Jump to content

1455-1459 წწ. - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა თემნა ყიფიანისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: Sd-731.

საბუთის შინაარსი

[edit]

ქ. ჩვენ, მეფეთ მეფემან ბაგრატ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ესე სიგელი, ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ, თქუენ, ყიფიანსა გაგიჩინეთ ესე სიგელი, ამათ რომე თქუენი გუარის კაცი თანა დატანებითა გედვა, და ერდგული ყოფილხართ მეფეთ-მეფეთა ბაგრატოვანთა ჩამომავალთა. ამათ გაგიჩინეთ ესე სიგელი, თქუენ, ყიფიანსა საყდრიშვილობითა თემნასა და ბუბასა და შვილსა შენსა და სახლიშვილსა და მომავალთა სახლისა შენისათა, როგორაცა გმართებდა საყდრიშვილობა, აგრე.

გავაჩინეთ თქუენი სისხლი ჩუენსა კარზედ მდგომთა დარბაისელთა მოწმობითა, რანთა, კახთა და სომეხთა, შანშეთა და შარვანშა მოწმობითა, გაგიჩინეთ ესე სიგელი ჩუენ, მეფეთ მეფემან ბაგრატ, თქუენ ყიფიანსა თემნასა, ბუბასა და შენთა შვილთა და შვილიშვილთა და სახლიშვილთა, მომავალსა სახლისა თქუენისათა, ოთხმოცი ათასი გიორგაური თეთრი, ოცი ცხენი, სამი ქორი, მისით ბაზიერითა და მეძებრითა.

გაგიჩინეთ ესე სიგელი ჩუენ, მეფეთ მეფემან ბაგრატ, ვინცა შინა ჩამოგიხდებოდეს, ათასისა თეთრითა დაგეუროს; ვინცა გერში გადინოს, სამასისა დაგეუროს; ვინცა ცოლი წაგართუას, ნახევარის სისხლი დაგეუროს; ვინცა საჩენსა ადგილსა დაღი დაგასუას, ნახევარი სისხლი დაგეუროს.

ჩუენთა კარზედან მდგომთა მოსამსახურეთა ყოელთა მოწმობითა, მეაბჯრეთა, მესაწოლეთა, მეჯინიბეთა, ბაზიერთა, მეღუინეთა, მესტუმრეთა, მზარეულთა, იასაულთა, ახოსალართა; ჩუენთა კარზედან მდგომარეთა მოსამსახურეთა ყოელთა მოწმობითა დაგიმტკიცეთ ესე სიგელი თქუენ, ყიფიანსა თემნისა და ბუბასა, თქუენთა შვილთა და და სახლიშვილთა, მომავალთა სახლისა თქუენისათა.

არის ამის მოწმე წეწია წერეთელი, ლორთქიფანიძე თუალია, ყაენაძე ყაენა.

მე, კახაბერიძესა დამიწერია და მოწამეცა ვარ.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთი უთარიღოა. ე. თაყაიშვილი საბუთს აკუთვნებს ბაგრატ VI-ს და ათარიღებს 1462-1478 წლებით. "კორპუსში" გაზიარებულია მოსაზრება, რომ სიგელის გამცემი ბაგრატ VI შეიძლება იყოს, მაგრამ თარიღი დაზუსტებულია ბაგრატის იმერეთში მეფობის პერიოდით.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]