Jump to content

1281-1299 წწ. - დაწერილი ქაქანასი ქვათახევისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: Ad-9.

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 30


ქ. სახელითა არსებად ცნობილისა [და არსებადაუბადებელისა] მამისა, ძისა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა და შეწევნითა ყოვლად უხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, შუამდგომელობითა წმიდათა ზეცისა ძალთა მთავარანგელოზთა: მიქეელ, გაბრიელ და მასა შემდგომთა ძალთაითა, მეოხებითა და ძალითა ყოველთა ნაშობთა უმეტესისა წმიდისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესაითა, ძალითა და შეწევნითა რომელი მიეყრდნა სერობასა მასა მკერდსა მაცხოვრისასა, წმიდისა იოვანე მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისაითა, წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, მოწამეთა, მღრდელთმოძღუართა, წინასწარმეტყუელთა ნეტართა მამათა და მამათმთავართა, მოწესეთა და მეუდაბნოეთაითა, და რომელნი საუკუნითგან სათნო ეყუნეს უფალსა ღმერთსა ჩუენსა და სათნო-ყოფად არიან, ამათ ყოველთა ძალითა, შეწევნითა და მეოხებითა წმიდისა და ღუაწლ-მრავლისა, მხნისა, ახოვნისა მხედრისა გიორგი კავთისაითა

ესე დაწერილი დაგიწერე და მოგახსენე თქუენ, ყოვლად ძლიერსა ღმრთის მშობელსა, მე სურამელის ბეგაის შვილის მიქელის ცოლმან ქაქანამან, სოფელი ნოსტე, მიწობლისძეთაგან შემოწირული.

და, ვითა მათგან ხელმოხსნით შემოწირულსა მართებდა, იყო უსაქმოი და საქმეუდებელი, სურამელთა და ჟამთა სიავისაგან უდები დასდებოდა და უსაქმოი სასაქმოდ შექმნილიყო მათთა ხელოსანთაგან. და დავხედენ ესე, რომე არცა სასულიეროდ და არცა სახორციელოდ არა სჯობდა სურამელთა სახლისა მათისა, არცა მრთელთა და არცა მიცვალებულთათუის. და შევახუეწე და მოვახსენე ჩემსა ქმარსა მიქელს, და გამოვიღე ჩემითა ხელით ნაქმარი საფასი თეთრი და მოვახსენე იგი და გამოვიღე ნოსტე სრული სრულად, უსაქმოდ და შეუვალად სურამელთა და მათთა ჩამომავალთაგან, ვითა არაი ვის რაი საქმე სდებია ქვათახევის ღმრთისმშობლისაგან კიდე. და მისთა ხელოსანთაგან გამოვიღე ბარათის ყუელაისაგან, არაი ბარათი შევიდოდეს სურამელთა სახლისაგან და არცა მათთა ხელოსანთაგან, არცა თეთრისა ბარათი, არცა მათისა სახლის ულუფისა ბარათი, არცა გენდგაი, არცა ურმის ზიდვაი, არაისთანაი არა, თუინიერ ამისგან კიდე, რაი ხეობაი გამოვიდოდეს და შეიყრებოდეს სახნავსა და სამკალსა, გამოჰყვებოდეთ.

და ესე პატრონმან მიქელცა იპრიანა და ისმინა აჯაი ჩემი. და ამას ზედა შემიწყალეს ქვათახეველთა და გამიკუეთეს ტაძრად მიყვანებასა დღესა აღაპი სამწიროით სახლით. და რაიზომცა მღრდელი არის, ჟამსა სწირვიდენ და აღაპი გარდაიხდებოდეს სრული და უკლები, სურამელთა ცოცხალთა და მიცვალებულთა სალოცავად და ჩემ ცოდვილისა სულისა სალოცავად. შემიწყალეს და ესე საუკუნოი წირვაი და აღაპი გამიკუეთეს დღესა ტაძრად მიყვანებასა, ამისასა გასრულებასა და არშეცვალებასა შინა.

ვინმცა დამაკლოს, ჰრისხავსმცა ესე ყოვლად წმიდაი ღმრთისმშობელი და ჩემთამცა ბრალთა მზღველი არის და შემცოდე ქრისტესა!

და ვინ დაამტკიცოს, ღმერთმან ყოველი ბრძანებული და გაგებული მისი დაამტკიცოს!


[დამტკიცებები]:

  1. ქაქანასი: ქ. ამა დაწერილისა დამამტკიცებელი ვარ, ამისმან ძალმან.
  2. მიქელ სურამელის: ქ. მე, სურამელიცა, დამამტკიცებელი ვარ.

საბუთის დათარიღება

[edit]
  • თ. ჟორდანია საბუთს 1299 წლის ახლო ხანებით ათარიღებს.
  • ი. დოლიძეს მიაჩნია, რომ ასეთი ზუსტი დათარიღების საფუძველს საბუთი არ იძლევა და ის უნდა დათარიღდეს XIII ს. ბოლოთი, რადგან მიქელ სურამელის მამა ბეგა იხსენება ამ საუკუნის ბოლომდე.
  • კორპუსიც საბუთს XIII ს. ბოლოთი ათარიღებს და საფუძვლად მიაჩნიათ, რომ ბეგა სურამელი საბუთის შედგენის დროისათვის ცოცხალი აღარ ჩანს.

პუბლიკაცია

[edit]