1595 წ. 05. - 1595 წ. 12. - სააღაპე წიგნი დომენტი კათოლიკოზისა ვახტანგ ბატონიშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, კითხვითა და ბრძანებითა და ნებადართულობითა კეთილად-მსახურისა და ღმრთივ-დაცულისა მეფეთ-მეფისა პატრონისა სუიმონისითა და თანამეცხედრისა მათისა დედოფალთ-დედოფლისა პატრონისა ნესტანდარეჯანისითა და ძისა მათისა პატრონისა გიორგისითა, ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმსნ ქართლისა კათალიკოზ-პატრიარქმან დომენტი თანა მოწმობითა და ჯერ-ჩინებითა ყოველთა მცხეთისშვილთა და ეკლესიისა სავსებითა, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი სააღაპო წიგნი და სიგელი მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ თქუენ, ყოვლად სანატრელისა მეფისა და მოწამისა პატრონის ლუარსაბის ძესა პატრონს ვახტანგს.

მას ჟამსა, როდეს თქუენის ძმის, მეფის პატრონის სვიმეონისაგან მუხრანს სოფელი ყურისუბანი სამამულოდ და სამკუიდროდ მოგცემოდა. ამას წინათ კურთხეულს კათალიკოზს პატრონსა ნიკოლაოზს ზემო ქართლს ქორდს, ზაკუს, სათიხარს და მათ გარშემო რაც საყდრის შეწირული მამული იყო, თქუენთვის ყურისუბანზედ გაეცვალა ამისთვის, ვითა ყურისუბანი სვეტიცხოველისათვის უფრო სამხროდ და მისახმარისად ყოფილიყო.

აწე, არცა თქუენ მოგხდომოდა კარგად და არცა სუეტმან ცხოველმან იპრიანა. აწე თწუენი ყურისუბანი თქუენვე დაგიდევით და საყდრის მამული საყდარსვე დაანებეთ.

და ვითაცა საყდრის მამული ოხერი აგეშენებინა, ბევრი ხარჯნი გექნეს და ჭირნი დაგესხნეს, და უკაცურნი სოფელნი გაგეკაცლიერებინეს, ჩუენ თქუენის ჭირნახულის და ხარჯისა და თქუენგან დასახლებულის გლეხთ აუყრელობის სამუქფოდ დაგიდევით და შეგიკუეთეთ უკუნისამდის გასათავებელი წირვა და აღაპი ყოველთა წელიწადთა ყუელიერისა პარასკევსა თქუენთვის და თანამეცხედრისა თქუენისა პატრონისა თინათინისათვის და ძეთა თქუენთათუის.

ჩვენ და შემდგომად ჩუენსა ვინ გინდა-ვინ სხვანი კათალიკოზნი იყუნენ და ანუ იქნებოდენ, კრებულითა ჩუენითა ყუელიერის პარასკევსა ჟამსა ვსწირავდეთ და კარგაღებულსა აღაპსა გარდავიხდიდეთ და არასოდეს არა მოგეშალოს.

და ვინცა და რომელმანცა კათალიკოზმან და ანუ საყდრისშვილთა ამისად შეცვალებად და შლად ხელყოს, ღმერთმან ყოველივე მისი გაგებული მოშალოს. და ცოდვათა თქვენთამცა მზღვეველი არის აქაცა და მას საუკუნოსაცა. და კათოლიკე ეკლესიისაგანმცა და წყეული და შეუნდობელნიმცა არიან, ამინ.

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა სპგ, ხელითა დმანელ ეპისკოპოზისა სააკაძისა იოსებისითა

[კათალიკოზის ბეჭედი]

საბუთის დათარიღება[edit]

დომენტი კათალიკოსის მიერ ვახტანგ ბატონიშვილისათვის მამულის გაცვლილობის წიგნის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ჩვენი აზრით ჯერ დაიწერა მამულის გაცვლილობის წიგნი 1595 წელს, რომლის ერთ-ერთ ვარიანტს შერჩა დამტკიცების თარიღი 30 აპრილი. ამ საბუთის დამწერია ვინმე ესტატე.

ამის შემდგომ, მოგვიანებით, მაგრამ იმავე 1595 წელს, დომენტი კათალიკოსმა დაუფასა ბატონიშვილს ამ სოფლების აშენების ღვაწლი და გაცვლილობასთან ერთად აღაპი დაუწესა ვახტანგ ბატონიშვილს და მის მეუღლე თინათინს. ეს საბუთი უკვე დმანელი ეპისკოპოსი იოსებ სააკაძის ხელითაა დაწერილი, ალბათ 1595 წლის მაის-დეკემბერში.

პუბლიკაცია[edit]