1440 წ. III.20. - წყალობის წიგნი იოანე თბილელისა დანიელ ნექიძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: 1448-5240.

საბუთის შინაარსი შეტანილია სინოდის კანტორის დავთარში: 1451-02/108.

საბუთის დასაწყისი ნაწილი, ნუსხურად დაწერილი ტექსტი, კორპუსში აღარ გამოქვეყნებულა. ჩვენთან ეს ნაწილი (საღვთისმეტყველო შესავლის გარდა) აღდგენილია "ქართული სამართლის ძეგლების" მიხედვით და პუბლიკაციაში მწვანე ფერითაა გამოყოფილი.

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 28


ესე წიგნი და სიგელი მოგეცით ჩუენ, ქრისტეს მიერ მანგლელ-თბილელმან იოვანე, თქუენ ნექისძეთა საყდრის შვილთა ქორებისკოპოზსა დანიელს და შენსა შვილსა საბას და მირიანს მოგეცით ქაშოეთანა მკუიდრი საყდრის მიწა სავენახე;

და აშენო ასრე და ამა პირსა ზედა: როგორაცა საყდრისა მკუიდრსა მართებს, აგრე ვერავინ გამოგენახოს, გაჰყიდო თუ გააზითო, ამად რომე ორჯელ პატრონსა სულკურთხეულსა მეფესა კოსტანტინეს ურდოს ხლებოდი; და თბილელობა შეცვლილიყო. და მოგეჭირვა პატრონსა წინაშე და სულკურთხეულსა მეფესა კოსტანტინეს ახლად გაეჩინა.

გიბედნიეროს ღმერთმან თქუენ, საყდრის შვილთა ქორებისკოპოზს დანიელს და შენსა შვილსა საბას და მირიანს. ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან შეგიცვალოს, რისხავსმცა დაუსაბამო მამა, ძე და სული წმიდა და ამა წმიდათა ზემოწერილთა მადლი; კრულმცა არს იგი ცათა შინა და ქუეყანათა ზედა, მკუდარი და ცოცხალი; მაზედამცა მოიწევის მანგალი იგი სასიკუდინო, ნურარათამცა სინანულითამცა იქნების ხსნა სულისა მისისა; სიკუდილისამცა ჟამს ამისი მთქუმელია, თუ: "არა არს ღმერთი, თუინიერ სამაელისაგან კიდე". დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს.

დაიწერა ქორონიკონსა რკჱ[1], თუესა მარტსა ოცსა, ხელითა აბაზაზძისა ჯუარისმტუირთველისა ბართლომესითა და მოწამეცა ვარ.

[დამტკიცება კუთხოვანი ასომთავრულით:]

მე, ქრისტეს მიერ თბილელი იოანე ვამტკიცებ.


  1. ტექსტში იკითხება რკლ, რაც კალმის ლაფსუსს ჰგავს

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს უზის თარიღი ქორონიკონი რკლ 20 მარტი, რაც კორპუსში წაკითხულია როგორც 150 ქორონიკონი, ანუ 1462 წ. ჩვენ ვიზიარებთ ადრინდელ წაკითხვას ქორონიკონი რკჱ და საბუთი გადაგვაქვს 1440 წ. 20 მარტის თარიღში, მით უფრო, რომ ეს თარიღი სავსებით შეესაბამება მასში მოხსენიებული პირების მოღვაწეობის პერიოდს.

საბუთის ადრესატის შესახებ იხ. 1442 წ. II.3. - წყალობის წიგნი გრიგოლ მანგლელ-თბილელისა დანიელ ნექისძისადმი.

პუბლიკაცია[edit]