1605 წ. - შეწირულების წიგნი გიორგი მეფისა შიომღვიმის მონასტრისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედნები:

  • 1448-5266 - (დასაწყისი ნაწილი).
  • Ad-556 - (მომდვნო ნაწილი).

პირი

  • 1449-825 - (თავნაკლული)

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით შესწორებით)[edit]

... უვნელი, უშობელი, უკუდავი, უხილავი, არსი საბაოთ, საუკუნითგან [მოაქ]ამდე დიდებული და ქებული ყოველთა აგებულთა, გარ[...]ლი შემოქმედნი ყოველთა ხილულთა და არა ხილულ[თა], [...] ძე ჭეშმარიტი ჭეშმარიტისა მამისა, მზე სიმართლისა, ნათელი ჭეშმარიტი ცხორება და ჭეშმარიტება დიდის ზრახუისა, მამისა ანგელოზი, მწყემსი კეთილი, მესია იესო ქრისტე ღმერთი, სახიერი, კაცთმოყუარე და საცნაურად მიზეზი ყოველთა მათ კეთილი უდ[... ] წმიდა, რომელსა მამისაგან აქუს არსება და მამისა და ძისა თანა თაყუანისცემული სული წმიდა, უფალი ცხოველსმყოფელი, ყოვლად ძლიერი, ყოველთა მხილველ[ი ...] ერი იტყოდა წინასწარმეტყუე[ლთა] მიერვე თუინიერ, რომელ მამასა ეწოდების; მამა უშობელი და ძესა მამისაგან შობილი და სულსა წმიდასა, სული წმიდა მამისაგან გამომავალი და მამისა და ძისათანა თ[ა]ყუანისცემუ[ლი]. ესე არიან თუითებანი მათნი, შეურევნელი გუამოვ[ნე]ბა სამგუამო[ვან] ღ(მრ)თ(ის)ა [... ], დიდებითა და სამარადისოებითა და მეუფებითა.

ესე სამება ერთარსება ე[რთ]ღ(ვ)თაება, ერთი ძალი, ერთი მეუფება, შეურევნელი წმიდა სამება, რომლისა დაწყება უცნაურ არს და ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. და მერმეცა [...]უელად ყოვლად საგალობელისა და სავედრებელისა და [...] ზეეშთა აღმატებულისა ყოვლად წმიდისა, ყოვლად კურთხეულისა, ყოვლად ბიწ-შეუხებელისა, რომელი არს მაყუალი ცეცხლშეუხებელი, კიდობანი სიწმიდისა, კუერთხი არონისი, ნაყოფისა მის უკუდავისა გამომღებელი, კარავი ღ(მრ)თისა დამტევნელი, სახლი ღ(მრ)თისა საყდარი, ქეროვიმი ქალწული მარიამ, დედა, უმამაკაცოდ მშობელი ღ(მრ)თისა ევმანოილისი, რომელმან დაიტია მუცელსა დაუტევნელი იგი ცათა და ქუეყანისა.

ღ(მრ)თისა დამტევნელისა, ღ(მრ)თისა დედისათა ძლიერებითა და შეწევნითა სამნაწილისა ჯუარისა, ძელისა ცხორებისათა, რომელსა ზედა განკუართულ იქმნა უფალი ჩუენი იესო ქრისტე და განიპყრნა უხრწნელნი მკლავნი თუისნი მას ზედა ჴსნისა და ცხორებისათუის ჩუენისა.

ძლიერნო და შემწენო ბანაკთა უსხეულოთა და უნივთოთა, მწყობრთაგანო ცხრა არვეთა და ცხრათავე დასთა ანგელოზთანო, შეწევნითა და ძლიერებითა სიტყუისა ღ(მრ)თისა მქადაგებელ[თ]ა ნაშობთა ყოველთა უზეშთაესსა დიდისა მის ქრისტეს ნათლისმცემელისა იოვანესითა, კუალად ძისა მის ქუხილისა, მკერდსა ზედა მიყრდნობით ღ(მრ)თისა მზრახუალისა, იოვანე ქალწულ-მახარებელისა და ღ(მრ)თისმეტყუელისათა; თავსმდებობითა და შუა მდგომელობითა ათორ(მეტ)თა მოციქულთათა, მინდობითა და შუა მდგომელობითა ჩუენისა სიქადულისა, სასოებისა და ცხორებისა სუეტისა ცხოველისა, კუართისა საუფლოსა და მირონისა ღ(მერ)თ-მყოფელისათა, წმიდათა და დიდთა მღრდელთმოძღუართა: დიდისა ბასილი კესარიელისა, გრიგოლი ღ(მრ)თის მეტყუელისა, იოვანე ოქროპირისა, ათანასი ალექსანდრიელისა, ნიკოლაოზ მირონ-ქალაქისა და საკუირველთ მოქმედისა და სხუათა მათ, ყოვლად პატიოსანთა მღრდელთმოძღუართათა.

და კადნიერად მეოხ არიან წინაშე მეუფისა და კუალადცა შემწეთა [ქრისტესა მხნ]ეთა მჴედართათა, დიდის მჴნისა გიორგისითა, დიმიტრი, თევდორე და თევდორესითა, და დიდისა ევსტათისითა, და ყოველთავე ღ(მრ)თისა სათნოთა მჴედართათა და ღირსთა და ყოვლად სანატრელთა დედათა და ქალწულთათა: თეკლა, ირინა, მარინა, ბარბარა და ეკატირინასითა, და ყოველთა განშორებულთა დაყუდებით მდგომარეთა მესუეტეთა, მეუდაბნოეთა. და რაოდენნი სათნო ეყუნეს უფალსა ჩუენსა იესო ქრისტესა და კუალადცა სათნო ყოფად არიან.

ამათითა თავდებობითა, მინდობითა და შუამდგომელობითა და თანაშემწეობითა, ესე აგარაკისა შეწირულობისა მტკიცე და შეუცუალებელი წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ ნებითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანმან, აფხაზთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შირვანშისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და საქართუელოსა თუითმპყრობელ-მფლობელმან, მეფეთ-მეფემან პატრონმან გიორგი და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან თამარ და ძეთა ჩვენთა პატრონმან ლუარსაბ და პატრონმან დავით.

შემცუელ, მფარველ და დიდო ჴელისა ამპყრობელო, ჩუენო მამაო მამათაო, წმიდაო შიო, რომელი ეგე აღმობრწყინდი, ვითარცა მთიები შუამდინარით ასურეთისათ და მოიწიე ქუეყან{ა}სა ამას ჩუენსა და არა ეც ჴორცთა შენთა განსასუენებელი, არამედ ეძიებდ ადგილთა ფიცხელთა და განუსუენებელთა, და დაემკვიდრე უდაბნოსა ამას მღუიმისასა, და დიდთა მათ მოღუაწებათა შენთა მიერ მრავალნი სასწაულნი აღასრულენ, ვიდრე ჴორცთაღა შინა იყავ და შემდგომად მიცვალებისაცა დიდთა სასწაულთა მოქმედებ წლითი-წლად ნაწილთა შენთა აღმოცენებითა სოროთა მაგით სამარხოსათ, თითოეულსა ასოთა შენთაგან წარმოგუცემ, შენდა სადიდებელად და ჩუენდა შევრდომითა და ამბორის ყოფითა, სავედრებელად და ნუგეშინის საცემელად.

ხოლო ჩუენ ვიგულეთ და ვიგულსმოდგინეთ და გამოძიება ვყავთ, და პირველითგანცა თქუენი ყოფილიყო და ჟამთა ვითარებისაგან თქუენსა უდაბნოსა აღარა ჰქონებოდა, და მრავალნი ჟამნი გარდასრულიყუნეს, და ჩუენ სასოებით და სიყუარულით მინდობილმან ცვა-ფარვათა თქუენთამან, აღგუძრნა სურვილით მცირისა ამის ზღუნისა შემოწირვად.

გკადრეთ, მოგაჴსენეთ ოკამი[თ] მეშველაანი, მათის სამართლიანითა მთითა და ბარითა, ველითა, ვენაჴითა, წყლითა, წისქუილითა, საჴნავითა და უჴნავითა, სათიბრითა და უთიბრითა, ყოვლითურთ უნაკლულოდ და უკლებლად, და ყოვლის ადამის მონათესავისაგან მოუდევარ-შემოუსარჩლელად. ასრე და ამა წესითა, ვინ გინდა-ვინ მღუიმის წინამძღუარნი იყუნეთ, ყუელიერის შაბათსა ჩუენთუის ჟამსა სწირევდენ სამი მღრდლითა და ერთის მთავარდიაკვნითა. თორმეტს კ{ო}კას ღუნოს დახარჯევდეს, ერთს კაბიწს პურსა, ოთხს ორაგულსა, ოცს ლიტრას ფიჩხულსა მისის საურწყოთა. და რაცა სანთელი და საკმელი მოუნდებოდეს, და რაც მონასტრის წესი იყოს, იმრიგად კარგაღებული აღაპი გარდაიჴდებოდეს, და არავისგან არ მოგუეშალოს.

შეიწირე მცირე ესე ზღუენი: ოკამი, სოფელი მეშუელიანი, მათის სამართლიანითა ყოვლითურთ უკლებლად და ჴელშეუალად, მეფობისა ჩუენისა წარსამართებელად და ჩუენთა ცოდვათა მოსატევებელად და ძეთა ჩუენთა სადღეგრძელოდ.

ჰე, წმიდაო მამაო შიო, გევედრები გუცევდ, გუფარევდ, ჴელი აღგვიპყარ და შეგუეწიე და გვიჴსნენ ყოველთავე ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

და ესრე სახედ შემოგწირეთ ვითარმედ, საჩუენო სათხოვარი და გამოსაღები არა ეთხოებოდეს-რა: არა ღალა, არა კულუხი, არა საბალახე, არა კოდის პური, არა ულაყი, არა საჯინიბო, არა მერემაეთაგან. და ვინ გინდა-ვინ კარით ჩუენით წარვლენილი მოსაქმენი იყუნეთ, არავისგან არა ეთხოვებოდეს-რა, თუინიერ ლაშქრ-ნადირობისაგან და სათათროსა საურისაგან კიდე. ესევითარისა შეწირულობითა წიგნითა და სიგლითა ამით გკადრეთ, მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ.

აწე, ვინცა ნახოთ სიგელი და ბრძანება ესე ჩუენი შემდგომად ჩუენსა მომავალთა მეფეთა და დედოფალთა, სახლისა ჩუენისა გამგეთა, ვაზირთა, დივანთა, მწიგნობართა და ყოველთავე კარით ჩუენით წარმოვლენილთა მოსაქმეთა და საქმის მოქმედთა, დიდთა და მცირეთა, ერთობილთა დაუმტკიცეთ და ნურავინ უშალავთ მტკიცედ ბრძანებულსა ამას ჩუენსა, თუინიერ სიმტკიცისა და თანადგომისაგან კიდე. და ვინცა ამა ჩუენგან შეწირულისა ოკამს მეშუელაანთა მაცილობელნი ვინმე იყუნეთ, ანუ სიგელი გქონდეს, სიგლითა ამი{თ} გაგუიცუდებია და მტკიცე ოდენ ესე არს.

აწე, ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან, მეფემან, ანუ დედოფალმან, კ[ათალიკო]ზმან, ანუ სხუათა ებისკოპოზთაგანმან, გინა თუ ქორებისკოპოზმან, ანუ სამღრდელოთა დასთაგანმან, ანუ თუ თავადმან, დიდებულმან, აზნაურმან და მსოფლიოთა კაცთაგანმან, გინა თუ სჯულის გარდამავალმან სარკინოზმან, ანუ მწუალებელმან და ცასა ქუეშე მყოფმან ძემანკაცთამან ჴელყოს შლად, ქცევად და შეცულად შეწირულისა ამის ჩუენისა, შერისხდი შენ, ღ(მერ)თო დაუსაბამოო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, და შენ, უმეტესად ზეშთა აღმატებულო დედოფალო ღ(მრ)თისმშობელო, მარადის ქალწულო მარიამ, კრულმცა არს ცათა შინა ზე, და ქუეყანასა ზედა ქუე; შეჩუენებულ და კრულმცა არს მკუდარი და ცოცხალი მისი სუდარი, სამარე, მიწა და ფიცარი მისი, დაჯდომა და აღდგომა მისი, სმა და ჭამა მისი, ძილი და ღუიძილი მისი, სავარძელი, სარეცელი და ცხედარი მისი, კრულმცა არს შვიდთა კრებათა შეჩუენებითა, ოთხთა პატრიაქთა მათთა მიმდგომთა მიტროპოლიტთა, ებისკოპოზთა და ქორებისკოპოზთა ჯუარითა და ქართლისა კ(ათოლიკო)ზ-პატრიაქისა და მისთა სამწყსოთა ებისკოპოზთა შეჩუენებითა და ჯუარითა; შე-მცა-ედების კეთრი გეზისი, შიშთუილი იუდასი, მეხისტეხა დიოსკორესი, დანთქმა ფარაოსი დათან და აბირონისი, მეასდარვისა ფსალმუნისა წყევასა მასზედამცა დაასრულებს ღ(მერ)თი; ქრისტეს ჯუარის მცმელთანამცა არს ნაწილი და სამკუიდრებელი სულისა და ჴორცისა მისისა, ნისტორ და ოროგინე და ყოელთა მწუალებელთა თანამცა დაიმკუიდრებს სული მისი და ყოველიმცა გაგებული მისი მოიშლების. და ნურარათამცა სინანულითა იქმნების ჴსნა სულისა მისისა; ნუცამცა აღმოაცენებს ქუეყანა ნაყოფსა მის კაცისათუის და ყოველიმცა ნაქონები მისი იავარ და ოჴერ იქმნების და ამა ზემო წერილთა თუით ღ(მრ)თაებისა პირითა და ყოველთა მისთა წმიდათა მადლითა.

და სხუანი რაოდენნი შეჩუენებანი სწერიან სიგელსა ამას შიგან, მით შეჩუენებითა ყოვლითავე წყეულ და შეჩუენებული იყოს კაცი იგი სულითა და ჴორცითა და ყოვლით სახლეულით მისითურთ, რომელმანცა ჴელყოს შეწირულისა ამის ჩუენისა აგარაკისა შლად და გამოჴუებად, და ანუ აღაპისა მის ჩუენის შლად და მოკლებად იკადროს, ყოვლითამცა ამა სიგელში წერია წყევლითა და შეჩუენებითა კრულ-წყეულ და შეჩუენებულმცა არს. ხოლო დამამტკიცებელნი ამისნი ღ(მერ)თმან აკურთხნეს და წმიდამან ღ(მრ)თისმშობელმან, მარადის ქალწულმან მარიამ.

დაიწერა მტკიცე და შეუცვალებელი შეწირულობისა წიგნი და სიგელი ესე, ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟგ.

ხელრთვები: გიორგი, მარიამ, ლუარსაბ . . .

უზის ნუშისებრი ფორმის სპარსული ბეჭედი.



საბუთს აქვს შემდეგდროინდელი დამტკიცება:

როსტომ მეფის

ქ. რარიგადაც ამას წინათ მეფეთაგან შეწირული ყოფილა, ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ამავე წესითა ჩუენცა შე[წირულ] [გუ]ეტყუნვენის.

ქ(ორონი)კ(ონ)სა [..]|ბ.

მრგვალი ფორმის ბეჭედი ქართული ლეგენდით.

საბუთის დათარიღება[edit]

თ ა რ ი ღ ი : ქორონიკონი სჟგ (293), რაც გვაძლევს 1605 წელს. ეს თარიღი შემორჩენილია 1448-5266 საბუთში. 1605 წელია მითითებული "პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც" - გვ. 251. თ.ჟორდანიას საბუთი 1600 და 1603 წლის ახლო ხანებით აქვს დათარიღებული, ალ. ხახანაშვილს საბუთის გამცემად გიორგი XI შაჰნავაზი მიუჩნევია, ხოლო ქართული საბუთების 2019 წლის გამოცემა საბუთს ლუარსაბ II-ს აკუთვნებს.

შენიშვნები[edit]

ქართული საბუთების 2019 წლის გამოცემაში საბუთის ტექსტში იკითხება, რომ საბუთი გასცა მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ და პატრონმან დავით. ყველა სხვა გამოცემაში საბუთი გასცა მეფეთ-მეფემან პატრონმან გიორგი და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან თამარ და ძეთა ჩვენთა პატრონმან ლუარსაბ და პატრონმან დავით. ჩვენ ეს წაკითხვა უფრო მართებულად მიგვაჩნია.

პუბლიკაცია[edit]