შაჰ ისმაილ I-ის ანონიმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"ალამ-არაი-ე შაჰ ისმაილ" ("ქვეყნის დამამშვენებელი შაჰ ისმაილი")
ავტორი: შაჰ ისმაილ I-ის ანონიმი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: გელაშვილი ნანა


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები



წიგნი:
სამი სპარსული წყარო XVI საუკუნის საქართველოს შესახებ - სპარსულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ნანა გელაშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 64 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XXV - თბილისი - 1990


წინასიტყვაობა[edit]

ანონიმური თხზულება ეძღვნება სეფიანთა დინასტიის და სახელმწიფოს დამაარსებლის ისმაილ I-ის (1501-1524) ზეობის ხანის ისტორიას. ავტორის ვინაობა და თხზულების დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია. ირანელი მკვლევარების აზრით, ძეგლი შედგენილია ჰიჯრის 1086 წელს (1675/76). ეს მოსაზრება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თვით წყაროში ერთგან მითითებულია აღნიშნული თარიღი. ევროპელი და საბჭოთა მკვლევარები ფიქრობენ, რომ ქრონიკა შედგენილია შაჰ ისმაილ I-ის თანამედროვის მიერ, ხოლო ტექსტში მითითებული 1675/76 წელი შეიძლება იყოს თხზულების გვიანდელი რედაქტირების თარიღი. ამ მოსაზრებას იზიარებს ნ. გელაშვილიც.
ანონიმური ქრონიკა განეკუთვნება ნარატიულ თხზულებათა რიცხვს. ავტორი თავდაპირველად გვამცნობს სეფიანთა დინასტიის გენეალოგიას, მოგვითხრობს შაჰ ისმაილის წინაპართა შესახებ, შემდეგ დეტალურად აღწერს ხსენებული შაჰის ზეობის პერიოდში მომხდარ ამბებს. რაც შეეხება თხრობის სტილს, ანონიმი ცდილობს თავის თხზულებას ერთგვარი მხატვრული ელფერი მისცეს: ხშირად მიმართავს დიალოგებს, გადმოგვცემს მოქმედ პირთა ფიქრებს, განცდებს და ა.შ. 
ანონიმი ავტორის ცნობები საქართველოზე, ძირითადად, დაკავშირებულია ყიზილბაშთა სარდლის დივ-სულტან რუმლუს საქართველოში ლაშქრობებთან, რომლებიც მთელი რიგი დეტალებით განსხვავდება სხვა სპარსულ თუ ქართულ წერილობით წყაროებში დაცული ცნობებისაგან. განსხვავდება, უწინარეს ყოვლისა, იმით, რომ იგი შეიცავს ცნობას პირადად შაჰ ისმაილის საქართველოში შემოსვლის თაობაზე. საყურადღებოა აგრეთვე თხზულების ის მონაკვეთები, სადაც ვრცლად და საინტერესოდაა მოთხრობილი ქართველ მეფე-მთავართა ურთიერთობაზე, როგორც ერთმანეთთან, ისევე შაჰ ისმაილთან. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ანონიმურ თხზულებაში დაცული ცნობები საქართველოს შესახებ არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სარწმუნოდ აღვადგინოთ ზოგიერთი ისტორიული ფაქტი და მოვლენა, ვინაიდან, მსგავსად სხვა ნარატიული წყაროებისა, ანონიმური ქრონიკაც ფრიად ტენდენციურია; ზოგიერთი ფაქტი მასში გაზვიადებულია, ზოგი კი საერთოდ უგულვებელყოფილია, ამასთანავე, ზოგჯერ ერთმანეთში არეულია ისტორიულ პირთა საკუთარი სახელები. ამდენად თხზულება მოითხოვს განსაკუთრებით ფრთხილ და კრიტიკულ მიდგომას.

ტექსტი[edit]

შაჰ ისმაილ I-ის ანონიმის ცნობები საქართველოს შესახებ

ყარაბაღიდან ამბავი მოვიდა, რომ მანუჩარ-ხანი[1], ლევან-ხანი[2], ბაში-აჩუკის[3], ქართლის, ზაგემის[4]და კახეთის მეფეები[5] გაერთიანდნენ და ყარაბაღში მივიდნენ. [იქაურობა] ააოხრეს და გაძარცვეს, რითაც იმ ვილაიეთს დიდი ზარალი მიაყენეს. [შემდეგ] მათ არდებილის მხარეს მოინდომეს წასვლა, მაგრამ როგორც კი გაიგეს, რომ ძლევამოსილი დროშები ხორასნიდან დაბრუნებულიყვნენ და სატახტო ქალაქ ყაზვინში შეჩერებულიყვნენ, ისინი იმ ადგილიდან სწრაფად გაეშურნენ და თავიანთ ვილაიეთებში დაბრუნდნენ.

როდესაც მისმა უდიდებულესობამ ალაჰის ჩრდილმა[6] ეს ამბავი შეიტყო, დივ-სულტანი[7] თხუთმეტი ათასი მეომრით საქართველოს ვილაიეთში გაგზავნა. თავად თავისი ამალა მთელი ქონებითა და ავლა-დიდებით აყარა და ადგილიდან დაძვრა ბრძანა, რის შემდეგაც ყველანი შირვანისკენ გაემართნენ.

როდესაც დივ-სულტანმა სპა შეკრიბა და გაემგზავრა, მისი წამოსვლის ამბავმა ქართლში მანუჩარ-ხანთან მიაღწია[8]. მან კაცი აფრინა ლევან-ხანთან და ყვარყვარე-ხანთან[9] დივ-სულტნის წამოსვლის შესატყობინებლად. ამ უკანასკნელებმა ლაშქარი შეკრიბეს და მანუჩარ-ხანის დასახმარებლად გაემართნენ. როდესაც ეს სამი მეფე შეიკრიბა და დივ-სულტნის მოსვლის შესახებ საუბრობდა, ლევან-ხანმა გაგულისებით წამოიძახა: "დივ-სულტანს ბრძოლის ველზე მე გამოვიწვევ და ამ ოც მანიან[10] კვერთხს, რომელიც ვერცხლისაგან დავამზადებინე, კეფაში ისე ჩავცხებ, რომ მას თავის ცხენიანად მიწას დავანარცხებ". ყვარყვარე-ხანმა განაცხადა: "თქვენ ნუ შეწუხდებით, დივ-სულტნის დამარცხება ჩემზე იყოს!" მოკლედ, ბევრი ლაპარაკისა და ბჭობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დივ-სულტნის ბანაკს მოულოდნელად თავს დასხმოდნენ და გაენადგურებინათ. დივ-სულტნის ჯაშუშმა, რომელიც ქართველთა ბანაკში იმყოფებოდა, ეს ამბები მოიტანა და აცნობა [მას]: "საქართველოს მეფეები თავდასხმას აწყობენ და სამი დღის შემდეგ შემოგესევიან".

ის იყო დივ-სულტანი და ყიზილბაშთა ლაშქარი სამოსელგახდილი მოსასვენებლად მოეწყვნენ, რომ უეცრად ქართველთა ლაშქარი გამოჩნდა და ყიზილბაშებს თავს დაესხა. მათაც, დაახლოებით ათი ათასმა კაცმა[11], ქართველთა რაზმს გზა გადაუღობეს და შეაჩერეს. [ამასობაში] დივ-სულტანმა და მისმა მეომრებმა იარაღი აისხეს, ქართველთა ჯარს ეძგერნენ და ნაწილი დახოცეს. შუა ბრძოლის დროს [დივ-სულტანი] მანუჩარს შეეფეთა, ისიც იძულებული გახდა შეჩერებულიყო. დივ-სულტანმა ხმლის ერთი დაკვრით იგი ცხენიდან გადმოაგდო, გაკოჭა და ერთ-ერთ ყიზილბაშს ჩააბარა, ამ დროს გამოჩნდა ლევან-ხანი. მას ხელში ისეთი კვერთხი ეკავა, რომ ვისაც კი დაარტყამდა, თავს უხეთქავდა. ლევან-ხანმა კვერთხი დივ-სულტნისკენ მიმართა, მაგრამ ეს უკანასკნელი წინ გადმოიხარა, მკლავი დაუჭირა მას და კვერთხი ხელიდან გამოგლიჯა. შემდეგ [მან] განიზრახა ლევან-ხანისათვის ხმლის თავში დარტყმა, მაგრამ ლევან-ხანი გვერდზე გადაიზნიქა და ხმალი ცხენს მოხვდა. ცხენი და ლევან-ხანი მიწაზე დაენარცხნენ. ამასობაში ქართველები შეტევაზე გადავიდნენ და ლევან-ხანი მყისვე გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ: დაიღუპა ორი ათასი ქართველი. ლევან-ხანმა და ყვარყვარე-ხანმა თავიანთი დარჩენილი ლაშქრით ძლივს უშველეს თავს გაქცევით.

რაც შეეხება დივ-სულტანს, იგი გამარჯვებული და ძლევამოსილი დაბრუნდა ბანაკში. მაშინვე დაწერა წერილი მანუჩარ-ხანის შეპყრობის, ლევან-ხანისა და ყვარყვარე-ხანის გაქცევის თაობაზე და დახოცილ ქართველთა გასისხლიანებული თავებითურთ მეცხრე ცამდე აზიდულ ზღურბლზე გაგზავნა.

დივ-სულტანმა მანუჩარ-ხანი სასახლეში იხმო. როდესაც ხანი წარუდგინეს, იგი ადგილიდან წამოდგა, მიესალმა და ბრძანა, რომ მანუჩარ-ხანისათვის ხელები გაეხსნათ. იგი ზემო სკამზე დასვა, ხოლო თავად მოწიწებით მის წინ ფეხმორთხმით დაჯდა. მანუჩარ-ხანი დივ-სულტნის ზრდილობითა და თავაზიანი მოპყრობით კმაყოფილი დარჩა და გულში თქვა: "რა საოცრად კეთილშობილნი ყოფილან ყიზილბაშები!" საუბრის შემდეგ, რომელიც დივ-სულტანსა და მანუჩარ-ხანს შორის გაიმართა, მანუჩარ-ხანმა ალაჰის ჩრდილის უწმინდესი პიროვნება მოიკითხა. დივ-სულტანმა ცოტა რამ მოუთხრო მისი უდიდებულესობის სანაქებო თვისებების შესახებ, რათა მანუჩარის ბედი იქნებ როგორმე სწორ გზაზე მოექცია. [ამის შედეგად] მანუჩარ-ხანმა ურწმუნოებას ისლამი ამჯობინა[12]. დივ-სულტანმა მის უდიდებულესობას, ალაჰის ჩრდილს წერილი მისწერა, [რომელიც შაჰის] მწყალობელმა მზერამ ყარაბაღში იხილა. მისმა უდიდებულესობამ ბრძანა რომ დივ-სულტანს მანუჩარ-ხანი ქვეყნიერების საფარველის ზღურბლზე ეახლებინა.

როდესაც დივ-სულტანი, მანუჩარ-ხანთან ერთად, სამეფო კარის ადგილსამყოფელში მივიდა, ისინი პატივდებული იქნენ იმით, რომ მისი უდიდებულესობა, ალაჰის ჩრდილის, ფეხზე კოცნით გაბედნიერდნენ. მისმა უდიდებულესობამ მანუჩარ-ხანს ხალათი, გვირგვინი და ფირმანი უბოძა, თანაც ბრძანა: "მთელი საქართველოს ვალის თანამდებობა თქვენთვის მიბოძებია". რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ალაჰის ჩრდილმა მანუჩარი გაათავისუფლა, [შაჰ-ისმაილმა] ბრძანება გასცა შირვანისაკენ დაძვრის შესახებ. მანუჩარ-ხანი მას ეახლა და მოახსენა: "დივ-სულტნის გამოშვება ინებეთ, რომ თქვენს მონა-მორჩილთან ერთად ისიც საქართველოში წამოვიდეს, რადგან ასეთ დროს თქვენი მონა-მორჩილი საქართველოში მარტო დაბრუნებას ვერ შეძლებს". მისმა უდიდებულესობამ, ალაჰის ჩრდილმა, დივ-სულტანი ლაშქრით, მანუჩარ-ხანთან ერთად გაისტუმრა საქართველოში[13]. უკვე ზამთარი ახლოვდებოდა და მან ბრძანა, რომ ყარაბაღში გამოეზამთრებინათ. შირვანში წასვლა კი გაზაფხულის დადგომამდე გადასდო.

დივ-სულტანი და მანუჩარ-ხანი თბილისის ვილაიეთში რომ მივიდნენ და შეჩერება ბრძანეს, სწორედ იმ დროს ყვარყვარე-ხანი ოცი ათასი მხედრითა და თვრამეტი ათასი ქართველით თბილისს მიადგა. როდესაც ისინი ციხეს მიუახლოვდნენ, ამ ამბავმა დივ-სულტანთან მიაღწია. მან ლაშქარი შეკრიბა და ციხიდან გამოვიდა. მათ შორის ცხარე ბრძოლა გაჩაღდა, რომლის დროსაც შვიდი ათასი ქართველი მოიკლა. ყვარყვარე-ხანი დაიჭრა, მან სადავეები შემოაბრუნა და დარჩენილი რაზმით თავის ვილაიეთისაკენ გაემართა[14]. დივ-სულტანის თბილისში ყოფნის ერთი თვის თავზე მას აცნობეს: "თქვენი ოჯახი, რომელიც ბალხში იყო, ალი შოქრ-ხანის ვაჟმა მოჰამედ-ხანმა ქაბულში წაიყვანა[15]. ფადიშაჰმა ბაბურმა[16] თქვენი ოჯახი გამოგზავნა და [ამჟამად] ყარაბაღში იმყოფება." დივ-სულტანს თავისი ვაჟების ნახვა სურდა და ამიტომ მანუჩარ-ხანს დაეთხოვა. როდესაც იგი მის უდიდებულესობას, ალაჰის ჩრდილს ეახლა სამსახუროდ, [შაჰმა] მას მისვლის მიზეზი ჰკითხა. დივ-სულტანმა თავისი მისვლის მიზეზი მოახსენა და მისმა უდიდებულესობამ მას სახლში წასვლის ნება მისცა.

როდესაც დივ-სულტანმა თბილისი დატოვა და ყარაბაღის გზას დაადგა, ლევან-ხანმა, ვითომ მოთათბირების საბაბით, მოინდომა მანუჩარის ხელში ჩაგდება. ამ მიზნით მან მანუჩარ-ხანს კაცი გაუგზავნა [და შეუთვალა]: "თქვენ გონიერი კაცი იყავით. რა მიზეზით შეკარით კავშირი შეიხ-ოღლისთან[17] და მუსლიმი გახდით? რაც არ უნდა მოხდეს, მე რწმენას არასოდეს შევიცვლი. მაგრამ საბოლოოდ ურიგო არ იქნებოდა, თუ ჩვენ თხოვნას შეიხ-ოღლისთან სამსახურის თაობაზე მას მისწერდით და შეატყობინებდით, რომ შეგვინდოს ჩვენი ცოდვები და ეს ვილაიეთი ჩვენვე დაგვიტოვოს". მანუჩარ-ხანმა უპასუხა: "თუ ლევან-ხანს სურს, რომ მისი თხოვნა მის უდიდებულესობას, ალაჰის ჩრდილს გადავცეთ, იგი აქ უნდა მოვიდეს, რათა ერთმანეთს შევხვდეთ და [თავისი] თხოვნა თავადვე მომახსენოს".

ლევან-ხანმა მანუჩარ-ხანის პასუხი რომ მიიღო, ლაშქარი შეკრიბა და გაემგზავრა. როდესაც თბილისის ციხეს მიუახლოვდა, მას მანუჩარ-ხანი გამოეგება, პატივი მიაგო და თავის ადგილსამყოფელში შეიყვანა. საუბრის შემდეგ, როდესაც შეკრებილთ საჭმელ-სასმელი მიართვეს, ლევან-ხანმა თავის ხალხს ნიშანი მისცა, რომ მანუჩარ-ხანს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ და ხელები შეეკრათ მისთვის. ლევან-ხანს მანუჩარ-ხანის მოკვლა უნდოდა, მაგრამ მღვდლებმა უთხრეს: "თუ თქვენ მანუჩარ-ხანს მოკლავთ, შეიხ-ოღლი მთელი საქართველოს ამოწყვეტას ბრძანებს. ახლა უბრძანეთ, სანამ მოსახდენი მოხდება, ზედამხედველობის ქვეშ დატყვევებული და შებორკილი ჰყავდეთ". მაშინ ლევან-ხანმა მანუჩარ-ხანს ბორკილები დაადო, შემდეგ ქართლის ვილაიეთი დაიპყრო და თბილისის ციხეში ჩადგა[18].

როდესაც ამ ამბავმა უზენაეს სმენამდე მიაღწია, მისმა უდიდებულესობამ დივ-სულტანს უბრძანა: "ლევან-ხანი უნდა შეიპყრო და უმაღლეს ზღურბლზე მოიყვანო! ამასთანავე, უწყოდე, რომ მე, უავგუსტოესის ნაცვალი, შენს თავის მართლებას არ შევისმენ, [თუ იტყვი], რომ იგი გაგექცა ან [საქართველოში] დარჩა".

დივ-სულტანი [შაჰის] ფეხზე მთხვევით გაბედნიერდა, ლაშქარი შეკრიბა და თბილისიკენ დაიძრა. როდესაც ლევან-ხანმა დივ-სულტნის მოსვლის შესახებ შეიტყო, მისგან მოსალოდნელი საშიშროებით დამფრთხალმა, თავს გაქცევით უშველა[19].

დივ-სულტანი თბილისში შევიდა და, რადგან ციხე ცარიელი დაუხვდა, ციხისთავი დანიშნა. შემდეგ მის უდიდებულესობას წერილი მისწერა და გაუგზავნა. თავად კი ლაშქარი შეკრიბა და ლევან-ხანის კვალდაკვალ გაემართა.

როცა ლევან-ხანმა ზაგემის[20] ვილაიეთს მიაღწია, თავისი და მანუჩარ-ხანის ოჯახის ქალები ყარლანყუშის ციხეში გაგზავნა. თავად ელბრუსისაკენ გასწია და იმ მთაში დაიდო ბინა. დივ-სულტანიც, რომელიც მას კვალდაკვალ მიჰყვებოდა, ელბრუსის მთის ძირს მიუახლოვდა და ჩამოქვეითდა. ის იყო იერიში უნდა დაეწყოთ, რომ ლევან-ხანმა დივ-სულტანს კაცი გაუგზავნა და შეუთვალა: "საქართველოს ვილაიეთი თქვენ დაგიტოვეთ, ხოლო ჩვენ მთაში ვპოვეთ თავშესაფარი, ჩვენგან სხვას რაღას ითხოვთ?!" დივ-სულტანმა უპასუხა: "მანუჩარ-ხანი გვინდაო". წარგზავნილმა პასუხი რომ მოიტანა, ლევან-ხანმა მანუჩარ-ხანი დივ-სულტანს გაუგზავნა. ამის შემდეგ დივ-სულტანმა ბრძანა: "ხანის ოჯახი მინდაო". ერთი სიტყვით, მას ხანის ოჯახის წევრებიც მიჰგვარეს და ჩააბარეს. დივ-სულტანმა მანუჩარ-ხანს უთხრა: "თქვენი ოჯახი წაიყვანეთ და თბილისისაკენ გასწიეთ, მე კი აქედან ფეხს იქამდე არ მოვიცვლი, სანამ ლევან-ხანს ხელში არ ჩავიგდებ". მანუჩარ-ხანი თავისი ოჯახით თბილისის გზას დაადგა. როდესაც იგი ციხის კედელს მიუახლოვდა, დავით ქართველი[21], რომელიც ციხესიმაგრის თავი იყო, გამოეგება და ხანი [თავისი] სახლეულითურთ ციხეში შეიყვანა. [მანუჩარს თავისი] ქონება და ავლა-დიდება ლევან-ხანისათვის ჰქონდა გადაცემული[22], ხოლო თავად წელზე მორჩილების ქამარი ჰქონდა შემორტყმული. მანუჩარ-ხანმა თავისი ოჯახი იქ დატოვა, ლაშქარი შეკრიბა და დივ-სულტნის დასახმარებლად გაემართა. მან იქ იმ დროს მიაღწია, როდესაც დივ-სულტანმა იერიში მიიტანა მთაზე. ორივე მხარემ ფიცხელი ბრძოლა გააჩაღა, ხალხის დიდი ნაწილი დაიხოცა. დივ-სულტანი მთაზე ავიდა და ლევან-ხანისკენ ბრძოლით გაიკვლია გზა. ლევან-ხანიც იძულებული გახდა დივ-სულტანს მიახლოვებოდა და ხმალი მისკენ მიემართა, მაგრამ დივ-სულტანი მასთან მიიჭრა, მაჯა დაუჭირა ლევან-ხანს და ხელიდან ხმალი ძალით გამოგლიჯა. შემდეგ ხელებიც შეუკრა და ყიზილბაშებს ჩააბარა. თავად კვლავ ბრძოლა განაგრძო. ქართველთა ჯარი დამარცხდა და უკუიქცა. ყველა მათგანი თავის მხარეში დაბრუნდა.

დივ-სულტანმა წაიყვანა ლევან-ხანი და მის უდიდებულესობას, ალაჰის ჩრდილს მიჰგვარა. ორივენი [მის] ფეხზე მთხვევით გაბედნიერდნენ. კეთილგანწყობისა და მზრუნველობის გამოჩენის შემდეგ ცოტა დრო რომ გავიდა, მისმა უდიდებულესობამ, ალაჰის ჩრდილმა, ლევან-ხანის განთავისუფლება ბრძანა და მას სამეფო ხალათი უბოძა. [ლევანი] ზაგემის მხარეს გაემართა. როცა ყვარყვარე-ხანმა ლევან-ხანისადმი ასეთი წყალობისა და მზრუნველობის შესახებ შეიტყო, თვითონაც ზეციური ტახტის ადგილსამყოფელისაკენ გაეშურა და მისი უდიდებულესობის - ალაჰის ჩრდილის ფეხზე მთხვევით გაბედნიერდა. სხვადასხვა წყალობისა და განსაკუთრებული საპატიო ხალათით შემოსვის შემდეგ, იგი გაისტუმრეს და [ყვარყვარე] ბაშიაჩუკისაკენ გაემართა. ამის შემდეგ მის უდიდებულესობა, ალაჰის ჩრდილი ვანისაკენ დაიძრა...

[შაჰ ისმაილის] ქორწინებიდან ორი თვის შემდეგ[23], მანუჩარ-ხანმა ქვეყნიერების მპყრობელ მბრძანებელს წერილი მისწერა [იმის თაობაზე], რომ ლევან-ხანმა ამ მონას[24] უმუხთლა და მის მოკვლასაც კი აპირებდა. ამიტომ მან საჭიროდ ჩათვალა, რომ [ეს შაჰისათვის] მოეხსენებინა. მისმა უდიდებულესობამ ბრძანა: "ჩვენი უავგუსტოესობა ფიქრობდა, რომ ლევან-ხანისა და ქართველთა ჯარის ერთიანად გაჟლეტა ებრძანებინა, [მაგრამ] ბოლოს და ბოლოს მას უსინდისო საქციელი ვაპატიეთ და იგი გავათავისუფლეთ. იმის გამო რომ ბოროტება კვლავ ჩაიდინა, ის ურჯულო საკუთარ სისხლში იცურავებს. ჩვენი უავგუსტოესობის წინაპარი სეიდ სალეჰი[25], რადგან ბაგრატ-ხანმა მოკლა[26], სარწმუნოებისათვის წამებული იმ სეიდის სისხლისათვის სწორედ ახლა უნდა ვიძიოთ ამ ურჯულოზე შური". ამის შემდეგ [შაჰმა] ბრძანა შირვანიდან აყრა და დიდებითა და ზარ-ზეიმით ზაგემის ვილაიეთში ინება გაჩერება[27]. ბრძანება გაიცა, რომ ქართველები მთლიანად ამოეხოცათ. ლევან-ხანი გაიქცა და ბაში-აჩუკის მხარეს მიაშურა, ხოლო ალაჰის ჩრდილმა, ქართველთა ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურების შემდეგ, ამ საზღვრის მიმართ გული დაიმშვიდა. ამიტომ იქიდან წასვლა ბრძანა და სულთანიეს[28] მხარეს გაემართა.


  1. მანუჩარ-ხანი - ყვარყვარე II-ის მეექვსე ვაჟი, ყვარყვარე III-ის (1516-1535) ბიძა. იგი ტახტის მაძიებელი იყო და ყვარყვარეს სამცხის ათაბაგად გახდომისთანავე აუჯანყდა მას (დაწვრ. იხ. ქრ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, თბ.,1962, გვ.99-101). ყვარყვარე III-მ დახმარებისათვის ირანის შაჰს მიმართა. ამ უკანასკნელმა არ დააყოვნა და იმავე 1516 წელს თავისი სარდალი დივ-სულტან რუმლუ გაგზავნა საათაბაგოში მანუჩართან შესაბრძოლებლად. გადამწყვეტი ბრძოლა დივ-სულტანსა და მანუჩარს შორის გაიმართა თმოგვის ციხესთან და ყიზილბაშთა გამარჯვებით დასრულდა. დივ-სულტანმა ათაბაგობა ყვარყვარეს დაუმტკიცა და თავისი ლაშქრით უკან გაბრუნდა (ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვლ. ფუთურიძემ შენიშვნები დაურთო რ. კიკნაძემ, თბ.,1966, გვ.20-21). მანუჩარმა ახლა ოსმალეთს მიაშურა დახმარების სათხოვნელად. 1518 წელს იგი სამცხეში ოსმალთა ჯარის თანხლებით დაბრუნდა, მაგრამ ყვარყვარემ სასტიკი მარცხი აგემა მას. ამრიგად, მანუჩარის ცდა, ხელთ ეგდო სამცხის ათაბაგობა, უშედეგოდ დასრულდა (მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, XVI-XVII, თბ.,1971, გვ52-53).
  2. ლევან-ხანი - ტექსტშია ალვანდ-ხანი. წყაროს გამომცემლები (მონთაზერ საჰები, იადოლაჰ შოქრი) აღნიშნავენ, რომ ალვანდ-ხანი იგივე ლევან-ხანია. იგულისხმება კახეთის მეფე ლევან II (1518-1574) გიორგის (ავგიორგის) ძე. მის გამეფებამდე, 1513-1518 წლებში, ქართლ-კახეთი ერთიან სამეფოს წარმოადგენდა ქართლის მეფის დავითის მეთაურობით. კახეთში ლევანის გამეფებით კი ქართლ-კახეთის პოლიტიკურ ერთიანობას ბოლო მოეღო.
  3. ბაშიაჩუკის ანუ იმერეთის მეფე იმ დროს იყო ბაგრატ III (1510-1565). როგორც ჩანს, ანონიმი ავტორი ცდება, ვინაიდან სხვა წერილობითი წყაროებით არ დასტურდება ბაგრატ მეფის მონაწილეობა დივ-სულტნის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში.
  4. ზაგემი - XV-XVIII სს. კახეთის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. მისი ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელი აზერბაიჯანის სსრ ტერიტორიაზე ქ. ზაქათალას სამხრეთით, 20 კმ-ის მანძილზე, სოფ. თასმალოს მახლობლად (დაწვრილებით ზაგემის შესახებ იხ. Кутелия Т. С., Грузия и Сефевидский Иран, по данным нумизматики, Тбилиси, 1979.-გვ.20-22; ლ. ჭილაშვილი - კახეთის ქალაქები (XIV-XVII სს.), თბ.,1980, გვ.157-176.
  5. იადოლაჰ შოქრის გამოცემაში მანუჩართან და ლევანთან ერთად ამ ადგილას მოხსენიებულია აგრეთვე ყვარყვარე (ალამ-არაი-ე-სეფევი, გვ.582).
  6. იგულისხმება შაჰ ისმაილ I (1501-1524), ყიზილბაშთა ანუ სეფიანთა სახელმწიფოს დამაარსებელი.
  7. დივ-სულტანი - ყიზილბაშთა ჯარის მთავარსარდალი დივ-სულტან რუმლუ, რომელმაც შაჰ-ისმაილ I-ის ბრძანებით სამჯერ ილაშქრა საქართველოში 1516, 1518 და 1520/21 წლებში. ანონიმ ავტორს მითითებული არა აქვს დივ-სულტნის ლაშქრობის თარიღი, მაგრამ თხზულებაში აღწერილ მოვლენათა კონტექსტის მიხედვით, საფიქრებელია, რომ აქ საუბარია ყიზილბაშთა 1518 წლის შემოსევაზე.
  8. ტექსტის მიხედვით გამოდის, რომ მანუჩარი ქართლში მეფობდა, მაგრამ, როგორც ცნობილია, 1505-1525 წლებში ქართლის მეფე იყო დავით X.
  9. ყვარყვარე-ხანი - სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი ყვარყვარე III (1516-1535). ათაბაგობა მან მიიღო თავისი ბიძის, მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ (ყვარყვარეს ურთიერთობის შესახებ ირანთან და ქართველ მეფე-მთავრებთან 1518-1524 წლებში საყურადღებოა ჟ.ლ. ბაკე-გრამონის გამოკვლევა, რომელიც ეფუძნება სტამბოლის თოფ-ქაფის არქივის დოკუმენტებს, იხ. J.L.Baque-Grammont, Sur Queiques problems de l,histoire de la Georgie antre 1518 et 1524; აღმოსავლური ფილოლოგია, V, თბ.,1983, გვ.190-195).
  10. მანი - წონის ერთეული. თავრიზული მანი დაახლოებით 3 კგ-ს უდრის, შაჰური - ორჯერ მეტს.
  11. იადოლაჰ შოქრის გამოცემაში - ორი ათასი (ალამ-არაი-ე სეფევი, გვ.583).
  12. მანუჩარის დატყვევება ყიზილბაშთა მიერ და მისი გამუსლიმება სხვა წერილობით წყაროთა (როგორც სპარსულ, ისე ქართულ) მონაცემებით არ დასტურდება.
  13. ჩვენი აზრით, ეს უნდა ეხებოდეს 1518 წლის მოვლენებს, როდესაც შაჰს დახმარების სათხოვნელად ეახლა არა მანუჩარი, არამედ ყვარყვარე. რაც შეეხება მანუჩარს, იგი ამ დროს ოსმალთა ჯარის თანხლებით საქართველოში ელოდა ყვარყვარეს. ჩანს, რომ ანონიმი ურევს ქართველ მეფე-მთავართა საკუთარ სახელებს; ყვარყვარეს გამოცხადებას შაჰ ისმაილთან ადასტურებს ჰასან რუმლუ (ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, გვ.21). სამწუხაროდ აღნიშნული ფაქტის შემოწმება ქართული წერილობითი წყაროებით ვერ ხერხდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ყვარყვარეს შაჰთან გამოცხადების მიზეზი დახმარების თხოვნა იყო (ისევე როგორც 1516 წელს), ვინაიდან შაჰ-ისმაილმა იგი დივ-სულტნის ლაშქრის თანხლებით გაისტუმრა საქართველოში. ეს იყო დივ-სულტნის რიგით მეორე შემოსევა, როდესაც მან გორი და სურამი აიღო.
  14. აღნიშნული ბრძოლა მანუჩარსა და ყვარყვარეს შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მანუჩარმა კი გაქცევით უშველა თავს (იხ. ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, გვ.20-21); ანალოგიური ცნობაა დაცული ბრიტანეთის მუზეუმის სპარსულ ანონიმურ ქრონიკაში: Cronique anonyme de Sah Ismail Londres, British Library, ms. 3248, ფ.277 ბ.
  15. დივ-სულტან რუმლუ 1513-1515 წლებში ერთდროულად იყო ბალხის, ანდჰუდისა და ზაბარგანის გამგებელი. ქ. ბალხი, რომელიც ოფიციალურად სეფიანთა სამფლობელო იყო, წლების მანძილზე ქაბულის მმართველის ბაბურის სუვერენობის ქვეშ იმყოფებოდა (J.L. Bacque-Grammont et Ch. Adle, Notes sur les Safavides et la Georgie 1521-1524. გვ.234). ამდენად, გასაგები ხდება ჩვენი წყაროს ცნობა იმის თაობაზე, რომ დივ-სულტანის ოჯახი ადრე ქ. ბალხში იმყოფებოდა, აღწერილი მოვლენების დროს კი ბაბურს იგი ყარაბაღში გაუგზავნია მის სამსახურში მყოფი მოჰამედ-ხან აყ-ყოინლუს თანხლებით.
  16. ბაბური - თემურ-ლენგის შთამომავალი ზაჰირედდინ მოჰამედ ბაბური (1494-1530), დიდმოღოლთა იმპერიის დამაარსებელი ჩრდილო ინდოეთში. თავდაპირველად იგი ქ. ფერგანას მმართველი იყო, წლების განმავლობაში ბრძოლებს აწარმოებდა ჩაღატაის სულტნებთან, საბოლოოდ 1504 წელს ქაბულში დამკვიდრდა. რაც შეეხება ბაბურის ურთიერთობას ირანთან, იგი ხან მშვიდობიან, ხან კი მტრულ ხასიათს ატარებდა...
  17. შეიხ-ოღლის სახელით სეფიანთა წერილობით წყაროებში ზოგჯერ შაჰ ისმაილ I მოიხსენიება, რაც მის წინაპრებზე - არდებილის შეიხებზე მიგვანიშნებს.
  18. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ანონიმი ავტორი ქართლის მეფედ მანუჩარს ასახელებს (და საერთოდ ქართველ მეფე-მთავართა სახელებს ხშირად ერთმანეთში ურევს), მაგრამ, ვინაიდან იგი მოვლენათა თანმიმდევრობას და განვითარებას სწორად გადმოგვცემს, ამიტომ სხვა წერილობით წყაროებთან მისი ცნობების შეჯერების საფუძველზე ისტორიული სინამდვილის აღდგენა სიძნელეს არ წარმოადგენს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ანონიმურ თხზულებაში აღწერილია ლევანის მიერ ქართლის მეფის დავითის დამარცხება 1518 წელს, რის შედეგადაც ბოლო მოეღო 1513 წელს დავით მეფის მიერ გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს(ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, II, თბ.,1959, გვ.353; ახალი ქართლის ცხოვრების III ტექსტი, ქართლის ცხოვრება, II, თბ.,1959, გვ.491; ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოისა, ქართლის ცხოვრება, IV, თბ.,1970, გვ.395).
  19. იადოლაჰ შოქრის გამოცემის მიხედვით "ლევან-ხანმა მაშინვე დაცალა ციხე, შეკრიბა თავისი ლაშქარი, ოჯახი და გაიქცა" (ალამ-არაი-ე სეფევი, გვ.586).
  20. ტექსტშია "თარქემ", იადოლაჰ შოქრის გამოცემაში კი - "ზაგემ". ვინაიდან გეოგრაფიული დასახელება "თარქემ" არ არსებობს, ხოლო წყაროს მეორე გამოცემაში, რომელიც უფრო ადრინდელ ხელნაწერს ეფუძნება (და ამდენად უფრო სანდოა), დასახელებულია "ზაგემ", ამიტომ საჰების გამოცემის "თარქემ" ანონიმური თხზულების გადამწერის გრაფიკულ დაუდევრობას უნდა მივაწეროთ. ასეთი ვარაული სრულიად გამართლებული ჩანს, მით უმეტეს, რომ გეოგრაფიულ სახელწოდებათა მსგავსი დამახინჯება ტექსტში კიდევ რამდენიმე ადგილას გვხვდება. ქ. ზაგემი, როგორც ცნობილია, აღებული ხანის კახეთის ერთ-ერთ პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა.
  21. ხსენებული დავით ქართველი არ უნდა გავაიგივეოთ ქართლის მეფე დავითთან, რომელიც ქრონიკაში იდენტიფიცირებულია მანუჩართან. ასეთივე აზრის არიან ფრანგი მკვლევარები ბაკე-გრამონი და ადლი (J.L. Bacque-Grammont et Ch. Adle, Notes sur les Safavides et la Georgie 1521-1524. გვ.226).
  22. შოქრის გამოცემაში "[ციხის თავმა] ლევან-ხანის ქონება და ავლა-დიდება მფლობელობაში მას [მანუჩარს] გადასცა" (ალამ-არაი-ე სეფევი, გვ.597).
  23. წინა მონაკვეთში მოთხრობილია შაჰ ისმაილის შირვანში წასვლის შესახებ, სადაც მას შირვანის მმართველი შეიხშაჰი შეეგება. ამ უკანასკნელის წინადადებით, შაჰმა მისი ასული შეირთო ცოლად. XVI საუკუნის ისტორიკოსია - ხონდემირის ცნობით, შაჰ ისმაილმა ქორწილი გადაიხადა ჰიჯრის 929 წლის ზულ-ჰიჯას 26 რიცხვში თავრიზთან ახლოს ("თარიხ-ე ჰიბიბ ას-სიიარ" ფი ახბარ აფრად ბეშარ თალიფ ღიასადდინ ჰამამ-ადდინ ჰოსეინი მსდუ ბე ხონდემირ, IV, თეჰრან, 1322/1954, გვ.599-600), რაც ქრისტიანული წელთაღრიცხვით 1523 წლის 4 ნოემბერს შეესატყვისება. გამოდის, რომ მომდევნო მოვლენები, რომლებზეც ჩვენს წყაროშია საუბარი, ვითარდებიან უკვე 1524 წლის დამდეგიდან.
  24. "მონა" აქ გულისხმობს თვით მანუჩარს
  25. სეიდ სალეჰი - არდებილელი შეიხი, სეფიანთა ერთ-ერთი წინაპარი. ჩვენ მიერ შესწავლილ წყაროში მის სახელთანაა დაკავშირებული XIII საუკუნის დამდეგს ქართველთა მიერ ქ. არდებილის დარბევის ამბები. საყურადღებო ამ შემთხვევაში ისაა, რომ ანონიმურ თხზულებაში ხსენებული მოვლენა უკავშირდება არა შეიხ ყოთბ ედ-დინ აჰმედის სახელს, როგორც ეს სხვა სპარსულ წყაროებშია (იბნ ალ-ბაზაზის "საფეათ ას-საფა", ხონდემირის "ჰაბიბ ალ-სიიარ", ზეინ ალ-აბედინ ალის "თაქმილათ ალ-ახბარ", ყაზი აჰმედ ღაფარის "თარიხ-ე ჯაჰან-არა", ისქანდერ მუნშის "თარიხ-ე ალამ-არაი-ე აბასი"), არამედ მისი ვაჟის - სეიდ სალეჰის პიროვნებას. ამასთანავე, ანონიმის ვერსიის თანახმად, ქართველებისგან მიყენებული ჭრილობა შეიხისათვის სასიკვდილო აღმოჩნდა (ალამ-არაი-ე შაჰ ისმაილ, გვ.5-7; ალამ-არაი-ე სეფევი, გვ.7-8). ხოლო ზემოხსენებული დანარჩენი წყაროების თანახმად, დაჭრილი შეიხი მალე გამოჯანსაღდა, დიდხანს იცოცხლა და შვილიშვილსაც მოესწრო (სეფი ედ-დინ ისჰაყს). ამ უკანასკნელს თურმე ახსოვდა ნაიარევი, რომელიც ქართველებმა პაპამისს მიაყენეს.
    რაც შეეხება ქ. არდებილზე ქართველთა ლაშქრობის თარიღს, მკვლევართა შორის აზრთა სხვსდასხვაობაა. დამაჯერებლად მიგვაჩნია რ. კიკნაძის თვალსაზრისი რომ ლაშქრობას ადგილი ჰქონდა ჰიჯრის 601 წლის შავალის თვეს (1205 წლის 22 მაისი). იგი წარმოადგენდა ქ. არდებილის გამგებლის მიერ 1205 წლის 10 აპრილს (აღდგომა დღეს) ანისის აოხრების საპასუხო თავდასხმას (დაწვრ. იხ. რ. კინაძე, ფარსადან გორგიჯანიძე და "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", თბ.,1975, გვ.121-129; Кикнадзе Р. К., Очерки по источниковедению истории Грузии : Парсадан Горгиджанидзе и "Картлис цховреба", Тб.,1980, с.141-147).
  26. იადოლაჰ შოქრის გამოცემაშია: "ბაგრატ-ხანმა - ლევან-ხანის წინაპარმა" (ალამ-არაი-ე სეფევი, გვ.588).
  27. ჩვენს ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა ყიზილბაშთა საქართველოზე შემოსევებში პირადად შაჰ ისმაილ I-ის მონაწილეობის თაობაზე (იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბ.,1973, გვ.101-102). ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ქართულ საისტორიო თხზულებებში აღნიშნულია შაჰ ისმაილის საქართველოში შემოჭრის ფაქტი, სპარსულ წერილობით წყაროებსი კი (იგულისხმება დღემდე ცნობილი წყაროები) ამის სესახებ არაფერია თქმული. მაგრამ ამჟამად ჩვენ ხელთა გვაქვს ასეთი წყარო, რომელშიც გარკვევითაა აღნიშნული შაჰ ისმაილის კახეთში - ქ. ზაგემში შეწრისა და აოხრების ფაქტი. რა თქმა უნდა, ანონიმურ თხზულებაში წარმოდგენილი მასალა არ იძლევა ამის საფუძველს, რომ სიზუსტით აღვადგინოთ ისტორიული სინამდვილე, მაგრამ ხსენებული ნაშრომი სწორედ იმის გამოა უფრო საყურადღებო და საინტერესო, რომ შეიცავს სრულიად განსხვავებულ ცნობას შაჰ ისმაილის საქართველოში ლაშქრობასთან დაკავშირებით. ამდენად, არ შეიძლება აღნიშნული ფაქტის გადაჭრით უგულებელყოფა. ანონიმი ავტორი აღწერს გარკვეულ ისტორიულ ფაქტს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, არსებობს არა როგორც რაღაც განყენებული ან ცალკე მდგომი, არამედ მჭიდრო ურთიერთობაში მის გამომწვევ მიზეზებთან, შედეგებთან, სხვა ისტორიულ ფაქტორთან, მოვლენებთან და ა.შ. ზემოთქმულის გათვალისწინებით, დასაშვებია, რომ ანონიმი ისტორიკოსი შეგნებულად და სრულიად გარკვეული მიზნით აღწერს შაჰ ისმაილ I-ის საქართველოში შეჭრას. შესაძლებელია, ავტორს, როგორც სეფიანთა დინასტიის პანეგირიკოსს, სურდა ეჩვენებინა, რომ ირანის შაჰმა პირადად დასაჯა ურჩი ქართველები, რომლებმაც ლევან მეფის მეთაურობით გაბედეს სეფიანთა ძალაუფლების წინააღმდეგ გამოსვლა. შეიძლება ვარაუდის დაშვება, რომ შაჰ ისმაილი მართლაც იყო კახეთში და ანონიმი ავტორის ცნობა სიმართლეს შეესაბამება. იმხანად, ირან-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინების საფუძველზე ხსენებული ისტორიული ფაქტის რეალობა სავსებით მისაღებია. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ევროპულ წერილობით წყაროებში დაცული ცნობებიც. კერძოდ, კარმელიტების ქრონიკაში აღნიშნულია, რომ 1520 წელს ოსმალეთის სულტნის სელიმის სიკვდილის შემდეგ შაჰ ისმაილმა დაარბია და დაიმორჩილა ქრისტიანული საქართველო (A Cronicie of the Carmelites in Persia and the Papal mission of the XVII th and XVIII th centuries, v.I, London, 1939, gv.28).
    აღსანიშნავია აგრეთვე ცნობილი ისტორიკოსი და დიპლომატის ჯ. მალკომის ცნობა, რომლის გადმოცემით სელიმის სიკვდილმა წააქეზა ისმაილი, რათა "გადაელახა მდინარე არაქსი და შეჭრილიყო საქართველოში, რომელიც მან დაიმორჩილა" (The History of Persia from the most early period to the present time by John Malcolm, vol. I, London, M,. DCCC.XV 1815, გვ.505).
    ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელი წყაროთი სარგებლობდა ამ შემთხვევაში ჯ. მალკოლმი, მაგრამ მას აღნიშნული აქვს, რომ სეფიან მონარქთა ზეობის განხილვისას იგი იყენებდა შაჰ აბას II-ის (1642-1666) თანამედროვე ისტორიკოსის მუჰამედ ქამალ იბნ ისმაილის თხზულებას "ზუბდათ ათ-თავარიხ". ამდენად, საფიქრებელია, მალკოლმს ჩვენთვის საინტერესო ცნობაც იქიდან ჰქონდეს ამოღებული. საბოლოო დასკვნის გაკეთება ისმაილ I-ის საქართველოში, კერძოდ ქ. ზაგემში შეჭრის თაობაზე ჯერჯერობით ნაადრევად მიგვაჩნია. ახალი წერილობითი წყაროების მიკვლევა-შესწავლა, ალბათ, მეტ შუქს მოჰფენს აღნიშნულ საკითხს.
  28. სულთანიე - ქალაქი შეიქმნა მონღოლთა ბატონობის ხანაში ქალაქების აბჰარსა და ზენჯანს შორის (ყაზვინიდან ზენჯანში მიმავალ გზაზე). მისი მშენებლობა დაიწყო XIII საუკუნეში ილხან არღუნის დროს და დასრულდა მისი უმცროსი ვაჟის ილხან ოლჯეითუს დროს. სწორედ მან უწოდა ქალაქს სულთანიე და თავისი იმპერიის სატახტო ქალაქად გამოაცხადა...