Jump to content

ცხორება სამცხე-კლარჯეთისა

From Wikisource
აღწერა საჩინოთა ადგილებთა სამცხე-საათაბაგოსი ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
აღწერა ეგრისის ქუეყანისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა


სამცხე

პუბლიკაციები

[edit]

ტექსტი

[edit]

ცხოვრება სამცხე კლარჯეთისა

[edit]

ხოლო ოდეს მოვიდნენ ძენი მცხეთოსისანი ოძრახოს და ჯავახოს ხუედრთა თჳსთა ქუეყანათა შინა, ამათ აღაშენეს რომელნი აღვსწერენით და დაეშენნენ იგინი, და ძენი და ნათესავნი მათნი განითესნენ ქუეყნებთა ამათ შინა. და იყვნენ მარადის ნათესავნი და ჩამომავალნი ამათნი მორჩილებასა შინა მცხეთის მამასახლისისასა და თაყუანისმცემელნი ქართლოსის საფლავისანი და მფუცავნი ქართლოსისანი, ვიდრე ფარნაოზ პირველის მეფისამდე. ხოლო გამეფდა რა ფარნაოზ და დაიპყრა ყოველი საქართველო, ამან ფარნაოზ დასხნა ერისთავნი თჳსნი: ერთი ოძრახოსს და მისცა წილი ოძრახოსი, მეორე წუნას და მისცა წილი ჯავახოსი, მესამე კლარჯეთს და მისცა სრულიად რომელი თჳთ დაიპყრა. და იყო ქუეყანა ესე ესრეთ სამ საერისთოდ მრავალთა წელთა, თჳნიერ მიხუმისა სომეხთა მეფის იარვანისაგან წუნისა და არტანისა, რომელი კუალად დაიპყრეს აზორკ და არმაზელ მეფეთა. და კუალად შემდგომად ჟამსა მეფის ვარზა-ბაქარისასა მიუღეს რა მას სპარსთა რანი და მოვაკანი, მაშინ უკუდგნენ მისგან კლარჯნი და მიერთუნენ ბერძენთა და იყვნენ მორჩილებასა შინა მათთა რაოდენმე წელ. ხოლო ორნი იგი საერისთონი იყვნენ ქართველთავე მეფეთა მორჩილებასა შინა.

ხოლო შემდგომად დაიპყრა გორგასალ მკლავითა თჳსითა და გამოუხუნა ბერძენთა და შემდგომად სიკუდილისა თჳსისა მისცა ძეთა თჳსთა სამნი ესე საერისთონი ლევანს და მირდატს, ბერძნის კეისრის ქალის ნაშობთა. და შემდგომად მოკუდა რა ლეონ გაუცვალა დაჩი მეფემან ძმასა თჳსსა მირდატს ქუეყანა და დაიპყრა თჳთ ეგრისის მდინარის იქითი დასავლეთის წილი, და მირდატს მოსცა ჯავახეთი ფანავრიდამ მტკურამდე და დაიპყრა მირდატ ტაშის კარიდამ ზღუამდე და ერისთავთ-ერისთაობდა ქუეყანათა ამათ, და მორჩილებდა მეფეთა ქართველთათა. ხოლო ამ მირდატისა თანა მოვიდა ნათესავი დავით წინასწარმეტყუელისა შჳდთა ძმათაგანი გურამ და ითხოვა მისგან მკჳდრობა მის თანა. ხოლო მირდატ შეიწყნარა და შეიყუარა იგი სიკეთისა მისისათჳს და მისცა დაჲ თჳსი გურამს ცოლად და სამკჳდრებელი ტაო, რომელსაცა შემდგომად უწოდა ტაოს ერისთავად, და მორჩილებდა ესე გურამ ყოვლითავე მირდატს.

არამედ ესე გურამ ნათესავ-ჩამომავალი იყო დავით წინასწარმეტყუელისა ესრეთ, რამეთუ მეფემან დავით შვა სოლომონ, სოლომონ შვა რობოამ, რობოამ შვა აბია, აბიამ შვა ასა, ასამ შვა იოსაფატ, იოსაფატ შვა იორამ, იორამ შვა ოქოზია, ოქოზიამ შვა იოას, იოას შვა ამასია, ამასიამ შვა ოზია, ოზიამ შვა იოათამ, იოათამ შვა აქაზ, აქაზ შვა ეზეკია, ეზეკიამ შვა მანასე, მანასემ შვა ამონ, ამონ შვა იოსია, იოსიამ შვა იექონია, იექონიამ შვა სალათიელ, სალათიელ შვა ზორაბაბელ, ზორაბაბელ შვა აბიუდ, აბიუდ შვა ელიაკიმ, ელიაკიმ შვა აზორ, აზორ შვა სადუკ, სადუკ შვა აქიმ, აქიმ შვა ელიუდ, ელიუდ შვა ელიაზარ, ელიაზარ შვა მატათა, მატათამ შვა იაკობ, იაკობ შვა იოსებ და კლეოპა, კლეოპამ შვა ნაომ, ნაომ შვა სალა, სალამ შვა რობოამ, რობოამ შვა მუხთარ, მუხთარ შვა ელიაკიმ, ელიაკიმ შვა ბენიამენ, ბენიამენ შვა იერობემ, იურობემ შმა მოსე, მოსემ შვა იუდა, იუდამ შვა ელიაზარ, ელიაზარ შვა ლევ, ლევმან შვა იორამ, იორამ შვა მანასე, მანასემ შვა იაკობ, იაკობ შვა მიქია, მიქიამ შვა იოაკიმ, იოაკიმ შვა იურობემ, იურობემ შვა აბრაჰამ, აბრაჰამ შვა იობ, იობ შვა აქაბ, აქაბ შვა სჳმონ, სჳმონ შვა იზაქარ, იზაქარ შვა აბია, აბია შვა გაად, გაად შვა ასერ, ასერ შვა ისააკ, ისააკ შვა დან, დან შვა სოლომონ, სოლომონ შვა შჳდნი ძმანი ესენი: ბაგრატ, აბგავარ, მობალ, გურამ, სააკ, ასამ და ვარზავარდ. ესენი წარმოვიდნენ ფილისტიმიდამ და მოვიდნენ რაქაელ დედოფლისა თანა. ამან რაქაელ დედოფალმან ნათელ-სცა ამათ და ბაგრატ შეიყვანა თჳთ სიძედ და აბგავარ და მოაბალ ამზახლა სომეხთა მეფესა.

ხოლო ოთხნი ესენი გურამ, სააკ, ასამ და ვარზავარდ მოვიდნენ ქართლს. გურამ დაისიძა მირდატ ძემან ვახტანგ გორგასლისამან ქსა ფ̃ჱ. ქ{ა}რ ს̃ჲ, და სამნი განვიდნენ კახეთს, სააკ ემზახლა ბაკურს ძესა ნერსესსა და ორნი ასამ და ვარზავარდ მივიდნენ კამბეჩოვანს, გარდაუქციეს ერი ვეზანს ერისთავსა სპარსთასა და მოკლეს იგი და დაიპყრეს ამათ კამბეჩოვანი და ცხორებდნენ ხორნაბუჯს ძენი მათნი, ვიდრე სტეფანოზისა და ადარნასეს ხოსროვანისამდე.

ხოლო გურამ ტაოს ერისთობასა შინა შვა ძე მირდატის დისაგან და უწოდა სახელად ბაგრატ, ძმისა თჳსისა ბაგრატის სახელი. კუალად შვა მისგანვე მეორე ძე, რომლისა ძის ძემან შემდგომად სტეფანოზისა დაიპყრა რომელნიმე კლარჯეთისა და ჯავახეთი, რომელსა მისცა მეფემან არჩილ მოწამემან ძმისწული თჳსი მირ მეფის ასული ცოლად. არამედ შემდგომად ერისთავთ-ერისთავი მირდატ მოკუდა ქსა, ფ̃კზ, ქარ ს̃ოთ. ხოლო გურამ ტაოს ერისთაობასა შინა მოკუდა ქსა, ფლბ ქარ სპდ, და დაუტევნა ძენი ტაოს. მორჩილებასა შინა მირდატის ძისათა.

და შემდგომად მირდატის სიკუდილისა დაიპყრეს ძეთა მირდატისთა ნაქონები მამისა თჳსისა. ამათ მორჩილებდა ძე გურამისა ბაგრატ და ძენი მირდატისნი მორჩილებდნენ ქართველთა მეფეთა. ხოლო შემდგომად მოვიდა სპარსთა მეფე ქსა ფ̃ლვ, ქარ ს̃ჱ. და დაემორჩილა სპარსთა მეფესა მეფე ფარსმან ქართლისა, და ძენი მირდატისანი განდგნენ ფარსმან მეფისაგან და მიერთუნენ ბერძენთა.

მიერითგან განიყვნენ ძენი გორგასლისანი: მეფენი ქართლისანი ერჩდნენ სპარსთა და ძენი მირდატისანი ერჩდნენ ბერძენთა. ხოლო შემდგომად მოკუდა ბაგრატ ერისთავი მორჩილებასა შინა მირდატის ძისათა ქსა ფ̃ჲჱ, ქარ ტ̃კ და დაუტევა ძე გურამ სახელით. არამედ ამათვე წელიწადებთა მოსწყდნენ ძენი მირდატისანი, ძისა ვახტანგ მეფისანი, და ამათ არა დაუტევეს ძენი, რომელთა დაუმკჳდრეს სამკჳდრებელნი თჳსნი პაპიდისწულსა თჳსსა გურამს და უწოდეს მირდატოვანი. და ამან გურამ ძემან ბაგრატისამან შემდგომად მათსა დაიპყრა ნაქონები მათი ტაშისკარ-ფანავრიდამ, ვიდრე ზღუამდე, და მერმე შეიცვალა სახელი მირდატოვნობისა ბაგრატიონად მამისა თჳსისა სახელისათჳს.

ხოლო მოსლვასა სპარსთა ქასრე აბარვეზირისასა მიევლტო ეს გურამ უმეტეს ბერძენთა, ვიდრეღა სპარსთა, და ამისთჳს კეისარმანცა მოსცა სიგლითა ქუეყანა ესე და კურადპალატობა გურამს. და შლილობასა ამას შინა იყო გურამ მსახურებასა და მორჩილებასა ბერძენთასა და ეპყრნენ წინჴსენებულნი ქუეყანანი. ხოლო წელსა ქსა ფ̃ოე, ქარ ტ̃კზ, თხოვნითავე ქართველთათა მოსცა ამ გურამ კურადპალატსა მეფობა საქართველოსი კეისარმან იუსტინე, და გამეფდა ვითარცა აღვსწერეთ, და ამით კუალად შეერთდა სამცხე-კლარჯეთი და ყოველი საქართველო ერთ სამეფოდ.

ხოლო მოკუდა ესე გურამ ქსა ქ̃, ქარ ტ̃ნბ, და დაუტევა ძენი ორნი: სტეფანოზ და დიმიტრი. დიმიტრი აღესრულა, ვითარცა აღვსწერეთ, ხოლო სტეფანე ერისთავთ-მთავარი მოკუდა ქსა ქ̃ით. ქარ ტ̃ოა. და მიუხუნეს ბერძენთა სპერი და ბოლო კლარჯეთის ზღჳს პირნი.

ამას დაუშთა ძე ერთი გურამ. ამან გურამ შემდგომად მამისა თჳსისა დაიპყრა კუალად კლარჯეთი და მსახურებდა ბერძენთა და მერმე დაიპყრა სამცხეცა. ამავ გურამის ჟამსა შინა გამოვიდა მურვან ყრუ.

ამან ყრუმ მოაოჴრა ყოველი ქუეყანა კლარჯეთისა, შავშეთისა, ტაოსი, სამცხისა და ჯავახეთისა. მაშინ ამან გურამ ავნო დიდი სპათა მისთა და განერა კლარჯეთსა შინა თჳთ უვნოდ მისგან. ამას გურამს კეისარმან კოსტანტინემ სიმჴნისა მისისათჳს მოსცა კუალად კურადპალატობა და ქუეყანა, რომელი ეპყრა პირველ პაპასა მისსა. ამავე ჟამებთა მოსცა მეფემან არჩილ მოწამემან ამ გურამის პაპის მამის ძმისწულს და გურამ კურადპალატის ბიძის ძის ძის ძეს, რომელსა ამავ კურადპალატისაგან აქუნდა ერისთობა მას ჟამსა შინა კლარჯეთისა და ჯავახეთისა, ასული მირ მეფისა ცოლად და თჳთ არჩილ მეფემან შეირთო ასული ამ გურამ კურადპალატისა (არამედ საგონებელ არს ადარნასე, რომელი დადგინებულ იყო არეთა სომხითისათა და მოვიდა არჩილ მეფისა თანა, იყო ამათგანივე ბაგრატიონი, რომელსაცა მისცა არჩილ მეფემან ასული მირ-მეფისა და კუალად რომელნიცა არა შეუშვნა ამან გურამ კურადპალატმან კლარჯეთს და მათ აღაშენეს ციხე კალმახი, იგინიცა იყვნენ ამათგანნივე).

ხოლო ამისა შემდგომად მოკუდა გურამ კურადპალატი ქსა ქ̃ოჱ, ქარ უ̃ლ, და დაუტევა ძე ერთი ვარზაბაკურ. ამან ვარზაბაკურ დაიპყრა ნაქონები მამისა თჳსისა, მერმე მოსცა კოსტანტინე კეისარმან ანთჳპატობა და შემდგომად მეფემან არჩილ მოსცა ვარზაბაკურს გარდაბანი და ამან მოაქცივნა სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა გარდაბანელნი.

შემდგომად მოკუდა ვარზაბაკურ ქსა ღ̃ე, ქარ უ̃ნზ, და დაუტევა ძე მხოლოდ ნერსე და ნერსემ დაიპყრა ყოველი ესე ქუეყანა და ერისთავთ-ერისთაობდა მორჩილებასა შინა ბერძენთასა.

შემდგომად მოკუდა ნერსე ქსა ღ̃მბ, ქარ უ̃ჟე და დაშთნენ ძენი სამნი: ადარნასე, სტეფანოს და ფილიპე. არამედ ადარნასემ დაიპყრა ერისთავთ-ერისთაობა და ქუეყანა მამისა თჳსისა და მისცა ძმათა თჳსთა ერისთობა კლარჯეთს და მორჩილებდა ბერძენთა.

ხოლო ამ ადარნასეს ესხნენ ძენი ორნი: აშოტ და გურგენ, და ასული ერთი ლატავარ. ეს ემზახლა ძესა არჩილ მეფისასა ჯუანშერს და ამან ჯუანშერ შეირთო ცოლად ლატავარ. შემდგომად ამანვე ადარნასემ იცვალა ნასამალი ჯუანშერისაგან კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქუემო ტაოსი. და კუალად ციხეთაგან, რომელი აქუნდა ძის ძეთა ვახტანგ გორგასლანისათა. მერმე მივიდა კლარჯეთს და მოკუდა ადარნასე ქსა ღ̃ოთ, ქარ ფ̃ლა და დაუტევა ძენი ორნი აშოტ და გურგენ.

ხოლო ამან აშოტ დაიპყრნა ყოველნი წინჴსენებულნი ქუეყანანი და მისცა ძმასა თჳსსა გურგენს ერისთობა, რამეთუ წინჴსენებულნი იგინი ყოველნი მოწყუედილნი იყვნენ. შემდგომად განძლიერდა აშოტ და მორჩილებდა ბერძენთა.

ამას აშოტს მოსცა კეისარმან კურადპალატობა და შემდგომად დაიპყრა ქართლი და გამეფდა, ვითარცა აღვსწერეთ, არამედ მეფობასა შინა მოკლეს არტანუჯის ციხის ეკლესიასა შინა აშოტ ქსა ყ̃კვ, ქარ მ̃ვ და დაუტევნა ძენი სამნი: ადარნასე, ბაგრატ და გურამ მამფალი. და შემდგომად აშოტის სიკუდილისა დაშთნენ ესენი არტანუჯის ციხესა შინა და იზრდებოდნენ მუნ. გარნა წარუღეს გარემონი ყოველნი სარკინოზთა და შემდგომად აღიზარდნენ რა, დაიპყრნეს მათვე ყოველნი ნაქონებნი მამათა თჳსთა, თჳნიერ ქართლისა.

ხოლო მოვიდა რა მაჰმად, მოვიდა მის წინაშე ბაგრატ ძე აშოტისა და მან მაჰმად მოსცა მეფობა და დაიპყრა ქართლი ბაგრატ და ზემო ქართლი, რომელ არს სამცხე, და ადარნასემ ძმამან მისმან კლარჯეთი და გურამ მამფალმან ძმამანვე მისმან ჯავახეთი, თრიალეთი, აბოცი და რომელნიმე სომხითისანი, რამეთუ გურამ მამფალსა ესუა ცოლად ასული სომეხთა მეფისა და მორჩილებდნენ ბაგრატს, ვითარცა აღვსწერეთ. ხოლო გურამ მამფალს ესხნენ ძენი: აშოტ და ნასრ, და ასული ერთი, რომელი შეირთო ცოლად აფხაზთა მეფემან ადარნასემ, და ამისთჳს შუელოდა გურამ მამფალი აფხაზთა მეფესა. არამედ ნასრ მოკლა დავით მეფე და შემდგომად მისთჳს მოკლეს ნასრცა ქსა ყ̃პჱ, ქარ რ̃ჱ, და მოკუდა გურამ მამფალი მამა მის ნასრესი ქსა ყ̃პბ, ქარ რ̃ბ. და ძე მამფალისა ამის აშოტ მოკუდა ქსა ყ̃ჲთ, ქარ პ̃თ. ამათ არა დაუტევეს ძენი და მოსწყდნენ თესლნი მათნი.

ხოლო ადარნასეს, ძესა აშოტ კურადპალატისასა ესხნენ სამნი ძენი: გურგენ, სუმბატ და აშოტ კეკელა. და ამ გურგენს მოსცა კეისარმან კურადპალატობა და შემდგომად მოკუდა ეს გურგენ ქსა ყ̃ჟა, ქარ რ̃ია, და ამან გურგენ დაუტევნა ძენი ორნი: ადარნასე ერისთავთ-ერისთავი და აშოტ კუხი. მოკუდა ეს აშოტ კუხი ქსა შ̃იჱ, ქარ რ̃ლჱ. ამან არა დაუტევა ძე. მოკუდა ადარნასე ერისთავთ-ერისთავი ქსა ყ̃ჟვ, ქარ რ̃ივ, და ამან ადარნასემ დაუტევნა ძენი გურგენ ერისთავთ-ერისთავი და დავით ერისთავთ-ერისთავი. გარდაიცეალა ეს გურგენ ერისავთ-ერისთავი ქსა შ̃იდ, ქარ რ̃ჲა, მოკუდა ძმა მისი დავითცა ერისთავთ-ერისთავი და არა დაუტევნეს ამათ ძენი. ხოლო მოკუდა აშოტ კეკელა, ძე ადარნასესი, ქსა ყ̃ჲზ, ქარ პ̃ზ და არა დაუტევა ამან ძე. ხოლო სუმბატს, ძესა ადარნასესა, მოსცა კეისარმან ანთიპატობა და დაიპყრა ამან არტანუჯი. ამისთჳს უწოდა არტანუჯელი.

მოკუდა ეს სუმბატ არტანუჯელი ქსა ყ̃პთ, ქარ ს̃ჱ. ამან დაუტევნა ძენი: ბაგრატ არტანუჯელი მამფალი და დავით, რომელი შემდგომად მონაზონ იქმნა. ხოლო მოკუდა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი ქსა შ̃თ, ქარ რ̃კთ. ამან დაუტევნა ძენი: ადარნასე, აშოტ, დავით ერისთავთ-ერისთავი და გურგენ ერისთავი. არამედ ესე ადარნასე შემონაზონდა და უწოდეს ბასილი. მოკუდა ესე ბასილი ქსა შ̃მე, ქარ რ̃ჲე. მოკუდა აშოტ ძმა მისი ქსა ზ̃ლთ, ქარრ̃ნთ; მოკუდა დავით ერისთავთ-ერისთავი, ძმა ამათი, ქსა შ̃ჱ, ქარ რ̃კჱ. და ამათ არა დაუტევნეს ძენი. მოკუდა გურამ ერისთავი, ძმა ამათი, ქსა შ̃კგ, ქარ რ̃მგ. ამან დაუტევა ძე გურამ, მოკუდა ესე გურამცა ქსა შ̃ჱ, ქარ რ̃პჱ.

ხოლო ძე სუმბატ ანთიპატისა დავით, რომელი მონაზონ იქმნა, მოკუდა ქსა შ̃ჲგ, ქარ რ̃ჲგ, და ამან დაუტევა ძე სუმბატ. მოკუდა ესე სუმბატ ქსა შ̃პჱ, ქარ რ̃ჱ, და ამან დაუტევნა ძენი დავით და ბაგრატ; მოკუდა ესე დავით და არა დაუტევა ძე. ხოლო მოკუდა ბაგრატცა ქსა შ̃პჱ, ქარ ს̃ჱ. და დაუტევა ამან ძენი გურგენ და სუმბატ.

და ესენი შეიპყრნა მეფემან ბაგრატ და დაიპყრა სრულიად სამცხე და კლარჯეთი და ჰყო ერთ სამეფოდ ქართლისა თანა.

ხოლო მოკუდა გურგენ ქსა ჩ̃იბ, ქარ ს̃ლბ, და ამან დაუტევა ძე დიმიტრი; მოკუდა სუმბატცა ქსა ჩ̃ია,ქარ. ს̃ლა, და დაუტევა ამან ძე ბაგრატ. ხოლო ესენი ბაგრატ და დიმიტრი შეპყრობისა თანა მამათა მათთასა წარივლტოდენ კონსტანტინეპოლედ და მუნ მოსწყდნენ. ხოლო ბაგრატ მეფე, ძე აშოტ დიდის კურადპალატის მეფისა, რომელიცა გამეფდა ქართლს და აღვწერეთ ცხორება და სიკუდილი მისი მეფეთა თანა ქართლისათა, ამან მეფემან ბაგრატ დაუტევნა ძენი სამნი, დავით, აშოტ და ადარნასე, მოკუდა ესე ადარნასე ქსა ყ̃ოდ, ქარ ჟ̃დ, მოკუდა აშოტ ძმა მისი ქსა ყ̃პე, ქარ რ̃ე, და ამათ არა დაუტევეს ძენი, ხოლო დავით იქმნა მეფედ და კურადპალატად. ეს დავით მეფე მოკლა ნასრ, ბიძის ძემან თჳსმან, ვითარცა აღვსწერეთ.

ხოლო დავით მეფემან დაუტევა ძე ერთი ადარნასე, რომელი მეფე იქმნა. მოკუდა ძე დავით მეფისა ადარნასე მეფე და დაუტევა ამან ძენი: სუმბატ, აშოტ, დავით და ბაგრატ. მოკუდა ძე ადარნასე მეფისა დავით, რომელი მეფედ იქმნა ქსა შ̃ლზ, ქარ რ̃ნზ. მოკუდა აშოტ ძმა მისი, რომელსა მოსცა კეისარმან კურადპალატობა ქსა შ̃ნდ, ქარ რ̃ოდ, და ამათ არა დაუტევნეს ძენი. ხოლო ბაგრატს, ძმასა მათსა, მოსცა კეისარმან მაგისტროსობა და კურადპალატობა.

არამედ ეს ბაგრატ შემდგომად ძეთა თჳსთა მონაზონ ჰყვეს და მოკუდა შემონოზნებული ქსა შ̃მე ქარ რ̃ჲე, და დაუტევა ამან ძე ადარნასე. ამ ადარნასეს მოსცა კეისარმან მაგისტროსობა და მოკუდა ესე ადარნასე მაგისტროსი ქსა შ̃ოა, ქარ რ̃პა, და დაუტევა ამან ძენი ბაგრატ, დავით ერისთავთ-ერისთავი. მოკუდა ესე ბაგრატ ქსა შ̃ოთ, ქარ რ̃პთ, მოკუდა ძმა მისი დავით ერისთავთ-ერისთავი ქ{რისტ}ესა შ̃ოვ, ქარ რ̃პვ, და ამათ არა დაუტევნეს ძენი. ხოლო ძე მეფისა ადარნასესი სუმბატ მეფე იქმნა, ამას სუმბატს მოსცა კეისარმან კურადპალატობა, ვითარცა აღვსწერეთ. მოკუდა ესე და დაუტევა ამან ძენი ბაგრატ რეგუენი და ადარნასე. მოკუდა ესე ადარნასე, ძე სუმბატისა, ქსა შ̃პგ, ქარ ს̃გ და დაუტევა ამან ძე დავით.

და ამან დავით დაიპყრა ტაო, ბასიანი, თორთომი, სომხითი და ადგილთა კლარჯეთს, შავშეთს, ჯავახეთს ეპყრნეს ციხენი და ქუეყანანი. ამასვე მოსცა კეისარმან კურადპალატობა. ესე დავით იყო ღუთისმოყუარე და სიკეთით აღმატებული. ამან დავით იშვილა ბაგრატ, ძის ძე ბაგრატ რეგუენისა, მეფეთ-მეფის გურგენის ძე, ვითარცა აღვსწერეთ. მოკუდა ესე მეფე დავით კურადპალატი ქსა, ჩ̃ა, ქარ ს̃კა, და არა დაუტევა ამან ძე, თჳნიერ ბაგრატ ნაშვილებისა თჳსისა.

ხოლო ბაგრატ რეგუენი იქმნა მეფედ და კურადპალატად და მოკუდა ეს ბაგრატ, ვითარცა აღვსწერეთ და დაუტევა ამან ძენი გურგენი და სუმბატ. მოკუდა ესე სუმბატ ქსა შ̃ჟბ, ქარ ს̃იბ, და არა დაუტევა ამან ძე. ხოლო გურგენ შეირთო ასული გიორგი აფხაზთა მეფისა ცოლად გურანდუხტ. ამ გურანდუხტისაგან შვა ძე ბაგრატ და ეს ბაგრატი იშვილა მეფემან დავით კურადპალატმან. ესევე ბაგრატ გამეფდა პირველად ქართლს, მერმე აფხაზეთს. ხოლო გურგენ, მამა ბაგრატისა, შემდგომად მამისა თჳსისა გამეფდა. არამედ ვინაჲთგან ძე თჳსი უჯდა მეფედ, ამისთჳს ამას გურგენს უწოდეს მეფეთ-მეფედ.

მოკუდა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, ვითარცა აღვსწერეთ და დაიპყრა აგრატ ძემან გურგენისამან ნაქონები მამა-პაპათა თჳსთა. არამედ ამ მეფის ბაგრატისამდე რაოდენნი მეფენი, კურადპალატნი, ერისთავთ-ერისთავნი და ერისთავნი ბაგრატიონნი აღვწერენით და რომელთამე სახელნი წარმოვაჩინეთ, სადაცა მეფობდნენ და სხუანი რომელნიმე იყვნენ ტაოს, კლარჯეთს, ისპირს, შავშეთს, არტანს. ხოლო მეფეთა ქართველთა ბაგრატიონთა ეპყრათ მარადის ზემო ქართლი, რომელ არს სამცხე, და ამისთჳს ისახელებოდნენ მეფედ ქართველთა უმეტესად. და კუალად წილნი მათნი ამათ ადგილებთავე შინა ეპყრათ და ჟამად ქართლი, ვითარცა აღვსწერეთ. არამედ ამის ბაგრატის ჟამადმდე რომელნიმე გარდაცვალებულ იყვნენ და რომელნიმე ამის ჟამსა შინა გარდაიცვალნენ ყოველნი წინჴსენებულნი, თჳნიერ გურგენისა და სუმბატისა. ხოლო ესენი შეიპყრა მეფემან ბაგრატ და პატიმარ-ჰყო თმოგუს ციხესა შინა. და ძენი ამათნი წარვიდნენ კოსტანტინეპოლეს და ბაგრატ მეფემან დაიპყრა ყოველი ესე ქუეყანა და შეაერთა კუალად ქართლსავე, ვითარცა აფხაზეთი და ჰერკახნი, და ჰყო ყოველნი ერთ სამეფოდ თჳს მეფობასა შინა, და იყო ყოველი ესე ივერია ერთ სამეფოდ, ერთისა მეფისა ქუეშე მორჩილება-მონებასა, ვიდრე ლაშას გიორგის ძის მეფის დავითისამდე წელი ს̃ჲდ.

ხოლო ამან დავით მეფემან შეიპყრა რა სარგის ჯაყელი და განატევებინა სარგის ყეენმან დავითს მეფესა, მაშინ მოვიდა სარგის სამცხეს, განდგა დავით მეფისაგან ქსა ჩ̃სჲჱ, ქარ უ̃პჱ. ამან სარგის ჯაყელმან დაიპყრა სამცხე და მორჩილებდა ყეენსა. არამედ დავით მეფესავე ეპყრა ჯავახეთი, კოლა, არტანი და კლარჯეთი და შემდგომად მისა ძესა მისსა დიმიტრი მეფესა, ვითარცა მოვიდნენ კურთხევასა მისსა ჯავახნი, ტაოელნი, შავშნი და კლარჯნი და არა სარგის ჯაყელი. გარნა მეფეთა ძღუნითა პატივს სცემდა და უსმენდა სარგის. კუალად ამანვე დიმიტრი მეფემან წარავლინა ძე თჳსი მცირე გიორგი ციხესა შინა იშხანს და შემდგომად დიმიტრისა, ვითარცა წერილ არს, ვახტანგ დაიპყრა კარნიფორიდამ დარუბანდამდე.

ხოლო მოკუდა სარგის ჯაყელი ქსა ჩ̃სპე, ქარ ფ̃ე. შემდგომად მისსა დაიპყრა ძემან სარგისისამან ბექამ სამცხე და მორჩილებდა ყეენსა. ესე ბექა უმეტესად განდიდნა სარგისისაგან. ამ ბექას მოუწოდა მეფემან დავით, ძემან დიმიტრისამან, კურთხევასა თჳსსა ზედა. არამედ არა წარვიდა ბექა. გარნა წარუვლინა ძე თჳსი სარგის ძღუნითა დიდითა და წარუვლინაცა საჭურჭლენი დიმიტრი მეფისა.

ხოლო შემდგომად განდგომისა დავით მეფისაგან თათართა ამან ბექამ დაიპყრა ტაშისკარს ზეითი სამცხე და კლარჯეთი სრულიად და განდიდნა ფრიად. რამეთუ შეირთო ასული ამისი ბერძენთა მეფემან და მან მოსცა ბექას ტრაპიზონს აქათი ჭანეთითურთ. არამედ ბექა უსმენდაცა დავით მეფესა და მორჩილებდა ყეენსა, ვითარცა აღვსწერეთ. შემდგომად მოკუდა ბექა ყოვლითა სიკეთითა აღმატებული ქსა ჩ̃ტვ, ქარ ფ̃კვ. და დაიპყრეს ძეთა ბექასთა ყოველნი ნაქონებნი ქუეყანანი მამისა თჳსისა.

ხოლო შემდგომად დაჯდა რა მეფედ ბრწყინვალე გიორგი, ამას გიორგის მისცა ყეენმან ძენი ბექასნი და დაიპყრა ბრწყინვალე მეფემან გიორგი მორჩილებასა შინა თჳსსა ძენი ბექასნი და სრულიად სამცხე-კლარჯეთი. არამედ აქამომდე სარგისის განდგომიდამ გარდაჴდნენ წელნი ნ̃. და შემდგომად ვიდრე ო̃ჱ მეფის გიორგისამდე იყო ყოველი სამცხე და კლარჯეთი და ძენი ბექასნი და ძის ძენი მისნი ყოველნივე მორჩილებასა და ერთმეფობასა შინა ქართველთა მეფობასა შინა, ვითარცა აღვსწერეთ.

ესრეთ რამეთუ მოკუდა სარგის ჯაყელი, ძე ბექასი, ქსა ჩტლდ [1334] , ქარ კბ და დასუა ბრწყინვალემან მეფემან გიორგიმ ყუარყუარე ძე სარგისისა, მოკუდა ესე ყვარყვარე ქსა ჩტჲა [1361], ქარ მთ, დასუა ძე ყუარყუარესი დიდმან მეფემან ბაგრატ ბექა, მოკუდა ესე ბექა ქსა ჩტჟა [1391], ქარ ოთ, და დასუა იოვანე, ძე ბექასი, დიდის ბაგრატის ძემან გიორგიმ. მოკუდა ესე იოვანე ქსა ჩუმდ [1444], ქარ რლბ და დასუა აღბუღა, ძე იოვანესი, მეფემან ვახტანგ. მოკუდა ესე აღბუღა ქსა ჩუნა [1451] ქარ რლთ და დასუა ოჱ მეფემან გიორგიმ ყუარყუარე, ბიძა აღბუღასი. ხოლო აქამომდე იყვნენ ერთმეფობისა მორჩილებასა შინა ქართველთა მეფეთასა წელნი რმე, და ესრეთ დასხმიდიან და შესცვლიდიან მეფენი ვითარცა აღვსწერეთ.

წარმოჩენა ბაგრატიონთ ნათესაობისათჳს

[edit]

ხოლო უკეთუ ვისმე უცხოდ აღგიჩნდესთ ცხოვრებისაგან რომელი ჩუენ აქა ბაგრატიონთა ნათესავ-ჩამომავლობანი აღვსწერეთ, ამისთჳს გვაქუს ჩუენცა მისვე ცხორებისაგან აღმოჩენით მოწმობანი და ვიმოწმებთ ესრეთ. რამეთუ პირველად წერილ არს ცხორებასა შინა, რამეთუ გურამ იყო დისწულისაგან მირდატ გორგასლანის ძისა, და თუმცა ეს გურამ, რომელი გამეფდა, შჳდთა ძმათთაგანი იყო, არღარა ასულის წული იქნების ვახტანგ გორგასლანისა, ვინაჲთგან სოლომონს ფილოსტიმესა შინა არა ესუა ვახტანგ მეფის ასული ცოლად და არცა შჳდნი იგი ძმანი, ძენი სოლომონისნი, იყვნენ ასულის წულნი ვახტანგ მეფისანი. რამეთუ გურამის მეფობამდე ვახტანგ მეფიდამ გარდაჴდენ წელნი ო̃ვ, რამეთუ ვახტანგ მეფე გარდაიცვალა ქსა უ̃ჟთ. ხოლო გურამ გამეფდა ქსა ფ̃ოე და მოკუდა მეფე გურამ ქსა ქ̃. ამ რიცხჳთ იქმნებოდა გურამ ოდეს გამეფდა რა წლისა და ესე ურწმუნებელი არს.

გარნა კუალად წერილ არს კურადპალატობა მეფის გურამისა. ჰსცან, რამეთუ არა იგი შჳდთა ძმათაგანი იყო კურადპალატი, არამედ ესე გამეფებული გურამ.

კუალად წერილ არს ცხოვრებასა შინა, რამეთუ არჩილ მეფემან მისცა გურამ კურადპალატის ძმის ძის ძეს ასული მირ მეფისა. ესეც სცან, რამეთუ შჳდთა ძმათაგანსა გურამს არა ესუა მამის ძმა, არცა მამის ძმის ძე, ვინაჲთგან შჳდნი ძმანი მოვიდნენ და არა ბიძა ძმისწულნი. და უკეთუ სტეფანოზის ძის გურამ კურადპალატისას იტყჳს ცხორება, არა ესუა გურამის ძესა დემეტრეს, მთავრის სტეფანოზის ძმასა, ძე, ვინაჲთგან სნეულ იყო და უცოლო. არამედ იტყჳს, რომელი გამეფდა მისას ბაგრატის ძესა, რომელსა ჰყვა მამის ძმა, ვითარცა წარმოვაჩინეთ.

კუალად იტყჳს ცხორება ბაგრატიონობასა ამათსა, რამეთუ ესე გურამ არა მის ბაგრატისაგან იყო, რომელიცა შეიყვანა რაქაელ დედოფალმან სიძედ, არამედ გურამისაგან, ძმისა მისისა, რომელი მოვიდა ქართლს. და ამისგან ჯერ იყო გურამიანობა და არა ბაგრატიონობა. და კუალად ამითიც საცნობელ არს, რამეთუ რომელნი გავიდნენ კახეთს და კამბეჩოვანს არა აჴსენებს ცხორება მათ ბაგრატიონად. გარნა არს ამ ბაგრატისაგან, ვითარცა აღვსწერეთ. ხოლო ვინაჲთგან უწოდა ძმისა თჳსისა სახელი ძესა თჳსსა გურამ, ამისთჳს მუნცა აღწერს მის-მიერსა ბაგრატიონობასა.

კუალად მეხუთე ესეცა წერილ არს. რამეთუ დავით აღმაშენებელი იყო მესამეოცდაათვრამეტე ნათესავი დავით წინასწარმეტყუელისაგან, და უკეთუ ესრეთ არა იყო, ვითარცა აღვსწერეთ, გურამ, ბაგრატ და გურამ მოაკლდების ორი ნათესავი დავით წინასწარმეტყუელიდამ აღმაშენებელისამდე, და არღარა სწორე იქმნების თქმული. ამის აღმოჩენისათჳს ჭეშმარიტ არს აღწერილი ჩუენი და არა სცბის. ხოლო ცხორებასა შინა მკითხველსა ჯერ უჩნს ესრეთ განრკუევით გულისჴმიერებით წარკითხვა.

ა. ყუარყუარე, დ წელი მთავრა

[edit]

ხოლო მოკუდა რა ათაბაგი აღბუღა, ამან დაუტევა ძე თჳსი ყუარყუარე. არამედ ბიძამან აღბუღასამან ყუარყუარემ მოიბირნა მესხნი და ვაზირნი გიორგი მეფისანი და იქმნა გიორგი მეფისაგან შეწევნითა ვაზირთათა ათაბაგად. გარნა იყო ესე ყუარყუარე ქედმაღალი, დიდებისმოყუარე, მჩურჩნელი და მეშფოთე, გარნა ახოვანი და შემმართებელი. ამან ყუარყუარემ იწყო მობირვად მესხთა და ქუეგამჭურეტელობა ფარულად გიორგი მეფისა; მერმე ეზრახა ერისთავთ-ერისთავსა იმერთასა ბაგრატს, რათა განდგეს იგი გიორგი მეფისაგან და ამაზედ მწე ეყოს ყუარყუარე ყოვლითა ძალითა თჳსითა, ვინაჲთგან ბაგრატსაცა ენება ამის ყოფად. მსმენელსა ბაგრატსა სთნდა ესე, განიხარა და განდგა და დაიპყრა იმერეთი.

მაშინ ამისმან მსმენელმან გიორგი მეფემან უბრძანა ყუარყუარეს (რამეთუ ჰგონებდა სარწმუნოდ თჳსად და არა მის-მიერობასა) შემოკრებად სპათა სამცხე-კლარჯეთისათა და მოსლვად ფერსათის მთიდამ იმერეთსა შინა. ხოლო ყუარყუარე შემოკრებული სპითა წარვიდა ნელიად, რათა იხილოს მეფის გიორგისა და ბაგრატისა თუ რაჲ იქმნების, და აღვიდა მთასა ჩასლვად რა იმერეთს, ესმა ძლევა ბაგრატისაგან გიორგი მეფისა, უკმოიქცა და მოვიდა სამცხესვე. ამისთჳს ამან ყუარყუარემანცა იწყო განდგომად მეფის გიორგისაგან და დამორჩილებად ერისთავთა ამ ქუეყნისათა სამცხე-კლარჯეთისათა.

ამისი მსმენელი მეფე გიორგი მოვიდა სპითა სამცხეს. მაშინ ვერ წინააღუდგა ყუარყუარე ამ ქუეყნის ერისთავთ გამო და წარვიდა იმერეთს წინაშე ბაგრატისა. ხოლო ბაგრატ შეიწყნარა შურითა გიორგი მეფისათა და, შემდგომად თავრიჟ გილაქის მოსლვისა, მოჰყვა ბაგრატ სპითა თჳსითა ყუარყუარეს და დაიპყრა კუალად ყუარყუარემ სამცხე-კლარჯეთი ქსა ჩ̃უჲგ, ქარ რ̃ნა. ხოლო ბაგრატ უკუნიქცა იმერეთსავე. არამედ მოსცემდა ბაგრატ მარადის შეწევნასა ყუარყუარესა, რამეთუ ეშინოდა ყუარყუარეს ერისთავთაგან ამა ქუეყნისათა, რათა არა მიერთნენ კუალად გიორგი მეფესავე. ამისთჳს ეზრახა გურიელს კახაბერს და მისცა აჭარა, ჭანეთი, რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა ამის ქუეყანისათა. ესე განიხარა გურიელმან და მიიღო ქუეყანანი იგინი და, ვინაჲთგან ბაგრატცა მწე იყო ყუარყუარესი ამის მიერ, მოვიდა გურიელი სპითა თჳსითა და ბრძოდენ ერისთავთა, რომელნი არა ერჩდენ ყუარყუარეს. მაშინ ვიეთნიმე მოსრნეს, ვიეთნიმე დაიმორჩილნეს და ვიეთნიმე ივლტოდნენ, ვითარცა ზაზა ფანასკეტელი წარვიდა ქართლს წინაშე გიორგი მეფისა და სხუანიცა.

ხოლო ყუარყუარემ დაიპყრნა ქუეყანანი და ციხენი სამცხეკლარჯეთისანი თჳსად და უწოდა სახელითა თჳსითა უმეტეს პირველისა საათაბაგო. ესე აღუძნდა ფრიად გიორგი მეფესა, შეკრებული სპითა მოვიდა და დადგა ტბასა ფანავარსა ზედა. ეზრახა ათაბაგსა და მესხთა, რათა ჰყონ კუალად მორჩილება და არა განდგომილება და შეერთდენ მასვე, და ამით გარდაიბირვიდა მესხთა მეფე ყუარყუარესაგან. ამის შიშისათჳს ყუარყუარე შემწითა თჳსითა დაესხა მეფეს გიორგის უგრძნეულად, მაშინ იძლია სპანი მეფისანი და შეიპყრა ყუარყუარემ მეფე გიორგი ფანავარსა ზედა ქსა ჩ̃უჲე, ქარ რ̃ნგ, წარიყვანა და პატიმარ-ჰყო მეფე, და უმეტესად დაიპყრა ქუეყანანი ესენი სრულიად და განამტკიცა საათაბაგოდ. არამედ შემდგომად მოკუდა ყუარყუარე ქსა ჩ̃უჲვ, ქარ რ̃ნდ იანვარს.

ბ̃. ბაადურ, თ̃ წელი მთავრა

[edit]

შემდგომად მისსა დაჯდა ძე ყუარყუარესი ათაბაგად ბაადურ. ამან ბაადურ იხილა რა განძლიერება ბაგრატ იმერთა მეფისა და დაიპყრა ხონთქარმან ტრაპიზონ-აზრუმი და ეკირთებოდენცა ოსმალნი მცირედ-მცირედ კლარჯეთსა და ჭანეთსა, ამის მიერ შეშინდა ბაადურ ათაბაგი: "უკეთუ განძლიერდეს ბაგრატ და ინებოს მანცა დაპყრობა საათაბაგოსი, ვერღარა წინააღუდგეს ბაადურ ბაგრატს ოსმალთა უცალოების გამო და შეკრებისა ქუეყანათათა, და კუალად დაიმორჩილოს მის მეფობასა ქუეშე". ამისთჳს ეზრახა ბაადურ გიორგი მეფესა, რათა არღარა მოიჴსენოს შური მამისა მისისა ყუარყუარესი და არცაღა მიუღოს მთავრობა იგი მისი, ამის პაემნითა განუტეოს მეფე და მორჩილ ექმნას ბაადურ მტერსა ზედა მოლაშკრედ და მივიდნენ და დაიპყრას მეფობა ქართლისა და ჰერ-კახთა. მსმენელმან გიორგი მეფემან უღონო ქმნილმან მისცა პირი მტკიცე ამათ ყოველთათჳს.

მაშინ შემოიკრიბნა ბაადურ ათაბაგმან სპანი, შთავიდა გიორგი მეფე ბაადურითურთ და დაიპყრა ქართლი და ჰერ-კახნი. ხოლო ბაადურ უკმოიქცა სამცხესვე. ამისნი მხილველნი მესხნი განუტევებდნენ მეფესა თჳსსა და დაემორჩილებოდნენ ათაბაგსა, რამეთუ მისცემდა მთავართა კერძოთა თჳსთა ადგილებთა სახასოთა მეფისათა და მონასტერ-ეკლესიათა და მოიმტკიცებდა სარწმუნოდ თჳსად ათაბაგი.

ხოლო შემდგომად მოკუდა რა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილ ძე მისი კოსტანტინე, ამან მიუწოდა ათაბაგს ბაადურს კურთხევასა ზედა თჳსსა. გარნა ათაბაგმან არა ინება წარსლვად, არამედ ეპისკოპოსნი იტყოდნენ: "არა ძალ გვიძს, რათა არა მივიდეთ, რამეთუ ვართ კურთხევასა ქუეშე კათალიკოზისასა". ამისთჳს მისცა ნება ათაბაგმანცა და წარვიდნენ, და მათთანა ვიეთნიმე მესხნიცა მტკურის აღმოსავლეთისანი. ხოლო ესე აღუძნდა ბაადურ ათაბაგსა და იწყო შემცირებად ეპისკოპოსთა და მიხმად მამულთა, და განადიდებდა და უფროსად პატივს უყოფდა მთავართა ეპისკოპოსთაგან, არამედ ჯავახეთი და მტკურის აღმოსავლეთი რომელიმე ეპყრა კოსტანტინე მეფესა და ოდესმე მწე ექმნებოდაცა ბაადურ ათაბაგი კოსტანტინე მეფესა ფიცისათჳს გიორგი მეფისა და თჳსად განიმაგრებდა სამცხეს. შემდგომად მოკუდა ვითარებასა ამას შინა ბაადურ ათაბაგი წლისა კ̃ა, ქსა ჩ̃უოე, ქარ რ̃ჲგ.

გ̃. მანუჩარ, ი̃ბ წელი მთავრა

[edit]

შემდგომად ბაადურისა დაჯდა ათაბაგი მანუჩარ, ძე ყუარყუარესივე და ძმა ბაადურისა. ამან მანუჩარ სრულიად არღარა ინება სათნო და მწეობა კოსტანტინე მეფისა და შლილობასა შინა იმერთა თანა და მოსლვასა უზუნასან ყეენისასა მიუხუნა ამან მანუჩარ კოსტანტინე მეფესა მტკურის აღმოსავლეთი და დაიპყრა თჳსად. ხოლო შემდგომად რა დაიპყრა კოსტანტინე მეფემან იმერეთი, შეიკრიბნა სპანი, მოჰყვა დადიანიცა და ქართლიდამ მოუჴდა ჯავახეთს ქსა ჩ̃უპა, ქარ რ̃ჲთ. მაშინ მანუჩარ ვერ წინააღუდგა. არამედ განამაგრნა ციხენი და სიმაგრენი საათაბაგოსანი. ხოლო მეფემან კოსტანტინემ მიუხუნა კუალად მტკურის აღმოსავლეთისანი სრულიად და უკუნიქცა ქართლსავე. შემდგომად იხილა შფოთება იმერთა კოსტანტინე მეფესა ზედა მანუჩარ ათაბაგმან, შეიკრიბნა სპანი და წარუხუნა კოსტანტინე მეფესა მტკურის აღმოსავლეთი კუალად. ამისი მსმენელი მეფე კოსტანტინე მოსწრაფებით მოვიდა სპითა, გარნა მანუჩარ კუალად არა ინება ბრძოლა მეფისა. არამედ ყუარყუარემ, ბიძის ძის ძემან მანუჩარისამან, სთხოვა, რათა იგი ეწყოს მეფესა, და მიეგება ესე ყუარყუარე ნებითა მანუჩარისათა მეფესა სპითა თჳსითა, ეწყო ძლიერად და იძლია მეფე კოსტანტინე ყუარყუარესაგან ქსა ჩ̃უპგ, ქარ რ̃ოა. და მოვიდა გამარჯუებული ყუარყუარე. მაშინ მეფე კოსტანტინე ეზრახა მანუჩარს ერთობა-მორჩილებასა. არამედ მანუჩარ ყუარყუარეს გამო არა ინება.

ხოლო წელსა ქსა ჩ̃უპვ, ქარ რ̃ოდ მოვიდა იაყუბ ყეენი, გამოვლო აბოცი და მოადგა ახალქალაქს და აოჴრებდა გარემოთა ქუეყანათა მოწყუედითა და ტყუე-ყოფითა. ამას მანუჩარ ვერ წინააღუდგა და ვერცა რასმე ავნებდა სპათა მისთა. გარნა მცდელობდა მაგრებასა ციხე ქალაქისასა. არამედ ყეენმან მცირეს ხანსა შინა შემუსრა ახალქალაქი და გამოიყვანნა მუნით მესხნი წარჩინებულნი და ტყუენი მრავალნი მუნ მყოფნი სრულიად. მერმე მოწუა ქალაქი და მუნიდამ მოადგა ახალციხეს. აღიღო იგიცა და უყო ეგრეთვე მასცა. შემდგომად მოადგა აწყუერსა და შეამჭირვა ფრიად. მაშინ მოქალაქეთა ვერა-რაჲსა შემწისა მპოველთა ითხოვეს ზავი ყეენისაგან, რათა არა ტყუე ჰყვნას და არც შემუსროს ეკლესია, მისცენ ქალაქი ყეენსა.

ამისთჳს ყეენმან მისცა პირი მტკიცე, ვინაჲთგან მკსინვარებდა ჰაერი და მისცეს მოქალაქეთა აწყუერი ციხით სეკდემბერს კ̃ე. არამედ რა მოვიდნენ სპანი ყეენისანი მოწყუედილნი ქართლის სომხითიდამ, განრისხნა ყეენი და არღარა აღუსრულა პირი მესხთა, ტყუე ჰყვნა აწყუერისანი სრულიად და აწყურის ღუთისმშობელი. მერმე კუალად მოაოჴრა ქუეყანა ესე და დაუტევა ეკლესია აწყუერისა უვნებელად, უკუნიქცა და წარვიდა. ხოლო მანუჩარ ათაბაგსა აღუძნდა დატყუევება აწყუერისა ღუთისმშობელისა, წარავლინა ვეცხლი დიდძალი და დაიჴსნა და დაასუენა აწყუერსავე. არამედ შეიმჭირვებდა მოოჴრებისათჳს ქუეყნისა და შიშობდა კოსტანტინე მეფისაგან შურისგებისათჳს და ამაგრებდა ციხე-სიმაგრეთა. არამედ შემდგომად მოკუდა მანუჩარ ათაბაგი ქსა, ჩ̃უპზ, ქარ რ̃ოე.

დ̃. ყუარყუარე, ი̃გ წელი მთავრა

[edit]

და დაჯდა შემდგომად მანუჩარისა ათაბაგად ძე აღბუღა ათაბაგისა ყუარყუარე წლისა ნ̃თ. ამან დაიპყრა სრულიად საათაბაგო, რამეთუ იყო მშჳდობის-მოყუარე, გარნა მჴნე, ახოვანი და შემმართებელი. ხოლო წელსა ქსა ჩ̃უჟ, ქარ რ̃ოჱ, ეზრახა ამას მეფე კოსტანტინე, რათა შეერთდნენ, ანუ მისცენ შეწევნა თათართა ზედა. არამედ არა ინება ყუარყუარემ.

შემდგომად ამისა მოკუდა დედისიმედი ქსა ჩ̃უჟა, ქარ რ̃ოთ, დეკემბერს ი̃ჱ.

ხოლო შემდგომად წარსლვისა თათართასა ქართლიდამ იხილა კუალად განძლიერებასა მეფისა კოსტანტინესი ყუარყუარემ, ეზრახა და დაეზავა და ჰყო მშჳდობა მისთანა.

შემდგომად კუალად ამავ მეფის კოსტანტინეს ჟამსა შინა იყო ვინმე ვაჭარი მესხი შაქს ყიდვად აბრეშუმისად. არამედ შეექმნათ ლალვა და შფოთი მუნებურსა მედუქნესა და მესხსა მას, მრე-ექმნა შაქელი და გუემა მესხი იგი. მაშინ მესხმან აქადა სიმჴნე და ძალი ათაბაგისა და დასთხოვა მუქარა. ამისთჳს განრისხნა შაქელი და უწყალოდ ჰგუემა მესხსა, მიუხუნა ქონებანი და განაძო მეტყუელმან: "არ მიმიბას ყური სამსჭულითა დუქანსა ჩემსა და დამიცეს წიხლი დარაბასა ამას ჩემსა ათაბაგმან შენმან ამისთჳს". ხოლო უღონო ქმნილი და მტირალი მესხი იგი მოვიდა წინაშე ათაბაგისა და მოუთხრა ყოველი ყოფილი. მსმენელმან ათაბაგმან დაიდუმა ჯერეთ. მერმე შემოიკრიბნა სპანი, აღმოარჩინა მათ შორის ფ̃ ჭაბუკნი და დაუდგინნა მათ თავად მოხუცებულნი, გამოცდილნი ბრძოლათა შინა, და შესხნა სრულიად იგინი ურას კჳცთა ზედა, წარვიდა და განვლო მათით დბანისჴევი, განვიდა მტკუარს და მივიდა შაქს უცნობელად, და უყო ყოველნივე თქმულნი ვაჭრისა შაქელსა მას ვაჭარსა სრულიად და მისცა მესხსა ქონება თჳსი, გარნა სხუა არა რაჲ ავნო ქუეყანათა და მოქალაქეთა, მოიქცა, შემოვლო ყარაია, გამოვლო მუხრანი, და რა მოვიდა შიდა ქართლს, სცნა ესე ციციმ ციციშვილმან, აცნობა შიდაქართველთა, შემოკრბნენ და მოეწივნენ ათაბაგს, ვითარცა მდევარნი. მხილველმან ათაბაგმან მიუვლინა მეტყუელმან: "რამეთუ არა რაჲ მივნიეს ესეოდენთა ქუეყანათა, ვიდრე ქათმისამდე. არამედ უმეტეს განვადიდე სახელი ქართველთა, ვინაჲთგან უმტერე მტერსა. ამისთჳს ჯერ არს თქუენდაცა სიხარული, რამეთუ ვარ მკჳდრი და მონათესავე თქუენი, აწ მიტევეთ, რათა წარვიდე მშჳდობით". მსმენელთა ამისთა ქართველთა მოევლინათ მროველ-ეპისკოპოსი და მოეთხრათ: "ანუ მოვედ და მორჩილ ექმენ მეფესა ჩუენსა, ვინაჲთგან ხარ მკჳდრი, ანუ შეგიპყრობთ, რამეთუ ჴელთა შინა ჩუენთა ხარ". ამას შეპყრობასა ათაბაგი უარ-უთქმიდა და ცდასა ამისსა ცუდსა და ეტყოდა მშჳდობასავე.

მოუგო მროველმან: "არა უწყი, რამეთუ ძალი ჴნავს აღმართსა?". ამისთჳს მიაქცივა ათაბაგმან მროველი ბრძოლისა პირსა ზედა, მაშინვე მოეტევნენ ქართველნი, და აქით ეკუეთნენ მესხნი არადეთის გორასა ზედა (რომელსა მიერ ჟამითგან ეწოდა ცეცხლის ჯუარი ფიცხელ-ძლიერისა ბრძოლისათჳს). და იქმნა ბრძოლა სასტიკი, რამეთუ არა დაშთნენ მესხნი, რომელი არა დაიკოდა, ანუ არა დაჰკოდა, და თჳთ ათაბაგმან მოჰკუეთა მკლავი ჴელნავიანად. კუალად ჰკრა შუბი შალიკაშვილმან მაჩაბელსა და გარდააჭრუნა ცხენიდამ და შესძახა: "აწყურისა ღუთისმშობელმან, თუმცა ურას კჳცს არა მჯდარ ვიყავ, გამეთხარამცა მუნით კერძ". მაშინ მაჩაბელმან მჩოქარემან მოუკრა ჴრმალი და წარუკუეთა კისერი ცხენისა მისისა და დაასო ჴრმალი უნაგირისა ტახტასა მეტყუელმან: სპარსმან წმიდამან გიორგიმ, არათუმცა ყოფილ ვიყავ ჩამოვარდნილი შუამცა განმეკუეთე (არამედ იქმნენ სხუანიცა მრავალნი საჴსოვარნი, გარნა სიგრძისათჳს დავიდუმეთ)".

ხოლო იძლივნენ ქართველნი და შეიპყრეს მროველი, და დაუწყეს თრევად მეტყუელთა: ."უკეთუ ჴნავს ძალი აღმართსა, ნებამ დაფარცხოს თავდაღმართი". ვინაჲთგან არა ჰყო მღუდელთმთავარმან მშჳდობა, მიაგეს ესრეთ. არამედ ათაბაგი მოვიდა გამარჯუებული სამცხეს და შემდგომად ამისა მთავრობდა მშჳდობით და სიყუარულითა და ერთობითა მეფეთა თანა. ხოლო მოკუდა ყუარყუარე ათაბაგი წლისა პ̃ბ, ქსა ჩ̃ფ, ქარ რ̃პჱ, იანვარს ა̃.

ე̃. ქაიხოსრო ბ̃, ა̃ წელი მთავრა

[edit]

შემდგომად მისსა დაჯდა ათაბაგად ძე ყუარყუარესი ქაიხოსრო. ამან ქაიხოსრომ იწყო მეგობრობა გარემოსთა მისთა მეფეთა და დაიპყრა საათაბაგო და განაგებდა მორჩილებასა შინა თჳსსა. არამედ ჟამსა ამისსა იწყეს კირთება აზრუმ-ტრაპიზონის ფაშათა საათაბაგოსი და ჭანეთისა, და ამშჳდებდა ქაიხოსრო ათაბაგი მორჩილებისა პირსა ზედა, და სძღნობდა მარადის. გარნა მოკუდა ქაიხოსრო ათაბაგი წლისა ნ̃გ, მაისს ვ̃, ქსა ჩ̃ფბ, ქარ რ̃ჟ.

ვ̃. მზეჭაბუკი დიდი, ი̃დ წელი მთავრა

[edit]

ამის ქაიხოსროს შემდგომად დაჯდა ძე ამისი ათაბაგად დიდი მზეჭაბუკ. ესე მზეჭაბუკ დაეზავა მეფესა კოსტანტინეს და პატივსცემდა და უსმენდა. არამედ გურიელს კნინღა თუ მიუღეს ოსმალთა ჭანეთი. ხოლო ესე მზეჭაბუკ დაეზავა ოსმალთა მორჩილებისა პირსა ზედა. ამით მიუხუნა გურიელსა ბრძოლითა აჭარა და ჭანეთი და დაიპყრა თჳთ. ხოლო შემდგომად წელსა ქსა ჩ̃ფიბ, ქარ ს̃კ წარმოავლინა სულტან სულეიმან სარასკარი, რომელ არს თავი სპათა ანუ სპასალარი, სპითა დიდითა და ძლიერითა დაპყრობად გიორგიისად. ესენი მოვიდნენ და მოადგნენ საათაბაგოს. მაშინ მზეჭაბუკ განამაგრნა ციხენი და სიმაგრენი და დახიზნნა სიზანნი და თჳთ განზრახჳთა მესხთათა ეზრახა სარასკარსა და მივიდა წინაშე მისსა, ხოლო სარასკარმან პატივით შეიწყნარა და ითხოვა მზეჭაბუკისაგან საზრდელი და ყოლაუზობა იმერეთსა ზედა. ამან მზეჭაბუკ აღუსრულნა ყოველნი და წარუძღუა იმერეთს. ჩავიდნენ და ჰყვეს რა იგი აღვსწერეთ, და კუალად უკმოქცეულთა გამოვლეს სამცხე-საათაბაგო უვნოდ ოსმალთა და წარვიდნენ. ამით დაეზავა ესე მზეჭაბუკ ოსმალთა და აღუთქუა მორჩილება და მსახურება. მერმე კუალად დააშენნა ხიზანნი და აღაშენა საათაბაგო და მართვიდა კეთილად. ესე მეგობრობდა დავით მეფესა ქართველთასა. არამედ ამას დიდს მზეჭაბუკს ამისთჳს უწოდდენ, რამეთუ დღეთა თჳსთა არა აღაფრინა ქათამიცა უსამართლოდ საათაბაგოსა შინა და სცხორებდა თჳსთა მეზობლებთა თანა სიყვარულითა და მეგობრობითა. კუალად უკმოიხუნა საათაბაგონისა ყოველნივე და დაიპყრა თჳთვე. კუალად მძლავრთა ოსმალთა დაეწყო და ჰყო ქუეყანა მათგან უვნოდ. შემდგომად მოკუდა დიდი მზეჭაბუკ ქსა ჩ̃ფივ, ქარ ს̃დ.

ზ̃. ყუარყუარე დ̃, ი̃ წელი მთავრა

[edit]

დაჯდა შემდგომად მზეჭაბუკისა ძე ამისი ყუარყუარე ათაბაგად. ესე ყუარყუარე დაემეგობრა უმეტეს ყოველთა დავითს ქართველთა მეფესა. ხოლო წელსა ქსა ჩ̃ფკ, ქარ ს̃ჱ მოვიდა სპა ხონთქრისა და მოადგა საათაბაგოს. არამედ ყუარყუარე ათაბაგმან განამაგრნა ციხე-სიმაგრენი საათაბაგოსანი და დახიზნა ხიზანნი. მაშინ ოსმალთა რა ვერღარა რაჲ ჰპოვეს სამცხეს, გარდავლეს სამცხეს და შთავიდნენ თრიალეთს და მერმე ქართლს, და მუნ მოსწყჳდნა დავით მეფემან და ლტოლვილთა გამოვლეს კუალად საათაბაგო. ამათ ყუარყუარე ათაბაგმან არა რაჲ ავნო, არამედ მისცნა საზრდელნი და განუტევნა მშჳდობით. ამისა შემდგომად ამან ყუარყუარემ მისცა შეწევნა სპითა მეფესა დავითს შაჰისმაილსა ზედა. ხოლო მოადგა რა შაჰისმაილ ტფილისს, ამან წარმოავლინა სპასპეტი თჳსი დევალ მარბიელობით და მოსრნა და მოსტყუევნნა სამცხე. არამედ ყუარყუარემ ვერა რაჲ ავნო, რამეთუ მსწრაფლადვე უქუნიქცნენ.

ამანვე ყუარყუარემ ოდეს მოვიდა მაწუეველი ხონთქრისა მეფეთა თანა დაპყრობად იერუსალიმისად, აღირჩია ქართველთა მეფე გიორგი და მივიდა მისთანა სპითა თჳსითა, მიჰყვა მას იერუსალიმს და მოიქცა მისთანავე გამარჯუებული. არამედ შემდგომად ამისა მოიჴსენა შური იმერთა მეფემან ბაგრატ მზეჭაბუკ ათაბაგისა, რაჟამს მიჰყვა ოსმალთა იმერეთსა ზედა და კუალად ყუარყუარესიცა, რამეთუ მიჰყვა გიორგი მეფესა იერუსალიმს და არა ბაგრატს. და კუალადცა იხილა შეავება სამცხისა შაჰისმაილისაგან და მოოჴრება. და რამეთუ მოკუდაცა გიორგი მეფე ქართველთა. ამისთჳს ეზრახა დადიან-გურიელსა და აღუთქუა გურიელსა რომელიცა ეპყრა პირველ სამცხისანი.

ესე განიხარა გურიელმან და მიერთო ბაგრატს. ხოლო დადიანი უნებლიეთად შიშისათჳს მოერთო იგიცა ბაგრატს. ამათ ყოველთა შეკრებულთა გარდმოვლეს მთა ფერსათისა სპითა სრულიად იმერეთისათა, რათა დაიპყრას სამცხე ბაგრატ და შურ-აგოს ათაბაგსა ყუარყუარეს. მცნობმან ყუარყუარემ შემოიკრიბნა სრულიად სპანი საათაბაგოსანი, და ეწყუნენ ურთიერთს მურჯახეთს და იქმნაცა ბრძოლა ძლიერი, ქსა ჩ̃ფლე, ქარ ს̃კგ, და მოსწყდნენ ორგნითვე ურიცხუნი. არამედ შემდგომად იძლია ათაბაგი ყუარყუარე, შეიპყრეს ყუარყუარე და მიართუეს ბაგრატს. ხოლო ბაგრატ პატიმარ-ჰყო ყუარყუარე იმერეთს და მოკუდა პატიმრობასა შინა ყუარყუარე ათაბაგი.

ბაგრატ მეფემან იმერთამან დაიპყრა სამცხე

[edit]

და ბაგრატ მეფემან დაიპყრა სამცხე თჳსად და იყოფებოდა სამცხეს. მაშინ მისცნა გურიელს აღთქმულნი აჭარა და ჭანეთი. წარვიდა გურიელი და დაიპყრნა მან იგინი. არამედ შალიკაშვილმან ოთარმან წარიყვანა ქაიხოსრო ძე ყუარყუარე ათაბაგისა სტამბოლს და აუწყა ყოველი ყოფილი ბაგრატისაგან ხონთქარსა, რამეთუ სამსახურისა მისისათჳს უყო ბაგრატ ესე ყოველი, ოდეს ჩაუძღუა იმერეთს ათაბაგი სპათა მისთა. ამისთჳს განრისხნა სულტანი სულეიმან და წარმოატანა მუსტაფა ფაშა სპითა დიდითა და ზარბაზნებითა დიდ-დიდითა და რა მოვიდნენ ესენი, ეწყო ამათ ბაგრატ-გურიელით, აოტნა და მოსრნა ოსმალნი ქსა ჩ̃ფმა, ქარ ს̃კთ. ხოლო ქაიხოსრო და ოთარი ლტოლვილნი წარვიდნენ კუალად სტამბოლს. ამისი მსმენელი სულტანი განრისხნა მოწყუედისათჳს სპათა თჳსთა და წარმოავლინა აზრუმისა და დიარბექირის ფაშანი სპითა სუაზს აქათითა და ქაიხოსრო და ოთარი მათთანავე.

ხოლო ესე რა სცნა ბაგრატ მეფემან, მოიყვანა მეფე ლუარსაბ და ეკუეთა ბასიანს სოხოისტასა ზედა ოსმალთა ქსა ჩ̃ფმე, ქარ ს̃ლგ. მაშინ იძლივნენ საქართველოსანი მუხთლობითა მესხთათა, რამეთუ არღარა მწე-ეყვნენ მცილებლობისათჳს მეწინაობისა და წარვიდნენ ლტოლვილნი მეფენი თჳს-თჳსად. ხოლო ოსმალნი შემოვიდნენ და დაიპყრეს ციხენი საათაბაგოსანი განზრახჳთა ოთარ შალიკაშვილისათა, რამეთუ ეტყოდა ოსმალთა: " უკეთუ დაიპყრათ ციხენი, გერჩდენ ქუეყანა ესე საუკუნოდ", ვინაჲთგან ეშინოდა ბაგრატისაგან კუალად დაპყრობისა, რამეთუ ბაგრატს ჰყვა მწედ მეფე ქართლისაცა.

ჱ̃. ქახოსრო, კ̃ჱ წელი მთავრა

[edit]

მაშინ მოსცეს ოსმალთა ათაბაგობა ქაიხოსროს და თჳთ წარვიდნენ. არამედ ამცნეს ათაბაგსა მტერობა ყიზილბაშთა. ხოლო ქაიხოსრო ათაბაგი ესიძა ვახტანგს, მუხრანის ბატონსა, და მოიყვანა დაჲ მისი დედისიმედი და იქორწინა მისთანა. გარნა ოსმალთა წესისა მათისაებრ იწყეს მძლავრებად ქუეყანათა. შეუძნდა ესე ქაიხოსრო ათაბაგსა და ოთარს და განმზარხველთა თავისუფლებისათჳს თჳსთა მიუწერეს შასთამაზს ყეენსა, რამეთუ "არს ქუეყანა ჩუენი სპარსთა, აწ ვინაჲთგან მოგეცა ძლევა, მოვედ, ჩუენ მოვსრნეთ ოსმალნი ძალითა შენითა და დაიპყარ ქუეყანა ესე". მსმენელი შასთამაზ წარმოემართა. ხოლო ესე ყოველი მიესმა სულტან სულეიმანს ხონთქარსა და მოვიდა იგიცა მოსრვად სამცხისად.

ამისნი მხილველნი ქაიხოსრო და ოთარი შეშინდნენ და იჴმიეს ხუანჯი და მიუწერეს შასთამაზს ვედრებითა დიდითა, რათა მოუწეროს ამათ წიგნი რისხჳსა. ესე უსმინა შასთამაზ, ვინაჲთგან არა ენება ბრძოლა ხონთქრისა, რამეთუ არა ძალ-ედვა მაშინ წინააღდგომა მისი და მოუწერა ოთარს: "ვინაჲთგან მიეც ქუეყანა ჩემი ოსმალთა, ამისთჳს მოვიდე და მოვსრა ქუეყანა შენი და შენცა ვერვინ განგარინოს ჴელთაგან ჩემთა, მოგკუეთო თავი და მივსცე მძორი შენი ძაღლთა".

ხოლო ოთარმან წიგნი ესე მსწრაფლად წარუვლინა სულტანს მეტყუელმან: "მოგეც ქუეყანა ციხეებითურთ და დაგემორჩილენით ყოველნი. ამისთჳს ამის მცნობელი ყეენი მოსრულ არს მტერად ჩუენდა და აწ თქუენცა გნებავსთ მოწყუედა ჩუენი, რომელნი ველოდით მოწყალებასა. აჰა წიგნი შასთამაზისა, უკეთუ ვართ რისამე შემცოდენი".

ამისი მხილველი ხონთქარი განკჳრდა, მოსცა ათაბაგსა შეწევნა და თჳთ წარვიდა და დაშთა ქუეყანა უვნოდ, ვინაჲთგან შასთამაზცა უკუნიქცა სპარსეთად. ხოლო წელსა ქსა ჩ̃ფმვ, ქარ ს̃ლდ კუალად მოვიდა ბაგრატ იმერთა მეფე. არამედ ვერღარა დაიპყრა სამცხე, გარნა წაასუენა აწყურის ღუთისმშობელი ციხეჯუარს და წარვიდა თჳთცა. მერმე ტყუე-ჰყო ლევან დადიანი. მაშინ შეუჩინა ქაიხოსრო ათაბაგმან ჩხეიძე ხოფილანდრე. ამან გამოაპარა ლევან დადიანი და მოიყვანა სამცხეს. ამისთჳს ეზრახა ათაბაგი გურიელსა, რათა მისცეს გზა ლევანს დადიანს. ხოლო გურიელმან სიხარულით წარიყვანა და ჰყვეს დადიანად ლევან ოდიშსავე.

ხოლო წელსა ქსა ჩ̃ფმზ, ქარ ს̃ლე ლუარსაბ ქართველთა და ლევან კახთა მეფენი მტერობდნენ სპარსთა: ამას ზედა შეიზრახნენ ქართველნი, კახნი და მესხნი და დაუწყეს რბევა და ტყუენვა ადრაბაგანსა მრავალთა ჟამთა, ვინაჲთგან შასთამაზ იყო ქუემოთ უცალოდ. ამისა შემდგომად მოვიდა შასთამაზ, აღიღო ტფილისი ქსა ჩ̃ფმჱ, ქარ ს̃ლვ. და ტფილისიდამ ეზრახა ქაიხოსრო ათაბაგსა, რათა მისცეს ასული თჳსი ცოლად. არამედ ათაბაგს არა ესუა ასული, გარნა მისცა ასული ოთარ შალიკაშვილისა, რამეთუ ნათესავი ახლოს იყო ქაიხოსროსი. ამით დაემზახლა შასთამაზ და მოსცა ნიჭი დიდძალი ყეენმან ათაბაგსა და წარვიდა სპარსეთად, რამეთუ ჰყო ესე ყეენმან ძმაცჳთ საქართველოთა შინა.

მერმე ამის მიზეზისათჳს ეზრახა მეფე ლუარსაბ იჯუს, შერმაზანს და ვახუშტი დიასამიძეს და ამოვან მესხთა. მოვიდა და მიუღო ათაბაგს ჯავახეთი და მტკურის აღმოსავლეთის კერძი და დაიპყრა თჳთ.

კუალად ესმა ხონთქარსა დამოყურება ქაიხოსრო ათაბაგისა და ყეენისა. ამისთჳს წარმოავლინა სპანი, მოვიდნენ და დაიპყრეს ქუეყანა ტაოსი სრულიად ქსა, ჩ̃ფნ, ქარ ს̃ლჱ. ამასვე წელსა უშვა დედისიმედმა ქაიხოსროს ძე მანუჩარ.

შემდგომად კუალად მოვიდნენ ოსმალნი და დაიპყრეს არტანუჯი არსიანამდე. კუალად დაიპყრეს ფარავანი და სრულიად არტანი და აღაშენეს ფარაკანი ქსა ჩ̃ფნბ, ქარ ს̃მ. არამედ სამცხეს ვერ გარდმოვიდნენ ძალითა აწყურისა ღუთისმშობლისათა და ამაგრებდაცა ქაიხოსრო ყოველთა და აცნობა ესე ყოველნი ქმნულნი მეფისა ლუარსაბისაგან და ოსმალთაგან შასთამაზს და კუალად მომავალობა ისკანდარ აზრუმის ფაშისა.

მოსლვა შასთამაზისა

[edit]

ამისი მსმენელი შასთამაზ ვინაჲთგან წარმოავლინებდა სპათა შირვანსა ზედა, თჳთ წარმოემართა, მოვიდა, შემუსრა შაქი, შემოვლო ქართლი, მიეგება ქაიხოსრო ათაბაგი, ჩამოვიდა ყეენი, აღიღო ვარძია, თმოგჳ, ვანის ქუაბნი, ასპინძა, ვარენთა და სრულიად სამცხის ციხენი და აწყურის ღუთისმშობელი ტყუე-ჰყო. არამედ ციხენი მოსცნა ქაიხოსრო ათაბაგსა და კუალად ვედრებითავე მოსცა აწყურისა ღუთისმშობელიცა. ხოლო უღონოქმნილი იჯუ, შერმაზან, ვახუშტი და ამოვან მიენდნენ ყეენსა. მან შეიპყრნა იგინი, მოკლა იჯუ და შერმაზან, და ვახუშტი და ამოვან წარიყვანნა ტყუედ განზრახჳთავე ათაბაგისათა, რამეთუ ბრალეულ-ჰყოფდა მათ ქაიხოსრო. უკუნიქცა ყეენი, ჩავლო ერევანი და წარვიდა სპარსეთად ქსა ჩ̃ფნგ, ქართულსა ს̃მა.

ამასვე ქორონიკონსა მოვიდა იმერთა მეფე გიორგი, მოარბივა და მოსწუა სამცხე, ტყუე-ჰყო აწყურისა ღუთისმშობელი, წაასუენა და წარვიდა. შემდგომად მოვიდა სულტანი სულეიმან, აღაშენა კარი, მოსრნა ურჩნი, უკუნიქცა და დადგა ბასიანს ქსა ჩ̃ფნვ, ქარ ს̃მდ. ამას მოუდგა შასთამაზ და დადგა არტანს. ხოლო სულტანი სულეიმან წარვიდა სტამბოლს.

ბ̃ მოსლვა შასთამაზისა

[edit]

მაშინ შასთამაზ წარავლინა ძე თჳსი ისმაილ. ამან გარდმოდგომითა აღიღო კარი, შემუსრნა, მოსწყჳდნა და მოსწუნა ცეცხლითა. არამედ შასთამაზ შემუსრნა ციხენი სამცხისანი, მოსრნა და განასხნა ოსმალნი, მოაოჴრნა ეკლესიანი, შემუსრნა ხატნი და ჯუარნი და მოსცა ქუეყანა ქაიხოსრო ათაბაგსა. მერმე აქეთგან უკუნქცეულმან ტყუე-ჰყო დედა ლუარსაბ მეფისა და წარვიდა თჳსად. მაშინ მოვიდნენ ხიზნად აწყუერს ძმანი დედისიმედისანი: ვახტანგ, არჩილ და აშოთან და განერნენ აქა.

ხოლო წელსა ქსა ჩ̃ფჲბ, ქარ ს̃ნ ზავ-ჰყვეს იმერელთ მეფემან გიორგიმ და ქაიხოსრო ათაბაგმან, მოსცა აწყუერის ღუთისმშობელი და მოასუენეს აწყუერსავე, შემდგომად წარავლინა ქაიხოსრო ათაბაგმან ყუარყუარე ძე თჳსი ოდიშს. მოსცა ლევან დადიანმან ასული თჳსი მარეხ და იქორწინა მუნვე ქსა, ჩ̃ფჲდ, ქარ ს̃ნბ, და წელსა მეორესა მოიყვანა ყუარყუარემ ცოლი თჳსი სამცხეს.

ამავ წელსა უშვა მარეხ ყუარყუარეს ძე ქაიხოსრო. არამედ უკეთუ ათაბაგობდა ქაიხოსრო, გარნა ტაო, შავშ-კლარჯნი ეპყრათ ოსმალთა და ხედვიდა ქაიხოსრო მძლავრებასა და კირთებასა მათგან ქუეყანათასა და ვერა რაჲსა შეწევნისა მპოველი ვნებად მათდა, ამისთჳს წარვიდა წინაშე შასთამაზისა, რათა მოიცეს ძალი მისგან ქსა ჩ̃ფო, ქარ ს̃ნჱ. მისრული ყეენმან პატივით შეიწყნარა და იყოფებოდა მუნ.

ხოლო აქა ძემან ქაიხოსროსმან მზეჭაბუკ იქორწინა გურიელის გიორგის ასულს როდამსა ზედა ქსა ჩ̃ფოა, ქარ ს̃ნთ და მეორესა წელსა მოკუდა მზეჭაბუკ. ხოლო ქაიხოსრო ათაბაგისათჳს აღეთქუა შასთამაზს შეწევნა და ნიჭვიდა ნიჭთა დიდ-დიდთა. არამედ ყაზმინს ყოფასა შინა მოკუდა ათაბაგი ქაიხოსრო ქსა ჩ̃ფოგ, ქარ ს̃ჲა, და დაუტევა ძენი: ყუარყუარე, მანუჩარ და ბექა.

თ̃. ყუარყუარე ე̃, თ̃ წელი მთავრა

[edit]

დაჯდა ყუარყუარე ათაბაგად ძე ქაიხოსროსი და ათაბაგობდა. არამედ დედისიმედი, დედა მისი, იყო პირველ და აწცა და ვარაზა ოთარ შალიკასშვილის ძე მოქმედნი ყოვლისავე. რამეთუ ესე დედისიმედი იყო ამაყი, გლისპი, მრისხანე და გაუსინჯავი; რამეთუ მოვიდა რა შასთამაზ განრისხებული კახ-ბატონს ალექსანდრესა ზედა განჯას, მაშინ ჰყო ხრიკი ოთარ ჩოლაყაშვილმან, ვითარცა აღვსწერეთ. ამან დედისიმედმან არღარა გამოიკითხა გლისპობით ზაკუა იგი, შეიპყრა ვარაზა და მოკლა იგი, რამეთუ ესე ვარაზა იყო ცოლის ძმა შასთამაზისა.

გ̃ მოსლვა შასთამაზისა

[edit]

ესე სცნა შასთამაზ, დაუტევა კახეთი და მოუჴდა სამცხეს, მოსწყჳდნა და მოაოჴრნა, ტყუე-ჰყვნა. გარნა უმეტეს ოცხე. ხოლო დედისიმედი და ძენი მისნი გარდაიხუეწნენ აჭარას და მუნ განერნეს, ქსა ჩ̃ფოდ, ქარ ს̃ჲბ. მაშინ ეზრახა შასთამაზ ხონთქარსა, მისცა სამცხე-საათაბაგო, ყარსი და იმერეთი ხონთქარსა, თჳთ უკუნიქცა და წარვიდა სპარსეთად. ხოლო დედისიმედი და ძენი მისნი მოვიდნენ და დაიპყრეს კუალად სამცხე.

არამედ ვარაზას ძემან კოკოლამ და ვიეთთამე მესხთა უწყეს ზრახუა ხონთქარსა. ესე სცნა მანუჩარ და აუწყა ყუარყუარე ათაბაგს, წარმოვიდნენ ორნივე ძმანი და მეფის ძე ერეკლე, ბიძის ძე მათი, და მოვიდნენ მგელციხეს ქსა ჩ̃ფოვ, ქარ ს̃ჲდ, მუნით ყეენთან დესპანი წარავლინეს და აუწყეს უცოდველობა თჳსი და ითხოვეს შეწევნა მისგან. თჳთ მოვიდნენ და დადგნენ სამწუფ-ღელესა შინა. ხოლო ესენი ოლდამის ქუაბიდამ შედანის შვილმან იასონ აცნობა ვარაზას ძეს კოკოლას და ძმასა მისსა და მის ბიძას გურგაქს და ლაშკართა. ამათ ეახლნეს ელიაშვილი, დიასამიძე ავთანდილ და შერმაზან. კუალად ამატაკის შვილი ამატაკ და აბულყაფარ და ძმისწული მათი როსტომ და ამატაკის ძე სეხნია შეკაზმულნი ფ̃ კაცით ორთუალის ჴიდს ბოგირს გამოვიდნენ. მუნ ფანასკეტელის იობისძე ჯირასონ შეეყარათ. ამან ჯირასონ სცნა ბატონის თავდასხმად მოსლვა მათი და წამსავე ამცნო ყანდურალის, და ყანდურალ აუწყა ქათმის ყივილის ჟამს ბატონებს. ესენი შეიკაზმნენ და უკუდგნენ ოხერათ-თავს სიმაგრესა შინა, ივნისის ლ̃; მოვიდნენ იგინი, დაესხნეს ჩუენს სადგურს და თუხარლის კარავი აიალაფეს, ჩუენ კაცი მოუკალით, ერთი დავიჭირეთ და წარვიდნენ იგინი.

არამედ ესე ეცნათ ჩუენთა და შემოგვეკრიბნენ. მერმე მივედით თმოგუს, ქალაქი მოვარბივეთ, თმოგუს მოვიდა დედისიმედიცა. ორშაბათს ვანის ქუაბებს მოვადექით, ოთხშაბათს შესევით ავიდეთ, პარასკევს რჩეულიანნი შევყარეთ, კჳრას ოლადის ქუაბნი ავიღეთ და კარწახს მოვედით, ივლისს ი̃თ. ერეკლე წლისა ი̃ვ შევკაზმეთ, ფოსოს მიუჴედით, მოვსწყჳდეთ და ავიალაფეთ, მარბიელნი გაუძახეთ, რღუევის ხიზანი და ალაფი ავიღევით. მოვედით პალაკაციოს, დავდექით, თეთრ-ციხის გარემოსი დავწვით. იქიდამ ალბუტი და კამაროვანიც მოვსწვით, მერმე შასთან დესპანი წარვგზავნეთ. ამავ თთუეს კ̃ჱ შალიკაშვილმა ზემბრის ძემ მათივე ნაქონები ოთის ციხე წარგვიღო და ჩუენთა შინა ოსმალნი ჩამოვიდნენ, გამოუდექით, მგელ-ციხეს მოვედით და შერმაზანის წყაროზედ დავდექით. იქიდამ აწყუერს მოვედით, აგვისტოს ლ̃ა ვარენთის ციხეს უღალატეს, მგელციხიდამ ენკენისთვეს დ̃ დიასამიძის დემეტრეს საღალატოდ აზნაურნი წარვგზავნეთ, ვეღარ უღალატეს. არამედ ი̃ზ ჴელთ დარჩნენ ციხისთავს შალიკაშვილს. მანუჩარ და ერეკლე მგელციხეს იყვნენ და შალიკაშვილთ აზნაურთ ძეთა თავს დაესხნენ, აზნაურნი გარდეხუეწნენ, ერეკლემ კაცი ჩამოაგდო, ცხენი იშოვნა, სამცხიდამ მოვედით, შარაშიანთ წყაროზედ დავდექით, ფოსოს ჩაუდექით და მოვსრენით. შასთან დესპანი წარვგზავნეთ, და სამცხესვე მოვედით წელსა ქსა ჩ̃ფოზ, ქარ ს̃ჲე.

მიგვიჴდა კოკოლა, ახჩის ქუაბნი წარგვიხუნა. მოვიდნენ მანუჩარ და ერეკლე, კუალად წარუხუნეს. ამისა შემდგომად კოკოლას თჳსი ძმისწული გურგაქ უკუუდგა და მანუჩარს მოერთო ქაჯისციხითა და ფიცითა დიდითა. არამედ კუალად სტეხა ფიცი და უკუდგა მანუჩარისაგან. მოვიდა მანუჩარ ზავისათჳს, მან არა ჰყო ზავი და ფოსო დაუწვით. მერმე ლაშქრით ქაჯისციხეს მოვადექით. ბ̃ ოქტომბერს გურგაქ შემორიგდა და ველი მოსცა. გავბრუნდით კოკოლას კერძი ურთის ციხე წავართვით და დავარღვივეთ, სიმაგრე დავსწვით და ეკლესია დაუტევეთ. კუალად ფოსო მოვარბივეთ. შასთან დესპანი წარვგზავნეთ და მგელციხეს მოვედით, ბოსტაღანის ძემ მატამ ძმა თჳსი მოკლა, მას მანუჩარ თუალნი დასწუნა ყმითურთ. შემდგომად მანუჩარ და ყუარყუარე ათაბაგი მგელციხეს მოვიდნენ და დედისიმედიც მუნ მოვიდა. დეკემბერს ამბავი მოვიდა შასთამაზ მომკუდარიყო ოკდომბერს კ̃გ. ხოლო დეკემბერს ლ̃ა ყუარყუარე და მანუჩარ თმოგუს მოვიდნენ წელსა ქსა ჩ̃ფოჱ, ქარ ს̃ჲვ, იანვარს ე̃. დედისიმედი და ბექა ყუელს მოადგნენ ჱ̃ იანვარს. ყუელი და თმოგჳ აიღეს.

კოკოლამ ყარახან შეიყარა თმოგჳს მოსაშუელებლად. არამედ ვეღარ მოუსწრა, დედისიმედიც ყუელიდამ თმოგუს მოვიდა, იქიდამ მანუჩარ ჯავახეთს წარვიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბივა და გურგაქს ქაჯისციხე გაუმაგრა საზრდელითა. მერმე ყუარყუარე და მანუჩარ ახალციხეს წარვიდნენ და დედისიმედი თმოგუს დადგა, თმოგჳ საზრდელით გაამაგრა.

ყეენთან დესპანი წარგზავნეს, ციხეების აღება აცნობეს და ოსმალთა აშლა. ამისა შემდგომად დავარდა ოსმალთა მოსლვა, დედისიმედი სამცხეს მოვიდა, ყუარყუარე ავად იყო, ზღუდერს ჩავიდა, ვერ წავიდა და მანუჩარ და ერეკლე, სპა-შეკრებულნი, ოსმალთა პირს იუდგნენ. ოსმალნი ჱ̃ ჩ̃ კაცნი ფებერვალს კ̃ვ ყარახანს დაესხნენ, ყარახან გაუდრკა, მიეწივნენ ოსმალნი, ი̃ვ კაცი მოუკლეს, მოიქცნენ ოსმალნი და გორი დასწუეს და ზარიბატსა შინა დადგნენ. ყარახან, ამოსწყჳდნა ოსმალნი, გააქცივნა და ღივსო იარაღ-ალაფითა. და ბატონი მანუჩარ აწყუერს ჩავიდა მაისს ი̃ბ, წარვიდა ერეკლე ქართლის დედოფლის თანა და დედოფალი სურამს იდგა ფრიად უპოვარი და მას თანა იყოფებოდა ერეკლე წელსა ქსა ჩ̃ფოჱ, ქარ ს̃ჲვ, აგვსტოს ზ̃.

ლალა-ფაშა მოვიდა

[edit]

ლალა ფაშა სპითა მგელციხეს მოადგა, ვ̃ დღე ბრძოლა, ვერ აღიღო და ქაჯისციხიდამ სრულიად შემოეჴოცნენ ოსმალთა; თ̃ აგჳსტოს მურმანს და წინწალას შუა აზრუმ-ვანის ფაშანი მოვიდნენ, სულტანი და ყარახან ბაზუქლუ და მუღალუს ბატონი იქით შეიყარნენ, მაჰმად სულტანი გორაზედ წარმოდგა სპითა თჳსითა და სხუანი შემოაბა ოსმალთა. პირველ სძლეს ყიზილბაშთა და მოსრვიდნენ ოტებულთა ოსმალთა. არამედ შემდგომად აოტეს ოსმალთა და გარდაიხუეწა მაჰმად სულტანი. ხოლო მანუჩარ ქაჯისციხისათჳს შემოიკრიბნა სპანი, გარნა ვერცა ომსა და ვერცა ციხის აღებას მიუსწრა: მაშინ ამილახორის შვილი ქოია მიეგება ლალა ფაშას არტანს და ორი ციხე შესძღუნა.

კუალად არფაქსად ვ̃ ციხით მიერთო ფაშას, ხერთვისი და ე̃ ციხე მისცა. ხოლო ფაშამ ხახულის სანჯახობა მისცა, აგჳსტოს ი̃ჱ მანუჩარ თმოგჳს ციხე მისცა. არამედ ახალქალაქი უწინვე წაართვეს, რომელსა შინა კოკოლას მეციხოვნენი იდგნენ. გაიარა ფაშამ, ტფილისსა ზედა წარვიდა, მანუჩარ თან წარიყვანა.

ხოლო შემდგომად მოქცევისა ლალა-ფაშამ მუხრანიდამ გამოუტევა მანუჩარ და სამცხეს ჯარმან იწყო მოდენა. ყვარყვარე წინ მიეგება ლალა-ფაშას, მოვიდა ფაშა ლუკზედ დადგა, და მუნ დედისიმედმან ნახა. მერმე აიყარა ფაშა, ყუარყუარე თან წაიყვანა და აღარ დააბრუნვა, ოლთისი სანჯახად მოსცა, მანუჩარ გამოუშვა, აწყუერს მოვიდა. ამისა შემდგომად ლალაფაშას ლაშკარი და მირმარი წარმოეგზავნა მანუჩარისათვს, ქართლზედ გაესია, ქართლს ვეღარ ჩავიდნენ ესენი, სადგერი მოსწყჳდნეს, და ეკლესიის განძი წარჴდა. კუალად წარმოეგზავნა სანჯახი ფაშას, ჩაუჴდენ ქართლს და მოარბივეს.

ხოლო წელსა ქსა ჩ̃ფოთ, ქარ ს̃ჲზ მანუჩარ წარიყვანეს აზრუმს და იქიდამ ყუარყუარე და მანუჩარ აპრილს კ̃ სტამბოლს წარიყვანეს. მაისს ი̃გ სამცხეს ჟამი მომსრველი გაჩნდა, ოკდომბერს მანუჩარ გამოეშვათ, ნოემბერს მოვიდა, ხონთქარს ფაშობა და სრულიად მამული მისი ებოძა. ყუარყუარე ბ̃ თთუეს თორთომიდამ არ გაეშვათ. მერმე წელსა ქსა ჩ̃ფპ, ქარ ს̃ჲჱ, იანვარს ჱ̃ ბექა ვალიდამ გადგა, ლალა-ფაშა წარსრულიყო და ბექა ოლთისს დამდგარიყო. ყუარყუარესათჳს ხონთქარს ფალავანი ერკინა, ყუარყუარეს დაეცა. ამისთჳს ქრისტეანობით გამოეშვა და თჳსი საბატონო მოეცა.

მარტს მოვიდა ყუარყუარე, ოკდომბერს ი̃ე ბექაც მოვიდა, ორნივ ლორეს წარვიდნენ, ლორე მოარბივეს, გამარჯუებულნი მოვიდნენ. მეორეს წელს სინან ფაშა მოვიდა, ტფილისს წარვიდა სპითა, ორნივ თან წარიყვანა, ყუარყუარე თრიალეთიდამ იმერეთს გააბრუნა, რათა ემტერნენ იმერნი ქართლს, და მანუჩარ თან წარიყვანა. არამედ მოსრნა რა სჳმონ მეფემან სპანი სინან ფაშისანი, ეზრახნენ ყუარყუარე და მანუჩარ სჳმონ მეფესა და მივიდა მანუჩარ სჳმონ მეფისა თანა და მან მოსცა ასული თჳსი ელენე ცოლად და უქმნა ქორწილი ქსა ჩ̃ფპბ, ქარ ს̃ო. სოლო ფებერვალსა შინა წარიყვანეს ბექა სტამბოლს. ამავე ჟამსა მოვიდა არჩილ დიდი ხნის უნახავი დედისიმედისა და დაჲ თჳსი ნახა და წარვიდა ოკდომბერსა შინა, და ნოემბერს მოკუდა ყუარყუარე ათაბაგი ქსა ჩ̃ფპბ, ქარ ს̃ო.

ი̃. მანუჩარ, ლ̃ბ წელი მთავრა

[edit]

დაჯდა ათაბაგად ძმა მისი მანუჩარ. ამავ წელს მანუჩარს აწყუერს მყოფს უღალატეს ოსმალთა. არამედ სძლო მანუჩარვე, ფაშები მძიმედ დაიკოდნენ, გააქცივნა და ალაფი და ქუეყანა დარჩა მანუჩარსავე უვნოდ. სოლო წელსა ქსა ჩ̃ფპდ, ქარ ს̃ობ მოიყვანა მანუჩარ მარტს კ̃დ მეფის სჳმონის ასული ელენე სამცხეს. ამისა შემდგომად მოვიდა შააბაზ ქსა ჩ̃ფპზ, ქარ ს̃ოე, აღაშენა განჯა, მანუჩარს მოსცა ჩალაბუთი და დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი, ამასვე ქორონიკონს გორი და ახალციხე აღაშენეს ოსმალთა და აგჳსტოს ჩუენ მძევალნი გამოგვიხუნეს. ამისთჳს მოვიდა სჳმონ მეფე მეშუელად, აღარ აბრძოლეს, თემი მოარბია სჳმონ და წარვიდა. მერმე მანუჩარც მოღალატეთ გამო ვეღარ დადგა და ახალდაბას ჩავიდა, დედისიმედი და ყუარყუარეს ძე ქაიხოსრო საკანაფის ციხეში დადგნენ, დიასამიძე ელია დემოთის ციხეს საავალიშვილოს შეუყენეს, წაართვა ამან ციხე და განძი მრავალი და საფაროც დაიჭირა. გოგორისშვილმან ბეჟან ჯუარის ციხე ფაშას მისცა და ჩუენც ახალდაბას ჩამოვედით. მერმე მარტს ი̃ე, ქსა ჩ̃ფპჱ, ქარ ს̃ოვ მოვსრენით ჩუენნი მოღალატენი და ნიჯადითა მეფის სჳმონისათა დავიპყარით სრულიად სამცხე და ოსმალთაც დავეზავენით, და წარვავლინეთ კაცი წინაშე ხონთქრისა. მოეცა ხონთქარსაც ქრისტეანობით ათაბაგობა და დავიპყარით ყოველი. არამედ მძლავრობდნენ ოსმალნი და იყო ჭირი დიდი მათგან. არამედ დაითმენდა მანუჩარ. ხოლო შემდგომად მურად ფაშის მოსლვისა მოვიდა შააბაზ აღებად ერევნისად, ამან მანუჩარ მძლავრებისათჳს ოსმალთა წარუვლინა შააბაზს ძე თჳსი მანუჩარ, რათა მწე ეყოს, და მისცა ხერთვისი და რომელნიმე ციხენი და შეაყენა ყიზილბაშნი მწედ თჳსად, არამედ ოსმალთა ეტყოდა, რათა არა მოსწყჳდოს სამცხე შააბაზ, ვითარცა ჰყო შასთმაზ.

ხოლო შემდგომად უკუნიქცა რა შააბაზ, დაუტევა ძე ათაბაგისა მანუჩარ ერევანს ამირგუნახანისა თანა და ზრდიდა იგი. ხოლო წელსა ქსა ჩ̃ქთ, ქარ ს̃ჟზ მოვიდა გურიელი მამია და დაიპყრა აჭარა. არამედ მანუჩარ ჯერეთ ვერ შურ-აგო, ვინაჲთგან მიიქცეოდნენ და დაუტევებდნენ წესსა და რიგთა და სჯულსა მესხნი მძლავრებითა ოსმალთათა. გარნა ეძჳნებოდა მანუჩარს და მცდელობდა ყოვლითა ძალითა თჳსითა, რათა მოაგოს კუალსავე პირველსა. არამედ შემდგომად ამისა მოკუდა მანუჩარ ათაბაგი ქსა ჩ̃ქიდ, ქარ ტ̃ბ.

ი̃ა. მანუჩარ, ი̃ა წელი მთავრა

[edit]

მაშინ მესხთა მოიყვანეს მანუჩარ ძე მისი ერევნიდამ ბრძანებითა ხონთქრისათა და დასუეს ათაბაგად. ამან მანუჩარ დაიპყრა ქონებანი მამისა თჳსისა. ამის ჟამს მოვიდა ბატონი თეიმურაზ, დაასადგურა ოლთისს. არამედ გარდიცვლებოდენ წესნი და ვიეთნი ზოგნი პატივისათჳს ნებით, ზოგნი მძლავრობით ოსმალთათა გამაჰმადიანდებოდნენ და იქმნებოდიან უმორჩილონი ათაბაგისანი. ხოლო მანუჩარ მძლავრობდა მათ და არა პატივსა უყოფდა. ამისთჳს შეასმინეს ოსმალთა და მათ აზრუმის ფაშასა.

მაშინ აზრუმის ფაშამ წარმოავლინა სპანი ქსა ჩ̃ქკდ, ქარ ტ̃იბ, ვერ წინააღუდგა მანუჩარ და ჩამოვიდა ახალდაბას. მუნ ესმა ბრძოლად წარსლვა მარაბდას და მივიდა ქართველთა თანა ტ̃ მჴედრითა და ჰყო მუნ რა იგი აღვწერეთ. და შემდგომად ლტოლვისა მოვიდა ახალდაბასვე, ეზრახა ოსმალთა, ზავ-ჰყო მათ თანა, მოვიდა და დაიპყრა სამცხე. არამედ იხილა შემდგომითი შემდგომად შფოთნი ეს-ევითარნი და არღარა რაჲ სხუა დონე შეწევნისა. ამისთჳს წარვიდა სტამბოლს წინაშე ხონთქრისა. ამ ჟამთა მოვიდა მოურავი გიორგი და ასპინძას გაემარჯუა ყიზილბაშთა ზედა, მერმე შეუჴდა და აღიღო ციხე ხერთვისი და სხუანიცა, რომელნი ეპყრნეს ყიზილბაშთა, და მისცა ოსმალთა.

ხოლო მანუჩარ შეიწყნარა ხონთქარმან, მოსცა ქრისტეანობით ათაბაგობა და წარმოავლინა, არამედ მოგზაურს მომავალსა დახუდა ბიძა თჳსი ბექა, რომელი პირველ წარსრული იმყოფებოდა მუნ. ამან ბექამ ისტუმრა და კეთილად შეიტკბო მანუჩარ. გარნა განმზრახველმან ოსმალთა მძლავრებისამან და თჳნიერ მათსა სხჳსა ღონისა არღარა რისამე შემძლებელმან, შეურთო საჭმელსა მანუჩარისასა სამსალა და მოკლა მანუჩარ, და თჳთ მივიდა სტამბოლს, იქმნა მაჰმადიან, მოსცა ათაბაგობა და ყოველი საზღვარი სამცხე-საათაბაგოსი და უწოდეს საფარ ფაშა და პატივსცეს ორითა თუღითა. მერმე წარმოავლინეს და მოვიდა სამცხეს, ქსა ჩ̃ქკე, ქარ ტ̃იგ.

ი̃ბ ბექა გ̃ ანუ საფარფაშა, ი̃ წელი იფაშა

[edit]

და დაჯდა ესე საფარ ფაშა და დაიპყრა სრულიად საათაბაგო, რომელნიცა საზღვარნი აღვწერეთ, და მართვიდა, ვითარცა წესი არს ოსმალთა. ამან აღწერა ქუეყანა და შეჰკუეთეს ხარკი ქრისტეანეთა სულზედ დრაჰკანი და ყოველსა მოსავალსა ზედა ხილითურთ შჳდისთავი, ცხვარზედ ბ̃ შაური, ზროხაზედ აბაზი, ცხენსა და კამბეჩზედ ექვსი შაური. ხოლო საფაშოდ ხარკი დრაჰკნის მესამედი, რომელ არს ათი შაური წესისამებრ ოსმალთა. არამედ ეპისკოპოსნი და მონასტერნი წინათვე შლილობათა ამათ შინა ათაბაგებთათა და უმორჩილებითა ქართლის ქათალიკოზისათა შემცირდებოდნენ ურწმუნოებითა მესხთათა, რამეთუ მიუხმიდენ მამულ-შეწირულობათა, შემცირდებოდნენ და მოიშლებოდნენ მთავართაგან და შემდგომად უმეტეს დაპყრობისა ტაო-კლარჯეთისა და შავშეთ-არტანუჯისა ოსმალთაგან, არღარა მოიპოებოდა მუნ, ვინაჲთგან მიუხუნეს ოსმალთა სრულიად მამულ-შეწირულობანი და არღარავინ იყო მეტრფე მონოზონებისა და წარაქუნდათ მუნიდამ სიწმიდენი ხატთა, ჯუართა და ნაწილთა სამცხეს, ქართლს, იმერეთს. ეგრეთვე აწცა მხოლოდ სამცხეს უმეტესად იქმნებოდნენ, რამეთუ არღარა იყო ეპისკოპოსნი ანუ მონასტერნი, ვინაჲთგან რისხჳთა ღუთისათა გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი ამ ქუეყანისანი და დაიწყეს მიერით თათრობა, რამეთუ ჟამთა ამათ მოაკლდებოდა ქრისტეანობასა. არა იყო მორჩილება კათალიკოზისა ანუ ეპისკოპოსისა და სამღუდელოთა, არამედ ოჴრება ეკლესია-მონასტერთა და შენება ჯამთა. ხოლო მორწმუნენი ჰფარვიდნენ და მალვიდნენ ხატთა, ჯუართა და ნაწილთა წმიდათათა და სხუათა წარაქუნდათ პირველისაებრ იმერეთს და ქართლს და ივლტოდიანცა წარჩინებულნი, რომელნი სძულობდენ მაჰმადიანობასა, რამეთუ განაგებდა საფარ ფაშა ნებითა ოსმალთათა ყოველსავე.

ამას საფარფაშას სთხოვა მოურავმან სპანი და მოვიდნენ ლტოლვილნი სპანი ამისნი, და მოურავიცა მოვიდა მისთან. მერმე წარვიდა სტამბოლს. ხოლო შემდგომად ესრეთის განგებისა მოკუდა საფარფაშა წელსა ქსა ჩ̃ქლე, ქარ ტ̃კგ. არამედ ამის ქუემოთნი არღარა იწოდებოდნენ ათაბაგად, თჳნიერ საქართველოსაგანთა, გარნა ახალციხის ფაშად. ხოლო ვინაჲთგან მოეცა ხონთქარსა ფარმანი მკჳდრობისა საფარფაშისათჳს, შემდგომად სიკუდილისა მამათა მათთასა წარვიდიან სტამბოლს და მისციან ქრთამი და მათ წარმოავლინიან ფაშად.

ი̃გ. უსუფ ფაშა, ი̃ა წელი ფაშა

[edit]

და შემდგომად სიკუდილისა საფარ ფაშისა წარვიდა ძე მისი უსუფ სტამბოლს, მოსცეს ფაშობა და მოვიდა ახალციხეს. არამედ ესე უსუფ ფაშა იყო ფრიად მაჰმადიანი, მართვიდა საათაბაგოსა მორჩილებითა და ყოვლითა ნებითა ოსმალთათა და უმეტესად აზრუმის ფაშისათა და იყოფებოდა მშჳდობით. ამას უსუფს სთხოვა მეფემან როსტომ ქართლისამან გზა, ამან მისცა და უმასპინძლებდა პატივით. გარნა ესე უსუფ ფაშა მოიძულვებდა ქრისტეანობასა და შესძინებდა მაჰმადიანობასა და აღმოიფხურებოდენცა წესნი და რიგნი ქრისტეანობისანი ყოველნივე და შეემატებოდნენ მაჰმადს, ვინაჲთგან განაგებდა და გარდავლიდა დღეთა თჳსთა ნებითა მათითა და რჯულითა. შემდგომად მოკუდა უსუფ ფაშა წელსა ქსა ჩ̃ქმზ, ქარ ტ̃ლე.

ი̃დ. როსტომ ფაშა, ი̃ბ წელი ფაშა

[edit]

მაშინ წარვიდა როსტომ ძე მისი, ნაშობი მჴევლისა სტამბოლს. ამას მოსცა ხონთქარმან ფაშობა. მოვიდა და დაჯდა ახალციხეს და მართვიდა, ვითარცა მამა ამისი. გარნა თუმცა წარჩინებულნი მაჰმადიანნი იყვნენ, არამედ ცოლნი მათნი და მჴევალნი იყვნენ ყოველთა ქრისტეანენი. ხოლო ჟამსა როსტომ ფაშისასა მოუვლინა ხონთქარმან ბრძანება, რათა იქმნენ ცოლნიცა მათნი, რომელნი მაჰმადიან არიან, მაჰმადიანად. ესე უთხრეს ცოლსა როსტომ ფაშისასა. ხოლო მან არა ინება, არამედ აიძულებდენ ყოფად მაჰმადიანად და ამისთვის დაითმინა მრავალნი ტანჯვანი. მერმე განივლტო, რათა გარდაიგდოს თავი კლდესა ზედა. სცნეს ესე, შეიპყრეს და არა უტევეს. კუალად ინება მოშთობა თავისა თჳსისა და მცნობელთა არცა ამას ზედა მიუშუეს. ხოლო შემდგომად სიყმილისა და მრავლისა ქენჯნისა მოიპოვა ღონე, რამეთუ ჰგონა, ვითარცა თჳთ თავისი ყოფნა ეგრეთცა სხუათაცა. და ამის მიზეზისათჳს იტყოდა: "უკეთუ დაატევებინოთ ყოველთა წარჩინებულთა ცოლთა უწინარეს ჩემსა ქრისტე, მერმე დაუტეო მეცა, უკეთუ არა არცა მე". მაშინ შეუთქუეს რა წარჩინებულთა ცოლთა, მათ ყოველთა შიშისათჳს ტანჯვისა დაუტევეს ქრისტე და გამაჰმადიანდნენ ყოველნი სრულიად და უღონო ქმნილი გამაჰმადიანდა იგიცა.

არამედ იქმნა რისხუა ღუთისა ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ აწ უმეტესადრე მოოჴრდებოდნენ ეკლესიანი დიდშუენიერნი და იქმნებოდნენ პირუტყუთა სადგურნი და ივლტოდიან კუალადცა რომელთა არა ინებეს მაჰმადიანობა ქართლს, იმერეთს, ოდიშს, გურიას, კახეთს და წარაქუნდათ ხატნი და ჯუარნი და წმიდათა ნაწილნი, მოისპოდნენ ეპისკოპოზნი, თუ სადმე იყო, და მონაზონნი და მწყემსნი. გარნა თჳნიერ ადგილ-ადგილ იპოვებოდნენ მღუდელნი. და შეიქმნა სრულიად მაჰმადიანობა წესითა და რჯულითა მათითა და აღშენდებოდიან მეჩითნი. არამედ დაშთნენ გლეხნი და იგინიცა უმწყსელნი, ვითარცა პირუტყუნი.

ქუალად ჟამსვე ამისსა განაწესეს სპანი და შეჰკუეთეს მამულიანთა გამოსაღებითა მათითავე ფაშას, ბეგს, ალაიბეგს, სანჯახს და აღას; და რაოდენნიცა კაცნი დააწერეს, უწოდეს ჴრმალი და, სადაცა უჴმდათ წარიყვანიან, არათუ ქრისტეანეთა, არამედ მაჰმადიანთა მოლაშქრედ.

ხოლო მოვიდა ამ როსტომ ფაშისა თანა დადიანი ლიპარიტ ლტოლვილი; ამან მისცა და აშუელნა სპანი. არამედ კუალადცა მოვიდა ლტოლვილი; შემდგომად მოვიდა გურიელი ქაიხოსრო სტამბოლიდამ. ამან როსტომ ბრძანებითა ხონთქრისათა მისცა სპანი და ჰყო კუალად გურიელად ქაიხოსრო, რამეთუ აქუნდათ ამათ ბრძანება ყოველთა საქმეთა ზედა იმერეთისათა და მართვიდნენ ესენი. არამედ ძნელოვანთა აუწყებდნენ აზრუმის ფაშასა და მით განმართვიდნენ, შემდგომად მოკუდა როსტომ ფაშა წელსა ქსა ჩ̃ქნთ. ქარ ტ̃მზ.

ი̃ე. ასლან-ფაშა, კ̃ წელი ფაშა

[edit]

ამისა შემდგომად წარვიდა ძე როსტომისა ასლან სტამბოლს, მოსცა ხონთქარმან ფაშობა, მოსრული ესე ახალციხეს მართვიდა საათაბაგოსა, ვითარცა წინთქმულნი. ესე ასლან-ფაშა ნებითა იმერთათა ჩავიდა იმერეთს, დასუა მეფედ ბაგრატვე უთუალო, შეიპყრა დარეჯან და ვახტანგ, წარმოიყვანა იგინი და შოებული მოვიდა ახალციხეს და დაასადგურნა იგინი ოლთისს. ხოლო რაჟამს დაიპყრა ვახტანგ მეფემან იმერეთი და დასუა არჩილ, არღარა რას მორჩილებდნენ ასლანს. ამისთჳს შეასმინა ხონთქარსა და ბრძანებითა მისითა აღვიდა მთასა ზედა ფერსათს სპითა ქსა ჩ̃ქჲგ, ქარტ̃ნა.

არამედ იმერთა რა-დასუეს ბაგრატვე, მოუძღუნეს ქრთამი დიდი, რათა უკუნიქცეს, ვინაჲთგან უზისო მეფევე თჳსი. უკმოიქცა ასლან და აუწყა ესენი ხონთქარსა. ამანვე მისცა სეხნია ჩხეიძეს იენგიჩარნი და შეაყენნა ქუთათისს ციხესა შინა. შემდგომად რა განაძეს ბაგრატ იმერთა, ამას ასლან-ფაშას ევედრნენ ვახტანგ და დარეჯან დედოფალი, რათა ჰყოს იგინი მეფედ იმერთა და მოსცეს კ̃ ჩ̃ მარჩის წინდად ქეთევან, რამეთუ ჟამთა ამათ სრულიად მიქცეულ იყვნენ მესხნი წესთა და სჯულთა ოსმალთათა და იყვნენ ვეცხლის მოყუარენი პირისა და ფიცის მტეხელნი, მეძავ-მემრუშე-სოდომიანნი, ვითარცა წეს არიან ოსმალთა. მიიდო ქრთამი ასლან-ფაშამ, ჩავიდა იმერეთს და ჰყო ესენი მეფედ, ვითარცა აღვსწერეთ.

შემდგომად კუალად ამანვე მისცა სეხნია ჩხეიძეს იენგიჩარნი და შეადგინნა ციხესა ქუთათისს. ამავ ასლან-ფაშისაგან მოითხოვა შანაოზ მეფემან ქეთევან დაწინდული დარეჯანისაგან ქსა ჩ̃ქჲზ, ქარ ტ̃ნე, და მოსცა ოთხმოცი ქესა და წარიყვანა ქეთევან.

შემდგომად ვედრებითა გურიელისათა შთავიდა იმერეთს ქსა ჩ̃ქობ, ქარ ტ̃ჲ, კუეთებული ბაგრატ შეიპყრეს და მოართუეს ასლანს.

მაშინ ბაგრატ მოსცა ძე თჳსი ალექსანდრე მძევლად ქრთამისა წილ, დაუტევა იგივე მეფედ და მოვიდა სამცხეს.

შემდგომად ამასთანავე მოვიდა ძე შანაოზ მეფისა ლუარსაბ სამეფოდ იმერთა, მოსცა ძღუენი ასლან-ფაშასა. არამედ სცნა, რამეთუ აცთუნებს ასლან-ფაშა და წარვიდა ქსა ჩ̃ქოდ, ქარ ტ̃იბ. ამის მეორეს წელს მოვიდა ძე შანაოზ მეფისავე არჩილ დაპყრობად იმერთა და პატივით შეიტკბო ასლან-ფაშამან. არამედ მოვიდა გურიელიცა სამეფოდ იმერთავე. ესე აუწყა ასლან ხონთქარსა და მცდელობდა არჩილისათჳს იმერეთსა, რამეთუ მოყურობდა ქეთევანისა გამო. გარნა არა ინება ხონთქარმან არჩილ წინთქმულთათჳს შესმენისა და უბრძანა შეპყრობა არჩილისა. ამან დასუა პატიმარსავით ახალციხეს და გურიელი განუტევა გურიას. მერმე განზრახჳთა მესხთათა გამოპარვით გამოუტევა არჩილ. ხოლო ამა ჟამებთა შინა არღარა იყო სახელნი თავადთა, მთავართა და აზნაურთა. არამედ უწოდდენ ფაშად, ბეგად, ალიბეგად, სანჯახად და აღად, რამეთუ ახალციხეს და ოლთისს იყო ათაბაგი ახალციხის ფაშად წოდებული; კოლას ჯდა ფაშა, შავშეთს, აჭარას ბეგნი და სხუათა ადგილებთა ალიბეგნი და აღანი, გარნა მორჩილებასა და ლაშქრობასა ქუეშე ახალციხის ფაშისასა. შემდგომად მოვიდნენ ასლანისა თანა ბაგრატ და გურიელი, ლტოლვილნი არჩილისაგან და აღუთქუეს ქრთამი დიდი. ამან აუწყა ხონთქარსა. ხოლო განრისხებულმან ხონთქარმან წარმოავლინა აზრუმის ფაშა სუაზს აქათითა სპითა. ესე მოვიდა და ჩამოუძღუა ასლან-ფაშა იმერეთს და რა იგი აღვსწერეთ იქმნა. მაშინ კვაცხუთს მდგომს აზრუმის ფაშას მოერთო წიგნი არჩილისა: "ვქმენ ყოველი, რა იგი ვყავ ასლანფაშისაგან, რამეთუ მიმიღო საგანძური დიდძალი სახონთქროდ და მით მომცა იმერეთი და აწ რაჲ არს შეცოდება ჩემი". ესე მისწერა აზრუმის ფაშამ წინაშე ხონთქრისა და ხონთქარმან ამისთჳს მოუწერა თავის მოკუეთა ასლან-ფაშასა. მაშინ კვაცხუთს მოჰკუეთა თავი ასლან-ფაშას, წელსა ჩ̃ქოზ, ქარ ტ̃ჲე და წარავლინა თავი სტამბოლს. ხოლო აზრუმის ფაშა და მესხნი მოვიდნენ სამცხეს. არამედ ძე ასლან-ფაშისა, მცნობი ამისი, წარვიდა სტამბოლს, მისცა ქრთამი დიდი; ამისთჳს მოსცეს ფაშობა და მოვიდა ახალციხეს.

ი̃ვ. უსუფ-ფაშა, ი̃ წელი ფაშა

[edit]

დაჯდა ესე უსუფ-ფაშა წელსა ქსა ჩ̃ქპ, ქარ ტ̃ჲჱ და იწყო განგება, ვითარცა წინათთა. არამედ ამ ჟამებთა უკეთუ ვინმე მოიქონის ვეცხლი, წარვიდის სტამბოლს, მისცის ქრთამი და იშოვნის მკჳდრად მამული და დაიპყრიან, ვითარცა ჰყო ფირიაღისშვილმან, რომელი განჰყიდა გურიელმან მღუდელი. მან მღუდელმან მოიგო ვეცხლი მაჰმადიანობით, წარვიდა სტამბოლს, მისცა ქრთამი; მოსცეს ჯავახეთი და უწოდეს ფაშად, ამან და ძეთა ამისთა დაიპყრეს ჯავახეთი და არიან დღედცა ფაშად. ამით იწყეს წარჩინებულთა მესხთა შემცირებად და ამაღლებად უგვანთა და უგუაროთა.

ამის მიერ უმეტეს მოოჴრდებოდნენ ეკლესიანი და აღშენდებოდნენ ჯამნი და დაიტევებოდა ზნენი ქართულნი თჳნიერ ენისა, და განდიდნებოდა მათ შორის მაჰმად და ნეშტნი ხატთა და ჯუართა შეიმუსრვოდა და იმყოფებოდა დედათა მათთა სამკაულად, რომელთაგან იქმნებოდენცა სასწაულნი მრავალნი, გარნა არავინ მიუპყრობდა ყურთა. არამედ ესრეთთა ვერღარა შემუსრვიდენ, გარნა განყიდდენ მთელსა, სხუათათჳს არღარა არს ჟამი აქა მოჴსენებად.

ხოლო ამ უსუფ-ფაშას მოსცა გიორგი მეფემან ალექსანდრე, ძე ბაგრატისა, და ამან მეფედ ჰყო იმერეთს ქსა ჩ̃ქპგ, ქარ ტ̃ოა, და თჳთ მოვიდა ახალციხეს. ამანვე წარავლინა შავშეთის ბეგი და ღალატით მოჰკუეთა ქაიხოსრო გურიელს თავი და გურიას დასუა ძმა მისი გურიელად მამია ქსა ჩ̃ქპე ქარ ტ̃ოგ. შემდგომად მოკუდა ესე უსუფ-ფაშა წელსა ჩ̃ქჟ, ქარ ტ̃ოჱ.

ი̃ზ. სალიმ ფაშა ი̃ა წელი ფაშა

[edit]

მაშინ წარვიდა ძმა მისი სალიმ სტამბოლს, ამას მოსცეს ფაშობა ქრთამით, მოვიდა ახალციხეს და განაგებდა ეგრეთვე. ამის ჟამსა შინა მოვიდა მეფე გიორგი. ამან ისტუმრა და პატივ-სცა. შემდგომად ბრძანებითა ხონთქრისათა წარატანა მუსალიმი სპითა მეფე გიორგის, ჩავიდნენ და ჰყვეს არჩილ მეფე. მერმე კუალად მოვიდა გიორგი მეფე დედაწულით, ამან დაასადგურა ოშორას. შემდგომად ბრძანებითა ხონთქრისათა მოერტყა ოშორას სპითა სალიმ-ფაშა, შეიპყრა გიორგი მეფე და პატიმარ-ჰყო ახალციხეს. არამედ მესხთა გააპარეს გიორგი მეფე წელსა ქსა ჩ̃ქჟა ქარ ტ̃ოთ.

ამასვე წარმოუვლინა ნაზარ-ალიხან ალექსანდრე ამან შეიკრიბნა სპანი ბრძანებითა ხონთქრისათა შთაიყვანა იმერეთს და ჰყო ალექსანდრე მეფედ და განამაგრა უმეტესად ქუთათისი და შემუსრა ეკლესია, და უკმოიქცა ახალციხესვე. შემდგომად ნებითავე ასლან ფაშისათა და ქრთამითა განაძეს არჩილ იმერთა და დასუეს გიორგი. ხოლო იყო ჭირი დიდი იენგიჩართაგან, ციხეთა შინა მყოფთა მესხთა ზედა. გარნა თუ მაჰმადიანი იყვნენ, არამედ ჰკლვიდიან კაცთა და დედათა ძალყოფდიან, ეგერეთვე ყრმათაცა, და ართმიდიან მრავალთა უსამართლოდ. ამან სალიმ-ფაშამ წარავლინა ქრთამი დიდი სტამბოლს შეწევნითა მესხთათა და ითხოვა განყვანა იენგიჩართა და მუნ დადგინებად ყულთა. უსმინეს და დაადგინეს ყულნი და განთავისუფლდნენ ჭირისა მისგან.

ხოლო განაძეს იმერთა გიორგი და დასუეს არჩილ. ესე აღუძნდა ასლან-ფაშას, რამეთუ უნებლიედ მისსა ჰყვეს და აუწყა წინაშე ხონთქრისა. განრისხნა ხონთქარი და უბრძანა განძება მისი. მაშინ სალიმ-ფაშამ მოიყვანა ნაზარ-ალიხანიდამ სჳმონ, ძე ალექსანდრესი, ქსა ჩ̃ქჟჱ, ქარ ტ̃პვ, შთაიყვანა იმერეთს და ჰყო მეფედ. შემდგომად ამანვე სალიმ-ფაშამ მისცა იგივე სჳმონ გურიელს მამიას, რათა ჰქნის მეფედ და ამანვე წელსა მოკუდა სალიმ ფაშა ქსა ჩ̃ღა, ქარ ტ̃პთ.

ი̃ჱ. ისაყ ფაშა, დ̃ წელი ფაშა

[edit]

ხოლო ძე უსუფ-ფაშისა წარვიდა სტამბოლს ისაყ, შესძღუნა ქრთამი დიდი, მისცეს ფაშობა და მოვიდა ახალციხეს და მართვიდა თქმულთაებრ. ამან ისაყ-ფაშამ მოიყვანა გიორგი, ძე ალექსანდრესი, ნაზარ-ალიხანიდამ და ჰყვანდა თჳსთანა ყოფად იმერთა მეფედ. ხოლო ფაშანი ესენი, რომელნი მოვიჴსენეთ, უმეტეს ამისთჳს აშფოთებდიან იმერთა, რამეთუ უკეთუმცა არა ჰქონდათ იმერეთს ლაშკრობანი, წარიყვანდნენ სადაცა უნებდათ ლაშქრად და ექმნებოდათ ჭირი დიდი სიშორე გზისა, და აქა ლაშქრობითა აღივსებოდიან ნიჭითა და ტყჳთა, ვინაჲთგან არღარად რაიდ სჩნდათ ოჴრება, ტყუევნა, კლვა ქრისტეანეთა მაჰმადიანობით. ხოლო ისაყ-ფაშას აღუძნდა რა მორჩილება აბაშიძისა და განდიდება მისი, შეასმინა წინაშე ხონთქრისა. ამისთჳს ხონთქარმან წარმოავლინა სარასკრად აზრუმის ფაშა სპითა დიდითა, და მოვიდა ქეჰა მისი ახალციხეს სპითა, და თჳთ სარასკარი მოვიდა გურიას, განვლო ჭოროხი ნავის ჴიდით, რამეთუ აქუნდა ბრძანება შჳდ წელ ყოფა იმერეთსა შინა და სრულიად მოოჴრება ციხეებითურთ. მაშინ ისაყ-ფაშამ და ქეჰამ გარდავლეს ფერსათი სპითა არამედ კაკას ჴიდზედ შეეკრათ იმერთა სიმაგრე. უწყეს ამათ დიდდიდთა თოფთა ცემა, ვერღარა დაუდგნენ იმერნი და შთავიდნენ ესენი იმერეთს და ჰყვეს რაჲ იგი აღვსწერეთ. ხოლო მოკუდა სულტან მუსტაფა და დაჯდა აჰმად. ამან უბრძანა სარასკარს უკუნქცევა იმერეთიდამ. მაშინ ამათ დაუტევეს მეფედ გიორგი ძე ალექსანდრესი და ზამ-ჰყვეს აბაშიძისა თანა, აღაშენეს თხმელის ციხე ბაღდადს, შეაყენნეს იენგიჩარნი და უკმოიქცნენ ქსა, ჩ̃ღგ, ქარ ტ̃ჟა. გარნა დახუდენ იმერნი მთასა ზედა და მოეწივნენ უკან. არამედ ესენი არღარა უკუბრუნდნენ ბრძანებისა და ზამთრისათჳს და მოსრნეს იმერთა მრავალნი და დაკოდეს ისაყ-ფაშა ჴელსა შინა და მოკლეს კოლის ფაშა და აღიღეს ალაფი მრავალი და მესხნი მოვიდნენ ახალციხეს. ხოლო ქეჰა წარვიდა აზრუმს სპითა, ვინაჲთგან გურიიდამ წარსრული სარასკარიცა მისრულ იყო აზრუმს.

ამისა შემდგომად ისაყ-ფაშა მართვიდა და განაგებდა საათაბაგოსა და ამას არა ეგდენ ერჩდა ფაშა კოლისა და ეძჳნვებოდა ისაყს, რამეთუ იყო ხონთქრისაგან მორჩილებასა შინა მისსა. ამისთჳს წარავლინა კაცი და მოკლა იგი ღალატად. ხოლო მემკჳდრეთა მისთა უღაღატეს ხონთქარსა, რამეთუ თუმცა განსაგო იყო, არამედ ვერ მოაკუდინებდა სარგოსათჳს თავისა თჳსისა, თუმცა არა ხონთქრისა შარავანდედობისა სვიანობისათჳს, ვერცა ფაშასა ანუ ბეგსა, ალიბეგსა, აღასა და მოლაშკრესა. ამისთჳს განრისხნა ხონთქარი, წარმოავლინა მტარვალი, რათა მოჰკუეთონ ისაყ-ფაშას თავი. სცნა ესე ისაყ-ფაშამ, განივლტო, მივიდა სტამბოლს და დაიმალა მუნ წელსა რაოდენსამე. ხოლო ახალციხეს წარმოავლინეს ფაშად ასლან, ძე სალიმ ფაშისა, ბიძის ძე ისაყ-ფაშისა.

ი̃თ. ასლან ფაშა, გ̃ წელი ფაშა

[edit]

წელსა ქსა, ჩ̃ღე, ქარ ტ̃ჟგ მოვიდა ასლან ფაშა და დაჯდა ახალციხეს და განაგებდა წესსა ზედა მათთა, რამეთუ ამ ჟამებთა არღარავინ იყო ქრისტეანე თჳნიერ გლეხთა, არამედ იგინიცა მცირედ სამცხეს თჳნიერ ჯავახეთისა, და უმცირესად შავშეთს, აჭარას და არტანს. გარნა ვაჭარნი რაოდენნიმე იყვნენ ყოველგან საათაბაგოსა შინა. არამედ იყო შენობა დაბნებთა და აგარათა, ვინაჲთგან ესეოდენთა ჟამთა იქმნა მშჳდობა ქუეყანათა ამათ შინა, აყრილნი ქართლიდამ და სომხითიდამ სახლდებოდიან აქა და უმეტესნი ჯავახეთს. კუალად უფროსად ტყუეთაგან იმერთათა განმრავლდებოდნენ ფრიადად თათრობითა, ვინაჲთგან ხარკთაგან კიდე ვერა რაის ავნებდნენ გლეხთა. ხოლო შემდგომად განცხადდა ისაყ-ფაშა სტამბოლს, რამეთუ დაჯდა სხუა ვეზირ აზამი, მისცა ქრთამი დიდი და მოსცეს ფაშობა ისაყ-ფაშასავე და ასლან ფაშა წარვიდა სტამბოლს.

ი̃ჱ. ისაყ-ფაშა, ჱ̃ წელი ფაშა

[edit]

მოვიდა ისაყ-ფაშა წელსა ქსა ჩ̃ღჱ ქარ ტ̃ჟვ, და დაჯდა ახალციხეს. ამან დაამდაბლნა მიმდგომნი ასლან-ფაშისანი მოხუეჭითა და წართმითა თეთრთათა და უპატიოყოფითა და აღამაღლნა თჳსნი წელსა ქსა ჩ̃ღიბ, ქარ უ̃, მოვიდა გიორგი იმერთა მეფე, რათა მწე-ეყოს. ხოლო ისაყ-ფაშამ აღუთქუა. არამედ შემდგომად ნებითა ფაშისათა წარვიდა და დაიპყრა იმერეთი: კუალად წელსა ჩ̃ღიგ, მოვიდა იგივე გიორგი. გარნა შემდგომად გურიელის სიკუდილისა ნებითა ფაშისათანავე დაიპყრა იმერეთი ქსა ჩ̃ღიგ, ქარ უ̃ა.

ი̃თ. ასლან-ფაშა, ბ̃ წელი ფაშა

[edit]

ხოლო წელსა ჩ̃ღივ, ქარ უ̃დ მისცეს კუალად ასლან-ფაშას და მოვიდა ახალციხეს. ხოლო ისაყ-ფაშა წარვიდა სტამბოლსვე. ესე ასლან ფაშა ქრთამითა და ვედრებითა ბეჟან დადიანისა და ზურაბ აბაშიძისათა ჩავიდა იმერეთს სპითა და, იქმნა რა იგი, აღვწერეთ იმერეთს. მერმე მოვიდა ახალციხეს. არამედ უყო ამანცა ეგრეთვე ისაყფაშის მიმდგომთა, ვითარცა მან ამისთა უქმნა.

ი̃ჱ. ისაყ-ფაშა, ი̃თ წელი ფაშა

[edit]

შემდგომად წელსა ჩ̃ღიჱ, ქარ უ̃ვ მოსცეს კუალად ისაყ-ფაშას ახალციხის ფაშობა, მოვიდა და დაჯდა. არამედ ასლან-ფაშა წარვიდა სტამბოლს, რამეთუ ვედრებითა და ქრთამითა ისაყ-ფაშისათა მისცეს სხუა ფაშობა ასლან ფაშასა, რათა არღარა შემცილე ექმნას ისაყ ფაშასა. შემდგომად ისაყ-ფაშისა თანა მოვიდა გიორგი იმერთა მეფე სტამბოლიდამ, წელსა ჩ̃ღით, ქარ უ̃ზ ამან წარატანა მუსალიმი თჳსი სპითა, ჩავიდნენ იმერეთს და იქმნა ყოფილი იგინი, დაუტევეს გიორგი მუნ და წარმოვიდნენ მესხნი.

ხოლო შემდგომად გიორგი მეფის სიკუდილისა წარავლინა ისაყფაშამ შავშეთის ბეგი ვახტანგ მეფისა თანა და ითხოვა ძე გიორგისა ალექსანდრე. მან წარმოუვლინა ნიჭითა და შემდგომად წელსა ჩ̃ღკა, ქართ{ულსა} უ̃თ ბრძანებითა ხონთქრისათა შთავიდა იმერეთს და იქმნა აღწერილისაებრ. მერმე დასუა მეფედ ალექსანდრე, მოუდგინა ბეჟან დადიანი და თჳთ მოვიდა ახალციხეს. ხოლო წელსა ჩ̃ღკგ, ქარ უ̃ია წარმოავლინა ხონთქარმან აზრუმის ფაშა სარასკარად სპითა დიდითა დაპყრობად ადრიბეჟანისად. ესე მოვიდა ყარსს და მიუწოდა ისაყ-ფაშას შემდგომად შთავიდნენ ტფილისს და იქმნა ყოველი, ვითარცა აღვსწერეთ ქართლსა ზედა ყოფილნი. ხოლო ახალციხეს ჯდა მუსალიმი და განაგებდა ნებითა ისაყ-ფაშისათა. არამედ იქმნა ესე ისაყ-ფაშა შემდგომად იესეს სიკუდილისა მპყრობელი და განმგებელი ხონთქრისაგან სრულიადისა ძალითა ყოვლისა საქართველოსი, სახელით სამცხე-საათაბაგოსი, სრულიად იმერეთისა, ქართლისა, ლორე-ყაზახ-შამშადილისა და კახეთისა. არამედ ვინაჲთგან იყო ქართლი ჭირსა დიდსა, აღშენდა ჯავახეთი და სამცხე მუნიდამ ვინაჲთგან გარდმოშენდებოდნენ და განმდიდრდენცა ბეგნი, ალაიბეგნი, აღანი და ფაშანი ხუეჭითა მათითა. არამედ აქუნდაცა ჭირნი ჯავახ-სამცხელთა მოგზაურთა სპათაგან. შემდგომად გარდმოვლეს ქართლი ლეკთა და სტყუევნიდენ სამცხე-ჯავახეთსა, ვიდრე კოლამდე და მიაქუნდათ ნატყუენავნი უამრავნი. მრავალგზის ეწივნენ მესხნი და ეწყუნენ. არამედ იგინი მრე-ექმნებოდიან მარადის და მოსრვიდიან სპათა ანუ სადაცა ვის მოიჴელთიან და წარაქუნდათ ალაფი დიდძალი. ხოლო შემდგომად მოადგა რა თამაზხან განჯას, უკუდგნენ ქართველნი ისაყ-ფაშისაგან, მისცეს ნება ყიზილბაშთა და უჴდებოდნენ ქართველნი სამცხეს და ჯავახეთს მარადდღე და სტყუენვიდნენ. კუალად დღესა ერთსა მოუჴდნენ და წარიღეს ნატყუენავი. ამათ წარმოუდგა მუსალიმი, დაესხა დვირს, მოსრნა და მოსწყჳდნა ქართველნი, ტყუე-ყვნა მრავალნი, უკმოიხუნა ნატყუენავნი და მოვიდა გამარჯუებული. ხოლო სძლო რა თამაზხან ქოფრულსა, მაშინ მისცა ტფილისიცა ისაყ-ფაშამ და წარმოვიდა ყოვლითა საგანძურითა თჳსითა და დაჯდა ახალციხეს. შემდგომად ზავ-ჰყვეს რა ხონთქარმან და შანადირ, ამით იქმნა კუალად მეგობრობა ქართველთა და მესხთა შორის. არამედ ისაყ-ფაშას არღარა აქუნდა ვეზირობა სამის თუღითა, გარნა იყო ორთუღიანი პირველისაებრ. ამ ისაყფაშამ წარავლინა ძე თჳსი უსუფ-ფაშა სტამბოლს, შესძღვნა ქრთამი დიდი ვეზირსა, მოსცეს ახალციხის ფაშობა უსუფ-ფაშას, წარმოვიდა და მოვიდა ახალციხეს.

კ̃. უსუფ ფაშა ზ̃ წელი ფაშა

[edit]

წელსა ჩ̃ღლზ, ქარ უ̃კე, დაჯდა უსუფ-ფაშა ძე ისაყისა. ხოლო ისაყ-ფაშა იყოფებოდა განსუენებით თჳსად და მართვიდა უსუფფაშა, თჳნიერ დიდთა საქმეთაგან, და ამას ჰკითხვიდა მამასა თჳსსა. ამან უსუფ-ფაშამ წარავლინა კაცი აჭარას საქმისა რისათჳსმე. ხოლო მათ შეურაცხ-ჰყვეს კაცი იგი, განრისხნა უსუფ-ფაშა, წარავლინა მაჰმად-ბეგ სპითა. ესე დაესხა აჭარას და მოსწყჳდნა სულნი ურიცხუნი უწყალოდ, აღიღო ალაფი მათი და მოვიდა უსუფ-ფაშისა თანა. მაშინ ნეშტნი აჭარელნი წარვიდნენ სტამბოლს და ევედრნენ ხონთქარსა. ამისთჳს წარიყვანეს უსუფ-ფაშა სტამბოლს. არამედ ამანვე სძლო მათ, მისცა ქრთამი დიდი ვეზირსა, მან გამოუტევა და მოვიდა ახალციხეს ფაშადვე. ხოლო ალექსანდრემ მეფემან იმერთამან, შეიპყრა ვახუშტი აბაშიძე. მოვიდა ისაყ-ფაშისა ვედრებად ანუკა მეფის ასული: ამან აღუთქუა განტევება მისი და წარუვლინა მეფესა ალექსანდრეს ცხენი აღკაზმული და ქურქი და მიუტევა კ̃ ქესა რომელი თანაედვა ალექსანდრეს ისაყ-ფაშისა, რათა განუტეოს ვახუშტი. ხოლო მან არა ინება, არცა პატივ-სცა ამისთჳს წარავლინა ფირიაღის-შვილი ჯავახეთის ფაშა, სიძე თჳსი, იმერეთს სპითა წელსა ჩ̃ღმა, ქარ უ̃კთ. შთავიდა რა იმერეთს, მოეგება დადიანი, ერისთავი და ზურაბ. ხოლო ალექსანდრე ივლტოდა ქართლს. ამათ მოიყვანეს გიორგი, ძე გიორგისა და ძმა ალექსანდრესი, დასუეს იგი მეფედ და წარმოვიდნენ.

ამასვე წელსა მოვიდა შანშე ლტოლვილი ყიზილბაშთაგან. ამისთჳს წარმოევლინა კაცი შანადირს ისაყ-ფაშისათჳს, რათა წარუვლინოს კრული შანშე. მაშინ ისაყ-ფაშამ აღირჩია მშჳდობა, რამეთუ ეშინოდა მისგან მორბევისა და მოოჴრებისა ქუეყნისა, შეიპყრა შანშე და მისცა კრული. ამასვე წელსა წარმოევლინა ალექსანდრეს ისაყ ფაშისათჳს, რათა ჰყოს იგივე იმერთა მეფედ. უსმინა ისაყ-ფაშამ წინათქმულთათჳსვე, წარატანა ალექსანდრეს სპანი, ჩაიყვანეს და ჰყვეს იგი მეფედ და სპანი მოვიდნენ სამცხეს. ხოლო შემდგომად წელსა ჩ̃ღმბ, ქარ უ̃ლ, რა სძლო შანადირ კუალად სარასკარს, ყარსს წარმოავლინა და მოარბივეს ჯავახეთი, არტანი, კოლა, წარიღეს სრულიად პირუტყუნი და ქონებანი, არამედ ტყუენი არა ტყუე ყვნეს და მოუწივეს ვიდრე მტკურადმდე მარბიელთა. შემდგომად წელსა ჩ̃ღმდ, ქარ უ̃ლბ წარმოევლინა ხონთქარს საგანძური დიდი ლეკთათჳს, რამეთუ შანადირ ებრძოდა მუსულის ქალაქსა, შეიკრიბა უსუფ-ფაშა, წარვიდა სპითა დიდითა და შთავიდნენ ქართლს. ხოლო მისრულთა თედოწმიდას, იქმნა რა იგი აღვსწერეთ ქართლსა ზედა. შემდგომად მოვიდა ძლეული უსუფ-ფაშა აწყუერს და მოკუდა მუნ. ამისი მსმენელი ისაყ-ფაშა დამძიმდა ფრიად, გარნა მართვიდა იგივე ქუეყანათა.


აღწერა საჩინოთა ადგილებთა სამცხე-საათაბაგოსი ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
აღწერა ეგრისის ქუეყანისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა