Jump to content

1633 წ. 03.11. - მამულის წყალობის წიგნი როსტომ მეფისა დავით დავითიშვილისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი:



საბუთის ტექსტი

[edit]


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, პატრონმან როსტომ, ესე ხანთა და ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურთა ყმათა, დავითიშვილს დავითს და შვილთა თქუენთა, კოსტანტილეს და ელიზბარს, შვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და თქუენის მამულის წყალობას გუიაჯენით, და ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენი სამკუიდრო და ნაწყალობევი მამული, რაც ამას წინათ მეფეთაგან ანუ სამკუიდრო და ანუ ნაწყალობევად გქონებოდეს. ჩუენცა ისრევე უკლებრივ გუიბოძებია, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა და ვენაჴითა, შენითა და ოჴერითა, ყოვლითურ სამკუიდროდ და საბოლოდ თქუენთუინ და თქუენთა შვილთათუის გუიბოძებია.

აწე, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად სხუათა მეპატრონეთაგან.

აწე, გიბძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყუენით და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევსა ფარვანასა შიგან ეწეროს და ნურას მოუშლით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკა, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრის თუმანიშვილის ბირთუელისათა.



სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი

[edit]

1633 წ. 12 მარტი – 10 აპრილი

ის (ღმერთი)

გამოვიდა მაღალი ბრძანება, რომ სიდიადის საფარველის დავითბეგ ეშიკაღასიბაშის დამსახურებისა და ერთგულების გამო, ის ადგილები, რომლებიც წინათ მას ეკუთვნოდა, ქათმის წლის დასაწყისიდან ხსენებულ [დავითბეგს] იმავე წესით ვუწყალობეთ. გლეხებმა, რომლებიც ძველი დროიდანვე ხსენებულ [დავითბეგს] ეკუთვნოდნენ, ცნონ იგი თავის თიულდარად. თავიანთი მალუჯათი და სახელმწიფო გადასახადი გადაუხადონ მას იმ წესით, რომელიც ჩვეულებრივ საქართველოში მოქმედებს. მოერიდონ წინააღმდეგობის გაწევას და როცა ბრძანება ბეჭედდდასმული გახდება – დაემორჩილონ მას.

32-ე სტრიქონზე ზის 1. როსტომის მცირე ზომის, ოთხკუთხედი სპარსული ბეჭედი ლეგენდით: ქვეყნისა და დროის ხელმწიფემ, დიდსულოვანმა შაჰ სეფიმ წყალობა მოიღო მის მონაზე და ხოსრო როსტომი მიწოდა. მის ოდნავ ზემოთ, მარჯვნივ 2. მცირე ზომის, ოვალური სპარსული სარეგისტრაციო ბეჭედი, წარწერით: ო, უძლურთა შემწევ. გვიანდელი მინაწერი: ქ. რ ო ს ტ ო მ მეფის წიგნი.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთის აქვს თარიღი ქორონიკონი ტკა (321), რაც უდრის 1633 წელს. საბუთის სპარსულ ტექსტი დათარიღებულია 1633 წლის 12 მარტი - 10 აპრილი პერიოდს. რადგან ჩვეულებრივ, სიგელის ქართული ვარიანტი წინ უსწრებს სპარსულს, შეგვიძლია უფრო დავავიწროვოთ სიგელის გაცემის თარიღი არაუგვიანეს 1633 წლის 11 მარტისა.

კომენტარები

[edit]

დავითიშვილი (თვალდამწვრიშვილი) დავით - ხოსრო-მირზასთან ერთად შვილებიანად იმყოფებოდა შაჰის კარზე. ქართლში გამეფებულ როსტომს თან გამოჰყვა და მისი დიდი წყალობითაც სარგებლობდა. იყო ბოქაულთუხუცესი, ეშიკაღასბაში, 1634 წლიდან ზემო ახალდაბის მოურავი, 1635 წელს გახდა დირბის მოურავი (ხეც, შდ-602). დავითიშვილი ელიზბარ _ დავითის ძე, ბოქაულთუხუცესი. ნოდარ ციციშვილის აჯანყების დროს როსტომის გვერდით იბრძოდა. ხოვლეს ბრძოლის შემდეგ დამარცხებულები `ელიზბარ ბოქაულთუხეცის ყმებმან დაირჩინეს~ (ფარსადან გორგიჯანიძე 1925: 248). როსტომი მას დიდ ნდობას უცხადებდა და შაჰთან მოსალაპარაკებლად აგზავნიდა ხოლმე. მისი ხელით გაგზავნა შაჰთან აჯანყებული ჩხეიძეები. ამასთან, მას დაევალა სპარსეთიდან ჩამოეყვანა როსტომის ნათესავი (მისი ბიძაშვილის _ თეიმურაზ მირზას ვაჟი) ლუარსაბი, როგორც ტახტის მომავალი მემკვიდრე (ფარსადან გორგიჯანიძე 1925: 248-249). ელიზბარმა ეს მისია წარმატებით შეასრულა. შაჰმა მას ხალათი უბოძა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ელიზბარის ქვეშევრდომობას სეფიანთადმი (გ. კვანტიძე, ხალათი როგორც საჩუქარი და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები აღმოსავლეთ საქართველოს ყოფაში, კადმოსი, 2016: 113-114). დავითიშვილებისთვის ნაბოძები საბუთი წარმოადგენს ახლადგამეფებული როსტომის მიერ ფეოდალური საგვარეულოსთვის ძველი მამულების წყალობის განახლების სიგელს. ეს ზოგადი წესი იყო ყველა თავადისთვის. საინტერესოა, რომ საბუთში არ არის ჩამოთვლილი რა მამულებს ფლობდნენ დავითიშვილები, მაგრამ იგულისხმება, რომ ამის დამადასტურებელი საბუთები თავად მათ ჰქონდათ, რაც მტკიცდება იმავე წლის 21 ივლისს როსტომის მიერ გაცემული პირობის წიგნით (ხეც, შდ-556-ა). მასში აღნიშნულია, რომ დავითიშვილებს სოფ. ბრეთის კუთვნილების საბუთები ჰქონიათ. - დოკუმენტური წყაროები, II, გვ.62

პუბლიკაცია

[edit]