეთის მეფეთა შერიგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ირანისათვის, ვინაიდან მათი შუღლი ასუსტებდა ქართველი ხალხის ანტიოსმალურ ბრძოლას. ამიტომ, როდესაც ირან-ოსმალეთს შორის შედარებითი სიმშვიდე დამყარდა (1582 წელს მოლაპარაკების დაწყების შემდეგ), სპარსელებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და შაჰის მთავრობისა და ირანული ორიენტაციის ქართველ თავადთა მხარდაჭერით სიმონი და ალექსანდრე შეარიგეს ისქანდერ მუნში, გვ.36; მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ.147).
  25. აქ უნდა იგულისხმებოდეს ის თანხა, რომელიც ირანის მთავრობამ ალექსანდრე მეფეს მოსთხოვა იმ წლების ასანაზღაურებლად, როდესაც იგი ყიზილბასებს განუდგა და ოსმალებს დაუზავდა. ნათანზის აღნიშნულ ცნობას აზუსტებს ისკანდერ მუნში; მისი სიტყვით: "ალექსანდრე-ხანმა ივალდებულა, რამდენიმე წლის მოუცემელი ხარკის დასაფარავად, მიმოქცევაში მყოფ შაჰურ ერაყულ 3000 თუმანს ხელმწიფის ხაზინას ჩააბარებდა, 1000 თუმანს მისი უდიდებულესობა ქვეყნის დამპყრობისათვის და 1000 თუმანს სხვა დიდებულების სასარგებლოდ გაიღებდა (ისქანდერ მუნში, გვ.37).
  26. ზულყადარი - ერთ-ერთი ყიზილბაშური ტომია.
  27. ღაზი - მუსლიმური სარწმუნოებისათვის მებრძოლი, მოლაშქრე, საღვთო ომის - ღაზავათის მონაწილე.