ყაზი აჰმედ ღაფარი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"თარიხ-ე ჯაჰან-არა" ("ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია")
ავტორი: ყაზი აჰმედ ღაფარი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: გელაშვილი ნანა


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები



წიგნი:
სამი სპარსული წყარო XVI საუკუნის საქართველოს შესახებ - სპარსულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ნანა გელაშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 64 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XXV - თბილისი - 1990


წინასიტყვაობა[edit]

"თარიხ-ე ჯაჰან-არა"-ს ("ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის") ავტორი ყაზი აჰმედ ღაფარი (1515-1568) დაიბადა ჰიჯრის 920 წ. (1515 წ.) თეირანში, ცნობილი შიიტი კანონმდებლის აბდ ალ-ღაფარი ალ-ყაზვინის ოჯახში. მისი მამა ქ. რეის ყადი იყო. თვით ღაფარი დიდად განათლებულ პიროვნებად, ნიჭიერ მემატიანედ და პოეტად იყო ცნობილი. იგი მუდამ სამეფო კარის გარემოცვაში ტრიალებდა; ერთხანს შაჰ ისმაილის ვაჟის სამ-მირზას კარზე მსახურობდა და მის სასახლეში ცხოვრობდა. ღაფარი გარდაიცვალა ჰიჯრის 975 წ. (1567/68 წ.) დაიბულში, როდესაც მექის მოხილვის შემდეგ შინ ბრუნდებოდა.
"თარიხ-ე ჯაჰან-არა" მსოფლიო ისტორიის ჟანრის თხზულებაა, თუმცა, ძირითადად, ეძღვნება შაჰ თამაზ I-ის ზეობის (1524-1576) ხანას. მოვლენათა თხრობა მასში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოტანილია ჰიჯრის 972 წლამდე (1564/65 წ.). როგორც შაჰის კართან დაახლოებულ პირს, საფიქრებელია, რომ ღაფარისათვის ხელმისაწვდომი იყო ისტორიული დოკუმენტები, სასახლის არქივი. ამასთანავე, ის იყო თვითმხილველი, შესაძლებელია მონაწილეც მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ ფაქტისა. ამდენად, ღაფარის ნაშრომში დაცული ცნობები ანგარიშგასაწევი და საყურადღებოა. თხზულებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პირველწყაროს ირანისა და მისი მომიჯნავე ქვეყნების ისტორიის შესასწავლად, ვინაიდან იგი შეიცავს მასალებს სპარსული და სხვა წერილობითი წყაროებით ნაკლებად ცნობილი როგორც წინაისლამური, ისე ისლამური დინასტიების შესახებ.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ღაფარის თხრობის მანერა განსხვავდება სეფიანთა ხანის სხვა (ჰასან რუმლუ, შერეფ-ხან ბითლისი, ისქანდერ მუნში...) ისტორიკოსთა თხრობისაგან. მისი წერის სტილი უფრო მშრალი და ლაკონურია; ტექსტი განტვირთულია ზედმეტი ღვარჭნილი ფრაზისაგან, მეტაფორებისა და ეპითეტებისაგან. ავტორი ყველა შემთხვევაში ინარჩუნებს მთხრობელის მშვიდ ტონს. გადმოცემის ასეთ სტილს ღაფარი მხოლოდ იმ შემთხვევაში არღვევს, როდესაც უშუალოდ შაჰის პიროვნებაზე, ან მის წინაპრებზე საუბრობს, ანდა კიდევ იქ, სადაც ამას რელიგიური მოსაზრებანი მოითხოვენ. ამასთან ერთად, ღაფარისათვის დამახასიათებელია სიტყვაძუნწობა; ყველა მოვლენას იგი აღწერს მოკლედ, საოცარი სიზუსტითა და ამომწურავად, და, რაც მთავარია, კონკრეტული თარიღის ჩვენებით (არა მხოლოდ წლის, არამედ თვისა და დღის მითითებით). ეს თარიღები კი, როგორც წინამდებარე ნაშრომის შენიშვნებში დავინახავთ, საშუალებას იძლევა დადგინდეს ზოგიერთი აქამდე უცნობი ფაქტი და მოვლენა, ან დაზუსტდეს ზოგიერთი მათგანი.
"თარიხ-ე ჯაჰან-არა" შედგენილია შუა საუკუნეების აღმოსავლური ისტორიოგრაფიის კანონების მიხედვით: იგი შედგება შესავლის, სამი ძირითადი თავისა და დასკვნისაგან.
ჩვენთვის საინტერესო საკითხები საფიანთა ირანისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ თავმოყრილია თხზულების მესამე თავში, რომელსაც ეწოდება "სეფიანები". აღსანიშნავია, რომ ეს ნაწილი ქვეთავებად არაა დაყოფილი და მხოლოდ საერთო სათაური აქვს: "ზოგი რამ [სეფიანთა] წინაპრების, შთამომავლებისა და საგვარეულოს შესახებ". სეფიანთა ეპოქის სხვა საისტორიო ნაწარმოებების მსგავსად, მასში თავდაპირველად მოთხრობილია სეფიანთა დინასტიის გენეალოგია, შემდეგ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჰიჯრის 906 წლიდან (1500 წ.) მოყოლებული მოკლედ მოთხრობილია შაჰ ისმაილ I-ის და შემდეგ უფრო ვრცლად შაჰ თამაზის ზეობის ხანის მოვლენები. საქართველოს სესახებ თხზულებაში გადმოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები, როგორიცაა: ყიზილბაშთა 1521 წლის ლაშქრობა საქართველოში, შაჰ თამაზის შემოსევები (მისი ოთხივე ლაშქრობა ზუსტი თარიღების მითითებით), კახეთის უფლისწულის იესეს გამუსლიმება შაჰის კარზე, დავითის (დაუდ-ხანის) მიერ თბილისის მმართველობის მიღება შაჰ თამაზისაგან და სხვა.

ტექსტი[edit]

"თარიხ-ე ჯაჰან-არა"-ს ცნობები საქართველოს შესახებ

გველის 927-ე წლის რაბი ალ-ავალის 27 რიცხვს (1521 წლის 19 თებერვალი), ორშაბათს დივ-სულტანი ნახჭევანში ჩამოხდა, აქედან კი ლაშქრითურთ საქართველოსკენ გაემართა [და] იქაური სარდლები, როგორებიც არიან: ლევანი, ყვარყვარე და დაუდი შაჰის რესკრიპტის თანახმად, ქვეყნიერების მფარველთან მიიყვანა[1].

ხარის 947 წლის გაზაფხულზე (1541 წ.)[2] ძლევამოსილი დროშები თბილისისკენ გაემართნენ. იქაურობა და ქალაქის სანახები დაიპყრეს. ამის შემდგომ თავრიზში დაბრუნდნენ.

ცხენის 953 წელს (1547 წ.)[3] ძლევამოსილი დროშები საქართველოს მიმართულებით აფრიალდნენ და საქართველოში მივიდნენ. ზამთრის უმეტესი ნაწილი იმ ქვეყნის დაპყრობას და ურჯულოთა თავიდან მოშორებას მოანდომეს. შემდეგ ყარაბაღში ინებეს წაბრძანება.

ღორის 958 წელს (1551 წ.)[4] უწმინდესი ლაშქარი საქართველოსაკენ გაემართა და თმოგვის ციხე დაიპყრო. სწორედ იმ პერიოდში ლაშქარში ზოგიერთებს შავი ჭირი აღმოაჩნდათ და, ბრძანების თანახმად, ისინი თავიდან მოიცილეს. მისმა უავგუსტოესობამ ყარაბაღის ყარააღაჯში გამოიზამთრა.

ჯიქის 961 წლის შაბანის თვის ბოლოს (1554 წლის ივლისი) ხონთქარი[5]. ნახჭევანში მივიდა. ორი დღის შემდეგ, იმავე თვის 27 რიცხვში (1554 წლის 17 ივლისი), იგი უკან გაბრუნდა, ძლევამოსილ დროშებს კი საქართველოსკენ წასვლა ებრძანა. მათ, დაახლოებით, ერთი თვე დაჰყვეს ყვარყვარესა და შავშეთის[6] მხარეში და მთელი რამაზანი (1554 წლის 20 ივლისიდან 18 აგვისტომდე) ურჯულოთა ხოცვა-ჟლეტას მოანდომეს. ხონთქარი იმ დროს არზრუმში იმყოფებოდა. ამირათა ერთმა ჯგუფმა, რომელიც ოლთისის ციხისაკენ[7] მიემართებოდა, ეს ლაშქრობა მიუღებლად ჩათვალა და ყანლუჩემანში დაბრუნდა. სინან-ბეგი, ხონთქარის დაახლოებული პირი, [ყიზილბაშებმა] შეიპყრეს და სასახლეში გაგზავნეს. მისმა უავგუსტოესობამაც სპა ყანლუჩემანში გაგზავნა, ვინაიდან რუმის დიდებულებმა იმ პერიოდში ურთიერთობის გაუმჯობესების ინიციატივა გამოიჩინეს, ამის საფუძველზე მისმს უდიდებულესობამ სინან-ბეგი შეიწყალა და შაჰყული-ბეგ ყაჯართან ერთად ხონთქართან გაგზავნა. იქიდან [ყიზილბაშები] საქართველოში ლუარსაბის სამფლობელოებისაკენ გაემართნენ. დაახლოებით 30 ათასი მცირეწლოვანი და სრულწლოვანი ტყვედ იგდეს და იქვე გამოიზამთრეს[8].

მაიმუნის 967 წლის ჯომადი ალ-ავალის 15 რიცხვში (1560 წლის 12 თებერვალი) სამშაბათს, საქართველოს მბრძანებლის ლევანის ვაჟი ისა-ხანი[9] ისლამის მიღებით გაბედნიერდა და ქვეყნიერების მფარველმა მას წყალობის თვალით დაუწყო მზერა. იმ დროს ასე ამბობდნენ: "იესე ლევანის-ძე გულწრფელად მუსლიმი გახდაო"[10]

ქათმის 968 წლის შაბანის 15 რიცხვში (1561 წლის 1 მაისი) ლევან ქართველის ვაჟი გიორგი დაიღუპა შაჰვერდი სულტან ზიიად ოღლისთან ბრძოლაში[11]. იმ დროს, როდესაც რუმის ელჩები სამოთხისებურად მორთულ მეჯლისზე იყვნენ, წარჩინებული ქართველი ტყვეები და დახოცილთა თავები მის უმაღლესობას წარუდგინეს.

969 წლის რაბი ალ-სანის 20 რიცხვს (1561 წლის 28 დეკემბერი) დაუდ-ბეგი [12], საქართველოს მბრძანებლის ლუარსაბის ვაჟი შაჰს ეახლა და ისლამი აღიარა. სამაგიეროდ მან თბილისის მმართველობა და ხანის წოდება მიიღო. ამ წლის ზამთარი და ზაფხული [მან] ყაზვინში გაატარა.


  1. ანალოგიურად, მაგრამ გაცილებით ვრცლადაა მოთხრობილი ხსენებული მოვლენა სეფიანთა ხანის სხვა წერილობით წყაროებში (ხონდემირის, შაჰ ისმაილ I-ის ანონიმის, ბუდა ყაზვინის, ჰასან რუმლუს, შერეფ-ხან ბითლისის და ზეინ ალ-აბედინ ალის საისტორიო თხზულებებში), ქართველ მეფე-მთავართა ჩამოთვლისას, რომელნიც ირანის შაჰს მორჩილებისათვის ეახლნენ, მხოლოდ ხონდემირთანაა მოხსენებული სამცხის ათაბაგი მანუჩარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სეფიანი ისტორიკოსები, ჰასან რუმლუს გარდა, ხსენებულ ფაქტს ჰიჯრის 927 წლით ათარიღებენ, რაც ევროპული წელთაღრიცხვით 1521 წელს შეესატყვისება. სინამდვილეში ქართველმა მეფე-მთავრებმა შაჰ ისმაილ I-ს მორჩილება გამოუცხადეს 1518 წელს (იხ. ჰასან რუმლუ, რ. კიკნაძის შენიშვნა 45, გვ.54-55). კერძოდ, დივ-სულტან რუმლუს საქართველოში მეორედ ლაშქრობის დროს. რაც შეეხება ზემოხსენებულ წერილობით წყაროებში მითითებულ 1521 წელს, მართალია, ამ წელსაც ჰქონდა ადგილი ყიზილბაშთა შემოსევას, მაგრამ მაშინ სულ სხვა მოვლენები ხდებოდა. ამ თვალსაზრისით დამაჯერებელია ჰასან რუმლუს თხზულებაში დაცული ცნობა, რომლის თანახმად, ყიზილბაშთა 1521 წლის შემოსევა გამოწვეული იყო კახეთის მეფის ლევანის შაქზე თავდასხმითა და იქაური მმართველის ჰოსეინ-ბეგის მიერ შაჰ ისმაილისათვის დახმარების თხოვნით (იხ. ჰასან რუმლუ, გვ.21).
    რაც შეეხება ქართულ საისტორიო ნაწარმოებებს, მათში აღნიშნულია, რომ ყიზილბაშთა სარდალმა საქართველოში ორჯერ ილაშქრა, 1518 და 1521 წლებში (ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, გვ.365, ახალი ქართლის ცხოვრების III ტექსტი, 495; ბატონიშვილი ვახუშტი, გვ.395, 397). მცირე განსხვავებათა მიუხედავად, ისინი, ძირითადად, ერთნაირად აღწერენ ამ შემოსევებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სპარსული ქრონიკებისაგან განსხვავებით, ქართულ წერილობით წყაროებში არაფერია თქმული ყიზილბაშთა 1521 წლის ლაშქრობის მიზეზებზე. შაჰ ისმაილის პირადად ყოფნას თბილისში ისინი ერთხმად აღიარებენ (ფარსადან გორგიჯანიძის გარდა). მხოლოდ ვახუშტი ბატონიშვილი გამოთქვამს ეჭვს ამ ფაქტის რეალობაზე. მისი სიტყვით: "მე ვგონებ დევალს უფრო ჭეშმარიტს, ვინაიდან შაჰ ისმაილ ხონთქრის ბრძოლის უკან აღარ ლაშქრობდა (ბატონიშვილი ვახუშტი, გვ.399). აქ ავტორი გულისხმობს შაჰ ისმაილ I-ის დამარცხებას ოსმალეთის სულტან სელიმ I-ის მიერ 1514 წლის 23 აგვისტოს ჩალდირანთან ბრძოლაში, რომლის შემდეგაც ისმაილი თავის ლაშქარს წინ აღარ უძღოდა ბრძოლებში. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ქართულ წერილობით წყაროებში არეულია ყიზილბაშთა სხვადასხვა შემოსევების დროს მომხდარი ამბები და მათი ქრონოლოგიაც (დაწვრ. იხ. დ. კაციტაძე, ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, თსუ შრომები, 108, თბ.,1964, გვ.385-386). ჩვენს ხელთ არსებულ სხვადასხვა წერილობით წყაროთა ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სარწმუნოდ მიგვაჩნია, რომ ყიზილბაშებმა დივ-სულტნის სარდლობით საქართველოში სამჯერ ილაშქრეს: 1516, 1518 და 1521 წლებში.
  2. ეს თარიღი გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში. შაჰ თამაზ I-ის (1524-1576) საქართველოში პირველი შემოსევის უმთავრესი შედეგი იყო ის, რომ ყიზილბაშები თბილისს დაეუფლნენ.
  3. შაჰ თანაზის II ლაშქრობა საქართველოში.
  4. შაჰ თამაზის III ლაშქრობა საქართველოში, რომლის დროსაც ყიზილბაშებმა ვარძია ააოხრეს. ამის შესახებ (ისევე როგორც წინა ორი შემოსევის შესახებ) ღაფარიზე გაცილებით ვრცლად და დეტალურად მოგვითხრობენ სხვა სპარსული (ჰასან რუმლუ, ისქანდერ მუნში) და ქართული (ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრების III ტექსტის ავტორი, ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბატონიშვილი, პარიზის ქრონიკა) წერილობითი წყაროები.
  5. ხონთქარი - აქ იგულისხმება ოსმალეთის სულტანი სულეიმან კანუნი ანუ სჯულმდებელი (1520-1566).
  6. სპარსულ ტექსტში წერია "შარშედ". კონტექსტის მიხედვით, საფიქრებელია, რომ ეს არის შავშეთი - სამხრეთ საქართველოს ისტორიული პუნქტი.
  7. ოლთისი - იმიერ ტაოში მდებარე ძველი ქართული ქალაქი, გაშენებული ორივე ნაპირზე ოლთისის წყლისა (ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, III, თბ.,1958, გვ.595). ამჟამად ოლთისი თურქეთის ტერიტორიაზეა.
  8. შაჰ თამაზის მეოთხე ლაშქრობის შესახებ ვრცლად, მაგრამ განსხვავებულად მოგვითხრობენ ჰასან რუმლუ და ისკანდერ მუნში. ღაფარის აღნიშნული ცნობა ანალოგიას პოულობს ოსმალო ისტორიკოსის იბრაჰიმ ფეჩევის (1574-1651) საისტორიო თხზულების შესაბამის ადგილებთან; კერძოდ, მასში იმავე თარიღით მოთხრობილია სულტან სულეიმანის მიერ ყარაბაღისა და ნახჭევანის დარბევა, შემდეგ მისი უკან გაბრუნება, სამხრეთ საქართველოში ყიზილბაშთა შეჭრა და ოლთისის ციხეზე გალაშქრება (იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ს. ჯიქიამ, თბ.,1976, გვ.53). ქართულ საისტორიო წყაროებში (ბერი ეგნატაშვილი, გვ.365; ახალი ქართლის ცხოვრების III ტექსტი, გვ.506; ვახუშტი ბატონიშვილი, გვ.405) შაჰ თამაზის IV ლაშქრობა 1556 წლითაა დათარიღებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, აღნიშნულ წელს ყიზილბაშებმა ილაშქრეს საქართველოში, მაგრამ მაშინ სხვა მოვლენებს ჰქონდა ადგილი.
  9. ისა-ხანი - კახეთის მეფე ლევანის ვაჟი იესე. ლევან მეფემ თავისი ერთგულების დასამტკიცებლად 1558 წელს იესე შაჰ თამაზის კარზე გაგზავნა "ძღუენითა და ტყვეთა ქალ-ყრმითა და აუწყა თავისი არა რისა შეცოდება" (ვახუშტი ბატონიშვილი, გვ.575). შაჰმა იგი მძევლად დაიტოვა და მალე რჯულიც შეაცვლევინა.
  10. იესეს გამუსლიმების შესახებ მოგვითხრობენ სხვა სპარსული წყაროებიც, იმავე 1560 წლის თარიღით. საფიქრებელია, რომ ღაფარისთან მოყვანილი ფრაზა "იესე ლევანის ძე მუსლიმი გახდა გულწრფელად" ამოღებული უნდა იყოს ბუდა ყაზვინის თხზულებიდან. რ. კიკნაძე აღნიშნავს, რომ ხსენებული ციტატა ბუდა ყაზვინს გამოყენებული აქვს იესეს გამუსლიმების თარიღის საჩვენებლად; კერძოდ, მისი ცალკეული ასოების (სპარსული) რიცხვითი მნიშვნელობის შეკრება იძლევა იმავე თარიღს, რომელიც ჰასან რუმლუს თხზულებაშია მითითებული იესეს გამუსლიმებასთან დაკავშირებით - ჰიჯრის 967 წ. - 1559.3.X. - 1560.21.IX. (ჰასან რუმლუ, რ. კიკნაძის შენიშვნა 88, გვ.64).
    ანალოგიური ცნობები დაცულია შერეფ-ხან ბითლისის თხზულებაში, მაგრამ ზემოხსენებული ციტატა ლექსიდან მხოლოდ ბუდა ყაზვინისა (ბუდა ყაზვინი, ჯავაჰირ ალ-ახბარ, ლენინგრადის მ.ე. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ხელნაწერი, დორნის კატალოგი 288, ფ.299 ბ). და ღაფარის თხზულებებშია, ამასთან, მხოლოდ ეს უკანასკნელი იძლევა აღნიშნული ფაქტის დაკონკრეტებულ თარიღს რიცხვისა და დღის ჩვენებით.
  11. აქ საუბარია ციხედიდის ბრძოლაზე 1561 წ. 6 აპრილს ყიზილბაშებსა და ქართველებს შორის სიმონ I-ის მეთაურობით. სიმონ მეფის მხარდამხარ იბრძოდა კახეთის მეფის უფლისწული გიორგიც, რომლისთვისაც ეს ბრძოლა საბედისწერო გამოდგა; ყარაბაღის მმართველის შაჰ-ვერდი ზიიადოღლი ყაჯარის ლაშქარი მოულოდნელად თავს დაესხა ქართველებს და ხელჩართულ ბრძოლაში გიორგი დაიღუპა. მისმა სიკვდილმა კახელთა რაზმში არეულობა გამოიწვია, რითაც ისარგებლეს ყიზილბაშებმა და გამარჯვება ადვილად მოიპოვეს (ახალი ქართლის ცხოვრების III ტექსტი, გვ.510-512; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, თბ.,1898, გვ.402; მცირე ქრონიკები, ტექსტი გამოსცა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო ჯ. ოდიშელმა, თბ.,1968, გვ.41). ანალოგიური ცნობებია გიორგის მოკვლის თაობაზე ჰასან რუმლუსა და ისქანდერ მუნშის თხზულებებში (ჰასან რუმლუ, გვ.36; ისქანდერ მუნში, გვ.23).
  12. დაუდ-ბეგი - ქართლის მეფის ლუარსაბის ძე დავითი, რომელიც თავის ძმას სიმონს (1556-1568; 1578-1600) განუდგა. სამეფო ტახტის დაუფლების სურვილით შეპყრობილი დავითი თავის მომხრე თავადებთან ერთად ყაზვინში ეახლა შაჰ თამაზს დახმარების სათხოვნელად. იქ მან სარწმუნოება შეიცვალა და დაუდ-ხანად იწოდა. შაჰ-თამაზმა მას შვილი უწოდა , თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლობა მისცა და საქართველოში გამოისტუმრა (ფარსადან გორგიჯანიძე, გვ.218; "ახალი ქართლის ცხოვრება" (მესამე ტექსტი), გვ.512; ვახუშტი ბატონიშვილი, გვ.407). ქართულ საისტორიო თხზულებათაგან, მხოლოდ ბერი ეგნატაშვილის ნაშრომშია აღნიშნული, რომ დავითს შაჰმა ძმა უწოდა ბერი ეგნატაშვილი, გვ.367). ანალოგიური ცნობებია ჰასან რუმლუს (ჰასან რუმლუ, გვ.37) და ისქანდერ მუნშის თხზულებებში. ეს უკანასკნელი უმატებს, რომ დავითმა შვილის წოდება მიიღო (ისქანდერ მუნში-გვ.23-24).
    ამრიგად, დავითი გახდა შაჰის მოხელე "ხანის" წოდებით. ამას ხაზს უსვამენ ევროპული წყაროებიც. კერძოდ, თომაზო მინადოი და ადამ ოლეარიუსი აღნიშნავენ, რომ დაუთ-ხანი დადგენილ იქნა არა მეფედ ან მთავრად, არამედ ხანად თბილისისა (იოვანე-თომა მინადოი, ისტორია ომისა ოსმალთა და სპარსთ შორის. თარგმანი პატრი ლაზარე გოზალიშვილისა, ტურინი, 1588, ფ.37; Подробное описание путешествия Голштинского посольства в Московию и Персию в 1636 и 1639 годах составленное секретарем посольства Адамом Олеарием. Перевел с немецкого Павел Барсов, М.,1870 с.843).
    ამრიგად, შაჰ თამაზმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საქართველოში: ქართლის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი თავის მოკავშირედ, უფრო მეტიც, ხელქვეითად გაიხადა. ეს აქტი სეფიანთა მიერ ქვემო ქართლის სახანოდ გადაქცევის პირველი ცდა იყო, რაც მალე მარცხით დასრულდა ([[გაბაშვილი ვლადიმერ#ვ. გაბაშვილი - ქართული ფეოდალური წყობილება|ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება, თბ.,1958, გვ.31).