ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
აღწერა ეგრისის ქუეყანისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
ქრონოლოგიური ცხრილი


პუბლიკაციები[edit]

ტექსტი[edit]

ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა[edit]

ხოლო ძე თარგამოსისა ეგროს, რა მოვიდა წილხდომილსა თჳსთა ძმათა შორის თჳსსა ქუეყანასა, ამან ეგროს ჰპოვა ადგილი ზღჳს კიდის აღმოსავლეთით მთასა შინა. ამან აქა აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელითა თჳსითა ეგრი, და ამ ეგროსისაგან განითესნენ ქუეყანასა ამას შინა ძენი და ძენი ძეთა ეგროსისანი და აღავსეს ქუეყანა ეგროსისა და იყვნენ ესენი მორჩილებასა შინა მცხეთელ მამასახლისისასა, ჟამად და ჟამად განდგომილნი, ვითარცა აღვსწერეთ. ხოლო მოსლვასა არდამ სპარსთა ერისთვისასა და დაპყრობასა საქართველოსასა, ამისა შემდგომად განდგნენ რა საქართველოსანი სპარსთაგან, მაშინ ეგრის მდინარის დასავლეთისათა მოიმწეს ბერძენნი, განდგნენ საქართველოსაგან და მოსწყჳდნეს სპარსნი და მოერთუნენ ბერძენთა, რამეთუ ძალითა ბერძენთათა ჰყვეს და დაშთნენ და იყვნენ იგინი მორჩილებასა შინა ბერძენთასა. ხოლო ეგრის მდინარის აღმოსავლეთი კუალად იყვნენ მცხეთელ მამასახლისის მორჩილებასა შინა. ხოლო შემდგომად მოკლა რა პირველმან მეფემან ფარნაოზ აზონ ერისთავი და დაიპყრა ყოველი საქართველო, არცაღა ამას მოერთნენ ეგრისის მდინარის დასავლეთისანი. არამედ ერჩდნენ ბერძენთავე და ეგრის მდინარის აღმოსავლეთისანი დაშთნენ ფარნაოზის მორჩილებასა შინა. ამან ფარნაოზ განჰყო ეგრისი თჳსსა მორჩილებასა შინა მყოფი ორ საერისთოდ და დასუა ქუჯი ერისთავად ეგრისს, რომელი აღაშენა ეგროს და უწოდა ბედია, ვინაჲთგან ჰპოვა ბედი და მისცა ქუჯის რიონის დასავლეთი და ჩდილოეთი ზღუადმდე და ეგრისის მდინარემდე სრულიად სუანეთით. და მეორე დასუა შორაპანს და მისცა საერისთოდ ნეშტი ეგრისისა, რომელ არს რიონის აღმოსავლეთი და სამჴრეთი ზღუამდე და ლიხის მთამდე და იყვნენ ესე ერისთავნი მორჩილებასა შინა და მოხარკეობასა შინა მეფეთა ქართველთასა. არამედ სიმცირესა შინა ვახტანგ გორგასლისასა მიუღეს ეგრისისა და ზღჳს პირნი ციხე-გოჯამდე ბერძენთა, გარნა მერმე ვახტანგვე მიუღო მკლავითა თჳსითა ბერძენთა ჯიქეთი აფხაზეთითურთ, საზღვარი თჳსი ოვსეთიდამ შემოსრულმან.

ამანვე ვახტანგ მისცა ლეონს კეისარსა ეგრისის მდინარის იქითი საზღვარი ბერძენთა და მერმე ამზითვა კეისარმან ცოლსა ვახტანგისასა ეგრისის მდინარის იქითი და ეპყრათ ხოსროვანთა. ხოლო შემდგომად სტეფანოზ ბაგრატიონის ჟამსა მიუღო ერეკლეოს კეისარმან კუალად ეგრისის მდინარის იქითი და დასუეს ბერძენთა ერისთავი თჳსი ანაკოფიას და უწოდეს აფხაზთა ერისთავად, იყვნენ აქა ერისთავნი ცვლილებითა. ხოლო მოსლვასა მურვან ყრუსასა იყო ანაკოფიას ერისთავი ლეონ. ამან ლეონ ისტუმრა მირ მეფე და არჩილ, პატივ-სცა და მსახურებდა მეფებრ და შემდგომად ყრუს უკუნქცევისა ამ ლეონს მისცა კეისარმან მკჳდრად ერისთობა და არჩილ მისცა ასული მირ მეფისა და გჳრგჳნი კეისრული, აღმთქმელსა მორჩილებისა და მონებისასა. არამედ შემდგომად ამ ლეონის სიკუდილისა დაჯდა ძმისწული ამ ლეონისა ერისთავად ანაკოფიას ლევანვე სახელით. ეს ლევან იყო ასულის წული ხაზართა მეფისა და ვინაჲთგან მოუძლურებულ იყვნენ ბერძენნი აგარიანთაგან, ამან ხაზართა შეწევნითა გაიმკჳდრა საერისთო თჳსი და მორჩილებდნენ სრულიად ეგრისი მათთა მეფისა მოყურობისათჳს და პატივსა უყოფდნენ, და შემდგომად სიკუდილისა იოანესა და ჯუანშერისა განდგა ესე მეორე ლევან და დაიპყრა ძალითვე ხაზართა და მორჩილებითა ეგრისელთათა სრულიად ეგრისი ლისის მთის იქითი ვიდრე ზღუადმდე და ხაზარეთამდე და იწოდა მეფედ აფხაზთა და მოიღო საერისთოსა თჳსისა სახელი ეგრისსა ზედა, ქ{რისტ}ესა ღ̃პვ, ქარ{თულსა} ვ̃, და ამათგანნი მეფენი მეფობდნენ აფხაზეთს ი̃ა ბაგრატიონადმდე ესრეთ.

ა̃. მეფე ლევან, კ̃ წელი მეფა[edit]

ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და დაიპყრა ყოველი ეგრისი, არღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი და განყო ესე ეგრისი და აწ აფხაზეთი რვა საერისთოდ:

ა̃. დასუა აფხაზთა და მისცა აფხაზეთი, ჯიქეთი, ვიდრე ზღუამდე და ხაზართა მდინარემდე;

ბ̃. დასუა ცხომს და მისცა ეგრის-იქითი ანაკოფია ალანითურთ;

გ̃. დასუა ბედიას და მისცა ეგრისის აღმოსავლეთი ცხენის წყლამდე;

დ̃' ვინაჲთგან ამასვე ლეონს მოერთნენ ოძრახოს წილნი, ჭოროხის სამჴრეთისანი და განუდგნენ ოძრახოს ერისთავსა, უწოდა გურია და დასუა მუნ ერისთავი თჳსი;

ე̃. დასუა რაჭა-ლეჩხუმისა;

ვ̃. დასუა სუანეთისა;

ზ̃. შორაპნისავე, რიონისა და ხანის-წყლის აღმოსავლეთისა ლიხამდე სრულიად არგუეთისა;

ჱ̃. დასუა ქუთათისს ვაკისა, ოკრიბისა და ხანისწყლის დასავლეთისა გურიამდე და რიონის დასავლით ცხენისწყლამდე.

ამანვე აღაშენა ქუთათისი ქალაქი და ციხე და ჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა, ვითარცა ანაკოფია ჰყო ტახტად მეორედ ესე ქუთათისი. ამისგანვე საგონებელ არს განთავისუფლება აფხაზთა კათალიკოზისა, ნებითავე ბერძენთათა. ამან ლეონ მოიწყო აფხაზეთი და განაგო ყოვლითავე და შემდგომად კეთილმეფობისა მოკუდა ქ{რისტე}სა ყ̃ვ, ქარ{თულსა} კ̃ვ, და დაუტევა ძენი: თეოდოსე, გიორგი და დიმიტრი.

ბ̃. მეფე თეოდოსე, ლ̃თ წელი მეფა[edit]

გამეფდა შემდგომად ლეონისა ძე მისი თეოდოსე. ამან დაიწყო უმეტეს აფხაზეთი; ესე თეოდოსე იყო სიძე აშოტ კურადპალატისა. ამანვე უშუელა კახთა მთავარსა გრიგოლის ზედა აშოტ კურადპალატსა. ესევე ეწყო ბაგრატ მეფეს, ცოლის ძმასა თჳსსა, და ბუღა თურქს კვერცხობს სპითა თჳსითა. შემდგომად ლტოლვილმან გარდმოვლო დუალეთი და მოვიდა აფხაზეთს. შემდგომად კეთილმეფობისა მოკუდა ქ{რისტე}სა ყ̃მე, ქარ{თულსა} ჲ̃ე.

გ̃. მეფე გიორგი, ი̃ე წელი მეფა[edit]

შემდგომად თეოდოსე მეფისა დაჯდა ძმა ამისი გიორგი მეფედ. ამან გიორგიმ დაიპყრა ქართლი და დასუა ჩიხას ერისთავად ტინენ, ძე დიმიტრისა ძმისა თჳსისა, და შემდგომად კეთილმეფობისა მოკუდა გიორგი მეფე ქ{რისტე}სა ყ̃ოზ, ქარ{თულსა} ჟ̃ზ.

დ̃. მეფე იოანე, ი̃დ წელი მეფა[edit]

ხოლო გიორგი მეფისა შემდგომად მეფე იქმნა ძე მისი იოანე. არამედ დედოფალმან დედამან იოანე მეფისამან განიზრახა უმეტეს დამტკიცება მეფობა ძისა თჳსისა და, ვინაჲთგან მომკუდარ იყოცა ძმა თეოდოსე და გიორგი მეფისა დიმიტრი, ამისთჳს შეიპყრა ძე დიმიტრისა ერისთავი ჩიხისა ტინენ და მოკლა იგი და უმრწემესი ძე დიმიტრისავე ბაგრატ მცირე ჰასაკითა ექსორია ჰყო და მოგზაური ბაგრატ შთააგდეს ზღუასა შინა. არამედ ღმერთმან განარინა იგი და მიიწია კოსტანტინეპოლეს. ხოლო მეფემან იოანე მოგუარა ძესა თჳსსა ადარნასეს ცოლი, ასული გურამ აშოტ კურადპალატის ძისა და აქორწინა. და შემდგომად მოკუდა იოანე მეფე ქ{რისტე}სა, ყ̃ოთ, ქარ{თულსა} ჟ̃თ.

ე̃. მეფე ადარნასე, ჱ წელი მეფა[edit]

და იქმნა მეფედ ადარნასე, ძე მეფისა იოანესი. ხოლო ამის მეფობისა შემდგომად ჱ̃ წლისა მოვიდა ბაგრატ ძე დიმიტრისა ექსორია ყოფილი კოსტანტინეპოლიდამ სპითა კეისრისათა და დაიპყრა აფხაზეთი. ამან ბაგრატ შეიპყრა მეფე ადარნასე და მოკლა იგი წელსა ქ{რისტე}სა, ყ̃პზ, ქარ{თულსა} რ̃ზ.

ვ̃. მეფე ბაგრატ, ი̃თ წელი მეფა[edit]

დაჯდა ესე ბაგრატ მეფედ. ამან მოიყვანა ცოლი ადარნასე მეფისა, ასული გურამ მამფალისა და შეირთო თჳთ ცოლად. ამანვე ბაგრატ გამოიყვანა ნარსე, ცოლის ძმა თჳსი, და მისცა შეწევნა სპითა მეფე ადარნასესა ზედა. შემდგომად მეფობისა მოკუდა ბაგრატ, ქ{რისტე}სა შ̃ვ, ქარ{თულსა} რ̃კვ.

ზ̃. მეფე კოსტანტინე, ი̃ე წელი მეფა[edit]

დაჯდა მეფედ აფხაზთა ძე ბაგრატ მეფისა კოსტანტინე. ხოლო ესე კოსტანტინე და სომეხთა მეფე სუმბატ ბრძოდნენ ქართლსა ზედა. არამედ შემდგომად ჰყვეს ზავი და დაიპყრა ქართლი კოსტანტინემ და შემდგომად მოსლვისა აბულ კასიმისა მიუწოდა კჳრიკემ კახთა ქორიკოზმან ამ მეფეს კოსტანტინეს. ამან მისრულმან შემუსრნა ციხენი ჰერეთისანი, მერმე დაზავდნენ კჳრიკე კახთა, მეფე კოსტანტინე და ჰერთა მეფე და შემოქცეულმან კოსტანტინე მეფემან მოსჭედა ოქროთი ხატი ალავერდის მთავარ მოწამის წმიდის გიორგისა და შეამკო ფრიად და მოვიდა აფხაზეთს. არამედ შემდგომად მეფობის მმართველი მოკუდა კოსტანტინე მეფე ქ{რისტე}სა შ̃კა, ქარ{თულსა} რ̃მა.

ჱ̃. მეფე გიორგი, ლ̃თ წელი მეფა[edit]

გამეფდა ძე კოსტანტინე მეფისა გიორგი. ამას წინააღუდგა ძმა თჳსი ბაგრატ და იშლებოდნენ წელ-ნახევარსა და არა იყო მშჳდობა მათ შორის. შემდგომად მოკუდა ბაგრატ და დაიპყრა სრულიად აფხაზეთი. არამედ ესე გიორგი მეფე იყო ღუთისმოშიში და მოყუარული, ჰაეროვანი, მჴნე, ახოვანი, მოწყალე, უხჳ, ეკლესიათა მაშენებელი და ქურივ-ობოლთა შემწყნარე. ამან მისცა ასული თჳსი გურანდუხტ გურგენს, ბაგრატ მეფის რეგუენის ძესა. ამანვე გიორგი მეფემან შემდგომად მეფის ადარნასე კურადპალატის სიკუდილისა დაიპყრა ქართლი და დასუა ძე თჳსი კოსტანტინე. არამედ მტერ რა ექმნა მამასა თჳსსა ესე კოსტანტინე, გამოიყვანა უფლისციხიდამ გიორგი მეფემან და ჰყო საჭურისად. ესევ გიორგი მეფე შთავიდა კახეთს, შეიპყრა კჳრიკე კახთა ქორიკოზი და დაიპყრა კახეთი თჳთ და იქმნა შემდგომად, ვითარცა აღვსწერეთ ზემოთ. არამედ შემდგომად კეთილმეფობისა მოკუდა ქ{რისტე}სა შ̃ნე, ქარ{თულსა} რ̃ოე.

თ̃. მეფე ლეონ, ბ̃ წელი მეფა[edit]

მეფე იქმნა ლევან აფხაზეთს ძე გიორგი მეფისა. ხოლო ესე ლევან მძახლობით დაეზავა კჳრიკეს ქორიკოზსა, და მისცა ასული თჳსი ცოლად დავითს, ძესა კჳრიკე ქორიკოზისასა. არამედ შემდგომად თჳსის ასულის სიკუდილისა კუალად ემტერა კჳრიქე ქორიკოზს ლევან მეფე, და ლაშკრობასა შინა დასნეულდა ბაზალეთს, უკმოიქცა და მოვიდა ქუთათისს და მოკუდა მუნ მეფე ლევან ქ{რისტე}სა შ̃ნზ, ქარ{თულსა} რ̃ოზ.

ი̃. მეფე დიმიტრი, კ̃ბ წელი მეფა[edit]

შემდგომად ლეონ მეფისა დაჯდა აფხაზთა მეფედ ძმა ლეონისა დიმიტრი: ესე დიმიტრი მეფე იყო მჴნე, ახოვანი, შემმართებელი და უღმრთო. ამისთჳს ქუეგამხედველ ექმნენ ამას აფხაზნი და მოიყვანეს კოსტანტინეპოლიდამ ძმა დიმიტრი მეფისა, თეოდოსი. არამედ ვერ შეუძლეს შემუსრვა დიმიტრი მეფისა. არამედ შემდგომად დიმიტრი მეფემან დაიზავა ძმა თჳსი თეოდოსე, კჳრიკე ქორიკოზის გამო და შუამდგომელობითა სუეტისცხოველისა და მუნ მჯდომის კათალიკოზისათა. გარნა უარ-ჰყო აღთქმა დიმიტრიმ და დასწუნა თუალნი ძმასა თჳსსა თეოდოსეს და შემდგომად რაოდენისამე ჟამთა მეფობისა მოკუდა დიმიტრი მეფე, ქ{რისტე}სა შ̃ოთ, ქარ{თულსა} რ̃ჟთ.

ი̃ა. მეფე თეოდოსე, ვ̃ წელი მეფა[edit]

ხოლო შემდგომად დიმიტრი მეფისა უღონო-ქმნილთა აფხაზთა უმკჳდრობისათჳს მეფეთა მათთა, ვინაჲთგან არღარავინ იყო, გამოიყვანეს თეოდოსე უთუალო და დასუეს მეფედ აფხაზთა, არამედ შემდგომად ექუსისა წლისა თეოდოსეს მეფობისა, ვინაჲთგან განირყუნა ყოველნი წესნი აფხაზთანი მეფობასა მისსა, ამის მიერ ითხოვეს დავით მეფის კურადპალატისაგან მეფედ აფხაზთა ბაგრატ ძე გურგენისა, ასულის წული გიორგი აფხაზთა მეფისა. მან მოსცა და მოიყვანეს აფხაზეთს და აკურთხეს ქუთათისს მეფედ ქ{რისტე}სა შ̃პე, ქარ{თულსა} ს̃ე, და ამ ბაგრატისა შემდგომად იქმნა აფხაზეთს მეფობა ბაგრატიონთა. ხოლო მეფობდნენ აფხაზთა მეფენი იგინი აფხაზეთს წელთა რ̃ჟთ. და ამ ბაგრატის პირველის მეფობიდამ ვიდრე ლაშას ძის დავით მეფისა და რუსუდანის ძის ნარინ დავით მეფისამდე იყო ერთმეფობისა ქუეშე სრულიად აფხაზეთი, მეფობასა ბაგრატიონთასა და ამ ორთა დავითის განყოფისამდე სამეფოთა გარდაჴდნენ წელნი ს̃ოდ.

ცხოვრება იმერეთისა[edit]

ა. მეფე ნარინ დავით, ლვ წელი მეფა[edit]

ხოლო დაჯდა ნარინ დავით მეფედ იმერთა ქ{რისტე}სა ჩსნთ, ქარ{თულსა} უოთ [1259], ამიერით იწოდა დავით და ამას ქუემოთნი მეფენი იმერთა მეფედ, და არღარა აფხაზთა. ხოლო ნარინ დავით მეფობდა, ვითარცა აღვსწერეთ. და ამ დავითის გამეფებიდამ, ვიდრე ბრწყინვალე მეფის გიორგის იმერეთის დაპყრობამდე გარდაჴდნენ წელნი ობ ესრეთ, რამეთუ გამეფდა ნარინ დავით ქ{რისტე}სა ჩსნთ ქარ{თულსა} უოთ [1259] და მოკუდა დავით მეფე ქ{რისტე}სა ჩსჟგ, ქარ{თულსა} ფიგ [1293]. და შემდგომად ნარინ დავით მეფისა დაჯდა მეფედ ძე დავითისა უხუცესი კოსტანტინე.

ბ. მეფე კოსტანტინე, ლდ წელი მეფა[edit]

ამას კოსტანტინეს წინააღუდგა ძმა თჳსი მიქელ და არა უტევებდა მეფობად და პყრობად იმერეთისა და მიქელ დაიპყრა რაჭა, ლეჩხუმი და არგუეთი და აქუნდათ დღეთა მათთა მარადის ბრძოლა-შლილობა და შფოთი და ჴდომა ურთიერთთა და იყო ოჴრება ქუეყნისა. ამისთჳს შეიჭირვებდენ დიდებულნი ამის სამეფოსანი და ვერა რითა ყვეს ზავი მათ შორის. იხილა დადიანმან გიორგიმ ესევითარება მათ შორის, მაშინ მიიტაცა საერისთო ცხომისაცა და დაიპყრა თჳთ სრულიად ოდიში ანაკოფიადმდე. ეგრეთვე შარვაშიძემ აფხაზეთი და გურიელმან გურია და სუანთა ერისთავმან სუანეთი და განიმკჳდრეს თჳსად და არღარა ეგდენსა მორჩილებასა შინა იყვნენ მეფეთასა. ამისა შემდგომად მოკუდა დადიანი გიორგი ქ{რისტე}სა ჩტკგ, ქარ{თულსა} ია [1323] და დაჯდა მის წილ ძე მისი მამია და ამან უმეტესად დაიპყრა ოდიში. შემდგომად ამ შფოთებასა შინა მოკუდა მეფე კოსტანტინეცა ქ{რისტე}სა ჩტკზ, ქარ{თულსა} იე [1327].

გ̃. მეფე მიქელ, გ̃ წელი მეფა[edit]

და შემდგომად მისა გამეფდა ძმა მისი მიქელ. ამან იღუაწა კუალად შეერთებად და დამორჩილებად პირველისაებრ მათ მთავართა და ერისთავთა. არამედ წართმევითა და ცვალებითა ვერღარა შეუძლო. გარნა დაიმორჩილნა კუალად ხარკის მოცემითა და მოლაშკრედ თჳსად. და სხუასა ვერღარა რაისა ეწია, რამეთუ მოკუდა წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ტკთ; ქარ{თულსა} ი̃ზ.

და ამას მეფესა მიქელს დაშთა ძე მხოლოდ ბაგრატ, რომელსა არა ძალედვა მეფობა სიმცირითა და არცაღა მოერთნენ მთავარნი იგინი წინათქმულნი, არამედ იყო ქუთათისს და მიიტაცებდიან მთავარნი ქუეყანათა და განირყვნებოდიან ყოველნი წესნი იმერთანი. ხოლო განძლიერდა რა ბრწყინვალე გიორგი მეფე, ამან გიორგიმ განიხილნა ესევითარნი იმერთა საქმენი, ეზრახა იმერთა მეფობისა თჳსისათჳს. მაშინ იმერნი, ვინაჲთგან შეიწრებულ იყვნენ ჴდომითა და ოჴრებითა და არცა გიორგი იყო შორეული მემკჳდრე იმერეთისა, ამისთჳს მისცეს პირი მტკიცე, ჩამოვიდა და დაიპყრა იმერეთი მეფემან გიორგი სრულიად ქ{რისტე}სა ჩ̃ტლ, ქარ{თულსა} ჲ̃ჱ. და იყო მის ქუეშე და შემდგომად მისთა იყო ერთ სამეფოდ ქართლისა თანა, ვიდრე ო̃ჱ გიორგი მეფისა, ზ̃ მეფის ბაგრატისამდე, წელი რ̃ლ. გარნა თუ განდგებოდიან და იწოდებოდიან მეფედ, არამედ ირიცხვის ესრეთ, ვინაჲთგან არა იყო სიმტკიცე.

ბაგრატ ერისთავი[edit]

ხოლო ამ გიორგი მეფისაგან იქმნა ერისთავად ძე მიქელ მეფისა ბაგრატ, და იყო მორჩილებასა შინა გიორგი მეფისასა შორაპანს. შემდგომად მოკუდა დადიანი მამია ქ{რისტე}სა ჩ̃ტმე, ქარ{თულსა} ლ̃გ, დასუა მის წილ ბრწყინვალე მეფემან გიორგიმ ძე მამია დადიანისა გიორგი დადიანად. ხოლო ამისა შემდგომად მოიყვანა ცოლად ასული ყუარყუარე ათაბაგისა ბაგრატ მიქელ მეფის ძემან, ქ{რისტე}სა ჩ̃ტნჱ, ქარ{თულსა} მ̃ვ, და იქორწინა მის თანა ნებითა დავით მეფისათა და ამან ბაგრატ შვნა მისგან ძენი სამნი: ალექსანდრე, გიორგი და კოსტანტინე; არამედ შემდგომად მოკუდა ბაგრატ ერისთაობასა შინა ქ{რისტე}სა, ჩ̃ტობ, ქარ{თულსა} ჲ̃. ხოლო შემდგომად ბაგრატისა დაადგინა მასვე ერისთაობასა ზედა. დიდმან მეფემან ბაგრატ ძე ბაგრატ ერისთავისა ალექსანდრე, და ესე ალექსანდრე ერისთაობდა მორჩილებასა შინა დიდისა ბაგრატ მეფისასა. შემდგომად მოკუდა დადიანი გიორგი ქ{რისტე}სა ჩ̃ტპდ, ქარ{თულსა} ო̃ბ. და მიუბოძა დიდმან მეფემან ბაგრატ ძესა გიორგი დადიანისასა ვამიყს დადიანობა. არამედ შემდგომად მოსლვისა ლანგთემურისასა და შეპყრობისა დიდისა ბაგრატ მეფისა, წარვიდა რა გიორგი ძე დიდის ბაგრატ მეფისა ქართლს, რათა განაგოს მუნებურნი საქმენი, ვინაჲთგან იმერეთი აქუნდა მშჳდობით სიმტკიცესა შინა.

. მეფე ალექსანდრე, ე̃ წელი მეფა[edit]

მაშინ იცა ჟამი ალექსანდრემ ძემან ბაგრატისამან, ვინაჲთგან მიეღო ძალი გიორგის ძესა დიდისა ბაგრატ მეფისასა, განდგა და დაიპყრა იმერეთი ქ{რისტე}სა ჩ̃ტპზ, ქარ{თულსა} ო̃ე, იწოდა მეფედ და ეკურთხა გელათს (რამეთუ ქუთათისი ჯერეთ ეპყრათ გიორგისავეთა), რათა უმეტესად მოიმტკიცოს იმერნი, და ბრძოდა ციხეთა იმერეთისათა, რომელნი ეპყრნეს მეფესა ბაგრატს და ძესა მისსა გიორგის. მერმე ეზრახა ალექსანდრე დადიან-გურიელსა, შარვაშიძეს და სუანთა. არამედ არა ინებეს, რამეთუ შიში აქუნდათ ჯერეთ ბაგრატ მეფისა და ეგნენ ერთგულებასა მისსა ზედა. გარნა აღიხუნა რომელნიმე ციხენი იმერეთისანი ალექსანდრემ, თჳნიერ ქუთათისისა, და მცირედისა შემდგომად მოკუდა მეფე ალექსანდრე ქ{რისტე}სა ჩ̃ტპთ, ქარ{თულსა} ო̃ზ, და დაუტევა ცოლისა თჳსისა ანნა დედოფლისა თანა ძე ერთი დიმიტრი.

ე̃. მეფე გიორგი, გ̃ წელი მეფა[edit]

და შემდგომად ალექსანდრე მეფისა დაჯდა ძმა მისი გიორგი მეფედ იმერთა, ამან გიორგი უმეტესად დაიპყრა იმერეთი და აღიხუნა ციხენი ბაგრატ მეფისა და გიორგისანი და უმეტესად მცდელობდა დამორჩილებასა და შეერთებასა მათ მთავართასა. ამანვე გიორგიმ დასუა კათალიკოზად არსენი ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟ, ქარ{თულსა} ო̃ჱ. არამედ რა არღარა ინებეს მთავართა მათ მორჩილება გიორგი მეფისა, ამისთჳს განიზრახა ამან გიორგი ბრძოლა ვამიყ დადიანისა, რამეთუ უკეთუ სძლოს და დაიმორჩილოს იგი, სხუანიცა ყოველნი დაიპყრას. შემოიკრიბნა სპანი იმერთანი, წარვიდა და შთავიდა ოდიშს. დღესა ერთსა ეწყო ვამიყ დადიანი და ძლიერისა ბრძოლისა შემდგომად იძლია სპანი იმერთა და მოჰკლეს მეგრელთა მეფე გიორგი ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟბ, ქარ{თულსა} პ̃, ხოლო ლტოლვილნი იმერნი მოვიდნენ თჳს-თჳსად. მაშინ განზრახჳთა ვამიყ დადიანისათა ჩამოვიდა გიორგი, ძე დიდისა ბაგრატ მეფისა, და დაიპყრა კუალად იმერეთი. ხოლო კოსტანტინე ძე ბაგრატისა და ძმა ალექსანდრე და გიორგი მეფისა და დიმიტრი ძე ალექსანდრე მეფისა ივლტოდნენ ბასიანს და იყოფებოდნენ წელსა ოთხსა მუნ მწირად.

ვ̃. მეფე კოსტანტინე, ე̃ წელი მეფა[edit]

შემდგომად წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟვ, ქარ{თულსა} პ̃დ მოსწყდნენ რა იმერნი ბრძოლასა შინა ლანგთემურისასა მეფის გიორგისა თანა და ამასვე ქორონიკონსა მოკუდაცა ვამიყ დადიანი და დაჯდა ძე მისი მამია დადიანად. მაშინ შთამოიყვანეს იმერთა კოსტანტინე, ძე ბაგრატისა, და ყვეს მეფედ იმერთა. ამან კოსტანტინემ დაიპყრა კუალად იმერეთი და აღიხუნა ციხენი, რამეთუ იყო გიორგი მეფე უცალო თემურლანგისაგან და კოსტანტინე ამით მცდელობდა გამკჳდრებასა იმერეთისასა და შეერთებასა თჳსად დადიან-გურიელისასა და სუანთასა.

დიმიტრი ერისთავი[edit]

არამედ მოკლეს მეფე კოსტანტინე ჩალაღანს ანუ ჩალიანსა შინა ქ{რისტე}სა ჩ̃უა ქარ{თულსა} პ̃თ, და ამან არა დაუტევა ძე. არამედ დაშთა დიმიტრი ძმისწული კოსტანტინესი და ძე ალექსანდრე მეფისა და მცდელობდა მეფობასა. გარნა იყო ყრმა და ვერა ღონიერ და არღარა ვინ დაემორჩილებოდნენ მეფობისათჳს.

მაშინ ჟამთა ამათ მოცალე იქმნა გიორგი მეფეცა თემურ-ლანგისაგან და იხილა იმერეთი ესრეთ, ჩამოვიდა სპითა თჳსითა იმერეთს, მიერთო დადიანი მამია და ყოველნი იმერნი, შეიპყრეს დიმიტრი და მისცეს მეფესა გიორგის: ხოლო მან არა რაჲ ავნო. არამედ წარავლინა ქართლს და დაასადგურა სომხითს სარჩოთი და იყოფებოდა მუნ. და იმერეთი სრულიად დაიპყრა მეფემან გიორგი; შემდგომად გიორგისა ეპყრა მეფესა კოსტანტინეს ნებასა შინა თჳსსა. შემდგომად კოსტანტინესა - ალექსანდრეს მეფესა. ხოლო ამას ალექსანდრე მეფესა, ძესა გიორგი მეფისასა, სიჭაბუკესავე თჳსსა ესმა ქება და შუენიერება-სიკეკლუცე დიმიტრის დის თამარისა, ეტრფიალა და მოიყვანა ცოლად და ქმნა ქორწილი მის თანა; ხოლო მოკლეს რა აფხაზთა მამია დადიანი ქ{რისტე}სა ჩ̃უიდ, ქარ{თულსა} რ̃ბ და დაჯდა ძე მისი ლიპარიტ, მაშინ მეფემან ალექსანდრემ სიყუარულითა ცოლისა თჳსისა და ვინაჲთგან უწყოდაცა ვერ შემძლებელობა დიმიტრისა, მისცა კუალად ერისთობა იმერეთს დიმიტრის და იყო ერისთავად ესე დიმიტრი მორჩილებასა შინა ალექსანდრე მეფისასა, ვახტანგისა და გიორგი მეფისასა. ხოლო მოკუდა ესე დიმიტრი ერისთობასა შინა, ძე მეფისა ალექსანდრესი ქ{რისტე}სა ჩ̃უნე, ქარ{თულსა} რ̃მგ.

და დასუა მეფემან გიორგიმ ძე მისი ბაგრატ ერისთავად, და იყო მორჩილებასა შინა მისსა. არამედ ათაბაგმან ყუარყუარემ შემდგომად გაათაბაგებისა თჳსისა გიორგი მეფისაგან, იწყო ქუეგამჭვრეტელობა მეფისა გიორგისა. ამისთჳს ეზრახა ბაგრატს ფარულად, რათა განდგეს და აღეთქუას დადიან-გურიელსა განთავისუფლება და მწე ეყოს იგი ბაგრატს. სთნდა ბაგრატს განზრახუა ესე და ჰყოფდა ეგრეთ. ამისთჳს მოსცეს დადიან-გურიელმან აფხაზთა და სუანთა პირი მტკიცე მეფედ ყოფისა იმერეთს.

ზ. მეფე ბაგრატ, ივ წელი მეფა[edit]

მაშინ პაემნითა ამით განდგა ბაგრატ და დაიპყრა იმერეთი, და ვინაჲთგან მეციხოვნენი გიორგი მეფისანი არა ეკრძალოდენ ბაგრატს, რამეთუ ბიძა იყო მეფისა და სანდო, გამოასხნა ყოველნი და დაიპყრა თჳთ და შეაყენა მეციხოვნე გუშაგნი თჳსნი. ამისი მცნობელი მეფე გიორგი შეკრებული სპითა ჩამოვიდა იმერეთს და რა არღარა მოერთო ათაბაგი ყუარყუარე, ეწყო სპითა იმერთათა ბაგრატ ჩიხორს, ქ{რისტე}სა :ჩუჲბ: [1462], ქარ{თულსა} :რნ:, და ძლიერისა ბრძოლისა შემდგომად იძლია გიორგი მეფე და ივლტოდა ქართლსავე. ხოლო ბაგრატ გამარჯუებული მოვიდა ქუთათისს, აქა მოერთნენ დადიან-გურიელ-აფხაზნი და სუანნი და აკურთხეს, სრულიად იმერთა სათნო-ჩინებითა, მეფედ. ამისთჳს აღუსრულა მთავართა მათ აღთქმული თჳსი და განთავისუფლდენ, თჳნიერ ლაშქრობისა და ქუეგანწესებისა მეფისა, და იქმნა იმერეთი მიერით ერთ მეფედ და ოთხ სამთავროდ ანუ სათავადოდ, რამეთუ მიიღო დადიანმან ოდიში, გურიელმან გურია, შარვაშიძემ აფხაზნი და ჯიქნი და გელოანმან სუანეთი, და ბაგრატ მეფობდა მათ ზედა ესრეთ. ხოლო მოვიდა ამ ბაგრატისა თანა ათაბაგი ყუარყუარე, ლტოლვილი გიორგი მეფისაგან, ამან ბაგრატ პატივით შეიწყნარა. არამედ მოვიდა რა თავრიჟ გილაქი და თემურ და მოაოჴრეს გიორგი მეფე. მაშინ უშუელა ბაგრატ მეფემან ყუარყუარე ათაბაგსა, შთავიდნენ სამცხეს და დაიპყრა ათაბაგმან სამცხე და ბაგრატ უკმოიქცა იმერეთსავე. არამედ მარადის აძლევდა ნიჯადსა ათაბაგსა, რათა დაიმორჩილოს ყუარყუარემ ერისთავნი გიორგი მეფისანი. შემდგომად შეიპყრა გიორგი მეფე ყუარყუარე ათაბაგმან. მაშინ შეიკრიბა სპანი ბაგრატ მეფემან და შთავიდა ქართლს და დაიპყრა სრულიად ქართლი, ქ{რისტე}სა :ჩუჲვ: [1466], ქარ{თულსა} :რნდ:, და დაიწყო პყრობად კახეთისა, არამედ განუტევა ბაადურ ათაბაგმან მეფე გიორგი, და მოჰყვა თჳთ სპითა, რათა დაიპყრას ქართლი და ბრძოს ბაგრატ მეფესა გიორგი მეფემან. იხილა რა ესე ბაგრატ მეფემან, არა ინება ბრძოლა, წარმოვიდა და მოვიდა ქუთათისს.

ხოლო მოკუდა დადიანი ლიპარიტ ქ{რისტე}სა :ჩუო: [1470], ქარ{თულსა} :რნჱ: და დაჯდა ნებითა ბაგრატ მეფისათა ძე მისი შამანდავლე, და წინარე მოკუდა მეფე გიორგიცა ქართლისა და მეფე კოსტანტინე არა უტევებდა ბაგრატ მეფესა ლიხის აქეთს მთის ძირობათა. ამისთჳს შეიკრიბა მეფემან ბაგრატ სრულიად სპანი იმერთანი და ჩავიდა ქართლს და დაიპყრა შიდა ქართლის ხოლო კოსტანტინემ განამაგრა ტფილისი და სომხითი და ბრძოდნენ ურთიერთსა. მაშინ ზავჰყო ბაგრატ მეფემან, კახ-ბატონის გიორგის თანა, რათა მომსმენელ იყოს ბაგრატისა და მიიღოს კახეთისა, რომელი უპყრავს კოსტანტინე მეფესა.

შემდგომად მოკუდა დადიანი შამანდავლე, ქ{რისტე}სა :ჩუოდ: [1474], ქარ{თულსა} :რჲბ: და დაჯდა ბიძა მისი ვამიყ დადიანად, სათნოთივე ბაგრატ მეფისათა. ხოლო ამან ვამიყ დადიანმან არღარა ინება განძლიერება უმეტესად ბაგრატ მეფისა, შემოიკრიბნა აფხაზნი და გურიელი და უწყო კირთება, ოჴრება და დაპყრობა იმერეთსა.

ესმა ესე ბაგრატ მეფესა, ქართლს მყოფსა, და წარვიდა მსწრაფლად სპითა დიდითა, რამეთუ წარიტანნა ქართველნიცა და მისრულსა ოდიშს ეწყო დადიანი ვამიყ და იქმნა ბრძოლა ძლიერი ქ{რისტე}სა :ჩუოზ: [1477], ქარ{თულსა} :რჲე: და მოსწყდნენ მრავალნი. შემდგომად იძლია დადიანი ვამიყ; მაშინ შევიდა ბაგრატ მეფე ოდიშს, აღიხუნა ციხენი და დაიპყრა ოდიში. ამისი მხილველი დადიანი ვამიყ ევედრა და აღუთქუა ერდგულად მორჩილება ფიცით, რათა ჰყოს იგივე დადიანად და, ვინაჲთგან ბაგრატ მეფესა აქუნდა სხუა განზრახუა ქართლსა ზედა, დაადგინა ვამიყვე დადიანად, ფუცებული ერდგულობასა ზედა. მერმე წარმოიყვანა დადიანიცა სპითა თჳსითა და მოვიდა ქართლს უძლიერესად და ბრძოდა ციხეთა კოსტანტინე მეფისათა, კნინღა დაპყრობად.

არამედ წელსა ქ{რისტე}სა :ჩუოჱ: [1478], ქარ{თულსა} :რჲვ: მოვიდა უზუნ-ასან ყეენი. ამისმან მცნობმან ბაგრატ მეფემან არღარა ინება ბრძოლა უზუნასან ყეენისა, ვინაჲთგან კოსტანტინე მეფეცა მივიდა მის თანა და მისცა ციხე ტფილისი, უქმოიქცა და მოვიდა რაჭას, დასნეულდა მუნ და მოკუდა ქ{რისტე}სა :ჩუოჱ: [1478], ქარ{თულსა} :რჲვ: და დაფლეს გელათს.

ჱ. მეფე ალექსანდრე, ლბ წელი მეფა[edit]

ხოლო შემდგომად ბაგრატ მეფისა დაჯდა მეფედ ძე ამისი ალექსანდრე და ინება კურთხევა. ამისთჳს მოუწოდა დადიან-გურიელსა, შარვაშიძეს და გელოვანს. არამედ დადიანმან არღარა ინება მოსლვა. ეგრეთვე გურიელმან და სხუათა. იხილა ესე კოსტანტინე მეფემან იმერთა შინა-ვითარებანი, შეიკრიბნა სპანი და ეზრახა დადიანსა, ჩამოვიდა იმერეთს ქ{რისტე}სა ჩუოთ [1479], ქარ{თულსა} რჲზ და მიერთნენ ყოველნი იმერნი; ვინაჲთგან დადიანსა მიეცა პირი მტკიცე, ამისთჳს ვერღარა წინააღუდგა ალექსანდრე და წარვიდა სიმაგრეთა შინა. ხოლო კოსტანტინე მეფემან დაიპყრა იმერეთი, მოერთო დადიანიცა და მისცეს ციხე ქუთათისისა, რამეთუ არა კეთილ იყო ბაგრატის გამო დადიანი ალექსანდრესი, ვინაჲთგან დაამდაბლა ბაგრატ დადიანი.

შემდგომად ამისა მოკუდა დადიანი ვამიყ ქ{რისტე}სა :ჩუპბ: [1482], ქარ{თულსა} :რო: და დაჯდა ძე შამანდავლე დადიანისა ლიპარიტ დადიანად. მერმე კუალად მოკუდა გურიელი კახაბერცა ქ~სა :ჩუპგ: [1483], ქარ{თულსა} :როა: და დაჯდა ძე მისი გიორგი გურიელად. ამასვე წელს იძლია კოსტანტინე მეფე ყუარყუარე ათაბაგისაგან. მაშინ შემოიკრიბა რაჭა-ლეჩხუმი ალექსანდრემ ძემან ბაგრატ მეფისამან, მოვიდა და აღიღო ქუთათისი ქ{რისტე}სა :ჩუპდ: [1484] ქარ{თულსა} :რობ:, დაჯდა მეფედ, ეკურთხა და დაიპყრა იმერეთი. არამედ დადიანმან კუალად არა ინება მეფობა მისი და მოიწვია მეფე კოსტანტინე დაპყრობად იმერეთისად. უსმინა დადიანსა მეფემან კოსტანტინემ და ჩამოვიდა კუალად სპითა იმერეთს ქ{რისტე}სა :ჩუპზ: [1487], ქარ{თულსა} :როე:; აქეთ მოვიდა ლიპარიტ დადიანი ოდიშით. ამათ ვერღარა ბრძოლა უყო ალექსანდრე მეფემან და წარვიდა კუალად სიმაგრეთა შინა. მაშინ მიერთო დადიანი და სრულიად იმერნი მეფესა კოსტანტინეს. აღიღო კუალად ქუთათისი და მოსცნეს სრულიად ციხენი იმერეთისანი და დაადგრა ქუთათისს, რამეთუ არღარა ენება წარსვლა, რათა განიმაგროს და განიმტკიცოს იმერეთი და ბრძოს ალექსანდრე და მოსპოს იგი. არამედ ქუთათისს მყოფსა მოერთუა მეფესა კოსტანტინეს მოსლვა სპასპეტის ასანბეგისა ყეენისაგან და მოდგომა ტფილისისა მისგან სპითა, ქ{რისტე}სა :ჩუპჱ: [1488], ქარ{თულსა} :როვ:.

ამისთჳს დაუტევა იმერეთი, წარვიდა ქართლს და ბრძოდა თათართა. ხოლო ალექსანდრე ეზრახა იმერთა და დადიანსა, ჩამოვიდა და დაიპყრა იმერეთი კუალად, აღიღო ქუთათისი და ყოველნი ციხენი იმერეთისანი, ვინაჲთგან კოსტანტინე მეფე უცალო იყო. მერმე დაეზავა დადიან-გურიელსა. ამით დაიმშჳდა იმერეთი და დაიპყრა უმტკიცესად და დაიმორჩილნა აფხაზნი და სუანნიცა. გარნა არა ეგოდენად, ვითარცა ენება.

ხოლო უშვა ალექსანდრე მეფესა დედოფალმან თამარ ძე ბაგრატ ქ{რისტე}სა :ჩუჟე: [1495], ქარ{თულსა} :რპგ: შემდგომად ამისა უშვა ძე დავით.

ამან ალექსანდრემ იხილა ბრძოლითა და შფოთებითა ვერა რაი ბედნიერება თჳსი და დაიმშჳდა იმერეთი. მერმე კოსტანტინე მეფისა თანა ჰყო ზავი და სიყუარული ერთობისა. მერმე შესცვალნა ურჩნი თჳსნი და რომელნიმე მოსპნა და უმკვდრო ჰყვნა და დაადგინნა ერთგულნი და მისანდონი თჳსნი და მოიმტკიცა ამითი იმერეთი. ეგრეთვე დაიმორჩილნა დადიან-გურიელი და მთავარნი სხუანი იგინი ლაშკრობათა, ნადირობათა და მეფედ მათთა ჴმობითა მსახურებათათა. ხოლო შემდგომად კოსტანტინე მეფის გარდაცვალებისა. მოიჴსენა ალექსანდრე მეფემან შური პირველი, შემოიკრიბნა სპანი, გარდაუჴდა ქართლს და აღიღო გორი, ქ{რისტე}სა :ჩფთ: [1509], ქარ{თულსა} :რჟზ: და იწყო პყრობად ქართლისა, რამეთუ არავინ წინააღუდგებოდა, ვინაჲთგან დავით მეფე იყო ლმობიერი და უშფოთველი კაცი, მის გამო. მაშინ ამავე ქორონიკონს მოუჴდენ ჩიხნი იმერეთს და მოარბივეს სრულიად. ესე ესმა ალექსანდრეს ქართლს მყოფს, უქმოიქცა და მოვიდა იმერეთს მოწყუედად მათდა. არამედ მათ არღარა ესწრა და განემზადებოდა შურისგებად და ბრძოლად ჩიხთა ზედა, დასნეულდა სალმობითა ძლიერითა და მოკუდა მეფე ალექსანდრე ქ{რისტე}სა :ჩფი: [1510], ქარ{თულსა} :რჟჱ:, დაუტევნა ძენი ბაგრატ, დავით და ვახტანგ. ამასვე ქორონიკონსა მოკუდა ცოლი მისი დედოფალი თამარ და დამარხეს გელათს.

თ̃. მეფე ბაგრატ, ლ̃ჱ წელი მეფა[edit]

დაჯდა ძე ალექსანდრე მეფისა ბაგრატ მეფედ იმერთა და დაიპყრა სრულიად იმერეთი. არამედ დადიან-გურიელს ეპყრათ საზღვარნი თჳსნი და იყვნენ მორჩილებასა ბაგრატ მეფისასა, ვითარცა ვთქჳთ.

წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ფიბ, ქარ{თულსა} ს̃, მეფობასა ბაგრატისასა მეორესა, გამოვიდა სპასპეტი სულტან სელიმისა სპითა უამრავითა და მოადგა სამცხეს. ამას მიეგება ათაბაგი მზეჭაბუკ, მოუძღუა და ჩამოიყვანა ფერსათსა ზედა იმერეთს. ხოლო ბაგრატ მეფე ვერ წინააღუდგა და უკურიდა სიმაგრეთა შინა და დახიზნა იმერეთი. გარნა მოსრულთა ოსმალთა დაწუეს ქუთათისი და გელათი. მერმე მოაოჴრნეს, მოწუეს, მოსრნეს და მოსტყუევნნეს, სადა ვინ ჰპოვნნეს იმერეთსა შინა და უკუნიქცნენ მასვე გზასა ზედა და წარვიდნენ.

შემდგომად წარსლვისა მათისა ჩამოვიდა ბაგრატ მეფე, განაგო იმერეთი და დააშენნა ხიზანნი იმერნი. ამასვე ქორონიკონსა მოკუდა დადიანი ლიპარიტ და დაჯდა მამია დადიანად ნებითა ბაგრატ მეფისათა. კუალად მოკუდა ამასვე ქორონიკონს გურიელი გიორგი და დაჯდა მამია გურიელად, სათნო-ყოფითა ბაგრატ მეფისათა. ამასვე წელსა წარვიდა მეფე ბაგრატ დასხმის გუარად სპითა ქართლს, რამეთუ ძმამან მისმან ვახტანგ იკლო რაიმე ბაგრატისაგან და წარვიდა ქართლს. ამას ვახტანგს წარჰყვნენ მრავალნი წარჩინებულნი და აზნაურნი. მიუჴდა ბაგრატ მეფე მოხისს მყოფს ვახტანგს. ეწყო ვახტანგ და იყო ბრძოლა ძლიერი. მერმე იძლია ვახტანგ. არამედ შუამდგომელობითა დავით მეფისათა ზავ-ჰყვეს. წარმოიყვანა ძმა თჳსი და მოვიდა იმერეთს ბაგრატ, და იყოფოდა მშჳდობით. შემდგომად შემოიკრიბნა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი იმერეთისანი ბაგრატ მეფემან და ჰყო გელათი საეპისკოპოსოდ და დასუა საყუარელიძე მელქისედეკ ქ{რისტე}სა ჩ̃ფით, ქარ{თულსა} ს̃ზ.

ამისა შემდგომად წარვიდა მამია გურიელი ქართლს, რათა ჰყოს დავით მეფესა და კახ-ბატონს ლევანს შორის ზავი. არამედ ეწყო დავით მეფე და იძლია მეფე, ქ{რისტე}სა ჩ̃ფკ, ქარ{თულსა} ს̃ჱ. მერმე ზავ-ჰყო მათ შორის და მოვიდა გურიას.

ხოლო ესე მეფე ბაგრატ იმერთა, გიორგი ქართველთა და ლევან კახთა წარვიდნენ იერუსალიმს, ვითარცა აღვსწერეთ ყოფილი. შემდგომად შეიკრიბნენ დადიანი მამია და გურიელი მამია და წარვიდნენ ჯიქეთს სპითა, რამეთუ ეკირთებოდნენ იგინი ოდიშს და გურიას. ზღჳთ ნავებითა მისრულთა ჯიქეთს, ეწყუნენ ჯიქნი სიმაგრით გამო, ჰყვეს ბრძოლა ძლიერი და აოტნეს სპანი იმერთა, მოკლეს დადიანი მამია და შეიპყრეს გურიელი მამია და აღიღეს ალაფი და იავარი მათი ქ{რისტე}სა ჩ̃ფლბ, ქარ{თულსა} ს̃კ. ხოლო ნეშტნი, ლტოლვილნი სპანი, მოვიდნენ და დასუეს ოდიშს დადიანად ლევან და გურიელი მამია დაიჴსნა ვეცხლით ძემან მისმან როსტომ და მოვიდა გურიასვე.

ამისა შემდგომად მოკუდა გურიელი მამია ქ{რისტე}სა ჩ̃ფლდ, ქარ{თულსა} ს̃კბ და დაჯდა როსტომ ძე მისი გურიელად. ხოლო ამანვე ბაგრატ მეფემან დასუა ერისთავად რაჭას ჩხეიძე შოშიტა და მისცა რომელნიმე სახასო დაბანი და ციხე მინდა, რამეთუ აქამომდე იყო რაჭა სამეფოდ და კუალად ჰყო საერისთოდ. შემდგომად შემოიკრიბნა ბაგრატ მეფემან სრულიად სპანი იმერთანი დადიან-გურიელითა, ვინაჲთგან იხილა შეავება სამცხისა შაისმაილის დევალისაგან და კუალად მოიჴსენა შური მზეჭაბუკ ათაბაგისა, რაჟამს მოუძღუა ოსმალთა, და ყუარყუარე ათაბაგისა, რამეთუ მიჰყვა გიორგი მეფესა იერუსალიმს და არა ამას, და წარვიდა დაპყრობად სამცხისა. მისრულს ეწყო მურჯახეთს ათაბაგი ყუარყუარე და იქმნა ბრძოლა ძლიერი, ქ{რისტე}სა ჩ̃ფლე, ქარ{თულსა} ს̃კგ, იძლივა ათაბაგი და შეიპყრა ყუარყუარე ისაკართუმელაძემან, მეწდემან გურიელისამან, და მოართუა როსტომ გურიელსა, და როსტომ მოართუა ბაგრატ მეფესა. ხოლო ბაგრატ მეფემან პატიმარ-ჰყო ათაბაგი და დაიპყრა სამცხე და იყოფებოდა მუნ. მაშინ მისცა გურიელს აჭარა და ჭანეთი, წარვიდა და დაიპყრა გურიელმან იგინი და ბაგრატ მეფე განაგებდა სამცხესა. ხოლო მოვიდა რა შასთამაზ ლუარსაბ მეფესა ზედა და უკუნქცეული დადგა ყარაბაღს, წარვიდა მეფე ბაგრატ ყარაბაღს და მივიდა წინაშე შასთამაზისა და ითხოვა შეწევნა, და უკეთუ მოსცეს, დაუმორჩილოს მას ბაგრატ ყოველი საქართველო.

მაშინ შასთამაზს არა აქუნდა ჟამი, ვინაჲთგან აქუნდა სპარსეთს განდგომილება. არამედ აღუთქუა შეწევნა ბაგრატს და მოსცა ნიჭნი დიდნი და წარმოავლინა დიდ-პატივცემული და მოვიდა სამცხესვე, აღიღო ციხენი სამცხისანი და დაიპყრა თჳსად. ხოლო ქაიხოსროს, ძესა ყუარყუარესასა მოჩივარს მისცა ხონთქარმან მუსტაფა ფაშა სპითა დიდითა და ზარბაზნებითა დიდ-დიდითა.

ამისმან მცნობმან ბაგრატ მეფემან მოუწოდა იმერთა და შემოკრბნენ მსწრაფლად და გურიელიცა მათ თანა. არამედ დადიანმან ლევან არღარა ინება მოსლვა სპითა თჳსითა, ვინაჲთგან მიიღო გურიელმან ქუეყანა. ამისთჳს ამან მიზეზჰყო: "რა ნიჭი არს ჩემდა, რამეთუ მოვსწყდე სპითა ჩემითა". გარნა ბაგრატ მეფე ეწყო ოსმალთა და ბრძოლასა სასტიკ-ფიცხელსა იძლივნენ ოსმალნი და მოსრვიდნენ იმერნი პირითა მახჳლისათა, აღიღეს ალაფი ურიცხჳ და ზარბაზნები წარგზავნა იმერეთს ბაგრატ. ესმა ესე ყოველი ხონთქარსა, განრისხნა მოწყუედისათჳს სპათა თჳსთა და წარმოავლინა აზრუმდიარბექირის ფაშანი სპითა სუას აქათითა. მაშინ ბაგრატ შეიკრიბა ყოვლითა ძალითა თჳსითა. არამედ არცა აწ მოვიდა დადიანი მიზეზითა მითვე; ამისთჳს ბაგრატ ევედრა ლუარსაბ მეფესა, რათა მწე ეყოს. უსმინა ლუარსაბ და მოვიდა სპითა თჳსითა, განიხარა ბაგრატ და წარვიდნენ ზოგად. ხოლო ოსმალნი დაბანაკებულ იყვნენ ბასიანს. ეწყუნენ ურთიერთს სოხოისტასა ზედა ქ{რისტე}სა ჩ̃ფმე, ქარ{თულსა} ს̃ლგ. არამედ დაუმორჩილებლობითა და ცილებითა და ღალატითა მესხთათა იძლივნენ საქართველოსანი, ვითარცა აღვსწერეთ, და მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო და მოსწყჳდნეს სპანი ურიცხუნი. ხოლო ნუშტნი ივლტოდენ თჳს-თჳსად და ბაგრატ მოვიდა ქუთათისს.

მერმე კუალად გარდავიდა მეორესა წელსა ბაგრატ მეფე სამცხეს, წარმოასვენა აწყუერისა ღუთისმშობელი ციხეჯუარს და ვერღარა დაიპყრა სამცხე, ვინაჲთგან ციხენი სრულიად დაეპყრათ ოსმალთა; უკმოიქცა და მოვიდა ქუთათისს: შემდგომად მოუწოდა მეფემან ბაგრატ ლევან დადიანსა, რეცა დარბაზობად და შეიპყრა იგი ზაკჳთ, რამეთუ შური აქუნდა მიერ ჟამით, რაჟამს არა შეეწია ბრძოლასა ზედა ოსმალთასა, და პატიმარჰყო ქ{რისტე}სა ჩ̃ფმვ, ქარ{თულსა} ს̃ლდ. ესე აუწყა გურიელსა: "შევიპყარ დადიანი, წარმოვედ და დავიპყრათ ოდიში და კერძონი შენნი მოგანიჭო, შენ დაიპყარ, ვითარცა გნებავს". რამეთუ ენება ბაგრატს ჴელთგდება მისიცა და ჰყოს ყოველი იმერეთი ერთ საბრძანებლოდ, ვითარცა პირველ. არამედ აგრძნა ესე გურიელმან და განიზრახა: " უკეთუ მოსრას ტომი დადიანთა და დაიპყრას ოდიში ბაგრატ, მაშინ იქმნას ჩემ ზედაცა მოცალედ და მიმიღოს მეცა გურია". ამისთჳს მოუცნო ბაგრატს: "ოდეს ვეწყუენით ოსმალთა, მიერ ჟამითგან მიზეზობენ და უმეტეს ათაბაგი; აწ უკეთუ დაუტეო ქუეყანა ჩემი, მოვიდნენ და მიმიღონ. ამით ვერ ძალ მიცს მოსლვა, გარნა განგიზრახავ, რათა შემოიმტკიცო დადიანი ფიცით და განუტეო".

ამისი მსმენელი მეფე ბაგრატ განრისხნა და ინება აღმოჴდა თუალთა დადიანისა. არამედ შეერთებისათჳს გურიელისა და ოდიშართა ვერღარა ჰყო და პატიმარ-ჰყო გელათს სამრეკლოსა შინა. მაშინ ჩხეიძემ ხოფილანდრემ განზრახჳთა ათაბაგისათა, რამეთუ შურობდა ქაიხოსრო ბაგრატს, გამოაპარა დადიანი და მოიყვანა ახალციხეს. ამისთჳს ათაბაგი ქაიხოსრო ეზრახა გურიელს, ზავ-ჰყო მის თანა, რათა მისცეს გზა დადიანსა. მან აღუთქუა და წარმოიყვანა ოდიშს და დაიპყრა თჳსივე ლევან დადიანმან. ესე შეუძნდა ბაგრატ მეფესა, ვინაჲთგან ვერღარა ეწია თჳსსა ნებასა.

ხოლო შემდგომად მოვიდა სპა ხონთქრისა გურიასა ზედა, რათა შურაგონ, ვინაჲთგან მიჰყვა ბაგრატ მეფესა და მოსწყჳდნა სპანი ოსმალთა; მიუღეს გურიელს ჭანეთი, და უწყეს შენება ციხისა ბათომს. ესე აცნობა გურიელმან ლევან დადიანსა და მეფესა ბაგრატს: "უკეთუ მძლონ მე, მოიწევიან თქუენზედაცა, ამისთჳს შემეწივენით".

მაშინ დადიანმან კეთილისათჳს, რომელი ჰყო მის ზედა გურიელმან, შეიკრიბა სპანი და წარვიდა შეწევნად. არამედ ბაგრატ მეფესა შეუძნდა ესე, რამეთუ არა კეთილობდა მისთჳს გაერთება მათი. გარნა ამანცა წარუვლინა ძმა თჳსი ვახტანგ, ფ̃ მჴედრითა გურიელსა და ამცნო ვახტანგს, რათა ჰყოს ზაკუა ვითარიმე მათ შორის, რათა არა შეითქუნენ დადიან-გურიელი. ხოლო მისლვამდე ამათთა ეწყო გურიელი ოსმალთა და თავდასხმით აოტნა ოსმალნი ჴმელეთსა ზედა და მოსრნა იგინი, და სხუანი შევიდნენ კატარღებთა შინა და განვიდნენ ჭოროხს იქით. მაშინ მდინარე ჭოროხი მდიდრობდა, რამეთუ მდინარენი განდიდებულ იყვნენ. ამისთჳს ვერღარა განვიდა გურიელი. მივიდნენ ოსმალნი, დაუწყეს შენება უმეტესად ციხესა გონიას. ხოლო ვახტანგ მისრულმან საჯავახოს უწყო ზრახუად დადიანსა რიონის თუალსა ზედა მდგომს სპითა ოდიშ-აფხაზთათა: "ვინაჲთგან ვარ ფუცებული შენდა, აწ უწყოდე თუმცა შეიკრიბნეთ შენ და გურიელი, აქუს გურიელისაგან პირი ძმასა ჩემსა, დაგესხმის იგი, ანუ მოგაკუდინებენ და ანუ შეგიპყრობენ". მაშინ მეგრელთა არღარა გამოიკითხეს ზაკულება ესე, უკუნ-იქცნენ ფოთიდამ და წარვიდნენ თჳსად და ვახტანგ მივიდა გურიელისა თანა. არამედ გურიელს აღუძნდა უკუნქცევა დადიანისა, რამეთუ ნავებითა თჳსითა არა ძალედვა განსლვა გონიას და ბრძოლა ოსმალთა და განმაგრება გურიისა.

ამისი მხილველი ვახტანგცა წარვიდა იმერეთს. ხოლო ოსმალთა აღაშენეს ციხე გონია და შემოვიდნენ, მოსწყჳდნეს და მოსტყუევნნეს ჭანეთი და აჭარა, და დაიპყრეს თჳსად, რამეთუ ეპყრა იგინი გურიელსა. ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ბაგრატ ქ{რისტე}სა ჩ̃ფმჱ, ქარ{თულსა} ს̃ლვ და დაუტევნა ძენი ორნი, გიორგი და კოსტანტინე, და დაფლეს გელათს.

ი̃. მეფე გიორგი, ლ̃ზ წელი მეფა[edit]

შემდგომად მეფისა ბაგრატისა დაჯდა ძე ამისი გიორგი მეფედ. ამან გიორგიმ მოიწყო იმერეთი და დაიზავა დადიან-გურიელი და იყო მშჳდობით. შემდგომად მოვიდა მეფე ლუარსაბ ლტოლვილი შასთამაზისაგან, ქ{რისტე}სა ჩ̃ფნე ქარ{თულსა} ს̃მდ, ხიზნად. შემდგომად მოკუდა ალექსანდრე ძე გიორგი მეფისა ქ{რისტე}სა ჩ̃ფნჱ, ქარ{თულსა} ს̃მვ. ამისვე შემდგომად იშვა ძმისწული მეფისა გიორგისა და ძე კოსტანტინესი როსტომ, ქ{რისტე}სა ჩ̃ფჲა, ქარ{თულსა} ს̃მთ. ამასვე წელსა მოკუდა ცოლი გიორგი მეფისა, შემდგომად ზავ-ჰყო გიორგი მეფემან და ათაბაგმან ქაიხოსრომ და მისცა გიორგი მეფემან აწყუერის ღუთისმშობელი, ქ{რისტე}სა ჩ̃ფჲბ, ქარ{თულსა} ს̃ნ. შემდგომად ამისა მოიყვანა გიორგი მეფემან ცოლად ჩერქეზის ბატონის ასული რუსუდან და იქორწინა მის თანა ქ{რისტე}სა, ჩ̃ფჲგ, ქარ{თულსა} ს̃ნა. კუალად შემდგომად ამისა მოკუდა გურიელი როსტომ ქ{რისტე}სა ჩ̃ფჲდ, ქარ{თულსა} ს̃ნბ და დასუა გიორგი მეფემან ძე როსტომისა გურიელად გიორგი. და იშვა გიორგი მეფესა რუსუდან ძე ბაგრატ, ქ{რისტე}სა ჩ̃ფჲე, ქარ{თულსა} ს̃ნგ.

ხოლო შემდგომად როსტომ გურიელის სიკუდილისა განუტევა ცოლი თჳსი ლევან დადიანის ძემან გიორგიმ ასული როსტომ გურიელისა და წაგუარა ბიძასა თჳსსა ბათულიას ცოლი სიკეკლუცისათჳს და შეირთო თჳთ და ამით იქმნა მტერობა მათ შორის, და შემდგომად შფოთებისა ზავ-ჰყვეს დადიან-გურიელმან და მისცა ლევან დადიანმან ასული თჳსი გიორგი გურიელსა ცოლად და იქმნა ამითი მშჳდობა. შემდგომად განუტევა გურიელმანცა ცოლი თჳსი, ასული ლევან დადიანისა, შურისათჳს წინათქმულისა და მტერობითა დადიანისათა ემზახლა მეფესა გიორგის, რამეთუ ჰყვანდა მეფესა გიორგის მუსადია ქურივი და მისცა იგი გიორგი გურიელსა ცოლად და დაიმოყურნენ ამით. ამისთჳს მოიმწო ვახტანგის ძის ძემ ხოსრომ დადიანი და ამან იშუელა ჭილაძე ვარაზა ლიპარტიანით ოდიშრით. ესენი ყოველნი ღალატად დაესხნენ გიორგი მეფესა იანეთს და იქმნა ბრძოლა ძლიერი. ვერა რაი ავნეს გიორგი მეფესა. არამედ ივლტოდნენ იგინივე ქ{რისტე}სა ჩ̃ფჲჱ, ქარ{თულსა} ს̃ნვ და მოისროდნენ მახჳლითა.

მაშინ იწყო მეფემან გიორგი მტერობა გურიელითურთ დადიანსა ზედა. ვერღარა შეუძლო დადიანმან წინააღდგომა და წარვიდა სტამბოლს. შევიდნენ და დაიპყრეს ოდიში მეფემან და გურიელმან. არამედ მწე ეყო დადიანს ხონთქარი, მოსცა აზრუმ-ტრაპიზონის სპანი და მოვიდნენ სატყეპელასა ზედა. შეშინდა გურიელი სიდიდისათჳს სპათათა, და უწყო დადიანსა ვედრება, რათა ზავ-ჰყონ და არა მოუოჴრონ ქუეყანა. არამედ დადიანმან სთხოვა სისხლი განტევებისათჳს ასულისა თჳსისა და აღუთქუა ზავ-ყოფა. უღონო-ქმნილმან გურიელმან მისცა სისხლად ჵ̃ დრაჰკანი; ზავ-ჰყო მისთანა, მოუძღუა გურიელი და დაიპყრა ლევან კუალად ოდიში.

ხოლო მეფემან გიორგიმ მოუწოდა ჯავახს ჭილაძეს, მოკლა იგი შურისათჳს წინათქმულისა, რამეთუ მიმდგომიცა იყო დადიანისა და დაიპყრა მამული ჯავახ ჭილაძისა მეფემან გიორგიმ. ესე აღუძნდათ დადიან-გურიელსა, შეითქუნენ და მოვიდნენ სპითა და არა აუფლებდნენ გიორგი მეფესა მამულსა ზედა ჭილაძისასა. არამედ ნახევარი დაიპყრა დადიანმან და ნახევარი გურიელმან.

ამისა შემდგომად მოკუდა ლევან დადიანი ქ{რისტე}სა ჩ̃ფობ, ქარ{თულსა} ს̃ჲ, რამეთუ უბრკმა ცხენსა მისსა ნადირობასა შინა და შემუსრა კისერი მისი; და დაჯდა ძე მისი გიორგი დადიანად.

ხოლო გიორგი მეფემან მოგუარა ძესა თჳსსა ბაგრატს ცოლად დაჲ დადიანის გიორგისა და ასული ლევანისა და აქორწინა მის თანა ქ{რისტე}სა ჩ̃ფოგ, ქარ{თულსა} ს̃ჲა.

ამასვე ქორონიკონსა იშვა ძე გიორგი მეფისა რუსუდანისაგან ლევან. არამედ ესე შეერთება მეფისა და დადიანისა შეუძნდა გურიელს და გარდაბირა დადიანს ძმა მამია და მოიყვანა გურიას, შერთო დაჲ თჳსი ცოლად. მერმე შემოიკრიბნა სპანი გურიელმან, მიუჴდა დადიანს ზუგდიდს, ეკუეთა დადიანიცა. არამედ ბრძოლასა იძლია დადიანი გიორგი და ივლტოდა აფხაზეთს. ხოლო დაჯდა დადიანად მამია, ძმა მისი. ეზრახნენ მეფე გიორგის მამია და გურიელი, რათა სთნდეს ესე ესრეთ და მოსცეს რომელი ეპყრა ჭილაძისეული დადიანსა. ესე სათნო იყო გიორგი მეფემან, ვინაჲთგან მამიაცა იყო მძახალი და მისცათ ნება და ჰყვეს ზავი მეფემან და დადიანმან და გურიელმან.

შემდგომად იშოვა ნიჯადი გიორგი დადიანმან აფხაზნი, ჯიქნი და ჩერქეზნი და მოვიდა ოდიშს. ესე აცნობა დადიანმან გურიელსა და გურიელმან წარუვლინა სპანი თჳსნი მამიას; ეწყო მამია გიორგი დადიანსა, იძლია კუალად გიორგი და წარვიდა აფხაზეთს.

ხოლო მოკუდა მეფის გიორგის ძე ბაგრატ და დედოფალი დედა მისი რუსუდან ქ{რისტე}სა ჩ̃ფოჱ, ქარ{თულსა} ს̃ჲვ. ამასვე ქორონიკონსა მოკუდა კათალიკოზი ევდემონ. ამასვე წელსა გამოვიდა ლალა-ფაშა და ტფილისიდამ ამან ლალა-ფაშამ წარმოავლინა სპანი იმერეთსა ზედა დაპყრობად. ამათ შემოვლეს ქართლი. ამისი მცნობი გიორგი მეფე წარვიდა სპითა მოსწრაფედ და შეუკრა მთა ლიხისა და მოვიდნენ ოსმალნიცა, და უწყეს ბრძოლა იმერთა სიმაგრით გამო და მოსრვიდნენ მრავალთა ოსმალთა: შემდგომად იძლივნენ ოსმალნი და მოსწყუედდიან იმერნი, აღიღეს ალაფი დიდი და მოვიდა გამარჯუებული მეფე გიორგი ქუთათისს. ხოლო დადიანი გიორგი, უღონო-ქმნილი ევედრა გიორგი მეფესა, რათა მწე ექმნას მას, აღუთქუა მეფემან და აუწყა გურიელსა. მაშინ გურიელმან მოუთხრა მეფესა: "ვითარცა განუტევე დაჲ მისი და მივეც სისხლი, ეგრეთ მანცა განუტევა დაჲ ჩემი, მომცეს ნასისხლი ჩემი და მე დავარწმუნო მამიას და ვჰყოთ იგივე დადიანადვე".

ხოლო ესე ყოველი მიუთხრა მეფემან გიორგი დადიანსა და დადიანმან ყოველნი აღუთქუა, არამედ სთხოვა მეფესა ცოლის დაჲ თჳსი, რომელსა ზრდიდა მეფე, რათა მისცეს ცოლად და მით იქმნეს სარწმუნოდ. ხოლო უკეთუ არა რით დაერწმუნოს ყოფად ამისა, ამისთჳს მისცა მეფემან ცოლის დაჲ თჳსი გიორგი დადიანსა და ოქრო იგი ნასისხლი დადიანმან უკუნსცა გურიელსა. და ვინაჲთგან მწირობდა დადიანი და არა აქუნდა ეგოდენი, მისთჳს მისცა ხოფი, ვიდრე ამოვიდეს ფასი ოქროსა მის. მერმე ზავ-ჰყვეს მეფემან და გურიელმან ძმათა შორის, მოიყვანეს გიორგი და დასუეს დადიანადვე. ხოლო მამიას მისცეს ჭილაძისა და რევაზის მამულნი, და იქმნა ამითი სამთავე შორის მშჳდობა.

არამედ შემდგომად ამისა მოიჴსენა შური ბათულიამ, ბიძამან დადიანისამან, შემოიკრიბა საჯავახო, რამეთუ მას ეპყრა იგი და მოიბირნა მონამენიცა მეგრელნი, წარვიდა, რათა თავსდასხმით ღალატად მოკლას გიორგი დადიანი. აგრძნა ესე გიორგი დადიანმან და შემოიკრიბნა სპანი. ესე უთხრეს ბათულიას, უქმოიქცა და მოვიდა საჯავახოსავე. ამისთჳს აუწყა ესე მეფესა დადიანმან და ძმამან მისმან მამიამ. ხოლო მეფემან გურიელსა მიუთხრა, რათა მოკლას ბათულია ამის წილ და დაიპყრას თჳთ საჯავახო ორთავე ნებითა. განიხარა გურიელმან, შეიპყრა ზაკჳთ ბათულია. არამედ თჳთ არა მოაკუდინა და პატიმარ-ჰყო ოზურგეთს და დაიპყრა საჯავახო თავისად. მერმე კუალად მოუთხრეს მეფემან და დადიანმან გურიელს მოკლვა ბათულიასი. ხოლო გურიელმან არა მოკლა თჳთ, არამედ მისცა მათ ნება; და ამათ წარავლინეს კაცი და მოაშთვეს ბათულია და იქმნებოდა ესრეთი მშჳდობა.

ხოლო რაჟამს მოსლვასა ლალა-ფაშისასა მოსრნა გიორგი მეფემან ოსმალთა სპანი და მერმე ქართველთა, მოვიდა აწ სინან-ფაშა ქართლსა ზედა. ამან ფაშამან ჰგონა კუალად შუელა ქართველთა გიორგი მეფისაგან. ამისთჳს წარმოევლინა ათაბაგი ყუარყუარე ქ{რისტე}სა ჩ̃ფპა, ქარ{თულსა} ს̃ჲთ გიორგი მეფისა თანა, რათა ემტეროს სჳმონ მეფესა და ქართლსა. მაშინ განზრახჳთა ათაბაგისათა შემოიკრიბნა გიორგი მეფემან სპანი და მოიყვანა დადიან-გურიელიცა სპითა მათითა; ვინაჲთგან აქუნდათ ერთობა და ბრძანებულიცა იყო ხონთქრისა, მიუჴდნენ შიდა ქართლს, ვერა სადა ჰპოვნეს ხიზანნი და დაწვნეს სრულიად გაღმა-გამოღმართნი. მერმე უკუმოიქცნენ და მოვიდნენ უვნოდ. ამისა შემდგომად მოკუდა დადიანი გიორგი ქ{რისტე}სა ჩ̃ფპბ, ქარ{თულსა} ს̃ო და დაჯდა ძმა მისი მამია დადიანად. არამედ გურიელი გიორგი კუალად არა დასცხრა შურგებად გიორგი დადიანისად, მოიპარა ძე გიორგი დადიანისა მცირე ლევან, პატიმარ-ჰყო ციხესა შინა შხეფისასა, განზრახჳთა მამია დადიანისათა. ხოლო ყრმა იგი უთმინოებითა ტყუეობისათა გარდმოიჭრა ციხიდამ, რეცა განლტოლვად და მოკუდა. არამედ ესე მიზეზ ჰყო დადიანმან მამიამ გურიელსა ზედა, შემოიკრიბნა სპანი და მივიდა გურიას. ამას ეკუეთა გიორგი გურიელიცა და ბრძოლასა იძლია გურიელი და ივლტოდა სტამბოლს. მაშინ დადიანმან მოიყვანა ტომი გურიელთა ვახტანგ და დასუა გურიელად ქ{რისტე}სა ჩ̃ფპგ, ქარ{თულსა} ს̃ოა. ამასვე ქორონიკონს შეიპყრა მეფემან გიორგი ძმა თჳსი კოსტანტინე ძით მისით როსტომით, ვინაჲთგან ლევან ძე გიორგი მეფისა მცირე იყო, რათა არა მძლე ექმნას და მცილე ექმნეს მეფობასა, და ჰყო პატიმრად. არამედ მოქმედთა ესე-ვითარებათათა გარნა აქუნდათ მშჳდობაცა ჟამად. შემდგომად მოკუდა მეფე გიორგი ქ{რისტე}სა ჩ̃ფპე, ქარ{თულსა} ს̃ოგ.

ი̃ა. მეფე ლევან, ე̃ წელი მეფა[edit]

დაჯდა ძე გიორგი მეფისა ლევან მეფედ და ეკურთხა ქუთათისს. ხოლო ბიძა მისი კოსტანტინე თავისუფალ იქმნა ძით თჳსით და დაიპყრა მან რიონის აღმოსავლეთისა კერძონი, რამეთუ ლევან ყრმა იყო წლისა ი̃ბ. შემდგომად წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ფპვ, ქარ{თულსა} ს̃ოდ მოიყვანა ლევან მეფემან ცოლად დაჲ მამია დადიანისა და ასული ლევანისა მარეხ და ჰყო ქორწილი შემგზავსებული.

კუალად წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ფპზ, ქარ{თულსა} ს̃ოე ნააღდგომევს გაილაშქრა ლევან მეფემან ბიძასა თჳსსა კოსტანტინესა ზედა; ვერ წინააღუდგა კოსტანტინე და ლევან მიუხუნა ციხენი: სკანდა, კაცხი და სრულიად არგუეთი. შემდგომად ზავ-ჰყო მის თანა და მისცა საუფლისწულონი და იყოფებოდა მის თანა.

ამავ წელს მოკუდა გურიელი ვახტანგ, მოვიდა და დაჯდა გიორგივე გურიელად შეწევნითა ოსმალთათა, რამეთუ მოსრულ იყო სტამბოლიდამ და იყოფოდა გონიას. ხოლო ჟამთავე პირველთა განძლიერდა მეფე სჳმონ და მოიჴსენა შური გიორგი მეფისა, ეზრახა იმერთა მეფე სჳმონ, რამეთუ მომკუდარ იყო ბიძაცა მეფისა ლევანისა კოსტანტინე და ვინაჲთგან იყო ლევან ყრმა. ამისთჳს ვიეთთამე იმერთა მისცეს სჳმონს პირი მტკიცე. მაშინ წარმოემართა მეფე სჳმონ სპითა თჳსითა იმერეთსა ზედა.

ამისმან მცნობმან მეფემან ლევან შემოიკრიბნა სპანი იმერთა, მოუწოდა მამია დადიანსა და გიორგი გურიელსა. არამედ მათ არა ინებეს მოსლვა, ვინაჲთგან უშრობდნენ ურთიერთსა. ხოლო ლევან მეფე დადგა გოფანთოს სპითა თჳსითა. გარდმოვლო სჳმონ ლიხის მთა და მიერთნენ ზემოურნი რომელნიმე, მერმე მოვიდა გოფანთოს სჳმონ, ეკუეთა ლევან და იქმნა ბრძოლა ძლიერი ქ{რისტე}სა ჩ̃ფპჱ, ქარ{თულსა} ს̃ოვ; იძლია ლევან მეფე და ივლტოდა ლეჩხუმს. ხოლო სჳმონ მეფემან დაიპყრა იმერეთი, გამოუხუნა მძევალნი იმერთა, წარიყვანნა იგინი და წარვიდა.

შემდგომად მოვიდა ლევან მეფე და დაიპყრა იმერეთი და მტერობდა დადიანსა, ვინაჲთგან არა მწე ეყო სჳმონსა ზედა. არამედ განძლიერდა მეფესა და დადიანს შორის მტერობა ძლიერად, შეიკრიბნა ამისთჳს დადიანმან მამიამ სპანი თჳსნი და მოვიდა ქუთათისს. ამას ეკუეთა მეფე ლევან სპითა თჳსითა იმერთათა და ძლიერისა ბრძოლისა შემდგომ სძლო დადიანმან და შეიპყრა მეფე ლევან ქ{რისტე}სა ჩ̃ფჟ, ქარ{თულსა} ს̃ოჱ, წარიყვანა ოდიშს და პატიმარ-ჰყო ციხესა შინა შხეთს; და მოკუდა შემდგომად მეფე ლევან პატიმრობასა შინა შხეთს ციხესა შინა.

ი̃ბ. მეფე როსტომ, ი̃ე წელი მეფა[edit]

ხოლო იმერთა მოიყვანეს ძე კოსტანტინესი ძისა ბაგრატ მეფისა როსტომ და დასუეს მეფედ. არამედ ამან როსტომ ვერა მტკიცედ დაიპყრა მეფობა. ამასვე ქორონიკონს მოკუდა მამია დადიანი და დაჯდა ძმა მისი მანუჩარ დადიანად. ესე მანუჩარ ეზრახა და ემზახლა კახბატონს ალექსანდრეს და მოიყვანა ასული მისი ნესტანდარეჯან მზითვითა დიდითა ცოლად და იქორწინა მის თანა.

არამედ ამავ ქორონიკონს იხილა გურიელმან გიორგიმ საქმე როსტომისა, შეიკრიბნა სპანი, მოვიდა და მოიყვანა ბაგრატ ძე თეიმურაზისა ვახტანგის ძისა; ვერ წინააღუდგა როსტომ, წარუხუნა ქუთათისი და მისცა ბაგრატს, განუმაგრა ციხე ქუთათისი და მოუდგინა ძე თჳსი მამია ბაგრატს და თჳთ მივიდა საჩინოს; მოიყვანნა ოსმალთა სპანი. განსდევნა ჩიჯავაძე, აღიღო ციხე სებეკა, შემუსრა იგი და მუნ დასუა სხუა ჩიჯავაძე და მიიქცა გურიასავე.

ამასვე ქორონიკონსა კუალად მოვიდა სჳმონ მეფე და მიერთნენ იმერნი, მოადგა ქუთათისს, აღიღო და გამოიყვანა ბაგრატ და მას შინა შეაყენნა გუშაგნი თჳსნი და დამძევლნა კუალად იმერეთი და წარვიდა ქართლს; ხოლო როსტომ ამათ ვითარებათა მხილველი და თჳთ ვერა რისა მყოფელი წარვიდა მანუჩარ დადიანისა თანა და ევედრა მას შეწევნასა. მაშინ დადიანმან შეიკრიბნა სპანი, მოვიდა, აღიღო ქუთათისი და დაიპყრა იმერეთი როსტომ.

ესმა ესე სჳმონ მეფესა, გამოილაშქრა ძალითა დიდითა, ზარბაზნებითა და აღკაზმულობითა სპათათა, გარდმოვლო ლიხი და მიერთნენ კუალად იმერნი. ამისთჳს ვერ წინააღუდგა როსტომ და ივლტოდა ოდიშსვე. ხოლო სჳმონ მეფემან აღიღო ციხენი: სკანდა, კუარა, კაცხი, სუერი, შეაყენნა თჳსნი და მოადგა ქუთათისს, აღიღო იგიცა. არამედ რა სცნა მეფემან სჳმონ წარსლვა როსტომისა ოდიშს წარვიდა მის ზედა, რათა შეიპყრას იგი და დაიპყრას იმერეთი მკჳდრად, ვინაჲთგან არღარავინ იყო ტომი მათი თჳნიერ როსტომისა და მივიდა ოფიშკვითს.

მაშინ დადიანმან მოუვლინა მეტყუელმან: "გვიმონე ორნივე და მიეც როსტომს იმერეთი და ვიყვნეთ მორჩილ შენდა საუკუნოდ". არამედ სჳმონ მეფემან მრავალგზის განმარჯუებულობისათჳს იამპარტავნა მეგრელთაგან წინააღდგომა და შერისხჳთ მიუგო: "გნებავს მომეც როსტომ და დავიცვა ქუეყანა შენი უვნოდ, უკეთუ არა, მოვიდე და, თუმცა ძალგიცს, დამხუდი ბრძოლად". ამის მსმენელსა დადიანს შეუძნდა სიამაყე ესე, შემოიკრიბნა სპანი და როსტომ მის თანა, რაოდენითამე იმერლითა დაესხა გარიჟრაჟს სჳმონ მეფესა, იძლია მეფე სჳმონ და ივლტოდა ქართლს. ხოლო დადიანმან აღიღო ალაფი დიდი და ზარბაზნები წარიღო ოდიშს. მოიყვანა როსტომ და აღიღეს ქუთათისი (და აკურთხეს ქუთათისს მეფედ) და ყოველნი ციხენი იმერეთისანი და დაიპყრა როსტომ სრულიად იმერეთი ქ{რისტე}სა ჩ̃ფჟ, ქარ{თულსა} ს̃ოჱ. არამედ შემდგომად ზავ-ჰყვეს როსტომ მეფემან და სჳმონ მეფემან, მისცა ტყუენი და მეციხოვნენი ყოველნი სჳმონს. ხოლო მძევალნი იმერეთისანი უკმოსცა სჳმონ მეფემან და მეფობდა ესე როსტომ მშჳდობით, რამეთუ დადიანი აქუნდა მწედ.

შემდგომად მოუჴდნენ აფხაზნი გურიას ნავებითა. ამათ ეკუეთა გურიელის ძე მამია, სძლო და მოსწყჳდნა სრულიად ქ{რისტე}სა ჩ̃ფჟა, ქარ{თულსა} ს̃ოთ. ამასვე ქორონიკონს უშვა ნესტანდარეჯან დადიანს მანუჩარს წული ლევან. არამედ შობასვე მოკუდა ნესტანდარეჯან. ხოლო მანუჩარ დადიანმან შემდგომად გლოვისა მოიყვანა ცოლად ქურივი ვახტანგ გურიელისა და ასული ათაბაგისა და იქორწინა მის თანა. ხოლო შემდგომად ამისა მოიყვანა ათაბაგის ქალი თინათინ დედოფლად კოსტანტინე მეფემან ქ{რისტე}სა ჩ̃ფჟზ, ქარ{თულსა} ს̃პე და იქორწინა.

ამასვე ქორონიკონს მოითხოვა პაპამან მისმან ალექსანდრემ კახ-ბატონმან აღსაზრდელად მანუჩარ დადიანისაგან ძე მისი ლევან. ამან მანუჩარ წარუვლინა და ზრდიდა იგი მას. ხოლო შემდგომად მოკუდა გურიელი გიორგი ქ{რისტე}სა ჩ̃ქ, ქარ{თულსა} ს̃პჱ და დაჯდა ძე მისი მამია გურიელად და იყო მშჳდობა სამთა ამათ შორის: მეფისა დადიანისა და გურიელისა თანა, და მეფობდა ესრეთ როსტომ. არამედ შემდგომად იხილა რა დადიანმან მანუჩარ კახეთს დავითისაგან საქმე იგი, მოითხოვა ძე თჳსი ლევან ალექსანდრესაგან; ამან წარმოუვლინა და მოვიდა მამისა თანა ლევან, ქ{რისტე}სა ჩ̃ქდ, ქარ{თულსა} ს̃ჟბ. მაშინ იყო ლევან წლისა ი̃გ და განიხარა მანუჩარ ხილვითა მისითა. შემდგომად მოკუდა მეფე როსტომ ქ{რისტე}სა ჩ̃ქე, ქარ{თულსა} ს̃ჟგ.

ი̃გ. მეფე გიორგი დ̃, ლ̃ წელი მეფა[edit]

ხოლო ვინაჲთგა არღარავინ იყო ტომი მეფეთა, მოიყვანეს ძმა როსტომ მეფისა ნაშობი მჴევლისაგან გიორგი, და დასუეს მეფედ და აკურთხეს ქუთათისს, და მეფობდა ესე მშჳდობით ჟამ-რაოდენმე. არამედ ჟამთა ამათ შინა, ვითარცა ვიხილავთ, იქმნა განტევება ცოლთა, კლვა კაცთა და იდუმალ ტყჳს ყიდვა და უჯერონი სჯულსა ზედა მრავალნი იმერეთსა შინა. ამისთჳს შეკრბნენ ქართლისა კათალიკოზი მალაქია, აფხაზთა კათალიკოზი ევდემონ და ყოველნი ეპისკოპოზნი იმერეთ-ოდიშისანი. ხოლო ეპისკოპოსნი ესენი იყვნენ: ქუთათელი სჳმონ, გენათელი ანტონი, ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, დრანდელი ფილიპე, ცაგერელი კოზმან, ხონელი ზაქარია, ნიკორწმინდელი იოაკიმ, ჩაისელი კჳრილე. ამათ განაჩინეს მოქმედთა მათთათჳს ჯეროვანი შერისხუანი, დაწერნეს და შეაჩუენნეს მოქმედნი მისნი, ვითარცა გვაუწყებს აღწერილი მათი.

ხოლო შემოიკრიბნა მამია გურიელმან სპანი, შევიდა აჭარას, მოსწყჳდნა ოსმალნი და დაიპყრა კუალად თჳთვე აჭარა ქ{რისტე}სა ჩ̃ქთ ქარ{თულსა} ს̃ჟზ. შემდგომად მოკუდა დედოფალი თინათინ, ასული ათაბაგისა ქ{რისტე}სა ჩ̃ქი, ქარ{თულსა} ს̃ჟჱ.

შემდგომად ამისა ნადირობასა შინა ხრომან ირმისამან წარიტაცა დადიანი მანუჩარ და მოკლა იგი ქ{რისტე}სა ჩ̃ქია, ქარ{თულსა} ს̃ჟთ და დასუეს ძე მისი ლევან დადიანად, ნაშობი კახ-ბატონის ასულისა.

შემდგომად ამისა მოვიდნენ ლუარსაბ და თეიმურაზ მეფენი შააბაზისაგან ლტოლვილნი ქ{რისტე}სა ჩ̃ქიე, ქარ{თულსა} ტ̃გ; ისტუმრა კეთილად გიორგი მეფემან დიდითა პატივითა ქუთათისს. ამათთჳს შააბაზს წარმოევლინა დესპანი, რათა მისცეს მას მეფენი და, უკეთუ არა, მოვიდეს სპითა ჩარუხ დაჰრაიანითა და მოსპოს ქუეყანა მისი. მაშინ გიორგი მეფემან ჰკითხა: "რაჲ არს ჩარუხი და დაჰრა": მიუთხრეს "კოხუნჯი" და "წალდი". მიუგო დესპანსა: "ვგონებდი შეშინებასა სარმუზოსანითა. გარნა კოხუნჯნი და წალდნი აქუსთ მრავლად ჩემთა მარგუელთაცა". ხოლო იყვნენ წინაშე გიორგი მეფისა დადიანი ლევან და გურიელი მამია მოწოდებულობით მიცემად მისთჳს პასუხთა შააბაზისათა.

ამათ განიზრახეს და წარავლინეს კათალიკოზი ქართლისა მალაქია და აბაშიძე პაატა ვედრებით, რათა მისცეს ორთავ მეფეთა მკჳდრნი თჳსნი და ეგრეთ დაიმორჩილოს. ხოლო შააბაზ მოაქცივნა იგინი დიდითა პატივითა და ნიჭითა. არამედ ლუარსაბ მეფემან არა ისმინა გიორგი მეფისა და წარვიდა წინაშე შააბაზისა. ხოლო შემდგომად შააბაზის წარსლვისა სპარსეთსვე მიიწვივეს ბატონი თეიმურაზ კახთა. შემოიკრიბნა მეფემან გიორგი სპანი დადიან-გურიელით და მიჰყვა არაგუამდე თეიმურაზს, რათა არა რაჲ ევნოს ქართველთაგან. მერმე უკმოიქცა და მოვიდა ქუთათისს. შემდგომად კუალად მოვიდა ბატონი თეიმურაზ ლტოლვილი შააბაზისაგან.

ამ ჟამთა იქმნა სიყმილი დიდი იმერეთს შინა. ხოლო მეფემან გიორგიმ შერისხა რაჲსამე ზედა წულუკიძეს პაატას და მიუხუნა მამულნი, და პაატა წარვიდა ლევან დადიანისა თანა. რამეთუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხუანჯიანი, ამაყი, მზაკუარი და ძჳრის მომჴსენე და იმარჯვდა ჟამთა. არამედ ამან პაატამ (რომელსა უჴმობდნენ წუწკად უძლურებისათვის, რამეთუ იყო კუტი) უმეტესად შთაუდვა ლევანს მტერობა გიორგი მეფისა და მარადის განუზრახვიდა.

ხოლო გიორგი მეფემან მოგუარა ძესა თვისსა ალექსანდრეს ცოლად ასული გურიელისა და აქორწინა იგი ქ{რისტე}სა ჩ̃ქიჱ, ქარ{თულსა} ტ̃ვ. შემდგომად უშვა ალექსანდრეს ძე ბაგრატ; არამედ შემდგომად ორისა წლისა შესწამა ალექსანდრემ ცოლსა თჳსსა, რეცა სიძუად ქუთათელის ვაჭრისა თანა და განუტევა ცოლი თჳსი და წარავლინა ძით თჳსით ბაგრატით მამისა მისისა გურიელის მამიას თანა. ესე შეუძნდა გურიელს და ეზრახა დადიანს ლევანს და მოითხოვა დაჲ მისი მარიამ, ნაშობი ათაბაგის ქალისაგან, ძისა თჳსისა სჳმონისთჳს. ხოლო ლევანს ვინაჲთგან აქუნდა მანკიერება და იმარჯჳდა საქმეთა და ემეგობრებოდა აფხაზთა, ჯიქთა და სუანთა, რათა მწე ეყონ, განიხარა მტერობა გურიელისა და მეფისა და მისცა დაჲ თჳსი სჳმონს ძესა გურიელისასა და ქმნა ქორწილი სჳმონ ქ{რისტე}სა ჩ̃ქკა, ქარ{თულსა} ტ̃თ.

შეუძნდა მეფესა გიორგის შეერთება დადიან-გურიელისა, და დაუწყო მტერობა. შემდგომად შემოიკრიბნა სპანი თჳსნი გიორგი მეფემან და განვიდა და დადგა გოჭორაულსა ზედა. მოვიდა ლევან დადიანიცა სპითა ოდიშარ-აფხაზ-ჯიქითა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოსწყდნენ მრავალნი ქ{რისტე}სა ჩ̃ქკგ, ქარ{თულსა} ტ̃ია, იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა. მაშინ დადიანმა შეიპყრნა მრავალნი წარჩინებულნი და მდაბიურნი, აღიღო ალაფი და იავარი და წარვიდა ოდიშს. გარნა შეპყრობილთა განზრახჳთა წუწკისათა დააჴსნევინა ვეცხლით თავნი, რომელი არაოდეს ქმნილ იყო იმერეთს შინა, და შემოჴდა მიერით ესე ესრეთ.

შემდგომად ამისა განირისხა ღმერთი და მოკლა მამა თჳსი მამია გურიელი ძემან თჳსმან სჳმონ, მწოლარე სარეცელსა ზედა ძილად, ქ{რისტე}სა ჩ̃ქკე, ქარ{თულსა} ტ̃იგ და დაიპყრა გურია თჳთ: ხოლო დადიანს ლევანს ვინაჲთგან ეძლია გიორგი მეფისთჳს, განიზრახა, რამეთუ ჰყო ბოროტი ესე სჳმონ, ნუ თუ ზავ-ჰყოს გიორგი მეფისა თანა და შეითქუნენ ჩემზედა. ამისთჳს აღირჩია გურიელად დასმად ვახტანგ გურიელისა ძისა ქაიხოსროსი, ძმისა მარიამ დისა თჳსისა, შეიკრიბნა სპანი და მივიდა ლანჩხუთს, Manuscript page: d_b მიზეზ-ჰყო და მიუთხრა სჳმონ გურიელსა: "ვინაჲთგან მოჰკალ მამა შენი, არღარა მნებავს მოყურობა შენი, მომეც დაჲ ჩემი და უკუნვიქცევი".

არამედ სჳმონ იყო მჴნე, ახოვანი, შემმართებელი, ამანაც შემოიკრიბნა სპანი, ეკუეთა დადიანს ლანჩქუთს, ფიცხელ სასტიკის ბრძოლისა შემდგომად იძლია გურიელი სჳმონ და სპანი მისნი. შეიპყრეს სჳმონ გურიელი და მოართუეს ლევან დადიანსა. მაშინ ლევან დადიანმან აღმოჴადნა თუალნი სჳმონს და დასუა გურიელად ქაიხოსრო. წამოიყვანა დაჲ თჳსი მარიამ და მოვიდა ოდიშს გამარჯუებული.

ხოლო ამის წინა წელსა მოვიდა მოურავი გიორგი სამცხიდამ გიორგი მეფისა თანა და მერმე მიიწვია ლევან დადიანმან. გარნა არა დაადგრა და წარვიდა. არამედ ვინაჲთგან სცა პატივი მეფემან და აღუთქუა კეთილნი მისდა, ამისთჳს მოითხოვა სპანი ზემომჴრისანი და უთავა მათ ბოქოულთუხუცესი მამუკა და აბაშიძე ამილღაბარ, უკეთუ განძლიერდეს მოიმწოს იგიცა დადიანსა ზედა, რომლისაგან ძლეულ იყო. გარნა ცუდ იქმნა განზრახუა ესე და მოვიდნენ სპანი ლტოლვილნი.

შემდგომად ამისა იმზახლენ ბატონი თეიმურაზ და გიორგი მეფე, მოსცა ბატონმან თეიმურაზ ასული თჳსი ქურივი ზურაბ ერისთავისა დარეჯან ცოლად ალექსანდრეს, ძესა გიორგი მეფისასა. მივიდა მუხრანს, ჰყო ქორწილი ქ{რისტე}სა ჩ̃ქკთ, ქარ{თულსა} ტ̃იზ, წარმოიყვანა და მოვიდა ქუთათისს.

ხოლო დადიანმან ლევან განიწყო სპანი და მოიწყნა აფხაზნი, ვიდრე დაპყრობამდე. განმდიდრდა ფრიად, რამეთუ შემუსრნა ნავნი ზღჳსანი და ჰყვა მწედ და მორჩილად ქაიხოსრო გურიელი, და განაცხადა მტერობა მეფისა გიორგისა, განზრახჳთა პაატა წუწკისათა, და უჴდებოდა მარადის დღესასწაულსა შინა იმერეთს და ბრძოდენ მდევრად მრავალგზის იმერნი. გარნა იგინი მრე ექმნებოდიან და ტყუეთა ანუ პყრობილთა, რომელთა წარიყვანდნენ, დააჴსნევინებდნენ ვეცხლით თავთა. ამით შემოჴდა ცხადად ტყჳს ყიდვა, რამეთუ სპათაცა მისთა ფარვით იწყეს თათართა ზედა ყიდვა ტყუეთა ნაშოვართათა; და განმრავლდებოდა ესევითარი ჴდომა და უჯერობა იმერეთსა ზედა.

ხოლო ინება როსტომ ქართველთა მეფემან მზახლობა ლევან დადიანისა და მოითხოვა დაჲ მისი მარიამ ცოლად, ქურივი სჳმონ გურიელისა, მისცა დადიანმან. არამედ აქუნდა შიში გზასა ზედა გიორგი მეფისა. ამისთჳს შეითქუნენ და მოვიდა როსტომ მეფე ფერსათსა ზედა და დადიანმან შემოიკრიბნა სპანი დიდნი, წარმოიყვანა დაჲ თჳსი მარიამ, გამოვლო სამიქელაო, ფოკე და განვიდა რიონს, შევლო და მივიდა კაკას ჴიდსა ზედა. მუნ დახუდა როსტომ მეფე, მისცა დაჲ თჳსი დიდებითა და წარვიდა როსტომ.

არამედ გიორგი მეფემან ჰგონა ჟამი მარჯუე, შემოიკრიბნა სპანი, რათა ეწყოს ანუ დაესხას დადიანსა და წარვიდა მცირითა კაცითა განმსტრობად სპათა დადიანისათა, მერმე მოქცეულმან აღასრულოს წადილი თჳსი. აგრძნა ესე დადიანმან, წარმოავლინნა სპანი ფარულად, მოერტყნენ გიორგი მეფესა, შეიპყრეს და მიგუარეს ლევან დადიანსა. იგი მსწრაფლ აღიყარა სპითა, წარიყვანა გიორგი მეფე და წარვიდა ოდიშს და პატიმარ-ჰყო მუნ მეფე. ამისთჳს ალექსანდრემ, ძემან გიორგი მეფისამან, წარუვლინა კაცი, რათა მოსცეს მამა. ხოლო მან მოითხოვნა ვაჭარნი ჩიხორისა და ჩხარის სომეხნი და ჰურიანი საჴსრად მეფისა გიორგისა. მაშინ ალექსანდრემ უღონო-ქმნილმან მისცნა იგინი სრულიად და დაიჴსნა მამაჲ თჳსი, მოვიდა ქუთათისს და შემდგომად ფრიადითა მწუხარებითა და ესე-ვითარებათათჳს და ვერარაჲსა მწეობისა მპოველი მოკუდა მეფე გიორგი ქ{რისტე}სა ჩ̃ქლთ, ქარ{თულსა} ტ̃კზ და დაუტევნა ძენი: ალექსანდრე, მამუკა და ბერი.

ი̃დ. მეფე ალექსანდრე გ̃, კ̃ე წელი მეფა[edit]

ხოლო შემდგომად მამისა თჳსისა დაჯდა ალექსანდრე მეფედ იმერთა და ეკურთხა ქუთათისს. არამედ ლევან დადიანი არა დასცხრა და უჴდებოდა მარადის იმერეთს შობას, ნათლისღებას, აღდგომას და ყოველთა დღესასწაულთა შინა, რამეთუ ეტყოდა პაატა: "არს ძლევა მტერთა შენთა ზედა დღესასწაული შენდა", ვინაჲთგან უწყოდა დღესასწაულთა შინა განცხრომა, შუება და მოცალეობა იმყოფის განსუენებისათჳს. ამით აოჴრებდა სანახებსა იმერეთისასა, ვიდრე ეერღარა წინააღუდგა ალექსანდრე მეფე და მოავლო ზღუდე ქუთათისს დიდი და მოიყვანნა ყოველთა წარჩინებულთა თჳსთა ცოლშვილნი და დაადგინნა მას შინა და თჳთცა იმყოფებოდა მასვე შინა, რათა არა მიერთნენ დადიანსა ჰყო მისთჳს. არამედ ლევან დადიანმან, სიმდიდრით აღზუავებულმან, ჰყო სასახლე ი̃ბ ოდიშსა შინა ყოვლითა მოწყობილობითა, რამეთუ არა წარიღოს ერთიდამ მეორესა შინა არარაჲმე საჴმარნი ანუ ცხენნი და გარემო წყაროთა უახლოესთა დადგა ფიალანი ოქროსანი და უშორესთა ვეცხლისა, დაბმულნი ძეწკვებითა, რათა სმიდენ მგზავრნი მით, ვინაჲთგან ვერვინ იკადრებდა ქურდობასა ანუ პარვა-ავაზაკობასა ქუეყანათა შინა მისთა. არამედ იმერთა უყოფდა ესრეთ თანამონათესავეთა, ერთსჯულთა და მეფესა თჳსსა, კუალად განზრახჳთა პაატა წუწკისათა, რამეთუ სძულობდა ცოლი დადიანისა პაატას და მტერობდა წუწკი მას. ამის გამო შეუთქუა ლევან დადიანმან ცოლსა თჳსსა სიძუა მეწდისა თანა თჳსისა, შეიპყრა იგი ძეებითურთ, შთადვა ზარბაზანსა შინა და განტყორცნა, დაიფანტნენ სრულიად. მერმე მოიყვანა ლევან სხუა ცოლი და იქორწინა. გარნა არა უშუა ძე, არცა ასული და მოსწყდა თესლი მისი. გარნა არცაღათუ დასცხრა ოჴრებად იმერეთისად.

ამ ჟამებთა მოიწიფაცა ძმა ალექსანდრე მეფისა მამუკა; და ესე მამუკა იყო მჴნე, ახოვანი, შუენიერი, კისკასი და შემმართებელი ძლიერი. ამან უწყო ბრძოლა ლევან დადიანსა მცირედ-მცირედ და მოსწყუედდა სპათა მისთა ფრიად. გარნა მრავალგზისცა მოსწყჳდნა, ვითარ ვერღარა დამართვიდნენ მეგრელნი მის წინაშე და მხილველნი მისნი მსწრაფლად ივლტოდნენ. ამისთჳს ლევან დადიანი მცდელობდა სიკუდილსა ანუ შეპყრობასა მისსა ფრიად.

ხოლო ჰყვანდა მამუკას ცხენი ზერდაგი დიდი, ძლიერი და ფიცხელი, რომელსა ვერ უდგმიდა კუეთებასა მისსა მეგრელთა ლაფშა. დღესა ერთსა მოვიდა ლევან დადიანი, სცნა მამუკამ, შეიჭურვა განსლვად. არამედ არა უტევებდა განსლვად მეფე ალექსანდრე, რამეთუ ეშინოდა სიკუდილისა მისისა და ამისთჳს დაუმალა ზერდაგი მისი, რათა არღარა განვიდეს. მაშინ მამუკა უთმინოებითა განვიდა სხჳთა ცხენითა და ამისი მხილველნი მეგრელნი ივლტოდნენ. მიეწია მამუკა, სცა შუბი და დასცა კაცი ცხენითურთ მიწასა. არამედ უბრკმა ცხენსა მამუკასასა და დაეცნენ ორნივე. მხილველნი მეგრელნი უკმოიქცნენ, შეიპყრეს მამუკა და მიგუარეს ლევან დადიანსა. მან განიხარა და წარიყვანა და პატიმარ-ჰყო ციხესა შინა. ხოლო ალექსანდრე მეფემან ვერასადათ შეწევნისა მპოველმან, იხილა განძლიერება დიდის რუსეთის მეფის ალექსისა; განიზრახა, რათა მოიცეს მუნიდამ ძალი. ამისთჳს წარავლინა ხოსია ჯაფარიძე წინაშე მისსა ძღუნითა და ითხოვა შეწევნა.

შემდგომად ამისა მოვიდა ბატონი თეიმურაზ ლტოლვილი ქ{რისტე}სა ჩ̃ქმჱ, ქარ{თულსა} ტ̃ლვ, მიეგება ალექსანდრე მეფე და პატივ-სცა, არამედ შემდგომად გლოვისა იწვია დადიანმან ლევან და განუზრახვიდა ალექსანდრე მეფე წარსლვასა, რათა ზამ-ჰყოს მათ შორის, რამეთუ ალექსანდრე იყო სიძე და ლევან მამიდის წული, და განატევებინოს მამუკა. ამის მიერ წარვიდა ბატონი თეიმურაზ, მან ისტუმრა და პატივ-სცა დიდად. შემდგომად უწყო ზრახუა წინთქმულთათჳს ვედრებით, რათა ჰყონ ზავი და დააცადოს ოჴრება ქრისტიანეთა და განუტევოს მამუკა შუამდგომელობითა მისითა. ამას ზედა პატივ-სცა ლევან დადიანმან და აღუთქუა ყოფადა ყოველი. არამედ არა აუფლა წუწკმან ამის ყოფად დადიანი ესრეთ მეტყველმან: "უჯერო არს განტევება მტრისა, რამეთუ, მოიცემს რა ძალსა, კუალადცა არს მტერი". ამისთჳს ითხოვა შენდობა ბატონის თეიმურაზისაგან დადიანმან ვერღარა ყოფად, ვითარცა აღუთქუა, და წარმოვიდა ბატონი თეიმურაზ უქმი. ხოლო დიდსა რუსეთის მეფესა კეთილად შეეწყნარა ხოსია და წარმოევლინნა თჳსნი დესპანად ნიკიფორე პავლესშვილი და მდივანი ალექსი იოანეს შვილი ნიჭითა დიდითა. ესენი მოვიდნენ რაჭას. ამათ მიაგებნა მეფემან ალექსანდრემ ლომკაცი ჯაფარიძე და გიორგი არეშიძე, მერმე მოვიდნენ ქუთათისს წინაშე ალექსანდრესა მეფისა ქ{რისტე}სა ჩ̃ქნ, ქარ{თულსა} ტ̃ლჱ და მოართუეს ნიჭნი მუნებურნი სამურნი და ლარნი. შემდგომად წარავლინა მშჳდობით და ევედრა კუალად მწე-ყოფასა. ამისა შემდგომად აღივსო შურითა ლევან დადიანი და არა შეიწყალა სიჭაბუკე და შუენიერება მისი, წარავლინა კაცნი და აღმოჴადნა თუალნი მამუკას მეფის ძესა ციხესა შინა პატიმარსა. მერმე მცირედისა ხანისა შემდგომად მოკუდა მამუკა ქ{რისტე}სა ჩ̃ქნდ, ქარ{თულსა} ტ̃მბ.

ხოლო ალექსანდრე მეფესა ვინაჲთგან განეძო ძე თჳსი ბაგრატ დედითურთ მისით და არა ესუა დარეჯანისა თანა შვილი, ამისთჳს მოიყვანა ძის ძე ბატონის თეიმურაზისა გიორგი და ზრდიდა ძედ თჳსად. არამედ მოკუდა იგიცა და უღონო-ქმნილმან ალექსანდრე მეფემან მოიყვანა ბაგრატ ძე თჳსი, შობილი გურიელის ქალისაგან და ჰყვანდა თჳსთანა, ვითარცა სამეფო ძე.

ხოლო ლევან დადიანთან ვინაჲთგან არა შეიშინა ღუთისა და სტყუევნიდა, აოჴრებდა და კლავდა კაცთა ქრისტეანეთა, მისცა მასცა სოფელმან ნიჭი თჳსი და მოკუდა ლევან დადიანი ქ{რისტე}სა ჩ̃ქნზ, ქარ{თულსა} ტ̃მე და დასუეს ოდიშართა ლიპარიტ დადიანად ძმა ლევანისა, ნაშობი ათაბაგის ქალისაგან. ამისმან მსმენელმან მეფემან ალექსანდრემ შემოიკრიბნა სრულიად სპანი იმერთანი და წარვიდა ოდიშს შურისგებად, ამას ვერ წინააღუდგა ლიპარიტ დადიანი, შევიდა ალექსანდრე ოდიშს, მოსწყჳდნა, მოსტყუევნნა, მოაოჴრნა, აღიღო ციხენი, გამოიღო საგანძურნი და ქონებანი ლევან დადიანისანი, შეიპყრნა წარჩინებულნი სრულიად ოდიშისანი და დააჴსნევინა ვეცხლით ყოველთა თავნი, გამოუხუნა მათვე ძენი მძევლად და დასუა ოდიშს დადიანად ვამიყ, ძე მამია დადიანისა, და თჳთ დაიპყრა უნაგირას-აქეთი აღმოსავლეთის კერძი და უნაგირას-იქითი დასავლეთისა მისცა ვამიყს. მერმე წარმოვიდა ნიჭითა, ალაფითა, იავარითა დიდითა და ტყჳთა და ნატყუენავითა გამდიდრებული და მოვიდა ქუთათისს გამარჯუებული.

ხოლო ლიპარიტ წარვიდა ახალციხეს და ევედრა ათაბაგს როსტომ ფაშას და მეფესა ქართლისასა როსტომს. მათ მოსცეს სპანი, მოვიდა სპითა გურიას, მოჰყვა ქაიხოსრო გურიელიცა სპითა თჳსითა, რამეთუ ძმა ლიპარიტისა იყო და ჭილაძე-მიქელაძენიცა მათთანავე, და გამოვიდნენ რიონს.

ამისმან მცნობელმან ალექსანდრე მეფემან შემოიკრიბნა სპანი იმერთა და განვიდა ცხენისწყალს. მას ღამესა მოუმცნო ალექსანდრე მეფესა ოტია მიქელაძემ: "მაცნობე ხვალისა კურტაკი და ცხენი შენი, არ თუ ხარ ჯაბან, და მეც ვაცადუნო შუბის წუერი ჩემი სათუალესა ზარადისა შენისასა". ესენი აუწყა მეფემან და დილასა რაზმთა წყობასა შინა მოუწოდა მეფემან ლევან აბაშიძეს, სიძესა ოტია მიქელაძისასა, შესუა ცხენსა თჳსსა ზედა და შთააცვა კურტაკიცა თჳსი, რამეთუ უცნობელ იყო წინთქმულთა და ლევან განიხარა ნიჭისათჳს მეფისა, რამეთუ იყო შემმართებელი და ერთგული მეფისა და იქმნა ბრძოლაცა ბანძას სასტიკი, ქ{რისტე}სა ჩ̃ქნჱ, ქარ{თულსა} ტ̃მვ და მოისროდნენ ორკერძოვე. მაშინ ოტიამ, მეძიებელმან მეფისამან, ჰპოვა იგი და ჰსცა შუბი ზარადის სათუალესა შინა ლევანს და განვლო კეფასა და შესძახა: "მე ვარ ოტია". ეჰა უცხო, რამეთუ არა გარდაიჭრა ლევან, არამედ მიუგო ოტიას: "რას ეტყჳ ასულსა შენსა, უკეთუ შენ ხარ ოტია". მაშინ იძლივნენ იგინი ბანძას და ლტოლვილთა მოსრვიდნენ ალექსანდრესანი. არამედ არღარა ივლტოდა ოტია და დარჩა მეფესა ნებითა თჳსითა. გარნა მასვე ჟამსა მუნვე დასწუნა თუალნი ზუმბითა. ხოლო შეიპყრეს ქართველნი, მესხნი, გურიულნი და ოდიშარნიდა ლიპარიტ დადიანი და ქაიხოსრო გურიელი წარვიდნენ ლტოლვილნი სტამბოლს.

მერმე დასუა ალექსანდრე მეფემან კუალად დადიანად ვამიყვე და გურიელად დემეტრე, ძე სჳმონ გურიელისა. შემდგომად დააჴსნევინა ქართველთა, მესხთა, გურიულ-ოდიშარღა ვეცხლითა თავნი და განუტევა თჳსთა ქუეყანათა შინა; მოვიდა ბანძიდამ ქუთათისს და იყოფებოდა მშჳდობით.

ამის შემდგომად მოვიდა ქაიხოსრო გურიელი სტამბოლიდამ, და ლიპარიტ მომკურად იყო, და ამისი ებრძანა ხონთქარსა ათაბაგისათჳს, რაღა მწე ეყოს ქაიხოსროს. მოსცა სპანი ფაშამ და ჩამოვიდა გურიას. ხოლო დემეტრე ივლტოდა იმერეთს და დაიპყრა ქაიხოსრომ გურია. ამას შეუჩინეს მაჭუტაძე მეფემან და დემეტრე გურიელმან; მან მოჰკლა ქაიხოსრო გურიელი ღალატად. წარვიდა დემეტრე და დაიპყრა კუალად გურია. ხოლო ძენი ქაიხოსრო გურიელისანი გიორგი და მალაქია წარვიდნენ წინაშე როსტომ ფაშისა ახალციხეს და იმყოფებოდნენ მუნ მის თანა. შემდგომად ამისა მოკუდა მეფე ალექსანდრე ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲ, ქარ{თულსა} ტ̃მჱ.

ი̃ე. ბაგრატ მეფე, კ̃ თთუე მეფა[edit]

დაჯდა ბაგრატ მეფედ, ძე ალექსანდრე მეფისა, და აკურთხეს ქუთათისს. ხოლო, დედინაცვალმან მისმან დარეჯან დედოფალმან მისცა ბაგრატს ძმისწული თჳსი ქეთევან დავითის ასული ცოლად და აქორწინა დიდებით და ისიძა გერი თჳსი. არამედ შემდგომად ექუსისა თთჳსა მზაკუართა კაცთა ენითა შეიპყრა ბაგრატ მეფე, გერი თჳსი, დარეჯან დედოფალმან, წაგუარა ცოლი ქეთევან და აღმოჴადნა თუალნი, მოიყვანა ვინმე მეფეთა მონათესავედ წოდვილი ვახტანგ, რომელსა ჭუჭუნიას შვილობითაც უჴმობდნენ, შეირთო ქრმად იგი და დაიპყრა თჳთ იმერეთი და ვახტანგს უწოდა მეფედ.

ესე ბაგრატის კერძოთა იმერთა არა სთნდათ და აუწყეს ასლან ფაშასა. შემოიკრიბნა ასლან ფაშამან სპანი და ჩამოვიდა იმერეთს, მიეგებნენ დადიან-გურიელი და იმერნი, მოვიდა ფაშა, შეიპყრა ვახტანგ და დარეჯან დედოფალი და ქეთევან, ცოლი ბაგრატ მეფისა. ხოლო იმერეთს დასუა ბაგრატვე უთუალო მეფედ და იგინი წარიყვანნა და მივიდა ახალციხეს, მუნიდამ ვახტანგ, დარეჯან და ქეთევან წარგზავნნა ოლთისს და დაასადგურა მუნ. ხოლო ბაგრატ მეფე უთუალობით ვერა ეგდენ მართავდა იმერეთსა. ამისთჳს შეითქუნენ იმერნი დადიანისა თანა და მოვიდა დადიანი იმერეთს. კუალად აქათ წარმოდგა მეფე ვახტანგ ქართლისა იმერეთსა ზედა. მაშინ ეზრახა დადიანი მეფე ვახტანგს და დაიმზახლენ მეფე ვახტანგ და დადიანი ვამიყ, და დაიპყრა დადიანმან ბუჯის-წყლის დასავლეთის კერძონი და აღმოსავლეთის კერძონი მისცა ვახტანგ მეფესა და ბაგრატ მეფე მყოფობდა ციხესა შინა ქუთათისს. განზრახჳთა ცოლისა თჳსისათა განუტევა მძახლობა ვახტანგ მეფისა დადიანმან ვამიყ და დაწინდული არჩილისა ძისა მისისა ასული თჳსი მოსცა ღოღობერიძეს ბეჟანს. ესე შეუძნდა ვახტანგ მეფესა, ეზრახა გურიელს დემეტრეს, აბაშიძე პაატას და ზემომჴრელთა იმერთა. ხოლო ამათ მოკლეს ბეჟან ღოღობერიძე და მოუწოდეს ვახტანგ მეფესა. იგი წარმოემართა სპითა ძლიერითა, მოვიდა დადიანიცა ვამიყ სპითა თჳსითა საჩხერეს და შემოიკრიბნა იმერნიცა. არამედ რა გარდმოვლო ვახტანგ მეფემან მთა ლიხისა, მიერთუნენ სრულიად ზემოურნი იმერნი მას და ლაშხისშვილი სოსია, თავი ლეჩხუმისა. ესე იხილა ვამიყ დადიანმან, ვერღარა დაუდგა ბრძოლად და წარვიდა ოდიშს. შემოვიდა მეფე ვახტანგ, აღიღო სუერი, კაცხი.

ხოლო სკანდიდამ მივიდა ბატონი თეიმურაზ მის თანა და სკანდა დაიპყრა ვახტანგ, მოვიდა, მოადგა ქუთათისს, აღიღო ქუთათისი და გამოიყვანა ბაგრატ მეფე. მაშინ მიერთუნენ სრულიად იმერნი და შემოკრებული ყოვლითა ქართველ-იმერელითა ჩამოვიდა ოდიშს. ვერ წინააღუდგა დადიანი ვამიყ. არამედ განივლტო სუანეთს. ხოლო ვახტანგ მოსრნა ურჩნი ოდიშს, მოსტყუევნნა, აღიღო ციხენი და მოადგა ჭაქვითის ციხესა, აღიღო იგიცა. გამოიყვანა ცოლშვილი ვამიყ დადიანისა და გამოიღო საგანძურნი მისნი, მოვიდა ზუგდიდს და მუნ მოერთო შარვაშიძე ძღუნითა დიდითა და აფხაზითა. მერმე დასუა დადიანად ლევან და მისცა ძმისწული თჳსი თამარ ცოლად, რამეთუ შეჩენითა ხოსია ლაშხისშვილისათა მოკლეს სუანეთს დადიანი ვამიყ ბრძანებითავე ვახტანგ მეფისათა.

კუალად შეიპყრა ვახტანგ მეფემან ჭყონდიდელი ჩიქოვანი, ძმა კაციასი, და წარმოიყვანა პატიმრად, მოვიდა ოდიშიდამ კუალად ქუთათისს. აქა მოერთო დემეტრე გურიელი ძღუნითა დიდითა, მოიყვანა ძე თჳსი არჩილ წლისა ი̃დ და დასუა მეფედ იმერეთისად და აკურთხა ყოველთა იმერთა სათნოჩენითა ქუთათისს ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲა, ქარ{თულსა} ტ̃მთ. შემდგომად წარვიდა მეფე ვახტანგ და წარიყვანა მეფე ბაგრატ ქართლს.

ი̃ჱ. მეფე არჩილ, ბ̃ წელი და ნახევარი მეფა[edit]

ხოლო მეფობდა არჩილ და მორჩილებდნენ ყოველნი იმერნი წესისაებრ და ერთგულებდენ სრულიად. არამედ შეუძნდა ესე ასლან ფაშასა ახალციხისასა, რამეთუ არღარა ნებასა ქუეშე მისსა იყვნენ იმერნი, არამედ არჩილისასა, და ამისთჳს დამართა წინაშე ხონთქრისა. მაშინ ყეენმან მოუწერა ვახტანგ მეფესა და მან წარიყვანა ძე თჳსი არჩილ. ხოლო იმერთა სთხოვეს ვახტანგ მეფესა ბაგრატ მეფე, მან მოსცა და დასუეს კუალად მეფედ ქ{რისტ}ესსა ჩ̃ქჲგ, ქარ{თულსა} ტ̃ნა.

კუალად მეფე ბაგრატ, ზ̃ წელი მეფა[edit]

ხოლო დასუეს რა ბაგრატ, მოადგა ფაშა შთამოსლვად იმერეთს მთასა, რათა გაწამოს არჩილ. მაშინ იმერთა აცნობეს მეფობა ბაგრატისა და უკუნიქცა მთიდამ ფაშა და დაშთა ბაგრატ მშჳდობით. არამედ დადიანმან ლევან არა ინება მეფობა ბაგრატისა, ვინაჲთგან მზახალი იყო შანაოზ მეფისა. ამისთჳს ამავე ქორონიკონს შემოიკრიბნა სპანი და მოვიდა, მიეგება ბაგრატ სპითა, ეკუეთა და იქმნა ბრძოლა; იძლია დადიანი, შეიპყრეს და მოართვეს ბაგრატს. ხოლო სპანი მისნი მოსრნეს და ტყუე-ყვნეს. მაშინ შეამჭირვა მეფემან დადიანი, მოაყვანინა ცოლი თამარ, წარგვარა მას და შეირთო თჳთ ბაგრატ ცოლად, და განუტევა თითია, დაჲ თამარისა, რომელი მისცა შანაოზ, რაჟამს წარმოგზავნა იმერეთს, ჯერეთ უქორწინო და ლევან დადიანს მისცა დაჲ თჳსი გოშაძის ნაცოლარი (რომელსა ესევე დადიანი ლევანმა შესწამოდა, რეცა მრუშებად მის ქალისა თანა), უქმნა ქორწილი და განუტევა დადიანადვე.

არამედ ჟამებთა ამათ შინა განდიდნენ მთავარნი და მიიტაცებდიან თჳს-თჳსთა მჴარეთა და არღარა იყო მორჩილება ეგდენი მეფეთა; იწყეს ტყჳს ყიდვა სააჯმნოდ ქრისტეს მოსყიდულთა მაჰმადიანთა ზედა. კუალად ჴდომა, შფოთი, კირთება ერთმან მეორესა ზედა და ოჴრება ქუეყანათა.

ხოლო განდიდნა ჩხეიძე სეხნია სალთხუცესი. ამან იკლო რაიმე ბაგრატისაგან, იწყო ზრახუა და ერდგულება ფაშისა, მოიყვანა სპანი ოსმალთა, მოიპარა ციხე ქუთათისისა და შეაყენნა ოსმალნი ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲზ, ქარ{თულსა} ტ̃ნდ. ესე აღუძნდა ბაგრატს და ყოველთა იმერთა. არამედ დაიდუმეს ჯერეთ შიშითა ოსმალთათა.

ამასვე ქორონიკონს მოკუდა კათალიკოზი სჳმონ ჩხეიძე და დაჯდა საყვარელიძე ევდემოზ.

შემდგომად ამისა იცა ჟამი მოურავმან ბეჟან ლორთქიფანიძემან, შეეტყუა ქუთათისს ციხესა, მოსრნა ოსმალნი და აღიღო ციხე ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲზ, ქარ{თულსა} ტ̃ნე და მისცა მეფესა ბაგრატს.

ხოლო დარეჯან დედოფალსა წინათვე აღეთქუა კ̃ ჩ̃ მარჩილი ფაშისათჳს, რათა იგივე ყოს მეფედ იმერეთს და, ვინაჲთგან არა აქუნდა ვეცხლი, დაეწინდა ძმისწული თჳსი ქეთევან. ხოლო აწ საქმითავე დარეჯანისათა დაიჴსნა შანაოზ მეფემან ქეთევან, წარიყვანა და შერთო ძესა თჳსსა. და რა აღიღო ფაშამ თეთრი იგი, ევედრა დარეჯან კუალად ფაშასა და, ვინაჲთგან მოსწყჳდნეს ქუთათისს ოსმალნი იმერთა, ამისთჳს აღუთქუა და შემოდგომასა წარმოემართა სპითა, წარმოიყვანა დარეჯან და ვახტანგ და ჩამოვიდა იმერეთს: მიეგებნენ დადიან-გურიელი და ჩხეიძე სეხნია. ამისთჳს ვერღარა წინააღუდგა ბაგრატ მეფე და წარვიდა ქართლს. მაშინ ოსმალთა მოსრნეს, მოსტყუევნნეს იმერეთი, შემუსრნეს მრავალნი ხატნი და ჯუარნი, მოწუნეს ქუეყანანი და ეკლესიანი ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲჱ, Manuscript page: R_ ქარ{თულსა} ტ̃ნვ.

დარეჯან და ვახტანგ ჭუჭუნაშვილი[edit]

დასუეს დარეჯან და ვახტანგ მეფედ და წარვიდა ფაშა ალაფითა სავსე ახალციხეს. მაშინ დარეჯანს და ვახტანგს ჰყვნეს სანდოდ თჳსად ლაშხისშვილი ხოსია თავი ლეჩხუმისა, და სცხო მირონიცა დარეჯან ხოსიას, და განაგებდნენ იმერეთსა. შემდგომად შეიზრახნენ იმერნი, გარდმოიბირეს ხოსია და შეუჩინეს დარეჯანს და ქუთათისს ციხესა შინა, აღმკაზმელი თავისა თჳსისა დილასა დარეჯან დედოფალი მოჰკლა შუბითა ხოსიამ. ხოლო იმერთა ასპარეზსა ზედა მიმომთხველი ვახტანგცა მოჰკლეს. მოუყვანეს გურიელი დემეტრე და დასუეს მეფედ, ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲჱ, ქარ{თულსა} ტ̃ნვ.

გურიელი დემეტრე[edit]

შემდგომად მცირედისა ჟამისა შეიპყრეს დემეტრე გურიელი იმერთა, აღმოჴადნეს თუალნი და განაძეს. მაშინ ასლან ფაშამ წარმოავლინა ძე ქაიხოსრო გურიელისა გიორგი და დასუა იგი გურიელად. ხოლო შანაოზ მეფესა სთხოვეს იმერთა ბაგრატ მეფე. მან წარმოუვლინათ და დასუეს იგივე მეფედ იმერთა ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲთ, ქარ{თულსა} ტ̃იზ.

ი̃ე. მეფე ბაგრატ, თ̃ წელი მეფა[edit]

არამედ კუალადცა ამავ ქორონიკონსა ჩხეიძე სეხნიამ არა ინება მეფობა ბაგრატისა და აღიღო მოპარვით და ზაჳვთ ქუთათისის ციხე და მისცა ოსმალთა და მიერით უპყრავთ დღემდე. მერმე შეიკრიბნა იმერნი სეხნიამ და მოიყვანა დადიანი და მოვიდა მეფესა ზედა. ხოლო ბაგრატ მეფემან შემოიკრიბა რაჭა-ლეჩხუმი და ოკრიბელნი. შეიბნენ ჩხარს, იქმნა ბრძოლა და მოსწყდნენ ორგნითვე), იძლია სეხნია ჩხეიძე, მოკლეს იგი და მოსწყდეს სპანი მისთანანი.

ხოლო დადიანი ივლტოდა ოდიშსავე, და დაიპყრა ბაგრატ უმეტესად იმერეთი. გარნა კუალად არა დასცხრა დადიანი, რამეთუ შური აქუნდა ცოლისა თჳსისა თამარისათჳს, რომელი იყო ფრიად კეკლუცი და აღმატებული სიშუენიერითა სრული უმეტესად, შემოიკრიბა სპანი, მოვიდა და მიერთნენ სრულიად იმერნი. მაშინ მოუჴდა ბაგრატ მეფესა ქუთათისს ქ{რისტე}სა ჩ̃ქოა, ქარ{თულსა} ტ̃ნთ. ხოლო ბაგრატ მეფე წარვიდა რაჭას და დადიანი დადგა გეგუთს, არბევდენ იმერეთსა.

მაშინ ბაგრატ მეფემან შემოიკრიბნა რაჭა-ლეჩხუმი და რაოდენნიმე იმერნი მის თანა, ჩამოვიდა, ეწყო გეგუთს დადიანსა; ბრძოლასა იძლია დადიანი, მოსრნეს სპანი მისნი და ლტოლვილი დადიანი შეიპყრეს კუალად და მის თანა მრავალნი სხუანი, მოართუეს ბაგრატ მეფესა და დაიპყრა იმერეთი. მერმე დადიანი აფუცა ერთგულებასა ზედა და განუტევა, ვინაჲთგან ჰყვა დაჲ ბაგრატ მეფისა ცოლად. არამედ გიორგი გურიელი იყო კაცი მჴნე, შემმართებელი, მშჳლდოსანმოასპარეზე რჩეული, უღმრთო, მესისხლე და ტყჳს მყიდველი უწყალო. ამან მოსრნა მეკობრედ მოსრულნი აფხაზნი გურიას მრავალგზის. გარნა ეტრფიალა ცოლსა ბაგრატ მეფისასა თამარს, მცდელობდა წაგურასა და თჳთ შერთუასა და ვერ ეწია. ამისთჳს ევედრა ფაშასა, რათა წარგუაროს ბაგრატ მეფესა და მისცეს მას და აღუთქუა ქრთამი დიდი და შეასმინაცა ორგულებასა ზედა ხონთქრისასა ბაგრატ. ხოლო ფაშამ მაჰმადიანობითა და ქრთამისათჳს არღარა რაჲ გამოიკითხა და წარმოემართა ბაგრატსა ზედა. ესე სცნა ჩხეიძემ როსტომ და აუწყა ბაგრატ მეფესა. მაშინვე ბაგრატ წარავლინა თამარ ცოლი თჳსი ციხესა შინა კუარას და თჳთ შეიკრიბნა სრულიად იმერნი, მოვიდა ფაშაცა და გურიელი მისთანა ქუთათისს; ეკუეთა ბაგრატ სპითა თჳსითა და იქმნა ბრძოლა. გარნა ივლტოდნენ იმერნი და ბაგრატ უთუალობითა ვერღარა ივლტოდა. შეიპყრეს და მოგუარეს ფაშას ქ{რისტე}სა ჩ̃ქობ, ქარ{თულსა} ტ̃ჲ.

მაშინ ბაგრატ ევედრა ფაშას და აღუთქუა ქრთამი დიდი, რათა ჰყოს იგივე მეფედ. ხოლო ფაშამან იხილა რა, რამეთუ არა ძალ-ედვა შოვნა თამარისა და შემუსრვა კუარას ციხისა, ამისთჳს მიიღო მეფისა და გურიელისაგან ქრთამი დიდი, მისცა იმერეთი ბაგრატსვე და ბაგრატ ქრთამისათჳს მისცა წინდად ძე თჳსი ალექსანდრე (რამეთუ ესე ალექსანდრე იყო შობილი ლეჩხუმელის კოჩილას ცოლისაგან, რომელსა ბაგრატ მეფე თანაეყოფოდა სიძვად, და ვინაჲთგან არა ესუა სხუა ძე ბაგრატს, ესე მოიყვანა, უწოდა ალექსანდრე და ზრდიდა ძედ თჳსად). ხოლო ფაშამ წარიყვანა ალექსანდრე და წარვიდა.

შემდგომად ამისა ზამთარსა ამას შეიკრიბა ბაგრატ მეფემან სპანი და წარვიდა შურგებად გურიელსა ზედა; ვერ წინააღუდგა გურიელი, მოსტყუევნნა და მოსწუა გურია და წარმოვიდა ალაფითა და იავარითა. ხოლო ვინაჲთგან კუალადცა მოყურობდნენ დადიანი ლევან და მეფე შანაოზ, და მარიამ ჰყვა ცოლად შანაოზ მეფესა, ამისთჳს განაახლეს მზახლობა და სთხოვა ლევან დადიანს ძე მისი მანუჩარ საქმროდ ძისა თჳსისა არჩილის ასულის დარეჯანისათჳს. ამან ლევან წარმოევლინა ძე თჳსი და მისრული მანუჩარ აქორწინეს დარეჯანისა თანა. გარნა ყრმა და ქალი იყვნენ წლისა ზ̃. ესე იხილა ბაგრატ მეფემან, რამეთუ არა კეთილობდა მისდა, აუწყა მსახურთა ყრმისა მანუჩარისათა: "რამეთუ ჰნებავს შანაოზ მეფესა წარვლინებად მანუჩარ წინაშე ყეენისა ტყუედ". შეშინდნენ იგინი და არღარა გამოიკითხეს ზაკუა იგი, წარმოიპარეს ყრმა იგი და მოგუარეს მამასა თჳსსა. შემდგომად მოადგა ბაგრატ მეფე ქუთათისს, აღიღო ციხე და გამოიყვანა ოსმალნი ქ{რისტე}სა ჩ̃ქოდ, ქარ{თულსა} ტ̃ჲბ. ამისთჳს მოვიდა დესპანი ასლან ფაშის ახალციხელისა და აღუთქუა მოცემა ალექსანდრესი ძისა ბაგრატისა, რათა მისცეს ციხე ქუთათისისა მათვე. ხოლო ბაგრატ განზრახჳთა იმერთათა მისცა ციხე ოსმალთავე ყოვლითა მათითა, და დაიპყრეს მათვე. შემდგომად უშუა თამარ დედოფალმან ბაგრატს ძე გიორგი ქ{რისტე}სა ჩ̃ქოე, ქარ{თულსა} ტ̃ჲდ, და განიხარა ფრიად მეფემან.

ხოლო ჟამებთა ამათ შინა იყო კირთება ოდიშს აფხაზთაგან, რამეთუ ვინაჲთგან განდიდნა ჭყონდიდელი ჩიქოვანი, რომელი გამოეპარა ვახტანგ მეფესა შულავრიდამ, მოვიდა და დაიპყრა ჭყონდიდლობავე, და იქმნა მისანდო ლევან დადიანისა ყოველსა შინა. ამან მოიყვანა ძმა თჳსი კაცია და აზრახა ლევანს მიცემად სალიპარტიანოსი, რამეთუ ამისგან დაიპყრას ლეჩხუმიცა ლევან დადიანმან.

ესე კაცია იყო გორდელი მდაბალი აზნაური, რომლისა მამა სუანეთს ტჳრთითა თჳსითა ზიდვიდა თაფლსა და გამოიზრდებოდა. და ესე კაცია ძმის ჭდონდიდელის გამო განდიდნა და იქმნა პატივცემულ მეფეთაგან და ამის გამო უსმენდენ ლეჩხუმელნიცა. მერმე ლევან დადიანმან მისცა სალიპარტიანო და თჳსად მისანდობელ-ჰყო ფრიად, რამეთუ იყო კაცი მჴნე და შემძლებელი საქმეთა, არამედ უღმრთო და მესისხლე; აზრახებდა დადიანს და მოსრვიდიან წარჩინებულთა ოდიშისათა. ხოლო მივიდა რა არჩილ ახალციხეს და გიორგი გურიელიცა, რომელნი მცდელობდენ გამეფებად იმერეთს ორნივე, ესე იხილა ბაგრატ მეფემან, ეზრახა გიორგი გურიელსა და მისცა ასული თჳსი დარეჯან ცოლად, ნაშობი თამარისგან, რათა დაუტეოს ტრფიალებაცა თამარისა და მცდელობა მეფობისა იმერეთისა. მოიყვანა გურიელი და აქორწინა ქ{რისტე}სა ჩ̃ქოზ, ქარ{თულსა} ტ̃ჲე და მოიმტკიცა ამით გურიელი. ხოლო რა მოვიდა ახალციხიდამ არჩილ სურამს, სურამიდამ ეზრახა იმერთა და მიერთნენ ყოველნი იმერნი არჩილს და დადიანი ლევან, გაღანამცა მოიყვანეს და დასუეს მეფედ ქუთათისს ქ{რისტე}სა ჩ̃ქოჱ, ქარ{თულსა} ტ̃ჲვ, სეკდემბერში.

ი̃ვ. მეფე არჩილ, ა̃ წელი მეფა[edit]

ხოლო ბაგრატ წარვიდა გურიას და დედოფალი თამარ დაშთა ციხესა სკანდას. მოადგა არჩილ მეფე, გამოიყვანა თამარ და მისცა დადიანსავე ცოლად და მოიყვანა ძე დადიანისა სიძე თჳსი და ჰყვანდა თჳსთანა.

მაშინ ბაგრატ შეწევნითა გურიელისათა ევედრა ასლან ფაშას და მან აღუთქუა შეწევნა. ამავე ჟამსა წარიპარა მეფემან გიორგიმ ძე ბაგრატ მეფისა ალექსანდრე ახალციხიდამ და მოსრნეს მონანი ალექსანდრესნი. ესმა რა ბაგრატ მეფესა, შეწუხნა, რამეთუ მომკუდარ იყო ძე მისი გიორგი და არა ესუა სხუა ძე, რათა არა მოკლან იგიცა. მაშინ ასლან ფაშამ აუწყა ხონთქარსა ყოველი ყოფილი, განრისხნა და წარმოავლინა აზრუმის ფაშა სუას აქეთითა სპითა, მოსრულს ფაშას მიეგება ბაგრატ მეფე და გურიელი.

არამედ არჩილ მეფემან შემოიკრიბნა სრულიად იმერნი, შეიფიცნა და ლამოდა ბრძოლასა. გარნა ჩამოვიდნენ რა აგჳსტოსა შინა ოსმალნი იმერეთს, განევლტვნენ არჩილ მეფესა და მიერთოდნენ ბაგრატს. ამისი მხილველი არჩილ მეფე წარვიდა რაჭას და რაჭველთა შეკრეს მთა. მიჰყვნენ ოსმალნი არჩილს. მაშინ ხრეითის მთასა ზედა უწყეს რაჭველთა ცემა თოფთა ჯიხურებთ-გამო ოსმალთა და მოჰკლეს საზუერელი ჩიჯავაძე და სხუანი მრავალნი და უმეტეს ოსმალნი მოსწყჳდნეს. არამედ სიმრავლით სძლეს ოსმალთავე, გარდვიდნენ რაჭას, მოსწუნეს, მოსტყუევნნეს, უკმოიქცნენ და დადგნენ კუახჭირს. ხოლო არჩილ მივიდა კულბითს და აუწყა საქმე თჳსი ყოველი აზრუმის ფაშასა. მაშინ აზრუმის ფაშამ მოჰკუეთა თავი ასლან ფაშასა, მერმე მოსტყუევნნა და მოსრნა ურჩნი იმერეთს და დასუა ბაგრატვე მეფედ და წარვიდა თჳთ ქ{რისტე}სა ჩ̃ქოთ, ქარ{თულსა} ტ̃ჲზ.

ი̃ე. ბაგრატ მეფე, ბ̃ წელი მეფა[edit]

ხოლო ბაგრატ მოიმტკიცნა იმერნი, შემოიკრიბნა და წარვიდა ოდიშს, ეწყო დადიანი ლევან სპითა და ბრძოლასა იძლია დადიანი, წარგუარა კუალად ცოლი თჳსი თამარ და შეირთო თჳთვე, და მოვიდა ქუთათისს გამარჯვებული. მაშინ ლევან დადიანი ეზრახა გურიელს გიორგის და მისცა ძე თჳსი მანუჩარ მძევლად, დაიზავა იგი და დაიპყრა ოდიში მანვე. შემდგომად მცირედისა ხანისა მოკუდა დადიანი ლევან ქ{რისტე}სა ჩ̃ქპ, ქარ{თულსა} ტ̃ჲჱ.

მაშინ მოითხოვეს ოდიშართა ძე ლევან დადიანისა მანუჩარ გურიელის გიორგისაგან საყოფლად დადიანად. არამედ ვინაჲთგან არღარავინ იყო მკჳდრი ოდიშისა, ამისთჳს ეზრახა გურიელი ოდიშართა, რათა ჰყონ იგი დადიანად. ხოლო წარჩინებულთა ოდიშართა განამაგრნეს ციხენი ყოველნი და მიუთხრეს გურიელსა: "ვიდრემდის ცოცხლებით არს მანუჩარ, არავის მივსცეთ ციხენი და ქუეყანანი". ამისმან მსმენელმან გურიელმან მოკლა ყრმა იგი მანუჩარ, რამეთუ ჰგონებდა შემდგომად სიკუდილისა მისისა დაიპყრას ოდიში, და წარვიდა დაპყრობად ოდიშისა. გარნა მის გამო ოდიშართა სჩნდათ იგი, ვითარცა მესისხლე თჳსი, ვერ შევიდა ოდიშს და მოვიდა გურიასვე.

ხოლო არჩილ წარვიდა კულბითიდამ დუალეთს და მუნ დაასადგურნა დედაწულნი თჳსნი და თჳთ მოვიდა ჩხერის ციხესა შინა და ეზრახოდა მუნიდამ იმერთა რვა თთუე. არამედ ვერარაჲსაღა მყოფელი წარვიდა დუალეთსვე. მერმე მივიდა ფაიქომს და იდგა წელსა ერთსა მუნ. შემდგომად უწყებული ძმისა თჳსისა გიორგი მეფისაგან წარვიდა რუსეთს ქ{რისტე}სა ჩ̃ქპა, ქარ{თულსა} ტ̃ჲთ, განვლო დედაწულით სპითა რუსთა მეფისათა ჩერქეზი და მივიდა თერგს, მუნ ჩაჯდა ნავს და განვიდა ასტარხანსა.

მაშინ მოკუდა მეფე რუსთა თეოდორე და დაშთა არჩილ სამ წელ აშტარხანს. ხოლო დღესა ახალწლისასა აღუნთეს ლამპარი დიდი სამსჭუალსა, მოეკიდა ცეცხლი სასუენსა მას, რამეთუ არიან სახლნი სრულიად ხისანი და დაიწუნენ ყოველნი სიწმინდენი და საგანძურნი არჩილისანი. არამედ პოვნეს სამსჭუალნი და ნაწილნი უვნოდ, კუალად დაუჯდომელი, დაუწვავი ცეცხლსა მას შინა. გარნა შემდგომად შეამკო სამსჭვალი კუალად არჩილ მეფემან. მერმე მეფემან იოანემ და პეტრემ მიიყვანეს მოსკოვს არჩილ და პატივ-სცეს მეფებრ, და იმყოფებოდა მუნ პატივცემული.

ხოლო იმერეთს მოკუდა ბაგრატ მეფე ქ{რისტე}სა ჩ̃ქპა, ქარ{თულსა} ტ̃ჲთ და დაფლეს გელათს. და ვითარ არღარავინ იყო ტომი მეფეთა, მოიყვანეს გურიელი გიორგი იმერთა და დასუეს მეფედ.

კ̃. გიორგი გურიელი, ბ̃ წელი მეფა[edit]

არამედ ოდიში იყო უპატრონოდ და კაცია ჩიქოვანი იყო თავ და გამგე მათი. ამან მოსრნა მრავალნი შემძლებელნი და წარჩინებულნი ოდიშისანი განზრახჳთა ძმისა თჳსისა ჭყონდიდლისათა, რამეთუ ეტყოდა განზრახუათა შინა: "მას ეყოფის ერთი თოფი". ესე იგი არს სიკუდილი ვისიცა ნებავსთ. ამით მოიყვანა ოდიში ქუეშე თჳსსა, ვიდრე პყრობამდეცა თჳსად. გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ჴმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარედმდე, და დაეშენებოდენ თჳთ აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი.

ხოლო შემდგომად მოკუდა კაცია ჩიქოვანი და დაიპყრა ლიპარიტიანობა ძემან კაციასამან გიორგიმ უმეტეს მამისა თჳსისა, და სრვიდა უწყალოდ და ჰყიდდა ტყუედ ოდიშართა, რამეთუ ემცნო მამასა თჳსსა არა დატევება ჩექმიანისა და კოხუნჯიანთა დაიპყრობს.

ხოლო გიორგი გურიელმან განირისხა ღმერთი, განუტევა ცოლი თჳსი დარეჯან, ასული ბაგრატ მეფისა, და შეირთო სიდედრი თჳსი დედოფალი თამარი ცოლად. ამას ეპყრა იმერეთი და მცდელობდა ოდიშსაცა დაპყრობად.

არამედ გიორგი ლიპარიტიანმან მოიყვანა ძე ლევან დადიანისა, ნაშობი მჴევლისაგან ლევანვე, და დასუა დადიანად სათნოებისათჳს მეგრელთა და წინააღმდეგად გურიელისად.

ხოლო გიორგი მეფესა ქართლს ჰყვანდა ძე ბაგრატისა ალექსანდრე, შეუძნდა პყრობა იმერეთისა გურიელისაგან და არა პყრობა ძმისა თჳსისა არჩილისა. ამისთჳს ეზრახა უსუფ ფაშას, რათა ჰყოს ალექსანდრე მეფედ იმერთა. განიხარა ფაშამ და მოითხოვა მისგან ალექსანდრე. მაშინ წარუვლინა გიორგი მეფემან ნიჭითა თჳსითა და პატივითა ქ{რისტე}სა ჩ̃ქპბ, ქარ{თულსა} ტ̃ო. ესე აუწყა ფაშამ ხონთქარსა. ხოლო ხონთქარმან მოსცა ხალათი და ჴრმალი და იმერეთი ალექსანდრეს და ებრძანა უსუფ-ფაშისად მეფედ ყოფად მისი იმერეთს. მსმენმან ბრძანებისამან ჩამოიყვანა ფაშამ ალექსანდრე. ხოლო გურიელი წარვიდა, ვერ წინააღმდგომი, გურიას და დასუა ფაშამ ალექსანდრე მეფედ. შემდგომად წარვიდა ახალციხესვე ფაშა და დედოფალი თამარ მივიდა ოდიშს, რათა არა მოერთნენ ოდიშარნი ალექსანდრეს. არამედ მუნ მოკუდა თამარ დედოფალი ქ{რისტე}სა ჩ̃ქპგ, ქარ{თულსა} ტ̃ოა (თქმულ არს, რამეთუ იყო მიდგომილ და შობასა შინა შუა ცეცხლი და მოკუდა).

ხოლო შემდგომად კაცია ჩიქოვანის სიკუდილისა ნაცოლარი მისი და დედინაცვალი გიორგი ლიპარიტიანისა, დისწული შოშიტა ერისთავისა, შეირთო გიორგი გურიელმან ცოლად და ამათ გამო მცდელობდა პირველ ოდიშს და აწ უმეტეს იმერეთსაცა.

ი̃ზ. მეფე ალექსანდრე, ზ̃ წელი მეფა[edit]

და დაჯდა ალექსანდრე მეფედ ქ{რისტე}სა ჩ̃შპგ, ქარ{თულსა} ტ̃ოა. მაშინ განდიდებულ იყო აბაშიძე პაატა და მორჩილებდენ სრულიად მარგველნი. ინება ალექსანდრემ მომტკიცება მისი და მისცა დაჲ თჳსი დარეჯან ცოლად, ნაცოლარი გურიელის გიორგისა, და მიქელაძე გიორგის დისწული იყო პაატა და მოიმტკიცნა იმერნი ამით. არამედ გურიელის გამო გიორგი ლიპარიტიანმან, შოშიტა რაჭის ერისთავმან და ბეჟან ლორთქიფანიძემ არა ინებეს მეფობა ალექსანდრესი, შეიკრიბნენ და მიერთნენ ესენი გურიელსა. არამედ გურიელმან ბრძოლად წარმოსულმან, განსძარცუა ხატი ვლანქერნისა ღუთისმშობელი, და ჰყო სამკაულად თჳსად.

შემოიკრიბა გურია, მოვიდა საჩინოს, მიერთნენ ჩიჯავაძენი, მერმე ლიპარიტიანი ოდიშარითა, რაჭის ერისთავი რაჭველით, ლორთქიფანიძენი და ლეჩხუმელნი. ხოლო ალექსანდრეს დაშთა აბაშიძენი და ზემოურნი და მიქელაძე გიორგი და მარგუელნი. ეწყუნენ როკითს ურთიერთს და იქმნა ბრძოლა ძლიერი ქ{რისტე}სა ჩ̃ქპდ, ქარ{თულსა} ტ̃ობ. დაიკოდნენ და მოისრნენ ორგნითვე უმრავლესნი. შემდგომად მოკლეს გიორგი გურიელი (იტყჳან ვითარმედ უცნაურითა კუეთებითა მოკუდა) და ივლტოდნენ სპანი მისნი. მოკლეს კუალად რაჭის ერისთავი შოშიტა, სხუათა მოსრვიდნენ და შეიპყრობდნენ უამრავთა. ხოლო ლიპარიტიანი ივლტოდა ოდიშს და მოიქცა ალექსანდრე გამარჯუებული. არამედ აქეთ მოკლეს აბაშიძე ლევან და პაატა დაჰკოდეს. შემდგომად პყრობილნი გურიელ-ოდიშარნი და იმერნი დაჰყიდნეს ვეცხლსა ზედა. და დაიპყრა ალექსანდრემ კუალად იმერეთი. ხოლო გურიას დასუეს მალაქია, ძმა გიორგი გურიელისა გურიელად, და ძენი გიორგი გურიელისანი წარვიდნენ ახალციხეს. მაშინ ალექსანდრე მეფემან წარუვლინა მახარობელი გიორგი მეფესა: "რამეთუ მექმნეს მე შენ მიერ ყოველნი, აწ მყავ მონად და ძედ შენდა და მომეც ასული შენი ცოლად". ესმა რა გიორგი მეფესა, განეხარა. არამედ მოემცნო ასულისა თჳსისა დაწინდვა დავით ერისთავისაგან.

კუალად წარუვლინა ალექსანდრემ და მოითხოვა ასული ლუარსაბისა ელენე და ძმისწული გიორგი მეფისა. ესე აღეთქუა მეფესა გიორგის მოცემად. გარნა ალექსანდრეს არა ერჩდა რაჭის ერისთავი პაპუნა, ძე შოშიტასი. ვინაჲთგან მოყურობდა გიორგი მეფე და იყო მეგობარ პაპუნასი და სცნაცა ალექსანდრემ, რამეთუ არა ნებავს გიორგი მეფესა მზახლობა ამისი, ამისთჳს შემოიკრიბნა სპანი იმერთა და წარვიდა რაჭას, რათა ანუ დაიმორჩილოს, ანუ მიუღოს რაჭა. შევიდა და გარდავლო მთა წევისა, ველიეთისა და მოადგა ნინიას ციხესა, და მარბიელთა მოსწუეს, მოსტყუევნნეს დაბნები მრავალნი. მაშინ გიორგი მეფემან მოაშუელა ზაალ ხერხეულიძე სპითა პაპუნას. იხილა რა პაატა აბაშიძემ ნიჯადი პაპუნასი, რამეთუ მიეწურათ მარგუელთა წაღებად ნინიას ციხე, მიზეზ-ჰყო ქართველნი და არღარა ინება მარგუელთაგან ციხის აღება და დაპყრობა მეფისაგან. ეტყოდა მეფესა სპათა მოსლვასა, უსმინა მეფემ და ჩამოვიდნენ იმერეთსავე.

შემდგომად მოკუდა პაატა აბაშიძე დაკოდითა მითვე. ხოლო ალექსანდრემ მოიყვანა დაჲ თჳსი დარეჯან, განატევებინა პაპუნა ერისთავს ცოლი, ასული ბეჟან ლორთქიფანიძისა, და შერთო დარეჯან დაჲ თჳსი და მოიმტკიცა იგიცა. არამედ შემდგომად ძმისა თჳსისა სიკუდილისა განდიდნა აბაშიძე მალაქია, რომელი იყო ნაბერალი და იწოდა გიორგი. ამან მოიყვანა მეორე ცოლად ნაცოლარი გიორგი გურიელისა, დაჲ კაცია ჩიქოვანისა, მდიდარი ფრიად, და შეირთო იგიცა და თაობდა ზემო მჴარსა ზედა უფროს ძმისა თჳსისა. ამას ემზახლა ქაიხოსრო გურიელი და სთხოვა ასული ელენე, რომელი ჰყვანდა პირველის ცოლისა თანა, რამეთუ ესე ქაიხოსრო, ძე გიორგი გურიელისა, რაჟამს მივიდა ახალციხეს, მოსცა ფაშამან სპანი, წარმოვიდა და დაიპყრა გურია ქ{რისტე}სა ჩ̃ქპე, ქარ{თულსა} ტ̃ოგ.

ხოლო მალაქია, ბიძა მისი, წარვიდა ახალციხეს. ესე მალაქია კუალად ფაშამ შემოაწყნარა და აღუთქუა ქაიხოსრომ უვნებელობა მალაქიასი. არამედ მოსრული გურიას შეიპყრა ზაკჳთ ქაიხოსრომ მალაქია და აღმოჴადნა თუალნი ბიძასა თჳსსა. ესმა რა ფაშას, აღუძნდა ფრიად და მცდელობდა შურისგებასა ქაიხოსროსასა. შემდგომად წარმოავლინა შავშეთის ბეგი მცირითა სპითა მოკითხვად გურიელისად და ამცნო ბეგსა, რათა მოკლას იგი. მოსრული ქაიხოსრომ ისტუმრა ბეგი. შემდგომად ისტუმრა ბეგმან და თავის-წინაობასა შინა მოკლეს ქაიხოსრო გურიელი ქ{რისტე}სა ჩ̃ქპთ, ქარ{თულსა} ტ̃ოზ, წარიღეს თავი მისი და წარვიდნენ, და გურიელად დაუტევეს მალაქია უთუალო. შემდგომად მცირე ჟამისა მოითხოვეს გურიელთა ძე გიორგისა და ძმა ქაიხოსროსი მამია უსუფ-ფაშისაგან, რომელი მუნვე იყო ახალციხეს, და აღუთქუეს ქრთამი დიდი. ფაშამ წარმოუვლინა და ჰყვეს გურიელად. ამასვე წელსა ამან მამიამ მისცა შემოქმედელობა მალაქიას და ჰყო მონაზონად. მერმე ამანცა მოითხოვა ძმისა თჳსისა დაწინდული გიორგი აბაშიძის ასული ელენე, მიიყვანა და ქმნა ქორწილი.

ხოლო გიორგი ლიპარიტიანმან იხილა, რამეთუ მოსწყდნენ ძლიერნი იმერეთისანი როკეთის ომსა შინა, იწყო ლევან დადიანისა გამო ღალატით სრვა და კლვა წარჩინებულთა ოდიშისათა, ყიდვა უწყალოდ ტყუეთა მაჰმადიანთა ზედა და ეპყრა სალიპარიტიანო, და ნებითა მისითავე იყო ლევან დადიანად. ამან ლევან მოიყვანა ნებითა ლიპარიტიანისათა ცოლად დაჲ ალექსანდრე მეფისა თინათინ, ნაშობი თამარ დედოფლისაგან, რათა მოიმტკიცოს ოდიში ძალითა ალექსანდრესითა. ხოლო ლიპარიტიანმან ამისთჳს, რათა არღარა მოინებოს ალექსანდრემ ანუ გურიელმან თავისად ოდიში, არამედ სახელით ოდენ იყო დადიანი ლევან, გარნა მოქმედი ყოვლისავე იყო ლიპარიტიანი. გარნა იყო ოდიშს ჭირი გიორგი ლიპარიტიანისაგან კლვითა და ყიდვითა ტყჳსათა და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდიან ლაშკრად და აოჴრებდიან ქუეყანათა ავაზაკობით და ცხადად. ხოლო ალექსანდრე მეფემან ცხადად სცნა, რამეთუ არა ნებავს გიორგი მეფესა მოყურობა მისი, განაცხადა მტერობა მისი და მოყურობა ერეკლე მეფისა, მიუთხრა პაპუნა ერისთავსა არა შეხიზნვა გიორგი მეფისა. ესე არა უსმინა პაპუნა ერისთავმან.

ამისთჳს შემოიკრიბნა ალექსანდრემ იმერნი და შევიდა რაჭას, და მოერთუნენ მუნ რაჭველნი და ლეჩხუმელნი თჳნიერ ერისთვისა. მაშინ პაპუნამ განამაგრნა ციხენი და ადგილნი და წარვიდა ონს გიორგი მეფითურთ. და სპათა ალექსანდრესთა მოწუეს რაჭა და მოადგნენ ჯეჯორს; ვერ წინააღუდგნენ გიორგი მეფე და პაპუნა და შევიდნენ გლოლას; მივიდნენ სპანი ალექსანდრესნი და მოწუეს უწერა. მუნით უკმოიქცნენ, კუალად მოწუეს რაჭა ქ{რისტე}სა ჩ̃ქპზ, ქარ{თულსა} ტ̃ოე, და ჩამოვიდა იმერეთს ალექსანდრე მეფე. არამედ პაპუნამ დაიპყრა უმეტესად კუალად რაჭა, რამეთუ მოსწყჳდნა მტერნი თჳსნი და იყოფოდა თჳსად.

ამავ ჟამთა მოვიდა არჩილ მეფე რუსეთიდამ მოწოდებითა ძმისა თჳსისა გიორგისათა და მოიყვანნა ძენი თჳსნი, ალექსანდრე და მამუკა, და იგინი წარავლინნა დუალეთს და თჳთ მოვიდა რაჭას, განიხარეს ძმათა ხილვითა ურთიერთთა. შემდგომად ეზრახნენ იმერთა, რათა ჰყონ არჩილ მეფედ. კ{უალა}დ წარავლინა არჩილ ყირიმის ხანისა თანა დავით თურქისტანისშვილი, რომელი შეიპყრა შამხალმან და აწ ნებითა შამხალისათა მოვიდა ჩერქეზსა შინა არჩილ მეფისა თანა. ამას წარატანეს ძღუენი და არმაღანი დიდი და წარგზავნეს.

ხოლო იმერთა მისცეს პირი არჩილს; მოვიდნენ არჩილ და გიორგი მეფენი და რაჭის ერისთავი მათ თანა გუელის თავსა ზედა. მიერთო მათ ლიპარიტიანი გიორგი, ჭილაძე-მიქელაძენი და ბეჟან ლორთქიფანიძე. ხოლო გიორგი აბაშიძემ და სჳმონ ქუთათელმან არა ინებეს, რამეთუ ესე სჳმონ იყო ძე სეხნია ჩხეიძისა და განდიდებული. გარნა თუ იყო მღუდელთმთავარი, არამედ ტყჳს მყიდველი, მეძავმემრუშე, კაცის მკლველი, ცრუ-ფიც, უწირავ-ულოცავი, ვითარცა განდგომილი ივლიანე.

ამათ მიერ შემოიკრიბნა ალექსანდრემ სპანი და წარვიდა გუელის თავს მეფეთა ზედა. მაშინ, ვინაჲთგან ერისთავსა შინაგანმცემნი მრავალნი ჰყვნეს რაჭასა შინა, და ლიპარიტიანს ოდიშს, და ლეჩხუმელნი იყვნენ ალექსანდრეს კერძოდ და სპანიცა ალექსანდრესნი მრავლობდნენ, რამეთუ მათ არა შემოჰკრებოდათ ჯერეთ, ვერღარა წინააღუდგნენ ალექსანდრეს, არამედ წარვიდნენ ოდიშს. ხოლო შემდგომად ეხრახა ლიპარიტიანს ალექსანდრე მეფე და მისცა თავობა ლეჩხუმისა და, ვინაჲთგან იყო ლიპარიტიანი უღთო, ცრუ-ფიც, უპირო, ტყჳს მყიდველ, მიერთო ალექსანდრეს.

ხოლო არჩილ მეფემან სცნა, რამეთუ მივიდა დავით შეწევნითა შამხალისათა ყირიმის ხანისა თანა და იგი აღძრულ იყო შეწევნად არჩილისად წინაშე ხონთქრისა. ამისთჳს ინება არჩილ წარსლვა ყირიმს და მივიდა აფხაზეთს, მოეგება შარვაშიძე, ისტუმრა პატივით, ვითარცა მეფე, და იყოფებოდა ზუფუს ჟამრაოდენმე. არამედ ვერღარა მშოვნელი გზისა უკმოიქცა და მოვიდა ოდიშს. გარნა ვინაჲთგან ზავ-ექმნათ ალექსანდრეს და ლიპარიტიანსა, ვერღარა დაადგრნენ ოდიშს და მოვიდნენ საჭილაო-სამიქელაოს არჩილ და გიორგი მეფენი და ეზრახნენ ალექსანდრეს, რათა მისცეს გზა წარსლვისა. მიუგო ალექსანდრემ: "უკეთუ მომცე ფიცი არღარა მეცილო იმერეთსა, განგიტევებ და წარვედ რუსეთს; უკეთუ არა, არა გცე გზა". მაშინ ვინაჲთგან არღარა იყო სხუა რაჲმე ღონე, მისცა ფიცი არჩილ და წარვიდა რაჭას. მერმე მივიდა დიგორს და წარიყვანნა ძმისწულნი თჳსნი ძენი ლევანისანი: ქაიხოსრო, ვახტანგ, დომენტი და იყოფებოდა დიგორს.

ხოლო გიორგი მეფე წარვიდა გურიას და გურიელმან მამიამ ისტუმრა პატივითა დიდითა. არამედ მთავართა მუნებურთა უმეტეს და მეფეცა ნიჭვიდა მათ. ამისთჳს აზრახეს მამიას: "ნებავს გურია გიორგი მეფესა თჳსად". არამედ მამია ვინაჲთგან ყრმა იყო, ისმინა მათი, რომელნიმე შეიპყრნა და სხუანი უპატიო ჰყვნა. ამისი მხილველი გიორგი მეფე წარვიდა გონიას, მოეგება თადგირიძე აჰმადბეგ, რამეთუ იყო გამაჰმადიანებული და დიდითა პატივითა დაასადგურა და წარსაგებელითა თჳსითა უმასპინძლებდა რაოდენსამე ჟამსა.

ხოლო ამ ჟამებთა მოვიდა დავით სტამბოლიდამ, რამეთუ ეღუაწა ფრიად ყირიმის ხანსა წინაშე ხონთქრისა. ამისთჳს ხონთქარს წარმოევლინა ყაფუჩი თჳსი და დავით მის თანა: "რათა ჰკითხონ იმერთა, რომელი ჰნებავსთ არჩილ ანუ ალექსანდრე". დაუტევა ყაფუჩმან დავით ახალციხეს და თჳთ მოვიდა ალექსანდრე მეფისა თანა. სცნა ალექსანდრემ ესე-ვითარებანი და ინება მოკლვა ყაფუჩისა. აგრძნა ესე ყაფუჩმან და ივლტოდა ახალციხეს. ამ ჟამთა მოსრულ იყო გიორგი მეფეცა ახალციხეს. ამან აღუთქუა ყაფუჩსა ერთგულება ხონთქრისა და მისლვა დედაწულითა თჳსითა ახალციხეს და ქრთამი დიდი. მაშინ განუზრახა ყაფუჩმან, რათა მოსჭრან ბეჭედნი ყოველთა წარჩინებულთა იმერთანი და დასხან სვინტატიქოსის წიგნსა ზედა არჩილისათჳს: "და მე წარვმართო ყოველნი საქმენი თქუენნი".

ხოლო გიორგი მეფემან ჰყო ეგრეთ და წარავლინა ყაფუჩი; მოსცა ხონთქარმან ამითი იმერეთი არჩილს, წარმოუვლინა ჴრმალი და ხალათი და მოიღო მანვე ყაფუჩმან და ებრძანა აზრუმის ფაშისათჳს, რათა ჰყოს არჩილ მეფედ. მაშინ აზრუმის ფაშამ წარმოავლინა ქეჰა თჳსი სპითა დიდითა და მოვიდა ახალციხეს სალიმ ფაშისა თანა. შეიკრიბნენ ესენი და წარმოიყვანეს გიორგი მეფე და დადგნენ მთასა ფერსათსა ზედა. ესე აცნობეს არჩილს დიგორს მყოფს, ჩამოვიდა რაჭას, მიეგება ერისთავი და სრულიად რაჭველნი და წარმოვიდა იმერეთს. ხოლო ალექსანდრე, ვერღარა წინააღმდგომი, წარვიდა ქართლს ერეკლე მეფისა თანა და მან პატივით დაუსავანა. ხოლო ქეჰამ წარმოატანა გიორგი მეფესა მუსალიმი სპითა დიდითა, ჩამოვიდნენ იმერეთს და მოვიდნენ ქუთათისს არჩილ მეფისა თანა, შთაიცვა არჩილ ხალათი ხონთქარისა, და დაემორჩილნენ იმერნი ქ{რისტე}სა ჩ̃ქჟ, ქარ{თულსა} ტ̃ოჱ თჳნიერ გიორგი აბაშიძისა.

ი̃ვ. არჩილ მეფე, ა̃ წელი მეფა[edit]

მაშინ გიორგი მეფემან აღთქმისათჳს მისცა ძმისწული თჳსი ვახტანგ ოსმალთა მძევლად. კუალად მისცა ელენე ძმის ასული თჳსი ფრიად კეკლუცი და დაწინდული ალექსანდრე მეფისა ქაიხოსრო იაშვილსა ცოლად და აქორწინა. და შემდგომად მცირედისა წარვიდა თჳთცა ახალციხეს და წარიყვანნა დედაწულნი თჳსნი რაჭიდამ სამცხეს.

ხოლო არჩილ დაიპყრა იმერეთი. არამედ ზამთარსა ამას იხილა აბაშიძემ გიორგიმ, რამეთუ ვერ მწე ექმნების არჩილს ოსმალნი; ეზრახა გიორგი ლიპარიტიანს, მოიყვანა ალექსანდრე ქართლიდამ. არამედ არჩილ მეფე არა დაუტევეს პაპუნა ერისთავმან, სჳმონ ქუთათელმან, მიქელაძე გიორგიმ და ბეჟან ლორთქიფანიძემ შეიკრიბნენ და ეწყუნენ გოდოგანს ურთიერთს; იქმნა ბრძოლა ძლიერი, იძლია ალექსანდრე და ივლტოდა ქართლს.

ხოლო არჩილ მოიმტკიცა იმერეთი და მეფობდა მცდელობითურთ უკეთურებისა მოფხურასა. არამედ ვინაჲთგან ძლიერ იყვნენ მთავარნი, მერ შეუძლო. ხოლო ალექსანდრეს, წედისს ქართლს მდგომს, ესმა სპათა დასხმა გიორგი მეფისაგან, მსწრაფლ აიყარა და შევიდა გორის ციხესა შინა. ევედრა ერეკლე მეფესა, რათა მწე ეყოს. ესე ყოველი ნაზარ-ალიხან მიუთხრა ყეენსა, ხოლო ყეენმან დესპანით ხონთქარსა. და იქნა ყოველი, ვითარცა აღვსწერეთ და შემდგომად შეპყრობისა გიორგი მეფისა მცობმან არჩილ მეფემან შემოიკრიბნა სპანი იმერთა და გარმოადგა ციხესა ქუთათისს, შეამჭირვა ფრიად, რამეთუ ჯღანთა ხარშვიდიან და სჭამდნენ სიყმილისათჳს და ლამოდენ მოცემასა ციხისასა. არამედ ლიპარიტიანი სპითა თჳსითა ერთ კერძო მდგომ იყო; ამან მას ჟამსა სთხოვა არჩილს ლეჩხუმი და მონა იქმნეს საუკუნოდ.

ესე აღუძნდა არჩილს, გარნა აღუთქუა მიცემა. აგრძნა ლიპარიტიანმან, რამეთუ არა ნებავს. ამისთჳს გამოიყვანნა ღამით ოსმალნი ციხიდამ, მისცნა ყოველნი საზრდელნი თჳსნი და განამაგრა ციხე, და თჳთ მასვე ღამესა ივლტოდა სპითა ოდიშს.

დილასა იხილა არჩილ მეფემან, შეუძნდა ესე არჩილ მეფესა დიდ ფრიად და უმეტესისა განდგომილებისა ყოფისათჳს მოეცალა ციხესა და შემოიფიცნა კუალად იმერნი. გარნა იქმნა საგლოველი, რამეთუ გამოვიდნენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთათისის ეკლესია ყოვლად წმადისა, დიდ შუენიერად გებული, ვინაჲთგან ავნებდნენ ციხესა მუნიდამ ფრიად. ქ{რისტე}სა ჩ̃ქჟა, ქარ{თულსა} ტ̃ოთ.

ხოლო გიორგი მეფემან იავარ-ჰყო რუისს ცოლშვილი ალექსანდრე მეფისა და მიაბარა ძენი მისნი სჳმონ და გიორგი დავითს კსნის ერისთავს, ნაშობნი დიდებულის ქალისაგან. არამედ ალექსანდრე მივიდა ახალციხეს. წარმოვიდა ახალციხის ფაშა სპითა და ჩამოვიდნენ იმერეთს. განევლტუნენ არჩილს იმერნი და მიერთუნენ ალექსანდრეს. ხოლო არჩილს ვერღარა მოუსწრა ბარძიმ მდივანბეგმან სპითა ქართლისათა და ამით ვერღარა იკადრა ბრძოლა და წარვიდა რაჭას, მუნიდამ მივიდა ქართლს. ხოლო ალექსანდრე დასუა ფაშამან მეფედ ქ{რისტე}სა ჩ̃ქჟა, ქარ{თულსა} ტ̃ოთ.

ი̃ზ. მეფე ალექსანდრე დ̃ წელი მეფა[edit]

უკუნ-იქცა ფაშა და წარვიდა ახალციხეს. მაშინ არჩილ სცნა, რამეთუ ვერღარა დაიპყრობს იმერეთსა და კახთა, თჳთ არღარა ინება მათი მეფობა, წარვიდა დუალეთს, იქიდამ რუსეთს მცირითა სპითა. არამედ შამხალმან მოიბირა ყილჩიყო ჩერქეზ-ბატონი ყეენის გამო, რათა შეიპყრას არჩილ და მისცეს ყეენსა, ხოლო ყეენმან აღავსოს ორნივე ნიჭითა. მისრული არჩილ ჩერქეზს ისტუმრა ყილჩიყომ პატივითა, მერმე წარატანნა ყოლაუზნი და წარგზავნა. არამედ არჩილს ენება ყილჩიყოსი თავისთან მოგზაურობა და ესე არა ინება ყილჩიყომ, რამეთუ აქუნდა მანკიერება. არამედ შეკრებული სპითა ეწივა არჩილს და თჳთ ყილჩიყო არა გამოეცხადა. გარნა სპანი მოვიდნენ და ვითარცა არარაჲ შიში აქუნდა გზისა არჩილს, შეუპყრნეს ორთა კაცთა ჴელნი არჩილს იმიერ და ამიერ და იწყეს სპათა არჩილისათა პყრობა ჩერქეზთა. მაშინ იჴადნეს მახჳლნი, რომელნი აქუნდათ დაფარულად მონაზონთა აბაშიძე ნიკოლაოზ და შალიკაშვილმან, სცეს კაცთა მათ და განათავისუფლეს მეფე; იჴადა მშჳლდ-კაპარჭი მეფემან და მოსრნა მრავალნი. მოუჴდა მეფესა ჩერქეზი, სცა ოროლი. არამედ დაიპყრა გრგოლმან იკისამან და ვერ ავნო მეფესა. შემდგომად განვლო ბრძოლითა მეფემან რაზმი მათი და წარვიდა ლტოლვით. არამედ განსივდა ცხენი მეფისა და ვერღა რა რბოდა.

კუალად მოვიდნენ და მოერტყნენ მეფესა და ბრძოდა ძლიერად. მაშინ მოვიდა წარჩინებული ვინმე ლეკი და მოქენედ ეტყოდა მეფესა: "რად მოიკლავ უებროსა თავსა, კმა არს სიმჴნედ, რომელი დღეს ჰყავ შენ; აწ დაიმდაბლე თავი და მოვედ ჩემდა; ვფუცავ განგარინო ყოვლისაგან". ისმინა მეფემან და ჰრქუა. "არა მივენდო ჩერქეზთა. გარნა მოვალ შენდა". და მივიდა მისთანა და წარიყვანეს სახლსა ყილჩიყოსასა. ხოლო ცოლმან ყილჩიყოსამან მასვე ღამესა წარავლინა მეფე ბასიანს და სპანი არჩილისანი დიგორს. ამისი მსმენელი მოვიდა შამხალი, რათა წარიყვანოს მეფე. არამედ ვერღარა ეწია ყილჩიყო მიცემად, რამეთუ ბასიანელთა დედათა მოიჴადნეს საბურველნი თჳსნი და ეტყოდნენ ქმართა თჳსთა: "ანუ დაიბურენით ესე და ქუდნი თქუენნი ჩუენ, ანუ არა მივსცეთ არჩილ ყილჩიყოს". ამისთჳს გამოუტევეს მას ღამესავე არჩილ ყმითა თჳსითა, ეგრეთვე დიგორელთა გამოუტევნეს ყოველნი პყრობილნი და წარმოსრულნი მოვიდნენ ქართლს და იყოფებოდა არჩილ მეფე ქართლს.

ხოლო ალექსანდრე მეფობდა იმერეთს. მაშინ განუტევა დიდებულის ქალი, ვითარცა ცოლად მყოფი, რომლისა თანა ესხნეს ძენი: სჳმონ და გიორგი უქორწინოდ და შეირთო გიორგი აბაშიძის ასული თამარ ი̃ წლისა. ამასვე ქორონიკონსა იქორწინა მის თანა.

არამედ განძლიერდა ლიპარიტიანი გიორგი კლვითა და ტყჳსა ყიდვითა, არღარა ინება ლევან დადიანი, განაძო იგი და წარვიდა ქართლს არჩილ მეფისა თანა. შემდგომად წარვიდა სტამბოლს და მოკუდა მუნ, და დაიპყრა ოდიში ლიპარიტიანმან და არა იწოდებოდა დადიანად, არამედ ლიპარტიანადვე და თავობდა ლეჩხუმსაცა კნინღა დაპყრობად. ხოლო ალექსანდრე თუმცა მეფობდა, არამედ არა ეგდენ ნებასა შინა მისსა იყვნენ, რამეთუ ფრიად განდიდნენ მთავარნი და ამან კუალად იწყო მტერობა გიორგი მეფისა და მოყუსობა ერეკლე მეფისა. ამისთჳს ენება კირთება ქართლისა. ხოლო მოვიდა რა ქალბალიხან, ეზრახა ნაზარ-ალიხან ალექსანდრე მეფესა, რათა ემტეროს გიორგი მეფესა. არამედ წარჩინებულნი იმერნი არა აუფლებდნენ ამას ყოფად ალექსანდრე მეფესა. გარნა ალექსანდრე უცნობელად წარჩინებულთა მორჩილითა თჳსითა სპითა მიუჴდა და მოსტყუევნა ალი და წარმოვიდა.

ესმა რა არჩილს, ტაშისკარს მდგომს, წარმოუდგა. არამედ ალექსანდრე მოვიდა იმერეთს და სპათა არჩილისათა დააყრევინეს ტყუენი რაოდენიმე იმერთა. შემდგომად ეზრახნენ არჩილ და გიორგი მეფენი წარჩინებულთა იმერთა, არა ჯერყოფასა ესე-ვითარებისასა, ვინაჲთგან არს ჟამი დიდი, რომელი არღარა ყოფილ არს ჩუენ შორის, და რათა შეანანოს ალექსანდრე მეფესა. რამეთუ იყო ესე ალექსანდრე მჴნე, ახოვანი, ჰაეროვანი და უხჳ, არამედ ხელად-მქცევი, ცუნდრუკი, უღმრთო, ტყჳს მყიდველი. ამისთჳს სძულობდა ცოლი თჳსი თამარ და მიზეზ-უდგა განტევებად, აზრახა მამასა თჳსსა, რათა მისცეს გიორგი მეფესა. ხოლო აბაშიძემ სიყუარულითა ასულისათა არღარა მიხედა უჯერობასა და აზრახა იმერთა, რამეთუ ზნითა წინთქმულითა სძულობდნენ ალექსანდრეს წარჩინებულნი, შეიკრიბნენ კათალიკოზი, ეპისკოპოსნი, ერისთავი პაპუნა და სრულიად წარჩინებულნი იმერეთისანი და მოადგნენ სკანდას მყოფსა ალექსანდრეს, შეიპყრეს და წარგზავნეს მღჳმეს, მერმე სუერს. შემდგომად მისცეს გიორგი მეფესა, მიიყვანეს რუისს, მოაშთვეს და დაფლეს მუნავე ეკლესიასა შინა ქ{რისტე}სა ჩ̃ლჟე, ქარ{თულსა} ტ̃პგ.

ი̃ვ. მეფე არჩილ, ა̃ წელი მეფა[edit]

შთამოიყვანეს არჩილ და დასუეს მეფედ ამასვე ქორონიკონსა მოვიდა გიორგი მეფე საჩხერეს და იყოფებოდნენ მეფენი ზოგად. მაშინ თამარ, ასული აბაშიძისა, ეზრახა გიორგი მეფესა, რათა შეირთოს და დაიპყრას მან იმერეთი. არამედ არა ჰყო სათნოთი არჩილისათი. მერმე ეზრახა აბაშიძე არჩილ მეფესა შერთუად ასულისა მისისა და დაიმკჳდროს იმერეთი. არამედ არა ჰყო არჩილ უსჯულოებისათჳს და ეტყოდა მოყვანასა ძისა თჳსისა ალექსანდრესასა და შერთვასა მისსა, ხოლო შემდგომად გიორგი მეფის წარსლვისა ისპაანს განიზრახა აბაშიძემ გიორგი, ლიპარიტიანისა თანა ნებითა ასულისა თჳსისათა, და მოიპოვეს მონათესავედ წოდებული ვინმე მეფეთა გიორგი ოდიშს, მოიყვანეს და შერთეს თამარ ასული აბაშიძისა და უწოდეს მეფედ ქ{რისტე}სა ჩ̃ქჟვ, ქარ{თულსა} ტ̃პდ. ხოლო არჩილ წარვიდა დუალეთს და იყოფოდა მუნ.

ი̃ჱ. მეფე გიორგი, ბ̃ წელი მეფა[edit]

ხოლო ესე გიორგი იყო უმგზავსო ყოვლითურთ და შეუგუანი მეფობისა, უზნეო, გამოუცდელი, თჳნიერ გლეხთა მუშაკობისა, და იყო ხეიბარიცა. არამედ მართვიდა აბაშიძე გიორგი და თაობდა ყოველთა იმერთა ზედა, მორჩილებდნენ დადიანი, გურიელი და წარჩინებულნი ს{რულია}დ. ხოლო შემდგომად წლისა ერთისა უშუერებისა მისისათჳს შემძულე იქმნა ქმრისა თჳსისა თამარ და ინება განტევება მისი. მაშინ არჩილ მეფე მოსრულ იყო ერწოს წარყვანებად ძმისწულისა თჳსისა ვახტანგისათჳს დედაწულით, რომელი მყოფობდა სახლსა შინა აბაშიძისასა, რათა წარვიდეს რუსეთს. კუალად მიუთხრა აბაშიძემ არჩილს, რათა შეირთოს ასული მისი თამარ განზრახჳთა თამარისათი და იქმნეს მეფედ მარადის. არამედ არა ჰყო არჩილ და წარიყვანა ვახტანგ დედაწულით და წარვიდა დუალეთს და იყოფოდა ზრამაგას ზამთარსა მას, მომლოდნე სპათა რუსთასა, მერმე შეითქუნენ აბაშიძისა თანა ყოველნი იმერნი და რაჭის ერისთავი შოშიტა, რამეთუ პაპუნა მომკუდარ იყო, და განაძეს გიორგი მეფედ წოდებული, რომელსა გოჩიად სახელს სდებდენ კიცხევით და მოუწოდეს არჩილს. მან არა ინება ვინაჲთგან უწყოდა მცირეს ჟამის მეფობად, რამეთუ არღარა იყო პირმტკიცობა. არამედ განრყუნილნი, ფიცის მტეხელნი, ტყჳს-მყიდველნი, მჴდომნი, მკრეხელნი, უკეთურნი, არათუ წარჩინებულნი, გარნა მდაბიურნიცა, მოქმედნი ამისნი ყოველთა, რომელთა ვსწერთ. არამედ მაიძულებელთა თჳსთაგანვე წარმოვიდა არჩილ, მიეგებნენ სრულიად რაჭველნი, შთამოვიდა და დაიპყრა იმერეთი ქ{რისტე}სა ჩ̃ქჟჱ, ქარ{თულსა} ტ̃პვ.

მეფე არჩილ, ვ̃ თთუე მეფა[edit]

ამისმან მცნობმან სალიმ ახალციხის ფაშამან აუწყა ხონთქარსა. ხოლო ხონთქარმან უბრძანა განძება არჩილისა. ამისთჳს სთხოვა ერეკლე მეფესა ფაშამ ძე ალექსანდრესი სჳმონ, რამეთუ იგი ზრდიდა მას პატივით, რათა ჰყოს მეფედ იმერთა. მოსცა ერეკლე მეფემან, მერმე ჩამოიყვანა სალიმ-ფაშამ იმერეთს. არამედ არჩილ ვერღარა წინააღუდგა, ვინაჲთგან იმერნი მიერთუნენ ფაშასა და სჳმონს და წარვიდა მასვე შემოდგომას რაჭას და დაუტევა ვახტანგ ძმისწული თჳსი მუნ, რამეთუ კავკასი თოვლით კრულ იყო და დედაწულით ვერღარა ვიდოდა, თჳთ არჩილ შევლო ლიახჳ, გარდავიდა თაგაურს, დაჰყო ზამთარი იგი მუნ და გაზაფხულს წარვიდა რუსეთს სპითა რუსთ ჴელმწიფესა თანა.

მეფე სჳმონ, წელნახევარი მეფა[edit]

ხოლო სჳმონ დაიპყრა იმერეთი და წარვიდა ფაშა ახალციხეს. შემდგომად შეეზრახა აბაშიძე სჳმონ მეფესა, წაგუარა ნასყიდა იაშვილს ცოლად მოთხოვილი ასული თჳსი ანიკა და შერთო სჳმონ მეფესა და აქორწინა.

ამავ ჟამებთა მოკუდა ცოლი აბაშიძისა პირველი, განუტევა მეორე ცოლიცა და შეირთო ქურივი პაპუნა ერისთავისა, ასული ბეჟან ლორთქიფანიძისა და დედა შოშიტა ერისთავისა, და მოიმტკიცა ამით იმერეთი უმეტესად. არამედ ასულსა მისსა თამარს მსახურებდნენ იმერნი, ერჩდნენ და მარადის იყვნენ წინაშე მისსა. ამას შეუძნდა სჳმონისა და დისა თჳსისა მფლობელობა, ვინაჲთგან თჳთ არღარა ექმნებოდა იგინი და აეშურა მათ. ესე იხილა რა სჳმონ მეფემან, შეშინდა და ივლტოდა ქართლსა. ხოლო იმერეთს თაობდა აბაშიძე და დედოფლობდა ასული მისი, და მორჩილებდნენ სრულიად ყოველნი. მაშინ მომკუდარ იყო კათალიკოზი ევდემონ და შეწევნითა აბაშიძისათა დასუეს კათალიკოზად ბეჟან ლორთქიფანიძის ძე გრიგოლი.

ამ ჟამებთა არა ერჩნდნენ რომელნიმე ლეჩხუმელნი ლიპარიტიანსა და ეკირთებოდნენ ოკრიბასაცა. ესე აუწყა ლიპარიტიანმან აბაშიძეს და ვინაჲთგან იყვნენ მეგობარნი მტკიცენი, შეიკრიბა აბაშიძემ იმერნი, გათხარეს მთა რაჭა-ლეჩხუმისა თოვლიანი და შევიდნენ ლეჩხუმს, ურჩნი მოსწუნეს, მოსტყუევნნეს და დაუმორჩილა ლიპარიტიანსა. მერმე უკმოიქცა და მოვიდა იმერეთს.

ხოლო ასულმან აბაშიძისამან ინება შერთუა ლიპარიტიანისა და სთნდა ესე ლიპარიტიანსაცა, რათა განუტეოს ცოლი თჳსი, რომლისა თანა ესხნენ ძენი შჳდნი მოწიფულნი, და ამისთჳს წარვიდაცა თამარ ოდიშს, ისტუმრა მიქელაძე გიორგიმ, რამეთუ აბაშიძე იყო დისწული მიქელაძისა, და გამოიკითხა სადა-მიმავალობა თამარისა. ხოლო სცნა რა, ეტყოდა თამარს: "რად წარხვალ ოდიშს. ვინაჲთგან ხარ ასული ჩუენი, მოიყვანე ლიპარიტიანი და მე გიქმნა ქორწილი ჯეროვანი". ირწმუნა თამარ და მოუწოდა ლიპარიტიანსა. და იგი მოვიდა მცირითა კაცითა. მაშინ ეტყოდა მიქელაძე: "განსდიდნი ეგოდენ ჩიქოვანი, რამეთუ უტევებ დასა ჩემსა, აწვე მოგაკუდინო, უკეთუ არა სცხო მირონი თამარს". შეშინდა ლიპარიტიანი, სცხო მირონი თამარს. შემდგომად უმასპინძლა, უძღუნა და განუტევა. არამედ შემდგომად მცირედისა წარვიდა თამარ და შეირთო ლიპარიტიანი და განატევებინა ცოლი პირველი. მიერითგან უჴმობდნენ თამარს ოდიშისა და იმერეთის დედოფლად.

შემდგომად განდგნენ რაჭველნი აბაშიძისაგან, შეიკრიბნა სპანი იმერეთისა აბაშიძემ, შეუჴდა რაჭას, მოსწუა, მოსტყუევნნა, დაიმორჩილნა და მოვიდა იმერეთს. ხოლო გურიელმან მამიამ განიზრახა მეფობა კუალად სჳმონ მეფისა და ეზრახა ფაშას, რათა მოსცეს სჳმონ და ამან მეფედ ჰყოს იგი. გარნა ვინაჲთგან სანდო იყო ფაშისა გურიელი, მოითხოვა კუალად სჳმონ ნაზარ-ალიხანისაგან, მოიყვანა და მისცა გურიელსა. მაშინ გურიელმან განატევებინა ასული აბაშიძისა ანიკა სჳმონს და შერთო დაჲ თჳჳსი ცოლად და აქორწინა. ესე შეუძნდა აბაშიძეს, მოუწოდა ლიპარიტიანსა და შეკრბნენ საჭილაოს სპითა და ეზრახნენ გურიელსა, რათა მოჰკლას სჳმონ მეფე, და ჰყონ გურიელი მეფედ. ხოლო გურიელმან არა ინება და ნება სცა ამათ. მაშინ წარავლინეს ამათ კაცნი და ცოლისა თჳსისა თანა მწოლი სჳმონ; ოდეს განვიდოდა ბუნებისა სამჭირნოსა ადგილსა, ჰკრეს თოფი და მოკუდა სჳმონ მეფე ქ{რისტე}სა ჩ̃ღა, ქარ{თულსა} ტ̃პთ.

კ̃დ გურიელი მამია, ა̃ წელი მეფა[edit]

მაშინვე მოიყვანეს მამია გურიელი და დასუეს მეფედ იმერთა. ესმა რა ესე ერეკლე მეფესა, აღუძნდა და მოვიდა დაღალულას სპითა ქართველ-კახითა მრისხანედ აბაშიძესა ზედა, რათა შეანანოს და მიუღოს ხეფინის ჴევიცა, და წარუვლინა ამისთჳს კაცი. ხოლო აბაშიძეს, უკუნმთქმელსა ამისსა, ეტყოდა კაცი იგი: "არა ჯერ არს შენდა ეგე-ვითარნი, რამეთუ თჳნიერ სხჳსა დიდებისა უძღჳს ი̃ბ ჯინიბნი". მიუგო აბაშიძემ: "არა ძალ-უცს ი̃ბ ზედა აღჯდომა მას ერთბამად. ხოლო მე მხოლოსა ჩემსა ცხენსა ვსასოებ, უკეთუ მძლოს, ვერ მეწიოს, და უკეთუ ვსძლო, ვერ განმერეს". არამედ ვაზირთა ერეკლესთა ეზრახოდა აბაშიძე, მათ მიერ უკუნიქცა ერეკლე მეფე, ვერღარა ჩამოვიდა იმერეთს. ხოლო გურიელი მამია თუცა იყო მეფედ, გარნა წარსაგებელითა თჳსითა, რამეთუ ჰყიდდა ტყუეთა გურიელთა და აძლევდა იმერთა. ვინაჲთგან სამეფონი დაბანი, აგარანი და შემოსავალნი ეპყრა აბაშიძეს და ასულსა მისსა თამარს და მოახლედ მათდა იყვნენ წარჩინებულთა და აზნაურთა ძენი და თჳთ იგინიცა, ამისთჳს წარვიდა გურიელი გურიასავე.

კ̃ე. აბაშიძე გიორგი, ე̃ წელი მეფა[edit]

ხოლო მთავრობდა აბაშიძე და განეგებოდა მის მიერ ყოველი იმერეთი. ზამთარსა ამას ევედრა ლიპარიტიანი აბაშიძეს, რათა შეეწიოს აფხაზთა ზედა, რამეთუ მიეღოთ აფხაზთა ეგრისის მდინარემდე და აოჴრებდნენ ოდიშს კლვითა და ტყუეობითა. უსმინა აბაშიძემ, შემოიკრიბნა სპანი იმერთა, წარვიდა და შთავიდა აფხაზეთს. ვერ წინააღუდგა შარვაშიძე, მოსტყუევნეს აფხაზეთი, აღიღო ალაფი დიდი, დააზავა ლიპარიტიანი და შარვაშიძე, გამოუხუნა ქუეყანა მიღებული და მძევალნი, მერმე წარმოვიდა და მოვიდა იმერეთსავე.

ხოლო სიკუდილისა შემდგომად სჳმონ მეფისა მოიყვანა ისაყ ახალციხის ფაშამ გიორგი, ძმა სჳმონ მეფისა, ერეკლე მეფიდამ და იზრდებოდა ახალციხეს; და ვითარ განდიდნა აბაშიძე და არღარა ეგოდენ მორჩილებდა ფაშასა და არცაღა აქუნდა ქრთამნი ეგოდენნი იმერეთისაგან, დამართა წინაშე ხონთქრისა. განრისხნა ხონთქარი მუსტაფა და წარმოავლინა აზრუმის ფაშა სპითა დიდითა ზღჳთ და ჴმელით, რათა დაჰყონ წელი შჳდი იმერეთს და მოაოჴრონ სრულიად ციხეებითურთ. წარმოემართა აზრუმის ფაშა კერძოთა გურიისათა. ხოლო ქეჰა თჳსი წარმოავლინა სპითა ახალციხეს, რათა შემოიკრიბოს სპანი სამცხისანი და შთავიდეს იმერეთს.

ამისმან მცნობელმან აბაშიძემ შემოიფიცნა სრულიად იმერნი, გურიელ-დადიანითურთ და დახიზნა იმერეთი. მერმე შემოიკრიბნა სპანი და შეკრა გზანი. მაშინ ფაშამ გამოვლო ჭოროხი ნავის ჴიდითა და დადგა გურიას. ხოლო ქეჰა და ახალციხის ფაშა მოადგნენ კაკას ჴიდს. ვერ დაუდგეს იმერთა დიდროვანთა თოფთა ცემისათჳს, გამოვლეს ოსმალთა, ჩამოვიდნენ და დადგნენ ბაღდადს. კუალად გამოვიდნენ ზღჳთ ოდიშს ოსმალთა სპანი. არამედ ვერარაჲ სცნა სარასკარმან სპათა თჳსთა, ვერცა რა ქეჰამ სარასკარისა, ვინაჲთგან იყვნენ გზანი ყოვლგნით შეკრულნი. მერმე უარჰყო ფიცი აბაშიძისა გურიელმან და მივიდა წინაშე სარასქარისა და მიქელაძესა გიორგის, ვინაჲთგან მტერობდა ლიპარიტიანი წინათქმულთათჳს, იგიცა მივიდა მიმდგომითა თჳსითა წინაშე ქეჰასა. ამან მიქელაძემ ჰყო ყოლაუზობა და აცნობა ამბავი სარასკარსა ქეჰასი. მაშინ წარმოემართა სარასკარი იმერეთსა ზედა და ქეჰას უბრძანა მისლვა არგუეთს. შემოვიდნენ და მოსწუეს არგუეთი ოსმალთა და მოადგნენ ჭალატყის კოშკებთა, რომელი განემაგრა აბაშიძეს თხრილებითა. განმაგრდნენ მეციხოვნენი და მოსრვიდნენ მრავალთა ოსმალთა.

შემდგომად მოუჴდა ისაყ ახალციხის ფაშა სპათა შემოტევებით, აღიღო თხრილი და მიუდგინნა ქუეშე მთხრელნი და წარმოვიდა თჳთ. ხოლო შემდგომად შეთხრისა მისცეს ცეცხლი და გარდმოაბრუნვეს სამნივე იგი კოშკნი ძირითურთ და დაირღუნენ. ეჰა უცხო, რამეთუ მორჩა კაცი ერთი უვნებელად და განუტევეს ოსმალთაცა. ხოლო ოდიშს შემუსრეს ციხე რუხი და დაადგინნეს მცველნი თჳსნი და მოსტყუევნნეს მრავალი დაბნები და აღაშენეს ანაკრიას ციხე.

არამედ შეიწყალა ღმერთმან კუალად ქუეყანა ესე, მოკუდა სულტანი მუსტაფა და დაჯდა სულტან აჰმად და იქმნა შფოთი დიდი სტამბოლს. ამისთჳს მოუწერეს სარასპარსა, რათა უკუნ-იქცეს. მაშინ სარასკარმან უბრძანა ქეჰას, რათა დაეზაოს აბაშიძეს და უკუნიქცეს. ამისთჳს ქეჰამ იჩემა ნათესავობა აბაშიძისა და ეგრეთვე აბაშიძემ და მიუთხრა ქეჰამ შემუსრვა შორაპანისა და ნახვა ქეჰასი და მისცეს ძღუენი სარასკარსა და მან აღუსრულოს ყოველი წადილი აბაშიძეს. ხოლო აბაშიძემ აღუთქუა ყოველი და ნახვა ქეჰასი, უკეთუ მომატანოთ სპანი ჩემნი. ამისი ნება სცა ქეჰამ და აღმოარჩია იმერთა, რაჭველთა და ლეჩხუმელთა აბაშიძემ ფ̃ მჴედარნი შეჭურვილნი და თავ-ჰყო მათდა ქაიხოსრო იაშვილი, მიიტანნა და მივიდა ქეჰასსა. მაშინ ნახევარნი შეუძღუნენ და ნახევარნი უკანა ჰყვებოდნენ აბაშიძეს. იხილა ქეჰამ, პატივ-სცა, ჰყვეს პირი, რომელიცა აღუთქუა, მერმე ანიჭა ქეჰამ და წარმოვიდა. ამისთჳს შემუსრა აბაშიძემ შორაპანი და მისცა მძევალი და ქრთამი. არამედ აშვილა ქეჰამ გიორგი, ძე ალექსანდრე მეფისა, აბაშიძეს და ჰყო მოურნედ მისსა და დაუტევა მეფედ გიორგი და თჳთ უკუნ-იქცა და წარვიდა. ხოლო იმერთა ბრძანებითა აბაშიძისათა შეჰკრეს მთა ფერსათი და მოსრვიდენ მრავალთა ოსმალთა. კუალად ეწივნენ იმერნი, მოკლეს კოლის ფაშა და დაკოდეს ჴელსა შინა ისაყ ახალციხის ფაშა, აოტნეს ოსმალნი და აღიღეს ალაფნი ურიცხუნი, ცხენნი, ჯორნი და აქლემნი კიდებულნი და მოვიდნენ წინაშე აბაშიძისა. ხოლო სარასკარმან განვლო გურია და წარვიდა. ეგრეთვე ოდიშითცა წარვიდნენ ოსმალნი და დაიპყრა აბაშიძემ კუალად მთავრობა ქ{რისტე}სა ჩ̃ღგ ქარ, ტ̃ჟა.

ხოლო გიორგი, ძე ალექსანდრე მეფისა, რომელი დაუტევეს მეფედ, შეშინდა აბაშიძისაგან და შევიდა ქუთათისს ციხესა შინა. არამედ მიქელაძე გიორგი ერთგულებდა მას და ჰყვა ასული გიორგი მეფისა, ასულის წული თჳსი, რამეთუ, ოდეს წარვიდა ისპაანს, დაუტევა მის თანა. ამან განუზრახა გიორგის, ქუთათისს მყოფსა: "რამეთუ მოიკლა მამაცა შენი მტერობითა გიორგი მეფისათა და აწ არს მპყრობელი ქართლისა და ძლიერი; მე მოგცე ასული მისი, შეირთე იგი და მწეობითა მისითა დაიპყარ იმერეთი". ესე სთნდა გიორგის, მოიყვანა სახლსა თჳსსა და აქორწინა როდამის თანა და იყო ქუთათისსვე მწირად ფრიად. არამედ შემდგომად ამისა უვლინებდა ვახტანგ განმგებელი ქართლისა საფასესა მრავალსა. გარნა აბაშიძე უმეტეს განდიდნა და განმდიდრდა, რამეთუ დადიან-გურიელი მოწოდებითა მისითა მის წინაშე იყვნენ მარადის.

ამ ჟამებთა მოიჴსენა თამარ ასულმან აბაშიძისამან შური გიორგი მიქელაძისა და ნება მისცა აბაშიძემანცა, ვინაჲთგან მისცა ასული გიორგი მეფისა გიორგის, ძესა ალექსანდრე მეფისასა; გამოაძეს მიქელაძე მამულისაგან და დაიპყრა საჭილაო-სამიქელაო ლიპარიტიანმან. ხოლო მიქელაძე წარვიდა ქართლს. შემდგომად განევლტო ლიპარიტიანსა ძმა თჳსი იესე, რომელსა ეპყრა ლეჩხუმი ნებითამე ლიპარიტიანისათა, და მივიდა წინაშე გიორგისა ქუთათისს, რამეთუ ამას იესეს ცოლად ჰყვა მარიამ, მამიდა გიორგისა, ასული ბაგრატ მეფისა. ამისთჳს შეშინდა ლიპარიტიანი, მოვიდა ლეჩხუმს, გამოასხნა სანდონი იესესნი და დაადგინნა თჳსნი და მისცა ძესა თჳსსა ბეჟანს ლეჩხუმი და უხუცესსა კაციას დადიანობა და შედეგსა გაბრიელს მონაზონსა ჭყონდიდლობა და თჳთ ლიპარტიანობდა კუალად და იყვნენ მორჩილებასა შინა მისსა ძენი მისნი. არამედ პირველითვე მიეღოთ ესოდენთა ბოროტებათა შინა მთავართა კერძონი თჳსნი აზნაურნი, დაბანი და ციხენი: ერისთავს რაჭა, გლოლა ჯაფარიძითურთ, იაშვილს კუარა, წულუკიძეს ხოტევი, აბაშიძეს სუერი. არამედ სუერი მისცა პაატა აბაშიძეს შანაოზ მეფემან, ლიპარიტიანს ლეჩხუმი და საჭილაო-სამიქელაო, გურიელს საჯავახო და ჩიჯავაძენი მარადის იყვნენ წინაშე მისსა.

არამედ დაამშჳდა აბაშიძემ იმერეთი ჴდომა-ოჴრებათაგან ფრიად, რამეთუ ვერვინ იკადრებდა ჰარმად რისამედ, კუალად ვერცაღავინ იკადრებდა განყიდვად ტყჳსა, თჳნიერ მისსა. არამედ ოდიშს და გურიას იყიდოდა ტყუენი ფრიად და უმეტეს ოდიშს ლიპარიტიანისაგან. ამ ჟამებთა ეზრახა ვახტანგ, განმგებელი ქართლისა, აბაშიძეს მძახლობასა და სთხოვა ძე მისი ლევან ქართლს, რათა მისცეს სააბაშიო ქართლისა. და ასული თჳსი და იყოს სიმტკიცე მათ შორის. ესე განიხარა აბაშიძემ, არამედ მიუთხრეს კაცთა მზაკუართა, უკეთუ წარუვლინოს ძე, მან წარგზავნოს წინაშე ყეენისა. ესე ირწმუნა აბაშიძემ, ვინაჲთგან ჰყვა გიორგის ასული გიორგი მეფისა და სწერდა ვახტანგს მწეობასა მისსა და არღარა იქმნა მათ შორის მძახლობა. ამისთჳს დაუტევა ვახტანგ აბაშიძე და იწყო მწყობა გიორგისა, გარდააბირა კათალიკოზი და გენათელი და ერისთავი შოშიტა, რამეთუ შოშიტას ესუა ცოლად ასულისწული აბაშიძისა ალექსანდრე მეფის ასული, და იყო ქალი იგი ხელ და სულელ და სძულობდა ერისთავი და ენება განტევება მისი, არამედ არა ძალ-ედვა აბაშიძის გამო. ხოლო იხილა რა მიზეზი ესე, შეითქუნენ ამათ მიერ, რომელნი ვაჴსენეთ და გამოიყვანეს გიორგი ქუთათისიდამ და უწოდეს მეფედ ქ{რისტე}სა ჩ̃ღზ, ქარ{თულსა} ტ̃ჟე.

კ̃. მეფე გიორგი ვ̃, დ̃ წელი მეფა[edit]

ხოლო დაჯდა გიორგი მეფედ, ძე ალექსანდრე მეფისა; მიუვლინა აბაშიძეს, რათა დაუტეოს სამეფო ყოველი და დაიპყრას მამული თჳსი. მაშინ აბაშიძემ წარუვლინა კათალიკოზი და გენათელი, რათა ჰყონ ზავი და მშჳდობა. არამედ კათალიკოზისა და გენათელის განზრახჳთა არღარა გამოუტევა მეფემან იგინი, რამეთუ ეტყოდნენ: "უკეთუ არა განგვიტეოთ მოგერთნენ ყოველნი იმერნი", მაშინ დაუტევებდნენ აბაშიძეს და მიერთოდენ გიორგი მეფესა. ამისთჳს ეზრახა აბაშიძე ლიპარტიანსა, მოვიდა ლიპარტიანი სპითა შეკრებული და დადგა ვაკესა შინა. ხოლო ქუთათისს იყო მეფე რაჭის ერისთვით და იმერლით. წარავლინა მარბიელნი, რაჭველნი და იმერელნი რაოდენნიმე მათ თანა და შეესივნენ დაბნებთა ვაკისათა. მცნობელმან აბაშიძემ, უბრძანა სპათა თჳსთა, მოეტევნენ, მოსრნეს და შეიპყრნეს უმრავლესნი რაჭველნი, ტყუე-ჰყვნეს და დაყიდნეს სრულიად. მაშინ ერისთავი წარვიდა სპათა განმრავლებისათჳს. ამ ჟამებთა მოკუდა ცოლი ლიპარტიანისა და ასული აბაშიძისა თამარ სენითა ბოროტითა. მაშინ მოიჴსენეს შური მამისა თჳსისა ძეთა ლიპარტიანისათა განტევებისათჳს დედისა მათისა, დაუტევეს მამა და მოერთნენ გიორგი მეფესა. ეგრეთვე ძმისწულნი აბაშიძისანი, რამეთუ ვახუშტის მისცა ასული თჳსი გამგებელმან ქართლისამან ვახტანგ და უკუბირნა ბიძასა, დაუტევეს და მოერთნენ მეფესა ზურაბ, სჳმონ და ვახუშტი.

არამედ თუმცა ჰყვეს მეფედ გიორგი, გარნა ვერ გამოვიდა ქუთათისიდამ ამ ჟამამდე. ხოლო აწ გამოვიდა და რომელნი არა მიერთოდნენ იმერნი, სტყუენვიდნენ და ეკირთებოდნენ მამულთა მათთა და წინააღუდგებოდიან აბაშიძისანი და იყო ჴდომა მარადის. შემდგომად მოადგა მეფე კახსა რომელი ეპყრა აბაშიძეს ციხე. მაშინ ლიპარტიანი, მხილველი ამისი, მივიდა რაჭას ერისთავისა თანა ძაძოსანი, რათა შეეწიოს აბაშიძეს, ეტყოდა: "ძე ხარ მისი და არა ჯერ არს განწირვად შენგან მისი". უსმინა ერისთავმან, შეკრბნენ ორნივე სპითა თჳსითა, მოვიდნენ და დადგნენ ფარცხანაყანევს; აქეთ აბაშიძე შეკრებული სპითა წარვიდა მათ თანა, რათა შეკრბნენ და მოვიდნენ მეფესა ზედა.

ამისთა მცნობთა განაზრახეს მეფე, რათა არა შეკრიბონ იგინი. არამედ მსწრაფლად ვლეს ღამე იგი და დილასა დაესხნენ ლიპარტიანსა და ერისთავსა და იქმნაცა ბრძოლა ფიცხელი, სძლეს მეფისათა და ივლტოდნენ მეგრელნი. მოსრვიდენ და შეიპყრობდნენ, ქ{რისტე}სა ჩ̃ღთ, ქარ{თულსა} ტ̃ჟზ. აღიღეს ალაფი მათი და პყრობილნი დაჰყიდნეს ვეცხლთა ზედა. ამის მცნობი აბაშიძე უკმოიქცა და მოვიდა სუერს ციხესა შინა. ხოლო მეფე მოადგა კაცხსავე, მცირესა ხანსა შინა მოსცა პაატამ, ძემან აბაშიძისამან, ციხე. არამედ უტეხა პირი, განყიდნა ხიზანნი და დაიპყრა ციხე თავისად. მერმე მოადგა აბაშიძეს, სუერს მყოფს; არამედ, ვინაჲთგან მტკიცე არს სუერი, ვერარაი ავნო და მოეცალა. შემდგომად შემოიკრიბნა იმერნი და წარვიდა მეფე რაჭას, ანუ დაიპყრას, ანუ დაიმორჩილოს; გარდავლო ნაჯიხურევი და დადგა შაორს. არამედ წულუკიძე, იაშვილი და ჯაფარიძენი იყვნენ ერისთვისა თანა, ვინაჲთგან იყო გიორგი წულუკიძე სიძე ერისთვისა. მაშინ ღამით შემოეპარნენ რაჭველნი და მოკლეს ჩხეიძე სალთხუცესი; აღუძნდა მეფესა და წარვიდა ხოტევსა ზედა. არამედ, სცნეს რა სიმტკიცე ხოტევისა, უკმოიქცა მეფე და მოვიდა იმერეთს. ამისა შემდგომად მოადგა მეფე ნავარძეთს ციხესა აბაშიძისასა. ამ ჟამთა განუტევა ერისთავმან შოშიტამ ცოლი და შეირთო ჩიქოვანის იესეს ცოლი მარიამ, მამიდა გიორგი მეფისა, და დაჲ განუტევა.

ხოლო მოდგომილს ნავარძეთს მეფეს აზრახეს ძეთა ლიპარიტიანისათა კაცია და ბეჟან, რათა ულაშკროს მეფემ და გარდააგდონ მამა მათი და დაიპყრან მათ ოდიში. უსმინათ მეფემ, მოუდგინა ნავარძეთს ქუელი წერეთელი და თჳთ წარვიდა ოდიშს; ვერ წინააღუდგა ლიპარიტიანი, არამედ ივლტოდა აფხაზეთს. ხოლო ამათ დაიპყრეს ოდიში და მიჰყვნენ აფხაზეთს, მუნ წინააღუდგა შარვაშიძე, ზავჰყვნეს მის თანა, უქმოიქცნენ ოდიშსვე და დასუეს კაცია დადიანად. მერმე მოვიდა მეფე იმერეთს. ხოლო ქუელმან აღიღო ნავარძეთი და წარგზავნა მეფემან ზარბაზნები მისი კაცხს. გარნა მეფის ოდიშს ყოფასა შინა მოუჴდა ერისთავი ჭალა-ტყეს, რეცა მწე-ყოფისათჳს აბაშიძისად, მოსტყუევნნა სრულიად და წარვიდა რაჭასვე. მაშინ, ვინაჲთგან გურიელი არა მწე-ეყოფოდა მეფეს აბაშიძის გამო, ამისთჳს შეკრებული მეფე წარვიდა მის ზედა. მისრულს ვერ წინააღუდგა გურიელი თჳნიერ სიმაგრეთა შინა და მოსტყუევნეს გურია. არამედ აოტეს ბეჟან ლეჩხუმელით საჯავახოსა შინა და მოკუდა კაცია დადიანიც, ძმა ბეჟანისა, ოდიშს ხუნაგითა.

ამისთჳს უკმოიქცა მეფე და მოვიდა იმერეთს. მაშინ მოვიდა ლიპარიტიანი და დაიპყრა მანვე ოდიში. ეზრახა გურიელსა და შეირთო ასული გურიელისა თამარ ცოლად. ხოლო აბაშიძეს, სუერს ციხეს მყოფს, მოუვლინა ვახტანგ ქართლის გამგემ კაცნი და ცხენნი და ყოველნი საჴმარნი, წარვიდა და იმყოფებოდა ქართლს, რამეთუ ვახუშტი წინათვე წარიყვანა და მისცა ყოველნი, რომელიცა აღუთქუა აბაშიძეს. ხოლო შემდგომად ამისა დაიზავა მეფემან ლიპარიტიანი. შემოიკრიბნა სპანი იმერთანი ლიპარიტიანითურთ, შევიდა რაჭას, მოსწუა, მოსტყუევნა სხოვადმდე ქ{რისტე}სა ჩ̃ღია, ქარ{თულსა} ტ̃ჟთ. არამედ ლიპარიტიანი იქმნა შინაგანმცემელ. ამისთჳს უკმოიქცა მეფე და ჩამოვიდა იმერეთს, არამედ ვინაჲთგან იყო გიორგი მეფე ცუნდრუკი, მომხუეჭელი, ანგაარი, ვეცხლისმოყუარე, შეიზრახნენ გურიელისა თანა ლიპარიტიანი, ერისთავი, და ბეჟან ლეჩხუმის ბატონიცა მოვიდა მამისა თანა. ამას მიჰყვა ზურაბ აბაშიძე, მოიყვანეს და ყვეს მეფედ გურიელი ქ{რისტე}სა, ჩ̃ღია, ქარ, ტ̃ჟთ.

გურიელი მამია, ა̃ წელი მეფა[edit]

ხოლო გიორგი მეფე ვერ წინააღმდგომი წარვიდა ქართლს, ისტუმრა ვახტანგ გორს და პატივ-სცა. არამედ იყო აბაშიძეცა მუნ მის თანა და გურიელმან დაიპყრა იმერეთი. განუტევა ცოლი თჳსი, ასული აბაშიძისა, ელენე. მოიყვანა ერისთვის დაჲ თამარ (რომელსა განეტევებინა ქმარი პირველი ფხეიძე პაპუნა), შეირთო იგი და იქორწინა და გურიას დასუა ძე თჳსი გიორგი გურიელად.

ხოლო გიორგი მეფემან გორს მოითხოვა ვახტანგისაგან აბაშიძე, რათა მისცეს მესისხლე თჳსი. მაშინ ვახტანგ ზავ-ჰყო მათ შორის, გამოუხუნა აბაშიძეს მძევალნი, ძე და ასული, და აბაშიძე წარმოავლინა იმერეთს და მოვიდა გურიელისა თანა. მერმე წარმოუვლინაცა მძევალნი, ძე და ასული, აბაშიძეს ვახტანგ.

ხოლო გიორგი მეფე წარვიდა სამცხეს, შეიწყნარა ისაყ ფაშამ და აღუთქუა მწე-ყოფა, არამედ ეზრახა ახალციხიდან ლეჩხუმის ბატონს ბეჟანს, რამეთუ ზურაბ აბაშიძე განლტოლვილი იყო გურიელისაგან და მოვიდა მეფისა თანა. ვინაჲთგან ეტყოდნენ ზურაბს, რათა განეყოს ბიძასა თჳსსა. არამედ ზურაბს წილნი თჳსნი სრულიად განეყიდა ტყუედ. ესე შეუძნდა და წარვიდა.

ხოლო ზაფხულს წარვიდა მეფე ახალციხიდამ ზურაბით, გამოვლეს ღამით არგუეთი, არავის რა ავნეს და მივიდნენ ლეჩხუმს, მუნ შემოიკრიბა ბეჟან ლეჩხუმლით და წარმოვიდნენ არგუეთსა ზედა. მცნობი ქუთათისს მყოფი გურიელი წარმოვიდა არგუეთს აბაშიძით, ერისთვით, იმერლით და გურიელით, რათა არა მიუღონ არგუეთი და მოვიდნენ ჩხარს. გარდმოვლო მეფემანცა. თხილთაწყაროდამ და იქმნა ბრძოლა ძლიერი ჩხარს ქ{რისტე}სა ჩ̃ღიბ, ქარ{თულსა} უ̃, და მოისრვოდნენ გურიელისანი კნინღა სივლტოლად. იხილა ბეჟან და ზურაბ, მოუჴდნენ გუერდით კერძოდ და იწყეს ცემა თოფითა. მოკლეს გიორგი წულუკიძე და ივლტოდა პაატა ფხეიძე და ერისთავი, იძლია გურიელი და წარვიდა რაჭას და სხუანი სპანი დაიფანჩნენ არგუეთს შინა. მიჰყვნენ მეფისანი, მოსრვიდნენ და შეიპყრობდნენ უმეტეს გურიელთა და დაიპყრა იმერეთი გიორგიმ.

კ̃. გიორგი მეფე, ი̃ თთუე მეფა[edit]

ხოლო პყრობილნი განყიდეს ოსმალთა ზედა და იმღერდიან გურიულთა: "ჩუენი თეთრი ჩუენვე შემოგვაქციესო". და აბაშიძე სუერიდამ მივიდა ქართლს და შემდგომად მცირედისა მოადგა მეფე სუერს, ვერ აღიღო და მოეცალა. არამედ ზურაბ შეუჩინა მეციხოვნეთა და აღუთქუა ნიჭნი, მისცეს ზურაბს და დაიპყრა მან სუერი. ხოლო გურიელი ეზრახა ბაქარს, ძესა ვახტანგ მეფისასა, რათა მისცეს გზა; მოეგება იგი ქცხინვალს და დიდითა პატივითა წარიყვანა გორს. გარნა უფროსად უმასპინძლებდა კათალიკოზი დომენტი, უძღუნეს და წარუძღუანეს კაცნი. მივიდა ჯავახეთს ასან ფაშისა თანა სიძისა თჳსისა და მუნით მოვიდა გურიას. კუალად აბაშიძეს მისცა ბაქარ საჴმარნი გზისანი, წარმოუძღუანნა კაცნი, გარდმოვლეს კუდარო და მოვიდა რაჭას შემოდგომას. ხოლო გაზაფხულს მეფეს, გეგუთს მყოფს, შეასმინა ზურაბ აბაშიძემ ნიჟარაძე გიორგი, რომელსა ჰყვა ასული აბაშიძისა: "რამეთუ ვალს მის თანა და აცნობებს საქმესა შენსა აბაშიძეს და უქო ცოლი მისი და ბიძაშვილი თჳსი კეკლუცობითა და შუენიერებითა". ეტრფიალა გიორგი მეფე, ვინაჲთგან სძულობდა ცოლსა თჳსსა. არამედ ვერ იკადრებდა აქამომდე განტევებასა მისსა ვახტანგის გამო. მაშინ შეიპყრა ნიჟარაძე, წაგვარა ცოლი და მას აღმოჴადნა თუალნი. ხოლო ქალი იგი ჰყვა და თანაეყოფოდა. ესე სიხარულად სჩნდა ზურაბს მტერობითა ბიძისათა.

ხოლო აქა ნეშტსა არჩილისასა ვიტყოდეთ. ვინაჲთგან დაუტევნა თჳსნი იმერეთისათჳს და არცა რაი დაშთა იმერეთისა, ამისთჳს მიეცა ცხოვრებისა მისისა აღსასრული აღწერად იმერეთსა შინა, რადგან დაშთა მხოლოდ ესე. მისრულს აშტარსანს მოეგება ძე თჳსი ალექსანდრე, რამეთუ ესე ალექსანდრე წარეყვანა დიდს მეფეს პეტრეს საფრანგეთს და ესწავა ჴელოვნება ზარბაზან-ყუმბარისა და საცეცხლოსა. მივიდა არჩილ მეფე მოსკოვს და პატივით შეიწყნარა ჴელმწიფემ. მერმე მისცა მამული დიდი და ფელცეხმეისტრობა ალექსანდრეს (ესე არს მინდვრის ცეცხლის მარიგებლობა, რომელ არს ზარბაზან-ყუმბარის უხუცესობა).

შემდგომად ალექსანდრე შეიპყრეს ნარმას შემოთა და წარიყვანეს პატიმრად სთოკოლმას და იყოფოდა მუნ რაოდენმე წელსა და არჩილ მოსკოვს. მერმე გამოუტევეს ალექსანდრე პაემნითა, რათა იხილოს მამა და ცოლი თჳსი, რომელი ჰყვა მოსკოვს. არამედ მოსრული რიგას მოკუდა ალექსანდრე შირიმის სენითა ქ{რისტე}სა ჩ̃ღი, ქარ{თულსა} ტ̃ჟჱ და მოსწყდა უძეოდ. რა მოიღეს მოსკოვს, მისცა ჴელმწიფემ სასაფლაოდ დონის მონასტერი და დაფლეს მას შინა. ხოლო შემდგომად დიდისა მწუხარებისა მიიცვალა არჩილ მეფეცა ქ{რისტე}სა ჩ̃ღიბ, ქარ{თულსა} უ̃ და დაფლეს დონსავე დიდითა პატივითა და დაშთენ დედოფალი ქეთევან და ასული დარეჯან. ამას ეპყრა ყოველი მამული მამისა თჳსისა და იყოფოდა პატივით ჴელმწიფისაგან აღსრულებამდე თჳსისა.

ხოლო იმერეთს შეიზრახნენ კუალად გურიელი, დადიანი, ერისთავი, აბაშიძე და ბეჟან ლეჩხუმით, შეკრბნენ ესენი და მოვიდნენ ნოემბერს ოკრიბას, ხოლო გიორგი მეფე იდგა ქუთათისს, ზურაბ აბაშიძე და იმერნი მის თანა შეკრებულნი. დღესა ერთსა წარვიდა სჳმონ აბაშიძე, რათა იხილოს ტალანი. ხოლო ტალათა მათ ბრძოლა უყვეს და აოტნა იგინი სჳმონ, მოეშუელნენ სპანი გურიელისანი თჳსთა და აოტეს სჳმონ. ამას მოეშუელა მეფე სპითა, ამისთჳს აღმჴედრდა გურიელიცა სრულიად თჳსითა, ეკუეთნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი; იძლია მეფე და ივლტოდა; ამათ მოსრნეს სპანი მათნი და შეიპყრეს უმრავლესნი, და დაჰყიდნეს სრულიად ოსმალთა ზედა ქ{რისტე}სა ჩ̃ღიგ, ქარ{თულსა} უ̃ა და იმღერდიან გურიელნი: "იმერელთა ჩუენი თეთრი ჩუენვე შემოგვაქციესო". და აღმოიხუნეს გურიელთა ვეცხლნი თჳსნი.

გურიელი მამია, ბ̃ თთუე მეფა[edit]

ხოლო მეფე წარვიდა ქართლს და გურიელმან დაიპყრა იმერეთი და დაიმორჩილნა ურჩნი. გარნა გიორგი მეფე ისტუმრა სჳმონ ტფილისს, უძღუნა და დაასადგურა ქართლს. შემდგომად წარვიდა ახალციხეს ისაყ ფაშისა თანა. არამედ მოკუდა გურიელი მამია ქ{რისტე}სა ჩ̃ღიდ, ქარ{თულსა} უ̃ბ იანვარს ე̃. წარიღეს გურიას და დაფლეს შემოქმედს სამარხოთა მათთა; და დაჯდა ძე მისი გიორგი გურიელად.

მაშინ ვინაჲთგან ეზრახოდა ბეჟანს მეფე და ზურაბ იყო მის თანა, ამის გამო შეშინდა ერისთავი შეერთებისათჳს მათთა, გამოიყვანა ჭყვიშიდამ სიძე თჳსი ბააკა ჩიქოანი და მისცა ჭყვიში ბეჟანს, და შეიმტკიცნენ იგინი. არამედ ამათ ორთავე ენებათ დანი თჳსნი მეფისათჳს ცოლად და მეფეს ენება შერთვა აბაშიძის ასულისა, ნიჟარაძის ნაცოლარისა. გარნა ამათ ცდუნებითა ურთიერთისათა განატევებინეს მერაბ წულუკიძეს ცოლი და, თჳნიერ ნებისა აბაშიძისა და ქალისა მის, შერთეს მერაბს ქალი იგი, რამეთუ აბაშიძეს უვლინებდა მეფე, რათა არა გაუთხოვოს ქალი იგი, ამისთჳს მოვიდნენ შეკრებულნი ესენი და უქმნეს ქორწილი მერაბს ქალსა მას ზედა.

კ̃. მეფე გურიელი, ბ̃ წელი მეფა[edit]

და გაზაფხულ ჩამოვიდა მეფეცა, დაიპყრა იმერეთი და შესძინა შურს ბოროტი და ბრმა ნიჟარაძე გარდმოაგდო კლდესა და მოკუდა. არამედ დადიან-გურიელი, ერისთავი და ბეჟან იყვნენ თჳსთჳსად და ჰგონებდა ბეჟან დისა თჳსისა შერთვას მეფისაგან. გარნა მცირედითა მონითა მივიდა მეფე რაჭას. შეირთო დაჲ ერისთვისა, ქურივი გურიელის მამიასი და განუტევა როდამ გიორგი მეფის ასული, ქართლს მყოფი, ძით და ასულით. მერმე ჩამოვიდა მეფე იმერეთს ერისთვით, მოიმტკიცა დადიან-გურიელი. ხოლო ბეჟან და ზურაბ უკუდგნენ და ეკირთებოდნენ ქუეყანათა. ამამ წელს ეზრახა იესე მეფე გიორგის დატევებისათჳს ბიძის ასულისა თჳსისა და გიორგი მეფემან აღუთქუა კუალადგებავე მის თანა და ითხოვა ჯუარი ჩხარისა, რომელი იყო ატოცსა. მან მოსცა როდამ და ჯუარი იგი და კუალად სთხოვა დედოფალი ვახტანგისა და ძენი მისნი. არამედ გიორგი მეფემან დაასადგურა როდამ სავანეთს ძითურთ და ჯუარი დაასუენეს ჩხარსვე. ხოლო დედოფლისა და ძეთა ვახტანგ მეფისათა არა ძალედვა მიცემად.

ხოლო ბეჟანის გამო მეფისაგან განდგომილ იყო პაატა ფხეიძე. ამისთჳს მივიდა მეფე და მოადგა ციხესა მისსა საწირეს, შეუთხარეს და მისცეს წამალი, მუნით მეციხოვნეთა ჩამოსთხარეს, შეიტანეს წამალი ციხესა შინა და მოსრნეს შემთხრელნი და მესაფრენი და განმაგრდნენ უმეტესად. იხილა მეფემან და უკმოიქცა გეგუთს. მერმე ევედრა ბეჟან მეფესა და მოსცა წ̃ მარჩილი, რათა განაძოს მამა მისი ლიპარიტიანი და ჰყოს იგი დადიანად. მაშინ მეფემან არღარა გამოიძია უმჯობესი ვეცხლისათჳს, განუტევა ერისთავი და აბაშიძე, შემოიკრიბნა იმერნი, კუალად ბეჟან და ზურაბ მისრულთა ოდიშს ვერ წინააღუდგა ლიპარიტიანი და დასუა ბეჟან დადიანად ქ{რისტე}სა ჩ̃ღიე, ქარ{თულსა} უ̃გ. არამედ ციხენი ეპყრნეს კუალად ლიპარიტიანსავე, მოსტყუევნა ოდიში და მოვიდა იმერეთს. შემდგომად კუალად განუტევა ბეჟან და ზურაბ; შემოიკრიბნა ერისთავი და იმერნი, წარვიდა და დასუა კუალად ლიპარიტიანივე დადიანად; მერმე მოვიდა იმერეთს.

შემდგომად მოიყვანა ლიპარიტიანი გეგუთს, რათა დალაშკროს ბეჟან, და განუტევა ლიპარიტიანი ამა პირსა ზედა. ესე იხილა ბეჟან არა კეთილ თჳსად და იჴმია მზაკუარობა და ჰყო კათალიკოზი გრიგოლ შუამდგომელ მამისა თჳსისა თანა და აღუთქუა ფიცით: "რათა ზავ-ჰყოს, იხილოს მამა თჳსი და დამორჩილდეს მას". ამის პირითა მიენდო ლიპარიტიანი ძესა კათალიკოზის გამო და მივიდა მის თანა მცირედითა მონითა, ისტუმრა კეთილად მამა თჳსი ბეჟან. არამედ ღამესა მას შეიპყრნა ყოველნი მონანი მისნი და მოჰპარნა საჭურველნი მამასა და დილასა შეიპყრა იგიცა და პატიმარ-ჰყო ციხესა შინა. მოიყვანა დედა თჳსი, განტევებული და მოუდგინა ქმარსავე, და იყვნენ ზოგად აღსასრულადმდე მათთა, შემდგომად შეიპყრნა მისანდონი მამისა თჳსისანი, მოსრნა და უმჳკდრო ჰყვნა, სხუანი დაჰყიდნა დედაწულით და დაიპყრნა ოდიში თჳთ და იწოდა დადიანად.

ხოლო გიორგი მეფე ზამთარსა ამას ერისთვით მოუჴდა ზურაბს, მოსტყუევნა მამული მისი და წარვიდა. ამისთჳს ევედრნენ დადიანი ბეჟან და ზურაბ აბაშიძე ასლანს, ახალციხის ფაშას, და აღუთქუეს ქრთამი დიდი, რათა მწე ეყოს მეფესა ზედა და ჰყოს გურიელი მეფედ. უსმინა ასლან ფაშამან და წარმოვიდა სპითა. ამ ჟამსა მოკუდა ცოლი მეფისა თამარ და დაფლეს გელათს; თჳთ მეფემან შეიკრიბნა სპანი; ხოლო ფაშას მიეგებნენ ბეჟან და ზურაბ; მოსრულთა ვერ წინააღუდგა მეფე და წარვიდა რაჭას, მოვიდნენ ოსმალნი და დადგნენ ქვაციხეს შესლვად რაჭას და იდგნენ მუნ თთუე ერთ. მერმე უკუნიქცნენ და დადგნენ ქუთათისს. ხოლო მეფე სპითა რაჭისათა ჩამოვიდა სჳმონეთს. ამისი მცნობი ფაშა მსწრაფლ წარმოვიდა, ეკუეთნენ სჳმონეთს და იქმნა ბრძოლა ქ{რისტე}სა ჩ̃ღივ, ქარ{თულსა} უ̃დ. იძლია მეფე და მოსწყდნენ რაჭველნი და მეფე მივიდა ქართლს. ხოლო ფაშა კუალად დადგა ქუთათისს, მიუჴდნენ სავანეთს ბეჟან და ზურაბ დედოფალს როდამს, იავარ-ჰყვეს და წარვიდნენ.

გიორგი გურიელი, გ̃ თთუე მეფა[edit]

მოიყვანეს გიორგი გურიელი და დასუეს მეფედ და ეზრახოდენ ერისთავსა შეერთებად. მაშინ მისცა ასული თჳსი ერისთავმან ძესა ბეჟანისასა ოტიას ცოლად, გულქან, და შეიმტკიცნენ ამითი, და ფაშა წარვიდა ახალციხეს.

მაშინ მოვიდოდა ბარგი გურიელისა გურიიდამ. ამას დახუდნენ რაჭველნი სალომინაოსა შინა და აიალაფეს სიმდიდრე გურიელისა და ყვნეს ტყუედ მონანი მისნი და დაყიდნეს. სცნა ესე გურიელმან, ივლტოდა გურიასავე.

მაშინ სამთა ამათ მთავართა განიყვეს იმერეთი თჳს-თჳსნი მჴარენი და დაიპყრნეს. არამედ გიორგი გურიელს აუშურდა დედა თჳსი ელენე, მოიყვანა მონაზონ-ყოფილი ძე თჳსი, გაკრიჭა, უწოდა ქაიხოსრო და ჰყო გურიელად. მოიყვანა ქრთამით დადიანი ბეჟან, ერისთავი და ზურაბ სპითა და განაძო გიორგი. ამათ მოარბიეს გურია, მიიღეს ქრთამი და წარმოვიდნენ. ხოლო გიორგი გურიელი მივიდა ახალციხეს, და იმერეთს ჩამოვიდა გაზაფხულს გიორგი მეფე, ეზრახა სამთა ამათ მთავართა. გარნა მათ არღარა ინებეს მეფობა მისი. შეშინდა და წარვიდა ახალციხეს. მუნ იმზახლენ გურიელი და მეფე, რამეთუ შემდგომად შეპყრობისა ლიპარიტიანისა, წარვიდა ცოლი მისი, გურიელის ასული თამარ, ახალციხეს და ესე შეირთო გიორგი მეფემან ცოლად. მაშინ, ვინაჲთგან ისაყ ფაშასა და ასლან ფაშასა აქუნდათ მტერობა და შური, ვერღარა შემწე ექმნნენ მეფესა და გურიელსა. ამისთჳს წარვიდნენ ორნივ სტამბოლს.

წარვიდა სტამბოლს გიორგი მეფე[edit]

მისრულთა აზრუმს მოსცა სპანი გურიელსა აზრუმის ფაშამან, მოვიდა და დაიპყრა გურია. ამან განაძო დედა თჳსი ძეებითურთ. ხოლო მეფე წარვიდა სტამბოლს ქ{რისტე}სა ჩ̃ღიზ, ქარ{თულსა} უ̃ე. არამედ გიორგის გურიელობა შეუძნდა გურიის ერისთავს და ნაკაშიძეს ბეჟანს, რამეთუ ამათით გაწამო დედამან. ამათ მოუწოდეს ბეჟანს დადიანსა, რამეთუ ასული დადიანისა ჰყვა ბეჟან ნაკაშიძის შვილს გიორგის. მოსრულსა დადიანს ვერ წინა აღუდგა გურიელი და წარვიდა ბათომს. ხოლო დადიანმან მოსტყუევნა გურია და წარვიდა. და კუალად დაიპყრა გიორგიმვე გურია.

ხოლო ზამთარსა ამას მიზეზჰყო დადიანმან ზურაბ აბაშიძესა ზედა. შეიკრიბნენ ბეჟან და ერისთავი და მოუჴდნენ ზურაბს. ამათ ვერ წინააღუდგა ზურაბ შევიდა სუერს, ამათ მოსტყუევნნეს მამულნი მისნი (რამეთუ ამას ბეჟანს ენება ყოფად თავი თჳსი, ვითარცა იყო აბაშიძე გიორგი. არამედ ვერ ეწია). მერმე შეუჩინა მსახურნი ერისთვისანი ძმასა თჳსსა მანუჩარს, ბეჟან უგრძნეულობისათჳს შეიპყრა იგი და პატიმარ-ჰყო დეხვირს ციხესა შინა. მაშინ შეიზრახნენ ზურაბ და ერისთავი მზახლობად, წარგუარეს ცოლი ბააკა ჩიქოვანსა, დაჲ ერისთვისა, რომელსა მიუღო პირველ ჭყვიში და შერთეს ძესა ზურაბისასა დავითს ბიძის ცოლი თჳსი, რამეთუ დაჲ ბააკასი ზურაბს ჰყვა ცოლად და შეიმტქიცნენ ამითი სამნივე.

კუალად ეზრახა გურიელი დადიანსა, რათა მისცეს ასული თჳსი მას, რომელი ჰყვა ცოლად ნაკაშიძე გიორგის და ზავ-ჰყო. ამით მისცა ნება ბეჟან დადიანმან. მაშინ გურიელმან განაძო ერისთავი თჳსი და მოადგა ციხესა შინა მყოფს ნაკაშიძეს. აღიღო და წარგუარა ცოლი. თჳთ განუტევა ცოლი შარვაშიძის ასული და შეირთო ეს ცოლად და მოიმტკიცა გურია დადიანის გამო. კუალად ერისთავი მოადგა ციხესა კვარას, აღიღო იგი და დაიპყრა თჳთ, გამოაძო რაჭიდამ იაშვილნი, დაიპყრნა მამულნი მისნი მანვე. კუალად ზურაბ მოსწყჳდნა ბანაშვილნი ჩხეიძენი და დაყიდნა დედაწულით მათით, და დაიპყრნა მამულნი მათნი; ეგრეთვე ბეჟანცა მოსრვიდა ოდიშარ-ლეჩხუმელთა და დაიპყრობდნენ ესრეთ.

მოვიდა სტამბოლიდამ მეფე გიორგი[edit]

შემდგომად მოვიდა ახალციხეს სტამბოლიდამ მეფე გიორგი, ამას ბრძანებითა ხონთქრისათა მოსცა სპანი ისაყ ფაშამან და ჩამოვიდა იმერეთს აგჳსტოს ქ{რისტე}სა ჩ̃ღით, ქარ{თულსა} უ̃ზ, ვინაჲთგან მარადის ჩამოვიდოდნენ ოსმალნი თთუესა ამასა და დადგა ქუთათისს. მაშინ შეკრბნენ სამნივე ესე მთავარნი და დადგნენ ოკრიბას და არავინ წარჩინებულთაგანი მიერთუნენ მეფესა, თჳნიერ მდაბიურთა. ამისთჳს ეზრახა მეფე სამთა ამათ, რათა ჰყონ მეფედ და დაემორჩილნენ. არამედ მათ არა ინებეს. ხოლო მეფემან აღიმჴედრა ოსმალითურთ და დილასა დაესხა დადიანს, ერისთავს და ზურაბს. გარნა იგინი ივლტოდნენ და წარვიდა დადიანი ზურაბით ოდიშს და ერისთავი რაჭას.

მაშინ ოსმალთა მოსრნეს და შეიპყრნეს სპანი მათნი მრავალნი. მერმე მოსტყუევნნეს ოკრიბა, შემუსრნეს ციხენი და კოშკნი. შემდგომად წარვიდნენ ოდიშს; ვერ წინააღუდგა დადიანი მუნცა. უყვეს ეგრეთვე და მოწუეს ეკლესიანიცა. ხოლო უღონო ქმნილმან დადიანმან მისცა ქრთამი დიდი, დაიზავა, უკუმოიქცა მეფე და დადგა ქუთათისსავე. მერმე ზავ-ჰყო მთავართა მათ თანა და დაიპყრა იმერეთი. მერმე განუტევა ოსმალნი და იყოფოდა მშჳდობით.

კ̃. მეფე გიორგი, ვ̃ წელი მეფა[edit]

ხოლო გაზაფხულს შეიზრახნენ სამნი ესე მთავარნი და შეუჩინეს სჳმონ აბაშიძე გიორგი მეფესა, რათა მოკლას იგი. ამან სჳმონ თხმელის ციხეს მყოფი მეფე ისტუმრა და ნადიმსა ზედა მოკლეს მსახურთა სჳმონისათა გიორგი მეფე, თევდორობის შაბათს ქ{რისტე}სა ჩ̃ღკ, ქარ{თულსა} უ̃ჱ. და შეიპყრეს სრულიად მისთანანი და დაყიდეს. ხოლო ერისთავმან აღიღო ციხე კაცხი და გამოიღო საგანძური მისი. მაშინ კუალად განიყვეს იმერეთი სამთა ამათ მთავართა, ვითარცა პირველ, და იყვნენ მშჳდობით. შემდგომად მოუწოდა ვახტანგ მეფემან იმერთა ლაშკრად, წარვიდა ერისთავი, სჳმონ და ლევან აბაშიძენი სპითა. მერმე მოვიდნენ უვნოდ ნიჭითა დიდითა.

კუალად ზამთარსა ამას მოადგა ზურაბ ხარაგეულს და მამუკაშვილი იყო ახალციხეს ალექსანდრეს თანა, რამეთუ ესე ალექსანდრე იყო ძე გიორგი მეფისა, მყოფი მეფის ვახტანგისა თანა ქართლს; რა მოჰკლეს მამა მისი, წარავლინა ისაყ ფაშამან შავშეთის ბეგი და მოითხოვა მეფედ ყოფად იმერეთს ვახტანგ მეფისაგან. მან წარმოუვლინა ნიჭითა და იყო ახალციხეს წელსა ერთსა. ხოლო ზურაბ ვერ შემუსრა ხარაგეული მწეობითა ქართლის მეფისათა და უკუ-ეცალა, ვინაჲთგან ფაშამ ჩამოსლვად იყო.

ხოლო ებრძანა ხონთქარს ისაყ ფაშისათჳს გამეფება ალექსანდრესი იმერეთს, შემოიკრიბნა სპანი და ჩამოიყვანა ალექსანდრე იმერეთს. მაშინ შემდურებულ იყვნენ ერისთავი და ზურაბ ხარაგეულსა ზედა, ამისგან ბეჟან დადიანიცა, და მეგობრობდნენ დადიანი და ზურაბ, და არა ინებეს ამათ ალექსანდრე მეფედ. არამედ მიეგება ყოვლითა მიმდგომითა თჳსითა ერისთავი ალექსანდრეს და მისცა კაცხი და საგანძურნი მამისა თჳსისა. ხოლო ალექსანდრემ საგანძური იგი შესძღუნა ფაშასა ქრთამად და, ვითარ არღარა მოერთნენ დადიანი და ზურაბ, განზრახჳთა ერისთვისათა მოადგნენ ცუცხვათს ციხესა ზურაბისასა და ბრძოდენ თთუე ერთ. შემდგომად შეუთხარეს და მისცეს ცეცხლი და შეგლიჯა მცირედი ზღუდე. არამედ შეშინდნენ მეციხოვნენი და ივლტოდნენ ყოვლითა თჳსითა. დილასა იხილეს ციხე უკაცური, შევიდნენ ოსმალნი და დაიპყრეს ციხე და დაადგინნეს მას შინა იენგიჩარნი და წარვიდნენ ლეჩხუმს ბეჟანსა და ზურაბსა ზედა. შევიდნენ, მოსწუეს, მოსტყუევნნეს. გარნა თუ ბრძოდა ბეჟან, არამედ ვერა რაი ეგდენი ავნო. მერმე უკმოიქცნენ, გამოვლეს კუალად რაჭა და მოვიდნენ ქუთათისს და ერისთავი დადგა რაჭას. მაშინ ეზრახა ბეჟან დადიანი ფაშას და მისცა ქრთამი ი̃ბ ქესა. მან მიიღო ქრთამი, მოჰკუეთა ოტია ჩხეიძეს თავი, რამეთუ იყო თავმდები ერისთავისა და მტერი დადიანისა. განუტევა ფაშამ ერისთავი, მოიყვანა ბეჟან, ჰყო ალექსანდრე მეფედ იმერთა ქ{რისტე}სა ჩ̃ღკა, ქარ{თულსა} უ̃თ, მოუდგინა ბეჟან მოურნედ, თჳთ წარვიდა ახალციხეს.

კ̃ა. მეფე ალექსანდრე ე̃, ლ̃ა წელი მეფა=[edit]

ხოლო ალექსანდრემ დაიპყრა იმერეთი, თჳნიერ რაჭის ერისთვისა. მერმე ემზახლა ბეჟან დადიანი ალექსანდრეს და მისცა ასული თჳსი ცოლად მარიამ და აქორწინა. არამედ, თუმცა იყო ალექსანდრე მეფედ, გარნა ბეჟან დადიანი იყო მოქმედი ყოვლისავე.

ამისნი მხილველნი თამარ, ცოლყოფილი გიორგი მეფისა, და ჭყონდიდელი გაბრიელ, ძმა ბეჟანისა, რამეთუ არა რაი ძალუცს ალექსანდრეს, აღიშურვებდენ დიდებასა ბეჟანისასა და წარვიდნენ წინაშე აზრუმის ფაშისა, და შეასმენდნენ ისაყ ფაშასა, რამეთუ მიიღო ქრთამი და მისცა ალექსანდრე ბეჟანს, ვითარცა ტყუე. ამისთჳს მოუწოდა აზრუმის ფაშამ ისაყ ფაშასა და მრავალი ბოროტი შეაჩუენა თამარ ისაყ ფაშასა, უპატიურობა და პყრობილება. ამისი მსმენელი დადიანი ვერა რაცხდა ამას კეთილად თჳსად, განუზრახა ალექსანდრეს და მიუწერეს აზრუმის ფაშას განმართლება ისაყ ფაშისა და ქრთამი დიდი, რათა მოსცეს თამარ და ჭყონდიდელი, ანუ დააზაონ. უსმინა აზრუმის ფაშამან, მიუღო ისაყ ფაშას ქრთამი და მეფეს. წარმოავლინა ისაყ ფაშა და წარმოატანა თამარ და ჭყონდიდელი. რათა დააზაოს მათ ხოლო მან, მოსრულმან ახალციხეს, მოსცა კრულნი იგინი ბეჟან დადიანსა. ამან ტყუე-ჰყო თამარ დეხვირს ციხეში და ჭყონდიდელს მიუღო ჭყონდიდი და განუტევა. ვინაჲთგან იყო მღუდელმთავარი, არა რაი ავნო. არამედ იყო უღთო, მეძავმემრუშე, სოდომია და ტყჳსმყიდველი და სავსე ბოროტითა, ხოლო ესე-ვითარებისათჳს წარვიდა აბაშიძე გიორგი ქართლს ვახტანგ მეფისა თანა და მოკუდა ტფილისს წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ღკბ, ქარ{თულსა} უ̃ი, ოკდომბერში, წარმოგზავნეს და დაფლეს კაცხს.

კუალად წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ღკგ, ქარი უ̃ია, წარვიდნენ აბაშიძენი და რაჭველნი სპითა წინაშე ვახტანგ მეფისა ნიჯადად. მეორესა წელსა მოადგა მეფე ალექსანდრე და ბეჟან დადიანი ჯუარის ციხეს ოკრიბას, რომელი ეპყრა ერისთვის ძმას გედევან გენათელს; შეუთხარეს რა, იწყო რღუევად ზღუდემან, შეშინდნენ მეციხოვნენი და მოსცეს მეფეს ციხე. გარნა თუ ერთგულებდა ბეჟან დადიანი ალექსანდრეს ზეპირ, არამედ მრავალგზის ინება სიკუდილი ალექსანდრესი მუხთლად და ღალატად. გარნა ვერ შეუძლო თჳსის ასულის გამო და ოდესმე ყმათა ალექსანდრესაგან, ვინაჲთგან ერთგულებდნენ. შემდგომად ამისა მოუჴდა ალექსანდრე მეფესა, სკანდას მყოფს, ერისთავი შოშიტა. ხოლო ალექსანდრე შევიდა ციხესა შინა სკანდას და ერისთავმან მოსრნა, მოსტყუევნა, რაოდენნიცა ჰპოვნა და წარვიდა რაჭასვე წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ღკე, ქარ{თულსა} უ̃იგ.

გამოვიდნენ ოსმალნი ფოთს, აღაშენეს ციხე და დასუეს ფაშა და კუალად ქმნეს ოდიშს ორნი ციხენი სხუანი. შემუსრეს რუხის ციხე სრულიად და ნარღუევითა მისითა აღაშენეს უმჯობესად ანაკრია, და ფაშასა ფოთისასა მიათუალეს სრულიად ზღჳს პირნი.

ამასვე წელსა შემოიკრიბა ბეჟან დადიანის გამო ალექსანდრემ სპანი იმერთა და შეუჴდა რაჭას, მოსწუეს საწულიკიძო, ვინაჲთგან იყო ერისთვის კერძოდ, ვერ წინააღუდგა ერისთავი. შევიდნენ ესენი სევამდე, შემუსრნეს კოშკნი მისნი, მოსწუნეს რაჭა და მოსტყუევნნეს. მერმე უკმოიქცნენ და მოვიდნენ იმერეთს შოებულნი.

კუალად განზრახჳთა ზურაბისათა მოადგნენ მეფე და დადიანი შორაპანს, რამეთუ ეპყრა ლევანს, ძესა გიორგი აბაშიძისასა, და იყო იგი რაჭას, რამეთუ რაჭველთაგან იყო მარადის ჴდომა და კირთება იმერეთისა, არამედ მცირედისა შემდგომად მოსცეს ციხე. გარნა ქონება მუნებური წარიღო დადიანმან და ციხე მისცა ზურაბს წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ღკვ, ქარ{თულსა} უ̃იდ.

მოკუდა გურიელი გიორგი, დაჯდა ძე მისი მამია, ნაშობი შარვაშიძის ქალისაგან, და მომკუდარ იყო ცოლიცა ერისთვისა, მარიამ, მეფის ქალი. იზრახნენ დადიანი და ერისთავი ყოფად ზავისა. მაშინ იმზახლენ და მისცა ბეჟან ასული თჳსი, გურიელის ცოლყოფილი, ერისთავს ცოლად, დაიზავნენ და ყვეს მშჳდობა.

ესე შეუძნდა ზურაბს და შეასმენდა ისაყ ფაშას. ამისთჳს წარავლინა ძე თჳსი უსუფ ფაშა და ჩავიდა იმერეთს. ამას მოეგება ალექსანდრე მეფე და დადგნენ გეგუთს. მოუწოდეს ბეჟან დადიანსა. ხოლო იგი მოვიდა ურიდლად ძითა თჳსითა, რამეთუ აღეთქუა ფაშას უვნებელობა. შევიდა ბეჟან კარავს ფაშისასა და თაყვანის-სცა; მაშინ დასცა ბეჭსა ხანჯალი მაჰმად-ბეგ მესაჭურჭლემან ფაშისამან. და განგურიმა ბეჟან დადიანი და მოკუდა ქ{რისტე}სა ჩ̃ღკჱ, ქარ{თულსა} უ̃ივ. ხოლო ძე მისი ოტია ივლტოდა. დევნა უყვეს ოსმალთა და მოსრნეს მრავალნი ოდიშარნი და თავი ბეჟანისა წარგზავნეს ისაყ ფაშისა თანა და მან წინაშე ხონთქრისა. მერმე მოუწოდა ერისთავსა უსუფ ფაშამ, მოვიდა იგიცა სპითა და შეჰყვნენ კარავსა ფაშისასა სპანი თჳსნი ერისთავს, პატივ-სცა ფაშამან, დააზავა მეფე და ერისთავი და წარვიდა ქართლს ფაშა. ხოლო ოტია ძე ბეჟანისა დაჯდა დადიანად.

შემდგომად მცირედისა შეიშურნენ ოტია დადიანი და ძმა მისი კაცო; შეიპყრა ოტიამ, წარმოუვლინა ერისთავსა და პატიმარ-ჰყვეს კუარას ციხესა შინა კაცო. შემდგომად მოადგა მეფე ციხესა შორაპანს და ვითარ მისწურა წაღებად, მოიყვანა ზურაბ აბაშიძემ სპანი ოსმალთა და მისცა მათ შორაპანი და დადგნენ მას შინა ოსმალნი, და ალექსანდრე წარმოვიდა თჳსად. მერმე მოადგა ერისთავი სადმელს, ციხესა იაშვილისასა. მაშინ წარუვლინა მეფემან ლევან აბაშიძე, რათა მოუცალოს ერისთავი ციხესა, რამეთუ ლევან დედით ძმა იყო ერისთვისა. ხოლო ერისთავმან შეიპყრა ღალატით ლევან და წარუვლინა დადიანს პატიმარი.

მსმენელმან ალექსანდრე, შეკრებულმან სპითა, ღამე იდუმალ გარდავლო მთა. განვლო რიონის ფონი და დილასა დაესხა ერისთავს სადმელს, ივლტოდა ერისთავი. მოსრნეს და შეიპყრნეს მრავალნი, განათავისუფლეს ციხე და წარმოვიდა იმერეთსავე მეფე. ხოლო დადიანმან განუტევა ლევან აბაშიძე და გამოუხუნა მძევალნი. მაშინ მოკუდა ერისთავი შოშიტა და დაჯდა ძე მისი გრიგოლ ერისთავად და ლევან აბაშიძე მოვიდა მეფისა თანა.

კუალად გაიპარა კუარეს ციხიდამ კაცო, ძმა დადიანისა, და მოვიდა იგიცა მეფისა თანა. შემდგომად მოკუდა ცოლი მეფისა, ასული დადიანის ბეჟანისა, და გლოვისა შემდგომად შეირთო მეფემან ასული ლევან აბაშიძისა ცოლად და იქორწინა, ქ{რისტე}სა ჩ̃ღლბ, ქარ{თულსა} უ̃კ, და მისცა გურიელს მამიას ასული თჳსი მეფემან დადიანის ქალის ნაშობი. იხილეს ესე დადიანმან, ერისთავმან და ზურაბ აბაშიძემან. გარდაბირეს მეფეს მამუკა ძმა მისი, მოიყვანა დადიანმან და შერთო დაჲ თჳსი ცოლად. შემოიკრიბნა ოდიშარნი, აფხაზნი და მოვიდნენ იმერეთს. მიერთოთ ერისთავიცა და შეკრებულნი დადგნენ გეგუთს. მუნ მიერთვნენ მარგუელნიცა და აოჴრებდნენ ქუეყანათა. ხოლო ალექსანდრე ვერ წინააღმდგომი შევიდა ქუთათისს ლევან აბაშიძით და ბარის ერისთვით (რამეთუ ესე ბარის ერისთავი იყო გენათელი და ძმა შოშიტა ერისთვისა. ამან წარგუარა ცოლი ძმისწულსა თჳსსა. პაპუნას, ასული ვახტანგ მეფისა, შეირთო თჳთ და მოვიდა მეფისა თანა. ამან შეიწყნარა შურითა ერისთვისათა და მისცა საერისთო მამული იმერეთს-შინანი და უწოდეს ბარის ერისთავად.

ხოლო დადიანი შეკრებული მოადგა ქუთათისს. არამედ მეფე არა განვიდა ბრძოლად და მათ ვერ იკადრეს მოსლვა შიშითა ოსმალისათა, შემჭირდნენ და წარვიდნენ თჳს-თჳსად, და ალექსანდრემ მოიმტკიცნა იმერნი წულუკიძითურთ. ამავ ჟამთა მოვიდა სხუა ფაშა ფოთს სპითა, რათა დაიპყრას ურჩნი ზღჳს-კიდისანი ვიდრე აზავადმდე. ამან მოუწოდა ალექსანდრეს სპითა. ხოლო მეფე აღეკაზმა წარსლვად განმზრახი, რამეთუ შემდგომად მსახურებისა ოსმალთა დაიმორჩილოს მათით ურჩნი თჳსნი იმერნი და, რა მივიდა ოდიშს, ეტყოდა დადიანი არა წარსლვასა: "ვინაჲთგან არა კეთილ არს დაპყრობა მათგან ზღჳს კიდისა ჩუენთჳს".

ესე არა უსმინა მეფემან; რამეთუ იყვნენ ადგილნი ყოველნი დადიანისა, ვინაჲთგან არა ერჩდა დადიანი, და მივიდა ფაშისა თანა, მან პატივსცა და წარვიდნენ ოდიშს. გარნა ოდიშარნი სრულიად დახიზნულ იყვნენ აფხაზეთამდე, ვინაჲთგან დადიანი არა იყო ფაშისა თანა. არამედ არბევდნენ ოსმალნი და იმერნი და სტყუევნიდნენ, სადა ვის ჰპოვებდნენ. შევიდნენ ოსმალნი ილორს. არამედ ხატნი და ჯუარნი და საჴმარნი ეკლესიისანი დაეხიზნათ. შეუდვეს ცეცხლი, მოწვეს ეკლესია და აღძარცვეს კრამიტი ბრპენისა და მოსპნეს დახატულებანი, და შემდგომად განვლეს და მივიდნენ აფხაზეთს.

მაშინ არა მოენდო შარვაშიძე აფხაზით და ოსმალთა მოარბივნეს და ტყუე-ყვნეს, სადა რაი ჰპოვეს. არამედ შემდგომად მოენდო შარვაშიძეცა, ჰყვეს იგი მაჰმადიანად და ყოველნი მისთანა მყოფნი სრულიად. ხოლო რა გაჴდნენ მდინარესა კოდორისასა, ეტყოდა ფაშა მეფესა, რათა წარყვეს ჯიქეთს, და მერმე აზავს. ესე შეუძნდა ალექსანდრეს და იმერთა და ღამესა მას დაუტევეს ყოველნი სამძიმარნი თჳსნი, წარმოვიდეს, ვლეს ორი დღე და ღამე და მოვიდნენ ეგრისის მდინარესა ზედა. მაშინ ეწივნენ ოსმალნი აფხაზითურთ და იმერთა განამაგრეს კიდე მდინარისა.

მერმე შემოვიდა მეფე წარჩინებულითა თჳსითა და გამოჴდნენ მდინარესა და, რაოდენნი დაშთნენ, წარიყვანეს ოსმალთა ტყუედ. გამოვლეს ამათ ოდიში და მოვიდნენ ციხესა შინა კაცოსა და მოგზაურნიცა მოისრვოდნენ ოდიშართაგან. მცნობი ამისი დადიანი მოადგა სპითა ციხესა სამ დღე, მერმე ყვეს ზავი; მისცა მეფემან მძევალნი დადიანსა და წარმომიდნენ და მოვიდნენ იმერეთს ქ{რისტე}სა ჩ̃ღლგ, ქარ{თულსა} უ̃კა. ხოლო აფხაზთა აიალაფეს ბარგი იმერთა. არამედ შემდგომად ოსმალთა და მათ შორისცა იქმნა შფოთი, განევლტნენ აფხაზნი და უწყეს ღამით პარვა, კლვა კაცთა და კირთება ოსმალთა.

იხილა ფაშამ და უკმოიქცა ოდიშსვე, მაშინ დაესხნენ აფხაზნი, მოსრეს ბანაკი ოსმალთა და აოტნეს, რამეთუ ფაშა ივლტოდა ზღჳთ და სხუანი მოსრნეს უმეტესნი და მოიშთუენენ ზღუასა და მდინარესა შინა, აღიღეს ალაფი მათი დიდ-ფრიად და დაუტევეს მაჰმადიანობა და დაიპყრეს აფხაზთა თჳსივე სჯული [არამედ ძლევასა ამას იტყოდიან სასწაულსა წმიდის გიორგისა ილორისასა, რამეთუ ღამესა ამას ეტყოდა აფხაზთა განსლვად და განაძლიერებდა მათ ბრძოლად].

ხოლო ამისა შემდგომად უკუბირეს კუალად მამუკა მეფესა. დადიანმან, ერისთავმან და ზურაბ, შეკრბნენ სპანი დიდნი და მოვიდნენ ალექსანდრესა ზედა ანუ მოკლან, ანუ განაძონ. მაშინ ალექსანდრემ, ჩიხორს მდგომმან, შემოიკრიბა გურიელი მამია, აბაშიძე ლევან, ძმა დადიანისა კაცო, ბარის ერისთავი, მერაბ წულუკიძე და იმერნი სხუანი ნეშტნი, დილასა მოვიდნენ იგინი და ეკუეთნენ ურთიერთს, იქმნა ბრძოლა და მოსრნენ ორგნითვე უმრავლესნი ქ{რისტე}სა ჩ̃ღლდ, ქარ{თულსა} უ̃კბ. მერმე სძლეს ალექსანდრესთა და მოსრვიდნენ მათ, მიეწივნენ დადიანს, ჰკრეს თოფი და ჩამოვარდა. კუალად დაჰკოდეს დავით აბაშიძე; აქათ მოკლეს კაცო, ძმა დადიანისა; მიჰყვნენ ლტოლვილთა, რამეთუ იყო თოვლი დიდი, მოსრნეს. შეიპყრნეს რაჭველნი და ლეჩხუმელნი და ოდიშარნი უმრავლესნი და დაყიდეს სრულიად ოსმალთა ზედა. ხოლო დადიანი წარმოიყვანა მეფემან, დაადგინა მკურნალნი და განჰკურნა და სთხოვდა ლეჩხუმსა. არამედ არა ინება მოცემად. ეზრახა ზურაბის გამო ისაყ ფაშას და მისცა ქრთამი დიდი, რათა მწე ეყოს. მან წარმოავლინა მაჰმადბეგ და გივი ამილახორი სპითა ოსმალ-ქართველისათი და მოვიდნენ ესენი საჩხერეს.

იხილა რა ალექსანდრემ, გამოართვა საჭილაო-სამიქელაო დადიანს, ზავჰყო ამით ლევან აბაშიძის გამო და განუტევა. მოვიდა საჩხერეს მისცა დაჲ თჳსი, ნაშობი თამარისაგან ცოლად მაჰმადბეგს, დაიზავა და წარვიდნენ ქართველ-ოსმალნი ქართლსვე.

ხოლო ამისნი მხილველნი დაეზავნენ მეფესა დადიანი, ერისთავი და ზურაბ და დაიპყრა იმერეთი. მისცა საჭილაო-სამიქელაო ძმასა თჳსსა მამუკას. არამედ ალექსანდრემ განაახლა საქმე ბეჟან დადიანისა, რამეთუ ოდეს დასჭირდის თეთრი ოსმალთა ქრთამად ანუ სხჳსა სამჭირნოსათჳს, შეაგდის იმერთა თეთრი იგი მთავართა და აზნაურთა. ხოლო მათ დაჰყიდიან ტყუენი და მისციან და თჳთ, რეცა თუ არა ჰყიდდა ტყუეთა. შემდგომად მოადგა მამუკა ციხესა ბეჟან ჩიჯავაძისასა და მოპარვით აღიღო ციხე სებეკისა. მერმე აღიღო ციხე ბეჟანისა და დაიპყრა საჩიჯავაძო მამუკამ.

ხოლო მოსლვასა ტფილისს თამაზ-ხანისასა ქ{რისტე}სა ჩ̃ღლე, ქარ{თულსა} უ̃კგ, მოუვლინა მეფესა, რათა დამორჩილდეს. არამედ არარა მიუგო, გარნა შეშინებულნი ოსმალნი, იმერეთს ციხესა შინა მყოფნიცა, განამაგრნა არა დატევებად ციხეთა.

შემდგომად ამისა უკუდგა წერეთელი პაპუნა ზურაბ აბაშიძისა გამო, რამეთუ ზურაბ მოიპარა მამუკაშვილის ციხე ხარაგეულისა, მოკლა მამუკაშვილი და დაიპყრა თჳთ. ამისთჳს მოუჴდა მეფე პაპუნას, მოაოჴრა საწერეთლო. არამედ ციხე მოდამნახისა ვერ წარუღო. უკუნიქცა, ეზრახა ხარაგეულის მეციხოვნესა, რომელმან მისცა ზურაბს, მანვე მოსცა მეფესა იგივე ციხე, შეიპყრა, მოჰკუეთა მას ჴელფერჴნი და აღმოჴადნა თუალნი და ციხე მისცა მეპატრონისა ძესავე. შემდგომად დაიზავა მეფემან ზურაბ და პაპუნა. არამედ ზურაბ არა მოვიდა მეფისა თანა, გარნა ძე მისი დავით, რამეთუ სიძე იყო ალექსანდრესი. ამას დავითს განატევებინა ცოლი, დაჲ შოშიტა ერისთვისა, და შერთო დაჲ თჳსი; ამ ჟამებთა შეუჩინა მეფემან ქუარას ციხეს იაშვილი. ხოლო მათ კრიხულის მეთევზურისაგან აღიღეს ციხე და დაიპყრეს.

სცნა ერისთავმან ნოღას მყოფმან, წარმოვიდა მსწრაფლ და მოადგა კუარას. ღამესა მას შეიდგენნეს კიბე, სადაცა უწყოდენ, შევიდნენ ციხესა შინა, შეიპყრნეს სრულიად მას შინა მყოფნი და დაჰყიდნეს; და დაიპყრა ერისთავმან ციხე; ამისი მცნობი წარმომართებული შუელად კუარას ციხისად უკუნიქცა. შემდგომად მოიყვანა ალექსანდრემ ძე ზურაბისა დავით და პაპუნა წერეთელი ვარციხეს, მოკლნა ორნივ მუხთლად-ღალატად და წარმოვიდა მსწრადლად, რათა დაიპყრას მოდამნახის ციხე. არამედ ცოლმან და ძემან პაპუნასმან განამაგრეს ციხე და ვერ შეუძლო წარღება. ესე იხილეს წარჩინებულთა, რამეთუ ნებავს ყოველთა მოწყუედა და დამდაბლება, და უმეტესად ზურაბ ეზრახა ერისთავს გრიგოლს, რამეთუ ამას ჰყვა ცოლად ასული ვახუშტი აბაშიძისა, ძმისა ზურაბისა. ხოლო ერისთავმან აუწყა დადიანსა და შეკრბნენ ალექსანდრე მეფესა ზედა. ამისთჳს ალექსანდრემ მოითხოვა ლეკნი შანშესგან კსნის ერისთვისა. მან წარმოუვლინა კაცითა თჳსითა ფ̃ ლეკნი. ამათ წარუძღუა ალექსანდრე და იგინი ვერ წინააღუდგნენ, შემუსრეს ციხენი და მრავალნი კოშკნი, მოსწვეს და მოსტყევნნეს და შთავიდნენ ოდიშს და უძჳრესნი ბოროტნი ყვნეს, არამედ განზრახჳთა ლევან აბაშიძისათა: "რამეთუ არა კეთილ არს ლეკთაგან შემუსრვა ქუეყანისა ჩუენისა, რაჟამს სცნან ადგილნი, თჳთვე მრავალსა ბოროტსა შეგვაჩუენებენ, ვითარცა უყვეს სხუათა". უსმინა მეფემან და უკმოიქცა და განუტევნა ლეკნი შოებულნი. არამედ ტყუენი არა წარატანნა იმერეთისანი.

შემდგომად ამისა წარავლინა ალექსანდრემ ძმა თჳსი გიორგი და აბაშიძე ლევან ქართლს, ვახუშტი აბაშიძესა ზედა; უცნობლად დაესხნენ ტეძერს მყოფს და იგი განმაგრდა სახლსა შინა, და იწყო ცემა თოფთა; მაშინ ამათ შეუდვეს ცეცხლი სახლსა მას; იხილა ვახუშტიმ და მოენდო ბიძის ძესა თჳსსა ლევანს. მან მოგუარა მეფესა და პატიმარ ყვეს ციხესა შინა ნავარძეთს. სთხოვდა მეფე ფ̃ ქესას თეთრსა და ციხესა ვახანს, და ესენი არა ინება ვახუშტიმ მოცემად. მერმე მოვიდა კათალიკოზი დომენტი განტევებისათჳს ვახუშტისა და არა პატივ-სცა ალექსანდრემ. კუალად წარმოევლინა ისაყ ფაშას ცხენი აღკაზმული, ქულქი და ოცი ქესა თეთრი, რაღა განუტეოს ვახუშტი და არა ინება მეფემან. ხოლო დადიანმან შურითავე წინათქმულითა იშოვნა სპანი აფხაზთა. მიერთო ერისთავი და ზურაბ სპითა მათითა, ამათ ვერ წინააღუდგა ალექსანდრე, გამოუშვეს მარბიელი ქ{რისტე}სა ჩ̃ღმ, ქარ{თულსა} უ̃კჱ, მოწუეს სასახლე ალექსანდრესი ვარციხეს, მოაოჴრეს და მოწუეს იმერეთი და წარვიდნენ. კუალად აღუსრულა აღთქმული ისაყ ფაშამან ანუკა მეფის ქალსა და გაზაფხულსა წარმოავლინა ფირიაღისშვილი, სიძე თჳსი სპითა. ამას, ჩამოსრულს იმერეთს, მიერთო დადიანი, ერისთავი და ზურაბ. იხილა რა მეფემან, დახიზნნა ხიზანნი თჳსნი ხარაგეულს და თჳთ წარვიდა ქართლს ქ{რისტე}სა ჩ̃ღმა, ქარ{თულსა} უ̃კთ. ამას წარყვნენ მამუკა ძმა თჳსი, ლევან აბაშიძე და ბარის ერისთავი და ვახუშტიც წარიყვანა, რათა არა შემუსრონ ციხე ნავარძეთისა ოსმალთა და გამოიყვანონ.

მაშინ ოსმალთა მოიყვანეს ძმა ალექსანდრესი გიორგი, ნაშობი გურიელის ქალისა, და დასუეს მეფედ იმერეთს და მოუდგინეს ნებითავე მათითა დადიანი, ერისთავი და ზურაბ, და წარვიდნენ ოსმალნი. ხოლო ალექსანდრე მივიდა აწერის ჴევს შანშე ერისთვისა თანა. მაშინ იყო შანშე უკუმდგარი შანადირისაგან. მოადგა ხანი შანშეს. ესე იხილა ალექსანდრემ, განუტევა ვახუშტი და თჳთ მივიდა ხანისა თანა. მან პირველად პატივ-სცა, მერმე შეიპყრა.

ამისნი მხილველნი მამუკა და ლევან და სხუანი იმერნი ივლტოდნენ და მოვიდნენ იმერეთს ხოლო ალექსანდრე მიიყვანა ხანმან ტფილისს. არამედ წარავლინა ვაკის ერისთავი წინაშე შანადირისა ალექსანდრემ დარუბანდს ვედრებად და თჳთ იყო ტფილისს, ვითარცა პატიმარი. მცნობმან შანადირ წარმოუვლინა კაცი რაყმით ისაყ ფაშასა, რათა ჰყოს ალექსანდრევე მეფედ იმერთა. წარიყვანეს ალექსანდრე ახალციხეს. უსმინა ფაშამ შანადირს და ამასვე შემოდგომასა ჩამოიყვანეს ალექსანდრე ოსმალთა და ჰყვეს იგივე მეფედ და შეამტკიცეს დადიანი, ერისთავი და აბაშიძე და ყოველნი იმერნი. მერმე წარვიდნენ ოსმალნი. ხოლო გიორგი ძმა ალექსანდრესი წარვიდა ოდიშს და ალექსანდრეს ეპყრა იმერეთი.

არამედ მცირედისა ხანისა უკუდგნენ კუალად დადიანი, ერისთავი და ზურაბ. ამისთჳს ალექსანდრემ მოიყვანა დედინაცვალი თჳსი თამარ და აბრალა მას ყოველნი ყოფილნი, შეიპყრა და მოჰკუეთა თავი. კუალად შეიპყრა ბარათაშვილი საჩინო, სანდო გიორგი ძმისა თჳსისა, მოჰკუეთა მასცა თავი და დაყიდნა დედაწულნი მისნი და იავარ-ჰყო ყოველნი გიორგის მიმდგომნი.

მერმე შეკრბნენ დადიანი და ერისთავი და მოვიდნენ გეგუთს. ხოლო მეფე მივიდა ქუთათისს და არა განვიდა ბრძოლად მათდა. არამედ წარავლინა ახალციხეს და ევედრა ფაშასა. მან წარმოავლინა მცირე სპანი და, რა მოვიდნენ ბაღდადს, წარვიდა ქუთათისიდამ ლევან აბაშიძე და ბარის ერისთავი გიორგი, მათ თანა ციხის მცველნი ოსმალნი, რათა სცნან ვითარება მათი, რომელნი აოჴრებდენ ქუეყანათა, არამედ მათ სმენოდათ მოსლვა ოსმალთა და იყრებოდენ მუნითგან. გარნა მივიდნენ ესენი, ჰგონეს ტალათა მათთა მისლვა ოსმალთა, აცნობეს დადიანს. მან არღარა გამოიძია და ივლტოდნენ; მიჰყვნენ ესენი და უწყეს ცემა თოფთა და მოსრვიდნენ. მოიქცა ერისთავი, რათა იხილოს ვინაობა მათი. ეცა თოფი და მოკუდა ერისთავი გრიგოლ რაჭისა ქ{რისტე}სა ჩ̃ღმგ, ქარ{თულსა} უ̃ლა და სპანი მისნი ივლტოდნენ უმეტესად. ხოლო ამათ აღიღეს ალაფი მათი და მოიქცნენ წინაშე ალექსანდრე მეფისა. მაშინ რაჭას დასუეს ერისთავად ძმა გრიგოლისა ვახტანგ. ამას ეზრახა მეფე, ზავ-ყო მის თანა, შემოიმტკიცა დადიანიცა და ყვეს მშჳდობა და დაიპყრა იმერეთი.

ამისა შემდგომად მოიპარა მაჭავარიანის ქალმან ციხე სუერისა, წარმოვიდა ლევან, რათა მიიღოს მან. არამედ უსწრა მეფემან და მისცა მას და დაიპყრა ალექსანდრემ სუერი ქ{რისტე}სა ჩ̃ღმდ, ქარ{თულსა} უ̃ლბ, და გამოიღო საგანძური ზურაბ აბაშიძისა. ხოლო ლევან მოადგა შროშას ციხეს ძესა ზურაბისასა ზაალს, რათა არა იგიცა დაიპყრას მეფემან, მცირეს ხანს მისცეს ლევანს და დაიპყრა ლევან იგი, განუტევა ზაალ და წარვიდა ქართლს ზურაბ მამისა თჳსისა თანა და იყოფოდნენ ნუნისს.


აღწერა ეგრისის ქუეყანისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
ქრონოლოგიური ცხრილი