აღწერა საჩინოთა ადგილებთა სამცხე-საათაბაგოსი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
აღწერა აწინდელისა ოვსეთისა ანუ კავკასიათა შინათა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
ცხორება სამცხე-კლარჯეთისა


სამცხე-საათაბაგოს რუკა

აღწერა საჩინოთა ადგილებთა სამცხე-საათაბაგოსი[edit]

ადგილებთა სახელის წარმოჩინებისათჳს[edit]

ხოლო ქუეყნისა ამის სახელი არს საკუთარი ქართლი ამისთჳს, რამეთუ არს წილივე ქართლოსისა, და მისგანვე ეწოდა ქართლი და, შემდგომად სიკუდილისა მისისა, საქართლო ანუ საქართველო, და იწოდების დღედმდეცა ეგრეთვე. არამედ, ვინაჲთგან ჟამითი-ჟამად შეეძინნენ სახელნი მრავალნი განყოფილებისაგან და ადგილებთა განყოფისათჳს, და ისახელნეს ესრეთ. რამეთუ შემდგომად ქართლოსის სიკუდილისა ცოლმან მისმან, განყო რა ძენი თჳსნი, და მისცა უხუცესსა ძესა თჳსსა მცხეთოსს ტფილისისა და არაგჳს დასავლეთი, და ფანავრის ტბის დასავლეთის ქუეყანა, წილი ქართლოსისა, ზღუამდე სპერისა, და ტაოსა და კლარჯეთს შორისის მთამდე, და დაიპყრა მცხეთოს ქუეყანა ესე; ამან მცხეთოს უწოდა ტფილისის და არაგჳს დასავლეთს, ლიხის მთამდე და ტაშისკარამდე, შიდა ქართლი და ტაშისკარსა და ფანავრის დასავლეთს ზღუამდე უწოდა ზემო ქართლი, და განყო იგივე ქართლოსის საჴელი ესრეთ. ხოლო შემდგომად მცხეთოს განუყო სამთა ძეთა თჳსთა წილი თჳსი და მისცა უფლოსს, ძესა თჳსსა, რა იგი აღვსწერეთ, და ძესა თჳსსა ოძრახოს მისცა ტაშისკარს ზეითი და მტკურის დასავლეთი, ვიდრე ზღუამდე, საზღვრამდე ქართლოსისა, რომელ არიან აწ სამცხე, გურია, ლიგანი, შავშეთი, არტანუჯი, ფანასკეტი, ოლთისი და ტაო; და ამათ ადგილებთა უმეტეს ეწოდა ზემო ქართლი.

ხოლო ფანავრის დასავლეთი და მტკურის აღმოსავლეთი, ვიდრე თავადმდე მტკურისა, მისცა მცხეთოს ძესა თჳსსა ჯავახოსს, და ამის მიერ ეწოდა ამ ადგილებთა ჯავახეთი. და არიან ამათ ადგილთა შინა ჯავახეთი, არტანი, ერუშეთი, კოლა და მტკურის აღმოსავლეთი; ხოლო კლარჯეთი არა არს წილი ამათი, არამედ ფარნაოზ დაიპყრა შემდგომად აზონის სიკუდილისა. და არს საზღვარი ამისი: აღმოსავლით მთა, რომელი განვლის კლარჯეთსა და ტაოს შუა ზღუამდე; სამჴრით მთა იგი, რომელს სდის მდინარენი და ერთვის ჭოროხსა; დასავლით მთა აზრუმ-ბასიანს შორის განვლილი ზღუამდე, და ჩდილოთ შავი ზღუა. და არიან ამათ შინა თორთომი, ხახული, ისპირი, ფორჩხა, ბაიბურდი და ჭანეთი [არამედ უცნობელ არს, რით ეწოდა სახელი ესე, გარნა საგონებელ არს ღულარჭნილთა და კლდოვან ღრატო-ღრიღოვანებისა მიერ და მაღალთა მთათაგან, რამეთუ მთა-ბარი ახლორებს ესრეთ, ჟამისა ანუ ნახევარჟამისა თვალთა არს თოელი და ბართა ნარინჯი, თურინჯი, ზეთისხილი და ყოველნი ნაყოფნი].

და ესრეთ განიყო სახელი ზემო ქართლისა სამად. არამედ აწ ოძრახოს წილს, გურიის მთამდე და არსიანის მთამდე, უწოდებენ სამცხეს, მცხეთოსისა და ქალაქის მცხეთის გამო, პირველვე წოდებულს მცხეთის მორჩილებისათჳს [კუალად იტყჳან: ოდეს აღაშენა სუმბატ ბივრიტიანმან ციხე დემოთს, სამთა ციხეთათჳს ლომ(ს)ისა, ოძრახესა მეპირისპირედ, ესე იგი არს სამციხეთა, ამით იწოდა სამცხე]. ხოლო ამისვე წილი გურია აღვსწერეთ იმერეთსა ზედა, მუნ იხილავ. ხოლო ჭოროხის მდინარე იწოდა ქვა-ყრილობით და რიყოვანობით მას შინა მყოფთასა, რამეთუ მის მიერ დის მჩქეფრად და ჩქარად, და ჴევსა მისსა - ლიგანის-ჴევად, კლდოვან განლიგებისათჳს ანუ დაბისაგან; ეგრეთვე შავშეთი - ვითამ შავში და არა სპეტაკში, მთა-კლდოვან ტყის გამო, და არტანუჯი - შუენიერებისათჳს: "არა ტანი, არამედ უნჯი", ანუ იწოდნენ ძეთაგან ოძრახოსათა, რომელთა ეწოდათ სახელნი ესენი, და დაიმკჳდრეს რა ადგილნი ესენი, უწოდეს სახელნი თჳსნი. არამედ ჯავახეთს უწოდებენ მასვე ძუელს სახელს. ხოლო არტანი ეწოდა მისვე ჯავახოსაგან, ვითამ ჯავახეთის "არა ტანი, არამედ პირი", და კოლა იწოდა მუნ მცირე ქალაქის გამო. ხოლო ქუეყანასა კლარჯეთისასა უწოდნენ სახელნი იგინი დაბნებთა და ქალაქებთაგან, მუნ მყოფებთა, ანუ ძის ძეთაგან ჰაოსისათა; და ჭანეთს ეწოდა მათგანვე, ანუ შემდგომად მლიქნელობისა და მდედრობისა მათთათჳს ჭანად, არამედ ბაგრატიონთ მეფობასა შინა ყოველთა ამათ ადგილებთა და ქუეყანათა კრებით ეწოდა მესხნი, იგივე ძუელი სახელი სამცხეთოსი, და სიმოკლისათჳს მესხნი ითქმის. ხოლო ბრწყინვალე მეფემ გიორგიმ მისცა რა ათაბაგობა და მის ქუეშე დააწესნა მის ქუეყნის ერისთავნი, მიერით იწოდა საათაბაგო, და უმეტეს განდგომილებისა ყუარყუარე ათაბაბისაგან, და ისახელების დღემდე საათაბაგოდ.

ხოლო სიგრძე ქუეყნისა ამის არს ქართლის საზღვრიდამ ქართლის ყელამდე და ბაიბურდისა და ჭანეთის საზღვრამდე, და განი დევაბოინისა, და ირიჯლუს, და ყალნუს მთებიდამ ღადოსა და გურიის მთადმდე და ზღუამდე. და მზღვრის ქუეყანასა ამას: აღმოსავლით საზღვარი ქართლისა, რომელი აღვსწერეთ, და მთა ყარსისა, არტან-კოლასა და ყარსს შორისი; სამჴრით მთა წინჴსენებული, სომხით-ქართლის საზღვარი, რომელი აწ ისახელების ირიჯლუსა და დევაბოინის მთად; ჩდილოთ მზღვრის მთა ღადო ანუ ფერსათი, და მთა აჭარა-გურიის შორისი, და ზღუა პონტოსი; დასავლით მთა აზრუმისა, ეზინგისა და საქართველოს ყელს შუა წავლილი, ანუ რკინის პალოსი, და მისრული ზღუამდე, რომელი აღვწერეთ ტრაპიზონისა და ჭანეთის საზღვარი.

ქუეყანისათჳს

ხოლო არს ქუეყანა ესე ფრიად მრავალ და დიდროვან მთიანი, კლდიანი, ჴევიანი, ღრატოიანი, ტყიანი, შამბ-შროშნიანი, მდინარიან-წყაროიან-ტბიანი და მცირედ ველოვანი. ზამთარ ადგილადგილ ცივი და დიდთოვლიანი და ადგილ-ადგილ ფრიად თბილი, ზაფხულს შეზავებული, რამეთუ აქუს მთანი და აგარაკნი ფრიად ახლოს, ხოლო ადგილს ფრიად ცხელი და გაუძლისი, თჳნიერ აგარაკთა. ჰავით მშუენი და კეთილი, არამედ ზღჳს კიდეთა არა ეგრეთი. ნაყოფიერებს ქუეყანა ესე ყოვლითა მარცვლთა და არა ყოველგან. ადგილად აკეთებენ აბრეშუმსაცა მცირედ. და ხილნი, რომელნიცა აღვსწერეთ, არიან მრავლად და კეთილნი არიან წალკოტნი, მტილნი და სავარდენი. გარნა ტყეთა, მთათა და ველთა ვიეთთა ადგილებთა შინა მრავალ არიან, ვინაჲთგან მთა და ველნი შროშნითა ფშვიან. პირუტყუნი ყოველნი მრავალნი და ნადირნი მრავლად, არამედ ქურციკი არა არს. ფრინველნი ურიცხუნი, გარნა დურაჯი, შხერო, ასკატა არა არს აქა. ჩიტნი და სირნი უამრავნი. მდინარენი მრავალნი, დიდნი და ჩქარად მომდინარენი. წყარონი ტკბილნი, მშუენნი და კარგნი. ტბანი კეთილნი და თევზიანნი, და უმეტეს კალმახნი, დიდნი და წურილნი. არამედ ზუთხი არა არს მდინარე-ტბათა ამათ შინა, არცა კირჩხიბი. მწერნი და მძრომელნი ადგილ-ადგილ მრავალნი და ადგილად არა ეგდენნი. ფუტკარნი მრავალნი, და თაფლნი კარგნი და მრავალნი.

კაცისათჳს

ხოლო კაცნი და ქალნი არიან მგზავსნი ქართველთანი, არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მჴნენი, შემმართებელნი, შუენიერნი, ცოდნა-ჴელოვნების მოყუარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობის გამო, არღარა. სარწმუნოებით იყვნენ წლისამდე ქრისტესა ჩ̃ქკვ ქართულისა ტ̃იდ-მდე სრულიად ქრისტეანენი ქართველთა თანა და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი, ხოლო აწ მთავარნი და წარჩინებულნი არიან მოჰმადიანნი, და გლეხნი ქრისტეანენი, არამედ კლარჯეთს გლეხნიცა უმეტესნი მოჰმადიანნი; გარნა ვინანიცა არიან ქრისტეანენი, იგინიცა უმწყსელნი არიან, ვინაჲთგან არღარა რაისა მორჩილებენ ქართლის კათალიკოზსა, და ბერძენთა არა სცალს მათთჳს. ამისთჳს უეფისკოპოზონი და უხუცონი არიან, თჳნიერ რომელნიმე ქართლს იკურთხიან. ენა საკუთრად აქუსთ იგივე ქართული. გარნა წარჩინებულნი ნადიმთა და კრებულთა შინა უბნობენ აწ თათრულსა და თჳსთა სახლებთა ანუ ურთიერთის მეგობრობათა შინა იტყჳან ქართულსავე. სამოსლით მოსილნი არიან წარჩინებულნი და მოჰმადიანნი ვითარცა ოსმალნი, და ქრისტეანენი ვითარცა ბერძენნი, ხოლო ჯავახეთისანი და ვიეთნიმე მესხნიცა, ვითარცა თრიალელნი. და გულისჴმა ჰყავ ეგრეთვე ქალნიცა მათნი.

სამცხისათჳს

ხოლო ქუეყანასა ამას შინა არიან მდინარენი უდიდესნი მტკუარი და ჭოროხი, რამეთუ მტკუარს მოერთვიან ყოველნი მდინარენი სამცხისანი, ჯავახეთისანი და კოლა-არტანისანი, და ჭოროხს სრულიად კლარჯეთის მდინარენი, თჳნიერ ჭანეთისანი. ამისთჳს ჩუენ კუალად ვიწყებთ მტკურიდამვე აღწერასა, ვინაჲთგან დაგვიშთა ქართლიდამ სრულიად აღწერა მისი. და მდინარე ესე მტკუარი გამოსდის კოლას ზეით არსიანის მთას, და აწ წოდებულსა ყალნუს და ყარსის მთასა, და მუნიდამ მიდის სამჴრეთიდამ ჩდილოეთად, ვიდრე ახალციხის წყლის შესართავადმდე, მერმე მუნიდამ გაბრუნდების აღმოსავლეთად და მიდის დასავლეთიდამ აღმოსავლეთად ჭობის-ჴევამდე; და მას ქუეითი აღვსწერენით ქართლსა ზედა. გარნა ესე მტკუარი დის ერუშეთის მდინარის შესართავიდამ, ვიდრე ჭობის-ჴევამდე, ქართლისაგან უმეტეს ჩქარად, და კლდოვანსა, და ჴრამსა ქვიანსა შინა. და ერუშეთის მდინარის შესართავს ზეით, არტანსა და კოლასა შინა, ფრიად მდორედ და გრეხით სივაკის გამო. და არსცა თევზთა სიმრავლე მას შინა, და მთის კერძოდ უფროს კალმახნი დიდნი და წურილნი. სასმისად არს გემოიანი და შემრგო, უფროს ქართლისაგან, და სხუად არარადმე საჴმარი.

ხოლო ამ მტკუარს ჭობის-ჴევს ზეით მოერთვის ჩდილოდამ ქუაბის-ჴევი, გამომდინარე ფერსათის მთისა. ამ ჴევის დასავლით, მტკურის კიდეზედ, არს ციხე კლდესა ზედა შენი, მაგარი (ვგონებთ ამას დემოთის ციხედ, რომელი აღაშენა სუმბატ ბივრიტიანმან და განავსნა სპითა, შემწედ წუნისათჳს, და შურად ოძრახოსა და ლომსიასათჳს, და რათა ვერღარა ვიდოდნენ სპანი ქართლისანი მას ზედა, ვინაჲთგან ჯავახეთი ეპყრა მასვე). ამ ციხეს ზეით მოერთვის მტკუარს ჴევი ბობნავისა, გამომდინარე კოდიანის მთისა. მოდის ჩდილოდამ სამჴრით მტკურამდე. ამას ზეით მოერთვის მტკუარს სლესის ჴევი ჩდილოდამ. გამოსდის ფერსათს და მოდის სამჴრით (ამ ჴევთაგან ერთს ვგონებ ღოგად-ჴევად). სლესის ჴევს ზეით მოერთვის მტკუარს სამჴრიდამ თიხრევის ჴევი, გამომდინარე კოდიანისა და მომდინარე ჩდილოდ. ამ თიხრევის ჴევს მოერთვის ყინცვისს სხუა ჴევი, გამოსდის კოდიანსავე. თიხრევის ჴევს ზეით, მტკურის კიდეზედ, სამჴრით არს აწყუერი, ქალაქი და ციხე დიდშენი. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი და ურიანი ვაჭარნი, არამედ წარჩინებულნი - მოჰმადიანნი. აქა არს ეკლესია დიდშენი, შუენიერად ქმნული, გუმბათიანი, ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა. იჯდა მიტრაპოლიტი, მწყემსი ყვიბის-კორტანეთს ზეითისა, და მტკურის ჩდილოეთისა, და ბოცოს წყლის ჩდილოეთის კერძოსი, ვიდრე გურიის მთისამდე. გარნა აწ უქმი არს, არამედ ციხესა შინა დგანან იენგიჩარნი. აქ არს ჴიდი მტკუარსა ზედა.

ამის ზეით მტკუარს მოერთვის ზიკილიის ჴევი, ჩდილოდამ, აგარას. გამოსდის ფერსათს და მოდის სამჴრით. ამ ჴევს ზეით, ჴიდისთავს, მტკუარს მოერთვის სამჴრიდამ ხოსპიოს ჴევი, გამომდინარე კოდიანისა და მომდინარე ჩდილოთი. ამის პირისპირ, მცირედ ზემორ, ჩდილოდამ, მოერთვის მტკუარს წინუბანს აბანოს ჴევი, გამოსდის ფერსათს და მოდის სამჴრით. ამ ჴევს ზეით, წნისს ერთვის მტკუარს წნისის ჴევი, გამომდინარე ფერსათის მთისა. ეს მოდის პირველ ჩდილო-დასავლეთიდამ აღმოსავლეთსამჴრეთს შუა, მერმე ჩდილოდამ სამჴრით. ამ ჴევზედ არს, წნისს ზეით, მონასტერი მაღალს კლდესა ზედა, კეთილშენი, გუმბათიანი და აწ უქმი. ამ ჴევის სათავეს, მთასა შინა, არს ჭვინტის დასავლეთად ჯუარის ციხე, მაგარი და დიდშენი. ჭვინტას არს მონასტერი კეთილი, შუენიერშენი და აწ უქმი. წნისს არს მტკუარზედ ჴიდი კარგი. ამ ჴიდს ზეით მომდოერდების მტკუარი და მოდრკების სამჴრიდამ აღმოსავლეთად; სად მოდრკების, მოერთვის მტკუარს მუნ ახალციხის წყალი, და ახალციხის წყალი ეწოდების კვანჯღამდე ამ წყალსა, და მოდის დასავლეთიდამ აღმოსავლეთად.

ხოლო კვანჯღას ზეით ახალციხის წყალი განიყოფის ოთხ მდინარედ, და ეწოდების თჳს-თჳსნი სახელნი. ხოლო ამ ახალციხის წყალს, მტკუარს ზეით, მოერთვის ოლდამის ჴევი მარდაებთან. გამოსდის ერუშეთის მთას, მოდის სამჴრიდამ ჩდილოთ. ამ ჴევს ზეით, ახალციხეს ერთვის ურიებთან ბორჯომის ჴევი, მისვე მთის გამომდინარე და მომდინარე ეგრეთვე. აქა არს ახალციხე ქალაქი, ფერსათის მთის კერძოდ ჩამოსულს კლდესა ზედა. არს ციხე ქალაქის თავს (ამას ვგონებ ლომსიად, ვინაჲთგან, ისახელების რა ახალციხე ცხორებასა შინა, არღარა მოიჴსენების მერმე ლომსია).

ამ ახალციხეს უდის წყალი თჳსი სამჴრით, და დასავლით ლიკანის ჴევი, რომელი გამოსდის ფერსათს და მოდის სამჴრეთად. ხოლო ქალაქი არს მოზღუდვილი ციხიდამ ქვიტკირის სამის ზღუდით. მას შინა მოსახლენი არიან წარჩინებულნი და ჩენილნი მოჰმადიანნი, და ვაჭარნიცა. გარნა სახლობენ სომეხნი, ურიანი და მცირედნი მესხნიცა. ჰავით არს მშუენი, ზამთარს ცივი და თოვლიანი, ზაფხულის არა ეგდენ ცხელი. გარემოს ქალაქისა წალკოტნი, ვენახნი და ხილნი მრავალნი. აწ მჯდომარებს ფაშა მუნ, რომელსა უწოდებენ საქართველოსანი კუალად ათაბაგადვე, ხოლო ოსმალნი ახალციხის ფაშად, და უპყრავს ამას სრულიადი სამცხე-საათაბაგო.

ხოლო ახალციხეს ზეით, კვანჯღას, მოერთვის ახალციხის წყალს ოცხის წყალი. ეს გამოსდის ფერსათს და მოდის ჩდილოთ-დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთს-სამჴრეთ შუა. ამ ოცხის წყალს ერთვის, ვაშლობს, პანტნოვანის ჴევი, გამომდინარე ფერსათისა, და მოდის ჩდილოდამ სამჴრით. ამ ჴევის ზეით, მთის ძირში, არს ოძრახე, რომელი აღაშენა ოძრახოს ქალაქი და ციხე, და უწოდა სახელი თჳსი. ამისგან ეწოდაცა საერისთოსა ამას საერისთო ოძრახოსი, და იყო ქალაქი და ციხე, განყოფილებისამდე სამეფოსა, საერისთოდ, და შემდგომად მისა - დაბად; ხოლო აწ არს ოჴერ, და ციხე შემუსრვილი. მცირედ ამის ქუეით, სამჴრით, არს მთის კალთას წყაროდ გამომდინარე, ფრიად დიდი და ცხელი, მდუღარის მგზავსი, რომელსა უწოდებენ ოცხეს. მას ზედა არს შენი აბანო, და ბანობენ მრავალნი, რამეთუ ჰკურნებს ქარით დახუთვილსა ძლიერსა, მუწუკს და ბუგრსა, ძნიად საკურნებელსა მკურნალთაგან. გარდავალს აქედამ გზა კაკას ქედზედ, ბაღდადს. ამ გზას ეწოდა, მთით, რკინის ჯუარი.

ამ ოცხის წყლისა და ახალციხის წყლის შესართავს ზეით იყრებიან ერთად ქუაბლოვანისა და ბოცოს წყალნი, და მოერთვიან ოცხე-ახალციხის წყალსა. და ქუაბლოვანის წყალი დის ოცხეს წყლის სამჴრით და გამოსდის გურიის მთასა, მოდის ჩდილოდასავლეთს შუადამ აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუა, და ამის სამჴრით დის ბოცოს წყალი. ეს გამოსდის გურიისა და აჭარის მთასა, მოდის დასავლეთიდამ აღმოსავლეთად. და ამ ბოცოს წყალს, ხვანას ზეით, ერთვის სხუა ჴევი, რომელი გამოსდის გურიისვე მთასა. ესეც მოდის დასავლეთიდამ აღმოსავლეთად. ამას ზეით, ბოცოს წყალზედ, არს ნაოჴარს სასახლე თამარ მეფისა, დიდშენი, შუენიერს ადგილს და აწ ოჴერ. ბოცოს წყალსა და ქუაბლოვანის წყალს შორის, ხვანასა და უდეს შორის არს მთა, წარსრული გურიის მთიდამ აღმოსავლეთით. ამ მთასა შინა არს ვანას მონასტერი, შუენიერი, კეთილ-ნაგები, და მუნვე ქუაბნი გამოკუეთილნი, დიდ-დიდნი, კლდესა შინა და აწ უქმნი. ამავ მთაში არიან ზეგანის დაბნები.

ხოლო ბოცოს და ქუაბლოვანის წყლის შესართავს ქუეით ამ წყალს ერთვის ჯაყის წყალი, გამოსდის არსიანის მთას და მოდის აღმოსავლეთად და მოერთვის ბოცო-ქუაბლიანის წყალს სამჴრიდამ. და ამ ჯაყის წყალს, ჭვინტას ქუეით, მოერთვის ტყის სოფლის ჴევი. გამოსდის ერუშეთის მთას და მოდის სამჴრით. ამ ჴევს ზეით ჯაყის წყალსავე, წურწყუმას, მოერთვის ფოცხვის ჴევი. გამოსდის ერუშეთსა და მის შორის მთასა, მოდის დასავლეთად და მერმე ჩდილოდ. ხოლო წურწყუმას არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-შუენიერად ნაგები და დიდი. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ბოცოს წყლისა და ახალციხის წყლის სამჴრეთისა, ვიდრე მტკურადმდე, და ერუშეთისა, და არსიანის მთამდე. წურწყუმს ზეით, ჯაყის წყალზედ, არს ყუელს ციხე, მრავალჯერ შემუსრვილი და აწ ოჴერი. ყუელს ზეით, მთაში, არს ზარზმას მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, შუენიერს ადგილს და აწ უქმი. ხოლო ქუაბლოვანისა და ბოცოს წყლის სათავიდამ გარდავლენან გურიას და აჭარას გზანი, და ჯაყის წყლის სათავიდამ გარდავალს აჭარასა და შავშეთს გზანი, და ფოცხვის წყლის სათავიდამ გარდავალს ერუშეთს გზა. არამედ აწ, ვინაჲთგან აღვსწერეთ ახალციხის დასავლეთი, ამისთჳს კუალად ვიწყებთ მტკურიდამვე და აღვსწერთ მის შემრთველს წყალსა.

ახალციხის წყლისა მტკურის შესართავს ზეით მტკუარს მოერთვის ცუნქის ჴევი. გამოსდის ერუშეთის მთას და მოდის აღმოსავლეთ-ჩდილოს შორის. ამ ჴევს ერთვის ღრელის ჴევი, მისვე მთის კალთის გამომდინარე. ამ ჴევზედ არს საფარას მონასტერი, შუენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა. ეს იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაუფლოდნენ ათაბაგნი, და აწ არს ხუცის ამარ. ამავ ჴევს ზეით, ცუნქის ჴევს მოერთვის ჭობარეთის ჴევი, გამომდინარე მისვე მთისა და მომდინარე ეგრეთვე (ამას ვგონებთ ხინგის მდინარედ). ამ ჴევს მოერთვიან, ჴევაშენებს, ორნი ჴევნი, დასავლეთიდამ მომდინარენი. ხოლო ხობას ზეით არს, ცუნქა-ღრელის ჴევთ შორის, თმოგუს, კლდესა ზედა, ციხე შენი; თმოგჳ იყო ქალაქი, არამედ აწ არს დაბა. კუალად მტკუარს მოერთვის, ცუნქის ჴევის შესართავის პირისპირ, აღმოსავლიდამ, ინწყორას ჴევი, გამომდინარე კოდიანის მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ამ ჴევს მოერთვის, გიორგი-წმიდას, სხუა ჴევი სამჴრიდამ, მცირე. ხოლო ცუნქის ჴევს ზეით, მტკურისა და წითელის კლდის დასავლეთით, არს მონასტერი გუმბათიანი, დიდშუენიერი, შუენიერს ადგილს და აწ ცალიერი. კუალად მტკუარს მოერთვის, წითელ კლდეს ზეით, ღობიეთის პირისპირ, ოშორის ჴევი. ესე გამოსდის კოდიანის მთას და მოდის დასავლეთად. ამ ჴევზედ, ზემო ოშორას ზეით, არს მონასტერი გუმბათიანი, დიდკეთილად ნაგები და აწ ცარიელი. ოშორას ჴევის შესართავს ზეით, ინდუსას, არს ჴიდი მტკუარზედ. მას ზეით მოერთვის მტკუარს სუელის ჴევი დასავლეთიდამ.

ამას ზეით ერთვის მტკუარს ასპინძის ჴევი აღმოსავლეთიდამ, გამოსდის კოდიანისას ანუ ჯავახეთის მთას. ამის შესართავთან არს ჴიდი მტკუარსა ზედა. ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არს ციხე კლდესა ზედა შენი, მაგარი. ასპინძას ზეით, ჩრდილოთ კერძოთ, არს მგელ-ციხე, მაგარი, დიდშენი. ამავ ჴევზედ, ოთას არს კლდესა შინა გამოკუეთილნი ქუაბნი დიდ-დიდნი სახიზრად. ოთას ამ ჴევს ერთვის ჯაბოეთის ჴევი. გამოსდის ჯავახეთის მთას. და ასპინძის ჴევის სათავეზედ, მთის ძირში, არს შორაპანს მონასტერი უგუმბათო, შუენიერს ადგილს, დიდშენი, სრულიად სოფიის კენჭით და აწ ცალიერი. ასპინძის ჴევის შესართავს ზეით მოერთვის მტკუარს ვარენთის ჴევი. გამოსდის ერუშეთის მთას, მოდის დასავლეთად. ვარენთას არს ციხე მაგარი, კლდესა ზედა შენი. ამ ჴევის შესართავს ზეით, მტკუარს მოერთვის აღმოსავლიდამ კოხტის ჴევი, გამოსდის ჯავახეთის მთას ანუ კოდიანს და მოდის დასავლეთად.

კოხტას ამ ჴევს მოერთვის სხუა ჴევი, მისვე მთის გამომდინარე. ამ ორს ჴევს შორის არს ციხე კოხტის ა, დიდშენი და მაგარი. კუალად მტკუარს მოერთვის, კოხტის ჴევის შესართავს ზეით, დადეშის ჴევი, გამომდინარე ერუშეთის მთისა. დადეშს არს მონასტერი გუმბათიანი, კეთილ-შუენიერს ადგილს შენი, აწ ცალიერი. ამ ჴევის შესართავს ზეით, ნიჯგორის პირისპირ, მტკუარს მოერთვის შულავრის ჴევი, გამომდინარე ერუშეთის მთისა.

ამ ჴევს ზეით, ხერთვისს, ერთვის ჯავახეთის მდინარე მტკუარს, რომელსა უწოდებენ ჯავახეთის მტკურად, და ამ მდინარეს მოერთვიან ყოველნი ჯავახეთის მდინარენი. ხერთვისს არს ჴიდი მტკუარსა ზედა. ამ ჴიდს ზეით მოერთვის მტკუარს ჭაჭარაქის ჴევი. გამოსდის ერუშეთის მთას, მოდის აღმოსავლეთად. ამ ჴევს ზეით მოერთვის მტკუარსვე ქარზამეთის ჴევი, გამომდინარე მისვე მთისა და მომდინარე ეგრეთვე. ქარზამეთს არს მონასტერი გუმბათიანი, მდიდრად შენი, კეთილს ადგილს და აწ ცალიერი. ამას ზეით არს ვარძიას მონასტერი, კლდესა შინა გამოკუეთილი, სენაკ-პალატებითურთ, და მას შინა აღშენებული ჲ̃ა მეფის გიორგისაგან და შესრულებული თამარ მეფისაგან. ესე შემკული იყო საეკლესიოს სიმდიდრითა და ყოვლის წესიერებითა. დაფლულ არიან ჲ̃ა მეფე გიორგი, ო̃ე მეფე კოსტანტინე და სხუანიცა. არამედ აწ ცალიერი.

ხოლო აქამომდე რომელნი აღვსწერენით, ესე არს უმეტესად ზემო ქართლი და შემდგომად სამცხე წოდებული, და აწცა სამცხედვე ისახელების. და მზღვრის ამ სამცხეს: აღმოსავლით საზღვარი ქართლისა და მთანი კოდიანისა, შარვაშეთისა და საზღვარი ჯავახეთისა; სამჴრით მთა ერუშეთისა და სამცხეს შორისი, მერმე არსიანის მთა, შავშეთსა და ყუელს შორისი. ხოლო არსიანის მთა მდებარებს სიგრძით აჭარის მთიდამ არტანამდე, აღმოსავლეთსამჴრეთს შუადამ ჩდილოთ-დასამლეთს შუა. და არს თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი. გამოსდიან მდინარენი ამიერ და იმიერ. არს ყუავილოვანი, ბალახოვანი, წყაროიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი. არტანიდამ მოდრკების არსიანის მთა და წარვალს სამჴრით, მიადგების ყარსის მთას. ამ არსიანის მთას უწოდებენ არტანს - ქვაყრილს, და კოლას - ყალნუ-მთას. ამ მთას აქუს აღმოსავლით კოლა, არტანი, და დასავლით არტანუჯი და ფანასკეტი. და არს მთა ესე არსიანსავით, არამედ უმეტესად უტყეო. ხოლო დასავლით მზღვრის სამცხეს მთა გურია-აჭარისა, რომელი მდებარებს ჩდილოდამ სამჴრით, ფერსათის მთიდამ არსიანამდე, და არს ესეცა თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, წყარო-მდინარიანი, შამბ-ყუავილიანი, ნადირ-ფრინვლიანი. და ჩდილო მზღვრის მთა ფერსათი, არამედ პირველ წოდებული ღადო და ლომსია, და ქართლის კერძოდ ეწოდების მახჳლო, რომელი არს უმაღლესი და მარადის თოვლიანი, მყინვარი, და სიმაღლე-სიწურილისათჳს ეწოდა მახჳლო.

და ძეს მთანი ესე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, ქართლის ჴეობიდამ გურიის მთამდე. არს თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, გარნა რომელთამე ადგილთა თოვლიანი, ყინულიანი მარადის, ბალახოვანი, შამბნოვანი, ყვავილოვანი, წყარო-მდინარიანი, ნადირფრინვლიანი მრავლობით. ჩდილოთ აქუს იმერეთი და სამჴრით სამცხე. და ამ საზღვართა შორისი არს სამცხე, შიგნით მთიანი, გორიანი, ღრატოიანი, ჴევიან-კლდიანი, მაგარი მთა-ბართა სიახლოვითა, ვენახიანი, ხილიანი, მრავლად. მარცვალნი ყოველნი ნაყოფიერებენ, პირუტყუნი მრავლად, არამედ ცხოვარნი უმრავლესად. ჰავით მშუენი და შემკული, აგარაკოვანი. თევზნი, თჳნიერ ზუთხისა, მრავალნი და გემოიანნი ყოველნი. კაცნი და ქალნი, ვითარცა აღვსწერეთ, იუწყე ეგრეთ. არამედ გლეხნი კუალადცა მაჰმადიანდებიან ჭირისათჳს დიდისა.

ჯავახეთისათჳს

ხოლო აწ ვიწყებთ ჯავახეთს. და სად ერთვის მტკუარს ჯავახეთის მტკუარი, ამ ორს მდინარეს შორის არს ხერთვისი, მტკურის აღმოსავლეთის კიდეზე და ჯავახეთის მტკურის სამჴრით. და შენი არს აქა ციხე ფრიად მაგარი. და დგანან აწ იენგიჩარნი. არამედ ეს ჯავახეთის მტკუარი გამოსდის ფანავრის ტბას და მოერთვის საღამოს ტბასა, კუალად გამოსდის საღამოს ტბასაცა და მოდის აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუადამ ჩდილოთ-დასავლეთს შორის. სიგრძით არს საღამოს ტბიდამ ხერთვისამდე, და დის ფრიად ღრმასა და კლდიანს ჴრამსა შინა, რომლისა იმიერ და ამიერ არიან გამოკუეთილნი კლდესა შინა ქუაბნი მრავალნი სახიზრად. ხოლო ხერთვისის ზეით ამ ჯავახეთის წყალს ერთვის გოკიის მდინარე, გამოსდის შარვაშეთის მთას ანუ ჯავახეთისას, მოდის გოკიამდე ჩდილოდამ სამჴრით, მერმე აღმოსავლიდან დასავლეთად და მიერთვის ჯავახეთის მტკუარს ჩდილოდამ. გოკია არს ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი და ურიანი ვაჭარნი. გოკიას ქუეით ამ გოკიის წყალს ერთვის ოლდამის წყალი, გამომდინარე შარვაშეთის მთისა და მომდინარე ჩდილოდამ სამჴრით. ხოლო კუალად გოკიის წყლის შესართავის, ჯავახეთის მტკურის სამჴრით, მაღლა მინდორსა ზედა, მთის ძირად, არს ტბა კარწახისა, დიდი და აღვსილი თევზითა, უმეტეს კალმახითა, ფრიად გემოიანითა. ამ ტბას მოერთვის წყალი ფოსოსი, რომელი გამოსდის ყარსის მთას და მოდის ჩდილოთ კერძოთ. ამ წყალზედ არს, ტბის მჭურეტი, წყაროსთავს, ეკლესია ფრიად დიდ-შუენიერი, გუმბათიანი, რომელი აღაშენა მირდატ გორგასლის ძემან. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი მტკურის აღმოსავლეთისა არტანითურთ, ვიდრე ყარსის მთამდე და ხავეთამდე. ამავ წყალზედ არს ფოსო ანუ ჩუღურეთი. ამ ფოსოს აქუს აღმოსავლით მთა ნიალის-ყურისა, სამჴრით მთა ყარსისა, დასავლით მთა არტანისა და მას შორისი, ჩდილოთ მთა ნიალის-ყურისავე, წყაროსთავის სამჴრით, რომელსა გასჭრის წყალი ფოსოსი. და არს ეს ფოსო უვენახო, უხილო, ვითარცა ჯავახეთი, ყოვლითა მოსავლითა, პირუტყჳთ და კაცითა.

ხოლო კუალად გოკიის წყლის შესართავს ზეით, ჯავახეთის მტკუარსა ზედა, სამჴრეთისაკენ, კიდეზედ, არს წუნა, რომელი აღაშენა ციხე-ქალაქი მტკიცედ მოზდუდვილი, ჯავახოს, მცხეთოსის ძემან. ამასვე უწოდეს ჰური, შემდგომად უწოდეს ამასვე სომეხთა ქაჯთა ტუნი, და მერმე ეწოდა ქაჯთა ციხე. იყო ქალაქი და ციხე და საერისთო ერთმეფობამდე. არამედ აწ არღარა არს ქალაქი, გარნა ციხე არს. ამ წუნას ზეით, ჴრამის თავს, მინდორზედ, სამჴრით კერძოდ, არს კუმურდოს ეკლესია, გუმბათიანი, ფრიად დიდ-შენი, შუენიერად ნაშენი, რომელი აღაშენეს კოსტანტინეს მოგზავნილთა ჟამსა მირიანისასა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი სრულიად ჯავახეთისა, ხერთვისს ზეითისა. ხოლო წუნას ზეით ჯავახეთის მტკუარს მოერთვის ჩდილოდამ ბარალეთის მდინარე, რომელი გამოსდის ფანავრის ტბისა და სანსრების შორისს მთას და მოდის აღმოსავლეთად. ამ წყალზედ, მტკურის შესართავს ზეით, არს ბარალეთი, მცირე ქალაქი. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი. ბარალეთს ზეით ამ წყალს, კაჭიოს, მოერთვის აზავრეთის ჴევი, გამომდინარე შარვაშეთის მთისა და მომდინარე სამჴრეთად. ამას ზეით ამავ წყალს ერთვის, ბოჟანოს ქუეით, ბუშათის ჴევი. გამოსდის მასვე მთას და მოდის ეგრეთვე. ამას ზეით, მასვე ბარალეთის მდინარეს მოერთვის მოდეგის ჴევი, მისვე მთის გამომდინარე და მომდინარე ეგრეთვე.

ხოლო კუალად ბარალეთის წყლის შესართავს ზეით მოერთვის ჯავახეთის მტკუარს, სამჴრიდამ, ახალქალაქის წყალი, რომელი გამოსდის აბოცის დაბის მცირეს ტბას და მოერთვის მცირედ მუნვე ხავეთის ტბასა, და კუალად, მის ტბის გამომდინარე, მოდის აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუადამ ჩდილოთ-დასავლეთს შორის.

ხოლო ახალქალაქი არს ამ ორთა მდინარეთ შესართავს შორის. ესე იყო ქალაქი მოზღუდვილი და ციხე ძლიერი, არამედ შეიმუსრა მრავალგზის. გარნა აწ აღაშენა კუალად შავშეთის ბეგმან ქართლიდამ. ამ ახალქალაქს ზეით არს ამირანის გორა, მტკურის სამჴრის კიდეზედ. მუნ არს მტკუარსა ზედა ჴიდი. ამას ზეით არს ტბა საღამოს, დიდი და აღვსილი თევზითა გემოიანითა ამისთჳს, რამეთუ არს ანკარა და ქვიანი. ამის სამჴრით არს ტბა ფანავრისა, რომელი აღვსწერეთ ქართლსა ზედა და ამ ფანავარს გამოსდის ჯავახეთის მტკუარი, დაბას გასადინარსა.

ესე არს ჯავახეთი. და არიან ამ ტბებთა და მდინარე-ჴევთა ზედა დაბნები და მოსახლენი. ხოლო მზღვრის ჯავახეთს: აღმოსავლით საზღვარი ქართლისა, რომელიცა აღვსწერეთ; სამჴრით მთა ნიალის-ყურისა, რომელი მდებარებს გოლის ტბიდამ ანუ ხავეთიდამ ყარსის მთამდე ანუ ფოსოს წყაროსთავამდე, აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. და არს მთა ესე სრულიად უტყეო, ბალახ-შამბ-ყუავილიანი და წყაროიანი, ხოლო ფოსოს კერძონი და წყაროსთავის კერძო მტკურამდე - ტყიანი, ნადირიან-ფრინვლიანი. ხოლო დასავლით მზღვრის ჯავახეთს ძუელად მტკუარი, და აწ ნიჯგორს ხერთვისს ზეითი, და წყაროსთავის დასავლით წარსრული მცირე გორანი; სოლო ჩდილოთ პირველი საზღვარი არს კოდიანის მთიდამ წარსრული მცირე მთა ნუსხამდე. და მერმე ხაზი მის გასწვრივ მტკურამდე, და აწ კოსტის მდინარის აქეთი სამჴრის კერძოს მცირე მთა, ნიჯგორის თავამდე და კოდიანამდე. არამედ არს ესე კოდიანის მთა ტყიანი, ნადირიანი, მდინარიანი, რომელი წარმოვალს ბაკულიანიდამ და ჭობის-ჴევიდამ და მოვალს კოხტის-თავამდე, მერმე დამდაბლდების და დასწყდების ნიჯგორს ზეით ჴრამზედ.

ხოლო ჯავახეთი არს, ვითარცა თრიალეთი, უვენახო, უხილო, უტყეო, ვიეთთა ადგილთა სწუენ წივასა, და მოსავლითაც ეგრეთივე, არამედ ესე უმეტეს ნაყოფიერი და მოუცდენელი. ჰავითაც მგზავსი, გარნა უმჯობესიცა ზამთარი დიდ-თოვლიანი და ყინვიანი. ცხოვარნი, მროწლენი და ჯოგნი მრავალნი. თევზნი მრავალნი. ფრინველნი, რომელნიცა მთათა გუარობენ, მრავალნი. თაფლნი მრავალნი. კაცნი და ქალნი მგზავსნი ქართლის გლეხთა, ტანოვანნი, შუენიერ-ჰაეროვანნი, უსაქციელონი ბრიყუნი; სარწმუნოებით გლეხნი ჯერეთ ქრისტეანენი სრულიად, არამედ არღარა უვისთ მწყემსი ეპისკოპოზი, გარნა ჰყავთ მღუდელნი ქართველნი. ენა აქუსთ ქართული, და უწყიან მოთავეთა თათრულიცა დამჭირნეობისათჳს ოსმალთა.

ერუშეთისათჳს

ხოლო აწ კუალად ვიწყებთ მტკურიდამვე. ვარძიას ზეით, ჴრამის თავს, სამღერეთს, მტკუარს მოერთვის ერუშეთის მდინარე. ეს გამოსდის ერუშეთსა და ფორჩხის ჴევის შორის მთასა, მოდის ჩდილოთ-დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთს-სამჴრეთს შუა. ამ წყალზედ არს, სამღერეთის დასავლით, ნაქალაქევი, სადაცა იყო ქალაქი, და აწ არს დაბა. აქ აღაშენა ეკლესია გუმბათიანი, შუენიერი წარმოგზავნილმან დიდის კოსტანტინესამან, წარსაგებელითა კეისრისათა, რომელნი მოვიდოდნენ მირიან მეფისა თანა, და დაასუენეს მას სამსჭუალი ქრისტეს უფლისა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ერუშეთისა და არტანისა, მტკურის დასავლეთისა, აწცა არს ეკლესია დაურღუეველი, არამედ ცალიერი.

ხოლო ერუშეთს მზღვრის: აღმოსავლით მტკუარი და მთა ამისი და სამცხეს შორისი და გარდავლენან მას მთასა ზედა გზანი სამცხეს; სამჴრით არსიანიდამ ჩამოსული მთა აღმოსავლეთად სამღერეთამდე, ერუშეთს და არტანს შორისი; დასავლით მთა არსიანი, სადაცა გარდავლენან გზანი შავშეთს და ტბეთს; ჩდილოთ მთა ამასა და ფოცხვის-ჴევს შორისი, და ამასა და სამცხეს შორისი. ამ მთაზედ გარდავლენან გზანი ფოცხვის-ჴევსა და სამცხეს შინა. და არს ეს ერუშეთი უვენახო, უსილო, ვითარცა ჯავახეთი, ეგრეთვე მოსავლითაცა, პირუტყჳთ, ნადირითა და მდინარე-თევზითა, არამედ მთანი არიან ტყიანნი გარემოს მისსა და ყუავილოვან-ბალახოვან-წყაროიანნი.

არტანისათჳს

ხოლო სამღერეთისა და ერუშეთის წყლის შესართავს ზეით არს არტანი, ქალაქი მცირე, რომელიცა აღაშენა ჯავახოს, ძემან მცხეთოსისამან, მტკურის დასავლით კიდეზედ, და ციხე მაგარი. შემდგომად, მეფობასა შინა ბაგრატიონთასა, იჯდა ერისთავი არტანისა და კოლისა. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, დიდშენი, შუენიერი და აწ ცალიერი: ამას ზეით, მტკურის კიდესა ზედავე, არს დასავლით ჯინჭრობი. ამ ჯინჭრობს ზეით ჩამოვალს მთა ქვაყრილის მთიდამ აღმოსავლეთით მტკურამდე, ეგრეთვე ფოსოს მთიდამ მტკურამდე. ეს მთანი არიან საზღვარნი არტანისა და კოლისა. და ამ არტანს შინა მოერთვიან მდინარენი მტკუარს ქვაყრილისა და ფოსოს მთიდამ, რომელთა ზედა არიან დაბნები და მოსახლენი.

ხოლო მზღვრის არტანს: აღმოსავლით მთა, ამასა და ფოსოს შორისი; სამჴრით მთა, ამასა და კოლას შორისი; დასავლით არსიანი, და აწ ქვაყრილად წოდებული, სადაცა გარდავალს გზა არტანუჯს; ჩდილოთ მთა მცირე, ამასა და ერუშეთს შორისი. ხოლო არს არტანი ვაკე და უტყეო, ბალახყუავილიანი, მოსავლით, ვითარცა ჯავახეთი, და მთანიცა უტყეონი, მცირე არყნალთაგან კიდე.

კოლისათჳს

ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზეით, მტკურის კიდის დასავლეთით, არს მცირე ქალაქი კოლა, და ზის აწ ფაშა კოლას, და უწოდებენ კოლის ფაშას. ამ კოლას ზეით, მტკურის კიდეზედ, დადეშს, არს ეკლესიადიდ-შუენიერ გუმბათიან-შენი, და აწ უჴმობენ დორთქილისიას. იჯდა ეპისკოპოზი სრულიად კოლისა, და აწ უქმი არს. ხოლო მტკურის სათავეს ზეით, ყალნუს მთის ძირზე, არს ციხე შენი ქუმურლუსი, მაგარი და შეუალი (ვგონებ ბეჭის ციხედ). აწ ცალიერ არს. ამას ზედა გარდავალს გზა ბანას და ფანასკერტს. არამედ კოლის ადგილებთა შინა მოერთვიან მტკუარს მდინარენი ყარსისა და ყალნუს მთიდამ, და მათ ზედა შენ არიან დაბნები. და მზღვრის კოლას: აღმოსავლით მთა ყარსისა, რომელი მდებარებს ყალნუს მთიდამ ნიალის ყურის მთამდე, დასავლეთს-სამჴრეთს შუადამ აღმოსავლეთ-ჩდილოს შორის. და არს მთა ესე მცირეტყიანი, და არს ბალახ-შამბ-ყუავილოვანი, წყაროიანნადირიანი, გარდავლენან მას ზედა გზანი ყარსის ადგილებთა შინა; დასავლით მზღვრის კოლას არსიანის მთა, და აწ ყალნუდ წოდებული, რომელსა ზედა გარდავლენან გზანი ბანას, არტანუჯსა შინა; და არს მთა ესე მაღალი და მცირეტყიანი, წყაროიან-ბალახ-შამბშროშნიანი და ზაფხულის ფრიად შუენიერი; ჩდილოთ მზღვრის კოლას არტან-კოლას შორისი მცირე მთა.

და არს ადგილნი კოლისანი მოსავლით, პირუტყჳთ და ჰავით, ვ{ითარც}ა ჯავახეთი, და კაცნიცა ჰგონე ეგრეთვე, არამედ აწ უმეტესნი მოჰმადიანნი. ხოლო იყო პირველ ჯავახეთი, არტანი და კოლა ერთი საერისთო და შემდგომად იქმნა ორ საერისთოდ ბაგრატიონობასა შინა - წუნისად და არტანისად. და აწ ზის ჯავახეთს ნიჯგორს მჯდომი ფაშა და კოლას ფაშავე, გარნა მორჩილებასა შინა ახალციხის ფაშისასა, და ესენი არიან აღწერანი მტკურის შემდინარის მდინარეთა და ქუეყანათა, რომელთაცა ძუელად ეწოდებოდა ზემო ქართლად, ამისთჳს მტკუარი ვინაჲთგან ქართლს მიმდინარე არს, შესავალ-გამოსავალი ამ ორთა ქუეყანათა დაუბრკოლებელი აქუსთ.

ჭოროხისათჳს

ხოლო აწ ვიწყებთ კლარჯეთს. და ამ ქუეყანასა შინა უდიდესი მდინარე არს ჭოროხი, რომელი გამოსდის ირიჯლუს მთასა და დის სამჴრიდამ ჩდილოთ, მცირედ აღმოსავლეთით მიწეულად, ხვარამზეს ჴიდამდე. მას ქუეით მოუხვევს და დის, უმეტეს ართვანიდამ, ჩდილოთ-დასავლეთს შუა, და მიერთვის ბათომს ქუეით შავს ზღუას. სიგრძით არს ზღჳდამ ირიჯლუს მთამდე, და დის ფრიად ჩქარად ქვიანსა, კლდიანსა და ჴრამოვანსა შინა. და არს თევზიანი, გარნა მთის კერძოდ უმეტეს კალმახნი, სასმისად შემრგო, გემოიანი და სხუებრ ურგები, ვინაჲთგან არა რაი კეთდების ანუ ირწყვის, თჳნიერ ერგეს, გონიას და ბათომს. არამედ ვინაჲთგან აღვსწერენით ბათომი, გონია და ერგე გურიასა ზედა, აწ ერგეს ზეიდამ ვიწყებთ, აჭარის წყლის შესართავიდამ.

აჭარისათჳს

ხოლო ჭოროხს მოერთვის აჭარის წყალი აღმოსავლეთიდამ. და გამოსდის ზარზმა-აჭარას შორისს მთასა, მოდის აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ამ წყლის კიდეზედ, ამ ჴეობის საშუალს, არს მცირე ქალაქის მგზავსი დაბა, ქედა. მოსახლენი არიან ვაჭარნი.

ხოლო მოერთვიან ამ აჭარის მდინარეს, გურიის მთიდამ და აჭარასა და ლიგანის ჴევის შორისის მთებიდამ, ჴევნი, და მათ ზედა არიან დაბნები შენნი. არამედ მზღვრის: აღმოსავლით მთა აჭარასა და ზარზმას შორისი, და გარდავალს მას ზედა გზა სამცხეს; სამჴრით მთა აჭარასა და ლიგანის ჴევს შორისი; დასავლით მდინარე ჭოროხი; ჩდილოთ მთა გურიასა და აჭარას შორისი, სადა გარდავლენან გზანი გურიას. და არს აჭარის ჴეობა ვენახოვანი, ხილიანი მოსავლიანი, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა, ყოვლითა მარცვლითა, არს ტყიანი, კლდიანი, იწრო, ჴრამოვან-ღრატოიანი; მთანი ტყიან-ნადირიანი; კაცნი ჴელოვანნი ხის მუშაკობითა. აქ აკეთებენ ყუელს - ერთი იქმნების ი̃ე და კ̃ ლიტრა, არაოდესვე წაჴდების, არცა დაობდების, რაჟამს გნებავს, შემგვარი კეთილ-საჴმარ არს.

ფორჩხის ჴეობისათჳს

ხოლო აჭარის წყლის შესართავს ზეით მოერთვის დასავლეთიდამ ჭოროხს ფორჩხის ჴევის მდინარე, გამომდინარე ბაიბურდისა და ფორჩხის ჴეობის საშუალის მთიდამ, მოდის დასავლეთიდამ აღმოსავლეთად. ამ ჴევს მოერთვიან ჭანეთისა და ისპირის მთიდამ ჴევნი, და შენ არიან დაბნები. ამ მდინარეზედ არს, ჭოროხის დასავლეთად, დაბა დიდი ფორჩხა. ამის გამო იწოდა ჴეობაც ესე ესრეთ. ხოლო მზღვრის ფორჩხის ჴეობას: აღმოსავლით ლიგანის ჴევი; სამჴრით მთა ისპირისა, სადაცა გარდავლენან გზანი ისპირის ჴეობასა შინა; დასავლით მთა ბაიბურდისა და ამას შორისი; ჩდილოთ მთა ჭანეთისა, და მას ზედა გარდავლენან გზანი ჭანეთს. არამედ არს ჴეობა ესე ვენახოვან-ხილიანი, ვიწრო და კლდიანი და მოსავლიანი, რაოდენნიცა მიწანი იჴვნიან, პირუტყჳან-ნადირიანი, მთაბარნი ახლორებენ ფრიად.

ანჩა

ხოლო ფორჩხის ჴეობას ზეით არს მცირე ჴევი; გამოსდის ისპირის მთას, მოდის სამჴრიდამ ჩდილოთ, მიერთვის ჭოროხს. ამ ჴევზედ, აღმოსავლით და ჭოროხის დასავლით, ისპირის მთის კალთას, არს ეკლესია ღუთაებისა ანჩა, გუმბათიანი, დიდ-შუენიერად ნაგები, კარგს ადგილს. იჯდა ეპისქოპოზი, მწყემსი ლიგანისჴევისა გაღმა-გამოღმართისა გონიამდე, ფორჩხის ჴეობისა და აჭარისა, და აწ ცალიერი არს.

ანაკერტი

ამას ზეით მოერთვის ჭოროხს ანაკერტის ჴევი აჭარის მთიდამ. ამ ჴევზედ არს, ჭოროხის აღმოსავლით, აჭარის მთის კალთასა, ანაკერტი, დაბა დიდი და კარგი. ამას ზეით მოერთვის ჭოროხს შავშეთის მდინარე აღმოსავლეთიდამ. აქა არს ფანაკარის ციხე ორთა მდინარეთა შორის.

ნათლისმცემლის მონასტრისათჳს

ამ შავშეთის წყლისა და ანაკერტის შორის, ჭოროხის აღმოსავლით, აჭარის მთის კალთასავე, არს მონასტერი ნათლისმცემლისა. ამას შინა იყო ჴორჴი ნათლისმცემლისა, და იყო დიდ-ჴელოვანებით ქმნული და შენებული. ამისნი შედეგნი ი̃ბ მონასტერნი, და თავი იყო, სადა ესუენა ჴორჴი. იდგნენ მონაზონნი მოწესენი მრავალნი, და იყო ფრიად შემკული და მდიდარი ყოვლითა საეკლესიოს წესითა და მამულითა შეწირულობითა, და აწცა არს დიდ-შენებულებანი, არამედ უქმ-ცარიელ არს. ამას უწოდებენ ოპიზის მონასტრად, რომელი აღაშენა მეორედ გურგენ, აშოტ დიდის კურადპალატის ძემ, და დაეფლა თჳთცა მას შინა.

შავშეთისათჳს

ხოლო შავშეთის წყალი გამოსდის ერუშეთსა და შავშეთს შორისს არსიანის მთას, ეს დის პირველად აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, მერმე მოდრკების და დის აღმოსავლეთს-სამჴრეთს შუადამ ჩდილოთ-დასავლეთს შორის. ამას ჭოროხის შესართავს ზეით, მოერთვის მდინარედ ჭილოვნის ჴევი, გამოსდის არსიანის მთას, მოდის ჩდილოდამ სამჴრით გრეხით. ამ ჴევიდამ გარდავალს გზა ზარზმას და ყუელს. ამავ ჴევის სამჴრით სახლობს აწინდელი შავშეთის ბეგი. ამათ მდინარეთ შესართავს ზეით მოერთვის ჭილოვნის ჴევს შავშეთისავე მდინარე სათლესი და ტბეთისა. ესეც გამოსდის არსიანსავე და მოდის ტბეთამდე აღმოსავლეთად, და მერმე, ვითარცა შავშეთის წინათი მდინარე, ეგრეთ ესეცა დის. ამ წყალზედ არს სათლე, ქალაქი მცირე, და მოსახლენი ვაჭარნი მას შინა.

ამ სათლეს ზეით არს ტბეთი, სამჴრით ამ მდინარის კიდესა, რომელმან მოიგო სახელი მუნ მყოფთა მცირედთა და მრავალთა ტბათაგან. ტბეთს არს ეკლესია გუმბათიანი, მდიდრად ნაგები და დიდ-შუენიერი. ეს აღაშენა აშოტ კუხმან ბაგრატიონმა. იჯდა აქ ეპისკოპოზი, მწყემსი ანაკერტს ზეითისა, სრულიად შავშეთისა და არტანუჯისა. ტბეთის პირისპირ, ჩდილოთ კერძ, მდინარის გაღმა, არს ციხე თუხარისი, რომელი აღაშენა პირველ ოძრახოს, ძემან მცხეთოსისამან, შემდგომად კ̃ვ მეფემან მირდატ აღაშენა ეკლესია ციხესა შინა; მერმე, ყრუსაგან მოოჴრებული, აღაშენა მტბევარ ეპისკოპოზმან. არამედ მოიგო სახელი სიმაგრით სიმტკიცისათჳს "თუ ხარ შენ ციხე და არა სხუა".

ხოლო ამ ორთა შავშეთის მდინარეთა ზედა არიან დაბნები შენნი დიდ-მცირენი. და მზღვრის შავშეთს: აღმოსავლით მთა არსიანი, და გარდავლენან მას ზედა გზანი ერუშეთს, ფოცხვის ჴეობას და ზარზმა-ყუელს; სამჴრით მზღვრის კლდე არტანუჯსა და შავშეთს შორისი, ვითარცა კედელი, რომელი ჩამოვალს არსიანის მთიდამ დასავლეთად, ვიდრე კნინღა ჭოროხამდე, და განვლის მას კლდესა შინა გზა, ვითარცა კარი, და თჳნიერ მისა არა არს გზა; დასავლით მთა შავშეთისა, შავშეთსა და ჭოროხს შორისი; ჩდილოთ მთა, არსიანიდან ჩამოსული დასავლით ჭოროხამდე. და არს ესე შავშეთი ტყიანი, გორა-მთიანი, ღელე-ღრატოიანი, იწრო და მაგარი, ვენახხილიანი. ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა. პირუტყუნი, ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი. და ნაყოფიერებს ფრიად მიწა ამის, რაოდენიც იჴმარების სივიწროვედ.

ართვანისათჳს

ხოლო შავშეთის მდინარის შესართავს ზეით ჭოროხს მოერთვის დასავლეთიდამ ისპირის მდინარე, წოდებული ჭოროხადვე. და ამ ისპირის მდინარის შესართავს ზეით, ჭოროხის მდინარის აღმოსავლეთის კიდეზედ არს ართვანი, ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან ვაჭარნი.

ლიგანის ჴეობისათჳს

და ამ ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის ჴეობის იმიერი და ამიერი იწოდების ლიგანის ჴეობად. და არს ეს ლიგანის ჴეობა, თჳნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმონით. ზეთისხილით, ბროწეულითა, ლეღჳთ, ვენახით, ხილით შემკობილი, და ქებულნი მუნებურნი ყოველნივე. მარცვალნი ყოველნი ნაყოფიერებს, გარნა სივიწროვით ვერ სთესვენ ბრინჯ-ბამბას. ჰავით არს ზაფხულს ცხელი, ზამთარს ფრიად თბილი. ახლორებენ მთანი თოვლიანნი და აგარაკნი, შუენიერებით აღმკულნი, ჟამისა და ნახევარჟამის ნავალთა, წყაროებითა. პირუტყუნი, ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი, და ყოვლითა ნაყოფიერებით აღვსილი.

იშხანისათჳს

ხოლო ართვანს ზეით მოერთვის ჭოროხს დასავლეთიდამ ჴევი, რომელი გამოსდის თორთომ-ისპირის მთასა, მოდის აღმოსავლით. ამ ჴევზედ არს იშხანს ციხე, ფრიად მაგარი, დიდშენი და ექლესია გუმბათიანი, დიდ-შუენიერად ნაგებია. აქ იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ისპირისა, თორთომისა, ბაიბურდისა, ვიდრე ტრაპიზონის მთამდე, და აწ ცალიერ არს. ამ ჴევს ზეით არს ჭოროხზქედ ხვარამზეს ჴიდი, ქვიტკირისა მრავალთუალი, შუენიერად გებული.

არტანუჯისათჳს

ამ ჴიდს ზეით მოერთვის ჭოროხს მდინარე არტანუჯისა. ესე გამოსდის ქვაყრილის მთას, მოდის აღმოსავლეთიდამ დასავლად. ამ წყალს მოერთვის ჩდილოდამ, ჭოროხს ზეით, სხუა წყალი არტანუჯისავე. ესეც გამოსდის ქვაყრილის მთას, და არტანუჯსა და შავშეთს შუათს კლდეს. ამ წყლის შესართავის ზეით, წინათქმულს წყალზედ, არს არტანუჯი, ქალაქი მცირე და ციხე მაგარი, კეთილშენი. ეს აღაშენა გორგასალ, შემდგომად შემუსრა ყრუმ, მერმე აღაშენა და განაახლა აშოტ კურადპალატმან, და აღაგო ციხესა შინა ეკლესია პეტრე-პავლესი; მოკლეს მას შინავე და დაფლეს მუნვე. არს არტანუჯს ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-დიდ-შუენიერ ნაგები. ეს იყო მონასტერი და აწ არს უქმი, კუალად აქავ არტანუჯს აღაშენა გორგასლან მონასტერნი მერისა, შინდობისა და ახიზისა, ფრიად შუენიერნი. კუალად ქმნა ახიზს ქუაბნი კლდისა გამოკუეთილნი, ფრიად მაგარნი და შეუალნი.

ხოლო ამ არტანუჯის მდინარეთა მოერთვიან სხუანიცა მდინარენი, და მათ ზედა შენებულ არიან დაბნები. და მზღვრის არტანუჯს: აღმოსავლით მთანი ყალნუ-ქვაყრილისა, და გარდავლენან გზანი მათ ზედა კოლა-არტანს; სამჴრით ფანასკეტსა და არტანუჯს შორის ჩამოსული მთა ყალნუს მთიდამ დასავლეთად, ვიდრე ჭოროხამდე; დასავლით მთა მცირე არტანუჯსა და ჭოროხს შორისი, და თჳთ მდინარე ჭოროხი; ჩდილოთ კლდე შავშეთსა და არტანუჯს შორისი. არამედ არს არტანუჯი ვენახიანი, ხილიანი, მარცვალნი ყოველნივე ნაყოფიერებს, ვითარცა სხუათა ამათ ადგილებთა; ტყიანი ფრიად და მცირე-ველოვანი. პირუტყუნი, ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი. ჰავით მშუენი, კეთილი, ზამთარ თბილი და დიდ-თოვლიანი, ზაფხული არა ეგოდენ ცხელი. კაცნიცა ჰგონე ეგრეთვე სარწმუნოებითა და ენითაცა. არამედ არტანუჯი, შავშეთი და ლიგანის ჴევი არს ოძრახოს[ის]ავე წილი, და საერისთო მისი, ხოლო შემდგომად იქმნა არტანუჯის ერისთავი სხუა, შავშეთით, და აწ უზისთ თჳს-თვსი ბეგი ოსმალნი.

კალმახის ციხისათჳს

ხოლო კუალად, არტანუჯის მდინარის შესართავს ზეით, ჭოროხს მოერთვის თორთომის მთიდამ გამომდინარე წყალი, რომელი მოდის აღმოსავლეთად. ამ ჴევზედ არს ციხე კალმახისა, რომელი აღაშენეს პიტიახშთა, დიდ-შენი, მაგარი და შეუალი. იყო საერისთო ტაოსი. ამას ზეით მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასვეტისა გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად.

ფანასკეტისათჳს

ამ წყალზედ, ჭოროხის აღმოსავლით, არს ციხე ფანასკეტისა, კლდესა ზედა, დიდ-შენი, მაგარი. აქ იჯდა ერისთავი ფანასკეტ-ოლთისისა, და აწ არს დაბა. ამას ზეით, ამ წყალზედ, მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, დიდი, შუენიერად ნაგები, კეთილ-შუენიერს ადგილს. აღაშენა მეფემან ადარნასემ, და დაფლულ არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ფანასკეტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა და აწ არს ცალიერი.

ოლთისისათჳს

ამას ზეით, ჭოროხის აღმოსავლეთის კიდეზედ, არს ოლთისი, ქალაქი კარგი და კეთილ-ჰაოვანი. აქ არს ციხე მაგარი და დიდშენი. არს მეორე საჯდომი ათაბაგისა, ვითარცა ახალცისე. ოლთისს ზეით, ჭოროხის აღმოსავლის კიდეზედ,არს ნარუმაკი და აწ ნარიმანი, დაბა დიდი. აქამდე არს ფანასკეტი-ოლთისი ხილიანი, ვენახიანი, ვითარცა სხუანი აღვსწერეთ. ხოლო ნარუმაკს ზეით კუალად, ჭოროხის აღმოსავლის კიდეზედ, არს დაბა დიდი იდი, კეთილი, ამას ზეით არს, ვითარცა მთის ადგილნი ნაყოფითა.

ტაოსათჳს

არამედ ართვანს ზეითი, იდამდე, ჭოროხის დასავლეთისა, თორთომის მთის აღმოსავლეთით არს პარხალი ანუ ტაოს კარი, ანუ ტაო. და მზღვრის ამას: აღმოსავლით ჭოროხის მდინარე; სამჴრით თორთომიდამ ჩამოსული მთა იდამდე; დასავლით თორთომის მთა; ჩდილოთ ჭოროხი და ისპირის მთა. და არს ეს ტაო ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი ყოვლითა მარცვლითა, და მთის კერძოთ, ვითარცა ჯავახეთი. არამედ არს მთიანი, გორიანი, ღელოვანჴრამოვანი, ღრატოიანი, წყლიანი და იწრო. და არიან ჴევთა დაბნები. კაცნიცა ეგრეთნივე. გარნა იდი და ნარუმაკი არიან ვითარცა თრიალეთი ანუ ჯავახეთი ყოვლითურთ.

ბასიანისათჳს

ხოლო ოლთის-ნარიმანისა და იდის სამჴრით არს, ირიჯლუს მთას იქით, ბასიანი. და ესე ბასიანი თუმცა არს სომხითისა, არამედ, შემდგომად ბაგრატიონთა მეფობისა, რა დაიპყრეს მათ, არს მიერით სამცხისა. და არს ბასიანი რახსისა ანუ არაზის სათავესა ზედა. პირველად ეწოდა ქალაქსა ამისსა ბასიანი, და მის გამო ეწოდა სახელიცა ესე ამ ადგილთა, ხოლო აწ უწოდებენ მას ქალაქსა ასანყალას, და არს საშუალ ბასიანისა, არაზის კიდესა ზედა, ჩდილოთ კერძ, არა დიდი ქალაქი. და მზღვრის ამას ბასიანს: აღმოსავლით მთა, ჩამოსული სამჴრეთის მთიდამ, რომელი არს სომხითის მთა; დასავლით მთა ირიჯლუ-დევაბოინისა; ჩდილოთ მთა ირიჯლუ-ყალნუსი; სამჴრით მთა, დევაბოინიდამ წამოსული - სომხითის მთა. და ადგილთა ამათ შორის მოერთვიან რახს იმიერით და ამიერით მდინარენი მთებთაგან. და შენებულ არიან დაბნები. არს უვენახო, უხილო და მარცვლის მოსავლითაცა ვითარცა ჯავახეთი, არამედ ესე უმჯობესცა ჰავითაც. უტყეო, თჳნიერ მცირე არყნალნი, სწვენ წივას და ზიდვენ ხესა და შეშას რახსის ჴრამიდამ. ამ ასანყალას ქუეით არს ჴიდი რახსსა ზედა, და ვლენან ქარავანნი, თჳნიერ მისა ვერ განვალს არაზს.

ისპირისათჳს

ხოლო ისპირის ჴეობის მდინარე გამოსდის, ბაიბურდს ზეით, ტრაპიზონის მთას. სიგრძით არს ტრაპიზონის მთიდამ ჭოროხამდე, მოდის დასავლეთიდამ აღმოსავლეთად. ჴევსა კლდიანსა და ქვიანსა შინა. და ამ ისპირის წყლისა და ჭოროხის მდინარის შესართავს ფრიად ზეით, ამ ისპირის მდინარეს მოერთვის სამჴრიდამ თორთომის ჴეობის მდინარე. და ამ თორთომის მდინარის შესართავს ზეით, ისპირის მდინარის კიდეზედ, არს ქალაქი მცირე ისპირა, და ამის გამო სახელ-იდვა ჴეობა ესე და მდინარე. ამას ზეით მოერთვის კუალად ისპირის მდინარეს საქართველოს-ყელის მდინარე ანუ გურჯი-ბოღაზისა. და ამ მდინარეს ზეით არს მთა, რომელი მზღვრის ბაიბურდსა და ისპირსა. ხოლო ამ ისპირის მდინარეს მოერთვიან ამიერ-იმიერით ჴევნი ისპირისავე მთებიდამ, და არიან დაშენებულნი დაბნები მათ ზედა.

და მზღვრის ისპირის ჴეობას: აღმოსავლით ისპირის მთებიდამ ჩამოსულნი მთანი, სამჴრით ჩდილოეთიდამ ისპირსა, ტაოსა და ლიგანის ჴევის შორისნი. და არს მთანი ესენი ტყიანნი, კლდიანნი, ღრატოიანნი, ჴევ-ქარაფიანნი და ნადირიანნი; ხოლო სამჴრით მზღვრის მთა ისპირისა, ისპირსა და თორთომის ჴეობას შორისი, და გარდავლენან გზანი თორთომის ჴობასა შინა. და მდებარებს მთა ესე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. არს თხემთა უტყეო და ადგილს თოვლიანი, და კალთათა ტყიანი, წყაროიანი, ბალახ-ყუავილიანი და ნადირიანი. ეგრეთვე დასავლით მზღვრის მთანი, ისპირის მთებიდან ჩამოსულნი, ისპირისავე მდინარემდე, სამჴრით ჩდილოეთიდამ, ბაიბურდსა და სპერს შორისი. და არიან მთანი ესენი ტყიანნი, კლდიანნი, და მივლენან გზანი ბაიბურდს; ჩდილოთ მზღვრის მთა ისპირისავე, რომელი მდებარებს აღმოსავლიდამ დასავლეთად, ფორჩხის ჴეობასა და ისპირას შორისი, და გარდავლენან მას ზედა გზანი ფორჩხას. და არს მთაცა ესე თოვლიან-ტყიანი, ვითარცა პირისპირი ამისი ისპირის მთა.

გარნა არს ესე ისპირის ჴეობა ქარაფოვან-კლდიანი, ღელე-ღრატოიანი, იწრო, ტყიანი, მცირე ველოვანი, მოსავალ-ნაყოფიერი, ვითარცა აღვსწერეთ ლიგანის ჴევი, ყოვლითა ნაყოფიერებითა და მარცვლითა. ჰავით ზაფხულს ფრიად ცხელი, არამედ აქუს მთანი და აგარაკნი ახლორეს. ზამთარი თბილი. კაცნი იუწყე მგზავსნი სამცხისანი, და აწ მოჰმადიანნი სრულიად, ენითა ქართულითა და ზნითა ოსმალთათა.

თორთომისათჳს

ხოლო თორთომის მდინარე გამოსდის დევაბოინის მთასა და მოდის სამჴრიდამ ჩდილოდ, გასჭრის სპერის მთას და მიერთვის ისპირის მდინარეს. ამ ისპირის მთას ზეით არს თორთომის ჴეობა. და ამ ისპირის მთის ფრიად ზეით მოერთვის დასავლეთიდამ თორთომის მდინარეს ჴევი, შიფაქლუს მთის გამომდინარე, და მოდის პირველ სამჴრიდამ ჩდილოდ, მერმე დასავლეთიდამ აღმოსავლეთად. ამ ჴევზედ შიფაქლუს მთის კალთას, არს ეკლესია-მონასტერი ხახულისა, ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, დიდი, გუმბათიან, დიდ-შუენიერად გებული, შუენიერს, კარგს ადგილს. ეს აღაშენა დავით კურადპალატმან, ბაგრატ მეფის მამობილმან. აქავ არს ეკლესია ფრიად შუენიერი, დიდშენი, რომელი აღაშენა მ̃ჱ მეფემან დავით, არამედ აწ უქმ-ცალიერ არიან, და ხატი ამისი არს გელათს, რომელი შეამკო აღმაშენებელმან, მერმე თამარ მეფემან. ამ ჴევს ზეით, თორთომის მდინარეზედ, არს ციხე თორთომისა, მაგარი, კლდესა ზედა დიდშენებული. ამის მიერ იწოდა ჴეობა ესე თორთომის ჴეობად. ამ ციხეს ზეით არს ხენძორეთი, დაბა დიდი და გზა აზრუმისა. არამედ ამ თორთომის მდინარეს მოერთვიან ჴევნი თორთომისა და შიფაქლუს მთიდამ, და არიან დაბნები მათ ზედა შენნი, დიდ-მცირენი.

ხოლო მზღვრის თორთომის ჴეობას: აღმოსავლით მთა თორთომისა, თორთომსა და ტაოს შორისი, რომელი მდებარებს სიგრძით სამჴრეთ-დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთ-ჩდილოს შორის, გამოვალს ირიჯლუს მთიდამ და მიადგების ისპირის მთას, და არს ისპირის მთის კერძოდ თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, ნადირიანი და მას ზეით სრულიად უტყეო, წყაროიან-მდინარიანი, ბალახშამბ-შროშნიანი; გარდავლენან გზანი ტაოს შინა. ხოლო სამჴრით მზღვრის მთა ირიჯლუ-დევაბოინისა, რომელი ეგრეთვე უტყეო არს. დასავლით მთა შიფაქლუსა, თორთომსა და ქართლის-ყელს შორისი, რომელი მდებარებს სამჴრიდამ ჩდილოდ, გამოვალს დევაბოინის მთიდამ და მიადგების ისპირის მთას. და არს ხახულამდე უტყეო და ყოვლითურთ, ვითარცა სხუანი მთანი; ხახულს ქუეით ეგრეთი ისპირის მთამდე, ვითარცა თორთომის მთის კერძი დავსწერეთ. ჩდილოთ მზღვრის მთა ისპირისა, ამასა და ისპირს შორის, და გარდავლენან გზანი ისპირის ჴეობასა შინა. არამედ თორთომის მდინარის კიდე, ხახულს ზეითამდე ანუ ციხემდე, ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი, ხოლო მთის კერძონი ყოველგნით, ვითარცა ჯავახეთი აღვსწერეთ, გარნა არს მოსავლიანი, პირუტყჳანი, ფრინვლიან-ნადირიან-თევზიანი, შემკობილი მთით და ბარით. კაცნი ვითარცა მესხნი, და აწ სრულიად მოჰმადიანნი, ენითა ქართულითავე, არამედ უბნობენ თურქულსა.

გურჯი-ბოღაზისათჳს

ხოლო ამის დასავლით არს და შიფაქლუს მთის იქით გურჯიბოღაზის ჴეობა ანუ საქართველოს ყელისა, რამეთუ ოდეს დაიპყრეს ოსმალთა აზრუმი, მიერ ჟამით უწოდეს სახელი ესე. სიგრძით არს დევაბოინის მთიდამ სპერის მდინარემდე. გამოსდის დევაბოინის მთასა, მოდის სამჴრიდამ ჩდილოთ, და ხენძორეთის გარდასწვრივ არს გურჯიბოღაზი დასავლეთით; და ეს ჴევი არს საზღვარი, ბაიბურდის მთამდე, საქართველოსა და ბერძენთა. და ჴეობა ესე არს ფრიად ვიწრო, კლდიანი და ტყიანი.

ბაიბურდისათჳს

ხოლო სადაცა მიერთვის ისპირის მდინარეს გურჯი-ბოღაზის მდინარე, მას ზეით არს ისპირის მთებიდამ ჩამოსულნი მთანი, ისპირისა და ბაიბურდის საზღვარი, ვითარცა აღვსწერეთ. ამ მთებს ზეით არს ბაიბურდი, ყოველგნით მთით მოხუეული და თჳთცა მთა. ამას შინა დის ისპირისავე მდინარე. ამ წყალზედ, შუას ადგილს, არს ქალაქი ბაიბურდი, არა დიდი, და არიან აწ სრულიად მოსახლენი მაჰმადიანნი, მცირედი თუ ვინმე ქრისტეანენი. ამ ქალაქის გამო იწოდების ადგილიცა ესე ბაიბურდად. ხოლო მოერთვიან ბაიბურდის ადგილთა შინა ისპირის მდინარესა, აჭარა-ეზინგის მთებიდამ, მდინარენი, და არიან მას ზედა შენნი დაბნები. არამედ მზღვრის ბაიბურდს: აღმოსავლით მთა ისპირსა და მის შორისი; სამჴრით მთა ეზინგსა და ბაიბურდს შორისი, რომელი მდებარებს აღმოსავლიდამ დასავლეთად, უტყეო; დასავლით მთა ტრაპიზონისა; ჩდილოთ მთა ჭანეთისა, ბაიბურდსა და ჭანეთს შორისი. და არს ეს ბაიბურდი, ვითარცა ჯავახეთი, მთებრი მოსავალ-პირუტყჳთა. გარემოს მისა მთანი უტყეონი, და ზიდვენ ჭანეთის მთიდამ ხესა და შეშასა, უმეტესად სწვენ წივასა. ჰავით ზაფხულის კეთილ-ამო და შუენიერი, ზამთრივ ცივი, თოვლიანი და გაუძლისი. გარდავლენან გარემოს მთებთა ზედა გზანი ადგილებთა შინა, რომელი აღვსწერეთ, მის გარემო. კაცნი არიან სრულიად მაჰმადიანნი და ზნითაცა მათითა.

ჭანეთისათჳს

ხოლო ბაიბურდისა და ფორჩხის სამჴრით, ჭანეთის მთას იქით, არს ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე. არს ესე შავის ზღჳს კიდის წადევნებით, გონიიდამ ტრაპიზონის სამზღვრამდე. გონიის დასავლით მოერთვის ზღუას მდინარე, ჭანეთში გამომდინარე ჭანეთის მთისა, რომელი მდებარებს ჭანეთსა და ფორჩხის ჴეობას შორის, და მოდის ჩდილოთ. ამ მდინარის იქით არს ხოფჯა, ქალაქი მცირე, ზღჳს კიდესა ზედა. აქ მოერთვის მდინარე ხობჯისა, გამომდინარე მისვე მთისა და მომდინარე ეგრეთვე. კუალად მოერთვის ზღუას მდინარე, ხოფჯას იქით გამომდინარე ჭანეთისავე მთისა, რომელი არს ბაიბურდსა და ჭანეთს შორის, და მომდინარე ჩდილოთ კერძოდ. ამ მდინარის დასავლით არს ქალაქი მცირე რიზა, ზღჳს კიდეზედ. მოერთვის მუნვე მდინარე მისივე ზღუასა, და გამოსდის მასვე მთასა და მოდის, ჩდილოთ. ხოლო ამის დასავლით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღუამდე, ჭანეთის მთიდამ. და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა. აქა არს რკინის პალო, აქავ არს სატყეპელა. აქ აღაშენა მეფემან არჩილ მოწამემან ციხე შემდგომად ყრუს შემოსლვისა (ვგონებ რიზას).

ხოლო მთა ჭანეთისა ძეს დასავლიდამ აღმოსავლეთად, მცირედ ჩდილოთ მიწევით, და მივალს ვიდრე ჭოროხამდე. არს თხემთა უტყეო. და კალთათა ტყიანი, ნადირიანი. გარნა ჭანეთიცა ფრიად ტყიანი, გორა-მთა-ღელეიანი, არამედ ხილიანი, ვენახიანი, მარცვლებით მოსავლიანი ბრინჯ-ბამბითურთ, და ნაყოფიერებს ფრიად. პირუტყუნი, ნადირნი ფრიად მრავალნი; ფრინველნი და თევზნი ურიცხუნი; მწერნი მრავალნი, ფუტკარი და თაფლი ბევრად. ჰავით ზღჳს კიდური ცხელი, მთის კერძონი კეთილ-ჰაოვანნი. ზამთარი თბილი, ზაფხული არა გაუძლისი. კაცნი არიან ჴელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კუალად ქართული ენა ვიეთთამე. ხოლო მზღვრის ჭანეთს: აღმოსავლით გონიის საზღვარი; სამჴრით მთა ჭანეთისა, ფორჩხა-ბაიბურდსა და ჭანეთს შორისი; დასავლით მცირე მთა იგი ქართლის საზღვარი, ჩდილოთ ზღუა შავი.

ესე არს აღწერა სამცხე-საათაბაგოსი ჩინელთა ადგილებთა, რომელნი იცნობიან რუკასა ზედა ამისსა. არამედ არა არს ციხე, ანუ დაბანი, ანუ აგარანი, რომელსა შინა არა იდგეს საყდარი ანუ ეკლესია, თლილის ქვით ნაშენნი, ორი ანუ სამი, დიდნი და მცირენი, და ეგრეთვე ყოველთა ადგილთა საქართველოსა შინა, რომელნიცა აღვსწერენით. კუალად არიან გორა-მთათა ზედა შენნი ეკლესია-საყდარნი, სადაცა ძნიად ხუდებიან კაცნი, თჳნიერ დღესასწაულთა მათთა, ამისთჳს რამეთუ, ვინაჲთგან კერპობასა შინა მათ მთა-გორათა ზედა იყვნენ კერპნი აღმართებულნი, და დღესასწაულობდენ მუნ სიღოდობითა, და ქრისტეანობასა შინა შემუსრნეს კერპნი, არამედ კუალად არა დასცხრნეს მუნვე განცხრომასა სიმთვრალითა, სიღოდითა და როკვითა, აღაშენეს მათ ზედა მუნ ეკლესიანი, რათა თაყვანის-ცენ ამათ და არღარა მოიხსენონ კერპნი სიღოდა-განცხრომითა.


აღწერა აწინდელისა ოვსეთისა ანუ კავკასიათა შინათა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
ცხორება სამცხე-კლარჯეთისა