მუნეჯიმ-ბაში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"ჯამი ად-დუვალ" ("დინასტიათა კრებული")
ავტორი: მუნეჯიმ-ბაში
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: ნოდარ შენგელია


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები






წინასიტყვაობა[edit]

მუნეჯიმ ბაში - სალონიკელი არაბულენოვანი თურქი ისტორიკოსი (1632 - 1702) აჰმედ იბნ ლუთფულაჰი. მას ეკუთვნის სამტომიანი მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულება "ჯამი ად-დუვალ" ("დინასტიათა კრებული"), რომელშიც უხვადაა გაბნეული ცნობები XI-XVII სს. საქართველოს ისტორიისათვის. იგი საინტერესო ცნობებს გვაწვდის სელჩუკებისა და საქართველოს ურთიერთობაზე, აგრეთვე მცირე აზიის ცალკეული პოლიტიკური ერთეულების საქართველოსთან დამოკიდებულებაზე. განსაკუთრებით ვრცლად აქვს გადმოცემული ოსმალეთთან საქართველოს ურთიერთობის ცალკეული მომენტები: საყურადღებო მასალებს გვაწვდის გიორგი სააკაძის მოღვაწეობის შესახებ, ეხება ოსმალეთში მის უკანასკნელ დღეებს, ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა საქმიანობას და სხვა.
მუნეჯიმ-ბაშის თხზულება თურქულ ენაზე 1730-იან წლებში ითარგმნა. ქვემოთ ჩვენს მიერ ამოკრებილია მუნეჯიმ-ბაშის ცნობები საქართველოს სესახებ სხვადასხვა ნაშრომებიდან.




უზუნ ჰასანის ლაშქრობა საქართველოში[edit]

876 (1471) წელს უვეის ბეგი[1] ჰაჯის ძმა ემირი გახდა თავრიზში. იქ ძალიან ბევრმა მეცნიერმა და დიდებულმა დაიწყო მოსვლა. მათ კარგად ეპყრობოდნენ. ისინი საპატიო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შემდეგ ყარამანელი ფირ აჰმედ ბეგი[2] თავისთან შეიფარა. მან რუმის სასულტნოზე შესჩივლა და მისგან დახმარება ითხოვა. ყარამანიანები, რომ მამაპაპისეულ ქვეყანაში უვნებლად დაბრუნებულიყვნენ, რუმის დასაპყრობად სამზადისის გამართვა გახდა საჭირო. თავრიზიდან ალაყათის გზით გაემართნენ. ჰაჯზე წასული მევლანა ალ ქუშჯუ აქ მათ ემსახურებოდა. აღმატებულად რომ გამოიყურებოდა და კეთილ გზას ადგა, რომელ გზასაც ირჩევდა, იმ გზით მიდიოდა. ჰასან ბეგი კი შემდეგ 877 (1472) წელს საქართველოსკენ გამოემართა, ამ ქვეყანას თავს დაესხა და გაანადგურა. უამრავი ციხე დაიმორჩილა. ბოლოს მეფე ბაგრატი დათანხმდა, რომ ხარკი გადაეხადა. ალექსანდრეს და ყუარყუარეს მსგავსმა სხვა მბრძანებლებმაც მას მორჩილება გამოუცხადეს. მეფე ბაგრატმა აჯანყება როგორც კი წამოიწყო, ჰასან ბეგმა მის ხელთ არსებული ყველა ციხე ყუარყუარეს და ალექსანდრეს გადასცა[3]. მისი ჯარი საქართველოს ქვეყანას მოედო და დაინაწილა. მათ ძალიან ბევრი ადამიანი დაატყვევეს და წამოიყვანეს. ის თავის სასულტნოს ცენტრში – თავრიზში – გამარჯვებული დაბრუნდა. თბილისი ემირ აზამს სუფი ჰალილ ბეგს იქტას სახით გადასცა. მისი მოსაზღვრე რაიონის გამგებლობაც მას უბოძა.

გადმოცემის მიხედვით, როდესაც (უზუნ ჰასანი) საქართველოს ტოვებდა, მასთან ბაგრატ მეფის ელჩი მოვიდა. ელჩს ხელთ 19 მისყალი[4] ბადახში და 12 მისყალი ლალის ქვები ჰქონდა. ბაგრატს მათი ჩუქება და ამის გამო მეფობის უკან დაბრუნება უნდოდა. ჰასან ბეგი ამას არ დათანხმდა და ორივე ქვა მას უკან დაუბრუნა. როდესაც საქართველოდან გადიოდა, მას თან ჰქონდა ქონება, ძვირფასეულობა, პირუტყვი და გარდა ამისა, სამი ათასი ტყვე ჰყავდა.

როდესაც ჰასან ბეგი საქართველოში იბრძოდა, მისი ნათესავი იუსუფჩა მირზა[5] ყარამანების დასახმარებლად ანატოლიაში გაგზავნა. იუსუფჩამ თოყათსა და სივასს შეუტია და იქაურობა დაიპყრო. მასთან ერთად ფირ აჰმედ ყარამანიც იყო. აქ, სულტან მეჰმედის[6] მიერ ყარამანში დანიშნული ვალი, მუსტაფაც[7] იყო. ორივე შეებრძოლა ერთმანეთს 877 (1472) წელს. ამ ბრძოლაში იუსუფჩა მირზა დაიღუპა. ამის გამო ჰასან ბეგი შურისძიების მიზნით მაშინვე ანატოლიისკენ გაემართა და ერზიჯანის ახლოს რუმის ჯარს დაუპირისპირდა. ეს ჯარი გაანადგურა და რუმის ჯარის მეთაური ჰასან მურად ბეგი მოკლა. ამგვარ გამარჯვებაში მყოფ ჰასან ბეგს რუმის სულტანთან გამბედაობა შემატა და მეორე წელს 878 (1473) ბაიბურთის ახლოს მძლავრი შებრძოლება გამართა, სადაც მისი შვილი ზეინალ მირზა[8] დაიღუპა და ჰასან ბეგი დიდ უბედურებაში ჩავარდა. ჰასან ბეგი ერჯიზანში ბრძოლის ველიდან გაიქცა. სულტანი მას არ გაედევნა და ჯარმაც მისი დადევნებისაგან თავი შეიკავა.


  1. უზუნ ჰასანის ძმა.
  2. ყარამანიის ბეილიქის უკანასკნელი გამგებელი.
  3. არაბული ტექსტის წინადადების: "ალექსანდრეს და ყუარყუარეს მსგავსმა სხვა მბრძანებლებმაც მას მორჩილება გამოუცხადეს. მეფე ბაგრატმა აჯანყება, როგორც კი წამოიწყო, ჰასან ბეგმა მის ხელთ არსებული ყველა ციხე ყუარყუარეს და ალექსანდრეს გადასცა", ნაცვლად თურქულ ტექსტში წერია "ალექსანდრეს და კონსტანტინეს მსგავსმა სხვა მბრძანებლებმაც მას მორჩილება გამოუცხადეს. მეფე ბაგრატმა აჯანყება, როგორც კი წამოიწყო, ჰასან ბეგმა მის ხელთ არსებული ყველა ციხე კონსტანტინეს და ალექსანდრეს გადასცა".
  4. მისყალი, იგივე მისკალი, ძვირფასი ქვების საზომი ერთეული – 4.8 გრამი. აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ლალის თვლები შესთავაზეს თეთრბატკნიანთა მბრძანებელს საქართველოში 1476/77 წლების ლაშქრობის დროსაც. მათ შუამდგომლობა იტალიელ მისიონერს ბარბაროს შესთავაზეს და სთხოვეს დაერწმუნებინა უზუნ ჰასანი, მოთხოვნილი 16 დუკატის ნაცვლად 4 ბალაში აეღო.
  5. თეთრბატკნიანთა დიდგვაროვანი. შესაძლებელია ურჯულო ისაკი.
  6. მეჰმედ II ფათიჰი (დამპყრობელი) ოსმალეთის სულთანი (1451-1481).
  7. მეჰმედ II-ს შვილი.
  8. უზუნ ჰასანის შვილი.



ლალა მუსტაფა ფაშას სარდლობა ირანელებთან ლაშქრობაში[edit]

წინათ, რაკი ირანის შაჰმა ისმაილმა ზავის საწინააღმდეგო საქმიანობა დაიწყო, ამიტომ [ოსმალებმა] მის წინააღმდეგ გალაშქრება განიზრახეს. რადგან ამავე დროს, არზრუმიდანაც მოვიდა ცნობა, რომ მათ [ყიზილბაშთა] ქვეყანაში არეულობა მოხდა, ამან უფრო განამტკიცა მათი განზრახვა. გადაწყვიტეს ბაღდადის მხრიდან ვეზირი სინან ფაშა გაეგზავნათ, ხოლო არზრუმის მხრიდან კი ლალა მუსტაფა ფაშა. სტამბოლიდან ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოსული, რომ ამ ორ სარდალს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და წინააღმდეგობამ იჩინა თავი. ამიტომ ეს გამგზავრება გააუქმეს.

985 წელს (1577-1578 წწ.) ირანზე სალაშქროდ სარდლად მარტო ლალა მუსტაფა ფაშა დაინიშნა და მას დაევალა ამ ლაშქრობაში ხელმძღვანელობა. სალაშქროდ განაწესეს ხუთი ათასი იანიჩარი, რამდენიმე ათასი ბოლუქის ჯარი და თავიანთი ეიალეთების ჯარით დიარბექირის ვალი დერვიშ ფაშა[1], არზრუმის ვალი ბაჰრამ ფაშა[2], მარაშის ბეგლარბეგი მევითაბ-ზადე აჰმედ ფაშა[3], ალეპოს ბეგლარბეგი ბოსნიელი მეჰმედ ფაშა და ყარამანიის ბეგლარ-ბეგი გოზლიჯე მეჰმედ-ფაშა.

986 წლის მოჰარემის თვეში (1578 წ. 10 მარტი - 8 აპრილი) სარდალი სკუტარში[4] გადავიდა და როდესაც არზრუმს მიაღწია, თავისი ბეგების გონივრული რჩევით ჯერ საქართველოს დასაპყრობად გაემგზავრა. როდესაც მათ არტაანს მიაღწიეს, ყიზილბაშებისადმი დაქვემდებარებულ მაჰმუდ-ხანის ეიალეთიდან ველის ციხე და ახალი ციხე[5] აიღეს. შემდეგ, ვინაიდან მოვიდა ცნობა, რომ ჩუქურ-საადის გამგებელი თოქმაქ-ხანი, ყარა-ხანი, განჯის გამგებელი იმამ-ყული-ხანი და სხვები, სულ ირანელთა ცხრა ხანი 30 000 თუ 20 000 ჯარით ჩილდირის ველზე[6] დაბანაკდნენ და ვნებას აყენებენ მეპატრონეებს, ამიტომ დიარბექირის ბეგლარ-ბეგი დერვიშ ფაშა თავისი ეიალეთის ლაშქრით მათ წინააღმდეგ გაიგზავნა. იმ ადგილს მიაღწიეს და ბრძოლა დაიწყეს. ამავე დროს გაიგზავნა ოზდემირ ოღლი ოსმან ფაშაც, რომელიც დიარბექირის ეიალეთიდან იქნა გადაყენებული. იგი სწორედ იმ დროს მივიდა იქ, როდესაც ეს ბრძოლა გაჩაღდა და როგორც მშიერი მგელი ეძგერება ხოლმე ცხვრის ფარას, ისე ეკვეთა ყიზილბაშებს. მეორე მხრიდან სარდალმა არზრუმის ბეგლარბეგი ბაჰრამ ფაშა თავისი ეიალეთის ჯარით გაგზავნა და მათ შემდეგ კი მარაშის ყოფილი ბეგლარბეგი აჰმედ ფაშაც. ყველამ მიაღწია [ბრძოლის ადგილს] და ომი დილიდან გვიან ღამემდე გაგრძელდა. ხუთი ათასი ყიზილბაში დახოცეს და ამდენივე დაატყვევეს. ბოლოს, ისლამის ლაშქრის დაწინაურებულმა ნაწილებმა უკან დაიხიეს. ჩილდირის ველზე სარდლის ბრძანებით ყიზილბაშთა თავებისაგან შუქურის მსგავსი კოშკი ააგეს.

საქართველოს მეფე ქალმა, დედისიმედად წოდებულმა, თავისი შვილი მანუჩარი ექვსათასიანი ქართველთა ჯარით და რამდენიმე აზნაურით გაგზავნა და უბრძანა - რომელი მხარეც გამარჯვებული გამოვა, იმ მხარეს დამორჩილდითო. როდესაც მანუჩარმა დაინახა, რომ ისლამის ჯარია გამარჯვებული, მივიდა და [მათ] მორჩილება მოახსენა. სარდალმა მას პატივი სცა, საპატიო ხალათი ჩააცვა, ყიზილბაშთაგან აღებული დოლი და დროშები უბოძა. შემდეგ არტაანის ბეგი აბდარ-რაჰმანი გაგზავნა და აიღო და დაიპყრო ჩილდირის, თმოგვის, ხერთვისისა და ახალქალაქის ციხეები.

ზემოხსენებული მანუჩარი საქართველოს მეფეების დიდებულთა ჩამომავალი იყო. მამამისი ქაიხოსრო რომ გარდაიცვალა, ის და მისი ძმა ყვარყვარე პატარები დარჩნენ. მათმა დედამ დედისიმედმა ქვეყნის საქმეების მოწესრიგება დაიწყო. იგი ალთუნ ყალას ფადიშაჰის სახელწწოდებით იყო ცნობილი. მანუჩარი თავის ძმა ყვარყვარესთან ერთად სარდლის უდიდებულესობის წინაშე მივიდა. როდესაც დიდებული ისლამის მიღებით იქნენ გაპატიოსნებული, დიდი გულკეთილობითა და უდიდესი პატივისცემით მიიღეს. მანუჩარს მუსტაფა ეწოდა და მის ძმას ყვარყვარეს კი ისლამის სახელებიდან ერთ-ერთი სახელი დაერქვა. მუსტაფას აწყურის სანჯაყი და მის ძმას ოლთის სანჯაყი ებოძა. მათ დედას სამი დიდი ციხე ასად დაენიშნა. სხვა ტერიტორიები დაპყრობილ იქნა.

შემდეგ იმ ადგილებიდან დაიძრნენ და საქართველოს სატახტო ქალაქ თბილისში მივიდნენ. მათი თბილისში ჩასვლა ჯუმად ალ-ახირის მეოცე დღეს (1578 წ. 24 აგვისტო) მოხდა. რადგანაც ხსენებული ქალაქი მოსახლეობისაგან ცარიელი ნახა, ბრძოლისა და ომის გარეშე დაიპყრო. წინათ მისი მეფე დაუდ-ხანი, ძე ლუარსაბისა, თაჰმასბს ემორჩილებოდა და მათი ისლამი ჰქონდა მიღებული. შაჰმა მას გვირგვინი დაადგა. ამჯერად, ისლამის ჯარის მოსვლის ამბავი რომ გაიგო, რეია მთებში გახიზნა, თვითონ კი შაჰის მხარეს შეაფარა თავი. ქალაქი ცარიელი დატოვა. სოლაკ ფერჰად ფაშა-ზადე მეჰმედ-ბეგი, რომელიც კასტამონიის ბეგი იყო, თბილისის ეიალეთის ვალის თანამდებობაზე დანიშნა და დაცვისთვის საჭირო ძალები მთლიანად მისცა, ამასთანავე მას რამდენიმე პატარა და დიდი ზარბაზანიც დაუტოვა. აქედან აიყარნენ და მდინარე მტკვარი გადალახეს. იქიდან მდინარე კაბურის[7] ნაპირზე რამდენიმე დღე დაისვენეს.

საქართველოს მეფეთაგან უდიდებულესმა და უპატივცემულესმა ალექსანდრე ლევან-ხანის ძემ, რომელიც ზაგემის გამგებელი იყო, როცა შაჰ თამმასბის დაზე იქორწინა, შაჰისგან სამეფო გვირგვინი მიიღო, მაგრამ [მას] არ დამორჩილებია. როდესაც სარდალმა მას ცნობა გაუგზავნა და მორჩილებისაკენ მოუწოდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია და ჯუმად ალ-ახირის 27-ე დღეს (1578 წ. 31 აგვისტო) ლაშქრის ბანაკში მოვიდა. მთელი რჩეულები მის შესახვედრად გამოვიდნენ და მოწიწებით მიიყვანეს სარდლის კარავში. როგორც წესი და რიგია, პატივით მიიღეს და მისი ვილაიეთი ბეგლარბეგობის თანამდებობით მას უბოძეს. ალექსანდრემაც წლიურად გარკვეული რაოდენობის ხარკის გადახდა იკისრა და თავის ჯართან ერთად წავიდა. როდესაც შარვანის საზღვარზე მდინარე კანიკს[8] მიაღწიეს, იანიჩართა ყაჩაღების ერთი ბოლუქი სარდლის კარავს თავს დაესხა და დაჟინებით მოსთხოვა უკან დაბრუნება. სარდალმა ესენი მშვიდობიანად მოიცილა. ამის შემდეგ შაჰ მაჰმუდის ვეზირმა იემირ-ხანმა 20 000 ყიზილბაშით კოიუნ გეჩთის გადასასვლელზე ზემოხსენებული მდინარე ხიდით გადალახა. როდესაც [ოსმალებმა] გაიგეს, რომ [ყიზილბაშები] ლაშქრის განადგურებას ფიქრობდნენ, სარდალი ამხედრდა და მათ თავს დაესხა. იემირ-ხანმა და რამდენიმე ირანელმა თავს უშველეს. დანარჩენები ზოგი დახოცეს, ზოგი დაატყვევეს და ზოგიც დაიხრჩო.

უფრო ადრე კი სარდალმა ალექსანდრე-ხანი სამიათასი ქართველით და მირზა ალი-ბეგთან, ლაღუშ აჰმედ-ბეგთან და რამდენიმე სიფაჰისთან ერთად შექის ციხის დასაპყრობად გაგზავნა. წავიდნენ და მოკლე ხანში ციხის მიდამოებში მდებარე მთელი ტერიტორია დაიპყრეს. ამ დროს მას სასიამოვნო ამბები მოუვიდა. სარდალმა ეს მხარეები მისი სამსახურის სანაცვლოდ ალექსანდრე-ხანის შვილს ერეკლე-მირზას უბოძა. ამის შემდეგ სარდალმა ბრძანება გასცა, რათა ლაშქრის ნახევარს მდინარე გადაელახა, მაგრამ რადგანაც წყალი ადიდებული იყო, დიდი სიძნელეები შეექმნათ. დაღამებისას სარდალმაც გადალახა მდინარე. თოფები, საჭურველი და ლაშქრის ნაწილი კი გამოღმა მხარეს დარჩა. დარჩენილმა ნაწილებმა წინააღმდეგობა გასწიეს, სიჯიუტე გამოიჩინეს და მარაშის ბეგლარბეგი მუსტაფა ფაშა სარდლად დანიშნეს. შემდეგ იანიჩართა ნაწილი უკან დაბრუნდა, დარჩენილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მდინარე გადალახეს. სარდალთან შესაერთებლად სხვებიც იძულებით გადავიდნენ. სარდალმა ამ მორჩილების სანაცვლოდ იანიჩართა რაზმები დააწინაურა. ხუთ კაცს ქვეითთა უფროსებს ჩაუშობა და ას კაცს სიფაჰიობა, სამოც კაცს კიდევ კორუჯობა უბოძა. ამ ლაშქრობაში მონაწილე იანიჩართაგან ვისაც სრულწლოვანებას მიღწეული შვილი ჰყავდა, იმათ თითო ახჩა და აჯემთა ოღლანობა მისცა, ხოლო იმათ კი ვისაც სრულწლოვანებამდე არ მიუღწევიათ, თითო-თითო ფოდლა ულუფა უბოძა.

შემდეგ გავიდნენ და რაჯაბის თვის მეცხრე დღეს (1578 წ. 11 სექტემბერი) არეშს მივიდნენ. ლაშქარში სურსათის ნაკლებობა იყო. არეშში სანოვაგე საკმარისად დახვდათ. 18 დღე იქ გაჩერდნენ და ერთი თვის საჭირო სურსათი მოიმარაგეს. ლაშქრის რაოდენობა მსახურებითა და საქონლით 100 000-ს აღწევდა. ქალაქ არეშთან ახლოს მდებარე ბაღის ხეები მოსჭრეს, ერთ კვირაში მას გარშემო ზღუდე შემოარტყეს და ოთხი ციხე ააშენეს. სამი კარი გაუკეთეს. გარშემო ხანდაკი გათხარეს. რამდენიმე ზარბაზანი დადგეს და მის მცველად სარუჰანის ბეგი კითას-ბეგი გააწესეს, ზემოთხსენებული არეშის ბეგლარბეგად დანიშნეს.

დემურ-ყაფუს მცხოვრებნი სუნიტები იყვნენ. ამ დროს ყიზილბაშთა მხრიდან მათ დანიშნული ჰყავდათ ვინმე ჩირაღ-ბეგი; იგი დაიჭირეს და მისი 300 ხელქვეითი დახოცეს. მათი მოკვეთილი თავებით ჩირაღ-ბეგი სარდალთან მოიყვანეს. მოსულ რჩეულებს საპატიო ხალათები ჩააცვეს. ციხეს მცველი დაუნიშნეს. ჩირაღ-ბეგი მოკლეს.

მას სემდეგ რაც შირვანის ქვეყანა მთლიანად დაიპყრეს, სარდალმა იმ ვილაიეთში წესრიგის დასამყარებლად ვალის თანამდებობაზე ოზდემირ ოღლი ოსმან ფაშა დანიშნა. მას ვეზირობა უბოძეს, რადგანაც მამაცი და კეთილშობილი იყო, ეიალეთის სანჯაყების თითო-თითო ღირსეული პირებისათვის ჩაბარების საქმე მიანდეს, 66 თოფი და ზარბაზანი, 180 ყუთი საჭურველიც მას გადასცეს. ათასი იანიჩარი და მთელი მარცხენა ულუფეჯიები ექვსი თვის სამყოფი სანოვაგით მას დაუტოვეს. არზრუმის მარჯვენა და მარცხენა ბოლუქები და არტაანის ლაშქარი შეკრებილ იქნა. ხელახლა იქნა ჩაწერილი სამი ათასი შირვანის ყული. ლაშქრის დევთერდარი დაინიშნა. შირვანის შემოსავალი იმ დროს თითქმის მარტო სახელმწიფო ხაზინას დაახლოებით 200 იუქი ახჩემდე ჰქონდა.

ამის შემდეგ, 986 წლის შაბანის თვის მეექვსე დღეს (1578 წ. 6 ოქტომბერი) სარდალი არეშიდან გამოვიდა და მდინარე კანიკზე გადებულ ხიდზე გავიდა. რვა დღის შემდეგ სულთანჯიკის გასაჩერებელ ადგილზე დაბანაკდნენ. ამ დროს ალექსანდრეს შვილს, ერეკლე-მირზას, რომელიც მეგზურობას უწევდა, სარდალმა თავის ვილაიეთში დაბრუნების ნება მისცა.

ამ ადგილას დაღესტნის გამგებელი შამხალი ბანაკში მოვიდა და მთელი წარჩინებულები მას დიდი პატივით შეხვდნენ. ისინი სარდლის კარავში მიიყვანეს. სარდალმა მათ მომეტებული პატივი სცა და ტანისამოსი ჩააცვა.

თბილისის ყოფილი მფლობელი სიმონ ლუარსაბის ძე, რომელიც თაჰმასბის დროიდან იყო ტყვედ ალამუთის ციხეში, მოჰამედ ხოდაბანდემ გაათავისუფლა და თბილისი თავისი მიდამოებით საგამგებლოდ თავის მხრივ მას უბოძა. როდესაც სარდალი მისი (თბილისის) დაპყრობის საქმით იყო დაკავებული, მაშინ იქნა გაგზავნილი. მოვიდა და უამრავი ქართველი აზნაური შეკრიბა. როდესაც ისლამის ჯარი ბრუნდებოდა, გზაზე ზოგიერთი ხეობა გაამაგრეს. რამდენს ამცირებდნენ და აბუჩად იგდებდნენ, ცხოველებსა და ადამიანებს ღუპავდნენ, ძარცვავდნენ. ისლამის მაღიარებლებს ბევრი ზიანი მიაყენეს. სარდალი მოვიდა და, მას სემდეგ რაც თბილისში ხუთი დღე დაჰყო, გაემგზავრა და გორის ციხეში დაბანაკდა. მისი დაცვა ქურთ ჰუსეინ-ბეგს დაევალა. შიგნით 60 იანიჩარი და ჯარის რამდენიმე ნაწილი ჩააყენეს. ამ ადგილზე დიდი თოვლი მოვიდა. სიცივისგან ბევრი საქონელი და კაცი დაიღუპა. აქედან აიყარნენ და პატიოსანი რამაზანის თვის ოცდამეერთე დღეს (1578 წ. 20 ნოემბერი) დიდი გაჭირვებით არზრუმის საზამთრო სადგომში მოვიდნენ. გარდა ამ ადგილებისა, სადაც ისინი იყვნენ დაბანაკებული, 130 სხვა გასაცერებელი ადგილიც დათვალეს. ფაშებსა და ბეგებს გამოსაზამთრებელი ბინები მიუჩინეს და თითოეულ მათგანს საზამთრო სადგომებში წასვლის ნებართვა ებოძათ. რუმელიის ბეგლარბეგი მაჰმუდ ფაშა ფასინაბადის დამცველად დაინიშნა.

ამ მხარეში შირვანის ბეგლარბეგმა, ოზდემირ ოღლი ოსმან ფაშამ, სარდლის წასვლის შემდეგ, მასთან მყოფი ათი ათასი ლაშქრიდან რამდენიმე კაცი აარჩია და არეშის ბეგლარბეგ კაითას ფაშას შეუერთა. არეშის ახლოს მდინარე მტკვარზე გადებული ხიდით გადავიდა, ყარაბაღის უამრავი სოფელი და დასახლებული ადგილი გაანადგურა, იავარჰყო და ურიცხვი ნადავლით უკან დაბრუნდა. ოსმან ფაშა შირვანის სატახტო ქალაქის შემახის ციხის დასაცავად წავიდა.

ყიზილბაშთა მიერ წინათ დანიშნულმა შემახის გამგებელმა არეშ-ხანმა ყარაბაღში რამდენიმე ყაჩაღი შეკრიბა. მან იცოდა, რომ მასზე თავდასხმა უნდოდათ. ამ დროს იმამ ყული-ხანმა, იემირ-ხანმა და რამდენიმე სხვა ხანმა 15 000 ყიზილბაშით არეშის ციხეზე თავდასხმა განიზრახეს. არეშის დამცველმა კაითას-ბეგმა მათ, მცირე რაზმით, წინააღმდეგობა გაუწია. იგი გაცოფებული და გაბრაზებული მოქმედებდა და თვითონაც ამ ბრძოლაში დაიღუპა. მისი ჯარიდან სიციცხლე შეინარჩუნეს იმათ, ვისაც განგებისაგან დიდი ხნის სიცოცხლე ეწერათ. ყიზილბაშები მოვიდნენ და არეშის ციხეში უამრავი საჭურველი ხელთ იგდეს. ამის შემდეგ არეშის ხანი 25 000 ყიზილბაშით დიდებული სალიანის ციხის პირდაპირ მდინარეზე გადავიდა და ოსმან ფაშას თავს დაესხა. გულადი ფაშა მათ შეხვდა, ორი დღე დილიდან საღამომდე იბრძოდნენ, მესამე დღესაც სამხრამდე, მაგრამ ყიზილბაშები ბევრნი იყვნენ და დამხმარეებიც თანდათან მოუდიოდნემ. ამიტომ ისლამის ჯარი დაუძლურდა და დამარცხებისაკენ მიექცა პირი. უფრო ადრე სარდალმა ყირიმის ხანს მეჰმედ გირეის შეატყობინა, რომ [ის] უსლამის ლაშქართან ერთად ყოფილიყო. თუმცა ზემოხსენებული (მეჰმედ გირეი) წინააღმდეგი არ ყოფილა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. თავისი ძმები ადილ გირეი და საადათ გირეი, თავისი შვილი მობარექ გირეი 40 000 თათრით ქარის სისწრაფით გამოგზავნა. ზემოხსენებულ დღეს, როდესაც ისლამის ჯარმა დამარცხებისაკენ იბრუნა პირი, თათართა ლაშქარმა ბრძოლის ველზე იერიში მიიტანა. როდესაც ისინი თავს დაესხნენ, ყიზილბაშები დამარცხდნენ. პირველ დღეებში დახოცილთა გარდა 10 000 ყიზილბაში ხმლით იქნა აკუწული. მათი სარდალი არეშ-ხანი დაატყვევეს, მათი მხედართმთავრებისგან უმეტესობა დაიჭირეს და დახოცეს, მათი ქონება და ნივთები მთლიანად ხელთ ჩაიგდეს. არეშ-ხანი ოსმან ფაშას ბრძანებით ხელშებორკილი მოკლეს.

ამის შემდეგ მათ შეიტყვეს, რომ ხმალს გადარჩენილი ყიზილბაშების, არემ-ხანისა და ყიზილბაშთა სხვა მხედართმთავრების კარვები ცოლებითა და ქონებით ერთ ადგილზე იყვნენ შეკრებილი. იქ ოსმან ფაშას ბრძანებით ადილ გირეი-ხანი გაგზავნეს. იგი მდინარეზე გადავიდა და ზემოხსენებულ ადგილას მივიდა. 3620 ყიზილბაში ხმლით აკუწეს. ორი ათასი აქლემის საპალნე ქონება, არეშ-ხანის ხაზინა, მათი ცოლები და მხევლები, მისი ერთი პატარა შვილისა და სხვა მხედართმთავრების მთელი ბარგი ნადავლად ხრლთ იგდეს. ამის შემდეგ ადილ გირეი და ღაზი გირეი 15 000 თათრით ოსმან ფაშასთან დარჩნენ. დამარჩენები კი, ხანის რწმუნებული ჰაჯი მუსტაფა-ბეგი და მობარექ გირეი ყველანი ერთად თავიანთ ვილაიეთში დაბრუნდნენ.

როდესაც ამ დამარცხების შესახებ შაჰს ცნობა მიუვიდა, მან ვეზირი მირზა სულეიმანი, თავისი შვილი ჰამზა-მირზა და სახელმწიფო საქმეებში ჩარეული ცოლი, რომელიც ჰამზას დედა იყო, დატყვევებულთა შურის საძიებლად, შემახისათვის ალყის შემოსარტყმელად გაგზავნა. მათ თან აახლა 40 000-იანი ჯარი. მივიდნენ, შემახაში ოსმან ფაშა გარემოიცვეს, აშკარა შეტევაზე გადავიდნენ. ზოგჯერ უკანა კედლებიდან ბრძოლებს აწარმოებდნენ. ასეთი ბრძოლით ოცი ათასამდე ირანელი ხმლით აკუწეს.

ამ ხანებში ადილ გირეი თათართა ლაშქრით იმ მიდამოებში დადიოდა. ოსმან ფაშამ მას ყიზილბაშთა ჯარის მოსვლის ამბავი მისწერა. ყიზილბაშებმა მაცნე დაიჭირეს და როცა მდგომარეობა შეიტყვეს, გარემოცვა მიატოვრს და თათართა ლაშქრის წინააღმდეგ გაემართნენ. მათ მაჰმუდ აბადის სახელწოდების ყასაბას ველზე შეხვდნენ. სამი დღის ბრძოლის შემდეგ თათართა ლაშქარი დამარცხდა. ადილ-გირეი და მისი ძმა ღაზი გირეი რამდენიმე ხელქვეითით ტყვედ ჩავარდნენ. როდესაც ეს შემაძრწუნებელი ამბავი მუჰიმ ოსმან ფაშამ გაიგო მაშინვე, ერთ ღამეს შემახის ციხის მთელი საჭურველი წაიღო და იქიდან უფრო მტკიცე დემურ-ყაფუს ციხეში გადავიდა, რადგანაც დაღესტნის ვილაიეთთან ახლოს იყო, სანოვაგის მომარაგება ადვილი იყო. მთელი ეს ამბავი სარდლია არზრუმში ყოფნის დროს მოხდა.

მაშინდელი ამბებიდან ერთ-ერთი ისიცაა, რომ ნახჩევნის გამგებელი და ქურთისტანის ისტორიის ავტორი შერეფ-ხან ბითლისი მათ დამორჩილდა. ზემოხსენებულის მამა, შამს ედ-დინ აბა ჩამომავლობით ბითლისის გამგებელი იყო. როდესაც ისინი ოსმალეთის სახელმწიფოს უნდა დამორჩილებოდნენ, რაღაც მიზეზით სულთაან სულეიმანის უდიდებულესობის ხელქვეითობიდან გამოვიდნენ და შაჰის მორჩილებაში შევიდნენ. შაჰმა მას გვირგვინი დაადგა და ზოგიერთი თანამდებობაც უბოძა. ბოლოს ნახჩევნის გამგებელი გახდა. ამ დროს, როდესაც სარდალმა იმ მხარეს ამბავი გაგზავნა და მას მორჩილებისაკენ მოუწოდა, იგი თავის ოჯახითა და ქონებით მოვიდა და დამორჩილდა. მას საპატიო ხალათი ჩააცვეს და მოვარაყებული ხმალი უბოძეს. თავისი სამემკვიდრეო ეიალეთი და მდიდარი ბითლისის ეიალეთი მას მისცეს.

წინათ სარდალმა გამარჯვების ნიშნად ბაღდადის ბეგლარბეგ ჰუსეინ ფაშას, შეჰრიზორის ბეგლარბეგს შამს ედ-დინ ფაშა ზადე მაჰმუდ ფაშას ბრძანებები გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც თავიანთი ეიალეთების ლაშქრით უნდა წასულიყვნენ და დინავერის ნაჰიეები დაელაშქრათ. ზემოხსენებული განკარგულების თანახმად ისინი იმ მხარეს წავიდნენ, [ხალხი] დახოცეს და [საქონელი] იავარჰყვეს. ყაზვინამდე ერთი დღის გადასასვლელზე ჯემჯემის რაიონამდე მივიდნენ. იქ ურიცხვი ნადავლი იგდეს ხელთ და ლაშქრობიდან დაბრუნდნენ. 987 წლის ჯუმადა ალ-ავალის თვის დასაწყისში (1579 წ. ივნისის ბოლო) გამარჯვებული ლაშქარი სარდლის ლაშქარს შეუერთდა.

კვლავ ანატოლიის ბეგლარბეგი ხადიმ ჯაფარ ფაშა, დამასკოს ბეგლარბეგი დიდ ვეზირი მეჰამედ ფაშა, თავილ ოღლი ჰასან ფაშა, ბასრადან გადაყენებული რიზვან ფაშა, ლაჰსადან გადაყენებული ისქანდერ ფაშა-ზადე აჰმედ ფაშა, ყველანი მოვიდნენ და სარდლის ლაშქარს შეუერთდნენ. შემდეგ დიდებული სარდალი ზემოხსენებული თვის მეთხუთმეტე დღეს (1579 წ. 10 ივლისი) არზრუმის საზამთრო სადგომებიდან გამოვიდა, ჰასან კალე, ჩობან ქოფრუ, ხორასან ბაბა, სოღანლის იალაღი, ჯუმადა ალ-ავალის თვის ბოლო რიცხვებში (1579 წ. აგვისტოს ბოლო) გაიარა და ყარსის ველხე დაბანაკდა.ბრძანების თანახმად ყარსის ციხის შეკეთებას შეუდგნენ.

წინათ, როდესაც არზრუმიდან გამოვიდა მარაშის ბეგლარბეგი მუსტაფა ფაშა, 12 000 ლაშქრით თბილისისკენ სანოვაგისა და საჭურველის გასაგზავნად დანიშნეს და წარავლინეს. ზემოთხსენებული ფსშა ჩავიდა და 40 დღე იქ დარჩა, დაისვენა და გარშემო მიდამოებზე თავდასხმა დაიწყო. ურიცხვი ნადავლი ხელთ იგდო. თბილისში მყოფი ლაშქარი დიდხანს გარშემორტყმული იყო, დასუსტდა. საჭირო და აუცილებელი იყო მის ნაცვლად ძლიერი ლაშქრის ჩაყენება, ამიტომ მუსტაფა ფაშამ მასთან მყოფი ამირებიდან ყასემ-ბეგი, ჰამიდელის, სემენდერის, არაბგირის, ჩორუმის ბეგები, სულ 50 კაცი, იქ დატოვა. თვითონ რომ ბრუნდებოდა, ყასემ-ბეგი 50-მდე კაცით იქ დარჩა. დანარჩენი დატოვებული კაცები ყველანი გაიქცნენ. მუსტაფა ფაშა სარდლის უდიდებულესობას ეახლა და, როდესაც ვითარება აუწყა, [სარდალმა] ლაჰსადან გადაყენებული აჰმედ ფაშა რჩეული ლაშქრით თბილისში სანოვაგის გასაგზავნად დანიშნა. როდესაც ზემოხსენებული ფაშა გზაზე მიდიოდა, ერთ-ერთ უღელტეხილზე ქართველი ყაჩაღები გადაუდგნენ და სასტიკად შეებრძოლნენ. აჰმედ ფაშას ხელქვეითთა უმეტესობა დახოცეს, თვითონაც დაჭრეს, მაგრამ არ დამარცხებულან, თბილისში ჩავიდნენ და გადარჩენილი სანოვაგე ჩაიტანეს. მეორეს მხრივ, რადგან სარდალმა აჰმედ ფაშას მოსვლის შესახებ ცნობა ვერ მიიღო, საგონებელში ჩავარდა და განიზრახა კიდევ გარკვეული რაოდენობის სურსათი გაეგზავნა. ორი ათასი იუქი სანოვაგე მოამზადა და დიარბექირის ვალისა და ქურთების ბეგებს წინადადება მისცა მისი წაღების შესახებ. მათ რაღაც მოიმიზეზეს და პატიება ითხოვეს. შემდეგ ამ სამსახურის შესრულება დამასკოს ბეგლარ-ბეგმა მეჰმედ ფაშამ და თავილ ოღლი ჰასან ფაშამ იკისრეს. სარდალს ეს გაუხარდა, და მათ აცნობეს სარდლის მიერ მათი დალოცვა. თბილისი ჰაჯი ბეგ-ზადე აჰმედ ფაშას უბოძა და რადგანაც დიარბექირის ვალი ბაჰრამ ფაშა გაჯიუტდა, იგი გადააყენა და მის ადგილზე მისი ძმა რიზვან ფაშა დანიშნა. ესენი ორივე ყარა შაჰინ მუსტაფა ფაშას შვილებია. ერთი სიტყვით, იმ ჯარს, რომელიც ავანგარდად უნდა წასულიყო, სარდლად თბილისის ვალი აჰმედ ფაშა დაუნიშნა, არიერგარდად რიზვან ფაშა გააგზავნა თავისი ეიალეთის ლაშქრით, ხოლო [საერთო] სარდლად - ჰასან ფაშა. მათ გზაში ორი ათასი იუქი სანოვაგე იგდეს ხელთ. ქართველი ყაჩაღები ნაწილ-ნაწილ ხმლით აკუწეს და თბილისში სედარებით ადვილად შევიდნენ. ჰასან ფაშა ციხის საქმეების მოსაწესრიგებლად სამი დღე დარჩა. შემდეგ დაბრუნდა. ჯერ კიდევ მაშინ დაბრუნდა, როდესაც მთავარსარდალი ფიქრობდა ნეტავი თბილისში თუ იქნებიან შესულიო. 16 დღეში მოვიდა. სარდალი ჰასან ფაშას მტკიცე კედლებთან, კარვის კართან შეხვდა. ერთიმეორეს გადაეხვივნენ. ამ ამბავმა ხელი შეუწყო ჰასან ფაშას ახალგაზრდობის დროს კეთილი ღონისძიებებით სახელი მოეპოვებინა.

აჰმედ ფაშა ერთ ხანს თბილისის დამცველად დარჩა. როდესაც კეთილშობილმა სარდალმა გაიგო, რომ თოქმაქ-ხანი არ ისვენებდა, ისლამის ლაშქრის სანოვაგით მომმარაგებლებს ზიანს აყენებდა, ანატოლიის ბეგლარბეგი ჰადიმ ჯაფარ ფაშა 30 000-იანი ლაშქრის მეთაურად [დანიშნა] და ყარამანიის ბეგლარბეგ მეჰმედ ფაშას, რუმელიის ბეგლარბეგ მაჰმუდ ფაშას და დიარბექირის ყოფილ ბეგლარბეგს ბაჰრამ ფაშას მოუწოდა და თოქმაქ-ხანის საშიშროების აღსაკვეთად ერევნისკენ გაგზავნა. მესამე დღეს ერევანში მივიდნენ. თოქმაქ-ხანი გაიქცა. შემდეგ ისლამის ლაშქარმა ის ნაჰიეები მთლიანად იავარჰყო. ამის შემდეგ ქალაქი ერევანიც მთლიანად გაავერანეს. ვისაც ხმლით ბრძოლა შეეძლო, ყველა დახოცეს და ახალგაზრდები დაატყვევეს. დიდი ნადავლით თავიანთ ლაშქარში დაბრუნდნენ. გაცემული წმინდა ფეთვის თანახმად ტყვეები გაყიდეს. მათ ხელში დარჩენილთა გარდა, ოცი ათასი ტყვე მაშინვე გაიყიდა. იმ დროს ერევნის გარშემო მცხოვრებთა უმეტესობა სომხები იყვნენ. ყარსის ციხის, მირმირანის სასახლის, ოთხი დიდებული მეჩეთის, ლაშქრის საზამთრო სადგომებისა და მედრესეს მშენებლობას შეუდგნენ. ყველაფერი ამის აშენება 90 დღეში დასრულდა. ციხის ყველა საჭურველი სათანადოდ მოიმარაგეს. შემდეგ პატიოსანი რამაზანის თვის შუა რიცხვებში (1579 წ. ნოემბრის დამდეგი) სარდალი ყარსიდან გამოემგზავრა და მეშვიდე დღეს ფასინაბადში დაბანაკდა. იქ ლაშქრის მოთხოვნით არზრუმისკენ ერთად გაემართნენ. ვიდრე ჩავიდოდნენ, რამდენიმე დღით ადრე, ლაშქარში დიდ ვეზირ მეჰმედ ფაშა თავილის გარდაცვალების ამბავი მოვიდა. ერთ დღეს, როდესაც ზემოხსენებული პირი სასახლეში ბჭობდა, ერთი გიჟი კაცი შემოიჭრა. ჩაუშებმა ვერ გააგდეს. ბოლოს ის ეცა დიდ ვეზირს და ხანჯალი ჩასცა. მეორე დღეს ვეზირმა ტკბილი სული განუტევა. ეს გახელებული კაცი მოკლეს. დიდ ვეზირად როსტომ ფაშას სიძე აჰმედ ფაშა გახდა. რადგანაც მეორე სავეზიროდან დიდებული სარდალი ლალა მუსტაფა ფაშა იყო დანიშნული, დიდებულებმა და წარჩინებულებმა მიულოცეს.

წინათ ხელმწიფისაგან ყირიმის ხანს მეჰმედ გირეის შირვანის ქვეყნისკენ გალაშქრების მაღალი ბრძანება ჰქონდა მიცემული. ჯუმადა ალ-ახირის თვეში (1579 წ. ივლისის ბოლო) ზემოხსენებული პირი დიდი ლაშქრით ბაღჩისარაიდან გამოვიდა. ადრე აზაკის სანჯაყ-ბეგი 10 000 თათრით ოსმან ფაშასთან გაგზავნა სანოვაგის მოსამარაგებლად. რადგანაც ზემოხსენებული ფაშა ბრძოლისა და ომის წარმოების საქმის მცოდნე გონიერი პირი იყო, ამიტომ ოსმან ფასამ იგი შირვანის გამგებლად დანიშნა და შეთავსებით მთელი მთელი შირვანის ზღვის კაფუდანობა მას მიანიჭა. შემდეგ შაბანის თვის მეთხუთმეტე დღეს (1579 წ. 7 ოქტომბერი) თათარ-ხანმაც ბაღჩისარაიდან სამოცდამეთხუთმეტე გასაჩერებელ ადგილს მიაღწია და ოსმან ფაშას შეუერთდა. ჯერ შემახის ციხის ყიზილბაშთაგან დასაბრუნებლად დიდი რაოდენობის ლაშქარი დანიშნეს და გაგზავნეს. ჩავიდნენ და მისი დამცველი მაზანდარანის გამგებელი მოჰამედ-ხანი ხელქვეითებით დახოცეს და ციხე აიღეს. შემდეგ თათართა ერთი რაზმი ბაქოშიც გაგზავნეს. შიგ მყოფი ყიზილბაშები ყველანი ხმლით აკუწეს. ამის შემდეგ გულადი ფაშა მათთან ერთად შემახიაში სახელოვნად მივიდა. იქიდან მდინარე მტკვარი გადალახეს. იმ რაიონში მდებარე ყიზილბაშთა ქვეყნისკენ ცალკეულ რაზმებად ჯარი გაგზავნეს, თაკზილ-აღაჯამდე მივიდნენ, სრულიად გაანადგურეს, დასწვეს და ურიცხვი ყიზილბაში დახოცეს. უთვალავი ნადავლით დაბრუნდნენ. შემდეგ ოსმან ფაშამ ხანის ხელქვეითთაგან ვინმე ლაჩინ-აღა კეთილი ამბის მაცნედ არზრუმში სარდალთან გაგზავნა. როდესაც იქ მივიდა, მას თან ერთი ჩაუში გააყოლეს და ოსმალეთის სახელმწიფოში გაგზავნეს.


  1. დერვიშ ფაშა - 1568-1569 წწ. - დამასკოს ვალი, 1570-1571 წწ. - ალეპოს ბეგლარბეგი, 1575-1576 წწ. დიარბექირის ვალი. იგი იყო იბრაჰიმ ფეჩევის დედის ძმა.
  2. ბაჰრამ ფაშა - სულთნის სასახლეში გაიზარდა. 1571-1572 წ. სახელმწიფო დავთარს განაგებდა. იყო არზრუმისა და დიარბექირის ბეგლარბეგი. 1579-1580 წ. გაათავისუფლეს და თბილისში გაგზავნეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
  3. მევითაბ ზადე აჰმედ ფაშა - თავი გამოიჩინა საკანცელარიო საქმეებში და გახდა იანიჩართა მდივანი. 1558 წელს გახდა მთავარი დეფდერდარი. იყო მარაშის, ალეპოს და დიარბექირის ბეგლარბეგი. გარდაიცვალა დაახ. 1582 წ.
  4. სკუტარი - სტამბოლის აზიური ნაწილი
  5. ახალი ციხე - კონტექსტით ველის ციხის მახლობლად არტაანში უნდა მდებარეობდეს, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია
  6. ჩილდირის ველი - ადგილი ჩრდილის ციხის მახლობლად სადაც 1578 წ. 9 აგვისტოს გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ირანისა და ოსმელეთის ჯარებს შორის.
  7. კაბური - მდინარე იორი
  8. კანიკი - მდინარე ალაზანი