1483 წ. 12.5. - სასისხლო სიგელი კონსტანტინე მეფისა თოდაძეებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახიერითა ღმრთისა, არსისა მბადისა და გარემოუწერელისა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, ჩუენ, მეფეთა-მეფემან იესიანმან, დავითიანმან, სოლომონიანმა, ზეგარდმო ცხებულმან ღმრთიულმან გვირგვინოსანმან და სრულიად ჩუენთა ლაშქართა, რანთა, კახთა, აფხაზთა, ქართველთა, ჯიქთა, სვანთა, მესხთა, შანშე და შარვაშთა, ლიხთ იმერთა და ლიხთ ამერთა, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ჩრდილოეთისა და ყოულისა საქრისტიანოსა პირველ დასაბამითგან და ვიდრე უკუნისამდისა ნებითა ღმრთისათა ხელმწიფედ ფლობით მპყრობელმან და შორს წარჩინებულმან, ღმრთიულ-გვირგვინოსანმან და ორთავე ტახტთა ფლობელ-მპყრობელმან დიდმან კონსტანტინე.

დაგვეაჯნეს ჩუენი დიდად და თავდადებით ნამსახური, ფარიჯანიანი სარგის და გიორგი და ვითა მათისა[1] ერდგულისა ყმისა თოდოძესა ვარდან და გიორგი თოდოძენი დაგუვეაჯნეს.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თოდოძენისა, ვქენით მოკითხული მათი გუვარისა ძველისა და ახლისა და ესე შევიგენით: ერთობ წმინდა ქებული მსახური კაცი ყოფილან ხატითა, აბჯრითა, შინა და გარე ყმითა, ყოულითა იარაღითა თოდოძენი ვარდან და გიორგი.

მერმე დავსხედით თავად პატონი მეფეთ-მეფე კოსტანტინე და ჩუენი დარბაისელნი და გაუჩინეთ სრული და უკლები სისხლი თოდოძეთა - ორას სამოცი ათასი თეთრი სისხლად დაგეურებოდეს დიდთაგან და მცირეთაგან, უზედაესთა და უქუვედაესთაგან.

ესე ჩუენგან ნდომით გაჩენილი სისხლი ორას სამოც ათასი თეთრი გაგვიჩენია. სისხლად დაგეუროს საზაოსა და სანახშიროსა გარეთ. და ცამეტი ათასი თეთრი სანახშიროდ გარდაგიხადოს. ნუმცა ოდეს კადრებულ არს შლად და ქცევად[2] ამისდა, რომე ღმრთისა სამართლისა ზედა შეუშვით.

ლაშქარსა ვიყავით, სამი თათარი გამოირჩია ყაინმან, ვითა სამი ქრისტიანე შეაბითო სამართალსა ზედა. მერმე ერთი ესე თოდოა ვარდან შევაბით და ორი სხვა. იპრიანა ღმერთმან და სამივე დაჭრეს და მოკლეს. ამისდა საჯილდოდ გაუჩინეთ სრული და უკლები სისხლი - ორას სამოცი ათასისა გაგვიჩენია და გქონდეს ძეგლი ესე აწა და უკუნისამდის.

აწა, ვინცა ცოლი წაგიღოს და ანუ ასული დაგიგდოს, ნახევარი სისხლი დაეუროს.

ვინცა დიდსა პატონსა ჩაგასმინოს, მართალი ანუ ღალატი ეცადოს, ნახევარი სისხლი დაეუროს.

ვინცა შიგნით დაგესხას და ანუ დაგწვას, იგივე ნახევარი სისხლია.

ვინცა ჯოგი გაგიტეხოს პირუტყუსა და ანუ ცხენისა, თუთხმეტი ათასი თეთრი გარდაგიხადოს და ნაძარცვი შემოგაქციოს.

ვინცა მკუდარი გაგიძარცოს და ანუ სასაფლაო გაგიტეხოს, თორმეტი ათასი თეთრი გარდაგიხადოს.

ვინცა უსამართლო ჭორი დაგიგდოს უმეცროდ, თუ მართალი დარჩე, ნახევარსა სისხლსა ემატოს.

ვინცა ბაზიარი ანუ მეჯოგე გიცეს, ხუთი ათასისა თეთრისა გარდაგიხადოს. ვინცა უომარი ვაჟი ან ქალი სცეს და ანუ გაძარცოს, მეოთხედი სისხლი გარდაგიხადოს.

ვინცა ცოლი გაგიუპატიოს ძალითა, იგივე მეოთხედი სისხლი დაგეუროს. სხვა - ნაკოდი, ნაძარცვი, საუპატიო სასიგლო საქმე ზემო სასისხლოსაგან იანგარიშეთ და მათითა წესითა დაეუროს.

აწა, ვინცა ნახოთ ბრძანება ესე ჩვენი მეფეთა, დიდებულთა, თავადთა, ეფისკოპოზთა, ერისთავთა, ეჯიბთა, მსახურთუხუცესთა, ოთხმიზორთა, მოლარეთუხუცესთა, მესტუმრეთა, მეჯინიბეთუხუცესთა და ყოველთა კარისა ჩუენისა ვაზირთა და მოურაუთა, ხელისა მქონებელთა, ერთბამად დაუმტკიცეთ.

აწა, ქრისტეს მიერ კურთხეულნო ებისკოპოზნო, ქათალიკოზნო, ესე ჩუენი გაჩენილნი სიგელი, თქუენითა ჯუვარითა და კურთხევითა, თქუენცა აგრე დაუმტკიცეთ. ამისნი დამხდომნი და მოწამენი არიან: მერე შავასძე ჯაენი, ცოტნე ფარჯანიანი ერისთავი, მონელასძე გიორგი, გელაზ ...არიანი.

დაიწერა სიგელი სასისხლო ესე თვესა დეკენბერსა ხუთსა და დღესა პარასკეუსა[3] ჯუარისასა პატიოსნისასა, ჟამსა მეექუსესა, ხელითა კარის მწიგნობრისა ფილიპესითა.

ამა სიგელსა შიგან ესეცა დაგვიწერია და გაგვიჩენია: მეპატრონესა კაცსა აბჟანდსა ჩამოეზიდოს, წყალობა უყოს და უბოძოს სამართალი გიორგის და ვარდანს. მომავალსა მათსა გუვარსა ფანჯიკი არა გეთხოებოდეს.

აწა, ვინცა ესე სიგელი დაწერილი უარყოს, კრულ, წყეულ, შეჩვენებულიმც არის ქრისტეს მადლითა. და ნაწილი მისი ურწმუნოსა თანა დაიდების; შემცა-ედების დანთქმა დათან და აბირონს თანა დიდსა დღესა მას განკითხვისა, აქა და საუკუნოსა.

ქ. მტკიცე არს ნებითა ღმრთისა, ამენ და უკუნისამდენ.


  1. გადასწორებული ტექსტი აღდგენილია ს. კაკაბაძის მიხედვით. ამჟამად აქ იკითხება: მარად მთავარანგელოზის ეკლესიის კარს
  2. გადასწორებული ტექსტი აღდგენილია ს. კაკაბაძის მიხედვით. ამჟამად აქ იკითხება: მთავარანგელოზი ჭაჩხურის კარითა
  3. 5 დეკემბერი პარასკევი იყო 1483 და 1488 წლებში.

დათარიღება[edit]

1924 - სარგის კაკაბაძე

სარგის კაკაბაძე საბუთს კოსტანტინე დიმიტრის ძის მიერ იმერეთის დაჭერის დროით, ანუ 1486-1488 წლებით ათარიღებს.


2014 - დარეჯან კლდიაშვილი

დარეჯან კლდიაშვილი იზიარებს ს. კაკაბაძის მოსაზრებას და საბუთს ისიც 1486-1488 წლებით ათარიღებს.


2017 - გონელი არახამია

გონელი არახამია ყურადღებას აქცევს საბუთის გაცემის დღეს 5 დეკემბერი, პარასკევი და რადგანაც 5 დეკემბერი პარასკევ დღეს 1483 და 1488 წლებში მოდიოდა, საბუთს 1483 წლის 5 დეკემბრით ათარიღებს

პუბლიკაცია[edit]