1669 წ. - შეწირულების წიგნი ხობელი ნიკოლოზ წულუკიძისა ხოფისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია.

ს. კაკაბაძეს უნახავს ბიჭვინთის საკათალიკოსო საბუთებში ბიჭვინტის საბუთები - N 047. დაწერილი თეთრ ქაღალდზე ზომით 43 x 15 1/3 სმ. თავი სიგელისა დაზიანებული ყოფილა. განკვეთილობის ნიშანი სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

გვაქვს პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 64


ყოვლად ქებულსა და დიდებულსა უმაღლეს ყოვლად წმიდასა და უფროსად კურთხეულსა დედოფალსა ხობისა ღმრთისმშობელსა, ოდეს სხვა ხოფელი იჯდა და თათრისაგან გაოხრებული და გაცუდებული საყდარი და მონასტერი იყო, ესე აოხრებული მონასტერი და მამული. ვიგულე და ვიგულსმოდგინე და შემოგწირეთ მცირე და კნინი შესაწირავი ესე შენ, თეთროსანსა ხობისა ღმრთისმშობელსა თავს: ვერცხლის ბარძიმი და ფეშხუმი და კამარა, სამი ატლასის პერექლები, ერთი ოდიკი, ერთი ნაქსოვისა კრეტსაბმელი, ერთი ხელი შესამოსელი სტიხარი და ფილონი ნაქსოვისა, ოლარი ნაქსოვისა, სამკლავე ნაქსოვისა, ერთი დიდი ქვაბი სპილენძი გურიადამან მოვატანინე, გავაჭედინე და შემოგწირეთ ჩვენის სულის სახსრად და საოხად.

აწე, ვინცა და რამანცა ძემან კაცისამან ესე ჩვენგან შეწირული ნაღვაწი გამოგწიროს ანუ დადიანმან, ანუ დედოფალმა, ანუ კათალიკოზმა, ანუ ვეზირმან, ანუ ხოფელმან, ანუ მესტუმრემან, ანუ დიდმან ანუ მცირემან, - რისხავს თავად ღმერთი და ხოფისა ღმრთისმშობელი, ქრისტეს საფლავი და სისხლი მეწამული გოლგოთა და ცხოველსმყოფელი პატიოსანი ჯვარი, სინა, მაყვალი შეუწველი, მთაწმიდა. წყეულ და შეჩვენებულ არს ოთხთა პატრიარქთაგან, სამას ათურამეტთა მამათაგან. მასმცა ედების კეთრი გეზისი, შიშთვილი იუდასი, ღრჭენა კბილთა დიოსკორესი და იესოს ჯვარისმცემელთანაც განიკითხვის მისი სული და ხორცი.

დამამტკიცებელნი ამისნი აკურთხეს ღმერთმან, ამინ, ამინ. კიდევ ამას გარეთ ერთი მოსახლე კაცი თათრისაგან ვიყიდე სკვამიკოჩა ფაცისა და მოვნათლე, დავასახლე ხოფს და ვინც კანდელაკი იყოს, იმისთვის მიმიცემია და ყოველს წელიწადს ღმრთისმშობლობას ჩემი სულისათვის ჟამს სწირევდეს. ვინაც ბერები და ხუცები იყოს, იმიანათ სწირევდეს.

დამიც ბეგარა: ერთი ცხვარი, ერთი ლოღარიკონი სანთელი, ორი შაურის საკმეველი, სამი კოკა ღვინო, ორი ქილა ღომი, რაეთიც ეშოვებოდეს, თევზი და ყველი და კვერცხი მიართვან. თუ ის დღე მარხვა მოხდეს, მეორე დღეს სახსნილო მიართვას და ჩემი სულისათვის ჟამს სწირევდეს და მომიხსენებდეს და შემომიწირავს ხოფისა ღმრთისმშობლისათვის ჩემი სულის სახსრად და საოხად.

აწ, ვინც გამოსწიროს, რომელიც ზემოს წყევლაა და შეჩვენება სწერია, ისიც მოიწევს მას ზედან და ხობის ღმრთისმშობელიც, ამინ, ამინ.

ქორონიკონსა სმიზ.

ხელრთვა: ნიკოლოზ ხოფელი

ქ. სხვა კიდევ ამას გარეთ ზამან ბარძიმისშვილი მოკვდა და მის ნიშანსა და ნაწირვში ამიყვანია ივანე და სარჯელია და კაკულაია სერგია და ხატისდა შემიწირავს ხოფისა ღმრთისმშობლისათვის მათის ცოლშვილით, სახლ-კარითა, ჭურმამულითა, მისის ყოვლისფერითა. დამიც ჩემის სულისათვინ ერთის საკლავის სანთელი ოთხი ლოღარიკონი, სხვა რაცა ემართოს ხოფელს მიართმევდეს. და შემიწირავს მე, წულუკიძეს ნიკოლაოზს ხოფისა ღმრთისმშობლისათვის.

რამანცა ძემან კაცისამან ესე გამოწიროს, ანუ დადიანმან, ანუ ვაზირმან, ანუ მესტუმრემან, ანუ სხვა ვინმემ ძემან კაცმან, მასცა რისხავს თავად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი ზეცისანი და ქვეყანისანი და ხოფისა ღმრთისმშობელი.

ხელრთვა: ნიკოლოზ.


შენიშვნები:

პირთა ანოტირებულ ლექსიკონში 1449-1584 პირის მიხედვით შეწირულია ოთხი გლეხი: ივანე, სარჯელია, კაკულია და სერგია, ხოლო Qd-9137 პირის მიხედვით კი ორი გლეხი: ივანე სარჯალია და კუკურია სერგია. ჩვენ ამ უკანასკნელ წაკითხვას ვიზიარებთ.

საბუთის დათარიღება[edit]

თ. ქართველიშვილი: საბუთი თ ა რ ი ღ ი ა ნ ი ა : ქორონიკონი სმიზ (257) /1569/. საბუთი გადაათარიღა თ. ჯოჯუამ. სიგელში აღწერილი ამბები 1667 წლის ოსმალთა ლაშქრობას დაუკავშირა, როდესაც თურქებმა ხობის მონასტერი დაარბიეს და მისი მთავარი სიწმინდე ღმრთისმშობლის კვართი მიიტაცეს. ვინაიდან საბუთის დედანი დაკარგულია, ადვილი შესაძლებელია გადამწერმა შეცდომა დაუშვა და ქორონიკონი სმიზ (257) 1569 წელი (1312+257) დაწერა ტმიზ (357) ანუ 1669 (1312+357) ნაცვლად. ტ (300) გრაფემის მაგივრად ს (200) გრაფემა გადაიტანა. ამასთან საბუთის ბოლო ფრაგმენტში მოხსენიებული პირის ზამან ბარძიმიშვილის იდენტიფიკაციის საშუალებით, თ. ჯოჯუამ საბუთი XVII საუკუნის II ნახევარს დაუკავშირა და საბუთის თარიღად 1669 წელი მიიჩნია.
2007 - პირთა ანოტირებული ლექსიკონი - ტომი IV - საბუთის პირი Qd-9137 დათარიღებულია 1696-1742 წლებით, ანუ კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის ზეობის წლებით. საერთოდ, აქ ამ საბუთის პირები 1449-1584 (დათარიღებული 1569 წლით) და Qd-9137 (დათარიღებული 1696-1742 წლებით) სხვადასხვა საბუთებადაა მიჩნეული.

პუბლიკაცია[edit]