Jump to content

1510-1515 წწ. - წიგნი ანტიოქიის პატრიარქ დოროთეოსისა მაწყვერლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

  • Ad-503 - არაბულ-ქართული დოკუმენტი.

იგივე სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 415

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. დიდებაი ღმერთსა, მარადის ყოვლისა შემძლებელსა და დიდებულსა, ამინ.

მლოცველი, მოყვარე სულთა თქუენთა წყალობითა ღმრთისათა, დოროთეოს პატრიარქი დიდისა ღმრთისა ქალაქისა ანტიოქიისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა, მოგიმცნობ.

წყალობაი და მშვიდობაი და შეწევნა უფლისა ჩუენისა იესუს ქრისტეს მიერ თქუენ ზედა, და ყოველსა საბრძანებელსა თქუენსა, რომელმან განამტკიცნა წმინდანი მოციქულნი სიონს, ქორსა მას ზედა, განყოფითა ცეცხლისა ენათათა.

და მისცა ცნობაი ყოველთა ენათა და მათ მიერ მოინადირნა ყოველნი ნათესავნი. ლოცვაი მათი და კურთხევაი გარდმოვედინ სულთა და ხორცთა თქუენთა ზედა და ყოველსა საბრძანებელსა თქუენსა.

რომლისა ბრძანებითა ვიიძულენით თქუმად ამას დიდსა პატრონისა მზეჭაბუკის მიერ, რამეთუ მაგან ოდენ მხოლომან იყურჭუმა ჭეშმარიტად ემბაზსა შინა ნათლისღებისასა.

რამეთუ სადაცა მიიწიოს ღონე მაგისი და დათრგუნოს ქუეყანაი მტერთა თვინიერ ბრძოლისა, მოსცეს ღმერთმან ადგილი იგი, ანუ რომელთა იხილონ წუერი ჰოროლისა მისისა, თვინიერ კუეთების, ლტოლვილ ქმენინ ყოველნი წინააღმდგომნი მისნი, პატიოსნისა და ღმრთისა მიერ განმტკიცებულისა და განძლიერებულისა დიდისა მეფისა ჩუენისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა ხელმწიფისა პატრონისა მზეჭაბუკისაგან. სამარადისოდ ყოს ღმერთმან პატივი და დიდებაი, ძალი და სიმტკიცე მათი უკუნისამდე; და აღამაღლოს პატივი მისი და ბედნიერ-ყოს.

და დაანთქნეს მტერნი მისნი და მოსცეს ძლევა მათ ზედა მას და ყოველსა მხედრობასა და ერსა მისსა.

და ადიდოს სახელი მისი მზისა და მთოვარისაებრ და სრულყოს ყოველი ნება და წადილი მისი უფალმან და ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრისტემან. და გარდმოავლინოს მას ზედა მადლი და კურთხევაი მისი, რომელსა უპყრიეს სჯული და მცნებაი ღმრთისაი და სიმართლით ჰმსახურებს ეკლესიასა და სჯულსა მართლმადიდებელთასა.

მერმე, ებრძანა აწყურისა ღმრთისმშობლისა საქმენი პირველნიცა და უკანის რაი გარდაჰხდა, და თუ რაბამნი სასწაულნი აღასრულნა. და ვეტყვი ნება-სურვილითა და სიყუარულითა მისითა და ვევედრები, რაითა მეცა ღირსმყოს ხილვად და თაყუანისცემად მისსა.

და ესეცა, ვითარმედ, აწცა წარუვლენიან კაცნი სოფელს გუერდის. და ჩუენიცა ებისკოპოზი ყოფილიყო მათ წინაშე, სახელით გრიგოლ, ეპისკოპოზი ბოლოზნისა. და მას თვით განეცადა ყოველი საქმე, და თუალითა ეხილა და, გულისხმაი ეყო უსჯულოებაი მეფეთა და ერისა მათისა.

და პატრონისა მზეჭაბუკის ღმრთისმოშიშებაი და მართლმადიდებლობაი და ღმრთისმოყვარებაი, ყოველივე განგუაცადა და გულისხმაი-გვიყო; და ეგრეთვე მაწყუერლისა სიკეთე და ღმრთისმოშიშებაი და მართლმადიდებლობაი და მეცნიერებაი და სჯულითა ღმრთისათა კეთილად პყრობა და დაცვა მცნებათა ღმრთისათა.

ამისთვის ვითარცა ჯერ-იყო და სამართალ, მადლითა ღმრთისათა და შეწევნითა დიდისა მოციქულთა თავისა პეტრესითა, ვინებეთ და მას მივათუალეთ ყოველი საბრძანებელი პატრონისა მზეჭაბუკისი, რათა ებისკოპოზნი მისგან ეკურთხეოდენ ყოველნივე და მისსა წესსა და ბრძანებასა ჰმორჩილობდენ. და სჯულთა მისთა ერჩდენ და მისგან იმწყსებოდენ.

და მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ იყუნენ და მაწყევარნი მისნი წყეულ.

და მისდა მიგუიცემიეს, მადლითა ღმრთისათა, ხელმწიფებაი შეკრვისა და განხსნისა. და რომელნი აკურთხნეს, კურთხეულ იყუნენ; და რომელნი შეკრნეს, შეკრულ იყუნენ, ამინ.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთი უთარიღოა. გამომცემლები ათარიღებდნენ მზეჭაბუკის ზეობის წლებით. თედო ჟორდანია საბუთს ათარიღებს 1500-1516 წლებით, საურმაგ კაკაბაძე 1502-1515 წლებით. კორპუსში საბუთი მზეჭაბუკის მმართველობის მეორე ნახევრით, ანუ 1510-1515 წლებითაა დათარიღებული, ანუ იმ პერიოდით, როცა მზეჭაბუკი მცხეთას დაუპირისპირდა.

შენიშვნა

[edit]
საბუთი წარმოადგენს არაბულ-ქართულ დოკუმენტს და შედგება ორი დამოუკიდებელი ფურცელსაგან
ქ. შარაშიძის დაკვირვებით ქართული თარგმანი შესრულებულია მზეჭაბუკ ათაბაგის სიცოცხლეში, მაგრამ იგი ზუსტად არ მისდევს არაბულ ორიგინალს, რომლის ავტორია ანტიოქიის პატრიარქი დოროთეოსი. ქართველ მთარგმნელს მასში უხვად ჩაუმატებია მზეჭაბუკ ათაბაგის განმადიდებელი ეპითეტები მისი პოლიტიკური ზრახვების მხარდაჭერის მიზნით.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]