Jump to content

1392 წ. 06.13. - ალექსანდრე მეფის სასისხლო სიგელი დავით გორგაძეს

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

თედო ჟორდანიასათვის ვინმე დ. გორგაძეს იმერეთიდან ჩამოუტანია ტყავის სიგელი ზომით 2 არშინი სიგრძით და 1/4 არშინი სიგანით, მდარე ხელით, მსხვილი ასოებით დაწერილი XV საუკუნის ხელით. თვით საბუთი წარმოადგენდა დედნიდან ძველად გადაწერილ ასლს. ამჟამად საბუთის ეს ძველი ასლი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ არქივში შიფრით Ad-0932.

საბუთში ადრესატის გვარი გადაფხეკილ-გადასწორებულია და სინამდვილეში წარმოადგენს დავით ინასარიძისათვის გაცემულ საბუთს.

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1897 - ქრონიკები - II - გვ.193-195


ქ. სახელითა ღმრთისათა, ჩვენ, მეფეთა მეფემან ალექსანდრემან და ძეთა ჩუენთა ვახტანგ დავითიან ბაგრატოვანმან, ნებითა ღვთისათა აბხაზთა, ქართველთა, შანთა და შარავანშთა, რამთა, კახთა, ჰსომეხთა მეფეთა, ყოვლისა აღმოსავლეთისაი ვიდრე დასავლეთამდის ლიხთ-იმერისა, ჩრდილოთისა საქართველოს ორთავე ხელმწიფედ მპყრობელმანდა ლიხთ-ამერისა მპყრობელმან.

მოვიდეს ჩუენსა წინაშე ჩუენი ერდგულნი და სასონი ჩუენნი და ერთგულნი გორგაძე შვილნი დავით[1] და მისნი შვილნი და გვეაჯდნეს.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და მიუბოძეთ სიგელი ესე. და ძველადცა ჰქონდა სიგელი და აწ ახლად დაუმტკიცეთ და გაუჩინეთ სისხლი სრული, სამჯერ ასი ათასი კირმანეული თეთრი სანახშიროსა და სადაღოსა აქათ; სანახშიროდ და საზ(აო) სამი ათასი თეთრი დაგეურვებოდეს.

თუ ვინმე შენი გვარისა კაცი მოკლას, სამჯერ ასი ათასი კირმანეული თეთრი დაგეურვებოდეს, სანახშირო და საზაო სამი ათასი თეთრი, სადაღოდა ოცი ათასი, საგერშოდა თორმეტი ასაი, საკოჭლოდა სრულისა სისხლისა მეექსედი დაგეურბოდეს.

მიუბოძეთ და უბოძეთ სიგელი ესე, და განუჩინეთ, რომე არა გაკლდებოდეს გორგაძესა დავითსა[2] და შვილთა მისთა და სახლისა შვილთა და მომავალთა ყოველთავე სისხლი სრული სამჯერ ასი ათასი კირმანეული თეთრი დაგეურვებოდეს, საზაოსა და სანახშიროსა აქათ. სანახშირო და საზაო სამი ათასი დაგეურვეობდეს; სადაღოდა ოცი ათასი, საგერშოდა თორმეტი ასი, საკოჭლოდა - სრულისა სისხლისა მეექსედი დაგეურვებოდეს.

აწ ვინცა ნახოთ ბრძანება და სიგელი ესე ჩუენთა შემდ(გ)ომთა მეფეთა და დიდებულთა, დიდთა და მცირეთა დაუჯერობითა დაუმტკიცეთ და ნუ ვინ უშლით გორგაძეს დავითს[3] და მაისსა და შვილთა და მომავალთა ყოველთავე და ნუ ვინ უშლით.

თუ ვინმე ცოლი წაგიღოს და ანუ მოუტყ...ს, ნახევარი სისხლი ამისგან გარდაგიხადოს.

თუ ვინმე სახლი დაუწვას და ანუ დაურბიოს, ხუთი ათასი თეთრი დაუურვოს.

თუ ვინმე მუქარა სთხოვოს შემოტყუვილითა და არა ემართლებოდეს, მანცა ნახევარი სისხლი დაუურვოს.

თუ ვინმე ჯოგი წაუსხას და ანუ ხვასტაგი, სასაძოვრე გაუტეხოს, რაც ამას შიგან ეწეროს, მეოთხედი სისხლი დაუროს.

თუ ვინმე გრნულობა შეჰყივლოს, ნახევარი სისხლი დაუროს;

თუ ვინმე სასაფლაო გატეხოს ან წისქვილი გაუცარცოს, ათასი თეთრი დაუროს და მეკობრე ხელთა მისცეს დასაშავებლად.

თუ ვინმე მწყემსი გიცეს და ანუ უომარი კაცი გაგიძარცოს, ათასი თეთრი დაგეურვებოდე.

აწ წმიდანო მეფენო ქრისტეს მოსავნო, დაუმტკიცეთ და ნუ ვინ უშლით, ნუცა ებისკოპოზნი, ნუცა ქატალიკოზნი და ნუცა მღდელთა-მოძღვარნი და ნუც ციხისა თავნი და ნუც აზნაურნი და ნუცა დიდებულნი, ნუც უქვედესნი, ნუცა უზედაესნი, და დედოფალთა აზნაურითა, აზნაურთა, ოთხმიზურთა და ყოველთა ჩუენისა კარისაგან გამოსრულნი და ვისცა გორგაძეს დავითს[4] და მაისასასა გუარი კაცი შეაკუდეს, ანუ ხუცესი იყოს და ანუ მჭედელი, ამდენი სისხლი გარდაიხადოს.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ინვნდიკონსა მეფობისა შიგან ქრონსა ოთხმოცსა. თვესა ივნისსა ცამეტსა, ხელითა მწიბრისათა ჩუენისა გრიგოლისათა. ამინ უფალო.

მეფე სრულიად ... ალექსანდრე.


გრაგნილის მეორე მხარეს იმავე ხელით:

ქ. ესე სიგელისა ძველისა დედოსსგან გარმოვწერეთ და გამოვიღეთ. რამგვარაც ძველ ერთი იყო, აგრეთვე ახლად დავამტკიცეთ ვითა უწინც შეფიცულვართ ძმობაზედ, აწეც იგივე პირი გიორგისა... დავითისა[5] ძმებისა და განაყოფებისა მახარებლისა დამამთხვალისა და მიქელისა და მათისა გუარისა კაცისა მუხიერისა და ბადრი და ავაგი და მათა ყველათა შვილნი და მომავალნი მტერის მტერნი ვიყვნეთ და მოყვარე მუყრელთა.


  1. სიტყვები: "და ერთგულნი გორგაძე შვილი" ჩამატებულ ჩასწორებულია სხვა ხელით და მელნით.
  2. "გორგაძესა დავითს" ჩამატებულ-ჩასწორებულია სხვა ხელით; ადრე ეწერა "ინოსარიძესა"
  3. "გორგაძეს დავითს" ჩასწორებულ ჩამატებულია სხვა ხელით
  4. "გორგაძეს" ჩასწორებულ ჩამატებულია სხვა ხელით
  5. "დავითისა" ჩასწორებულ ჩამატებულია სხვა ხელით

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]
 საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი ოთხმოცი, ანუ 1392 წლის 13 ივნისი. თედო ჟორდანიას 1392 წელი სწორად მიაჩნია, ხოლო ალექსანდრე მეფე კი მას მიაჩნია იმერელ მეფეთა შთამომავლად, რომელიც ბაგრატ მეფემ იმერეთის ერისთავად დანიშნა და მეფობდა იმერეთში 1387-1389 წწ. (ვახუშტით).
სარგის კაკაბაძეს მიაჩნია, რომ საბუთის დასაწყისში ტექსტში "მეფემან ალექსანდრემან და ძეთა ჩუენთა ... ვახტანგ", გამოტოვებულ ადგილას უნდა ყოფილიყო "ძეთა ჩვენთა [ბაგრატ] და ვახტანგ". ასევე, მისი აზრით, საბუთის დედანში იქნებოდა თარიღი "ქკსა ას პთ თვესა ივნისსა ცამეტსა" და მაშინ მივიღებდით თარიღად 1501 წელს, ანუ ალექსანდრე II იმერთა მეფის დროს. 
ჯუმბერ ოდიშელმა უარყო ს. კაკაბაძის მიერ საბუთის თარიღის შესწორება. ამავე დროს აღნიშნა, რომ პალეოგრაფიული ნიშნებით საბუთი XV საუკუნეს განეკუთვნება. პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთი 1392 წლის 13 ივნისითაა დათარიღბული და მის გამცემად ალექსანდრე I იმერთა მეფე იგულისხმება. დავით ნინიძემ დასაშვებად მიიჩნია, რომ 1392 წლის სიგელის გამცემი პროვინციის მეფე ალექსანდრე ყოფილიყო.
გონელი არახამიამ მიმოიხილა რა სიგელის გარშემო გამოთქმული მოსაზრებები, საბოლოოდ მაინც თ. ჟორდანიას მოსაზრებას დაუჭირა მხარი.

პუბლიკაცია

[edit]

ლიტერატურა

[edit]