1393-1407 წწ. - გიორგი მეფის სასისხლო სიგელი გუგუნავებს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

გუგუნავების სასისხლო სიგელი

  • K-1607 - ქუთაისის მუზეუმში დაცული XV-XVI სს. პირი
  • H-91/04 - პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაცული 1868 წ. გადაწერილი პირი

სარგის კაკაბაძემ პეტერბურგის აზიურ მუზეუმში ბროსეს ქაღალდებში იპოვა გუგუნავების სასისხლო სიგელის 1868 წ. ა. ბერჟეს დაკვეთით გადაწერილი პირი, რომელიც გამოაქვეყნა 1913 წ.

1924 წელს ქუთაისში ნაპოვნ საბუთის XV-XVI სს. პირის მიხედვით K-1607 მან რამოდენიმე შესწორება შეიტანა ადრინდელ გამოცემაში.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1913 - სარგის კაკაბაძე - გენეალოგია დიდის ალექსანდრე მეფისა - გვ.18-19
საბუთის ტექსტი: 1924 - საისტორიო მოამბე - II - გვ.299-300


ქ. სახელითა ღმრთისათა, დავითიანმან მეფემან გიორგიმ ბაგრატონიანმან[1] ნებითა ღმრთისათა მეფემან შარავანშთა, შანშე, რანთა, კახთა, ბერძენთა, სომეხთა, სვანეთისა, აფხაზეთისა, ჩრდილოეთისა, ყოვლისა საქართველოისა ლიხტიმერეთისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ყოველ მპყრობელ მფლობელმან მეფემან.

აწი მოვიდა მოლარეთ უხუცესი ქველი ჭილასძე დიდად ერდგული და ნამსახური, ჩვენისა მოლარეთ უხუცესისა ქველისა ჭილასძისა აზნაურისშვილი გუგუნავა კაკუე და მისნი შვილნი მამალე, გავაშელი, ტაიბუღრა და რატი[2]. მათ შვილთა და მომავალთა ყოველთა გვეაჯეს და მოგუახსენეს ერთგულება მათი და ნამსახურთა მათთა სანუაცლოდ სიგელი მათი შევიწყალეთ და პირველი მათი სიგელი, სისხლი მოვიკითხეთ და ძველთა მეფეთაგან იყო გაჩენილი და აწი ჩვენც გაუახლეთ და გაუჩინეთ გუგუნავას კაკუეს მისთა შვილთა და მათთა მომავალთა ყოველთავე გაუჩინეთ სიგელი სასისხლო.

ვისაცა შეუვიდეს გუგუნავა და მათი ჩამომავალი დაგეაჯებოდეს სრული სისხლი ასი ორმოცი ათასი თეთრი ცხუმური, თეთრი ჯორი, თეთრი ქორი მისითა ბაზიარითა, ოცი ათასი სანახშირო, სამი ათასი გერში დაეურვებოდეს[3].

ვინაც სადაო და სამჯავრო საქმე უყოს, ანუ ხელი დაუშავდეს, ანუ ფეხი დაუშავდეს, ანუ წინა კბილი ჩააგდებინოს, თექუსმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.

ვინცა თვალი წამოაგდებინოს, თექუსმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.

ვინცა გაუპატიოს და გაძარცოს ანუ შეარცხვინოს, ათი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.

ვინცა პატრონთან შეაბეზღოს, სრული სისხლი დაეურვებოდეს, ამისთვის რომე ორი სიკვდილი არის.

ვინცა ცოლი შაუცდინოს, თერთმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.

ვინც ცოლი გაუუპატიოროს, ორმოცდაათი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.

ვინც ქალი დაუგდოს, რომე დასაგდები არ იყოს, ჩვიდმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.

ვინაც ასეთი აგინოს, რომ არ სჭირდეს, ცხრა ათასი თეთრი დაეურვებოდეს.

ვინაც სასახლეშიდან ჩაუხდეს, ოცდაათი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.

ვინაც გარეთ გლეხი დაურბიოს, თხუთმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.

ვინაც ეკკლესიის კარზედ უშუღლოს, შვიდი ათასი დაეურვებოდეს.

ვინაც ჯოგი გაუტეხოს ანუ წაუსხას, ოცდათორმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.

გუგუნავას კაკუეს და მათთა შვილთა და მათთა ყოველთა ასორმოცი ათასი თეთრი ცხუმური, თეთრი ჯორი, თეთრი ქორი მისითა ბაზიარითა დაეურვებოდეს გუგუნავას ყოვლისა ადამისა ტომისაგან მიზეზ მოუღებლად. პირველი ძველი მეფეთაგან გაჩენილი აწი ჩუენცა ახლად გაუახლეთ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ გუგუნავას სიგელი ესე.

ამისა დამხთომად და მოწამედ არიან ჩვენი სიძე ამირეჯიბი ჩიჟავაძე კახაბერი, რაჭის ერისთავი აღბუღა, მესტუმრე ლომინაძე გუნებითი ჯავშანა, ქართლისა კათალიკოზი, ჩვენი დარბაზის ერნი და ყოველნი.

მე დემეტრეს მარკოზის შვილს დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისა.



  1. სიგელის დასაწყისი ქუთაისურ ნუსხაში ასეა წარმოდგენილი: "ქ. სახელითა ღუთისათა დავით მეფემან და გი(ორ)გი ბაგრატუობათა...", რის გამოც ზოგი მკვლევარი საბუთს დავით X ქართლის მეფეს მიაწერდა
  2. კაკუე გუგუნავას შვილებიდან ს. კაკაბაძის გამოცემებში იხსენიება მხოლოს რატი. მამალე, [გა]ვაშელ და ტაიბუღრა სახელები აღდგენილია 1991 - პირთა ანოტირებული ლექსიკონი - ტომი I - გვ.727 მიხედვით
  3. პეტერბურგის ასლის ტექსტში ყველგან ნაცვლად სიტყვისა "დაეურვებოდეს" არის "დაეაჯებოდეს"

გამოკვლევა საბუთის შესახებ[edit]

2017 - გონელი არახამია - სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის - გვ.90-92

გუგუნავების სასისხლო სიგელი

შემონახულია საბუთის ორი პირი; ერთი მათგანი (ეტრატზე დაწერილი, მხედრულით), ხელის მიხედვით XV-XVI სს-ს ეკუთვნის და დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქიმ 1607); მეორე, შესრულებული 1868 წ. ა. ბერჟეს დაკვეთით, ინახება სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთის ხელნაწერთა ინსტიტუტში, მ. ბროსეს არქივში (Н-91, ფ. 4v-5г).

პირველი ხელნაწერის (ქიმ 1607) მიხედვით ტექსტის დიდი ნაწილი გამოაქვეყნა ს. კაკაბაძემ[1]; უფრო ადრე მან გამოაქვეყნა ტექსტი მეორე ნუსხის მიხედვით[2]. რუსული თარგმანი იმავე (პეტერბურგში დაცული) ხელნაწერის მიხედვით გამოსცა საურმაგ კაკაბაძემ[3].

სიგელის ადრესატები არიან მეფის მოლარეთუხუცესის ქველი ჭილაძის ყმა-ვასალები, კაკუ და მისი შვილები: მამალე, გავაშელი, ტაიბუღა და რატი გუგუნავები[4].

სიგელის გამცემი მეფის ვინაობა ხელნაწერებში განსხვავებულად არის წარმოდგენილი. ქუთაისურ ნუსხაში ვკითხულობთ: "ქ. სახელითა ღუთისათა დავით მეფემან და გი(ორ)გი ბაგრატუობათა...". პეტერბურგულ ხელნაწერში შესაბამისი ადგილი ასე იკითხება: "ქ. სახელითა ღმრთისათა დავითიანმან მეფემან გიორგიმ ბაგრატონიანმან..."[5]. როგორც ვხედავთ, ქუთაისურ ნუსხაში სიგელის გამცემად დასახელებულია ორი მეფე - დავითი და გიორგი. დ. ჟღენტი[6] და მ. სურგულაძე[7] თვლიან, რომ სიგელის გამცემია მეფე დავითი, რომელსაც აიგივებენ დავით X-სთან (1505-1525), მაგრამ ეს მოსაზრება საბუთის ერთი (ქუთაისური) ხელნაწერის დამახინჯებულ ჩვენებას ემყარება; მეფის ტიტულატურის აღმნიშვნელი "დავითიანი" (მიანიშნებს ბაგრატიონთა ბიბლიური დავით წინასწარმეტყველისაგან წარმოშობას), დამოწმებული პეტერბურგულ ნუსხაში, ქუთაისური ნუსხის გადამწერმა გაიგო როგორც საკუთარი სახელი ("დავითი") და ასეც გადმოიტანა.

საბუთის გამცემი მეფის ვინაობის გასარკვევად სარგის და საურმაგ კაკაბაძეები, სავსებით მართებულად, უპირატესობას პეტერბურგული ნუსხის წაკითხვას ანიჭებენ და ასეთად გიორგი მეფეს თვლიან, რომელსაც გიორგი VII-სთან (1393-1407) აიგივებენ. მათი აზრით, ასეთ იდენტიფიკაციას ადასტურებს სიგელში მოწმეებს შორის დასახელებული გიორგი მეფის სიძე ამირეჯიბი კახაბერ ჩიჯავაძე[8], რომელიც სხვა საბუთის მიხედვით, მართლაც იყო გიორგი VII-ის სიძე - მისი დის ულუმპიას მეუღლე[9].

სიგელის გამცემი რომ გიორგი VII, ამას მოწმობს მასში დაცული კიდევ ერთი რეალია. საბუთის დამწერია დემეტრე მარკოზიშვილი[10], რომელიც მდივან-მწიგნობარი იყო გიორგი VII-ისა და ალექსანდრე I-ის (1413-1446) კარზე[11].

ქველი ჭილაძე იხსენიება ტყვირის ეკლესიის ქტიტორულ წარწერაში[12].


  1. 1924 - კაკაბაძე სარგის - გუგუნავას სასისხლო სიგელი: 299-300
  2. 1913 - კაკაბაძე სარგის - ალექსანდრე დიდის გენეალოგია: 18-19
  3. 1982 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы IX—XV вв.: 117-119
  4. 1913 - კაკაბაძე სარგის - ალექსანდრე დიდის გენეალოგია: 18
  5. 1913 - კაკაბაძე სარგის - ალექსანდრე დიდის გენეალოგია: 18
  6. 1991 - პირთა ანოტირებული ლექსიკონი - ტომი I: 268
  7. 2010 - სურგულაძე მზია - ეპიზოდები XVI საუკუნის საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრებიდან: 175
  8. 1913 - კაკაბაძე სარგის - ალექსანდრე დიდის გენეალოგია: 19; 1924 - კაკაბაძე სარგის - გუგუნავას სასისხლო სიგელი: 300; 1982 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы IX—XV вв.: 119
  9. 2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II: 7
  10. 1913 - კაკაბაძე სარგის - ალექსანდრე დიდის გენეალოგია:19; 1924 - კაკაბაძე სარგის - გუგუნავას სასისხლო სიგელი: 300
  11. 2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II: 81, 90, 101, 115, 119, 126, 129, 136, 152
  12. 40 1914 - "ძველი საქართველო" - ტომი III: 2-5; ჭილაძეთა საგვარეულოს შესახებ იხ. 1973 - სოსელია ოლღა - ნარკვევები...: 271-284; 2009 - გ. არახამია - წყაროთმცოდნეობის საკითხები: 8-26

პუბლიკაცია[edit]

ლიტერატურა[edit]