1634 წ. 06.27. - მამულის სითარხნის წიგნი როსტომ მეფისა მერაბ ყორღანაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი 1448-3265

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 70


ქ... ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე ამიერთ უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მტკიცე და შეუცვალებელი, სამკუიდრო და საბოლოოდ გასათავებელი წყალობისა და სითარხნის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა და ყოველთა სახლისა ჩუენისა ჩამომავალთა მეფეთა ერთგულსა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურთა ყმათა ყორღანაშვილთა, კარისა ჩუენისა მდივანმწიგნობარსა მერაბს და ძმათა თქუენთა და შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და ნაოხრის ნასოფლარის ზემო შავთ თარხნობის წყალობას გუიაჯენით.

და ჩუენცა ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოკითხული ვქენით და არას კაცს არც შენად ენახა და არც გაგონებოდა იმა ალაგის შენობა. ნაოხარი, გატყეებული ზემო შავნის ბარათაშვილის გოსტაშაბისაგან გეყიდა და მონასყიდობის სიგელი გქონდათ და ჩვენს ძმისწულს მეფეს პატრონს სუიმონსაც წყალობა ექნა და შავთა, ფიცხისისა და მოქრისის წიგნი და სიგელი, რარიგადაც არდაზიანდის ჰქონებოდა, თქუენთუინაც იმრიგად მთით-ბარამდი ებოძებინათ.

და ჩუენცა სიგლები გინახეთ ნაწყალობევისა და ნასყიდობისა და სიგლითა ამითა დაგიმკუიდრეთ და დაგიმტკიცეთ ყოვლის კაცისაგან მოუდევრად და შემოუსარჩლელად, სამკუიდროდ და საბოლოოდ თარხნობისა წიგნი გიბოძეთ, ასრე და ამა პირსა ზედან, რომე:

რაზდენი ერთიცა გლეხი ზემოშავთ მერაბ ყორღანაშვილმან დაასახლოს, არაფერისთანა საჩუენო სათხოვარი და გამოსაღები არა ეთხოებოდეს რა: არა კოდის-პური, არა საბალახე, არა საჯინიბო, არა საბაზიერო ქათამი, არა საური, არა მკა და თიბვა, არა ციხისა და ქალაქის მუსაობა და შეშის ზიდვა, თუნიერ ერთის ლაშქარ-ნადირობისა და წელიწადში ერთხელ დიდგორზე სამასპინძლოს მორთმევისაგან კიდე; რისაც შემძლებელნი იქნებოდენ, იმ წესით სამასპინძლო უნდა რომე მოგუართონ.

სხუა ამის მეტი საჩუენო სათხოვარი და გამოსაღები არა ეთხოებოდეს რა ზემოშავთ მსახლობელთ გლეხსა.

აწე, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად სხუათა მეფეთა და მეპატრონეთაგან.

და თუ სხუა ამისთანა წიგნი და ნიშანი, ან ნაწყალობევი და ან მონასყიდობისა გამოჩნდეს, იგი ყოველივე სიგლითა ამითა გაგუიცუდებია და მტკიცე ესე ოდენი არის.

აწე, გიბძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირო, მდივანო და სხუანო მოსაქმენო, ვინ გინდა ვინ იყუნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, მერმე ესე ჩუენგან ნაწყალობევი მტკიცე და უცვალებელი სიგელი ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით და შეეცილებით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკბ (1634), თიბათუეს კზ, ხელითა კარისა ჩუენისა მდივანმწიგნობრისა თუმანიშვილის ბირთუელისათა.

გვიანდელი დამტკიცება:[edit]

ქ. ეს სიგელი, ნასყიდობა და თარხნობა ჩუენცა ასრე ვამტკიცეთ. ქორონიკონსა ტნივ (1678), მარტის კთ.

გიორგი. ლევან. სულეიმან.

პუბლიკაცია და ლიტერატურა[edit]