1552 წ. - შეწირულების წიგნი ლუარსაბ მეფისა თბილისის სიონისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ტფილის სიონთა ღმრთისმშობელო მეოხ, შემწე და მფარველ გვექმენ ჩვენ, მინდობილთა შენთა, ღმრთივ-გვირგვინოსანთა მეფეთ-მეფესა ლოარსაბს და დედასა ჩუენსა დედოფალთ-დედოფალსა თამარს.

რომელთა ჟამთა ვითარებისაგან უღმრთოთა აგარიანთა მიერ წარხმულსა ტახტსა ჩვენსა ტფილის სასხდომად თქუენძლით კუალად ვეგნეთ, მას ჟამსა ჩუენთა ცოდვათათვის შესრულ იყუნეს ტაძრად შენდა და შეეგინნეს უმეტეს ბილწნი თავნი მათნი. ხოლო ჩვენ მოვედით და მოვიყუანეთ წმიდა მეუფე ჩვენი ქათალიკოზი ქართლისა ღირსი ზებედე, თქუენი საჭეთმპყრობელი, სამეუფოსა ქალაქისა მთავარეფისკოპოზი იოსებ, ყოვლად კარგი, და ყოველნი ებისკოპოსნი ქართველთა და მესხთა, და განვწმიდეთ წმიდითა აიაზმითა პირველად დიდებული და პატიოსანი ტაძარი თქუენი და კუალად ყოველნი ეკლესიანი ტფილისისანი.

მაშინ მოვახმევინეთ ძველნი თქუენნი გუჯარნი და, რაოდენნი ეკლესიანი, დაბანი, აგარაკნი, ვაჭარნი, ქულბაქნი და ალაგნი მათ კურთხეულ მეფეთაგან შეწირულ იყუნეს, ჩუენ ახლად განუახლეთ და მოვახსენეთ პატიოსანსა ტაძარსა თქუენსა: ერთი კომლი ამბროსიშვილი, ორი კომლი ქიქნაშვილი, სამი კომლი ტოტუაშვილი, სამი კომლი ბეგლიკაშვილი, ერთი კომლი მგელაშვილი. წყაროსთავის შარა რომ გამოიტანს მტკურამდის, ერთი გვერდი ზემო ქუიტკირამდის, ამირაღას სახლის პირდაპირ, შანშუას ბაღჩის გვერდით მტკურამდის. ამაში არის ქულბაქი, სასახლე და გალავანი სიონთა ღმრთისმშობელისა. ერთი ქულბაქი წყაროს თავსა, ერთი გვერდი მირიმანაშვილის აღაჯანას ქულბაქის გვერდი, მესაკლავიშვილის ქულბაქის გვერდი, მამასახლისის ქულბაქის პირდაპირ.

კიდევ - სასახლე ერთი და ოთხი ქულბაქი სიონთა ღმრთისმშობლისა, ერთი გვერდი მთავარეფისკოპოზის სასახლის და ერთი გვერდი ამბარდარი მირიმანას სახლის გვერდით, რასაც შარა ჩაიტანს, საყდრის გალავნის კარამდის.

კიდევ სიონთა ღმრთისმშობლის სასახლე შანშუას სახლის გვერდით, გულიფაშაშვილის სახლის გვერდით, ქუეით, შარიდაღმა ტერ-არაქელას ქულბაქის შარამდის.

ხელშეუალად ასრე შეწირული ყოფილიყო და განთავისუფლებულნი, რომე არა სამეფო, არა სადედოფლო, არა სატარუღო, არა მალი, არა ხარჯი, არა ბაჟი, არა კულუხი, არა საბალახე, არა ტიკი, ტომარა, არა ულაყი, არა მუშაობა, არა ერბო, არა საბაზიერო, არა სამეჯინიბო და, რაც სათხოვარი ითქმის - არა დიდი, არა მცირე, არაფერისთანა არა ეთხოვებოდეს-რა...

დაიწერა მტკიცე და უცვალებელი სიგელი ესე სანახებსა ქართლისასა, სამეუფოსა ქალაქსა შინა ტფილისს, ქორონიკონს სმ, ხელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრის მთავარდიაკუნის ზებედესითა.


  • ქ. მე, ქართლისა კათალიკოზი ზებედე, კანონითა ვამტკიცებ.
  • ქ. ჩვენ, მეფეთ-მეფე როსტომ, ვამტკიცებთ სიგელსა ამას.
  • ქ. მე, დედოფალმა მარიამ, დავამტკიცე სიგელი ესე და რაც ამაში სწერია.
  • ქ. რარიგადცა ამ მტკიცეს სიგელში სწერია, ჩვენ, ქალაქის მოურავს მეითარს მანუჩარს ეს ბძანება ასრე გაგვითავებია: არც საპალნეზედ და სატარუღოზედ თბილელის ყმას სამოურაო სათხოვარი და გამოსაღები არა ეთხოვებოდეს-რა. ნაცვალო და ჩვენო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ. ვინც ეს მოშალოს, რაც ამაში წმიდანი სწერიან, ღმერთმან და ამ წმიდათ მადლმა ის მოშალოს, ამინ.
  • ქ. ჩვენ, მეფეთ მეფე შაჰნავაზ, ვამტკიცებთ სიგელსა ამას. რაც ამაში სწერია, ასრე გაგვითავებია. და ქალაქის მოხელენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ.
  • ქ. ჩვენ, საქართველოს მეფედ ცხებულის თეიმურაზის ძე, მეფე ქართველთა და კახთა, ყაზახისა, ბორჩალისა და შამშადილისა ფლობით მპყრობელ-მქონებელი მეორე ირაკლი, ვამტკიცებთ სიგელსა ამას. თიბათვის იდ, ქრისტეს აქეთ ჩღოდ (1774).

საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი სმ (240), ანუ 1552 წელი.

პუბლიკაცია[edit]