1326 წ. - მიქაელ მეფის განჩინება გოგოტაშვილისა და მანგასარ მიქელაძის სასისხლო საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

საბუთი:

  1. Hd-14793

ე.თაყაიშვილი: სიგელი სისხლის ზღვევისა მიქელაძისადმი, დაწერილი ყოფილა სქელ ტყავზედ, სიგძით ხუთ ნახევარ ტკაველზე, განით ერთ ციდაზე. ჩვენ დედანი არა გვაქვს ხელში, არამედ პირი, ზოგჯერ ნამდვილის მიმსგავსებულათ გადმოღებული, ზოგჯერ გადმოწერილი 1893 წელს. სიგელი დაწერილია მეთოთხმეტე საუკუნის მხედრულის ხელით და ეკუთვნის 1326 წელს. მასში იხსენიება მიქაელ მეფე, რომელიც ჩვენის აზრით არის მეფის დავით-ნარინის ძე. ეს მიქაელ გარდა ქართლის ცხოვრებისა იხსენიება კიდევ სინას მთის ქართველთ მონასტრის აღაპებში, ხოლო სიგელში მისი სახელი პირველად გვხვდება. ბოლოს ხელჩართული ხელის მოწერა ჰქონია ხუთ სიტყვათ, რომელიც ჩვენ ასლში ყარანდაშით არის დედნის მიმსგავსებულათ გადმოღებული, მაგრამ არ განირჩევა. კათოლიკოსის სახელი, რომელსაც სიგელი დაუწერია, მოხსენებული არ არის, ხოლო უნდა იგულისხმებოდეს ან აბრაამ ან ევთიმიოს. სიგელი იხსენიებს აგრეთვე იმ დროის წარჩინებულთ პირთ კახაბერისძეს და მხეცისძეს. პირი გადმოღებულია ილია ნაკაშიძის მიერ.

საბუთის შინაარსი[edit]

ქ. სახელითა ღმრთისათა, მამისა, ძისათა, სულისა წმიდისათა, შავთ, შარვაშთა, კახთა, აფხაზთა, სომეხთა, კახთა, ქართველთა ყოვლისა მპყრობელმან მიქაელ მეფისა. ომშიდა მოხდა ეს საქმე: ჭარელიძესა აზნაური მიქელაძე შეაკუდა მანგასარ. გოგოტაშვილსა გიორგის და დავითს მაზედა დიდი საქმე მოუვიდა.

შემოვიდეს დარბაისელნი კახაბერიძე, მხეციძე, სხვანი დარბაისელნი. დასხნეს მოურავნი, ქათალიკოზი, სხვანი დარბაისელნი, ქნეს სიგლისა მოკითხული. თათართაგან წაღებული ქონდა. მოვიდა მისი მახსოვარი კაცი და დაიფიცა ონოფორზედა: ეწერაო სიგელსა მიქელაძისა სასისხლო ოთხმოცი ათასი ძველი კირმანეული თეთრი, ექვსი ათასი სანახშირე, ორი ათასი სახო, მეექვსე სისხლი, საკოჭიო დაღი ექვსი ათასი. ცოლი თუ ვინმე გაუპატიოს, ნახევარი გარდაუხადოს; ქალი თუ ვინმე დაუგდოს, სრული სისხლი გარდაუხადოს.

გარდაუხადა სასისხლო გოგიტაშვილმან მიქელაძესა მანგასარს. მისცა რვა ტანი აბჯარი მისითა მოწყობილობითა, მისცა შვიდი გლეხი მას, ცხენი და ხარი უთვალავი. გარდაუწყვიდა სასისხლო გოგიტაშვილმან მიქელაძეს მანგასარს სასისხლო სიგელი ოთხმოცი ათასი ძველი თეთრი კირმანეული, ექვსი ათასი სანახშირე, ორი ათასი საიგო, დაღი ექვსი ათასი, მექვსე სისხლის ვომი.

დაიწერა ქრონიკონსა ათოთხმეტსა. დამიწერია ქათალიკოზსა, მოწამეცა ვარ ამ განჩენლისა.

ხელრთვა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი ათოთხმეტი - 1326 წ..

საბუთის პუბლიკაციები[edit]