1478 წ. ახლო - საჩივრის წიგნი ავთანდილ ზევდგინისძისა - I

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Hd-1798

პირი: 1461-14/003

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1937 - ბერძენიშვილი ნიკო


ბატონო დარბაისერნო! გაიგონეთ ჩუენი საქმე, ოდეს მეფე გიორგი ოვსეთით მოვიდა სხუილოსი ამოწყუედილნი დახუდეს. ორნი ქალნი დახუდეს სხუილოსელთა, ერთი კოჭლი იყო. გიორგი მეფემან ასრე უბრძანა: "კოჭლსა ქალსა ვინცა შეირთავთ, ამა სხუილოსურსა მამულსა მოგცემ". ის კოჭლი შეირთო ...ზევდგინისძემა და უბოძა სხუილოსური მამული.

გამოხდა დიდი ხანი და გაილაშქრა გიორგი მეფემან თათართა. იქ ჩემი გუარის კაცი ოცდაცხრანი დახოცნეს და ერთი ხელთა დაირჩუნეს. და ათაბაგსა აღბუღას თათარნი მიუხდეს. ერთი ... თავადი თათარი დარჩა ხელთა და ის ჩემის გუარის კაცი იმითა დაიხსნა დიდმა აღბუღა. გაუშუა და იმავე მკუიდრსა მამულზედა მოვიდა.

და ქართველნი ერთობ დაღონებულნი იყუნეს. წამოვიდა გიორგი მეფე და აღბუღას შეეხუეწა ... გამოარჩივეს ერთი უშვილო კაცი. უთხრეს: "მეფე ხელთა შევიპყრათ და ქართლი ჩუენ დაგურჩებისო". ჭუკას გუარის კაცმან ჩემსა გუარის კაცსა გაანდო,. იმან მეფესა არა დაუმალა. უთხრა მეფესა: "დასტურად გუიღალატებენო". ღამეს, რომელსა უღალატებდეს, მეფის საგებელში ის ჩუენი გუარის კაცი დაწვა და მეფე წავიდა. მივიდეს და ჩემი გუარის კაცი დაირჩუნეს და მწოვედ დაკოდეს და სიკუდილსა ულამოდეს და, როგორაცა ეს ცნეს, რომე ზევდგენისძე არისო, აღარ მოკლეს. მას უკანის მოვიდა ამავე ჩუენსა დიდსა მამულზედა და უბოძა მეფემა ნასისხლად მღუიმე მისითა შესავლითა სასაფლაოდ, ახალციხე - სამოცი კუამლი კაცი ესახლა - და ხუთი დახატული ჩარდახი ...იჩ მოწყობილი უბოძა სისხლად.

მას უკანის მამისა და თაყა, მამისას შვილი, თა...თაყას შვილნი ავთანდილ და ჯანიბეგ...

საბუთის დათარიღება[edit]

ნ. ბერძენიშვილს საბუთი XV ს. 80-იან წლებში შედგენილად მიაჩნია. 
პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთი XV ს. ბოლო მეოთხედითაა დათარიღებული.
კორპუსში ეს თარიღები მცირედით დაზუსტებულია და საბუთი 1478 წლის ახლო ხანებით თარიღდება.

საბუთის შინაარსი[edit]

  • როდესაც გიორგი მეფე ოვსეთიდან მოსულა სხვილოსი ამოწყვეტილი დახვედრია. სხვილოსის პატრონს ორი ქალი დარჩენია, ამათგან ერთი - კოჭლი. გიორგი მეფეს უბრძანებია, ვინც კოჭლ ქალს შეირთავს, სხვილოსურ მამულს მას მივცემო. ზევდგენიძეს შეურთავს ეს კოჭლი ქალი და სხვილოსური მამულიც მიუღია.
  • ამ ამბიდან დიდი ხნის შემდეგ, გიორგი მეფის "თათრებთან" ლაშქრობისას ზევდგინისძეთა გვარიდან ოცდაცხრა დახოცილა, ერთი ტყვედ ჩავარდნილა. მალე აღბუღა ათაბაგს დაესხნენ თათრები, მაგრამ მან ერთი დიდგვაროვანი თათარი შეიპყრო, რომელიც ზევდგინისძეში გაცვალა. ეს ზევდგინისძე თავის მკვიდრ მამულზე დაბრუნებულა.
  • "ქართველნი ერთობ დაღონებულნი იყუნეს. წამოვიდა გიორგი მეფე და აღბუღას შეეხუეწა. გიორგი მეფეს შეთქმულება მოუწყვეს, ჭუკას გვარის კაცს შეთქმულების ამბავი ზევდგინისძისათვის გაუნდვია, ამ უკანასკნელს კი - მეფეს შეატყობინა. ღამით მეფის საგებელში ზევდგინისძე ჩაწოლილა და მეფისათვის განკუთვნილი ჭრილობები მას მიუღია. როდესაც შეთქმულებმა აღმოაჩინეს, რომ მეფის ნაცვლად ზევდგინისძე იწვა საწოლში, აღარ მოკლეს. ამ ერთგულების სანაცვლოდ გიორგი მეფემ მას უბოძა სისხლში - მღვიმე სასაფლაოდ, ახალციხე სამოცი კომლი კაცით, ხუთი დახატული ჩარდახი.

საბუთის პერსონალია[edit]

ნ. ბერძენიშვილის აზრით საბუთის დამწერი ზევდგენიძის სახელია ან ავთანდილი და ან გუარამი. Hd-15046 საბუთის საფუძველზე "პირთა ანოტირებულ ლექსიკონსა" და "ქართული ისტორიული საბუთების კორპუსში" მომჩივანად მიჩნეულია ავთანდილ ზევდგენიძე

მეფე გიორგი, რომელიც ოსეთიდან მოვიდა და შემდეგ ზევდგენიძეს სხვილოსელი ქალი შერთო ნ. ბერძენიშვილის აზრით გიორგი ბრწყინვალეა.

მეფე გიორგი, რომელმაც თათრებში ილაშქრა და რომელსაც შეთქმულება მოუწყვეს, მკვლევართა აზრით არის გიორგი VII.

მეფე გიორგის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების თანამონაწილედ ჩანს სამცხის სპასალარი აღბუღა ათაბაგი, ხოლო ზევდგენიძე, რომელიც აღბუღა ათაბაგმა გამოიხსნა, იგივე გიორგი მეფის გადამრჩენელადაა მიჩნეული.

საბუთში ჩამოთვლილ ზევდგენიძეებად ნ. ბერძენიშვილი მიიჩნევს: სხვილოსში დასახლებულ ზევდგინიძის შვილი მამისა, მამისას შვილია თაყა, რომელმაც ნასისხლად მიიღო ახალციხე და მღვიმე. თაყას შვილებია ავთანდილ და ჯანიბეგ.

პუბლიკაცია[edit]