Jump to content

1460 წ. VI.12. - სიგელი გიორგი მეფისა გიორგი ჟურულისადმი

From Wikisource


ჟურულის სიგელი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: Qd-7118.
პირები:

  1. Sd-2881 - პირი გადაწერილი XIX საუკუნეში.
  2. Qd-9567 - პირი გადაწერილი XIX საუკუნეში.

საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. სახელითა ღმრთისათა, ჩვენ, ორსავე ტახტის და სამეფოსა, ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შანშე და შარვანშედა სრულისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუით ფლობით ხელმწიფედ მტკიცედ მპყრობელმან მეფეთ მეფემან გიორგი, და თანა მეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან ნესტარ-დარეჯან და ძემან ჩუენმან ალექსანდრე, ესე მტკიცე და უცვალებელი წყალობისა სიგელი ამისად ნიშნად გიბოძეთ, ერისთვისა შალვასა და ლარგუელისა კითხვითა მათსა მკვიდრსა და თანა აღზრდილ-შეზრდილსა და პატივცემულსა, [ჟურულის შვილსა] მღდელსა გიორგის და თქუენსა ძმასა ავგაროზს და რატის და თქუენსა შვილსა დემეტრეს, და ძმის წულსა შიოს, თქუენთა შვილთა და მომავალთა და აბირონს, აბრაამს და სიაოშს და ყოველთავე გუარისა თქუენისასთა, მას ჟამსა ოდეს მოხვედით წინაშე ჩუენისა და გუიაჯეთ, რათამცა ჩუენცა სიგლითა ამით ჩუენცა პატივ გუეცა და შეგუეწყალენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, ვქენით მოკითხული და ძუელთა მეფეთაგანცა შეწყალებული იყო ცხრაზმა და თქუენი გუარისა კაცი მისი მონაპირე ყოფილა და მონასტრისა და ციხისა შვილი და მქონებელი.

აწ ჩვენცა შეგიწყალეთ და ძუელად გაჩენილი სისხლი გაგიახლეთ და გაგიჩინეთ ას სამოცი ათასი კილმანური თეთრი ამა პირსა ზედა: თუ ვინმე კადროს და თქუენისა გუარისა კაცი მოკლას, დიდითა შემოხუეწითა ასსამოცი ათასი კილმანაური დაგიურვოს. თუ ვინმე კადროს ანუ ზედა დაესხას, ანუ ცოლი გაგიუპატიოს, ანუ ცოლსა უცემოს, ანუ მოუ..ნას, თქუენის გუარისა კაცსა, ორმოცდახუთი ათასი კილმანაური დაგიურვოს დიდითა შემოხუეწითა.

თუ ვინმე სასახლესა ზედა დაგესხას და ალაფი წაგიღოს, იგივე ორმოცდახუთი ათასი დაგიურვოს, და ნაცუარცი უკლებად შემოგექცეს; თუ ვინმე მახვილი შემოგიდვას და დაგჭრას, ოცდაათი ათასი კილმანაური დაგიურვოს. თუ ვინმე ისარი გესროლოს, ორმოცი ათასი დაგიურვოს;

თუ ვინმე ჯოგი და ანუ ნახირი გაგიტეხოს, თორმეტი ათასი დაგიურვოს.

თუ ვინმე თუალი წამოუგდოს, სამოცი ათასი დაგიურვოს.

თუ ვინმე ანუ ხელითა, ანუ ფერხითა დააშაოს, ორმოცდაათი ათასი კილმანაური დაგიურვოს.

თუ ვინმე სახიჩარი რამე დააჩინოს, ოცი ათასი დაგიურვოს.

თუ ვინმე ცეცხლი სასახლესა შემოგიყაროს, რაცა სული ჯალაბი სახლსა შინა იყოს, მისი სისხლი სამართლითა გაიბრჭოს.

და, თუ ვინმე სასახლესა გარეთა ცეცხლი შეუდვას და დაწუას, ანუ საბძელი, ანუ ძნა, ანუ თივა, ანუ წისქუილი, ანუ ვენახისა სახლი, ანუ ღობენი, ოცდაათი ათასი კილმანაური დაგიურვოს;

თუ ვინმე ჯოხი ანუ სხუა ხმელად საცემელი რა გკრას, ათი ათასი კილმანაური დაგიურვოს.

თუ ვინმე ცოლსა უცეს, ოცდაათი ათასი დაგიურვოს; თუ ვინმე ციხე გაგიტეხოს, ორმოცი ათასი კილმანაური დაგიურვოს.

თუ ვინმე მტერთა ზედა სასიკუდილოდ გაგცეს, ორმოცდაათი ათასი დაგიურვოს. თუ ვინმე ანუ ჯოგი, ანუ საქონელი გაგიცეს მტერთა ზედა თხუთმეტი ათასი დაგიურვოს.

და თუ სხუა, ანუ უპატიობა, ანუ მუქარისა თხოვნა და ანუ სხუა რამე საქმე, ანუ შეყივილი, ანუ სხუა, რა გინდა-ვინ დაგიშაოს, მისნი ბრჭენი და გამჩენელნი იყუნენ, ანუ ეპისკოპოსნი, ანუ დარბაზისა კარისა ვაზირნი და მოსამართლენი კაცნი, ანუ ქალაქისა ვაჭარნი და ყოველთა ქუეყანათა მავალნი და მონახუელნი კაცნი, ანუ ღმრთის მოშიშნი და სულის კერძნი კაცნი, და ანუ ქუეყანისა მამასახლისნი და ძუელნი კაცნი, თქუენი საქმე ესევითართა კაცთაგან გაიბრჭობოდეს, ჩუენგან წყალობით ბოძებულსა ამა თქუენთა... და სისხლისა განაჩენსა სიგელსა ზედა, და ნუმცა ვინ არის მშლელი და მქცეველი ჩუენგან ბოძებულისა ამა სასისხლოსა სიგლისა.

და არა შეგეცვალოს ჩუენგან ბოძებული ესე სასისხლო სიგელი არას ჟამთა გამოსულობისათუის, არა თქუენ, ჟურულისშვილსა მღდელსა გიორგის და თქუენსა ძმასა ავგაროზსა და რატის და თქუენსა შვილსა და ძმის წულსა შიოს, თქუენთა შვილთა და მომავალთა ყოვლთა გუარისა თქუენისათა.

გქონდეს ჩუენგან ბოძებული ესე ძუელი და აწ, ჩუენგან მოკითხული და გაახლებული და წყალობით ბოძებული მტკიცე და უცვალებელი სასისხლო სიგელი და ბრძანება ესე ჩუენი, და ვერავინ იკადროს შლად და ქცევად ჩუენგან ბოძებულისა სასისხლოსა ამის განაჩენისა, ბრძანებისა და სიგლისა;

გქონდეს ბრძანება და სასისხლო განაჩენი სიგელი თქუენ, ჟურულისშვილსა მღდელსა გიორგის და თქუენსა ძმასა ავგაროზს და რატის, შვილთა, მომავალთა სახლისა და გუარისა თქუენისათა და ვერვის ხელყოს შეცვალებად ჩუენგან ბოძებულისა ამის განაჩენისა სასისხლოსა სიგელისა.

და თქუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულნო ქართლისა კათალიკოზო და ებისკოპოსნო, ქართლისა ერისთავნო და ერისთავთა ერისთავნო და ყოველნო თავადნო ქართლისანო და ქალაქისა ამირანო და ამირათა ამირანო, დივანნო და მეტამღენო, და ყოელნო ხელისუფალნო ქალაქისანო, და მთიულეთისა თავადნო და ხევისბერნო და მამასახლისნო, და კარისა ჩუენისა ვაზირნო, და ყოელნო ჩუენგან პატივცემულნო და ხელისა მქონებელნო, ნუ ვინ უშლით ჩუენგან წყალობით ბოძებულსა სასისხლოსა განაჩენსა სიგელსა თუინიერ შეწევნისა და თანადგომისა.

დაიწერა ბრძანება ესე ჩუენი და სიგელი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათოთხმეტესა, ქორონიკონსა რმჱ, ხელითა კარის მწიგნობრისა ჩუენისა და ჯუარისმტვირთველისა ჯორაშვილისა გაბრიელისითა ივნისსა ათორმეტსა.

დამტკიცებები:


[verso-ზე სხვადასხვა ხელით და მელნით] მიწერილია: 1472 წ. - ბაგრატ მეფის მიერ გიორგი ჟურულის სიგელის დამტკიცება

  • ქ. შემდგომად ამისა ჩუენ ღთუივ გუირგუინოსანმან მეფეთ მეფემან ბაგრატ ნებითა ღმრთისათა დავიპყარით მეფობა ორისავე ტახტისა, ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა, და ვნახეთ სიგელი ესე სასისხლო შეწყალებისა ბიძისა ჩუენისა გიორგისგან წყალობით ბოძებული და ჩუენცა შეგიწყალეთ და დაგიმტკიცეთ თქუენ, წინამძღუარსა ჟურულსა გიორგის და თქუენთა შუილთა და ძმათა, რაგუარაცა ამა სასისხლოსა სიგელსა და განაჩენსა ჰმართებს და ეფერების, ამა წესითა თქუენი საქმე და სისხლი გაჩენოდეს, ნიშანი ესე გუიბოძებია და დაგუიმტკიცებია ასსამოცი ათასი კირმანაური თეთრი. და ვინცა კირმანაულსა თეთრისა ვითარობა არ იცოდეს, კირმანაური თანგისა ზომა არის.
  • დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ჩუენი ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისა: , ქორონიკონსა: რჲ, ხელითა ყოლადვე ცოდვილისა ქართლისა მთავარეპისკოპოზისა იოვანესითა.
  • მე ბაგრატ ვამტკიცებ.



საბუთის პუბლიკაციები

[edit]

გაზეთი "ივერია" 1886 წ. № 124 - http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/40403

[edit]

1886 წელს გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა სტატია "ჟურულიანთ გვარის გუჯარი", რომელშიაც გამოქვეყნებულია სიგელის ტექსტი და დართული აქვს სიგელის აღწერილობა და კომენტარები.

სტატიაში გიორგი მეფის მიერ სიგელის გაცემა დათარიღებულია ქორონიკონით რმნ ანუ 1463 წლით, ხოლო ბაგრატ მეფისგან სიგელის დამტკიცება კი ქორონიკონით რჲ ანუ 1472 წლით.

1897 წელს მისთვის 1892 წ. დურმიშხან ჟურულის მიერ გადაცემული ტყავზე ნაწერი დედნის მიხედვით თედო ჟორდანიამ - ქრონიკებში - წ. II შემოკლებით გამოაქვეყნა სიგელის ტექსტი. თ. ჟორდანიამ სიგელი 1460 წლით დაათარიღა, ხოლო ბაგრატ მეფის მიერ სიგელის დამტკიცება კი 1482 წლით.

1899 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა სიგელი დედნის მიხედვით.

პირთა ანოტირებული ლექსიკონიც საბუთს 1460 წლით ათარიღებს, მის განახლებას კი 1472 წლით.

Qd-7118. 156x20 სმ. პერგამენტი სამ გოჯ ნახევარი ორ არშინზე, გუჯარზე არის მეფე გიორგის ფერადი მინიატურა: მეფე გიორგი ზის ტახტზე და ხელში უჭირავს გუჯარი, რომელსაც აძლევს დაჩოქილ ჟურულს.