1648 წ. - შეწირულების წიგნი როსტომ მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირები:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1897 - ქრონიკები - ტ.II - გვ.461-464



ქ... ჩვენ, მეფეთ მეფემან როსტომ... და დედოფალმან მარიამ...[1] შეწევნითა შენითა მტერნი და წინააღმდგომნი სამარადისოდ ლტოლვილ და უკუქცეულ არიან და ნებით თქუენით ვერ-ვინ მკადრე არს წინააღმდეგობად ჩუენდა...

აწ დავიწყოთ ამბავისა ჩუენისა მბობა. ოდეს სიყმაწვილეთა ჟამთა ჩუენს ბედნიერს შაჰაბასს ყაენს მაახლეს და გამომზარდა პატივ-ცემითა, ვითა მართებდა ჩუენთა გუართა მეფეთა ნათესავსა. რა გავაჟკაცდით და მოვაწონეთ თავი სამსახურითა, უყვარდით და უღირდით შვილურად; გვიბოძა ყულარაღასობა. მაშინ იყო ყულთ ჯარი ქართუელიშვილი ბედნიერის ყაენისა მასახელებელი. სადაც გუასარდრის და გაგუგზავნის, გამარჯუებულნი და პირნათელნი მოვიდით. მრავალი სახელი და გამარჯუება გვინახის. ასე ეწადა რომე სამსახურისა ჩუენისა სამუქფოდ ბევრი კარგი ექნა და უფრო სიდიდე მოემატებინა.

ამ დროსა უფროსი ჩუენი ძმა, მეფე ბაგრატ, ქართლით ბატონობდა და კახი ბატონი ამავ შაჰაბაზ ყაენისაგან თავის საბატონოდამე გაღარიბებულ-გაგდებულ იყო და კახეთი შიგნითი შინითი ოხერი და ნაპირის ალაგი შენი და ყაენისაგან კახეთიცა იორს აქათი და ჩერქეზს აქათი ჩუენის ძმისათვის ნაბოძები ჰქონდა. ამ საქმესა მეფობისა გარიგებასა, ნადირობასა, ლხინსა და უხუად გაცემასა შინა იყო. იმ სიდიდისა დროსა სოფელმან მისი წესი მოინდომა და ამ სოფლით ბატონი ბაგრატ მიიცუალა. შეიქნა ტირილი და გლოვა სრულიად საქართველოში და შვილი მისი იყო ბატონი სვიმონ გლოვასა და მწუხარებასა შინა. რაჟამს მიესმა სიკუდილი ბაგრატისა შააბაზ ყეენსა, და ასრე დაუმძიმდა, ვითა ძმა ყოფილიყო; მაშინვე გამოეგზავნა კაცი და სამძიმრის წიგნი. შვილს იმედის მიცემა და წყალობის ქადება დაუწერა. წელიწადზედა შეიწყალა ბატონი სვიმონ: ყარჩიღახან სარდარი იყო; გამოუგზავნა თვისი ქალის შვილი ბატონს სვიმონს ცოლად. ესე ყარჩიღახან და ათი-თორმეტი ხანი გამოატანა. ქალაქს მოვიდნეს, რომელსა ეწოდების ტფილისი და ქორწილი უყეს. იყვის მღერა, ნადიმი და მეჯლიში, ბურთობა და ყაბახის სროლა. რა ქორწილობა გარდაიხადეს, ბრძანება იყო ყაენისა, რომე კახი-კაცი გაეწყვიდა და კახეთში ყიზილბაში დაესახლა; და კახეთს პატრონობდა ბარდის ხანი ფეიქარხან.

შეიყარა კახი ლაშქარი; მივიდეს მუხრანს არაიანის მინდორშია და ყათლამი უყუეს ღალატით: ერთობილნი კახნი დახოცეს. ეს იწყინეს ქართუელთა ქრიატიანთ უბრალოდ დახოცა; შეიყარნეს ქართუელნი. დაესხნეს მარტყოფში ყიზილბაშთა თავსა. ყარჩიხან სარდარი და უსუფხან შირვანის ხანი და სხუა ხანები და სულთნებიც მრავალი დახოცეს. აივსნეს საშოვრითა: ოქროითა, ვეცხლითა, თვალითა, მარგალიტითა. მრავალისა უცხოს ნაქსოვითა, ცხენ-აქლემითა და ჯორითა. ამაზედ ჩამოიყუანეს კახი ბატონი თეიმურაზ და გააბატონეს მცხეთას ზედათ ქართლსა და კახეთსა. ბატონი სვიმონ ტფილის იჯდა, სომხით-საბარათიანოს პატრონობდა. ჩუენ იმ ჟამში ბედნიერმან ყაენმან თავის ტახტის ისპაანის მოურაობა გვიბოძა, დიაღ სიდიდე მოგუემატა.

ამსობაში მოვიდა ბძანება ღთისა და შაჰბაზ ყაენმან ტახტი დაცალა და ამ სოფლით მიიცუალა მაზანდარის ქუეყანას აშრაფს რომ ყეენის სასახლე არის, და ჩუენ იყვენით ისპაანს, ყეენის შვილები და შვილის შვილები იქ იყუნენ. მრავალ ჯერ ქნილიყო წინათ ჟამშია ხელმწიფეთ მიცვალებასა ზედა ერთმანერთი გაეწყვიტაი და მრავალი სისხლი დაღვრილიყო. ჩუენ ძალითა და შეწევნითა ღთისათა გავსინჯეთ საქმე: შვილიც იყო ყაენისა, მაგრამე თავად თვალ დამწუარი იყო, სინათლეცა ჰქონდა, მაგრამე უფროსი შვილი-შვილი იყო დიაღ კარგი, თუალად და ტანად შუენიერი, ხელმწიფობა იმას შეფერობდა. გამოვიყუანე და ტახტზე დავსვი და მიულოცეთ ხელმწიფობა შაჰ სეფის ყაენსა, ვაკურევინეთ ქანარა და ნაღარა, მივსწერეთ შორსა და ახლოს ბრძანება: თუ "მოდით და თაყუანის ეცით". მოვიდეს ყოვლის ადგილიდაღმე ხანები და სულთნები, მიულოცევდით ხელმწიფობასა და აყრიდენ თვალ მარგალიტსა წლამდისინ. და ადიდეს; და მოეწონათ ყოველთა მნახავთა, თქუეს და აქეს: "არა არისო ხელმწიფე ქუეყანასა ზედა ამისი მსგავსიო", გააკვირვა ყოველი რჯული და სული ლხინითა, ნადირობითა და გაცემითა. გაისმა ქება სიკეთისა ყოველსა ქუეყანასა.

ამ დროს წამოეჭიდა ჩუენი ძმისწული ბატონი სვიმონ და კახ-ბატონს ქართლი წაართუა და კახი-ბატონი თავის ალაგს იყო. იმავ წელიწადს ამდონი ისაჯა კახმა ბატონმა თეიმურაზ, თავისი ქალი და მისივ ყმა ჩარქაზი გიორგი მოღალატედ შეუყენა და მძინარე ბატონი სვიმონ დააკულევინა, ქართლს გაბატონდა; სომხითი და საბარათიანო დაიჭირა. რა გაიგონა შასეფი ყაენმან მწუედ იწყინა, კახბატონს გაუწყრა, ჩუენი საბატონო ჩუენ გვიბოძა. გამოგუატანა ყიზილბაშთ სარდარი, ჩუენის ძმის ბატონის ბაგრატის სახლთხუცის სააკაძე ბეჟანის შვილი როსტომხან და მრავალი ლაშქარი. მოვედით; კახთ ბატონი გავაგდეთ და ჩუენი საბატონო დავიჭირეთ.

ბატონი თეიმურაზ იმერეთს შეიხიზნა: ქალი იყო იმისი იმერლის მეფის შვილის ალექსანდრეს ცოლი და ჩუენ და დადიანი ბატონი ლევან დავმოყვრდით და შევირთეთ დაი მისი, ეს ბატონი დედოფალი რომე არს ყოველთა მნათობთა ზედა ქებული. მოვიწადინეთ იმავ წელიწადს ქორწილის ქნა და გზა არ დაგუანება იმერელთ მეფემან გიორგიმ, შევიყარენით. აქათ ჩუენ და მივედით სამცხის: ოცხეს დავდეგით; იქით წამოვიდა დადიანი შეყრით და ქალი წამოიყუანა. წინ გარდაუდგა მეფე გიორგი. შეიბნენ და გაემარჯუა დადიანსა და დარჩა ხელთა მეფე გიორგი. ჩუენც ჩავედით კაკას ხიდს იმერეთშია და მობძანდა ბატონი დადიანი: შევიყარენით და გავიხარენით ერთმანერთის ნახვითა, ლხინითა და განსუენებითა; წაბძანდა იქით დადიანი და წამოვედით მხიარულნი, იმერეთი ჩამოვიარეთ და მოვედით ტფილისს, ქორწილი გარდავიხადეთ და გულის ნებას ვეწიენით.

იყო კახი ბატონი იმერეთს. ჩხუბისა და ავის საქმისაგან თავი არ აიღო და არც დასწყნარდა: კახეთში ჩამოვიდა მთის გზიდამე. მრავალს ადგილს ჩუენი თავს დასხმა და ღალატი მოინდომა და ჩუენ განაღმც ბატონის სისხლსა ვსთხოვდით და ქუეყანას ურბევდით და ბევრი ავი საქმე უყავით. ბოლოს შემოვიდნენ შუა კათალიკოზი, ბერები, ერისთუები და თავადები და დანდობის საქმეს გამოგუეხუეწნეს თუ ორს წელიწლამდი ერთმანერთი დაინდევითო, მას უკან გასამართლდითო და რაც სამართალმა გიჩინოს, ბატონის სვიმონის სისხლი იმ გუარათ მოიკითხეთო. დაგვიდვა კახმა ბატონმა თეიმურაზ სანდოთ საფიცრით სოფელი გავაზი და სოფელი კისისხევი, ჩუენის თავადისშვილებისა და გლეხების მოცემას დაგუპირდეს. ჩუენც რომელიც საფიცარი მივეცით და ან პირობა დაუდევით ყუელაკა გაუთავეთ, და კახმა ბატონმა რაც პირობა და ფიცი მოგუცა, არც ერთი არ გაგვითავა.

ამაზედან ავიშალენით. აქათ ჩუენ შევიყარენით და იქით კახი ბატონი. ქისიყისკენ თათრები უჩინეთ. კახი ბატონი თიანეთს მისულიყო და ჩუენ იქით წავედით. შემოგიარეთ სუეტო ცხოველო ღვთივ აღმართებულო, მოვედით კარსა თქუენსა და ღაღადებით შენგან შეწევნა ვითხოეთ. არაგვის პირის-პირ შევიარეთ და თიანეთს მოუხედით. კურთხეულხარ ძლიერო და უძლეველო ყოვლისა მპყრობელო ღმერთო, რომე სიდიდე და სამართალი შენი ყოველსა კაცს დაანახუე. შევიბენით და გავიმარჯუეთ. დროშა, ქანარა და ნაღარა გავაგდებინეთ; სახლის ხუცესი რევაზ და მრავალი საბატიოს კაცისშვილი სხუა მოუკალით და გავაქცივეთ, უკან მივყევით და გრემს მივედით, სრულად კახნი ჯალაბობრივ იქ იდგნენ, იქით ბატონის თეიმურაზის შვილი დავით და ჩუენგან გაგზავნილი თათრები შეყრილ იყუნენ, შებმულიყვნენ ქისიყის ბოლოსა და თათრებს გამარჯუებოდა და ბატონიშვილი დავით მოეკლათ და მრავალი საბატიოს კაცის შვილი დაეხოცა. ჩუენ გრემს ვიდექით. მეექუსეს დღეს ეს ამბავი მოგვივიდა და კახნიც მოგვივიდეს. ბატონს თეიმურაზს ბიძის ჩუენის მეფის სვიმონის ქალი ედგა; მოვიდა დედოფალი ხურაშან და მუხლს გამოგუეხვა, ამას გუეხუეწა, თუ ერთი წუეთი სისხლი გუაპატივე და შენს სიძეს გზა დაანებეო. რადგან ბიზის ქალი იყო ჩუენი აღარა გაეწყობოდა რა, გზა მივეცით და იმერეთს გავაგდეთ: კახნი და დარბაისელნი ერთგულობაზე ვაფიცეთ და კახეთი ნასისხლად დავიჭირეთ, ყაენს მახარობელი გაუგზავნეთ და გამხიარულებულიყო, კახეთი ყაენმაც გვიბოძა.

რადგან მოვიდა ჩუენ ზედა წყალობა და შეწევნა თქუენი, ჩუენცა... მოვახსენეთ... (მცხეთას) გარესჯას ორივე უდაბნო და სრულიად გარესჯის სახლი და შესავალი ყოვლითურთ უნაკლულოდ... და ქათალიკოზ ქრისტეფორეს... რა რიგადაც წინად ერთობაში, ან მასუკან გაყრაშია და ან ბატონის ლეონისაგან და ანუ ალექსანდრესაგან ან მას უკანა საგარეჯოს სოფლები ყოფილიყო შეწირული წინა-საგარეჯო ამ წესითა, რომე საყაენოს საურსა ლაშქარ ნადირობასა და გომბორს გარეთ სხუა ჩუენი ხელი არა შემოვიდოდეს. ჩუენი და თქუენი სარგო, რა რიგად ძუელს სიგელში ეწეროს... იმ გუარად შემოგვიწირავს წინა და უკანა საგარეჯო... ორივე საგარეჯო თემი და მამული; არ გაიცეს არა დიდი, არა მცირე... კიდევ შეგუიწირავს ახლად მ~რმ ჯუარში ზანდარაშვილი სავერდა, მისი შვილი გარსევან და ოთარი... ესეები მათის მამულითა...

ქათალიკოზო ქრისტეფორე! ნუმცა დავიწყებულ ვიქმნებით თქუენ მიერ მსხუერპლ შემწირველობითა, ლოცვათა და ღმრთისა მიმართ ვედრებასა შინა...

დაიწერა ესე გუჯარი მეფობისა ჩუენისა მეათექვსმეტესა... ქორონიკონსა ტლვ (1648), ხელითა კარისა ჩუენისა სალაროს მწიგნობრის ფირალისითა.


  1. E-073/53-ის მიხედვით საბუთის გამცემია აგრეთვე როსტომის და მარიამის შვილი ლუარსაბი

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტლვ, ანუ 1648 წ.

საბუთის პერსონალია[edit]

* როსტომ მეფე
* მარიამ დედოფალი
* ბარათაშვილი ქაიხოსრო
* ბარათაშვილი ბარათა
* ბარათაშვილი(?) თუმინი
* ბუჟღულაშვილი
* მანუკაშვილი
* მარტირუზაშვილი შალვა

პუბლიკაცია[edit]