XIV-XV საუკუნეების სომხური ჰიშტაკარანები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


სომხური ჰიშტაკარანები
ავტორი: [[ავტორი:|]]


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სომხური წყაროები






წიგნები:

სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ - ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, კომენტარები და შენიშვნები დაურთო ა. აბდალაძემ - საქართველოს ისტორიის წყაროები 8 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები V - თბილისი - 1978

რესურსები ინტერნეტში: https://archive.org/details/hishatakaranarm

გამომცემელი: აბდალაძე ალექსანდრე

ტექსტები
[edit]

35
[edit]

დრო: 1411 წ., ავტორი: მათეოს მოძღვარი, სახელწოდება: "საქმენი მოციქულთანის" განმარტება. XV ს-ის ჰიშტაკარანები, I, N 121 ბ, გვ.119-120

[წერას შევუდექი] სომეხთა ნათესავის დაკნინებისას, უკეთურ ხანაში, დიდთა და პატარათა დამზრალი სულის უდროოდ წარწყმედისას, სამღვდელოთა დასის დაცემისა, სატანის კბილთა ღრჭენისას, "პკ" (1411) წელს, თორგომიანთა ნათესავის შევიწროების ჟამს; იგი ბოლო ხანს შეეჩეხა დანიელის [წიგნისეულ] მხეცს, რომელიც ჭამდა და გლეჯდა თავისიანებსა და სხვებს, არ არჩევდა წინამძღოლსა და ქვეშევრდომს, არამედ თანაბრად სპობდა [მათ], ავკაცობა გამრავლდა, მან მოგვაგონა თამურად სახელდებული კოჭლის წინანდელი ბოროტებანი და ისეთივე საფრთხეში აღმოვჩნდით. შემდგომ შემუსრა ვატნიარის ველი, შეიპყრო მისი უფალი და მოკლა ქართველთა მეფე კოსტანტინე, მრავალი ტყვე წაასხა. ამ უკეთურ დროში მე, უნარჩევესმა და ცოდვებით დამძიმებულმა მათეოსმა... იმ წელიწადს, როდესაც გარდაიცვალა ჩემი დიდი მოძღვარი გრიგორი... ქრისტე ღმერთის წყალობით დავიწყე [წერა] და მისივე შეწევნით დავასრულე...[1]


  1. როგორც აღვნიშნეთ, ყარა იუსუფმა კონსტანტინე I ტყვედ იგდო ხელთ და სიცოცხლეს გამოასალმა 1412 წელს [1964 - კიკნაძე რევაზ - ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან, გვ.382; 1975 - კაციტაძე დავით - საქართველო XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე, გვ.162-163, შენ.3]. მათეოს მოძღვრის თხზულების ჰიშტაკარანში კონსტანტინეს მოკვლის თარიღი, ეტყობა, აღნიშნული არ არის. მათეოსი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი წერას შეუდგა სომხური წელთაღრიცხვის 860 წელს (19.12.1410 - 8.12.1411). შესაძლებელია, რომ მას წერა ერთ წელიწადში არ დაუსრულებია, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ის ხელნაწერის გადამწერი კი არაა, არამედ ორიგინალურ თხზულებას წერს. ამ თხზულებაზე მათეოსს რამდენიმე წელიწადი რომ უმუშავია, ეს უნდა ჩანდეს შემდეგიდანაც: ჰიშტაკარანში ის აღნიშნავს, რომ წერას შეუდგა იმ წელიწადს, როდესაც გარდაიცვალა მისი დიდი მოძღვარი, ცნობილი სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გრიგორ ტათევაცი. ცნობილია, რომ გრიგორი გარდაიცვალა 1409 წლის 27 დეკემბერს, ე.ი. სომხური წელთაღრიცხვის არა 860 წელს, როდესაც ნათეოსი, მისივე სიტყვით, წერას შედგომია, არამედ 859 წელს. მაშასადამე, მათეოსს თავისი სახელგანთქმული მასწავლებლის გარდაცვალების თარიღიც არა აქვს ზუსტად დასახელებული. ეს იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ მათეოსი თხზულებაზე ორი-სამი წელი მაინც მუშაობდა, მან მხოლოდ მუშაობის დასაწყისის თარიღი აღნიშნა და მოიხსენია ის ამბები, რომლებიც დაახლოებით მისი თხზულების წერის დროს მოხდა. არც ის არის გამორიცხული, რომ თხზულების დასრულებისას მათეოსს ზუსტად აღარ ახსოვდა, როდის შეუდგა წერას და მართლაც იმ წელიწადს გარდაიცვალა თუ არა გრიგორ ტათევაცი. ასეთი რამ კი მოსალოდნელია მაშინ, თუ იგი თხზულებაზე რამდენიმე წელი მაინც მუშაობდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათეოსი ამ ხანებში მოხუცი ან ავადმყოფი ყოფილა.


65
[edit]

ადგილი: მაღარდის მონასტერი, დრო: 1440 წ., მკაზმავი: მხითარი, სახელწოდება: კირილე იერუსალიმელის კატეხიზმო. XV ს-ის ჰიშტაკარანები, I, N 566, გვ.504

დაიკაზმა ეს [წიგნი] "პძთ" (1440) წელს, პირველმოწამის მფარველობით, იმ დროს, როდესაც ბოროტმა და შეჩვენებულმა, ბილწმა ჯიჰანშა იმირზამ აიღო საქართველო და მრავალი ქრისტიანი ხმლით გაწყვიტა. ვის შეუძლია მოთხრობა ქრისტიანთა [მწუხარებისა]... და მათი ურიცხვი მსხვერპლის შესახებ. არც ერთ ენას არ ძალუძს მოუთხროს კაცთა და ქალთა, ყრმათა და ჭაბუკთა ურიცხვ სიმრავლეზე, რომელნიც რწმენისა და ქრისტიანობისათვის, ქრისტეს სიყვარულისა და წმ. სასუფეველის იმედით დაიხოცნენ, სიკვდილი ამჯობინეს და ქრისტესაგან მოწამებრივი გვირგვინი ინდომეს, მახვილითა და ჩაქოლვით ამოწყდნენ და საუკუნო ცხოვრება მოიპოვეს. დატყვევებული პირმშვენიერი ყმაწვილები ჩვენთან მოიყვანეს და ჩვენ ვიხილეთ ურჯულოთა ხელთ კრავნი უცოდველნი, განაწამებნი და ნაღვლიანნი, ტიტველნი და მშიერნი, ნაცემნი და ნაგვემნი[1]


  1. ქალაქ ჯუღას დასავლეთით, მდინარეების არაქსისა და კარმირ გეტის შესართავში მდებარე მაღარდის მონასტრის ბერები საქართველოდან წაყვანილ ტყვეებს ნახავდნენ მაშინ, როდესაც მათ თავრიზისაკენ მიერეკებოდნენ.


66
[edit]

დრო: 1440 წ., სახელწოდება: ეფესელთა მიმართ ეპისტოლეთა განმარტება იოანე ოქროპირისა. XV ს-ის ჰიშტაკარანები, I, N 568, გვ.506-507

... "პძთ" (1440) წელს ჯანშანშემ აიღო სამშვილდე და გაწყვიტა სამი ათასზე მეტი [სული], ტყვედ წაასხა ცხრა ათასზე მეტი და დიდად დაამწუხრა ქრისტიანები, რამეთუ მრავალი [სული] მოაკლდა ქრისტეს. ქრისტე ღმერთო, შეიწყალე კირაკოს სიტყვათშემოქმედი, მიუტევე მას მსუბუქი და მომაკვდინებელი ცოდვები წმ. ღვთისმშობლისა და წმინდანთა მთელი დასის მეოხებით, ამინ.


67
[edit]

ადგილი: ჰაღპატის მონასტერი, დრო: 1441 წ., სახელწოდება: სახარება. XV ს-ის ჰიშტაკარანები, I, N 579, გვ.514-515

...[გადაწერა დასრულდა] სომხური წელთაღრიცხვის "პ და ოთხმოცდაათს" (1441), სასტიკ და უკეთურ დროში, როდესაც მძვინვარებდა ისმაილიტთა მახვილი ჩვენს წინააღმდეგ და წმ. საჰაკის ხილვის წინასწარმეტყველებისამებრ ვიდევნებით და ვძრწით საშინელი უბედურებისაგან შინ და გარეთ, ვხედავთ საოცრებებს და საქმის წახდენას. რამეთუ ამ წელს თავრიზის ხანი ჯაჰანშა იმირზა, ყარა მაჰმადის ძის თურქმენ [ი]უსუფის ძე დაიძრა დიდძალი ლაშქრით, მაჰმადიანთა ურიცხვი მხედრობით და მოვიდა საქართველოში, თავს დაესხა ქართველებს, რადგან ქართველთა ნათესავი არ ემორჩილებოდა თავრიზის ხანს[1] როდესაც მოვიდა ტაჟიკთა ნათესავი, ლტოლვილი ქართველები შევიდნენ აფხაზეთში, ხოლო საქართველოში მოსული და დამკვიდრებული სომხები დარჩნენ ურჯულოთა ხელთ[2], რომლებიც მძვინვარე მხეცებივით ეკვეთნენ სომხებს, მახვილი აღმართეს მათზე და დაახლოებით ხუთი ათასი შეუბრალებლად მოკლეს, სამოცზე მეტი მოწესე, ხუცესი ხმლითა და ქვით დაჟეჟეს და მოკლეს, ბევრი ეკლესია დააქციეს, მრავალი ყრმა დედებს [ხელიდან] გამოგლიჯეს და დედის თვალწინ ქვაზე დაახეთქეს, ბევრი უცოდველი ყმაწვილი გააშიშვლეს და მახვილით მოსრეს. ბავშვები ტიროდნენ, მოთქვამდნენ, კიოდნენ, ურჯულონი კი ხარხარებდნენ და ამბობდნენ: აჰა ხმა, რომელიც მათი სამოთხიდან მოდის; ამის მნახველი დედა გულმოკლული მოთქვამდა და არავინ იყო ნუგეშისმცემელი. მრავალი ქალი ბავშვს იხუტებდა და უფსკრულში ცვიოდა. "გ" 3 თვე, გარს ერტყნენ სამშვილდის ციხეს და რაჟამს მზაკვრობით აიღეა ეს სიმაგრე, მაშინვე დაიტაცეს ქონება, მოაშორეს ქმარი ცოლა, მოგლიჯეს შვილი.


  1. თითქოს ამ ადგილიდანაც ჩანს, რომ საქართველო საერთოდაც ან დიდი ხანია არ ემორჩილებოდა, ხარკს არ უხდიდა "თავრიზის ხანს", ყარა-ყოინლუს ფადიშაჰს. ჯაჰანშაჰისადმი დამორჩილება მოხარკეობას რომ გულისხმობდა უწინარეს ყოვლისა, ეს ჩანს თომა მეწოფეცის ცნობიდან, აგრეთვე ხელნაწერთა გადამწერ ჰოჰანესის მიერ 1458 წელს გადაწერილ სვინაქსარში შეტანილი დაღუპულ სამშვიდელთა მოსახსენებელიდან. ვინაიდან ამ ძეგლის ცნობები საყურადღებოა, აქ მოგვაქვს მისი ზოგიერთი ადგილის თარგმანი. იხ. დამატება
    ამ წყაროდან, აგრეთვე 1451 წლის მინაწერიდან იხ. N 82 და N 71 ჩანს, რომ ჯაჰანშაჰის ლაშქრის მიერ საქართველოში, კერძოდ, სამშვილდეში მოკლულთა და დატყვევებულთა დიდი ნაწილი სომხები იყვნენ. როგორც ჩანს, მტრის შემოსევის დროს ქართველები გახიზნულან, ხოლო სომხებს ეს ვერ მოუხერხებიათ N 67. საქართველოში მცხოვრებ სომეხთა თავს დამტყდარმა უბედურებამ გამოიწვია, ალბათ, ჰოჰანესის მიერ ალექსანდრე მეფის აუგად ხსენება. ქართველებს მტრისათვის წინააღმდეგობის გაწევა რომ ვერ მოუხერხებიათ, ამას თომა მეწოფეცის აღნიშნავს.
    1440 წლისათვის საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა არასახარბიელო ჩანს და ამის გამო არ შეხვდებოდათ მომხვდურებს აქ დიდი წინააღმდეგობა
  2. თემურ ლენგისა და ყარა იუსუფის ლაშქრობათა შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქვემო ქართლის მოსახლეობა ძალზე უნდა შეთხელებულიყო. გაუდაბურებულ ადგილებში ალექსანდრე i-ის დროს სომხებს გარდა, ეტყობა, ლიხსიქითური ქართველებიც დამკვიდრებულან, სხვანაირად ძნელი ასახსნელია მტრისშემოსევისთანავე მათი გადასვლა "აფხაზეთში", რადგან ასე უცებ დასავლეთ საქართველოში მასობრივი გადახვეწა ადვილი რომ ყოფილიყო, მტერთან პირისპირ დარჩენას იქ წასვლას ამჯობინებდნენ სომხებიც.


68
[edit]

ადგილი:ქალაქი ვანი, დრო: 1441 წ., გადამწერი: ვარდანი, სახელწოდება: სვინაქსარი. XV ს-ის ჰიშტაკარანები, I, N 581, გვ.515-516

დაიწერა ეს [წიგნი] სომხური დიდი წელთაღრიცხვის "პღ" (1441) წელს, ვასპურაკანის ქვეყანაში, ვანად წოდებულ ქალაქში, ამ ტაძრის წმ. ღვთისმშობლისა და სხვა წმინდანთა მფარველობით, [ვარდან ხუცესის მიერ], სისის დიდი ტახტის მამამთავრობისას, რომლიდანაც ამ წელს განმანათლებლის მარჯვენა გაიტაცეს და ტახტი ცარიელი დარჩა, სასტიკ და ცუდ დროში, ჯჰანშაჰის პარონობისას, რომელიც ბოროტებით აღსავსე წავიდა საქართველოში... და აიღო სამშვილდის ციხე; ცხრა ათას სულზე მეტი ქრისტიანი მღვდლებთან ერთად ამოჟლიტეს, ქალები და ბავშვები დაატყვევეს; მათი უბედურებისა და საცოდაობის მოთხრობა ან აღწერა ვის ძალუძს. ყოველივე ეს ცოდვების გამო დაატყდა თავს ქვეყანას.

ამ წელიწადს მოხდა დიდი სასწაული, რამეთუ მამრუტად წოდებულმა მთამ, რომელიც ხლათსა და ბაღეშს შორისაა, უცებ იქუხა, ვითარცა ძლიერმა ჭექა-ქუხილმა, რითაც მთელ ქვეყანას ელდა ეცა, შეძრწუნდა, ბავშვების მოთქვამდნენ მამებთან და დედებთან ერთად, რადგან ხედავდნენ, რომ ქალაქის ფართობის ოდენა ყინულის ზოდი დაიმსხვრა, აგრეთვე სხვებიც, პატარ-პატარები და ნამსხვრევებიდან ალი ავარდა დამბურველი კვამლითა და საზიზღარი სუნით, ბავშვები ამ სუნისაგან დასნეულდნენ, საოცარმა ცეცხლმა ქვები გაალღო, უზარმაზარი ლოდები ქუხილით ცაში იტყორცნებოდნენ; ქუხილისაგან ქალაქი ხლათი თითქოს ირყეოდა. ყოველივე ეს თვალით იხილეს...


69
[edit]

ადგილი:სანაინის მონასტერი, დრო: 1441 წ., გადამწერი: ტერუნაკანი, სახელწოდება: სახარება. XV ს-ის ჰიშტაკარანები, III, N 535, გვ.396-397

...[წიგნი დასრულდა] სასტიკ, უკეთურ დროში, როდესაც ჯაჰანშაჰ ამირზამ აიღო სამშვილდე, [მცხოვრებნი] დაატყვევა და გაწყვიტა, "პღ" (1441) წელს, ცის მობაძავ და სახელგანთქმულ წმ. სანაინის მონასტერში...


70
[edit]

დრო: არა უგვიანეს 1441 წლისა, შესაძლოა 1429 წ., სახელწოდება: კურთხევანი. XV ს-ის ჰიშტაკარანები, I, N 585 ა, გვ.518.

... ერთი წარჩინებული მაჰდასი[1], სახელად ამირ-ფაშა, სახელგანთქმული ნაჰანგიდან და ცნობილ, თვალსაჩინო ქალაქ ახალციხიდან... წავიდა [ი]ერუსალიმში წმ. ადგილების თაყვანისსაცემად, სადაც უფალი მოღვაწეობდა. იქედან დაბრუნდა აღმოსავლეთში და შეეჩეხა ლანგ-თემურის შვილის, შაჰრუხად წოდებული მძლავრის ლაშქარს, რომელსაც ალყა შემოერტყა ერნჯაკის ციხისათვის, ეს წიგნიც დაეტყვევებინათ და მოეტანათ სიუნიქის ქვეყნიდან. მას მიემთხვია ღვთისმოსავი მაჰდასი ამირ-ფაშა, თავისი ალალ-მართალი შრომით მონაგებიდან იყიდა, გამოიხსნა ის უცხოთესლთა ტყვეობიდან.

წმ. მოციქულის თადეოსისადმი... თაყვანისცემის გამო შეწირა ეს სულმობრუნებული მატიანე, ვარდივით გაფურრჩქნილი ყვავილნარი თავისი სულის მოსახსენებლად ამ ცის მობაძავ წმ. კრებულს, სახელგანთქმულ წმ. მონასტერს, ღვთის სამკვიდრო წმ. ტაძარსა და წმ. მოციქულის, თადეოსის ნათელმოსილ, წმ. საფლავს.

აწ, ვინც მიემთხვიოთ ამ ღმრთივ-სულიერ წმ. თხზულებას, წაიკითხოთ ან გადაწეროთ, თქვენს სიწმინდით გაცისკროვნებულ ლოცვებში მოიხსენეთ ამირ-ფაშა მაჰდასი, მამამისი პარონი, დედამისი მამა-დედა, მისი დიდი პაპა ჰნდუ, დიდედა მარგარიტი, ძმა ამირჯანი, დები სატრიჯანი და ჯანხათუნი, აგრეთვე ყველა სხვა მისი სისხლით ახლობელი, ცოცხალი თუ მიცვალებული...


  1. "მაჰდასი"-ს სომხები ეძახდნენ იმათ, ვინც მოიხილავდა და მოილოცავდა იერუსალიმის წმინდა ადგილებს.


71
[edit]

ადგილი:სოფელი სერკევილი, დრო: 1442 წ., გადამწერი: ოჰანეს თმოქეცი (თმოგველი), სახელწოდება: სადღესასწაულო. XV ს-ის ჰიშტაკარანები, III, N 603, გვ.531-535

აწ, სომხური წელთაღრიცხვის "პღა" (1442) წელს, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს "რნხდ"-ს (1444), ედემიდან ადამის გამოსვლიდან "ცოხბ"-ს (6642), ასრულდა ღმრთის კაცის საჰაკ მამამთავრის ხილვა, რომელმაც იხილა ოთხკუთხა ტაბლა მასზე აღმართული ნათელმოსილი ჯვრითა და ვერცხლის ჭურჭლით, აგრეთვე [იდო მასზე] ერთი მტკაველი ეტრატი, ოქროს "ჱ" (7) სტრიქონით თავში, შუაში წარხოცილი, წაშლილი იყო, ხოლო ბოლოში ერთი სტრიქონი ოქროთი და ნახევარი სინგურით ეწერა. ოქროს "ჱ" (7) სტრიქონი არის განმანათლებლიდან ღმრთის კაც საჰაკამდე, შუა [ნაწილი], რომელიც წარხოცილი, წაშლილი იყო და საყდარი ზღვისფერი, პირქუში, შავი ტილოთი დაფარული, [არის] საჰაკიდან ჩვენს კათალიკოსებსა და ეპისკოპოსებამდე, რომლებიც იყვნენ გახრწნილნი და უზნეონი, რამეთუ ვერცხლეულობაში ისხდნენ და ქვეყანა წყევლა-კრულვით აავსეს. ეს იყო შავი ტილო, რომელიც გადაფარებოდა ჩვენს ნათესავს.

ამჟამად წყევლა გაქრა წმ. განმანათლებლის ლოცვით, შავი ტილო აღიგავა, კვლავ განახლდა განმანათლებელი საყდარი, ძველი მოისპო და სავსებით ახალი შეიქმნა, ძველი წყევლა იყო, ხოლო ახალი [არის] კურთხევა წმ. მამათა მიერ, რომელნიც შეიკრიბნენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანვარდგესში, ნორ-ქალაქში, ვაღარშაპატს, წმ. ეჩმიაძინში, რომელიც ყოველთა ეკლესიათა დედაა და სომეხთა ნათესავის მშობელი და მანათობელი. სომხებმა დიდი ხანია უგულებელყვეს ის და ისინიც უგულებელყო ღმერთმა, რამეთუ ღვთის წყალობა და ზრუნვა მოეშალა ჩვენს ნათესავს, ვითარცა იტყვის ღმერთი: არ დარჩეს სული ჩემი მათ შორის, რამეთუ მათ მიატოვეს სახლი ჩემი. ხოლო ამჟამად შემოქმედი ღმერთი მოწყალე გახდა, შეიბრალა სომეხთა საცოდავი ნათესავი და შემოკრიბა მრავალი ბრძენი და უმწიკვლო, მჭევრმეტყველი მოძღვარი, მართლმორწმუნე ეპისკოპოსნი, ძაძითმოსილი მოწესენი, კეთილგონიერი მღვდლები, ღვთისმოსავი წარჩინებულნი და ხალხი, რომლებიც ყოვლადწმინდა სამების ნება-სურვილით აირჩიეს მშვიდი, გონიერი, სიბრძნისმეტყველი... ჩვენი მამამთავარი, სულიერი უფალი კირაკოსი, ვისაც თავის დღეში არც ხორცი უჭამია, არც ღვინო დაულევია, ტყუილი არ უთქვამს, ფიცი არ გაუტეხია, არც წყევლა-კრულვა ამოსვლია პირიდან. "ხჱ" (47) წელი უდაბნოში იყო და ხორ-ვირაპის წმ. ცხოველ თაღს ემსახურებოდა.

ის ამოირჩია სული წმინდამ სომეხთა ნათესავის მეთაურად, წინამძღოლად, მწყემსად, ზედამხედველად და პატრიარქად; ესაა ოქროს სტრიქონი, რომელიც ეტრატის ბოლოს ეწერა. აი ასე ასრულდა ღმრთის კაცის საჰაკის წინასწარმეტყველება.

იმავე ხანებში მოხდა სამშვილდის უცოდველი ქრისტიანების ჟლეტა, რომლებიც ეწამნენ ქრისტესათვის და გახდნენ მარტვილნი, რამეთუ სატანამ აღძრა სკვითთა ნათესავი, ჯაჰანშაჰ მირზა, რომელმაც იახლა მრავალი ლეგიონი და გარს შემოერტყა ციხეს "დ" (4) თვეს, შეავიწროვა ციხეში მყოფნი, ისე რომ ბევრი მოკვდა ტანჯვით. ურჯულოებმა შეფიცეს ცხოველ ღმერთს, რომ ციხეში მყოფთ არაფერს ავნებდნენ. ისინი მიენდვნენ მათ ცრუ ფიცს და გახსნეს ციხის კარები; ურჯულოები შევიდნენ შიგ, იშიშვლეს მახვილი და შეუბრალებლად გაწყვიტეს "ვ" (3000)-ზე მეტი [სული]. მოთქმა, ვაება, უბედურება და ტანჯვა არ შემიძლია აღვწერო, რამეთუ ზოგი ხმლით დაკლეს, ზოგი ჩაქოლეს, ზოგი კეტებით დალეწეს, ზოგიერთს თავები მოკვეთეს და "გ" (3) მინარეთი ააშენეს. ნახავდით ჭირისუფალთა შემზარავ ტირილსა და ვაებას; ტიროდა დედა შვილს, და ძმას, პატარძალი ნეფეს, არავინ ანუგეშებდა მათ, არც ღმერთი და არც კაცი.

ტყვეთა რიცხვმა "ქ" (9000)-ს გადააჭარბა, ისინი გაინაწილეს ერთმანეთში. ნახავდით გაუბედურებულ მშობელთა და ნაშობთ, რამეთუ დააცილეს დედა შვილს და შვილი დედას, ძმა ძმას, პატარძალი ნეფესა და ნეფე პატარძალს, ჩვილი ბავშვები უწყალოდ მოგლიჯეს დედების კალთიდან და მდინარეში გადაყარეს, ხოლო მტირალი დედები, რომლებსაც გულ-მუცელი ეწვოდათ, ტყვეებად წაასხეს. ზოგი მათგანი წაიყვანეს აღმოსავლეთში, ხორასანში, ზოგი დასავლეთში, რუმში, ზოგიერთი სამხრეთში, არაბსტანში, ზოგიც ჩრდილოეთში, ლაკსტანში. ძველი ისრაელებივით ქვეყნის "დ" (4) მხარეს გაიფანტნენ. დაშორდა მამა ძეს, ასული დედას, შეყვარებული შეყვარებულს, მეგობარი მეგობარს, წავიდნენ ისინი ტაჭიკთა ქვეყანაში და აღარასოდეს დაბრუნდებიან. გოდებდნენ სომხეთის ეკლესიები, ვითარცა იერემია ელკოსელი, რომელმაც თქვა: წახვედით, წახვედით და მე დავრჩი გაჩანაგებული, თქვენ გეუბნებით, თქვენ გეუბნებით გზას გამდგარნო, იხილეთ ჩემი ვაება და უბედურება და დამიტირეთ მე, რამეთუ დავრჩი გაუდაბურებული და მიტოვებული ჩემი შვილებისაგან.

მაგრამ არ გვმართებს ღმერთის მიმართ სასოწარკვეთა, არამედ რწმენით ვევედროთ მას, რომ უკან დააბრუნოს ტყვეები, ვითარცა ძველი ისრაელები, ყველა წმინდანთა მეოხებით, ამინ.

ამ სასტიკ, უკუღმართ, მუხთალ და წარღვნისებურ დროში [ცხოვრობს] ერთი კეთილმსახური კაცი, ღვთისმოსავი და მოწყალე, ღვთისმოყვარე, ქრისტეს აღმსაარებელი, მართლმადიდებელი, ბრძოლებში შემმართებელი, წარჩინებულთა შორის მამაცი და მთავართა შორის გამორჩეული, აზქანაზიანთა მოდგმის ტომიდან, პარონი შალუე, დიდი მთავრის, ღვთისმოყვარე პარონ სარგისის ძე და პარონ ბუღლახის შვილიშვილი... [მან] დიდად მოწადინებულმა შეიძინა ეგ [წიგნი] თავისი ალალ-მართალი მონაგებით, გადააწერინა ის, რამეთუ იყოს მეოხი განკითხვის დღეს, მიუდგომელ სამსჯავროში, სამარადისოდ მოსახსენებლად პარონ ბუღლახისა, მამის პარონ სარგისის, დედის პარონ თამსას, ძმის პარონ გრიგორის, რომელიც ამ [წიგნის] გადაწერისას უდროოდ გარდაიცვალა ამ ქვეყნიდან და დიდად დაამწუხრა და დაადარდიანა თავისი ძმა, ჩემმა უფალმა ღმერთმა განუსვენოს მას აბრაამის კალთასთან და იზრუნოს მასზე, მეორე ძმის პარონ ფანველის, დების სით-ხათუნისა და თენეკის, მისი მეუღლის პარონ დოვლათ-ხათუნის, მისი მეორე ცოცხალი თანამეცხედრის პარონ გულფაშას, მათი ჭაბუკი, ახალგაზრდა შვილის, პარონ დავითის, რომელიც უფალმა ღმერთმა დაიცვას უშფოთველად და მტკიცედ ღრმა მოხუცებულობამდე, ამინ.

აწ, ვინც მიემთხვიოთ ამ [წიგნს], წაიკითხოთ, გადაწეროთ ან მოსმინოთ, თქვენს სიწმინდით გაცისკროვნებულ და ცადაღმავალ ლოცვებში მოიხსენეთ ყველა ზემოაღნიშნულნი. ასევე, გევედრებით მოიხსენეთ უფლის მიმართ ჰოვანეს ეპისკოპოსი, მეტსახელად ოსკიაფორი, რომელიც ამ საქმეში ჩვენი მასწავლებელია.

დაიწერა ეს [წიგნი] არარატის ქვეყანაში, სოფელში, რომელსაც ჰქვია სერკევილი, წმ. ჰოვანესისა და სხვა სიწმინდეთა მფარველობით, მამაცი და უშიში უფალ გაბრიელის მამამთავრობისა და მთავრობისას, ჯაჰანშაჰის ხანობისას, საქართველოში ვახტანგის მეფობისას, ჩვენს მხარეში პარონ ალიბეგისა, ამ წიგნის უფლის პარონ შალუეს, პარონ ვაჩ[უტი]ს, პარონ ქურთის [და პარონ სა]რგისის მთავრობისას. კვლავ გევედრებით, ქრისტეს სიყვარულის გამო მოიხსენეთ ამ სოფლის მოწესენი და ხუცესნი...

ხოლო მე, უღირსმა და უმეცარმა, სიკეთეს მოკლებულმა და ყოველგვარი ბოროტებით აღსავსემ, მარტოდმყოფის სახელის უღირსმა ოჰანესმა, საქართველოს გავარიდან, მაგარი ციხე თმოქიდან, ჩემი უღირსობის კვალობაზე დავწერე ეს [წიგნი], რამეთუ ჩვენი წილიც იყოს მასში. ვინც წაიკითხოთ ან გადაწეროთ, თქვენს ცადაღმავალ ლოცვებში მომიხსენეთ მეც...

...[მოიხსენე] მათთან ერთად თანსუხიც და თერძი გორგასალი[1], აგრეთვე მათი მშობლები და სამარადისო დიდება, ამინ.


  1. თუ არ ვცდებით, სახელი "გორგასალი" სომხურში მხოლოდ აქ გვხვდება. იმავე სოფელში წარჩინებულის სახელად "შალვას" დადასტურებაც იქნებ შემთხვევითი არ იყოს და ეს მონაცემები აირარატის პროვინციის ამ მხარის, არაგაწოტნის ოლქის საქართველოსთან კავშირზე მიუთითებდეს. შესაძლოა, სოფელ სერკევილში წინა საუკუნეებში ქართველი კოლონისტები დამკვიდრდნენ და მათი შთამომავალნი XV ს-ის შუა ხანებისათვის უკვე გასომხდნენ. ამ სოფელში თმოგველი გადამწერის მოღვაწეობაც, ეგების, იქ ქართული გავლენის კვალის არსებობით იყოს გამოწვეული.


დამატება
[edit]

1458 წ. ხელნაწერთა გადამწერ ჰოჰანესის მიერ გადაწერილი სვინაქსარის მოსახსენებელი. XV ს-ის ჰიშტაკარანები, I, გვ.507-508, შენ. 1.

"ჟდ" (14) ქაღოცს[1] და "იბ" (22) დეკემბერს მოხსენებულ იქნან ქალაქ სამშვილდეში წამებული, დახოცილი მართლმორწმუნე, უბიწო სომეხი და ქართველი ქრისტიანები. ურჯულო და ბილწმა მძლავრმა, თავრიზის [ხანმა], სახელად ჯჰანშამ, [ი]უსუფ ბეგის ძემ მოკლა თავისი ძმა სქანდარ ბაჰადური ხანად სახელდებული მისივე შვილის მეშვეობით, ერნჯაკის ციხეში, აღმოსავლეთის ბოროტი მეფის შაჰრუხის ბრძანებითა და სურვილით. მას (ჯაჰანშაჰს) გულში ჯავრი ჰქონდა ქართველთა მეფის ალექსიანოსის მიმართ, რადგან არ მივიდა მის წინაშე მოწიწებისა და მშვიდობიანობის [ნიშნად], არც დაწესებული სამეფო ხარკი გადაუხადა. ამის გამო გაცოფდა ბილწი და ქრისტიანეთა მოძულე, ვითარცა სისხლმოწყურებული მხეცი, შეკრიბა ლაშქარი და დააწყო რაზმებად; ანტიქრისტეს წინამორბედმა ჯჰანშამ, ყველა ურჯულოს წინამძღოლმა შეაგროვა "ირ" (20000) სულზე მეტი, წაიყვანა ისინი და წავიდა საქართველოში[2]...

ისინი მიადგნენ ქალაქ ტფილისს, დაანგრიეს, ააოხრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი, ყველა ეკლესია დააქციეს და დაბრუნდნენ უკან. ალყაში მოაქციეს ქალაქი სამშვილდე "ხ" (40) დღის მანძილზე, გარს შემოერტყა მას შეჩვენებული, ურჯულო ჯჰანშა ბზობის დღესასწაულიდან ჩვენი ღმერთის ქრისტეს ამაღლებამდე, სასწაულის [მოხდენის] კვირაში. ქრისტიანები იმედოვნებდნენ, რომ მათი წყეული მეფე მოვიდოდა, მიეშველებოდა და გაანთავისუფლებდა მათ ურჯულოთა შევიწროებისაგან. მან უგულებელყო ისინი, ამჯობინა საკუთარი თავი გადაერჩინა, ვიდრე ქრისტიანთა წარწყმედის გამო [დაფიქრებულიყო]; მხდალი და უძლური გამოდგა, [მტრის] ერთ კაცსაც კი ვერაფერი ავნო.

შიმშილითა და წყურვილით შეწუხებულმა ქალაქელებმა ვეღარ იზრუნეს ციხის დაცვაზე. მტერმა შეუმჩნევლად გახვრიტა ქალაქის ზღუდე და შევიდა შიგ. ქალაქელებს ელდა ეცათ, შიშისაგან ძრწოდნენ; მიმართეს მძლავრს ქალაქის კართან, რომ შეეწყალებინა ისინი. მომხვდურებმა ცრუ ფიცით შეჰფიცეს შემოქმედ ღმერთს, რომ ცუდს არაფერს გიზამთო თქვენ, არ დაგხოცავთო. ქრისტიანებმა ირწმუნეს მათი ფიცი, გააღეს ქალაქის კარები და გადასცეს ქალაქი მათ. ქრისტიანები გაიყვანეს ქალაქგარეთ, ბრძანა მძლავრმა ისინი ეტანჯათ სამი დღის მანძილზე, ხოლო მათი ქონება მიეტაცებინათ ფარულად თუ აშკარად. სამი დღის შემდეგ ბრძანა მან ყველა მორწმუნე მიეხმოთ საჯარო მოედანზე. ისინი ხმლით შეიარაღებულმა ურჯულოთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა გარემოიცვა...

მაშინ ორმა ჭაბუკმა, მამაცმა მეომრებმა და უშიშმა მარტვილებმა დათრგუნეს შიში და ყველას გასაგონად დიდი ხმით დაიყვირეს: წყეულ არს თქვენი სჯულმდებელი მაჰმადი, ჩვენ ვართ ქრისტესა და მისი თორმეტი მოციქულის მოწაფეები, წმ. გრიგორ განმანაღლებლის სულიერი შვილები...

იხუვლეს ურჯულოებმა და როგორც ცოფიან ძაღლს მიცვივდნენ მათ, ორივე მოწამე იქვე განგმირეს ისრებით. ბოროტმა მძლავრმა თქვა: როგორ გაბედეს ჩვენი წინამძღოლის დაგმობა; ყველანი ხმლით გაწყვიტეთ, თავები მოკვეთეთ და მოკვეთილი თავები ქვებით გაჭეჭყეთ. მათ შეასრულეს მისი ბოროტი ბრძანება, "რ" (1000)-ზე მეტი სული მოკლეს, მათ შორის "ხ" (40) მოწესე, ხუცესი და დიაკონი...

ბრძანა ბოროტმა მძლავრმა, ყველა ქალი და ბავშვი დაეტყვევებინათ, "ჟრ" (10.000)-ზე მეტი სული, ისინი სამუსულმანოს ყველა მხარეში გაფანტეს, მისრსა და ხორასანში...

არავის ძალუძს აღწეროს სომეხთა ნათესავის ენით გამოუთქმელი მწუხარება. ყოველივე ეს ცოდვათა ჩვენთა გამო დაგვატყდა თავს. მოწამეთა მეოხებით, მათი სასტიკი ტანჯვის გამო ქრისტე ღმერთო იხსენ ურჯულოთაგან ყველა ქრისტიანი ტყვე.

ეწამნენ ისინი სომხური წელთაღრიცხვის "პძთ"-ს (1440)...


  1. ქაღოცი - ძველი სომხური კალენდრის მეხუთე თვე იყო; 1458 წელს იგი შეესაბამებოდა 27.03.-25.04.-ს.
  2. ჩვენთვის დღემდე ცნობილი წყაროებიდან 1440 წელს საქართველოში შემოჭრილი ჯაჰანშაჰის ჯარის რაოდენობა მხოლოდ აქაა დასახელებული