Jump to content

1508 წ. 05.01. - ნასყიდობის წიგნი ქავთარასძისა პატრონ ნესტარჯანისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ესე დაწერილი დაგიწერეთ და მოგახსენეთ ჩუენ, ქავთარასძემან... და ჩუენთა შვილთა შალვა და ივანე და მომავალთა სახლისა ჩუენისათა ყოველთავე, თქუენ, პატრონთა, მეფეთა და პატრონისა დავითის სიდედრსა და პატრონისა ამირსპასალარისა პატრონისა ყუარყუარესა ცოლ-ყოფილსა, პატრონსა ნესტარჯანს და ძესა თქუენსა ათაბაგსა თამთანსა და მისთა ძმათა, საზუერელსა და სალუყაზანსა.

მოგყიდეთ ჩუენგან ძუირად და სამკუიდროდ და საუკუნოდ ნასყიდი წითლისძისეული ვენახი ხევთა შუა მისითა სამძღურითა, ყოვლითურთ უკლები, წყლითა. ასრე რომე გარდავიხდიდეთ აღაპსა, რარიგადაც გავრიგდით. ავიღეთ თქუენგან ფასი სრული და უკლები, რარიგადაც გული ჩუენი შესჯერდებოდა - თანგა ათასი ორმოცი ახალი - პატრონისა მეფეთა-მეფისა დავითისა მოწმობითა და ნებადართვითა.

აწე, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან თქუენ პატრონისა ათაბაგ-ამირსპასალარისა ყუარყუარეს თანამეცხედრე-ყოფილსა პატრონსა ნესტარჯანს, და ძეთა თქუენთა: საზუერელსა, სალუყაზანსა და შვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.

ხელგეწიფების გასყიდად, გაზითვებად და საყდრისათუის შესაწირავად. და რადცა ფერად გუბრძანებია, ვერავინ მოგესარჩლოს. და თუ ვინმე მოცილე და მოსარჩლე გამოჩნდეს, ჩუენ ქავთარისშვილნი შალვა და ივანე ვიყუნეთ პასუხისა გამცემნი...

დაიწერა მტკიცე სიგელი ესე ჟამსა მეფეთა-მეფისა პატრონისა დავითისა, ქორონიკონსა რჟვ, თუესა მაისსა ერთსა, ხელითა ქვათახევისა წინამძღურისა მახარებლისათა.


მინაწერები:

  1. ხელისა ჩასართავად ოცდაათი გიორგუალაი თანგა აქა მონასტერსა.
  2. თქუენ პატრონი ნესტანჯარ და თქუენნი ძენი მოჰბრძანდით მონასტერსა შიგა, პურიცა გაჭამეთ და ვენახიცა დაგანებეთ. ამისი მოწამენი არიან: ქვათახევისა კანდელაკი დემეტრე, ერთსულებით კრებულნი. მე, გლურჯიძე სეფედავლე შუა დავხუდი. მოსაქმე ვიყავ და მოწამეც ვარ. ვინცა ეს აღაპი მოგვიშალოს, ჩვენგანამც ის განიკითხვის დღესა მას განკითხვისასა...
  3. ქ. სიგელი სააღაპო რომნაძისა კარგაღებული.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რჟვ (196) ანუ 1508 წელი, 1 მაისი.
საბუთის გამცემების სახელს ე. თაყაიშვილი კითხულობს, როგორც "ქავთარასშვილთა შალვა და ივანე", ხოლო კორპუსშია წაკითხვა "ქავთარასძემან...  და ჩუენთა შვილთა შალვა და ივანე". საინტერესოა, რომ ნესტანდარეჯანის მეორე საბუთში 1520 წ. 10.09. - შეწირულების წიგნი ნესტარჯან-ყოფილ ნინოსი ქვათახევისადმი შალვა და ივანე კახაბრიშვილებად არიან მოხსენიებულები.

თამთანის სახელი აღდგენილია ქ. შარაშიძის მიხედვით, ხელნაწერში მისი სახელი ერთგან ჩამოჭრილ ადგილასაა, ხოლო მეორეჯერ ამოშლილია და აღდგენილია ნესტანდარეჯანის მეორე სიგელის მიხედვით.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]