1584 წ. - შეწირულების წიგნი გიორგი ბატონიშვილისა ნიტრიის სიონის ღვთისმშობელისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. ეჰა, ადამ დაცემულისა აღმართებაო და ევას წყევისა და მწუხარებისა სიხარულად და კურთხევად შემცუალებელო, ტომობით ასულო ადამისო და მადლითა დედაო ღ(მრ)თისაო, რომელი ჴსნისათვის ჩუჱნისა წყალობით აღიძარ და სათნო ყოფითა მამისათა და წინამძღრობითა სულისა წ(მიდ)ისათა მაღალი იგი ძე ღ(მრ)თისა ძედ შენდა იწოდა და ღ(მრ)თაებით უქცეველმან შეიმოსა ბუნება ადამისა და დაჴსნა მწუხარება ევასი და ნაშობთა მისთა.

ჭეშმარიტო სალხინებელო კაცთა ნათესავისავისო, წ(ინას)წარმეტყუელთა ჭეშმარიტო მოსწავებაო, დავით მამისა შენისა პირველისა დაუჭნობელო ვარდო, სოლომონის ქებაო ქებათაო, რომელსა გარე მოგადგან სამეოცნი ძლიერნი, რომელ არიან სიტყუანი საღ(მრ)თოთა წერილთანი; პატიოსანო ძღვენო კაცთა ნათესავისაო, სახელდიდო და ქალწულ-დედობით ახალო, მზეს ქუჱშე ანგელოზთა ცხორებისა მასწავლელო კაცთაო, რომლისა მიერ დაიჴსნა მტერობისა შუა კედელი და განქარდა წყევა იგი პირველი, რომლისა მიერ ვცანთ შემოქმედი უმეცართა და ვიჴსნენით ტყვეობისაგან მწარისა.

ყოვლისავე სჯულისა ქებათასა აღმატებულო, ყ(ოვლა)დ ქებულო და ყ(ოვლა)დ წმიდაო ნიტრიას სიონისა ღ(მრ)თისმშობელო! მე, მსასოებელმან შენმან და მინდობილმან ცვა-ფარვათა ძისა შენისამან, მეფეთ-მეფისა, პატრონის სუმეონის ძემან პირმშომან, პატრონმან გიორგი, ესე შეწირულობისა წიგნი და სიგელი მოგახსენეთ შენთა, [ქრისტიანეთა] მეოხსა და უბიწოდ მშობელსა, უხრწნელსა და უმეტესად* [კურთხეულსა], [ნი]ტრიას სიონისა ღ(მრ)თისმშობელსა, მას ჟამსა, ოდეს მოვიდა წინაშე ჩუჱნსა ჩუჱნი მაკურთხეველი ქართლისა კათოლიკოს-პატრიარქი დორეთეოს, გუეაჯა, რათა მამულნი შეგუეწირნეს თქუჱნისა მონასტრისათვის.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება მისი, შენი მონასტერი ძველითაგან ყ(ოვლა)დ წმიდის ეკლესია ყოფილიყო და საფუძველითურთ ახლად აეშენებია. და მოგუართუა ჩუჱნ ერთი მძიმე ზარქაშად ნაკერი თორმეტ საუფლო თუალითა და მარგალიტით შემკობილი ომფორი – ჩუჱნ ლორისა ღ(მრ)თისმშობელს შევსწირეთ. კიდევ მოგვართვა ერთი საჴელმწიფო ვეცხლის სურა და ნალბაქი. ჩვენ ვიგულვეთ და ვიგულსმოდგინეთ და შემოგწირეთ ჩუენთუის სადღეგრძელოდ და დღეთა ჩუენთა წარსამართებელად და სულისა ჩუჱნისა საოხად დღესა მას დიდსა განკითხუისასა.

და შემოგწირეთ ლუბრმა, (?) ჩვენის სახასოს მამულისაგან გლეხნი და შინდარს მარგუელაშვილი სრულიად მეს[ხ]ურის მთელის მამულითა; სვიმონისშვილი სვიმონაი ბუღლაურის მთელის მამულითა, გუერდისუბანს გუერეხაშვილი იოვანე მისის მამულითა, რისაც მქონებელნი ყოფილან; კიდევ გვერდისუბანს შიშნაშვილი ბეჟიტაი და მისნი შვილნი ღვინიაურის მამულითა; ბურთიაშვილი ქავთარაი და მისნი შვილნი მისის მამულითა, ზე-სურამს ტუკაძე როსტევანაი, მისნი შვილნი მისით მთელით მამულითა, ოსიაურს ძალიძე შოშიაი მისით შვილითა და მამულითა, ჩუმათელიძე ჩაისარაი და მისი ძმა ქრისტესაი მისის მამულითა; და სხუა, რაც ბატონის [ბ]იძის ჩემის მეფის გიორგისგან გექრთამა და გეყიდა ნიტრი{ა}ს სოფელი, მარგუელაშვილები, ზამთარეთი, ინური /ბაწუნწელაშვილი დათვიაჲ და მისნი შვილნი მისით მამულითა, რისაც მქონებელი ყოფილა/ მამული, ძაბილაური მამული, ქონთირაული პარტახ{ტ}ი, ზინდისი, სოფელი ჟამისაძენი მათის მამულითა, იჩქითიძეები მათის მამულითა, ჩინჩალაძე ისპანა მისი შვილებითა [და] მათის მამულითა; ფრონეს გაღმა და გამოღმა პაპიური პარტახტი. სხუა, თუ რამ პარტახტი არის ზინდის{ს}; სურამა ჯინჭარაძე და მახაძე მათის მამულითა, და ჯინჭორაული ზურად, ქუემო; და კიდევ დოწურიაშვილის ნაქონი ცოტა ალაგი. [და] შემოვსწირე ვენახი ოსიაურს ნატბევშია, სამი ხოდაბუნი, მიწა ცედანს; კოროპაძე{ე}ბი ძუირ-ფასად მოსყიდული ფირან ტუღრიანაიშვილისაგან; სურამს, შუა ველს, ერთი ხოდაბუნი ბოლოს, ბეგამდის.

შემოგვიწირავს და მოგუიხსენებია განთავისუფლებით, მათით მთითა, ბარითა, ჭალითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, ტყითა, სანადიროთა, საძებრითა და უძებრითა, მათის მამულითა და სასაფლაოთი. და რაც ბატონის ბიძის ჩემისაგან გიყიდია და გიქრთამებია, ისიც ამ სიგლით დაგვიმტკიცებია ჩუჱნდა სადღეგრძელოდ და სულისა ჩვენისა საოხად.

აწე, ვინც და რამანცა გუარმან კაცმან, დიდმან ანუ მცირემან, მეფემან ანუ დედოფალმან, თავადმან ანუ აზნაურიშვილმან ანუ გლეხმან ამისად შლად და ქცევად ჴელყოს, ანუ გამოხუება იკადროს ამ ჩუჱნის შეწირულისა, რისხავსცა დაუსაბამო ღმერთი, მამა, ძე და სული წმიდა, წმინდა დედოფალი ღ(მრ)თისმშობელი. შემცაედების კეთრი გეზისი, შიშთვილი იუდასი, ცოცხლივ დანთქმა დათან და აბირონისი, მეხდატეხილობა დიოსკორესი. და ნურსამც სინანულით ნუ იქმნების ჴსნა სულისა მისისა. და ქრისტეს უარისმყოფელთა თანა დაისაჯების სული მისი და ყოველნი წმინდანი ღ(მრ)თისანი, ზეცისა და ქუეყანისანი, ჴორციელნი და უჴორცონი. და დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს და წმინდამან ღვთისმშობელმან.

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონს სობ, ჴელითა თუმანიშვილისა შაველისათა.

დავითა ცხვ{ა}რელაშვილი ძველითგან შეწირული იყო საყდარსა, დაგუავიწყდა და აქ დავსწერეთ. კიდევ მოგუართუა ბატონმა კათოლიკოზმან კარგი ფეშქაში და შემოგწირეთ: წიფას [ქურდაძეები], ჟამურაშვილები – ჟამურა და მისნი შვილნი და მომავალნი, ელიაზარაი და მისნი შვილნი მომავალნი, ინდუაი და მისნი შვილნი და მომავალნი, სვიმონა და მისნი შვილნი და მომავალნი, ბეჟანა და მისი შვილი და მომავალნი, ბესალაი და მისნი შვილნი და მომავალნი.

შემოგწირეთ ნიტრიას მონასტერსა და მას შინა დამკუიდრებულსა ყოვლად წ(მი)დისა ღ(მრ)თისმშობლისა ხატსა, შემოგვიწირავს ჩუენთვის სადღეგრძელოდ და სასულიეროდ, შემოგუიწირავს ქურდაძენი ჩვენ, ხელმწიფის შვილსა ბატონს გიორგის .

არა შეგ{ე}ცვალოს და არა მოიშალოს არას ჟამთა შემოსრულობისა და გამოცვლილობისათვის არა ჩუენგან და არა შემდგომად ჩუენთა მომავალთა მეფეთა და დედოფალთაგან, არა აბაშიძეთაგან, არა სხუა მეპატრონეთა და ადამისა ნათესავისა კაცისაგან. და არავინ გვიბრძანებია მშლელი და მ{ა}ქცეველი მტკიცედ ბრძანებულისა ამის ჩვენისა სიგელი{სა}, თვინიერ სიმტკიცისა და შემატებისაგან კიდე.

აწ{ე}, ვინ და რამანცა ადამის მონათესავემან კაცმან, ანუ მეფემან, ანუ დედოფალმან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურმან ჴელყოს ამის შლად და ქცევად და გამოხუ{ე}ბად, რისხამცა დაუსაბამო ღმერთი, მამა, ძე და სული წმიდა, დედოფალი ღვთისმშობელი და ყოველნი წმიდანი ღ(მრ)თისანი ზეცისანი და ქვეყანისანი, და ზემო წერილთა მადლი. დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს და წმიდ{ა}მან ღ(მრ)თისმშობელმან.

აგრეთვე სიონთა ღვთისმშობლისა მამულში ჩვენი არც მებალახე, არც კოდის პურის მკრეფელი, არცა ხევისთავი ჩვენი არა ეთხოვოს რა, სათათროს სათხოვარ{ს} და ლაშქრობას გარეთ.

დედანს დასმული ჰქონია ბეჭედი: გიორგი


საბუთს აქვს შემდეგდროინდელი დამტკიცება:

როსტომ მეფის

რარიგადაც ეს სიგელი და გუჯარი პირველად ჩვენ ჩამომავალთ ხელმწიფეთ შეუწირავთ და დაუდებია, ჩვენც ასრე დაგვიმტკიცებია, გაგვითავებია, ნურა კაცი ნუ ეცილებით, ქორონიკონსა ტკა, მკათათვის იბ. კარის წინამძღვარისათვის გვიბოძებია.

დედანს ჰქონია ბეჭედი: ყაენის ფეხთა მტვერი, როსტომ, ვამტკიცებ.


ქ. ასრე რიგად ნასყიდი და შეწირული არის, რომე სურამის ციხეში მდგომ არც ქართველთა და არც თათართა, არც ციხეზედ მუშაობითა და არც სხვის სათხოვრითა, ჴელი არა აქუს და ნურცა-რას სთხოვენ, არ დიდის დაჭირებისა საქმითა არა ამუშაონ და არც სამასპინძლო ეთხოებოდეს.

ხელრთვა ხვეულად: როსტომ

საბუთის დათარიღება[edit]

თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სობ (272), რაც გვაძლევს 1584 წელს. "კორპუსში" საბუთი დათარიღებულია 1589-1595 წლებით. 
1633 (ტკა) წლის 12 ივლისს (მკათათვეს) საბუთი ხელახლა დაუმტკიცებია როსტომ მეფეს.

კომენტარები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - N 3
საბუთის თანახმად, გიორგი ბატონიშვილს (მომავალი ქართლის მეფე გიორგი X) დოროთეოზ კათალიკოსის თხოვნით იავარქმნილი ნიტრიის მონასტრისათვის ყმა-მამული შეუწირავს. შემდგომში დოროთეოზ კათალიკოსს ნიტრიაში დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარებია, რაზედაც მოგვითხრობს ამ მოვლენასთან დაკავშირებული მის მიერვე გაცემული საბუთი (სეა, 1448-5008). გიორგი ბატონიშვილის დოკუმენტში აღსანიშნავია შეწირულ მამულებს შორის სოფ. წიფის (დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) დასახელება, რომელიც ადრეც ნიტრიის მონასტრის კუთვნილება ყოფილა, მაგრამ, როგორც ირკვევა, მასზე აბაშიძეები აცხადებდნენ პრეტენზიას. ამიტომ საბუთის ბოლოს, აკრძალვით ნაწილში, საგანგებოდაა ნახსენები აბაშიძე, როგორც საბუთის პირობების შესაძლო დამრღვევი პირი. ვინაიდან აბაშიძეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საზღვარზე ფლობდნენ მამულებს, მათ სათავადოში შედიოდა სოფ. წიფაც. ბუნებრივია, აღნიშნულ რეგიონში დიდი იყო მათი ინტერესი, ამის გამო, გიორგი ბატონიშვილს მნიშვნელოვნად მიუჩნევია მათი მოხსენიება სახელდებით (ლაცაბიძე 2012: გვ. 14).

პუბლიკაცია[edit]