1260 წ. - დაწერილი კახა თორელისა რკონის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი:

  • სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 046 (დაკარგულია). შემორჩენილია თ. ჟორდანიასეული აღწერილობა: ეტრატი; გრაგნილი; 9 არშინიx5 ½ ვერშოკზე; თავნაკლული, გვერდებდაზიანებული.

პირი:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 485 (დაკარგულია). გადაწერილი XVII საუკუნეში უფრო სრული დედნიდან.
  2. Sd-2859 - გადაწერილი XIX ბოლოს დ. ბაქრაძის მიერ, საბუთის თავნაკლული, ძლიერ დაზიანებული დედნიდან;
  3. H-06/59 - გადაწერილი XIX ს-ში, საბუთის მცხეთური XVII ს. პირიდან.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 23


ქ. [სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა, შეწევნითა და თავსმდებობითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისითა, ძლიერებითა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯუარისა, შუამდგომლობითა წმიდისა] და ყოვლად დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელის და ნაშობთა ყოვლისა უზესთაესისა ნათლისმცემელისა იოვანესითა, რომელი მსმენელ ექმნა ხმასა უხილავისა მამისასა და თვალით მხილველ სახითა ტრედისათა გამოჩინებულისა სულისა წმიდისა, და ნათლისცემად თვით ღმრთისა სიტყუასა წმინდათა და სანატრელთა ყოვლად ქებულთა მოციქულთა, რომელნი თვალით მხილველ და ხელით მსახურ ექმნეს ძესა ღმრთისასა, რომელთა ქადაგებითა განანათლნეს ყოველი ქუეყანა, რომელნი ჰყოფენ ჩუენთვის წყალობასა და მეოხებასა ყოვლადვე წყალობითა დიდებულთა წინასწარმეტყველთა და ნეტართა მამათათა, რომელთა დააჯერეს ღმერთი საქმეთა შინა მათთა კეთილთა და მოიგეს მაღალი დიდება; მეოხებითა წმიდათა ქალწულთა და ღმერთშემოსილთა დედათათა, რომელთა აჩვენეს სიმხნე მამაკაცებრივი დიდთა ღუაწლთა მოთმინებითა და განეკუთნეს დედასა ღმრთისასა და ყოველთა წმინდათა ზეცისა და ქუეყანისათა, რომელნი საუკუნითგან სათნო ყოფილ და სათნო ყოფად არიან ქრისტეს ღმრთისა ჩუენისად.

ამათ ყოველთა წმიდათა მოწამეობითა და შუამდგომელობითა ესე დაწერილი დაგიწერეთ და მოგახსენეთ თქუენ, რკონის ღმრთისმშობელსა სასოსა და მფარველსა ჩუენსა, მე კახამან და ხათუთამან.

შვილი არ გვესუა და ვიყიდეთ სოფელი ხოვლე თქუენთვის, მემამულეთა აღბუღაისაგან და მისთა შვილთაგან გასყიდულნი, ვითა თუით დაწერილნი მათნი თქუენს წინაშე დაგუისხმან - ორტაღთა ზედა გასყიდულობისანი და მათგან ჩუენ ვიყიდეთ. მათ ჟამთა დია ქუეყანანი დაისყიდნეს ხარკობისაგან. ოქროი ძუირად იყვის და სოფელი იეფად.

პატრონმან მამამან ჩემმა ეზომი მამული დამიგდო, რომე, თუმცა სხუა რომელი მამულისა სოფელი შემომეწირა, ესეც ხელმეწიფებოდა, მაგრა, თუ შვილი მომეცემის, მას არ ვემართლები და თუ შვილი არ მომეცემის, ჩემთა ძმათა არ უზმიდი და ჩემგან ნასყიდი უკეთე დაგრჩებოდა.

მას ჟამსა, ოდეს ბაღდადი გატეხეს თათართა, პატრონმან აფხაზთა მეფემან ულაოს წინაშე გამგზავნა მოციქულად. მაშინ ბაღდადური ალაფი ყუელაი იეფად იყო.

და მე არა მქონდა სასყიდელი. წავიდი, ორტაღთაგან ლაჰრი და თეთრი ავიღი. ვიარებოდი და ვიყიდდი თუალსა, მარგალიტსა და ზარქაშსა, ორტაღთა მათი ხელთავე მივსცი და მე შიგა ეზომი დამრჩა, შენითა წყალობითა, რომე ხოვლისა ფასი მითა მოვიგე და ვიყიდე ხოვლე ხოჯა სალამის ცოლისა და შვილისაგან ნახევარი და ნახევარი ჰასან სუმბატისძისა სომეხისაგან და იოსებ ბუღბაფაისძისა ჰურიისაგან.

მათ სამოცდა ხუთი ათას თეთრად ეყიდა აღბუღასაგან და მისთა შვილთაგან, ვითა დაწერილისა შიგა სწერია.

და აწ მე მივეც ფასი სრული. და ჰასრე მიმჭირდა ამისა სყიდვასა შიგა, რომე ზოგი მათ მომსყიდელთა წამიღიან იეფად: რაიც ხუთი ათას თეთრად ღირდის, ორ ათასად ძლივ დავაჭირვინი, და ზოგი სხუაგან დიდებულთა ზედა გავყიდი, რაიც ათიათას თეთრად ღირდის, ხუთი ათასად ძლივ გავყიდი და ეგრევე გარდავეც ყუელაი.

და არა ვისი წამიგია ამას შინა, რომე ასი ცხუარი და ექუსასი თეთრი პატრონმა მამამა ჩემმა მიბოძა და ერთი ჯუბაჩანი - საჰმადავლა. სხუაი არაი ვისი მომიხმარებია ხოვლის ფასსა შიგა: არცა მამეულისა, არც დედულისა, არც სხუა არა გუარისაი, ამა ზემოწერილთა მადლმან და მან დღემა, რომლისათუის შემოგუიწირავს.

და არა ამად შემოგუიწირავს, თუ შვილი არ გუესო: თუ მოგუეცეს, ეგრეც თქუენდა მოგუიხსენებია. ჩემის სულისათვის მიყიდია და არავის საქმე უც ხოვლეს გუერდით: არცა შვილსა და არც ძმასა.

და თუ შვილი მომეცეს და ერთი სოფელი არღა ქონდეს, და გამოძებულიც სით მოვიდოდეს, დასაჭირავად ანუ მოსახმარებლად შიგაც ვერ გაიაროს.

და თუ ტყუედაც ვინ ჯდეს ჩემის გუარის კაცი, მითა ნუ იხსნების.

და თუ ღმერთი შეგუირისხდეს და აფხაზთა მეფეთა რაი შეცოდებაი შემოუვიდეს, თუ მონასტერს და საფლავთაც დათხრას ემართლებოდეს, ხოვლეს ნურაი მაშინ ხელი მიჰყოს, ღმერთმან მას აფხაზთა მეფეს ჰკითხოს ამას ყოფასა და მას საუკუნეს.

და თუ მე რაი შემეცოდოს, თუ ცოცხალი ვიყო, ცოცხალს გარდამახდევინონ და თუ აღარ ცოცხალი ვიყო, ჩემნი ძუალნი ძაღლთა მიუყარნენ და სხუითა მამულითა გარდამახდევინონ, ხოვლესთან ნურცა რაი ეგრე საქმე უც.

და რა გინა ვალი ანუ დაჭირება დაემართოს ჩემისა გუარისა კაცსა, ვითა გიშელთა და ფანასკერტელთა მამულსა თანა არაი საქმე უც, ეგრევე ხოვლესთანა არაი საქმე ედვას.

და თუ ბერთა არა სწადდეს, ვერცა ვინ ერთი ღამე გაათენოს შიგა, და ნუც ვინ იკუების შიგა, რაიზომ გინდა ვინ მორჭმული და მძლავრი იყოს, ანუ ბედითი და დავარდნით.

მოგუიხსენებია სოფელი ხოვლე ზურითა, ხოდაბუნითა, ტყითა, ველითა, წყლითა, წისქუილითა და ყოვლითა სამართლიანითა ზღურითა: სახმრისა და უხმრისა და სოფელი სამსახურითა და ბეგარითა, ვითა მე გამიჩენია.

ორი მიწაი მეტეხთა ღმრთისმშობლისა იყო შეწირული: ბეყეურეთი და გორგაითი. მათ კიდე გაეყიდა და მე ეგრეთცა მეტეხთა ღმრთისმშობელს მოვახსენე ჩემის სულისათვის.

მორბედის ძის მიწაი ვარძიის ღმრთისმშობლისა იყო შეწირული და მასვე მოვახსენე.

ხოხალაისძე და აბესაისძე კავთას შეწირულნი იყუნეს და მასვე შევსწირენ. ესენი ბეგარას, რაითაც შეწირულნი არიან, მუნ მიიღებდენ; და სამართალი და მამითადი განაღამცა თქუენივე იყო.

შეწირული, ნებიერი და სიგლოსანი - ერთობ ყუელაი მიყიდია, ვითა მათთა დაწერილ შიგა სწერია.

და გავაჩინე ესრე, რომე, სამას სამოცდახუთი დღე არს წელიწადსა შიგა და ამისგან ოცდახუთი დღე გამოვიღე მარხვათა შიგა, რომე ჟამი არ იწირვის მისთვის და სამას ორმოცი თეთრი მოვიდოდეს წელიწადსა შიგა.

ყოველთა დღეთა ჩემსა ეკუტერსა შიგა ჩემს ბარძიმს და სიწმიდის სამსახურსა ზედა თვითოი მოლაზონი რიგ-მოდებით ჟამსა წირვიდეს, ვისი გინდა მწირველი იყოს და თეთრი მიეცემოდეს. თეთრი მეეკუტრის ჩემისა ხელსა ეკუტერსა შიგა დვას. და ეგრე მიეცემოდეს.

და თუ მონასტერსაც რადმე არავინ ღირს იყოს წირვისა მას დღესა, თუ გარეთცა შემოიყუანენ მწირველსა, ნუ დაგუაკლებენ წირვასა და ვინც დაგუაკლოს, ღმერთმან იგი მოაკლოს სასუფეველსა მისსა. და ამას ორს დღეს ჩემთვის წირვიდენ და ერთსა - ჩემისა ცოლოს ხათუთასთვის.

მერმე, ვისი გინდა აღაპი იყოს, ყოველთავე დღეთა, რაიც ტრაპეზს დაჯდებოდეს მოწილე, თვითოი დიდროანი სეფისკუერი სიმინდისა და თვითოი დიდროანი მოხეული ჭიქაი ჩაივლებოდეს. ჩემი მწირველი და ხათუთასი ჩაურიგებდენ სეფისკუერთა და ჭიქათა და ჩუენთვის შენდობასა ათქუმევდნენ. აღდგომაი დღე არავისი იყო გაკვეთილი - ჩემთვის იყოს, კარგი აღაპი გარდაიხდებოდეს: ოთხითა ფერითა საჭამადითა და მაძღრად პურითა და ღუინითა. და რაიც გლახაი კარზედა იყოს, ყუელაი დაძღებოდეს, მწირნი და უძლურნი, ვინცა ვერ მოვიდოდენ ყუელასა შინად გაეგზავნებოდეს.

პატრონისა მწირველსა თხუთმეტი გრივი ხუარბალი ხოდაბუნთაგან მიეცემოდეს, მახევარი წმიდაი და ნახევარი საეროი; და ვენახნი ვითა გამიჩენიან ესტატური და კოხური; და ღმრთისმშობლის ეკლესიათა უკანა სასახლე.

ჩემსა მწირველსა ხუთი გრივი ხუარბალი მიეცემოდეს ხოდაბუნთაგანვე, სეფითა კაბიწითა, ნახევარი წმისაი და ნახევარი საეროი; და ვენახი გუერაისძისა განაყოფისა ლომისეული.

ხათუთას მწირველსა ჰქონდეს ვენახნი შეუვალნი ხოვლეს.

კულუხი ძველი თორმეტი კოკაი იყო ოცდაოთხლიტრითა კოკითა თვითო მიწასა ზედა. აწ, ექუს-ექუსი გამიშუია და მის ექუს-ექუსისათვის სამას და ორმოცსა თეთრსა გამოიღებდეს ეკუტერს მისაღებელსა: თვითოი მიწაი რვა-რვასა თეთრსა გამოიღებდეს. კვირეულსა შიგა ყოველნი დღენი სამუშაონი იყუნეს: შაბათი გამიშვია და ორშაბათით პარასკევამდის მუშაობდენ.

მერმე, თუ ვინ მომშლელი გამოვიდეს: ანუ შვილი, ანუ ძმა, ანუ მეყვისი, ვითა ყუთლუარსლან, და ვითა ქირქიშ ელარიონს უყო, თუ აფხაზთ მეფეთა წინაშე მიიღონ ესე ჩემი დაწერილი და მათ არა მიასაბიონ, მათ ჰკითხნეს ღმერთმან ჩემი ბრალნი აქა და მას საუკუნესა.

და თუ ვაზირთა და დარბაზის კართა მოურავთა ჰნახონ და მათ არ მიასაბიონ, მათ ჰკითხოს ღმერთმან.

და ვინ ჩემი გუარისაი სხუა იყოს, თუ მან არ მიასაბიოს, მასმცა უგმია ღმერთი.

თუ ქართლისა კათალიკოზმან ჰნახოს და მან არა დაკრულოს, მას ჰკითხნეს ღმერთმან ჩემნი ბრალნი.

და ანუ მონასტერმან, - ერთიცაღა მოლაზონი იყოს, - თუ მათ არ გამოიყარნენ კარნი და წირვისა და ლოცვისაგან არ დაეყენენ, დამშლელი ამისი არ დაკრულონ, და სამარხავისაგან არ გააყენონ, მათ ჰკითხოს ღმერთმან.

და ესე ჩემგან გაჩენილი ვენახი, ანუ ყანა, ანუ სამსახური, ანუ კულუხი და ანუ რაი სხუაი ბეგარი, რაიც წინამძღუარმან ანუ ვინ სხუამან მოურავმან შეცვალოს ქრთამისათვის, ვითა სამსამართა უყვეს, იგიმც კრულია ღმრთისა პირითა და თუ კრებულმან შეიცნოს, აუზოხორდენ და გააბედითონ.

და მუნებური საქმე წინამძღუარმან, მოძღუარმან, დეკანოზმან და ერთობილთ კრებულმან და დაყუდებულთაცა ქუაბთა შინა მსხდომთა, ერთად იურვოს ყოველმან. ვითა გარესჯისა საქონებელნი არიან, ეგრე იურვებოდეს ხოვლური საქმე, წინამძღუარი მეტად ნუ ჰპატრონობს.

მერმე ასრე იქნებოდეს, რომე რაიც მოსავალი იყოს: ზუართაი, ხოდაბუნთაი და კულუხისაი - ყოვლისა ანგარიში ერთობილი კრებულსა მოეხსენებოდეს, თუ წინამძღუარი ოდენ სცნობს. და ამისგან საზომი ღუინოი და ფქუილი უნდა სეფისკუერსა და ჭიქათა. კოკაი და კაბიწი ყუელაი გამოწყული იყოს და ეგრე წაეგებოდეს.

და მოსავალი ხოვლისაი - პური და ღუინოი კიდეგნად ერთსა სახლსა შიგა დაიგულებოდეს. მერმე, ოდესცა ზუარნი და ხოდაბუნნი კეთდენ და კარგა მოვიდეს, რაი მას წელიწადსა მოჰრჩეს, მეორის წელიწადისათუის წააგებდენ, ნიადაგ არც სწორად მოვა - ოდესცა დასეტყოს და არაი მოვიდეს, მისთვის დაიგულებდენ. და ესე ნუ ოდეს იმიზეზების თუ: წელს არაი მოსრულაო. და ნუ მოაკლდების ესე ჩემი გაჩენილი. და რაიცა ამასაცა მოჰრჩებოდეს - გლახაკთათვის წაიგებოდეს და სტუმართათვის მოიხმარებოდეს. და რაიცა სამართლად გამგებელისაგან იშოებოდეს, იგი წინამძღვრისა ხელითა, ჩემსა აღაპსა შიგა, აღუსებასა და დღესასწაულთა, სათევზედ მოიხმარებოდეს.

რომელმანცა ბერმან: მესთულემან, ანუ მეღალემან, თავისი ქრთამისათუის რაი დააკლოს - მონასტრისაგან გაიძოს, და მიზეზითა შეუცოდებელი გლეხი ნუ დაიტყუენვის. თუ მიწა დაუკაცრდებოდეს, რაისგანცა ქრთამითა ნუ ვინ გადაერთვის - სამსახური და კულუხი ნუ წახდების: სხუაი გლეხი დაისუმოდეს ზედა.

თუ შვილი მოგუეცეს, საურავად მის ხელი შევიდოდეს არ მისად მოსახმარებლად რაისამე, ჩუენისა სულისათუის. და თუ შვილი არ მოგუეცეს, რომელსაცა ჩემსა ძმასა შევავედრო, იგი იურვოდეს. და თუ ვერცა ამას ვესწრა, რომელიც ჩემის გუარის კაცი მონასტრისათუის უკეთესი იყოს, მისგან იურვებოდეს.

და რკონისა ღმრთისმშობელო, მე, კარგად მყოფსა და ყმაწვილსავე, ამად მომიხსენებია: რაი ვიცი, ჩემსა უკანის ვინღა მოგახსენებს ჩემსა ნაგუარცსა და ნუ თუ ერთსაცა წელიწადსა ცოცხალი ვიყო, რომე ჩემითა თუალითა ვნახო, რაიცა გამიჩენია მისი ქმნაი.

და სააქაოს დიდებისათუის არად მოგუიხსენებია: არცა ერთისა დღისა ცოდვათა ჩემთა შენდობასა ეფასების. მაგრა, სამუნოდ მოგუიხსენებია, და თქუენ იცით, თუ თქუენის ძის მოწყალებითა, რაიღა გინდა გუიყავით და ვითარცა ავაზაკი, ერთითა სიტყუითა მეცა მომიხსენეთ სასუფეველსა თქუენსა და გუიოხეთ წინაშე ძისა თქუენსა.

და რაი გინდა გუარი კაცი გამოჩნდეს ამისად მშლელად და მცვალებელად: ქართველი, ანუ სპარსი, ანუ სომეხი, რკონისა ღმრთისმშობელო, შენ შეჰრისხდი და გამოაჩინე სასწაული შენი მას ზედა.

ვინც წინამძღუარი იყოთ, მუშაობასა ზედა, დია მოიჭირვებდით და გლეხთათუის კარგნი იყუენით.

არა თუ თქუენ რაიმე გაკლდა: პატრონთა გარდასრულთა ჩუენთა დია შემოეწირა და მაძღრად იყუენით, მაგრა ახლოი იყო ხოვლე და ამად უფრო ვიყიდეთ და გამოგაჩნდამცა რად კარგა მოიხმარეთ. სამცხორებელსა, ღორსა, ქათამსა, ფურებსა და გუთანსა - ყოველსა კარგად აშენებდით და ბარაქიანად იყუენით. მე რაი ვარ? მაგრა, რომელთაგან აშენებულ არს, რომე მათი მონასტერი კარგა და საპატიოდ იყოთ. და ამ გაჩენილისაგან რაიც დააკლდებოდეს: ანუ ჭიქაი დამცირდებოდეს და ანუ სეფისკუერი გასაწყლდებოდეს, ერთობ კრებული შეიყრებოდით და ეგრე გაჰმართავდით და თავად გაჰხდიდით.

და ვინ დააკლდებოდეს ჩემი მწირველი და ანუ ხათუთასი. რომელიც გარდაიცვალებოდეს, თუ ვინ მათის გუარისა კარგი იყოს, იგი მოიყვანებოდის. და თუ არა, თქუენ, კრებული, კარგსა მწირველსა დასუმდით და ერთსაცა წამსა უმწირველო ნუ არის ჩუენი სამწირველოი.

და თუ ჩუენსა მწირველსა არ შეეძლოს და ჰავად იყოს, რომელი იყოს მემსგეფე და მეტრაპეზე, ჩაურიგებდენ ჭიქათა და სეფისკუერთა.

და ვირე ცოცხალი ვიყო, მე დავდვა თავი და მოვიჭირვო ხარჯისა ცოტასა გამოღებისათუის ამა ჟამთა შიგა, და თუ მე აღარ ცოცხალ ვიყო, ვინც ჩემისა გუარისა იყოს, მან იურვოს.

და თუ ღმერთმან შეიბრალოს ქრისტიანობაი და აღარ იყოს ხარჯობაი აწინდელისა დებისაი, აღარავინ დასდვას და არცა რას ვინ სთხოვდეს საკრეფელსა ამის მეტსა, რაიც არ გამიჩენია.

და თუ რაი ვის სხუასა სიგელი და ანუ დაწერილი აქუნდეს - ყუელაი ცუდია: აფხაზი მეფეთავე ვაჰრამისათუის ბოძებულობითა გაუტეხია, ვითა დაწერილთა შეეტყუების მათგან გასყიდულობისათა.

და სხუა რაიღა გკადრო რკონისა ღმრთისმშობელო, უმეცარმან და ენად ჰავმან და ცოდვათაგან შეშინებულმან და დაღონებულმან მეტადრე. შენ იცი და შენის ძის მოწყალებათა ზენაჰარ, ზენაჰარ! ნუ წამწყმედთ და მომეც ჟამი სინანულისაი თქუენსავე წინაშე.

და არვისგან შეგეცვალოს დაწერილი ესე: არ ჩემგან და არცა შემდგომითი-შემდგომად მომავალთა ჩემთაგან.

და ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან: ანუ გუარისა ჩემისამან, ანუ სხუამან ვინ: დიდმან ანუ მცირემან, რაისაცა ჟამისა მოღებითა შეცვალოს: ანუ მძლავრებით, ანუ მოხუეჭით, ანუ ქრთამისათუის, გადიდებისათუის, გინა დამცრობისათუის, ვინ ესე ჩემგან გაგებული შეცვალოს და აქციოს - შემცაიცვლების სჯულისაგან ქრისტიანეთასა, ჰრისხავსმცა მამა, ძე და სული წმიდაი! კრულმცა არს სიტყუითა ღმრთისაითა მკუდარი და ცოცხალი მისი, განუხსნელად ორთავე შინა ცხორებათა; და ნაწილიმცა მისი ნესტორ და ორიგენისთან დასჯილ არს; დამცაინთქმის დათან და აბირონისებრ; შემცაედების ძრწოლა კაენისი, კეთრი გეზისი, შიშთვილი იუდასი; სოდომელთა და გომორელთა ცეცხლთა და წუნწუბითამცა დაიწვის; მას ზედამცა განეხუნიან საქონელნი ღმრთის რისხვისანი, ვითარცა აქაბა, ელიას ურჩსა, სვიმონ მოგუსა და კვინოპ გრძნეულსა; და მაკედონიოს სულისა წმიდისა მგმობარსამცა თანა არს სახსენებელი მისი; მანინას შეჩუენებულსა და ათორმეტთა მოწაფეთა მისთა, მანენტოს, პავლე სამოსატელისა და არიოზ სამგზის დაწყეულსამცა თანა დაისჯების; მუნტანოს, სატურნიონს, აკვილას, ლოსკარს, პოკრატის, აკროლას და თეოდორე მომფესოეტელსა და პოლიხრონიოს ცოფსამცა არს ნაწილი მისი; ასდამერვე ფსალმუნი მას ზედამცა დაესრულების; კრულმცა არს ათორმეტთა მოციქულთა ჯუარითა, შუიდთა კრებათა ჯუარითა და ხუთთა პატრიაქთა ჯუარითა და მადლითა; და იგიმცა სიტყუა მისგან იძევის, რომელი ჰურიათა თქუეს, ვითარმედ: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა"; და ამა ყოველთა ზემოწერილთა წმიდათა მადლითა და ჯუარითამცა კრულია სახსენებელი მისი!

და უკეთუ ვინმე ესე ჩემგან გაგებული და შენსა სამკუიდრებელსა შემოწირული შეცვალოს და შლად ხელჰყოს და შენსა სამკუიდრებელსა გამოახუას: ანუ მემამულემან ვინ, ანუ მოსაკარგვემან, რამან გინდა გუარმან კაცმან, შენ, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო რკონისაო, რისხვით აღიძარ მას ზედა შენ და ძე შენი და ძისა შენისა ლახურისა შემცემელთა პატიჟი მისგან იძიე;

და ვინ დაამტკიცოს - ღმერთმან აკურთხოს!

და ვინცა ესე ჩემგან გაჩენილი რაი მოაკლოს: წინამძღუარმან, ანუ მოძღუარმან, მეტრაპეზემან, ანუ კრებულმან, კრულმცა არს სიტყუითა ღმრთისათა და ამათცა ყოველთა მწვალებელთა თანა დაისჯების!

ხელრთვები და დამტკიცებები[edit]

  1. ქ. რკონისა ღმრთისმშობელო! ესე ვითა ზემო მწიგნობრის ხელითა მომიხსენებია, მე, კახოცა ჩემითა ხელითაც ამასვე მოგახსენებ. და შემოგვედრებ ჩემსა სულსა შენისა ძისა მრავალმოწყალებასა და ძვირუხსენებლობასა. შეივედრე სული ესე ჩემი და ევედრე ძესა შენსა ჩემ ცოდვილისათვის. და შეიწირე ხოვლე ჩემგან ნასყიდი და ყოვლის ადამიანისაგან მოუდევარი. დაღათუ ერთისა დღისა ჩემთა ცოდვათა არ შეეფერების, ვინცა-რა ესე ჩემგან გაჩენილი შესცვალოს: ანუ ჩემის გვარისამან, ანუ გარეგანმან ვინმე, რისხავსმცა შენ და ძე შენი და ესე ზემო-წერილნი წმიდანი და ბრალთამცა ჩემთა მზღველია წინაშე ღმრთისა! ვინ დაამტკიცოს, ღმერთმან იგი დაამტკიცოს სააქაოდ და სამუნოდ!
  2. ქ. ესე, ვითა პატრონსა კახასა დაუწერია და მოუხსენებია ხოვლე რკონისა ღმრთისმშობელსა, მე, ხათუთა ჩემითა ხელითაცა ამასვე მოგახსენებ და გვედრებ სულსა ჩემსა შენ. შემინდვენ, ამინ!
  3. რომელიცა სამკუიდრო არის, ჩუენ ამისათუის არ მოგახსენეთ, თქუენია აუცილებელი: გოგოსი, ბოსელა, ხირიკე, ჭავჭავისი, მერია, გარკალი. ამის მიწასა ვინც ხნევდენ თქუენი ყმანი, ღალა თქუენია. და სანადიროსა ზეთი და სანთელი მოგართონ. ესე დასაბამითგან თქუენი სამკუიდროა, თქუენ დიდებულისა ღმრთისმშობელისა. ნუ ვინ იკადრებს ცილებად. რამანცა კაცმან ხელჰყოს შემოცილებად, შერისხდი შენ და ძე შენი, აღმოფხურენ ძირნი მისნი საკვირველთაგან განრისხებითა შენ, დიდებულისათა და იესოს შენგან ხორცთშესხმულისათა და რომელნი ძესა შენსა სათნო ეყუნეს.
  4. ქ. მე, დავით მეფესა დამიმტკიცებია.
  5. ქ. მე ძესა მათსა გიორგისცა დამიმტკიცებია.
  6. ქ. ჩუენ, მელქისედეკსა დაგუიმტკიცებია.
  7. ქ. მეჭურჭლეთ-უხუცესის კახას დაწერილსა მე, ავაგ-სარგისცა მოწამე და დამამტკიცებელი ვარ.
  8. ქ. ამა მეჭურჭლეთ-უხუცესის კახოსაგან დაწერილსა მე, გრიგოლ მსახურთ-უხუცესი სურამელი მამტკიცებელი და მოწამე ვარ.
  9. ქ. ამის მეჭურჭლეთ-უხუცესის კახასგან დაწერილსა მისის ნასყიდის სოფლისათვის, რომელი შეუწირავს მისის მონასტრისადა, ჩუენ, სამისავე უდაბნოისა გარესჯისა :მ:წ: (მოწესენი?) და ყოველნივე ერთსულობით დაუმტკიცებთ; შემცვალებელნი ამისნი იყუნენ წყეულ, კრულ და შეჩუენებულ და დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს. მე, ანტონ ჩემითა ხელითა დამიწერია. შემცვალებელნი ამისნი შეჩუენებულ იყუნენ და წყეულ, დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს.
  10. ქ. ესე ვითა ღ~თსა სიძესა ჩემსა კახოს და დასა ჩემსა ხათუთასა დაუწერია და ხოვლე სასოებით რკონისა ღმრთისმშობლისდა შეუწირავს, მეცა, ბეგასა დამიმტკიცებია და მოწამეცა ვარ.
  11. ქ. ესე ვითა ღ~თსა სიძესა ჩემსა კახას და ძმისწულსა ხათუთასა და სიძობისაგანცა უფროესთა ხოვლე რკონისა ღმრთისმშობლისად შეუწირავს, მე, ივანეცა დამიმტკიცებია და მოწამე ვარ.
  12. ქ. ესე, ვითა ჩემსა ძმასა პატრონსა კახოსა და ხათუთასა დაუწერია და ხოვლე მათგან ნასყიდი რკონისა ღმრთისმშობლისადა მოუხსენებია და შეუწირავს მათის სულისათუის, მე, ასიბა მოწამე და დამამტკიცებელი ვარ.
  13. ქ. კირილეისონ! ვინათგან ღმრთისა და მისთა სჯულთა მიერ ღმრთივ-გონიერად შეყუარებულისა და ღმრთივ-შუენიერად ზეგარდმოითა სიბრძნითა განბრწყინებულისა კახოის, ყოველთა ხელმწიფეთაგან შეწყალებულისა და შეყუარებულისა, და მეუღლისა მათისა ხათუთაის გაგებულისა და საუკუნოდ სამლოცველოდ და სამწირველოდ და სააღაპედ ესრეთ ღმრთივ-საყვარელად ქმნილისა და გაგებულისა, რომელი საუკუნოდ სრულ ყავნ ღმერთმან და აკურთხენ ამისნი მოქმედნი და თანაშემწენი! და შენ, ყოვლად უბიწომან ღმრთისმშობელმან რკონისამან და მადლითა მას შინა შეწირულითა წმიდათა მამათა მიერ სამარადისოთა ლოცვათა და უსისხლოთა მსხუერპლთამან, ამინ, ამინ, ამინ! იყავნ, იყავნ, იყავნ უკუნისამდე, გებადმდე ჟამთა! ჩუენცა, გლახაკი, ქრისტეს მიერ შემდგომად ხუთთა პატრიაქთა და უპირველეს მათსა ზეგარდამო მოსულთა უბიწოთა დედისა მისისა ხელითა შეთელილისა კუართისა საუფლოსა მიერ სუეტის-ცხოველის მეექუსე პატრიაქის და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოს კათალიკოზი ნიკოლაოზ ვამტკიცებ და წარვსწერ. შემცვალებელნი ამისნი იყავნ კრულ, წყეულ და შეჩუენებულ მადლითა კათოლიკე ეკლესიისა და მუნ შინა ღმრთივ აღმართებულისა სუეტისა ცხოველისა, და იერუსალიმისა და ანტიოქიისა და ღმერთ-მყოფელის მიჰრონისა და კვართისა საუფლოისა მადლითა, და ყოველთა პატრიაქთა, ქათალიკოზთა და ეპისკოპოზთა მართლმადიდებულთა მადლითა და სარწმუნოებითა, და ჩუენ გლახაკისა ჯუარითა, ამინ! დამამტკიცებელნი და მათნი მშობელნი, თვით იგინი და ამის ყოვლისა საქმისა განმზრახნი, შემწენი და თანამოქმედნი ყოველნი ზემოწერილითა კურთხევითა ღმერთმან აკურთხნეს და წმინდამან დედაქალაქმან, აწ და უფროისად მას საუკუნოსა!
  14. ქ. ესე, ვითა ერისთავთ-ერისთავსა კახოის და ცოლსა მათსა, დიოფალ-დიოფალსა ხათუთასა სამლოცველოდ სულისა მათისათუის სოფელი ხოვლე უყიდია და რკონისა ღმრთისმშობლისადა მოუხსენებია და შეუწირავს - მე, უნდოი არსენი მანგლელ მთავარეპისკოპოზი, მოწამე ვარ ბრძანებასა მათისა. შეიწირე რკონისა ღმრთისმშობელო. შემცვალებელნი ამისნი კრულ, წყეულ და შეჩუენებულ-მცა არიან სიტყუითა ღმრთისათა და ქრისტეს სამსჭუალისა მადლითა! და დამამტკიცებელნი ამისნი აკურთხნეს და ყოველნი ამათგან ქმნილნი მტკიცე ქმნას ღმერთმან!
  15. ქ. ზეგარდმოთა მადლითა და სიბრძნითა აღივსო და განათლდა ყოვლად წმიდისა და უბიწოსა შესაწირავისა და ღმრთისა და კაცთა მიერ სანატრელისა და ჭეშმარიტად საქებელისა შეწირვითა ესე ახალი აბრამ. და შესწირა ღმერთსა, ვითა მან შვილი საყვარელი, ეგრეთვე ესე ემსგავსნეს სანატრელნი ესე კაცნი ღმრთისანი: კახა აბრაამს, ხოლო ხათუთა - სარრას ნეტარსა. შვილისა წილ შეწირეს ყოვლად წმინდასა ღმრთისმშობელსა რკონისასა მათგან ნასყიდი და ყოველთა კაცთაგან მოუდევარი და თავისუფალი სოფელი ხოვლე. მტკიცე ჰყოს და შეუცვალებელ ღმერთმან მიუკუნისამდე ჟამთა, რომელნი დასხნა მამამან ხელმწიფებითა თვისითა. კეთილად დამამტკიცებელნი და თანაშემწენი ამისნი კურთხეულ იყუნენ ღმრთისა მიერ მაღლისა და ყოვლისა მპყრობელისა! ხოლო წინააღმდგომნი, შემშლელნი და შემარყეველნი ამისნი, რასაცა მიზეზისათვის, კრულ, წყეულ და შეჩვენებულ, ვითარცა სამოელ, სატანა და მსახურნი მათნი. თანამგმობართა და უარისმყოფელთა თანა იყავნ მისიცა ნაწილი და წარწყმედა უკუნისამდე, ამინ! მე, ყოვლად გლახაკს და შემდგომად მათსა საპყარსა და მლოცველსა დაყუდებულსა იოსებს მიბრძანეს ამის ხელისა ჩართვად, დაღაცათუ არა რა და უნდო ვიყავ. და აწ ვითხოვ შენგან, უფალო ღმერთო, მე, ცოდვილი ესე და ყოვლად გლახაკი, ამის კეთილისა და სანატრელისა შესაწირავისა წილ მიეც შენდობა ცოდვათა და ბრალთა მათთა და სასუფეველსა ცათასა ღირს ჰყვენ, ვითარცა მოწყალე და ყოვლად სახიერი ღმერთი ხარ და ყოველთა კაცთა გებავს ცხოვრება. აცხოვნენ ესეცა სანატრელი და სამგზის კურთხეული კახა და ნეტარებისა ღირსი ხათუთა, რომელთა სულიერნი თვალნი და გულნი განუნათლდეს, აღეხუნეს შეწირვად წმიდისა ამის შესაწირავისა შეწირვითა. ჰე, უფალო ღმერთო და ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, შეიწყალენ წყალობითა დიდითა, ამინ!
  16. ქ. ესე, ვითა ერისთავთ-ერისთავსა კახოს მათის სამკუიდრებელისათვის რკონისა ხოვლე შეუწირავს, მათგან ნასყიდი, მათდა სამლოცველოდ, მე, უფლისა მიერ ქართლისა მთავარეპისკოპოსი გიორგი დავამტკიცებ. შემცვალებელნი ამისნი შესცვალენ ღმერთო სჯულისაგან შენისა! და დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს მადლითა მისითა!
  17. ქ. ესე, ვითა უფროსად ღმრთისმოყვარესა მეჭურჭლეთ-უხუცეს კახოის და მათსა მეუღლესა ხათუთას გაჩენილთა სამოსავოისა მათის წმინდის ღმრთისმშობელისა შეეწირა და სამკვიდრებელის მათის რკონისათვის საოხად სულისა მათისა, მეცა, მდაბალი გრიგოლ ტფილელი დავამტკიცებ. შემცვალებელთა ამისთა შემცაედების ყოველი პატიჟი ღმრთის განმარისხებელთა და კრულმცა არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა! და ყოველნი დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს აწ და უკუნისამდე!

გვიანდელი მინაწერი საბუთები[edit]

  1. ქ. ჩუენ, მეფეთ-მეფესა ალექსანდრეს და ჩემთა შვილთა: ვახტანგს და დემეტრეს, და ჩემთა ძმათა: ბაგრატს და გიორგის ესე წიგნი ამა ზედა მოგვიხსენებია თქუენ, ყოვლად უბიწოსა და საშინელისა კრკონისა ღმრთისმშობელისათვის: ვნახეთ თქუენისა ხოვლისა სიგელი და პირველ სხუათაგანცა შემოწირული იყო და ახლად ჩუენ შემოგვიწირავს სამლოცველოდ სულისა ჩუენისა და წარსამართებელად მეფობისა ჩუენისა, რათა იღუწიდენ მას შინა დამკუიდრებულნი ძმანი და კრებულნი მონაზონნი და მღდუელნი, დიაკონნი, დედაბერნი და ერისკაცნი. ჩუენგან და ჩუენისა სიტყუისა მომსმინოთა კაცთაგან არა ეთხოვებოდეს და არა ეწერებოდეს არასთანა სათხოვარი და გამოსაღები, დიდის სათათროს ულუფისაგან მეტი, და არა დიდი და არა ცოტა, არა გორიდაღმან და არა ატენით, არაოდეს და არას ჟამსა შიგან არა. ესე ესრე სამე შემოგვიწირავს რომე ყოველთა წელიწადთა ღმრთისმშობლობას დღესა კარგაღებული აღაპი ჩემთუის გარდაიხდებოდეს ყოვლითურთ უნაკლულოდ. ამა ზემო დაწერილნი სიგელნი ამა სიგლით დამიმტკიცებიან.
  2. ქ. ჩუენ, აფხაზეთისა და ქართლისა მეფეთა მეფემან გიორგი ესე წიგნი ამისად მედგრად და ნიშნად მოგუიხსენებია თქუენ, რკონისა ღმრთისმშობელისა, სასოსა და მეოხსა და მფარველსა სულისა ჩუენისასა. ვნახეთთქუენი რკონისა სიგელიკახასგან და მათის ცოლის ხათუთასაგან შემოწირული მტკიცე სიგელი. ჟამთა ვითარებისაგან ატენის ციხის სათხოვარი რაიმე შესრულიყო. ვნახეთ თქუენი რკონისა ღმრთისმშობლის განაჩენი და არა რომელთა მეფეთაგან არა გწერებოდა. და აწ, ჩუენ, ახლად დაგიმტკიცეთ და გაგიახლეთ და გავაჩინეთ თქუენი მონასტრისაგან ხარების დღესა აღაპი. და მოუშლელად დაგვპირდეს ხარების დღეს აღაპის გარდახდასა. ამა გაჩენილსა, ძველისა და აწ ახლად ჩუენგან დამტკიცებულისა, რამანცა კაცმან მოუშალოთ: ანუ მეფისა გუარისა კაცმან, ანუ დიდებულთა, ანუ აზნაურთა, ანუ ატენისა მოურავთა, ანუ ატენისა ციხუანთა და ანუ რკონისა პატრონთა, შენ, რკონისა ღმრთისმშობელო მეორედ მოსლვასა თქუენ და თქუენმა ძემან ჩემად მუქაფად იგი გაიკითხე და ჩემთა ცოდვათა გარდამხდელად იგიმცა წარმოდგების ძისა შენისა წინაშე. სათათროსა სათხოვარისა მეტი არა გეთხოვებოდეს რა.
  3. [ქ.] მე, მეფეთა-მეფეს კოსტანტინეს დამიმტკიცებია.
  4. [ქ.] ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ კურთხეულმან, ყოვლისა საქართველოსა დიდმან მამამთავარმან ქართლის კათალიკოზმან პატრიაქმან დომენტი ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ ერთობილთ რკონელთა: შეგიწყალეთ და ამოგიკვეთეთ დრამა. არას დროს არ გეთხოვებოდეს არა ჩუენგან და არცა შემდგომთა ჩუენთა პატრიაქთაგან.
  5. ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი და ყოვლითა საქმითა მიზეზ-შემოუღებელი და შეუცილებელი მცირე შესაწირავი შემოგწირეთ ჩუენ, პატრონმან ჯავახისშვილმან ბატონმან იესე შენ, პატიოსანსა რკონისა ღმრთისმშობელსა. ვიგულისმოდგინეთ და შეგწირეთ ჩუენად სამლოცველოდ და მოსახსენებლად დეკანოზისშვილნი პეტრე და მისნი ძმები: მარკოზა და იოანე, ზაზუტა და მისნი შვილნი. და დაგდევით ყოველთა წელიწადთა თითო ლიტრა სანთელი და ოროლი ლიტრა ზეთი და ესე ამსახუროთ და არაოდეს არ მოეშალოს. მერმე ვინცა და ვინცა-ვინ რამანცა გვარმან კაცმან ეს შესცვალოს, ისიმც შეიცვალების სჯულისა ქრისტიანობისაგან, ამინ, ამინ! განმათავებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხოს სიგრძესა შინა ჟამთასა, ამინ! იესე.
  6. [ქ.] ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი და ყოვლის საქმის მიზეზ-შემოუღებელი და შეუცილებელი და შეუშლელი შესაწირავი შევსწირეთ ჩუენ, ჯავახისშვილმან პატრონმან როინ თქუენ, დიდებულსა, პატიოსანსა რკონისა ღმრთისმშობელსა. ჩუენ, გულისმოდგინეთა შემოგწირეთ, ჩუენთვის სამლოცველოდ და მოსახსენებლად, სრულად ჩუენი კერძი რკონს, რისაც ყმის მქონებელნი ვყოფილვიყუნეთ. და, რაც ჩუენთა გუართაგან თქუენდა სამსახურად სდებოდეს, იმ რიგად გმსახურონ. და ვერა-რამან ჩუენმან ნათესავმან ვერ შეგიშალოს. ვინცა ესე შეგიშალოს, სჯულის ქრისტიანობისაგან შეიშალოს! ამისი გამთავებელნი აკურთხნეს ღმერთმან ორსავე ცხოვრებასა შინა! როინ.
  7. [ქ.] ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ესე წიგნი გკადრეთ და მოგახსენეთ ჩუენსა სასოებასა და სიქადულსა და სულისა ჩვენისა მეოხსა და შესავედრებელსა რკონისა ღმრთისმშობელსა ჩუენ, ჯავახისშვილმან პატრონმან ქაიხოსრო და შვილმან ჩემმან პატრონმან ბახუტამან ასრე, რომე სვიმონ მღუდელის რაც ავგაროზული მამული ჰქონდა, ის მამული, მასზედ მსახლობელის კაცით, ჩუენთა მამა-პაპათაგან შემოწირული იყო, ასრე და ამა წესითა, რომე ყოველს წელიწადს მოუკლებლად თითოს ლიტრას სანთელს და ოროლს ლიტრას ზეთს რკონისა ღმრთისმშობლის წინ მოიღებდეს და ენთებოდეს. და აგრეთვე ჩუენცა შემოგვიწირავს მღვდელი დავით, მისის ავგაროზულის მამულითა და გვითარხნებია, რომე ჩვენი ბეგარა და გამოსაღები არაფერისთანა არა ეთხოვებოდეს რა. შეიწირე რკონის ღმრთისმშობელო და მეოხ გვექმენ ორსავე შიმა ცხოვრებასა. დაიწერა მეფეთა-მეფობასა შაჰნავაზისასა. ქორონიკონს ტნზ.
  8. [ქ.] ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან, ყოვლისა საქართველოსა დიდმან მამათმთავარმან კათალიკოზ-პატრიარქმან, მეფეთა შარავანდედმან, პატრონმან დომენტიმ წყალობის წიგნი გიბოძე თქვენ, ერთობით კრკონელთ, ასე და ამა პირსა ზედა, რომე ყოველს წელიწადს ფერისცვალებას დღეს უნდა რომ რაც ჩვენ იმ დღეს გვყოფნოდა, იმთონი კალმახი უნდა მოგეტანათ, ამისთვის დრამა ამოეკვეთათ და ამ დრამას გარდაცა სამის წყლის სიგელებიცა გვქონდა, სვეტის ცხოველისა არის: ხევძნელა, სამაჭეხველო და სარჩელა, ესენი ჩვენგან ყორუღი იყო. ამის გულისათვის მოხვედით წინაშე ჩუენსა და გვეაჯენით, რომ ბევრი თევზის გამოღება არ შეგვიძლია. და ჩუენ ახლა ეს წყალობა გიყავით, რომ ყოველს წელიწადს, ფერისცვალობას, ასოცს კაი კალმახს მოგვართმევდეთ, მის დროს მოგვართმევდეთ. ამ საქმეზედ სხვა და უსამართლო არა გიყონ; და არცა რა გამოგართვან დრამა. ეს ასე გათავდეს და არც მოგეშალოს ქორონიკონს უიბ.

გვიანდელი მინაწერი:[edit]

  1. ...უყურე ამ ბრიყვებსა და უსჯულოებსა: ხოვლე რაგვარ მტკიცედ შეწირული წაურთმევიათ წმიდის ღმრთისმშობელისათვის! იმას ავიწყებდენ და ვინც კარზედ უსახლობენ, რკონის გლეხები, თავისი სამკვიდრო მონასტრისა, იმათ ატყუებენ და აღარც იმას ანებებენ. ეს არ იციან, ყოვლად წმინდა ღმრთისმშობელი არ მოტყუვდება, სრულ ძირიან უპირობს ამოღებას ამ უსამართლოებასა და ვერ ხედვენ!

საბუთის პერსონალია[edit]

პუბლიკაცია[edit]

ლიტერატურა[edit]