მკითხველთათჳს სიტყუა რაჲსათჳს არს შრომა ესე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი


პუბლიკაციები[edit]

ტექსტი[edit]

მკითხველთათჳს სიტყუა რაჲსათჳს არს შრომა ესე[edit]

[1] იტყჳს ბრძენი პლინი სთოიკი, რამეთუ "ყოველი ჟამი იგი წარწყმდეს, რომელიცა სწავლასა ზედა არა საჴმარ ვყოთ". ჭეშმარიტ არს სიტყუა ესე, ვინაჲთგან ჟამი მლტოლვარე არს. არავის ძალუძს მოქცევად, და წარწყმდეს ჩუენგან, უკეთუმცა არა მოვიღოთ ნაყოფი მისი ჟამსა მისსა; და არა თუ ჟამისა, წამისა და წუთისა, არამედ თთჳსა და წელიწადისაცა არღარა შემძლებელ ვართ ჴელყოფად. ხოლო არს ჟამი ჟამიცა, კუალად დაისახების დღეცა ჟამად, თთუე, წელიწადი და საუკუნოცა. გარნა თუმცა მოიქცევის ესენი, არამედ არა იგინივე არიან, რომელნი წარჴდენ ჩუენგან, და არა ძალგვიცს მის წინანდელთაებრ ყოფად მათ შინა, რაოდენცა წადიერ ვიყვნეთ. და ესე ვინაჲთგან ჭეშმარიტ არს, ამისთჳს არა ჯერ არს, რათა უქმ ვჰყოთ ჟამი და განუტეოთ ჩუენგან, და დავრჩეთ ურგებნი მის მიერ.

არამედ რაჲ მოგუცემს ნაყოფსა მისსა, თუ შევიკრიბოთ საუნჯე დიდძალი, წარვალს და არა დაადგრების ერთისაცა საუკუნისად. ხოლო უკეთუ ვჰყოთ სახელნი და დავიპყრათ ქუეყანანი (ვითარცა მაკედონელმან და სხუათა), არცა ესე დაადგრეს და წარწყმდეს მასვე წინთქმულსავე დროსა. უკეთუ აღვაშენოთ სახლნი, და ვჰყოთ ქუეყნის მოქმედებანი და განვაშუენოთ სავარდითა და წალკოტითა, და წყლითა ადმა აღმცენარითა და წყაროებითა, წარწყმდეს იგინიცა მასვე ხანებთა შინა. უკეთუ განვისუენოთ და განვსცხრეთ შუებითა და ნადირობითა, ნადიმობითა, მგოსნითა და მწყობრითა, და სახიობითა მამანი დედათა თანა და დედანი მამათა თანა, წარვიდეს ესეცა უადრევეს თთჳსა, დღისა და ჟამისა.

[2] ხოლო უკეთუ მივივლტოთ ცოდნისა მიმართ, და ესე არს ნაყოფი კეთილი, არამედ წარვალს ესეცა და არა ვითარცა წინათქმულნი იგინი, რამეთუ სწავლა განაბრძნობს, თავისუფალ ჰყოფს, აცნობებს ღმერთსა და შიშსა მისსა დანერგავს, მოაცურვებს ზღუასა ზედა და ახილვებს მას შინა სრულიადსა, აღაფრენს და წინადაუდებს ყოველსა ქმნულებასა ცისა და ქუეყანისასა, შეკრებულად თუალთა შინა, აჩუენებს ბუნებასა და ნიშატსა ვარსკულავთა, ცხოველთა და ნერგთა, განსდევნის ბოროტსა, შეაყუარებს მოყუასსა, შემოიყვანს კეთილსა, მატებს ქუეყანასა, აღაშენებს და დაამშჳდებს, სურგრძელ ჰყოფს მეფეთა და დიდებულთა პატივსცემს, და ერთა მოურნე ექმნების, მტერთა დაამდაბლებს და მშიშრეულ ჰყოფს, თჳსთა აღამაღლებს და აკადნიერებს.

არამედ რაისგანმე არს ესეოდენი კეთილნი, გარნა არს არა თუ ჴსოვნისაგან, არამედ ჴსოვნაცა ესე წარწყმდეს სამისა ანუ ოთხისა და უფროს ხუთისამდე ნათესავისა, და ამისთჳს ვიხილავთ უმჯობესად წერილთა, რომელი გვასწავებს სიბრძნეთა წინათქმულთა და მოგვაჴსენებს დასაბამითგანთა წამთა, ჟამთა, თთუეთა და წელიწადთა, და საუკუნოთა, კუალად უმეტესთაცა, და არა წარწყმდების, არამედ ჰგიეს უკუნისამდე, ვითარცა ვიხილავთ (რამეთუ აღწერა მოსემ ღვთისმხილველმან შესაქმე შემდგომად ხუთისა ჴსოვნისა სულითა წმიდითა, ვინაჲთგან არღარა შესაძლებელ იყო შემდგომად ჴსოვნად, და გვეუწყების დასაბამითგანი სრულიად), და უკეთუმცა არა მით, წარწყმდა ყოველი ქმნულებანი, ვითარცა წარწყმდენ მრავალნი დიდშემძლენი. ხოლო წერილნი ესე მოგვცემენ ნაყოფსა ჟამისასა და არა თუ ჟამისასა, არამედ სრულიადსა მოჴსენებასა, რომელი აღაფრენს გონებასა ღვთისა მიმართ და მოგვანიჭებს ყოველთა წინათქმულთა ცნობასა, ჴელოვნებასა და გამოცდილებასა, ვითარცა იტყჳს იგივე პლინი სთოიკი: "არა არს არცა ერთი ეგრეთი წიგნი, რომელიცა რაიმე მისგან ნაწილი სარგებლისა არა მოვიღოთ", და უკეთუ ესრეთ, და რაოდენმე საღვთო წერილნი და წმიდათა წერილნი, რომელნი მოგვფენენ მადლსა ზეცისასა და მოგვმადლებენ სოფლისა კეთილობასა, და შემდგომად აღგვიტაცებს წინაშე ქრისტეს ღვთისა ჩვენისა.

[3] ხოლო კუალად წიგნნი ფილასოფოსთა მიერ ქმნულნი აღგვავსებენ სიბრძნითა, ჴელოვნებითა და სიტყჳერებითა, გვაცნობებენ თავსა და გვასწავებენ, ვითარ ჯერ არს ცხორებად, და მილტოლვილ გვყოფს ღვთისა მიმართ. კუალად მატიანე მოგვაჴსენებს ქმნულებასა და ყოფათა მეფეთა, მთავართა და დიდებულთა, ვიდრე მცირედმდე, და ვითარებასა მათთა, განგვაშორებს ბოროტსა და შეგვრთავს კეთილსა. ხოლო წიგნი დედაბერებული ზღაპართა, გარნა თუ არა არს მოსაჴსენებელი, არამედ იგიცა ალხინებს ოდესმე, და გონიერი მოისთლობს მისგანცა ნაყოფსა (ვითარცა იტყჳს დამასკელი იოანე წიგნსა თავსა იჱ ამისთჳს: "ჯერ არს, რათა ვიკითხვიდეთ წიგნთა, რამეთუ მის მიერ მოვისთლობთ სულთა ნაყოფსა და უკეთუმცა ვერ შევიგნოთ, კუალადცა ჯერ არს კითხვად და არა უგულებელს ყოფად, რამეთუ ვსცნობთ მის მიერვე. და არა თუ საღვთოთა, არამედ გარეშენიცა არა არიან განსაგდებელნი, რათა უმჯობესნი მისნიცა შევიკრიბოთ, ხოლო უჯერონი ძაღლთა მიუპყრათ.

გარნა თუცა არს ესეოდენი კეთილობანი მის მიერ, არამედ უგულებელს იქმნებიან და საგმობელ ვიეთთაგანმე. გარნა ესრეთთა არა ჯერ არს რიცხვად, არამედ მეცნიერთაგანცა დატევებულ იქმნებიან მიზეზითა უცალოებისათა, და არა თუ უცალოებითა, არამედ უტრფიალობითა წერილისათა, და კნინღა საპოვნელ ძნიად არს ტრფიალი ათასთა შინანი ერთ (რომლისათჳს მკითხველთა მიუგებდა სოკრატ ბრძენი, ოდეს ჰკითხვიდნენ: "რასათჳს არა რაჲმე სიბრძნისა წარწერე?" მიუგო სოკრატ: "ამისთჳს, ვინაჲთგან ვხედავ, რამეთუ ქაღალდი უძჳრეს არა ვიდრეღა წერილი"). ხოლო უკეთუ ქაღალდი უძჳრეს არს აწცა, რადღა საჴმარ არს შრომა და წერა, ვინაჲთგან ჩანს მის გამო, რამეთუ არს წიგნი უპატიო; არამედ ჩუენ ვისმინოთ დამასკელის თქმული და პლინი სტოიკის სიტყუა, ვინაჲთგან არა განსაგდებელ არს გარეშენიცა წიგნნი, და ვითარისა უჯეროსაგანცა მოვიგებთ სარგებელსა, რავდენით უმჯობეს არს რომელნიცა წარმოვსთქვით მათნი კითხვანი, და რაოდენ სასარგებლო და შესაწყნარებელ არს წიგნნი მატიანეთა (რომლისათჳს იტყჳს ბრძენი ციცერონ: "უკეთუმცა ყოველი ღვთისმეტყუელება, ფილასოფია, ფიზიკა და რიტორებანი შევიკრძალოთ და არა მატიანენი ბუნებისანი ნერგთა და ცხოველთა, ვერა რაჲმე შევიგრძნათ"). [4] რამეთუ მატიანე მოგვაჴსენებს დასაბამითგანსა ჟამსა, წელსა და საუკუნოსა; მატიანე განარჩევს კეთილსა და ბოროტსა; მატიანე აღამაღლებს კეთილის ქმნულებასა და გმობს უკეთურთ ქმნულებასა, მატიანე მეტყუელებს ჭეშმარიტსა და არა სცბის, და მოწმობს სხუათა და სხუათა; მატიანე განამჴნობს კაცსა და ერთგულ ჰყოფს ქუეყნისად; მატიანე აცნობებს ნათესავთ-ჩამომავლობასა, და დასდებს თავსა სარწმუნოებისათჳს, და მოყუარულ ჰყოფს მოყუასსა მოყუსისა მიმართ.

არამედ ესე მატიანე განიყოფების ოთხწილად: ადგილის აღწერად, ნათესავმეტყუელებად, წლისმრიცხუელობად და მოქმედების აღწერად, და ესეცა განიყოფების ორად - საეკლესიოდ და სამოქალაქოდ. საეკლესიო არს წმიდათა ცხორება და ქმნულება მათნი, ხოლო სამოქალაქო - ქმნულება სოფელსა-შინანი დიდთა და მცირეთა. არამედ ვინაჲთგან ესოდენი კეთილობანი მას შინა მოიპოებიან, არა არს განსაგდებელი არა თუ უმეცართა მიერ, გარნა სურვილით შეტკბობა.

ხოლო უკეთუ ჩუენ ქართველთა მატიანე შემოიპყრობს სამსა მას წილსა მატიანისასა, არამედ წლისმრიცხუელობასა და ნათესავმეტყუელებასა მცირედ, ხოლო მოქმედების აღწერასა განავრცელებს, გარნა ამასაც ეკლესიის მატიანეს შეამოკლებს და სამოქალაქოსა მოგვითხრობს შესხმით და ვრცლად ადგილით ადგილად და ოდესმე შემოკლებით ნოედამ ვიდრე ბრწყინვალეს მეფის გიორგისამდე, ხოლო შრომა ჩუენი ამისთჳს არს: ვინაჲთგან ორნი წილნი იგინი გამოუჩენელ არიან, რათა გამოვაცხადოთ, და მესამისა განვრცელებული შევამოკლოთ, რათა მკითხველთა არა საწყინოდ და ადრე საცნობელი იყოს.

ხოლო მოქმედი ვევედრებით, უკეთუ ვისმე სთნდეს კითხვად, რათა არა შემოვიდეს მრისხანებით და შურითა, რამეთუ მრისხანება [5] განსდევნის სასჯელსა, და შური დაუტევებს კეთილობასა, არამედ აღიმაღლოს გონებისა თუალი სიწრფოებით, ვითარცა ორბმან, რომელი ტრფიალებით აღვალს, რათა განიხილოს სრულიადი ქუეყნის შუენიერება, და ესეოდენს სიმაღლესა ზედა, რომელ ყოველსა სოფელსა გუგათა შინა შემოიკრებს, არამედ ამისი მოქმედი და უგონებელი განახლდების და კუალად გაჭაბუკდებისცა. ეგრეთვე უზაკუელად მკითხველი სცნობს შრომასა ჩუენსა და არა საგმობელ ჰყოფს, და მიიღებს მიზდსა წადიერებისასა.

არამედ ესევითართა ვამცნებთ მოქმედნი, რათა გონიერად ისმინოს თქმული ჩუენი, რამეთუ ვინაჲთგან დავსახენით ქარტა ანუ რუკანი საქართველოსა ანუ ივერიისანი, რომელსა ხაზვიდნენ მცირედ და არა ჯეროვნად, და ჩუენ სრულიად წინა დავდევით. გარნა ამისდა ჯერ იყო სამჭირნოდ, რათა აქუნდეს ღეოღრაფიისა აღწერისაცა დადება (რომელი არს ქუეყნის მხაზველობა), რომელი იგიცა ვქმენით, და კუალად მისდაცა ჯერ იყო მოკლე მატიანე, რათა მკითხველთა სცნან, ვისგან ქმნულ არიან ქმნულებანი, და მეფენი და მთავარნი, და მას-შინანი კეთილნი და ბოროტნი, არა თუ დატევებულ იქმნას მატიანე იგი, არამედ იგივე უმჯობეს სივრცელე, და ამის განმართლებისათჳს, ხოლო ესე სიმოკლისა და რომლისად აღვსწერეთ საჴმარად მისდა.

გარნა, უწყება ჯერ არს, უკეთუ ცხორებისა ჩუენისა ქორონიკონნი არიან იშჳთ. არამედ ნოედამ მირიანისამდე რაოდენნი მოიპოებიან, უმეტეს მოწმობენ რომაულსა; ხოლო მირიანიდამ ბაგრატოვანამდე ბერძულსა და მას ქუეითნი თამარ მეფისამდე არიან ხუთასიანნი, რომელსა ჩუენ უწოდებთ ქართულსა, და ჩუენცა ეგრეთვე შემოწმებულ ჩუენთა ცხორებათა ზედა ვქმენით. ხოლო თამარითგან ბრწყინვალეს გიორგისამდე კუალად უჩინოა. არამედ ვინაჲთგან მცირედად და უჩინო არს ზეითი და ქუეითი ქორონიკონნი, ჩუენ, ვითარ ვპოვეთ, წარმოვაჩინოთ ამათთა ურწმუნოთათჳს.

რამეთუ ნოედამ ნებროთის გამეფებამდე საჩინო არს დაბადებისაგან, ხოლო ნებროთ რაოდენი წელი მეფა და მოკუდა, იხილვების [6] სხუათა მატიანეთაგან, რომელნი მოწმობენ ჩუენთა მატიანეთა. ხოლო მას ქუეითნი კერპთთაყვანისცემა და მოსეს ზღჳს გამოსლვა დაბადებისაგანვე, და სხუანი სპარსთა მეფეთა, და ნაბუქოდორნოსესა, და ალექსანდრე მაკიდონელისათი ვპოვეთ. ხოლო ვინაჲთგან ალექსანდრეს მოსლვა ქართლსა შინა მოვიპოვეთ, ამით ადვილ გვექმნა გამეფება ფარნაოზ პირველისა მეფისა, ვინაჲთგან მოსლვასა ალექსანდრესასა რაოდენის წლისა იყო, და რაოდენისა გამეფდა, და რაოდენ წელ მეფა, მუნავე წერილ არს. და მის შემდგომად მეფენი ასურულთა მეფეთა მოწმობითა, ვითარცა მოიჴსენებს მუნავე სახელებთა, ვიდრე ადერკის მეფობადმდე.

ხოლო ადერკის მეფობა იქმნა პირველსა წელსა შობისა ქრისტესსა და მეფობაცა მისი ცხად არს. არამედ მას ქუეითნი მეფენი მირიანისამდე კეისართა, სპარსთა და სომეხთა მეფეთაგან მოწმობითა დავსხენით. ხოლო მირიანის მეფობისა პირველი ქრისტეს მიერ მოქცევისა და შემდგომად მოქცევისა წელნი, ვინაჲთგან წერილ არს მისთჳს დღე იგი მოქცევისა ივნისის დღე შაფათი, ეს ვპოვეთ, რომელი არს ერთი ქრისტესი ტვ, ქარ ნჱ, მეორე ქრისტესი ტიზ, ქარ ჲთ, და მესამე ტკდ ქარ ოვ, რომელნი შეეტყვებიან მას. არამედ პირველი იგი არა არს დღე იგი მოქცევისა, რამეთუ კოსტანტინე დიდი ჯერეთ არა იყო მოქცეულ ქრისტეს მიმართ და არცა დაეპყრა რომი და სრულიადი მეფობა, რამეთუ წერილ არს: "მირიან ეზრახა ოთხთა წარჩინებულთა თჳსთა კერპმსახურებისათჳს, უკეთუ არა დაუტეოს ნანა დედოფალმანცა რჯული რომთა, ვსტანჯო იგიცა". რამეთუ უკეთუ მოუქცეველმცა იყო კოსტანტინე, არა აჴსენებდა რჯულსა რომთასა, ვინაჲთგან რჯული რომთა კერპივე იყო, და ნინო ქრისტეს ჰქადაგებდა. კუალად მესამეცა არა არს, რამეთუ ერთის წლის შემდგომად იყო კრება ნიკიური პირველი, არამედ ნიკიის კრებისაგან უწინარეს იყო მოქცევა მირიანისა, ვითარცა ვიხილავთ ცხორებასა შინა საჩინოდ. ხოლო მეორე იგი ჭეშმარიტებს ამისთჳს, რამეთუ კოსტანტინეს ხუთის წლის წინარე დაეპყრა რომი და სრულიადი მეფობა, და ქრისტეანეცა ქმნულ იყო, ვინაჲთგან მირიან რომისავე მეფობასა შინა მიუვლინა მთხოელი ეპისკოპოზისა [7] და მღუდლისა, რამეთუ არა დაწყებულ იყო ბიზანტია აღსაშენებლად, ვითარცა ვიხილავთ წერილებთა შინა ჩუენთა, და მას ჟამსა სილიბისტროცა სცოცხლებდა, რომელმან მოავლინა დიაკონი თჳსი.

ხოლო ნინოს სიკუდილის ქორონიკონი არა არს ურთიერთის მოწმობილი [ვითარცა თამარ მეფისა, რომელი წარმოვაჩინოთ თჳსსა ადგილსა], რამეთუ უკეთუმცა ქრისტეს აქათი ქორონიკონი ჯუარცმიდამ იყო ტლჱ, ჯერ იყო დასაბამითგანი ყოფილიყო ჭყდ, და უკეთუ დასაბამითგანი იყო ჭყლჱ, ჯერ იყო ქრისტეს აქათი ჯუარცმიდამ ყოფილიყო ტლ, არამედ არცაღა ჟამსა ამას კოსტანტინე სცოცხლებდა. არამედ შეცთომილ არს მწერალთაგან. ხოლო ჩუენ, ვინაჲთგან ვპოვეთ მირიანის მოქცევისა იგი დღე აღმოჩენითა მით, ამას ზედა აღვრიცხუეთ მოსლვა ნინოსი მცხეთას, რომელმან დაყო წელი იდ. ამისგან სამი წელი უწინარეს მოქცევისა იყო მცხეთას ქალაქსა შინა, რომლისაგან დაშთების ია წელი. ეს მირიანის მოქცევის წელს დავადევით, რომელი იქნების ქორონიკონი ჩუენ მიერ აღწერილი. არამედ ნაკლულევანებს მუნ წერილისაგან ესე დასაბამითგანსა წლითა, ხოლო ქრისტეს აქათსა წლითა, და სხუანი მირიანის მეფობის წელნი მითვე რიცხვეულ ვყვენით და აღვსწერენით.

ხოლო ბაქარიდამ ვარზაბაქარისამდე ეგრეთვე კეისართა და სომეხთა მეფეთა შემოწმებით ვყვენით. არამედ ვარზაბაქარ მცირე თეოდოსის ჟამსა არა არს, რამეთუ ვარზაბაქარ დიდის თეოდოსის ჟამს იყო, და ძე მისი მურვანოს მცირე თეოდოსის ჟამსა, ესე იცნობის ესრეთ: ვინაჲთგან ყრმა წარიყვანის მურვანოს, და მუნ [8] აღიზარდა მოღუაწებით, და შემდგომად განივლტო და მონაზონ იქმნა. კუალად უკეთუმცა ესრეთ არა იყოს წელნი მირიანიდამ მეორეს ფარსმანისამდე, წერილი არა მისწუდების, და არცა ვახტანგ ლეონ კეისრის ჟამსა იქმნების. ესრეთ უსწორო არს, ხოლო ესე განასწორებს და რიგოვან ჰყოფს რიცხუსა წელთასა მოწმობულებითა. კუალად ვახტანგისამდე მეფენი, რომელნი მუნ წერილ არიან, რამეთუ ვახტანგისამდე მირიანიდამ გარდაჴდნენო წელნი რნზ, ესე არა მდე არს, არამედ სიკვდიდმდე ვახტანგისა, და ამაზედ შევასწორეთ, რამეთუ დაღაცათუ გარდაცვალებამდე არა იყოს, ყოველნი სხუანი უსწორო იქმნებიან, და არცა იგი წელი მეორეს ფარსმანისამდე სწორე იქმნების, ვინაჲთგან ვახტანგის შემდგომთა მეფეთა მეფობის წელნი წერილ არიან, არამედ ჩუენის რიცხჳთ, რათა ჭეშმარიტი იყოს წელი მირიანიდამ ვახტანგის გარდაცვალებამდე წელნი იგივე არიან რნზ. ესრეთ ჭეშმარიტ სხუათა მემატიანეთა მოწმობითა და მუნ წერილთა რიცხჳთა, და მეფენიცა ამას ზედა განვასწორენით კეისართა და სპარსთა მეფეთა შეთანასწორებითა ვახტანგისამდე.

არამედ ლეონ კეისრისას ვინამენი მემატიანენი სწერენ წელს მეფობასა მისსა, და ჩუენიცა მათ ემოწმების, რომლისათჳს ჩუენცა ეგრეთვე ვყვენით და შეთანავასწორეთ ვახტანგისა და ლეონის მეფობა. ხოლო სხუანი იზ წელს ამტკიცებენ ლეონის მეფობასა, რომელი არცა ესე არს წინააღმდგომი მისსა, დაღაცათუ არა იყო ლეონ დიდი, არამედ მეორე ლეონცა, იგივე აღწერა ჩუენმან ცხორებამან და ზენონცა იგივე; და შემდგომად სპარსთა მეფისა ბრძოლასა ზედა ზენონად წარმოაჩინა სიყუარულისათჳს, გარნა სხუას ქართლის ცხორებაში უსახელოთ კეისარი სწერია, ამითი იქმნება ანასტასი კეისარი, ვითარცა ვიუწყებთ. ხოლო ვახტანგის შემდგომნი მეფენი რაოდენთა წელთა მეფობდნენ, ცხად არიან ვიდრე მეორის ფარსმანისამდე. და ქმნული ესე ჩუენი ჭეშმარიტ არს წელნი, შესრულებულნი მირიანიდამ ფარსმანისამდე.

[9] კუალად ბაკურ მეფიდამ გურამ კურადპალატისამდე საჩინო არს კეისრის მავრიკისაგან, და სპარსთ მეფის ურმუზისა და ძისა მისისა ხოსროსაგან, ხოლო დავით წინასწარმეტყუელის ნათესავის გურამის მოსლვა, ცხორება და გამეფება მათი აღვსწერეთ თჳსს ადგილს, მით იუწყების. ხოლო სტეფანოზის, გურამ კურატპალატის ძისა, ერეკლეოს კეისრის გამო, და ადარნასე ხოსროვანისა ეგრეთვე. გარნა ვინაჲთგან ჟამსა ადარნასესასა და ერეკლეოს კეისრისასა გამოჩნდა მაჰმად, მოძღუარი სარკინოზთა, ჩუენ იგი მაჰმადის ქორონიკონი ვიპოვეთ, რაოდენი ქრისტეს აქათი ყოფილ არს. ამის მიერ და წლის მრიცხუელობით, ვიდრე მოწამის არჩილ მეფის სიკუდილისამდე და ძეთა მისთა იოვანეს და ჯუანშერის სიკუდილისამდე, და ვიდრე აშოტ კურადპალატის ძის ბაგრატისამდე, რომლის გამეფება წერილ არს, რამეთუ მაჰმადის გამოჩინებიდამ ბაგრატის გამეფებამდე გარდასრულ იყვნენ წელნი სით, ამას ზედა შევასწორენით ადარნასედამ ბაგრატისამდე გარდამჴდარნი წელნი სით.

ხოლო აშოტ კურადპალატიდამ ვიდრე თამარის მეფობამდე წერილ არს ყოველთა ქართულნი ქორონიკონნი, და ამით გამოვირიცხვეთ ქრისტეს-აქეთნიცა, არამედ დავით აღმაშენებელისა წერილ არს, ივ წლისა მეფე იქმნა და ლვ წელი მეფა, რომელი იქმნების ნბ წელი. გარნა მუნვე წერილ არს, ივ წლისა გამეფდა და ნზ-სა მოკუდა. ამ რიცხჳთ იქმნების მეფობისა მისისა წელი მა, და ჩუენც ესევე აღვსწერეთ, ვინაჲთგან სხუათა მეფეთა ქორონიკონნი ამას უმეტეს მოწმობენ, და სიკუდილის დღე შაბათი, იანვარი კდ ეს ქორონიკონი იქმნების, რომელი დავსდევით.

[10] კუალად თამარის გამეფების ქორონიკონი არა არს შეთქმული, რამეთუ წერილ არს, დასაბამითგანი იყო ხქპვ, ქრისტესი ჩრნვ, ხოლო უკეთუ დასაბამითგანი იგი იყო, ჯერ იყო, რათა ქრისტესი ყოფილმცა იყო ჩროჱ, და თუცა ქრისტესი ჩრნვ იყო, დასაბამითგანი ჯერ იყო ყოფად ხქჲდ. ესრეთ არა ჭეშმარიტებს. ხოლო ჩუენ ალექსი ანგაარისა და ფრანგთაგან კოსტანტინეპოლის აღების ქორონიკონი ვპოვეთ, მით მას ზეითი და მას ქუეითი მუნვე წერილის წლის რიცხვეულებით ვყვენით, რომელსა სწერს იჱ წელს ლაშას გამეფებას და თამარის კდ წლის მეფობის აღმავლობასა, და მისი სიკუდილის ქორონიკონსა ზედა, რომელი ვპოვეთ, ვყავთ. ხოლო ძისა თამარის ლაშას სიკუდილი იქმნა იანვარს იჱ, დღესა ოთხშაბათსა. ესე ვპოეთ, რომელია პირველი ქრისტეს აქათი ჩსია, ქარ ულა; მეორე ქრისტესი ჩსივ, ქარ ულვ. არამედ ვინაჲთგან ჩინგის ყეენმან დაიპყრა სრულიად დიდი თათარი ქრისტესა ჩსბ და ამ ჟამებთა შინა წარმოავლინა სპანი განმსტრობად, და დავით მცირე ყრმა დაშთა ლაშას, და რუსუდანის მეფობის წელი მუნვე წერილითა აღვრიცხეთ, ამისთჳს პირველი უმეტეს მოწმობილი არს და არცა შემჭირნებულ ჰყოფს მას ქუეითთა მეფეთა წელსა. ჩუენცა იგივე აღვსწერეთ განმართლებისათჳს წერილთასა.

კუალად ლაშადამ დიმიტრი თავდადებულისამდე აღრიცხჳთა წელთა და მეფეთა-კეისართა მუნ წერილთა გვიქმნიეს, ხოლო დიმიტრი თავდადებულისა, დაღათუ არა წერილ არს წელი, არამედ წერილ არს თთჳს რიცხჳ და დღე შაბათი მარხვისა მესამე, ამით ვპოვეთ წელიცა იგი, რომელი ყოფილ არს ქრისტესი ჩსპთ, ქარ ფთ, ხოლო მეორე ქრისტესი ჩტ, ქარ ფკ, და თჳნიერ ამისა არა არს სხუა.

არამედ ჩუენ ვპოვეთ ბრწყინვალე გიორგისა და ძის ძისა მისისა ბაგრატის ქორონიკონი ძუელთა ქორონიკონებთა შინა, და ამითი [11] გულდებულ ვიქმენით ლანქთემურის და ხონთქრებთაგან, და რიცხვუულ ვყავით ვახტანგისა და დავითისა, ვახტანგისა და გიორგის დავითის ძის მეფობანი. ამისთჳს იგივე პირველი გვეჭეშმარიტა, და დავსდევით, ხოლო მეორე ესე ფრიად შეამჭირვებს მათ მეფეთა წელსა და არა სწორრიცხვეულ ჰყოფს. ხოლო კუალად ვახტანგ, ნარინდავითის ძისა, დავით მეფისა და ვახტანგ, ძმისა მისისა წელნი აღვრიცხვენით მათთა მეფობათათა და მით წარმოვაჩინენით. არამედ ვახტანგის აღსასრული, დაღაცათუ არა საჩინო არს, გარნა იცნობის ესრეთ, რომელნი აღგვიწერია.

ხოლო გიორგისა და ბრწყინვალე გიორგისა, რომელიც წარმოვაჩინეთ, სცნობს გონიერი მუნ წერილსა ზედა-ქუეთა, რამეთუ ესრეთ არიან, ვინაითგან სწერს: "დაუტევა დავით მეფემან ძე თჳსი გიორგი წლისა ორისა მეფე ქმნული", და მცირე გიორგის, რომელსა მოიჴსენებს, თუცა პირველს მეფობასა მცირე იყო, არამედ აწ არღარა წელთა რიცხჳსა წარმოჩენითა. ამის გამო გიორგი დავითის ძე სხუა არს და დიმიტრის ძე სხუა. არამედ სიგრძე წელიწადებთა ულჯათ-ყეენის გამო, რამეთუ მან ულჯათ ყეენმან იგ წელი ყეენა, და ამ წელთა აღრიცხჳთა იქმნებიან ეს ორნი გიორგნი ესრეთ. ხოლო შემდგომად ბრწყინვალე გიორგისა მოვიჴსენოთ თჳსს ადგილს ჯეროვანად.

გარნა სცნობს შემომსვლელი ამას შინა კითხვისად უზაკუელობით, რამეთუ არა რაჲმე თნებისა ანუ თუალღებით წარგვიწერიეს, არამედ შეძლება ჩუენი ესეოდენი იყო და ესრეთ მიწდომილ ვიქმნენით. ხოლო უკეთუ უმჯობესი ვისმე ძალ-გიცსთ, ჩუენი ესე ქმნული არა დამაყენებელ არიან, ვინაჲთგან დედანი იგი მატიანისა შეურყეველად ჰგიეს არა ერთი, არამედ მრავალი. გარნა შრომა ჩუენი არა მცირე იყო, რომელსა ზედა ვიშრომეთ კნინღა წელნი სამნი მარადის წერითა, გამოძიებითა, მატიანეებთა და ცხორებათა ძიებითა, რამეთუ არა [12] დაუტევეთ ხონოღრაფნი ბერძნისა, არა თუ ერთისა ვირწმუნენით, არამედ სხუადასხუათა შემოწმებითა. ეგრეთვე განყრილობისა შემდგომად რომაულთა კეისართაგან, მეფეთა ევროპელთა, აწინდელთა სულტნებთა სტანბოლისათა, სპარსთა მეფეთა შიხთათა გამო ვიპოვეთ და შემოწმებულად ვქმენით, რომელნი მოწმობენ ჩუენთა მატიანეთა და ქორონიკონებთა. ამისთჳს სარწმუნო ვართ, რომელმან იხილოს შრომანი ჩუენნი, არა საგმობელ გვყოს, არამედ მადლიერ იქმნეს და მისცეს ლოცვა მიზდისა მოქმედსა. დაღათუ არა იქმნას ესე, ჩუენ სურვიელ ვართ აღსრულებად წმიდისა დამასკელის თქმულისა და პლინი სტოიკის სიტყჳსა, რათა არა განვლოთ ჟამი უქმობით, რომელ არა მოვიღოთ ნაყოფნი სარგონი მის მიერნი. და თქუენდაცა წინამდებარედ გვიქმნიეს, უკეთუ ვის გთნდესთ, მიიღოთ, უკეთუ არა, არა არს ძალი, არამედ უმჯობესისა ჩუენება, და რომელმანცა აღირჩიოს რაჲმე, იგი ყოს მადლითა და კაცთმოყუარებითა ღვთისათა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა. ამინ.


ხოლო სრულ იქმნა შრომა ესე ქრისტეს-აქეთსა ქორონიკონსა წლისასა ჩღმე, ქართულსა ულგ ოკდონბერს , მეფის შვილის ვახუშტის მიერ, სამეუფოსა ქალაქის მოსკოვის პრესნას.


ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი