Jump to content

1441 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა იოანე თბილელ-მანგლელისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: სინოდის კანტორის Hd-1369

იგივე სინოდის კანტორის სიონის საბუთები № 107.


პირები:

  • 1753-48 - პირი გადაწერილია გ. ბოჭორიძის მიერ.

შინაარსი

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 44


ქ. ჩუენ, მინდობილმან ცვა-ფარვათა თქუენთამან, თქუენითა შეწევნითა და ძალმწეობითა დავითიან-ბაგრატონიანმან, აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა თუითმპყრობელმან ღვთივ-გუირგუინოსანმა მეფეთ-მეფემან ალექსანდრე, ვიგულვე და ვიგულისმოდგინე და მენება რათამცა თქუენი სოფელნი ყოვლისა სათხოვრისაგან გამეთავისუფლნეს.

მოვიდა და ისაჯა თქუენისა საყდრისა მპყრობელი, ჩუენი მოძღუარი, თბილელ-მანგლელი იოვანე და პირველ ძუელითგან გაშუებულობისა და თარხნობისა სიგელნი მოგუართუნა.

და აწ, ჩუენ ახლად განვაახლეთ და დავამტკიცეთ, რომელ, რანიცა თქუენისა საყდრისა შესავალნი სოფელნი, გლეხნი და მამულნი არიან, გაგუითარხნებიან და გაგუითავისუფლებიან ყოვლისა სათხოვარისა და გამოსაღებლისაგან სრულიად. არ ეთხოებოდეს არ ულუფა, არ გუთნისათავი, არ სამეჯინიბეო და არ სახოლსარლო, არ სამუშაო, არ ზროხა-საკლავი, არ გოჭ-ქათამი და არ საყველიერო და არა სათხოვარი, არ დიდი და არ მცირე.

და ჩუენი მოსამსახურე ვერასა სათხოვრისა და გამოსაღებლისათუის, რამანცა თქუენნი შემოსავალნი მამულნი არიან, ვერასა სათხოვრისა და გამოსაღებლისათუის ვერ მივიდენ. სადაცა რა სათბილელო არის, არასთანა სათხოვარი არ ეთხოებოდეს ესრეთ, რომელ ჩუენისა სულისა საოხმან, ჩუენმან მოძღუარმან, თბილელ-მანგლელმან იოვანე ორი დღე აღაპი გაგუიჩინა: ერთი დღე - მთავარანგელოზობა და ერთი დღე - საბაობა. ამას ყოველთა წელიწადთა, წარსამართებელად მეფობისა ჩუენისათუის და შესანდობელად სულისა ჩუენისათუის, წლითიწლად აღაპსა გარდაიხდიდეს თქუენისა საყდრისა მპყრობელი თბილელ-მანგლელი იოვანე.

და შემდგომად მისსა, ვინცა თქუენისა საყდრისა მპყრობელი იქმნას და თბილელი იყოს, იგინი ნუ დამაკლებს და ვინცა დამაკლოს, თქუენ გაკითხულ ქმენ ჩუენთა ცოდვათა და ბრალთათუის წინაშე ძისა თქუენისა და ღმრთისა ჩუენისა...

დაიწერა სიგელი ესე ქრონიკონსა რკთ, ინდიკდიონსა მეფობისა ჩვენისასა კთ, ხელითა მესტუმრისა და კარისა მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]