წყალობითა ღმრთისათა, ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, მეფეთ-მეფემან სუიმეონ, ესე წყალობის და სითარხნის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულთა ყმათა, კავთისხეველთა ჯილავის მეთოფეთა: ბერიძეს დავითს, იმნაძეს ზურაბს და მირიანისძეს იოვანეს.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდექით კარსა და სითარხნისა წყალობისა წიგნსა გუიაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, წიგნითა ამითა გათარხნეთ და განგათავისუფლეთ. ასრე და ამა პირსა ზედან, რომე არაფერი საჩუენო სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოვებოდეს-რა: არა ბაშმალი, არა ღალა, არა კულუხი, არა ულაყი, არა სხუა სათხოვარი, თუინიერ კარისა ჩუენისა მსახურობისა და სათათროსა საურისაგან კიდე.
გქონდეს თქუენ, ერთობილთა ჯილავის მეთოფეთა, და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა ქუეშე.
გიბრძანებთ კავთისხევისა მოურავო და სხუანო მოხელენო და კარისა ჩუენისაგან წარვლენილნო მოსაქმენო, ბძანება და ნიშანი ესე თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას შეუცვლით.
დაიწერა წიგნი და ნიშანი ესე ქორონიკონს სჲთ, თუესა აგუისტოსა რვას, ხელითა თუმანიშვილის შაჰველისითა.
სპარსული ტექსტი
აბულ-მანსურ სულტან მაჰმუდ-ხან მირზა - ჩემი სიტყვა
ამჟამად, ქვემოთ მოხსენიებულ ჯილავის მეთოფეთა მიმართ უსაზღვრო წყალობის გამო, ჩვენ ვუბოძეთ და ვუწყალობეთ სითარხნე, გველის წლის დასაწყისიდან, დავითს ორი ძმითურთ, ზურაბს და მის ერთ ძმას, ივანეს და მის სამ ძმას. კავთისხევის ხეობის ტარუღამ და ქეთხუდებმა, თანახმად დაწერილისა, დადგენილად იცნონ ეს და გარდა თამღისა და საურისა, რომელიც საჭიროა მაღალი დივანის მოხელეთათვის და რომელიც თანაბრად განაწილებული იქნება ხსენებულ ჯამაათში, ნურაფერს მოსთხოვენ და უსამართლოდ და ძალადობით ნუ გადაახდევინებენ მათ. ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ, ნუ გასწევენ წინააღმდეგობას და თავის ვალდებულებად აღიარონ ამის შესრულება.
დაიწერა რაჯაბის თვის ს-ს, ცხრაას ოთხმოცდა ცხრა 989 წ.
მინაწერი აშიაზე:
დადგენილია,რომ დამღასა და საურს გლეხები წესისამებრ გადაიხდიან. ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ.
ქორონიკონი სჟთ აგვისტოს რვა. ქორონიკონი მცდარია, რადგან იგი იძლევა შეუსაბამო თარიღს - 1611 წელს. აშკარაა, რომ ქორონიკონი უნდა იყოს სჲთ (269), ანუ 1581 წლის 8 აგვისტო, რაც ზუსტად შეესაბამება სპარსული ტექსტის თარიღს - ჰიჯრის 989 წლის რაჯაბი 1581 წლის 9 აგვისტო.