1514 წ. 04.29 - ბაგრატ მეფის სასისხლო სიგელი კალანდაძეებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ღმრთივ-გვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფემან, პატრონმან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან ელენე და ძეთა ჩუენთა პირმშომან გიორგი და პატრონმან თაიმურაზ და პატრონმან კოსტანტინე, ნებითა ღმრთისათა, აფხაზთა, რანთა, ქართველთა, ჯიქთა, ალანთა, კახთა, სომეხთა მეფისა, შანშე შარვანშა

მოვიდეს წინაშე ჩუენსა ჩვენი ერდგული და დიდათ ერდგულად თავდადებით ნამსახურნი კალანდაძე გიორგი და დედისმანი და მახარებელი, თოლიკავა და ქომიშ, შვილნი და მომავალნი სახლისა მათისანი ყოველნივე. მას ჟამსა ოდეს დაგვეაჯნეს და მოგვახსენეს და სასისხლო სიგელი გუთხოვეს. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბიძეთ სასისხლო სიგელი ესე. მოკითხული ვქენით და ძველათაც საპატიო სიგელი გქონებოდა, მაგრამ ჟამთა აშლილობაშიგან წაგხთომოდა. აწე ჩუენ ახლად შეგიწყალეთ და გიბოძეთ სასისხლო სიგელი ესე:

ნუმცა იკადრების უბრალოსა კაცისა სისხლისა დაღუარა და თუ ეშმაკისა მანქანებითა შენი გვარი კაცი ვისმე შეაკუდეს, სრული სისხლი ესე გაუჩინეთ - ოთხას ოცი ათასი ძველი კირმანეული თეთრი დაგიუროს და გადაგიხადოს და ამას გარეთაც ცხრა ათასი კირმანეული თეთრი სანახშირედ დაგიუროს და გარდაგიხადოს;

ვინც ცოლი მოგი..ნას - ნახევარი სისხლი დაგიუროს და გარდაგიხადოს;

ვინც ცოლი წაგართვას - ნახევარი სისხლი დაგიუროს და გარდაგიხადოს;

ვინცა ექუსთა ასოთაგან ერთი დაგიშავოს - გინა ხელსა, თვალსა ან ფერხისაგან - მეექუსედი სისხლი დაგიუროს და გარდაგიხადოს;

ვინცა დაღი დაგასვას საჩინოსა - შვიდი ათასი ძველი თეთრი დაგიუროს;

ვინცა გერში გადინოს - ხუთი ათასი ძველი თეთრი დაგიუროს;

ვინცა სასაფლაო გაგიტეხოს - რვა ათასი თეთრი დაგიუროს;

ვინცა ცეცხლი შემოგიდვას და დაგწვას - თორმეტი ათასი თეთრი დაგიუროს;

ვინცა სახლად შინ მოგიხდეს - ათი ათასი თეთრი დაგიუროს;

ვინცა დარბას დაგასმინოს და მართალი გამოხვიდეთ - მესამედი სისხლი დაგიუროს;

ვინცა უბატონოდ მამული წაგართვას - მესამედი სისხლი დაგიუროს;

ვინცა მართალსა გრძნოულობა გითხრას - ნახევარი სისხლი დაგიუროს;

ვინცა შენი გვარისა ქალი დაგიგდოს - ნახევარი სისხლი დაგიუროს;

ვინცა ჯოგი წაგისხას - მესამედი სისხლი დაგიუროს;

ვინცა ჯოგი გაგიტეხოს - ათას ხუთასი თეთრი დაგიუროს;

ვინცა მენახირე და მეჯოგე გიცეს - ათასი თეთრი დაგიუროს;

ვინც მუახლე გაგიუპატიოს - ორი ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა უომარი შვილი გიცეს და ან გაგიბერტყოს - ხუთი ათასი თეთრი დაგიუროს;

გაგზავნილი კაცი გაგიუპატიოს - სამი ათასი თეთრი დაგიურვოს;

სხვა რაგინდა-რა უპატიობა დაგემართოს - ესე ჩუენგან ბოძებული სიგელი დაიდვან და ამაზედან გარდაგიხადონ და დაგიურონ.

აფხაზეთისა და ქართლის ქათალიკოზო და ეპისკობოზნო და მღდელთ მოძღვარნო, ესე ჩუენგან ბოძებული სიგელი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ და გაუთავეთ; ქუთათისა ეპისკოპოზნო, ქუთათელო და წინამძღვარნო და მღდელთმოძღვარნო, ესე ჩუენგან ბოძებული სიგელი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ; ოდიშისა ეპისკოპოზნო, მოქველო, ბედიელო, ცაიშელო, ჭყონდიდელო და სხვანო ეპისკოპოზნო და წინამძღვარნო და მღდელთმოძღვარნო, ესე ჩუენგან ბოძებული სიგელი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ და გაუთავეთ.

სხვანო კარისა ვეზირნო, ერისთავთ-ერისთავო და სვანთ ერისთავო, მანდატურთუხუცესო პატრონო დადიანო და პატრონო გურიელო და ამირსპასალარო პატრონო ათაბაგო, ესე ჩუენგან ბოძებული სიგელი სასისხლო თქვენცა ასრე გაუთავეთ და დაუმტკიცეთ; სხვანო კარისა ჩუენისა მოხელენო, ერისთავო და ციხისთავო და ამირათ-ამირაო, ესე ჩუენგან ბოძებული სიგელი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ; სხვანო კარისა ჩვუნისა მდგომელნო: მეაბჯრეთ უხუცესნო, მეაბჯრენო, მესტუმრედ უხუცესო, მესტუმრენო, ბაზიართ უხუცესნო, ბაზიარნო, მეღვინეთ უხუცესნო, მეღვინენო, ესე ჩუენგან ბოძებული სიგელი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ და გაუთავეთ; სხვანო კარისა ჩუენისა მოხელენო, მოხელეთ უხუცესნო, სახლთ უხუცესნო, საჭურჭლისა უხუცესნო, ესე ჩუენგან ბოძებული სიგელი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ;

სხვანო კარისა ჩუენისა მოხელენო, ქალაქისა უხუცესნო, მოურაო-მამასახლისო, ხაბაზნო და პურისა და ღვინის მკრებელნო, მამულისა და ხარაჯისა მკრეფელნო, ულუფისა და ჯურუმისა მკრეფელნო, ზროხა-საკლავისა მკრეფელნო, გოჭ-ქათმისა მკრეფელნო, ესე ჩუენგან ბოძებული სიგელი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ და გაუთავეთ; სხვანო კარისა ჩუენისა მოხელენო, უზედაესნო და უქვედაესნო, დიდნო და მცირენო, ვინგინდ ვინ იყოთ, ესე ჩუენგან ბოძებული სასისხლო სიგელი ყოველმავე დაუმტკიცეთ და გაუთავეთ.

დაიწერა სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეოთხესა და ქორონიკონსა შვიდი ათას ას სამოცდა თვრამეტსა, აპრილისა ოცდაცხრასა, ნებითა ღმრთისათა.


საბუთის დათარიღება[edit]

 საბუთს აქვს გაურკვეველი თარიღი 7178 წ., ამასთან ერთად საბუთი გაცემულია ბაგრატის მეფობის მე-4 წელს, რის საფუძველზეც "პირთა ანოტირებულ ლექსიკონში ის დათარიღებულია 1514 წლის 29 აპრილით. სარგის კაკაბაძე, იმის გამო, რომ არსებობს ბაგრატ მეფის მეფობის მე-4 ინდიქტიონით დათარიღებული ორი სხვა საბუთი: 1544 წ. 9 აგვისტოს ნიკორწმინდის სიგელი და 1545 წლის 12 ივნისის გელათის წმ. გიორგის სიგელი, საბუთს 1544-1545 წლებით ათარიღებს.
ჩვენი აზრით იმის გამო, რომ 1510 წ. ბაგრატ მეფე ჯერ კიდევ მცირეწლოვანია (15 წლის), ძნელად წარმოსადგენად გვეჩვენება, რომ 1514 წ. უკვე სამი ვაჟი ჰყოლოდა. ამასთან ერთად, რადგან ბაგრატ მეფის 1527 წლის სიგელში მხოლოდ მისი ორი ვაჟი გიორგი და თეიმურაზი იხსენიება, მიგვაჩნია, რომ სიგელი შედგენილი უნდა იყოს 1528 წლის შემდგომ.

პუბლიკაცია[edit]