Jump to content

1555-1556 წწ. - ფიცის წიგნი ლუარსაბ მეფისა ბარზი ამილახორისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ესე უთუო, უთუმცო, მიზეზშემოუღებელი და ყოვლისა თათბირისა, ხუანჯისა და ხლათისაგან გამოღებული, ჩუენდა დღედ სიკუდილამდის გათავებულ-გათავებადი წიგნი, ფიცი და პირი გიბოძეთ ჩუენ, ბედნიერისა და სახელგანთქმულისა ხელმწიფისა, მეფეთ-მეფისა დავითის ძემან პატრონმან მეფემან ლუარსაბ, და ჩემთა ძმათა: პატრონმან ადარზან და პატრონმან რამაზ, თქუენ, ზევდგინისძეთა, ამილახორისა თაყას შვილთა: ამილახორსა ბარზის, ფარემუზს და იოთამს.

ასრე და ამა პირსა ზედა, გულმართლად და გულგაწმედით ვიყუნეთ თქუენნი უზიანონო და თქუენთუის კარგნი და მოპატივენი თქუენსა. სხუა თქუენი გუარის კაცი არა ვირჩიოთ, არცა გაუკითხავად შემოგიბეზღოთ. და, თუ ვინმემ თქუენი თავი შემოგუაბეზღოს, გაგიკითხოთ. და, თუ მართალნი გამოხუიდეთ, შემბეზღებელი კაცი არა დაგიმალოთ. არცა გაუკითხავად გაგიწყრეთ. არცა ჩემსა გუარის კაცსა და არცა შენს გუარის კაცსა და არცა სხუას კაცსა შენ და შენი ძმანი საძალოდ და საძაბუნოდ არა დაგანებოთ. რაც შეგუეძლოს, ძალი მოგცეთ და მოგეხმარნეთ. და, რაცა მამულისა და სახელოსა მქონებელნი იყუნეთ, მისგან არა დაგამცროთ.

თუ მოხისი მე ვიშოო, თქუენ მოგცე და არა დაგიჭირო. და, თუ სხუათგან იშოვო, ჩემით უზიანო საქმითა, არა დაგეცილოთ. იოთამს ფიცი აუხსნათ, რაცა თქუენი მკუიდრი მამულები თქუენგან მოღებით ვისმე აქუს, მისი სააჯოსა კარი არა დაგიჭიროთ. ღაზნელისძის მამული, რარიგადცა ღაზნელისძესა უანდერძებია, იმა წესითა არა მოგეშალოს და გქონდეს.

ამისდა გათავებისა თავსმდებად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი მოგუიცემიან და კაცთაგან სახლისუხუცესი ივანე და თურმანისძე როსტევან.


ლუარსაბ ადარზან რამაზ

საბუთის დათარიღება

[edit]
მზია სურგულაძე

საბუთი უთარიღოა. "კორპუსში" იგი დათარიღებულია 1555/1556 წლით. საბუთში ლაპარაკია მოხისზე, რომლის მიცემასაც ლუარსაბ მეფე ბარზი ამილახორს ჰპირდება, თუკი იგი (მეფე) მოხისს "იშოვიდა". რადგან მოხისი 1509 წლიდან ქართლის დასავლეთ მხარესთან ერთად იმერთა მეფის მფლობელობაში იყო მოქცეული ქართლის ცხოვრება,711, "შოვნაში" უნდა ვიგულისხმოთ მისი დაბრუნება ქართლის პოლიტიკურ საზღვრებში. ცნობილია, რომ ლუარსაბ I-ს იმერთა მეფე ბაგრატ III-სთან ნათესაობა და კეთილმოყვრული ურთიერთობა აკავშირებდა, ამიტომ მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება არ მომხდარა. 1555 წლის ამასიის ზავის შედეგად იმერეთის პოლიტიკურ საზღვრებში მოჰყვა ქართლის დასავლეთი ნაწილიც, როგორც "ურუმთა ქვეყანა". ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით, ოსმალეთ-ირანის ზავის პირობებს ლუარსაბ მეფე არ სცნობდა: "კიდეც თაკილობდა, ამისთვის უფრო ურჩობდეს და აქეთ ერანის თემსა და იქით ურუმის ქვეყანას არბევდეს.ფარსადან გორგიჯანიძე,215. ამ გარემოების გათვალისწინებით, ლუარსაბის სიტყვებში "თუ მოხისს იშოვიდა", სწორედ ეს, წინანდელისაგან განსხვავებული პოლიტიკური ვითარება უნდა იგულისხმებოდეს. ლუარსაბი ცდილობდა მოხისი წაერთმია არა ბაგრატისათვის, არამედ "ურუმებისათვის". ამასიის ზავამდე იგი ასეთ პირობას ბარზი ამილახორს ვერ მისცემდა. 1556 წელს კი ლუარსაბ მეფე ბრძოლაში დაიღუპა. ამდენად, საბუთის გაცემა ამასიის ზავის შემდგომ, ლუარსაბის გარდაცვალებამდე იყო შესაძლებელი.


ჩვენი აზრით საბუთი გაცილებით ადრეა შედგენილი, დაახლოებით 1530-1540 წლებში, რადგან მასში იხსენიება ადარაზან ბატონიშვილი, რომელიც 1530 წლის შემდეგ საბუთებში აღარ იხსენიება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადარნასეს მოუხსენებლობა გიორგი ყოფილ გერასიმეს შეწირულობის წიგნში, სადაც ის ჩამოთვლის მთელ თავის ნათესაობას, მათ შორის რამაზ და დიმიტრი ბატონიშვილებს, მაგრამ არ იხსენიება ადარნასეს. რაც შეეხება ლუარსაბისა და ბაგრატ მეფეთა ურთიერთობას, სიგელში ლუარსაბი ნებას რთავს ბარზი ამილახორს, რომ მან თვითონ იშოვოს მოხისი სხვა მეფეთაგან. რაც შეეხება იმას, რომ სიგელი გაცემულია თაყა ამილახვარის შვილებზე, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თაყა გარდაცვლილია (იგი სულკურთხეულად არ მოიხსენიება), არამედ შეიძლება საამილახვროს ფაქტიური გამგებლობა უკვე მისი შვილების ხელში იყო გადასული. ზემოთქმულიდან გამომდინარე საბუთი უნდა დათარიღდეს 1530-1540 წლებით

პუბლიკაცია

[edit]