Jump to content

1536-1540 წწ. - განჩინება ლუარსაბ მეფისა კათალიკოსისა და წილკნელის სასაზღვრო დავის შესახებ

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთმეფობა და პატრონობა მეფისა ლუარსაბისი. დავსხედით ბრჭენი: ჩვენ, მეფე პატრონი ლუარსაბ, პატრონი მთავარეპისკოპოსი გიორგი, იოანე, პატრონი ტფილელი დომენტი, პატრონი მროველი გედეონ, პატრონი ალექსანდრე, ერეკლე, ციციშვილი ბეგა, ფარსადან, გოსთამისშვილი მირიან, გაბაშვილი სამანდავლე, ნასიძე გულბაად და მიწობელი.

...და პატრონი კათალიკოზი და მცხეთელნი და საყდრისშვილნი და ბატონი წილკნელი ეპისკოპოსი მუხრანულსა სამზღუარსზედა ირჩოდეს.

მოვიტანეთ მცხეთისა დიდი გუჯარი და წავიკითხეთ და გავსინჯეთ. იმა შიგაი დიდი გორა შუაი შარაფხანამდისინ ეწერა. ჩუენ გავსინჯეთ და დღეს შუა შარა რომე არის, ამის მეტი სხუაი შუა შარა ვერა ვპოეთ და არცაი იყო.

ეგრევე შარაფხანასზედა რომე ეცილებოდეს მცხეთელნი, ნარეკუავის პირსა დაქცეული საყდარი არის, იმის იტყოდეს შარაფხანაად და წილკნელნი ლიის პირსა შარას აქათ ადგილსა გუიჩუენებდეს, ვითა შარაფხანა ეს არისო.

ჩუენ მოკითხული ვქენით მახსოვართა კაცთაგან და გავსინჯეთ. ნარეკუავის პირსა დაქცეული ეკლესიაი რომე არის,შარაფხანა ის ყოფილა და არის. ამას წინათაცა გაბრჭობილიყუნეს და მცხეთელთა ფიცი შევარდნოდა და ვერ დაწყობილიყუნეს. ჩუენ ამისი ასრე გავაჩინეთ და გარდაუწყვიტეთ, რომე: ზემო შარაზედა დიდი გორა რომ არის, იმას აქათ შუა შარა, რასაცა შარა-შარა ჩამოუვლის ცოტას გორამდისინ, აგრევე ცოტას გორასა გატანებით შარაფხანის ეკლესიამდის, პირმართლად ამას გასწორებით და ამას ქუემოთი, დარჩა მცხეთასა უსარჩლელად და შემოუცილებლად. აგრევე შარაფხანას ზედათი, ცოტას გორას ზედათი, შარას შიგნითი დარჩა წილკანსა უსარჩლელად და შემოუცილებლად. და შარაფხანა დასტურად, ნარეკუავისაკენ დაქცეული ეკლესიაი რომე არის, ის ყოფილა და დღესაც ისი არის.

ჩანართი საბუთი: 1527-1539 წწ. - განჩინება ბატონ ბაგრატისა და ათანასე აბრამიშვილის მამულის საქმეზე

ღმრთის შეწევნით, ამისი ასე გარდასწყდა. ჩიქუნურთა სამზღუარსა ზედა ბატონი ბაგრატ და აბრამისშვილი ათანასე ირჩოდეს. და ათანასეს მეფის ბატონის კოსტანტინეს სიგელი ჰქონდა და პატრონი ბაგრატის ხელიც ერთო იმ სიგელშიგა.

ამისი ასრე გავაჩინეთ: წადგეს თვითან ათანასე, ერთი მცხეთიშვილი სხვა და ორი მუხელი კაცი, დაიფიცოს ასრე, რომე: "ამა სიგლითა მეფის კოსტანტინესგან აქამდისინ მამცემია". რაც დაიფიცოს, დარჩეს ათანასეს და ჩამოეხსნას პატრონი ბაგრატ. და რაც ვერ დაიფიცოს, ჩამოეხსნას ათანასე.

ამას წინათ ნაბრჭობი ესე საფურცლე მისის ზღურითაი, ბელტის ციხე და კუნელთა და მისაქციელი მისითა მზღურითაი, ქუემოთ არაგვამდე, ზემოთ ღელემდი ტ...შირისა წილკნისაკენ, ვარდისუბნამდე, მაღლა საფურცლის მზღურამდე, ზემოთ გარდამოსახედავამდი ნაოზამდისი, მზღურითა დაბლაი არაგვამდე, აქათ ბუნდრულის ღელემდე, იქით ოხერ-ხიდის მზღურამდე, მაღლა წუერამდე, ბაგაი მისითა მზღურითა. ზემო შაბურის წისქვილის ჩამოღმაი ძუელს ეკლესიამდე, დაბლა არაგვამდე. აშს ოდიშელიძენი მათითა მზღურითა და მამულითა; ხანდაკს კირაულნი მათითა მამულითა და მზღურითა; თეკენა მისითა მზღურითაი; ზემოთ ლაგამიანთ კარამდე; აქათ საფარეხის სამძღურამდე, დაბლაი საფურცლის სამძღურამდე; ციხებდავი მისითა მზღურითა. აღმოსავლით, საფუნდრუკოს კალოს აქეთ ჩამოსწორ, ძაგამას ღელემდე, მაღლა ლალის წყაროს მთამდე; გარდმოვლით სასირის ღელემდე, ჩავლით ყურისუბნის გზამდე, გარდახედვით ჭაპარტაკე, გოგოლიანი მისითა მზღურითა; აღმოსავლით ძალისამდე; ზემოთ ნარეკუავით ჩამოსავლამდე; ყურისუბანი მისითა მზღურითა. დასავლით სუმბიანთ მზღურამდე, დაბლა დიდს რუმდე, ზემოთ თავის მზღურამდე; გრემისხევი თავის შემოსაზღვრებით, მცილებელნი არავინ ჰყვანან; აღაიანი, კვარხეთი, ტურათა და აგარაი ჩანგილართ დაბლაი, ღელეს გარდავლით ქვაქაცამდი, ჩავლით ჩაღმართ მტკურამდი, კასპის მზღურამდი, ქსნის შესართავამდე, და ამოვლით მუხნარით კერძო ქსნამდი, წყალშატროვანი, მუხანი, გოროვანი, წეროვანი, კაპინასშვილნი, საგუდე და ბოდკო. რუსხმულს დაღმაი, ჩიქუნურთ სამძღუარსა გასწორ, შარაფხანამდე, ნარეკუავის პირს ჩავლით ღართის კარამდე და ზემოთ ღიჭათ მთამდე განსაზღურებით. კოდმანი მისითა მზღურითა და სავანეთი მისითა მზღურითა, ახალციხე მისითა მზღურითაი.

ეს ასრე გარიგდა ხელმწიფის ბძანებითა. ყველა რიგითა და სამძღურით განგუსამძღვრავს და გაგვირიგებია. ნუვინ მოშლით.

მტკიცეა.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთი უთარიღოა.

ი. დოლიძე საბუთს ათარიღებდა ლუარსაბ მეფის ზეობის წლებით 1527-1556 წწ.

კორპუსში ქვედა ზღვრად აღებულია 1536 წ., როცა საბუთებში ჩნდება დომენტი ტფილელი და ზედა ზღვრათ 1540 წ. - ბაგრატ მუხრანბატონის გარდაცვალების თარიღი.

პუბლიკაცია

[edit]