პლატონ იოსელიანი - "ცხოვრება მეფის გიორგის მეათცამეტისა"

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ცხოვრება მეფის გიორგის მეათცამეტისა
ავტორი: პლატონ იოსელიანი
ნაშრომში ასახულია საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის დროინდელი ქართლ-კახეთის ისტორია.

პუბლიკაცია[edit]

ტექსტის პუბლიკაცია

1893 წ.[edit]

ცხოვრება მეფე გიორგი მეცამეტისა და საქართველოს რუსეთთან შეერთება - აღწერილი პლატონ ეგნატის ძის იოსელიანის მიერ - მეორედ გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან - თფილისი - 1893

გამომცემელი:ზაქარია ჭიჭინაძე
რესურსები ინტერნეტში:http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/61785

1936 წ.[edit]

პლატონ იოსელიანი - "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა" - აკაკი გაწერილიას გამოცემა - თფილისი - 1936

გამომცემელი:აკაკი გაწერილია
რესურსები ინტერნეტში:

ტექსტი[edit]

1[edit]

შესავსებია თავები: 17,18,62,126

გიორგი, პირმშო ძე მეფისა ირაკლი მეორისა, დაიბადა ქალაქ თფილისს, 1746 წელსა, ნოემბრის 10-სა დღესა, რომელსაცა ქართველთა ეკკლესია დღესასწაულობს წმიდის გიორგისა სასწაულთა.

დედა მისი იყო ანნა, ასული თავადის ზაალ აბაშიძისა, რომელიცა შეირთო მეფემა ირაკლიმ 1745, შემდეგ განდევნისა პირუელისა ცოლისა ქეთევან ვახტანგ ყაფლანისშვილისა ასულისა[1]. ანნასაგან დედოფლისა ჰყვანდნენ ირაკლისა ძე გიორგი და ასული თამარ. 6 დეკ. 1749 წელსა გარდაიცუალა დედოფალი ანნა და დასაფლავდა მცხეთას.


  1. საფლავზედა მისსა სწერია შემდეგი: „ქ. უხმოთა ლმობითა გექენებით ყოველთა და მჭვრეტელთა შენდობისა ყოფად არარა ესე, რომელი ოდესმე ვიყავ ანნა, ასული აბაშიძისა, ხოლო სძალი ქართველთა მეფისა ცხებულისა თეიმურაზისა და სატრფო ფერცხალი ირაკლი კახთა მეფისა. არამედ ჩემთვის დიდება ესე ყოველივე აქა დაშრტა. დეკემბერსა ვ (6). ქრისტეს აქეთ ქორონიკონს ჩღმთ (1749)".
    ვიეთნიმე ანნასა ამას, რომელიცა იყო ასული ზაალისა, უწოდებენ ფ ხ ე ი ძ ე დ და ვიეთნიმე მ ხ ე ი ძ ე დ. საფლავსა ზედა პირველისა ცოლისა, განდევნილისა მეფისა ირაკლისაგან და დასაფლავებულისა ალავერდსა სწერია ესე: „. . . . . კახთა მეფის ერეკლეს თანა-მეცხედრე დედოფალი ქეთევან, მდებარე ვიქმენ მეფეთა სამარხოსა ამას შინა, რათა საცნაურად იხილვებოდეს ტაგრუცი ესე, და მრავალთა მიერ შენდობა წარმოითხრობოდეს: ქორონიკოსა ულჱ (438). ქორონიკონი ესე არს 1744 ქრისტესიდგან. იტყვიან მისთვის, მონოზონად გარდაცვალებასა, სახლისა მისისსა წევრნი.

2[edit]

პაპამან მისმან თეიმურაზ, დღე შობისა მისისა გარდაიხადა დღესასწაულობითა: აუწყა ეპისტოლებითა იმერეთისა მეფესა და მთავართა; კახეთისა და ქართლისა თავადთა, კათოლიკოზთა და მღუდელთ-მთავართა; მიანიჭა საჩუქარნი მრავალნი გლახაკთა, ობოლთა და ქურივთა, მიეცა მრავალთა პყრობილთა მიტევება ბრალთა; მეუდაბნოეთა წარუგზანეს ნუგეშინის ცემითნი საძმოდ ბოძებანი და მეგობარი თვისი და მახლობელი საბა ნინოწმინდელი მოუწოდა თბილისად, რათა ექმნას მიმხმელად წმინდისა ემბაზიდამ მეფისა ყრმასა გიორგის. - მასვე დროსა აცნობეს მეზობელთა ხანთა და წარუვლინეს სპარსეთის ყაენსა ნადირ-შაჰს დესპანად თურქისტანიშვილი დავით და იბრაიმ აღა ბორჩალოელი სულთანი, ერთგული თეიმურაზისა.

გარნა პასუხი და საჩუქარი მოართუეს არა ნადირ შაჰისი, რომელიცა მომკუდარიყო, არამედ გაყაენებულისა შემდეგ მისა ალიყული-ხან ადილ შაჰისა. ესრეთნივე ეპისტოლენი და ძღუენნი წარუვლინეს ოთხთა მართლმადიდებელთა პატრიარხთა, სინასა და ათონისა მთათა წინამძღუართა; ენა ხალხისა განმხიარულებულისა შეიქმნა საწერელი მწიგნობრისა ხელოვნისა, დროთა ჩუეულობისა გამო მოლექსენი უძღუნიდნენ ლექსთა ქებითთა; მეცნიერნი, სიტყუათა წყობითთა კატეღორიისა მებრთა ზედა აღშენებულთა, სხოლასტიკოსთა წესითა; მქადაგებელნი ქადაგებათა; მეუდაბნოენი ლოცუათა; მემხოლოენი კურთხევითა ქარტათა.

3[edit]

შემდეგ ცხრისა დღისა ე.ი. 19 ნოემბერსა, დღესა წმ. ილარიონ ქართუელისა, ნათელჰსცა მას კათოლიკოზმან ანტონი პირუელმან და მიმქმელად იყო არქიეპისკოპოსი საბა ნინოწმინდელი, ამასვე დღესა აღყუანილი მეფისაგან მიტროპოლიტობისა ხარისხსა.

წესი ემბაზითგან აღმოშობისა აღსრულდა არა სასახლესა შინა, არცა სახლის წმინდისა კუართისა ეკკლესიასა შინა, არამედ მცირესა ეკკლესიასა წმინდისა გიორგისა, აღშენებულსა სვიმონ ჯანიშინისაგან, რომელიცა იყო ძმა ვახტანგ მეფისა და რომელმანცა დაჰსდუა სასახლისა ეკლესიად თვით მეფისა გიორგი მეათცამეტისა.

ცხოვრებისა მისისა წელსა მეოთხესა მიუჩინეს მას ლალად თავადი კახეთისა სვიმონ მაყაშვილი და ქართლიდამ როინ ბარათაშვილი, რომელიცა მალე გარდაიცვალა და გარდა სვიმონ მაყაშვილისა აღარავინ დაუშთა ყრმასა ჯერეთ გიორგის.

ქართულისა ანბანის მასწავლებლად ჰყვა მას ისაკ მწიგნობარი, რომელიცა იყო შემდეგ კანდელაკი სიონისა საუფლოჲსა ეკკლესიისა და აღმწერელი ხუცურად მრავალთა წერილთა, მეცნიერი და მცოდნე ძველისა, ვითარცა იტყოდენ ფილოსოფიისა... ბერძულისა ენისა მასწავლებელად იყო თეოდორე ეპისკოპოსი ბერძენი მცხეთას ყოფილი კათოლიკოსისა კარზედ; გარნა ვერ სრულჰყო სიკვდილისა გამო მასწავლებელისა და დროთა გარემოებათა გამო. მასწავლებელად ქართულისა ენისა მიუჩინეს მეფის ძესა მეშვიდესა ცხოვრებისა მისისა წელსა დეკანოზი იოანე. 1751 წელსა მოვიდა იერუსალიმით, დროებით მუნ წარსული დეკანოზი ესე იოანე, ძე გარსევანისა დეკანოზისავე მოძღვრიშვილად გვარწოდებული. ესე იყო კაცი განსწავლული, დიდი მწიგნობარი, მწერალი წიგნთა და მცოდნე დროთა მათ, ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველებისა ძველთაგან ქართველთა შორის ნაქონთა. პატრიარქისაგან იერუსალიმისა ქებითისა წერილითა მოსული ევედრა კათოლიკოსსა ანტონის პირველსა, რათა მიუბოძოს მას ადგილი დეკანოზობისა. ჯვარისა ეკკლესიასა, იერუსალიმისა ჯვარის მამათა სადგურსა. კათოლიკოსმან ანტონი ამისთვის უბოძა მას გრამატა შემდეგი:

(ბეჭედი საკათოლიკოსო ხატითა)

„ჩვენ ყოვლისა საქართველოჲსა დიდმან მწყემს-მთავარმან, მაღალთა მეფეთა შარავანდედმან, კათოლიკოსმან პატრიარქმან, ძემან ქართველთა მეფისა იესესმან, პატრონმან ანტონიმ, ესე უკუნისამდე ჟამთა, ხანთა და დროთა გამოსადეგი სამკვიდრო და საბოლოვო წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჯვარის-მამის მონასტრის დეკანოზს იოანეს, ასე და ამა პირსა ზედან. შენ უსარჩოობასა და უსამწყსოობასა სჩიოდით. მოხვედით კარსა, დარბაზ-პალატისა ჩვენისასა და სამწყსოს ბოძებასა დაგვეაჯენით; აწ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, ვიგულვეთ და ვიგულსმოდგინეთ, ვითარც უსარჩოვო და უსამწყსოვო იყავ, ჩვენცა შეგიწყალეთ და გობოძეთ: ქალაქში ვინცა ვინ უხუცო, ეული და მოსული კაცი იყოს, ან უხუცო რომ სხვას მღვდელს არ ეხუცებინოს და მისსა არ გაევლოს, შენთვის წყალობა გვიქმნია და გვიბოძებია, სჯულიერის წესით მწყსიდე და ასწავებდე. და ამას გარდა შენის სახლის ხუცობაც შენთვინვე გვიბოძებია და წყალობა გვიქმნია. არაოდეს ამის მოცილე და მოდავე არავინა გვყვანდეს თვინიერ ღვთის მეტი. აწ ესე ჩვენგან ბოძებული წყალობა გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა დიდათ ერთგულობასა შინა. არ მოგეშალოს არცა სხვათა მეპატრონეთაგან, არცა მეფეთა, დედოფალთა და უფლის წულთაგან, არცა დიდთა და არცა მცირეთაგან. და რომელმანცა იმისი დაშლად და დაქცევად ხელჰყოს, ჩვენთა კანონთა ქვეშე განიკანონოს, ხოლო დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხოს. აწ შემდგომად ჩვენსა თქვენცა, ყოვლად სანატრელნო კათოლიკოს-პატრიარქნო, თქვენცა ასევე დაუმტკიცეთ და გაურიგეთ, რათა, თქვენგანცა გაგებული და გარიგებული ღმერთმან ყოველივე მტკიცე და უნაკლულო ჰყოს. არიან ამისი მოწამენი და მხედველნი, და ნების დამრთველნი ერთობით მცხეთელნი. დაიწერა ინდიკტიონსა კათოლიკოს-პატრიარქობისა ჩვენისა თ (9). ქრისტეს განხორციელებიდგან ვიდრე აქამომდე წელნი გარდასულ იყვნეს ჩ ღ ნ ბ (1752). ქორონიკონსა უ მ (440). თვესა დეკენბერსა ი ა (11). ხელის კარისა ჩვენისა მღვდელ-მდივან-ქადაგ მაღალაძის ნიკოლოოზისათა. დასაბამიდგან ვიდრე აქამომდე წელნი გარდასრულ-იყვნენ შვიდ-ათას ორასსამოცი ჴ ს ჲ (7260)[1].

ესე იოანე პირველ სხვათა იყო მოძღვარი მეფისა ირაკლი II და დედოფლისა დარეჯანისა. ამას ჰყვანდა ქალი ერთი და რადგანაც ძმისწულნი ჰყვანდნენ მრავლად, დედოფალი ექმნებოდა მომნათვლელი შვილთა მისთა; კათოლიკოსი ანტონ I იყოლიებდა მას ვითარცა მეგობარსა და თვისთანა მარადის თანამზრახველად.

ამა დღიდგან იყო პატივცემულად მიღებული ყოველგან მოძღვრად თვით კათოლიკოსისა და მისისა კრებულისა ქ. თფილისსა მყოფობისა მათისა დროსა. ვითარცა მღვდელი განკრძალული ცხოვრებითა და მოხუცი, ბრძენი და მხნე გონებითა, ექმნა მოძღვრად კათოლიკოსსა იოსებსა და მთავარ ეპისკოპოსსა კირილეს. მეფის ძე გიორგი დიდად პატივს სცემდა მას და ვითარცა მორწმუნე სასოებით ავედრებდა თავსა თვისსა ლოცვათა მისთა. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული 1782 წელსა და დასაფლავდა მასვე ჯვარისა ეკკლესიასა.


  1. ხელნაწერ საისტ-საეთნ. № 2301-ში სიგელის ასლის აშიაზე მიწერილია „ქ. ჩვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარხი იოსებ ვამტკიცებ წიგნსა ამას. ქ. ჩვენ თფილელი მიტროპოლიტი ამ წმინდათა პატრიარქთ ნაბოძებ წიგნს ვამტკიცებთ“. (ირაკლი ხართიშვილი)

4[edit]

ჯერეთ ყრმასა მეფის ძესა უყვარდა დიდად და ტრფიალებით კითხვა მსოფლიოთა მამათა ცხოვრებისა; იცოდა ზეპირად საქმენი და ღვაწლნი წმინდათა მარტვილთა, მეუდაბნოეთა, მღვდელმთავართა და ესე ვითართა დიდთა ეკკლესიისა სვეტთა. დიდის დაწვლილებით ესმოდა ღვთისმეტყველება მართლმადიდებლობისა, ისტორია ქართველთა ე. ი. ქართლის ცხოვრება უწყოდა რეცა ზეპირად.

დიდად ეტრფოდა მოლექსეთა ძველთა და ახალთა. ცხოვრებითა ნაზი, განკრძალული, ჭეშმარიტი, უტყველი, სიტყვადაცული; ზნეობითა ზრდილი მაღლად მეფურად, მოწყალე, უხვი, მდაბალი, ობოლთა და გლახაკთა შემწყალებელი, პურადი; არაწმინდების მოძულე, სიწმინდისა დამცველი, ვითარცა მეუდაბნოე, ქრისტეს მოყვარე, ეკკლესიათა მოყვარე, სამღვდელოთა პატივისმცემელი, უცხოთა შემწყნარებელი, მეტადრე ბერძენთა მართლმადიდებელთა, თურქთაგან დამონებულთა და შეიწრებულთა; დღე ყოველ ცისკრისა, წირვისა და მწუხრისა მომსმენი დაუზარებელი. უკურთხებელ სუფრისა არა მიმრთმევი არცა სადილისა, არცა ვახშმისა.

ჯერეთ რვისა წლისა, ძველთა დროთა ჩვეულებისა გამო, დანიშნეს ჩერქეზ ბატონის გირეი ოძისა (?) ქალზედ, რომელიცა ახლდა მეფეს ირაკლის თავისთან, ვითარცა მეგობარი. განსასწავლებელად ქალისა, წარუვლინეს მას თავადი შარიდან შალიკაშვილი, 6 მოახლე ქალი მსახურად და აზნაურიშვილის ქვლივიძისა ქვრივი ნინო სოფლისა კავთიხევიდამ, დედაკაცი მწიგნობარი, ძლიერი სიტყვითა და ბრძენი ჭკუითა. დიდი ცხენოსანი იყოო, ბრძანებდა სადმე თვით მეფე გიორგი, და გულოვნობისათვის მისისა დიდად პატივსცემდნენ მას სასახლეშიო.

ქალი ესე ჩერქეზთა, დანიშნული გიორგიზედ, შემდგომად ოთხისა წლისა მზადებისა, ჯერეთ მოუნათლავი, მოკვდა ყვავილისა სენითა სამშობლოსა თვისსა სახლსა და უკუქცეული ნინო შედგა მონოზონად და მწუხარე თვითცა მოკვდა სამღვდელმთავროსა მროველისა ეკკლესიისა კარზედ სოფელს რუისს.

5[edit]

14 წლისამ მიმოვლო საქართველო: ქართლი, კახეთი, სომხითი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი და იხილა მას დროს განმგე სომეხთა ეკკლესიისა ოქევარტერი ანუ კათოლიკოსი იაკობ V (1759-1763), ეგრეთვე მეფეთა ამასავე დროსა მოხარკენი განჯისა და ერევნისა ხანნი.

განყოფილი ძველად საქართველო ორ სამეფოდ ე. ი. ქართლად და კახეთად დროთაგან ნადირ-შაჰისა, იმნა რეცა შეერთებულად, ოდეს გამეფდენ კახეთსა ირაკლი და ქართლს მამა მისი თეიმურაზ. გარნა კახეთისა ირაკლი იწოდებოდა არა მეფედ, არამედ კ ა ხ ბ ა ტ ო ნ ა დ დ ა ქ ა რ თ ლ ი ს ა მ ე ფ ე დ. ოდეს დროთა გარემოებათა გამო, წარვიდა რუსეთად (1760 წელსა) მეფე თეიმურაზ, მაშინ მეფის ძესა გიორგის, ვითარცა შვილის შვილსა უბოძა სკიპტრა ქართლის მეფობისა, გარემოსდვა მას თავისი სამეფო ხრმალი, დაჰკიდა მას ძალი მორწმუნეთა – ჯვარი ძელ-ჭეშმარიტითა ცმული, ოქროსა ჯაჭვითა საკიდარი და თვალ-მარგალიტითა შემკული მცხეთისა ეკკლესიასა შინა, თანდასწრებითა იოსებ კათოლიკოსისა და ეპისკოპოსთა, თავადთა, აზნაურთა და კარისკაცთა. აკურთხა იგი ღვთისმშობლის მცირედითა შემკულითა ხატითა (დღეს მე მაქვს ესე) და კურთხევითა სიტყვითა და ცრემლითა გამოეთხოვა შვილსა ირაკლის, შვილისშვილსა გიორგის და სხვათაცა სახლისა თვისისა წევრთა და წარვიდა დუშეთისა აწინდელისა გზით რუსეთად.

სანკტპეტერბურღის სინოდის არქივიდამ (1760 წლისა საქმე #202) სჩანს, რომელ მეფესა თეიმურაზ II მიჰყვა რუსეთსა ეპისკოპოსი იოანე რუსთველი და მისსა ამალაში (სვიტაში) იყვნენ დეკანოზნი დიმიტრი და სვიმონ, მღვდელი ამბროსი, იეროდიაკონნი პართენი და შიო და მორჩილი აბრაამ. _ ამასვე დროსა მივიდა მისთანავე წილკნელი მიტროპოლიტი ქრისტეფორე, რომელსა თანა ჰყვა ბოდორნისა არქიმანდრიტი ფილიპე. – მეფე და ეპისკოპოსი დასადგურდნენ ნევსკისა მონასტრისა ქვითკირისა პალატებში.

ოდეს იქმნა კრება, იდუმალ განლათინებულისა კათოლიკოს პატრიარქისა ანტონისა, სამსჯავროდ მიცემულისა, მაშინ კრებისა განჩინებასა ზედა დასდვეს ბეჭედიცა 9 წლის ყრმისა მეფის ძის გიორგისა. ჯერთ ყრმამან დღიდგან განდევნისა მისისა რუსეთად (1756 წ. 4 აპრილსა) და დანიშვნისა მოადგილედ მისა იოსებ მროველისა,[1] _ შეიძაგა ანტონი I, და თუმცა მამისა მისისა ნებითა უკუ-მოქცეულცა იქმნა თვისსა ქვეყანად და პატივად, გარნა არა უყვარდა იგი, ვერ იყო კეთილ-განწყობილი მასთან დღედმდე გარდაცვალებისა მისისა.


  1. სხვანი ჰგონებენ მას რუსთველად და იტყვიან მისთვის იყოო გვარით ჯანდიერაშვილი.

6[edit]

1767 წელსა შეირთო ცოლად ქეთევან, ქალი პაპუნა ქიზიყის მოურავისა ანდრონიკაშვლისა 13 წლისა. ქორწილი გადაიხადეს ქალაქსა თფილისსა დიდისა დღესასწაულობითა ენკენისთვის 20. იტყვიან ქალისა ამისთვის რომელ, ოდეს მეფის ძე გიორგი მოვიდა კახეთსა და ეწვია სოფელსა ვეჯინსა ანდრონიკაშვილსა რევაზსა, მაშინ მოხდა დევნა ლეკთა, რომელნიცა გამოჩნდნენ ალაზნის გაღმა. რევაზ და სხვანი თანადამსწრენი ომისა ლეკებთა თანა, ესრეთ მხნედ გამოჩნდნენ, რომელ მეფის ძე თვით, მუნ დამსწრე, გაჰკვირდა ოდეს იხილა რევაზ ანდრონიკაშვილი მუხლსა მძიმედ დაჭრილი, მოვიდა რა სახლსა, მაშინ გამოაცხადა დაჭრილობა თვისი. განკვირვებულმან მეფის ძემან გამოუცხადა მას გმირსა რევაზს სურვილი დისა მისისა ქეთევანის შერთვა ცოლად. დროსა ამას ქალსა მას არღა ჰყვანდა მამა ცოცხალი. ამბავსა მისსა მიუთხრობდა ხშირად აზნაური ბერო პავლიაშვილი, რომლისათვისცა დავსწერე და დავბეჭდეცა სიტყვა გარდაცვალებისა გამო მისისა, ვითარცა რედაკტორმან გაზეთისა.[1]

18 წლიდამ ცხოვრებისა თანა-ჰყვის მამასა თვისსა სადაცა წარვიდის ანუ საომრად ანუ მოსახილველად სამძღვართა. 1770 წ. იყო ასპინძის ომში და დიდად უსიამოვნოდ მოექცა რუსეთისა ღენერალსა ტოტლებენსა, ოდეს არა ინება შებმოდა ოსმალის ჯარსა, და გაიმარჯვა ომსა ამას თვით მეფემან ირაკლი თავისისა ჯარითა.

„ღენერალო! სირცხვილია ამისთანა დროსა ღალატი მეფისა, _ ჰრქვა მეფის ძემან. – „არა მაქვს ბრძანება, _ უპასუხა ღენერალმან, _ იმპერატრიცისა რომ შევება ჯარითა ესრეთ მცირითა მტერსა დიდსა უსარგებლოდ“. _ „მაგითი, ღენერალო, არცხვენ რუსეთისა ჯარსა, _ ეტყოდა მეფის ძე გიორგი, _ და უტეხ სახელსა დიდსა რუსეთსა. ღმერთი ჩვენკენ იქნება, ჩვენ შევებმით, გავიმარჯვებთ და მოვახსენებთ იმპერატრიცასა შენსა სიმხდალესა“.

მამასა ირაკლის მოახსენეს ესე საუბარი მეფის ძისა ღენერალისადმი; არ მოიწონა ზრდილობითა ესე, და უმეტეს გამოცდილი საქმეთა შინა საომართა, ერიდებოდა რუსეთისა წყენასა, კვალადცა საიმედოს ქრისტიანობისა გამო. იტყვიან მტერნი მეფის ძისა გიორგისა, არ მიაშველა ჯარი 900 კაცისა მამასაო. რაზედ აფუძნებენ თქმულობასა ამას? არ ვიცი. დროსა ამას ასპინძის ომისსა, ჯერეთ არ იყო შფოთი მეფისა ირაკლისა სახლში და არცა ძმანი მისნი, დედის ნაცვლისაგან ნაშობნი, იყვნენ სრულსა ჰასაკსა მოსულნი. ერთობა მეფისა სახლისა იყო მტკიცედ დამყარებული სიყვარულისა ერთისა მეორისადმი ერთობითა. (მაშინ, ანუ 1770 წ. მაისის თვეში, მეფის ძე გიორგი იქნებოდა 24 წლამდე ასაკისა _ ი. ხ.)

მეორესა დღესა, მიმავალმან საქართველოდამ იმერეთსა ბაღდადისა გზით ღენერალმან ტოტლებენმან სცნო დიდი გამარჯვება ირაკლისა ოსმალისა ჯარზედ, და მართლად სირცხვილეული, დაეშურა და მალე გარდავლო მთა და გარდავიდა იმერეთსა. მეფის ძემან თვით ითხოვა მეფისაგან ნება, რათა წარავლინოს რუსეთად და მისისა ელჩობითა მოახსენოს ყოველივე საქმე საქართველოისა დიდსა იმპერატრიცასა. მეფემან არ ინება და ნაცვლად მისსა წარავლინნა სხვანი.


  1. ესე ბერო პავლიაშვილი, მხლებელი მეფის რძლისა და მზითევში მოყოლებული, გარდაიცვალა ქ. თფილისს 15 აგვისტოს 1845 წელსა 107 წლისა. მისთვის დავბეჭდე მასვე წელსა ვითარცა რედაკტორმან ჟურნალსა შინა: «Закавказскій Вестнікъ», 1845 годъ №18, часть неоффиц.

7[edit]

ვიტყვი კვალად ქეთევანისათვის. ესე ქეთევან იყო თვით იგი, რომელიცა მიმავალმან ქართლად 300 ცხენოსნითა ღართის კარისა ვიწროებში, ჰქმნა სახელოვანი ძლევა ლეკთა, რომელნიცა იყვნენ ხუთასნი. თვით მიუძღვა ჯარსა და გატეხა სამგზის გამაგრებულნი ლეკნი. უკუქცეული, შემდგომად თვისა ერთისა, მუხრანით, მიიღო ირაკლიმან გმირი რძალი თვისი ქ. თფილისს დიდის დღესასწაულობითა, ზარბაზანთა ციხიდამ სროლითა და ჩირაღითა. ესე იყო 1779 წელსა. (ქეთევანი მაშინ იქნებოდა დაახლოებით 24 წლისა _ ი. ხ.)

მეფის რძალსა ამას ესვნეს შვილნი:

ძ ე ნ ი: დავით, იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ.

ა ს უ ლ ნ ი: ბარბარე, სოფიო, ნინო, რიფსიმე, გაიანე.[1]

3 ივნისსა 1782 წელსა მშობიარობისა გამო თეიმურაზზედ, მეფის რძალი ქეთევან, გარდაიცვალა და დასაფლავდა დავით გარესჯისა მონასტერსა იოანე მახარებელისა დიდსა ეკკლესიაში წინაშე აღსავლისა კარისა, მუნ სადაცა მარხია ალექსანდრე, მეფე კახეთისა.[2] მუნვე მონასტერსა ბერად ანუ მონოზონად შემდგარი და გარდაცვალებული. მეფემან ირაკლი მწუხარემან სიკვდილისა გამო რძლისა თვისისა, წარსთქვა ოხვრითა შემდეგი სიტყვა: „ა ხ ლ ა დ ა ი ღ უ პ ა ჩ ე მ ი ო ჯ ა ხ ი ო“. გამიგონია თვით მეფის ძის თეიმურაზისაგან: „მომკვდავმან დედამან ჩემმან ჰქმნა სიტყვითი ანდერძი, ვეცხლეური წარუვლინონ იერუსალიმისა პატრიარქსა მოსახსენებლად და აღასრულესცა ესე“. _ ესრეთ მტკიცედ იყო განთესილი საყოველთაოდ, სასოება იერუსალიმსა ზედა ქართველთა შორის! შუქი ნათლისა ღვთისა ქალაქით, მნათობდა მეფეთა სახლსა შინა და გლეხთა ფაცხათა. ლექსი „იერუსალიმი“ მზეობდა ქართველთა ერის გულთა და გონებათა შინა.


  1. გვერდით გადაშლილია: სოლომონ, სალომე, ლუარსაბ _ გარდაცვლილნი ყრმად.
  2. საფლავი ესე არის დიდსა და ვრცელსა გამოკვეთილსა კლდესა შინა იოანე ღვთისმეტყველისა ეკკლესიასა. დღესა არღაა მუნ წირვა. თაღი 1830 წლიდამ ჩაიქცა და დიდნი კლდისა დანახეთქნი ღორღად აწევს საფლავსა ამას და კახთა მეფისაცა ალექსანდრესსა, გარდაცვლილსა მუნ. ზედა წარწერა პირველისა არ ვიცი რა იყო, და მეორისა არის შემდეგი, ადრიდვე ჩემსა ქაღალდებში შენახული:
    „ჩვენ ალექსანდრე მეფემან, სახელსა ზედა ღვთისასა,
    აქა შევვარდი საფლავსა, ღირსისა დავითისასა;
    სიყვრულითა შევამკე, მსგავსადვე სამოთხისასა,
    და მეოხ-გვეყოს და მფარველ, წინაშე მეუფისასა“.
    საქართველოს შინა მყოფი 1772 წელსა მეცნიერი გულდენშტედტი სწერს: „გიორგი 1772 წელსა იყო 28 წლისა (უფრო სწორად 26-ის გამოდის _ ი. ხ.). მეუღლე მისი არის ქეთევან, ქიზიყის მოურავისა, თავადის პაპუნა ანდრონიკაშვილის ასული, შვილი მისი დავით 4 წლისა (ე. ი. უნდა დაბადებულიყო 1768 წელს _ ი. ხ.); იოანე 2 წლისა (1770) და ჰყვანან ორნი ქალნიო“ (Reisen durch Russland und ins Caucasischen Gebütge, S. P. B., 1787, ნაწილი 1, გვ. 337).
    აქავე იტყვის, რომელ დროსა ამას მეორე შვილი ლეონ ანუ ლევან იყო 20 წლისა (ე. ი. უნდა დაბადებულიყო 1752 წ.), რომელსაცა ჰყვანდა ცოლად ქალი დიამბეგისა ქაიხოსრო ანდრონიკაშვილისაო. იულონ იყო 12 წლისა (1760), ვახტანგ 10 წლისა (1762), თეიმურაზ იგივე შემდგომად კათოლიკოსი ანტონი მეორე 8 წლისა (1764), მირიან 7 წლისა (1765), ალექსანდრე 2 წლისა (1770) და ლუარსაბ ექვსის თვისაო.

    ქ ა ლ ნ ი ი რ ა კ ლ ი ს ა: 1) თამარ, ცოლი სალთხუცისა ორბელიანისა.
    2) ელენე, ცოლი არჩილისა, რომელიცა იყო ძმა სოლომონ მეფისა დიდისა;
    3) მარიამ, ცოლი ქალაქის მოურავისა დავით ციციშვილისა;
    4) ქეთევან, ცოლი მუხრანის ბატონისა;
    5) ხორეშან 4 წლისა და
    6) ანასტასია 3 წლისა.
    ამავე დროს ცხოვრობდაო დედინაცვლი ირაკლისა და ქვრივი თეიმურაზის მეფისა ანახანუმ თაქალთოიანი. ამისი ასული მოკვდა ვითარცა მეუღლე მეგრელთა დადიანისაო. დაჲ ირაკლისა არის ქვრივი ეშიკის-ბაშის დიმიტრი ორბელიანისა. დაიბადა 1722 წელსა.

8[edit]

დიდად დღესასწაულობითა იყო დასაფლავება გვამისა ამის ღირსისა, სანატრელისა სამეფოჲსა სახლისათვის და სასიქადულო ქართველთა ერისათვის. _ მეფის ძემან ინება დასაფლავება გვამისა დავით გარესჯისა მონასტერსა. თვე იყო ივნისისა. მწუხარებისა ხმამან შესძრა თებაიდა ქართველთა. ნინოწმინდელი საბა ბავრაყითა თვისითა და დროშითა, დავით რუსთველი და დანიილ ბოდბელი მიტროპოლიტნი შეერთდნენ და მიგებნენ ლოცვითა და ვედრებითა ღვთისადმი წინარუს (აწ თაქლა), სადაცა იწყება სივრცე და სიგანე თებაიდისა ანუ გარესჯის უდაბნოთა სადგური. 1000 ცხენოსანი და 500 ქვეითნი მიუძღოდენ მიცვალებულს: ხაშმი, ნინოწმინდა და ბოდბე ეკკლესიისა სოფელნი და ყმანი უმასპინძლებდენ მიმავალთა უდაბნოდ პურითა, ღვინითა, საკლავითა და თევზითა და ესე ვითარითა მოსახმარითა. _ ნათლისმცემელისა უდაბნოსა და დავით გარესჯისა ლავრისა წინამძღვარნი ონოფრე და სერაპიონ მოეგებნენ შორს მრავალ მთისა ამის კალთებთა, სადაცა ძველად იყვნენ სამხოლოონი მამათა მეუდაბნოეთა (სკიტნი). ხმა ტირილისა, ხმა გოდებისა, ვითარცა ხმა ლოცვისა ისმოდა ველთა ზედა უხმოთა კაცთათვის და ხმოვანთა მხოლოდ ქურციკთა (ჯეირანი) და პირუტყვთათვის. ნეშტნი სიკვდილისა და სოფლისა ამის ხრწნილებისა, _ მეტყველებდენ ადგილთა ამათ არა მეტყველთათვის დანიშნულთა. ენა მეტყველი აქა იყო ენა სოფლისა მის მერმისისა. მეუდაბნოენი არმნახავნი სიყრმიდგან ქალაქისა და სოფელთა, იხილვიდენ აქა მოქლაქობისა მათისა ჩვეულებათა, მათთვის საოცართა, გაუგებელთა, განუმარტებელთა. სხვაობა სანოვაგეთა მიღებისა, სხვაობა ძილისა მოიყვანებდნენ განცვიფრებასა შინა მემხოლოეთა მოსულთა აქა, რათა წარიკითხონ წიგნი იგი ამაოებისა; და სიკვდილისა ხედვითა, შეისწავონ სიკვდილი, რომელიცა მიელის თვითოეულსა მოსაპოვებელად უკვდავებისა გარეთ სოფლისა ამის ხრწნილებადისა.

შემდეგ ათისა დღისა, დადუმდა ხმა სოფლისა მეშფოთისა, უდაბნოთა ზედა დაწყნარებულთა. ყოველნივე უკუ-იქცნენ თვისთა სადგურად და დაშთა მუნ მხოლოდ ნეშტი მეფის რძლისა სახსენებლად საუკუნოდ.

9[edit]

მასვე 1782 წელსა მეფის ძემან შეირთო ცოლად ციციშვილის გიორგის ქალი 14 წლის მარიამ, მშვენიერებითა ქალთა შორის ბრწყინვალე (მეფის ძე გიორგი იმ წელს გახდებოდა 36 წლისა _ ი. ხ.). მეფისა ირაკლისა კურთხევითა დაიწერეს ჯვარი არა დღესასწაულობითა იოანე ნათლისმცემელისა ეკკლესიაში, რომელიცა იყო მეტოქი უდაბნოჲსა თფილისში. ჯვარისწერა იქმნა შემდგომად 40 დღისა და ამისთვის დიდად ზრახავდენ მეფის ძესა ესრეთისა დაშურებისა და აჩქარებისათვის. ყოველგნით ჰგმობდენ უგრძნობელობისათვის, რომელ დაკარგა ცოლი პირველი მხნე და გონიერი, და დამტევებელი ძეთა და ასულთა, და არა იგლოვა საკმაოდ; სხვანი ამართლებდნენ იტყოდნენ: „მეფემანცა თეიმურაზმან, პაპამან მისმან ჰქმნა ესრეთო, ოდესცა შეირთო შემდეგ თამარისა ცოლად ანახანუმ დედოფალი“.

ამა ქორწილიდამ ესვნეს მას _

ძ ე ნ ი: მიხაილ, ჯიბრაილ, ილია, იოსებ, სფირიდონ (ეს ორნი მოკვდნენ ყრმად), ოქროპირი, სვიმეონ (მოკვდა ყრმად), ირაკლი.

ქ ა ლ ნ ი: თამარ, ანნა (7 წლისა მიიცვალა), ანნა მეორე.

10[edit]

სიმრავლე ძეთა და ასულთა მეფისა ძისა გიორგისა და ესრეთივე სიმრავლე სამთა ცოლთაგან ძეთა და ასულთა ირაკლისა, იყო მიზეზი სამეფოჲსა სახლისათვის კეთილისა და ბოროტისა. ნაყოფი კეთილი ესრეთისა შვილთა სიმრავლისა იყო ესე, რომელ დაშორებული ძველად ქართლი და კახეთი შეერთდა უფრო მტკიცედ. სასახლემან მეფისამან მოითხოვა ქართლიდამ, რომელიცა უწოდებდა აქამდე მეფესა ირაკლის კ ა ხ თ - ბ ა ტ ო ნ ს ა, და ა რ ა მ ე ფ ე ს ა, სასძლონი და მეფისა ასულნი მოიძიებდენ თვისთა საქმროთა ქართლისა თავადთა სახლთაგან. დაჲ მეფისა ირაკლისა ანნა, იყო ცოლი დიმიტრისა ყაფლანიშვილისა; მეფის ასული, დაჲ გიორგისა თამარ, მიათხოვეს სარდარსა დავით ორბელიანსა; ქეთევან მეფის ირაკლის ასული მუხრანის ბატონსა იოანეს, მეფის ირაკლის ასული მარიამ დავით ციციშვილსა; მეფის ძის გიორგის ასული სოფიო თარხნიშვილსა ლუარსაბს; მისივე ქალი რიფსიმე ჩოლოყაშვილსა დიმიტრის. ესრეთვე მიიყვანეს მეფის ძეთა ცოლად: თეიმურაზმან ოთარ ამილახვრისა ქალი ელენე; ფარნაოზმან ელიზბარ ერისთავის ასული ანნა.

ესრეთ დაკავშირდა ქართლი და კახეთი ერთობითა თავადთა და სამეფოჲსა სახლისა მძახლობითა და მოყვრობითა. ამან კავშირმან დაავიწყა ქართლისა მეფისა გვარი, დაშთენილი რუსეთსა 1724 წლიდამ; ამან ერთობამან ნათესაობითმან მოსპო თქმულობა ქართლისა ერისა: ი რ ა კ ლ ი მ ა მ ა კ ა ხ ე თ ი ს ა დ ა მ ა მ ი ნ ა ც ვ ა ლ ი ქ ა რ თ ლ ი ს ა. მეორის მხრითა სიმრავლემან ძეთა და ასულთა დაბადეს ურჩება და მედიდურება სახლისა მწევრთა შორის, სადაცა იყოფოდა მეფის ასული რძლად და ანუ რომლისაგანცა წარიყვანდნენ მეფის ძენი ქალთა სასძლოდ თვისად. თავადნი ესენი, დამოკიდებულნი მოყვრობითა მეფეთა თანა, არღა ემორჩილებოდენ მეფისა მოხელეთა, რომელნიცა იყვნენ მდივან-ბეგად, მდივნად, მოურავად, ციხეთა მცველად და სხვად სამეფოჲსა საქმეთა განმგედ. დასუსტდა ჰაზრი და მნიშვნელობა პირმშოობისა; ეცინოდენ მემკვიდრეობასა; არა პატივსცემდენ პირველობასა და თვითეული წევრი სამეფოჲსა სახლისა გონებდა თავსა თვისსა მეფობისათვის განმზადებულად. სჯული არღა სჯულობდა სამეფოში, სადაცა უფლებდენ მეფის ძენი და კარისკაცნი მათნი.

განმრავლებულთა ძეთა თვისთა (ერეკლე II-მ) დაუნიშნა საცხოვრებელად და განსაგებელად ადგილნი და თემნი: მეფის ძეს გიორგის ბორჩალო და ყაზახისა ნაწილი; იულონსა ქსნის ადგილები (რადგანაც ერისთავიანთ მიეღოთ ქსანი); ვახტანგსა ანუ ალმასხანსა არაგვი და სხვათა სხვანი ადგილნი. თვით მიზეზი მეფის ძისა ალექსანდრესი ლტოლვისა სპარსეთად, ჯერეთ პირველად მამისავე თვისსა დროსა, იყო ესე, რომელ არა უბოძა მამამან ირაკლი საკმაო საცხოვრებელად საუფლისწულო.

ესრეთსა უსწოროსა განწილვასა შეუდგნენ უწესობანი, შფოთნი და დიდნი აღრეულობანი. მეფის ძე გიორგი, ვითარცა მეკვიდრე, მორიდებული შფოთთა, მიენდობოდა მამისა ნებასა და შორით ხედვიდა ძმათა სისუსტესა მიტაცებისათვის მემკვიდრეობისა და აღრეულობათა მათ, რომელნიცა ამწარებდნენ მოხუცსა მამასა; თვით ირაკლი მოხუცებისა გამო და დედოფლისა გამო დედინაცვლისა პირმშოჲსა გიორგისათვის იმყოფებოდა მერყეობასა და აგრილებდენ გულსა მისსა გიორგისადმი. ესრეთსა მდგომარეობასა მყოფი მეფის ძე გიორგი, დაშორებული ძმათა, ცხოვრობდა ცალკედ და მყუდროდ. შთაგონებითა დედოფლისა და ძეთა მისთა, მეფეცა ირაკლი მიიყვანეს მას მდგომარეობასა, რომე სიძესა მისსა სარდალსა და სალთხუცესსა დავით ყაფლანიშვილსა, თამარის მეუღლეს, მოუღო მეფემან სალთხუცობა და მიუბოძა ესე სიძესა თვისსა მუხრანის-ბატონსა იოანეს.[1] ესრეთმან მეფისა მოქცევამან მოსწყლო გული მეფის ასულისა თამარისა, რომელიცა მწუხარებისა ელდითა გარდაიცვალა 1786 წელსა.


  1. მაშინ ისიხი მწიგნობარმან შუა მღვიმელმან უქმნა მუხრან-ბატონსა იოანეს ზედაწერილი ბეჭდისა: ერთი მწრამს ღმერთი, ერთი ბატონი, სარდალ-სალთხუცეს მუხრან-ბატონი.

11[edit]

ტრაკტატისა ძალითა შორის იმპერატრიცისა ეკატერინა II და ირაკლისა, მეფის ძე გიორგი დამტკიცდა მემკვიდრედ საქართველოჲსა; მიიღოცა ორდენი ალექსანდრე ნეველისა. ამან ტრაკტატმან სრულიად აღამღვრია გული ძმათა, დედოფლისა და კარისკაცთა, მეფისა ირაკლის მხლებელთა. მტერნი გაძლიერდნენ; ირაკლი ღელავდა; დედოფალი სძულობდა. თვით გიორგი იშვიათად ხედავდა მამასა თვისსა. 1789 წელსა მოვიდა იმერეთით მეფის ძე არჩილი. გიორგი თვით მივიდა და ნახა. არა იამა ესე მეფესა და ეძიებდენ მიზეზსა, რომელმანცა განაღვიძა იგი მასთან სამეგობროდ. _ არჩილმან სასახლიდამ სცა თოფი მოლასა, რომელიცა დაჰკიოდა მეჩეთიდამ მოედანსა სამეფოსა. შესწუხნა მეფე დიდად; ხოლო გიორგი არა, და იტყოდა სიტყვათა არჩილისადმი სანუგეშოთა. ამანცა უფრო განარისხა მეფე, და ბრძანებდა სიტყვათა მკვახეთა გიორგისათვის.

12[edit]

შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა სოლომონ პირველისა, ოდეს გამეფდა იმერეთს დავით, მოვიდნენ იმერეთით ევთიმი გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, სალთხუცესი ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაზე და ფიცისკაცნი ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვანი. ესენი ითხოვდენ, რადგანაც არა სურს მეფესა ირაკლის მეფე დავით, მიმტაცებელი ტახტისა, ინებოს და შეიერთოს თვისდა სამეფოდ იმერეთი, ვითარცა იყო ერთ მთავრობისა დროთა. დესპანნი იმერთა არწმუნებდენ მეფესა, რომელ ყოვლადი სამეფო იმერეთისა მოელის სიქადულით და მხიარულებით საქმისა ამის დასასრულსა; თვით მთავართა გურიისას და ოდიშისას სურთ და სწყურიანთ ესე. მცხოვრებთა გლეხთაცა იციან ესე და უხარისთ ბატონობა თქვენი იმერეთსა, მტერთაგან... გაოხრებულსა. მეფემან უგდო ყური და ნაცვლად პასუხისა პირად ბრძანა იქმნას რჩევა საქმისა. დანიშნულსა დღესა კათოლიკოსი, მღვდელმთავარნი, თავადნი, სარდალნი, სალთხუცესნი, მდივანბეგნი ქართლ-კახეთისა, შეიკრიბნენ სამეფოსა პალატაში და შევიდნენ განსჯასა. პირველი და ძლიერი ხმა ერთობისათვის იყო ჭაბუა ორბელიანისა. მას შეუდგნენ კათოლიკოსი ანტონი, სარდალი დავით ყაფლანიშვილი, სოლომონ ლიონიძე, ზაქარია მოურავი ქიზიყისა, ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლაყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და სხვანი. მეფე სდუმებდა და ბრძენი ჭაბუა ასმენდა ქუხილისა სიტყვებითა დიდსა საქვეყნოსა სარგებლობასა; აკურთხევდა ჰაზრთა ამათ, ზეგარდამო შთაგონებულთა დესპანთადმი და იმერთა ერის. „ნუ ჰყოვნი, მეფეო! _ იტყოდა ჭაბუა, _ მეფე ერისათვის და არა ერი მეფისათვის, ერი იმერთა ითხოვს ერთობასა და კავშირსა. ვითარ ეტყვის მეფე უარსა? ვიცი და მესმის ჰაზრი თქვენი, მეფეო: ვითარ მოუღო მეფობა შვილისშვილსა ჩემსა? ესრეთი ჰაზრი უეჭველად არის უბედურებითი იმერთათვის, უსარგებლო ქვეყნისათვის, დამღუპავი ქვეყანისა. _ ვითარ მოეღო მეფობა ქართლისა, ქართლისა მეფეთა და რაჲ დაკარგა საქართველომან დაკავშირებითა ქართლისა და კახეთისა? ვითარ მოეღო მეამბოხეთა არაგვისა ერისთავთა საერისთავო არაგვი? ვითარ მოეღო საუკუნოდ ქსანი ქსნისა ერისთავთა? ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა, ძლიერება მეფობისა არის ერთა დაკავშირება“. _ „ბატონო მეფევ, _ მოახსენა ქაიხოსრო წერეთელმან, _ უკეთუ ვერ დამტკიცდება ერთობა და შეუდგება უწესობა, სავნო ქართლისათვის და მეფობისა თქვენისათვის, _ მაშინ დაუტევეთ იმერეთისა მეფობა, მაშინ თქვენც უბოძეთ იმერთა ნება, იყოლიონ თვისდა მეფე თვისი. ამითი არა დაშავდება რა. სცადეთ რა შეუდგება, მიიღეთ გვირგვინი ჩვენიცა, განძლიერდით ჩვენით და განგვაძლიერეთ თქვენით. _ ირწმუნეთ, მეფევ ბატონო, რომ სცნობს ამას მტერი და მიეცემა შიშსა და მორიდებასა“. შემდეგ დუმილისა მეფისაგან, მუხრანის ბატონმან იოანე მოახსენა კრებასა: „დაკავშირება იმერეთისა დიახ ძნელია. ჩვენ ქართველთა ვერ მოგვივლია ჩვენთვის, ვითარ მოვუაროთ იმერეთსა? რათ ვექმნეთ პატრონად ქვეყანასა, რომელსაცა ჰყავს საკუთარი პატრონი, შვილისშვილი მეფისა?“ _ სარდალმან დავით, განრისხებულმან წარმოსთქვა სიტყვა: „მართლად აღიარებს მუხრან-ბატონი, რომ ვერ მოუვლის იგი დღეს ქვეყანასა თავისისა ხრმლითა და ბაირაღითა. მოვა დრო და მოსცემს ღმერთი სხვასა მუხრანის-ბატონსა, რომლისა ხრმალი უფრო მჭრელი იქმნება“. _ სიტყვამან ამან დაბადა ამბოხი, აწყინა მეფესა და წყინებული მეფე წამოდგა და შევიდა სხვასა ოთახსა. დაიშალა შეკრებილება პირველი.

სცნო დედოფალმან დარეჯან საუბარი ესე ყოველი, განრისხნა და მიაწერა ჰაზრი ესე მეფის ძეს გიორგის, რადგანაც სარდალი დავით იყო დისწული მისი საყვარელი და მეტოქი მუხრანის ბატონისა. დაიბარა ჭაბუა და მრისხანედ უბრძანებდა ყვედრებითთა სიტყვათა.

„არა, ბატონო დედოფალო, ვერ შევიქმნები ორგული, _ იტყოდა ჭაბუა, _ მეფისა და სამეფოჲსა. ჰაზრი ჩემი დაჰშთება უცვალებელად, მტკიცედ და უკეთუ არ აღსრულდება, შთავიტან თან საფლავსა. რად მიბრძანებთ, არ ვიყო ერთგული მეფისა. ვიცი, რასაცა ვიტყვი. არ ვხედავ კეთილად საქმესა და ასე ვარჩევ? ვიყო და მერქვას მრჩეველი მეფისა და ვურჩევდე რასმე ბოროტსა? _ ვჰგონებ იქმნება საქმე ეშმაკისა, ბოროტისა კაცისა და ქვეყნის მტერისა. ამისთვის გაბედვით ვიტყვი და უშიშრად მოვახსენებ მეფესა ჩემსა და თქვენ ბატონსა ჩემსა დედოფალსა, სიტყვათა ამათ“.

მეფის ძე გიორგი, მორიდებული მამისა და დედინაცვლისა, არ ინახვინებდა არცა დესპანთა და არცა კარისკაცთა, რათა არა წარმოსთქვან რაიმე სიტყვა და არ მივიდეს ჰაზრი რაიმე ახალი მეფისადმი მასზედ გაიჭვიანებულისა.

ქუთათელი და გაენათელი, აბაშიძე და სხვანი დესპანნი მიუთხრობდეს დედოფალსა იმერეთისა მდგომარეობასა და სრულიად დაღუპვასა, უკეთუ არ მოხდება ერთობა ქართველთა თანა. დედოფალი ბრძანებდა უარსა და იტყოდა ვერ გამოწირვასა იმერეთისა გვირგვინისა შვილისშვილისა ხელთაგან. დღესა მესამესა, შემდეგ პირველისა, იყო შეკრებილობა მეორე. ჭაბუა კვალად იტყოდა მასვე; კათოლიკოსი ანტონი ამტკიცებდა მათსა ჰაზრსა. მაშინ მეფემან უბრძანა მეფის ძეს გიორგის: „რას იტყვი, გიორგი, შენ? _ „ხელმწიფეო ჩემო! სიტყვა ჩემი, ვითარცა ჰხედავ, იქმნება მრავალთათვის წინააღმდეგი და მაინც გავბედავ მოგახსენო: შეერთება იმერეთისა ქართლისადმი არის სიმტკიცე მეფობისა; თუ გნებავსთ უძლეველობა ქვეყანისა ჩვენისა მტერთაგან, უნდა იქმნას ერთობა. რა არის უკეთილეს, რა არის მშვენიერ, ვითარ ერთობა ძმათა, _ იტყვის წინასწარმეტყველი დავით. სამეფო ისრაილთა დაეცა მაშინ, როდესაც განსქდა ორად მეფობა სოლომონისა. დაეცა საბერძნეთი, ოდეს განიყო ორად და სამად. მეფობა განყოფილი არა დაადგრეს, _ ბრძანებს მაცხოვარი“. _ სიტყვანი ესენი მოიწონეს შეკრებულთა მსაჯულთა. ჭაბუამ კვალად აღამაღლა ხმა და მოსთხოვა მდაბლად, რათა თანახმა იქმნეს მეფე ერთობისა ჰაზრისათვის და აღასრულოს თხოვა იმერეთისა დესპანთა. მაშინ მეფე აღსდგა და ბრძანა: „თხოვასა ამას ვერ მივიღებ; მტერი მადგას კარსა; ვერ გავიხდი ახალსა მტერსა, რომელიცა უნდა იყოს შვილისშვილი ჩემი იმერთა ტახტისათვის განმზადებული. _ დესპანნო! წარვედით და იმერთა ერსა გამოუცხადეთ, რომ დავსვამ იმერეთისა ტახტზედ შვილისშვილსა ჩემსა და ესრეთისა კავშირითა თავით თვისით იქმნება ერთობა იმერეთისა ქართლისა თანა“. ესრეთ დაბოლოვდა დესპანობა იმერთა და ჰაზრი ერთობისა.

მასვე წელსა 1790 წარავლინეს ჯარი ქართველთა 4000 და თანაჰყვა სარდლად მუხრანის ბატონი იოანე, ქიზიყის მოურავი ზაქარია ანდრონიკაშვილი, ჯარდან ეშიკაღას-ბაში ჩოლაყაშვილი; ანდრონიკაშვილი რევაზ (ცოლისძმა მეფის ძისა გიორგისა), და მეფის ძე იულონ; გარდააგდეს მეფე დავით და განამეფეს სოლომონ მეორე ქუთაისს.

13[edit]

ესრეთ დაბოლოვებულსა საქმესა ამას შეუდგა 1790 წელსა მხოლოდ დაკავშირებითი ტრაკტატი შორის ქართლისა და კახეთისა, იმერთა და მთავართა ოდიშისა და გურიისა. აჰა ნამდვილი ესე პირობაებითი მათ შორის წესდება.[1]

1.

„ტრახტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეუფოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა.

ვინადგან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, (იმერეთისა), ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთ-მორწმუნეობა, არიან ძენი ერთისა კათოლიკე ეკკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხელობითიცა სიყვარული ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვრობით შეკრულთა ურთიერთთა შორის.

ამისთვის ჩვენ ზემოხსენებულად ქვეყანათა ივერიისა და მეფენი და მთავარნი დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა სახელით ყოვლად ძლიერისა ღვთისათა აღვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიცა თვითოეულად შემდგომთა შინა ჰაზრთა ცხად იქმნების.

უფლისა იესო ქრისტეს მონა მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა, ირაკლი მეორე ქრისტიანებრითა თანამდებობითა გარწმუნებთ ყოვლისა საიმერეთოსა მეფესა შვილისშვილსა ჩემსა სოლომონს და მთავარსა ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანს გრიგოლს, და მთავარსა გურიისა სვიმეონს და ერთობით თავადთა, აზნაურთა და ერთა ქვემოჲსა ივერიისა ესრეთ:

მ უ ხ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი

შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოისა ჩემისა, და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო რ ე

მაქვნდეს ზრუნვა დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა, და ყოვლისა შეძლებისა ჩემისამებრ ვიყო შემწე თქვენდა წინააღდგომად მტერთა თქვენთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ს ა მ ე

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა, ვითარცა მამა საზოგადო მათი.

მ უ ხ ლ ი მ ე ო თ ხ ე

უკეთუ აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისამებრ მზა ვიყო შემწედ თქვენდა.

მ უ ხ ლ ი მ ე ხ უ თ ე

უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლსისა კარისადმი, ვითარცა მაქვნდეს შეკრულება, ვიყო მწადნელი თქვენდაცა უბედნირესსა შინა მდგომარეობასა მოყვანებად მფარველობითა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.

მ უ ხ ლ ი მ ე ე ქ ვ ს ე

აღთქმათა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობითა თვით ძეთა ჩემთა, თავადთა საქართველოსათა და საზოგადოდ ერთა სჯულვდებ, საუკუნოდ ერთგვამად შეერთებასა ამას ქვემოჲსა ივერიისა თანა და ვამცნებ ყოველთავე რათა მტკიცედ ეგნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარცა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა. იყავნ ესრეთ. ვიცი ვითარია თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელმოწერისა ამისა ჩემისამებრ.

მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ე რ ე კ ლ ე. დედოფალი ქართლისა, კახეთისა და სხვათა დ ა რ ე ჯ ა ნ. საქართველოს კათოლიკოსი ა ნ ტ ო ნ ი. ვიცე-კანცლერი ს ო ლ ო მ ო ნ ლ ი ო ნ ი ძ ე.[2]

2.

ტრახტატი მეორე ნაცვლად პირველისა

უფლისა იესო ქრისტეს მონა მეფე ყოვლისა საიმერეთოჲსა შვილისშვილი თქვენი სოლომონ ქრისტიანებრითა აღთქმითა გარწმუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათა, მეორესა ირაკლის, უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, თავადთა, კეთილშობილთა და ერთა ზემოჲსა ივრიისათა ესრეთ:

მ უ ხ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი

შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოჲსა ჩემისა და ვიყო მტერი მტრისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო რ ე

მაქვნდეს ყოველივე შეძლება ჩემი დაუზოგავად დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა და ვიყო მზა ნიადაგ წინააღმდგომად მტერთა თქვენთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ს ა მ ე

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, ვითარცა თანამდები მეფე დისწული მათი.

მ უ ხ ლ ი მ ე ო თ ხ ე

უკეთუ აღდგეს მტრი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისამებრ მზა ვიყო შემწედ თქვენდა.

მ უ ხ ლ ი მ ე ხ უ თ ე

უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლესისა კარისადმი, ვითარცა აქვნდეს უმაღლესობასა თქვენსა შეკრულება, ვიყო თქვენთანა მქონებელი, თანხმობისა უბედნიერესისა მდგომარეობისა ჩვენისათვის, მფარველობითა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.

მ უ ხ ლ ი მ ე ე ქ ვ ს ე

აღთქმათა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობითა თვით თავადთა ყოვლისა იმერეთისათა, კეთილშობილთა და საზოგადოთა ერთა სჯულვდებ საუკუნოდ ერთგულებად შეერთებასა ამას ზემოჲსა ივერიისა თანა და ვამცნებ, რათა მტკიცედ ეგნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარცა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა, იყავნ ესრეთ. ვიცი ვითარია თანამდებობა ჩემი, და ვჰგიე მტკიცედ ხელმოწრისა ამის ჩემისამებრ.

მეფე ყოვლისა საიმერეთოჲსა ს ო ლ ო მ ო ნ. დედოფალი ყოვლისა საიმერეთოჲსა მ ა რ ი ა მ. ვიცე-კანცლერი ს ო ლ ო მ ო ნ ლ ი ო ნ ი ძ ე.

3.

ტრახტატი მესამე ნაცვლად პირველისა

უფლისა იესო ქრისტეს მონა მე, მთავარი ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანი გრიგოლ, ქრისტიანებრითა აღთქმითა გარწმუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათასა, მეორესა ირაკლის, უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, თავადთა, კეთილშობილთა და ერთა ზემოჲსა ივერიისათა ესრეთ:

მ უ ხ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი

შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამთავროჲსა ჩემისა და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო რ ე

მაქვნდეს ყოველივე შეძლება ჩემი დაუზოგავად დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა და ვიყო ნიადაგ მზა წინააღმდგომად მტერთა თქვენთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ს ა მ ე

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და ძეთა თქვენთა, ვითარ ნათესაობით თანამდები უგანათლებულესობათა მათთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო თ ხ ე

უკეთუ აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვით და საქმით შეძლებისა ჩემისამებრ მზა ვარ შემწედ თქვენდა.

მ უ ხ ლ ი მ ე ხ უ თ ე

უზენაესისა მიმართ მფარველობისა უმაღლესისა საიმპერატოროსა კარისადმი, ვითარცა აქვნდეს შეკრულობა უმაღლესობასა თქვენსა, ვიყო თქვენთანა მქონებელი თანხმობისა მფარველობათა თქვენთანა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისა.

მ უ ხ ლ ი მ ე ე ქ ვ ს ე

აღთქმათა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობითა თვით სახლისწულთა ჩემთა და თავადთა სამთავროჲსა ჩემისათა, კეთილშობილთა და ერთა სჯულვდებ საუკუნოდ ერთ-გვამად შეერთებასა მას ზემოჲსა ივერიისა თანა და ვამცნებ, რათა მტკიცედ ეგნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარცა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა. იყავნ ესრეთ. ვიცი ვითარია თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელმოწერისა ამის ჩემისამებრ.

4.

ტრახტატი მეოთხე ნაცვლად პირველისა

მე მთავარი გურიისა სიმეონ ქრისტიანებრითა აღთქმითა გარწმუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათასა, მეორესა ირაკლი, უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, თავადთა, კეთილშობილთა და ერთა ზემოჲსა ივრიისათა ესრეთ:

მ უ ხ ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი

შევრაცხო ყოველი მტერი თქვნი მტერად ჩემდა და ქვეყანისა ჩემისა და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო რ ე

მაქვნდეს ყოველივე შეძლება ჩემი დაუზოგავად სახმარყოფისათვის სამეფოჲსა თქვენისა და ვიყო ნიადაგ მზა წინააღმდგომად მტერთა თქვენთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ს ა მ ე

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და ძეთა თქვენთა, ვითარ ნათესაობითა, თანამდები უგანათლებულესობათა მათთა.

მ უ ხ ლ ი მ ე ო თ ხ ე

უკეთუ აღსდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისამებრ მზა ვიყო სახმრად თქვენდა.

მ უ ხ ლ ი მ ე ხ უ თ ე

უზენაესისა მიმართ მფარველობისა უმაღლესისა საიმპერატოროსა კარისადმი, სადაცა და ვითარცა აქვნდეს შეკრულება უმაღლესობასა თქვენსა, ვიყო თქვენთანა მქონებელი თანხმობისა უბედნიერესისა მდგომარეობისა ჩემისათვის მფარველობითა თქვენთანა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.

მ უ ხ ლ ი მ ე ე ქ ვ ს ე

აღთქმათა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობითა თვით სახლისწულთა ჩემთა, თავადთა, აზნაურთა და ერთა სამთავროჲსა ჩემისათა, სჯულვდებ საუკუნოდ ერთგვამად შეერთებასა ამას ზემოისა ივერიისა თანა და ვამცნებ, რათა მტკიცედ ეგნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარცა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა. იყავნ ესრეთ. ვიცი ვითარია თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელმოწერისა ამის ჩემისაებრ“. __

ოთხად დაწერილნი პირობანი ესენი, ხელმოწერილნი და ბეჭედსმულნი მეფეთა და მთავართაგან, მღვდელმთავართა და მოხელეთაგან, განცხადნენ ყოველგან. _ კოპიონი მათნი წარუვლინეს იმპერატრიცასა ეკატერინა მეორესა. თვით სოლომონ ლიონიძე, მისრული კართა ზედა იმერთა მეფისა და მთავართა დადიანისა გრიგორისა და გურიელისა სვიმონისა, მრავლად დაშვრა, რათა მოეყვანა ერთობასა მტკიცესა ერთნათესაობა ქართველთა, მეცადინებდა შინაკავშირითა გაეუქმებინა გარეკავშირი. ერი, დაცული გარეთითა უცხოთა ნათესავთაგან მფარველობითა, არის მარადის დამდაბლებული. ერი სხვათა მფლობელობასა შინა ქვეშე შესული არის მონა და მონა მზაკვარი, დაცინებული, მასხარად აგდებული. ვითარცა დამკარგველი თვითმყოფობისა, ჰკარგავს სულისა თვისისა საკუთარსა ძალასა და ღირსებასა, უძლური სულითა, ჰკარგავს სხეულისაცა ძალასა: ენა და მეტყველება მისი, მწერლობა და მწიგნობრობა მოეღება ერსა დამონებულსა უცხოსა ნათესავისა ენითა და ჩვეულებითა.

ოთხასითა წლითა განმტკიცებულნი კერძოობითსა უფლებასა ზედა სამთავრონი, მოისმენდნენ ლიონიძისა სიტყვათა ერთობისათვის. გარნა სადღა იყო ძალი დამაკავშირებელი მათი? ოდეს მეფემან ირაკლი მეორემან დაკარგა ერთმეფობისა იმერთა ერისა თხოვა, დაკარგაცა ძალი კავშირისა. ხმა ლიონიძისა იყო ხმა ღაღადებისა უდაბნოსა, ენითა ცემა ჰაერისა და ამაო ბგერა ბაგეთა. იხილა ესე ლიონიძემან ადრევე და შორსმხედველმან ვერღა ჰპოვა ღონე სხვა დაცვისათვის მეფობისა, რომლისათვისცა, გამიგონია მამისა ჩემისაგან, იტანჯებოდა იგი. ესევე იყო მიზეზი, რომელ შემდგომად მეფისა გიორგისა, წარვიდა იმერეთს და მუნით სპარსეთსა და მოკვდაცა მუნ დამტირებელი ქვეყანისა და მრავლად დატირებული სომეხთა კათალიკოსისა ეფრემისაგან, რომელთანაცა ცხოვრობდა რავდენსამე დროსა. სიკვდილი მისი იყო ვგონებ 1810 წელსა ანუ მცირედ შემდეგ.


  1. ესე ვჰპოვე ალექსანდრე ონიკოვისა ქაღალდებში, რომლისაცა მამა ნიკოლოოზ კიკოლა დიაკვნად წოდებული, ახლდა მწერლად მეფესა გიორგის. იყო, მერეთ დეპუტატად რუსეთშიაც და აღწერაცა მოგზაურობა თვისი, არა მოწევნული დროთა ჩვენთადმი, ვითარცა მიამბო შვილმან მისმან ალექსანდრე.
  2. ტიტული ესე მიიღო მიბაძვითა რუსთა დესპანთა მინისტრობისა, 1785 წელსა ამავე ტიტულით იწოდა თვით მეფის ირაკლისაგან სულხან ბეგთაბეგიშვილი, მამა ისაკ მდივნი.

14[edit]

მეფის ძე გიორგი დროთაგან ყმაწვილობისა, ვიდრე 40 წლამდე ცხოვრებისა თვისისა, იყო ტანით წვრილი, მაღალი და ბრგე. 1785 წელიწადიდამ შევიდა სიმსუქნეში, განსქელდა დიდად და თუმცა ესრეთმან სიმსუქნემან უფრო ახოვან ჰყო იგი, გარნა ვეღარ ჯდებოდა ცხენსა თავისუფლად და ვერცა იქმნებოდა მარდი, ვითარცა პირველ. შემდეგ შეეჩვია შინა ყოფნასა, და მოთხოვნილებებისა გამო დიდისა გვამისა, მიიღებდა სანოვაგესა მრავლად და მადიანად მარადის. ჩვეულებასა ამას შეუდგა მდიდრად სადილისა მზადება და ხანგრძლივ მირთმევა სადილისა მეჯლიშისა წესითა. პური სადილისა მისთვის იყო გამტკიცული თეთრი და ყოველ დღე ცხვებოდა სახაბაზოსა. ბრძანებისამებრ მისისა აქვნდათ ნება ყოველთა ქალაქისა მცხოვრებთ მხოლოდ სნეულთათვის და ავათმყოფთა წარეღოთ პური სახლად თვისად. ყოველ დღე ხსნილისა დღეთა, მცნებისამებრ მართლმადიდებელისა ეკკლესიისა, იკვლოდა ძროხა, ფლავი ქათმითა და ზირიშვითა შემზადებული, მიერთმეოდა ყოველ დღე: ეგრეთვე შემწვარი და აფხაზური. დიდად უყვარდა ზაქი წლეული ანუ უფრო მოდიდო, სილბილისა, სითეთრისა, გემოვნებისათვის მისისა ხორცისა; უმეცარნი და მეშურნენი და მტერნი მისნი ჩუმნი და ფარულნი ეცინოდნენ მას ამისათვის და იტყოდნენ სიცრუით: „მრთელსა ზაქსა სჭამსო“. წესისამებრ სადილობისა ძველისა და ახლისა, პირველ მეფეს მიერთმეოდა კერძი და რადგანაც ზაქისა და საუკთესოჲსა საჭლმისა ნაჭერნი მიერთმეოდენ მას მრავლად, აქედამ შედგა ცილისწამებაცა: მრთელსა ზაქსა ჭამდაო. აქვნდა მას ჩვეულება, ვითარცა დადიანისა კარზედაც მინახავს, რომელ მიიღებდა ნაჭერსა დიდსა თვით, და სხვათა, თვითვე დასახელებითა სტუმართა, უბოძებდა, ნიშნად პატივისცემისა და სიყვარულისა. ნაცვლად ხბოჲსა მიირთმევდა ზაქისა წლეულისა ანუ მეტისა ხორცსა. ზაქის ხორცი არის დიდად ლბილი, ფრიად გემოვანი და ფერით დიდად თეთრი, მრავლით უკეთესი ხბოს ხორცისა.

ღვინო უყვარდა წითელი და აქვნდა ულეველი ხოდაშნური და ყვარული, რომელსაცა ცალკედ დიდად განწმენდილსა ქვევრში შეამზადებდნენ საწელიწდოდ კარისათვის მეფისა. თვით მიირთმევდა არაუმეტეს ერთისა ჩარექისა ანუ თუნგისა მეოთხედისა. დათრობა მას სძაგდა ვითარცა სიბილწე, და ხუმრობით და სიცილითა დაუწუნებდა სადილისა მისისა მეინახეთა, უკეთუ ვინმე გაურევდა წყალსა და წყალსხმულსა დალევდა ღვინოსა. „გიგონე რა გიამბო, _ იტყოდა გაგრძელებულისა ხმისა კილოთი: _ თუ გინდა ღვინო წყლიანი, მდაბალი სვი ღვინოო; კარგი ღვინო არ უნდა წახდეს წყლისა შერევითა“. არაყი არ იყო ჯერეთ დიდსა ხმარებაში, გარნა ურჩევდა არა სვან ვითარცა მაწყინებელი აგებულებისა და არცა სასარგებლო, თუმცა მტკბარი თაფლითა, მურაბისა მირთმევის დროს, _ ქართველთა ჩვეულებისა წესითა. ორაგული უყვარდა დიდად და სწყინდა მარადის. მკურნალნიცა აყენებდნენ ორაგულისა მირთმევისაგან და არა ერთგზის განკურნესცა წყინებისაგან ორაგულისა. აქაცა შექცევისათვის და ხუმრობითა წარმოიტყოდა სიტყვასა: „ოთახისათვის დარბაზი ვის დაუქცევიაო?“

სადილი მისი არ იქმნებოდა თვინიერ მღვდლისა, რომელიცა მარადის მამაო ჩვენოსა თქმითა, აკურთხევდა დაგებულსა სუფრასა, და რადგან იცოდა მცირედ ბერძულიცა, ამისათვის ხშირად თვით იტყოდა ბერძულად „მამაო ჩვენოსა“ და აკურთხევინებდა სუფრასა მღვდელსა. ჩვეულებრივ მეინახენი სადილისა მისისა, იქმნებოდენ ოცი და ოცდახუთამდე კაცი დღეყოველ.

დიდოსა ლეკნი თთვე ყოველ მაისიდამ და კვალად ზამთრადმდე მოგვრიდნენ თვისთა ცხვართა და თოხლთა, ვითარცა გემოვანთა დიდად და მრავლით უგემრიელესთა სხვითა მტითა ზედა ნაკვებთა ცხოვართა. მეფე დაასაჩუქრებდა მათ ცხვრებითავე სამეულად; უბოძებდა სამოსთა მათ და ცოლთა მათთათვის. ოდესმე ზაფხულსა მოსძებნიდენ მეფესა ლილოზედ, ოდესმე ქვემო ავჭალასა, სადაც ხშირად განატარებდა სახლობით ზაფხულისა თთვეთა. აქა ჰქონდა სადგურად გურამიშვილის ზაალის სახლი ციხე გალავანიანი მტკვრისა პირსა ნაშენი. სიყრმიდგანვე არ უყვარდა ნადირობა. მონადირეთა დიდ-კაცთა უწოდებდა „კაცთა უსაქმოთა, მოცლილთა“. _ „დევნა მხეცთა და პირუტყვთა შეაჩვევს მტერობასა და მესისხლეობასაო, განაბოროტებს გულსაო“. შვილთაცა თვისთა არ ურჩევდა ნადირობისა შეჩვევასა და მართლად არცა ერთი მათგანი, რომელთაცა მე ვიცნობდი, არ იყვნენ მონადირენი, გარდა მეფის ძისა ილიასი, და ესეცა შეჩვეოდა ნადირობასა რუსეთში.

არ უყვარდა ჯირითობაცა, რომელსაცა უწოდებდა „საგანსაცდელოსა რასამე“, და ამისთვის მხდალად ხადოდენ მიმალულნი მეტოქენი მისნი.

დილითა, შემდგომად ცისკრისა დღე-ყოველ მოსმენისა, მიირთმევდა ჩაისა ილით და დარიჩინით მოდუღებულსა; ჩინეთისა ჩაისა, რომელიცა მოერთმეოდა რუსეთიდამ, მიიღებდნენ სნულებისა დროსა სამკურნალოდ, და იშვიათად, ყავა თურქთა წესითა, სტუმართათვის იხმარებოდა ხშირად.

შაქარი დროთა ამათ იხმარებოდა ყანდისა, რომელიცა მოაქვნდათ ვაჭართა სპარსეთიდამ და მისირიდამ. _ ევროპიისა შაქარსა იშვიათად მოიტანდნენ, რადგან უძვირეს სპარსულისა იყიდებოდა. ესრეთი ევროპიისა შაქარი შემოვიდა სავაჭროდ ახალციხისა გზით, ეგრეთვე ყავა და თამბაქო, თალათინის ტყავები, საპონი მარანდული (ზეთისა) და სხვანი ესე ვითარნი.

15[edit]

მეფემან ქართლისა თეიმურაზ მეორემან, ჯერეთ შვიდისა წლისა მეფის ძესა გიორგის, შვილისშვილსა თვისსა 23 აპრილისა დღისათვის ე. ი. სახელწოდებისა მისისა, ბრძანა მოუმზადონ დროშა საუფლისწულო. მისისავე ბრძანებითა მოიღეს ყვითელი ატლასი და მასზედ მოქსოვეს ხატი მეტეხთა ღვთისმშობელისა ფერადებითა და კილიტებითა. მომქსოვი მისი იყო ამირეჯიბისა როინის ასული და ქვრივი როსტომ ციციშვილისა ანასტასია, რომელიცა ახლდა დედოფალსა ანა-ხანუმს, თეიმურაზ მეფის მეუღლესა და არღა შორდებოდა მეფისა სასახლესა, და რომელიცა იყო საყვარელი და დაახლოვებული დედოფლისა თამარისა, პირველისა ცოლისა თვით თეიმურაზ მეფისა.

კათოლიკოსმან ანტონი უკურთხა თვით დროშა ესე და მიართვა მეფის ძესა მეტეხისა ეკკლესიასა შინა, პარაკლისისა გარდახდითა. დღესა ამას იყო დიდი პატიჟობა სტუმართა სასახლისა პალატებში, ქალთა და კაცთა. ამასვე დღესა აღსაზრდელად მეფისა ძისა შესწირეს მეტეხისა ეკკლესიასა, ვითარცა კარისა ძველად საყდარსა და კათოლიკოსისა მეტოქსა, ძვირფასი ბარძიმ-ფეშხუმი, რომელიცა დაიკარგა 1795 წელსა, სამი კომლი კაცი და ერთი ხელი შესამოსელი, და მიუბოძეს წინამძღვართა მისთა ოქმი შეწირულებისა.

ხატი ესე ძველი თვით ნამდვილი დაიკარგა თფილისის აღებისა დღესა 1795 წელსა სპარსთაგან; ხოლო დროსა დღესაცა არის სახლსა შინა ჩემსა დაცული.[1] ბუშტი ვეცხლისა და თვით ძელი, რომელზდაც იყო დამყარებული სახე ღვთისმშობელისა, განაქარვა მამამან ჩემმან 1830 წელსა შიშისათვის რუსთა მთავრობისა: ეშინოდა, არა ჰკითხონ, რად გაქვს დროშა ესეო. ძმაცა მამისა ჩემისა მარადის შფოთის ჟამსა აშინებდა და ეტყოდა: ორგულობისათვის რუსეთისა გაქვს დროშა ეგეო.

მაშინ შეშინებულმან დასწვა ხე, რომელზედაც იყო ბმული თვით ხატი, ხისა ამის თავზედ ნაკეთი ვეცხლისა ბუშტი გაყიდა და ფასითა მით უქმნა კიოტი ფიცრისა, დაუკეცა დროშასა ამას სამ სხივად გრძელნი ფრთები და ჩასდვა კიოტსა შინა მინითა დაფარული და დაისვენა თაყვანის საცემელად სახლსა შინა თვისსა. ამა დროდმდე დროშა ესე იყო ბუდეში ჩადებული, და კრძალვითა კარის წმინდის გიორგის ეკკლესიასა შინა, დღიდგან მეფის გარდაცვალებისა.

ხატისა ამის კოპიოსა ანუ პირისაგან სჩანს, რომელ თვით ნამდვილი იყო შემზადებული დომენტი კათოლიკოსისაგან, ამისთვის რომელ, ქვე ხატისა ღვთისა დედისა ხატია თვით დომენტი მუხლმოდრეკით და ხელთა განპყრობით ღვთისა დედისადმი მვედრებელი.


  1. იგულისხმება ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის ბრძანებით მისი შვილიშვილის გიორგი მეფის ძისთვის დაბადებიდან 7 წლის თავზე (1753 წ. 23 აპრილს /იულიანური კალენდრით/, გიორგობის დღეს) დამზადებული საუფლისწულო დროშა, რომლის შესახებაც პლატონ იოსელიანი წერს: „მისისავე ბრძანებითა მოიღეს ყვითელი ატლასი და მასზედ მოქსოვეს ხატი მეტეხთა ღვთისმშობელისა ფერადებითა და კილიტებითა. მომქსოვი მისი იყო ამირეჯიბისა როინის ასული და ქვრივი როსტომ ციციშვილისა ანასტასია... კათოლიკოსმან ანტონი უკურთხა თვით დროშა ესე და მიართვა მეფის ძესა მეტეხისა ეკკლესიასა შინა, პარაკლისისა გარდახდითა.“

16[edit]

1790 წელსა, ჯერეთ მეფის ძესა გიორგის, დადიანმან კაცია მოუგზავნა დესპანად ჭყონდიდელი ანტონი და თავადი ბეჟან დადიანი, რათა მოსცეს შვილსა მისსა გრიგორის, მეგრელთა სამთავროჲსა მემკვიდრესა, ცოლად ქალი ნინა. მეფის ძემან არა სთქვა უარი და აუწყა მეფესა ირაკლის, რომელმანცა ბრძანა თანხმობა. აპრილის თთვესა, შემდეგ ათისა დღისა პასექიდამ მოვიდა თფილისს თვით საქმრო გრიგორი 50 სულითა თავადთა, აზნაურთა და გლეხთაგან ხლებული. დიდითა დიდებითა სადამე მობრძანდა დადიანი თფილისს. არც ერთი არ დარჩა დიდთა კაცთაგანი, რომელსაცა არა უბოძა საჩუქარი ვეცხლისა ნივთთა. ორმოცი და მეტიცა გასცა ქარვისა და მარჯნისა კრიანესული ფასოვანი. მეფესა და დედოფალსა მოართვა ორი ოქროს თასი, თუმცა მუნ მეგრელიაში, გარნა დიახ მშვენიერად ნაკეთი. მეფის ძეს გიორგის _ ექვსი ჯორი დიდტანოვანი, კათოლიკოსსა _ ომოფორი ძვირფასი.

დასწერეს ჯვარი სასახლისა ეკკლსიასა შინა და დიდითა მზითვითა წარიყვანეს მეფის ასული, მშვენირებითა სავსე ნინა, მენგრელთა ზუგდიდს. სიხარულისა გამო, რომელიცა მიიღეს ესრეთისა დაკავშირებისათვის საქართველოჲსა მეფესთან დადიანთა, დადიანმა კაცია, შესწირა საყოველწელიწადო ძღვენი მონასტერთა დავით გარესჯისა, ნათლისმცემელისა, შუამთისა და სხვათა ეკკლესიათა, მოსახსენებელად მათდა. ძველთა დროთა ჩვეულებისამებრ, წარუვლინეს ფულად და ვეცხლეულად ოთხთავე მართლმადიდებელთა პატრიარქთა და განამგზავრეს მათდა არქიმანდრიტი ხოფისა მონასტრისა ილარიონ და მას დროს მეგრელიაში მყოფი მღვდელმონაზონი მიტროფანე, განმგე იერუსალიმისადმი შეწირულთა მეგრლიაში ყმათა და მამულთა. ესრეთითა წესითა მარადის მოითხოვდნენ ქორწინებისათვის კურთხევასა და ეპისტოლესა ნუგეშად სასახლისა. ესე მიამბო თვით მეფის ასულმან და დედოფალმან მეგრელიისა, ვითარცა იწოდებოდა იგი თვისსა ქვეყანასა, ნინამ, დროსა ჩემისა ყოფნისა მასთანა დაახლოვებულად ს.-პეტერბურღს 1844 წელსა. წინათ ამისა წელიწადისა მიათხოვა ქალი ბარბარე სვიმონ ანდრონიკაშვილსა, კაცსა მდიდარსა ყმითა და მამულითა, მეფისა ირაკლისა საყვარელსა და ვექილად მჯდომსა განჯას, რომელიცა აძლევდა მეფესა მას ხარკსა (ყოველწლივ 3000 თუმანსა). მესამსა წელსა მიათხოვა ქალი თვისი სოფიო თარხნიშვილსა ლუარსაბსა. დიდი იყო ლხინი და შექცევა ქორწილისა გამო მეფის ასულისა ნინასსა. მეგრელთა თავადთა უკვირდათ წესი ღვინის სმისა, და მეტადრე, როდესაც ერთი მეორესთან მივიდოდა სხვითა და სხვითა სასმელისათვის მომზადებულებითათა ჭურჭელითა და არა ეტყოდენ „ალავერდი და იახშიოლ“, ნაცვლად ლექსთა ამათ ჭყონდიდელსა ანტონის, კაცსა ფრთხილსა ცხოვრებითა, მიაგებებდა ჭაბუა მდივან-ბეგი, კაცი მეცნიერი ჭურ-თასსა სავსესა ღვინითა და ეტყოდა: „შეუდგები ქრისტესა?“ ესე სიტყვა და თქმა, ჯერეთ უცნობი იმერეთსა და მეგრელთა შორის, შემოიტანეს მეგრელიაში და ამ დროდგან ხმარობენ ლხინისა დროსა, ესე მიამბო მანვე მეფისა ასულმან ნინა.

19[edit]

მოხუცმან 75 წლისა მღვდელ-მონოზონმან ათანასი შიო-მღვიმელმან, გვარითა ამილახვარმან, 1846 წელსა მომითხრო ამბავი მეფის გიორგისათვის შემდგი:

მეფის ძე გიორგი ექვსის წლისა წინათ ქალაქისა წახდენისა (1789 წელსა) მობრძანდა შიო მღვიმეს და თანჰყვნენ კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი ბესარიონ გარსევანაშვილი (8 თვე იყო კათედრასა) და თეოდორე ბერძენი, წინამძღვარი მთავარ-ანგელოსისა ეკვდერისა, მცხეთისა ეკკლესიისადმი მიდგმულისა. _ მიეგებნენ მთიდამ ჩასავალსა ბილიკსა შემოსილნი მანტიითა წინამძღვარნი უდაბნოჲსა და შევიდა და თაყვანი სცა წმინდისა შიოს საფლავსა და წმინდათა მისთა ნაწილთა. იწყეს მწუხრი დიდი გალობითა იოანე ნათლისმცემელისა ეკკლესიასა შინა, და მერეთ შებრძანდა განმზადებულსა მისთვის სენაკსა. აქა მიირთვა ვახშამი საყველიერო და უბოძა შეკრებულთა მლოცველთა ღვინო თვითოსა მეკომლესა თვითო ხელადა. _ მხიარულმან მეფის ძემან მოუთხრა ცხოვრება წმინდისა შიოსი ესრეთისა დაწვლილებითა, ესრეთითა ტკბილითა ხმითა და მოთქმითა, რომელ მოიყვანა განცვიფრებასა ბერნი, მსმენელნი და თვით ბატონი კათოლიკოსი და მრავლისა არა მცოდნე მთავარ-ეპისკოპოსი. წინამძღვარი თეოდორე მოხუცი და ოდესმე მასწავლებელი ბერძულად გიორგისა, ბერძულისა კილოთი ხშირად დაუმატებდა მეფის ძისა საუბარს სიტყვასა: „გაკურთხოს ღმერთმან!“ გიორგი განმხნევდებოდა და ესიამოვნებოდა ტრფიალებასა მას, რომელსაცა გამოაცხადებდა თეოდორე, და თვით დროთი და დროთი დაამატებდა კვალად აღტაცებისა გრძნობასა ლექსითა: კ ი რ ი ე ლ ე ი ს ო ნ. _ დღესა ხუთშაბათს თვით შებრძანდა ეკკლესისა ცისკრად და წირვისა ჟამსა თვით წარიკითხა სამოციქულო. თანამწირველი თეოდორე იტყოდა ასამაღლებელსა ბერძულად. წირვის შემდეგ სადილისა ჟამსა მგალობელთა თანა კათოლიკოსისა, რომელნიცა უგალობდენ სძლისპირთა, დღისა კონდაკთა და ტროპართა და წმინდისა საგალობელისა მუხლთა, თვითცა გალობდა მეფის ძე. მერეთ მოითხოვა საგალობელნი, რომელნიც ენახა მას სიყრმისა თვისისა დროსა, ოდეს იყო იგი 18 წლისა, თვით ამას მონასტერსა შინა ქმნილი და თხზული არსენი მღვდელ-მონოზონისაგან დაყუდებულისა, რომელიცა ცხოვრობდა როსტომ მეფის დროსა და ახლდა სიყრმით დედოფალსა მარიამს, მეფისა მის მეუღლესა. იყო გურული. ეძიეს და ვერ ჰპოვეს. რავდენიმე მუხლნი თვით მას ახსოვდენ და წარმოსთქვა, და რავდენიმე ახსოვდა ზეპირად მღვდელ-მონოზონსა დომენტის, მოხუცსავე 70 წლისა, გვარით გურამიშვილსა, კაცსა რუსეთშიაც ყოფილსა და განსწავლულსა. _ „სადაა ესე საგალობელი და ვითარ მიეფარა არ ვიცი“, _ მეტყოდა ათანსი. მასვე დღესა მწუხრისა წინათ, გამოეთხოვა მეფისა ძე გიორგი მეუდაბნოთა და წარვიდა მცხეთად. დროსა მას იყვნენ კრებულად 28 მამანი, 4 მწირნი ბერნი, 10 საბერონი, ოცდაოთხნი მსახურნი და 30 მეთოფენი მცველნი. ლეკნი ერეოდენ გარემოთა მცხოვრებთა, და ვერ უძლო უდაბნომან. ამისთვის მეორესავე წელსა (ე. ი. 1790 წელს) დაიცალა უდბნო. ბერნი წარვიდნენ სხვათა მონასტრებში და ხატნი და ჯვარნი წარიღეს ამილახვრიანთ ჭალასა დასაცველად. დღესაცა მისნი ძველნი ხატნი და ჯვარი მუნ იპოვებიან, თუმცა უდაბნო კვალად გაშენდა და შევიდნენ ბერები 1802 წელსა.

20[edit]

მოსრული სრულსა ჰასაკსა მოისურვებდა ფილოსოფოსთა ძველთა სწავლისა მოსმენასა. კათოლიკოსი ანტონი, გარდმომღები რუსულით ქართულსა ენასა ბაუმეისტრისა ფილოსოფოსისა, განუმარტებდა ჰაზრთა და ლექსთა მნიშვნელობათა. მეფის ძესა უნებდა გაგება მათი და ვერა რაჲ გამოსწურა თქმათაგან მათთა მაღალთა, საგანთათვის მაღალთა. _ დაუტევა სწავლა ესე და იტყოდა: „არა მესმის ესე; ვნაყავ წყალსა. „სწავლასა და სიბრძნესა საჭიროსა სახმარსა, სასარგებლოსა და ტკბილსა ვჰპოვებთ ქრისტეს მცნებათა შინა ნამდვილთა და განსვენებისადმი გულისა და გონებისა მიმყვანთა და სულისა დამატკბობელთა. _ შევუდგეთ მცნებათა ამათ და გვეკმავება“. _ ესე ვითარი მისი ჰაზრი იყო მიზეზი, რომელ არა უყვარდნენ მას არცა ფილოსოფოსად წოდებულნი, დროთა მისთა ზაქარია გაბაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, იოანე ოსეს ძე და სხვანი სისტემისა მათისა კაცნი, დაღალულნი კატიღორიითა, დიალეკტიკითა, ტოპიკებითა და სილლოღიზმებითა. „სწავლა ესე თქვენი – უბრძანებდა მათ ხშირად სიცილითა, _ ვითარცა ყინული, ხელში დნება, და გასდის, ვითარცა ფლავისა საწურავსა წყალი“. ესრეთსა მეფისა ამის თქმასა შვილნი მისნი და ძმანი მოიგონებდიან და მეტყოდიან პეტერბურღსა, სადაცა ვსწავლობდი მეცა ფილოსოფიასა, მეფისა ძმანი მირიან, ფარნაოზ, და ძენი მეფისა ბაგრატ, თეიმურაზ და მიხაილ.

21[edit]

ოთახი საწოლისა მისისა იყო მაღალი და გრძელი და ვრცელი. აღმოსავლეთით დიდსა თახჩაში ესვენნენ ხატნი შემკობილნი ძველად მდიდრად, წმიდანი ნაწილნი, ხელი იოანე მოწყალისა და წინაშე მათსა სამნი ოქროჲსა შანდანნი. ამათგან ერთი მეცა მინახავს მეფის ძეს მიხაილთან ს. პ. ბ., რომელთანაც ვსადგურობდი 1843 და 1844 წელთა. ესე შანდანი ანუ სასანთლე იყო 48 მისხალისა წონისა; ზედა წარწერილი ძელისადმი ჭეშმარიტისა შეწირულობისა ესრეთ: „შენ, ძელო ჭეშმარიტო, შემოგწირე სასანთლე ესე: ეს ძელი ჭეშმარიტი გივმა ამილახვარმან მიართვა დედოფალსა თამარს და მისმა სიმაღლემ მეფემან ირაკლი მე ძესა თვისსა გიორგის მიბოძა წელსა 1778. მისხალი არის 48“. სამხრეთისა მხრით ეკიდნენ სახენი ანუ პორტრეტნი პეტრე დიდისა, იმპერატრიცა ეკტერინა II, პავლე ხელმწიფისა, თეიმურაზ მეფისა, თვისისა პაპისა, მამისა ირაკლისა პერღამენტზედ ნახატი. ესე მაჩუქა მე თვით მეფის ძემან მიხაილ და მე მივართვი კნიაზსა მ. ს. ვორონცოვსა. ბუხრისა თავსა აღმოსავლეთითვე იდგა ზარისა საათი, მორთმეული რუსეთით კოვალენსკისაგან.

ჩრდილოეთით იდგა საწოლისა მისისა ტახტი ვრცელი და გრძელი, მდიდრად მორთული და წითელის ხავერდით მოდებული; კედლის სიგრძეზედ იყო მიკრული ხავერდივე. წინარე ტახტისა საწოლისა იდგა გრძელი სტოლი ხავერდ-ფენილი და იდვნენ მას ზედა საწერელი და ქაღალდები და შუაზედ ყუთი, რომელშიაც იდვა ბეჭედი თვისი ოქმთა საბეჭდი, ფული სახარჯო, ლაქა და საიდუმლონი მიწერ-მოწერისა ქაღალდნი. გასაღები ამა ყუთისა ექმნებოდა თვით მას მარადის ჯიბეში. დასავლეთით იყო გრძელივე ტახტი ხალიჩა და ქეჩა ფენილი, მუთაქებით მოდებული, მშვენიერ ნაქსოვისა ფარჩებითა გადაკრულნი. იატაკი იყო დაფენილი ერთისა მრთელისა, თვით ოთახისა ზომისა, მშვენირისა ოხროჲთა.

სნეულებისა გამო აქა მიიღებდა მახლობელთა საქმისა და მომხსენებელთა. აქვე ულოცავდნენ ცისკარსა და მწუხრსა. მეორესა დიდსა ოთახში, რომელსაცა აქვნდა სიგრძე 6 საჟენი და იყო მდიდრათვე დაფენილი, მიირთმევდა სადილსა.

დედოფლისა სადგომნი უმეტეს იყვნენ მორთულნი მშვენივრად და ძვირფასად გარემო ოთახებისა, თახჩებისა, იდვნენ მრავალნი სხვათა და სხვათა ნაკვთთა ჩინურნი ჭურჭელნი და ვერცხლულნი მრავლად.

ზემოჲსა სახლისა ნაჭერნი სადგურნი იყვნენ 22 და ქვემოჲსა სახლის, სადგურად მსახურთა და მხლებელთა პირთა, 22-ვე. ქეშიქთა ანუ მეფის მცველთათვის ცალკედ ნაშენსა სახლში იყო დანიშნული ექვსი ოთახი. მეფისა ქეშიქნი ყოველ დღე იყოფოდენ 25, მეფის კარისა ხარჯითა და ულუფითა.

გარდა სასახლის მხლებელთა, გარე სასახლისა სასახლისავე ოჯახნი დღე-ყოველ მიიღებდენ ხორცა, პურსა და ღვინოსა, და მარხვისა დღეთა ნაცვლად ხორცისა, ლობიოსა, სისირსა და სხვათა სამარხოთა. _ სახლსა ჩემსა აქვნდა დანიშნული დღე-ყოველ ერთი ლიტრა ხორცი, ერთი თუნგი ღვინო, 4 ჯიგანა და 3 ლავაში. ესე იყო მიზეზი, რომელ შემდგომად მეფობისა პაპასა ჩემსა მღვდელსა ონისიმეს დაუნიშნა იმპერატორმან ალექსანდრე პირველმან ციციანოვის წარდგენითა 200 მანეთი და იღებდა მას დღედმდე გარდაცვალებისა 1817 წელსა.[1]


  1. აჰა ნამდვილი მოწმობისა პირი:
    „ჩვენ, ქვემოხელმომწერნი ხელისა თხოვისამებრ მოხუცებულისა საქართველოს სამეფო კარის ეკკლესიისა მღვდლის ონისიმესა, ვმოწმობთ, რომ ესე ხსენებული მღვდელი პირველად ხლებია განსვენებულსა მეფესა თეიმურაზ მეორესა და შემდგომად განსვენებულსა მეფესა ირაკლი მეორესა და უშემდგომესად განსვენებულსა მეფესა გიორგის, და ნიადაგ ჰქონდა ამას მეფეთაგან წელიწადში პური კოდი ორმოცი, და ფული ვეცხლისა თუმანი ოცი. რომელსაცა დანიშნული ესე რიცხვი პურისა და ფულისა მიეცემოდა მიუცილებლად: პური სოფლებზედ და ფული თვით მეფეთაგან ხელდახელ, გარდა სხვათა შესაწევნელთა ნივთთა. 2 იანვარს 1804.
    კათოლიკოს-პატრიარქი ყოვლისა საქართველოჲსა ანტონი.
    არქიმანდრიტი ლოდბარი გერასიმე.
    არქიმანდრიტი და წევრი დიკასტერიისა ტრიფილე.
    თავადი ორბელიანი იოანე.
    თავადი ბარათოვი ზაალ.
    თავადი იოანე ჩოლაყაევი.
    თავადი ორბელიანი გიორგი.
    თავადი ევსტათი ციციანოვი.
    თავადი სულხან თუმანოვი.
    მოწმობისა ამის ძალითა და კნიაზის ციციანოვის წარდგინებითა მიეცა მას ონისიმეს 20 თუმანი წელიწადში პენსია.

22[edit]

აღზრდილსა სიყრმით მართლმადიდებლობისა მქადაგებელთაგან უყვარდა ტრფიალებითა ეკკლესიისა დღესასწულნი, დღეთა რომელთამე, ვითარცა თვით იტყოდა, ქვეყანისა ცად გარდამაქცველნი, ესრეთ ქრისტეს სიყვარულითა დამთვრალი მეფე იხარებდა და იშვებდა სულითა, ოდეს დაესწრებოდა თვით ეკკლესიისა ტაძრისა დღესასწაულსა. ესევე ტრფიალი სულისა წმინდათადმი ხატთა, მოღვაწეთა მათთა გამომაცხადებელთა და პირველ-სახისადმი აღმაწევნელთა იყო მიზეზი, რომელ შემდგომად წირვისა თაყვანსა სცემდა ხატთა, ამბორსა უყოფდა მათ დიდებით მათ ზედა, ღვთისა მადლისა მექონეთა, შუბლსა და თვალთა და ოდესმე მაღლად დასვენებულთა ხატთა, ერთსა წვერსა ყავარჯენისა გრძელისა, რომელსაცა მიართმედნენ მფესა დასაყრდნობელად, ემთხვეოდა თვით, და მეორესა წვერსა შეახებდა კრძალვითა თვით ხატსა წმინდასა.

ესე მრავალთა, არა განმგებთა სარწმუნოებითისა მისისა მხურვალებისა, ეჩვენებოდათ საქმედ უშვერად. ესრეთსავე მაგალითსა შეუდგა შვილიცა მისი მიხაილ და დღე ყოველ ვხედავთ ესრეთ მლოცველად და ამბორისა მყოფელად წმინდათა ხატთა.

დღეთა ამათთვის დღესასწაულითთა, ზედაშედ ღვინო მეფისა და სახაბაზოდამ მეფისა სეფისკვერი მირთმეოდა მღვდელთა და მწირველთა ეკკლესიათა მათ, სადაცა იქმნებოდა თვით მეფე მედღესასწაულეთა შორის მლოცველი; ეგრეთვე სანთელი და საკმელიცა, _ ძველისა აქამომდე ადგილ-ადგილ დაშთენილისა ქართველთა ჩვეულებისა გამო.

23[edit]

განმაახლებელმან წმინდისა გიორგის ეკკლესიისა, აღშენებულისა სვიმონ ზანიშინისაგან, დასდვა იგი კარის ეკკლესიად; მას შინა დაასვენა დროშა თვისი და შესწირა ბარძიმ-ფეშხუმი ვეცხლისა შემდეგისა ზედა წარწერითა:

„ქ. შენ მოწამეთა შორის მხნესა და ღვაწლით შემოსილსა, უძლეველს მთავარ-მოწამესა წმინდასა გიორგის შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი ბარძიმი ესე მე ყოვლად უღირსმან და ცოდვილმან ბატონისშვილმან გიორგიმ, რათა მეოხ მექმნა საშინელსა მას მეორედ მოსვლასა ქრისტესა მეუფისასა. ამინ. 1768. ქრისტეს აქეთ ჩღჲჱ, მისხალი ტ (300)“.

ესრეთივე ზედაწარწერა არის ფეშხუმზედ, რომლისაცა წონა არის დანიშნული: „რა (101) მისხალი“.

კვირას და დღესასწაულისა დღეთა შინა, მოსმენადმდე საღმრთოჲსა ლიტურღიისა, არა რასა მიირთმევდა. შემდგომად წირვისა მოართმევდენ ეკკლესიასა მასვე სეფსკვერსა და ზედაშესა. ესრეთი იყო ჩვეულება ძველთა ქართველთა და მრავალთა შორის ჰგიეს ესევე დღემდემცა მრავალთათვის. ვიტყვი „მრავალთათვის“ ამისთვის, რომელ შესრულთა რეცა ევროპიისა ჩვეულებათა და განათლებულად საგონებელთა, არღა დიცვეს კანონი ესე მერყეობისა გამო სარწმუნოებასა ზედა.

24[edit]

არიან განკვირვებასა, რად დასუსტდა მორწმუნეობა ეს რუსეთისა მართლმადიდებელთა შორის და რად მოედვა სენი ესე ქართველთა ყრმათა. გონებისა განკვირვებასა მათსა ვეცინი. ნუუმე ვერ ხედვენ მიზეზსა? მთავრობა რუსეთისა აღირჩევს ზედამხედველად და მასწავლებელად მართლმადიდებელთა სასწავლოთათვის კაცთა არა მართლმადიდებელისა სარწმუნობისა, მერყევთა ქრისტიანობასა ზედა, არცა ღიზოთა, არცა შატობრიანთა, რომელნიცა ფილოსოფიითა არა ქრისტიანობენ ანუ ქრისტიანობითა არა ფილოსოფოსობენ, და გონებისა მაღლისა მოარულობითა ისტორიათა შინა მსოფლიოთა და ეკკლესიისა დაწვრილებითა პირუთვნელებითა ძიებითა არა ხედვენ სარწმუნოებისა ნათელსა. _ ესენი და მათთაგან აღზრდილნი ყრმანი, წარმკითხველნი ბუნებითის ისტორიისა, ჰგონებენ საღმრთოჲსა წერილსა არა რაობასა. არა ჰყავსთ ჩამგონებელნი და მთქმელნი, რომელ მეცნიერებისა ნამდვილ თვალითა მხედველთა არა რაჲ უთქვამსთ (კუვიესა, სტეფენსა და ესე ვითართა) წინააღმდეგი არცა მოსეს წერილთა ზედა და არცა სახარებისა მცნებათა და დოღმატთა ზედა. ვასილი დიდი და ორიგენი და გრიგორი ნაზიანზელი და სხვანიცა ღრმად იყვნენ მცოდნენი ბუნებისა დროთა მიხედვით. მეცა ვარ წარმკითხველი ახალთა წერილთა ბუნებისა და ვერ ვჰპოვე რაჲმე ჰაზრი ყოვლადი და მტკიცე, დამარღვეველი სახარებისა. _ რენანიო? იტყვიან. ესე რენანი დიდად სუსტი მტერია ქრისტესი. _ სხვანი ნემეცთა მწერალნი, ვითარცა შლეიერმახერი [1] და შედგომილნი მისნი, უმეტეს ღირსნი არიან ყურადღებისა. გარნა გონიერად და აუჩქარებელად გამომეძიებელი წერილთა მათთა შესწუხდება, რად სთქვა ესე და ესეო.

გარნა ესე ყოველი სათნო და არა სათნო გონებისა და მეცნიერებისა ღვთისა შემოქმედისა და ღვთისა სოფლისა მხსნელისა საჭიროა სიმტკიცისათვის თვით სარწმუნოებისა. უფრორე ნათლად განბრწყინდბა ქრისტიანობა, უმეტეს დამტკიცდება იგი კაცთა ნათესავისათვის, ვითარცა იყო შემდგომად არიოსისა, შემდგომად ივლიანესსა მდევნელისა, შემდგომად მეფეთა ხატთა მბრძოლთა, შემდგომად ფრანცუზთა მწერალთა ქრისტეს სახარებისა და ჯვარისა რეცა კაცთა გონებისათვის დასაკდმელთა რათამე, რობესპიერისაგან დამარხულთა მიწასა შინა. ნუ ივიწყებენ იოანე მახარებელისა სიტყვასა: „ნ ა თ ე ლ ი ბ ნ ე ლ ს ა შ ი ნ ა ს ჩ ა ნ ს დ ა ბ ნ ე ლ ი ი გ ი მ ა ს ვ ე რ ე წ ი ა“.


  1. ფრიდრიხ-დანიელ შლაიერმახერი (1768-1834 წწ.) იყო გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მქადაგებელი, გერმანულ ლიტერატურაში იმ დროისთვის ახალი მიმდინარეობის _ რომანტიზმის ფილოსოფიური საფუძვლების ერთერთი მთავარი ჩამომყალიბებელი, ფრიდრიხ-ვილჰელმ შელინგთან ერთად. იგი გახლდათ გერმანიაში რეფორმატული (კალვნისტური) ეკლესიის მღვდლის (პასტორის) შვილი და აღზრდილი იყო კალვინიზმის სწავლებაზე. აქედან არის ერთის მხრივ წმინდა წერილის კარგი ცოდნა და მჭერმეტყველური ქადაგება შლაიერმახერთან, ხოლო მეორეს მხრივ კი მცდარი რელიგიური მოძღვრების განმსაზღვრელი გავლენა მის შეხედულებებზე, რაც ასე აოცებს მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში აღზრდილ პლატონ იოსელიანს. (ი. ხ.).

25[edit]

დიდად დატკბებოდის მეფის ძე მამათ ცხოვრებისა კითხვითა უდბნოთა შინა სადილისა და ვახშამისა ჟამსა ძმათა სატრაპეზოსა. რაოდენჯერმე განმამეორებინა სიტყვა ანტონი დიდისა მეგვიპტელისა, _ მეტყოდა მოძღვარი ჩემი, მღვდელ-მონოზონი გაიოს, მოხუცი (გარდაიცვალა თფილისს 1864 წელსა) _ „თევზი მიიძინებს, ოდეს აღმოიყვან მას წყლიდამ: ესრეთვე მეუდაბნოე უძლურებს, ოდეს შევალს სოფელსა და ჰგიებს ქალაქთა შინა: ვისწრაფოთ და ვრბიოდეთ მთათადმი ჩვენთა სამონოზნოთა, ვითარცა თევზნი წყალთადმი“. _ მეფე განამხნევებდა თვით მეუდაბნოეთა კეთილმსახურებითა თვისითა. მარხულობითა თვისითა აჩვენებდა მარხულობისა სიმტკიცესა; ლოცვითა თვისითა ამრჩობლებდა ლოცვასა და ვედრებასა მათსა ღვთისადმი; ცრემლსა თვისსა შეაერთებდა ცრემლსა მათსა და სარწმუნოებითა თვისითა განამტკიცებდა მორწმუნეობასა მათსა, ვითარცა მერცხალი უდაბნოსი, შესრული ბუდესა შინა თვისსა, გალობდა ღვთისა გალობასა. ვინ იტყვის უცოდველად ბოროტსა მეუდაბნოეთათვის: არიანო უსარგებლონი. ყრმანი ჩვენნი, თავადთა, აზნაურთა და გლეხთა, სწავლობენ აქა წერასა, კითხვასა, გალობასა, ღრამმატიკასა, რიტორებასა, ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებასა; აქა ინახებიან ობოლნი და გლახაკნი; აქა იკურნებიან სნეულნი; აქა იკვებებიან მშიერნი; აქა სნეულნი სულითა მიიღებენ სიმრთელესა; აქა მწუხარენი, ვითარცა სასნეულოსა, ნუგეშ იცემებიან და ჰპოვებენ სიხარულსა და შვებასა, რომელსაცა ხშირად დავნატრით სოფლისა მდიდარნი და ნეტარად საგონებელნი. ბრძოლისა ჟამსა, სიტყვითა და ჯარითა შველიან ქვეყანასა; სიმშილისა დროსა გვიძღვნიან პურსა და ღვინოსა, საკლავსა და ცხენსა, ურემსა და მეურმეთა. _ ნუუმე კვალად იტყვის ვინმე უსარგებლობასა მათსა ქვეყანისათვის. მეუდაბნოენი სძულთ მხოლოდ არა წმინდათა, მრუშთა, ამპარტავანთა, მტაცებელთა, მეშფოთეთა, რომელთაცა სდევნიან იგინი თვისითა ცხოვრებითა, ეპისტოლეებითა და ქადაგებითა. ეშინის ბოროტთა მათი, ვითარცა ეშმაკსა ღვთისა; ვითარცა ცუდთა მონათა უფლისა თვისისა კეთილისა; ვითარცა სჯულისა გარდამავალსა მსაჯულისა ჭეშმარიტისა. მეუდაბნოეთა შეყენებულთა სამხოლოოთა შინა, არა რაჲ აქვსთ საკუთრებად. სიმდიდრე მათი არა არის დაფარული ჩვენგან; საუნჯე მათი არა არის ჩვენთვის უხილავი. ესე ყოველი შემოდის ჩვენკენ, ვითარცა ნაკადი წყაროსი, ყოველგან მიმომდინარე. ნათელი სწავლისა მათისა მოიფინების ჩვენდა, ვითარცა შუქი მზისა. ნყოფი ნაშრომთა მათთა ჩვენთვის არის უშურველი. რომელი არა განასწავლეს მათ? რომელი არა განაძღეს? ვინ არა განკურნეს, მისრული მათდა სამკურნალოდ? რომელსა დაუხშეს კარი სტუმართ-მოყვარებისა, უცხოთ შეწყნარებისა, მტერთა სიყვარულისა? მოძულენო ქრისტესნო და ეკკლესიისა წესდებისა, სდუმენით; იკდემდით და ირცხვენდით კადნიერად მოუბარნო წინააღმდეგ ქრისტეს სახარებისა.[1]


  1. დროთა ამათ იყვნენ გამოჩენილად და ბრწყინავდნენ ვითარცა მნათობნი უდაბნოთა:
    ს ა ბ ა, ბერი მწირი, მოსული დავით გარესჯას იმერეთით, საყვარელი მეფის ძისა გიორგისა, მხნე სულითა და ხორცითა. ესე იყო ნათლია ანუ მიმქმელი მეფის ძის მიხაილისა.
    ს ე რ ა პ ი ო ნ, ნათესავით იმერელი. 28 წლისამ დაუტევა სოფელი და ისწავა მორჩილმან უდაბნოჲსა ნათლისმცემელისა წერა და კითხვა. მეფემან თეიმურაზ უბოძა წინამძღვრობა და 120 წლისა გარდაიცვალა 1762 წელსა. მოღვაწებასა მისსა ამსგავსებდნენ ძველთა თებაიდისა და პალესტინისა მეუდაბნოეთა. დღესა ერთსა ბერი სნეული მიიცვალებოდა და მოისურვებდა წინამძღვრისა თვისისა ნახვასა. მოახსენეს ესე სერაპიონს, და ამან არა გაწყვიტა კითხვა ლოცვანთა და ბერი გარდაიცვალა. იქმნა დრტვინვა ძმათა. მაშინ შევიდა სენაკსა მას გარდაცვლილისა ბერისა და ხმამაღლა უბრძანა ბერსა: „ს ა ხ ე ლ ი თ ა უ ფ ლ ი ს ა თ ა ა ღ ს დ გ ე ს“. აღდგენილსა მკვდრეთით, აღუთქვა, კვალად სიცოცხლე ერთსა წელსა. ესე მომითხრა მე მოხუცმან მღვდელმან ლაზარემ საგარეჯოელმანო, _ მეტყოდა მე მეფის ძე მიხაილ.
    გ ა ბ რ ი ი ლ ნათლისმცემელისა უდაბნოჲსა მოღვაწე. ამან 1779 წელსა უანდერძა მეფის ძეს გიორგის ხატი სასწაულმოქმედი ღვთისმშობლისა, ოქროთ მოჭედილი. ესე ხატი შემდგომად მეფისა გიორგისა აქვნდა მეფის ძეს მიხაილს. ვის დარჩა ესე შემდგომად მიხაილისა, არ ვიცი.
    გ ე ნ ნ ა დ ი 140 წლისა მწირი ბერი ნათლისმცემელისა, გვარით თულაშვილი, დიდი მოღვაწე. კვირისკვირამდე მმარხველი, სალთხუცეს ყოფილი დავით ერისთავისა. 60 წელი არ ენახა სოფელი, არც არავის ეჩვენებოდა მოსრულთა მონასტერსა შინა, გარნა ოდესმე ეპისკოპოსთა და მეფეთა მუნ მისრულთა. გარდაიცვალა 1721 წელსა.
    ი ლ ა რ ი ო ნ ხევსურელი, კაცი მართალი და წრფელი, მღვდელ-მონოზონი. 80 წლისა მიიცვალა დავით გარესჯას.
    დ ა ნ ი ი ლ ბერი, მოწაფე სერაპიონისა, 4 წლიდამ უდაბნოსა შესრული.
    გ ა ბ რ ი ი ლ ბერი, მოწაფე სერაპიონისავე, 120 წლისა, პირველად დოდოს მონასტერსა ყოფილი. მოკლეს ლეკთა 1802 წელსა. ამან იმარხვა 40 დღე, რათა ჰპოვოს ხატი ღვთაებისა წმინდის ანტონის მარტომყოფის მონასტერსა.
    ვ ე ნ ე დ ი კ ტ ე ფავლენიშვილი, მოკლული ოსთაგან 1822 წელსა.
    თ ო მ ა გარსევანიშვილი, წინამძღვარი დავით გარესჯისა; ამას წაართო წინამძღვრობა დავით ბატონიშვილმან, და მისცა ილარიონ ბებურიშვილსა, და გარდაიცვალა 1802 წელსა 120 წლისა; მასწავლებელი მრავალთა თავადთა და აზნაურთა.

26[edit]

ბერძენთ სინას-მთისა წინამძღვარნი ძველადვე ეაჯებოდენ მეფესა, მისცენ და შთააბარონ ეკკლესია გუმბათიანი აბანოჲსა თფილისისა გზასა ზედა დაფუძნებული და სომეხთაგან თურქთა დროს მიტაცებული ფაშისაგან და მისთა კარისკაცთა მოსყიდვითა. მეფემან ირაკლი მეორემან ვერ აღასრულა ესე, რათა არა აწყენინოს სომეხთა მომავალთა თფილისად, საჭიროთა ვაჭრობისათვის. მეფე გიორგისა ჟამსა დანიშნეს, როგორცა სჩანს საქმიდამ მეფისა გიორგისა, ეშიკაღაბაშ ასლან ყაფლანიშვილი და სხვანი მდივან-ბეგნი განსახილველად საქმისა. საქმისა განხილვისა დროსა ცნობილმან კათოლიკოსმან სომეხთა ლუკა და ეჩმიაწინისა კრებულთა, მოსწერეს მეფესა წერილი და თხოვა ვედრებითი, არა მოეღოსთ სომეხთა ეკკლესია, რომელსაცა ფლობენ ადრიდგან სომეხნი. შესწუხდა მეფე და უნებდა რათამე და როგორმე დააკმაყოფილონ ბერძენთა წინამძღვარნი. გარნა საქმე ესე ცხადად აღმოჩნდა სასარგებლოდ ბერძენთა, რომელ მეფემან ბრძანა წარუვლინოს საქმე და მოხსენება მდივან-ბეგთა მარქარ ვარდაპეტის ხელითა და ინებოს თვით კათოლიკოსმან ლუკამ ქმნას განჩინება სამართლიერი. მისრულმან მარქარ ვარდაპეტმან განუმარტა დავა ბერძენთა. დაგვიანდა პასუხი და გარდაწყვეტა კათოლიკოსისა; მეფე გიორგი გარდაიცვალა და დაშთა ეკკლესია დღემდე სომეხთა.

27[edit]

ამასვე დროსა წინათ გარდაცვალებისა მეფისა იყო დაწყობილი დავა ათონისა მთისა წინამძღვართაგან დაქცეულისა შააბაზისა დროდგან 40 მოწამეთა ეკკლესიისა. ეკკლესია ესე იყო თვით იგი, რომელსაც მოიხსენიებს ცხოვრება წმინდისა მოწამისა აბოსი. ეკკლესიისა ადგილსა დანაქცევთა ამათ, ედავებოდა თფილისელი თათარი... ვეზიროვი. მფესა უნებდა მიცემა მათი ათონისა მთისა მამათათვის; გარნა სიკვდილმან უსწრო მეფესა და ვერ გარდაწყდა საქმე და საჩივარი. რუსთა მთავრობისა დროსა 1840 წელსა სენატისა უქაზითა ჩაბარდა ვეზიროვთა და ესენი ფლობენ ადგილსა მას და აშენებულთა მას ზედა სავაჭროთა დუქანთა დღემდე.

28[edit]

ყაენის მოსვლისა წინათ თფილისს მეფის ძესა გიორგის მიენდვა ქიზიყის ჯარისა შეყრა. წარგზავნილმან სიღნაღს, სცნო დაბარება იმერეთიდამ იმერთა ჯარისა. დედოფალსა დარეჯანს არა ენება რათა მეფის ძისა გიორგის დროშა პირველობდეს სამეფოში. მეფის ძეს თან ახლდეს ჟამთა ამათ ქიზიყისა მოურავი ზაქარია ანდრონიკაშვილი და ცოლის ძმა მეფისა ძისა რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელსაცა მეფემან ირაკლი, დედოფლისა დარეჯანისა რჩევითა, ადრევე მოუღო ქიზიყის მოურაობა და მიუბოძა ზაქარიასა, რომელსაცა ჰყვანდა ცოლად ასული მეფისა ირაკლისა ელენე. ესრეთ არა კმაყოფილმან რევაზ და მარადის მდრტვინველმან მეფეზედ, თუმცა შეჰყარა ჯარი ქიზიყისა, გარნა არა სურდა შეერთებულიყო მეფისა ჯართან, თფილისსა შეგროვილისა. _ „უშველოს ზაქარია მოურავმან, _ იტყოდა რევაზ, _ ქვეყანასა: როცა გაუჭირდათ მაშინ მომიგონეს?“ მეფის ძეს გიორგის არა ჰქონდა ბრძანება ირაკლისა არცა ჯარისა შეგროვებისა და არცა მოსვლისა თფილისად. ესე ნამდვილი არის და არცა საეჭვოა. იოანე მალხაზის ძე ანდრონიკოვი (ღენერალ-ლიტენანტი დღესაც ცოცხალი) ხშირად მოიგონებს საქმესა ამას და ვიცი ესე მისგანაც პირუთვნობელობით. რევაზ გავიდა მტკვარსა პირისპირ აღსტაფისა და დაუხვდა ყარაბაღისა და შამშადილისა საქონელსა, რომელნიცა მოყვანდათ ქართლსა დასახიზნავად; მოსტაცა იგი და წარიყვანა კახეთსა და ვითარცა იავარი განუწილა ქიზიყელთა. მეფემან სცნო ესე და იწყინა, გარნა არ იყო დრო საქმისა განხილვისა. სპარსთა განვლეს ხიდი გატეხილი და მიახლოვდებოდნენ თფილისსა. ზაქარია მოურვმან, კაცმან მხნემან და არა ეგოდენ ძლიერმან ხმითა და ღირსებითა ვითარცა რევაზ, მარტყოფისა სოფლიდამ ვიდრე ქიზიყადმდე შეგროვილითა ჯარითა 600 კაცითა მოვიდა თფილისს. რევაზ და მეფის ძე გიორგი დარჩნენ ქიზიყსა, _ და სცნეს მხოლოდ დამარცხება იმერთა ჯარისა, უნიჭოება ზაქარია მოურვისა, აღება სპარსთაგან თფილისისა და გაქცევა მეფისა კაიშაურსა.

მეფის ძე გიორგი მწუხარებდა უფრო ამისთვის, რომელ აბრალებდნენ მას მოღალატობასა და ვერც გამოაცხადებდა მამისა თვისისა რიდითა მას, რომელ არა ჰქონდა უფლება ჯარის შეყრისა უბრძანებოდ. ეგონათ, რომელ იმერეთისა ჯარი და ქართლისა ეკმაოდა სპარსთა დასამარცხებლად. ესევე იყო მიზეზი, რომელ დღეინდელად დღედმდე ქიზიყელნი ვერ მოიხსენებენ კეთილად მეფესა გიორგის, რომელსაცა სწამობენ, მტერობით ვითამც მამისა, ესრეთ სუსტად მოქცევასა გაჭირვებისა დღეებში.

29[edit]

1786 წელსა აგვისტოს 8, ვითარცა სჩანს ოქმიდამ აზნაურის მიქელოვისა, (მეფის ძე გიორგი) იყო დუშეთს. აქა ესტუმრა არაგვისა განმგესა მეფის ძეს ალმასხანს ანუ ვახტანგსა და აღვიდა ალევისა მთასა დღესა 16 აგვისტოს დღესასწაულობისათვის დღისა ღვთისა დედისა მიძინებისა. აქავე დიდისა მზადებითა, ვითარცა ქრისტიანე მიიღო მან წმინდა საიდუმლო და შესწირა ვეცხლისა დიდი თასი ზედა დაწერითა: „მეფის ძის გიორგის ვარ მისხ. ნე (55)“. დაჰყო აქა მთასა მაღალსა დღე სამი. აქედამ მიიწვიეს ერისთავთა და იყო კორინთასა, ქარჩოხისა მთასა ლომისას, სადაცა შესწირა ძველად აღშენებულსა წმინდისა გიორგისა სახელზედ ეკკლესიასა ჩარექა ვეცხლისა და დასდვა მუნ თაყვანისსაცემად ჯვარი ვეცხლისა ზედა წარწერითა: „ჯვარო პატიოსანო, იყავ მფარველ მეფის ძისა გიორგისა“.

მუნით სთხოვეს კაიშაურის მთათა შინა ძველად მკვიდრთა საქონლითა და ძველადვე დეკანოზთა და სამღვდელოთა მის ეკკლესიისა, არაგვისა მხრით, ბურდულთა. ესრეთ არაგვის ხეობით მოვიდა ანანურს და აქედამ შევიდა ჟინვანისა გზითა ფშავსა და ხევსურეთსა. ხევსურეთისა სამზღვარზედ მოეგებნენ ქისტნი მრავლად ძღვნითა. ლაშას ჯვარსა მიართვა ვეცხლითა მოჭედილი ხატი წმინდის გიორგისა. აქედამ გარდავლო მთა ბორბალისა და მივიდა თიანეთს, მერეთ ერწოსა, სადაცა უმასპინძლეს მას თავადთა ტუსიანთა, ვითარცა ადგილთა მათ მებატონეთა; განვლო რამე ერთი ნოკორას და სიონისა ეკკლესიისა ზღუდეთა შინა მოილოცა საფლავი წმინდისა მოწამისა მეფისა არჩილისა პირველისა. ამა გზით წარმოვლო ბოდავსა და შესწირა ხატი წმინდისავე გიორგისა ბოდავის ეკკლესიასა ძველად აღშენებულსა მაღალსა მთასა ზედა.

მუნით მოვიდა ბულაჩაურსა და მიიღეს თავადთა ხიმშიაანთა. აქედამ გამოვლო მდინარე არაგვისა და მოვიდა მცხეთას. აქა გამოეთხოვა ძმათა თვისთა მეორისა დედითგან ალმასხანს და კათოლიკოსსა ანტონის და მივიდა თფილისად.

30[edit]

1788 წელსა მოვიდა მეორედ მეფის ძე გიორგი დუშეთსა და თანა ჰყვა მას წილკნელი ამბროსი, კაცი სათნო და კეთილი, არა დახელოვნებული სწვლათა შინა, გარნა ყოვლად ტკბილი, დუმილისა მოყვარე და მშვიდი. მეფის ძესა, მამისა თვისისა თანხმობითა და მინდობითა უნებდა ქრისტიანობისა გამო მთათა შინა გარდასვლა კობსა და ვიდრე დარიალამდე, სადაცა იყო სამზღვარი ქართველთა. მას ახლდნენ აქა ლალა თვის სვიმონ მაყაშვილი, სასახლისა მღვდელი ონისიმე იოსელიანი, დავით ხუცესი ნათლისმცემელისა თფილისის ეკკლესიისა, თავადი ბარათაშვილი, თავადი ბარძიმ ხიმშიაშვილი, მამა მის ხიმშიაშვილისა, რომელმანცა სცა ხანჯალი და მოჰკლა ღენერალი ლაზარევი, თავადი იოანე ანდრონიკაშვილი.

დუშეთიდამ დარიალამდე სლვა მეფის ძისა იყო სლვა მოციქულთა. ყოველთა ნიშთა და წმინდათა ხატთა თაყვანის საცემლათა ადგილთა ზედა მივიდოდნენ და გალობდენ პარკლისსა და დაასვენებდენ ჯვართა, მიუბოძებდენ ბავრაყთა და ადიდებდენ მაცხოვრისა სახელსა. სადაცა იყოფოდა ეკკლესია შერყეული, აკურთხევდენ და არა შერყეულთა შინა შესწირვიდენ უსისხლოსა მსხვერპლსა. მარჯვნივ და მარცხნივ დიდისა არაგვისა და თერგისა ხეობითა ხეობაებთა შინა შევიდოდნენ და ისადგურებდენ მუნ, სადაცა ძველადვე აქვნდათ მემკვიდრეთა მუნ ხატნი ანუ ნიშები ანუ ხატისა ტყეებნი. მეფის ძე უძღვნიდა ხატთა და ჯვართა ადგილთა ამათ, პატივცემულთა ერისაგან. წილკნელი ამბროსი უკურთხევდა ბავრაყთა და სხურებითა აიაზმისა განსწმენდდა ადგილთა და მკვიდრთა დასახლებულთა გარემო თაყვანისცემულთა მათგან ადგილთა. თვით მკვიდრნი ამათ შინა ადგილთა მცხოვრებნი, უძღვნიდენ ცხოვართა, ძროხათა და თხათა, ერბოსა და ყველსა სამასპინძლოდ ქრისტეს სახელისა მქადაგებელთა. მგალობელნი იტყოდენ გალობათა ძილისპირთაგან და სტუმრობისა დროსა თვით მცხოვრებნი იმღერდენ სიმღერათა თვისთა მათითა წესითა. დეკანოზთა ერისა მათგან დადგენილთა მიეცემოდა მათგან უფლება, რათა იცვიდენ ადგილსა პატივითა, ხატთა, ჯვართა, ბავრაყთა და სხვათა შეწირულობათა. მეფის ძე მხიარულობდა განთესვისა გამო ქრისტიანობისა ნიშანთა, ძველთაგან არა შერყეულთა. ეპისკოპოსი ამბროსი იხარებდა სულის მხიარულებითა ქრისტეს მიერ. მკვიდრნი მთიულნი დღესასწაულობდენ დღესა ამას დღისა ხატთა თვისთა ენკენიობასა. მხლებელნი მათნი ეკვირვებოდენ ესრეთითა ადგილითა გზითა და ღონითა და საშუალებითა ქრისტიანობისა დამკვიდრებასა თავთა შინა მათთა და გულთა შინა მათთა. დღესა ერთსა განისწავებოდნენ მცხოვრებნი ადგილთა ამათ ქრისტეს მიერ ზნეობითა, ესრეთ მსუბუქად და ადვილად, განსაკვირვებელად დიდთა სოფლისა მის მეცნთა პლატონთა, სოკრატთა და არისტოტელთა. ესრეთ შეიტანეს მთათა ამათ სწავლა მაცხოვრისა მეფეთა მირიან, ვახტანგ, არჩილ, დავით აღმაშენებელმან, დედოფალმან თამარ, ლაშამან გიორგი და შემდგომთა მათთა.

უკუქცეული მუნით მეფის ძე გიორგი მოვიდა დუშეთისა გზით მუხრანს, მუნ ეწვია წილკნელსა ამბროსის და აქედამ წარვიდა თფილისს.

გოშპარ კობიაშვილი, მოხუცი 112 წლისა გარდაცვლილი 1864 წელსა, იტყოდა: „მახსოვს დღე ესე მეფის ძის გიორგის მობრძანებისა არაგვზედ; ყმაწვილი ვიყავ და მამსახურებდენ მე თავადთა, რომელნიც ახლდენ მას ბოდორნისა დღესასწაულსა. ამბროსი წილკნელი ბრძანდებოდა მუნ მწირველიო, და იტყოდენ კაცნი და ქალნი მრავლად. არ იამა ბატონიშვილს ალმასხანს მეფის ძის გიორგის არაგვზედ მოსვლაო. ყმაწვილობისა გამო ჩემისა, მათი შინაური ამბავი ჯერ არა ვიცოდი რაო; ეს კი კარგად და ცოცხლად მახსოვსო, რომ ათამდინ ყმაწვილნი კაცნი მოვედით არაგვის ჭალასა ბოდორნისა ძირში და დავიჭირეთ თოფით მოკლულნი ხოხობნი და მივართვით ბატონსაო. დროთა ამათ მრავლად იყო ხოხობი ჭალებში გაღმა და გამოღმა არაგვისა. იმ დროს, როდესაც გულხეთქებით ავედით ბოდორნასა და მივართვით ხოხბებიო, მამამთავარმან ბოდორნისა მოხუცმან ბესარიონ... მიართვა ცოცხალი ორაგული აქვე არაგვში ბოდორნისა ძირში დაჭერილი და მეფის ძემან უბოძა ფული, საჩუქარი, და ჩვენ ყმაწვილებს გვეწყინა, რადგანაც არა გამოგვივიდა წყალობა რამე“.

31[edit]

ოდეს მეფემან ირაკლი დაადგინნა შვილნი თვისნი სხვათა და სხვათა ადგილთა ზედა საქართველოსა სამეფოსა, და მისცა განსაგებელად არაგვი _ შვილსა თვისსა ალმასხანს, _ მაშინ უმცროსი ძე ირაკლისა ფარნაოზ ჯერეთ 15 წლისა დარჩა უადგილოდ. მეფემან ბრძანა, რათა დრომდე იყოს და სცხოვრობდეს ესეც დუშეთს ძმისა მისისა ალმასხანისა თანა. ესრეთითა ბრძანებითა წარვიდა იგი დუშეთს და ალმასხან ადრევე ცნობილი ესრეთისა მეფისა განჩინებისა გამო, შესწუხდა და ოდეს მივიდა დუშეთს ფარნაოზ, მან ძმამან იგი არ მიიღო. თანამხლებელთა უქადეს თობისა გავარდნა და აზნაურნი არაგვისა, შთაგონებულნი ალმასხანისაგან, იტყოდენ სიტყვათა მკვახეთა. ამისთვის მასვე დღესა უკუმოიქცა ფარნაოზ და მოვიდა ტინის გზით მჭადის-ჯვარს და ისადგურა რამდენსამე კვირასა სახლსა დისა თვისისა მეფის ასულისა ქეთევანისა, მეუღლისა თავადის იოანე მუხრანის ბატონისა.

მეფემ ირაკლიმ სცნო ესე და დიდად შესწუხნა. დედოფალი დარეჯან მრისხანებდა შვილზედ და უნებდათ მეფესა და დედოფალსა გამოდევნა არაგვიდამ ალმასხანისა; მაშინ ჭაბუა ორბელიანისა რჩევითა შევიდნენ შუამდგომლობასა კათოლიკოსი ანტონი და თვით მეფის ძე მემკვიდრე გიორგი და მათთან მახლობელი დეკანოზი სიონისა იოანე ოსეს ძე. ორნივე ესენი წარვიდენ მუხრანის გზით დუშეთს, წარიყვანეს თვისთანა მეფის ძე ფარნაოზ და დროებით დაასადგურეს ალმასხანთან. ექვსსა დღეს შექცევითა განატარეს მუნ დრო სიყვარულისა. აზნაურთა დამშვიდებისათვის და ნიშნად ჭეშმარიტისა კავშირისა შეჰფიცეს ყოველთა ბოდორნისა ეკკლესიასა შინა დღესა 8 სექტემბერსა, რომელსაცა არის დღესასწაული თვით ტაძრის ამის გუმბეთიანისა, მაღალსა ბორძვსა ზედა. აქა სწირა თვით კათოლიკოსმან ანტონი და გარემო ეკკლესიისა დიდისა სერისა დაგებითა თავადთა და აზნაურთა არაგვისა. მხიარულებდენ მემკვიდრე გიორგი და ძმანი მისნი. _ გარნა ფარნაოზმან თვით შემდგომად 6 თთვისა არა ინება მუნ დგომა და მივიდა მამისა სახლსა თფილისსავე.

32[edit]

წინათ აღა-მაჰმად-ხანისა მოსვლისა თფილისს, მოვიდაც ელჩად ზიათ-ხანი ხოელი (?), რომელმანცა მოითხოვა მეფის ირაკლისაგან, რათა წარუვლინოს თვალი ძვირფასი ნადირშაისაგან ნაქონი, უკუდგეს რუსეთსა, აღიაროს მფარველად, ვითარცა ძველად, სპარსეთი და მისცეს მზევლები. შესწუხნა მეფე ირაკლი მოხუცი. ქმნა რჩევა და გამოკითხვა მხლებელთა კარისკაცთა. მეფის ძე გიორგი, ვითარცა მემკვიდრე, წარდგა წინაშე მეფისა და მოახსენა წარავლინოს მზეველად ძე მისი დავით და თვითცა წარვალს შვილითა უკეთუ სურს; წარდგება ყაენთანა, გამოსთხოვს წყალობასა, რათა არა წარახდინოს ქვეყანა. დაუტევებს შვილსა თვისსა მუნ მასთან მზეველად და თვით უკუ იქცევა. ესრეთი ჰაზრი მისი იწყინა დიდად დედოფლმან დარეჯანმან, რომელსაცა ეშინოდა, არა მოვიდეს სპარსთა ჯარითა და არ გამეფდეს სპრსთა ძალითა ჯერეთ სიცოცხლეშივე მისისა მამისა დროს. მეფემან ბრძანა უარი და სხვათაცა არა მოიწონეს ჰაზრი ესე მეფისა ძისა გიორგისა, ვითარცა წინააღმდეგი რუსეთისა თანა შეკრულისა ტრაქტატისა 1783 წელსა.

მეფემან ბრძანა უარი მასზედა, რაიცა მოახსენა ელჩმან ყაენისა, და მიუგეს პასუხად მას ყაენისა ელჩსა: „მრავალ-ჯერ ვართ მოტყუებული სპარსთაგან, მრავლად მათგან ტანჯულნი; სარწმუნოება ჩვენი ვერ დაგვაკავშირებს სპარსეთსა; მიმიცია სიტყვა და წერილითი პირობა ვიყო კავშირითა მტკიცითა შეკრული რუსეთისა ხელმწიფესთან, რომელიც არის ერთისა სარწმუნოებისა ჩემთან მექონი, ერთისა ეკკლესიისა შვილი, ერთისა ხმითა მქადაგებელი ღვთისა. თვით სპრსეთმაც იცის ესე ადრითვე და წინა მოადგილეთა ვექილთა (ყაენთა მმართველთა, რომელნიცა ნადირშაის შემდეგ იტაცებდენ ხმლითა სპარსეთისა ტახტსა და არა ნამდვილთა ყაენთა) სპარსეთისა. მე მყავს გვერდით ჯარი ჩემი და ჯარი რუსეთისა. მანამ ერევნიდამ აქ მოვა ჯარი ყაენისა, ჯარი რუსთისა უფრო ადრე შემოვა თფილისს“. _ ესრეთი იყო რჩევა და პასუხი მეფისა ელჩისადმი აღა-მაჰმად-ხანისა.

33[edit]

ოდეს განჯაზედ გაილაშქრა მეფემან ირაკლი, მაშინ მეფის ძე გიორგი განაგებდა სამეფოსა. დიდად ბეჯითად აშველებდა ურმებსა, ტყვია-წამალსა და კაცთა ცხენოსანთა. იტყვიან დამსწრენი, _ განაკვირვა სარდალნი და თვით მეფეო. აქვნდა მიწერ-მოწერა ვალერიან ზუბოვთან, რომლისა თხოვნითა წერილითა 30 სეკდემბრისა 1796 წელსა #367 (ბანაკით ფერსაღათის მდინარეზედ) მოუმზადა რუსთა ჯარისათვის პური და საკლავი. დაბრუნებულმან განჯით მეფემ მიუძღვნა სახალხოდ დიდი მადლობა და ბრძანა: „შვილი ჩემი გიორგი დიდი მეფე იქმნებაო“.

ამასვე წელსა, გარდაცვალებისა გამო 6 ნოემბერს იმპერატრიცასი ეკატერინასი, ბრძანებითა მეფისა ირაკლისა 23 დეკემბრით ჩაიცვა თვით შავი და დასდვა გლოვა 40 დღით საუფლისწულოთა თვისთა და სამეფოსა თვისსა.

34[edit]

გარდაიცვალა მეფე ირაკლი თელავსა 11 იანვარს 1798 წელსა. დროსა ამას მემკვიდრესა პირმშოსა ძესა მისსა აცნობეს ესე ბორჩალოს და ყაზახსა, სადაცა იყო წასრული თათრებისა ელჩისა საჩივართა გამო. აქავე მიულოცეს მას მეფობა დიდთა თავადთა და მოხელეთა ქართლისა და კახეთისა. 22 ფებერვალსა მიბრძანდა მეფე თელავს და თან ახლდა 130 თავადი და აზნაური ქართლისა და კახეთისა. იტირა მეფე-მამა; გარდაახდევინა პანაშვიდი მღვდელმთავართა მუნ მყოფთა ბოდბელს იოანეს, რუსთველსა სტეფანეს და ნინოწმინდელსა მიხაილს. შემდეგ შევიდა დედოფალთან დარეჯანთან, თვისსა დედინაცვალთან და მოახსენა სიტყვანი გლოვისა; მერეთ უბრძანა მღვდელმთავართ და კარისკაცთა, დასდვან ეკკლესიაში საწიგნე და მასზედ ჯვარი, სახარება და ფიცისა ფურცელი (აქავე ეკკლესიისა შინა ესვენა გვამი ირაკლისა) და შეჰფიცონ მას წერილითა, ვითარცა მეფესა და სჯულიერსა მემკვიდრესა, დამტკიცებულსა პირმშოობითა რუსეთისაგანცა: „ძალითა არა, _ იტყოდა მეფე, _ ვისაც სურს ჰფიცონ ერთგულად და აღმიარონ მეფედ“. მეფის ძე ბაგრატ განაგებდა საქმესა ამას. ჰფიცეს მღვდელმთავართა და თავადთა და აზნაურთა. დარეჯან დედოფალი ცხადად არ აღიარებდა მას მეფედ: „მე მინდა, _ იტყოდა იგი, _ მეფობა, ვითარცა ეკატერინა იყო დედოფლად რუსეთში“. მეფემ სცნო ესე და არ ათხოვა ყური. ფარნაოზ ძე მეფისა ირაკლისა, აპირებდა ხლმითა მიხდომასა, გარნა მეფემან შეუთვალა ტუქსვა და უბრძანა დუმილი. მივიდა მეფესთან ამბავი, რეცა ამილახვარი დედოფლისა ყორღანაშვილი გაბედვითა იტყოდა უჯეროთა სიტყვათა მეფისათვის. განრისხდა მეფე და ინება შეპყრობა მისი. აცნობეს ყორღანაშვილსა ოსეფას და დაიმალა დედოფალთან. მოახსენეს მეფეს მიმალვა მისი მუნ. მაშინ ბრძანა: „რა ვქმნა, გამოვათრევინო დედოფლისა სადგომიდგან მყრალი ყორღანაშვილი, შესწუხდება დედაჩემი, მოხუცი განიგმირება და იტყვიან, მეფე გიორგი ნერონი არისო: დედა შეურაცხყოო. უტევეთ, იყოს მუნ პყრობილად“. დედოფალმან მიუგზავნა მეფესა ელევთერი სიტყვითა: ეკკლესიაში მოხსენებითა შემდეგ მეფისა მე მომიხსენონო. შესწუხდა მეფე და ბრძანა მოახსენონ დედოფალსა: „მეწაღე და ცოლი მისი, მექუდე და ცოლი მისი ერთნი არიან ქორწინებითა. არა შეიძლება მათი დაშორება, და ნუ აშფოთებს ერსა მას და თავსა თვისსა უსამართლოჲთა თხოვნითა“. სდუმნა დედოფალმან და დაწყნარდენ. დროთა შფოთისა დღეთა ამათ იყო ჭირი დიდი ქალაქსა თფილისსა და გარემო სოფლებთა.

35[edit]

მეფის ძენი იულონ, ვახტანგ და მირიან მარტისა თთვესა მივიდნენ თელავსავე და შეჰფიცეს არა სიწრფელით. თვით დედოფალიცა დარეჯან, კათოლიკოსისა ჩაგონებითა ვეღარას ბედავდა. ჭირი დასცხრა და ამისთვის შემდგომდ 40 დღისა წაასვენეს გვამი მცხთას დასასაფლავებლად და თვით მეფე მობრძანდა ქალაქსა თფილისსა, სადაცა არღა იყო ჭირი, და დაბინავდა მუნ. შემდგომად ერთისა კვირისა მობრძანდა დედოფალიცა დარეჯან და დასდგა ავლაბრისა სასახლესა, რომელსაცა აწ ეწოდების ფერისცვალებისა მონასტერი.

დედოფალი დარეჯან და შვილნი მისნი, არა მოსურნენი მეფისა გიორგისა, მეცადინებდენ იდუმალ, რათა სიტყვითა და საქმითა აღაფუონ შფოთი, ამბოხი, ურჩება და უწესობა და გარემოსდვან მეფისა გიორგისა ტახტსა ცეცხლი და სისხლი განსაფიცხებელად მეფისა, გარნა ბუნებით და სიბრძნით აუჩქარებელისა. გამოსთქვეს სიმღერანი, რომელსაცა შინა ცრემლითა და გოდებითა იქებოდა ირაკლი და იგლოვებოდა მეფობა ახალი, არღა რეცა მექონისა ძალისა, ჭკუისა და გონებისა. ესრეთისავე ჰაზრითა დედოფლისა დარეჯანისა და შვილთა მისთა სურვილითა დაიწერა და განითესა ქართლსა და კახეთსა მრავლად გადაწერილი, გლოვისა ესე სიტყვა, არა საწყენად მეფისა გიორგისა დაწერილი.

მეფემან გიორგი სცნო ესე და, რათა არცხვინოს მოხარულნი მწერაობისა ამის, თვით ინება ქონვა მისი და ავქსონსა მისსა სოლომან ლიონიძეს უბოძა საკაბე მაუდისა და საახალუხე ფარჩისა.

მაშინ ქალაქისა ქუჩებსა, სამწუხაროდ მეფისა მტერთა, იწყეს შემდეგი სიმღერა ორმუხლიანი:

ვისთვისაცა ვსწერე, ისი მტერად მომექცა; ვინცა ვლანძღე, ის მეგობრად მომექცა.

აჰა თვით გლოვისა სიტყვა:

„მოთქმით ტირილი საქართველოს მეფისა, ღერკულესის ნეტარებისა ღირსისა

დღეს ქვეყანა აღსრული გულის წყრომისა ტახტსა ზედა, ცხებული სისხლითა ცესარიისა დიდისა ეკატირინასითა, დღეს იცხებს კვალად უფასოსა სისხლსა, სახსარსა ივერიელთა გვარისასა.

დღეს ციურთა საკვირველება მემშურნე ექმნა ქვეყანასა საკვირველსა. ცამან მისტაცა ქვეყანასა სიმდიდრე, ძლიერთა ძალი, ბრძენთა გონიერება, ერთა გვირგვინი, მხედართმთვართა სარდლობა და თვითმპყრობელთა სახელმწიფო ზრდილობა.

დიდნო მფლობელნო, დიდნო იმპერატორნო! სტიროდეთ ახლად ქვეყანისა დიდებასა, სტიროდეთ სახლსა უავღუსტესსა თქვენსა, შერაცხეთ ცუდად სოფლისა დიდება. ისმინეთ ეს სახსოვრად სასმინარი: მოკვდა ღერკულეს, უძლეველი მეფეთა მზესა ქვეშე, და იხილეთ ყოველი ამაო.

თქვენ მტირალნო ნათესავნო ქართლოსიანნო, სარკინოზთაგან უძლეველნო მხედარნო! გიძღოდათ მეფე მოსებრ ისრაელთა, გესმოდათ ხმაჲ პატრონისა თქვენისა. მახარებელად თქვენდა იყო ბიბლია: არ მოაკლდესო მთავარი იუდასაგან, იუდას ლომი.

სახლსა სადავითოსა ზარის სახდელად მტერთა თქვენთა მყვირალი დღედმდე ლაშქარი სამთა იმპერიათა: ოსმანთა, სპარსთა და კავკასიისა ერთა. დღეს გაილაშქრა ციურთ ურიცხვთა ზედა, ერთმან მარტომან უძლეველმან რაინდმან.

ძველი ღერკულეს ძველის ახილესითურთ იყვნენ ძლიერნი ქვეყანისანი მოკვდავ. ესე უკვდავი მეფე პატრონი თქვენი ციურთა ძალთა უკვდავითა ძალითა სძლევდა და განვლო სამყარონი ცათანი. თუმცა დააკლდით საზოგადოსა მამასა და სახსოვარსა მეფესა და პატრონს, გარნა კმა იყო ესე დიდებად თქვენდა და ვიდრემდის იყო იგი და საიგო აქა ადიდა სახლი, ადიდა გვარი თვისი, ადიდა სიმხნე თქვენი ქართველთა ცათამდე და აღვიდა ანღელთა ღვთისა თანა; გარნა აქაცა და მუნ ცოცხალ არს იგი. რად სტირით, ძენო, ობოლნო მამისაგან? და შენ, შესაკრებელო სახლო ივერიელთ ნათესავთაო, ტაძარო ათორმეტისა სკიპტრისაო?

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

დიდის მეფის ალექსანდრესაგან დიდებულო სახლო, თეიმურაზ პირველისაგან ამაღლებულო სახლო, წმინდის ქეთევან დედოფლის სისხლით ცხებულო სახლო, _ სადაც ხმა იყო სიხარულისა და ცხოვრებისა და იყავ საყოფელი მართალთა, რომელშიაც სანატრელი მეფე თეიმურაზ და დედოფალი თამარ მეფის ირაკლის შობაზედ იხარებდენ, რომლისაც საწოლში მეფის ერეკლს სადღესასწაულო შობა იდიდებოდა; და სადა სახსრად ქართველთა ნათესავთა მეფე ერეკლე _ ლომი იუდასი _ დავითის სახლში იზრდებოდა, რომელშიაც ჩვეულება იყო ტაძრობისა, სადაც ხმა ისმოდა დავითის ქნარისა, _ აქამდის შენს მეჯლიშში მეფის ერეკლეს სახსოვარი ყმაწვილკაცობა ქვეყანასა აკვირვებდა, რომლისაც სიჭაბუკე ქვეყნის ძლიერთა სჩაგრავდა; აქამდის შენს მეჯლიშში მეფის ერეკლეს ტახტზედ ჯდომა იხილვებოდა, იმისი ხელმწიფური დარბაისელთ ხუმრობა მიმოითქმოდა, მეფე ერეკლეს მრავალსაგალობელი სდღეგრძელო ისმოდა.

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

თუ ოსმანთ დაიპყრეს საყდარი მეფობისა შენისა, საკურთხეველი წმინდა ღმთისა, _ მეფე ირაკლი სიმრთელით ბძანდებოდეს, რომელმაც ხერთვისის დამპყრობელისა და ასპინძას მტრის სისხლში გამოწრთობილისა ხმლით ხვანთქარს სპარსეთის ხელმწიფეს ქარიმ-ხანთან საჩივარი მიაწერინა: „მეფე ერეკლე სარათის ქვეყნებს მართმევს და შენ დაუშალეო“. ქარიმ-ხან იტყოდა: „მეფე ერეკლე ასეთი რამ ბძანდება, რომ ხვანთქარი ჩემთან საჩივლელად დაამუხლაო“, მაშინვე უძლეველობის ნიშნად სახელმწიფო ხმალი მოართვა!

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

თუ სპარსთ დაიპყრეს შენი უმაღლესი ტახტი, _ შენგან წინაპართ შობილთ მეფე შარავანდედი _ მეფე ერეკლე ცოცხლობდინ საუკუნოდ, რომელმაც საქართველო ნადირ-ავშარისაგან გამოიხსნა და ფათალი ხან, ავშარის მეფე აზათ-ხან ათასი ერთით წარიქცია, რომლისაც დიდება მეორემ ალექსანდრემ _ პრუსიის მეფემ ფიდერიკოს _ თეთრზე დაწერა: „ევროპაში მე ვარო და აზიაში _ ღერკულეს უძლევლი, საქართველოს გიორგიანთ მეფეო“.

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

ვინემდის ახალი მოსე, ისრალთა მეფე, ერეკლე საქართველოს მხედრობას წინა უძღვის და საქართველოს (რად ვამბობ ამ სახელოვან სახელს!) დიდის როსიიდამ გამოჰყავს ლაშქარი, ციმბირიდამ მოჰყავს სამხედრო გუნდი, ვის შეუძლიან შენი დამდაბლება?! როდესაც მეფის ერეკლეს ბედნიერი დროშა გაიშლება, დაღისტნელნი ლაშქრად მორბიან, ოვსნი და ჩერქეზნი მეფის ერეკლეს წინ სისხლის დათხევას ხალისობენ.

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!

როდესაც მეფის ერეკლეს ბედნიერი ტახტზე ჯდომა გეღირსა, ყოველს წინა საუკუნეზე უფრო იდიდე, ამაღლდი, უფრო გაბედნიერდი; ცანი ქუხილით გრგვინვიდენ ძალსა შენსა, სფერა ქვეყანისა გერწოდა ფერხთა ქვეშე.

მაგრამ ვაი თუ დიდება ესე შენი ღერკულეს მეფეს საფლავად მიეცვალოს! ვაი თუ საქართველოს საფარველად გადახურვილი მეფის ერეკლეს ბედნიერი დროშის კალთები აგვეხადა! ვაი თუ ის უმაღლესი თავი, რომელიც იაკობის კიბედ ზეცას მისდგომოდა და მზესა ქვეშე ქვეყანაზე არ ეტეოდა, საფლავისა სიღრმეში დაეფაროს.

ეს ძლიერი თვალები, რომლისაც ზეით ახედვა ცებს აჰკეცდა და ღმთაების საყდარს მიედგმოდა; რომელიც სამსხვერპლოსა ზედა აბრაჰამისსა განკვირვებით მდგომარე, მუხასა ქვეშე სამებასა ისტუმრებდა და, რომლისაც დახედვა ქვეყანასა გახსნიდა და უფსკრულში ღმთის საკვირველებას უყურებდა. სფერა ქვეყნისა ერთს გუგაში გარეშეეცვა და ცასა და ქვეყანას ორს ფურცლად კითხულობდა, _ ვაი თუ საკუდავად დაერულოს!

ვაი თუ უძლეველი ხელები, რომლისაც ხმლის ვადაზედ დადება სიკვდილს მახარობლობდა, ტრფიალით სატკივრად გულზედ დაკრეფილ იყოს!

ვაი თუ ის მაღალი და ზეცას ანგელოზთაგან სამწიგნობრო სახელი _ მეფე ერეკლე _ რომელიც ცის კალთებზედ იწერებოდა და ქვეყანის მპყრობელთა ხელმწიფეთა ფხიზელად აძინებდა და მძინარეთ საშიშრად ესიზმრებოდა, ამ სადღესასწაულოს სახელის მოხსენებას საქართველოს ეკკლესიები მოჰკლებოდეს!

მაგრამ ცა და ქვეყანა მეფის ერეკლეს მახსოვარნი არიან. მზე და მთოვარე იმისს ბედნიერს ლაშქრობაში ხანდაზმულნი არიან. დღისით მზე იყო მეწინავე სარდალი და ღამით მთოვარე მეფის ერეკლეს გამარჯვებულს დროშას წინა უძღოდენ; სისხლით მტერთათა შეღებილი მთა და მინდორი მეფეს ერეკლეს მოუთხრობენ. ვის შეუძლიან დავიწყება?! ვის მოსვლია კეისართაგან ტახტი, გვირგვინი, პორფირი და ბავრაყი?!

მაგრამ ხელმწიფევ, რად გვიხაროდა შენი ხელმწიფედ ცხებულება, თუ კი სამკვდროს ზეთს იცხებდი?! რად გინდოდა სახელმწიფო პორფირი _ თუკი დასამიწებელს სუდარს გარს მოიხვევდი?! რად გინდოდა განსაგებელი სკიპტრა _ თუკი სკიპტრის მპყრობელს ხელებს გულზე დაიკრეფდი?! რად გინდოდა ქვეყნის მაჩრდილებელი დროშა _ თუკი მტერზე გარდახურვილს შენის შიშის ფარდას აჰხდიდი?! რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი _ თუკი დასამიწებელს საფლავს იშენებდი?!

იგლოვდი, ქვეყანავ, რომელიც უძვირფასესითა სპეკალითა ამდიდრებ სიტყვიერთა, გარნა სიმდიდრე გრძნობადთა და საცნაურთა _ მეფე ერეკლე _ შენს სიღრმეში დაჰფარე!

განკრთი, განჰკვირდი, სტიროდე, ცაო, რომ შენის სითალხისა და ვარსკულავთაცა აბრაჰამისებრ განკვირვებით მხედველი მეფის ერეკლეს უმაღლესი თვალები საუკუნოდ დაბნელდა.

დაბნელდი მზეო, რომელსაც გაქვს მომასწავებელი დაბნელებით ჭირისუფლობა, რომ მზე მიწიერი ღამიანის ქართლისა _ მეფე ერეკლე _ შენს ბრწყინვალებას ვეღარა ჰხედავს!

ზეციურნო ძალნო! აქამდის თქვენი დღესასწაულობით მასპინძელი, ახლა თქვენი სამღთო სტუმარი _ მეფე ერეკლე გესტუმრათ. თუმცა სამეფოს დიდებით ვეღარ ნახავთ, საფლავის ტუსაღი გევედრებათ, მაგრამ თქვენ, როგორც თავისის ბებიის ქეთევან დედოფლის სისხლი, ისე შეიწყნარეთ, ისე ისტუმრეთ, როგორც დიდს კონსტანტინეს, ისე მოეგებენით.

მაღალო და ძლიერო ღმერთო!

დავაკლდით ერნი ქრისტეანენი მემკვიდრესა პატრონსა და საზოგადოსა მამასა. ძლიერსა და მხნესა მამაკაცსა ჩვენ ვსტირით, და მეფე ერეკლე: თავი _ განმგებელი ერისა, ხელი _ მზრდელი ობოლთა, მკლავი _ მომგერებელი მტერთა და გვამი _ შრომისა მოყვარე მისი საფლავში ირღვევა. შენ გევედრებით; იესოს სისხლით ცხებულს მეფის ერეკლეს კაცთმოყვარეს სულს ნუ შეაწუხებ, იმისგან დაობლებულს საქართველოს მოხედე.

სად დაჰხედ, მზეო, სამეფოთა სირათა და პანკრატითთ გვართაო, რომლისა დისკოსა ნათელს იღებდნენ გონიერნი?! სად არის, ხლმწიფევ, შენი ხელმწიფური განგება?! რად შემოიხსენ ხმალი, რომლისაც სადღესასწაულო გამარჯვება რიცხვით ხსოვნას ასცილდა?! რად შემოსწყერ სახელოვანს დროშას, რომლისაც ჰაერში მომცურავი კალთები ქვეყანას აჩრდილებდა და სამესისხლოდ განჭიმულის ზორტებით ცის კალთებს ეჩხუბებოდა, სადა ღერკულეს მეფის უძლეველობის სტამბა ზეცას იბეჭდებოდა?!

რად ადიდე სახლი უმაღლესი, თუკი საუკუნოდ დასცილდი?! რად მიეც სიამაყე დედოფლობისა შენს უმაღლეს ფერცხალს, თუ ასე დასჩაგრავდი?! რა გაწყინა დედოფლის დარეჯანის დიდებულმა სამშობლომ? რად მოსტაცე დიდება დადიანის ოჯახს?! რად ადიდე შენს უმაღლესს ტახტზე?! თუ ადიდე, რადღა დაამიწე?! რად უღალატე ხელმწიფეს ქმრითა და შვილებით ბედნიერს?! რად ატირებ, რად დააქვრივე, უწყალოვ?! რად მოუკალ ხელმწიფე ქმარი, უწყალოვ?! სად ამიწებ კეისართაგან გვირგვინოსანს შენს უმაღლესს თავს?! სად გაწყვია უქმად ეგ ძლიერი ხელები, რომლითაც თავეთს შემაღლებულს კამარაში მფრინველთ სიცოცხლეს მისტაცებდი?! რად ასწავლე საყვარელს ქალებს საქალო კრძალულება, თუკი თავმოხდით ატირებდი? რად გაათამამე გული ლომებრთა მემკვიდრეთა, თუკი სიმყარე უძლეველი მოეშლებოდი? რად გვასწავლე ზრდილობა მხედრობისა ვაჟკაცობითურთ, თუკი შენს წინ სისხლსა არ დაგვაქცვინებდი?

ჩემს უღირსად, შენგან მოწყალებით გაზრდილი, შენის კარგის ბატონყმობის ტრფიალი სოლომონ აქამდის რად მაცოცხლე, თუ ასე ოხრად დამაგდებდი?!

ხელმწიფევ! რად დაგიკარგავს ხელმწიფეთაგან საშურველი ზრდილობა?! ამ დუმილით პატივსაცემელს სასახლეში რა ამბავია უჩვეველი ხმის შემაღლება?! რას ნიშნავს ამისთანა უბედური სალამი?! გადმოხედე ხელმწფურად შენს მეჯლიშში მეინახეთ დარბაისელთ, სახელოვანს სარდლებს. ხელმწიფევ! ვიცი, რომ საქართველოს ხალხი მეფის ერეკლეს ტახტზედ ასვლით გულამაყნი არიან.

ქვეყანას უკვირდა: „სოლომონის გული მწუხარებამ ვერ შესცვალაო, არ დაიჩაგრაო“. ჩემი სიამაყე პირველად სიმართლე და მეორედ მეფის ერეკლეს სიმრთელე იყო; მეფეს ერეკლეს ცოცხალს უყურებდი _ მტერი და განსაცდელი სათამაშოდ მიმაჩნდა. ახლა იმისის მტრის გული დაიჩაგროს, როგორც მეფის ერეკლეს სიკვდილით სოლომონის გული დაიჩაგრა. იმისი ტკბილი ბატონყმობა ვიტირო, თუ თავის უნებურად ჩემის შეწუხების შენანება, რომელიც თავისის უმაღლესის ხელით მომწერა და სოფელმან აღარ დააცალა?

ხელმწიფევ, დედოფალო და მეფის ძენო! გაფიცებთ მეფის ერეკლეს დღეგრძელობას, სიმრთელეს და გამარჯვებას, _ ორში ერთი მოწყალება მოიღეთ: ან მომაკვლევინეთ და მეფის ერეკლეს უმაღლესის ცხედრის ფიცრად დამდევით, რომ იმისი სანატრელი კუბო ჩემს გულზედ იდგეს, მეფის ერეკლეს ძლიერი ტანი ჩემს გულზედ ირღვეოდეს, _ ჩემთვის ის დღე იქნება, რომ დღე და ღამე ათი და თხუთმეტი საათი სახსოვარს მეფეს ნიადაგ მარტოკა ვახლდი ხოლმე; იქ ბატონყმობა სადღა იყო, იქ გაუვლელი ბატონყმობის სიკეთე როგორღა დარჩებოდა! უღრმესად იფიქრეთ, უმაღლესნო, ისე შემიბრალეთ, ან ამ ქვეყნიდამ დამკარგეთ, რომ სადაც მეფის ერეკლეს რაინდობაზე თვალი დამრჩომია, სადაც იმისის გამარჯვებულის დროშისათვის მიმსახურნია, თუ სადმე იმის წინ სისხლი დამიქცევია, სადაც მეფის ერეკლეს ბედნირი სალამი შემყვარებია და იმის სახსოვარს მეჯლიშში ჩემთვის უღირსის ხელმწიფურის ალერსით ჩემგან ხუმრობა ჰყვარებია და თუ სადმე სახელმწიფოს მასლაათით მიმსახურნია, _ ის ადგილები აღარა ვნახო, ამ ცეცხლებით აღარ დავიწვა.

ხელმწიფევ მფლობელო, საზოგადოვ მამავ, მეფევ ირაკლი! ვის მივსცე შენის უმაღლესის თავისა და უძლეველის ტანის უზომო ტრფიალება?! ვის დროშას ვემსახურო?! ვინ შევიყვარო?! ვისთვის მოვკუდე?! ვისთვის ვიცოცხლო შენს უკან სიცოცხლე საზრახავად გამწარებულმან!“.

36[edit]

თთვესა მეოთხესა შემდგომად გამეფებისა მოხდა ამბოხი ძმათაგან მეფისა გიორგისა მეორისა დედიდან. იულონ, გამეფებული ქართლსა, აღიარებდა უფლებასა თვისსა მეფობისა ტახტისათვის, ანდერძისა გამო მეფის ირაკლისა. ვახტანგ ანუ ალმასხან (ორ-სახელოვანი) არაგვისა განმგე, ჰგონებდა თავსა თვისსა არა დამოკიდებულად მეფისაგან, ვითარცა ბატონი და ერისთავი, ძველთა წესითა არაგვისა. მირიან გაბატონდა მარტყოფსა და ფარნაოზ სურამსა. ალექსანდრე ივლტოდა სპარსეთსა და შეევედრა ყეენსა, რეცა მტერი რუსეთისა. ანდერძისა ძალითა ნამდვილ ხელმოწერილითა მეფისა ირაკლისაგან ოთხისა დღისა წინათ სიკვდილისა, თხოვისამებრ დედოფლისა, _ ჯერ იყო, რათა ემეფა პირველად პირმშოსა ძესა მისსა გიორგის, შემდეგ ძმასა მისსა იულონს, შემდეგ ამისა ძმასა მისსა მირიანს, მერეთ ვახტანგსა, მერეთ ალექსანდრესა და მერეთვე ფარნაოზსა. შემდგომ ფარნაოზისა მეფობითი უფლება გარდავიდოდა მეფის გიორგისა შვილზედ დავითზედ, მერეთ იოანეზედ, ბაგრატზედ, თეიმურაზზედ, მიხაილ და სხვა. შემდეგ ამათისა მოვიდოდა ჯერი მეფობისა შვილზედ და შვილთა ზედა შემდგომთა მისთა ძმათა და სხვანი. _ ესრეთმან უგვანმან ანდერძმან, დაწერილმან ყორღანაშვილისა ოსეფასაგან, აღსძრა შფოთი ძმათა შორის. მეფე გიორგი იძულებული იყო მოსვლადმდე რუსეთისა ჯარისა, მიეღო ღონე დამშვიდებისათვის ქვეყანისა. ძლიერი ხელითა განაგებდა საქმეთა კეთილად მინდობითა ღვთისადმი, ვითარცა ხშირად იტყოდა თვით. მოითხოვა ავარიისა ხანიდამ 3000 ლეკი ფასითა ნაქირავნი. ესენი დააყენა მცველად ქალაქისა ავლაბარსა და მეტეხისა ხიდისა გარეთ. დღესა ერთსა ბელადი მათი მურად, მარადის მეფესთან მყოფი და ერთგული, ეტყოდა მეფესა: „ბატონო მეფევ, თქვენი ძმები მეცადინებენ მომისყიდონ მეცა და ჯარიცა და გიღალატოთ თქვენ“. განრისხნა მეფე და დიდისა ხმითა ბრძანა შეპყრობა ტუსაღად დედოფლისა დედინაცვლისა თვისისა, სადაცა იქმნებოდა რჩევა ესე ღალატობისა. ხმამან მეფისა მქუხავისა შეაძრწუნა თვით მხლებელნი მეფისა. გარნა ღვთისა მოშიში მეფე შედგა და შეაყენა მსჯავრი თვისი. მაშინ ბრძანა მეფემან: „კმარა! მოახსნეთ დედოფალსა დააწყნაროს ღელვა შფოთისა! _ შეჰკივლა მეფემან: _ წარვედ ელევთერ! და თფილელსა არსენის აუწყე სიტყვა ჩემი და ერთად მასთან მოახსენეთ დედასა ჩემსა, ნუ გამომიყვანს მოთმინებიდამ; შეიბრალოს ქვეყანა, ქრისტიანობა და ვებრალებოდე მეცა, ვითარცა მეფე და პატრონი ქვეყანისა, რომელსაცა მაქვს ვალი ზრუნვისა სიმართლისა მეფობისა გამო, ზეგარდამო მონიჭებულისა ჩემდა“. წარვიდენ და მოახსენეს დედოფალსა, რომელმანცა მოიხადა ბოდიში, ვითარცა შეშინებულმან ნამდვილ, და ითხოვა მხოლოდ, რათა შვილთა მისთა და ძმათა თვისთა განუსვენოს და დააკმაყოფილოს სარჩოთი და პატივცემითა ღირსებითითა. მოისმინა მეფემან ესე ყოველი და ბრძანა: „მადლობა ღმერთსა, რომ დამაცხრო სიტყვამან დედისა ჩემისა. ახლა ვიზრუნოთ ძმათათვის ჩემთა“, _ სთქვა მეფემან. დაიბარა შვილნი თვისნი დავით და იოანე. უბრძანა მათ რათა _ „ქართლისა ჯარითა ხვალვე წარვედით სურამისაკენ და გამაგრებულსა სურამისა ციხეში ფარნაოზს, გამოუცხადეთ გამოვიდეს და იყოს მორჩილებით, _ და თუ არა ჰქმნას, აიღეთ უთუოთ ციხე, გამოიყვანეთ და დასთხარეთ თვალები“. _ ესრეთ სურამის ციხესა შემოადგნენ მაისის 20-ს და შეუგზავნეს ამირეჯიბი დავით მოციქულად. ფარნაოზ შეშინებული გამოვიდა ციხიდამ და წარვიდა ქსანზედ ცოლეულთან, მიმცემი სიტყვისა არღა შფოთობისა პირისპირ მეფისა და მოსვლისა მეფესთან მალე ქალაქსა თფილისს. სამ თვეს ტრიალებდა ფარნაოზ სურამის გარშემო და აქა შეიგროვებდა ჯარსა და ლეკთაცა მიიწოდებდა ახალციხისა მხარეთაგან. მე თვით მინახავს მცირე ოქმი, სურამს ნაბოძები ფარნაოზისაგან, სადაცა იწოდებოდა ბეჭედიჭა სმულითა: მ ე ფ ე ფ ა რ ნ ა ო ზ და სხვა ბეჭედი შემდეგითა წარწერითა: დ ე დ ო ფ ა ლ ი ა ნ ნ ა. ესე ამბავი ბეჭედისა მოვახსენე ფარნაოზს 1844 წელსა ს. პ. ბ. და იცინოდა კურთხეული ამისთვის: „ჩემო პლატონ, _ მიბრძანა მან, _ დროება მრავალსა რასმე აქმნევინებს კაცსა!“

1803 ანგლიისა სასახლეში პეტერღოფს შეყრილნი მეფის ძენი და მეფეთა ასულნი მიუთხრობდენ სადამე წარსულთა დროთა შემთხვევათა. მუნ იყო დროსა ამას სიმამრი მეფისა გიორგისა გიორგი ციციშვილი (ხათა გოგიად წოდებული), და ოდეს იტყოდენ ამბოხისა და მეფობისა დაცემისა მიზეზთა, მაშინ ვიეთნიმე ბრალსა დიდსა მიაწერდნენ ფარნაოზსაცა მეფის ძესა, ძმათა შორის უმცროსსა, რომელიცა ეძებდავე ტახტსა და მეფობასა საუბედუროდ ქვეყანისა. მაშინ გიორგი ციციშვილი იტყოდა: „რას ჩააცივდით თქვენ კურთხეულს ფარნაოზსა? რას ბრალს სდებთ მას? ფარნაოზი იტყოდა ამას: „მამისა ჩემისა ანდერძითა, ხომ უნდა ვიმეფოო ოდესმე, _ მე ჩემი წილი ეხლა მინდა ვიმეფოო!“ _ ესრეთ სიცილითა მოიგონებდენ საქმეთა წარსულთა ქართველნი და მხიარულებითა განაზავებდენ მეფობისა ღირსებათა თვისთა და პატივისა დაკარგვისა სიმწარესა!

37[edit]

შფოთისა დღეთა ამათ მიჰგვარეს და მიულოცეს მეფესა გიორგის თელავსა 8 წლისა მოზრდილი შვილიშვილი მეფის ძისა იოანესი გრიგორი 12 მარტსა. მიმყვანებელად იყო გაგზავნილი თვით მეფის ძის იოანესაგან, რომელიცა იყო დროთა ამათ არა საჩხერესა თვისსა სიმამრთან ზურაბ წერეთელთან, არამედ იცავდა ქ. თფილისს, _ აზნაური გიორგი ფიცხელაური (ქეთევან მუღლე მეფის ძის იოანესი გარდაიცვალა ს. პ. ბ. 10 მარტს 1823 წ.). მაშინ მეფემან ინება და განუახლა ჩამორთმული ადრევე ერისთავთაგან ქსანზედ ისროლის ხევისა მოურავობა საშვილიშვილოდ. ბოძებული ოქმი 13 აპრილსა 1798 წელსა, დღესაცა აქვსთ მემკვიდრეთა მისთა... რადგანაც დიდად უყვარდა წიგნი „გრიგორი ნოსელისა“, ამისთვის ბრძანა უწოდონ სახელად ახალშობილსა „გრიგორი“ და ისურვა რათა მიმქმელად წმინდისა ემბაზიდამ, ექმნას გამალიელი წინამძღვარი იკორთისა. _ ესე ყოველი მიამბო მე გაბრიელ ფიცხელაურმან (მოკვდა 1837 წელსა, თფილისს), რომელიცა იყო ძმა არქიეპისკოპოსისა დოსითეოსის (ერისკაცობაში დიმიტრი).

ლეკთა ჯარმან დაჰყო თფილისსა 4 თთვესა. მათ ეძლეოდათ ულუფად პური, არაყი, თვითო ხელი ტანსაცმელი და მეექვსესა თთვესა, მოსალოდინებელსა რუსისა ჯარისა დაბარებულისა მოსვლისა დროსა უნდა მისცემოდათ თვითოსა კაცსა თთვეში 30 მანეთი. იტყვიან მოხუცნი, მახსოვარნი დროთა ამათ, რომელ ლეკნი სტაცებდენ ქალაქისა მცხოვრებთა ქუდთა, ოდესმე იდუმლ და ოდესმე ცხდად; _ გარნა იყვნენ მორჩილნი ბელადისა და ეშინოდათ მისისა სამართლისა.

უკანასკნელთა დროთა ზაფხულისა თთვეებსა, გიორგი ციციშვილმან მეფის ბრძანებითა წარიყვანა 500 ლეკი ყარსისაკენ მოსახილველად ვითამცა სამძღვართა. სცნეს ესე თათართა ოსმალთა და განემზადნენ საომრად, მოეგებნენ ჯარსა ჯარითა. ოდეს შევიდა ყარსისა სოფლებში, ბრძანა აკლება სოფლისა აჯალღუსი, სადაცა იყვნენ 200 მეკომური მცხოვრებნი და ვაჭარნი უფროსი ერთი თათარნი და მცირედ სომეხნი. _ ღამესა ერთსა აიკლო სოფელი. სპილენძეულნი, ოქროდ და ვეცხლად იშოვეს ათასისა თუმნისა: ცხენი და ჯორი მრავლად, ცხვარი და ძროხა მრავლადვე. დღესა მესამესა დაბრუნებულსა ლეკისა ჯარსა და მათსა სარდალსა გიორგი ციციშვილსა მოეწივნენ 700 ოსმალო, და დაესხნენ მძინარეთა და ქმნეს დიდი მუსრვა ლეკთა. გიორგი ციციშვილი ჯერეთ ფხიზელი გამოიქცა და თან მიჰყვნენ ქართველნი. ლეკნი სხვად ბანაკად დაბანაკებულნი დაშთნენ თურქთა ტყვედ და მათ სჭრეს მრავლად თავნი. გიორგისა ოსმალნი ვეღარ მოეწივნენ და დააყრევინეს იავარი მათი, გარდა ფულისა და ნივთთა, რომელნიცა ეშოვნა სარდალსა. მეფემ სცნო ესე, დიდად შესწუხნა: „გოგიავ! რა მიყავ ესე?“ _ უბრძანა განგრძელებულითა ხმითა მეფემან. _ „შე კურთხეულო, _ მოახსენა _ თვითოს ლეკისა თავში უბოძებ თვითოს ოქროსა და მე 500 ლეკსა ერთ დღეს მოვაჭრევინე თავი, რა დაშავდა ამით? ჯილდოცა მერგება“.

მაშინ უბრძანა მასვე სარდალსა გისტუმრონ ლეკთა დანარჩენი ჯარნი. ამას მისცა თვითოეულსა პირობისამებრ კუთვნილი ჯამაგირი და ბელადსა მურადას უბოძა თოფი კეთილი, წყვილი დამბაჩა, ხმალი, ათი თუმანი ფულად, ტანსაცმელი სრული და ერთიცა ცხენი იაბო. რუსთა ჯარი მოსულიყო დუშეთსა, ვითარცა აცნობეს ესე მეფესა და არღა ეშინოდათ მტერთაგან, რომელთაცა აღერებდნენ იდუმალ განფანტულნი მეფისა ძმანი ქართლისა და კახეთისა მხრით.

38[edit]

აღსავსებად მოთხრობათა ამათ მეფისა გიორგისათვის, ვსთხოვე მოხუცსა ბარბარე ოთარ ქობულაშვილის მეუღლესა და ომან ხერხეულიძისა ქალსა. მაცნობოს წრილით, რაჲცა იცის დამსწრე დროთა მისთა, ქალი ომან ხერხეულიძისა მდივნისა, რომელმანცა აღსწერა ცხოვრება მეფისა ირაკლისა (ციციანოვისა თხოვნითა 1804 წელსა) და თვით განსწავლული ქართულად მრავალთა წიგნთა წარკითხვითა, მწერს შემდეგსა...

(1) „მეფე გიორგი და თამარ ბატონის შვილი მეფისა ირაკლისა შვილები იყვნენ, აბაშიძის ქალის ანნას ნაშობნი. გარდაიცვალა ქალბატონი რძლობაში და შემდგომ შეირთო დადიანის ქალი დარეჯან. ამისგან მრავალი შვილი მიეცა მეფესა, მაგრამ გიორგისთანა არც ერთი იყვნენ. სახით მშვენიერი და ტანადი, მაღალი და ბრგე სანახავი. ჭკუით და სახით საქებელი. კაცობით ცნობილი. ბევრგან სწერია იმის გამარჯვებაები ოსმალეთზედა. იყო დიდი მლოცავი და მარხვის შემნახავი და მემარხულე. ყოვლის ბიწიერებისა (მოშორებული). უყვარდა მდიდარი სადილი, თუმცა სძრახამდენ, რომ ვითამ ბევრს საჭმელს მიირთმევსო, მაგრამ ჩემი ქმარი ფიცით ანბობდა, რომელიც სადილად სულ იმა სახლშია (sic), რომ რაც ერთის კაცის სამყოფია, მეტს არ მიირთმევსო; მაგრამ გრძლად უყვარს რომ სადილი ეშალოსო და ღვინოს უფრო მომეტებულსაო? მაგრამ ისეთს ღვინოს მიირთმევდა, რომ ეხლა სადღა იშოება იმისთანა ღვინო. იმათი სასმელი ღვინოს ვენახი უნდა აბეჩხარი ყოფილიყო, ესე იგი დაუბარავი და პატივი დაუყრელი, ამისთვის რომ ძალიან ცოტა გამოვიდოდა და კარგი. უცხვებოდა ხუთი რიგი პური: მურასა, საგარეჯო, შოთი, პირგაჭრილი პური და კაკალა პური. ამ პურის ხორბალი იყო მოტანილი ბაიდრიდამ, სადაც უკეთესია ყველაზედ. შაქარა აზნაური შიშნიაშვილი იყო მეგოდრე და იმას ებარა ხორბალიცა და ხაბაზებიცა და გამომცხვარიცა პურიცა. ამ შაქარას ხიზანი ისხდნენ და თითით არჩევდნენ ხორბალსა; მერე დაღერღდენ და ქერქს გადააძრობდენ და ისე დაიფქოდა. მეც ბევრჯელ მიჭამია ეს პური, რომ ეხლაც მახსოვს იმისი სიკეთე. მე მყვანდა დედიდა, გლახა შალიკოვის ცოლი. ეს იყო ნაზირი მეფის გიორგისა. როდესაც ნაზირის თავდგომით სადილს მიირთმევდა მეფე, მერე ყოვლისა საჭმლიდამ და ყველა პურიდამ ნაზირის სახლში მოიტანდნენ. მაგრამ რა ქება ვთქვა იმ საჭმელებისა. მართალია, ბლამანჟეები არ იყო, მაგრამ ჩინებულათ მასალებით და გემრიელათ გაკეთებული იყო და არ შეიძლებოდა იმათი სადილი, რომ შემწვარი ხბო არ ყოფილიყო. ეს ხბოც განგებ გასუქებული უნდა ყოფილიყო. გააგრძელებდა სადილს, და, რომ არ გაციებულიყო, ყველას ლავაში ეფარა, მერე ლავაშქვეშ შეჰყოფდა ხელსა და ყველა საჭმლიდგან თითოს ან ორს ლუკმას აიღებდა და ვინც სუფრაზედ დარბაისელნი უსხდნენ თითო-თითოთ უბოძებდა, ვისაც უფრო სწყალობდა. და ეს იყო დიდი მოწყალება და იამებოდათ. მერე მოისვენებდა და როდესაც გაიღვიძებდა, სამეფო საქმეს განაგებდა და ვახშამს არ მიირთმევდა. ეს იყო დიდი ფაქიზაობის-მოყვარული, ასე რომ ზომაზედ მომეტებული. საფენს და სახლს აწვალებდა ბევრის ბერტყითა და გვითა. ყულუხჩებს დღეში ათჯერ ხელს დააბანინებდა, როდის ფული შემოვიდოდა სამეფოდამ, ვინ გაუბედავდა რომ გაურეცხელი მიერთმევინათ. ხაზინადარი მეფისა იყო ქაიხოსრო სუმბათოვი. ის სულ იმ საქმეში იყო, რომ ჯერ თეთრს მიწით გახეხდა და მერე საპნით და ისე მიართმევდა. ჩემმა ქმარმა მითხრა: ბატონმა მაინდომა აბანოში წასვლაო. ფარეშებმა ჩაალაგეს აბანოს იარაღიო და მე და იოსებ მლიქოვსაც გვიბრძანა წაყოლაო. და ეს დიდი წყალობა იყო. შევყევითო, მაგრამ როგორ მივეკარებოდითო. მეაბანოემ რამდენ რიგად აბანაო და ის ემსახურებოდაო. ბატონის გამოსვლის დროს იოსებ მელიქოვი ადრე გამოვიდაო, ეგონა რომ იმსახურებდაო. გაბძანდა ბატონი და თვითონ ჩაიცვა, სარტყელი უნდა შემოერტყაო, მივიდა ეს იოსებ და სარტყელი ხელში აიღო რომ მიართვასო. უბძანა: რომ შენი ტანისამოსი შენ ჩაიცვი ყველაო და ახლა ჩემი სარტყელი აიღე მაგ ხელებითაო. დაუძახა ფარეშსაო, წაიღე ეხლავ, ქვა მოაბი და მტკვარში გადააგდეო. თუ არ გადაგიგდია, უთუოდ თავს მოგჭრიო. ეს იყო მშვენიერი ნარგიზი თირმა შალი. თავსაც დავსწერე და ახლაცა ვწერ _ დიდი მლოცავი იყო და ამისთვის დიდად ეწუხებოდა, რომ დავით ბატონიშვილი არ იქცეოდა ისე, როგორც მამას იამებოდა. რადგანაც დავით მემკვიდრე რუსეთში იყო გაზდილი, მარხვას სჭამდა და სარწმუნოებაზედ სუსტად იყო. გაუგზავნა მეფემ მოციქულად ელიაზარ მდივანი ფალავანდოვი (და ელევთერი)[1] და შეუთვალა თუ ჩემი სიამოვნება გინდაო, მარხვის ჭამაზედ ხელი აიღეო, და ეკკლესიაშიც ხშირათ იარეო. იმან შემოუთვალა: რაც მე მწამს, ის შენ გაგიწყრესო და შენ რაცა გწამს მე გამიწყრესო. ამ სიტყვას ვერ უბედავდა ელიაზარ მეფესა, მაგრამ ძალით ათქმევინა. მაშინ ბრძანა ფსალმუნი ესე: „დადგა იგი ყოველსა გზასა არა კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინაო“; დაჩუმდა და აღარაფერი ბძანა. დილის რვა საათიდამ მოჰყვებოდა და ორს საათს ილოცამდა; რომელსაცა ხატს სამთხვეველდ ვერ შესწვდებოდა, ჯოხის თავს მიადებდა, იმას ემთხვეოდა. ათს საათზედ პირის ბანას მოჰყვებოდა. დაიბანდა ხელებს ათის კვერცხის გულით, მასუკან სურნელის საპნით. არშიყი იყო თავის ხელებისა, რადგანაც მშვენიერი ხელები ჰქონდა. თორმეტს საათზედ გაბრძანდებოდა და შემოეხვეოდნენ დარბაისელნი და აგრეთვე მოაზრენი და საქმობდა სამ საათამდინ. მეოთხეზედ სადილს მიირთმევდა. სამი საათი ბძანდებოდა სადილზედ და ვახშამს არ მიირთმევდა. ღვთის მშობლის მიცვალების დღეს წირვაზედ ბძანდებოდა მეტეხში და მეტეხის დეკანოზმან იასე სულხანოვმა სთხოვა სადილზედ იმის სახლში მიბძანება. მეფემაც აღუთქვა და ესეც უბძანა: დღეს შენი სადილის მოტანა ისე უნდა იყოსო, ბოლოდამ მოყეო საჭმელების მოტანაო. ისეც აღასრულეს: პირველდ მიიტნეს ყველი, მერე შემწვარი და ფლავით გაათავეს. _ როდესაც მეფე ირაკლი გარდაიცვალა, მაშინ უბძანა მეფემ გიორგიმ თავის საყვარელს ალექსანდრე ეშიკაღაბაშს მაყაშვილსა: სტოლი დადგი, ქაღალდი და საწერ-კალამი გვერთ მოუდგიო, და ყველამ ხელი მოაწეროსო ჩემ მეფობაზედაო, და მერმე მრისხანედ შეუძახა: ვინც არ მოაწეროსო კარგად დაისწავლე და ან არ დამალოო. ყველამ ხელი მოაწერა, არ ვიცი, შიშით თუ სიყვარულით. ბევრი შეშინდა, რომ არ იამათ ამისი მეფობა და ამისთვის მეფის ირაკლის ნაახლი მოხელენი თითონ აღარ იახლა და ზოგს ძმა, ზოგს შვილი გამოართო და ისინი ახლდნენ. ვისაც რა წყალობა ჰქონდა განწესებული ულუფა და ჯამაგრი არავისთვის არ მოუშლია და დიახ რიგიანად მეფობდა, თუ სნეული არ ყოფილიყო. ძმები მტრობდენ, რადგანაც რომ ერთის დედის შვილები არ იყვნენ. ამისთვის მირიან ბატონისშვილმან მოინდომა, რომ მეფე გიორგი მეფობიდამ გამოიყვანოს და თავისი ძმა იულონ დასვას მეფეთა; დარეჯან დედოფალს სთხოვა შვილმა მირიანმა, რომ კახეთში უნდა წამობრძანდეთო, იქ უნდა გავამეფოთ იულონ და გიორგი დავითხოვოთო. დედოფალი არ დაეთანხმა და არ წაყვა. ეს შეიტყო მეფემ და ბძანა: მე რომ ძმა ვარო და ასე მტრობენო, ჩემს შვილებს სულ დახოცვენო. დაწერა პავლე ხელმწიფესთან და მიართო ქართლი და კახეთი და როგორც ეწერა ეს ყველას ცნობილი აქვს. გაატანა ეს წიგნი გარსევან ჭავჭავაძეს, ელიაზარ ფალავანდოვს და გიორგი ავალოვს. მაინც სამეფო არავინ იყო და ჩემს ყმაწვილობაში გამიგონია დარბაისელთაგან, რომ მეფობა არავის არ შეუძლიან იოანე ბატონიშვილის მეტსაო; ამისთვის რომ კაი ვაჟკაცი იყო და ბუნებითი ჭკუაც დიდი ჰქონდაო, ისე რომ არც ძმებს და არც ბიძებს იმდენი სამეფო საქმე და ქვეყნის მოვლა არ შეეძლოთ.

პლატონ! ეს დავსწრე, ამის მეტი არა ვიცოდი რა და შენ გაასწორე, თორემ წინ და უკან არის დაწერილი. მამა ჩემი იყო ლაშქარნავისი მეფის ირაკლისა, მაგრამ რადგანაც კაი მწერალი იყო, წერაში იხმარებოდენ მფეები. როდესაც ყეენი მოვიდა და ქართლში გადავსახლდით, ჩვენს მამულში, იქ იულონ ბატონიშვილს ახლდა ერთი წელიწადი. იულონ საერისთოში იყო. მეფემ ერისთავიანთ წაართვა და შვილს მისცა. იულონ არაფერს სარჩოს გვაძლევდა და წამოვიდა მეფეს გიორგისთან. პირველს ნახვაშივე უბძანა: ომან მდივანო, შენ მოახსენე ჩემს ძმას იულონსაო, რომ ქართლის გორის ციხე დავიჭიროთო: ქართლი ჩვენი შეიქმნებაო. არა შენი ჭირიმე, მოახსენა, ეგ მტრის ენა გახლავსო: თორემ ქართლში ბევრი გორის ციხეზედ უკეთესი ციხებიაო. მაშ კარგი, და წერილით მომახსენე მამის ჩემისაგან რაც წყალობა გქონდაო. დაწერა და მიართო. ყველა უბოძა, ჯამაგირიც და ულუფაც. ექვსი ლიტრა ხორცის ბარათიცა ყასაბაბაშს რიზაულიაზედ.

მეფის სასახლის ღვინის ქება რო დავსწერე, ის ღვინო იყო ზემო ხოდაშნისა ზვრისა, რომელიც რუსებმა გაჰყიდეს და ერთმა გამყრელიძემ იყიდა. თუ გნებავს ესეც დაწერე, რომ მეფეს ერეკლეს პირველს ცოლთან გიორგი და თამარი ყვანდა ორივ მშვნიერები. მე გამიგონია თეკლა ბატონიშვილისაგან: ჩემს დას თამარს ისეთი მშვენიერი თვალები ჰქონდაო, რომ ადამის გარდა ღმერთს იმისთანა თვალები არავისათვის გამოუმეტნიაო და მიუციაო.[2]

(მეორე ბარათი)

(2) „პლატონ! ჩემი ქმრისაც ეს უნდა დაწერო, რომ ქობულაანთ ჰქონიათ მამა-პაპით კახეთის მდივნობა. ჩემი მამამთილი დავით მდივანი იყო, მთელი კახეთის განმგე და საყვარელი მეფის ირაკლისა, და იქაც ხომ დავწერე, რომ მამის ნახლები აღარავინ იახლა მეფემა. ამისთვის ბძანა: დავით მდივანო! შენ შინ მოისვენეო და შენი შვილი მაახლე და ახლად დაგიმტკიცებ მდივნობასაო. იმანაც აახლა უნცროსი შვილი ჩემი ქმარი ოთარ. ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ კახეთის მდივნობა რა იყო. რუსებს სეკლატრობა ჰგონიათ[3], მაგრამ მარტო არა. კახეთიდამ რაც სამეფო შემოსავალი იყო, ათის თავი მდივნებისა იყო და სამეფო სოფლებიდამ თითო მსახური უნდა ხლებოდათ“.

კნეინა ბ ა რ ბ ა რ ე ქ ო ბ უ ლ ო ვ ი ს ა

39[edit]

განჯის ხანი[4] და მეფის ძე გიორგი იყვნენ მეგობარნი. განჯის ხანი, აღზრდილი თფილისსა, ხშირად მყოფი სასახლეში, არ ივიწყებდა მეფისა ძის პურ-მარილსა. დროსა მას, როდესაც მოუძღვა აღა-მაჰმად-ხანს ასაღებად თფილისისა, დაიცვა მან ბოროტმან რეცა მეგობრობა: და არ გადააწვევინა სასახლე მცირედი, სადგური მეფისა მის. გამეფებისა დღეებსა, სცნა რა მან სიკვდილი ირაკლისა, მოსწერა წერილი ნუგეშინის ცემითი, აზიელთა მთავართა ჩვეულებრივი. მეფემან გიორგი მიუგო პასუხი, გარნა არა ეგოდენ ტკბილი, რომელსაც მოელოდა მისგან ხანი. _ ხანსა ეშინოდა მეფის ძისა მარადის; ელოდა დაცემასა განჯაზედ ჯარითა; ამისთვის ხანმან მოგებისათვის მეფისა გულისა, საშიშისა მეზობლისა, არა მიხედნა წყენასა, კვალად მოსწერა წერილი, წარმოგზავნა ორი შეკაზმული მძიმედ ცხენი, 20 ჯორი, 40 აქლემი, 4 ძვირფასი შალი და ერთი თოფი ინგლისისა მაუდი, _ მეფემან მისწერა მადლობა და აუწყა გამოცხადებით, რომელ რუსთა ხელმწიფე მფარველია მისი, და იტყოდა, ვისაც სურს მეგობრობა ჩემი, უნდა ჰსურდეს მას კავშირიცა რუსთა ხელმწიფისა და მფარველობა მისი. ესე იყო უკანასკნელი ხანთან წერილი, მას ხანთან, რომელიც შემდეგ მეფისა მოიკლა რუსთაგან თვით განჯის ციხესა 1803 წელსა.


  1. ელევთერი გვარით ზუკაკიშვილი ანუ მერმე ზურაბაშვილად წოდებული, იყო მღვდელი ჟამსა მეფისა გიორგისსა. რომელმანცა გაააზნაურაცა. შვილი მისი მღვდელი არის მონათლული მეფის ძის მიხაილისაგან. იყო საყვარელი მეფისა ირაკლისაცა სიტყვა-ნიჭიერებისა გამო. მოკვდა 1825 წელსა.
  2. წერილის დასასრული დედანში: პლატონ! ახლა შენ იცი, როგორც რიგზედ დასწერ. ძალიან წინა და უკან არის დაწერილი და შენ გაასწორე. რაც დასაწერი არ არის, მოშალე და თუ გინდა ეს ლექსიც დაწერე. მეფის გიორგის ბეჭედზედ ეს ეწერა: სიმდაბლით გარდამოსრულსა იესოს ვაქებ ღმერთ კაცსა სრულსა. თუ სამძიმე არ იყოს თქვენთვის, დღესა მნახე.
  3. მდივანბგობა იყო ვითარცა რუსთა შორის სენატორობა. მდივანსა აქვნდა ძალი საქმის გარდაწყვეტისა და სოფლებთა მოვლისა. იქმოდა ყოველსავე და პასუხუგებდა მხოლოდ მეფესა. იყო ნამდვილ განმგე სამეფოთა საქმეთა, მცველი ქვეყნისა ჰაზრითა, რჩევითა და მოქმედებითა; თანამზრახველი მეფისა. იყო ძალითა და მნიშვნელობითა ესევე რუსთა შორის ნამდვილი Государственный советник (სახელმწიფო მრჩეველი) და არა Член государственного совета (სახელმწიფო საბჭოს წევრი).
  4. იგულისხმება ჯავათ-ხანი განჯის მფლობელი, მოკლული პ. ციციშვილის მიერ განჯის აღებისას, 1804 წ.

40[edit]

8 აპრილს 1798 წელსა წარავლინა შვილი თვისი მემკვიდრე დავით და მეფის ძე შვილივე თვისი იოანე კახეთსა აღსაწერად კომლეულად მცოვრებთა სოფლებთა შინა. მათ აახლა დეკანოზი იოანე ოსეს ძე, ეგნატი იოსელიანი და დავით დიაკონი მარტყოფისა, ვითარცა მწერალნი. აღწერეს ამათ და მოართვეს სია მკვიდრთა რიცხვისა სახასოთა, საეკკლესიოთა და საბატონოთა ყმათა. მასვე დროსა წარგზავნა აღსაწერად სომხითისა მოოხრებულისა ესავ ბეგთაბეგიშვილი, სულხან და დიმიტრი თუმანიშვილნი (პირველი სომეხი და მეორე ქართველი) და ეშიკაღასბაში ასლან ყაფლნიშვილი. ივნისის თთვესა მოერთო მეფესა სიანი და აღმოჩნდა 42000 კომლი კახეთისა და თათრებისა ელითა; 2600 სომხითისა; _ მაშინ ბრძანა მეფემან: შესწერდეს კომლზედ ექვსი შაური ფულად აღსაშენებელად სასახლისა, მეფის სადგურად თფილისს. _ რიცხვითა ამით შეგროვდებოდა საკმაო ფული. იეფობისა გამო შენობისა მასალათა ქართლი დაშთა აღუწერელად და რადგან მეფესა მოერია უძლურება და განუმრავლდა შფოთი ძმათაგან და იქმნა არეულობა, ვერღა მოიყვანა ესე ჰაზრი აღსრულებასა. მოკრეფილი კახეთსა და სომხითს ფული ბრძანა მოხმარდეს ეკკლესიათა. ჯერ ვაშენოთ სახლი ღვთისა, ბრძანებდა მეფე, მერეთ ვიზრუნოთ სადგურისათვის ჩვენთა. მაშინ დააკეთეს მრავლად ბარძიმნი და ფეშხუმნი და მიანიჭეს მათ სოფლისა ეკკლესიათა, სადაცა არღა იყვნენ ესრეთნი სახმარნი ნივთნი. _ მოჭედეს მეორედ განძარცვილნი წმინდანი ხატნი; შეამზადეს შესამოსელნი საეკკლესიონი და მოისყიდეს წიგნნი დაბეჭდილნი, სადაცა აგულებდნენ მათ სახლთა შინა კერძოთა. ელევთერი, იოსებ სასახლის დეკანოზი, სოლომონ დეკანოზი ანჩისხატისა ალექსიშვილი, იერომონახი (მღვდელმონაზონი) იოსტოს და სხვანი იყვნენ განსაგებელად საქმეთა ამათ დანიშნულნი. დედოფალი და მეფის რძალი და ქალნი სასახლისა, მხლებელნი მათნი გამდელნი და გამდელთა მოახლენი კერვიდენ დღე და ღამე შესამოსელთა. მეფე ამხნევებდა მათ და მღვდელნი, მომლოდნენი მეფისა წყალობისა, მხიარულებდენ და აკურთხევდენ ქრისტეს მოყვარებასა მისსა. თფილისსა შინა არა დარჩა სახლი არცა სომხისა, სადაცა არა იკერებოდენ ოლარნი, საბუხრები, დაფარნანი, ფილონნი და სტიხარნი ფარჩათა მაღალისა ფასისა და დაბალთა სოფელსა შინა მოსახმართა. ოქრომჭედელნი თფილისისა და თავად მათთა სიონისა გაბრიილ ბასხაროვი დაშვრებოდენ ბარძიმ-ფეშხუმისა და ჯვართა კეთებაზედ. _ მრავალნი ეკმაებოდენ მეფისა კარისა ულუფასა ღვინითა, ხორცითა და პურითა, და მრავალნი არა მიიღებდენ ფულითა სასყიდელსა. ქრისტეს ეკკლესიისა დიდებამან, ესრეთ აღსძრა გული ხელოსანთა, რომელ თავადნი და აზნაურნი შეუდგნენ მეფისა მაგალითსა და აღსასრულებელად მეფისა სურვილისა თვით თვისთა ეკკლესიათა განამშვენებდენ სამკაულითა და აღავსებდენ მათთა ნაკლებულებათა. რვა თთვეს იყო ესრეთი მუშავობა. „დაფაცურდაო, _ მეტყოდა დეკანოზი ანჩისხატისა დიმიტრი ალექსიშვილი მესხიევი, _ მრთელი სამეფო, ამა ღვთივ მოსაწონსა საქმეზედ. დიდი მეფე იყო გიორგი, მამამშვიდობავ, _ მეტყოდა იგი მრისხანედ, _ ტყუიან და სცოდავენ მგიობელნი მისნი. მეორე დავით აღმაშენებელი იქმნებოდა იგი, უკეთუ მისცემოდა მას სიცოცხლე. სიკვდილი მისი უბედურება იყო ქვეყანისა. მისისა ლოცვითა და ცრემლითა პურსა სჭამს დღეს ქვეყანა. ასე იცოდე და ასე იცოდნენ ყოველთა“, _ კვალად იტყოდა მრისხანისა სახითა. _ ნამდვილ ვიტყვი მეცა. მიხედვით მის ცხოვრებისა, რომელ შეიქმნა იგი ძირად ნედლისა ხისა, რომელმანცა დაკარგა შტონი, გარნა კვალად აღმოაცენნა ახლად და განახლდა იგი საამოდ თვალთა და ნაყოფისა მომცემად. ხმა მისი იყო ხმა ეკკლესიისა და კვერთხი მისი _ კვერთხი მოსესი განედლებულისა, აღყვავებულისა და ნაყოფის გამომცემისა.

41[edit]

მეფესა გიორგის ბორჩალოსა ყირიყლოში ესტუმრა და ემასპინძლა განჯისა მოლა, ჰაჯი-მაჰმად-ალი, მცოდნე არაბთა წერილისა და მაჰმადის სარწმუნოებისა. შეიქმნა ბაასი მასზედ, ვითარ იტყვიან ქრისტიანენი უშვერსა თქმასა: „ღმერთი იშუა მუცლისაგან ქალწულისა“. მეფის ძემან უპასუხა: „ადვილად და მსუბუქად ვგონებ თქმასა ამას მაღალსა, და რეცა იხილე რაოდენ შორს არს მთა იგი პირისპირი; _ და ვგონებ ვითარ შორს ხედავს თვალი მინდორთა ვრცელთა და მთათა გარემოდებულთა. აღიხილე ზეცად და განიცადე სივრცე ვარსკვლავთა სადგურისა. თვალმან შენმან მცირედმან დაიტია სიდიადე და არ გიკვირს. რად გიკვირს ესე რომელ ღმერთმან ინება და ვერ ჰპოვნა შესაძლებელად დატევნულიყო მუცელსა შინა ქალწულისა? ყოვლისა შემძლებელსა, ცისა და ქვეყანისა შემოქმედსა, ნუუმე არ შეეძლო ექმნა მუცელი ქალწულისა უვრცელეს ტაძრისა? სადაცა ინებებს ღმერთი სცვლის და სძლევს ბუნებისა წესსა, ვითარცა მისგანვე დაწესებულსა და დამტკიცებულსა“. მსმენელმან მოლამან სდუმნა. ესრეთი იყო ღმერთგანკაცებულისა საიდუმლოსა ამის განმარტება, და რაიცა შეიძლება ადვილ გაგონება დაახლოებით ჰაზრისა ესრეთ მაღლისა გონებისათვის კაცისა.

42[edit]

უკვდავებისათვის სულისა იტყოდა ტკბილისა მოთხრობითა შემდეგს: „მიხედე სხეულისა ჩვენისა უძლებობასა და შეამსგავსე გონებასა, რომელიცა არის თვალი სულისა. სხეული არის მდებარე ან მოძრავი ერთსავე და მასვე ადგილას სულისავე შეწევნითა, ხოლო თვით სული ერთსავე და მასვე წამსა არის აქა, მივა ინდოეთს, მოივლის საფრანგეთსა, განვლის ჩინეთსა, ფრინავს ცისა სამყაროსა და არს ერთსა და იმავე დროსა აქაცა და იქაცა. რომელსა დაბადებულსა აქვს ძალი ესე მიმოსვლითი? მხოლოდ სული კაცისა ღვთისაგან ჩაბერილი იქმს ამასა; მას მხოლოდ აქვს მიცემული ნიჭი ესე ყოველგან მყოფობისა, მას ვერ იჭერს ვერცა სიზრქე ზღუდეთა და კედელთა, ვერცა სიმაღლე ცისა სივრცისა, ვერცა სიღრმე მიწისა, ვერცა გარესკნელი უკანასკნელთა ქვეყანისა სამძღვართა. შეზღუდული თვით სხეულისა ბადითა, ვითარცა ტყვე პყრობილი, არის თავისუფალი ბუნებითა და ფრინავს გონებითა, ვითარცა სურს. ესრეთისა ძალისა მქონი განქარდება? არა, იგი განძლიერდება, შეიქმნება უმეტეს მორბინალი, უადვილეს მფრინავი; უმხნესად ცხოველი, უმეტეს წილად მხედველი და განმსჯელი, როდესაც განშორდება სხეულსა, შემავიწროებელსა მისსა და დამაბრკოლებელსა. ეს არის ერთი და დიდი დამტკიცება სულისა უკვდავებისა. მაცხოვარმან თვით გვიჩვენა აღდგომისა შემდეგ თვისისა მკვდრეთით, რაჲ არს სული, ოდეს არღა სოფლისა სხეულისა და სულისა, ესე იგი კაცისა სხეულისა და სულისა მექონი, აღვიდოდა ცად და შთავიდოდა ქვესკნელთა ქვეყანისა, და განვიდა კართა ხშულთა და ეჩვენებოდა მოწაფეთა და სხვათაცა მრავალთა.

43[edit]

დროსა ამას მოახსენეს მეფესა, მეფისა ძენი დავით და იოანე დიდად დაახლოვდნენ იულონსა და ალმასხანსაო, ძმათა მეფისა და მეტოქთა მისთა. უწყოდა მეფემან, რომელ ესრეთი მათი მათთანა დაახლოვება არის სავნო თვით შვილთათვის თვისთა. „შვილსა ჩემსა დავითს შეაცთენენ გულარძნილნი ძმანი ჩემნი, _ იტყოდა მეფე, _ და ვერცა იგი, და ვერცა შვილი ჩემი იოანე ნაყოფსა კეთილსა ვერ იხილვენ მეგობრობითა მათთან. _ მტერნი მათისა მამისა, როგორ შეიქმნებიან შვილთა მისთა მყვარებელნი. ავი ნიშანია ეს, _ იტყოდა კვალად მეფე, _ ოდეს ღმერთი სჯის მამასა ვითარცა მე, მაშინ წინააღუდგენს შვილთა მისთა. ჩემსა სახლსა დაცემენ ეგენი ესრეთითა მამისადმი მოქცევითა“. მეფის ძე იოანე ოდესმე ეახლებოდა მამასა და იამებოდაცა მას მისი ნახვა. გარნა მეფის ძე დავით მემკვიდრე არცა ერთგზის არ ნახავდა მამასა, გარდა დროთა მათ, როდესაც მეფე დაიბარებდა მას საქმეთათვის. _ მეფე, განრისხებული მასზედ ხსნილისა ჭამისათვის მარხვის დღეთა და არა მომსმენი ხშირად წირვისა და ლოცვისა წესისამებრ მართლმადიდებელისა ეკკლესიისა, სთხოვდა ხშირად საიდუმლოდ შთააგონონ დავითს სიყვარული ქრისტესი და ეკკლესიისა. მეფესა დიდად უყვარდა შვილი თვისი დავით, ყოველთა შვილთა და ძმათა შორის უუგონიერესი, ცქვიტი, ფხიზელი და მარჯვე სიტყვითა და საქმითა. მეფის ძენი ორნივე დავით და იოანე იყვნენ გონიერნი, მხნენი და საქმისა კაცნი: თვით მეფე ირაკლისთან დიდად თამამად და თავისუფლად შედიოდნენ და დიდად უყვარდენ ესენი პაპასა მათსა. ყოველთვის ორთავეს გვერდით მოისვამდა, თუმცა დავით მამასა მათსა გიორგის არა ნახავდა ხოლმე. სხვანი შვილნი მეფისა იყვნენ არა ეგოდენ ვარგისნი და არცა სამეფოდ აღზრდილნი, ვითარცა ორნი ზემორე თქმულნი.

44[edit]

დავით მოსრული რუსეთით, ვერ იქცეოდა სურვილისამებრ მამისა. ამისთვის სწუხდა ურწმუნოებისათვის მისისა წესისამებრ წმინდისა ეკკლესიისა. აჰა საუბარი მისთვის მეფისა პატრთან, რომელიცა ახლდა მას ვითარცა მეგობარი და მახლობელი:

_ პ ა ტ რ ო ნ ი კ ო ლ ა! სადაა ეხლა დიდი სარდალი ბონოპარტე?

_ ებრძვის რუსეთსა და კეისარსა, _ მოახსნა პტრმან, _ ესენი ცდილობენ დაიცვან ფრანგისტანში ქრისტიანობა. არღაა მუნ აგერ მრავალი წელიწადია არცა წირვა, არცა ლოცვა, არცა მღვდელი და ეპისკოპოსი; 25 მილიონი წარმართად არიან ქცეულნი. ვინ ჰქმნა ესე? უკეთურთა მწერალთა ვოლტერმან და სხვათა, მეფევ!

მ ე ფ ე: ვოლტერი! მეგობარი ჩემის შვილისა დავითისა, ჩემის მემკვიდრისა. ვაჲ შენსა გიორგის! რუსეთში მყოფმან ჩემმან შვილმან შეისწვლა მისი უსჯულო სწავლა; მომიტანა აქა მისი სახე, რომელიცა სამართლად დავსწვი ცეცხლსა. ღმერთი წარუმართებს რუსთა და კეისარსა. თვით მაცხოვარი ჩემი შეეწევა მათ. ქრიტეს გარეთ რაღაა კაცი? უკეთესსა ვინ გვასწავებს. მეორე არიოს ყოფილა. უნდა იყოს ის შეჩვენებული.

პ ა ტ რ ი: წმინდისა პაპის ლოცვითა ვერ გაიმარჯვებს მტერი.

მ ე ფ ე: ეკკლესიასა ქრისტესა, ჩემო პატრო, ვერა სძლევს ბჭე ჯოჯოხეთისა.

პ ა ტ რ ი: მრავალი უნახავთ დევნა ქრისტიანეთა.

მ ე ფ ე: დიოკლეტიანემან, ნერონმან, ივლიანემან ან და სხვათა ვერ სძლიეს ქრისტესა, რას იქმს ვოლტერი ბოროტითა სიტყვებითა! თვით ბონოპარტე რაღაა, პატრო?

პ ა ტ რ ი: დიდად მორწმუნე კათოლიკე, გარნა აღზრდილი ფრანგისტანში, კორსიკანელი, თუ არა ქრისტიანე არ იქმნება. ფიქრობს აღადგინოს ტრაპეზი ქრისტესი. პატივსცემს დიდად პაპასა წმინდასა.

მ ე ფ ე: ღმერთმან წარუმართოს და დაუთრგუნოს მტერნი და განუბნიოს იგინი. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის.

პ ა ტ რ ი: აგერ 8 წელია, რაც უკეთურთა ფრანგისტანელთა დაფლეს მიწაში ჯვარი და სახარება ქრისტესი.

მ ე ფ ე: წყეულიმც არს მათი სახელი. ღმერთო და მაცხოვარო ჩემო, შენ აპატიე შვილსა ჩემსა დავითს დანაშაული მისი. ნუ ჰკითხავ მას. შენ მოაქციე ჭეშმარიტსა გზაზედ და დაამკვიდრე შენსა სიყვარულზედ. ამინ, ამინ. _ რა იქმნება მეფე არა მორწმუნე ქრისტესი, მოძულე ღვთისა დედისა, წმინდათა და წამებულთა. ვაჲ შენსა მეფესა გიორგის. მამაშვილობას, პატრო, შეაყვარე ქრისტე ჩემსა შვილსა, გამოიყვანე ცოდვიდამ; ამცენ, შენ უფრო დაგიჯერებს. _ თუ არა, ვერ იმეფებს, დაკარგავს ტახტსა და სამეფოსა ღვთისმშობელისა წილხვდომილსა. ქრისტიანობითა გვაქვს პატივი და დიდება ესრეთ, ჩემო პატრო, ჩემო მეგობარო. ვალიცა გაქვს, ქრისტესთვის სიტყვასა იტყოდე. განმხნევდი, მეც მაამე და მცნებაცა ქრისტესი აღასრულე. მოიძიე ცხოვარი წყმენდული და შეაერთე ქრისტეს სამწყსოსა.

პატრი ნამდვილი საყვარელი იყო დავითისაცა მემკვიდრისა. უამბო ესე ყოველი დავითს? ვერ ვსცან კაცთა მედროვეთაგან. „მეფეთა-თანა საუბარი სიფრთხილითა უნდაო, _ მეტყოდა ხშირად მეფისავე ექიმი იოანე იოსების ძე ყარაევი, მომთხრობი ამბავთა ამათ და თვით სარწმუნოებით კათოლიკე. _ თვით მამა შენი ენატი, მიჩნეული მეფისაგან, მამაო ჩვენოს თქმით შევიდოდა მასთანაო“.

45[edit]

1800 წელსა აღდგომისა დღესა, წაბრძანდა მეფე სიონისა საკათედრო ეკკლესიასა. მუნ იყვნენ შეკრებილნი შუაღამესა რუსთა ღენერალი ლაზარევი და სხვანიცა, კავალენსკი მინისტრი და რეზიდენტი რუსეთისა და მეფისა მოხელენი. ცისკრისა წესი და წირვა დღისა ამის გარდაიხადა კათოლიკოსმან ანტონი, რომელსაცა ჰყვანდნენ თანამწირველად არსენი თფილელი და მიხეილ ნინოწმინდელი, დროთა ამათ თფილისსა მცხოვრები, და სხვანიცა სამღვდელონი.

ოდეს შებრძანდა მეფე ეკკლესიად, და მოიკითხა რუსთა ჯარისა უფროსნი, წინათ ცისკრისა დაწყებისა, _ ჩვეულებისამებრ თვით აღანთო სანთელი კელაპტარი ყვითლისა სანთლისა წინაშე სიონისა ღვთისმშობლისა ხატისა და მაშინ მოულოდინებელად ერთგან ხმა ჰყო ძლიერად: ღვთისმშობელო, ქრისტე აღსდგა! _ ესრეთი აქვნდა ტრფიალება ქრისტეს სიყვარულისა მორწმუნესა მეფესა, და ესრეთმან მისმან ხმისა ბგერამან, რეცა ზეგარდამო, მოღებულმან, შეარყივნა გონება და სხეული მუნ მყოფთა. ჰგონებდენ, _ მეტყოდა მუნ მყოფი დროსა ამას ბიძა ჩემი ღენერალ-მაიორი ზაქარია იოსელიანი 86 წლისა ს. პ. ბ. გარდაცლილი 1865 წელსა, _ თვით ხმა ისმა ღვთისაო? შეძრწუნებული, ვითარცა საყვირისა ხმითა, დღესაც ვძრწი და ვლმობიერებ დღესასწაულთათვის ქრისტეს ეკკლესიისა, ესრეთ ბრწყინვალედ თვით მეფისაგან გარდახდილთა.

დღესა ამას მრავალი სატრაპეზო დარიგდა ქალაქისა მცხოვრებთა უძლებთათვის, ქვრივთა და ობოლთა. წირვისა შემდგომად კათოლიკოსი და თანამწირველნი მიბრძანდნენ მეფისა სადგურსა და მუნ ეკურთხა ევლოგიად დაგებული ტრაპეზი სტოლზდ რუსთა წესითა და მუნ განიხსნილეს ერთად ქალთა და კაცთა, მეფემან, დედოფალმან მარიამ, მეფის ძეთა და რუსისა ღენერალთა და მხლებელთა მათთა.

46[edit]

თთვეში ერთგზის უყვარდა აბანოში მისვლა, სახელდობრ სიონის აბანოსა, რომელსაცა მაშინ ეწოდებოდა სამშაბათისა, _ რადგანაცა დედაკაცთათვის იყო დღე ესე დანიშნული. _ მოემზადებოდნენ დიდისა მზადებითა და ჩრდილოეთის მხრით პატარა აუზი დღედმდე მყოფი, იყო მისთვის დანიშნული. _ ბანვისა დროსა ერთსა საათსა განატარებდა დუმილისა ლოცვითა დედისადმი ღვთისა, რომლისადცა იყო ძველად მეფეთაგან შეწირული. მეაბანოე თათარი მამადი, დღესაცა ცოცხალი 98 წლისა, ახლდა მას და უყვარდა მეფესა ალერსითა მასთან თათრულად საუბარი.

აბანოსა შემდგომად, ჩაცმულსა მეფეს მიერთმეოდა შაქრიანი წყალ-ღვინო; ეს სიყრმითგანვე აქვნდა მას ჩვეულებად და ბრძანებდა: „ნადირ-შაჰ-ყაენმა ასწავლა ესე პაპასა ჩემსა თეიმურაზსა და მე მისგან მაქვს გაგონილიო“. ესრეთ იტყოდა მამადი, მადიდებელი მეფისა და კურთხვით მომხსენებელი მისი.

მეფობისა პირველსა ორსა წელიწადსა მიბრძანდებოდა აბანოსა ცხენითა და მესამესა წელსა, ვითარცა სნეულსა მიიყვანდნენ ტახტრევანითა. ტახტრევანითავე მიბრძანდებოდა ხარებისა ეკკლესიასა, სადაცა ხშირად უყვარდა მოსმენა წირვისა და თაყვანისცემა და ჭვრეტა წმინდისა ხარებისა ხატისა, _ რომისა ქალაქსა ნახატსა, და მუნით მოსვენებულსა ტაძრისა ხატად თფილისსა ლათინთა ეკკლესიისა. ხატსა ამას ეწერა ქვემოთ ლათინურად წელიწადი ეკკლესიისა მის აღშენებისა და გამოძიებით დღესაცა დაშთენილისა ქვასა ზედა წარწერითა სჩანს 1714 წელი.[1]


  1. სხვა თავში პლატონ იოსელიანს უწერია, რომ 1755 წელს მეფემ თეიმურაზ მეორემ ეს ეკკლესია ჩამოართვა კათოლიკებს და იგი გადასცა საქრთველოს საპატრიარქოს, და მას შემდეგ იქ ტარდებოდა მართლმადიდებლური მსახურება. (ი. ხ.)

47[edit]

მეფესა არ უყვარდა სიარული და შექცევა ბაღებში. _ მხოლოდ პატივიცემისათვის ძისა თვისისა დავითისა, სამეფოჲსა თვისისა მემკვიდრისა, _ ეწვია მას ბაღში, სადაცა ქართულითა და რუსთა წესითა ჰქმნა სადილი დიდი და მიიწვია რუსისა ღენერალნი, ჯარისა თფილისს მოსულისა აფიცერნი და ჩინებულნი ჯარისა და ქალაქისა. მუზიკა რუსული და ქართული და მომღერალნი ამხიარულებდენ შეკრებილთა. კათოლიკოსი და ეპისკოპოსნი და სამღვდელონიცა იყვნენ მუნ მიწვეულნი, _ ქალნი არა.

ბაღი ესე იყო ორთაჭალას, შემდგომად მეფის ძისა რუსეთისაკენ წასვლისა მიეცა იგი დოსითეოზს არქიეპისკოპოსსა გვარითა ფიცხელაურსა, და შემდგომად ამისცა შეისყიდა იგი სომხმან თფილისელმან, მოქალაქემან ტერშიმოვანმან; _ დღესაც მემკვიდრეთა მისთა უპყრიესთ იგი სავაჭროდ და არა სალხინოდ; ესრეთი ცვალებადი არს სოფელი ესე და ყოველივე სოფლისა.

48[edit]

მუხრანისა მოხილვის დროსა, მტკვრისა ციხიდამ ეკვირებოდა ადგილთა მშვენიერებასა, ქსნისა ერთის მხრით და არაგვისა მეორით მდინარეობასა, ვენახთა სიმრავლესა, მინდორთა მოსავალითა სავსეთა, ეკკლესიათა და კოშკთა და ნაშენობათა ძველთა ახალთა ადგილ-ადგილ თვალსაჩინოდ მდებარეთა. დიდად დამტკბარსა ესრეთითა ხილვითა მეფის ძესა, მუხრანის ბატონმან იოანე, სიძემან თვისმან, გარნა არასაყვარელმან, მოახსენა: „ეს, რასაც ხედავთ ქსნიდამ არაგვამდინ და მთიდამ იმა მთამდე ჩემიაო“. მაშინ სწრაფლ უბრძანა მეფის ძემან: ნუ, ნუ, მუხრანის-ბატონო, ნუ ბრძანებ მაგას, ეგე გვარი თქმა სატანამ მოახსენა მაცხოვარსა: „ესე ყოველი ჩემიაო, მოგცემ შენ სამეფოსა მას, უკეთუ თაყვანის მცემო. ნუ ვიქადით სახელითა ჩვენითა. არა ჩვენ, არა ჩვენ, არამედ სახელსა შენსა ეც პატივი“, მხლებელთა გაეღიმათ, მუხრანის-ბატონმან სდუმა და სხვათა მეცნთა კაცთა და წილკნელმან ამბროსი განიკვირვეს მარჯვე პასუხი წმინდისა სახარებიდამ მარჯვედვე და თვისსა დროსა სათქმელად მოღებული.

დასატკბობელად მუხრანის-ბატონისა, თვით ბრძანა ქებითი სიტყვა მუხრანისათვის სამთავროჲსა: „დიდი საუფლისწულო შეხვდათ მუხრანის ბატონთა, მეფეთა ტომთა, _ იტყოდა მეფე, _ მუხრანის ბატონი ჭეშმარიტად არის მთავრი მდიდრად მექონი პურისა, ღვინისა, საკლავისა, ტყისა და ნადირთა. მეტადრე ორაგულთა, მცურავთა მარჯვნივ და მარცხნივ მისისა სახლისა. არაგვი და ქსანი, _ ორნი აქვნან ორაგულისა, თევზთა ბატონისა, მდინარენი მუხრანისა ბატონსა, 1200 კომლის ბატონსა და ვითარცა მემარჯვენესა ემორჩილების 6000 მეომარი. ეპისკოპოსი წილკნელი და წინამძღვარი შიო მღვიმისა მისთვის ილოცვენ. ძვალნი წმინდისა შიოსი და საფლავი წმინდისა იესე წილკნელისა, აქვნან მას საფარველად. აი, ბატონო მუხრან-ბატონო სიმდიდრე თქვენი, სიქადული და სასოება მტკიცე. _ ორნივე ესენი არიან ეკკლესიისა სვეტნი და მეფეთა გვირგვინისა სამკაულნი“.

ამასვე დროსა პირველსა წელიწადსა მეორედ ქორწინებისა მეფის ძისა (ე. ი. 1782 ან 1783 წელს _ ი. ხ.) დამან მისმან მეფის ასულმან ქეთევან, მიიპატიჟა მუხრანსა რძალი თვისი მარიამ, მიღებული დიდისა პატივითა და თექვსმეტითა ქალითა დიდთა გვართაგან, დახვდებოდა ვითარცა მათ, ეგრეთვე მეფის ძესა გიორგის ცოლის ძმასა თვისსა. მომთხრობი ამბავთა ამათ ზაალ გურამიშვილის ცოლი ნინა, დღესაცა ცოცხალი, თვით იყო დამსწრე წვეულებისა და დაასახელა შვიდნი ქალნი საჩენად მორთულნი, მშვენიერებითა მბრწყინავნი, ტკბილად მოუბარნი, საოცრად მროკველნი. ესენი იყვნენ პაატა ციციშვილის ქალი სოფიო, გასათხოვარი 13 წლისა; თუმანიშვილის ცოლი ქეთევან, დიდად კეკლუცი; მაყაშვილის ქალი ნინო, 14 წლისა დანიშნული... ანდრონიკაშვილზედ, გარნა გათხოვებადმდე გარდაცვლილი, საყვარელი მეფის ძისა გიორგისა, რომელსაცა დიდად ეალერსებოდა თვით მეფე ირაკლი. თინათინ, ქალი ამილახვრისა ამირინდოსი, გასათხოვარი და დედამისი თამარ მშვენიერი და მეფეთა ალერსი; ელენე დაჲ მისივე თინათინისა, ცოლი ახლად ჯვარდაწერილისა მასზედ აბაშიძისა დავითისა; ბარბარე ყაფლანიშვილი; ელისაბედ ციციშვილის ცოლი, სიტყვა მარჯვე, მოხუმარი და ზმათა მთქმელი შესაქცევად მრავალთა.

ათი დღე დაჰყვეს მუნ; _ კარვებითა იყო სავსე მუხრანისა გარემონი. 300 კაცი შეჭურვილი ახლდნენ სტუმართა. წვეულება ესე იყო ენკენისთვისა 8 რიცხვსა თთვესა ამას, რომელსაცა არის დღესასწაული წილკნისა ტაძრისა აღშენებულისა ღვთისმშობლისა შობისა სახელზედ; დაჰპატიჟა თვით წილკნელმან, ჰქმნა სახელოვანი სტუმრობა და მუნითგან, კურთხევითა მაღვდელმთავრისა ამბროსისა, წარვიდენ მცხეთისა გზით ქვემო ავჭალას და მივიდნენ მეფის ძე გიორგი და მეუღლე მისი მარიამ, ქალნი და კაცნი მხლებელნი მათნი და ისადგურეს მუნ 4 დღე და, აქა მასპინძლობდა მათ ზაალ გურამიშვილი, მეფის ძისა განსაკუთრებით ერთგული და ცოლი მისი ნინო ანდრონიკაანთ ქალი, ნათესავი პირველისა მეფის ძის ცოლისა ქეთევანისა და მომთხრობი ამბავთა ამათ. ამისაგანვე ვსცან მრავალნი ამბავნი, აქ მოხსენებულნი მეფისათვის, თვით მოხუცი 103 წლისა ვერ მიგებდა პასუხსა უსმენელობისა გამო ყურთა მისთა შეკითხვათა ჩემთა; ამისთვის გარდასცემდა მას შვილიშვილი მისი კნეინა ოლგა ჭავჭავაძისა, ქალი კ. თადეოზ გურამოვისა და ცოლი კ. ილიასი, ქართველთა პოეტისა, _ ჩაბერვითა მაღლად მოხუცისა ყურთა და ესრეთ მეტყოდა პასუხსა და მომითხრობდა ძლიერად, გონიერად და სრულითა მეხსიერებითა. „არ არიო წერასა შინა ამბავი ჩემგან ნახულისა, _ იტყოდა მოხუცი, _ და ამბავი გაგონილისა ჩემგანვე. მეისტორიე ფრთხილად უნდა წერდესო“.

49[edit]

მოგზაურობისა ამის დროსა შემდგომად ოთხისა თთვისა 1784 წელსა ვიხილე ერთი მისგან მეფის ძისა მიწერილი ბრძანება მთიულეთის მოხელეთადმი; ბრძანებითა ამით უბრძანებს, რომ, საამ კობიაშვილსა, მოურავსა მთიულეთისასა, გამოდევნილსა მათგან, დამორჩილდნენ; _ მხოლოდ საამს სანამ ცოცხალი იყოს და მის ძმათა და სახლის კაცთა ხელი არ ჰქონდესთ თქვენთანო. ოქმი ესე იწყება: „ბატონიშვილი გიორგი, ლეონ, იულონ, ვახტანგ და თეიმურაზ (ეს სახელი კათოლიკოსისა ანტონისა ერის კაცობაში) გიბრძანებთ მთიულეთისა მოხელენო და ერთობით მთიულნო დიდნო და მცირენო“ და სხვანი; იანვრის 21 ქორონიკონს უოდ (474) (1784 წელსა).

ავჭალას მოახსენეს გლეხთა მკისა დროსა მწუხარებით, წვითა და დაგვით პურის ჭამისათვის მათგან. მეფემან უპასუხა: „პური თქვენი, რომელსაც სჭამთო, პურია ნამდვილი. კაცი ესრეთითა შრომითა უნდა იკვებებოდესო. ძილი თქვენი უფრო ტკბილია, მხიარულობაცა უფრო შვებითი და სხეული უფრო მტკიცე. ადვილად ქვეყანაზედ ნაშოვნი და მოპოვებული არის უგემო, ვითარცა საჭმელი უმარილო“.

50[edit]

დროსა ამას ლეკთა აქვნდათ შეკრული ზედაძნის მთა ტყიანი. მეფემან მოუწოდა ქიზიყელნი, რათა მიუხდენ მუნ მთისა წვერსა და მოუშალონ მათ ბინა-სადგური მათი. 300 კაცი და ქიზიყისა მოურავი ზაქარია ენდრონიკაშვილი წარვიდენ და იხილს სიმაგრე მათი ციხესა და გალავანი კოშკიანსა ზედაძნისა ადრევე გუქმებულსა უდაბნოსა. სცნეს ესე ლეკთა 600 კაცთა მუნ მარადის დაბუდებულთა და გადმოუდგნენ ციხისა და გალავნებისა კერძოთაგან. ქიზიყელთა ვაჟკაცთა ვერ გაბედეს მისვლა იერიშითა: იყვნენ უცნობნი ადგილისა და არა ჰგონებდენ ესრეთ მიუვალად. სირცხვილეულნი უკუ იქცნენ და წარვიდენ თვის-თვისად. მაშინ შეწუხებულმან მეფემან ამოიოხრა და უბრძანა ზაალ გურმიშვილსა და მაყაშვილს ოხვრითა: „მეუბნებიან, ნუ მოიშველიებ რუსთაო!“

ეს მთა ზედაძნის არაგვისა პირსა ზედა დამყარებული პირისპირ მცხეთისა და ღართის-კარისა ანუ ძველად კანონიერად ქართლისა კარისა იყო კლდედ და კარად დაღესტანისა, და აქედამ დაეცემოდიან ლეკნი ღართის კარსა და დატაცებით ტყვეთა, _ განვლიდენ ქართლსა და ავიდოდნენ ახალციხეს. დაბრუნებულნი მუნით, აქავე მოვიდიან და დაბინავდებიან უშიშრად. _ ესრეთ მდგომარეობასა შინა იყო საქართველო დროთაგან მეფისა ვახტანგისა 1710-გან, როგორცა სჩანს წერილითგანცა, და ვიდრე 1817-დმდე. ამა წელიწდიდამ შეწყდა ლეკი და შევიდა თვისთა კლდეთა შინა და ხეობათა, სადაცა ეწია მას ძალი რუსეთისა და შემდგომად გრძელ-ჟამითისა ბრძოლისა დაამორჩილა და დაამშვიდა, დაიმონა და შეაერთა კვალად ქართველთა ვაჭრობითა, მათთანა მუშაკობითა და არს საიმედო, რომელ იქმს ერთობასაცა სარწმუნოებითსა დანერგვითა მათ შორის ქრისტიანობისა, გარე რომლისა არა არს არცა სარწმუნოება, არცა მოქალაქობა და არცა კაცობრიობა.

51[edit]

მოახსენეს მეფის ძესა წიგნისათვის ამილახვარისა, დაბეჭდილისა რუსეთსა. ინება მეფისა ძემან თარგმნილისა ქართულად წარკითხვა. სთხოვა მთარგმნელსა მისსა, წარუკითხოს მას იგი. მთარგმნელმან პეტრე ყიზლარელმან კოტიევმან მოახსენა, არა ქონვა მისი ქართულად. თარგმნილი მივართვი მეფესაო. მეფის ძემან ვერ გაბედა თხოვნა მისი და უბრძანა პეტრესა, ხელახლა სთარგმნოს ქართულად. მაშინ გარდმოიღო ქართულად არა მრთელი წიგნი, არამედ 14 ადგილი საგიობელი მეფის ირაკლისა და სხვანი ქებითნი სიტყვანი მეფის ძისა გიორგისათვის. უბრძანა მადლობა მას, გარნა ირაკლი მცნობმან, რომელ დაარღვია ბრძანება მისი, რათა არა ვისთვისმე ეჩვენებინა იგი, გაუწყრა მას და განაძია თფილისით. ესრეთი იყო კავშირი შორის მამისა და შვილისა. მტერთა განიხარეს და განძლიერდენ წინააღმდეგნი და მეტოქნი გიორგისა! _ ესენი რავდენნიმე წიგნისა ამის ფურცელნი ცუდად ნათარგმნი და სომეხთა ენისად მიქცეულნი მეცა მინახვიან (სჩანს იყო მთარგმნელი სომეხი), ვნახე და წარვიკითხე ნიკოლოოზ დავითის ძე ჩუბინოვისა წიგნთა საცავსა. ვგონებ გამოსთხოვა შემდეგ იგი ამას მთავარმან მეგრელიისა დავით ლეონის ძემან დადიანმან, _ დიდათ მოყვარემან ქართველთა მწიგნობრობისა.

ამას შინა რვეულსა იდვა სხვაცა ფურცელი ლურჯ ქაღალდზედ ნაწერი, რომლითაცა სთხოვა მეფესა, მისცეს ნება ორისა თთვითა წარვიდეს ეჩმიაწინსა სანახავად დროთა ამათ სომეხთა კათოლიკოსისა ლუკასი. მეფე ირაკლი უწერს მას ფურცელზედა უარსა დროთა გარემოებათა გამო: ოქმივით დაწერილსა, უარის პასუხსა უზის პატარა ბეჭედი მეფისა ირაკლისა.

52[edit]

ოდეს ქსნისა ერისთავთა დაჰკარგეს რწმუნება მეფისა და არღა მიენდობოდა ერთგულობისა მათსა სიტყვასა, და აქვნდათ მარადის დაახლოება ლეკთა ბელადთა თანა, დაღესტნით ახალციხედ მიმავალთა და ახალციხით დაღესტანსავე უკუქცეულთა, _ მაშინ მეფემან ირაკლი განიზრახა მოღება მათგან ქსნის ხეობისა და სრულად აღხოცვა ქსნის საერისთაოსი. ესე უნებდა მას ერთობისათვის მეფობისა და სიმტკიცისათვის ერთმთავრობისა დაასუსტოს თემთა მთავარნი ანუ სრულად აღფხვრას იგინი, მაგალითითა მით, რომელიცა დიდისა სიბრძნით ჰქმნა მეფემან თეიმურაზ, ოდეს განაქარვა სამუდამოდ ერისთავობა არაგვისა. შეგროვილთა მეფისა სასახლესა შინა მდივანბეგთა განიხილეს საქმე და ორგულობა, რომელთაცა შესწამებდნენ ერისთავთა. ჭაბუა ორბელიანმან და იოსებ თუმანიშვილმან და სხვათა სძლეს სხვათა და განაჩინეს სრულიად უკუნითი უკუნისამდე მიეღოს მათ საერისთაო. სიმტკიცისათვის და შეუცვალებლობისათვის ესრეთისა განჩინებისა იქმნა კრება, დაიწერა ძეგლის წერა, და მოსწერდა ხელი დაესვათ ბეჭედნი მეფისა და სამეფოჲსა სახლისა წევრთა, კათოლიკოსისა და მღვდელმთავართა რვათა. კირილე მთავარეპისკოპოსმან მისცა ხმა მიემატოს ძეგლის წერას ესეცა: „იყავნ კრული თვით მეფეცა, რომელმანცა გახსნას შეკრულება ესე და სცვალოს განჩინება“.

მეფის ძესა გიორგის არ უნებდა არც ხელის მოწერა, არცა ბეჭდის დასმა. აქედამ სცნეს პირველად ჰაზრი მეფის ძისა. იწყინა მეფემან: დაიბარა შვილი თვისი, ჰყვედრა მას ურჩება გამოცხადებული და უბრძანა დასვას ბეჭედი. მეფის ძე მორჩილ ექმნა მამასა, გარნა გაიმეგობრა ერისთავნი და მთის მკვიდრნი, რომელთაცა სურდათ ერისთავნი თვისნი, გალაღებულნი მათგან. ესე სიყვარული მათ შორის დასცხრა და განქარდა მაშინ, ოდესცა ერისთავმან რევაზ 1800 წელსა შეირთო ცოლად ანასტასია, ქალი ირაკლისა და ოდეს ფარნაოზ მეფის ძემან იდუმალვე მამისა თვისისა მიიყვანა ცოლად ანნა ქალი ყულარაღასისა ერისთავისა.

53[edit]

ესრეთივე იყო მოქცევა მის მეფის ძისა გიორგისა, ოდეს მეფემან ირაკლი დასწვა მოღალატენი მისნი პაატა ბაგრატიონი, თაქთაქიშვილი და დააჭრა ფერხთა ძარღვნი ამილახვარსა ალექსანდრეს. მეფის ძეს გიორგის არ უნებდა ასრულება ესე ვითარისა სასტიკისა განჩინებისა. მოქმედებითა ამით უჩვენა ქართველთა ერსა გულჩვილობა თვისი და ესე იყო მიზეზი, რომელ თვით ალექსანდრე ამილახვარმან რუსეთსა წარსულმან დაბეჭდა წიგნი რუსულად.[1] და მას შინა მაგიებელი მეფისა ირაკლისა, ადიდებდა მეფის ძეს გიორგისა და აღწერდა მას კაცად კეთილად, ბრძნად და სათნოებათა მრავალ მექონად. _ მეფესა მოახსნეს წიგნისა ამისთვის დაბეჭდილისა და მან მისწერა იმპერატრიცასა ცუდკაცობა დასჯილის ამილახვრისა. რუსეთმან სურვილისამებრ მეფისა აკრძალა წიგნი იგი და აცნობა მეფეს, რათა მან განუსვენოს მას. იგი იყო ნათესავი ათანასი თფილელისა, დაშთომილისა რუსეთსა და მუნ გარდაცვლილისა.


  1. იგულისხმება წიგნი: История георгианская о юноше князе Амилахорове с кратким прибавлением истории тамошней земли от начала до нынешняго века, которую рассказывает Усим, купец Анатолииский сотоварищам своим между разными известиями. 1 часть. Переведена на российский язык И. С. Спб. 1771 г. Типогр. Х. Ф. Клеэна (რაც ქართულად ასე ჟღერს: გეორგიანული ისტორია ჭაბუკი თავადის ამილახვრის შესახებ იქაური ქვეყნის ისტორიის მოკლე დამატებით დასაწყისიდან ამ საუკუნემდე, რომელსაც უსიმი, ანატოლიელი ვაჭარი უყვება თავის ამხანაგებს სხვადასხვანაირ ცნობებს შორის. 1 ნაწილი. რუსულ ენაზე თარგმნილია ი. ს.-ის მირ. ს. პ. ბ. 1772 წ. ჰ. ფ. კლეენის ტიპოგრაფია) (წიგნი წარმოადგენს პამფლეტს ერეკლე მეორეზე).

54[edit]

1783 წელსა ოდესცა იწყეს საეკკლესიოთა წიგნთა ბეჭდვა ქ. თფილისს, მაშინ მოახსენეს მეფესა, რათა რუსთა წესითა შემდგომად სიტყვათა: „დროსა კეთილმორწმუნისა მეფისა ირაკლი მეორისა და დედოფლისა დარეჯანისა“ დაემატოს ესეცა „და მემკვიდრისა მათისა მეფისა ძისა გიორგისა“, სურვილისამებრ თვით მეფის ძისა და განსასვენებელად ძმათა, რომელნიცა მარადის განიზრახვიდენ მეფობისა მიტაცებასა, იწყინა ესე მეფემან და უბრძანა სტამბისა ზედამხედველსა... არღა მოახსენებდეს მას ესრეთსა უშვერსა მოხსენებასა. კათოლიკოსმან ანტონი სტუქსა კეჟერაშვილი მღვდელი და აბრამ ურიათ-ყოფილი და... მღვდელივე... მბეჭდავნი წიგნთა. დაბეჭდილნი რავდენნიმე დაწყებითნი ფურცელნი, მოითხოვა და ბრძანა მისცენ ცეცხლსა და არღა იქმნეს ესე. ტრიფილე არქიდიაკონსა ებრძანა კათოლიკოსისა პირითა საყვედური დიდი და მოძღვარმან მეფისა ზაქარია სულხანიშვილმან მბეჭდავმანვე გამოუცხადა მას ტრიფილეს ბრალისა მიტევება გაბედვისათვის ბეჭდვისა და დასტამბვისა რისამე. _ არ ნებართულისა მეფისაგან და თვით კათოლიკოსისა. ერთი ესრეთი ფურცელი ვნახე დავით რექტორისა წიგნებში; მომსყიდავი რავდენთამე მისთა წიგნთა. _ არა ვიცი სადა მიეფარა ეს ფურცელი დასამტკიცებელად ესრეთისა ჩემისა მოთხრობისა

55[edit]

დღესა მესამესა შემდგომად შერთვისა მეფის ძისაგან მარიამ გიორგი ციციშვილის ქალისა, წარვიდა მეფე ირაკლი და ნახა რძალი თვისი სავსე მშვენირებითა, ჯერეთ ყმაწვილი 14 წლისა. მეფემან მიართვა პირის სანახავად ხატი ღვთისმშობლისა, ამბარჯა ძვირფასი თვლებითა, მარგარიტითა და იაგუნდებითა მორთული, რომელიცა ჰფასობდა იტყვიან ას თუმანთა, ქარხანა ზეთის სახდელი მტკვრის ხიდის გაღმა, მეტეხისა კლდისა ძირში ავლაბრისა გზისა მარჯვნით. მასვე დღესა მეფისავე მუნ ყოფნასა მიბრძანდა დედინაცვალი და დედოფალი დარეჯან, და ამანცა პირის სანახავად უბოძა რძალსა თვისსა ძეწკვი ოქროსი და გულსაკიდი ამბარჯა, საკაბე მძიმის ფარჩისა, შალი ინდოეთისა, კრიანესული 70 მარგარიტისა ასხმული და 30 იაგუნდისა თვალი.

არა გამოჩენილი ქორწილი მეფის ძისა მოითხოვდა რათა არა გამოჩენილადცა ყოფილიყო მიღება სასახლესა შინა ახალისა სძლისა. ამისთვის თვითოეულად მოვიდოდნენ და წარდგებოდნენ სასხლისა კარისა კაცნი თავადნი და აზნაურნი და თვით კათოლიკოსი და სამღვდელონი თფილისელნი. დროთა ამათ თფილელი ათანასი მივიდა და მიართვა მყოობადსა თვისსა დედოფალსა ხატი ღვთისმშობლისა ვეცხლმოქსოვილი, დაუჯდომელი, დაბეჭილი ქაიხოსრო მეფისა დროსა 1709 წელსა თფილისს, დალოცა და აკურთხა იგი პარაკლისისა გარდახდითა მუნვე სახლსა. ესრეთი იყო ძველადე ჩვეულება თფილელთაგან, რადგანაცა თფილელი და მროველი თვისითა ეპარქიებითა იყვნენ ძველადვე სადედოფლოდ დანიშნულნი. მაშინ შესწირა თვით დედოფალმან სიონისა ეკკლესიასა ბარძიმ-ფეშხუმი, რომლსაცა აქვნდა შთასხმული სამი დიდი ალმასი გარემო გამოკვეთილისა მაცხოვრისა ხატისა. ესე დაიკარგა თფილისისა აღებისა დღესა 1795 წელსა. ისაკ კანდელაკმან სიონისა, კაცმან მრავალთა საეკკლესიოთა წიგნთა და გულანთა აღმწერელმან მიართვა თვისგან დაწერილი მშვენიერად ხუცურად დაუჯდომელი და პარაკლისი ღვთისა დედისა. თავსა ხატია ღვთისმშობლისა ხატი და შთაურთო მუნ 18 სახე ღვთისავე დედისა ქებათა გამომეტყველი, თანახმად 9 ხმისა დაუჯდომელისა საგალობელთა და ესოდენისავე ხმისა პარაკლისისა საგალობელთა; დასასრულ წიგნსა ეწერა ესე: „მე ისაკ ხუცესმან სიონისა, მივართვი წიგნი ესე მეფის რძალსა მარიამსა, მეუღლესა პირმშოისა მეფის ძისა გიორგისა. ღმერთმან მშვიდობაში მოახმაროს. ქ~კ~ს (ქორონიკონსა) 1783“.

მხატვრობაები მუნ მშვენივრად ნახატნი ოქროსა და ვეცხლისა ვარაყითა შემკულნი განაბრწყინვიდენ თვით წიგნსა, სალოცავად მეფის რძლისათვის მომზადებულსა. დასასრულსავე წიგნისა ეწრა ესე: „ღვთისა დედაო მადიდე სულითა მხატვარი სახეთა შენთა ნიკოლოოზ“, _ გამოვიძიე ვინაობა მხატვრისა ამის და ვსცან, რომელ იყო იგი თავადი ნიკოლოოზ აფხაზი, კნიაზად ხმობილი, რუსეთსაც მეფისაგან სხვათა თანა დესპანთა წარგზავნილი, მამა ბრძნისა და მხნეობითა გამოჩენილისა ღენერალ-მაიორისა ივან ნიკოლაიჩისა (გარდაიცვალა ხოლერითა ვარშავას 1831 წელსა) და ორთა სხვათა, ძმათა უშვილოდ ამოწყვეტილთა. _ ესე ნიკოლოოზ მარხია სიონისა საკათედროს ეკკლესიასა, ვითარცა მიამბო თვით შვილმან მისმან ივანე ნიკოლოოზის ძემან, რომელმანცა პირველად გამამგზავრა რუსეთად სწავლისათვის.

ხატი ესე აქვნდა მეფის ძესა მიხაილსა, ხოლო დაუჯდომელი თვით დედოფალსა მარიამს, რომელმანცა თვით მიჩვენა მე მოსკოვს 1835 წელსა. დაბრუნებულსა რუსეთიდამ საქართველოს, მასვე დროსა მასთანავე გადმოვსწერე ზედა წარწერა წიგნისა. ვის აქვნან აწ ესენი და რომელთა მემკვიდრეთაგან მისთა, არა ვუწყი.

56[edit]

თფილელ-მიტროპოლიტი გერმანე, მოხუცი და ღირსი კაცი აღზრდილი სიყრმიდგან იოანე მანგლელისაგან შეიქმნა ავად, მეფის ძე გიორგი მიბრძანდა და ნახა მწოლარე სიკვდილისა საწოლსა. თანაჰყვა მას იკონომოსი და დეკანოზი სიონისა იოანე ოსეს ძე (ოდესმე ოსიშვილად წოდებული), რომელიცა მოხუცებისა გამო და უძლურებისა თვით გერმანესსა, განაგებდა ეპარქიასა მისსა. ნახვამან მეფის ძისა და საუბარმან მისმან წმინდათათვის ეკკლესიისა და თვით გერმანესსა, რომლისაცა სახელითა იწოდებოდა იგი, მოიყვანა სნეული ესრეთსა მდგომარეობასა, რომელ შეიქმნა უკეთ და განმხნობილი იტყოდა: „ბატონიშვილო! სიტყვა თქვენი ზეცით მეტყვლი, შემექმნა მე სამკურნალოდ; ვხედავ თავსა ჩემსა ცოდვილსა კვალად მოსრულად სოფელსა ამას, რათა სინანული ბრალთა ჩემთათვის განგრძელდეს და ვეღირსო დიდებასა მას ქრისტესსა, რომელსაცა თქვენ მომითხრობთ. ცოდვილითა ჩემითა პირითა, მადლობას მოგახსენებ და კურთხევასა მოგართმევ: მადლი იესოსი, ყოვლისა სოფლისა ცოდვათაგან მხსნელისა, იყოს თქვენ ზედა და თქვენსა სახლსა ზედა. ამინ, ამინ“.

მეფის ძემან იტირა, ემთხვია მოხუცისა ხელსა. „დამწერე ჯვარი ეკკლესიისა ქრისტესისა მწყემსო“, _ რქვა მეფის ძემან. მაშინ წარმოსთქვა: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა...“

მეორესა დღესა თვით წარავლინა კაცი მოკითხვისა, მოუვიდა პასუხად სრულიად უკეთესობისა მისისა და სიმრთელისა ამბავი; განიხარა და კვალად წირვისა შემდგომად მიბრძანდა და წარიყვანა შვილი თვისი მიხაილ ჯერეთ ათამდინ წლისა. აღდგა თვით საწოლით და ქურქ-მოდებული, მიეგება სენაკისა კარსა. განკვირდა მეფე და მაღალის ხმითა ბრძანა: „კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩვენთა“ (ესრეთი თქმა ხშირად იცოდა მეფის ძემან ქრისტეს მოყვარემან). იოანე დეკანოზმან პასუხ უგო: „მადლი უფლისა თანა უვის მარადის მადლითა ქრისტესითა სავსე კაცსა“. მაშინ მეფის ძემან მიიყვანა შვილი თვისი მიხაილ და სთხოვა აკურთხოს იგი. გერმანემან დასდვა ხელი თავზედ და ოდესაც აპირებდა კურთხევისა სიტყვისა წარმოთქმასა, უბრძანა მეფემან მამამან დაიჩოქოს; მსწრაფლ დაიჩოქა და მაშინ სთქვა: „წმინდამან სამებამან გაკურთხოს შენ. მადლი უფლისა და ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს შენთანა. ჯვარი მისი საჭურველად გექმნეს შენ; იხილვიდე კეთილსა მარადის ქრისტეს სიყვარულითა; დღე გრძელი მოგენიჭოს“. _ ესე ამბავი თვით მიხაილმან მიამბო ს. პ. ბ., ოდეს ვსადგურობდი მასთან ორ წელიწადსა (1843 და 1844) და იტყოდა ქრისტეს მოყვარე და მოხუცი მაშინ 64 წლისა: „მე კიდევ ვიცოცხლებ: გერმანესაგან ღირსისა კაცისა, ვარ ნაკურთხი“. მომაგონდა ესე მისი თქმულობა, ოდეს წარვიკითხე წერილი მოწერილი ჩემდა გარდაცვალებისათვის მიხაილისა, რომელსაცა აქვნდა 82 წელი 1861 წელსა, 21 აპრილსა და უმეტესდ დღემდე ვარ შეკრთომილი, ოდეს გამოვიძიე წერილიდგან, რომელ თვით გერმანეცა, მაკურთხეველი მისი, იყო 82 წლისა გარდასრული ამიერ სოფლით სამყოფსა სუკუნოსა.

57[edit]

1778 წელსა წარვიდა ზაფხულისა თთვეთათვის თრიალეთისაკენ და აქედამ გარდავიდა 300 კაცითა და დაიბანაკა თაფარავანის ტბისა პირზედ. _ სცნო ესე ფაშამან ახალქალაქისა, მივიდა და არა ესტუმრა მეფის ძესა გიორგის. „მე გიახელ გიმასპინძლო ჩემსა ქვეყანასა“, _ რქვა ფაშამან. ესრეთ დიდისა პატივითა მიღებული გიორგი იყო წვეული თთვესა ერთსა თურქთა წესითა. თან ახლდა მას თავადი იოანე ანდრონიკაშვილი, ეგნატი იოსელიანი, თურქისტანიშვილი დავით, ბარათაშვილი იასონ და სხვანი. მღვდელნი დღე ყოველ ულოცავდენ სასახლისა ჩვეულებითა ცისკარსა და მწუხრსა და ოდესმე აღასრულებდენ წირვასაცა ნაკურთხსა კარავში, რომელსაცა არა მოიშორებდა თვისაგან გიორგი მოგზაურობისა დროსაცა. _ ძველნი სამესხოჲსა ქართველნი დროთა ამათ გათათრებულნი, ქალნი და კაცნი, _ დიდისა ლმობიერებითა ისმენდნენ ლოცვასა და ვედრებასა სიტყვათა მათსა ენასა ზედა, მათგან არ დავიწყებულთა ვიდრე დღეინდელად დღედ. ერთი მათ შორის იპოებოდა ყმაწვილი ლეკი, რომელსაცა მეფის ძე უალერსებდა; მოახსენეს რომელ არა უვის მას არცა მამა და არცა დედა და არს ობლად დარჩომილი და გამოიკვებება სამადლოდ სხვათაგან. მეფის ძემან ითხოვა იგი, მისცენ მას, უბოძა ცხენი და წამოიყვანა 10 წლისა თვისდა. შემდეგ 20 წლისა მონათლეს იგი; იყო მიმქმელად თვით მეფისა რძალი ელენე, მეუღლე მეფის ძისა და მემკვიდრისა, და სცხოვრობდა მასთან ს. პ. ბ. (სანკტ-პეტერბურგში) და მუნ გარდაიცვალა 1854 წელსა დამტოვებელი შვილთა. მას ერქვა სახელად სვიმონ. გვარი მისი არა მახსოვს.

ესე მიამბო თვით მეფის ასულმან ელენე, ემბაზით მიმქმელმან ჩემმან 1809 წელსა, ოდეს მისულმან პირველად რუსეთსა, ვიხილე იგი 1831 წელსა.

თაფარავანით გადმოვლო მთა საციციანო და მოვიდა ქარელსა; აქედამ მიიწვია მროველმან ეპისკოპოსმან რუისისა; განვლო მტკვარი ტივით, დაჰყო მასთან სამი დღე. აქედამ ამილახვარმან ოთარ ისტუმრა ტივით ოთარაშენსა, მისგან დადგინებულსა სოფელსა და სასახლესა; მოსრული გორსა მანვე მოიწვია ამილახვარმან, ვითარცა გორის მოურავმან. აქედამ ღამისთევითა განატარა გორისჯვრის ეკკლესიაში მწუხრი, ცისკარი და წირვა. _ ამასვე დღესა დაწინდეს მისსა ქალსა ელენეზედ მეფის ძე თეიმურაზ, რომელსაცა არა სურდა იგი ცოლად მიზეზისათვის მის, რომელ იგი იყო პირველ დანიშნული მის ძმაზედ მემკვიდრეზედ დავით, რომელმანცა მამისა არა უთანხმოებით შეირთო ცოლად სომეხთა აბიმელიქის სვიმონისა ქალი. _ შემდეგ ორისა დღისა მთაზედ ყოფნისა, მეფე შეიქმნა ავად, და წარმოვიდა მუნით რა ცხენით, დასვეს ტივზედ და ესრეთ მოიყვანეს ქალაქს თფილისს.[1]

ტკბილია ტივზედ ჯდომა და სიარული მტკვრისა გზითა. კნიაზმან გრიგორი გაგარინმან აწ ღოфმეისტერმან, მოინდომა წამოსვლა გორიდამ თფილისს და ვიარეთ ამ გზით მე და მან 1851 წელსა სეკდემბრის თთვეში. _ დილით წამოსული მოვედით ს. გომსა, და მეორესა დღესა 8 რიცხვსა, ქალაქსა თფილისსა. ტივზედ მჯდომელნი თავისუფლად და დაუბრკოლებლივ ვიკითხავდით წიგნთა ვსწერდით. ესე ჰქმნა მან, რათა შეაჩვიოს ქართველნი ტივითა ჩამოსვლასა ქართლით თფილისად, მაგალითითა მით, რომელ ტიროლში მდინარითა ი ზ ა რ, მოვლენან ესრეთ ტივითავე მიუნხენში, ესრეთმან ჩვენმა მგზავრობამან მისცა საგანი კომედიისა მწერალსა ანტონოვსა და დასწერა ტივით სიარული. კ. ვორანცოვმან, დამბადებელმან ქართულისა თეატრისა, დააჯილდოა მწერალი და მიიღო თვისდა ყოველივე დასაბეჭდავად წარსაგებელი.


  1. (აქ პლატონ იოსელიანს როგორც ჩანს ერთმანეთზე გადაბმული აქვს ორი სხვადასხვა ამბავი, ვინაიდან დავით ბატონიშვილის ქორწინება სვიმონ აბიმელიქის ქალზე ელენეზე, შედგა არა 1778 წელს, არამედ დაახლოებით ოცი წლის შემდეგ, 1790-იანების ბოლოს _ ი. ხ.).

58[edit]

ამბოხთა დიდთა დამაცხრობელი მეფე, არა დასცხრებოდა მიწერ-მოწერითა ყოველგან. დესპანსა თვისსა თავადს გარსევან ჭავჭავაძეს უბრძანა წერილითა აცნობებდეს მხოლოდ მას და არა სხვათა მოქმედებათა თვისთა რუსეთისა კარზედ. აჰა ერთი ესე ვითართა წერილთაგანი საცნობელად რუსეთისა გარემოებათათვის სპარსთისა მხრით.

„მის ბრწყინვალებას თავადს, ჩვენს სარწმუნო მეგობარს.

როდესაც ჩვენს სჯულიერს სამეფო ტახტზედ ავედით, მაშინვე მაგათს დიდებულებასაც მოვახსენეთ და უგანათლებულესს კნიაზსაც[1] და შენც მოგწერეთ და ბრწყინვალეს ღრაფს ღუდოვიჩს გამოვუგზავნეთ ლინიაზედ, მაგრამ იქ აღარ ბრძანებულიყო და არ ვიცით ის წერილები რა იქმნა. და შემდგომად მისა კვალად მაგათ დიდებულებასაც მოვახსენეთ და უგანათლებულესს კნიაზსაც და შენც მოგწერეთ და ჩვენს შვილს დავითთანაც გამოვაგზავნეთ წიგნები და გზაზედ ასცდენოდა ისიცა და არ ვიცით რა იქნა.[2] ახლა ამას გწერთ კიდევ და აქაური ამბავიც ასე სცან, რომ ბაბახანის ბიძა სულეიმან სარდარი თავრიზს მოვიდა და თვითონ ბაბახანცა წამოსულა ზემოთ ადრი ბეჟანისაკენ და იმისი კაციც ჩვენთან გამოგზვნილი ნასახჩიბაში თფილის ქალაქში მოვიდა და დღეს რომ ამ თვის კზ (27), კვირა დღე არის კაცნი გავგზავნეთ, დავიბარეთ ქიზიყს, ჩვენც იქ ჩავალთ და ვნახავთ ამას და რაც ამბავი იქნება იმის სრულის ამბავითაც და სხვა ამბავითაც შენს მოყვარეს კნიაზ ავალოვს[3] გიორგის გამოვისტუმრებთ მსწრაფლის სიარულით და ყველას მაშინ სცნობთ და თქვენი ღონისძიება რაც არის, ეხლავ უნდა ეცადოთ. გ ი ო რ გ ი“.[4]


  1. ეს უგანათლებულესი კნიაზი უნდა იყოს, მგონია, ბეზბოროდკო კანცლერი.
  2. დავით მემკვიდრე ლინიაზედ იყო ამ დროს სამსახურში.
  3. ესე იყო თვით გიორგი ავალოვი მოსკოვს გარდაცვლილი დეისტვიტელნი სტატსკის სოვეტნიკის ჩინითა, და ცოლის ძმა გარსევან ჭავჭავაძისა.
  4. ნამდვილსა ამას მეფისა ქაღალდსა არ ჰქონდა რიცხვი წლისა და თთვისა. მხოლოდ ჭავჭავაძის ხელითა არის დანიშნული რიცხვი დროჲსა, ოდეს მისვლია მას პეტერბურღს, ე. ი. 5 აგვისტო, 1798 წელსა.

59[edit]

ჯერეთ მეფისა ირაკლისავე დროსა 1787 წელსა კათოლიკოსმან ანტონი მეორემან რჩევითა და საზოგადოჲსა ბერთა და მღვდელთა თხოვითა, ინება შეგროება, განხილვა და დამოწმება გრამატათა და ოქმებთა დაძველებულთა. ტრიფილე არქიმანდრიტი, ისაკ მწერალი და მწიგნობარი სიონისა საკათედროისა თფილისისა ტაძრისა, სოლომონ დეკანოზი ანჩისხატისა და მამა მისი ალექსი დაინიშნენ განსახილველად პირველად მცხეთის ეკკლესიისა გუჯრებისა. _ ძველნი და დროთაგან გამქრალისა მელნითა ნაწერნი და ძნიად წარსაკითხნი შეწირულობათა ყმისა და მამულისა გუჯარნი, წარიკითხეს და გარდაწერეს კერძო წიგნად ხუცურად, უმეტნაკლებოდ და გარკვევით. კათოლიკოსმან ანტონი მიართვა ესე მამასა თვისსა და სთხოვა ინებოს და განსაახლებელად დაძველებულთა ასვას თვითეულსა სამეფო თვისი ბეჭედი. მეფემან ირაკლი, განმხილველმან წიგნისა ამის, არა ინება დამტკიცება მათი ბეჭდითა თვისითა: მრავალი მათთაგანთა გუჯრებთა ყმანი და მამულნი დროთი დროდ ანუ იყვნენ სხვათადმი გარდაცემულნი, ანუ სრულიად დაკარგულნი და სხვათა მფლობელობაში შესულნი, ხოლო სხვანი საიჭონი და სადაოდ მისაღებელნი დასაცხრომელად კათოლიკოსისა თხოვათა, ბრძანა სახალხოდ და ყოველთათვის გასაგონად: „როგორც ყორანსა არა დავამტკიცებ, ისე ამათ ბეჭედსა ჩემსა არა დაუსვამ“. ესრეთ დაშთა მიუღებელად და შეუწყნარებელად წიგნი ესე, რომელსაცა უწოდეს სახელად და დღესაც ეწოდების: „რაორტაგი“ (სომხურისა ენისა ლექსითა). კათოლიკოსმან ანტონი განუმეორა თხოვა ესე მეფესა გიორგის ძმასა თვისსა. მეფემან უბრძანა დაუტეოს მას წიგნი იგი წარსაკითხავად. მამაჩემი ეგნატი, მიწოდებული მეფისაგან, სამსა დღესა უკითხავდა მას და დიდის ყურისგდებითა მოისმენდა ძველთა წერილთა. 300-დმდე მათგანი წარუკითხა მეფეს და ბრძანა: „მიერთოს ბატონსა კათოლიკოსსა და მოხსენდეს, რომ კურთხეულისა მამისა ჩემისა სწორესა ჰაზრსა ამა წიგნზედ მე ვერ შევსცვლი და ნურცა ეწყინება, რომ ბეჭედს ჩემსა ვერ იხილავენ წიგნისა ამისა მუხლნი“.

ესრეთ დაბოლოვდა მეცადინება კეთილი თავით თვისით კათოლიკოსისა, შეკრებისათვის ერთად გრამატათა და გუჯართა, გარნა უაზრო და სავნოდ მართლად დავათა გამო, რომელნიცა აღდგებოდენ, უკეთუ დამტკიცდებოდა წიგნი ესე.

60[edit]

მასვე დროსა კათოლიკოსსა უნებდა საკათოლიკოსოჲსა მცხეთას პალატისა განახლება და ოდეს გამოსთხოვდა მისთვის ნებასა და ბრძანებასა, მეფემან უბრძანა აშენდეს სახლი მეორისა შესავალისა დიდსა კართან. დაშთესო შეუხებელად ძველთა მეფეთაცა და კათოლიკოსთაცა პალატნი დაქცეულნი. „ვეცდებიო, _ ბრძანა მეფემან, _ ორივე ერთად და ერთს დროსა განვაახლო ეგრეთ, ვითარცა იყვნენო“.

მაშინ კათოლიკოსმან ანტონი აღაშენა თვისად სახლი აგურითა და ქვითკირისა, რომელიცა დღესაცა ჰგიეს; ხოლო პალატნი სამეფონი და საკათოლიკოსონი დაშთენ განუახლებელად გარდაცვალებისა გამო მეფისა შენობანი ესენი თლილისა ქვითა ნაგებნი წინათ ალექსანდრე მეფისა, მცხეთის განმაახლებელისა დასცა სრულიად, ექსარხოსად ყოფილმან და აწ პეტერბურღისა მიტროპოლიტად ისიდორემან. მათთან იყო მარანი ჩაკირულისა ქვევრებითა. ამათგანცა რომელნიმე ამოიღეს და გარდაიტანეს, რომელნიმე დაიმტვრა და რომელნიმე დაშთენ მიწასა. სასახლეთა ადგილი შემატა გალავანსა და თვით კედელნი წინა პირნი ქვით ნაშენნი, დაშთენ ზღუდედ გალავანისა: მიუდგეს მხოლოდ თავთა მათთა რიყისა ქვითა ნაშენნი სათოფურნი, ვითარცა აქვნდათ სხვათაცა ზღუდეთა. რად არა ვსთქვი თვისა დროსა ესე? მოვახსენე 1858 წელსა არა ერთგზის და მერეც შფოთითაცა მას, ისტორიისა და ქვეყანისა სიძველეთა უმეცარსა და არა მიიღო ჰაზრი ჩემი. და იყო კაცი თვითნება და იდუმალ არა მოყვარე ქართველთა; პირმოთნე დრომდე და მექონი თვისებათა მათ, რომელთაცა იტყვიან ქოსათათვის: იყო ქოსაო.

ესრეთ მიეფარა პალატთა ამათ კვალი სიძველისა. მხოლოდ ერთისა კუთხისა დასავლეთისა მხარეს, ფასადი დანაშთენი ზედ წარწერილებით ხუცურად, რომელსა შინა მოიხსენების ქრისტეფორე კათოლიკოსი, გადმოხატა და დასტამბა ფრანცუზთა მოგზაურმან დუბუოამან. ამან კაცმან, მოსრულმან შორით, ვითარცა სამარიტელმან გადმოხატვითა ამით, დაიცვა დაუკარგველობა შემდეგთა ჟამთათვის საკათოლიკოსოჲსა პალატისა, დანაშთენსა მცირედისა ზემოჲსა სადგომისა ფანჯრისა მშვენიერად ნაკვეთისა, და ექმნა მოწამედ სიტყვასა ჩემსა მოკლესა პალატისათვის ძველისა მცხეთას.

61[edit]

1798 წელსა უბრძანა შვილსა თვისსა ბაგრატს, ისადგუროს თელავს და აქედამ განაგებდეს ზემო კახეთისა საქმეთა. მიანდო მას მასვე დროსა გამაგრება ციხისა შილდისა, ლალის ყურისა და სხვათა ლეკთათვის დაღესტანით გამოსავალთა ხეობათა. წარუვლინა ამისთვის მუნ 600 ლიტრა თოფის წამალი და ჩამოსხმული სათოფე და სადამბაჩე ტყვია 300 ლიტრა. ოქმითა მიწერილითა მისდა მეფისაგან, მიეცა მეფის ძესა ბაგრატს სრული ნება თავადთა ურჩთა შეპყრობისა და უკეთუ არ დამორჩილდეს ვინმე და შეეხიზნოს ლეკთა, ვითარცა ორგულსა მოექცეს: _ ესრეთმან ბრძანებამან ძლიერმან მეფისა, დაუმორჩილნა ძლიერნი, გამოცხადებულნი და არა გამოცხადებულნი მტერნი. ვერც ერთმან თავადთაგან ვერ გაბედა მიდგომა მეფისა ძმათა განზრახვითა, მოსურნეთა რათა აუშფოთონ თავადნი მეფესა. _ მეფისა ბრძანებითა, თთვე ყოველ, მოხსენდებოდა მისგან მდგომარეობა კახეთისა დაწვლილებით საქმეთა, ვითარცა ლეკთა მისთა, ეგრეთვე თავადთა გამო, რომელთაცა ჰგონებდა არა სრულიად ერთგულად.

ელევთერი გამოგზავნილი თელავსა მეფისაგან, მოძღვრიდა ეპისკოპოსთა და წინამძღვართა სიფრთხილითა ყოფნასა; თავადთა და სოფლისა მოთავეთა კაცთა მშვიდობით ყოფნასა და არა გარევასა არა რომელსამე მეფისა წინააღმდეგსა საქმესა.

ესრეთ ძმათა მეფისა, კახეთისა თავადთა თანა მოყვრობითა დაკავშირებულთა, ვერ ჰპოვეს ვერც ერთი თვისისა ჰაზრისა კაცი. დიდად შეშინებული იყო მეფისაგან კახეთი: დიდად მორიდებული თვით საუბრისაგანცა მეფესა ზედა და მისსა განმგეობასა ზედა.

63[edit]

გამეფებისა შემდგომად მეფესა მოერთვა წერილი რუსეთით გარსევან ჭავჭავაძისა. წერილითა ამით აცნობებს სამეფოჲსა რეგალიათა წარმოვლენასა იმპერატორისა პავლესაგან. მაშინ მეფემან მისწერა მას გარსევანს შემდეგი წერილი:

„ბრწყინვალეო თავადო მანდატურთ-უხუცესო გარსევან!

შენის ბრწყინვალებისაგან მოწერილი წიგნი მოგვივიდა და რომელიც უმაღლესის კარიდამ ჩვენზედ მოსასვლელი მოწყალებაები გიბრძანებდა, ყოველივე შენის წერილით ვსცანით და შემდგომი რაც მაგათის დიდებულების წინაშე ჩვენი მოხსენება არის, ყოველივე წერილით მოგვიხსენებია და შენთვისაც თითოეულად მოგვიწერია და რომელიც შენს წინაპართა და შენს აქამომდე ნამსახურობასა და ერთგულებასა შეეფერებოდეს, ყოველს საქმეზედ ასე გაისარჯე ჩვენთვისა და ქვეყანისა ჩვენისათვის და მოიმედენიც ასე ვართ, რომ რასაც აქამომდე გარჯილხარ ჩვენის ერთგულობისა და შენის მშობლის ქვეყნისათვის, ახლა ერთისა წილ ათას წილ გაირჯები. ვიცით, რომ ყოვლის სასიკეთოსა და ჩვენისა და ჩვენის ქვეყნის წარსამატებელს საქმეს ეცდები. ამაზედ ჩვენგან განმხნობა აღარ გეჭირება და ახლა დაუყოვნებლად სისრულეს ეცდები და ყოველსავე საქმისა სრულსა პასუხს ადრე გვაცნობებ და შემდგომად ყოვლისავე შენის მშვიდობის ამბავსაც.

მ ე ფ ე ს რ უ ლ ი ა დ ქ ა რ თ ლ ი ს ა დ ა
კ ა ხ ე თ ი ს ა დ ა ს ხ ვ ა თ ა გ ი ო რ გ ი

ოკტონბრის ია (11)
წელს ჩღჟჱ (1798)
თელავს.

64[edit]

1800 წელს ჩამოვიდა დაღესტნიდამ ნურ მაჰმად 2000 კაცითა; _ მარტყოფის მთის ხეობითა განვლო საგურამო, გავიდა არაგვსა და შევიდა ტირიფონის გზითა ქართლსა და დაეცა სოფელსა საქაშეთსა დილით წირვისა ჟამსა კვირა დღეს. მებატონენი სოფლისა ამის თავადნი დიასამიძენი და გლეხნი, მტრის მოულოდებელნი იყვნენ ეკკლესიაში. ესრეთითა დაცემითა წარიტაცეს ტყვენი 60 კაცნი და ქალნი და მათთან ცოლი დიმიტრისა, დაჲ დიასამიძისა თინათინ (შემდეგ იყო ესე ცოლი მუხრანის-ბატონისა ბაგრატისა) და დედა ქაიხოსროსი, გარდაცვალებულისა 1862 წელსა; _ ბარბარე ამილახვრის გიორგის ცოლი და მღვდელი ილარიონ. _ პურითა, ქერითა, ერბოთი და საგზლით აბარგებული ნურ მაჰმად წარვიდა და დადგა მტკვრისა პირსა დოღლაურისა ბოლოს. მდევარი ქართველი წინ დაუხვდა და შეაყენა. 300 კაცი, რუსთა ჯარისა ქვეითისა, სურამს მყოფი, გამოუდგა და მისცეს ცეცხლი, მრავალი დახოცეს, ტყვენი გამოიხსნეს და მრავლად იგდეს თოფი ხრმალი; თვით მღვდელი ილარიონ ლეკისა ცხენისა და თოფის მშოვნელი უკუ იქცა თვისსა ბინაზედ. „ლეკი, რომელსა ვუჯეგ მე ზურგით ცხენსა, _ იტყოდა ილარიონ, _ მოკლა შტიკითა სალდათმან მას დროსა, როდესაც შეაგდო ცხენი მტკვარსაო. ცხენი შედგა, ლეკი წყალმა წაიღო და თოფი წყლისა ნაპირას ჩავარდაო; სალდათმან შტიკით მოძებნა და ამოიღო თოფი ლეკისა და მომცა მეო. _ მივვარდი მხიარულმან ხელთა საკოცნელად, გარნა სალდათმან არ მიმიშვა და გამაგონა ლეკისა ცხენითა და თოფითა წასვლა შინა სახლად ჩემდა“.

65[edit]

იტყოდა ილარიონ: დროთა ამათ მხნე იყო სალდათი რუსისაო, უშიშარი მტრისა: მცირედითა რიცხვითა ადვილ დამმარცხებელი მრავალთა. გუნდად და წესდებით მისრული მტერზედ, დასცემდა ზარსა თვით უმხნესთა და გულოვანთა გუნდთა. დიდად პატივცემდნენ სალდათნი და ოფიცერნი მათნი ქართველთა ვაჟკაცობისათვის. თუმცა მცირდნი იქმნებოდნენ ქართველნი მტერთა ოხრებისა გამო ქვეყანისა, გარნა გარნა გმირულად იბრძოდენ და უხაროდათ რუსთა ჯარსა, ოდეს გვერდით მარცხნივ და მარჯვნივ მიუძღოდენ მას. ესრეთი იყო დევნა მტერთაგან ქრისტეს სახელისა ქართველთა ქვეყანისა, რომელსაცა უწოდებდა მამა ჩემი ეგნატი ქ ა ლ ა ქ ა დ ღ ვ თ ი ს ა გ ა რ ე მ ო ზ ღ უ დ ვ ი ლ ა დ ქ რ ი ს ტ ე ს ი ს ა ს ა ხ ე ლ ი თ ა. დაფუძნებულსა კლდესა ზედა, ვითარ შეარყევდა მას მტერი? მცველნი ზღუდისა ამის იყვნენ მართლმადიდებელნი ქართველნი და ერთ სარწმუნოებისა მათისა რუსნი, მოსრულნი ჩრდილოეთით დასაცველად სამხრეთისა, სადაცა ჰყვაოდა ხე იგი მართლმადიდებლობისა, დანერგული ძველადვე. მონასტერნი ქართველთა, ვითარცა სასწავლებელნი, მოჰფენდენ სწავლისა ნათელსა, მისცემდენ სათნოებათა ნაყოფსა, სიმშვიდესა, სიწმინდესა, მტერთა სიყვარულსა; ყოვლად სამეფო ქართველთა, ვითარცა მბრძოლი სარწმუნოებისათვის და ქვეყანისათვის ქრისტეს მოსახელისა თვით უდაბნოთა შინა ჰპოებდა ვაჟკაცთა მწერლობითა, რჩევითა, გმირთა გონებითა და ხმლითა, გვარითა და ტომობითა; განვლეს საუკუნეთა და გამოიცადნეს მხნეობა მტერთა თანა მარადის ბრძოლითა. ვინ იყო მეუდაბნოეთაგანი დიდი ანუ მცირე, რომელსაცა არა ჰყოლოდა მოკლული სრწმუნოებისათვის მახლობელი? მოწამეობისა გვირგვინი განამშვენებდენ მამა-პაპის სახლთა მათთა; სისხლი დანთხული მათთა ძმათა, მამათა და დედათა, შვილთა და რძალთა, ვითარცა აიაზმა ესხურებოდა მინდორთა და მთათა მათთა. ესრეთ ძველთა ზედა წამებულთა, ვითარცა ეკკლესიათა ზედა სადგურობენ თვითოეულნი. ესე არის მიზეზი, რომელ ღმერთმან დაიცვა ქვეყანა დაღუპვისაგან, მოვლენითა დროთა ამათ უკანასკნელთა რუსთა ჯარისა ერთ მორწმუნისა და მეფისა გიორგისა ყოვლად მორწმუნისა, რომლისა ხელითა მისითა წმინდითა გადასცეს მოწამეთა სისხლითა განწმენდილი სამეფო და ერი თვისი შემდეგთა დროთათვის. _ აქა ვიტყვი თქმულსა სიტყვასა სომეხთა კათოლიკოსისა ნერსესისა. 1809 წელსა, მოვიდა იგი ვითარცა არქიეპისკოპოსი სომეხთა საქართველოსა შინა განთესილთა და ისტუმრა ელიზბარმან ერისთვისშვილმან ყულარაღასმან. შესჩივლა ამან მას მდგომარეობა თვისი ჩამორთმევისა გამო საერისთაოსი ქსნისა მეფისა ირაკლისაგან და შემდეგ რუსთა მთავრობისაგანცა. საქებელად სახლისა თვისისა მიუთხრა ნერსესსა გმირობა და მხნეობა მრავალთა და სამსახური მათი საქვეყნოდ და დანთხევა სისხლისა მეფეთათვის და მოუთხრა ამბავი ორთა ერისთავსა სახლისა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, რომელნიცა აღიარა ეკკლესიამან მოწამედ, დაუნიშნა დღე დღესასწაულად და მარხიან იკორთისა მონასტერსა. ნერსესმან, მცნობელმან ესრეთისა მოთხრობისა, უპასუხა ელიზბარსა: „ნუ გეშინის! წამებულთა გამო არ მოგეღებათ ქსანი და ქვეყანა თქვენი. ამიერიდგან იყვენით დარწმუნებულნი, რომელ თქვენია ბიძა მამა-პაპისა. იტყვის წინასწარმეტყველი: ღმერთმან გარდამოიხილა ზეცით და იხილა ძენი მოკლულთანი. _ და სხვასა ადგილსა იტყვის: არა ვიხილე მართალი დაგდებული, არცა შვილი მისი, მთხოველი პურისა“.

66[edit]

შემდგომად სამისა თთვისა, ნურ მაჰმად გამოვიდა ახალციხიდამ, გამოვლო მტკვარსა კასპისა სოფლისა პირდაპირ. მდევარი საკმაო ვერ შეჰკრიბეს ქართველთა; ამისთვის უშიშრად მთა-მთა მავალი მუხრანისა გვერდზედ, მივიდა საგურამოსა და აქედამ აპირებდა დაღესტანში მივლასა. აცნობეს კახთა და დევნა უყვეს ცხენოსანითა ჯარითა. 1200 ქართველი დაუხვდა ივრის პირსა და მეტად მამაცად მოექცნენ ქართველნი, დააყრევინეს ტყვეები, დაუხოცეს ცხენები და მოკლეს 64 ლეკი. თვით ნურ-მაჰმად გადარჩა და გაქცეული სირცხვილეული შევიდა დაღესტანსა და ამიერითგან ვეღარ ბედავდა გამოსვლასა და არცა ლეკები უჯერებდენ. მეფის ძე მირიან, ძმა გიორგი მეფისა იყო თავად და წინამძღვრად ქართველთა მდევარისა. მეტყოდა თვით მირიან: „ასამდინ თოფი ლეკისა ვაშოვნინე ქართვლთაო, 30 სპილენძისა ალთაფა მარტყოფელთა წაიღესო; დიდი დავლა გვქონდაო და დიდი მხიარულება გავწიეთ მარტყოფშიაო, ორი კაცი მოგვიკლეს და ექვსნი დაიჭრნენო მსუბუქად; მეტად ქალაჩუნათ იყვნენ ლეკნიო“.

ოდეს მოხსენდა მეფესა გამარჯვება ესე, მასვე დღესა მივიდა კაცი ქართლიდამ და მოახსენეს სხვაცა დამარცხება ლეკისა. 300 ლეკი, ახალციხიდამ მოსრული მთა-მთა, დაეცა ქარელში სოფლისა ნახირსა. მეფის ძემან იოანე, დროსა ამას მუნ მყოფმან, სდევნა, მოეწია საციციანოს ხეობაში ხვედურეთისა ახლოს, და მძინარეთა შემოერტყა. იპრიანა ღმერთმანო, _ და ასი ლეკი წაგვივიდაო: სხვანი დაიჟლიტენო, _ მიამბო ესე მეფის ასულის მარიამის შვილმან თავადმან ნიკოლოოზ ციციშვილმან, თვით სოფლისა ქარელისა მებატონემან, და აწ არღა ცოცხალმან.

67[edit]

ძმათაგან და გარეთა მტერთაგან შეწუხებული მეფე არღა ჰხედავდა ქვეყანასა მტკიცედ დაბინავებულად. ამისთვის მოინდომა და თუმცა დიდის ღელვითა, გარნა გაბედა და მისწერა დესპანთა თვისთა, რუსეთისაგან განმზადებულთა შემდგომი წერილითი დარიგება და ჰაზრი თვისი უკანასკნელი და გარდაწყვეტილებითი:

„წელსა ჩღჟთ (1799), სეკტემბრის ზ (7) ჩვენ მიერ მოცემულნი მათისა იმპერატორებისა დიდებულების წინაშე წარსაყენებელნი ჰაზრნი მოხსენებანი, რომელნიცა ჩვენგან წარვლინებულთა ჩვენს ერთგულთა ყმათა უფალთა დესპანთა მოგეცათ:

უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოჲ ჩემი უზაკველითა ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ.

შემდგომად მსხვერპლებისა ყოვლად უმდაბლესად წარუდგინეთ იმპერატორსა დიდსა რუსეთისას, რათა ჟამსა მისგან საქართველოსა სრულსა ძალასა და ნებასა შინა თვისსა მიღებისასა განამხნოს პუნქტსა ამას შინა თხოვილი ჩემი ყოვლად უმოწყალესითა აღთქმითითა წერილითა ვითარმედ სახლსა შინა ჩემსა არა აღაყენოს მეფენი, გარნა ოდენ სამეფოს მემკვიდრითი მემკვიდრე ვითარცა წინაპარნი ჩემნი.

ისეთივე ითხოვეთ ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისაგან ყოვლად უმდაბლესად თქვენ მიერ მირთმეულითა წერილითა ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა შინა საშესაბამო აგარაკნი ჩემთვის და ძეთა ჩემთათვის საბოლოოდ და სამკვიდროდ, რომლისაცა ბოძება იქმნების ჩემთვის უმწვერვალესის შეკრულობის ნიშნად.

ესრეთვე ითხოვეთ ჯამაგირიცა ჩვენთვის, საშესაბამოსა სახითა. უკეთუ ჰაზრი ესე არ მიღებულ იქმნას, მაშინ ყოველი დამოკიდებულება ჩვენი იქმნების დახსნილი თვინიერ ურთიერთისადმი მეზობლურისა ქცევისა. მ ე ფ ე ს რ უ ლ ი ა დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჲ ს ა გ ი ო რ გ ი“.[1]

წერილისა ამის ძალითა, იმპერატორმან პავლე დაუნიშნაო მეფეთა და მეფის ძეთა სოფელნი და ყმანი და მამულნი რუსეთისა გუბერნიათა შინა. თვით დესპანსა გარსევან ჭავჭავაძესაც უბოძა მამულები. გარნა აკტი ესრეთი, ხელმოწერილი თვით იმპერატორისაგან არ აღსრულდა და არცა ბოძებამან ამან მოიღო ძალი აღსრულებისა, გარდაცვალებისა გამო თვით იმპერატორისა. ესე მიამბეს შვილმან გარსევანისა ღენერალ-ლეიტენანტმან ალექსანდრე ჭავჭავაძემან და მეფის ძეთა.

დიდად სწყალობდა ქართველთა იმპერატორი პავლე. აქ თფილისის არხივში მინახავს მისგან კნორრინგთან მთავარმართებელთან მოწერილი წერილი ნამდვილი, რომლითაცა უბრძანებს წარუვლინოს სია დიდთა ქართველთა გვამთა და ღირსთა, რათა უბოძოს მათ ღრაფობა, ბარონობა და რომელთამე ორდენიცა ანდრიისა.


  1. თვით ნამდვილზედ არის მიწერილი მეფისავე ხელითა: თ ა ვ ა დ ს გ ა რ ს ე ვ ა ნ ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ს. დესპანნი ამა წერილის აღმასრულებელნი იყვნენ: თავადნი გარსევან ჭავჭავაძე, ელეაზარ ფალავანდიშვილი და გიორგი ავალოვი. ელეაზარ ძე იესესი იყო სტატსკი სოვეტნიკი; მოკვდა 65 წლის უშვილოდ თფილისს 1821 წელსა და დასაფლავდა ქაშოეთის ეკკლესიასა. ღენერალი ერმოლოვი იტყოდა მისთვის: (რუსულად) „მისი პორტრეტი ოქროს ჩარჩოში უნდა ჩაისვას. იგი იშვიათი ღისრებების მქონე ადამიანი იყოო“.

68[edit]

დესპანთა ამათ მეცადინებითა შესდგა და დამტკიცდა ტრაქტატი, მიღებული იმპერატორისა პავლესაგან.

აჰა თვით ჰაზრნი და მუხლნი ტრაქტატისა ამის, რომელიცა იპოება დაბეჭდილსა ფრანციზულად წიგნსა შინა როტიესსა (2):

„1799 წელსა, 23 ნოემბერსა, შედგა ახალი ტრაქტატი შორის პავლე იმპერატორისა და გიორგი მეფისა შემდეგი:

1.

მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოჲსა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი“.

2.

ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოჲსა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის.

3.

საქართველოჲსა ერი და მუნ მსახლობელნი 12 წლისა განგრძობასა, არ გაიღებენ არასა ხარჯსა, რათა დაეწყვნენ თვისსა მდგომარეობასა შემდეგ ესოდენთა ბრძოლათა. განმგე საქართველოჲსა მიიღებს რუსეთიდამ 12 წელსა მისთვის და სამეფოსა სახლისა წევრთათვის 20.000 თუმანს (200.000).

4.

მადანი ოქროჲსა და ვერცხლისა ახტალას და მისხანასა (მიშხანასა), შევა რუსთა განმგეობაში და იმითი აივსება ზემო თქმული ჯამი ფულისა.

5.

6.000 რუსისა ჯარი სრულისა კომპლექტითა იდგება საქართველოში. ქართველნი გამოვლენ ცხენოსნად ამა ქვეითისა ჯარისათვის.

6.

ქართველნივე მოაგროვებენ ჯარსა ესოდენსა, რაოდენიცა საჭირო იქმნების დასაცველად სამზღვრებისა.

7.

რუსნი წარმოგზავნიან ინჟენერთა თვისთა აღსაშენებელად და განსაახლებელად ციხეთა მათ ადგილთა ზედა, სადაცა დაინახება საჭიროდ.

8.

ფულსა, მოჭრილსა თფილისში, ექმნება ერთსა მხარეს ღერბი რუსეთისა და მეორეს საქართველოჲსა.

9.

საზრდო რუსეთისა ჯარისათვის მოიყიდება იმავე ფასითა, რომელიცა იქმნება დანიშნული ადგილობრივთა მცხოვრებთათვის.

10.

როდესაც მოხდება აღწერა ხალხისა, უნდა იქმნას კომლეურად და არა თვითო სულად (3).

(ხელმოწერილია):

რუსეთისა მხრით
რ ო ს ტ ო პ ჩ ი ნ ი ღ რ ა ფ ი.

საქართველოისა მხრით ა ვ ა ლ ო ვ ი.
ფ ა ლ ა ვ ა ნ დ ო ვ ი.

69[edit]

ტრაქტატსა ამას შეუდგნენ განმარტებანი ვრცლად, რომელთაცა ეწოდება დიპლომატიისა ევროპისა ენითა ნ ო ტ ა ნ ი და დაიწერა ესენი თვით დესპანთაგან, შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა გიორგისა. აჰა თვით ნოტანი ნამდვილნი:

1.

პყრობილებისამებრ ჰაზრისა პირველისა მის პუნქტისა, რომელიცა მიცემულ იქმნა ჩვენგან ვიდრე სიკვდილადმდე მისისა სიმაღლისა მეფისა საქართველოისა ხელმწიფისა ჩვენისა სახელითავე მისითა მაღლისა მინისტრისადმი, რომელიცა ბრძანებისამებრ მისისა[1] ს ა ნ ა ტ რ ე ლ ი ს ა იმპერატორობის დიდებულებისაგან წარგზავნილ იქმნა საქართველოსა შინა წერილებით. ამისთვის გვაქვს ჩვენ პატივად ქვეშევრდომობით მოხსენება ამისი, რომელ დიდ შემძლებელნი საქართველოისანი, სამღვდელონი, და საერონი ერნი, ყოველნივე მოსწრაფე არიან და სურთ ყოფად ერთა ამით მოქმედებითა სამარადისოსა შინა მონებასა მაღლად-განდიდებულისა იმპერიისა რუსეთისასა, და შეკრულჰყოფენ თავსა თვისსა ამით, რომელ წმიდათ აღასრულონ ყოველივე იგი, რაივესაცა აღასრულებენ მონანი მისნი, და არა უარ-ჰყონ არა რომელიმე სჯული (ე. ი. კანონი), და ბრძანება რაოდენიცა სამეფოსა მისგან იქმნების შესაძლო, და მცნობელცა იყვნენ ყოვლისა რუსეთისა იმპერატორისა თვისად შთამომავლობითად ხელმწიფედ, და თვითმპყრობელად; და ესრეთ ვინაითგან ზემო დანიშნულნი იგი ნოტანი, და სხვანიცა პუნქტნი ყოველნი მისის იმპერატორობის დიდებულებისაგან პირველივე მაღალ-მნებელობით განხილულ იქმნა, და სამეფო იგი საუკუნო ჟამობით მონად ყოვლისა რუსთისა საიმპერატოროსა ტახტისად, მიღებულ იქმნა, ამისთვის ამის შედგომილებისამებრ ყოვლად უმონებრივესად ვითხოვთ მისის დიდებულებისა ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისაგან, რათა დამტკიცებულ ჰყოს მიღება სამეფოსა მის დღესასწაულობითითა დამტკიცებითა ორითავე მხრით საიმპერატოროსა აქტსა შინა, რომელსაცა შინა ჟამსა იქმნენ იგინი იმედოვანად ამისა, რომელ ვითარცა თვით ეგრეთვე შემდგომნი ამისნი მემკვიდრენი იპყრობენ მათ მარადის მამობრივს კეთილმხდველობასა შინა, და საკუთრად იქმნებიანცა მღწველ კეთილდღეობათათვის მათ ერთასა, რომელთაცა ნებით თვისით მისცეს თავი თვისი საუკუნოსა მონებასა, და ესრეთვე მიენიჭოსთ მათ ყოველივე წესი, სარგებლობა და ჩინებულება ესე ვითარი, რომლითაცა ძველნი ყმანი მისის იმპერატორებისა დიდებულებისანი სარგებლობენ, და დაცულ იქმნას, ვითარცა სამეფო, ესრეთვე სამზღვარნი მისნი ყოველთა მეზობელთა მათ მტერთ თავდასხმისაგან, და ვნებისა, და ყოველთა მათთა წინააღმდგომობათაგან და განუწესებს ყოველსა მას მსახურებასა ესე გვარსა რომლისაცა შემძლებელ იქმნენ ახლისამებრ მონებისა თვისსა ტვირთვად, დაცვად და აღსრულებად.

2.

პუნქტსა ამას შინა კვალადცა აწ დამტკიცებულ ვჰყოფთ, და ყოვლითურთ განვრცელებით მივიღებთ ამას, რომელ რომელიცა კეთილნებებულ იქმნას მისის იმპერატორებითის დიდებულებისაგან, და დანიშნულ მმართველად საქართველოჲსა სამეფოსად ერთად რომელიმე მეფის ძეთაგანი, იგი იწოდებოდეს იმპერატორისა მოადგილედ,[2] და იხსენებოდეს მეფედ საქართველოჲსად, და მიეცეს მას თანაშემწედ მარადის მუნ მყოფად ერთი, რომელიმე დიდის რუსეთის დიდ-შემძლებელთაგანი, რათა მან მმართველობასა შინა მისსა განუმარტოს მას მისდამი მიცემულნი იმპერატორებითნი სჯულნი (ე. ი. კანონნი) ბრძანებანი, და სხვანიცა ესე გვარნი, და რათა თვინიერ თანხმობისა მისისა მან იმპერატორის მოადგილემან, და მუნ მეფედ წოდებულმან არა რომელითამე სახითა თვით თავით თვისით არა კადნიერ იქმნეს განწსებათა რომელისამე სჯულისა, ბრძანებისა და რიგთა. და რათა არა მოაწეროს ხელი მან მხოლოდ თვინიერ ხელმოწერისა მისდამი განწესებულისა მის თანაშემწისა, ამისთვის ჯერ არს რათა თვითოეულთა მათ ბრძანებათა ანუ განწესებათა ზედა სჯულიერისა ძალიას მექონეთასა პირველად მოაწეროს ხელი დიდის რუსეთის დიდშემძლებელმან, რომელმანვე დააგდოს ზემორე ადგილი ხელმოწერისათვის მეფისა მის, და ამას მოხსენებასა ვიკადნირებთ ყოვლად უმონებრივეთითა სახითა, _ ამისთვის, რომელ პირველსა ამას შეხდომილებასა შინა მიუცილებელად საჭირო არს, რათა ამით განმხიარულებულ და განმხნობილ იქმნენ ერნი იგი, ვიდრე პირველ განჩვევადმდე. და მას მეფესა აქვნდეს მხოლოდ სახელი მეფობისა, და სხვებრ ყოველსა ჩვენ, ვითარცა სარწმუნონი მონანი მივანდობთ უდიდებულესობისა კეთილმნებელობასა, და ვითხოვთ, რათა მოგვეტეოს უკეთუ ვჰყავთ მეტნი და უადგილონი წინადადებანი ვითარცა ახლად და სრულობით იმპერატორსა სრულიად რუსეთისა ტახტისა ქვეშევრდომილებისა ჩვენისათვის კადნიერ ქმნილთა.

ესე კვალადვე განხილვებასა შინა საჭიროთ იჩვენების, რათა სხვანიცა მუნებრნი თავადნი და აზნაურნი მნებებელობითა ყოვლად უდიდებულესისათა განწესებულ იქმნენ სხვადასხვათა სასამართლოთა შინა ადგილთა და მათ შორის იგინი იყვნენ პირველნი და მეორენი იყვნენ შემდგომნი მათნი რუსეთისა მოხელეთაგანნი თანამდებობითითა ამით შეკრულობითა, და ყოველსავე მას რაოდენგზის სათანადო იქმნების მათ სასამართლოთა ადგილთაგან მოხსენებად არა ჯერ არს, რათა მხოლოდ ერთისა იმპერატორისა მოადგილესა მას, და მეფესა მახსენებდენ, არამედ ორთავე ზემოთქმულთა მათ გვამთა, რომელთადმიცა ჯერ არსვე, რათა ყოველსავე მოახსენებდენ უმცირესნი ადგილნი უპირველესთა, და ყოველნი თანამდებ არიან მოხსენებად სრულისადმი შეკრულებისა.

ხოლო სიმცირისათვის ადგილთა საქართველოისათა დავსდებთ ესრეთ, რომელ საკმაო იქმნების ხუთნი სასამართლონი ადგილნი, რომელთაგანცა პირველი იწოდებოდის ესრეთ ვითარცა კეთილ მნებებელ იქმნების სოვეტად, ანუ დეპარტამენტად სენათისა, სადაცა ჯერ არს, რათა იმყოფებოდეს ზმოხსენებული იგი მოადგილე, ანუ მეფე, და შემდგომად მიცემული მისდა თანაშემწე დიდის რუსეთისა დიდშემძლებელთაგანი, და სამნი მუნებურთა თავადთა და აზნაურთაგანი. მუნვე სათანადო არს, რათა იმყოფებოდეს უპირველესი შეფი რუსეთისა მუნ მყოფთაგანისა მხედრობისა, რომელიცა შეკრულ არს უფრორე მათ კერძოთა ღვწისადმი, და სხვანიცა მოხელენი, ვითარცა ქართველნი, ეგრეთვე დიდისა რუსეთისაგანი წერილთა მცოდნენი განწესებულ იქმნენ ეგოდენნი, რაოდენიცა განხილვისამებრ საჭირო იქმნების.

მეორე ადგილი, რომელიც სათანადო არს, რათა იყოს ბრძანებასა ქვეშე პირვლისასა, ჯერ არს, რათა იწოდებოდეს სამეფოსა მმართველობად, რომლისაგანცა სხვანი იგი სამთა მათ პროვონციათა შინა მყოფნი განიყოფებიან თვითოეულად, და მათ ყოველთავე ეწოდებოდეს უეზდნი, _ ანუ თუ ვითარცა კეთილმნებებელ იქმნეს, ვინაიდგან სიმცირისათვის სამპყრობელოსა (რუს. დერჟავა) სამეფოსა მას საქართველოსა ესენი ყოვლითურთ საკმაო იქმნებიან, ამად რომელ უკეთუ რომლისადმიცა მცხოვრებისა გარეგან სატახტოსა მის ქალაქისა მოუნდეს დამჭირნეობა მიუცილებელად, და წარმოვიდეს რომელთამე საჩივრითა სატახტოსა მას ქალაქსა შინა თფილისსა, ამისთვის არა არს ადგილი ესე ვითარი, რომელიცა განშორებით მდებარე იყოს უფროს ოთხისა დღისა სავალისა.

3.

ქალაქსა შინა თფილისსა ჯერ არს, რათა განწესდეს წესი პოლიციისა, და განიწესოს ერთი მუნებურთა ჩინებულთაგანი ობერ-პოლიცმაისტრად, და მას მიეცეს თანაშემწედ ერთი დიდის რუსეთისა ხარისხისა მქონებელთაგანი ვინმე, ამად რომელ მუნებურთა მათ ერთათვის დიდად საჭირო არს ესე, რათა მით ღარიბნი მუნ მოსახლენი შემძლებელ იყვნენ ქალაქსა მას შინა განსვენებით ცხოვრებად, და რათა გლეხთა მათ მოაქვნდესთ სახმარნი ნივთნი ქალაქთათვის თვინიერ ყოვლისა სხვათაგან შევიწროებისა, და რათავე იმოქმედონ თვითოეულმან თავისუფლებით ხელოვნება თვისი, და არა ესრეთ, ვითარცა არს აზიის ჩვეულება, რომელ რომელიცა არს ძლიერ, მას აქვს სავაჭროსა მას შინა ყოველივე მძლავრება, მოსახლეთადმი ჰყოფს შეიწრებასა.

თვით მასვე ქალაქსა შინა თფილისს სათანადო არს, რათა განწესდეს კვალადცა ერთი სასამართლო, და იწოდებოდეს სლოვესნად, სადაცა ჯერ არს, რათა იყოს პირველად მსაჯულად ერთი ქართველთა აზნაურთაგანი, და მეორე მუნებურთა ვაჭართაგანი, და მესამე ასნაფთაგანი ვინმე, რათა მათ, ოდესცა შეხვდეთ საქმე სიტყვით საჩივარი, მაშინ განარჩიონ, განასამართლონ და გარდასწყვიტონ. თვით მასვე დღესა, რომელსაცა შინა მოჩივარი მოვალს საჩივრითა თვისითა და უკეთუ არ ექმნების მათ ძალი, რათა განასამართლონ, და სიყვარულითა შეარიგონ, მაშინ წარიგზავნონ ორნივე იგი სამეფოსა მმართველობასა, ანუ პოლიციასა შინა განხილვისამებრ საქმეთასა.

4.

მქონებელთა საქართველოსა შინა ვაჭრობისათა მეზობელთა მათ ერთადმი განეწესოს სახელმწიფოსა შემოსავალთა სარგებლობისათვის ბაჟნი, რომელსაცა შინა პირველ დერეხტორად ჯერ არს, რათა იყოს შთამომავლობით საქართველოსა თავადთაგანი, და ორნი შემდგომნი მისნი იყვნენ ერთი მუნებურთა აზნაურთაგანი, და ერთი დიდისა რუსეთისაგანი, და ეს საბაჟო იყოს თფილისსა შინა და მათთაგან სამზღვართა ზედა მთის ერთა სპარსთა, და თურქთასა დაინიშნოდეს სამყოფად თვითოეულნი ქართველთა მოხელეთაგანი, და თვითოეულნი რუსთაგანი, და თუ რომელთა სამზღვართა ზედა ჯერ არს დადგენა მათი და აგრეთვე იმერეთისა მხრით, ვიდრემდისცა არ იქმნების უკანასკნელისა დესპანისა წარგზავნა პორტისადმი, და სახელობით განწესება ფორპოსტთა, მანდამდის ჩვენ აწ თქმად არა ძალგვიძს მათ განწესებისათვის. და ესრეთ ოდესცა მივიწევით ჩვენ მუნ, სათანადო არს რათა ესრეთგზის დამტკიცებით იქმნეს საუკუნოდ თანხმობით განწესება ადგილთა მათ სადაცა ჯერ არს დაყენება, რათა არა ვლონ მუნ ვაჭართა საქონლითა თვისითა, და სადაცა ჯერ არს რათა მუნ აქვნდეს თავისუფალი სვლა, რომ ამით სახით მიეცნენ ერთგზის სამზღვართა ზედა ბაჟი, და მიიღონ ბილეთი, და მიიტანონ იგი თფილისსა, ანუ რომლსამე უეზდის სასამართლოსა შინა, რომელ მეორეთ აღარ გარდაიხადონ ბაჟი იგი. ხოლო უკეთუ როგორმე მოულოდნელად, და უმეცრებით გამოატარებს, რომელსამე საქონელსა მათ ადგილთა ზედა, და სამზღვართა, სადაცა დაყენებულ იქმნების სვლა ვაჭართა, მაშინ ვიდრემდისცა დაეჩვეოდენ, თუ რომელთა ადგილთა ჯერ არს სვლა საქონლითა ამის პირველისა შეხდომისამებრ, არა მიადგეს მათ არა რომელიმე დასჯა, და გამოერთვას ბაჟი იგი თფილისსა შინა, ხოლო ვინაიდგან სამეფო საქართველოსი, აწ შეერთებულ იქმნა იმპერიასა თანა ყოვლისა რუსეთისა და მუნებრივნი მცხოვრებნი იქმნენ ყმათა ყოვლად უავღუსტესისა მონარქისად, მაშინსადამე, ამის შედგომისამებრ ებრძანოს ვისდამიცა ჯერ არს, რათა მომტანელთა საქონლისათა მოზდოკსა შინა ქართველთა და სხვათაცა ვაჭართა საქართველოზე მოსულთა, და მუნ საქართველოსა შინა გარდამხდელთა განწესებულისა ბაჟისათა, მეორედ მოზდოკსა შინა არღა გამოერთვას და ეგრეთვე მოზდოკით საქართველოსა შინა მისრულთა, ვინადგან თანამდებ არიან განსრულნი თფილისით.

და ესრეთვე მრავალნი ვაჭარნი მისის დიდებულებისა, და აწ ჩვენის ყოვლად მოწყალის ხელმწიფისა მონანი რუსნი, ქართველნი, სომეხნი და სხვანი, რომელნიცა გამოვლიან რა ყიზლარსა, მოზდოკსა და სხვათაცა ადგილთა, და მოიწევიან რა ოვსთა შორის, მაშინ არა თუ მხოლოდ აძლევენ მათ განწესებულთა მათთა მისაცემელთა საქონელთა ზედა, არამედ ესეცა ფრიად ხშირად იქმნების, რომელ ისინი მომწყურნობითა ნივთ მოყვარებისათა, მოაკლებენ მათ ყოველსავე ნაქონებსა თვისსა და ამისთვის ვრაცხ თანამდებად ჩვენდა მოხსენებასა ამას, რომელ პირველსა ამას წარმოსვლასა რომლსამე დიდ შემძლებელისასა, რომელიცა რაოდენსამე ჟამსა დაინიშვნის სამყოფად საქართველოსა შინა მუნებურთა განწესებულებათათვის, მისდამი სახმარ არს, რათა მუნ განვლასა შინა ჰქმნას მათდამი, ესე იგი, ოვსთადმი მტკიცე განწესებულება ამა საქმეთათვის, და შემდგომად ამისა მცირესა შინა ჟამსა შესაძლო არს, რათა იგი მცირედ სარაცხნი ერნი ძველთაგან დამონებულნი საქართველოთა მეფეთაგან ფრიად სუბუქად მოყვანილ იქმნენ კვალადცა თანამდებობითა მორჩილებასა და მონებასა შინა და რათავე საშვალ მოზდოკისა და საქართველოსა, სადაცა არს საჭირო, განწესდეს რაოდენიმე ფორპოსტნი, და დაიყენოს სამყოფნი კამანდნი.

არა მცირედრე ვრაცხთ თანამდებობადვე ჩვენდა ყოვლათ ქვეშევრდომობითსა ამას მოხსენებასა, რომელ თვითოეულნი მეფის ძეთაგანნი, თავადნი, აზნაურნი და სამღვდელონი ართმევენ გამოსაღებთა განმვლელთა მათ, რომელნიცა ვაჭარნი გაივლიან სამფლობელოთა მათთა ზედა ანუ ადგილის ფასთა მსგავსად ბაჟთა და ესე სათანადო არს რათა იქმნეს დაყენებულ, ამად რომელ ვაჭარი გარდამხდელი ერთგზის ბაჟისა საქართვლოსა შინა შემდგომად, სადაცა განვრცელებულებასა სამპყრობელო ჩვენისა ყოვლად უავღუსტესისა ხელმწიფისა სათანადო არს, რათა მუნ იყვნენ თავისუფლად მეორედ გამოსაღებთაგან ბაჟთასა; კვალად მათ სრულყოფისათვის კადნიერ ვიქმნებით შეერთებად მოხსენებისა ამის, რომელ საზოგადოდ მობირებისათვის ვითარცა ქართველთა ეგრეთვე მეზობელთა მათთა ვაჭართაცა განვრცელებისადმი ბაჟთასა, და განმხნობისათვის მათისა, არა კეთილნებებულ იქმნების განწესება ამისა, რათა დებულებათამებრ ათამანისა პორტიისათა აღიღებდეს სამი ასსა ზედა, დაფასებისამებრ საქონლისა; და უკეთუ რომელიმე ვაჭართაგანი დაფარვისა სახითა იქმნების მომტანელ რომლისამე ნივთისა საქართველოსა შინა, რომლისა ნივთისა დამფარველთა, მაშინ გადახდესთ ესრეთ, რომელ გამოერთვას მას ორი წილი ნაცვლად ერთისა, რათა ამით სუბუქითა დასჯითა უმეტეს ადრე მოიქცეს ერი ახლად შემოსრული მაღლისა მის იმპერატორებითისა დიდებულებისა მონებასა შინა, და თვით ესევე ჰყოს ამას, რომელ მოიქცნენ მამულსავე შინა მოსახელეთადმი, და შესაძლო იმნებისცა, რათა მომგონებლობითა თვისითა განავრცელონ ვაჭრობა თვისი ბასრას, ბაღდადს და უშორეს ინდიასა შინა.

5.

აწ ჩვენ სუსტითა ჩვენითა განზრახვითა კადნიერ ვიქმნებით ყოვლად უმონებრივესად წინ წარმოდგინებად ამისა, რომელ ადგილნი ანუ სამპყრობელონი საკუთარნი მეფის ძეთა, თავადთა და აზნაურთანი ყოველივე იგი შემდგომაცა მათდამი იქმნენ დაშთომილ, ვითარცა სჯულიერნი მათი საკუთარი, ხოლო უკეთუ რომელსამე მათგანსა ძალითა, ანუ სხვათა რომელთამე უჯეროთა სახით, ადგილნი მიუმძლავრებიესთ, მაშინ იგი სამართლით სათანადო არს, რათა განრჩეულ იქმნეს და მიეცს იგინი პატრონთა თვისთა, რომელთადმიცა ეშესაბამების სწორედრე მიცემა.

და ესრეთ მრავალნი ადგილი მდებარენი სამზღვართა ზედა მთის ერთასა სპარსეთისა, თურქთა და სხვათასა, რომელიცა არიან მპყრობელობასა ქვეშე მეფისა ძეთა, თავადთა და აზნაურთა, და სამღვდელოთა ერთასა, გვეჩვენების ჩვენ დაცვისათვის სახელმწიფოსათა უშიშრობასა შინა უმჯობესად, რათა ესე ვითარნი ადგილნი მათგან გამორთმეულ იქმნენ და ნაცვლად მათსა მიეცესთ მათ სხვა შინაგან საქართველოსა ანუ რუსეთსა შინა, და იგი ადგილნი დაშთეს სახელმწიფოდ, სადაცა კეთილ განხილულებით იქმნეს აღშენებულ სიმაგრენი გაფრთხილებისათვის მეზობელთასა და ამითიცა განერებიან მრავალნი ტყუილსა ცილისწამებასა, და შესმენასა ვითამცა-ღა მათ აქვნდესთ დაფარული შეერთებულება ორგულთა თანა; ხოლო რომელნიმე თქმულთა ამათ ადგილთ-მქონებელთაგანი შესაძლო არს, რათა დაშთეს მასვე ადგილსა თვისსა ჩინებულისა მოქმედებისა მათისა, და შესაბამად დაფიცებისათვის და დამორჩილებისათვის თვისისა სჯულიერისა ხელმწიფისადმი, და განეწესოსცა წელიწდობით ჯამაგირი. რათა ამით მყოფნი მუნ ვითარცა მცოდნენი ძალისა და მდგომარეობისა თვისთა მეზობელთასა, შემძლებელ იყვნენ რათა აჩვენონ სარგებლობა.

6.

ქვრივთა დედოფალთა, ეგრეთვე ქვრივთაცა მეფის რძალთაცა, და მეფის ასულთა, რომელნიცა არა არიან გათხოვილ და წელთა თვისთა შემსგავსებით არა ძალუძსთ განქორწინებად, ყოვლად მოწყალებით ებოძოსთ შესაბამი გვარისა თვისისა უფლება რუსეთს, ანუ ქვეყანასა შინა თვისსა, და მათნი საკუთარნი ადგილნი ჩვეულებისად იქაურთა წესთა სოფელნი და სხვანიცა შემოსავალნი მიღებულ იქმნეს სასარგებლოდ უდიდებულესისა კარისადმი, ხოლო მამაკაცთა მათ მეფის ძეთა, ძმისწულთა, და მის ძეთა მეფისა სახლისათა, ყოველთა მათ, რომელთაცა სუსტსა თვისისა სიმრთელისა ძალით, ანუ მოხუცებულობისა გამო, დაშთებიან ქვეყანასა შინა თვისსა, ისარგებლონ საკუთარითა თვისითა ადგილითა, ხოლო იგინი, რომელნიცა თვინიერ იჭვისა მიიღებენ სურვილსა, და მოიწყვიან და შევარდებიან ფერხთა ესე ვითარისა თვისისა ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისათა მიღებულ იქმნენ, მსახურებასა შინა და ნაცვლად მუნებურთა მათ ნაქონებთა თვისთასა მიენიჭოსთ რაივეცა კეთილნებებულ იქმნეს, და იქაურნი აღირიცხოს სახელმწიფოდ.

7.

სამღვდელოთათვის ვითარცა არს უპირველესი აწ საქართველოსა შინა სამღვდელოთა ერთა შორის ძე მეფისა ირაკლისა ანტონი, რომელსაცა აქვსთ ძველისა იქაურთა განწესებისამებრ ტიტულად კათოლიკოსობა, კურთხეულ არს ხელმწიფობასა შინა ნეტარ ხსენებულისა იმპერატრიცასა პატივსა შინა არქიეპისკოპოსობისასა ცარსკისელოს და მუნ წარგზავნილ იქმნა განრიგებისათვის მუნებურთა სამღვდელოთა წესთასა, ეგრეთვე დაშთეს იგი მასვე თანამდებობასა, და სახელსა შინა, _ თანასწორადვე სხვანიცა ეპარქიათა შინა თვისთა მყოფნი მიტროპოლიტნი, არქიეპისკოპოსნი, და იღუმენნი, პროტოპოპნი, მღვდელნი და დიაკონნი და სხვანიცა ეკკლესიისა მოსამსახურენი თვითოეულნი წოდებისამებრ თვისისა და ადგილთა მათთა სახელდობით, თუ ვითარნი, და რაოდენი არიან იგინი მიუცილებელად მუნ მიწევნისა ჩვენისამებრ, ყოვლად მონებრივითა სახითა ჰყოფთ მოხსენებასა და ვინაიდგან განსვენებული იგი უგანათლებულესი მეფე, და სამეფო მისი ითხოვდენ, რათა მიეღოთ სამოქალაქონი, და პოლიტიკებრნი სჯულნი (ე. ი. კანონები), ამისთვის ჩვენცა მივიღებთ კადნიერებასა, და ამისთვისვე ვითხოვოთ დიდისა ჩვენისა ხელმწიფისაგან, რათა მიეცეს ბრძანება უდიდებულესისა უწმინდესსა სინოდსა, რომელ წარმოგზავნოს ჩვენთანა, ანუ შემდგომად ჩვენსა ერთი სამღვდელო ვინმე რუსეთისა საიმპერატორობისგან მცირეს ჟამობით არქიმანდრიტი ანუ იღუმენი, კაცი მდაბალი და მყუდრო, რაჩა აჩვენოსთ მათ განწესებულებანი აქაურნი საკუთარნი დღესასწაულობათათვის საუქმოთა, და სხვათაცა სახელმწიფოთა დღესასწაულობითთა დღეთა.

ხოლო მიტროპოლიტნი, არქიეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, არა მქონებელნი ეპარქიისანი, უკეთუ გამოჩნდეს ადგილი მათთვის, არამედ დაშთომილად, და უქმად, მაშინ მოხსენებისამებრ მუნებურთა მათ სამღვდელოთა, და ჩვენგან კეთილნებებულ იქმნების, რათა იგი დაიდგინოს მუნ, ეგრეთვე არქიმანდრიტი და იღუმენი, ოდესაცა მათგან თხოვილ იქმნების. ეგრეთვე მიტროპოლიტთა, არქიეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, რომელნიც ეგებიან უადგილოდ, ყოვლად მოწყალებით ებოძოსთ მცირედი ულუფა საზრდოდ განსადიდებელად ყოვლად უავღუსტესისა სახელისა. და ვითხოვთ რომელ ყოველნივე იგი სამღვდელოთა წესნი იყვნენ შეწყნარებულ, და პატივცემულ ღირსებისამებრ ხარისხისა მათისა თანასწორად სხვათა ხარისხისა მექონეთა რუსეთისათა, ვინათგან ქვეშევრდომილ ქმნილი იგი სამეფო თვისითა ნებითა შეერთდა საიმპერატოროსა.

8.

და მათთანავე წინა წარმოგიდგენთ ძველთა ჩვეულებათა საქართველოსათა, რომელიცა მუნ ჰგიეს თვით დაწყებითგან მათით ესე რომე უფროსღა თვითოეულთა მეფის ძეთა, და თავადთა ყოვლად სამღვდელოთა საქართველოსათა ჰყავთ აზნაურნი საკუთრად, რომელთაგანცა მათ აქვს მიწა მიცემული, რომლსაცა ზედა არიან გლეხნი დასახლებულნი, და მუნ ცხოვრობენ იგინი და არა რომელსამე შეიწროებასა მიმღებლობენ მათთა ვადადთაგან; ხოლო ჟამსა ბრძოლისასა წინააღმდგომად მტერთა ყოველივე სრულებით თვითოეულად მასთან წარვლენ ბრძოლასა შინა და ესრეთვე ჟამსა ნადირობისასა, და ანუ თუ ჟამსა მასპინძლობისასა მათთანავე იმყოფებიან სრულებით, და სახლთა შინა მათთა ვითარცა აზნაურნი ერთბამად მათთანა ერთსა ზედა ტრაპეზსა განსცხრებიან და ოდეს რომელიმე მათგანი არღა ინებებს უმეტეს ყოფად უფალთა მათთანა, მაშინ ვითარცა აზნაური დაუტევებს მიწასა მათსა და სოფელსა და წარვალს თვისით სახლეულობით სხვისადმი, რომელიცა თვინიერ ყოვლისა ნაკლულევანებისა თვისადმი მიიღებს და მისცემს მასვე უპირატესობასა ვითარიღა აქვნდა პირველ მისსა ჟამადმდე, და ამისთვის ყოვლად უმონებრივესად წინ წარმოდგომილ ვჰყოფთ მათ აზნაურთა, რომელნიცა ყოვლისავე შინა საზოგადოდ გამოსადეგნი არიან და უფროსად სამხედროსა შინა სამსახურსა, რომელსაცა შინა არიან დაჩვეულ და ესე არა კეთილნებებულ იქმნებისა, რათა ყოველივე იგი ჩამოერთვათ ყოველთა მათ მებატონეთა და აღირაცხნენ იგინი საეროთა აზნაურთა წესთა შინა, და სანაცვლოდ ჩამორთმულთა მათ მიეცესთ თანასწორივე სამკვიდრებელი, იგინი ხმარებულ იქმნენ ღწვასა შინა უდიდებულესისა მსახურებისასა.

9.

ხოლო რაივეცა შეეხების თქმად მადანთათვის საქართველოსა შინა მყოფთა, რომელიცა არს ოქროსა, ვერცხლისა და სხვათა ნივთთა ესე არს რომელ წინა წარუდგენთ ნებასა ქვეშე მისის იმპერატორების დიდებულებისასა, რათა გამოცხადებით მუშაკობისათვის მათისა ებრძანოსთ წარმოსვლა განსწავლულთა კაცთა, და მუშანი გამოცდილნი იპოებიან სამეფოსა მას შინა საკმაო რიცხვნი, რომელნიცა შესაძლო არს, რათა მოიხმარებოდენ სამუშაოდ თეთრისა მიცემითა.

10.

ვითარცა მეოთხესა პუნქტსა შინა მორთმეულსა ჩვენგან სახელსა ზედა მეფისა და ყოვლისა საქართველოსა სამეფოსა უმაღლესის მისის იმპერატორობის მინისტრისადმი ნოტი, იყო ესე რომელ ვითხოვეთ ჩვენ სამყოფად საქართველოსა შინა ექვსი ათასი კაცი მაღალ დიდებულის რუსეთის იმპერატორის მხედრობა, ესრეთვე აწცა კადნიერ ვიქმნებით ყოვლად უმონებრივესად მოხსენებად, რომელ აწინდელისა ამის მდგომარეობისამებრ პირველსა ამას შეხდომილებსა შინა რიცხვი მხედრობისა საჭირო არს,[3] ვითარცა საზოგადოსა განსვენებისათვის, ეგრეთვე დამყუდროებისათვის აღშფოთებულთა ჩვენთა მეზობელთასა, ხოლო შემდგომად, ოდესცა განწესებულ იქმნების მუნ შესაბამი მყუდროება, და ყოველივე მოიყვანების რა შესაბამობასა შინა, მაშინ თუ რაოდენიცა რიცხვი მხედრობათა ჯერ არს, ამას მივანდობთ სრულებით განხილულობასა მისის იმპერატორების დიდებულებისასა, რომელიცა შესაძლო იქმნებისცა, რათა სახელდებით საიმპერატოროსა აქტსა შინა, დაინიშნოს, და უკეთუ კეთილნებებულ იქმნების რათა ზემოხსენებულისა ამის მდგომარეობისათვის, აწ მყოფსა მას საქართველოსა შინა მხედრობასა მოემატის, მაშინ ყოვლად ქვეშევრდომობით ვითხოვთ, რათა უკუნქცევისათვის სიძვირეთასა მოსყიდვასა შინა პრავიანტისასა, ებრძანოს მუნ მყოფსა რუსეთისა მხედართმთავარსა განმზადება მათი კეთილჟამიერ მუნ მყოფადისა ბაზრისა ფასისამებრ.

11.

რაოდენიცა შეეხების დაწყებასა განსწავლულისა მხედრობისასა საქართველოსა ერთასა, რომელნიცა შეკრებად შესაძლო არს ესე, არს რომელ ჩვენ მოხსენებად არა ძალგვიძს, და ოდესცა წარიგზავნების უდიდებულესისა მისის იმპერატორების უმაღლესის კარისაგან რომელიმე გვამი საქართველოსა შინა, და იგი ჰყოფს მუნებურისა ერისა სამხედროსა აღწერასა, მაშინ დროსა ამას წოდებული მეფედ ითხოვს, რაოდენცა სახმარ არს მოხმარებასა შინა მსახურებისასა ერთბამად რუსეთისა ძლევა შემოსილისა მხედრობისათა, და სადაცა იგინი თანამდებ იქმნებიან წარსვლად, და მსახურებად მისის იმპერატორების დიდებულებისა, თვისისა ყოვლად მოწყალისა, და შთამომავლობით ხელმწიფისადმი უმწვერვალესითა ძალითა მსახურებისა თვისისათა, ეგრეთვე განუსწავლებელისაცა ჯარისაცა შესაძლო არს ოდესმე აღმსუბუქებისათვის რუსეთის საიმპერატოროსა მხედრობასა მოხმარება მარტოდ, განხილულ იქმნების საკმაოდ აღსრულებისათვის საქმისა და ეგრეთვე სამზღვართა ზედა მოსახლეთა არა ძვირად შეხვდების თავდასხმა და ოხრება მტერთაგან სხვადასხვათა: და ამის დაყენებისათვის არა კეთილნებებულ იქმნებისცა, რათა მუნ უფროსად მყოფად დანიშნულსა ებრძანოს, რომელ ყოველთა მათ, რომელთაცა ძალუძსთ მსახურება საჭურველითა აიძულოსთ მათ, რათა იქონიონ იგინი, და ამით საკუთრად თვისთა დაცვათა თავს იყვნენ შემძლებელ მარადის მზაყოფად.

12.

აწ ჩვენ ჩვენითა სუსტითა განზრახვითა კადნიერ ვიქმნებით ყოვლად უმონებრივესად წინ წარდგინებად ამისა, რომელ მყოფნი გლეხნი სხავადსხვა სამფლობელოსა ტყვედ წარყვანილნი, ანუ განშენებულნი სხვადასხვა მიზეზით სპარსეთს, ანუ თუ თურქეთს, თვისავე მამულსა მოქცეულ არა სათნო იქმნებისა, რათა საკუთარისა მაღლისა მონარქობითისა მოწყალებისათა ებრძანოთ სახალხოდ გამოცხადება ამისი საქართველოსა შინა, რომელ ყოველნი, რომელნიცა მოიქცევიან პირველსავე თვისსა სამკვიდრებელსა აქამდე განშორებულნი, იგინი დაშთენ თავისუფლად, და აღირჩიონ წადილისამებრ თვისისა საცხოვრებელი ადგილი, რომელსადმიცა ენებოს აღრიცხვა თავისა თვისისა სახელსა ზედა სახელმწიფოსა, ანუ სხვისა უფლებასა ქვეშე და რომელიცა მსგავსიერითა სურვილითა თვისითა, სადაცა იქმნების აღწერილი საცხოვრებელად იგინი მუნ სამარადისოდ დაშთებიან თვინიერ უცხოს ქვეყნის კაცთა, რომელთადმიცა თავისუფლად მყოფობა ესე არ შეეხებისთ, რომელნიცა დაშთებიან პირველისამებრ თავისუფლად, მას ჟამამდის ყოველივე აღიწერებოდნენ, და ეს არა მიეხდებისთ ესე ვითარისა მოწყალებისათა, რომელ არცა ერთი მათგანი არ დაშთებიან, რათა მოიწივნენ სამკვიდრებელსა შინა თვისსა. და მისგან ექმნების სამეფოსა ამას არა მცირე სარგებლობა.

ესრეთვე ყოვლად ქვეშევრდომობით წინადადებულ ვჰყოფთ გლეხთათვის საქართველოსათა, რომელნიცა იმყოფებიან სამფლობელოსა შინა თვისსა მებატონეთასა, რომელთადმიცა გლეხნი იგი ძველადვე მუნებურითა სჯულითა ვერ განშორდებიან ესრეთ, რათა იგინი აიყარნენ მისგან და მივიდნენ მეორესადმი. და ეგრეთვე მებატონენი იგინი ვერ მიიღებენ მათ, და ვჰგონებთ ესე იქმნების შემსგავსებულ წესთადმი მაღალდიდებულისა ყოვლისა რუსეთისა საიმპერატოროსათა, რათა ვითარცა აწ სამეფო საქართველოსი შეერთებულ იქმნება ამის იმპერიისათანა და ამისთვისცა კადნიერ ვიქმნებით ყოვლად უმდაბლესად თხოვად ამისა, რომელ მიეცსთ ბრძანება უდიდებულესობისა, ვითარცა აღწერადმდე, ეგრეთვე შემდგომადცა იგი გლეხნი, და ვაჭარნი, რომელნიცა იჩვენებიან მიწერილად, რომლისადმი მებატონისად, ანუ თუ ქალაქისად, მუნვე სამყოფსა შინა დარჩეს და დააყენოს, რათა მუნიდგან არა წარსულ იქმნას თვისისა სურვილისამებრ სხვისადმი, და რათა არცა გადმოსახლებულად შემძლებელ იყვნენ რუსეთსა შინა, ესრეთვე მსგავსად ამისა დაყენებულ იქმნეს, რათა გლეხნი რუსეთისანიცა არა ვიდოდენ, და ესე დაეშალოსთ მათ აღთქმითა საშინელისა, და ფიცხელისა დასჯისათა.


ესრეთვე ვიდრე ამ დროდმდე იყო საქართველოსა შინა ჩვეულება, რომელ მუნებურნი მებატონენი გლეხთათვის ჰყიდნენ ვინ როგორ რაოდენსაცა ინებებდა, და ამისთვის არა კეთილნებებულ იქმნებისა, რომელ ესე ვითარი მსყიდველობა აწ დაყენებულ იქმნეს და ებრძანოსთ, რათა განყიდონ არა სხვა გვარ, არამედ ერთბამად სახლეულობით, და უძრავით მამულით თვისით, უკეთუ აქვსთ მათ; და ეგრეთვე არ მიჰყიდონ თუ არა ქართველთა და დიდის რუსეთის მებატონეთა და ეგრეთვე ტყვენი ქართველთანი, რომელნიცა თურქთა, სპარსთა და სხვათაგან ერთა საჭურველითა სახელმწიფოსათა ბრძოლასა შინა გამოხსნილ იქმნებიან, მათდამი მოიქცნენ ესრეთ, ვითარცა ესე გვარსა შემთხვევასა შინა იქცევიან რუსეთისა ტყვეთადმი, და რომელიცა ესე გვართაგან გამოხსნილ იქმნებიან ვისგანმე. და პირველი იგი მებატონე მისი ინებებს მისა თავისადმი კვალად მიღებასა, მაშინ იგი თანამდებ იქმნების, რათა უკუნ ზღოს დახარჯული იგი თეთრი გამოხსნასა ზედა, და ამის წინააღმდგომსა შემთხვევასა შინა სათანადო არს, რათა დაშთეს უფლებასა ქვეშე მისსა, რომელმანცა გამოიხსნა, და ექმნესცა ნება მისყიდვად ამისა სხვათადმი შინაგან სამეფოსა შინა, და არა მეზობელთა უცხო ქვეყნისა კაცთადმი.

13.

ვითარცა მეფის ძეთა და ძის ძეთა მეფის ფამილიისათა, რომელიც მდგომარეობასა შინა თვისსა პირველისამებრ დაშთებიან ეგრეთვე თავადნი და აზნაურნი, ექმნესთ სარგებლობა ყოვლითა ამით პატივითა და ჩინებულებითა, რომლითაცა სარგებლობენ აზნაურნი რუსეთისა იმპერიისანი, და მიიღონ ეგე ვითარივე სახელსა ზედა თვისსა ღრამატა და ღირსებისათვის დიპლომი, და იმპერატორისა მსახურებასა შინა მიღებულსა ჩინისათვის პატენტი, ეგრეთვე სამღვდელოთა წესთა მექონთა ეპარქიისა და მონასტერთა აქვნდეს იგივე პატივი, ვითარიღათაცა სარგებლობენ რუსეთისა სამღვდელონი ერნი.

14.

ვაჭართა, მედუქნეთა და ხელოსანთა ერთა აქვნდეს იგივე სარგებლობა კომერციასა შინა, ესე იგი სრულსა ვაჭრობასა შინა, და შემატება მოძრავითა და უძრავითა საქონლითა თვისითა, თვით რაიცაღა აქვსთ სარგებლობა მით სხვათა ამათ იმპერიათა შინა მყოფთა; ხოლო ძველთაგან მოყვანილნი შეიწროებისაგან მტერთა მათ მეზობელთასა სიღარიბესა შინა, რომელთაცა არა მცირედი მიუღიეს, შეიწრება, მათგან მათ პირველსა შეხდომილებასა შორის აემსუბუქოს რომელსამე განწესებულებასა პირისპირ ზემოხსენებულისა მის რუსეთის მემკვიდრეთა.

15.

ყოველივე სახელმწიფონი სათხოვარნი აწინდელნი ანუ თუ შემდგომნი, და ეგრეთვე სხვათა მებატონეთა გლეხთა გამოსაღებნი სხვადასხვანი სახელმწიფოდ თვინიერ რომელისამე საჭიროსა სახმარისა მხედრობათასა წარუდგენთ დიდსა მონარქობასა განხილულებასა, და ყოვლად მოწყალებისა მნებებელობასა ჩვენისა ხელმწიფისა იმპერატორისასა, რათა მიეცესთ თავისუფლება, რაოდენცა დროსა კეთილნებებულ იქმნების, და ესრეთვე ებრძანოსთ მებატონეთა უძნებისამებრ ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა სჯულთა ზედა განიწესების რიცხვი მათ მხედრობათა, რომელთაგანიცა შესაძლო არს, რათა განსწავლულთა აფიცართაგან, და რიადოვისაგანთა ისწავლონ სამხედრო ეგზერციცია (ე. ი. წვრთნა და ვარჯიშები), და დისციპლინი, გარნა ჩვენ კადნიერ ვიქმნებით თხოვნად მისის იმპერატორების დიდებულებისაგან სახელსა ზედა ყოვლისა საქართველოსა ერთასა, რომელთაცა თვისის ნებით შთავრდომილ ჰყვეს თავი თვისი მონებასა მას, რათა ყოვლად მოწყალებით თავისუფლად ეგნენ იგინი მსუბუქ გონებისამებრ მათის რეკრუტისა მოკრებისაგან და ეგრეთვე არა იხმარებოდენ იგინი მსახურებასა შინა ამას მხარესა აქეთ კავკასიის მთისასა, ესე იგი შვეიცარიასა, პრუსიასა და სამზღვართა ზედა, სადაცა დაუჩვეველის ჰაერის ძლით თვინიერ დიდისა შრომისა იგინი მსახურებისა განგრძობად არა შემძლებელ არიან, და იხმარებოდენ იგი მხედრობანი შეერთებით მათთანა, რომელნიცა იმყოფებოდენ საქართველოსა შინა რუსეთის პოლკთა თანა უდიდებულსისა მსახურებასა შინა მხარესა მას წინააღმდგომად ყოველთა მეზობელთა მათ მტერთა სამპყრობელოთა, ესე იგი წინააღმდგომად ყოველთა მეზობელთა მათ მტერთა თათართა, სპარსთა და ყარაულთა და ეგრეთვე ყოვლად უმონებრივესად კადნიერ ვიქმნებით თხოვად ამისა, რომელ შემოსრულნი ამას ახლად მოკრებულსა მხედრობასა შინა თავადთა და აზნაურთა ძენი ყოვლად მოწყალებით მიღებულ იქმნენ ობერ და უნდერ ოფიცრობის ჩინით და უკეთუ რომელიმე მეფის ფამილისაგანი მამაკაცისა ანუ დედათაგანისა ძენი მასვე რიცხვსა შინა მსახურებისასა მოსურნე იქმნებიან შემოსვლად, და უიჭოცა ჰყოფენ ამას, მაშინ იგინი ყოვლად მოწყალებით პატივისცემისათვის გვართა მათთასა მიღებულ იქმნენ შტაბ-აფიცრობისა ჩინით, და მიღებისამებრ შტაბ-ობერ-უნდერ ოფიცარნი ქართველთაგანი, რომელნიცა მხედრობასა შინა იქმნებიან მსახურად, მათ მოემატებოდეს ჩინი განწესებისამებრ იმპერიისა ამის, ხოლო ჯარისკაცთა ყოვლად მაღლისა მონარქობითისა მოწყალებისაგან დაენიშნოს, რაოდენიმე დრო მსახურებისა, რათა მათ კეთილჟამიერად იცოდნენ, რომელ მსახურონ რა 10 ან 15 წელსა მისის იმპერატორების დიდებულებისა წინააღმდგომად მტერთა რუსეთისა, და ქრისტიანობისა სახელისათა, ესე იგი პირისპირ სპარსთა, თურქთა, ლეკთა და სხვათა ესე ვითართა, შემდგომ შემძლებელ იქმნებიან, რათა მოიქცნენ სახლად თვისად, და წინაშე ერთ ქვეყნიერთა ერთა თვისთა თანა განადიდონ ქება მისის უმაღლესის დიდებულების მსახურებითა, ესე ვიტარი მოწყალება აღაგზნებს გულსა მათსა მხურვალებითა ერთგულებისათა, და აღავსებს მათ მონებრივისა ქვეშევრდომობითა ტახტისადმი ყოვლისა რუსეთისა, და ამით არა თუ მხოლოდ შემძლებელ იქმნებიან ჟამისამებრ, რათა განამრავლონ რიცხვი კაცთა სამხედროთა, არამედ ესე დაადგინებს მატ მხიარულებით წარსვლად უკეთუ ებრძანოს თვით ვიდრე საზღვრამდე ინდიისა.

ხოლო უკეთუ მდგომარეობა საქმისა მოითხოვს, რომელ შემდგომად მოკრებისა საქართველოსა რეგულის ჯარისა, ანუ კვალადვე თუ შემდგომად დამჭირნეობასა კვალადცა შემოკრებისა რაოდენთამე ქართველთა განუსწავლელთა ჯარისა, მაშინ შესაძლო არს, რათა მუნ მყოფმან მეფემან აუწყოს ესე ხელმწიფისა მოადგილესა და სამღვდელოთა, რათა ემსგავსონ ამას შინა დიდისა მონარქიასა სიმდაბლით მოქცევასა, და სამზღვარ უდონ მოკრებასა მას თვისთაგან გამოსაღებთასა, და მუშაკობასა მსახურებისა მათისასა, რათა ამით მოწყალებითა მოყვანებულ იქმნენ იგინი სრულს გლეხკაცობისა მდგომარეობასა შინა.

16.

ყოველთა სასამართლოთა პირველთა და უკანასკნელთა ადგილთა შინა გამგეთა და მოხელეთა ქართველთა და რუსთა ღირსებისა და თანამდებობისამებრ მათისა განეწესოსთ შესაბამი ულუფა მუნ მოკრეფილისა სახელმწიფოსა შემოსავლისაგან, ხოლო ესრეთვე უმცირესთა მოხელეთაცა მიეცესთ ულუფა მასვე შემოსავლისაგან განწესებულისა სამეფოსა მისგან და განსრულთა სახელოსა მისგან, და ნებით თვისით მუნ დაშთომილთა.

17.

ვითარცა მრავალნი გვარნი კნიაზთა, და აზნაურთაგანი საქართველოსათა იმყოფებოდენ აქამდე მსახურებასა შინა კართა ზედა მეფისათა და სხვათაცა ადგილსა შინა სამეფოთასა, და აქვნდათ სხვა და სხვანი ადგილი სამოხელონი, რომელთაცა სარგებლობენ თანამდებობითა პატივითა, და მსახურებდენ მეფესა და ქვეყანასა თვისსა გულსმოდგინებით და ერთგულობით, ამისთვის უკეთუ მათგანთა რომელთა აწ მოხუცებისა გამო წელთასა ანუ სხვათარე მიზეზითა კვალადცა მსახურებასა შინა არა ინებონ შესვლა, არა კეთილნებებულ იქმნებისა, რათა პატივი ვსცეთ პირველთა მათთა მსახურებათა, და მოხუცებულებასა, და რათა დაშთენ პირველსავე მას პატივსა შინა, და მიეცესთ მათ პატივი თანასწორად მათ თავადთა, და აზნაურთადმი, რომელნიცა დიდებულებისა მისის იმპერატორების მსახურებასა შინა იმყოფებიან.

18.

მოყვანებისათვის მყოფთა მუნ უშიშოებისა მდგომარეობასა შინა, პირველ საქმედ ვრაცხავთ ამას, რათა მივიღოთ სახმარი გაფრთხილება მეზობელთა მათ ჭარელთაგან, რომელნიცა შთამომავლობით თვისით არიან ძველნი კახეთისაგანნი და ადგილი იგი, რომლთაცა ზედა დაშენებულ არს აწცა კახეთისა, გარნა ამათ შეურაცხჰყვეს სჯული ქრისტიანობისა, და ემორჩილებიან მახმადის სჯულსა, და საშვალ მათსა არს დასახლებულნი ლკნიცა; ესე ერნი არცაღა მცირედ არიან საშიში და არც რიცხვითა არიან უმეტეს სამი ათასითგან ვიდრე ოთხი ათასადმდე; გარნა ვნება მათგან არს ესე პირველისამებრ, რომელ კახეთსა ზედა არიან დიდად მახლობელ და ცხოვრობენ პირისპირ თვით კახეთისა სამფლობელოსაც ქალაქისა ქისიყისა, და საშვალ მათსა არს მდინარე ალაზანი, რომელსაცა შინა გამოდიან ცხენიანნი და ქვეითნი, მარადის მდგომარეობენ ერთი მეორისაგან ქვეითისაგან ერთის დღის სავალსა და ადგილსა მას შინა თვინიერ მოხსენებულისა მის წყლისა არა რომელიმე მთა და ბორცვი არ იპოვების ესრეთ, რომელ თვით მძიმითა ურმითა მსუბუქად შეიძლების სვლა. ესე ჭარელნი არა არიან ესრეთნი, რათა იყონ საშინელ საქართველოსათვის, არამედ წარმოდგომილ არიან შესავედრებელად და სადგურდ ყოველთა ლეკთა ავაზაკთა და თვით ომარხან ავარისისაცა ესრეთ, რომელ ოდესცა იგინი განიზრახვენ მორბევასა საქართველოსა მიწათასა, მაშინ მოიწევიან ჭარელთადმი და მიიღებენ თვისადმი მოსყიდვით მათგან საგძალთა, და ყოველთავე სახმართა ნივთთა, და თვით მათცა თვისთან შეიერთებენ, და ამით განიმრავლებენ ჯართა თვისთა, და წარიყვანენ მათაგან გზისმცნობთა; და ყოლაუზთა, რომელთაცა მახლობელად მოსახლობითა უწყიან, სადა ანუ თუ ვითარსა ადგილსა სცხოვრობენ ქართველნი გაუფრთხილბელად, და მოულოდებელად თავდასხმისა მის მტერთასა, და ესე არა უცნაურ არს, რომელ უკანასკნელი იგი შემოსვლა ომარხანისა საქართვლოსა შინა იყო იმათზედ გამოვლით, და მხედრობაცა მათი იყო მის თანა. ესე თვით მცირე სამყოფი ჭარელთა მოქმედებს უმეტეს ამასცა, რომელ შემწყნარებლობს ორგულთა ქართველთა სამართლით სასიკვდინოდ დასასჯელთა და სხვათაცა, და ერეთვე ყოველნი იგი ლეკნი, რომელნიცა წამოვლენ საქართველოსა შინა მორბევისა და აოხრებისათვის ოსმალოს მხარედგან, მაშინ იგინი პირველად მოიწევიან ჭარელთადმი, და მუნიდგან სწორედ მივლენ ახალციხეს.

19.

ხსნისათვის ამის სუსტისა და უპატიოსა ერისაგან ვითხოვთ ყოვლად მოწყალისაგან, რათა მოგვეცეს ნება ჩვენ, რომელ წარვიდეთ სამკვიდროსა შინა მათთა და ავყაროთ იგინი, და დავჰყოთ სხვადასხვათა შინა ადგილთა საქართველოსა მოხელეთა შორის, დარწმუნებულვჰყოფთ, რომელ შეერთებით ერთად უძლეველთა იმისის იმპერატორების მხედრობათა თანა ამას აღვასრულებთ მსუბუქად დროსა ზამთრისასა, და ადგილთა მათთა დავასახლებთ ქრისტიანეთა ნებით თვისით მოსურნეთა, რომელთაგანიცა თვინიერ იჭვისა მოიპოვების მრავალნი მოსურნენი, ამის მიზეზისათვის, რომელ ადგილი იგი არს ნაყოფიერი, სადაცა მოდის პური მრავალ გვარი და უმჯობესნი სხვათაგან, და ბრინჯი, და ესრეთვე ხილი, და აბრეშუმის ხე, რომლისაგანცა ხელოსანნი საკმაონნი რიცხვით აკეთებენ აბრეშუმსა, და ესეცა შესაძლო არს, რათა თვით მათ ჭარელთა აღვირესხათ და დაწყნარებულ იქმნენ, გარნა ვინადგან დიდი ხნიდან შთაცვივდნენ მახმადისა სჯულსა შინა, ამისთვის ვრაცხთ უმჯობეს, ვითარცა ზემო ვსთქვით, რათა განიყვნენ სხვადასხვათა შინა ადგილთა, რომელ ვნება რაიმე მათგან ყოფად შეუძლო იყოს, არა არს იჭვი იმას შინა, რომელ, ოდესცა მიიწევის მათდამი ზამთრისა დროსა შინა რუსეთისა და საქართველოსა მხედრობა, რაოდენიც წარივლინების კეთილგანსჯისამებრ, მაშინ იგი ყოველივე და თვით უპირატესნიცა მათნი არა დუტევებენ ამას, რომელ არა ჰყონ აღთქმა ფიცისა ამისთვის, რომელ იქმნენ იგინი მონად ქართველთა უკეთუ მხოლოდ მიეცესთ მათ ნება, რათა დაშთენ იგინი ადგილთა შინა თვისთა. გარნა ესე პირობა, რომელიცა არა ერთგზის მათგან ქმნილ არს, არამედ დიახ მცირედ აღუსრულებიათ, და უფროსღა ყოველთვის გარდახდომილან. რჩევისამებრს ზემო თქმულთა მეზობელთასა, თურქთა და სხვათასა და ამისთვის ვითარცა არა მისანდობელთა არს საჭირო, რათა გამოყვანილ იქმნენ და დაესახლენ სხვადასხვა შინა ადგილსა; ხოლო რომელნიმე უმეტესნი მათ ერთა კეთილნებებულ იქმნეს წარმოგზავნად უმაღლესისა კარისადმი, ესრეთ რომელ გამოვლონ მათ მოზდოკსა და ყიზლარსა ზედა, და განიხილონ მდებარენი იგი ადგილნი, და უკეთუ მოეწონოსთ მათ იგი ერი თვისით დასახლდენ მუნ, და ამასზედა უკეთუ თანახმა იქმნებიან იგინი, ჩვენ ვითარცა მონანი იმისის იმპერატორების დიდებულებისანი ნოტსა ამას ვჰყოფთ მოხსენებასა, რომელ შემძლებელ იქმნებიან ფრიად მცირესა ჟამსა, რათა ჰქმნან კეთილი ზაოდი აბრეშუმისა, ვინათგან ვუწყით ჩვენ რომელ ერი ესე ამის საქმისადმი უფროსღა გამოსადეგი არიან ვიდრეღა სხვანი.

20.

ხოლო ჩვენ, ვითარცა ახლად შემოსრულნი დიდსა მისის იმპერატორებითის დიდებულბის მონებასა შინა, შესაძლო არს, რომელ უცნობელობითა რუსეთის განწესებულებისა და ჩვეულებათა საკუთრად ქვეშევრდომობითა ჩვენით ვსთქვათ რაიმე ნამეტნავი და უშესაბამო, ამას ყოვლად უმონებრივესად ვითხოვთ შთამომავლობით ჩვენისა დიდისა ხელმწიფისა იმპერატორისაგან, რათა მოგვეტეოს ჩვენ მისთა სარწმუნოთა მონათა, რომელნიცა შემოსრულნი აღსრულებასა შინა ყოვლად მოწყალებით აღთქმულისა მმართველობისა უდიდებულესისა სჯულთა ყოვლითურთ ვრაცხთ საქმედ, რათა ვაჩვენოთ მოსწრაფება ჩვენი თვით საქმით. ხოლო პირველსა ამას შეხდომილებასა შინა არავისგან არს შესაძლო ყოველივე განრჩევით გამოცხადებად, და უფროსღა ჩვენგან თქმად, თუ ვითარ არს სარგებლობა სახელმწიფოსა, და ესე გვარივე ყოველთათვის სახმართა სამეფოსა საქართველოსათა აწ ქვეშე კურთხეულისა იმისის იმპერატორების დიდებულების მპყრობელობისა შეერთებული იმპერიისა თანა ყოვლისა რუსეთისა. ხოლო ოდეს მივიწევით ადგილთა მათ მისის დიდებულების კარისაგან წარმოგზავნილითურთ, მაშინ უცილობელად ნაკლულევანებათა ჩვენთაგან მოხსენებულთასა შევასრულებთ, დაშთომილსა მუნ ნამესნიკისა ანუ მეფისა თანა რუსეთისა უფროსად მყოფისადმი არა დაუტევებთ ყოველთა მათ ნაკლულევანებათა; ვინაითგან მყოფნი ადგილთა მათ შინა უფროს მსუბუქად შესაძლო არს დანიშვნად მისიცა რაივეცა იქმნების ნაკლულევანება, და სხვებრ ვითხოვთ, რათა ყოველივე ესე ღირს ქმნეს მაღლისა მონარქობითისა მისის იმპერატორებითის დიდებულებისაგან კეთილგანხილვასა“.[4]

ესეთი იყო დაწყობილება ქვეყანისა სურვილისამებრ თვით მეფისა. მეფის ძეთა დავით და იოანე განიხილეს და დაამტკიცეს წესდებანი ესენი. თავადთა, ვითარცა თანამზრახველთა მეფისა (უიმათოთ არა რასა საქმესა საქვეყნოსა არა იჭერდენ მეფენი, რეცა ფედერატთა მთავარნი), მიიღეს და დაინახეს კეთილად მფარველობა რუსეთისა კანონთა ზედა ამათ დაფუძნებული. მხოლოდ მეფისა ირაკლის ძენი იულონ, ვახტანგ, ანუ იგივე ალმასხან, მირიან და ფარნაოზ, _ მრისხანებდენ მათთვის, ვითარცა დასაღუპავთათვის ქვეყანისა. მეფის ძე ალექსანდრე ადრევე იყო ლტოლვილი სპარსეთსა და მუნით ექდოდა, სპარსთა ძალითა, კანონთა მათ დარღვევასა.

პირი ესრეთისა წესდებისა წარუვლინეს იმერეთისა მეფესა და მთავართა, კათოლიკოსსა ანტონის და რავდენთამე მღვდელმთავართა. ამათ ესე ვერ მიიღეს სიამოვნით, თუმცა პასუხი ქაღალდითი არა აცნობეს, გარნა მოესმათ მაშინვე სიტყვით უსაფუძვლობა საქმისა. ვიეთნიმე იტყოდენ _ „ქართველნი სტყუვდებიანო“; ვიეთნიმე _ „ერთმანეთსა ღალატობენო“ და სხვანი იტყოდენ: „ვითარცა წყალწაღებულნი ხავსსა ეჭიდებიანო“.

ძმათა მეფისა აცნობეს ესე ქსნისა, არაგვისა და კახეთისა მცხოვრებთა. განთესეს ყოველგან ჰაზრი ესე, რომელ დ ა ს ა ღ უ პ ა ვ ა დ მ ე ფ ი ს ა ი რ ა ლ კ ი ს ა ო ჯ ა ხ ი ს ა ო, ჰქმნეს ესეო; განსყიდეს ვითარცა გამცემელთა ქვეყანაო და მეფობაო და მ ო ე ლ ი ა ნ ო ს ა ს ყ ი დ ე ლ ს ა გ ა ნ ს ყ ი დ უ ლ ი ს ა ს ა ო; _ სახარებისა სიტყვიდან იტყოდენ ესრეთ მტერნი მეფისა გიორგისა და მოხელეთა მისთა მდივანთა და დესპანთა!



  1. აქა თვით ჭავჭავაძეს დაურთავს ლექსი: ს ა ნ ა ტ რ ე ლ ი ს ა:
  2. თანახმად ტრაქტატისა და წერილისაცა მეფისა გიორგისა, დესპანთადმი მიწერილისა: რ ა თ ა ს ა ხ ლ ს ა შ ი ნ ა ჩ ე მ ს ა ა რ ა ა ღ ა ყ ე ნ ო ს მ ე ფ ო ბ ა ე. ი. რათა არა გაუქმდეს მეფობა ანუ მოადგილეობა ხელმწიფე იმპერატორისა მეფეთა გვარშია. _ ესე უნებდა იმა წესითა ვითარცა ძველადცა იწოდებოდა საქართველო ვ ა ლ ი ს ტ ა ნ ა დ ს პ ა რ ს თ ა ყ ა ე ნ ე ბ ი ს ა და თვით მეფესა საქრთველოისას უწოდებდენ ყაენნი _ ვ ა ლ ი გ უ რ ჯ ი ს ტ ა ნ ი ს ა.
  3. ი გ ი ვ ე ნ უ უ მ ე ტ ე ს ი, მიუწერია თვით გარსევან ჭავჭავაძეს, რათა არა დაუმძიმონ რუსთა მფარველობითი კავშირი.
  4. ნოტანი ესენი ელიაზარ ფალავანდიშვილის ნაწერნი, აქვნან დღეს უგანათლებულესსა კნიაზსა ირაკლის, მეფის ძის ალექსანდრეს ძესა.

70[edit]

სცნო პეტერბურღსა იმპერატორმან პავლე აღსვლა საქართველოჲსა ტახტსა ზედა მეფისა გიორგისა. გარსევან ჭავჭავაძემან აუწყა მინისტრსა, რომელ გვირგვინი სამეფო, ბოძებული იმპერატრიცისა ეკატერინა მეორისაგან ირაკლისადმი, დაიკარგა თფილისისა გაოხრებისა დროსა სპარსთაგან. მაშინ ბრძანა იმპერატორმან პავლე უქმნან სხვა გვირგვინი და წარმოუვლინეს კოვალენსკისა[1] ხელითა და თვით ჭავჭავაძისა თან მოსვლითა თფილისს სამეფონი ნიშანნი. აჰა წერილიცა ვიკტორ კოჩუბეისა მეფისადმი 22 აპრილს 1799 წელსა წარმოგზავნილი.

„უგანათლებულესო მეფეო ჩემო პატივ-საცემო კეთილმოსურნევ!

განსაკუთრებითა სიამოვნითა ვჰგზავნი უმაღლესობისადმი თქვენისა ყოვლად უმაღლესსა მისის იმპერატორებითის დიდებულებისა, ჩემისა ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა გრამატასა სხვათა თანა ინვესტიტურისა ნიშნებითა დასამყარებელად თქვენისა ტახტსა ზედა სამეფოსა და შემდეგ თქვენსა უგანათლებულესისა მემკვიდრისა თქვენისა. ნიშანნი ესენი მოერთმევათ უმაღლესობასა თქვენსა დანიშნულისა კარსა ზედა თქვენსა მინისტრისა მიერ მისის იმპერატორებითის დიდებულებისა უფლისა სტატსკის სოვეტნიკის კოვალენსკისა, რომლისა დასწრებითა აღსრულდება ყოველივე სიწმინდით წესდება მეფობასა ზედა დამტკიცებისა. მასთანავე ერთად მომგზავრობს სრულისა უფლებისა მექონი მინისტრი თქვენი თავადი გარსევან ჭავჭავაძე, რომელმანცა ისურვა, რათა იქმნეს თანაზიარი ესრეთისა მხიარულებითისა თქვენთვის შემთხვევისა. მასთან მოვალეობად ჩემდა მივიღებ, წერილთა გამო თქვენთა მისის უგანათლებულებისადმი განსველებულისა კანცლერისა კნიაზის ბეზბოროდკოსადმი, მოგერთვათ პასუხი, რომელ ყოველთა თხოვათა თქვენთა ზედა სიკვდილადმდე თვისისა გამოითხოვა მისის იმპერატორებითის დიდებულებისა კეთილნებობა. ამათ გამო ეცნობაცა ნოტა მინისტრსა თქვენსა და მე არღა ვრაცხ საჭიროდ განვამეორო. გულისა სიწრფელითა მოგილოცავ თქვენო უმაღლესობავ, მიღებისა გამო მათ, მისის დიდებულების ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა მოწყალებითა, გარწმუნებ, რომელ განსაკუთრებითისა მისის დიდებულებისა თქვენდამი განწყობილებისა გამო შემდეგცა არა მოაკლდებით მოწყალებათა. დასამტკიცებელად ამისა საჭიროდ ვხედავ მოვახსენო უმაღლესობასა თქვენსა წარმოდგენითა, რათა არა განაგრძობდეთ შემდეგთა დროთათვის თქვენ მიერსა პირად მიწერ-მოწერათა მესამზღვრეთა მეზობელთა ზედა დადგინებულთა მოხელეთადმი, მისი იმპერატორებითი დიდებულება მოანდობს თქვენსა ნებასა, უფრორე ამისთვის, რომელ ყოველნივე მიწერ-მოწერანი თქვენნი შეიძლება იქმნებოდეს მინისტრისა მიერ მისის დიდებულებისა, რომელიცა იმყოფება თქვენთან. _ უკანასკნელ სურვილითა ვმოწმობ საუწყებელად თქვენისა უმაღლესობისა, რომელ დესპანი თქვენი კნიაზი გარსევან ჭავჭავაძე ყოველსავე დროსა ყოფნისა მისისა აქა, იქცეოდა სახითა მით, რომლისათვისცა მისის იმპერატორისა დიდებულებისა იქმნა ღირსი პატივისცემისა ამასთან დამმატებელი სიისა, ნივთთა წარმოვლენილთა მისის იმპერატორებითისა დიდებულებისა ბრძანებითა _ ვჰგიე უმაღლესობისა თქვენისა მარადის კეთილმოსურნე და მზა მსახურებისა.

ღრაფი ვ ი კ ტ ო რ კ ო ჩ უ ბ ე ი ს-პეტერბურღით, აპრილსა 22 დღესა, 1799 წელსა.

აგვისტოსა 10-ს 1799 წელსა, შემოვიდნენ თფილისს კოვალენსკი და თვით გარსევან ჭავჭავაძე; წარდგნენ წინაშე მეფისა, მიულოცეს წყალობაები და დანიშნეს დღე დაფიცებისა და წყალობითა გამოცხადებისა 1 დეკემბერი. სასახლიდამ ანჩის-ხატისა ეკკლესიადმდე იყო დადგენილი ჯარი ორპირად და შუა მათსა განვლეს მეფემან, დედოფლმან, და ყოველთა. ღენერალი ლაზარევი განაგებდა ჯარსა. კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი იუსტინე, არსენი თფილელი, იოანე ბოდბელი, სტეფანე რუსთველი იყვნენ ერთსა დღესა ანჩის-ხატისა ეკკლესიასა შინა მწირველნი. აქა დაესწრენ ყოველნივე კარისკაცნი, სარდალნი და მოხელენი, თვით დედოფალი მარიამ, მეფის სახლისა ძენი, რძალნი და ასულნი, რომელნიცა გარდა დედოფლისა დარეჯანისა, იმყოფებოდნენ თფილისსა. თვით მეფე გიორგი და დედოფალი მარიამ თხოვითა კოვალენსკისა წარდგენ წინაშე საწიგნისა, წარიკითხეს ფიცითი აღთქმა რუსეთისა იმპერატორისა ერთგულებასა ზედა, მოაწერეს ხელი. მაშინ კათოლიკოსმან ანტონი დაადგა მეფესა გვირგვინი, გარდიკიდა თვით მეფემან ლენტი წმინდისა ანდრიასა, იპყრა ხელსა სკიპტრა, შემოირტყა ხმალი, გარემოიდვა პორფირი გორნოსტაისა და დასჯდა ტხტსა მორთულსა. თვით დედოფალმან დაიკიდა ორდენი პირველისა ხარისხისა ეკატერინასი და ვარსკვლავი ორდენისა ამის; ჩაიცვა კაბა ძვირფასი გორნოსტაითა გარემოდებული, დაიდგა თავსა ჯიღა გვირგვინისა ზვირფასი. მასვე დროსა მემკვიდრემან დავით მიიღო 1-ლი ხარისხი ანნას ორდენისა.

ოდეს არქიდიაკონმან დომენტი და მგალობელთა იწყეს ხელმწიფე იმპერატორისა და მეფისა გიორგისა მრავალჟამიერისა გალობა, მაშინ იქმნა ნარიყალადამ სროლა ზარბაზანთა. ესრეთ დამტკიცებული რუსთისაგან მეფედ საქართველოჲსა მეფე გიორგი, და მემკვიდრე დავით წარვიდენ სასახლესა ქვეითად; ეკკლესიიდამ სასახლედმდე ორპირად იდგა ჯარი რუსისა და იკვროდა მუზიკა. მცხოვრებნი თფილისისა უძღოდენ ზურნითა, დაფითა და საყვირითა. ყოველნივე ეხაროდენ მეფესა განმხიარულებულსა რუსთა ძალითა. მეფე ქრისტიანე ადიდებდა მეფესა ერთ მორწმუნესა, მართლმადიდებლობისა მისაყრდნობელსა. „აწ განისვენა გულმან ჩემმან, _ უბრძანა მეფემან ევთიმის მოძღვარსა თვისსა, _ მივის მცველად მეფობისა, იმპერატორი მართლმადიდებელიო“. მისრულთა სასახლესა, ულოცვიდენ სარდალნი და მოხელენი. ტრიფილმან მწიგნობარმან წარსთქვა იამბიკო ქებითი.[2] ხელ-ჯოხიანმან თავადმან გიორგი ერისთოვმან მოახსენა სიტყვავე ქებითი.[3] მეფემან გიორგი უბოძა თვითოს სალდათსა ორი აბაზი და მასვე დღესა თვითვე უბოძა სადილად, მარხვისა დღეთა გამო, ერთი ურემი დოში და ზურგიელი და ერთი ურემი ღვინო; ათი კოდი სისირი და მრავლად წნილი კომბოსტოსი.

მეორესა დღესა მინისტრმან რუსეთისა კოვალენსკიმ მოითხოვა, რათა ფიცითსა აღთქმასა ზედა მოაწერონ ხელი სარდალთა და კარისკაცთა, კათოლიკოსმან და მღვდელთმთავართა. ჰქმნეს ესე ყოველთა თანახმად მეფისა ბრძანებისა, ჯერეთ 26 ნოემბერსა ამავე წელსა. შესული თფილისს ჯარი რუსისა და ღენერალი ლაზარევი იყვნენ მცველად მეფისა და სატახტოჲსა ქალაქისა. ვჰგონებ ამავე დროსა იმპერატორმან პავლე უბოძა კათოლიკოსსა ანტონის თეთრი ბარტყულა ანუ კუნკულა შემკული ძვირფასად სერაბიმ-ქერუბინებითა.


  1. ესე კოვალენსკი 1803 წელსა კნიაზმან ციციანოვმან დიდისა შეურაცხებითა განდევნა თფილისიდამ რუსეთად.
  2. ტ რ ი ფ ი ლ ე, დიდი მწიგნობარი, გადამწერავი მრავალთა წიგნთა, მეგობარი გერასიმე ლოდბარისა, რომელიცა ნიშნავს „სრული მგალობელი“; მოკვდა 1808 წელსა და დაასაფლავა დომენტიმ ნათლისმცემელისა მონასტერსა. თვით გ ე რ ა ს ი მ ე იყო გურული, გვარით ანთაძე. ამან და ძმამან მისმან გრიგორი შემოიტანეს იმერული ეკკლესიური გალობა საქართველოს; ესენი მეფემან ირაკლი მოიხმო თფილისად და კათოლიკოსმან ანტონი პირველმან უბოძა მათ მამული სოფელსა აღაიანში და ესრეთ დაასახლა იგინი აქა. გერასიმე გარდაიცვალა 1805 წელსა.
  3. ესე სიტყვა ქართულად ვერ დაიბეჭდა თვისსა დროსა და მე ვსთარგმნე რუსულად და დავბეჭდე 1846 წელსა («Закавказский вестник» за 1846 год, რომლისაცა რედაკტორად ვიყავ მე). ესევე დავბეჭდე მეორედ იკორთისა მონასტრისა აღწერაში, დაბეჭდილსა ცალკე წიგნად: «Описание Икортского в Карталинии монастыря», Тифлисъ, 1865 год, და ჟურნალში: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჲ ს ა მ ა ხ ა რ ე ბ ე ლ ი, წელიწადი 18... თთვე ... (იგულისხმება ამ ჟურნალის 1865 წ. ნოემბრის წიგნი, იხ. „იკორთის მონასტერი ქართლში“).

71[edit]

მტერნი მიჩუმდნენ და იდუმალ დრტვინვიდენ: მაშინ გაიქცა ალექსანდრე მორედ სპარსეთსა და ეახლა ყარა-ბაღს ბაბა-ხანის შვილსა აბაზ მირზას და სარდარსა მისსა სულეიმანს. აქა იდგა ჯარი სპარსეთისა და ერევნის ხანისა მამად-ხანისა, დასაპყრობად საქართველოჲსა. მეფემ აცნობა ესე რუსეთსა და ესე იყო მიზეზი, რომელ მოვიდა თფილისს სხვა პოლკი რუსეთისა, რომელსაცა განაგებდა ღენერალი გულიაკოვი. ხოლო შემდგომად მეფისა განმხნევებულისა რუსთა ჯარისა მასთან ყოფნითა, ნაცვლად მოწოდებულისა რუსეთად კოვალენსკისა, იყო ღენერალი ლაზარევი.

სპარსთა, დროთა ამათ, აღრეულთა თვისსა ქვყნასა შინა, ვერ იგდეს დრო საქართველოდ შემოსვლისა, და რუსთა განდევნისა, ბაბა-ხანი განმზადებული ჯარებითა უკუ-იქცა ხოით და ნახჩევნით, რათა სძლიოს მეამბოხესა ძმასა თვისსა ჰუსეინსა, გაყაენებულსა ქვემო სპარსეთსა. ესრეთ უკუქცეულმან შეიპყრა ძმა თვისი, დასთხარა მას თვალნი და საქართველოსა მიეცა დრო განმტკიცებისა რუსთა ჯარისა მფარველობითა.

72[edit]

ამასვე დროსა მოვიდა იბრაიმ ბეგი ახალციხის ფაშისაგან გამოგზავნილი თხოვითა, რათა მეფე შევიდეს ხონთქარის სელიმის მფარველობასა და აღუთქმიდა ახალციხისა და სრულიად სამცხისა შეერთებასა სამეფოჲსა თანა მეფისა, ვითარცა იყო ძველად. მეფემან იწყინა და უბრძანა სრულიადი უარი. რუსთათვის გზისა გასაკეთებლად დარიალიდამ იყვნენ გაგზავნილნი შანშე ერისთვისშვილი, გლახა ბაბანაშვილი და ნაცვალი ქალაქისა მიკირტუმა სურგუნაშვილი. მაშინ ჩერქეზიშვილმან დავით, კაცმან სიტყვამარჯვემან და ახალციხისა ფაშის მახლობელმან, მოახსენა მეფეს: ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებთა თვისსა დროსა დახშვასა მისსა? _ „დახშვა კარისა ამის, _ უბრძანა მეფემან, _ იქმნება დახშვა ქრიტიანობისა კარისა; ამისთვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქმნება თვით მცველი კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად თვით მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ“.

73[edit]

რუსეთისა ჯარსა მოუძღვა ღენერალ-მაიორი ლაზარევი სახელით ივან პეტროვიჩი, ოდეს იხილა მან მინისტრი რუსეთისა კოვალენსკი დაახლოვებულად მეფისა, შესწუხდა შურითა და არ აღასრულებდა არა რომელსამე მისსა ბრძანებასა და არცა თვით მეფისა სურვილსა. სულგრძელებითა სავსე მეფე მეცადინებდა ჰქმნას ყოველივე სათნოდ მისა: უგზავნიდა საჩუქართა მას და დედოფალიცა მარიამ ყმაწვილსა 20 წლისა ცოლსა მისსა ქსენია სტეპანოვნას და ორსულსა. მეფის ასულნი მივიდნენ სანახავად და დროჲსა გასტარებლად მისისა ცოლისა, და ესე გულგრილად მოექცეოდა მათ. 24 ნოემბერსა ეყოლა ცოლსა ქალი. მეფემან თვით ინება ექმნეს მას მიმქმელად. უბრძანა განუცხადონ სურვილი ესე მეფისა თვით ლაზარევსა და ცოლსა მისსა. გარნა ცოლი მისი 1 დეკემბერს გარდაიცვალა და ქალსა ახალშობილსა ექმნა მიმქმელად არა მეფე, არამედ დედოფლი მარიამ და უწოდეს სახელად ალექსანდრა, რომელიცა სუბედუროდ მამისა, ხასიათით დაუწყნარებელისა, მოკვდა 7 დეკემბრს.

მრავლად მეცადინებდა მეფე მისსა პატივისცემასა. ბრძანა დაასაფლავონ გვამი ცოლისა და ქალისა მისისა სიონისა ეკკლესიასა; აღასრულონ ყოველივე სათხოვარი მისი მსწრაფლ და დაუყოვნებლივ. რაოდენცა მეფე მეცდინებდა მისსა დაკმაებასა, ეგოდენ ღენერლი უჩვენებდა უსიამოვნებასა მეფესა და მხლებელთა მისთა. გამოიყვანა მოთმინებიდამ მხლებელნი მეფისა დარჩია მელიქი, სულხან თუმანიშვილი, ქალაქის მოურავი და თვით მინისტრი კოვალენსკი. ვერ ააჩქარა ვერავინ სულგრძელი მეფე გიორგი.

მეფესა უნებდა წარვლენა რუსისა ჯარიდამ 400 კაცისა გორსა, დასასუსტებლად მუნ მეფის ძის იულონის განძლიერებულისა. ურჩებამან ლაზარევისა ვერ მოიყვანა აღსრულებასა ესრეთი ჰაზრი მეფისა დასამშვიდებლად აღრეულობისა, უნებდა მეფეს ჩამორთმევა საუფლისწულოებისა, რომლითაცა იყო დაგლეჯილი სამეფო.

თვით სალდათნი ჯარისა სწუხდენ ღენერლისა თვისისა უგვანობასა და სიფიცხლესა და რადგანაც ექცეოდნენ სალდათნი, ამისთვის გამოსცა მეფემან ბრძანება ფიცხელი, ყოვლგან შეუკრან გზა გაქცეულთა სალდათთა.

მემარხულე მეფე ურმითა უგზავნიდა ჯარსა მართლმადიდებელსა დოშსა, ზურგიელსა და ღვინოსა; ლაზარევი ყოველსავე იწუნებდა. მხოლოდ მეფე ყოველსავე მოითმენდა და უბრძანებდა: „არა რაჲ აწყენინონ გულფიცხელსა, გარნა საჭიროსა ღენერალსა: არამც წყენითა მისითა, ვაწყენინოთ ლინიაზედ კნორრინგსა და ამისით თვით უმაღლესსა იმპერატორისა კარსა“. _ მომდურავსა ღენერალსა მიუჩინა შვილი თვისი მეფის ძე იოანე და ვერც ამან დაამშვიდა ამბოხი და მეშფოთე და მოუსვენებელი გული მისი.

ესოდენი აქვნდა სულგრძელება მეფესა, რომელ არ მიხედა ლაზარევისა აღშფოთებასა და თვით დაესწრო ცოლისა მისისა დასაფლავებაზედ, თვით სიონის ეკკლესიასა შინა და უბრძანა სასახლის კაცთაცა პატივსცენ და ნუგეშად მისსა მივიდნენ და დაესწრნენ მუნ. დღისა ამისთვისცა კვალად უბოძა სალდათთა მისისა ჯარისა თევზითა და პურითა ხორაგი მარხვისა დღეთა გამო დეკემბრისა თთვეში. _ მეფისა თხოვნითა თვით კათოლიკოსმან ანტონი აუგო ანდერძი გარდაცვალებულსა ცოლსა მისსა ქსენიასა. ვერცა ამით, ვერცა მრავალგვარითა ალერსითა, ვერ მოიგო მეფემან გული განფიცხებულისა ლაზარევისა.

ეს ლაზარევი მოიკლა არა დედოფლისაგან, რომელსაცა მიაწერეს ესე, და არც ჯიბრაილისაგან. დროსა მას, როდესაც ლაზარევმან კ. ციციანოვისა ბრძანებითა შემოარტყა ჯარი დედოფლისა სასახლესა და შევიდა თვით ლაზარევი გამოსაყვანად მისსა, იყო დილა და 8 საათი დილისა, დედოფალმან მოსთხოვა დრო და მოთმინება: „შვილებსა წვრილებსა სძინავთო“. ლაზარევმან ესე თხოვა არ მიიღო, გაბედა და სტაცა ხელსა და მრისხანედ უთხრა: „ეხლავ გამოდითო! ჯარი ვერ მოგიცდისთ დიდხანსაო“. მაშინ მუნ მყოფმან თავადმან ნიკოლოზ ხიმშიაშვილმან მსწრაფლ ამოიღო ხანჯალი და სცა ლაზარევს მუცელში. ლაზარევი წაიქცა, და თვით ხიმშიაშვილი მეორის ეზოს ბალკონით გავიდა ქალაქიდამ და გაიქცა ახალციხეს და მუნ მოკვდა 1807 წელსა.

შეესივნენ ჯარისა კაცნი და გამოიტანეს მოკლულისა ღენერლისა გვამი. თვით დედოფალი დასჭრა ხმლითა მკლავში სომეხმან ..... კაჭკაჭიშვილმან, პოლიციისა კვარტერლინმან. ჩასვეს ტახტრევანს იგი და შვილი მისი მეფის ძე ხუთის წლისა ირაკლი და წარიყვანეს რუსეთად, და დაასადგურეს ბელგოროდს.

მოკვლა ლაზარევისა ხიმშიაშვილისაგან ცნობილი სხვათაგანცა მრავალთა, თვით მიამბო დედოფალმან მარიამ.

74[edit]

1797 წელსა გაჩნდა ჭირი თფილისისა ქალაქსა. მცხოვრებნი გაიხიზნენ და მოედვნენ სოფლებსა. განსრულთა სოფლებად განთესეს მომსვრელი სენი ქართლსა და კახეთსა. მეფე ირაკლი, დედოფალი დარეჯან წარვიდნენ კახეთსა; მეფის ძე გიორგი და მეფის რძალნი განვიდენ ავჭალას და შეჰკრეს იგი ყოვლის მხრით. ესე დრო იყო სეკდემბრის თთვისა და განსრულთა ქალაქიდამ მცხოვრებთა ადვილად ჰპოვეს ბინა ტყეთა შინა, მთის ძირთა და ხეობებთა ახლოს თფილისისა. დიდი იყო დროთა ამათ ტყება და ვაება დიდთა და მცირეთა, ობოლთა და ქვრივთა. მონასტერნი და უდაბნონი რომელთა წინა უძღოდა ევთიმი მოძღვარი მეფისა,[1] მოეშველნენ განბნეულთა პურითა და ღვინითა, საჭმელითა და საქონლითა. მეუდაბნოეთა ხელნი გარდაიქცენ ხელად ღვთისა და განგებულებისა მისისა. მეუდაბნოენი და მემხოლოენი, შთამოსრულნი მთათაგან თვისთა უყაყთა, გამოსრულნი კლდეთა ნაპრლთაგან, ვითარცა მერცხალნი ბუდეთაგან თვისთა, ექმნებოდენ მსახურად და ნუგეშინისმცემელად ლტოლვილთა სახლთაგან თვისთა, ვითარცა ანგელოსნი მფრველნი, ეჩვენებოდენ იგინი მათ, მოვლენილად ღვთისაგან. ლოცვა და ვერდება მათი, განწმედდა ქრისტიანეთა გონებასა და განამხნევებდა მას, რათა უძლოს განსაცდელსა. ესე მიამბო დედამან ჩემმან, ლტოლვილმან სახლობითა დროთა ამათ კახეთად, სადაცა მიმართეს საფარველსა მეფის ასულისა ბარბარესა მეუღლისა კახთა თავადისა სვიმონ ანდრონიკაშვილისა სოფელსა ვეჯინსა, კაცისა გარდამეტებულად მდიდარისა ყმითა და მამულითა, მებატონისა 400 კომლისა კაცისა.


  1. ე ვ თ ი მ ი, შემდგომად სერაპიონისა წინამძღვარი ნათლისმცემელისა მონასტრისა, გვარით მჭედლიშვილი, ყმა თავადის გრსევან ჭავჭავაძისა, ანუ მისის მამის სულხანისა, წინანდლისა სოფლიდამ. შევიდა ბერობასა მეფისა ირაკლის დროსავე და იყო საყვარელი თვით ირაკლისა მეფისა; გარდაიცვალა შემდგომად მეფისა გიორგისა. ევთიმი იყო დიდი მოღვაწე მეუდაბნოე, სიწმინდითა სავსე, გამოსრული მონასტრით მისასვლელად ხაშმისა სოფელსა, წარიტაცეს ლეკთა ტყვედ. მასთანავე წარიყვანეს სხვაცა ბერი ამფილოქე. ესე ამფილოქე ტანით მაღალი, გრძელწვერი და მხნე სხეულითა, ლეკთა მიიღეს პატივითა: ჰგონებდენ მას თავად მონასტერისა და ძვირფასად საგონებელად. ამისთვის შესვეს იგი ცხენსა და პატივითა მიჰყვანდათ, ევთიმი ტანით მცირედი, არა სახიერი და სუსტი, მიჰყვანდათ ქვეითად და იტყოდენ მისთვის უპატიოდ: მაგისთვის რას მოგვცემენო? შემდგომად ერთისა თთვისა სცნეს ლეკთა, რომელ ევთიმის გამოსახსნელად წარუვლინა მეფემან გიორგი ოცდაათი თუმანი და მეორისა ბერისათვის ოთხი თუმანი. ლეკთა მოიხადეს ბოდიში და ესრეთ პატივით მოიყვანეს თვისსა უდაბნოსა.
    შემდგომად ევთიმისა იქმნა წინამძღვრად დომენტი შანშეს შვილი, გვარით დავითისშვილ-ბგრატიონი, იყო არქიდიაკონად კათოლიკოსისა, ოდეს მეფემან გიორგი მიიღო სამეფო რეგალია.
    წინათ ამისსა და ამის დროსაცა, იტყვის დღესცა ცოცხალი ნათლისმცემელის წინამძღვრად ყოფილი არქიმანდრიტი იოანე ჯორჯაძე (78 წლისა) იყოო ნათლისმცემელისა უდაბნოში 8 გადამდგარი არქიმანდრიტი, 18 მღვდელ-მონაზონი, 6 არქიდიაკონი და 30 მსახურნი და მორჩილნიო.
    თვით დავით გარესჯისა მონასტერში, რომელსაცა ეწოდებოდა ლავრა, იყვნენ 1799 წელსა 3 გადამდგარი მოხუცებისა გამო ეპისკოპოსნი: დანიილ მანგლელი, ტიმოთე ნეკრესელი და ვონიფანტე მოქველი იმერელი; 6 არქიმანდრიტნი; 28 მღვდელმონაზონნი; 14 არქიდიაკონნი და 60-მდინ მსახურნი. წმინდის დოდოს უდაბნო, თუმცა იყო დროსა ამას ცარიელი, გარნა წირვა-ლოცვითა იყო ხოლმე სიახლოჲსა გამო გარესჯისა ლავრასთან. 1811 დასუსტდა გარესჯა, თუმცა მოღვაწენი ღისრნი არ აკლდა და არცა მწიგნობარნი. აჰა ერთი წერილთაგანი, რომლისცა ნამდვილი მე მაქვს, მოწერილი მემკვიდრისა მეუღლეს ელენესთან.
    „უგანათლებულესსა საქართველოს მეფის რძალს, უმოწყალესსა ხელმწიფესა,
    მდაბლად თაყვანისმცემელნი და მმადლობელნი და მლოცველნი ღვთისდმი დღეგრძელებისა თქვენისანი. ვინადგან ჩვეულხართ მოწყლებასა უდბნოთა და გლახაკთასა კეთილ გონიერებით, აწ ჩვენ მდაბალთა და უღირსთადაცა განცხადნა მოწყალება უგანათლებულესობისა თქვენისა, მცნებისათვის საუფლოჲსა და ბრძანებისა ძველსა და ახალსა თეატრსა: ვითარმედ „მიეცით მოწყალება და აჰა ყოველივე თქვენი წმინდა არს“; და კვალად „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს ღმერთსა“, და კვალად იტყვის: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“. ამათსა აღმასრულებელსა ღმერთმან აღგისრულოსთ თქვენც აღნათქვამი თვისი, თქვენებრთა გვამთათვის განმზადებული სიხარული წმინდათა თანა. ამინ. და ამას საწუთოს შინაცა აღგისრულოსთ ყოველი სათხოველი გულისა ნებისმებრ თქვენისა. ესე ვუწყით დამტკიცებით ნამდვილ, რომელ ყოვლივე საწადი თქვენი ნებაცა ღვთისა იქმნების.
    თქვენი მოწყალება ფილონი და ერთი თუმანი თეთრი გვებოძა, რომლისათვისცა კვალადცა ფრიდსა მადლობასა აღგიარებთ.
    თქვენის უგანათლებულესობის მარად მლოცველნი,
    მდაბალნი და უღირსნი ერთობით წმინდისა დავით
    გარესჯისა მონასტრის ძმათა სავსება
    აპრილის კვ (26)
    წელსა ჩყია (1811)“.

75[edit]

ოდეს მეფე ირაკლი მწუხარე გარდაიცვალა თელავს, ჭირი ესე იყო მიზეზი, რომელ მცირედითა კაცითა და არა დღესასწაულებით გარდაიტანეს გვამი მეფისა მცხეთასა დასასაფლავებლად. არაგვისა პირსა დადებული კუბო მეფისა მიიღეს მცხეთელთა და დაასაფლავეს და კახნი, არღა გასრულნი არაგვსა, უკუ იქცენ კახეთად. გამეფებულმან მეფემან გიორგი 1798 წელსა მოინება, რათა ძველთა ჩვეულებათა გამო მოსთხოვონ სომეხთა კათოლიკოსსა ლუკას მოსვენება ლახვრისა. წარგზავნეს კაცნი და მოსცეს იგი გარნა სიფრთხილითა დიდითა და შიშითა, რათა ქართველთა მეფემან არ მიითვისოს თვისად საუნჯე ესე ეჩმიაწინისა. ვართაპეტმან გრიგორი ოშაკანმან და ათთა სხვათა მოასვენეს და დაასვენეს იგი პირველ სიონისა საკათედროსა ეკკლესიასა ნუგეშად ერისა. დღისით დაშთებოდა აქა და ღამით მიასვენებდენ ვანქისა სომეხთა ეკკლესიაში. ინება ღმერთმან და განქარდა ჭირი. მეფე ვერ ბედავდა შესვლას ქალაქად და ლახვრისა მომტანნი ეჩქარებოდენ წასვლასა. მოვიდა ბრძანება მეფისა, რათა დაშთეს იგი თფილისსა მოსვლადმდე მისისა. სომეხნი სთხოვდენ ქალაქისა მელიქსა დარჩიას უშველოს მათ ესრეთსა გაჭირვებაში. ამან დააღონა მელიქი, მოქალაქენი, სომეხნი თფილისელნი და თვით ვართაპეტი მათი თფილისისა, დროთა ამათ ეპისკოპოსი ოჰანეზ, თვით წარვიდა მეფესთან და ევედრებოდა რათა ინებოს დაუბრუნოს ლახვარი ეჩმიაწინსა. მეფემან დაარწმუნა იგი, რომელ არარაჲ აქვს ბოროტი გულსა შინა განზრახვა ლახვრისათვის წმინდისა და უბრძანებს პატივითა ჯეროვანითა, საჩუქრისა ბოძებითა და მადლობისა წერილისა მიწერითა კათოლიკოსისადმი წარუვლინოს თვისსა ადგილსა, მაშინ, ოდესცა თვით და სახლობა მისი ნახვენ მას, ილოცვენ და ემთხვევიან. ეპისკოპოსმან ოჰანეზ მოსულმან მოიტანა ესრეთი ამბავი სამწუხარო სომეხთათვის, რომელნიცა დიდად ამბოხებდნენ, თუმცა ვერ ჰბედავდნენ ცხადად თავისა გამოდებასა მეფისა რიდითა. დღე და ღამე სწუხდა მელიქი, შესრული თვითცა დიდსა იჭვსა, თუმცა არწმუნებდა ყოველთა, რომელ მეფე არა ინებებს ლახვრისა მიტაცებასა. კათოლიკოსი ანტონი, თხოვილი სომეხთაგან, რათა ინებოს და მოსთხოვოს მეფესა ძმასა თვისსა დათხოვნა მათი ლახვრისა, უარჰყოფდა შუამდგომელობასა, რათა არა აწყენინოს მეფესა; ამისთვის მიმართეს არსენი თფილელსა და ამანცა ვერ ჰბედა მისვლა მეფესთან, რომელიცა მას ვერ სწყალობდა. დაღონებულთა და მოთმინებისაგან დაღალულთა მიმართეს ევთიმის, მეფისა მოძღვარსა და ესე მოქალაქეთა თხოვნითა განღვიძებული წარვიდა და მოახსენა ვედრება ეჩმიაწინელთა მამათა, ლახვრისა მომსვენებელთა. მეფე განრისხდა და უბრძანა ევთიმის: უბრძანოს მელიქსა შთაგონება ვართაპეტისა, რათა შეიცადონ ერთიცა კვირა. შეძრწუნებულმან მელიქმან[1] მისწერა მეფესა წერილი თავისა თვისისა განსამართლებელი, აღუწერა ეჩმიაწინლთა მოუთმენლობა და სულსწრაფობა მათი, და დაარწმუნა მეფე, რომელ მარადის ეცინის მათ მათსა მიუნდობელობასა, რომელსაცა შეაჩვიეს სომეხნი მზაკვართა და მატყუართა სპარსთა. მსწრაფლ განვიდა ხმა ყოველგან, რომელ მეფე გიორგი იგდებს თვისდა ლახვარსა. შეიპირეს ექვსნი მარჯვენი კაცნი სომეხთაგანნი და ორი ერევნელი თათარი ვაჭარი და შეითქვნენ იდუმალ წარიღონ ლახვარი ეჩმიაწინსა. მელიქმან დარჩიამ სცნო ესე და შესწუხდა ფრიად; მისცა საპყრობილესა შეთქმულნი მეამბოხენი და უჩინა მცველად ლახვრისა ქართველნი და სომეხნი აზნაურიშვილნი, და მასვე დროსა აცნობა მეფესაცა გიორგის ამბავი ესე. ესე იწყინა მეფემან, მეორესა დღესა ქალაქისაკენ განმზადებულმან ტივითა, რომელიცა ელოდა მას მტკვრისა პირსა ავჭალასა და უბრძანა თვით დასაჯოს მეამბოხენი ქალაქისა ლახვრისა გამო, ვითარცა სურს და ელოდდეს მას. 15 აგვისტოს დღესა მიცვალებისა ღვთისა დედისა დღესასწაულსა, მობძანდა თფილისს სახლობით, შევიდა პირდაპირ სიონისა ეკკლესიასა და მოისმინა საღმრთო ლიტურღია მუნ, სადაცა ესვენა ლახვარიცა საშუალ ეკკლესიისა წინაშე ამბიონისა. შემდგომად წირვისა, მივიდა ლახვართან, თაყვანი სცა, ემთხვია დიდისა ლმობიერებითა, ილოცა მხურვალებითა და მასვე დროსა სთქვა ქადაგება დეკანოზმა სიონისა იოანე ოსეს ძემან, მცოდნემან სომხურისაცა ენისა მწიგნობრობათა.

მეორესა დღესა უნებდა გაემგზავრებინა ლახვარი სომეხთა კათოლიკოსისადმი საჩუქრებითა, გარნა მოახსენეს ჭირისა გამოჩენა ახლო თფილისსა. მეფემან ბრძანა შეაყენონ ლახვრის წარვლენა. მხოლოდ მისწერა წერილი ოქევარტერსა ეჩმიაწინსა. გაუგზავნა იაგუნდისა ბეჭედი და აღუთქმიდა ლახვარსა, დროსა მას მოერთვა მეფესა გიორგის ეჩმიაწინიდამ წერილი შემდეგი, რომლისა ნამდვილი მაქვს მე სომხურად, დაწერილი 29 იანვარს 1800 წელსა:

„ბატონო მეფევ! თქვენმა უმაღლესობამ 1798 წელსა ითხოვა წმინდა ლახვარი განსაკურნებელად ჭირისა და უწმინდესმან პატრიარქმან ჩვენმან აღიღეს იგი საშინელისა მის ადგილისაგან ნოემბრისა თთვისა დაწყებითსა რიცხვებში ხელითა საყვარელისა ძმისა ჩვენისა იოანე არქიპისკოპოსისა და ოდეს მოაწია მან თქვენამდე, ქრისტეს მოწყალებითა განქარდაცა ჭირი. წარსულთა დროთა ჟამსა სულგანათლებულისა მეფისა მამისა თქვენისაცა რავდენჯრმე იყო წარმოვლენილი იგი და შემდგომად ჭირისა განქარვებისაცა, უკუქცეულიცა მსწრაფლ ჩვენკენ. ამისთვის თქვენის უმაღლესობისადმი ჯერ იყო რათა ენება დაბრუნება მის ლახვრისა შემდგომად განქარვებისა მის ჭირისა. თუმცა რავდენჯერმე მოიწერა თქვენისა უმაღლესობისადმი სულგანათლებულმან პატრიაქმან, და თქვენ აღუთქმიდით და არა გვიგზავნიდით ესრეთ, რომელ აღსრულდაცა თვით კათოლიკოსი. ჩვენ, დაშთომილნი ობლად, მწუხარედ და შემუსრილნი გულითა, _ გვეჭირვებიან, ვითარცა წმინდა ლახვარი, ეგრეთვე მცველი მისი ძმა ჩვენი იოანე არქიეპისკოპოსი, რომელმანცა ჩინებულად იცის უცხოთა ქვეყანათა ენები და სიტყვა ნიჭებული დიდ სახმარია წმინდისა ამის სადგურისათვის და ჩვენთვისაცა გაჭირვებულთა დროთა ამათ გამო. აგერ წელიწადი და სამი თთვეა, რაც მოდიან მლოცველნი შორის ქვეყნებიდამ და ვერ მხედველნი წმინდისა ლახვრისა ტირიან და უკუიქცევიან. დღითი დღედ განიფინების ხმა ყოველგან, რომელ წმინდა ლახვარი დატყვევდა თფილისსა. ესრეთისა ამბავისა მიზეზად არ ხართ თქვენ, თქვენო უმაღლესობავ: ამისთვის, რომელ არა ეთანხმება მეგობრობასა და მფარველობასა თქვენსა, რომელნიცა მამაპაპათაგან თქვენთა გაქვსთ მოცემულნი ერთადმი ჰაოსიანთა და წმინდისა ეჩმიაწინისა. ამისთვის მე მწუხარე მოხუცი მინას ეპისოპოსი და კრება სულიერი წმინდის მონასტრისა ეპისკოპოსნი, ბერნი და სხვანი ძმანი ვედრებითა და ცრემლითა გთხოვთ თქვენ ჯვარ-გვირგვინოსანსა, სიყვარულისათვის ქრისტესისა, ნუ დაგვიტევებთ ნურცა ჩვენ, ნურცა სახლსა ჩვენსა უნუგეშოდ. სასიხარულოდ ჩვენდა გვიბრუნეთ წმინდა ლახვარი იოანე ეპისკოპოსითურთ, რომელნიცა ესოდენესა დროსა ტყვეობასა შინა არიან. ესრეთ აღსრულებითა თხოვისა ჩვენისა, ყოვლად ძლიერი ღმერთი წყალობითა აღასრულებს თქვენსაცა თხოვნასა და დაგიცვამს თქვენ და შვილთა თქვენთა მშვიდობითა და კეთილცხოვრებითითა მფარველობითა. იყვენით სიმრთელით, დიდებულო მეფევ, სადიდებელად მეფეთ მეფისა ქრისტესსა და სასიხარულოდ მორწმუნეთა, და ნუგეშად გულისა კეთილად მავედრებელისა თქვენისა ღვთისადმი, უმდაბლესი მინას არქიეპისკოპოსი, მსახური ნათელმოსილისა წმ. ეჩმიაწინისა ტახტისა 1800 წელსა, 29 იანვარსა“.

ლახვარი ვერ წარუვლინეს; წარუვლინეს იმედისა წერილი დაუკარგველობისათვის საუნჯისა ამის წმინდისა ეჩმიაწინისათვის წმინდისა.

ესრეთ დასცხრა დრობით ყოველივე ამბოხი ლახვრისა გამო, რომლითაცა, ჰგონებენ, განიგმირა უფალი ჯვარსა ზედა. ხოლო მე ვიტყვი მისთვის მასვე, რასაც იტყვიან სომეხთა მეისტორიენი და თვით ჩამჩიანი თვისისა წიგნისა ტომსა მეორესა, გვერდსა 344. წერილთა ამათგან სჩანს, რომელ ლახვარი ესე იყო თვით იგი, რომლითაცა განიგმირა დავით დვინელი 693 წელსა და არა ქრისტესი, ვრცლად დავსწერე მას ზედა რუსულად წიგნსა ჩემსა «Жизнь святых Грузинской церкви». Тифлис, 1850 года.

შეიმეცნონ ესეცა მათ, რომელნიცა ზღაპრობით უწოდებენ მას ლახვრად ქრისტესსა. ოდეს ჰპოვეს ჯვარი ქრისტესი და ლურსმანნი იერუსალიმსა, მწერალთა მედროვეთა და თვალით მხილველთა, აღირიცხესცა ნივთნი ნაპოვნი მიწისა ქვეშე და რიცხვთა ამათ შორის არა არს მოხსენებული ლახვარი, და, გარდა ამისა, არცა ერთი ძველთა მწერალთაგანი არა მოიხსენებენ ლახვარსა ამას ლახვრად ქრისტესსა. ხოლო მწერალნი სომეხთა და თვით ჩამჩიანი აღწერენ ლახვარსა ამას ვითარცა მას, რომლითაცა განიგმირა და მოიკლა წმინდა დავით დვინელი და არა თვით ქრისტე.

მრავალი რამე აქვსთ სომეხთა ეკკლესიასა, მიღებული წესდება და არა ჭეშმარიტი წმინდათათვის მოთხრობა, არა არის განსაკვირველი! ესრეთ განბნეულთა სომეხთა არ შეუძლიანთ სხვად მყოფობა. ეძიებენ საგანთა მრავალთა დამტკიცებასა და ვერ დაუკავშირებიათ, რადგანაც არ არის მათ შორის ერთობა არცა ეკკლესიისა, _ ერთისა მეორისაგან დაშორებულისა, არცა ხალხთა ერთობისა, რადგანაც არა აქვსთ დგომა ერთსა სამეფოსა ანუ ქვეყანასა. დაკავშირებისათვის ქართველთა თანა სომეხთა მეფემან გიორგიმ მისცა ნება ვართაპეტსა მათსა, რათა იორდანეზედ განსვლა მათი იყოს ერთობითი ქართველთა თანა. ესე იყო მეფობისა მისისა ორსა წელსა. შემდგომადცა 1803 წლამდე. კნიაზმან ციციანოვმან, განმგემან საქართველოჲსა, სომეხთა მოძულემან, ბრძანა, რათა სომეხნი არა აღირეოდენ ქართველთა მართლმადიდებელთა თანა და ამისთვის სრულიად განაშორა იგინი.


  1. მელიქსა ამას დარჩი ბებუთაშვილსა კ უ ზ ი ა ნ მ ე ლ ი ქ ა დ უწოდებდენ დიდისა კუზისა გამო. მოკვდა 1836 წელსა.

76[edit]

ამავე დროსა გარდაიცვალა სომეხთა კათალიკოსი ლუკა. აცნობეს ესე მეფესა გიორგის იოსებ მიშკარბაშისა ხელითა, რომელიცა იყო მამა ვასილისა ბებუთოვისა, ღენერალ ოტინფანტერიისა ჩინითა გარდაცვალებულისა 1859 წელსა.[1] იმავე წერილითა უბრძანებდა მეფე სომეხთა ეჩმიაწინისა კრებასა (ძველთა მეფეთა ჩვეულებითა ქართველნი დაამტკიცებდენ მათსა კათოლიკოსსა) აღირჩიონ იოსებ არღუთაშვილი რუსეთსა მყოფი. აჰა ნამდვილი წერილი სომხურად და თვით თარგმნილი ქართულად, ვითარცა წარუკითხეს მეფესა გიორგის. ეს თვით მამისა ჩემისაგან იყო თარგმნილი და მისგანვე დაწერილი ქართულად:

„ნათელ აღგებულისა სასწაულ აღდგმულისა საყდრისა წმინდისა ამის ეჩმიაწინისა მსახურთა, სამღვდელოთა მოწესეთა, კრებულთა ძმათა, ესე იგი ეპისკოპოსთა, მოძღვართა და მოწესეთაგან დიდისა წადილითა ქრისტეს მიერ ლოცვა და კურთხევა უხვი მოწყალება და დამცველობითი მადლი, და წმინდათა ამათ ნაწილთა შეწევნა მოგხსენდესთ, ყოვლად უპატიონესო, უმაღლესო მეფეო ყოვლისა საქართველოჲსაო გიორგი! იყავნ კურთხევა წმინდისა ამის საყდრისა ძეთა, ასულთა და ყოველთა სახლეულთა თქვენთა ზედა. იცოდეს კეთილ მსახურებამან თქვენმან, რომელ დასწერს ბრძენი სოლომონ: „ვითარმედ გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა და რომლისა მიერ კერძოსა ენებოს, მიერ მისდრიკოს“. ეგრეთვე თქვენისა უმაღლესობისა გული მნებელობს ჩვენ მტირალთა და მგლოვარეთათვის ნუგეშისცემასა; ვინადგან უმაღლესობა თქვენი დამდაბლებულა ჩვენდამდე და გებოძებინათ ჩვენ უმეცართა მონათათვის წერილი სიყვარულისა და მოწყალებისა, ხელითა სარწმუნოთა თქვენისა მირიშქარბაშისა იოსებისათა და ტერ-არაქილ დეკანოზისათა, რომელიცა ჩვენ წერილი იგი თავსა ზედა ჩვენსა მივიღეთ და სიყვარულით წარვიკითხეთ და ნუგეშინის ცემა იგი მიცვალებისათვის სანატრელისა მამათმთავრისა ჩვენისა უფლისა ლუკა უწმინდესისა კათოლიკოსისა, და ფრიად ნუგეშინის ცემულ ვიქმენით, და ვითარმედ ნიშნად ჩვენისა სიყვარულისა და ნიშნად თქვენისა მწუხარებისა გებოძებინათ მშვენიერ ნათხზი გარდასახურავი, რომელიცა დიდისა მადლობითა მივიღეთ, და მისთვის საკრებულოდ წარვსთქვით კურთხევა თქვენისათვის უმაღლესობისა; რომლისათვის ვსთხოვეთ და კვალად ვთხოვთ, რათა მეუფემან მეუფეთამან, და უფალმან უფლებათამან მოგანიჭოს თქვენ ცხოვრება გრძელი და ნაცვლად ამა ჩვენდამო ბოძებულისა ნიჭისა, მოგანიჭოს ნიჭი საუკუნო, მარადის კურთხევითა და განძლიერებითა თქვენითა, და გყოსთ საშინელ მტერთა ზედა ჯავრისა თვისისათა. ხოლო რომელიც სულიერისა მამისა ჩვენისა იოსებ არქიეპისკოპოსისათვის გებრძანათ კათალიკოსად წმინდისა ამის საყდრისა, ეგრეთ ვითარცა მამათმთავრისა საყვარელისა არქიეპისკოპოსისა მინასისათვისცა მოგეწერათ, სამართლად ფრიად კეთილ არს ბრძანება თქვენი და თან კმაობა არს ნებისა ჩვენისა. ვინადგან ორგზის ვქმენით ჩვენ კრება წმინდასა ამას შინა ტაძარსა გამორჩევისათვის კათოლიკოსისა, და მას შინა აღვრიცხეთ დიდპატივით იოსებ არქიეპისკოპოსი და ღირსად ვსაჯეთ საჭეთმპყრობელად წმინდისა ამის საყდრისა. გარნა შემდგომად შეშინებულთა რაოდენთამე საშინელთა მიზეზთა, ვერღარა ვიკადნიერეთ ჩაწერად მუჯალამასშინა; მაგრამ შემდგომად თქვენისა ბრძანებისა, შევმზადეთ მუჯალამა იოსებ არქიეპისკოპოსისათვისცა და კონსტანტინოპოლისა პატრიარქისა დანიელისა თანა. ესეცა ჩავსწერეთ, ვითარცა დაგვეწერა მინას ვართაპეტისათვისცა; აწ ჭეშმარიტებით ჯერ არს თქმა, რომ იოსებ არქიეპისკოპოსი არს კრებული წმინდისა ამის საყდრისა, და ეჩმიაწინისათვის მრავალსა შინა წელსა მრავალგზის შემმატებელი და ყოველთაგან აქ მოსაწონებელი არის მაგისი კათოლიკოსობა, რომ არა აქვს ყოვლითურთ ნაკლებობა რაიმე არცა კეთილის მოქმედებითა, არცა ჰასაკითა და არცა გვაროვნებითა; მაშა კურთხეულმან გვარმან ჩვენმან მოუწოდონ მას და დაპატიჟონ კათოლიკოსობა უკეთუ მასცა არა აქვნდეს შიში რაიმე განსაცდელი მიზეზად, მოვიდეს, ინებოს, მობრძანდეს; მიიღოს ჩვენი საჭერჩინებო და სანებებელი და შესაწყნარებელი არის.

უკანასკნელ გევედრებით, რომ ქრისტეს შემხები წმინდა ლახვარი ეგე ოჰანნეს ვართაპეტითურთ გვიბოძოთ.

მლოცველნი თქვენნი ქვემო აღმბეჭდველნი: მინას არქიეპისკოპოსი, გრიქურ, სიმეონ ათურაკალ., ალექსანდრე ლოცვის დამწყები, იოაკიმ არქიეპიკოპოსი, სტეფან არქიეპისკოპოსი, ასტვაწატურ, ანდრია, ბარსიღ, თადეოს.

წელსა 1800, იანვარს კთ (29), ეჩმიაწინს.

პასუხად ესრეთისა თხოვისა ლახვრისათვის, აცნობა მეფემან რომელ წარიღებს მას ახლად დანიშნული ოქევარტერი იოსებ ეჩმიაწინს რომელსაცა ელოდდენ ქალაქსა თფილისს, რუსეთისა გზით. ვერცა ამან იოსებ, არ მნახავმან თვისისა ტახტისა, ვერცა სხვათა, ვერ წარიღეს ლახვარი იგი. მხოლოდ შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა, მინისტრმან რუსეთისა კოვალენსკიმ სომეხთა თხოვითა უბრძანა ანუ ურჩივა წარვლენა მისი ეჩმიაწინად.


  1. გენ. ვასილ ბებუთოვი გარდაიცვალა 1858 წ. 10 მარტს. რ ე დ.

77[edit]

ვითარცა მეფეთა ტომი და მეფის ძე და მეფე _ იყო მეფე გიორგი ღირსებითა აღსავსე; მრისხანე ბოროტთათვის, მძლავრი ამაყთათვის და მეშფოთეთა, მდევნელი მდევნელთა, მცემელი მცემელთა; მასვე დროსა ტკბილი კაცთადმი ტკბილთა, მშვიდი მშვიდობისა მოყვარეთადმი, აუჩქარებელი მყუდროთადმი, ნუგეშინისმცემლი მწუხარეთადმი, ობოლთა და ქვრივთა შემწყალებელი; მცირედთა თანა იყო მცირე, მდაბალთა თანა მდაბალი; მღვდელთა პატივისმცემელი, დიდთა კაცთა თანა ყოვლად დიდებული, მეტადრე მაშინ, როდესაცა როგორმე განარისხებდენ მას ანუ მომატებულითა და განუზომელად თქმულითა სიტყვითა ანუ უკადრისითა ლექსითა, ანუ უზდელობითა. მოკლედ და ძრიელად უბრძანებდა სიტყვასა მდაბალთა კაცთა მომჩივართა; ღიმილითა მოისმენდა მათთა თქმათა ოდესმე უჯეროთა და უგვანოდ მოხსენებულთა. რისხვასა მისსა ესე ვითართათვის შეამეცნებინებდა მათ დაფიქრებულისა და უპასუხოჲსა დუმილითა. იყო ვითარცა ლომი, რომელიც არაოდეს არ იცვლის პირისა სახესა, თვისსა საპატიოსა, მეფურსა და დიდებულსა. დიდთა საგანთა ზედა საღმრთოთა და საქვეყნოთა მოუბარი, ხშირად გარდავიდოდა შესაქცევთა, გარნა არა უშვერთა, საქმეთა ზედა და ოდეს სრულყოფდა თქმასა და მოთხრობასა, თვითვე ბრძანებდა ლექსად ძველადვე თქმულსა სიტყვასა: „აი ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო“. მეფის ძე მიხაილ, შვილი მისი, ხშირად მეტყოდა ამასვე და მიბრძანა ძალი მისი: თეიმურაზ მეფესა მეორესა ახლდა ბერი მანასე სახელით და მას სადმე უბრძანებდა ამასაო ლექსად, ვითარცა თვით მელექსე.

მცოდნე ზეპირად ექვსთა დღისა, რომელიცა აღწერა ვასილი დიდმან და გარდმოიღეს ქართულად IX საუკუნესა, და ეგრეთვე ეპისტოლეთა მისთა, _ რომლისა სრული თარგმანი გვაქვს გაიოზისა ასტრახანისა არქიეპისკოპოსისა, _ ხშირად მოიგონებდა მაღალთა და დიდთა ვასილისა თქმულობათა: „ყოველივე მოვალსო თვისსა დროსაო, _ (ესე მისწერა ოლიმპიას ვასილმან, /ეპისტოლე 13/), _ ყვავილი გაზაფხულსა, ეკალი ზაფხულსა, ნაყოფი ხილისა შემოდგომასა; ხოლო ნაყოფი ზამთრისა არს საუბარი“. მასვე დროსაო, _ ბრძანებდა მეფე, _ მისწერა ვასილმან ხუმრობით, დაცინებითი და შექცევითი სიტყვა (ეპისტოლე 267) კომბოსტოსათვის, რომლისა სადამე ჭამითა განიკურნა სნეულებისაგან, გარყვნილი ცხოვრებითა და არაწმინდებითა განმგე (ვგონებ პონტოჲს) ანტიპატრე.

დიდად ხშირად ეტყოდა და განუმარტებდა განმარტებითსა ფსალმუნიდგან იოანე ოქროპირისა სიტყვასა: „აღმოსთქვას გულმან ჩემმან სიტყვა კეთილი“, _ ა ღ მ ო ს თ ქ ვ ა ს გ უ ლ მ ა ნ ს ი ტ ყ ვ ა ე. ი. რათა იცოხვნიდეს ვითარცა საჭმელსა სიტყვასა კეთილსა ოდეს ვსჭამთ, ვხარშამთ საჭმელსა და რომელიცა სჭამს ანუ მიიღებს საზრდოდ სულსა საღმრთოსა, მასვე ამოიცოხნის, ე. ი. აღმოსთქუამს“... ნუ ვიქმნებით უმადლონი ღვთისა, ეტყოდა მონოზონთა და კარისკაცთა, რათა არა მივიღოთ ყვედრებითი სიტყვა მოსე წინასწარმეტყველისა: „ისრაილმან სჭამა, განძღა, განსუქდა და ჰკრა წიხლი მას, რომელსაცა უყვარდა“ (მეორე სჯული, 32. 15). ზეპირად, ტკბილად და ნელიად ესაუბრებოდა უდაბნოჲსა მემხოლოეთა და ეტყოდა წმინდათათვის, მოწამეთათვის, მემარხულეთათვის, წერილთაგან, რომელნიცა წარეკითხა ყურადღებითა და ახსოვდა მეხსიერებითა ძლიერითა. კასიანე მწერლისა თქმათა, მაქსიმე აღსაარებელისა და იოანე კლემასისა სინაიტელისა მოძღვრებათა, წარმოსთქვამდა ესრეთითა ძალითა და ესოდენ მადლიანად, რომელ მსმენელთა აღატირებდა და ადინებდა ცრემლთა. თვით მოძღვარი მისი და მეგობარი, წინამძღვარი ნათლისმცემელისა უდბნოჲსა ევთიმი, უწოდებდა სულიერსა თვისსა მოწაფესა მფის ძეს გიორგის, მოძღვრად თვისსა. განკვირვებასა შინა შეყვანილი ევთიმი ღირსი, მოახსენებდა პატივად მეფისა მოძღვრებათა, სიტყვასა მოხსენებულსა იესოსადმი იოანე წინამორბედისაგან: მე შენგან ველი ნათლისღებასა, და შენ მთხოვ, რათა ნათელ გცე შენ?

ვითარცა მიწა წვიმითა დამთვრალი და განპოხილი, ეგრეთ იყოო მეფე გიორგი, _ იტყოდა მამა ჩემი ეგნატი, _ საღმრთოთა წერილებითა დაუნჯებული და ვითარცა რიტორი მათთა ჰაზრთა და თქმათა წარმომთქმელი.

78[edit]

სტეფანესა რუსთველსა (არქიეპისკოპოსსა) ახსოვდა წარმოთქმული მეფისა გიორგისაგან სიტყვა ოქროპირისა ღირსებისათვის კაცთა გონებისა. მე მოვიძიე ნამდვილი თქმა ესე ოქროპირისა წერილისაგან, მიწერილისა ანტიოქელთა მცხოვრებთადმი (სწვლა 2) და ჰაზრთა მიხედვითა, და თვით სტეფანესაგან თქმულთა, დავსწერე აქა მკითხველთა საცნობელად:

„მრავალნი პირუტყვთაგანი სჩანან უმეტეს კაცისა: ლომი ძლიერებითა, ცხენი სიმსწრაფლითა, არწივი ფრინვითა. გარნა კაცმან დაიმორჩილა ცხენი თვისდა მოსახმარად. ხოლო არწივი? კაცმან მოიძია საშუალობა და ღონე შესაყენებელად მფრინველთა. კაცთა აქვსთ თვისნი ფრთენი. დიახ! მე მაქვს ფრთა ერთი უმსწრაფლესი არწივთა ფრთისა, რომლითაცა აღვიწევი არა ათსა სტადიონსა, არცა ოცსა სტადიონსა, არცა ცადმდე მხოლოდ, არამედ უმაღლეს ცისა, ადგილადმდე, სადაცა სუფევს ქრისტე მარჯვენით ღვთისა“.

„ერთსა და მასვე უკეთუ ვიტყვი ორგზის და სამგზის, _ იტყოდა მეფე _ საჭიროებისათვის, რათა არა დამავიწყდეს ჰაზრი და იყოს უმეტეს სრულად და მტკიცედ გონებასა ზედა დანერგულად. იტყვის ოქროპირიო: კაცისა ანუ გვამისა სხეულსა ჯერ არს რათა აქვნდეს თავი, ხესა ძირი, მდინარესა წყარონი, საუბარსა დაწყებითი რაიმე საგანი.

თქვენ ხართო, _ იტყოდა მეფის ძე გიორგი ოქროპირისა სიტყვასა, _ მიკრულნი რეცა ბაგეთადმი ჩემდა ვითარცა მერცხალთა ბარტყნი, მიაგებებთ ბუდიდგან ნისკარტთა, რათა მიიღოთ მსწრაფლ მისგან საზრდელი.

დღესა ერთსა საუბრისა დროს მათთვის, რომელთაცა სურდათ სიკვდილი მეფისა ანუ მოკვლა მისი, ღიმილითა წარმოიტყოდა იოანე ოქროპირისავე სიტყვასა: „დღესაცა იპოებიან იეზაბელისა გვარისანი. იროდიადა კვალად განცოფდა; როკავს და მოითხოვს თავსა იოანესსა“. ესე სიტყვა იყო თქმული არა დარეჯან დედოფალზედ, დედინაცვლისა თვისისა. ბრძანებდა მას მეფისეულისათვის [1] დედოფლისაგან მიჩნეულისა, და თითქმის სახლისა მბრძანებელისა, _ მიბრძანა ესე არა ერთგზის მეფის ძემან მიხაილ.


  1. მეფისეული და დედოფლისეული სასახლისა გამდელნი, ესრეთ იყვნენ ძლიერნი, რომელ მეფესა და დედოფალსა ჰხადოდენ ტყვედ მათ ხელთა შინა. თვით მეფის ძენი და მეფის ასულნი და მეფის რძალნი ძრწოლავდენ მათგან. მღვდელმთავართა ეშინოდათ მათი. მათითა სიტყვითა შეაძულეს მეფესა ირაკლის ანასტასია, დაჲ ანახანუმ დედოფლისა, _ ცოლისა თეიმურაზ მეორისა. განსწავლულისა სწავლათა შინა და მოლექსეობასა და მხიარულებასა იყო ზნეობით მაღალი, მორწმუნე და კეთილმომსახურებითა შემკული. აქვნდა მიწერ-მოწერა მზეჭაბუკ მდივანბეგთან. წერილნი ამათნი ვერღა ვჰპოვე. აჰა ერთი მისთა ლექსთაგანი, ოდეს მზეჭაბუკ უქებდა მას შესხმასა შინა ხუმრობითსა გულსა თეთრსა, თუმცა იყო შავგვრემანი დიდად სახითა:

    ვით მიქე მე გული ქაღალდად,
    ინდთაგან უფრო შავია.

    სხვაცა ლექსი:

    ოდეს დაჰკრავ სიბრძნის ტალსა,
    ფილოსოფოსთ მისცემ ალსა,
    მე ვითა მთხოვ პასუხს ქალსა
    თუ ამა წიგნსა უჩვენებ სხვასა
    ვეღარ მიწოდებ შენსა დასა.

    ესე მითხოვილი თავადის ბარათოვისადმი და მერეთ ქვრივი გარდაიცვალა 1787 წელსა. ამასვე ანახანუმს და ანასტასიას ჰყვანდათ დაჲ მახია, ქალი ბარათაშვილისა. 16 წლისა იყო, როდესაც მიათხოვეს ნადირ-შაჲს ძმას ადელშაჲს. ესე შემდგომად ქმრისა თვისისა, მოვიდა თფილისს სპარსეთიდამ მას დროს, როდესაც იყო მშობიერად მარიამ ბატონიშვილზედ და წარვიდა რუსეთსა. ქალაქსა მოსკოვს შეირთო ქმარი ბარათაშვილივე და ამოუწყდა ყოველნივე. როდესაც დედოფალი დარეჯან მიიყვანეს მოსკოვს, იხილა იგი მუნ მახიამან და გაიკვირვა, რომ ლეჩაქი ეხურა დარეჯანს თავზედ შეკეცილი. გარდაიცვალა მოსკოვს 129 წლისა შემდგომად მოსკოვისა აღებისა ნაპოლეონისაგან. მიმქმელი მისი იყო სიტყვისაებრ მისისა, თფილელი _ მიტროპოლიტი ონოფრე, კაცი 79 წლისა და არ ახსოვდა სახე მისი, რადგანაც მცირეწლოვანებაში გარდაიცვალა. ესე მიამბო მეფის ძემან მიხაილ და დაუმატა იყოო შავთვალწარბა, მაღალტანოვანი, გონიერი და დიდად ზრდილი. რუსეთში ჩაეცვა მას ტანისამოსი რუსული.

    მეფისეულისა და დედოფლისეულისა მტერი იყო ნიკოლოოზ არქიმანდრიტი, რომელსაცა მიუბოძა მღვდელმთავრობა მეფემან გიორგი და ესე იყო უკანასკნელი ხარჭაშნელი, გარდაცვლილი რუსეთისა მმართებლობასა. გარდა ამისა მეფისა გიორგისა მეფობაში არავინ კურთხეულა ეპისკოპოსად, რადგანაც იყვნენ ყოველნივე ცოცხალნი. მასვე მეფის ძეს ახსონდენ ხარჭაშნელად:

    1) ვ ი კ ტ ო რ ი, გარდაცვლილი 1787 წელსა.
    2) გ რ ი გ ო რ ი ზაზაშვილი ორს წელს ყოფილი ალავერდელად. ესე იყო მიმქმელი ემბაზით მემკვიდრისა დავითისა.
    3) ნიკოლოოზ, ზემორე თქმული.

79[edit]

მეფის ძემან თეიმურაზ მითხრა მეფისაგან გიორგისა მამისა თვისისა არა ერთგზის გაგონილი თქმითა, და არა წაკითხვითა სიტყვა იოანე ოქროპირისავე ღამითისა ლოცვისათვის და სიტყვა ესე მაღალი ვჰპოვე საქმე მოციქულთა განმარტებაში (სწავლა 26) და მოვიღებ აქა საცნობელად მკითხველთა: „ღამე არა არს დაწესებული, რათა განატარებდენ მას სრულიად ძილითა და განსვენებითა; ხელოსანნი, ვაჭარნი და მსყიდველნი და თვით ეკკლესია ღვთისა, განიღვიძებენო შუაღამესა. განიღვიძე შენცა, ვითარცა ეკკლესია ღვთისა; განიხილე წყობა ვარსკვლავთა, დუმილი ყოვლადი ჰაერისა და წესი ქმნულებათა. ღამისა ჟამსა სული კაცისა არს უმეტეს განწმენდილი, მსუბუქი და მოცლილი; აღიწევის მაღლად გონებითა თავისუფლად, სიბნელე ღამისა და სიღრმე დუმილისა შეიყვანს ფიქრსა და მსჯელობასა. უკეთუ აღიხილავ ცად, ვარსკვლავებითა მორთულად, რომელნიცა არიან ცისა თვალნი, მიეცემი დიდსა სიხარულსა და დატკბები შვებითა, ოდეს აღიწევა აზრი შენი და გონება ღვთისადმი. მიხედე კაცთა, რომელნიცა დღისით კივიან, როკვენ, იცინიან, ბოროტობენ, მტაცებლობენ და იქმონენ მრავალთა უგვანთა და უკეთურებათა, _ არა რაჲთა არა განირჩევიან მათგან, რომელნიცა მდებარეობენ საფლავთა შინა; და მაშინ შეურაცხჰყოფ სოფლისა ამას ამაოსა ამბოხებასა. მოვალს ძილი და ესე მოაგონებსთ მათ რაჲ არიან: ძილი სახეა სიკვდილისა, სახე და მსგავსება არარაჲსა. _ განვედ ქუჩასა და იხილე რომელ არღა ისმის არავისი ხმა. მიიხედე სახლსა შენსა; ყოველნივე მწოლარებენ, ვითარცა საფლავთა შინა. ესე ყოველი განაღვიძებს სულსა და მოაგონებს სოფლისა ამის არარაობასა... ღამისა ჟამსა მღვიძარებენ მცენარენი: და ესრეთვე სული შენი უმეტეს მცენარეთა რეცა მფშვინავთა მიიღებს ზეცისა ცვარსა“.

სოფრონ არქიმანდრიტი, არაგვისა ერისთვისშვილი, აღზრდილი ნათლისმცემელისა მონასტერსა, მოიგონებდა მეფისა სიტყვათაგან ვასილი დიდისა ბრძანებასა ევთიმესთვის წინამძღვარისა, რომელიცა იყო მდაბალთა გვართაგანი, გარნა მაღლად მაღალთა ზედა გვაროვანთა მდგომარე მონოზონებისა სიწმინდითა და ღირსებითა: „კაცი დიდებული და გამოჩენილი, გარნა არა მექონი ჩინებულთა მამა-პაპათა არა ემსგავსების წყლისა ნაკადთა, რომელნიცა განდიდდებიან მაშინ, ოდეს შეიერთებენ სხვათა წყლისა ნაკადთა; ესრეთი კაცი მიემსგავსების წყაროსა, რომელიცა თავით თვისით სდის და თვით არის კეთილგემოვანი და სასმელი... იტყვიანო, არა ხარ დიდის გვარისაო და არცა დიდებული; მიუგე: შენ ხარ ნაცარი და მტვერი; არა ხარ უმეტესი აბრაამისა მამისა ჩვენისა, რომელიცა ესრეთ იწოდებოდა“. ამა სოფრონისა თანა მყოფმან, დროსა ამბავისა ამის მოთხრობისა, ბერმან სერაპიონ (მოკლული ლეკთაგან 1855 წელსა მონასტერსა) დავით გარესჯის უდაბნოჲსა, კაცმან მცოდნემან ძველისა და ახლისა ფილოსოფიისაცა დაუმატა ესე: „მე ვიყავ 18 წლისაო ჯერეთ მორჩილად, ოდეს მობრძანდა დავით გარესჯას დიდისა ამალითა და ინება, რათა სატრაპეზოსა სადილსა ჟამსა წარეკითხათ ე ქ ვ ს თ ა დ ღ ი ს ა რაიმე. წინამძღვარმან მიბრძანა გამორჩევა წიგნიდამ ვითარცა მე თვით დავინახავდი ღირსად, რათა მოესმინა მეფესა. აღვედ მკითხველთა სადგურსა და წარვიკითხე სრულად მეცხრე სწავლა ვასილისა დაბადებისათვის ქვეყნისა ცხოველთა და თვით კაცისა. ოდეს დავასრულებდი კითხვასა, შევსცვალე ხმა ჩემი და ვიტყოდი წიგნისა ამის დასასრულსა ამას: „ესრეთ მწუხრი ესე და დრო მზისა დასვლისა გვიბრძანებს დუმილსა. შევსდგეთ და მივცეთ შესვენებასა საუბარი ჩვენი... წარვედით აწ სიხარულითა, აქა შეკრებილნო, მეგობარნო ქრისტესნო, და ნაცვლად საზრდოთა მდიდართა, და საჭმელთა მრავალგვართა, განაშვენეთ და განწმინდეთ ტრაპეზი თქვენი სიტყვათა ჩემთა მოხსენებითა“. ესე იყო ვგონებო, 1794 წელსა, წინათ აღა-მაჰმად-ხანისაგან თფილისის აოხრებისა, დღესა ხუთშაბათსა, დღესასწაულსა თვით დავით გარესჯელისსა ამაღლებისა სწორსა. მეორესა დღესა შემდგომად წირვისა დილითისა და პარაკლისისა გამოეთხოვა ძმათა და წარვიდა მტკვრისა გზით ბორჩალოსა და თანა უძღოდენ ყაზახისა და ბორჩალოსა თათარნი.

პირველი იყო ჩემგან მეფის ძისა ნახვაო და ჭეშმარიტად ვიტყვი, დღემდე მომხსენებელი მისი, ვეკვირვები მისსა ღრმად სწავლასა სამღთოთა წიგნთა შინა, წმიდათა მამათა წერილთა დახელოვნებასა მისსა, ბრძნად მსჯელსა, ტკბილად და რიტორულებ მოუბარსა, ნამდვილ მეფესა, ტანითა ახოვანითა, ჭკუითა, ზრდილობითა, მოთმინებითა, აუჩქარებლობითა, დიდსა მორწმუნესა, ქრისტეს ეკკლესიისა მოყვარესა და ვიტყვი მონაზონთათვის მაგალითსა.

კითხვა ჩემი დიდად მოეწონა მეფესაო; _ გამომკითხა ვინაობა ჩემი, სადაობა, წელი ცხოვრებისა და წელი უდაბნოსა შინა შესვლისა. ერთისა კვირის შემდეგ შემაყენეს ბერად; მიკურთხეს ჩოხაო და მიწოდეს სახელად ნაცვლად სვიმონისა სერაპიონი. სახელი წინამძღვრისა ჩემისაო, რომელმანცა მაღალითა სიწმინდითა განატარა ქვეყნიერი ესე ცხოვრებისა სარბიელი.

80[edit]

დროსა გამეფებისა, მეფე გიორგი მწუხარე ქალაქის თფილისისა გაოხრებისა გამო სპარსთაგან და მცხოვრებთათვის, რომელნიცა კვალად შემოვიდოდენ თვისთა სახლთა გარდამწვართა, მისწერა თხოვითა წერილი სომეხთა კათოლიკოსსა ლუკას, რათა ასესხოს მას ფული. კათოლიკოსმან მოართვა სესხად ათასი თუმანი, და ფული ესე განანაწილა მათზედ, რომელნიცა იყვნენ მოკლებულნი ღონეზედ აღშენებისათვის ანუ განახლებისათვის სახლთა თვისთა: _ ქალაქი თფილისი, მეცადინებითა მელიქის დარჩიასითა აძლევდა ამა დროსა სამეფოდ დღეში 18 მანეთსა, ვითარცა მიამბო ღენერალმან ვასილი იოსების ძე ბებუთოვმან. დიდი მოღვაწე ქალაქისა განახლებაზედ, არა ზოგავდა არარას ობოლთა, ქვრივთა და შეუძლებელთათვის. ჯიბე მისი, იტყოდენ მხლებელნი მისნი, არის შიოს მარანიო.

დღესა ერთსა მეფე ბრძანდებოდა ჩარდახზედ სასახლისა თვისისა წმინდისა გიორგისა ეკკლესიისა გვერდზედ და იხილა მუნ ყმაწვილი 15 წლისა, რომელიცა დგას შორს და უმზერის მეფესა. მფემან მაღალისა ხმითა ჰკითხა მას: „ვინა ხარ ყმაწვილო?“ იგი წარსდგა მსწრაფლ და მოახსენა: „ვარ შვილი სიონის კანდელაკისა იოანესი“... „ოჰ! _ ბრძანა მეფემან, _ მოკლულისა სპარსთაგან, წამებულისა ქრისტესთვის. შენ ხარ შვილი ჩემისა ნათლის-დედისა. მოდი, მოდი, რა გქვიან სახელი? გაბრიელ, შენი ჭირიმე! _ მოდი, დაჯეგ, დაჯეგ. სადა დგეხარ ეხლა? _ „მეზობლისა სახლში“; _ მაშინ შევიდა ოთახში, გამოიტანა თვით პატარა თალათინისა ყუთი, ამოიღო ჯიბიდამ გასაღები, გააღო ყუთი და ლურჯის ქისიდამ თვით თავის ხელითა იწყო თვლა აბაზებისა, „ოცდაათისა მანეთის აბაზი მიბოძა და რადგანაც არ მქონდა ხელსახოცი, თვით ამოიღო მისისავე ყუთიდამ ქაღალდი ლურჯი და ნახევარ თაბახში გახვია და მიბრძანა: „მიუტანე ესე ფული ჩემსა ნათლი-დედასა, დედასა შენსა და უთხარ ეხლავე გაიახლოს სახლი სადგურად ობოლთა“. _ ამა ფულითა დროთა მათ, _ მეტყოდა სიონის დეკანოზი გაბრიილ ქართველოვი, გარდაცვლილი 1866 წელსა, _ აღვაშენეთ სახლიო, რადგანაცა იყო დიდი იეფობა მასალისა, მუშისა, კალატოზისა და აგურისა“.

81[edit]

მეფის ძემან და მემკვიდრემან დავით რუსეთსა ყოფნისა დროსა გაიცნა და მოინება შერთვა ცოლად რომლისაღაცა ტატიშჩევის ქალისა. მობრუნებულმან საქართველოდ იწყო მიწერ-მოწერა წერილთა გარსევან ჭავჭავაძის ძესთან და ვარლამ მიტროპოლიტთან (ერისთვისშვილთან), დროთა ამათ ს. პ. ბ. ჩლენად სინოდისა მცხოვრებთან. მეფესა გიორგის დიდად სურდა შერთვა ქალისა მის რუსთა გვარისა და აჩქარებდა საქმისა მის დაბოლოებასა, რათა მაგალითითა ამით დაკავშირდეს რუსეთთან თვით და ერიცა მისი და რათა ამით მოაშოროს არაწმინდებით ცხოვრებასა: _ ბაყალ ავტიქას ქალთან დაუმალველად. ერთი ესე ვითართა წერილთაგანი ნამდვილი, რომელიცა მე მაქვს, არის მიწერილი მეფის ძეს დავითთან ვარლაამისა; აჰა პირი ნამდვილიდამ მრთელისა ამის წერილისა.

„მათს უგანათლებულესობას, მეფის ძეს და საქართველოს მემკვიდრეს, ჩემს მოწყალეს ხელმწიფეს!

ქვევრდომით თაყვანისმცემელი მათს მშვიდობას ღმერთსა ვსთხოვ.

ხელმწიფეო ჩემო! თქვენი წიგნი მებოძა, და როგორც მმართებდა ისე ვიხარე თქვენის მშვიდობის ამბის სმენისათვის. ბატონს მეფეს წიგნი მივართვი, და მათს უმაღლესობას მოვახსნე, და თქვენც მოგახსენებ: ტატიშჩოები ჭეშმარიტს პასუხს ითხოვენ, ამისთვის რომ ბევრნი თხოულობენ, და გათხოება უნდათ და თქვენ ბრძანებას ელიან.

აქაური ამბავი ეს არის, ევროპაში დიდი ბრძოლაა. სუაროვს შვეიცარიაში საშინელს მთაში უღაღსა და უვალს ადგილებში, რომის იმპერატორის ღენერალთ ცხენები დაუგვიანეს და ოთხი დღე იქ მოუხდა დგომა. იმ დღეებში საშინელი ქუხილი და ელვა, მძაფრი წვიმა თურმე იყო, და იმ დროს ფრანცუსნი განეწყვნენ, და დიდის სიმხნით, და ძლიერებით იმ საშინელის ადგილიდამ გამოვიდა სუაროვი, მოკლედ მოგახსენებ, სუაროვი ასე სწერს ხელმწიფეს, რომ ახლა რომ მოვიგონებთ იმ დღეს, ჩვენი სული შეძრწუნდება ხოლმეო. ხელმწიფის შვილი კონსტანტინე პავლოვიჩიც იქ ყოფილიყო. და ამისთვის ხელმწიფემ სუაროვს გენერალისიმუსობა უბოძა, და თავისი შვილი ცესარევიჩად გამოაცხადა. კნიაზ პეტრე ბაგრატიონიც დიახ კარგა გაისარჯა, და კიდეც დასჭრეს. ბუნაპარტემ ჯარი მისირში დააგდო და თითონ ფრანციაში მივიდა.

სხვებრ გევედრები, მოწყალეო ხელმწიფეო, არ დამივიწყო, მონა ერთგული.

თქვენის უგანათლებულების მონა ერთგული, არქიერი ვ ა რ ლ ა ა მ.

ნოემბრის 18 წელს 1799

82[edit]

რავდენისამე წლითა წინათ წერილისა ამის ვარლაამ მიტროპოლიტისა (რომელიცა იქმნა 1811 ექსარხად საქართველოჲსა) გარსევან ჭავჭავაძემან აცნობა მეფესა მიწერილი პტერბურღსა ამბავი დავითისათვის მემკვიდრისა, დანიშნულისა ოთარ ამილახვარისა ქალზედ ელენეზედ. მეფე, მოსურნე რძლად ტატიშჩევის ქალისა, სწერს, სხვათა შორის, შემდეგსა პასუხსა. ჯერეთ მეფის ძეობაში და მემკვიდრეობაში:

„მათს ბრწყინვალებას ჩემს საკუთარ მეგობარს,

რა აქედგან თქვენი ბრწყინვალება წავიდა, მას უკან თქვენი წიგნი არ მოგვსვლია და თქვენი ამბავი გარჩევით არ გვსმენია და თქვენმა გონებამ უწყის, რომ თქვენის წიგნის დაგვიანება და ამბავის უცნობელობა დიდად მოგვაწყენს, და ვინც წამოვიდეს თქვენს წიგნსა და ამბავს არ უნდა დაგვაკლებდეთ ხოლმე. მშვიდობა არის, ღვთის მოწყალებით... დავითის ცოლის შერთვა და ქორწილის ამბავი გეკითხათ: იოანე ფეტიაშვილმა გვიანბო და

თქვენი გული ამაზედ სარწმუნო ბრძანდებოდეს, რომ დავითს არც ცოლი შეერთოს, არც ქორწილი ექმნას და ვიზედაც დავითისაგან შერთვის ეჭვი არის, არც დავითისაგან იმის შერთვა იქმნეს და დიდი სიცრუვე და ტყუვილიც არის და დაჯერებულიც ბრძანდებოდეთ, ამაზედ ასე შორს არის და თვით აქედგან პეტერბურღი როგორც შორს არის ისე ის საქმე. და უჩვენოთ ხომ ვერ დაიჭერდა დავით ამ საქმესა და ჩვენგან სარწმუნო იქმენ, რომ სიცრუვისა და ჭორის ამბავის მეტი არაფერი არ არის რა, და თქვენც დიახ კარგად იცით, რომ ტყუილის მეტი არა არის რა და გთხოვთ შენგან დაუვიწყებელნი ვიყვნეთ ყოველს საქმეში.

თქვენის ბრწყინვალების საკუთარი მეგობარი საქართველოს მეფის ირაკლის პირმშო ძე გ ი ო რ გ ი.

წელსა ჩღჟდ (1794), მარტის კჱ (28). თ ფ ი ლ ი ს ს.

იმერეთის საქმითა რაღა გეხვეწო ამის მეტი; ახლა შენ იცი, რომ ის საქონელი არ დაგვეკარგოს. შენი ალალი თეთრი რომ მომცე შენის ჯიბიდგან, ესრე იქმნება.

83[edit]

1799 წელსა მეფის ძე და მემკვიდრე დავით, ურჩი მამისა, თვითნება და მგონებელი ბრძნად თავისა თვისისა, უმეტეს მამისა, ვითარცა მხილვლი რუსეთისა, _ შევიდა განსაცდელსა ძნელსა. სიხარბემან ფულისა და ნივთთა და მოლოდებამან, სნეულებისა გამო მამისა თვისისა უკურნებელისა, მეფობისა, რომელ არღა ინება შერთვა დანიშნულისა მასზედა ელენეს ამილახვრის სარდლის ოთარის ქალისა, არცა ტატიშჩევის ქალისა რუსეთს, და შეირთო სურვილისამებრ მამისა სვიმონ, აღად წოდებულისა აბიმელიქის ქალი ხამფერვან, რომელსაცა ნათელსცეს მართლმადიდებელისა ეკკლესიისა წესითა[1] და უწოდეს სახელად ელენე. _ ქალსა ამას აქვნდა ფულად 8000 მანეთი, ფული დროთა ამათ დიდძალი და ესოდენივე ფულისა ნივთნი და სამკაულნი. მეფე თვით დაესწრა რძლისა თვისისა მირონცხებასა სასახლისა წმინდის გიორგის ეკკლესიასა შინა. თანაშემწეთა აღსრულებისათვის ესრეთისა საქმისა იოანე ნდრონიკაშვილსა, დუცალ ბარათაშვილსა და ეგნატი იოსელიანსა, რომელიცა ასწავებდა მას ქალსა ადრევე ქართულსა, წერასა და საუბარსა, უბრძანებდა მეფე იდუმალ დააახლოვონ მისდა შვილი მისი დავით.

დღესა მესამესა შემდგომად ქორწილისა მეფემან, რათა მტერთა არა მისცეს მეტად მიზეზი დღესასწაულობისა, დასუსტებისათვის მეფობითისა ღირსებისა, _ თვით წარვიდა, ნახა რძალი თვისი, ამბორსუყო და აკურთხა და უბოძა პირისანახავად ქარვასლა სახასო ქ. თფილისს ძველად როსტომ მეფისაგან აშენებული და სოფელი გურჯაანი სახასო ყმებითა დ მამულითა და ოქმისა ბოძებითა, მასვე დღესა მეფისაგან დამტკიცებულითა. ჰგონებდა მეფე, რომელ ესრეთითა ქორწინებითა ძე მისი დავით გამოვიდოდა ცოდვიდამ და განუტევებდა ბაყალ ავეტიქას ქალსა, შეყვარებულსა ადრითვე, რომელიცა შემდეგ წარიყვანა რუსეთსაცა და მუნ მოკვდა. მტერთა სდუმნეს. გარნა, თვით დავით მოსული გონებასა, შევიდა სინანულსა. არცა გვარი თავადობისა, არცა სიძველე და ჩინებულება გვარისავე, არცა კავშირი რაიმე დიდკცობათა ქვეყანისა, არცა მეფობითი აღზრდა ჰაზრითა და ქცევითა, _ არა აქვნდა მეფის რძალსა და მემკვიდრისა ცოლსა სადედოფლოდ ბაგრატიონისა ტახტისათვის მომზადებულსა. მეფემან, განსადიდებელად გვარისა მისისა, მიუბოძა მისსა გვარსა თავადობისა ღირსება, [2] გარნა არა ეკმაებოდა ესე სომეხთა ქალსა, რომლისა მოყვარენი და ნათესავნი იყვნენ ვაჭარნი და დაბლისა ხელობისანი. დაიცა ერთი მისივე მეფის რძლისა, სახელად მაია, სომხადვე დაშთენილი, ჰყვანდა ცოლად მოქალაქესა თფილისელსა... გულასპოვსა ვაჭარსა. ამილახვარი ოთარ, ეცინოდა მეფისა სახლსა დაწუნებისათვის მისისა ქალისა, შეიძულა ოთარმან იუსტინე მთავარ ეპისკოპოსი, რომელსაცა პატივს სცემდა მეფის რძალი და სწყალობდა დიდად.[3] ამისთვის მეფემან ინება და შერთო უმცროსსა პირველისა ცოლიდამ, შვილსა თვისსა თეიმურაზს. თვით მეფის რძალი ელენე იყოფოდა გარდაცვალებადმდე მეფისა თვისსა ქმართან არა პატივცემულად მისგან და შემდეგ გარდაცვალებისა განაძიაცა თვისგან და ჰგონებდა გაშვებასა. იწყო საქმე მან დეკასტერიაში და არღარა გამეფებულმან მიიღო საქართველოსა კონსისტორიიდამ, კათოლიკოსის გარდაწყვეტილებითი უარი დახსნისათვის ქორწინებისა. დავით წარვიდა რუსეთს 1803 წელსა და მეფის რძალი ელენე, ბრძანებითა იმპერატორისა ალექსანდრესისა, მივიდა პეტერბურღსა 1810 წელსა და გარდაიცვალა მუნ 1836 წელსა.

თვით ელენე მეფის რძალი და მემკვიდრისა ცოლი იყო ემბაზით მიმქმელი ჩემი. ამისთვის ვიცნობდი მოკლედ მას, მოარული მასთან 4 წელსა ს. პ. ბ. (1831-1835); იყო პატიოსნებითა სავსე, მოშიში ღვთისა, მორწმუნე ქრისტიანე, გარნა არა დამტევებლი სრულიად სომეხთა სარწმუნოებისა: საუბარი მისი, მიქცეული სომხურად, არა იყო დიდკაცური ქართული; ქცევა არა ქართველთა დიდთა გვარისა ქალთა ჩვეულებრივი; არა მოყვარე მეფისა სახლისა წევრთა და არცა მათგან ყვარებული; _ უნებდა მას დასაფლავება თვისი... სოფელსა[4]... მდებარესა პეტერბურღით ცარსკის სელოსა მიმავალთათვის აღშენებულსა ეკკლესიასა და არა თვისსა ქმართან ნევსკის მონსტერსა. ამისთვის მოჭედა მან მკვრუვისა ოქროთი ხატი ღვთისმშობლისა და ამკობინებდა მას მრავლითა თვალით და მარგალიტითა და ნებავდა დადებულიყო ხატი იგი თვით მასვე ეკკლესიასა საძვალედ მისდა დანიშნულსა. მიბრძანა და გავუკეთე რუსულად და ქართულად ზედაწარწერა. წარმოსულმან რუსეთიდამ, ვერ ვსცან, სადა დაიდვა ხატი ესე, რადგანაცა თვით დასაფლავდა ნევსკის მონასტერსა.

აჰა ორიცა მისი წერილი, მოწერილი მამისა ჩემისადმი:

(1)

წელსა ჩყიგ (1813). ღვინობისთვის კვ-სა (26). პეტერბურხით.

„მაღალ-ღირსო უფალო ეგნატი, ჩემო სულისა მამავ!

მერმეთ ჩემს მაკურთხველ მარჯვენას ანბორს მოვახსენებ და თქვენ მშვიდობას და თქვენის ცოლ-შვილის ღმერთსა ვთხოვ. ვიცით რომ ჩემს ანბავს იკითხავთ, ესრეთ იცოდე ჩემი ანბავი. მარიამობის თოთხმეტს აქეთ, მე ჩემს ძმას დავითთან ვარ. თავისის ხასების რჩევით ისრე ინება ჩემმა ქმარმა. ახლა კი დიდად წუხს და დიდათაც მეხვეწება, რომ შეურიგდე, მაგრამ მე არ ურიგდები. ამ დილით მოციქულების გზავნით და წიგნების წერით ილაჯი აღარა მაქვს, მაგრამ მე არ ურიგდები; ღვთითაც, თუ ხელმწიფე მშვიდობით მობრძანდება, ღვთით ჩემი საქმე ყველა კარგათ მოხდება. იმას კი თავისი ხასები ვეღარას უშველიან. ესრედ იცოდე ჩემი ანბავი. ამაზედ მეტს ვერას მოგწერ. მერმეთ გთხოვ ჩემო ეგნატი, დიდათაც დაგიმადლებ; ეგ ჩემი ოცი თუმანი ბატონიშვილს თეკლას გამოართვი, და დუქნების ქირა... ხომ იცი და მომიწერია კიდეც მე, რომ აქ ვალი მქონდა ოთხასი თუმანი, ზოგი მივეცი და ზოგი კიდევაც დამრჩა მისაცემი... თუ სტეფანე სახლში დგას, გავლილის თვეების ქირაც გამოართვი, ისიც გამოგზავნე. ახლა შენ იცი, როგორ გაირჯები ჩემს მამულებზედ გურჯაანზედ, ან ქარვასლაზედ როგორც კაის ფასად გასცემთ... ახლა შენ იცი, ამაზედ მეტს ვეღარას მოგწერ ახლა და ამის იქით სხვას წერილით მოგწერ ჩემს ანბავს.

თქვენი მშვიდობის მოსურნე მეფის რძალი ე ლ ე ნ ე“.

(2)

„მაღალ ღირსო უფალი მღვდელო ეგნატი ონისიმოვიჩ,
ჩემო სულის მამავ!

მერმეთ დიდი ხანია თქვენი ამბავი არა შემიტყვია. მგონია რომ მემდურებით. ჯვარი გეთხოვნა, არ გამოგიგზავნეთ. შენ იცი რომ ერთი დღის შესვენება არა მქონია მწუხარების გამო ჩემის მეუღლისაგან: ცოცხალი იყო და მტანჯავდა, მკვდარი უარესად მტანჯავს. მგონია რომ შენც შეიტყობდი კაჭკაჭოვის ჩივილსა, აქ მინისტრისათვის მოეწერა ერმალოვს, რომელიც იმის პასუხი მოუა, ახლა იქნება კიდევ სასამართლოდ შეიქნას...

თქვენის მშვიდობის ამბის მოსურნე მეფის რძალი ე ლ ე ნ ე.

დიდათ ავათა ვარ. ეს წიგნი ავანტყოფმა დავსწერე. ამ საჭიროებისათვის, თორემ არ შემეძლო წერა.
დეკმბრის ი-ს (10),
წელსა ჩყკ-ს (1820).


  1. მონათვლა კანონისაებრ ანტიოქიისა კრებისა სომეხთა და მირონცხება იყო წმ. გიორგის სასახლისა ეკკლესიაში. თვით მეფე სკამზე მჯდომი დაესწრო მუნ. ნათლიად ანუ მიმქმელად იყო თავადი დავით თარხნიშვილი, მიმბაში. ესე ამბვი მითხრა შვილმან მისმან, ვითარცა მამისაგან გაგონილი, ღენ.-ლეიტენანტმან იოსებ თარხანოვმან. (პლ. იოს.)
  2. მამა მისი აღა ანუ სვიმონ ცხოვრობდა ასტრახანსა და ვაჭრობდა შვილთა შეწევნითა. შვილნი ესე იყვნენ ზურაბ, სვიმონ, დავით და იოანე. თუმცა უხაროდათ მეფისათანა მოყვრობა და გვარის შოვნა, გარნა შესწუხდენ ოდეს მდიდრად გათხოვებისა გამო დისა თვისა, შევარდენ ვალში და დასუსტდნენ ქონებითა. აჰა ერთი წერილთაგანი სვიმონისაგან მამისა ჩემისადმი მოწერილი 19 მარტსა 1800 წელსა, შემდეგ ჯვარის წერისა, რომელიცა იქმნა 1799 წელსა: (წერილი პლ. იოსელიანს მოყვანილი არა აქვს, ცარიელი ადგილია დატოვებული).
  3. აქა ვიტყვი რავდენთამე მთავარეპისკოპოსთათვის, რაიცა გავიგონე მეფის ძის მიხაილისგან.
    1) კ ი რ ი ლ ე, გვარით ციციშვილი, ბიძა გიორგი სარდლისა სიმამრისა თვით მეფისა გიორგისა, დროსა დომენტის ტყვეობისსა ოსმალოსა, მიანდვეს მას კათოლიკოსობა. ოდეს მოვიდნენ ოსმალნი ასაკლებად მცხეთისა და სხვათა ეკკლესიისა საუნჯეთა, სცემეს მას მრავლად, რათა აჩვენოს მათ სამკაულნი, და თაბალითა დააყრევინეს ფერხთა ფრჩხილები. შემდგომად დაბრუნებისა დომენტისა სტამბოლიდამ ჩააბარა მას კათოლიკოსობა და თვით იწყო ცხოვრება მარტივისა ბერისა. იყო მცოდნე სპარსულისა და თათრულისა, საყვარელი მეფისა, ნასწავლი, მჭერმეთქვი და სიტყვა მარჯვე, მიწერ-მოწერა მისი ანასტასიასთან (წიგნმან ამან არ მოაწია ჩვენადმდე) მეფისა ირაკლისა დედინაცვალთან მოწმობს მისსა სიბრძნესა. იტყოდა სადმე, მეფისა ვახტანგისა დაჲ ნათესავი მისი მასწავებდა დიაკონობისა დროსა კმევასაო. რავდენჯერმე აღიყვანეს ხარისხსა და გამოძიესო დროთა ამბოხისა გამო. გარდაიცვალა 90 წლისა 1774 წელსა. მის შემდეგ იყვნენ:
    2) ტ ი მ ო თ ე.
    3) ი ო ს ა ფ ყაფლანიშვილი, ძმა დავით სარდლისა.
    4) ბ ე ს ა რ ი ო ნ გოსტაშაბიშვილი, ალმასხან ბატონიშვილის ნათლია, რომელიცა კიტრისა ჭამითა დაირჩო და განითქო: ე შ მ ა კ ე ბ მ ა დ ა ა რ ჩ ვ ე ს ო.
    5) პ ა ი ს ო ს გარსევანიშვილი, ნამღვდლევი, რომელსაცა სწამებდნენ ფრანგობასა, _ მეფე გიორგი არ მიენდობოდა მას ფრანგობისათვის.
    6) ი ო ა ნ ე ქარუმიძე, ონოფრე ბერის შვილი, კაცისა დიდად წმიდისა და მოღვაწისა. გარესჯას გარდაიყვანეს წილკნიდამ.
    7) ი უ ს ტ ი ნ ე მაღალაშვილი, უკანასკნელი, გადაიყვანეს რუისიდამ.
  4. მგონია პულკოვო ერქვა სოფელსა ამას; მუნ არის ეკკლესია ბორცვსა ზედა. აქა უნებდა დასაფლავება (პ. ი.).

84[edit]

თვით მეფის ძე დავით ესრეთისა ქორწინებითა ჰგონებდა დაკავშირებასა სომეხთა მდიდართა ქართველთა თანა და მოყვანასა მათსა ერთობისადმი ეკკლესიისა. გარნა შესცდა. სომეხნი განბნეულნი სპარსეთისა, ოსმალისა და სხვათა ადგილთა არიან ყოვლად დაცემულნი ზდილობითა; _ უქონელნი მამულისა არიან, უქონელნი სიყვარულისა თვით კეთილისა მოქმედთადმი მათისა; დამვიწყებელნი თვისისა ენისა ვერ სცნობენ რასათვის არს მშვენიერება ლექსთა და ჰაზრთა გამოხატვისა; არა უწყიან რა უყვარდეს, ვინ უყვარდეს, სად უყვარდეს, რას ეტრფოდეს. განვარდნილნი ერთობისაგან სარწმუნოებისა აღმოსავლეთისა და კვალად შეხიზნულნი ლათინთა _ ეკკლესიასა, არა უწყიან თვითცა რასა შინა მდგომარეობს მათი ეკკლესიისა ღირსება. მილიონიდგან განბნეულისა სომეხთაგან ერისა კნინღა ნახევარი წარიტაცეს ლათინთა: დანაშთენი ერთ-ნახევარი დაცინებულნი ყოველგან, გინებულნი სპარსთა და თურქთაგან, არიან სრულად ცივად მხედველნი გულგრილნი. სახლი მათი სხვათა ადგილზედ, ვაჭრობა მათი უცხოსა ნათესავთან, მეგობრობა სიცრუითა _ შესაძინებელად რასამე! _ ვერსადა განიზრახვენ მეფობასა თვისსა, ვერვისთან იტყვიან მეფეთა თვისთა ტახტისათვის; თვით მწერლობა მათი, ლათინთა მოძღვართაგან ნამუშაკევი, არის მათთვის ანუ ვერ გასაგონი, ანუ სავნოდ მათისა ეკკლესიისა მისაღები. სომეხთა ეკკლესიისათვის იტყოდა ბესარიონ კათოლიკოსი, _ სირცხვილიც არის ვისაუბროთ და სადაა ეკკლესია ეს და რა ღირსება უნდა აქვნდეს მას, სადაცა ორი დიდი ეკკლესია აღმოსავლეთისა და დასავლეთისა საუბრობს, და მესამეცა ეკკლესია დიდი ლუტერისა ჰყვავის მეტობითა მათვე ორთა დიდთა ეკკლესიათა. თვით გონიერნი სომეხნი სადამე მოიხსენებდენ ანუ მართლისა გულითა ანუ ცბიერობით თავთა თვისთათვის: ნუუმე ვინცა საჯინიბოს შინა დაიბადება, არის იგი ცხენი? ესრეთ სძაგთ სხვათა თანა თქმა, რომელ არს იგი სომეხი.

85[edit]

მეფის ძესა გიორგის არ უყვარდა სომეხნი, ვითარცა დამკარგველი ძველადვე მეფობისა, ვითარცა არღა მექონი მამულისა და განბნეულნი ქვეყანად, ვითარცა ენისა არღა მექონი და სხვათა ენათა ზედა ცუდად მოუბარნი, ვითარცა განვარდნილნი ადრითვე მართლმადიდებელისა ეკკლესიიდამ, _ ერი ესე ახალ ისრაილად წოდებულ იქმნა. ვაჭარი, მსყიდავი და გამსყიდავი, ცრუ, მატყუარი, უპირო და უპურო. ერთგული მისი, ვისგანაც აქვს გამოსარჩენი და რომელიცა მას შეისყიდის ანუ ფულითა, ანუ პატივითა, ანუ სხვითა საჩუქრითა. დავით აღმაშენებელი, რომელმანცა შემოიხიზნა იგინი და დაასახლნა გორსა, თვით ინანოდა, ოდეს იხილა გარყვნილი თესლი, მეფობისა დამკარგველი. კრებისა კანონთა შინა, რომელიცა იქმნა ქალაქსა მცხეთას მის დროსა, იტყვის სხვათა შორის: რათა ერი მისი ქრისტიანე იყოს მოძულე ცოდვისა მის სოდომელთა, რომელმანცა წარწყმიდნა ბაბილონი და რომელმანცა დაუკარგა მეფობა სომეხთა. თამარისაცა დროსა სძაგდენ იგინი ქართველთა. ამისთვის ჰგონებდენ ერთობითა სარწმუნოებისა, მოეყვანათ სულისა ერთობასაცა ქართველთა თანა.

ჰაზრსა ამას გამოხატავს მოლექსე დედოფლისა თამარისა შავთელი... ოდეს იტყვის:

სომეხთა მეფენი, მტერთ სისხლ-მჩქეფენი,
ღმერთმან არ ღირს-ჰყო უფლებათასა.

86[edit]

მეფის ძე გიორგი ხშირად იტყოდა ორგულობითა მოქცევასა ყორღანაშვილისაგან, აღწერილსა ვახუშტისაგან, მწუხარისა ხმითა მოუთხრობდა, ვითარ განსცა მან მეფე სვიმონ და შთააგდო თურქთა ტყვეობასა, და ვითარცა მემკვიდრემან მისმან ამოწყვიტა ყოვლადი გვარი ყორღანაშვილთა დიდით მცირემდინ, და ვითარცა ერთისა ყრმისაგან, ძიძასთან გაბარებულისა, კვალად გაბევრდა გვარი ყორღანაშვილთა. ყორღანაშვილისა მილახვრისა გამო დარეჯან დედოფლისა იტყოდა შემდეგსა:

გაიგონე რა გიამბო! დღესა ერთსა გროვამან ათასმან მგელთა მშიერთა, ვერ ჰპოვა საზრდელი. ერთმან მათგანმან ჰპოვა მძორი მინდორსა. _ წარვიდა და აცნობა შეშინებულთა მგელთა და ფრთხილთა გაგზავნეს ერთი გამბედავი თვისაგან აცნობოს რა არის ეს მძოვრი მყრალი უმაგალითოთ, უჩვეულო მათდა. მისულმან მგელმან იხილა მძორი, დასუნა და ნახა მძორი კაცისა მყრალი; უკუმოიქცა და უამბო: ეს მძორი ყორღანაშვილისა არისო. გაექცნენ მგელნი და მოერიდენ მძორსა ცუდსა.

87[edit]

სომეხთა შეაწერდა ხარჯსა ოდესმე მძიმედ; და ოდეს გაახსენებდენ შეუძლებლობასა მათსა, მაშინ ეტყოდა: გაიგონე რა გიამბო! სომეხსა შეარჩინე ერთი ბისტი; ერთს თვეზედ გახდის ერთ თუმნად. ერთსა ბისტსა! _ როგორ? ბატონო მეფეო? _ ჩვენვე, _ იტყოდა მეფე, მოგვატყუებს და ჩვენითვე გამდიდრდება.

88[edit]

ვითარცა მართლმადიდებლობისა მოყვარე, ერთობისათვის ეკკლესიისა, მრავლად მეცადინებდა მათსა მოქცევასა. არა სძაგდა ეკკლესია მათი, არცა წესი მათისა ეკკლესიისა, არცა ხმა მათისა გალობისა, _ მოქცევა მათი, საჭიროა, ეტყოდა რუსეთისაცა ელჩსა კოვალენსკისა, ქვეყანისათვის. ადვილად გამცემი ქვეყანისა სომეხი, ერთს გროშზე ჰყიდის მეფესა და მეფობასა. აქა და სხვათაცა ქვეყანაში არა აქვს რა შესატკივარი გულისა, არცა კოშკი მამა-პაპათა, არცა ციხე ძველი, არცა ხმალი წინაპართა, არცა დროშა, არცა მატური მეფეთა. _ დღესცა მოსაცთუნებელად სპარსთა და თურქთა, სადაცა არიან განბნეულნი მათნი სომეხნივე, _ მარადის მოვისყიდით ჯაშუშად სომეხთა მუნებურთა, და თვით სპარსნი და თურქნი მოისყიდიან ჩემთა სომეხთა. ასეა მათი ბუნება. დიდად სავნოა ჩემისა სამეფოსათვის თესლი ესე განბნეული და მოშორებული ჩვენგან სარწმუნოებითა, ენითა, ზნეობითა და უცხოჲთა ნათესაობითა. _ ვითარცა ვაჭარნი, საჭირონი არიან, და ვითარცა ქვეყნისა მცხოვრებნი, დიდად საშიშნი და მოსარიდებელნი: არა მეომარნი, მხდალნი და მაყურებელნი სასწორისა, სადა და ოდეს დაედევნენ და ვისა მიმართონ: ოსმალოსა ანუ ყიზილბაშსა. თვით უპატივცემულესი მათ შორის ჩემსა კარზედ, პატივსცემს ფულსა და გამოსარჩენსა, ეს არის მათი ღმერთი და მას თაყვანსა სცემს. ეკკლესია სომეხთა არის დანახეთქი რაიმე ძველად დაწყობილისა შენობისა; ნეშტი გოდლისა დაცემულისა, რომელიცა ჯერეთ არ იყო შესრულებული, _ დროთა მათ ოდეს სომეხნი განვარდნენ ერთობისაგან მართლმადიდებლობისა, ე. ი. რომაელთა და ბერძენთა ანუ აღმოსავლეთსა და დასავლეთსა, _ დიდნი ეკკლესიისა სვეტნი ვასილი დიდი, იოანე ოქროპირი, გრიგორი ღვთისმეტყველი და სხვანი აწყობდენ ეკკლესიასა 318 წლიდამ განთავისუფლებულსა დევნისაგან იმპერატორთა და წარმართთაგან. _ ეკკლესიასა მიეცემოდა წესი და რიგი, მშვენიერება და სამკაული შენობათა გარე და შინაგან; მოიძიებდენ ძველად მოციქულთა დროთაგან მიღებულთა კანონთა და მცნებათა დღესასწულთათვის; აღიწერებოდენ მოთხრობანი მოწამეთა და ღირსთა და სხვანი. _ ესე ყოველ იყო მიზეზი, რომელ სომეხთა ეკკლესია დაშთენილი გარე ერთობისა დიდ ეკლესიათა თანა ზღუდისა, ვითარცა შვილი უძღები, ჰრბის ველსა ბრმად და უპატრონოდ; _ უპყრია წესდება ძველისა დაფუძნებულისა, დაუწესებელისა ჯერეთ ეკკლესიისა, ე. ი. შობა და ნათლისღება დღესა ერთსა, მარხვათა დღენი ნებსითნი და მოვალეობითნი; და ბეჭედი მღვდლმთავართა ხელთა ზედა, ვითარცა აქვნდათ არიოზელთა ოდესმე; უცომოთა ზედა შეწირვა, სამწმინდაობისა გალობასა ზედა დამატება: „რომელი ჯვარს ეცვა ჩვენთვის პეტრე მკაწვრალისა (ფულლონისა)“; ლიტურღია არცა ვასილისა, არცა ოქროპირისა, არცა გრიგორისა ღვთისმეტყველისა; დიდსა შაბათსა განხსნილება თევზითა და ერბოთი, ერთის სიტყვითა არღა ესმათ ხმა და სწავლა აღსარებათა, რომლითაცა დაფუძნდა ეკკლესია მსოფლიო, ე. ი. აღმოსავლეთისა და დასავლეთისა.

განშორებულმან ქრისტიანობისა დედა ქალაქთა, _ რომსა, კონსტანტინოპოლეს, ანტიოქიას, ალექსანდრიას და იერუსალიმსა, _ სომხითმა არღა ისმინა რამე, და ვითრცა ყრუ, დაშთა ბრმად მჯდომი შორის ორთა სამეფოთა სპარსეთისა და საქართველოჲსა. შემდეგ განბნეულმან პირსა ქვეყანისასა, ვითარცა ახალთა ისრაილთა, არღა რა მიიღეს მათი და მხოლოდ დროთი დროდ დასუსტებისა გამო თვით საბერძნეთისა, _ წარიტაცეს ლათინთა მისირში, ლიბანსა, ტურციასა და თვით ევროპიისა ნაწილებშიაც, სადაცა იგინი შეიხიზნეს პაპისა მოსავთა.

დღესაცა ჰგალობს შარაკანთა შინა თვისთა, ე. ი. საგალობელთა გიობასა და შეურაცხებასა ხალკიდონისა კრებისა კანონთა; _ უწოდებს მათ მგელთა ხროვად, ფლავიანეს მოწამესა ჰგონებს მწვალებელად; ადიდებს და აღიარებს წმინდანად დიოსკორესა და ევტიქისა და რად? თვით სომეხთა ეკკლესიამან არა უწყის. მაგინებელი ხალკიდონისა კრებისა, აღიარებს სწავლათა და დოღმატთა, მუნ დამტკიცებულთა; აღმსარებელი წმინდანად დიოსკორესა და ევტიქისა, _ არა აღიარებს დღეს მათთა წვალებათა, რომელთათვისცა განიდევნენ იგინი და შეჩვენდნენ. _ ესე ვითარნი უწესობანი აქვს სომეხთა ეკკლესიასა, _ ობლად, გარედ დაშთენილსა და მტერთაგან შინაგანთა (ნახევარ სომეხთა, ე. ი. გაფრანგებულთა) და გარეგანთაგან დაჩაგრულსა და დაცინებულსა სიმცირისა გამო სარწმუნობისა მათისა აღმსარებელთა. თვით რიცხვი ესე არის განბნეული, მიფანტული სხვათა და სხვათა ქვეყანისა კერძოთა, არა მექონი მამულისა და დედაქალაქისა; არცა კათედრის ერთობისა. სხვა არის კათოლიკოსი ეჩმიაწინისა, სხვა არის კონსტანტინოპოლისა და სხვა მისირისა ადგილთა, რომელნიცა ერთი მეორესა არა მორჩილებენ და არცა ვისგანმე დამოეკიდებიან. კატეხიზმოცა ანუ სისტემაცა ღვთისმეტყველებისა მათისა ეკკლესიისა, არს კათოლიკეთაგან შედგენილი რომისა ეკკლესიისა წესდებითა, და საკუთარი რაიცა აქვსთ, ანუ რუსთაგან შედგენილი, ანუ არა სრულიად და ნათლად გამომეძიებელი მათთა დოღმატთა.

89[edit]

მეფემან გიორგი გამეფებისა შემდგომად მისწერა წერილი მეფეთა ჩამომავალსა, ვახტანგ მეფისა შვილიშვილსა გიორგი ალექსანდრეს ძეს გრუზინსკის, რომლითაცა ევედრებოდა მისცეს და დაუბრუნოს ქვეყანასა ჯვარი წმინდისა ნინასი. წერილი ესე იყო მესამე, მიწერილთა შორის მეფეთაგან თეიმურაზისა და ირაკლისა. ვაჭარსა სომეხსა მიმავალსა ასტრახანსო, გაატანა იგი და უბრძანა გარდასცეს მუნით ნიჟნი ნოვგოროდსა, სადაცა სადგურებდა თვით გიორგი ალექსანდრეს ძე. კოპიო წერილისა ამის, დაწერილისა მამისა ჩემისა ხელითა, არის ესე:

„უგნათლებულესო და დიდებულო ძმად და ბიძად საგულებელო გიორგი, თ ა ნ ა - მ ო ს ა ხ ე ლ ე ო ჩ ე მ ო

(ესე ლექსი თვით მეფესა ჩაერთო)!

ღმერთმან მამათა ჩვენთა, ინება და მომცა ტახტი ქართველთა მეფობისა. გაოხრებულსა მტერთაგან აკლია რაიმე წყალობა, სასოება და ნუგეში. პაპისა და მამისა ჩემისა თხოვათა დავურთავ ვედრებასა ჩემსა: მოანიჭეთ ჯვარი წმინდისა ნინასი, _ საუნჯე ქართველთა ქართველთავე; ჰქმენით სახელი და საჩუქარითა ამით დაასაჩუქრეთ ეკკლესია წმინდა ჩვენი. განსვენებულმან გიორგი პაპამან თქვენმან მოსცა ხატი ძვირფასი ღვთისმშობლისა სიონისა და გვაქვს სიქადულად. ნუ მიხედავთ დროთა წარსულთა და ოჯახისა შფოთსა: თუ ინებებთ და თვით მობრძანდებით, როგორც იწერება გაიოზ ასტრახანიდგან, დიდად მოხარული ვიქმნები, ვეცდები გასიამოვნო და გაამო, ვითარცა ძმასა ძმამან და ბიძასა ძმისწულმან. ინებოს ღმერთმან, ესე აღსრულდეს. მობრძანებადმდე თქვენისა, ინებეთ ბოძება ხატისა, აკურთხეთ მით კვალი გზისა თქვენისა რუსეთით ქვეყანასა ჩვენსა და განუსვენეთ ესრეთ დიდისა დროით მოლოდინსა. ველით პასუხსა მეცა და სამღვდელო და საერო დასიცა. მოკითხვასა მოვახსენებ სახლობასა თქვენსა, სისხლსა და ხორცსა ჩემსა.

ამბავი ჩვენი ქვეყანისა მტერთაგან შევიწროებულისა, თქვენც მოგეხსენებათ. რუსეთი თუ არ შეგვეწია, უჭირს საქრისტიანოსა. მაქვს მიწერ-მოწერა რუსეთისა ხელმწიფესთან. სპარსთა ვეღარ ვენდობით, თურქნი ავის თვალით გვიყურებენ. ლეკი ვერ დასცხრა ავაზაკობისაგან. შინაურის მტერისა არ მეშინიან. არიან მჩხავანნი კატანი.

როინ გედევანიშვილს უბრძანე მოსვენებით იყოს: ნუ კადნიერობს, გაიოზიც უმადური არის სადმე მისი. იმას ნურას ერწმუნებით: თქვენი ერთგული ძმა და მეგობარი გ ი ო რ გ ი.

ივნისის 10 დღესა 1798 წელსა!

ეს წერილი იყო უკანასკნელი მეფეთაგან ჯვარისათვის წმინდის ნინასა. მეფისა ძეთა მირიან და ფარნაოზ და სხვათა მიამბეს, რომელ მეფესა გიორგის სხვაცა აქვნდა წერილი პავლე იმპერატორთან მისაწერი, დაწერილი ხელმოუწრელი და ბეჭედ დაუსმელი, რომლითაც ევედრებოდა მას გამოსთხოვოს იგი უსამართლოდ დამპატრონებელთა ჯვარისა. უკეთუ თხოვითა ამითაცა არა ეშველებოდა საქმესა, მაშინ აპირებდა ექმნა კრება სამღვდელოთა და კრებისა განაჩენისა ძალითა მოეთხოვნა საუნჯე ქვეყანისა. ექადოდნენ შეჩვენებითისა განჩინებითისა წარვლენასა, ესე და მორიდება რუსთა იყო მიზეზიო, რომელ გიორგი ალექსანდრეს ძე დაეშურა და წარუდგინა იმპერატორსა პავლეს (შემდეგ ალექსანდრეს) და ამან შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა გიორგისა, წარმოუვლინა საქართველოსავე 1801 წელსა და დაიდვა საფარველად ერისა სიონისა თფილისს ეკკლესიასა შინა.

თაყვანის საცემელად ჯვარისა ამის წარვიდოდნენ ქართველთა მღვდელმთავრები მოსკოვიდამ ნიჟნი-ნოვგოროდსა ს. ლისკოვოს: პაფნოტი არქიეპისკოპოსი ხოზიაშვილი [1], იოანე მიტროპოლიტი მროველ-ყოფილი, ნიკოლოოზ თფილელი, ზენონ ალავერდელი და სხვანი. კათოლიკოსი იმერეთისა მაქსიმე დიდად მოსურნე ჯვარისა ხილვისა წარვიდა მოსკოვით და თაყვანისცა მას. „მცირედიცა ნაწილი მისი, წარმოიღოო, _ მითხრა არქიმანდრიტმან გენათისა მოხუცმან სვიმონ წულუკიძემან. _ ესე მიამბოო, _ მეტყოდა, _ ჯერეთ ყმაწვილსა სოფრონიოს ნიკორწმინდელმან წულუკიძემანვე გვარად, არქიეპისკოპოსად იმრეთისა გარდაცვლილმან 1841 წელსა.

მეფისა გიორგისა ასულისა ნინასგან, მეუღლისა გრიგორი დადიანისა, ვიცი ესეცა, რომელ მოსკოვისა მიტროპოლიტსა პლატონს, მოეწადინა ხილვა ჯვარისა ამის დროსა ჯერეთ იმპერატრიცა ეკატერინესსა და ოდეს უჩვენეს იგი მას მოსკოვს, ერჩივა მეპატრონეთათვის წარგზავნა მისი საქართველოდვე. მიეცათ მათცა პირობა და ვერ გაიმეტეს შემდეგ. ეს ამბავი ვიცი იონა მროველ მიტროპოლიტისაგანაო, შემდეგ დღეთა დაგვირგვინებისა ალექსანდრე პირველისა, ოდეს წარვდეგით მიტროპოლიტთან პლატონთან, მე და ძმა ბგრატ, _ მეტყოდა მეფის ძე მიხაილ, _ მოგვილოცა ჩვენ ჯვარისა წარგზავნა ხელმწიფისა ალექსანდრესაგან საქართველოდ. დიდად იამა მასცა ესრეთ სიყვარულით მიხედვა იმპერატორისა ქართველთადმი.


  1. პ ა ფ ნ ო ტ ი არქიეპისკოპოსი მოქვისა (სამურძაყანოსი ანუ აბხაზიესა) გვარად სოზიაშვილი, ძე მეკონდახისა და თვითცა იცოდა ხელობა ესე. 24 წლისა შედგა ბერად და ახლდა კათოლიკოს ანტონის დიაკონად. შემდგომად გარდაცვალებისა გიორგი მეფისა, ბატონიშვილის იოანეს თხოვითა 1802 წელსა აკურთხეს იგი არქიმანდრიტად თირის მონასტრისა დიდ ლიახვზედ. შემდგომად გადავიდა მეგრელიაში დედოფალს ნინასთან, რომლისა ქმარმან დადიანმან გრიგორი წარავლინა დესპანად რუსეთსა. ჯილდოდ ესრეთისა დესპანობისა მიუბოძეს არქიეპისკოპოსობა მოქვისა. 1811 გარდაჰყვა დედოფალსა ნინას რუსეთსა და დაშთა რუსეთსავე მოსკოვის ჩუდოვის მონასტერში; აქა გარდაიცვალა 1823 წელსა 50 წლისა და მუნვე დაეფლა. მოსკოვისა არქიეპისკოპოსსა აგვისტინეს დიდად არ უყვარდა იგი მეშურნეობითა, რამეთუ დიდად პატივს სცემდენ მას მოსკოვისა მცხოვრებნი. იყო კაცი მოხუმარი, მხიარული, პურადი და ყოველთადმი სიყვარულითა აღსავსე. მთავარმან საქართველოჲსა ციციანოვმან წარგზავნა იგი კაიშაურსა მთიულთა დასამშვიდებლად. აქა, _ იტყოდა თვით, _ 40-მდინ ხანჯლითა მჩხვლიტესო და დამიფარაო სიკვდილისაგან და სირცხვილისა მეფის ძემან ფარნაოზ. 1815 მოვიდა დროებით თფილისსა და ექსარხოსმან ვარლამ ქსნის ერისთვისშვილმან არ აწირვინა სიონში მტერობითა. ესე იწყინა მან და ჰყვედრიდა მას ესრეთსა მისდამი მოქცევასა, ოდეს მივიდა თვით მოსკოვსა, სადაცა გარდაიცვალა, ვითარცა გადაყენებული ექსარხოსობიდამ.

90[edit]

მფარველობა რუსეთისა, 1783 წლიდან დამტკიცებული ტრქტატითა, აქვნდა იმედათ პირისპირ სპარსთა. ამისთვის სწერდა წერილთა ელჩსა თვისსა გარსევან ჭავჭავაძეს და მით არწმუნებდა რუსეთსა თვისსა ერთგულებასა. გარსევან ჭავჭავაძე, სათნო და საიმედო მეფისა ირაკლისა, იყო ერთგულად მიჩნეული მეფისა გიორგისაგანცა. სძულობდენ მას მეშურნეობით რავდენნიმე პირნი კარისკაცნი; გარნა ვერ გაბედავდნენ მეფესთან რასმე მასზედ უშვერისა თქმასა. ელიაზარ ფალავანდოვსა სურდა დანიშნულიყო ნაცვლად მისა რუსეთისა კარზედ; მოახსენეს ესე მეფესა და დიდად შორს დაიჭირა. ერთგულობასა ზედა გარსევანისსა სრულიად იყო მეფე დარწმუნებული. და მისისა შვილისა ალექსანდრესაგან ვიცი არა ერთგზის თქმულად, რომელ მამაჩემი გარსევან იყოო შემადგენელი ტრაქტატისა მის, რომლითაცა შეეკრა რუსეთსა მეფე გიორგი 1799 წელსა. „მამასა ჩემსო, _ მეტყოდა ალექსანდრე, _ სძაგდენ მეფისა ძმანიო, და თუმცა არ უყვარდა მეფე გიორგი, სუსტად დროთა ამათთვის გასაჭირთა საგონებელი ძმათაგან, გარნა დიდად ესვიდა, ვითარცა კაცსა სვინიდისიანსა, ქვეყნისათვის მზრუნველსა და გონიერსა ჰაზრითა და მოქმედებითა. ორმოცამდინ მეფის წერილი, რომელნიცა აქვნდა ალექსანდრეს, მიწერილი მამისა მისისადმი, დიდად მოწმობენ მეფის გონიერებასა და სამეფოჲსა თვისისა დაწყებასა და განმგეობასა“. წერილნი ესენი არღარა არიან შემდგომად აოხრებისა წინანდალს მისისა სახლისა ლეკთაგან, რომელთაცა 1855 წელსა დაუწვეს სახლი და წარასხეს სახლობა ჭავჭავაძისა დავითისა, ძისა მის ალექსანდრესსა. ავალიშვილი გიორგი, ცოლის ძმა გარსევან ჭავჭავაძისა, ხშირად განმხნევდებოდა მეფისaგან, რათა ჰპატრონობდეს მისსა სამკვიდრებელსა კახეთსა დროდმდე შესრულებისა საქმეთა რუსეთისა თანა. მეფემან დღესა ერთსა უბრძანა ავალიშვილსა: „ეცადე, იყო ერთგულად სიძისა შენისა გარსევანისაო, შემიწიე მეცა და ნუ დამზოგავ, თუ ვიქმნები საჭირო შენთვის. გარსევან ჩვენთვის ჭირნახულობს რუსეთში და ჩვენ მისთვის ვიჭირნახულოთ აქა. იმას იქ არა უჭირს რა. შვილი მისი ალექსანდრე, ნათლული იმპერატრიცა ეკატერინასი და კეთილად აღზრდილი, შვილია ჩემიცა და გამოსადეგი ქვეყნისათვის. მოუწერია, ვგზავნიო საქართველოდ, დიდად მიამება მისი ნახვა“. _ ეს ამბავი მიამბო თვით გიორგი ავალიშვილმან მოსკოვს. იყო მეგობარი მამისა ჩემისა, და აქვნდა მასთან მიწერ-მოწერა სიკვდილადმდე და იამა ჩემი ნახვა, ჩემთან საუბარი და გაცნობა. იყო თვით მწერალი და გადმომღები რუსულით ქართულად წიგნთა მრავალთა. ამავე დროსა ვნახე პირველად და უკანასკნელად მასთან სანახავად შემოსულნი _ გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, რომელმანცა მიართვა ჯვარი წმინდის ნინასი იმპერატორსა პავლეს (ალექსანდრეს) და კონსტანტინე ბატონიშვილი, ძე იმერთა მეფისა დავითისა, _ მეფისა ირაკლისაგან იმერეთით განდევნილისა.

91[edit]

მოუთმენლად ელოდა მეფე გარსევანისა წერილთა მეფე გიორგი, _ იტყოდა დავით მიმბაში თარხნიშვილი, _ როდესაც მოვიდოდა მისი წერილი, შეჰყრიდა მდივანბეგთა ეგნატი თუმანიშვილსა, თეიმურაზ ციციშვილსა და მდივანთა, რომელთა შორის იყო ესავ ბეგთაბეგიშვილი სომეხი და დიმტრი (ქართველი) თუმანიშვილი, მოლექსე, ესრეთმან მოლოდებითგან მარადის მეფისაგან, გარსევანის წერილთა მიღებასა, მიაწერდეს სხვანი მიუნდობელობას და შიშსა განცემითსა გარსევანისაგან. მეფე ფრთხილი და მღვიძარე საქმეთა შინა, არასა ჰგონებდა ცუდად ელჩისათვის თვისისა და ამისთვის ოდესმე დროთი-დროთ შეიყვანდა სირცხვილსა და კდემაში. გარსევანისა მტერთა სურდათ, მეფისა მიმალულთა წინააღმდეგთა, დაეშორებინათ გარსევან მეფისაგან, რომლისაცა გული ვერ გაიგრილეს მასზედ, ვერცა კარისკაცთა, ვერცა იმათა. ცუდად მისთვის მოსაუბრეთა, ვერც დედოფალმან დარეჯან, რომელიცა სწყალობდა მას წყალობათა გამო მეფისა ირაკლისა და ჰგონებდა, რომელ შერჩებოდა მას და შვილთა მისთა ერთგულად დროთა შფოთისა და ამბოხთა, რომლითაცა ამწარებდენ მეფესა გიორგის. გარსევან, უმეტეს გამოცდილი საქმეთა შინა, მეტისა მნახავი და უკეთ მზრახველი, იყო მტკიცედ და შეურყეველად თვისსა მოვალეობასა ზედა. ჰაზრი მისი იყო ემსახურნა მამულისათვის, ჰფიქრობდა მეფისათვის და დამშვიდებისათვის აღრეულთა ქართველთა. მოკლედ იცნობდა მეფის ძმათა და შვილთა; ოდესმე ასმენდა მათ და ამხილებდა. თვით დედოფალსა დარეჯანსა, მწყალობელსა თვისს, მოსწერა წერილი მკვახე სადამე შფოთთათვის დაუცხრომელთა და დიდად არა მოეწონა არცა ანდერძი მეფისა ირაკლისა, არცა მეცადინება თვით დედოფლისა, რათა აღვიდეს ტახტსა და მეფობდეს მაგალითისამებრ ეკატერინასსა. წერილისა ამის პირი თვით გარსევანმა წარუდგინა მეფესა და ოდეს სცნო ესე დედოფალმან, დიდად იწყინა და დააბრალა პირმოთნეობასა. მხლებელნი დედოფლისა ეცინოდნენ გარსევანსა, ჰყვედრიდენ მას და ოდესმე ურიგოდცა მოიხსენებდენ.

დრო და არქივი რუსეთისა გამოაჩენს, რაოდენ მაღლად იდგა გარსევან გონიერებითა და საქმითა სხვათა ზედა ქართველთა. რაჲცა მე ვიცი არქივისა საქმეთაგან, _ რომელთაცა მე, აღმწერელი მეფისა ცხოვრებისა, არა შევეხები _ ვიტყვი გარსევანისათვის, რომელ დროთა ამათ იყო სვეტად მტკიცედ მეფობისა, ერთგულად მეფისა და მამულისა. მგმობელი მის სცოდავს.

92[edit]

გამეფებულმან გიორგი, მრავლად მწუხარემან ძმათაგან შფოთისათვის, სცნო სიტყვა, თქმული მღვდლისა იოსებ თურქესტანიშვილისაგან საცინელად მეფეზედ: ეს აბაზიც ყალბიაო! _ მეფემან მეორეს დღესა დიბარა მღვდელი, იკითხა, გამოჰკითხა ამბავი ქალაქისა და უბრძანა მიუტანოს და მიართოს ოქმი რავდენთამე კომლთა კაცთა, ბოძებულთა წინათ მეფეთაგან, რათა დაამტკიცოს მანცა, ვითარცა ახალმან მეფემან, _ ჩვეულებითისა წესითა. მეორესა დღესა მიართვა ოქმი, აიღო მეფემან ოქმი და უკუაგდო ცეცხლსა, რომელიცა ინთებოდა ბუხარში, და დაუმატა სიტყვა მისივე მღვდლისაგანვე თქმული: ეს აბაზიც ყალბიაო!

მრავალნი მრავლად ბოროტად ანუ უშვერად განმარტებენ მეფისა ესრეთსა მოქმედებასა. საქმე ეს იქმნა სასჯელად მღვდლისა, უშვერად მეფისა მომხსენებელისა. რა უწესობაა ესე დროთა მიხედვითა? ნუუმე სხვებრი, სჯულისამებრ, სასჯელი, განკიცხვისათვის მეფისა იქმნებოდა უმეტეს მსუბუქი? განიხილონ ესე მკითხავთა და მსმენელთა.

შემდეგ რავდენსამე ჟამისა, მასვე მეფესა შეეწყალა მღვდელი იგი თურქესტანიშვილი ხუმარი და ადრითვე მეფესთან დაახლოებული და უბოძა ახლისა ოქმითა ყმანი და მამულნი ძველსა წერილში მოხსენებულნი. _ მაშინ მღვდელმან განმხიარულებულმან მოახსენა სიტყვა ფსალმუნისა: „წყალობასა და სამართალსა გაქებდენ შენ, უფალო“.

მღვდელი ესე ღრმად მოხუცი გარდაიცვალა 1820 წელსა თფილისს, და მარადის კეთილად მომხსენებელი მეფისა აკურთხევდა მეფობასა მისსა და შვილთა მისთა.

93[edit]

ოკდომბრის თთვესა სვეტიცხოვლობისა დღესასწაულისა გამო მიბრძანდა მეფე ქ. მცხეთას, ჩამოხდა ცხენიდამ და იხილა კაცი ცხენოსანი, რომელიცა მოაჭენებდა შორით მცხეთისაკენ. _ მოახსენეს მეფესა, მუხრან-ბატონი მობრძანდებაო. შემდგომ სხურებისა აიაზმისა შევიდა დიდსა ეკკლესისა და ხმითა მაღლითა წარმოსთქვა: „სვეტო ცხოველო! შენ მიაგე მტერთა ჩემთა; შენდა დამიცს ყოველი სასოება ჩემი“. _ იწყეს მწუხრი და შემდგომად მწუხრისა, _ მოვიდა კაცი და მოახსენეს: ცხენიდამ გადმოვარდა და გარდაიცვალა მუხრანის ბატონიო! _ შესწუხდნენ მეფე და კათოლიკოსი, დაიწერეს პირჯვარნი და ეკვირვებოდნენ ესრეთსა უეცარსა ამბავსა.

კაცთა მოსრულთა და მოამბეთა მოახსენეს: ფონთხელას რომ გამოსცილდა ბატონი იოანე მუხრანის ბატონი, დიძახეს მდევარიო. 50 კაცითა მხლებელითა გამოუდგნენ ლეკთა არაგვის პირზედ მიმალულთა და ოდეს მიახლოვდნენ, დაუწყეს თოფთა სროლა, უკუქცეულთა არაგვისაკენ მდინარისა გზითა. მაშინ დაბრუნებული მუხრანის ბატონი გადმოვარდა ცხენიდამ, წვეთითა ვნებული, და მსწრაფლ განუტევა სული. _ მუხრანის ბატონმა არა იცოდა მიბრძანება მეფისა და არცა ჰგონებდა ჯერეთ მეფისა ნახვასა, რომელიცა მას არა სწყალობდა. მან სცნო ესე უკუქცეულისა კაცისაგან, რომლიცა წინათ იყო გამოგზავნილი მოსამზადებელად ბინისა მისთვის მცხეთას. ზოგთა მიაწერეს ესე უეცარი და მოულოდებელი სიკვდილი ძლიერსა წყენასა, მოულოდინებელად მეფისა მიბრძნებისა გამო მცხეთას, ზოგთა მეფისაგან წყევითა წართქმულთა სიტყვასა და ზოგთა დაღალვასა დევნისა გამო ლეკთა დასისა და ვითარცა ბრგესა, სისხლ ჭარბსა კაცსა, მარადის ეშინოდის სადმე დამბლისა.

მასვე დროსა არღა მოასვენეს მცხეთას გვამი, წაასვენეს იგი მუხრანსა; თვით მეფემან მისწერა სამძიმრისა წერილი დასა თვისსა, მეუღლესა მისსა ქეთევანს და შემდგომად სამისა დღისა მოიტანეს გვამი და დაასაფლავეს მცხეთას, ვითარცა საძვალესა მათსა. მუხრანბატონობა უბოძა და დაუმტკიცა შვილსა მისსა კონსტანტინეს.

94[edit]

შეწუხებული მეფე სამეფოსათვის დაუწყნარებელისა შინა შფოთთაგან და მტერთა ლეკთაგან გაქელვისაგან, _ ჰფიქრობდა და განიზრახვიდა რუსეთისადმი ქვეყნისა გარდაცემასა. პატრმან ნიკოლა, გვარით „რუტილიანო“ (ესე განაძიეს ქართლით მინისტრის ბრძანებითა 22 ნოემბ. 1801 წელსა), მოახსენა მეფესა: „ევროპიისა მეფეთა ვერ უძლებს სამეფო შენი ტკბილი. წესდება მათი და ჩვეულება იქმნება სამძიმო თქვენთვის. დამონებული სხვათაგან მეფობა არის უბედური და მარადის სამწუხარო. სხვათაგან დამოკიდებული ქვეყანა იქნება დაცინებული და საკიცხველი. უცხო ნათესავი პატრონად ქვეყანისა მოყვანილი, შეექმნება ერსა მტერად და მდევნელად, და მაწუხებელად. მამაშვილური მთავრობა მეფეთა, _ გარდაიქცევა მამინაცვლისა და დედინაცვლისა სახედ სიყვარულისა უგვანისა და ბუნებისაგან არაოდეს აღსაარებულისა. რუსნი შემოიტანენ პირველადვე მძიმესა უღელსა და დასდებენ ქვეყანისა კისერსა; მოითხოვენ დიდთა ხარკთა, რომელთაცა თქვენ ვერ შესძლებთ. მაშინ თქვნი მამულნი და ყმანი განიყიდებიან ბარაბანითა და მკვდარნი თქვენნი დაიმარხებიან მუზიკითა“ (დღესაცა სიტყვასა ამას, პატრისაგან თქმულსა, მოიგონებენ თფილისისა მცხოვრებნი, ოდეს მუზიკითა უძღვიან საფლავადმდე მიცვალებულთა).

„ _ ჩემო პატრო! _ უპასუხა მეფემან, _ დავსუსტდით, გაქრება ქრისტიანობა ურუსოთ. მეტად მოგვერია მტერი და რა მტერი? ქრისტესი. თუ არ მკლავი რუსთა ხელმწიფისა, ვერ ვინ დაიცვამს საქრისტიანოსა. მესმის სიმძიმე რუსთა ჩემზედ მბრძანებლობისა. რა ვქმნა? ვის მივმართო? რა პასუხი გავსცე ქრისტესა! ვერ წავიწყმედ სულსა. შევსწირავ ცოლ-შვილსა და შეუდგები ქრისტესა და ჯვარისა თაყვანისმცემელთა მოვიყვან მწედ ქვეყანისა. ესე იყო სურვილი ძველთა მამა-პაპათა ჩემთა; და ესე იყო ჰაზრი მამისა ჩემისა და მეც დავადგრები მასზედ. ჩემი პირობაები რუსეთისა მეფესთან, _ საკეთილონი არიან ქვეყანისათვის“.

მაშინ ათანასი ჯვარის მამამან, რომელიცა შემდეგ იქმნა პატრიარქად იერუსალიმისა, დასამატებელად პატრისა რჩევათა, ბრძანა მოიტანონ დაბადება და წარიკითხონ ისაია წინასწარმეტყველისა თავი 3 და იხილონ რას იტყვის ღმერთი წინასწარმეტყველისა პირითა ერისათვის, რომელიცა ესრეთ დამოეკიდება უცხოსა ნათესავისა უფლებასა. ეგნატი იოსელიანმან, ჯერეთ ერისკაცმან და მამამან ჩემმან წარიკითხა იგი:

„ეჰა მეფე უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალიმისაგან და იუდეასაგან ძალსა და მისაყრდნობელსა, პურისა ძალსა და წყალისა ძალსა, გმირსა და მძლეს კაცსა მბრძოლელსა, და მსაჯულსა, და მდიდარსა, და წინასწარმეტყველსა და მოაზრესა, და მოხუცებულსა, და ერგასის თავსა, და საჩინოსა თანამზრახველსა, და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და გულის ხმიერსა მოძღვარსა მსმენელსა. დავადგენ ჭაბუკთა მთავრად მათთა, და ყრმათა უფლად მათთა... ყრმასა დავუდგენ, რათა ებრძოდეს მოხუცსა და დრკუსა მოწინააღმდეგედ კაცისა პატიონისა...

შეიპყრას კაცმან ძმა თვისი ანუ სახლეული მამისა თვისისა, მეტყველმან: შესამოსელი გაქვს, იყავ ჩვენდა წინამძღვრად და ჭამადი ჩემი განაგე, ვითარცა გენებოს. და პასუხად ჰრქვას დღეთა ამათ: არა ვიქმნები თქვენდა წინამძღვრად; არცა არს სახლსა ჩემსა პური, არცა სამოსელი, რამეთუ დატევებული იქმნა იერუსალიმი და იუდეა დაეცა, რამეთუ ენანი მათნი და ქცევა მათი არიან წინააღმდეგ უფლისა და აღაშფოთებენ ღვთისა დიდებისა თვალთა... ერო ჩემო, კაცნი რომელნიცა მთავრობენ შენზედა, გაცთუნებენ შენ, დაჰკარგვენ გზისა შენისა კვალთა... დროთა ამათ უფალი მოუღებს სამკულთა, და სარკეთა და შემოსავს საგლოველსა სამოსსა; მოხსნის სარტყელთა, მოხდის ქუდთა და ქაჩლად სახილველ-ჰყოფს თავისა მათისა თხემთა; განასწორებს მათ მიწასთან“... შეჰსწუხნა მეფე, ამოიოხრა და ბრძანა: „ღმერთო დაგვიფარე; ღმერთო დაგვიცევ; ღვთისა დედაო, ნუ მიგვცემ ჩვენ კაცობრივს განზრახვასა, არმედ წილხდომილთა შენთა გვექმენ პატრონი და მფარველი“.[1]

ევთიმისა წინამძღვარსა და მოძღვარსა მოახსენეს ესე ამბავი. მოვიდა მონასტრიდამ და კვალად განამხნევებდა მეფესა, რათა არა სცვალოს ჰაზრი თვისი პირველი და მისცეს სამეფო რუსეთისა ხელმწიფეთა მფარველობასა. დამყარდა მეფე მისსა რჩევაზედ და სთქვა: „სხვა ბატონი არა გვყავს ჩვენ გარდა რუსთა ხელმწიფეთა“.


  1. ლაპარაკია კათოლიკი პატრის ნიკოლა რუტილიანოსა და იმ ხანად საქართველოში მოღვაწე მართლმადიდებელი ბერძენი ბერის, შემდგომში იერუსალიმის პატრიარქის, ათანასეს შეგონებების თაობაზე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უშუალოდ შესვლის არსასურველობის შესახებ, რაც განზრახული ჰქონდა მეფე გიორგის. ათანასი ჯვარის მამამ საამისოდ მოატანინა ძველი აღთქმის წიგნი და წააკითხა მე-3 თავი ისაიას წინასწარმეტყველებიდან, რამაც დიდად შეაფიქრიანა გიორგი მეფე.

95[edit]

შემდეგ გარდაცვალებისა მეფისა, რუსთა დაივიწყეს ევთიმი, ჰყვანდათ უპატიოდ და ვერცა დაიცვეს დევნათაგან, რომელნიცა აღუდგინეს მას ძმათა. გაგზავნილმან ჩინოვნიკმან საჩივართა გამო მასზედ, მრავლად საგიო და უპატიო ჰყო, სტუქსა უშვერად, მოიხსენა მწარედ და განაჩინა განშორება მისი წინამძღვრობისაგან უდაბნოჲსა. ევთიმი არა იგლოვდა ესრეთსა განჩინებასა. მოიხსენებდა პატრისა და ათანასის სიტყვათა და იტყოდა: „ჭეშმარიტად ღირსი არს მუშაკი სასყიდლისა; მომეგო მეც ჯერისაებრ. სოფელსა შინა მყოფსა, მომხვდა მე სოფლისა მათრახი, ღმერთო ჩემო! ნუ მიმცემ მე უმეტესსა სასჯელსა; მოქმედება ჩემი და მეცადინება რუსთა მოყვანისა არა იყო ორგულება ქვეყანისა“.

1844 წელსა ს.-პეტერბურღსა ყოფნასა ჩემსა მეფის ძემან ფარნაოზ, არა კმაყოფილმან, რომელ ვადიდე ჩემგან დაბეჭდილსა მუნ ისტორიასა ეკკლესიისა მეფე გიორგი, _ მიმცემი რუსეთისადმი საქართველოჲსა, მიბრძანა: ჩემო პლატონ, მეფე გიორგი და ძმა ჩემი არ არის საგიობელი შენგან. შენ ჰხადი მას გამცემელად ქვეყანისა. არა! იგი ვერ გასცემდა ქვეყანასა; ვერ განსყიდდა მას; ვერ შეექმნებოდა ორგული ტახტსა და სკიპტრასა. შეიმეცნე სიტყვანი ესე ჩემნი და თვით დაამატე, ვითარცა მეისტორიემან, ჰაზრი შენი. _ სიტყვათა ამათ ზედა მე ვსდუმნე: ვიხილე, რომელ მრისხანედ მიბრძანა ესე...

96[edit]

მეორესა დღესა შემდგომად მეფისა ირაკლისა გარდაცვალებისა, მეფემან გიორგი ბორჩალოდამ მოუწოდა ჩოლაყაშვილსა დავით ჯიმშერისაშვილსა, კაცსა სიტყვა მარჯვესა და კვალად ატტიკურად მწერალსა და უბრძანა ოქმისა ზედა წარწერა ბეჭედსა მისსა მეფობითსა. დღისა მეორისათვის უბრძანა მას წარწერა ბეჭდისა ოქმითა და ბრძანებათათვის შემდეგი:

„სიმდაბლით გარდამოსრულსა, იესოს ვაქებ ღმერთკაცსა სრულსა“.

მუნიდგანვე წარმოგზავნა კაცი თფილისს დ ოქრომჭედელსა კოსტას... ამოაჭრევინეს ვეცხლზედ. მიერთვა მეფეს თელავსა და მოეწონა. ამა ბეჭდით გამოვიდა პირველი ოქმი მეფისა, რომლითაცა მეფემან გიორგი მიართვა ძღვნად თელავისა კარის ეკკლესიასა ორი კომლი კაცი მათის მამულითა და ზვრითა. მასვე დროსა უქმნეს დედოფლობისა ბეჭედი მეუღლესა მისსა მარიამს მარტივითა ზედაწერილითა: „დედოფლი მარიამ“.

[მტერნი მიეცნენ დუმილსა; მხლებელნი და ერთგულნი მეფისა დღესასწულობდენ.]

97[edit]

მოსრულსა ქალაქად თფილისად მეფესა ეახლნენ თფილისისავე მცხოვრებნი თავადნი, აზნაურნი და სამღვდლონი, რომელთაცა მოსვლადმდე მისსა დაეფიცათ ერთგულებასა ზედა სასახლისა ეკკლესიასა, რომელიცა იყო ნაკურთხი კვართისა საუფლოჲსა სახელზედ. დიდად ერთგულად შერჩნენ მეფესა იოანე ჯანდიერიშვილი, რომელსაცა უბოძა მოურაობა კაკაბეთისა და იყო მასთან თან-შეზრდილი. _ შემდეგ უბოძა მორდალობა დედოფლისა. შემდეგ მისსა იყვნენ ერთგულადვე და თავგამოდებულდ პაატა ჭავჭავაძე და სვიმონ ჯანდიერიშვილი, რომელსაცა უბოძა მოურაობა ველისციხისა.

მასვე დროსა თავადთა და აზნაურთა ცოლნი მიულოცავდენ დედოფალსა მარიამსა. მეორესა დღესა წარდგნენ სომეხთა ვარდაპეტი ვანქისა ოჰანეზ, სამღვდელოჲთა, მელიქი ქალაქისა და სხვანი მოხელნი ქალაქისავე. კათოლიკოსმან და არსენი თფილელმან და რუსთველმან სტეფანე სწირეს სიონის ეკკლესიასა, თანა დასწრებითა მეფისა, დედოფლისა, სამეფოჲსა სახლისა წევრთა და ქალთა წარჩინებულთა და დიდებულთა; გარდაიხადეს პანაშვიდი გარდაცვალებულისა ირაკლისათვის. მეფე სტიროდა და ვითარცა აქვნდა ჩვეულება ცრემლითა მოსმენა წირვისა, იტყოდნენ ვიეთნიმე არაკეთილთა სიტყვათა მეფისათვის, რეცა სახილველად მგლოვარისა. გარნა მეფე იყო ნამდვილ კეთილმსახური და მორწმუნე, მოვიდა ლმობიერებასა და გამოვიდა ეკკლესიიდამ მწუხარე.

98[edit]

მეორესა დღესა მობრძანდა მუხრან-ბატონი იოანე, წარსდგა მეფესთან და მეფემან ცნობილმან, რომელ არ არის მისგან კმაყოფილი და არცა მისდა კერძოდ, არამედ ძმათადმი უმეტეს განწყობილი, _ უბრძანებდა სიტყვათა ტკბილთა და დიდად დაწყნარებითა, _ იყოს მისდა ერთგული მოვლეობისამებრ მისისა მეფისადმი. მუხრანის ბატონმან აღიარა ნამდვილ მოვალეობა თვისი და დაამტკიცა ფიცითა, რომლითაცა მასვე დღესა თფილისს მოსვლისა მისცა ფიცითი ერთგულობა სხვათა შორის. „მეუღლესა მისსა, მეფის ირაკლისა ასულსა ქეთევანსა, აქვნდა დიდი რიდი შიშისაო მეფისაგან მისსა სახლზედ გაიჭვიანებულისაო“, _ მეტყოდა მოხუცი გიორგი ერისთოვი, _ ამისათვის მოჰყვა თანა ქმარსა თვისსა მუხრანის ბატონსა იოანეს; წარვიდა და წარდგენ პირველად დედოფალთან და შეუგზავნა კაცი მოკითხვისა მეფესა. მეფე თვით მიბრძანდა და ნახა დაჲ თვისი, ორივენი სტიროდენ და ორთავე ატირეს მუნ მყოფნი ქალნი და კაცნი.

ესრეთ ამა დროთაგან უკანასკნელადმდე ქმარიცა და ცოლიცა იყვნენ მარადის დუმილითა, ფრფთხილნი არა აწყინონ რა მეფესა, თუმცა გულითა არა აქვნდათ მეფისა სიყვარულიო, _ იტყოდა იგივე გიორგი ერისთოვი.

99[edit]

მასვე დღესა წარგზავნა ეპისტოლენი მონასტერთა და უდაბნოთა, რათა უწირონ გარდაცვალებულსა მეფესა, წესისამებრ ეკკლესიისა ორმოცი და წლისა წირვა და აღუთქვა სანუგეშოდ ძმათა თვისთა დროსა საწირავი ესრეთი ოქმი, მიწერილი ეპისტოლედ მეფისაგან ბეჭედსმული, სახელსა ზედა ათანასი შიო მღვიმელისა წოდებითა ხოლო და არა ნამდვილ წინამძღვრობითა, მაქვს მეც. აჰა პირი მისი:

„შიო მღვიმის წინამძღვარო ათანასი და უდაბნოჲსა ძმანო!

ინებეთ გარდაცვალებულისა მეფისა ირაკლისათვის შვიდისა, ორმოცისა და წლისა წირვა გარდაიხდეთ. თვისსა დროსა ეს ჩვენი ოქმი წარმოგვიდგინეთ, რომ ძმათა სანუგეშო აღვასრულოთ. წელსა 1798 აპრილის 30 დღესა“.

მეფე გიორგი.

ესე ათანასი იქმნა შემდეგ არქიმანდრიტად; იყო კაცი განსწავლული ანტონისაგან პირველისა კათოლიკოსისა; გვარით მიქელისშვილი კახელი. 1802 კვალად შევიდა შიო მღვიმეში ლეკთა შიშითა გაოხრებულსა. 1803 ოდეს მოეგება მემკვიდრესა დავითს ქ. მცხეთას ფებერვალს 19, სთხოვა თანა წარყვეს მას რუსეთსა. ათანასი მასვე დღესა თან ჰყვა მას და წარიყვანა რუსეთსა კერძო დიაკონად მომზადებული შიო მღვიმეს ზაქარია იოსელიანი, ბიძა ჩემი, გარდაცვალებული ღენერალ-მიორის ჩინითა 1865 წელსა ს.-პ. ბურღს. თვით ათანასი უკუ მოიქცა მუნით და დასაფლავდა კახეთს.

100[edit]

დღესა მას, ოდესცა იქმნა დაფიცება თავადთა და აზნაურთა და ფიცისა ფურცელზედ ხელმოწერა მეფისა ერთგულობაზედ, მაშინ დავით, რექტორმან თელავისა სემინარიისა, _ შემდგომად წირვისა აღსრულებისა, მოახსენა მეფესა იამბიკოდ ლექსი. წარკითხვით თვით რექტორმან წარსთქვა ესე და მერეთ აგალობა რვათა თვისთა მოწაფეთა თავადთა ჯერეთ ყრმათა. კიდურ წერილობა ანუ აკროსტიხი იამბიკოთა იყო: „მეფეს გიორგის უგალობს რექტორი დავით“.

მეფემან პტივი სცა მას მადლობითა და ამცნო ერთგულობისა მოვალეობა მეფისდმი: „ცხებულია მეფე ღვთისაგან; პატივმცემელი მეფისა, პატივ-იცემების ღვთისაგანო. ორგული მეფისა არ იქმნების არაოდეს ერთგული ღვთისა. _ თვალი მეფისა არს თვალი ღვთისა. გული მეფისა ხელთა შინა უფლისათა: _ მეფე, რომელიცა, ვიტყვი ამას უეჭველად, _ მიენდობა ღმერთსა, მტკიცედ იქმნება თვისსა ტახტზედ და იკურთხევა ღვთისაგან. ვინ უნდა მყვანდეს ღმერთზედ მეტი პატრონიო და მფარველი, მე მეფესა, რომელზედაც დამიძს სასოება ჩემი“.

ვიეთთამე ლექსთა ამათთვის წართქმულთა დავით რექტორისაგან, ჰგმეს იგი დედოფლისა დარეჯანისა მხლებელთა და შვილმან მისმან ფარნაოზ მუნ მყოფმან თელავს აიგდეს მასხრად. მეფემან სცნო ესე და ბრძანა: „დედოფალი დედაა ჩემი, _ ვალი მაქვს დუმილისა. ხოლო სხვათა, კადნიერად მოუბართა, პასუხს უგებს მეფე გიორგი“, _ იტყოდა თავისა თვისისათვის.

101[edit]

მასვე დღეს ხოდაშნისა წინამძღვარი იოანიკე ბერძენი, თაზოს ჭალაკელი და მხნე და მეომარი და ამისთვის პატივცემული გარდაცვალებულისა მეფისაგან, მოვიდა თელავს და მოართვა სეფისკვერი. განმხიარულებულმან მეფემან მიიღო ხელთაგან მისთა კურთხევა და ჩვეულებისამებრ მეფისა შემდგომად სიტყვათა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, _ თვით იტყოდა და ბრძანა: „ამინ“ ხმითა დიდითა.

მიიწვია წინამძღვარი სადილად და ესაუბრა მრავლად ბრძოლათათვის მისგან ნახულთა პირისპირ ლეკთა. 25 წელიწადსა სადმე იმყოფებოდა კახეთსა და იყო ყოვლად ქართველი. „მამაო იოანიკე, _ უბრძანა მეფემ. _ იყავ ერთგული ჩემიცა, ვითარცა იყავ მამისა ჩემისა, არა ვინ გამოგიცვალოს გული ჩემზედა; ნუ მიეტაცინები მტერთა ჩემთა“.

მწუხრისა შემდგომად წარვიდა იოანიკე და იხილა დედოფალი დარეჯან ძაძითა მოსილი და მგლოვარე მეფისათვის. დედოფალმან უბრძანა ყვედრებად საგონებელი სიტყვა, დავიწყებისათვის მეფისა გარდაცვალებულისა წყალობათა; და იგი იმართლებდა თავსა და მოახსენებდა სიტყვათა შესაბამთა: „ერთგული მეფისა ირაკლისა ჩემისა მწყალობელისა, _ იტყოდა იოანიკე, _ ვარ ერთგული პირმშოჲსა მისისა შვილისა; ბატონო დედოფალო, ნუ ამღვრევთ მეფობასა, მოგახსენებთ ერთგულობით: მეფობა არის პირმშოჲსა შვილისა, ესრეთ ყოფილა და არის ყოველგან. როგორ გნებავსთ, უმცროსი ძმა ექმნეს მეფედ და უფროსსა წაერთვას. _ მტერი გარეგანი კარსა გადგიან და ახლა აპირებ, მტრობა და შფოთი შინაცა დაბადონ; _ ესენი მრჩეველნი არიან ცუდნი კაცნი. ინებეთ და დატუქსეთ იგინი. _ საუბარსა მისსა ზედა იყო დუმილი ქალთა და კაცთა, დედოფლისა მეინახეთა და თვით დედოფალმან არა ბრძანა არა რაიმე წინააღმდეგი მეფის გიორგისათვის.

102[edit]

1798 წელსა ივლისის თვეში ნიქოზის ეპისკოპოსმან ათანასი (ვჰგონებ იმერელმან) უბრძანა დაუსვენოს ეკკლესიაში ძელი ჭეშმარიტი, _ სიდიდით განთქმული ყოველგან, რათა დააფიცონ ამირეჯიბნი თავადნი და მოდავენი მათნი იმერეთისა მოსაზღვრენი. აღიღეს ტრაპეზიდან ძელი ჭეშმარიტი ესე ოქროსა ბუდეში ჩადებული მკლავისა სიგრძე და ალავერდისა ძელის ჭეშმარიტის მიხედვითა ორგზის დიდი და დაასვენოს გარე ეკკლესიისა საწიგნესა ზედა. შემდგომად ფიცისა და შფოთისა შორის გლეხთა და თავადთა დაივიწყეს ეკკლესიისა მცველთა აღება ძელისა ჭეშმარიტისა საწიგნიდამ და დაკრძალვა ტრაპეზსა ზედა. მწუხრისა შემდგ სცნეს, რომელ საუნჯე ესე არღაა არცა საწიგნეზედ და არცა ტრაპეზზედა. მოახსენეს მღვდელმთავარსა, შეუდგა მრავლად ძიება, გარნა ვერ პოვეს იგი, სცნო ესე კათოლიკოსმან და ეცნობა მეფესა გიორგის; იწყეს ახლად ძიება; წარგზავნეს კაცი იმერეთად და სთხოვეს წერეთელთა და აბაშიძეთა მოიძიონ მათ ღვთისა პატივისათვის და წმინდისა ეკკლესიისა, რომელმანცა (sic) საუკუნოებითა დაცული აწ მათთა მიზეზთა გამო მიეფარა. სწამებდენ მიტაცებასა მისსა წერეთლისა და აბაშიძისა გლეხთა, მუნ ფიცისა დროს მყოფთა და მათთაგან მოპარვსა. მეფემან მწუხარემან დაკარგვისათვის ესრეთისა ქვეყნისა სიმდიდრისა, ბრძანა გამოდევნონ მღვდელმთავარი კათედრიდამ. გამოიყვანეს მუნით და წარგზავნეს ექსორიად ნათლისმცემლისა უდაბნოსა გარესჯას.

ძვირფასად შემკულსა ჯვარსა აქვნდა წარწერა ოქროსა უკანა ფიცარზედ შემდგისა ჰაზრისა: „მე, დედოფალმან რუსუდან, ავაზაკთაგან განძარცვილი ძელი ჭეშმარიტი კვალად შევამკევ სულისა ჩემისა საოხად“. ესე მიამბო სვიმონ არქიმანდრიტმან წულუკიძემან (1847 წელსა). იტყვიანო დღესაც აბაშიძიანთა აქვსთ მაღლად სიწმინდე ესეო; რომელთა იგულისხმებდა აბაშიძიანთა მომთხრობი ამბავისა ამისა არა მახსოვს.

შემდგომად ნიქოზელისა ათანასისა განდევნისა, იშუმდგომლეს მიეცეს მისი ეპარქია დიონისის იღუმენსა [1] გვარით არა აზნაურთაგანსა. მეფემან ბრძანა უარი და განმარტა, რომელ სამეფოჲსათვის მისისა სარგებლობისათვის გვრით განთქმულისა კაცისა (დანიშვნა) ინება მიეცეს ეპარქია ესე სხვასა, რომელსაცა ექმნება ხმა დიდი და კავშირი. „სამღვდელმთავრო ადგილი, _ ბრძანა მეფემან, _ არის ერთი ქვეყანისათვის მისაყრდნობელი სვეტი. დიონოსი არის ღირსი და მეუდაბნოე, და არა მცოდნე საეროთა საქმეთა. ეპისკოპოსი უნდა იყოს სარდალი ქვეყანისა, ძლიერი საქმითა და მორჩილებასა შინა მომყვანი დიდთა და მცირედთა, ჯერეთ ესრეთი გვინდანან კაცნი და მშვიდობისა დროთათვის მეუდაბნოენი და მოღვაწენიცა ადვილად განაგებენ ეკკლესიათა“.

ამისთვის არა დანიშნა მან ნიქოზელად არავინ და ელოდდა, რათა ჰპოვოს კაცი ღირსი მღვდელმთავრობისა... შემდგომად მეფისა გიორგისა, ძემან მისმან დავით 1802 წელსა, უკუაქცია თვისსა კათედრად ათანასი, რომელიცა გარდიცვალა მუნვე ნიქოზსა და დასაფლავდა მუნვე ეკკლესიასა 1810 წელსა; შემდგომად მისსა კათედრა ესე გაუქმდა და აწ არის სოფლისა ეკკლესიად.


  1. ესე დ ი ო ნ ო ს ი იყო თავადთა ციციანთა ყმა სოფლისა ხვედურეთიდამ. ახლდა მეფის ძესა იულონს: ამისავე თხოვნითა უბოძა იღუმენობა მას კათოლიკოსმან ანტონი. შემდგომად წარსვლისა რუსეთად იულონისა, დაშთა უადგილოდ და იყოფოდა მეფის ასულთან მარიამთან ს. ქარელს. ამან დიონისიმ მეფის ასულისა მარიამისა თხოვითა დაასაფლავა ყინცვისის წმინდის ნიკოლოოზის გაუქმებულსა მონასტერსა მძოვრეთისა ხეობაში მეფის ძის იულონისა ძე ლევან, რომელიცა დარჩა საქართველოს, ებრძოდა რუსთა და მოიკლა ზაკვით მოსყიდვით ოსისგან, მისდა და მასთანა ყოფილისა. ესე იყო 1810 ანუ 1811 წელსა. ესე ლეონ იყო უფროსი შვილი იულონისი, მხნე, გამბედავი და გულადი; ათსა წელსა მდევნელი ბედისა მოღალატისა.
    მეფენი არა ადვილად უბოძებდენ გლეხთა და აზნაურთაგანსა კათედრათა სამღვდლმთავროთა, მარადის მოიძიბდენ თავადთა სახლთაგან, დამოკიდებულთა დიდოჯახობით დიდთა კაცთა თანა, უფრო პურადთა, უხვთა, გამცემთა და კარისა მექონეთა გამოჩენილისა პატივად მაღლისა ხარისხისა. ესე იყო მიზეზი, რომელ ძველადვე ითქვა ლექსად სიტყვა ეპისკოპოსთათვის არა ღირსთა გვართაგან და ოდესმე ვერ შეფერებულთა ერისაგან ნაკლულევანობათა გამო მათთა. აჰა შაირი თქმული გ. (?) საგინაშვილისაგან.
    თქვენც კარგად მოგეხსენებათ, წინამძღვრიშვილი მროველი.
    ან გლეხი კაცი ნიქოზლად, ცოდნა იცოდეს ყოველი,
    ან ბეზირგანი მდიდარი, ჭიორელი და გლოველი,
    ან კარგი დარბაისელი, მაჩაბელ წინწყაროელი,

103[edit]

მეფის ძე ილია იქმნა დიდად შეწუხებული სნეულებისა გამო სახადისა; მკურნალთა გამოაცხადეს სნეული უკურნებელად, მოახსენეს მეფესა და მან ბრძანა: „მივენდოთ ღმერთსა და წმინდასა იოანე მანგლელსა; გახსენით საფლავი მისი და ამთხვიეთ სნეული შვილი ჩემი მეოხისა ჩემისა ძვალთა“. _ აღასრულეს სურვილი მეფისა შემდგომად პარაკლისისა და ოდეს ამოღებული თფილისის სიონის ეკკლესიისა ლუსკუმიდამ თითთა ძვალი წმინდისა დასდვეს პირსა და თვალთა სნეულისა, მასვე ჟამსა, გასაოცებელად თვით მხილველთა, განიკურნა სნეული იგი. იხარებდა მეფე, დღესასწაულობდენ სამღვდელონი, იშვებდენ კარისა კაცნი, განცვიფრდებოდნენ ქალაქისა მცხოვრებნი, ეკვირვებოდენ მაჰმადიანნი. დაკრძალული გვამი წმინდისა ლუსკუმასა შინა მდებარე, კვალადცა მეორესა წელიწადსა განაღეს მისივე ბრძანებითა სნეულებისა გამო მეორისა შვილისა მისისა მეფის ასულისა თამარისა, რომელმანცა მიიღო კურნება პირველისამებრ მსწრაფლი და საკვირველი კაცთათვის თვით მკურნალთათვის არა მართლმადიდებელთა. ესენი იყვნენ ოსეფა ყარაევი ფრანგი, თათულა ექიმი სომეხთა სარწმუნოებისა, და პატრნი ნიკოლა და შემდეგი მისი ფილიპე.

ათანასი ჯვარის-მამამან, დროთა ამათ აქა მყოფმან, მახლობელმან მეფისა და შემდეგ პატრიარქად იერუსალიმისა დადგინებულმან, _ აღწერა ყოველივე ესე საოცარი ამბავი და სასიქადულოდ ქრისტეს ეკკლესიისა წარუვლნა მოხსენება იერუსალიმის პატრიარქს. ესე მიამბო იორეთეოს თაბორისა მიტროპოლიტმან და აწ დღეს ანტიოქიისა პატრიარქმან 1849 წელსა დროსა ყოფნისა ჩემისა კონსტანტინოპოლეს სტუმრად მასთან მისსა მონასტერსა ხალკისა ჭალაკსა. დიდად გამაკვირვა მოთხობამან ათანასისაგან აღწერილმან; ვერ ვჰპოვე თვით ეპისტოლე ესე მუნ, სახმარი ჩვენ ქართველთა ისტორიისათვის. ხშირად და განცვიფრებით მესმოდა საუბარი ამის შემთხვევისათვის იოაკიმე ეპისკოპოსისაგან ახტალისა, ბერძნისა კვიპრიდამ და ფრიად შეყვარებულისა მეფისაგან გიორგისა, რომლისა დროსაცა იყო იგი არქიმანდრიტად.

დღისათვის ლუსკუმასა შინა ძვალთა ამათ წმინდისა დაკრძალვისა დეკანოზმან და მეცნიერმან იოანე ოსეშვილმან წარმოსთქვა სიტყვა ქადაგებითი: „საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა“ და უკანასკნელ ჰრქვა მეფესა: „მეფევ კეთილმორწმუნეო, იხარებდე სულითა, განიფრთხევ გონებითა, იშვებდინ გულითა; აჰა ძე შენი, რომელიცა მოგანიჭა შენ წმინდამან. აჰა სასწაული დროთა ჩვენთა, აჰა უღირსებისაგან ჩვენისა ღირსებად მომყვანებელი ნიში სასწაულისა. ვგალობდეთ გალობათაგან სიონისა და ვსვამდეთ წყაროსაგან დაბეჭდილისა და ვსჭამდეთ მტილისაგან შეღობილისა და მტკიცედ დაცულისა. ჩვენთანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიოდენ, რამეთუ ჩვენთანა არს ღმერთი, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“.

განმხიარულებულმან მეფემან, მხნედ და მაღლისა ხმითა ჩვეულებისამებრ მისისა მოხდენილისა სახითა, ვითარცა მარადის იყოფოდა მეფე ბრგე და მაღალი ძლიერისა ბაგეთა ბგერითა პასუხ-უგო მქადაგებელისა: „ჭეშმარიტად, მამაო, საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა. შევიქმენით ღირსი ღვთისა წყალობისა, ზეგარდამო მოხედვისა და კურთხევისა, იკურთხოს სახელი მისი“. ამა შემთხვევისათვის შესწირა მეფემან ხატი წმინდისა ვეცხლით მოჭედილი და ოქროთი ცურვილი ზედა წარწერითა: „განკურნებისათვის შვილისა ჩემისა... შემოგწირე წმინდა იოანე მანგლელო სულთა ჩვენთა მეოხი ხატი სახისა შენისა, წელსა 1799, თთვესა აპრილსა 8“. _ ხატი ესე დაიკარგა 1804 წელსა, სიონისა მხატვრობათა განახლებისა დროსა კნიაზ ციციანოვისა ბრძანებითა, ვითარცა მიამბო დეკანოზმან სიონისა გაბრიილ ქართველოვმან, გარდაცვლილმან 1865 წელსა.

104[edit]

მეფესა გიორგის დიდად უყვარდა კოვალენსკი, რეზიდენტი და მინისტრი რუსეთისა თფილისში. იყო კაცი ტკბილი, სათნო და ნამდვილ ერთგული მეფისა, შეჩვეული ქართველთა წესთა პყრობისა, მანვე მოართვა მას სამეფო რეღალია ანუ ნიშანნი მეფობითნი პეტერბურღიდამ თფილისსა წარმოვლენილი პავლე იმპერატორისაგან: გვირგვინი, ხმალი, პორფირი, სკიპტრა, ტრონი, დროშა და I ხარისხი წმინდა ეკატერინასი დედოფალსა მარიამს. ამისთვის აჩუქა და მიუბოძა მას ბაღი ყაბახისა თავსა ჩრდილოეთით მდებარე, რომელიცა ძველად ეკუთვნოდა იასე მეფესა და რომელსაცა შინა თვით იასე, ვითარცა მაჰმადის სარწმუნოებისა მექონი, ჰმარხია. აწ ბაღს ამას ეწოდების ბაღი ინჟენერთა. ვითარ მოეღო მას ესე ციციანოვისა დროთა, რომელმანცა განაძია იგი საქართველოდამ, ვითარცა ბოროტმომხმარებელი თვისისა წოდებისა, _ არა ვუწყი. მხოლოდ მახსოვს ცოლი მისი, მოხუცი ქვრივი მოარული ხშირად მემკვიდრისა დავითის მეუღლესთანა ელენე მეფისა რძალთან 1831 და 1832 წელთა შინა ქ. ს. პ. ბ.

105[edit]

მახსოვს მე სალდათი ერთი სახელით თეოდორე, რომელიცა იყო დანიშნული მეფის კარზედ ყარაულად ანუ ორდინარეცად. ესე ესრეთ შეიყვარა მეფემან, რომ ინება ყოველთვის მისი თავისთან ყოფნა. კოვალენსკის სთხოვა, რათა გამოყვანილი პოლკიდამ, ახლდეს მეფესა. ესე ვერ იკისრა თვით მინისტრმან და სთხოვა ღენერალსა ლაზარევსა და რადგან ამანცა ვერ გაბედა დაუკითხავად ლინიაზედ თვისისა შეფისა (მაშინ იყო კნორრინგი), ამისთვის უარი მოახსენეს მეფესა. შემდეგ თვით მეფემან მისწერა წერილი და მან მისცა ბრძანება აახლონ ვითარცა სალდათი ორდინარეცი და არა ვითარცა კერძო პირი. სურდა მეფესა ებოძებინა მისთვის აზნაურობითი ღირსება, სახლისა ადგილი ქალაქსა და მიბარება საჭურჭლისა თვისისა. თეოდორე იყო ყმაწვილი კაცი 29 წლისა ტამბოველი და მალე შეისწავა ქართული ენა. იყო ცქვიტი და ფხიზელი. შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა 1824 წელსა ვხედავდი მას ხშირად ანჩისხატისა უბანში მცხოვრებად მოხუცად; შემოვიდოდა წმინდის გიორგის კარისა ეკკლესიასა და აღანთებდა სანთელსა ხატისა წინაშე, და მარადის დაუკლებლივ მოახსენებინებდა კვეთისა დროსა შესული სამკვეთლოსა, მეფესა გიორგის და დაადებინებდა მოხსენებითსა ნაკვეთსა ცრემლით და ვედრებით ღვთისადმი. ქართულიცა იცოდა მიქცევით რუსულის გამოთქმისა.

1831 წელიწდიდამ, დროთაგან წარსვლისა ჩემისა რუსეთად სასწავლებელში, ვეღარასადა ვნახე იგი და ვერცა გამოვიკითხე სადაობა მისი. წყალობასა არა მოაკლებდენ მას ძველნი კაცნი მეფობისა ნეშტნი დავით მინბაში, სოლომან მეითარი და დიმიტრი თარხნიშვილი, დავით და გიორგი თუმანიშვილნი, შანშე ერისთვისშვილი, მეფის ასული თეკლა, ზურაბ ყაფლანიშვილი, მუხრანის-ბატონი კონსტანტინე, თავადი იოანე აფხაზი[1] და სხვანი, მეფობისა ჟამსა მცნობნი მისნი. დიდად უყვარდა იოანე ეპისკოპოსსა ავალიანსა, რომელიცა მეფის დროსა იხილვიდა მას ხარებისა ეკკლესიასა, სადაცა მიჰყვებოდა მეფესა გიორგის წირვისა მოსასმენად, და სადაცა მამა ეპისკოპოსისა ამის იყო დროთა მათ მღვდელი ხარებისა ეკკლესიისა ფრანგთაგან მოღებულისა მეფის თეიმურაზ მეორისაგან (1755 წელსა).


  1. თავადსა იოანე აფხაზიშვილსა, კარდანახელსა, მეფისა გიორგისაგან მიჩნეულსა და პატივცემულსა, ხშირად წარმოათქმევინებდა ლექსთა ძველად გოჩასგან თქმულთა, ოდეს დაესწორობოდა თფილისს და ეახლებოდა მეფეს. განთქმულა პირველ ბრძენთაგან, სიდარბაისლე მესხისა, ომი და შებმა კახელთა, მოსანდომია არ სხვისა, ჩუქება პირველ კარგობა, ქართველთა არ ეძრახვისა, არიან ზრდილნი იმერნი, მტერთა მიმცემი რისხვისა. მთიულნი ცხენსა მოგპარვენ, თუ თვალი დაგიხუჭია, მიბრძანდი საციციანოს, მოგართვან ბატის კუჭია. საამილახვრო ბიჭები, მკერდ-ზრქელნი, შიგნით ფუჭია; დოიანთ ბარათიანთა, ხმალზედ აცვდებათ მუჭია. მეფე ათქმევინებდა ამას გასამხნევებელად კახთა, ომისა და ბრძოლისათვის. „მიამება, როცა შენ წარმოსთქვამ ლექსთა ამათო, _ მიბრძანებდა მეფეო, _ მსუქნად იტყვი ხოლმეო და მადიანად“. _ ესე მოთხრობა თვით იოანე აფხაზისაგან მაქვს გაგონილი ჩემსა სიყრმეში. იყო მეგობარი და მწყალობელი მამისა ჩემისა და ხშირად ვხედავდი მას თფილისს, მოხუცებულად მავალსა და იყო 78 წლისა და გარდაიცვალა 1829 წლისა შემდეგ. დაესწრო აღამამად-ხანისა ომშიაც თფილისის აღებისა დროსა 1795 წელსა. ვითარცა კეთილმორწმუნემან კაცმან 1797 წლიდამ შესწირა ნათლისმცემელისა უდაბნოსა ყოველწლივ ზედაშედ და ნუგეშად ძმათა მოღვაწეთა თვითო ურემი ღვინო. შვილი მისი განაგრძობს შეწირულობასა ამას დღეინდელად დღედმდე.

106[edit]

თფილისისა აოხრებისა დროსა გაუქმდა სტამბაცა სამეფოჲსა პალატისა. მეფემან გიორგი ბრძანა განახლება მისი: კვალად იწყეს სახლისა სასტამბოჲსა შენება, დაიბარეს ქაღალდი ოსმალოდამ ახალციხისა გზით და სპარსეთისა საზღვრიდამ, შეუდგნენ ასოთა ჩამოსხმასა, დაზგების კეთებასა, და მბეჭდავთა შეკრებასა. შფოთთა თფილისსა, ქართლსა და კახეთსა შინა აღდგენილთა ძმათაგან მეფისა, დაგვიანებამან ქაღალდისა, მოუცლელობამან თვით მეფისა სნეულებისა გამო, რომელიცა მოერია მას და განუძლიერდებოდა დღე ყოველ, დააბრკოლეს საქმე: სტამბა დაშთა უქმად და მბეჭდავნი უსაქმოდ. მეფემან ვერ იგდო დრო, რათა შესდგომოდა საქმესა ამას და სიკვდილმან მეფისა მოუღო ბოლო წიგნთა ბეჭდვისა ჰაზრსა მისსა. ამას სტამბაში დაიბეჭდა შემდეგ მხედრულისა ასოთი მოკლე საქართველოჲსა ისტორია, რომელსა ეწოდა „ნარკვევი“, ქმნილი ბატონიშვილისა დავითისაგან და მერეთ ღენერალისა კნორრინგისაგან მეფობისა გუქმებისა გამო განცხადება ქართველთადმი.

107[edit]

მეფე, მზრუნველი მონასტერთათვის მეცადინებდა, რათა ძველთა წესთა ზედა ყოფილიყვნენ მამანი და ძმანი მათნი. 1800 წელსა ფებერვლისა 7 სწერს მეფე შვილსა თვისსა იოანეს შემდეგ ბრძანებასა: „წინამძღვარი იკორთისა მონასტრისა ჩივის მეზობლებზედ ეკკლესიისა მამულებსა არ გვანებებენო. მიბრძანდი და შეიტყე სადაო; გამალიელიც მანდ მობრძანდება და ოქმებსაცა და მეფეთა წერილებსაც განაახლებს. გალავანიცა დაქცეულა. უბრძანე სახასო გლეხთა შენობაზედ გისარჯნენ, რადგანაც მათი სალოცავი არის. გამალიელ შეუწუხებიათ და წინამძღვარობაზედ ხელს იღებს. გამოცვლა ამისი არ იქმნება. საჭირო კაცი არის ესე და დიდად მცდელი. ეცადე დაამშვიდო“. _ მეფის ძემან იოანე სრულ ჰყო ესე საქმე და განუსვენა წინამძღვარსა. მადლობითა აღვსილმან გამალიელმან მოართვა მეფეს ხატი ღვთისმშობელისა, შემკული მეფისა ირაკლის ძის ვახტანგისაგან, შობილისა პირველისა ცოლიდამ და გარდაცვლილისა უშვილოდ.[1]

აქ სათქმელია ესეცა საცნობელად შემდეგთათვის. იკორთისა ანუ ვირშისა მონასტერი მთავარ ანგელოსთა, სამარხი წმინდათა მოწამეთა ესრეთ იყო ძველად მიჩნეული, რომელ მეფენი უნიშნავდენ განმგე წინამძღვარსა, მაშინაც, ოდეს ერისთავთა ეპყრათ ქსანი და ჯერეთ არ ჰქონდათ მათ ჩამორთმეული ერისთავობა ქსნისა. არ არის დიდი ხანი, ვსცან, რომელ დავით ჯორჯაძე წინათ გამალიელისა იყო სადმე წინამძღვარად მუნ დანიშნული, თვით იგი დავით, რომელსაც მისცეს შემდგომად ბოდბელობა. ამავე მონასტრისა მამამთავარი განაგებდა ქსანზედ ორთა სხვათა მონასტერთა, ესე იგი ლარგვისისა და ალევისა. ესე უკანასკნელი დავით აღმაშენებელისა დროთაგან იყო საზღვარი არაგვისა და ქსნისა საერისთავოთა. აქა ვიტყვი მ ა მ ა მ თ ა ვ რ ო ბ ი ს ა მნიშვნელობასაცა. მ ა მ ა მ თ ა ვ ა რ ი მარადის იქმნებოდა ერისკაცთაგანი და მოვალეობა მისი იყო ძველად, _ განეგო ყმა და მამული მონასტრისა და ეზრუნა ეკკლესიისა უნჯთათვის. მართებს მწერალსა და მკითხველსა არა აღრიოს მნიშვნელობა ესრეთისა წოდებისა ლექსისა თანა „პ ა ტ რ ი ა რ ქ ი“, რომელთაცა ნიშნავს მასვე და ითარგმანების ბერძულიდამ ესრეთვე „მ ა მ ა მ თ ა ვ რ ა დ“. მეფემან გიორგი რუსეთისა გზით განღებული კარი დარიალისა ჩააბარა მეფის ძეს ვახტანგსა და უბრძანა არა ვითარცა ძმამან, არამედ ვითარცა მეფემან და მბრძანებელმან, იყოს მზად და ფხიზლად. _ რათა არა აწყინონ რუსთა ჯართა გზაზედ და აძლიონ ყოვლივე შემწეობა ურმითა, და ცხენითა და კაცითა ყოველთავე მუნით მიმავალთა და მომავალთა, ესრეთი ბრძანება მეფის ძისადმი მსწრაფლ განითქვა, და თვით ვახტანგ ანუ ალმასხან, სუსტი სულითა, _ დამორჩილდა და მორჩილებითა თვისითა, _ დასდვა შიში და დუმილი მხლებელთა თვისთა ზედა. _ მეშფოთი არაგვი, დაუცხრომელი და გაუმაძღარი ომითა, ვითარცა დღესაცა ძვლთაგან, იმღერის არაგვსა კაცი, _ დაჩუმდა, და იყო მოლოდებასა მზაკვარსა იგდოს დრო მარჯვე და მიუდგნენ ერთგულობითა მეფის ძეს იულონსა, რომელიცა იდუმალ არა დასცხრებოდა წინააღმდეგობითა მეფისადმი, და ჰგონებდა გამეფებასა, ვითარცა უფროსი შვილი ირაკლისა მეორისა ცოლიდამ. მაშინ მეფემან მოიწადინა თვით წასვლა არაგვზედ და ქსანზედ ჰაზრით მით, რათა გამოდევნოს მუნით იულონ და ვახტანგიცა. სნეულებამან არა მისცა დრო თავისუფალი და ვერ შეასრულა ჰაზრი თვისი დასამშვიდებელად სამეფოჲსა.


  1. ესე ვ ა ხ ტ ა ნ გ იყო პირმშო ძე მეფის ირაკლისა, პირველისა ცოლიდამ, განდევნილისა და მომკვდარისა 1744 წელსა. ამას მოგვარეს ცოლად ქეთევან დაჲ კონსტანტინე მუხრან-ბატონისა, რომელიცა იყო დანიშნული მესამესა წელსა ცხოვრებისა თვისისა, და ვითარცა მშვენიერსა ზრდიდა თვით თამარ დედოფალი, დედა ირაკლისა. დაწერეს ჯვარი ოდეს შეიქმნა ქალი 13 წლისა და თვით ვახტანგი იყო 16 წლისა. ამავე წელსა შეეყარა ყვავილი და მორჩენილი სენისაგან წარიყვანეს აბანოდ შემდგომად 40 დღისა. ესრეთმან გაუფრთხილებელმან ბანვამან, შეაქცია და გარდაიცვალა თფილისს. მეფე ირაკლი მიეცა დიდსა შეწუხებასა და თეიმურაზ მეფე, მამა ირაკლისა ესრეთ შესწუხდა, რომ დაჰკრა თავი კუბოსა და გაიტეხა. დაასაფლავეს მცხეთას, მეშვიდე დღესა, ოდეს ჩვეულებისამებრ მიუტირეს ცოლსა ქეთევანს, მაშინ იხილა ცხენი ქმრისა და მტირალი მივიდა ცხენთან და ცხენისა კისერსა შემოახვია თმა თავისი თვისისა გრძელი და მშვენიერი. ქეთევან დარჩა ქვრივად და შემდეგ, როდესაც ეყოლა მეფეს ირაკლის შვილი მესამისა ცოლიდამ, უწოდეს თხოვნისამებრ ქვრივისა რძლისა ქეთევანისა, სახელი ქმრისა მისისა ვახტანგ ალმასხანად წოდებული. ამან იშვილა იგი სცხოვრობდა მასთან. _ 1803 წელსა გარდაჰყვა რუსეთს და ჭლერქობისა სენითა გარდაიცვალა 1808 წელსა ს. პ. ბ.
    „ვახტანგ პირმშოსა, _ მეტყოდა მეფის ძე მიხაილ, _ მიუჩინეს ლალად გივი გურამიშვილი, კაცი ზრდილი და ვაჟკაცობითა გამოჩენილი. ოდეს ზრდიდა იგი მას, დღესა ერთსა შეეშინდა ცოცხალისა თევზისა. გივი განრისხდა და ჰრქვა: „როგორი შვილი ხარ მამისა! აღიღე თევზი ეხლავე“! _ ესრეთ შეაჩვია უშიშროებასა და სიყრმითგანვე გულოვნებასა, მეფეთათვის საჭიროსა“.
    ხატი, მისი ნაქონი, აქვნდა მეფის ძეს მიხაილს და შემდგომად გარდაცვალბისა მისისა ხვდა წილად მეფის ძის ბაგრატის ძეს ალექსანდრეს და აქვსთ სახლობასა მისსა აქა ქ. თფილისს.

108[edit]

ვახტანგ მეფის ძე, აღმასრულებელი მეფისა ბრძანებათა, უგზავნიდა შემოდგომასა და გაზაფხულს ხევის ბერთა ფშავიდამ, ხევსურეთიდამ, თრუსოსა ხეობიდამ, ხევიდამ და მთიულეთიდამ, და მეფე მადლობელი ძღვენთა მათგან მორთმეულთათვის, _ მოძღვრებდა იყვნენ ერთგულად მეფისა და არა დაივიწყონ მათ მოვალეობა მათი. მეფე მეცადინებდა რუსთა სიყვარულსა და აგონებდა მათ შეწევნასა, რომელსაცა მოელის მათითა მოყვანითა მტერთა ზედა საქრისტიანოთა. ესრეთისა ჰაზრისა განფენისათვის მთათა შინა, ავად რუსთათვის მოსაუბრეთა, _ ორგზის წარავლინა მთებთა შორის პაფნოტი არქიმანდრიტი. ესე პაფნოტი იყო თვით იგი, რომელიცა შემდგომად კნიაზმან ციციანოვმან შეგზავნა მთათა შინა დასამშვიდებელად, და კაიშაურსა აღშფოთებულთა მთიულთა სცეს 40 გზის თუმცა ნელიად ხანჯალი და უბრძანებდნენ მას რუსისა ერთგულსა და ქვეყნის ორგულსა შეერთდეს ვირსა მიგვრილსა მისდა, _ საკიცხველად. „ამ დროსა მივე მე მუნ კაიშაურსაო, _ მიბრძანა მეფის ძემან ფარნაოზ, _ დევნულმან რუსთაგან და ვიხსენ იგი განსაცდელისაგან და დავაბრუნე ანანურისკენა“. _ ესე პაფნოტი იქმნა შემდეგ არქიეპიკოპოსი და გარდაიცვალა მოსკოვს 1823 წელსა.

109[edit]

ამავე დროსა მიეწერა მეფისა ბრძანება მეფის ძესა ვახტანგს, რათა დაწესებული 1 იანვარს 1774 წელსა, ირაკლისავე დროსა მორიგეთა კანონი აღსრულდებოდეს ეგრეთვე ფიცხელად, ვითარცა მამისა მისისა მეფობასა. ამავე ბრძანებითა დასდვა მას ვალად მეფემან შეჰყაროს, ვითარცა კარისა მისისა მოხელენი სახლთ-ხუცესი, ამილახვარი, ბოქაულთ-უხუცესი, ეგრეთვე მოურავნი, ხევის-ბერნი და სხვანი, და გამოუცხადოს მათ ესრეთი მოვალეობა მათი. ესრეთმან მეფისა ბრძანებამან დიდად შეაშინა მეფის ძეცა და თვით ჩვენცაო, _ იტყოდნენ მოხუცნი დუშეთში, _ ჩემთან დაახლოებულნი გოშპარ კობიაშვილი და იასე ყარანგოზაშვილი, რომელთაგან პირველი გარდაიცვალა 112 წლისა 1862 წელსა და მორე 87 წლისა 1864 წელსა.

110[edit]

1800 წელსა გაჩნდა ჭირი ქალაქსა: შემოიტანეს ესე ახალციხისა მხრითა. რუსთა ჯარისა შეფთა და თვით კოვალენსკიმ სთხოვეს მეფესა, მიიღოს ზომა და ღონე კარანტინებისა. მეფემან წერილითა უწყებულმან, წერილითავე აცნობა: ყარანთინსა უნდა ყარაულებიო და ძნლია შოვნა ესოდენითა ყარაულისა რიცხვთა, რომ ვერვინ შემოვიდეს მუნით აქეთ ჩემსა სამეფოშიო. ამისთვის კმარა ეს ზომაო: მე მივსწერ ახალციხისა ფაშასა გამოუცხადოს ვაჭართა ყოველგან აქეთ მომავალთა: თუ შემოვა ვინმე ჩემს სამძღვრებში, არავის მივიღებთო, სავაჭროსა წავართმევთო და თვით მასცა თოფსა ჰკრვენო. _ გაიცინეს შეფთა ესრეთსა პასუხზედ; გარნა მეფემან ჰქმნა ესე; აცნობა ფაშასა ბრძანება თვისი და ნამდვილ აღარვინ შემოვიდა და ექვსსა თვეზედ ჭირიცა გაჰქრა და შემდეგ ვაჭრობაცა კვალად გაიმართა. იტყვიან მომსწრენი დღეთა ამათ მწარეთა: მართლად ერთმანცა კაცმან ვერ გაბედა შემოსვლა სოფლებშიცაო; მიწერილი ბრძანება ესრეთ აღსრულდა მტკიცედ, რომელ არავინ უნახავთ არავისა მისრული სამძღვრებისა სოფლებში კაცი ოსმალთა ადგილებიდამ. გაგზავნილთა ამათ სოფლებში კაცთა აზნაურთა მოხელეთა აღსრულებისათვის ბრძანებისა, მოახსენეს მეფესა: „ვხედავდით მხოლოდ ლეკთა გუნდ-გუნდათ მიმავალთა შორის ტყისა და მთებისა გზებითა ანუ ახალციხეს, ანუ მუნით დაღესტანსა“.

ამასვე დროსა მოართვეს მეფესა და წარმოუდგინეს 4 სალდათი გაქცეული თფილისიდამ ახალციხისაკენ. ესენი დაეჭირათ წალკისა თავსა გადასავალსა მთაში. მიცემულნი სამსჯავროსა, რუსთა წესითა, იპატივა მეფემან და ინება არღა დასჯა მათი. მორჩილ ექმნა ღენერალი ლაზარევი და თვით მოახსენა მას მადლობა მათთვის. _ მეტად ფიცხელად ეკიდებიან, ეგ კურთხეულნი სალდათთაო. _ ბრძანა მეფემან და უპასუხა ესრეთისა სიტყვისათვის სიმამრმან მისმან სარდალმან გიორგი ციციშვილმან: „ამისთვის იმარჯვებენ რუსნი, რომ ესრეთ დიდსა მორჩილებაში ჰყვანან“.

სასნეულო ჭირიანთათვის გამართეს თვით რუსთა ვერაზედ ლურჯ მონასტრისა გვერდით. სახლად აუშენეს 4 წნელის დიდი სახლი, გარედამ და შიგნიდამ ლესული გაჯითა და ზევით ჭერი ფიცრითა დახურვილი. აპრილიდამ აგვისტომდინ იყო ესე. მზრუნველობა სნეულთა სანოვაგისა და საწოლისა, მიანდვეს ქალაქისა მელიქსა დარჩია ბებუთოვსა და ერთსა სომეხსა აღალო..., ოსმალოდამ მოსულსა, ჭირნახადსა.

111[edit]

მხნე და გულოვანი, გმირი ვაჟკაცობისა და პატივცემული მეფისა ირაკლისაგან ზაალ ყაფლანიშვილი, _ ობლად, ვითარცა თვით იტყოდა, დაშთენილი, _ შემდეგ მეფისა ირაკლისა, წარვიდა სოფლად და გოდებდა მუნ ქვეყანისათვის აღრეულისა. _ ოდეს გამეფებული მეფე გიორგი თელავსა, მობრძანდა თფილისსა და მოითხოვა სიონისა ეკკლესიაში ფიცი თავადთა და აზნაურთაგან, მაშინ ერთგული მამულისა და მეფობისა ზაალ მოვიდა თფილისსა და ჰფიცა მას ერთგულობა და წარვიდა მოხუცი 84 წლისა სოფლადვე. ვითარცა მოხუცი და არღა სახმარი ომთათვის და ბრძოლათათვის, ჰგონებდა თავსა თვისსა უსარგებლოდ ქვეყანისათვის და არცაღა მოელოდა შემდგომად ირაკლისა ხმალთა ტრიალსა ვისგანმე, სიტყისამებრ შემდეგ თქმულისა კ. გრიგოლ დიმიტრის ძის (ქართულად ნამდვილ „ზურაბის ძისა“) ორბელიანისა:

„მამული ვერღა იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს, დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს“.

მეფე გიორგი დამფასებელი ზაალის გმირობისა, სწუხდა მისსა უნახაობასა. მაშინ წარავლინა გოგია ბარათაშვილი, ხელჯოხიანი და უბრძანა სთხოვოს ჩამოსვლა ქალაქად. ზაალმან მოსულმან თფილისად, იხილა მეფე და ტირილით მოიგონა გარდაცვალებულისა მეფისა მასთან ალერსი, ვითარცა მეგობრული მასთან. მეფემა სცა ნუგეში, აღუთქვა სიყვარული და დაჰპირდა სამსახურთღა მისთა დაუვიწყებელობა. დროსა ამას მუნ მყოფმან მეფისა თანა სარდალმან იოანე ორბელიანმან, აღიმაღლა ხმა და, ვითარცა სარდალმან, ჰრქვა მას: „გმირად გსახვენ ზაალ! და იყავცა ვიცით ესე; პატივი არ მიგეღების არავისგანაო“. მაშინ ზაალმან, შინაურთა დავებითა მამულთა გამო დამდურებულმან და ადრევე სიყვარულისა ერთობითა არა შეკრულმან, პასუხ-უგო გმირულად: „დიახ, ბატონო სარდალო, გმირსა გმირი უნდა აფასებდეს, მაშინ ვიქმნები სწორე გმირად სათქმელი. _ ჩემი სამსახური მაშინ იყო, როდესაც ხმალი მეფისა წინ მიძღოდა. ახლა მოხუცი და სნეული, რაღას გამოსადეგი ვარ. აბა სარდალო! მეფეს და ქვეყანას გვიჩვენე ხმალი შენი ლესული, და გვათქმევინე გმირობაცა შენი“.

სარდალსა იოანეს ეწყინა და მეფესა გაეღიმა და იამა: იცოდენ სარდლისა იოანესი არა ვაჟკაცობა და ნეტარებითა მოიხსენებდენ მამასა მისსა, სარდალსა დავითს, მხნესა და გულოვანსა, ნამდვილ დიდკაცსა და მეფეთა თანა შელაღებულსა.

ზაალ გმირთა გმირი, გარდაიცვალა 1808 წელსა და დასაფლავდა სიონისა თფილისს ეკკლესიასა. სიკვდილადმდე იყო დაუვიწყებელი ანახანუმ დედოფლისა და ყოველ წლივ წარვიდოდა მცხეთას და გარდაუხდიდა მას პანაშვიდსა.[1]


  1. ესე ა ნ ა ხ ა ნ უ მ იყო მეორე ცოლი თეიმურაზ მეორისა, ასული ბარათაანთი, ქვრივი ქაიხოსრო ციციშვილისა. ოდეს მოკვდა ცოლი თამარ, მეექვსესა თთვესა შეირთო იგი მშვენიერებისა გამო. სძულდათ ირაკლის და ანნას, ვითარცა დედინაცვალი და არ უნებდათ ხილვა მისი, რადგან ეცვათ ჯერეთ შავი. გლოვისა შემდგომად რავდენისამე ჟამისა, მივიდა ირაკლი სანახავად მისისა. დედოფალი ანახანუმ, რათა არა ეჩვენოს მას უზდელად, მოირთო ვითარცა დედოფალი, ყელსა და თმათა, ხელთა და გულსა მოიფინა თვალი და მარგალიტი, წამოისხა ხამი ანუ ფლევრი ინდოეთისა ნაქსოვი და, ამით, რეცა იფარვიდა და მალავდა მათ სამკაულთა. ესრეთი ეჩვენა ირაკლის და ესრეთვე მეფის ასულს ანნას. იყო დიდი მორწმუნე და ქრისტეს მოყვარე. მრავლად შეამკო ეკკლესიანი ქართლსა და კახეთსა. დიდად ზრუნვიდა მონასტერთათვის. შემდგომად სიკვდილისა თეიმურაზისა რუსეთს, სცხოვრობდა თფილისს და უკანასკნელთა ცხოვრებისა თვისისა, წელთა, იკურთხა ჩოხა სამონოზნო და ატირა მრავლად მუნ მყოფნი და დამსწრენი კურთხევისა დედოფალი დარეჯან და სასახლისა ქალნი. ჩოხა უკურთხა კათოლიკოსმან ანტონი პირველმან ნათლისმცემელისა ეკკლესიასა შინა პირისპირ სასახლისა. გარდაიცვალა შემდგომად რვისა დღისა გარდაცვალებიდგან თვით კათოლიკოსისა ანტონისა... სიკვდილი ანტონისა ჩვეულებისამებრ ქართველთა, ჩასძახეს მომაკვდავსა ანახანუმს. დაასაფლავეს მცხეთისა ეკკლესიასა მეფეთა სამარხსა.

112[edit]

დღესა ერთსა მეფესთან, განრისხებულსა ძმათაგან თვისთა შფოთთა გამო, შეიყვანეს წვრილნი შვილნი მისნი: ოქროპირ და ირაკლი. _ გამდელთა მათთა დაუსვეს იგინი ახლოს მეფისა დაფიქრებულისა. ლალა მეფის ძის ილიასი დავით აბაშიძე და გოგია ბარათაშვილი უალერსებდნენ და ეთამაშებოდენ ყმაწვილთა. ესრეთსა ალერსსა შეუდგა თქმა წყობითი „იწილო-ბიწილოსი“. სავსებისათვის მოთხრობისა ამის მართლივ დავსწერ ამასაც აქავე:

იწილო, ბიწილო, შროშანო გვრიტინო, ალხო-მალხო, ჩიტმა გნახო, შენი ფესვი ფესმანდუკი, აბდა უბდა გადასკუბდა, აჯეგ მაჯეგ, მეფევ დაჯეგ.

ჩვეულებისამებრ ქართველთა, იტყოდენ ამას რავდენჯერმე და დაასწავლიდენ ყრმათა განმახვილებისათვის და დალესვისათვის მეხსიერებისა; ეგრეთვე ძლიერისა მტკიცისა და წყობითისა ლექსთა და სიტყვათა წარმოთქმისათვის.

დროსა ამას, როდესაც მეფე დუმილითა დაღრმობილი, ტრფიალებდა შვილთა სიყვარულითა, შევიდა მეფესთან მემკვიდრე მისი დავით. ამას გამოჰკითხა ქვეყანისა საქმენი და რავდენისამე მოხსენებისა საქმეთათვის უპასუხა დიდად მკვახედ. დავითს არ იამა ესე და დაფიქრებული გამოეთხოვა მამასა და გამოვიდა. _ გამოვიდა დავით და შევიდა იოანე ძმა მისი. მეფემან შესჩივლა დავითისაგან უჯერონი მოხსენებაები და უბრძანა სიფრთხილით მოქცევა: „ქვეყანისა გაოხრებულისა მეფე ვარ, დიდი ჭკუა გვინდა ამისთანა დროებაშიო. უფროსნი შვილნი ხართ ჩემნი და უნდა მეცა მპატრონებდეთო“. რაჲ იყო საგანი ესე მათის საუბრისა, არღა დახსოვნებოდა გოგია ბარათაშვილსა, გარდაცვალებულსა 1850 წელსა, რომელმანცა მომითხრა ამბავი ესე.

მეორესა დღესა განვიდა ხმა ქალაქში: მეფე იწილო-ბიწილოსა შეექცევაო. სცნო ესე მეფემან, გარნა არ განრისხდა; შვილებსა დასდვა ეჭვი და სდუმნა. _ დედოფალმან მარიამ შეიტყო ესე და შესჩივლა მამასა თვისსა გოგიას. აჩქარებული გოგია დაამშვიდა თვით მეფემან და უბრძანა დუმილი. ამავე დროსა შევიდნენ მეფესთან სარდალი იოანე, ალექსანდრე მაყაშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და მელიქი ქალაქისა დარჩია; თან შეჰყვა მათ წირვისა შემდგომად მღვდელი ონისიმე იოსელიანი და მიართვა მეფესა სეფისკვერი. მაშინ უბრძანა შეიყვანონ მასთან ყმაწვილები ილია, ოქროპირი და ირაკლი. „გოგიავ, _ ბრძანა მეფემან, _ თუ გიყვარდე, შეაქციე ყმაწვილები იწილო-ბიწილოთი, დასხედით ონისიმესთან: მაგასაც ეცოდინება იწილო-ბიწილო“. _ ამითი უნებდა ეჩვენებინა რომელ მეფობისა საქმეთაცა განვაგებო და ალერსსაც ყმაწვილებთან დროს ვუპოვნიო. ესრეთითა მოქცევითა ამხილა და არცხვინა დამცინებელნი. განვიდა კვალად ხმა ყოველგან და მიჩუმდენ ენანი, ბოროტისა მეფეზედ მეტყველნი.

113[edit]

ამბავსა ამას დაურთო ამბავი მანვე გოგია ბარათაშვილმან _ ქალაქი ამ დროს დამშეული იყო და პური ვერ შემოდიოდა ადვილად ამ ქალაქშიო. მეფესა გაეგზვნა ეშიკასბაში გიორგი ციციშვილი და მალხაზ ამირეჯიბი, ნაზირი კათოლიკოსისა ნიკოლოოზ ელიოზიშვილი მოსაშველებელად პურისა; ეგრეთვე ყაზახ-ბორჩალოში გაგზავნა იოსებ კალატოზიშვილი, თარუა არღუთაშვილი და ჰუსეინ-ჰაჯი. ამათ თითქოს განგებ შეთქმითა, ერთ დღეს შემოიტანეს თფილისში 320 ურემი ქართლიდამ და 400 ყაზახ-ბორჩალოდამ. გაივსო ბაზარი პურითა, ჩამოვარდა სიიაფე, და გაიძღო ქალაქმა კუჭი. მცხოვრებნი თფილისელნი ადიდებდენ მეფესა და ჰგიობდენ მაგიებელთა მისთა. _ მარილიცა შეძვირებული იყო და ამისთვის წარგზავნა პავლე მელიქიშვილი და ქალაქისა ნაცვალი სურგუნაშვილი ყულფისაკენ, რომელთაცა წარიღეს ბრძანება მეფისა ყაზახისა და ბორჩალოს სულთნებთან. ესენი წარუძღვენ და მოიტანეს ერთს თვეზედ 200 ურემი და 700 აქლემებითა მარილი მრავლად. „დიდად ბეჯითად მეფობდა, _ იტყოდა იგი გოგია, _ მაგრამ ძმები და მხლებელნი მათნი აშფოთებდნენო. ძრწოდენ ყოველნივე, მეფისაგან იშიშოდენ ძლიერ, მაგრამ არ დასცხრებოდენ ხოლმეო. მიკვირს ეხლაცა მოთმინება და სულგრძელობა მეფისაო. ყმაწვილი ვიყავი, ხმა არ მქონდა დიდკაცებშიო, მაგრამ მესმოდა კარგად ყოველივეო და ბევრჯერ დავფიქრდები ეხლაც და ვიტყვი: რად სჩადიოდენ ასეო? რა კაცნი იყვნენო? რას ეძიებდნენო? სამგლე გოჭივით ატეხილი იყო დიდი და პატარაო!

მართლად იტყვიანო: ღმერთი რომ კაცსა გაუწყრება, პირველად ჭკვას წაართმევსო. იმ დროს აღარვინ იყო რიგიანი კაცი, აღარც სარდალი, აღარც სალთხუცესი, აღარც მწერალი, აღარც მდივანბეგი და აღარც მღვდლმთავარი. ჭეშმარიტად ვიტყვი მხოლოდ ამას, რომ მეფე გიორგი თვით იყო სწორეთ ჭკვიანი, თვით სარდალი, თვით მსაჯული და თვით მღვდელმთავარიო“.

ამბავი ესე მიამბო თვით გოგიამან _ (არა ვუწოდებ გიორგი, რადგან ამა სახელითა „გოგია“ იგი იყო ცნობილი); როდესაც 1847 წელსა მიჩვენა მან ბირთვისისა ციხე დაწვრილებით და ვიყავი მასთან სტუმრად ერთსა ღამესა, ოხვრითა მითხრა მან: „ესრეთისა სიმაგრისა მქონე ქვეყანა, და რავდენი ამისთანა არიან სომხითისაკენ, როგორ უნდა წამხდარიყოო. ჭეშმარიტად ცოდვისა მოგვევლინაო და მტერმან ასე გაგვაქროო!“

ჭეშმარიტია თქმულობა მისი ესე უკანასკნელი და აქა მოსძებნის მეისტორიე წახდენისა მიზეზსა. წინასწარმეტყველისა პირითა მასვე იტყვის ღმერთი, განმგე მეფეთა და მეფობისა. წარვედი და არქვი, _ უბრძანა ღმერთმან ისაიას, _ ერსა ჩემსა ისრაილსა: „არა ვიყო მე წინამძღვრად ერისა ჩემისა: რამეთუ ენანი მათნი უსჯულოებენ და უფლისა მიმართ ურწმუნოებენ“.

ნუ დამცინებენ თქმასა ამას მკითხველნი შრომის ამის ჩემისა. მიიღონ ჰაზრი ესე ანუ თქმულად ტაციტისაგან, რომელიცა ვითარცა წარმართი _ ესრეთვე ეძიებდა რომელთამე დაცემისა მიზეზთა; ანუ თქმულად გიბბონისაგან მეისტორიეს დეისტისა, ანუ თქმულად ბოსვეტისაგან და მიშლესაგან _ ისტორიისა ფილოსოფიურად მწერალთა. მე ვიტყვი წინასწარმეტყველისაგან თქმულსა: მიიღონ სარწმუნოებასა ზედა მერყევთა ანუ ურწმუნოთა ჰაზრი მისი, ვითარცა თქმული კაცისაგან გონიერისა, მამულისა თვისისა მოყვარისა, შორს მხედველისა, დაწვრილებით ყოვლისავე გამომეძიებელისა, მთრთოლარისა სამეფოჲსა და მეფეთათვის თავგანწირულისა, რათა არა გამქრალიყო სარწმუნოება მტკიცე აბრაამისა, ვარსკვლავი ისრაილისა, ძალი და ძლიერება დავითისა, სიბრძნე და მართლმსაჯულება სოლომონისა. აქა კვალად ვსდუმებ. უძლურებამან და დუმილმან კალმისა ჩემისა განაღვიძონ და ასაუბრონ სხვანი...

114[edit]

1799 წელსა მოვიდა ელჩი ყაენისა და წერილი მისი მეგობრული. სთხოვდა მეფესა _ არა დაარღვიოს კავშირი ძველთა საქართველოჲსა მეფეთა ერანის ყაენთანა, რათა არა დაივიწყოს წყალობაები, რომლითაცა სავსე იყო საქართველო, რათა რუსთა არა მიანდონ სვე და ბედი თვისი. ყაენი აღუთქმიდა მფარველობასა თვისსა საქართველოსა ვალისტანზედა, სარწმუნოებისა მათისა არა დევნასა, უფლებასა სახანოებთა ზედა ერევნისა, განჯისა და ყარაბაღისა, ვითარცა იყო მეფისა ირაკლისა დროსა, და უკეთუ ისაჭიროებს მეფე ჯარისაცა გამოგზავნასა 6000 კაცისა ყაენისა ხარჯითა დასაცველად გზათა, რომელნიცა აქვდენ სავლელად ლეკთა, ქვეყანისა ამაოხრებელთა. _ მეფემან მიიღო ელჩი პატივითა და მაშინვე მისწერა წერილი, რომლითაც დაუმალველად და გამოცხადებულად აღიარა საჭიროება ქვეყანისა დასაცველად მინდობით და მიმართვით რუსთა ხელმწიფისადმი. მისწერა მეფემან: „ირანი შეგვექმნა მდევნელად და მტერად ჩვენდა; დაივიწყა სისხლი მეფეთა ქართველთა ჯარისა დაღვრილისა ავგანისტანსა. ირანმან აღწყვიტა ერი და გააოხრა სამეფო ჩვენი. ირანმა აღძრა ლეკი ასაკლებად ჩვენდა. ერთიდაიგივე სარწმუნოება რუსთა ხელმწიფეთა თანა მაიმედებს ქვეყანისა დამშვიდებასა. დარღვევა მათთან კავშირისა, არ შემიძლიან და ვერცა შევირცხვენ პირსა და ვერც გავტეხავ სიტყვასა მიცემულსა. ყოველნივე სასულიერონი და საერონი გვამნი თხოულობენ რუსეთისა ხელმწიფისა მფარველობასა“.

პასუხითა ამით წერილითითა წარვიდა ელჩი. მაშინ ყაენმან მოსწერა წერილი ყარაბაღისა, განჯისა და შაქიშირვანისა ხანთა დასაპყრობად საქართველოჲსა იქონიონ მზად საგზალი და იყოლიონ ჯარი. მეფის ძე ალექსანდრე დროთა ამათ იყო თავრიზსა და იმედეულებდნენ შეწევნითა მისითა, შემოვიდნენ ქართლსა განჯისა გზითა და ფულითა ნაქირავნითა ლეკთა ჯარითა შემოვიდნენ კახეთსა, გარდააგდონ ტახტიდან მეფე გიორგი, შეუკრან და გაამაგრონ გზები რუსეთისა მხრით და გაამეფონ ალექსანდრე, ანუ უფროსი ძმა მისი იულონ. მეფის ძეს ახლდენ ქართველნი: ზაქარია ხერხეულიძე, ადამ ბებურიშვილი, როსტომ საგინაშვილი, თადია ჩოლაყაშვილი და სხვანი. ხანმან ყარაბაღისა აცნობა ესე მეფესა გიორგის და თვით მეფემან დამყარებულმან რუსთა იმედსა ზედა, არ მისცა პასუხი ხანსა, თუმცა მეგობარსა თვისსა. ჰუსეინ-ბეგი ყარაბაღისა, ელჩად გამოგზავნილი ევედრებოდა მეფესა, უბოძოს წერილი ხანსა და მეფე უბრძანებდა სიტყვითა: „რუსთა ჯარი ექვსის დღისა სავალზედ შორავს ჩემგან, დაბარება და მოსვლა მისი აქა ადვილია. ესრეთ აცნობე ხანსა. მე წერილსა ვერ მივწერ; არცა არის რიგი დაუკითხავად რუსთა ხელმწიფისა მქონდეს მიწერ-მოწერა. ზაკვითსა მოქმედებასა ინანებს ირანი, არ შერჩება ყაენთა თფილისისა აოხრება, და სისხლი მცხოვრებთა დაღვრილი აქა. ირანმან წაგვახდინა: რუსეთი გარდაუხდის მაგიერსა ირანსა“. უწერილოდ მისულმან ელჩმან რომელიცა მივიდა უწერილოდ მეფისაგან, განარისხა ხანი ყარაბაღისა და მოიყვანა განცვიფრებასა ესრეთი მეფისა მასთან მოქცევა. აცნობა ესეცა ყაენსა და აღუთქვა მზა ყოფნა თვისი შეერთებისათვის მისისა ყაენისა ჯართან შესასვლელად საქართველოსა და დასასჯელად გაამაყებულისა მეფისა. ორისა თთვისა შემდეგ, სცნო ყარაბაღისა ხანმან და თვით ყაენმან რუსთა ჯარისა შემოსვლა თფილისსა.

115[edit]

ამასვე დროსა იგდეს ხელსა თადია ჩოლაყაშვილთან მოწერილი წერილი თვით მეფის ძის ალექსანდრესაგან და ესრეთივე იოანე ბოდბელთან, მაყაშვილთან, რომელმანცა მიმალა, თუმცა სცნო მეფემან. ერთი ესრეთი წერილი მიიღო იდუმალ ორგულმან მეფისა ჩოლაყაშვილმან და ბრძანა მეფემან შეიპყრან იგი და მისცეს სამსჯავროსა. პყრობილმან და შეშინებულმან გამოაცხადა წერილიცა მიწერილი ბოდბელთან და ორთა სხვათა თავადთადმი, და მეფემან ნაცვლად სასჯელისა (რადგანაც ჩოლაყაშვილი იყო სიძე მეფის ძის ალექსანდრესი), ბრძანა სინანულისათვის მათისა მისცენ ფიცითი წინაშე კარისა ეკკლესიისა ხატისა თელავს, სიტყვა წერილითი ერთგულობისათვის მეფისა გიორგისა და ეკმაოსცა მათ ესე. გულმტკივნეულმან მეფემან და გულჩვილმან უბრძანა იყვნენ დამნაშავენი სიფრთხილით, ებრალებოდესთ ცოლ-შვილნი თვისნი, ვითარცა ებრალვის თვით მეფესა იგინი, არა ღირსნი სიბრალულისა და შეწყალებისა.

იოანე ბოდბელსა მიეწერა საყვედურითი წერილი ესრეთისა სიტყვებითა, რომელ მოიყვანა ძრწოლასა და შიშსა ყოვლადი კახეთი. „ორგული მეფისა და გამტეხი ფიცისა, არღაა მწყემსი ეკკლესიისა _ მისწერა კათოლიკოსმან ანტონი, სიტყვა და თქმა მეფისა _ თვით განიკვეთ ესრეთითა მოქცევითა თავსა შენსა ხარისხიდგან შენისა. _ ნუ მიმიყვან იქამდინ, აღვასრულო იგივე სასჯელი, რომლითაცა დაისაჯა ორგული მეფისა როსტომისა კათოლიკოსი დიასამიძე“ _ შეკრთომილი ბოდბელი, თვით მოვიდა ქალაქსა, წარდგა მეფესთან და მოითხოვა ბოდიში და მიტევება ბრალისა; მიაწერა ბრალი თვით ძმასა მისსა მეფის ძეს ალექსანდრეს, რომელმანცა მოსწერა წერილი უქმად და ყურუგდებლად დარჩენილი. ამით დასხცრა კახეთი და შეშინდა ქართლი. სიმტკიცემან მეფისა მიაჩუმა ბორგვნა მრავალთა, იდუმალ მუშაკთა პირისპირ მეფისა. ესე ამბავი მიამბო მეფის ძემან თეიმურაზ ერთსა და იმავე დღეს, ოდეს მესაუბრებოდა ს. პ. ბ. ხატისა გამო კარის ეკკლესიისა, რომელიცა აქვნდა მას ს. პ. ბ. და რომელიცა შემდგომად გარდაცვალებისა მისისა აქვნდა კვალად მეუღლესა მისა მეფის რძალს ელენეს; და აწ მეფის ძის იოანეს შვილიშვილს იოანესვე.

დიდად შინაურულად შეჩვეული მასთან მოვახსენებდი ხშირად სიტყვასა: „ბატონიშვილო! ხატი ეგე ტაძრისა, სწუხს ტყვეობასა თვისსა, ტაძრისაგან თვისისა დაშორებასა და უცხოობასა შინა მწირობასა“. „ამის მადლი, _ მეტყოდა, _ შემეწიოს მე, როგორ მოვიშორებ მას, მანამ ცოცხალი ვარ“. _ „ჩემი რჩევაა ბატონიშვილი, წარგზავნეთ თელავსა; არ დაუკარგოთ საუნჯე ქვეყანასა და თვისსა ალაგსა. ფასი ხატისა მაგისა, იცის ქვეყანამან, რომელსაცა იგი ეკუთვნის და რომელმანცა იგი ჰქმნა და შეამზადა“.

ზედა წარწერა ხატისა ამის არა მაქვს და მახსოვს ზეპირ ნამდვილ, რომელ იყო შემკული კახთა მეფისა ლევანისაგან. დედოფალიცა თინათინ მეუღლე მისი, იყო მუნ მოხსენებული.[1]


  1. ხატი ესე, შემდგომდ გარდაცვალებისა მეფის რძლისა ელენესა, მეუღლის მეფის ძის თეიმურაზისა, წარმოიგზავნა თფილისს დასასვენებლად თელავისა მეფეთა კარის ეკკლესიასა 1866 წელსა. იოანე ბატონიშვილის შვილიშვილმან იოანე გიორგის ძემან გამოითხოვა იგი და მიიღო თვისდა საკუთრებად, ვითარცა სახლისა მისისა საუნჯე, ძვირფასითა მინანქრის ხელოვნებითა არის ესე შემკული. რიგი იყო, ვითარცა ტაძრისა ხატი, ყოფილიყო დასვენებული თელავს, თვისსავე ტაძარსა შინა თაყვანის საცემლად ქრისტიანეთა, კახეთისა მხარისა, ქართველთა.

116[edit]

მოთხრობასა ზემორესა დაუმატა მეფის ძემან თეიმურაზმან შემდეგი: „როდესაც მე თვით შემდგომად მამისა გარდაცვალებისა წარვედი სპარსეთსა, მაშინ მეფის ძე ალექსანდრე დიდად მყვედრიდა მამისა ჩემისა ესრეთსა მოქცევასა წერილთა შინა მისგან მოწერილთა. მოიხსენებდა მეფესა უშვერად და უკადრისად და სწყევიდა მას. სიტყვანი ესე მოსწყვლიდნენ ჩემსა გულსაო და მაშინ ვსცან მტერობა მისი მამისა ჩემისა სახლისათვის და ბოროტი განზრახვა მისი ძმათათვის ჩემთა. _ შემძაგდა მეფის ძე ალექსანდრე და ვნახე თვით სპარსელთა ქცევა, ბილწი ჰაზრი მათი უსაფუძვლო განმგებლობისათვის და საომრად. ვსცან იგინი არა რაისა მცოდნენი, ყაენისაგან დაშორებულნი, ვერგამბედავნი სიტყვისა თვისისა მეფესთან და სწორისაცა სასარგებლოისა ჰაზრისა არ გამომთქმელნი. დიდად მიკვირდა მდგომარეობა ირანისა, და მეფეთა კარისა, და მოვიხსენიებდი პაპისა ჩემისა კარსა და თვით მამისა ჩემისა, ყოვლად მეფურისა, დიდებულისა, განცხრობითისა, მხიარულებითისა, სამართლიერისა და კარღია ტახტისა მდიდართა, მოკლებულთა, სნეულთა, მშიერთა, ობოლთა, ქვრივთა და პყრობილთათვის. ეხლაც ვეკვირვი, მიხდვით სპარსეთისა და სხვათაცა ევროპიისა მეფეთა, ჩემგან ნახულთა რეინის პირამდინ, მამისა ჩემისა სიმაღლესა და ბრწყინვალებასა; ეხლაც ვხედავ, რომელ ქრისტიანობა არის სამკაული მეფეთა და მასზედა დაფუძნებული მეფობა და განმგეობა ქვეყანისა არის საჩინო, ტკბილი, სამართლიერი და უცთომელი. _ „აი, ჩემო პლატონ, _ მიბრძანებდა მეფის ძე, _ რითაც იყო დიდი კარი მამისა ჩემისა, _ იყო ქრისტეს მოყვარე ყოვლად და ამისთვის იყო მეფე პირველი, თუმცა მტერთაგან გარეულთა და შინაურთა შეიწრებული“.

117[edit]

დიდად ეხაროდა ქართველთა ერის ჩვეულებასა, ოდესცა აღდგომისა დღესა მოერთმეოდა ვეცხლისა სინზედ, მილოცვით დღესასწაულისა, სხვათაშორის საპასექოდ მომზადებულთა სანოვაგეთა, თავი ღორისა მოუხარშავი და მოსახარსავად განმზადებული. _ „კურთხეულმან ვასილი, _ ბრძანებდა მეფე, _ განხსნა ჭამა ღორის ხორცისა, აკურთხა და განსწმიდა, რასაცა მოსე მცნებათა თვისთა უწოდებს ბ ი ლ წ ა დ. თქმული ესე თუმცა არსად სწერია ბერძენთა და ქართველთა წერილებში, გარნა საზოგადოდ ზეპირ თქმულობით, მიაწერენ დიდსა ვასილს. დიდმან ვასილი შემოიღო ესე, რათა ჭამითა ღორის ხორცისა დააშოროს ჰურიანი და ქრისტიანენი და რათა მოქცეულნი ქრისტიანედ და მიმალულნი ურიაობასა ჰურიანი, ადვილად განირჩეოდნენ. ესრეთი არის სადამე განმარტებული დოსითეოს ნეკრესელისაგან“.

ესე დოსითეოს იყო გვარით ჩერქეზიშვილი, კახელი. კაცი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი. მეფესა ირკლის უნებდა ებოძა მისთვის კათოლიკოსობა შემდგომ ანტონისა პირველისა. გარნა არა ჰქმნა მეფის ძემან გიორგი და მიუბოძა შვილსა თვისსა ანტონის. იცოდა კარგად სომხური, იყო კოჭლი დაბადებით. გარდაიცვალა 1789 წელსა. მას შეუდგა ნეკრესელად ამბროსი.

117[edit]

თელავიდამ მოსრულსა დავითს, რექტორსა თელავისა სემინარიისა შემდგომად გიორგისა მოძღვრისა, უბრძანა მეფემან დახედოს ქალაქისა თფილისისა სასწავლებელთა, რომელნიც იყვნენ დროსა ამას: ნათლისმცემელისა ეკკლესიასა, კალოუბნისა, სიონისა, ქაშვეთისა, მეტეხისა და ანჩისხატისა. ასწავებდენ აქა წერასა, კითხვასა, გალობასა, ღრამმატიკასა, კატეხიზმოს ანტონი კათოლიკოსისა სისტემითა. ძველთა სამეფოთა ისტორიასა და სხვა. მოსრულთა ჰასაკსა შინა კერძოდ და არა ყოველგან ასწავებდენ ძველსა და ახალსა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებასა ანტონისავე შედგენილსა. მოწაფენი დროთა ამათ იყვნენ ოთხასამდინ, ვითარცა იტყოდენ თვალით მხილველნი მოხუცნი.

მაისის თთვესა მეფე მიბრძანდა კალოუბნსა და იხილა მოწაფენი ეფრემ მღვდლისა კალოუბნელისა: თვით თვითოეულსა უბრძანა წაიკითხოს დავითნი, პარაკლიტონი, ჟამნი ხუცურად, აგალობნა იგინი და თვითცა გალობდა წირვისა და მწუხრისა საგალობელთა. დიდად განმხიარულდა მეფე, იხილა რა ყრმანი მადლიანად _ ვითარცა სადმე თვით ბრძანა მეფემან, _ მკითხველნი. უბოძა თვითო აბაზი და ამცნო ყრმათა, რათა ეშინოდეს მათ ღვთისაგან და შეიქმნებიან ბრძნენნი და შვილნი ეკკლესიისანი. „დასაწყისი სიბრძნისა არს შიში უფლისაო“ _ ხშირად ბრძანებდა მეფე.

ესე მიამბო თვით მოხუცმან იოანე, ვიკარმან საქართველოჲსა, ეპისკოპოსმან ავალიანმან, მუნ დამსწრემან დროსა ამას. ამასთანავე დაუმატა ესეცა: „ფული თეთრი, რომელიცა მუშაობდა დროთა ამათ ქალაქსა, და რომელიცა მიერთმეოდა მეფესა, ყოველთვის ჩაჰყრიდნენ ადუღებულს ნაცრიანს წყალში და ესრეთ ფულსა განწმენდილსა და ჩირქიდამ მოშორებულსა, მიართმევდენ მეფესა; _ ჯიბე მისი იყო შიოს მარანიო“ _ ე. ი. უხვი და მოწყალე მოკლებულთათვის და მარადის უკლებელი ფულისა. დიდად უყვარდა განსვენებულსა იოანეს მოგონება მეფისა გიორგისა: „ _ იყო კაცი წმინდა, ფაქიზი და მართალი, მოძულე არა წმინდებისა, არცა ერთი ძმა, არცა ერთი შვილი არ იყო, ეგოდენ წმინდა და ღირსი და გონიერი ვითარცა გიორგი, ვითარცა მზე ბრწყინავდა და ვითარცა მთვარე სიდიდით სჭარბობს ვარსკვლავთა, ეგრეთ მანათობელად სჩანდა მეფე გიორგი შორის ძმათა და შვილთა თვისთაო“.

119[edit]

დიდად სძაგდა ალთაფისა დანახვა, და ბრძანებდა სადამე: „არ ეკადრება ქრისტიანესა მისი ქონვა, რადგანაც არის ნიშანი მაჰმადიანობისა. სპარსნი ალთაფასა ჰხატვენ მაჰმადისა გვერდზედ, _ იტყოდა მეფე, _ და ცხონებასა თვისსა მოელიან ალთაფისაგან განწმენდითა“. _ ძმანი მისნი ეცინოდენ ამისთვის მეფესა და ჰგონებდენ უშვერად თქმასა მისგან ალთაფისათვის. დროთა ამათ, თათრობისა დასასუსტებლად, იტყოდა მეფე სიტყვასა ამას. ვერ მხედველნი შორით არა მოიწონებდენ მეფისა ჰაზრსა და გამგენი თქმულობისა მისისა, ნაცვლად ალთაფისა მაჰმადისა სიმვოლისა, ხმარობდენ სპილენძისა თუნგსა ძველთა ქართველთა ერისა ჩვეულებითა.

120[edit]

მეფე ყოვლისა ღონისძიებითა მეცადინებდა, დაესუსტებინა და განექარვა სპარსთა წესნი და ჩვეულებანი, როსტომ მეფისა დროდგან ქართველთა შორის შემოტანილნი და დამკვიდრებულნი. „განამტკიცნეთ კაცნი სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, _ უბრძანებდა ხშირად მღვდელთ მთავართა და არსენისა თფილელსა, არა დიდად მისგან პატივცემულსა, _ შეაყვარეთ ერსა ჩემსა ქრისტე; განთესეთ მცნებანი მაცხოვრისა. სიმტკიცე სარწმუნოებისა სიმტკიცეა მეფობისა და ბედნიერება ერისა. მორწმუნე მეფე და მორწმუნე ერი მეგობარნი არიან ღვთისა და შვილნი მაღლისანი. დამცველნი ქრისტიანობითისა სიწმინდისა, დაიცვებიან განსცდელთაგან. მწყემსსა კეთილსა არა წარუწყმდების სამწყსო სულიერი, მოსავი ჯვარისა არა სადა დაეცემის. ვიყვნეთ მტკიცედ სახარებისა სიტყვათა ზედა; დავემყარნეთ სარწმუნოებისა კლდესა ზედა; ვსასოებდეთ და მივენდოთ ღმერთსა და იგი დაგვიცავს. ნუ ჰგონებთ მტკიცედ საქმესა, თუ ღმერთი არ წარმართებს მას. მოიხსენეთ რუსთველისა სიტყვანი:

„განგებასა ვერ ვინ შეჰსცვლის, არ საქმნელი არ იქმნების“ (192).

„იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია“ (1382).

„მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა“ (981).

დაესხენ, სხვანი სხვად ფიქრობდენ. ჩვენ, ჩემო მოძღვარო, _ უბრძანებდა ევთიმის თვისსა საყვარელსა, _ ჩვენებურად ვიფიქროთ, როგორც გვიწირავს ისე ვსწიროთ. შოთამაც ასრე სთქვა ლექსად:

ზოგთა აქვსთ საღმრთო სიახლე დაშვრების აღმა ფრენითა,

კვლავ ზოგთა ქვე უძსთ ბუნება, კეკლუცთა ზედა ფრენითა (29).

121[edit]

სიყრმიდგან განსწავლული საღმრთოჲთა და საეროჲთა წერილითა, უყვარდა დიდად კითხვა ვეფხის-ტყაოსნისა, ზეპირად, ძველ-დროთა ჩვულებრივითა წესითა, წარმოთქმიდა ოცდაათსა და მეტთა მუხლთა, ეტრფოდა ლექსთწყობასა და გულმხიარულებითა გასაგონად, ტკბილად აბოლოებდა შოთას ტკბილთა ნათქვამთა. კათოლიკოსსა ანტონის პირველსა, რომელსაცა არა სწყალობდა სიყრმიდგანვე, ვითარცა კაცსა პაპისაგან მისისა თეიმურაზისა შეძულებულსა, _ მოიხსენებდა არაკეთილად, რადგან ვერ სცნო ღირსება შოთასი, რადგანაცა დღესა ერთსა 80 დაბჭდილი წიგნი ვახტანგ მეფისავე დროსა, ჩააყრევინა მტკვარსა, ვითარცა წიგნი მავნებელი მკითხველთათვის და მომწამვლელი ქრისტიანეთა გონებისა და გრძნობისა. დიდად ეკვირვებოდა ესრეთისა ბრძნისა კაცისაგან მოქმედებასა. „წიგნი შოთასი, _ იტყოდა მეფე, _ არის მახვილი სახმარი თვისსა დროსა. გონიერი მოიხმარებს და უგუნური მითვე საჭურველითა თავსა თვისსა განიგმირავს. ღვინო არის სამკურნალო, და უგუნური გარდააქცევს საწამლავად, სალოთავად. სიმდიდრე არის ნიჭი ღვთისა: ერთი მოიხმარს კეთილად და მეორე წარსაწყმედელად თავისა თვისისა. ნუუმე ცეცხლი მათფობელი და დამწველი, არის რამე საგმობელი? ბატონი კათოლიკოსი, არა ჩემგან საკიცხველი, შეიქმნა მართლად საძრახისად მწერალთაგან. შოთას თქმულნი ატკბობენ სულსა, ასუქებენ გონებასა, ამაღლებენ გრძნობასა, ავრცელებენ გულსა, ამხიარულებენ კაცსა, დიდებულ ჰყოფენ ქართველთა ენასა, ამუსიკებენ ქალთა და კაცთა, თუმცა არ არის ბევრთათვის დაწერილი, გარნა არა უხმარი ბევრთათვისცა მწერალთა სახედ მწერლობისა, ლექსთა ხმათა შეწყობისათვის, ასოთა დანაკვთობისათვის. აჰა ერთი ესე გვარი ლექსთაგანი:

ლაშქარნი და დიდებულნი მოდრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,

მოახსენეს: მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს.

მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,

მტერთა მკლავნი შეაბუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს (1684).

ხშირად იტყოდა ევთიმისათვის მოძღვრისა თვისისა, რომელსაცა არა უყვარდა ლექსთა კითხვა სოფლიოთა, შოთას თქმულთა:

ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი,

ვით ზღაპარი ასე ესმის, უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ჰფრინავს, გონება უძს ვითა ტრედი (1219).

122[edit]

1799 წელს თთვესა ნოემბერსა 26 შემოვიდა თფილისსა ჯარი რუსისა ე. ი. პოლკი ლაზარევისა. მეფის ძენი დავით და იოანე წინა უძღოდენ მას დარიალისა გზით. მეფის ძე ალმასხან ანუ ვახტანგ, უნებლიეთ მიეგება ანანურსა და თან ჰყვა 30 აზნაური კარისა თვისისა კაცნი და მოხელენი: გოშპარ, დიმიტრი და დურმიშხან კობიაშვილნი; გლახა ჭილაშვილი და გრიგორი ყარანგოზაშვილი პირველობდნენ მათ შორის.[1] გონიერთა ქართველთა უხაროდათ რუსთა ჯარისა შემოსვლა, ვითარცა ერთ მორწმუნისა ერისაგან ელოდნენ ქვეყანისა დაცვასა. მეამბოხენი და მეფისა იდუმალ წინააღმდეგნი იტყოდენ სხვად: განმარტებდენ ბოროტად და ჰგონებდენ მეფობისა და სამეფოჲსა ღალატობასა; მეფემან, წინათ ცნობილმან, მოუმზადა 4000 კოდი პური, რომელიცა ეშიკაღაბაშმან თამაზ ორბელიანმან და სვიმონ ანდრონიკაშვილმან, მეფისა სიძემან, მოატანინეს ურმებითა. სადგურად ჯარსა დაუნიშნეს საბურთალო ახლოს მტკვრისა, 12 ხაბაზნი აცხობდნენ ჯარისათვის პურსა თფილისსა და გოდრებით ურმითა მიაქვნდათ. მესამესა დღესა სალდათთა თვით იწყეს ცხობა პურისა ფეჩში მომჟავოდ: ვერ იამათ ჩვენებურად მცხვარი პური. დიღმისა მოურავნი დღე-ყოველ უზიდავდენ შეშასა... მასვე დროსა მიეწერა ფიცხელი ბრძანება ნინია სუმბათიშვილსა ნათლუხისა მოურავსა, კომლზედ სამოურავოჲსა მისის შესწერდეს თითო ურემი შეშა რუსისა ჯარისათვის და მომზადდეს ესე დეკემბრისა თთვისათვის 1800 წლისა. მეფე განვიდა ცხენითა საბურთალოს, მიბრძანდა და ნახა; დაიკრა მუზიკა, გამოეჭიმა ჯარი; ღენერალმან მოართვა რაპორტი რუსულად და ქართულად დაწერილი. _ მიუახლოვდა მეფე და უბრძანა მაღლის ხმითა: „გამარჯვება ქრისტეს მოყვარესა მხედრობასა“, მაშინ შეჰკივლა ჯარმან სიმრთელე მეფისა, რუსთა ჩვეულებითა. „ვეცდები ღენერალო, არა დავაკლო არა რაჲ ჯარსა; რასაც მოითხოვთ აღგისრულდებათ!“ _ ესე იყო დილით. რავდენნიმე ასნი კაცნი დააყენეს თფილისსა, სადაცა შემოვიდა ჯარი მუზიკითა, და წინა უძღოდა 15000 კაცი მცხოვრებთაგანი და იყო ციხიდამ სროლა ზარბაზანთა და რეკა ზართა.

ამასვე დღესა საღამოზედ კვალად წაბრძანდა მეფე სანახავად მათისა ბანაკისა და ისიამოვნა დიდად ხილვა სალდათთა, თავისუფლად, კარგათ ჩაცმულთა და მომღერალთა, სიმღერანი მათნი ბოხისა ხმითა ყვირილითა, ცქვიტად წარმოთქმული, მოიყვანდა მეფესა განცვიფრებაში, _ „გმირული მღერაა, რუსთა სიმღერაო, სარდალო, _ უბრძანებდა იოანე ორბელიანსა, _ მხნენი უნდა იყვნენო. ახლა ვხედავ და მრწამს, რომ ადვილად შეგვიშინებს და მოერევიან ჩემთა მტერთაო. ამათ ვერ დაუდგება ვერცა ლეკი, ვერცა სპარსი და თურქიო. ჩემისა ქრისტეს ძალითა, განსვენებით ვიქმნებით ამიერიდგანაო. _ მაცხოვარო! შენ შეგვეწიე!“ _ წარმოსთქვა მეფემან ქუდ მოხდითა.

შემდგომდ ათისა დღისა (იგულისხმება 1799 წ. 26 ნოემბერს თბილისში რუსული ჯარის შემოსვლიდან ათი დღის შემდეგ, ე. ი. 5 ან 6 დეკემბერს) ინება მეფემან მოსმენა რუსულად წირვისა. მოვიდა ბატალიონისა მღვდელი და მგლობელნი სალდათნი სასახლისა წმინდისა გიორგისა ეკკლესიასა. ყოველი იყო რუსულად. დიდად მოეწონა მეფესა წირვისა წესი, მგალობელთა მოიყვანეს მეფე ლმობიერებასა და ბრძანა: „უცხოთ სცოდნიათ გალობა“. მოხსენებისა დროსა იმპერატორისა და სახლეულთა მისთა მღვდელმან მოიხსენა მხოლოდ მეფე და დედოფალი. მემკვიდრემან დავით იწყინა ესე და აყვედრა მღვდელთა რუსულისა ენისა მცოდნეთა ზაქარია სიდამონსა, იოსებ წინამძღვარიშვილსა და იოანე ქართველოვსა [2] დავიწყებისათვის მისისა, ოდეს მისცემდენ იგინი რუსისა მღვდელსა წირვისათვის დარიგებასა. _ შემდგომად წირვისა მეფემან მიიწვია ღენერალი და მღვდელი თვისთანა სადილად და მგალობელთა რუსთა სალდათთა თვით თვისის ჯიბიდამ მათთან ამოღებული უბოძა 4 მანეთი ფულად წვრილისა აბაზებისა.


  1. გოშპარ, დიმიტრი და დურმიშხან კობიაშვილნი და გრიგოლ ყარანგოზაშვილი 1803 წელსა იყვნენ აღშფოთებულისა არაგვის წინამძღომელნი. მერეთ შეიპყრეს რუსთა და დაბორკილნი დაატუსაღეს ანანურისა ციხეში. აღდგომისა დღესა ესენი გადმოცვივდენ მაღლისა კოშკიდამ და ივლტოდენ მთიულეთისა მთებში. ფეხმოტეხილი გოშპარ იბრძოდა პირისპირ რუსთა. უკანასკნელ შემოირიგეს და დამშვიდებულნი ცხოვრობდენ სახლთა შინა თვისთა.
  2. ამათ ესწავათ რუსული ასტრახანში. იოსებ წინამძღვრიშვილი იყო მოძღვრად, საქართველოსა განმგეჲსა კნიაზ ციციანოვისა და გარდაიცვალა მოხუცი 1827 წელსა. იოანე ქართველოვი იყო მასწავლებელად თფილისის საკეთილშობილოსა სასწავლებელსა, რომელიც გამართა კნიაზმან ციციანოვმან 1803 წელსა და გარდაიცვალა 1816 წელსა. ზაქარია სიდამონიშვილი კახელი გადაჰყვა მეფის ძეს მიხაილს და რადგან ორჯერ მიიღო საჩუქრად ჯვარი ოქროსი, ეწოდა მას „ორჯვარა დეკანოზი“. მოკვდა მოხუცი 1834 წელსა თელავს უკუმოქცეული რუსეთით.

123[edit]

მომწონებელი რუსისა ჯართა წყობისა, ჰგონებდა წარევლინა შვილი თვისი უფროსი პირმშო მეორის ცოლიდამ მიხაილ, იმპერატორისა პავლესადმი. დროსა ამას იყო ესე, ვითარცა თვით მიამბო, 17 წლისა. დაიბარა კოვალენსკი, რეზიდენტი და უბრძანა მომზდება შესაბამისისა წერილისა. ნოემბრის თთვისა 8, დღესასწაულსა მთავარანგელოსისა მიხაილისასა, წარიგზავნა წერილი ესე; გარნა მასვე წელსა გარდაიცვალა მეფე გიორგი და ორის თთვისა შემდეგ თვით იმპერატორიცა პავლე. ამისთვის დაშთა ჰაზრი ესე და განზრახვა უქმად. მეფის ძე მიხაილ თვით ბრძანებითა დედოფლისა დედისა, წარვიდა რუსეთად და არღა მხილველი სამშობლოჲსა ქვეყანისა, გარდაიცვლა 82 წლისა ქალწულებითისა ცხოვრებითა 21 ნოემბერს 1861 წელსა და დასაფლავდა ოქროპირისა ეკკლესიასა ალექსანდრე ნევსკის მონასტერსა, სამარხოსა ძმათა და ნათესავთა თვისთა.

124[edit]

დიდ-მარხვის 5 კვირიაკესა, მწუხრად მიბრძანდა მეტეხსა, დღესასწაულობისა გამო ტაძრისა დუჯდომლობისა. მოიხილა ადგილი გარემო ტაძრისა და ძველნი ნეშტნი მეფეთა სასახლისა. თვით ამოწმებდა საძირკველთა დანაშთენთა იმგვრგვლივ კლდოვანისა მის ადგილისა, რომელსა ზედაც ვახტანგ გორგასლანისა დროდგან როსტომ მეფისა დროდმდე (455-1630) იყო სასახლე საქართველოჲსა მეფეთა, და თვით ეკკლესია, ვითარცა კარის საყდარი.

ბრძანა და განაჩინა დაფუძნება მუნ სასახლისა და განწმენდა ადგილისა მცხოვრებთაგან, რომელთაცა აქვნდათ მუნ სადგურად დროებითად მიცემული, ანუ ეკკლესიისა მსახურთა, ანუ ეკკლესიისა ყმათა, ანუ სასახლისადმი მიწერილთა მოხელეთა და მხლებელთა.

განსაკვირვებელად მეფისა და ქალაქისა მცხოვრებთა პასექისა შემდგომად, ოდეს განსწმედდენ ადგილსა აღშენებისათვის ჯერეთ ახლოს ეკკლესიისა 30 ჯაზანდრის ადლისა სიგრძეზედ, მტკვრისა მხარეს, პლანისამებრ ანუ სახისა, ხატულისა მეფესთან მყოფისა ნემეცისა დეიტრიხისა (?), დაეცა მეხი თვით ადგილსა მას. შეშინებულმან მეფემან შეაყენა შენობა მუნ თვისდა სასახლისა. მცხოვრებნი თფილისისა მორწმუნენი და ურწმუნონი, ბუნებისმეტყველნი და ღვთისმეტყველნი, თვისებრ, სხვად და სხვად განმარტებდენ ესრეთსა შემთხვევასა. თვით მეფე მიეცა შიშსა და ოცნებასა; ბნელი იგი რაღაცა საიდუმლოობითი კაცთა ბუნებისა, შთაუხდა გონებასა და სულსა მისსა და მორჩილმან მარადის უხილავისა ხელისა, ხელითა ხილულითა ეძებდა მარადის სამკურნალოსა მოწყალებითა, რომლისაცა იწყო გაცემად ქვრივთა, ობოლთა და გლახაკთადმი. მაშინ შიშმა ღვთისა დამატა ლოცვასა ლოცვა, ვედრებასა ვედრება და ცრემლთა ლოცვითთა, ცრემლნი.

125[edit]

დღესა ერთსა მოახსენეს მეფესა, _ იტყოდა იოანე მდივანი ბეგთაბეგიშვილი, _ უხვებამან თქვენმან და გაცემამან გამოლივა საკუჭნაო თქვენიო“; მეფემან უბრძანა პასუხად: „უხვსა მეფესა არ მოაკლდება საუნჯე; ვითარცა შიოს მარანსაო. მოწყალება, _ კარიაო სასუფეველისა განმღები. მოწყალესა კაცსა, მოციქული პავლე, შეადარებს თვით ღმერთსაო“.

127[edit]

მეფისა გიორგისა სიცოცხლისავე დროსა ძმა მეფის რძლისა ზურაბ სწერს ქ. ასტრახანითგან შემდეგსა წერილს მამასა ჩემსა:

„ჩემო ხელმწიფევ ეგნატი! უფალო ნათლიავ!

ამას წინად ფოშტით კნიაზმა მაგათსა უგანათლებულესობასა არზა მოართვა და მცირე ხანს დაცლა სთხოვა იმ ნივთისა; ეს ნუ მომიკვდება და შენმა მზემა ყოვლის ცდით ვცდილობთ, რომ ამ შენობის ცოტა რამ გაკეთება დავანახოთ ქვეყანასა და მერე სახელმწიფო ხაზინიდამ თეთრი ავიღოთ პირველათ მაგათს უგანათლებულესობას ვაახლებთ. ამაზე ხათრიჯამი იყავით და ნუ სწუხართ.[1]

ამ თთვის 23 მაგათ უგანათლებულესობას კნიაზისათვის ბაბახანის შვილის თავრიზსა მოსვლა ებრძანა; აქაც ბევრის ამბავს აჭორებენ ბაბა ხანისასა; ღმერთმან ქნას, რომ ამათი დიდებულებიდან სამხედრო წარმოევლინოს ჩვენს ხელმწიფეს. ღრაფ-კამერღერი მუსინ-პუშკინი მოვიდა პეტერბურხიდამ. ვოენი გუბერნატორთან კნორინღთან მიდის. ასე მოგახსენებენ, რომ ოსეთის გზა უნდა დაჩხრიკოს, ორი დღის მოსულ არის, ჯერ კნიაზს არ უნახავს; თუმცა უნდოდა, რომ მაშინვე ენახა, მაგრამ თავის შეუძლებლობის მიზეზით ვერ ნახა და ასეთს ყოფაში ბრძანდება, რომ შეგებრალებათ და დღისით შენობისა მიზეზით ადგება, გავა საღამომდინ ოსტატებს თავს ადგა; ძალიან ბეჯითად ვამუშავებთ იმ ზემორე აზრის მიზეზით.[2]

ჩვენს ხელმწიფეს ბატონის რძლისათვის მეფისაგან სოფლის ბოძება ებძანა. ღმერთმან ბედნიერებაში მოახმაროს; ვიცი ესეც შენი გარიგებული იქნება.[3]

....

წელსა 1800,
ივნისს 25,
ვასტრახანს“.


  1. ძმანი მეფის რძლისა ჰპირდებოდენ ფულისა გამოგზავნასა, ნაცვალ გებითსა წოდებისათვის თავადობისა, ოდეს მამა მათი სვიმონ აღა წარვიდა რუსეთად დიდისა საუნჯითა თვალთა და მარგარიტთა ნადირ-შაისაგან ნაქონთა. იმპერატრიცამან ეკატერინა ანუ იმპერატორმან პავლე შეისყიდეს ესე და უბოძეს მამული პოლშისა მხარეს. და თვით წოდებისა გამო მათისა მეფისა წერილსა შინა თავადად, დარჩენცა კნიაზად რუსეთისა.
  2. ეს კნიაზი უნდა იყოს ამ წერილის ავტორისა და, ასევე, მეფის რძლის ელენეს მამა სვიმონ აღა აბიმელიქი, რომელსაც გიორგი მეფემ თავადობა უბოძა _ (ი. ხ.).
  3. მეფემან გიორგი უბოძა პირის სანახავად თვისსა რძალსა გურჯაანი, სახასო კაცები, მარცანი სოფელი და ქარვასლა ქ. თფილისს.

128[edit]

აპრილისა თთვისა დღეთა შინა მოუვიდა მეფეს წერილი ომარ-ხანისა ავარელისა, სადაცა იყო შეხიზნული მეფის ძე ალექსანდრე. ომარ-ხანი მცოდნე საქართველოსა შინა გზათა და კვალთა, ამაოხრებელი სურამისა, ჭალისა, _ აბაშიძეთა სოფლისა და ახტალისა, _ მელიქიანთ სადგურისა, _ სთხოვდა მეფესა, რათა მისცეს წილი სამეფოჲსა ძმასა თვისსა ალექსანდრეს; რათა კავშირისა გამო ჯერეთ მამისა დროსავე მისისა ირაკლისა, ეგზავნოს ყოველ წლოდ დანიშნული საჩუქარი ანუ ხარჯი მას ავარიისა ბატონსა და ოსოქოლისა[1] პატრონსა. _ დიდათ მიაჩნდათ სოფელი ესე ოსოქოლა, სადგური ხანთა, შეუვალი მტერთათვის, ექვსასისა კომლისა შეჭურვილისა ლეკისა ბოღაზი და ნაყოფიერებითა მდიდარი მთა ადგილთა შორის. თვით ომარ იყო მბრძანებელი და თავად მრთელისა დროთა ამათ დაღესტანისა.

მეფე ერიდებოდა ავარიისა ხანსა; იცოდა ძალი მისი და ხმა, რომელიცა აქვნდა დაღესტნელთა ზედა. ხანი ესე ადვილად შეჰყრიდა 20000 ლეკსა. 6000 ლეკი ცხენოსანი, გულხადარა მზად იყვნენ ბრძანებასა ქვეშე მისსა. გარდა ამისა აქვნდაცა დიდი ნათესაობითი კავშირი ერთობისა ყარაბაღისა ხანთან, იმ დროითგან, ოდეს გამაოხრებელმან ჭალისა, წარიყვანა ტყვედ ორნი დანი აბაშიძისა ქალნი და მათგან ერთი თვით ჰყვა ცოლად და მეორე მიართვა ძღვნად ყარაბაღისა ხანსა.

მეფემან მისწერა წერილი ერთი არაბულად თვით ომარ ხანსა და მეორე ძმასა თვისსა ალექსანდრეს. პირველისა წერილით აუწყა ომარ-ხანს, „რომელ კავშირი მასთან მას არ დავიწყებია; ელის დროსა უკეთესსა, რათა უფრო მტკიცედ დაამყაროს იგი მასთან. დაღისტანი სიმტკიცეა ჩემიო, _ სწერდა მეფე, _ უკეთუ ავარიისა ხანთა შეწევნითა და ძალითა დამშვიდდება ლეკი და არღა შემოვა თარაფ-თარაფად (გუნდ-გუნდად) ასაოხრებელად სოფელთა, მე ვარ პირმშო მამისა ჩემისა, მეფედ დამტკიცებული რუსთა, სპარსთა და თურქთაგან. ძმათა ჩემთა და თვით ალექსანდრემან, არა ინებეს ჩემი მეფობა, გამექცნენ და მით აშფოთებენ ქვეყანასა. ურჩიეთ თქვენცა მას, დამემორჩილოს მე და მივსცემ მას სოფლებთა და ადგილთა სარჩოდ, რაცა ვერ მისცა მას მამამან ჩვენმან. თუ დამშვიდდება ალექსანდრე, მე და ჩემი ქვეყანა გავმდიდრდებით და მაშინ კავშირი და ერთობა თქვენთანა უფრო მეტი იქმნება; _ დავახლოვდებით ძველთა ჩვეულებისამებრ და სარგებლობაცა ჩვენგან ყოველთვის ექმნება დაღესტნელთა, _ ეხლა მდგომარეობა ქვეყანისა ცუდად არის: აღრეულობისა გამო გაღარიბდა ერი ჩემი. რუსთა მფარველობისა არ უნდა ეშინოდეს არცა ძმასა ჩემსა, არცა დაღისტნელთა“.

მეორითა წერილითა ძმასთან, ამცნებდა მას ტკბილად ქრისტეს სიყვარულისათვის დასცხრეს, მოვიდეს მისდა და მიიღოს ყოველივე, რასაცა შეიძლებს მეფე მისდა მისანიჭებელად. მისცა აღთქმითი პირობა შეფიცებითა წინაშე ძელისა ჭეშმარიტისა, ჰყოს იგი კმაყოფილი. „მეფობისა დათმენა არ შეიძლება, ძმაო ალექსანდრე, _ სწერდა მას, დაეცემა მეფობა, უკეთუ განუყოფ მე სამეფოსა ძმათა ჩემთა. ვის უქმნია ესე და არ უნანია? ნუ ექმნები მტერი ოჯახსა და საქრისტიანოსა. დამიახლოვე ავარიისა ხანი: შენზედ უკეთესსა შუამდგომელსა მასთან კაცსა, მე ვერ ვიპოვნი. _ ნუ იქმნები ორგული ქვეყანისა: აჩვენე ერთგულება მეფობასა გაოხრებულსა და ამით ადიდე შენი სახელი. ამ ჩემ წერილთან მოგივა კათოლიკოსისაცა წერილი ვედრებითი. ამბორს გიყოფ შორიდამ და გელი მალე. მომეშველე და ვიყვნეთ სიყვარულით სიყვარულისათვის ქვეყანისა“ [2].

პასუხი წერილთა ამათ არა მოერთო მეფესა. ომარ-ხანსა მოუკვდა დროთა ამათ ცოლი აბაშიძეთა ასული და იგლოვდა. ალექსანდრე ჭარიდამ ნუხისა გზითა წარვიდა სპარსეთად და ელოდდა მალე ლეკთა ჯარითა კახეთში შემოსვლასა.


  1. ოსოქოლო (ონსოქოლო, უნცუქულ) _ სოფელია დაღისტანში (ყოისუბუში შედის).
  2. ესე წერილი დაწერა მეფისა მდივანმან იოანე ბეგთაბეგოვმან, რომელიცა გარდაიცვალა 1838 წელსა, თვით მისგან ვიცი ესე. მანვე მიამბო რომელ მეფე გიორგი ხშირად მათქმევინებდაო ძველად თქმულსა სიტყვასა მოლექსეთაგან: როსტომ სთქვა, სიბერკაცითა სიტყვა სათქმელად გაჭირდაო, ასსა ლიტრასა რკინასა კბილ-ქვეშ შევიდებ, კნატს ვუზამო, ალაზანსა და იორსა დავეწაფები, ყლაპს ვუზამო, იქით მთასა და აქეთსა ხელს მოვუჭირებ რახტს მე ვუზამო, თავსა მოსულსა დიაცსა, მე იმას ვერას ვუზამო.

129[edit]

ჩერქეზ ქირმანის ბატონმან უცმან, ალექსანდრე მეფის ძის სიმამრმან და მეფეთა თანა დაახლოვებულმან ადრითგან, მოართვა მეფესა გიორგის 6 ცხენი ყაბარდოული, ორი თეთრი და ოთხი სხვისა ფერისა, ტანოვანნი და ძლიერნი. დიდ სხეულოვნებისა გამო მეფისა, ვერ სადამე უძლებდნენ მას ცხენები და ამისთვის გამორჩევით, მცნობმან მოყვარემან მოართვა მას ძღვნად. _ იამა მეფესა და მიუძღვნა ნაცვალგებისა საჩუქარი მას და რიცხვით სახლეულისა მისისა ქალთა ოთხი ბეჭედი ალმასისა იაგუნდ მოდებულნი თანასწორისა ფასისა და ხელოვნებისა და გულსაკიდი მარგარიტისა ძეწკვი. თვით მას წარუვლინა დიდი საგზაო აზარფეშა ვეცხლისა შიგნით მოოქროვილი და თოფი, რომელიცა ადრევე აქვნდა ნაჩუქრად ინგლისისა ვაჭრისაგან, თფილისს მოსვლისა მეფისა ირაკლისავე დროსა.

კაცთა საჩუქრის მომტანთა უბოძა ტანსაცმელი მდიდარი და შესაბამი მათდა იარაღი და გაისტუმრა ლიახვისა ხეობითა, იმავე გზითა, რომლითაცა მოვიდნენ. _ ესენი ჩააბარა მშვიდობითისა მგზავრობისათვის იასე მაჩაბელსა, ლიახვისა ბატონსა და დავით ამირეჯიბსა, იმერეთისა მესამზღვრეთა და მოყვრობით იმერეთისა და მეგრელიისა თავადთა თანა დამოკიდებულთა. ამბავი ესე მიამბო მეფის ძემან მიხაილ დამსწრემან საქმისა ამის. ერთი ცხენთა ამათგანი იყო თვით იგი, რომელიცა შემდგომად ლეკთა ჯარისა და ალექსანდრე მეფის ძისა მათ თანა ყოფისა ომსა საგარეჯოსა ახლოს (ნიახურას) დამარცხებისა წარუვლინა თვისისა უნაგირითა ღენერალს რუსისა გულიაკოვსა ძღვნად, და მიაგება ავლაბრისა თავსა. ესრეთ, ვითარცა ძლევამოსილი შეჯდომით მეფისა ცხენზედ შემოვიდა ქალაქსა და პირდაპირ წარდგა იგი მეფესთან, სნეულებით საწოლსა ზედა მდებარესთან და მიულოცა ერთობ ქართველთა და რუსთა ჯარისაგან გამარჯვება პირველი, და ძლიერი, სახელოვანი და საიმედო შემდეგთა დროთათვის. ლეკთა ბაირაღები მოტაცებული მძლეველთაგან, მოაქვნდათ თვით ლეკთა ტყვედ შეპყრობილთა, ეგრეთვე ზურნა და დაფი ლეკებისა. მცხოვრებნი ქალაქისა ავლაბრიდამ სასახლედმდე მოჰყვებოდნენ ძლევა მოსილსა ღენერალსა ზურნითა, და დაფითა და საყვირითა; მეფის ძენი იოანე და ბაგრატ, რომელნიცა დაესწრნენ ბრძოლასა ამას დიდსა და სახელოვანსა, და რომელნიცა დააჯილდოვა იმპერატორმან პავლე ბოძებულთა მათდა 2 ხარისხისა იოანე იერუსალიმელის ორდენითა, _ იდგნენ მარჯვნივ და მარცხნივ; დიდი და ვრცელი დროთა ამათ მოედანი სასახლისა გაივსო მაყურებელთაგან. დედოფლი მარიამ, და მეფის ასულნი მუნ დამსწრენი შეხაროდენ მძლეველთა. განმხიარულებულმან მეფის ასულმან რიფსიმე, ადრევე მცნობმან ღენერლისა, წაიძრო თითიდამ, ვითარცა თვით მიამბო, ბეჭედი ფირუზისა და უბოძა მას საჩუქრად. მიხედვით მაგალითისა ამის დედოფალმან უბრძანა მოხელესა თვისსა მოართვან ბეჭედი და ერთიცა სამ-იაგუნდ სმული ოქროჲს ბეჭედი ხელითა თვისითა უბოძა ღენერალსა. თვით მეფემან, ოდეს ღენერალი მოვიდა და აკოცა მკერდსა, აკოცა თვით შუბლზედ და უბრძანა სიტყვანი ტკბილნი. „მივსწერე იმპერატორსა პავლესაო მხნეობა შენი: იმედი მაქვს დაგაჯილდოოსო დიდად“.

აქვე იყვნენ შეკრებილნი კათოლიკოსი ანტონი, არსენი თფილელი, იუსტინე მთავარეპისკოპოსი და სომეხთა ეპისკოპოსი ოჰანეზ თფილისისა.

ესრეთითავე დიდებითა და დღესასწაულობითა წარუძღვნენ მას სახლად თვისად, რომელიცა იყო ახლოს მეფის ძის დავითის სასახლისა მტკვრისა კიდესა ზედა. ესე იყო დილით 11 საათსა, დღე იყო, თუმცა ნოემბრისა თთვისა, მზიანი, მშვიდი და თფილიო, _ მიამბო მანვე მეფის ასულმან რიფსიმე.

აქავე დაუვიწყებლობისათვის ვიტყვი ამასაცა, რომელ მეფემან ირაკლი იხილა შვილი თვისი ალექსანდრე, არა კეთილად მქცევი და მოუძებნა ცოლად ქალი ქირმანის ბატონისა ყაბართოდამ, მოიყვანეს ქალი ესე 12 მოახლითა 14 წლისა თფილისს, წითელისა თალათინითა მშვენიერად წელ-რტყმულითა ზორტებითა, იშვიათისა მშვენიერებისა. შემდგომად ორის კვირისა ნათელ სცეს მას სასახლისა ეკკლესიასა, უწოდეს სახელად ნინა, მეფის ძე ალექსანდრე ცივად ექცოდა სასძლოსა თვისსა და ქალმან ჯერეთ ჯვარ-დაუწერავმან იგრძნო ობლობა თვისი და მწუხარებითა დუმილითა განატარა 6 თთვე, მოწყლული გულითა დაჭლექდა და გარდაიცვალა და დასაფლავდა თფილისს, მეტეხისა ეკკლესიასა შინა.

130[edit]

შემდგომად რუსთა და ქართლისა ნიახურას გამარჯვებისა, მეფემან გიორგი, სნეულად საწოლსა ზედა მდებარემან, მისწერა დესპანთა თვისთა შემდეგი წერილი:

„ჩვენ მაგიერად მის ბრწყინვალებასა ჭავჭავაძეს, უფალს ეშიკაღაბაშს, ყაზახის მთავარს და ამირას გარსევანს და კნიაზს ავალოვს, _ თანა განმზრახსა ჩვენსა გიორგის, და კნიაზს ფალავანდოვს,[1] მდივანს ელიაზარს, მრავალი მშვიდობითი სუფევა და სიყვარული ეუწყოსთ: აქაურს ამბავს აქიდგანვე თქვენც კარგად შეიტყობდით. დაფარულად რაოდენს საქმეს ცდილობდნენ, მოწერა აღარ ვინებეთ, საქმით გამოცხადება შეუყენეს. ბაბა ხანის შვილი და მისი სარდარი როსსიისა მხედრობისა ამოსაწყვეტად და საქართველოსა დასაპყრობად რომ მოვიდნენ ერევანს, ალექსანდრე იმათთან მივიდა აქედგან გაქცეული. იმათ იქიდგან წიგნი და კაცი მოსდიოდათ; ჯარი შეიყარეს ამათ, მოვიდნენ, მაგრამ ღვთისმშობლისა მოწყალებამან განაქარვა მათი განზრახვა. მათისა დიდებულებისაგან როსსიის მხედრობის მოშველება რომ შეიტყვეს ყიზილბაშთ, წავიდნენ შეშინებულნი. იქიდგან უქმად დარჩომილი ალექსანდრე შუშის ხანთან მივიდა; ომარ-ხან დაბარებული ჰყვანდათ; ომარ-ხან რომ ჩამოვიდა, ალექსანდრე, იბრაიმ-ხანის შვილიც იმასთან ომარ-ხანთან მივიდნენ; დიდი ჯარი შეიყარეს; ჯარის მნახავნი კაცნი ასე ამბობდნენ: ოცდაათი ათასი არისო, რომელნიც გაღმიდგან გამოდიოდნენ, მაგარამ ათასი კაცი მეტი იყო. ომარ-ხან, ალექსანდრე და მათთან სხვანი წამოვიდნენ საგარეჯოს, მარტყოფს დამდგარიყვნენ; აქედგან ესენი მისულიყვნენ, ვისთანაც შეთქმულობა ჰქონდათ; იმათით როსსიის მხედრობა და ჩვენ ამოვეწყვიტენით; ომარ-ხანს და იმათ საქართველო დაეპყრათ, მაგრამ ეს კი არ იცოდნენ, ომარ-ხან და ჭარელნი საქართველოს იმათ აღარ დაანებებდნენ. ნიახურას რომ მოვიდა ომარ-ხან, უფალნი ღენერალნი[2] ქიზიყს მისულნი რაოდენისამე როსსიისა მხედრობით და ჩვენი შვილები იოანე და ბაგრატ კახეთისა მხედრობითა ნიახურას მოეწივნენ; ნოემბრის შვიდს სამი საათი დღისა დარჩომილი იყო, რომ მოწივნენ და მყის თანა შეებნენ; სადაცა ბინა ჰქონდათ და განზრახვა მისვლისა, იქ არ მიესწრათ, ქრისტეს ღვთისა და ღვთისმშობლის მოწყალებით შეებნენ და სძლიეს და ფრიად მრავალი მოსწყვიდეს. ჯონგათაის თავი აქ მოგვივიდა; ომარ-ხანის დიდად დაკოდვას ანბობენ იმათის ჯარით მოსრულნი.[3] ჩვენ ახლა ამისთვის გწერთ ამ წიგნსა, ამათ ამისთანა მაგათის დიდებულების სამუხანათო საქმე და ჩვენი ამოსაწყვეტი განზრახვა არ მოიშალეს. ჩვენის თავისა რომ დავუთმოთ, მაგათის დიდებულების მხედრობის ამოწყვეტა როგორ დავითმინოთ? მაგათის დიდებულების საფარველი რომ მოაკლდეს საქართველოსა, საქართველოდგან ქრისტიანობის ნათელი აღდგება (ე. ი. განქარდება _ პ. ი.). კურთხეულის მეფის მამის ჩვენისა ანდერძიც ასე გვაქვს, თქვენც კარგად იცით. ამჟამად ღვთისმშობლის მოწყალებით მძიმე სნეულებისაგან განვთავისუფლდით; სრულიად სიმრთელეს რომ მივიღებ ქრისტეს ღვთის მოწყალებით, არაგვს ავალ, არაგვსა და საბატონიშვილოებს ჩამოვართმევ; ვიდრე ჟამადმდე დავდუმდები, მაგრამ ამათის მხრისაგან მეშინის მტერთა ჩვენთაგან შემწეობით, როსსიის მხედრობას (არა) შესცოდონ რა; ვინ იცის ამათგან მოხსენდეს რა მაგათის დიდებულების დიდებულსა კარსა. თქვენ იცოდეთ მიზეზი საქმისა ამის. ჭეშმარიტებაა, ვიდრე აქამდისინ მრავლისაგან მრავალი დამითმენია, მაგათის დიდებულებისა მხედრობისა მუხანათობა და მაგის უძლეველის მხედრობისა ვნება კი ჩვენგან არ მოითმინება. ჩემი სული უნდა დავსდვა მაგათის დიდებულებისა და მხედრობისათვის მათისა; ღვთის შემდგომად მაგათი დიდებულება არის ყოვლის მხრით ჩვენი შესავედრებელი. წელთა ჩყ (1800). ნოემბრის იბ (12). ქ ა რ თ ლ ი ს ა დ ა კ ა ხ ე თ ი ს ა დ ა ს ხ ვ ა თ ა მ ე ფ ე გ ი ო რ გ ი. უვარგობა კი არ იქმნება, ასე იცოდეთ, გ ი ო რ გ ი“.[4]


  1. მოხსენებულნი აქა გვარნი ავალიშვილისა და ფალავანდიშვილისა არიან თქმულნი რუსულისა ენისა მიბაძვით „ავალოვად“ და „ფალავანდოვად“. ესე ნამდვილი, რომელიცა აქვს დღეს უგანათლებულესს ირაკლის ალექსანდრეს ძეს, არის დაწერილი კიკოლა დიაკვნისაგან.
  2. გულიაკოვი და ლაზარევი. ესე ომი აღარ აღვწერე, რადგან რუსთაცა აქვსთ აღწრილი და ქართულადაცა არის აღწერილი.
  3. ომარ-ხან დაჭრილობითა ამით მოკვდა ზაქათალას და მუნვე მეჩეთში დასაფლავდა.
  4. ესე მიმატებული ესრეთ თვით მეფესა მიეწერა. აქა იგულისხმებს მეფე, რომელ მოღება საუფლისწულოთა და არაგვისა ძმათაგან, უვარგისი ანუ უსარგბლო არ იქმნებაო; წერილსა ამას ნამდვილსა, რიცხვი არ უზის. მხოლოდ გარსევან ჭავჭავაძეს მეორეს გვერდზედ დაუნიშნავს რიცხვი მიღებისა: „28 დეკემბრსა 1800 წელსა მივიღე“. დღე ესე არის დღე მეფის გარდაცვალებისა.

131[edit]

დღეთა ამათ შფოთისა და ამბოხისა ძმათაგან და გარე მტერთა, მოერთვა მეფესა, ოთხთავე მართლმადიდებელთა პატრიარქთა კურთხევითი წერილი და ნაცვალგებითი საჩუქრები და ხატები გაგზავნილთათვის საჩუქართა და შესაწირავთა, ვითარცა მოსახსენებელად განსვენებულისა მეფისა ირაკლისა, ეგრეთვე წარსამართებელად გამეფებულისა გიორგისა. სამი ესეთი ხატთაგანი დღესაცა იპოება ჩემსა სახლში და მაქვნან თაყვანისსაცემელად; ესე არის კვიპაროზისა ფიცარზედ ამოჭრილი ხატები საუფლოთა დღესასწაულთა, მეორე ჯვარი და მესამე სადაფისა ხატი... სხვანი ესე ვითარნი ჯვარნი და ხატნი წარავლინა მეფემან ეკკლესიათა შინა კახეთისა და ქართლისა და ჯვარნიცა მოსახმარებელად ტრაპეზთა ზედა, გამიგონია 200 თუმნისა ნივთნი ვეცხლისა და ოქროსი წარავლინა საბერძნეთსა მეფემანო და ფულად 80 თუმანი, დროთა ამათთვის უფულობისა და ქვეყანისა გაოხრებისათვის ლეკთა და სპარსთაგან, _ არა მცირედი ამასვე დროსა მოერთვა კონსტანტინოპოლით პატრიარქისაგან ხატი ფიცარზედ ნახატი „წყარო ცხოვრებისა“. დღესაცა ჰგიეს ესე წმინდის გიორგის კარის ეკკლესიაში.

132[edit]

ამასვე დროსა პატრმან დამიანე ანკონელმან, მოსრულმან რომითა თფილისად, მიართვა მეფესა წერილი პაპისა პიოს მეექვსისა. წერილითა ამით სთხოვდა პაპა მაგალითისამებრ მამის მისისა გარდაცვალებულისა, აქვნდეს მფარველობა მღვდელთა ზედა გამოგზავნილთა მოციქულთა ქალაქიდამ საქართველოს. სწერდა მადლობასა პატივისცემისათვის მათისა კათოლიკეთა სამწყსოჲსა და ეკკლესიისა განმგეთა. ლათინთა ზედა ენასა დაწერილი ეპისტოლე ანუ ბულლა გარდმოიღეს ქართულად ექიმმან რომში აღზრდილმან კათოლიკემან სომეხთა გვარისა შარიმანაშვილმან,[1] რომელიცა მოკვდა თფილისსა 1836 წელსა. წერილი ესე ნამდვილი და თარგმნილიცა ქართულად აქვნდა დავით თუმანიშვილსა, ეგნატი თუმანიშვილისა ძმასა (გარდაიცვალა 1832 წ.). ვის დაშთა იგი არა ვუწყი.

იოანე ყარაევმან კათოლიკემან ექიმმან მეფისა გიორგისა, მომითხრო ამბავი ესე და სთქვა: „დიდად იამა მეფესა წერილი პაპისაო, და იკითხა, რატომ არ იციან ხატითა ანუ ჯვარითა დალოცვაო. თუმცა არა ვარ პაპისა სარწმუნოებისა, გარნა ვარ მეფე ქრისტიანეო და თვით პაპა არის მღვდელმთავარიო. რიგია იცოდეს მეფეთა პატივიო“.

პატრი დამიანე, მომრთმევი წერილისა შეწუხდა მეტად ესრეთითა სიტყვათა გამო. მაშინ მეფემან განამხნო და ბრძანა ნუგეშად პატრისა აცნობონ თვისსა ენაზედ პატრსა, რომელ მეფესა დიდათ ეყოლები პატივითა და სიყვარულითა. „არა ვარ თქვენისა სარწმუნოებისა, _ ბრძანა მეფემან, _ ვარ ო რ თ ო დ ო ქ ს ი (ხშირად ხმარობდა ლექსსა ამას ბერძულსა, რომელიცა ნიშნავს „მართლ-მადიდებელსა“). გარნა მიყვარან პატრნი სიწმინდითისა მათისა ცხოვრებისათვის, გულისა კეთილისა ქონვისათვის, ქველის მოქმედებათათვის, რომელსაცა იქონიებენ გლახაკთა, ობოლთა და სნეულთა მზრუნველობისათვის. _ ჩემო პატრო, იყავ განსვენებით, დაახლოებით ჩემისა კარისა, შემიწიე თუ საჭიროება რაიმე გაქვნდეს“.

განმხიარულებული პატრი წარვიდა სახლად თვისსა და შემდგომად გარდაცვალებისა მისისა, მწუხარე და კურთხევითა მომხსენებელი მეფისა, 1801 წელსა თვითცა გარდაიცვალა ქ. თფილისსა.

მისსა მოადგილედ დაშთა პატრი ფილიპე, კაცი მაღლისა სათნოებისა და აღმაშენებელი ლათინთა ეკკლესიისა თფილისსა და დამაფუძნებელი სასწავლებელისა ყრმათათვის ფრანგთა, სასტუმროჲსა სახლისა, _ შესაწყნარებელად უცხოთა კაცთა და სასნეულოჲსა, _ საკურნებელად სნეულთა უპოვართა. 1859 წელსა გარდაიცვალა 77 წლისა და დასაფლავდა აღშენებულსა მისგანვე მცირესა ქვა-კუთხიანსა ეკკლესიასა ზოგადსა ფრანგთათვის სასაფლაოსა სოლოლაკის მთისაკენ მშვენირსა და თვალსაჩენსა ადგილსა.


  1. ვჰგონებ ერქვა მას სტეფანე, ამან შეადგინა ლექსიკონი ბოტანიკური მცირე ბალახთა და მცენარეთათვის სამკურნალოთა. შემდეგ იოანე მეფის ძემან დაურთო ესე თვისგან ქმნილსა ლექსიკონსა. ნ. დ. ჩუბინოვმან შეიტანა ლექსნი ესენი თვისსა ლექსიკონსა, რომელიცა დაბეჭდა შემდეგ დავით ჩუბინოვმან.

133[edit]

სნეულობისა დროსა მოუბარმან მეფემან ინება გამოკითხვა ლექსისა „მღვდელი“ მნიშვნელობისა. მოახსენა იოანე ოსესშვილმან განმარტება ლექსისა, გაგონილი მზეჭაბუკ დიამბეგისაგან ორბელიანისა,[1] რომელსაცა წარეკითხა ესე წერილთა შინა თფილისის მიტროპოლიტისა ნიკოლოოზისა:[2] ლექსი „მღვდელი“ არს იგივე „ღვთისა“ ლექსიდგან წარმოებულიო ე. ი. ღ ვ თ ე ლ ი, მ ღ ვ თ ე ლ ი, მ ღ ვ დ ე ლ ი ანუ ღ ვ დ ე ლ ი. აქედამვე წარმოსდგა ესეცაო, რომელ მეფენი ღვთისა ცხებულნი იყვნენ მასვე დროსა გ ვ ა მ ნ ი ღ ვ თ ი ს ა ნ ი ო ე. ი. ს ა ღ მ რ თ ო ნ ი ო. აქედამვე შემოვიდა თქმულობა დიაღ ძველი ქართველთა შორის და ხმარებული გლეხთაგანცა სოფლებში: „მ ღ ვ დ ე ლ თ ა დ ა მ ე ფ ე თ ა“ _ ამით იგულისხმებოდა არა უპირატესობა მღვდელთა მეფეთა ზედა, ვითარცა აწ ჰგონებენ მრავალნი შეცთომით, არამედ ესე, რომელ თვით მეფენი იყვნენ ერთსა და მასვე დროსა მღვდელნიცა და მეფენიცა დროთა წარმართობისაცა.

მეფე გიორგი, ოდესცა მოისხამდა სუფრაზედ მღვდელთა, უჩვენებდა მარადის ახლოს თვისა ადგილსა და უბრძანებდა ყოველთვის „მ ღ ვ დ ე ლ თ ა დ ა მ ე ფ ე თ ა!“ _ „მაღალი ხარისხი არის მღვდელთმთავრობა, _ ბრძანა მეფემან თვით, _ აქვს უფლება შეკრვისა და განხსნისაო. ესე უფლება არ მისცემია არცა ანგელოსთა და არცა მთავარ ანგელოსთაო. სამოსი მათი ბისონი არის სამოსი მეფეთა, დიდისა წმინდისა კონსტანტინე კეისრისაგან მირთმეული. ამით აღიყვანა ეპისკოპოსი ერთსა და მასვე თვისთანა სამეფოსა პატივსა...“ ***


  1. ესე მზეჭაბუკ იყო ორბელიანი (ყაფლანიშვილი) კაცი რიტორი, მცოდნე ძველისა და ახლისა ფილოსოფიისა. განსწავლეს იგი ვინცღა ისე დიაკონმან (ვინ იყო ვერ ვსცან, _ ესრეთ ადვილად იკარგება ახალთა დროთაცა ამბავნი) _ მოძღვრად მისსა იყვნენ ზაქარია სომეხთა ვართაპეტი იტალიაში აღზრდილი და ზაქარია გაბაშვილი მოძღვრად წოდებული. _ იყო ტანით და სახით სრულიად ეზოპე. გარდიცვალა 1794 წელსა. მოწაფე მისი იყო მამა ჩემი ეგნატი.
  2. მისგან დაწერილისა წიგნისა ბოლოს სწერია ესეცა:
    „ქართული ქორონიკონი ჯდებოდა ოივ, მეთოთხმეტეს მოქცევაში ვიყავით. მთავარნი ესე ასოთანი ძველადვე ქართველთ ეწერათ და არღარავინ სწავლულ იყო ამისა, თვინიერ უხუცესისა ძმისა ჩემისა სულხან საბა ორბელიანის ძისგან კიდე. მასცა მამისა ჩემისაგან ესწავა და მან მე მასწავა. ჟამსა მას რომელთა ინებეს, ხელთაგან ჩემთა ისწავეს, არამედ ვერ სწორ ქმნულთა ჩემთასა! მას ჟამისა მეფენი და შემდგომნი მათნი მოწლედ (?) ჰყვარობდნენ ამა წერასა. მე ქართველთა, იმერელთა და კახთა მეფეთ დედის ძმისწულმან და საქართველოს მოსამართლეთ უხუცესის ორბელის ძემან მროველ ეპისკოპოსმან და აწ თფილელ მიტროპოლიტმან, უღირსმან ნიკოლოოზ ანბანი ესრეთ დავწერე; ტრფიალი მსწრაფლ გულისხმა ჰყოფს და მოსურნე ადვილ მიხვდების. _ ურთიერთარს დაქსელვა და გვარ-კეთილობა საჩინო მიქმნიეს, და უმეტესსა გვარსა ნუ ვინ შესძინებს. ჩემსავე ცხოვრებასა ვიხილე ჩემ მიერ სწავლულის მიერ, ვითაც მას ენება ეგრე გვარიან ჰყოფდა. თუ ვისმე ძალედვას, სხვა თვით მოიგონოს და ჩვენსა პირველად მყოფსა შლად არა ჯერარს. გვარი და ერთმანეთში დაქსელვა ესრეთ ხამს. გულისხმიერისაგან სხვა და სხვა რიგად დაიქსელვის, ტანის სისხო ყოველთავე სწორად ჰხამს. მე თხოვებულის თვალით დავსწერე: რამეთუ ვიყავ ორმოცდაათთექვსმეტისა წლისა მის წერაშია, მხილველთაგან შენდობასა ვითხოვ. ღვთის სიყვარულისათვის ჩემი სიმძიმე იტვირთეთ და სჯული ქრისტესი აღასრულეთ. ქალაქსა დიდსა სამეუფოსა შინა მოსკოვს, 1728. აგვისტოსა“.
    დაუკარგველობისათვის ამისსა, ესე აქა დავსდევ, ნუ მრისხვენ მკითხველნი „მეფისა ცხოვრებისა“ მწერლსა.

134[edit]

ლეკნი წოდებულნი ქალაქსა მეფისა მცველად, ითხოვდენ დანიშნულსა ჯამაგირსა. თფილისისა ქალაქისა შემოსავალი არა ეკმავა ამათ. ამისთვის ებრძანა მელიქსა დარჩიას შეაწეროს მოქალაქეთა და უფრორე შემძლეთა კაცთა ფული. სომეხნი დრტვინვიდენ, გარნა მისცეს საკმაოდ და არა გაწერილისამებრ. მეფემან უბრძანა მელიქსა, გამოუცხადოს სომეხთა ვაჭართა რომელ „შემოხიზნულნი საქართვლოსა დაიცვებიან ქართველთა ძალითა. აქვსთ ვალი ეწეოდენ გულითა ქვეყანასა გაჭირვებისა დროსა. შეუწუხებლივ არა იქმნება რა: ერბო-კვერცხისა ჭამისა მოსურნემან უნდა გატეხოს კვერცხი. _ გამოუცხადე მათ არ იყვნენ უმადლონი ქართველთა“.

ჰგონებდა სადამე მეფე, რომელ სომეხთა შფოთისა იქნებოდა თანაზიარი ყორღანაშვილი ოსეფა, ამილახვარი დედოფლისა დარეჯანისა. მაშინ მოახსენეს მეფესა, რომელ თვით ყორღანაშვილმან მოსცა მელიქსა ოთხი თუმანი. სდუმნა მეფემან და არა მომლოდინემან მისგან ესრეთისა მოქცევისა, _ რათა არა აწყინოს დედოფალსა უბრძანა საიდუმლოდ მელიქსა: „გულითა ჰქმნა ესე, თუ ჩემსა მოსტყუებლად?“. პატივცემულად მეფისაგან იყვნენ მოქალაქენი გურგინბეგი სტეფანე, ფითუაშვილი და მენთუაშვილი. სომეხთა გვარი ემდურვოდა ამათ, ვითარცა მეფისადმი დაახლოებულთა კაცთა და მჩაგვრელთა დანაშთენთა სომეხთა. _ ხშირად სადამე ეტყოდა სომეხთა თფილისელთა ფითუაშვილი უფრო მიჩნეული: „ძალი ქართველთა მეფისა ჩვენი ღონიერებაც არისო, რატომ არა ხედავთ და არა სინჯავთ: ერთს ბედნიერებაში ვართ ჩვენ სომეხნი აქა, სპარსეთსა და ოსმალოში?“

ესრეთ ლეკთა ჯარითა დაცული მეფე იყო მწუხარედ და მაშინ შევიდა კოვალენსკი და მიართვა წერილი იმპერატორისა პვლესი. წერილითა ამით სთხოვეს მეფესა სომეხთა მელიქსა ჯიმშიდ შახნაზაროვსა და ფრიდონ ბეგლაროვსა, სურვილისმებრ მათისა ებოძოს ადგილი ყაზახში, რათა დაასახლონ თვისნი ყმანი სომეხნი, დევნილნი სპარსთაგან. „ამისთვის იკვრიან ესენი პირობითაო, _ სწერს პავლე, _ დაიცვან ძალითა თვისითა სამეფო თქვენიო, კეთილობისათვის სამეფოჲსა თქვენისა და სიბრალულისა გამო ვითარცა ქრისტიანეთა მივიღე მე ესენი ჩემდა ქვეშევრდომად და მოვაჩემებ საქმესა ამას, მიიღო იგინი ვითარცა სტუმარნი და უბოძოთ დასასახლებელად ადგილი თხოვილი და უფლებაცა თვისთა სომეხთა ზედა, ვითარცა აქვნდათ მათ თვისსა ქვეყანასა. 3 ივნისს 1799 წელსა“. _ მეფემან ესე ვერ ჰქმნა და უბრძანა მინისტრსა სიძნელე საქმისა და ესეცა, რომელ თვით სომეხთა არა სურდათ მათი ბატონობა ჩემს ქვეყანაშიო. გარნა აღსასრულებელად პავლეს სურვილისა უბოძა გრამატა, რომლითაცა აძლევს ლორესა, შამირაღისათვის კალკუტელისა სომხისა. თუ ეს შამირ-აღა მოვა, ანუ მისი შვილიო, მაშინ, _ სწერს მეფე, _ ლორეს მას მივცემ და სამგიეროსა თქვენაო.

135[edit]

1200 კაცსა ლეკსა მეომარსა ეძლეოდა თთვე და თთვე ჯამაგირი თვითოს თთვეში 30 მანეთი. _ მესამესა თთვესა მათისა თფილისს ყოფნისა, გაუორგულეს ძმათა იულონმა და ალექსანდრემან. ბელადი მათი, ერთგული კაცი მეფისა, მივიდა და მოახსენა ესე მეფესა. მეფემან არა შეამჩნევინა შიში, რომელსაცა მიეცა თვით. უბრძანა ბელადსა მადლობა და სიფრთხილე. მეორესა დღესა დილით, ახლად გაღვიძებულმან მეფემან იხილა 150 ლეკი სასახლისა თვისისა წინარე მისრული და რეცა მთხოვნელი დაპირებულისა ჯამაგირისა. გამობრძანდა გადმოკიდებულისა მოედნისაკენ ბალკონსა და იქიდამ დიდისა ზახითა უბრძანა, _ შედგნენ და მაშინვე მოუწოდა ქართვლთა ქეშიკთა ანუ მხლებელთა. ესენი მსწრაფლ ყოვლისა კუთხისა სასახლისა გადმოცვივდნენ ხანჯლებითა, კეტებითა და გაყარეს ლეკები შეშინებულნი. დროსა ამას გააფრთხილა მეფემან არავინ მოკლან ლეკი. იქმნა ძიება. ბელადმან გამოაცხადა ღალატი ძმათაგან მეფისა და გარია ღალატობაში კუზიანი მელიქი, მაღაქელაშვილი და შიო თუმანიშვილი. ძიებიდამ გამოცხადდა, რომელ სამთა უკანასკნელთა პირთა იცოდნენ ესე და შიშისათვის ძმათა მეფისა ვერ მოახსენეს მეფესა; გარნა ღალატობასა შინა და ორგულობასა არა ერივნენ. ამისთვის უბრძანა ჯარიმისა გარდახდა და წაართვეს მათ 400 თუმანი ფულად და ვეცხლად. ამ ფულითა მიეცათ ჯამაგირი ლეკთა და დანაშთენისა ჯამაგირისა გარდასახდელად დიდძალი ვეცხლისა ნივთნი საკუთარნი, დააშლევინა და მოაჭრევინა ფულად. ლეკები დაითხოვა, რადგან შემოდიოდა რუსისა ჯარიცა. მემანდერად ლეკთა იყო მიჩნეული ხიდისთაველი თომა, მეღვინეთხუცისშვილი, მცოდნე კარგად ლეკურისა ენისა.

ძმა თვისი იულონ დატუქსა კათოლიკოსისა პირითა და განაძია თფილისიდამ. „ნუ მიმიყვანს იქამდინ, რომ სპარსთა და მეფეთა უფლებითა დავთხარო თვალები“, _ შეუთვალა მეფემან. მაშინ წარვიდა იულონ ქართლისაკენ. ალექსანდრე, მამისავე თვისისა დროსა გაქცეული და ახალ მეფობაში უკუ მოქცეული თფილისად და მიღებული კეთილად მეფისა გიორგისაგან, შეშინდა და კვალად გაიქცა სპარსეთად.

შიომ თუმანიშვილმან, მაღაქელაშვილმან და კუზიანმან მელიმან დარჩია, მეორედ შეჰფიცეს ერთგულობაზედ და ჩამოართვეს წერილი მათ მოღნინისა სომეხთა ეკკლესიაში თანა დასწრებითა მათისავე ეპისკოპოზისა ოჰანეზისა, ქალაქისა მოურავისა ევსტატი ციციშვილისა და ეშიკაღაბაშისა ასლან ორბელიანისა. მილახვარი ყორღანაშვილი იდუმალ გარული ამა საქმეში, არა დასაჯა მეფემან დედოფლისა გამო დედინაცვლისა და ბრძანა მისთვის: „მაგისა ფიცსა არა მივიღებ. ეგ არის მყრალი პატრუქი, ბჟუტავს და აყროლებს. მაგისი რიდი არავის უნდა აქვნდეს, თვით მოჰკლავს თავსა თვისსა. ახლდეს დედასა ჩემსა. მეფისაგან მოძულებული, ღვთისაგანაც არის მოძულებული. არა გავერევი მისსა სისხლშია. სისხლსა სისხლითა არა დიბანენო. ვარ მეფე და ვიქონიებ მოთმინებასა და სულგრძელებასა, რომლითაცა განშვენდებიან მეფენი, ღვთისაგან დადგინებულნი მაღლად.

136[edit]

ჯერეთ მეფისა ერეკლესავე დროსა 1767 წელსა მოახსენეს იმპერატრიცასა ეკატერინას სიმდიდრისათვის ოქროჲსა და ვეცხლისა და სხვათა მადნებისა საქართველოსა შინა. ღრაფმან აპოლონ მუსინ-პუშკინმან მოსთხოვა იმპერატორსა პავლეს 20 სეკდემბერს 1799 ბრძანება წასვლისა საქართველოდ. მოსვლადმდე მისსა თფილისსა მეფემან გიორგი სცნო მისვლა მისი ლინიასა, უბრძანა გარსევან ჭავჭავაძეს წარმოავლინოს მუსინ-პუშკინი მასთან. მოსრულმან ახტალას განიხილა ალავერდის მადანი და ჰპოვა, რომელ ერთსა წელიწადს მოსცა ბერძენთა 445 ლიტრა (ლიტრა 9 ფუთი), და ყოველ თთვე გამოჰქონდათ 30 ლიტრა ვეცხლი და 2000 ფუთი რუსული ტყვია. ამავე ვეცხლიდამ გამოარჩევდენ ლიტრიდამ 30-მდე მისხალსა ოქროსა. 800 კაცი მუშაობდა მუნ მეფისა ხარჯითა, მეფემან გიორგი გასცა ესე იჯარით და ბერძენნი თვითოსა ლიტრისათვის აძლევდენ მეფესა 160 ფუთსა.

18 სეკდემბერს 1800 წელსა გრაფმან მუსინ პუშკინმან აცნობა იმპერატორსა პავლეს. მაშინ იმპერატორმან უბრძანა გამოსთხოვოს მეფესა, რათა პირობაებითა გარდაეცეს მადანი ესე და სხვანიცა რუსთა მემადნეთა უფლებასა. მეფემან გიორგი ინება მოურიგდენ სომეხთა მოიჯარადრეთა, რომელნიცა აძლევდენ წელიწადში 12000 მანეთსა, რათა გარდაეცეს ესე თვით გრაფსა მუსინ-პუშკინსა. 8 ოკდომბერსა 1800 წელსა მოვიდაცა ბრძანება იმპერატორისა, რათა შეიკრას პირობაები მეფესთან.

ღრაფმან პუშკინმან მოსწერა წერილი ლინიით მეფესა 16 ნოემბერს 1800 წელსა განსწავლულისა მემადნისა ვიხვალდის ხელითა და პირობაებიცა:

1) გარდაეცეს რუსეთს მადნები საქართველოჲს სამეფოჲსა.

2) მიეცეს საუკუნოდ საჭირო მადნებისათვის ტყე, წყალი, და ესე ვითარნი სახმარნი.

3) მიეცეს უფლება ციხეთა და სიმაგრეთა აშენებისა და მიენიჭოსთ მუშაკთათვის მემადნეთა საკმაო სახნავი მიწა პურისა მოსაყვანათ და სათივეებიცა.

4) გადაეცესთ მადნებიცა ესრეთი, რომელთაცა იპოვნიან სადმე რუსნი.

5) ჩააყენონ მადნებში მუშაკნი იმერელნი, ქართლელნი, კახელნი, ოსნი, ყაზახელნი, ბორჩალოელნი და სხვანი და დაბინვებისათვის მუნ მათისა, მიეცესთ ცხოვრებისათვის შეწევნა.

6) ეძლეოდესთ პური ქართლიდამ, ყაზახ-ბორჩალოდამ ფასითა, როგორც ფასობდეს ადგილობრივ.

7) უკეთუ მებატონეთა მამულებში გამოსჩნდეს მადანი, ესეცა მათ მიეცესთ.

პირობაებათა ამათ მეფე იყო თანახმა და აღსასრულებელად დაუდვა თვით შემდეგნიცა პირობაები:

1) დაიცვას სამუდამოდ რუსეთმა სამეფო მისი მტერთა დაცემისაგან.

2) მიეცეს მეფესა ერთ-დროებით ფული ნაცვლადი.

3) მიეცეს მადანთა დასაცველად 3000 რუსთა ყარაული.

მაშინ მეფემან დაამტკიცა კონტრაქტი და დაუსვა მას ბეჭედი მეფისა და დედოფლისა. მოაწერეს მას ხელი ღენერალმან ლაზარევმან და მღვდელმან მადნისა იოსებ წინამძღვრისშვილმან.

ღრაფმან მუსინ-პუშკინმან 5 იანვარს 1801 წელსა წარადგინა ესე ხელმწიფესთან შემდგომად მეფისა გარდაცვალებისა და შეიცვლა ახლისა მთავრობისაგან ჰაზრიცა მეფისა და მდგომარეობაცა ქვეყანისა განმგეობითი (პოლიტიკური).

1801 წელსა მუსინ-პუშკინმან იწყო მუშაობა მადნებისა და 3 წელსა ვერა რაჲ ჰქმნეს. კნიაზმან ციციანოვმან 1803 წელსა იხილა ესე მძიმედ მმართებლობისათვის და უნებდა შეყენება მუშაობისა. მუსინ-პუშკინი მწუხარებით მოკვდა თფილისს და დასაფლავებულია ჯვარის-მამის ეკკლესიასა. მუშაობა შედგა ვითარცა დღეინდელად დღედმდე.

კნიაზმან მ. ს. ვორონცოვმან განიხილა ესე ადგილი და საქმეცა დაწყობილი ძველად. მეცა მიახლო თვისთან (მასთან მოგზაურობაცა ჩემი აღვსწერე და დავბეჭდე რუსულად თფილისს 1850 წელსა) და გამოძიებით გზათა ცუდთა მუნ მისასვლელად, არღა ინება დროდმდე განახლება მადანთა ამათ მუშაობისა.

137[edit]

დედოფალმან დარეჯან, მჯდომარემან დედოფლისა მარიამისა თანა რძლისა თვისისა, რომელიცა მშობიარედ იყო ირაკლიზედ, უკანასკნელსა შვილზედ, მოახსენა მეფესა სამდურავი კარისა კაცთათვის, რომელნიცა ატარებენ ენათა და იქმონენ ამბოხთა. „იმ დღესაც მოგართვი ხოხბებიო და კარისა კაცთა გაებედნათ ეთქვათ არა მიირთოთ, მოწამლულნი იქნებიანო. აბა რა სათქმელია და როგორ მოსათმენია? უნდა მოვკლა და ვინა? შვილი ჩემი და მეფე? შვილი ხარ ჩემი და რა პასუხი უნდა მივსცე ღმერთსა, რომ ეს ვიფიქრო? _ იმდურებით ჩემს შვილებზედ. რა ვჰქმნა, აგერ ორი თვეა ალექსანდრე გამექცა. მიხარიან ესე? მიმართა თათარსა და მე ხელს მოუმართავ როგორმე? რომელი შვილი დავწყევლო? რომელი შვილი მოვჰკლა? თქვენცა გყვანან შვილები. რომელსა გაიმეტებთ მოსაკლავად და შესაძულებლად?“ _ მეფე შესწუხდა და მოვიდა ლმობიერებასა და იტყოდა დედოფლისა დასამშვიდებლად სიტყვათა.

დედოფალი დარეჯან ჰგონებდა მეამბოხედ და აღმაშფოთებელად სამეფოჲსა სახლისა მაყაშვილსა ალექსანდრეს, რომელიცა იყო დიდად მიჩნეული მეფისა გიორგისაგან და მისგან მეგობრად ხადილი.

მეფემან შემდგომად ვრცელისა საუბრისა ინება და სთხოვა დედოფალსა დედინაცვალსა თვისსა, დაშთეს მათთან სადილად და განატაროს მათთან დღე. დედოფალმან პატივსცა და დაშთა სადილად. სადილზედ განმხიარულებულმან დარეჯანმან უბრძანა მეფესა: „შვილო ჩემო! 4 წლისა დამხვდი, როდესაც შემოვედ სამეფოსა სახლსა, შვილი იყავ ჩემი და მე დედა ვიყავ, არ უნდა მალე დაივიწყო წარსული დრო, და არცა ალერსი ჩემი შენდა ყმაწვილობისა დღეთა. სხვა რომ არა მქონდეს რა შენთან ამაგი, ეს ხომ არის დაუვიწყებელი ჩემგან. ავად შეიქმენ 4 წლისა და რა გვარითა მეცადინეობითა, მოგიარე და მოგარჩინე. არც ერთ ჩემს შვილზედ ესოდენი ამაგი არ მიმიძღვის“. მაშინ, დედოფლისა დარეჯანისა მუნ მეფესთან ყოფნისა დროსა, მოართვეს მეფესა ბრძანება იულონთან, აახლოს ეშიკაბაშსა თვისსა ალექსანდრე მაყაშვილსა დავით აბაზაძე, რომელიცა მიდიოდა იმერეთსა წერილითა სოლომონ მეფესთან. იკითხა დედოფალმან ჰაზრი დესპანობისა; მეფემან მრისხანედ უბრძანა პასუხად: „სოლომონ მეფესა წაურთმევია ხატი ჩემისა სიძისა დადიანისათვის ხატი ვლახერნისა. და თუ არ უბრუნა და არ დასცხრა სოლომონ, ამოვაგდებ მეფესა იმერეთიდამ“. დიდი ფიცხელი მიწერა იყო ესე მეფისა გიორგისაგან, და კვალად უფიცხელესი თვით იულონთან, მე პირნი მათნი არა მაქვს და წამიკითხავს იულონის შვილთან ლუარსაბთან, რომელსაცა აქვნდა იგი. დამსწრე ამა მოთხრობისა ეგნატი იოსელიანი იტყოდა: ამოიოხრა მეფემან და მოახსნა დედოფალსა დარეჯანს: „მაწუხებენ და მოთმინებიდამ გავყავარ ამათაო“.

138[edit]

მეფე იქმნა სნეულებითა დამძიმებული. მოახსენეს ბრძანოს გათხოვება მეფის ასულის თეკლასი. ბრძანა, დალოცა, აკურთხა და დასწერა ჯვარი ვახტანგ ყაფლანიშვილზედ, რომელიცა იყო ძე თავადის დიმიტრისა. ესე ქორწილი იყო 7 სეკდემბერს 1799 წელსა. მეფესა უყვარდა დიდად და გამორჩევით დაჲ თვისი თეკლე.[1] თვით მეფისა ასულისაგან თეკლასა გავიგონე ესე, ოდეს მობრძანებულმან ჩემსა სახლსა ინება და ნახა 1829 წელსა სნეულად მდებარე მამაჩემი ეგნატი: „მპირდებოდა და უეჭველად დამზითავდაო, უკეთუ დაეცალა ღმერთსა მეფისათვის, ძმანი ჩემნი და დანი მართლად სძულობდენო მას; _ შური მეფობისა იყო მიზეზი ესრეთისა სიძულვილისაო. ვერ გავამართლებო ვერცა დედასა ჩემსა დედოფალსა დარეჯანსაო, ვერც ძმათა და დათა ჩემთაო, კარგად ვიცი, რომ აწუხებდენ მეფესაო. უბედურება იყო მოსული ჩვენსა სახლზედაო, ვიყავით ღირსნი დასჯისაო და დავისაჯენითო. ვიტყვით მრავალსა, ვაბრალებთ მრავალთა, ვეძებთ მიზეზთა, რომელთაგანცა რა მოხდა, მხოლოდ განგების საქმე გვავიწყდებაო: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩვენთაო, რუსთა მთავრობა საჭირო იყოო ქვეყანისათვის, დევნილისა თათართაგან და ქრისტეს სახელისა მოძულეთაგან, სცდებიან იგინი და სცოდავენ ღმერთსა, რომელნიცა აბრალებენ ძმასა ჩემსა გიორგის ქვეყნისა გაცემასა და სამფოისა დაცემასა. ამას კი გაბედვით ვიტყვიო, რომ რუსეთსა არა ეკადრებოდა, რომელ დასტოვა სამეფოისა სახლისა წევრნი ულუკმოდ. არავინ იყო მთქმელი და მომხსენებელი დიდისა რუსთა ხელმწიფისა, _ მიეხედნათ რა გვარად უზრუნველჰყო დიდმან პეტრე მეფე ვახტანგ, ძენი და ასულნი მისნი, თავადნი და აზნაურნი, მეფისა მხლებელნი, _ ძნელია მამაშვილობამ, ჩვენი მდგომარეობა და რა გაეწყობა? კვალად და კვალად იკურთხოს ღვთისა სახელიო“.

მამა ჩემი ეგნატი დიდად იყო ფრთხილი, სიტყვისა წარმოთქმისა. გარნა მოსრული გრძნობათა სისავსესა, ესრეთისა მეფის ასულისა საუბარისა გამო, აღიმაღლა ხმა და მოახსენა:

„ბატონიშვილო! მესმის ყოვლივე და ვიტყვი მოკლედ გოდებითსაცა ჩემსა სიტყვასა: არვინ ველოდით რუსთაგან ამას, რასაცა თქვენ მიბრძანებთ; ახლა ვჰხედავთ რაოდენ ძნელი ნათესავი ყოფილა. ძლიერნი ძალთა სიმრავლითა, თურმე ყოფილან სუსტნი ზრდილობითა, უცნობნი კაცთა, არა დამფასებელი ღირსებათა, ცივად მხედველნი, ცივად მგრძნობელნი; მეფენი მათნი თვისთა ერთაგან დაშორებულნი, და ვითარცა ტყვენი ვეზირთა ხელთა შინა, რომელთაცა უწოდებენ მინისტრებად. მიხედეთ ამათ მართლმსაჯულებასა? განა კაცი დააწყობს ესრეთსა სამსჯავროსა? აზიურთა და ძველთა ჩვენთა სჯულის-დებათა ეცინიან რუსნი. განიხილონ რომელია უკეთესი, უმოკლესი და უმეტეს მართლ-მსაჯულებითი? ქრთამიო, ტყვიან, გარნა ესოდენი და ესრეთი მექრთამეობა შესაძლებელია სადმე? რა გაეწყობა! ესრეთ კეთილად დაწესებული სამეფო, ვითარცა საქართველოისა, სარწმუნოებითა, ეკკლესიებითა, მონასტრებითა, მდივან-ბეგობითა, სწავლითა და ხელოვნებითა, გუთნითა და ხვნითა, თესვითა და მკითა, პატიოსნებითა და ზრდილობითა აღსავსე, ესრეთ ბრწყინვალე სამეფოისა ტახტითა და თავად-აზნაურობითა, სამღვდელოთა წესითა და საეროისა სიმდიდრითა: თოფითა, ზარბაზნითა და ხალხისა სიმხნითა და ვაჟკაცობითა ჩაბარდა სადამე დიდსა რუსეთისა იმპერისა?! _ მივიღოთ ყოველივე სიმდაბლით და დავემორჩილოთ განგებისა ხელსა. ღვთისა განგებისა ხელსა ვერ ვნახავთ. ვხედავთ განგებისა კვალსა და კმარა ესე ჩვენთვის. დუმილი და კვალად დუმილი, მეფის ასულო, გვმართებს ჩვენ, სადაცა ცხადად და ნათლად ვხედავთ ყოველსავე. მოვიხსენიოთ სიტყვა მოციქულისა იაკობისა: აჰა, რასა იტყვის იგი! ჩამოიღე შვილო პლატონ, _ მიბრძანა მე მამამან მწოლარემან _ სახე იგი რომთა პაპისა პიოს მერვისა. და მიართვი ბატონიშვილსა, წარიკითხოს თვით ქვესახისა წერილი იაკობ მოციქულისა“; _ მივართვი და წარიკითხა მამისა ჩემისა ხელითა მიწერილი სიტყვა მოციქულისა, რომელიცა ზე ამა წერილისა იყო ნემენცურადცა ნაბეჭდი:

„ნეტარ-არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა; რამეთუ გამოცდილ-იქმნას და მოიღოს გვირგვინი ცხოვრებისა, რომელიცა აღუთქვა მოყვარეთა თვისთა“ (იაკობ. 1. 12).

დღესაცა მაქვს სახე ესე მე.

დიდსა დროსა დაჰყო მეფის ასულმან თეკლე და მერმეთ ფარნითა წაბრძანდა სახლად თვისად, რომელიცა დიდად ახლოს იყო სახლისაგან ჩვენისა.


  1. გარდაიცვალა 11 მარტსა 1846 წელსა და დიდისა პატივითა დაასაფლავა მცხეთას უგანათლებულესმან კნიაზმან მ. ს. ვორონცოვმან.

139[edit]

შიში იყო სპარსთაგან და ომარ-ხანისა. შიშსა ამას დაერთო ძმათა ამბოხი. იულონ, ვახტანგ და ფარნაოზ აორგულებდენ ქართლსა და არაგვსა. ორჯერ მოუხდენ ქალაქსა 4000 კაცითა და უნებდათ დედისა თვისისა, დედოფლისა დარეჯანისა წაყვანა თფილისიდამ. მეფემან არ მისცა ნება დედინაცვალსა ქალაქიდამ გასვლისა. დაუყენა მცველად 800 კაცი თვისისა ჯარისა და რუსთა სალდათნი. განმგედ ყოვლისა მისა დანიშნა კოვალენსკი და მეფის ძე იოანე.

დაბარებული ჯარი რუსთა კვალად შემოვიდა. გულიაკოვი ღენერალი მას მოუძღვა 23 სეკდემბერს; მეფე თვით გაბრძანდა ტახტრევანდითა გარეთ ქალაქისა და მიეგება თუმცა სნეული, ჯარსა და ესრეთვე შემოუძღვა ქალაქსა. იყო მეფესთან დედოფალიცა მარიამ და სხვანიცა მრავალნი ქალნი. ზარბაზანთა სროლითა ციხიდამ და ზარებისა რეკითა დაუხვდენ ქრისტეს მოყვარულსა მხედრობასა. მხედრობა ესე დააბინავეს ავლაბარსა, კუკიასა და ვიეთმე როტანი ლილოსა და მარტყოფსა. შეშინდნენ მეფის ძენი და განმხნევდა მეფე.

მეფემან კვალად სულგრძელებითა მოინება დამშვიდება ძმათა. ამისთვის უბრძანა კოვაკლენსკის, კათოლიკოსსა და მეფის ძეს იოანეს, დააბოლოოს საქმე ესე მეფესთან მორიგებისა. ფარნაოზ უმეტეს სხვათა ძმათა დაშთა შეურიგებელად. ამას ალექსანდრეზედ აქვნდა დიდი იმედი, რომელიცა სწერდა სპარსეთით წერილთა დედოფალსა დარეჯანს, იმერთა მეფეს სოლომონს, ძმათა: იულონს, ვახტანგს, ფარნაოზს და მირიანს; ეგრეთვე ბოდბელსა იოანეს, თამაზ ყაფლანიშვილს და სხვათა. ჰგონებდენ ლეკთა ჯარისა და სპარსთა შემოსვლასა მალე საქართველოდ; გარნა რუსთა ჯარმან, _ საკმაოდ თფილისსა მყოფმან, შეაშინა ყოველნივე. დარჩათ მათ იმედათ სნეულება მეფისა სასიკვდინე, ჰგონებდენ შემდეგ მისსა იულონის გამეფებასა და რუსთა ჯარისა დათხოვნასა. ჯერეთ მეფისა სიცოცხლისა დროსა, მტერთა მისთა განთესეს ხმა გარდაცვალებისა და ეხაროდენ დროთა ცვლილებასა. ესე იყო მიზეზი, რომელ ვერცა კოვალენსკიმ, ვერცა შემდეგ მისსა ლაზარევმან, ვერცა მეფის ძემან იოანე, ვერ დაამშვიდეს მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ. უმეტეს ფარნაოზ იყო შფოთისა მიზეზი, ამისთვის რომელ მეფემან მისწერა ფიცხელი წერილი ოთარ ამილახვარსა, სდევნოს ფარნაოზ და უბრძანოს სოფლისა მოხელეთა არ მიუშვან იგი არსადა.

ბრძანებამან ამან ჰქმნა ესე, რომელ ფარნაოზ გაჭირვებული უსარჩოობითა მოდრკა და მოსწერა რუსისა ღენერალსა ლაზარევსა, შევიდეს მისსა მდგომარეობასა და ჰქმნას მან თვით სამართალი.

პასუხად მისისა წერილისა, იყო მოწოდება მისი თფილისად და დამორჩილება მეფისა.

ესრეთივ არეულობა იყო კახეთსა, რომელსაცა განაგებდა მეფის ძე ბაგრატ. ესე ითხოვდა, რათა მეფემან მიაშველოს მუნ დასამშვიდებელად აღრეულობისა მეფის ძე დავით.

თუმცა მეფე იყო დროთა ამათ დიდად სნეული, გარნა საქმობდა დიდად. იყო მიწერ-მოწერასა შინა ყოველგან და მხნედ და დაუღალავად ზრუნვიდა, რათა რუსთა ჯარსა აქვნდეს პური მზად თფილისსა, გორსა, თელავსა და სიღნაღსა. მახლობელნი მისნი დიდისა განკვირვებითა მიუთხრობდენ მისსა დროთა ამათ მეცადინებასა, რათა დაეწყო საქმე რიგიანად და მტკიცედ. მარადის საქმისა დაწყებისა წინათ და დაბოლოებისა დროსაცა ბრძანებდა სიტყვასა თვისსა და თქმასა ჩვეულებრივსა: „ქრისტეს ღვთისა მადლითა!“.

140[edit]

ორისა კვირისა წინათ მეფის გარდაცვალებისა, განუძლიერდა მეფესა წყალმანკი და მოუმატა ქშენა. დღეთა ამათ მწუხარებისა, თხოვითა დედოფლისა მარიამისა, კათოლიკოს-პატრიარქმან ანტონი მისწერა ქართლისა და კახეთისა მღვდელმთავართა და მონასტრისა წინამძღვართა ილოცვიდენ მეფისა სნეულისა განკურნებისათვის, და ჰყოფდენ ვედრებასა წესისაებრ წმინდისა ეკკლესიისა. თვით თფილისსა დღე-ყოველ ეკკლესიათა შინა იყო ვედრება. დედოფალი მარიამ მხლებლებითა თვისითა ფერხშიშველი ვიდოდა ანჩისხატისა ეკკლესიასა, და წინაშე ხელთუქმნელისა ხატისა დაჩოქვითა, ცხარითა ცრემლთა დინებითა, წვრილთა შვილთა ილიასი, ოქროპირისა და თამარისა მუნ დასწრებითა ევედრებოდა ღმერთსა განაგრძოს დღე მეფისა, დროთა ამათ მწარეთა ამბოხთა დასამშვიდებელათ, საჭიროჲსა. იტყვიან მუნ დამსწრენი მოხუცნი: გრგვინავდა ხმა გოდებისა და ტირილისა გარემო დედოფლისა მწარედ მტირალისაო. ძნელი დღე იყო, დღე ესე ცრემლთა ვაებისაო. შემდგომად პარაკლისისა, რომელიცა გარდაიხადა იუსტინე მთავარ-ეპისკოპოსმან, განბანეს ხატი და ნაბანი ხატისა, თვით ხელითა თვისითა თეთრისა მინის ჭურჭლითა წარიღო დედოფალმან და მიართვა მეფესა. მეფემან, ჩვეულებისამებრ თვისისა, ცრემლითავე მიიღო, იხმია, ისხურა წყალი პირსა თვისსა და გულ-მკერდსა წარმომთქმელი მხურვალედ ლოცვისა და ვედრებისა თვით წმინდისა ხატისათვის თქმულისა ტროპარისა, რომელიცა იცოდა მტკიცედ ზეპირად მეფემან მორწმუნემან.

141[edit]

მეფემან, მდებარემან საწოლსა უიმედოსა განკურნებისა წყალმანკისა გამო განძლიერებულისა, _ ინება და სთხოვა კათოლიკოსსა ანტონის განხსნას საფლავი და ლუსკუმა წმინდისა იოანე მანგლელისა.

22 დეკემბერსა, მიბრძანდა სიონის ეკკლესიასა კათოლიკოსი ანტონი და თანა დასწრებითა იუსტინე მთავარ-ეპისკოპოსისა, იოანე ბოდბელისა მიტროპოლიტისა და სტეფანე რუსთველისა იწყეს პარაკლისისა გარდახდა. შეიკრიბენ დროსა ამას მუნ სიმრავლე ერისა, კაცთა და ქალთა. მუნ დაესწრნენ მარიამ და მეფის ძენი და მეფის ასულნი და მეფის რძალნი.

ქალაქისა მცხოვრებთა შორის განვიდა ხმა, რეცა დღესა ამას შეიყარნენ სიონსა, რათა შეჰფიცონ მეფის ძეს დავითს ვითარცა მეფესა. ღენერალი ლაზარევი, ცნობილი საქმისა ამის გამო, მსწრაფლ წარვიდა ეკკლესიად და იხილა მუნ სიმრავლე ერისა და მუშაკნი საფლავისა განხსნისათვის, სადაცა იყო ლუსკუმა წმინდისა გვამისა. პარაკლისი გალობითა გრძელდებოდა მთელსა საათსა. ლაზარევი დარწმუნდა, რომელ მიზეზი სიონისა ეკკლესიასა შინა შეკრებისა არის აღსრულება პარაკლისისა და არა შესახები მეფობისა, გამოვიდა და წარვიდა.

ამოიღეს ლუსკუმა და ესრეთ ზდილობითა და ლოცვითა წარიღეს იგი და შეიტანეს მეფისა საწოლსა, მეფე განმხნევდა, წარმოდგა და ცრემლითა უბრძანა: დააჩოქონ წინაშე ლუსკუმისა. დიდითა ვედრებითა და ცრელმთა დენითა და სარწმუნოებითა ემთხვია წმინდათა ნაწილთა. დედოფალი მარიამ და მხლებელნი სტიროდენ მწარედ და ატირებდენ სხვათაცა. ღენერალი ლაზარევი თვით დაესწრო მუნ დროსა ამას და ამასცა, მწუხარესა ცოლისა და შვილისა სიკვდილისა გამო მასვე დეკემბრისა თთვესა, განუახლეს ტკივილი გულისა და ატირეს მრავლად. მაშინ მივიდა მუნ დამსწრეთაგან დეკანოსთან იოსებ წინამძღვრის შვილთან, რომელმანცა იცოდა რუსულიცა და ჰრქვა: „ახლა ვხედავ რომელ მეფე გიორგი მაღლად სდგას ღმერთთანაო!“

შემდგომად ლოცვისა, წარასვენეს ლუსკუმა წმინდისა და დასდვეს თვისსა საფლავსა დიდითა კრძალვითა და თაყვანისცემითა.

მეფე შეიქმნა უკეთ და მასვე დღესა ლაზარევმან აცნობა ამბავი ესე ღენერალსა კნორრინგსა.

142[edit]

22 დეკემბერს სნეულმან მეფემან თვით მოინება რათა აღასრულონ მას ზედა საიდუმლო ზეთის კურთხევისა, ამისთვის შეკრბენ სახლსა მისსა კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი იუსტინე, მიტროპოლიტი იოანე ბოდბელი, არქიეპისკოპოსი რუსთველი სტეფანე, მიტროპოლიტი თფილელი არსენი, არქიმანდრიტი და მოძღვარი მეფისა ევთიმი და მღვდელი სასახლისა ონისიმე იოსელიანი. მოყვარე ქრისტესი მეფე გიორგი, მდებარე ცხედარსა ზედა, ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა, რათა სცეს მას კურნება სულიერი და ხორცილი. ცრემლთა დენითა თვალთაგან, ცოდვათათვის მტირალთა, მოიყვანდა ლმობიერებასა თვით მვერდებელთა განკურნებისათვის სნეულისა. შემდგომად სრულყოფისა ზეთის კურთხევისა მოეცა შვება მეფესა მწუხარესა. განატარა ღამე მშვიდობით და დღესა მეორესა დილით, ოდეს შებრძანდა დედოფალი მარიამ, სანახავად მეფისა, იხილა მეფე თვალებ შერეული და რეცა მატრიალებელი თვალთა უჩვეულოჲსა მისთვის სახითა. შესწუხდა და მოახსენა გაბედვით ცრემლმორეულმან მეფესა:

„ბატონო, რას უბრძანებთ შვილებსა ამათ? ვის აბარებთ, თუ გვეწვია უბედურება რაიმე? დავით უნდა იყოს ამათი პატრონი? ანუ თქვენი ძმები? ანუ დედოფალი (დ ა რ ე ჯ ა ნ, _ არღა ახსენა სახელით, ქართველთა ზრდილობისა გამო)? _ „ბატონო დედოფალო. გაიგონე რა გიამბო; მე აუჩენ ამათ პატრონსა დიდსა და ძლიერსა, _ უბრძანა პასუხად დედოფალსა ცოლსა თვისსა. _ ბარათაშვილო გიორგი! მომგვარე ღენერალი“, _ ბრძანა მეფემან. მსწრაფლ აცნობეს ღენერალსა და მოვიდა მეფესთან, მეფემან სთხოვა დაწეროს წერილი იმპერატორსა პავლესთან, აცნობოს უკანასკნელი დღე მისისა ცხოვრებისა, და ესეცა, რომელ: ჩამიბარებია ანდერძად ცოლ-შვილი ჩემი და საქართველო. _ ეხლავ დასწერეთ წერილი ჩემ მაგიერ მოკლე! _ დაუწერეს წერილი მოკლე, და მოაწერა ხელი და დაასვა ბეჭედი თვისი.

ესე ამბავი მიამბო ექიმმა ყარაევმან, მუნ დილით საღამომდინ მყოფმან და ყოვლისა ამისა ამბავისა მცოდნემან და თანადამსწრემან. _ მაშინვე იოანე ყარაევი დაუმატებდა მხიარულებით და ყელ-მოღერებით სიტყვათა: „სწორე მეფე იყო, უხვი, ძლიერი სიტყვით, მლოცველი, უტყველი, წმინდა ფიქრითა, ბევრით უკეთესი მამაზედ ქცევითა, თუმცა არა სიმხნითა“.

143[edit]

შობისა დღესა 25 დეკემბერსა, დასდგეს კარავი ნაკურთხი პირისპირ ოთახისა მისისა, და იწყეს წირვა; თვით მეფე მწოლარე ცხედარსა, დიდისა მხურვალებითა ისმენდა ლიტურღიასა და თვით წარიკითხა დღისა ამის სამოციქულო რაოდენ შეეძლო ხმითა დიდითა და სამეფოჲსა კილოთი, მტკიცედ ლექსთა გამოთქმითა, ჰაზროვანად, ძლიერითა ბაგეთა ბგერითა, თანახმად მაღალთავე ჰაზრთა სიტყვათა თვით ზეცით გარდამომეტყველისა მოციქულისა.

ლიტურღია აღასრულა მოძღვარმან მისმან ევთიმი, იოანე ნათლისმცემლისა უდაბნოჲსა წინამძღვარმან; _ და მასვე დღესა ეზიარა ცრემლითა და დიდისა ვედრებითა ღვთისადმი ხორცსა და სისხლსა ღვთისა მაცხოვრისა ჩვენისა.

მასვე დღესა წირვისა შემდგომად, მოახსენეს მეფესა ახლად მოყვანილთა ინდოეთისა ქათამთათვის თფილისსა, უცხოდ სადამე სანახავისა. ინება რათა აჩვენონ მას. მსწრაფლ აცნობეს რუსისა სალდათსა, ქათამთა ამათ რუსეთით მომყვანსა და მოჰგვარეს მეფესა 2 მამალი და 4 დედალი. მუნ მხლებელთა კაცთა დაუსტვინეს და ქათამთა გაშალეს ფრთები, დაუშვეს ბოყვნი, იწყეს ხმაურობა თვისებრი. განცვიფრებით მსინჯველსა მათსა მეფეს, მოახსენეს ღირსება და გემოვნება ინდოეთისა ქათამთა ხორცისა. „ნუუმე სჭამენ ამათსა ხორცსა?“ _ იკითხა მეფემ. _ „დიახ, მეფევ! დიდსა ხმარებაშია რუსეთში ხორცი ინდოეთისა ქათმისა“. _ „ღმერთმან დამიფაროს მაგათის ჭამისაგან“, _ ბრძანა მეფემან და მაშინვე დაიწერა პირჯვარი ხელითა, რომლითაცა მარადის ჩვეულებისამებრ პირჯვარის გამოსახვისა დროსა, ხვდებოდა ცხვირსა მისსა. ესრეთ წარიყვანა ინდოეთისა ქათმები რუსისა სალდათმან და აქედამ განითესა საქართველოში ინდოეთისა ქათმისა სიმრავლე და ეწოდა მათ დღედმდე ი ნ დ ო უ რ ი. ესე მიამბო ეპისკოპოსმან ნიკიფორე ჯორჯაძემან, რომელიცა დღესა ამას იყო დამსწრე წირვისა, ვითარცა არქიდიაკონი მიტროპოლიტისა იოანე ბოდბელისა. და შემდგომად გარდაიცვალა ვიკარად ექსარხოსთა.

144[edit]

26 საღამოს იქმნა შეყრილობა 40-დმდე კაცთა თავადთა და აზნაურთა სარდლისა სახლში. სარდალმან იოანე ორბელიანმან სთქვა: „ბატონებო! ძნელსა მდგომარეობაში არის დღეს ქვეყანა ჩვენი. ბატონი მეფე უკურნებელითა სენითა მწოლარე, დღეს ანუ ხვალ მიგვეცვალების. მემკვიდრე მისი დავით გვექადის მეცა და მუხრანის ბატონსა შეურაცხებით განდევნასა ჩვენისა ღირსებისაგან. მე მყვანან ნამდვილნი სარდალნიო, არა ერთხელ ბრძანა დავითმან საეროდ და გასაგონად. _ იგივე დავით ექადის ცუდად დედინაცვალსა თვისსა, დედოფალსა მარიამს და იგიცა მწუხარე, დნება ვითარცა სანთელი და არ იცის რა ჰქმნას. _ მგონია დამშვიდებისათვის ქვეყანისა და ჩვენისა საკუთარისა პატივისა დასაცველად, ვისურვოთ, _ დაშთეს რუსეთისა მეფობა: ნურღა გვინდა მეფედ დავით“. _ დროსა ამას შევიდა მუნ მუხრანის-ბატონი, ჯერეთ ჭაბუკი კონსტანტინე, კაცი გვარ-შთამოებით სალთ-ხუცესი, გარნა გამოუცდელი, ვითარცა სარდალი. მიიღეს პატივითა დიდითა და დაითანხმა იგი სარდალმან იოანე ორბელიანმან, ვითარცა უფროსმან უმცროსი. მუხრანის-ბატონსა თანა ახლდენ დროსა ამას ზედგინიძე, ვითარცა ლალა ანუ მრჩეველი და ერთგული სახლისა მისისა, და რატიშვილი... მუხრანის-ბატონისავე აზნაურიშვილი. ესენი ადრევე ჩაგონებულნი მეფის ასულის ქეთევანისაგან, დედისა მუხრან-ბატონის კონსტანტინესსა _ იტყოდენ და წარმოსთქმიდენ სიტყვათა მკვახეთა დავითისათვის. მაშინ მუნ მყოფმან მღვდელმან თურქისტანიშვილმან იოსებ გაბედვით სტუქსა რატიშვილი და აყვედრა მას კადნიერებითა მის მეფის ძის დავითისათვის სიტყვა. _ ზრდილობითი საუბარიცა დაიკარგა დროთა ამათ შინაო, _ იტყოდა ეგნატი იოსელიანი. ვერვის გაბედნა ჭეშმარიტების თქმა. სოლომონ ლიონიძე, ვითარცა ლომი გარემოცული მტერთაგან, იბრძოდა ქვეყნისათვის, მეფობისა დაუკარგველობისათვის. ლექსი „მეფე“ დადუმდა აქა? ბატონებო, იყვენით ფხიზლად: ჯვარცმულისა მადლმა, იღუპება ქვეყანა უშველებელად. იქით სარდლები იწევენ, აქეთ მეფის ძენი; მელიქი და სომხობა გველურად იქცევიან. მოდით გონებასა. დაფიქრდით და შედით საქმისა ბჭობაში. დავითისა მემკვიდრისა მტერობისათვის, რათ უნდა შეექმნათ მტერი ქვეყანასა! ნამუსიანად უნდა ვიყვნეთ ქვეყანისათვის და მეფობისათვის. დასაწყობელად საქმეთა და შინა აღრეულობათა კმარან რუსნი და ტრაქტატი მეფისა გიორგისა. ღვთის გულისათვის მოითმინეთ და სულგრძელებით და დამშვიდებით მოვილაპარაკოთ და დავაწყოთ საქმე საქვეყნო თვით დავით მემკვიდრისა სახლში“.

სარდალმან არ უსმინა ლიონიძესა, კაცსა მას მხოლოსა, რომელსაცა ესმოდა ყოველივე და რომელიცა ხედავდა შორს. ხმა მისი იყო ნამდვილი ხმა ღაღადებისა უდაბნოსა. ვერა რაჲსა მოქმედი მივიდა ლიონიძე დავითთან; ესაუბრა მას და ვითარცა მეგობარსა ურჩია მრავალი რაჲმე. _ დავით, მერყევი ჰაზრითა და აღშფოთებული, არ ისმენდა სიტყვათა ბრძნისა თვისისა მეგობრისა. მან არა ინება მიეწოდა თვისთანა სარდალი და სხვანი პირნი საქვეყნონი; არცა აჩვენა ვითამც თავი თვისი სუსტად და მოკლებულად მეფობითისა ძალისა, ვითარცა ჯერეთ მემკვიდრე და მომლოდინე მეფობისა გვირგვინისა, ტრაქტატისა ძალითა რუსეთისა ხელმწიფესთან. „ამიერიდგან, _ იტყოდა დავით, _ ჩემი სახლი დახშულია სარდლისათვის და მისთა მეგობართათვის, ვითარცა ქვეყანისა მტერთათვის. მე გავხდი მას მელიქისა სარდლად და დავანახებ მას მალე, _ ვარ ანუ არა მეფე ნამდვილი?“ _ კათოლიკოსი ანტონი, დროსა ამას მიბრძანდა მეფის ძეს დავითთან და სთხოვა, რა სურს მას იმა დროისათვის, უკეთუ არღა იქმნება მამა მისი მეფე, უიმედო ცხოვრებისა? დავითმან პასუხ უგო მას: „თვით იცით ვინ ვარ და რა მეკუთვნის, მოვალეობა თქვენი გაქმნევინებსთ მას რაცა იქმნება საქმნელი. წინათ ვერა რას მოგახსენებ“. იოანემან ძმამან დავითისა მუნ დამსწრემან დაუმატა ესეცა: „როგორ უნდა წაერთვას მეფობა დავითსა, ჩემსა ძმასა, არ ვიცი? არ არის პირმშო მეფისა? როგორც მამა ჩემი გამეფდა, გამეფდება დავით შემდეგ მამისა თვისისა. _ საწყენი იქმნება ესე ანუ სასიამოვნო მრავალთათვის, საქმე ესე ესრეთ მოხდება. მეფისა გიორგისა შემდეგ არის დავით მეფე საქართველოჲსა“.

კათოლიკოსი იქცეოდა დროსაცა ამას და შემდეგცა ესრეთ, ვითარცა ეკიდებოდა მისსა ხარისხსა. ვერ სძლია ჰაზრი მისი ვერცა დედოფალმან დარეჯან, ე. ი. დედამან მისმან, ვერცა ძმათა და ვერცა სხვათა მეფისა გიორგისა წინააღმდეგთა. _ ესრეთ მტკიცედ და შეურყეველად იყო კათოლიკოსი, აღმასრულებელი მხოლოდ მოვალეობისა თვისისა კათოლიკოსობისა.

145[edit]

27 დეკემბერსა დილით მეფესა დაეკარგა მადა. არღა ინება არცა წვნიანი, არცა ჩაი პატრისაგან მომზადებული, არცაღა მიიღებდა წამალსა თათულა ექიმისაგან და იოსება აქიმბაშისაგან (ყარაევისა). წყალმანკი გაძლიერდა, მოაწვა გულსა და დააწყებინა ქშენა, დროთი-დროთ მოითხოვდა ალიბუხარის წყალსა. მაშინ მოუწოდა მოძღვარსა თვისსა წინამძღვარსა ევთიმის; სთხოვა უკითხოს ლოცვანი ანგელოზისა მფარველისა. ავედრებდა სულსა მოძღვარსა თვისსა, რომელსაცა ესავდა დიდად, ვითარცა კაცსა წმინდასა და ქვეყნიერად ანგელოზად ხმობილსა მეფისაგან და ესრეთვე ცნობილსა ყოველთაგან. დილითვე 8 საათსა უბრძანა წაუკითხოს დაუჯდომელი, _ ღვთისა დედისა ქებანი. 9 საათსა დილით დასდვეს კარავი და სწირა თვით ევთიმემან და კვალად ეზიარა მეფე დიდითა ცრემლთა დენითა და ვედრებითა. შემდგომად მიღებისა საღმრთოთა საიდუმლოთა, ხმითა ძლიერითავე სთქვა:

„ხორცი და სისხლი მაცხოვრისა შემიყვანს მე სასუფეველსა. ქვეყნიერსა მე ვერღარა ვიტყვი. თვით მაცხოვარი იზრუნებს სამეფოსათვის, არღა ჩემისა. რუსთა ხელმწიფესა ვუტევებ პატრონად ქრისტიანობისა. იგი განაგებს ყოველსავე. _ დედოფალო, ნუ სტირ ჩემთვის. იესო ჩემი ტკბილი, დაგატკბობს შენ და შვილთა ჩემთა. მოსავი ქრისტესი, არა სადმე დაეცემის. _ დიახ, დედოფალო, არა სადმე დაეცემის“.

საღამოსა მწუხრისა ლოცვისა წინათ შემძიმდა მეფე. მოვიდა კათოლიკოსი და იამა ნახვა მისი. მობრძანდა დედოფალი დარეჯან და იამა მისიცა ნახვა. მოსთხოვა მას ხელი და ამბორ უყო. აკოცა დედოფალმან შუბლზედ.

„მომიტევე დანაშაული, დედაო ჩემო, _ სთხოვე ძმათაცა ჩემთა მომიტეონ ბრალი ჩემი მათთან!“ აღივსნენ თვალნი ცრემლითა გარე მოდგომილთა მეფისა საწოლისა. შეიქმნა მსხურთა და მხლებელთა ქალთა და კაცთა, გრგვინვა გულთა მწუხარეთა. „ნუ სტირიან, _ ბრძანა მეფემან, ილოცონ ჩემთვის, რათა კეთილად და სათნოდ წარვსდგე ღმერთთან!“ _ იწყეს მწუხრი და შეიქმნა მცირედ უკეთ და მოხედვით. წაბრძანდა დედოფალი დარეჯან, წარვიდა კათოლიკოსი. დაშთა მოძღვარი და აქიმნი თათულა, პატრი ნიკოლა და ოსეფა. ღამე ესე განვლო მეფემან დუმილითა, ვითარცა მისუსტებულმან და ხშირად, ნახევრად ფხიზელი იტყოდა: „კირიელეისონ, უფალო შემიწყალე“. მერეთ: „ღვთისა დედაო, მიიბარე სული ჩემი!“

146[edit]

28 დილით მეფესა, გონებისა არა დამკარგავსა, ულოცეს ცისკარი და მერეთ წირვაცა და 11 საათსა დილით შემდგომად ჩამოლოცვისა განუტევა სული. _ ვითარცა ცხოვრება მისი იყო ქრისტიანებრი, იტყოდენ ხშირად მუნ დამსწრენი, ეგრთვე აღსასრულიცა მისი იყო ქრისტიანეთა ვედრებისა გვარი: „ქრისტიანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, _ უფლისა მიერ თხოვნილნი“ [1] _ ნამდვილ მიენიჭა მეფესა ქრისტეს მოყვარესა.

აცნობეს გარდაცვალება მეფისა ლაზარევსა და სასახლისა კაცთა: წარგზავნეს კაცნი საუწყებელად ქართლისა და კახეთისა; და კურიერი მასვე დილით გაიგზავნა ს. პ. ბ. საუწყებელად იმპერატორისა პავლესსა. ლაზარევმან აცნობა ესე წერილითავე თვისითა ქალაქისა მელიქსა დარჩია ბებუთაშვილისა და ყოველგანცა და მისწერა საცნობელად, რომელ ყოველივე განკარგულება და ბრძანებაები, _ დამტკიცებადმდე მემკვიდრისა დავითისა მეფედ იმპერტორისაგან _ იქმნება ბეჭედ სმულნი სამთა პირთაგან, ე. ი. მეფის ძის იოანესი, ეგნატე მდივნისა თუმანიშვილისა და ჩემისაო.

მასვე დღესა მოძღვარმან მისმან ევთიმი გამოუცხადა ანდერძი მეფისა დასაფლავებისა გამო მისისა, რომელიცა იყო დაცული ვეცხლისა კანდელსა შინა, კიდულსა წინაშე იოანე ნათლისმცემელისა ხატისა უდაბნოსა შინა იოანე ნათლისმცემელისა. წარავლინეს კაცნი და მოიტანეს ანდერძი თვით მეფისა ბეჭდითა დაბეჭდილი და მისგან დაწერილი და ხელმოწრილი. კანდელი ესე ვეცხლისა შეწირული მეფის ძის გიორგისაგან, არის დღესაცა მუნ კიდულად.[2] ლაზარევმან აღრეულობისა გამო სამეფოჲსა, ვერ გაბედა რათა მიეცა ჯარი უდაბნოდმდე: მეფის ძე ალექსანდრე მიმალული თვით დავით გარესჯის მონასტერსა, შემდგომად ნიახურას დამარცხებისა, ჰგონებდა თფილისად ჯარითა მოსვლასა და უწოდდა ძმათაცა თვისთა: იულონს, ვახტანგს და ფარნაოზს ჯარებითავე. ამისთვის დაეკითხაცა კნორრინგსა. ესრეთ დაგვიანდა დასაფლავება მეფისა.

მაშინ დედოფალმან, მეუღლემან მისმან, თვით რუსეთისა ღენერალმან და კარისა კაცთა, _ არღა ინებეს აღსრულება ანდერძისა სურვილისამებრ თვით მეფისა და დასდვეს, რათა მეფეთა საძვალესა შინა იქმნას გვამი მისი დასაფლავებული.


  1. ლიტურღია იოანე ოქროპირისა ან ვასილისა. კ ვ ე რ ე ქ ს ი პ ი რ ვ ე ლ ი.
  2. საფლავსა შინა დანიშნულსა მეფისათვის, დასაფლავდა თვით ევთიმი მოძღვარი მისი. ზედ-წარწერა თვით ვეცხლის კანდელისა მის ოქროდ დაფრილისა, დღედმდე კიდულისა წინაშე ნათლისმცმელისა ხატისა არის შემდეგი:
    „ქ. წინამძღვრობასა ევთიმისასა. ჩვენ ყოვლად უღირსმან საქართველოსა მეფის ძემ გიორგიმ, შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი კანდელი ვეცხლისა შენ, სასოსა და მეოხსა ჩვენსა, ნათლისმცემელის მონასტერს, მრავალ-მთისასა, რათა მფარველ მექმნა მრჩობლსავე ცხოვრებასა შინა მეუღლით ჩემით, ძეებითა და ასულბითა. წელსა ჩღპბ (1782). მისხალი ო (70)“.
    სხვანი იტყვიან, რომელ ვეცხლისა ხომლისა ბუშტში იყო ჩადებული ანდერძი მეფისაო- ხომლსა ამას აქვს ზედა-წერილი შემდეგი: „ქ. ვინადგან ყოვლნი მორწმუნენი ქრისტეს-მიერნი, ქრისტეს მიმართ აღსულად მოსწრფე არიან თვითოეულნი სიმკაცრისამებრ თვისისა, ამათ ხატისა მიმხედველმან, ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლისა ძემან გიორგი, მეცა ვიგულსმოდგინე შეწირვად შენდა ზეცათა მეფისა წინამსრბოლო, ხომლი ვეცხლისა კეთილად ქმნილი სახსენებელად საუკუნოდ, სულისა ჩემისა და სხეულთაცა ჩემთა სიმრთელედ და ეგრეთვე მეფის რძლის, ქეთევანისა მეუღლისა ჩემისა სადღეგრძელოდ, და ძეთა და სულთა ჩემთათვის, _ შეიწირე ესე მცირედი წვლილი ქრისტეს წინამორბედო და შენ გვაგენ ნაცვალი ბევრ წილად მერმესა მას ცხოვრებასა და აქა სამარადისო საფარველი შენი; _ და რომელმან ამის დაშლად ხელ-ჰყოს ან წარიღოს იგიმცა შეიშლების რისხვითა ღვთისათა. ნოემბრის 29. ქრისტეს აქეთ 1776 მისხალი ტნა (351), გარესჯის ნათლისმცემელის უდაბნოსია ეს ხომლი“.
    ესე მშვენიერი ხომლი აწ ორად გაუყვია ვიღაცას და ესრეთ ჰკიდიან მუნ ნათლისმცემელისა ეკკლესიაში.

147[edit]

30 დეკემბერსა გვამი მეფისა, მდიდრად კუბოსა შინა მორთული, მიასვენეს სიონისა სამღდლმთავროსა ეკკლესიასა. მიცვალებულსა მიუძღოდა ჯარი რუსთა და ქართველთა, ზარბაზნები, დროშა სამეფო და ღერბი სამეფო და იკვროდა მუზიკა საგლოველი. გარემოადგნენ კუბოსა რუსთა სალდათნი და ქართველთა ქეშიკნი. ყოველ დღეს გარდაიხდებოდა პანაშვიდი; მდივანბეგთა ძველთა წესითა, დაჰყარნეს ეკკლესიისა იატაკსა, საწერელნი და ყალამნი, _ ნიშნად შეყენებულისა ბრძანებათა მწერლობისა; ხელ-ჯოხიანთა სასახლისა კვერთხნი, _ ნიშნად გაუქმებულისა მათისა ხელობისა; მზარეულთა _ ქვაბი, ფლავის საწურავი და ესე ვითარნი, _ ნიშნად უქმთაღა მათთვის ნივთთა; პირის მწდემან მეფისა ოქროსა და ვეცხლისა და სხვათა გვარისა სასმელისა ჭურჭელნი, _ ნიშნად არღა სახმართა მათგან; მილახვარმან ძვირფასნი აღვირნი ცხენთა. თვით ადგნენ თავსა, ნივთთა ამათ მიყრილთა გუნდ-გუნდად აქა იქა. ეკკლესია გალობდა პანაშვიდისა საგალობელთა. სასახლისა კარისკაცნი იგლოვდენ მეფესა; დედოფალი მარიამ და შვილნი სტიროდენ ობლობისა მწუხარებასა. რუსთა ჯარი დაიცვამდა ქალაქსა; ძმანი მეფისა, მტერნი მისნი, განბნეულნი სხვათა და სხვათა სამეფოჲსა კერძოთა, ეხაროდენ დროთა ცვლილებასა; დედოფალი დარეჯან მწუხარებდა არა ეგოდენ მეფისა გიორგისათვის, რაოდენ შვილთათვის თვისთა განბნეულთა და მისთვისცა უმეტეს, რომელ არა იცოდა რაჲ შეუდგებოდა ქვეყანასა რუსთაგან დაცულსა, მეფი ძისა დავითისაგან, რუსთა იმედითა, დაპყრობილსა. დავით მემკვიდრე მეფისა, გარე ქალაქისა თვისსა სასახლესა, განიზრახვიდა მეფობასა და ელოდა მეფისა დასაფლავებასა. სარდალნი და თავნი კაცნი მეფობისა, დამთვრალნი ურჩებითა დავითისადმი მემკვიდრისა, უკეთესისა მომლოდნენი, მეფეთა არღა მოსურნენი, იყვნენ დუმილსა შინა. _ მღვიძარენი დაუკარგველობისათვის მეფობისა მეფის ძენი იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ და მიხაილ, სარდალი იოანე ყაფლანიშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, იოანე ანდრონიკაშვილი, ეგნატი იოსელიანი, მეითარი თარხნიშვილი და მათ შორის უბრძნესი და ნათლად მხედველი მყოობადისა და მომავალისა სოლომონ ლიონიძე, _ დიდი მტერი და მოძულე ლაზარევისა, სთხოვდნენ და ევედრებოდენ დავითსა წარვიდეს მცხეთას და დაგვირგვინდეს მეფედ. დავითმან ესე არა ინება, ელოდა სამეფოთა ნიშანთა რუსეთიდამ, და მიიღო მოსვლადმდე ბრძანებისა, მხოლოდ წოდება ნაცვლად მეფისა, რ ე ღ ე ნ ტ ო ბ ი ს ა ანუ სამფოჲსა გ ა ნ მ გ ი ს ა. შემდგომად სამისა დღისა მემკვიდრე დავით აშფოთდა იოანე სარდალზედ და მუხრანის-ბატონს კონსტანტინზედ, რომელთაცა უგვანად მოეხსენებინათ დავით საუბარსა შინა მეფობისათვის. მაშინ წარვიდა სოლომონ ლიონიძე და მოახსენა დავითს; „დასამშვიდებელად მეფობის და აღრეულობისა დასაცხრომელად, მიიღეთ ზომა მტკიცე. ჰქმენით რაცა არის საქმნელი. აჩვენეთ ძალა და ძლიერება თქვენი. გმართებსთ აწ გმირობა; დუმილი თქვენი და სისუსტე, რაცაღა აძლიერებს თქვენთა მეტოქეთა. დაეც ზარი და მეხი შიშისა მუხრანის-ბატონსა და სარდალსა, ეხლავ უბრძანე დაიფიცონ მორჩილებაზედ. ნუ ჰკარგავ მეფობასა და ნუ ღუპავ ქვეყანასა. ვინ არის მოცილე მეფობისა? რუსეთმან ადრევე აღგიარა მემკვიდრედ და პირმშოობითა გაქვს უფლება მიიღო კვერთხი მეფობისა“. _ ესრეთ მტერნი იდუმალ მოქმედებდენ; თვით ღენერალი ლაზარევი არა მეგობრად ხადილი, არ ურჩევდა რათა მიეღო წოდება მეფისა. ურჩება განდიდდებოდა; მოხელენი გაუქმდებოდნენ და თვით ზედა წარწერაცა ამილახვარისა ბეჭდისა: „მეფისა მტრისა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი!“ _ შეიქმნა საცინელად. თვით მხლებელნი მისნი და მრჩეველნი სუსტდებოდნენ. ვითარცა მეხცემულნი, ვერასადა ჰპოობდენ კურნებასა. არცა ოქმთა ზედა და ბრძანებათა დავითისაგან ბეჭდილთა, არცა ეკკლესიასა შინა მოხსენების ადგილთა, არცა მოედანთა და არცა სახლსა შინა არღა ისმოდა ლექსი „მ ე ფ ე“. დაუშთა ესე წოდება გარდაცვალებულსა გიორგისა და ისტორიისა შემდეგთა დროთათვის საუწყებელად იგივე წოდება „მ ე ფ ი ს ა“ დამატებით „უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი ს ა“. . . . . . . . . . . . .

მტერნო, გიხაროდენ! იწყო გლოვისა ხმამან, ვაებამან მეფობისათვის. დაუშთა ღვთისა განგებასა, რათა კეთილად სცვალოს ბოროტი, ბნელი გარდააქციოს ნათლად, და წყლული ჰკურნოს!

რუსეთისა მეფეთა, მეფობისა მფარველთა ხვდა წილად, მოსცეს ღირსებითი მნიშვნელობა ქართველსა ერსა მორწმუნესა; და ესე იწყო დღიდგან გარდაცვალებისა „უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ა დ“ წოდებულისა მეფისა გიორგი მეათცამეტისა და მომდინარეობს დიდებად, ერისა სიმრავლითა, სიმდიდრითა და სწავლითა, _ ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

148[edit]

დაყუდებულმან ბერთუბანისა კოშკსა ზედა იოანიკემან კახმან, მბაძავმან სვიმონ დიდისა მესვეტისა, სცნო გარდაცვალება მეფისა და მოსწერა დედოფალსა მარიამს შემდეგი წერილი:

„... სიკვდილი მეფისა ქრისტეს მოყვარისა, არის ვაება ქვეყანისა. საგლოველი ეკკლესიისაგან წმინდისა; გარნა ბატონო დედოფალო! მიიღე ნუგეშად და ირწმუნე ესე, რომელ დაახლოებული ღმერთთან, უმეტესად ექმნების მფარველად სამეფოსა თვისსა. ლოცვა მისი, ვითარცა კიბე იაკობისა, შთამოიყვანს ზეგარდამო კურთხევასა თქვენზედა და შვილთა თქვენთა ზედა, ქვეყანასა ზედა საქრისტიანოსა. შეუდეგით კვალსა მისსა ლოცვითსა; იყვენით პატრონად ობოლთა და ქვრივთა და ამით იხილავთ და იყოლიებთ ცოცხლად მეფესა გიორგის, არა ვითარცა არა მყოფსა, არამედ, ვითარცა გარდასრულსა ამიერ სოფლით, მას სოფელსა მზე დაუვალსა. ჩვენ ცოდვილნი ვერ დავივიწყებთ მას მოხსენებითა სახელისა მისისა და სულისა მისისა საღმრთოჲსა უსისხლოჲსა მსხვერპლისა შეწირვისა დროსა. მრავალი კეთილი გვახსოვან მისგან მამათა და ძმათა მეუდაბნოეთა. კურთხევა უფლისა იყოს თქვენთანა; მადლი და მშვიდობა უხვად ნუ მოგაკლოსთ თქვენ... მდაბალი და უნდოჲ სულითა გლახაკი ბერი იოანიკე“.

ბერი ესე იყო ჭოტორისა სოფლიდამ; სიყრმიდგან ახლდა ზაქარია მოძღვარსა გაბაშვილსა და მასთანა მოესმინა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. განდევნილსა ზაქარიასა გადაჰყოლოდა იმერეთს და მუნით მღვდელ-მონოზნათ შემოსილი წარვიდა ცხოვრებად ბერთუბანსა დიდისა მოღვაწებითა. იტყვიან მისთვინ, ვითარცა კაცისათვის წმინდისა და ღირსისა, გულთა და ჰაზრთა გამომთარგმანებელისა. მამანი მონასტერთა ხადოდენ მას, ვითარცა ახალთა დროთა ქართველთა ეკკლესიისა მნათობსა. გარდა ლოცვათა ლოცვანთა შინა მოღებულთა თვით სადამე დღე და ღამე თხზვიდა და შეადგენდა ზეპირად გონებითა ლოცვათა და იტყოდა მათ. ესრეთ განატარა ცხოვრება თვისი და სარბიელი სოფლისა მწირობისა. 1802 წელსა ღრმად მოხუცებულმან ბოდბელმან იოანე, დროსა მას ნათლის-მცემელისა მონასტერსა ყოფილმან, დაასაფლავა მუნვე მისსავე სასვეტოსა. გაბრიილ მონოზონმან ნათლისმცემელისა, აღმწერელმან „ჯვარ-მოსილისა“, ცრემლით წარსთქვა ქებითი მისთვის სიტყვა, რომელიცა მინახავს იოანე რუსთავისა არქიეპისკოპოსთან. ვისა აქვს იგი დღეს, არა ვუწყი.

149[edit]

გარდაცვალებულისა მეფისათვის სამწუხრონი ანუ სამძიმარისა წერილნი მრავლად სადმე მოერთვნენ დედოფალსა: გურიიდამ, მეგრელიიდამ და იმერეთიდამ. ხანთა ერევნისა, ყარაბაღისა იბრაიმმან, ჯავათ-ხანმან განჯისა, მუსტაფა-ხანმან შაქი-შირვანისა მოართვეს წერილინი და ძღვენნი, რომელთაცა უწოდებდენ ძველთავე ლექსითა „შესაწევარად“. დღესაცა არს ადგილ-ადგილ ჩვეულება ესე ძველივე. ამასვე დროსა მოუვიდა წერილი ომარ ხანისა, რომელსცა ყოველწლივ ეძლეოდა მეფისაგან 5000 მანეთი ჯამაგირისა სახითა.

ესრეთივე წერილი მოეწერათ ახალციხის ფაშასა, ძველთა ათაბაგთაგან გვარისა ჩამომავალთა, რომელთანაც იყო მეფე დაკავშირებული მეგობრობითითა მიწერ-მოწერითა.

მოსრულთა თფილისად მიუტირეს მეფე-დედოფალსა; იხილეს დავით განმგედ მეფობისა და ჯერეთ არა მეფედ. სამეფო ქართველთა ეჩვენებოდათ მათ უდაბნოდ, _ მოკლებულად მცხოვრებთა ხმაურობისა; მინდვრად თვალთათვის მიუწვდომელად და დასაღალველად; გვამად კაცისა, _ თავმოკვეთილისა; მზედ ზამთრისა, _ არ მათბობელისა; ტყედ მაღნარისა, _ ცულით დაკოდილისა და მკვიდრად არღა მფშვინავად. მწუხარებისა ამისა დღეებში მიიღო დედოფალმან დაწერილი იმპერატორისა პავლესი, მეფე გიორგისთან მოწერილი 23 ნოემბერსა 1800 წელსა, რომლითაცა უცხადებს მეფესა უსიამოვნებასა თვისსა სნეულებისა და უძლებობისა გამო თვით მეფისა. წერილი ესე წარუკითხეს დედოფალს 14 იანვარს.

ნეშტნი მეფობისა და კარისა სამეფოჲსა ფიქრმორეულნი, ვიდოდნენ ვითარცა აჩრდილნი მთვარისა ღამისა. საუბარი მათი იყო ვითარცა ბგერა ზარისა, ჰაერისა მხოლოდ შემარყეველისა; საქმე მათი და დაწყობანი საქვეყნოთ, იყვნენ ვითარცა ქსელნი ბაბაჭუჲსა სუსტთა ბუზთათვის გაბმულისა და ქსოვილისა. შეყრილება მათი მოსაზრველად უმჯობესისა, დაბადებდა შფოთსა და უთანხმოებასა.

საბატიონი კაცნი შეირყნენ და დაეცნენ, ვითარცა სვეტნი შენობათა ძვრისაგან შერყეულნი და დაცემულნი. მაშინ ვითარცა მიძინებულთა განიღვიძეს, იხილეს და იგრძნეს მრავალთა უბედურობა თვისი მაშინ, ოდეს მწუხარებამან, ვითარცა მახვილმან განვლო გულთა მათთა. ურჩებამან დაბადა სინანული ესე; ჭამეს კაწახი და მოსჭრნეს კბილნი, _ სიტყვისამებრ წინასწარმეტყველისა.

150[edit]

რუსთა მთავრობა, რუსთა ენა, სჯული და წესი მათი დაშთა იმედად. იმედითა ამით სასოებს ქვეყანა განმტკიცდეს მშვიდობა, დაეცხროს მტერი შინა და გარე, მოეძიოს სამზღვარი თვისი ძველი, ჯერეთ თურქთაგან პყრობილი; განახლდეს ვაჭრობითი ერთობა, ვითარცა ძველად, ფინიკიელთა ტვიროს და სიდონისა, ფრიღიისა და კაპპადოკიისაა, მისირისა და ეგვიპტისა, ლიბანისა და ბაღდადისა, ლიბიისა და ბაკტრისა, სამარყანდისა და ინდოეთისა, ბიზანტიისა და ათინისა; აღყვავდეს სწავლა და ხელოვნება; დაფუძნდეს ძირმტკიცედ ქრისტიანობა მართლმადიდებლობითი მკლავითა მტკიცითა დაცული, კვალად შეიმკოს მეფობითი გვირგვინი ქვეყანისა, ვითარცა ქრისტეს ვენახისა, მეფეთა და წამებულთა ურიცხვთა სისხლითა მორწყულისა, და ესრეთ დიდებასა, სიმდიდრესა, ერთა სიმრავლესა და ქართველთა თემთა და ტომთა ერთობასა მოყვანითა განახლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე მისი და მოიგონონ ძველნი სამეფოსათვის მოღვაწენი მეფენი.

151[edit]

დიდი იყო აღრეულობა დროთა ამათ ამბოხისა და შფოთთა, და ამასთანავე დიდი სიცილი და შექცევა ქართველთა დიდთა და მცირეთა. არ ეკვირვებოდენ ამას მრავალნი და არცა ჰგონებდენ ამას უშვერად. ჭირსა და ლხინსა აერთებდენ. ესრეთ იყო მაშინ და ესრეთვე არს დღეს. ქართველთა ერი ძველი და მრავალთა ჭირთა და შეიწროებათა მნახველი, ადვილად მიიღებდა მწუხარებასა და ადვილად განიკურნებდა თავსა, ვითარცა ჭირნახადი. გავლილი ცეცხლსა, ვითარცა ბრძმედსა შინა, ოქრო იყო ნათლად და წმინდად საჩვენებელი: ქსერქსისავე დროსა 400 წლით წინათ ქრისტესსა, შეეჩვია სპარსთა უფლებასა და ჰქელავდა მათთანა ერთად ეგვიპტისა და ატტიკისა მთათა და ბართა, ვითარცა სწერს ღეროდოტი. ხმალი ქართველთა ღელავდა ომსა და ბრძოლასა პირისპირ მაკედონელთა დროსა გმირისა მეფისა მათის ალექსანდრესსა. შეჩვულნი არაბთა უფლებასა, ვერ დამორჩილდა მათ სრულითა მონებითა. მორჩილი ქრისტეს მცნებათა, იყო ურჩი ბერძენთა ანუ ბიზანტიისა იმპერატორთა, რომელნიცა იპყრობდენ ზღვისა შავისა პირთა, მოსცემდენ მეფეთა ქალთა და წარიყვანდნენ მეფისა ქალთა თვისთა სასძლოდ. ჩინგიზი და თემურლენგი უქცევდნენ ქართველთა მეფობასა და ქართველნი კვალად განახლდებოდნენ. მიძინებულნი მტერთა და უცხო ნათესავთა ზედა დასმისაგან, კვალად განიღვიძებდენ. პოლიტიკა შაჰ-აბაზისა ამოფხვრისათვის ქრისტიანობისა ქართველთა შორის, რომელთაცა მოსცემდა 200 წლისა განგრძობასა მეფეთა მაჰმადიანთა, _ დაშთა უნაყოფოდ. ხმალი ქართველთა ტრიალებდა ავგანისტანისა მთებზედ, ვაჟკაცობა მათი და გმირობა განაკვირვებდა სპარსთა და ყაენთა. ყანდაარი და ხორასანი ერიდებოდა მათ, ვითარცა კავკასიისა გმირთა. თვით ყაენი მოუწოდებდა ქართველთა მეფესა დასასჯელად მეამბოხეთა ავგანთა. თურქნი მეზობლად მოკრულნი ქართველთა, იშიშვოდენ შემოსვლასა შინა ქართლსა და კახეთსა შეუვალსა. ქართველთა ესრეთ მრავალ საუკუნობითა, გამოცდილთა და ცეცხლში ვითარცა პური გამომცხვართა, ვერ ერეოდა ვერცა შინაგანი, ვერცა გარეგანი მწუხარება. გაღელებული თავისუფლებითა და განლაღებული მთებითა, ეცინოდა ბედსაცა და უბედობასაცა. ქართველთა გამოსწოვეს ტვინი სპარსთა, შეჭამეს იმპერია რომისა, ვითარცა იტყვის პლინიოს, შეწამეს ბიზანტია და თვით დაშთა შეუჭმელად მათთვის, რომელნიცა ჰგონებდენ მათსა შეჭმასა.

მახესა დაგებულსა მტერთაგან, თვით მტერნი გაებნენ. საბრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით, _ იტყოდენ და იტყვიან ქართველნი დღედმდე, წერილისა სიტყვასა.

ესრეთი არს თვისება და ხასიათი ქართველთა ნათესავისა, ძველისა კაცთა ნათესავთა შორის.

152[edit]

მეფის ძე იულონ აღიარებდა თავსა თვისსა მეფედ შემდგომად ძმისა თვისისა გიორგისა. დარეჯან დედოფალი სიტყვითა და საქმითა და წერილითა რუსთა ღენერალთა თანა, მეცადინებდა მისსა დადგინებასა. ამისთვის მისწერა წერილნი ქალაქისა მელიქსა დარჩიას და ოთარ ამილახვარსა და კახეთსა, აღიარონ იგი მეფედ. ამასვე დროსა მოსწერაცა წერილი ბელოტიდამ, სადაცა სადგურებდა იგი, თვით ლაზარევსა. ლაზარევი ფრთხილი ჰყვედრიდა მას წერილითავე და სთხოვდა კათოლიკოსსა ანტონის აღუკრძალოს ქართლისა მღვდელთა მოხსენება მისი მეფედ. ამასვე დროსა 9 იანვარსა 1801 წელსა მისწერა წერილნი იულონსა, ვახტანგსა, მირიანს და ფარნაოზს მოვიდნენ თფილისს და მოისმინონ ბრძანება იმპერატორისა პავლესი დადგინებისა გამო მეფის ძისა დავითისა განმგედ საქართველოისა და არა მეფედ. გრამატა ესე მოიტანეს ს. პ.-ბურღით დესპანთა გიორგი ავალიშვილმან და ელიაზარ ფალავანდიშვილმან 8 იანვრსა. 14 იანვარსა წმინდისა ნინოს დღესასწაულის დღესა გამოცხადდა გრამატა ესე თფილისს და სცნესცა ყოველგან, გარნა არა მიიღეს არცა ბიძათა მისთა, და არცა დედოფალმან დარეჯან. „როდესაც დაიწერა გრამატა, მაშინ იმპერატორმან პავლე არ იცოდა გარდაცვალება მეფისა გიორგისაო _ იტყოდენ იგინი, _ და არცა იყო ცნობილი ჯერეთ ანდერძი განსვენებულისა ირაკლისა. მეფის ძენი იულონი, ვახტანგი, მირიან, ფარნოზ შეგროვდენ დუშეთს, აქედამ მივიდნენ მუხრანს და უნებდათ დაეგვირგვინებინათ მეფედ იულონ მცხეთას. ლაზარევმან, რჩვითა თვით მემკვიდრისა დავითისა, წარგზავნა მუნ 250 სალდათი. ამან დააბრკოლა განზრახვა მათი, ამისთვის წარვიდენ მარტყოფისა გზით კახეთსა და მუნით ბოდბესა. აქედამ მოუწოდებდენ ომარ-ხანსა და ლეკთა. მეფის ძე იოანე სდევდა მათ თვისისა და რუსისა ჯარითა. ლეკნი ვერ შეერთდნენ მათ და მეფის ძე ალექსანდრე, მაშფოთებელი ყაზახისა, ვეღარას ბედავდა. ესე იყო მიზეზი, რომელ მეფის ძენი იულონ და ძმანი მისნი წარვიდენ დუშეთისა გზით ქართლადვე და ამბოხებდნენ მუნ. მეფის ძემან დავით გამოსთხოვა ჯარი და აპირებდა თვით სლვასა და წარიყვანა ღენერალი ლაზარევიც დასამშვიდებელად ქართლისა და დასასჯელად მათ, რომელნიცა ღალატობდენ მას. მაშინ იულონ და ფარნაოზ გავიდენ 18 ფებერვალსა 1801 წელსა იმერეთსა და შეეხიზნენ სოლომონს.

გადასვლამან მათმან იმერეთად დაამშვიდა ქართლი მცირედ, მისცა დრო მეფის ძეთა მეფისა დასაფლავებისა, რომელიცა იქმნა 20 ფებერვალსა. მეფის ძე ალექსანდრე ჰგონებდა შეიწიოს მეფე სოლომონ სუსტი ძალითა, ანუ თურქნი, ანუ ლეკნი, ანუ სპარსთა ჯარი. ესე ყოველი დაშთა უნყოფოდ. ბრძანება დავითისა მრავლად განთესილი 15 იანვრიდამ ქართლსა და კახეთსა, დადგინებისა გამო მისისა განმგედ, აშინებდა მრავალთა, გარნა ვერ დაუმორჩილებდა დიდთა და მცირეთა. მომლოდინე თვით რეგალიისა სამეფოისა, არა ინებდა მეფედ წოდებასა და არცა აძლევდა ნებასა ღენერალი ლაზარევი მოსვლადმდე იმპერატორისა სურვილისა და განჩინებისა. ლაზარევი სძაგდა მეფის ძეს დავითს და თვით ლაზარევს არ უყვარდა დავითი, მოძულე მისი და მაყვედრებელი მრავლად უშვერთა რომელთამე საქმეთათვის.

დროთა ამათ მოიყვანეს მარტყოფით პყრობილი სიონის დეკანოზი იოანე ოსეშვილი, ერთგული მეფის ძისა ვახტანგისა და სტუქსეს დიდად, რომელ დაუტევა მოვალეობა თვისი და ლტოლვილი დუშეთს, ერეოდა ქვეყნისა ორგულობასა.

მრავალთა მეცადინებითა თვით დედოფლისა დარეჯანისა, გამოიყვანეს საპყრობილით დეკანოზი იოანე და იხილა თვით დედოფალმან. ამიერიდგან არღა იქმნებოდა დედოფალი დუმილითა. სწერდა ყოველგან წერილთა, მიუხდველდ, რუსთა ჯარისა, გაამეფონ იულონ ანუ ითხოვონ რუსთაგან დამტკიცება იულონისა მეფედ. ამას იტყოდა და სწერდა დაუცხრომელად.

დედოფალი განფიცხდა უმეტეს მაშინ, ოდესცა რუსთა ღენერალი არ აძლევდა ნებასა, რათა წარსულიყო თფილისით სოფლად შვილთა თვისთადმი და არცა უშვებდენ შვილთა მისთა დედისადმი ჯარით მომავალთა მისსა წასაყვანად. მხოლოდ მეფის ძე მირიან იყოფოდის მისთანა ოდესმე. სიტყვითა მისითა აშფოთდა კახეთი, გადვიდენ იულონისაკენ ბოდბელი იოანე და დიდნი თავადნი. ესენი ითხოვდენ რუსთა ღენერლისაგან იმპერატორისა უფლებისა ქვეშე მეფესა და მოსწერესცა წერილი, რათა უმეტეს 1000 წლისა ჰყოლიათ მეფე ბაგრატიონთა გვარისა, რომელთაცა მათთან ერთად იყვნენ ქვეყანისათვის თავდადებულნი, წმინდანი და მოწამენი და რათა არ მოეღოსთ მათ მეფე.

განმგემან მეფობისა, მიწერითა კათოლიკოსისადმი, ჩამოართვა მღვდელმთავრობა ამბროსი ნეკრესელსა და სტუქსა ნიკოლოოზ ხარჭაშნელი. მასვე დროსა შეიპყრეს და მისცეს პყრობილებას ოთარ ამილახვარი, ვითარცა მოურავი გორისა და ივანე ამილახვარი, არქიმანდრიტი ბარსანოფე ავალიშვილი, ნათლისმცემლის უდაბნოსა შინა მყოფი, ელევთერი მღვდელი, იოსებ ჭავჭავაძე და თვით დავით ალექსიშვილი, რექტორი თელავის სემინარიისა.

დესპანნი გიორგი ავალიშვილი და ელეაზარ ფალავანდიშვილი წარსულნი თფილისით 20 იანვარსა და 12 სხვანი, _ დაშთენ ქართველთა საუბრად და გამოცანად: „რაი უნდა შეუდგეს ქვეყანისა მდგომარეობასაო?“ _ მოლოდინი კახელთა და ქართლისა ითხოვდა მეფედ იულონსა ანდერძისამებრ ირაკლისა; განმგე დავით თვისსა სამეფოისა რეგალიასა, ვითარცა ადრევე აღსარებული მემკვიდრედ თვით რუსეთისაგან და თვით კნორრინგი და ლაზარევი (ცდილობდენ) დამშვიდებისათვის ქვეყანისა გუბერნიისა გახსნასა, ყოვლადობით რუსეთისა მმართველობისა დადგინებასა და სამეფოისა სახლისა წევრთა კაცთა და ქალთა გარდაყვანასა რუსეთად, _ დაწყნარებისათვის და განქარვებისათვისვე ამბოხისა ქართველთაგან.

ჰაზრი ესე დაბოლოებითი იყო რუსთა განმგეთა აქა და მასვე ჰაზრსა შეუდგნენ მრავალნიცა ქართველთაგანნი, მტერნი მეფისა სახლისა.

153[edit]

ესრეთსა მდგომარეობასა შინა მოსრული ქვეყანა ელოდდა პატრონსა. მეფის ძენი იულონ, ვახტნგ, მირიან, ალექსანდრე, იოანე და ბაგრატ დაიყვნენ: თვითოულსა ამათგანსა ჰყვანდნენ ოც-ოცნი დიდთა კაცთაგანნი მხლებელნი. ერთი წილი, განსრულთა ერთობისაგან, ერიდებოდა მეორესა; ერთი მეორესა ეწინააღმდეგებოდა; ერთი მეორესა ეცინოდა. ვიეთთამე უნებდათ მეფედ იულონ, ვითთამე დავით, ვიეთთამე სურდათ აღსრულებულიყო მეფისა ირაკლისა უგვანი ანდერძი დასაღუპავად ქვეყანისა შედგენილი. ანდერძითა ამით უნდა მისცემოდა მეფობა პირველად იულონსა, მერეთ ვახტანგსა, მერეთ მირიანსა, მერეთ ალექსანდრეს, მერეთ უკანასკნელს შვილსა ირაკლისსა ფარნაოზს. _ შემდეგ ამათსა უნდა გარდასულიყო გვირგვინი მეფობისა მეფისა გიორგისა შვილებზედ ე. ი. პირველად უნდა მისცემოდა მეფობა დავითს, მერეთ იოანეს, მერეთ ბაგრატს, მერეთ თეიმურაზს, მერეთ მიხაილს და სხვათა. შემდგ ამათსა მეფობა უნდა გადასულიყო იულონის შვილზედ, მერეთ ვახტანგისა შვილზედ და სხვა.

იტყვიან, ანდერძი ესე შეადგინა ოსეფა ყორღანაშვილმანო და იყო თანახმა თვით დედოფალიცაო. დარეჯანს დედოფალსა მხოლოდ სურდა დასამშვიდებელად შფოთისა თვით ემეფა, ვითარცა იყო ოდესმე რუსეთსა იმპერატრიცა ეკატერინა მეორე.

მეფესა გიორგის სხვაცა აქვნდა ანდერძი მამისგან დაწერილი. ამა ანდერძითა ირღვეოდა ანდერძი, გამოცხადებული დარეჯან დედოფლისაგან. ესე იყო მიზეზი, რომელმანცა დაბადა შფოთი ძმათა შორის და გადაუყენა ერთგულობიდამ მრავალნი. ესრეთ, რომელ დიდისა მეცადინებითა მეფის ძემან თეიმურაზ დაუახლოვა მემკვიდრესა დავითს სიმამრი თვისი სარდალი ოთარ ამილახვრიშვილი. ესე ოთარ, ადრითვე ემდუროდა მეფის ძესა დავითს, რომელიცა იყო დანიშნული მისსა ქალზედ და არღა დაიწერა მასზედ ჯვარი. გარნა შემდეგ მისცა საპყრობილესაცა დროებით, სხვათა თანა, და ესრე იქმნა მიზეზად, რომელ მეფის ძე თეიმურაზ, სიძე ოთარისა, გაიქცა სპარსეთსა და ეახლა ყეენსა.

154[edit]

უთანხმოებისა დროთა ამათ ქალაქი თფილისი ღელავდა. გაჩნდნენ მეამბოხენი, რომელთაცა ზოგთა სურდათ რუსნი, ზოგთა უნებდათ მემკვიდრე დავით, ზოგტა არცა იულონ და არცა სხვანი, ზოგთა უნებდათ იყვნეს აღრჩევით მეფე მიუხედავად პირმშოობისა; და ვიეთთამე დასაწყნარებელად შფოთისა სურდათ მეფედ დედოფალი დარეჯან.

იოანე სარდალი, განღვიძებული სხვათაგან და დამშვიდებული მეფის ძის იოანესაგან და ალექსანდრე მაყაშვილისაგან, მივიდა და წარსდგა დავით მემკვიდრესთან და მოახსენა: „ბატონიშვილო და ბიძავ! ნუ ჰკარგავ მეფობასა, მიბრძანე და გამოუცხადებ რუსისა აქა ჯარსა წარვიდეს რუსეთად და თუ არა იქმს რუსისა ღენერალი, ადვილია მისი აქდამ განდევნა. დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი. როგორც გვიმეფნია, ისვე ვიმეფოთ“. მეფის ძემან დავით, მიუთხრა ესე ამბავი ღენერალსა ლაზარევსა და კოვალენსკის. მათ დაიბარეს იოანე სარდალი და გამოჰკითხეს ესე. სარდალმან აღიარა, არა ბრალი თვისი, არამედ სიტყვა თვისი. „მე მოვახსენეო, _ იტყოდა სარდალი, _ დავითს ჩემი რჩევა დასაცველად მეფობისა, ნიშნად ერთგულობისა, ვითარცა ფიცით შეკრული მეფეთათვის ქართველთა. რადგანაც არა სურს მას დავითს მეფობა, როდესაც მივსცემ ფიცსა რუსეთისა იმპერატორსა, ვექმნები ერთგული და მოვკვდები მისთვის ერთგულობაშიო“. _ ესე იკმავეს ღენერალთა რუსეთისა. სარდალი იოანე ამიერიდგან უკუ-უდგა მემკვიდრესა დავითს. არღა გაერია არა რასამე საქმეში, არცა შევიდა იმა შეთქმულობაში, რომელიცა ჰქნეს თავადმან დუცალ ბარათაშვილმან და სხვათა. დასარღვეველად ესრეთისა შეთქმულობისა და სხვათა შფოთთა დასაწყნარებელად განეფინა საქართველოს მიწერილი ყველგან შემდეგი ეპისტოლე:

„ბატონნო საქართველოს თავადნო და აზნაურნო! თქვენი მუჯალობა გვებოძა და მართებული ესე იყო, რადგან მეფე გიორგი მიიცვალა, აქა შემოყრილიყავით და გეტირნათ, წაგეხურათ და მერე დიდნი დიდად შეყრილიყავით და მცირენი მცირედ და საზოგადო ქვეყნისა კეთილმდგომოობა გამოგერჩიათ. ამ ჟამად ზოგიერთნი სხვანი და როსტომ ბეგთაბეგიშვილი, ელიზბარ თუმანიშვილი და დუცალ[1] შეგიყრიათ და რესპუბლიკის თავად გაგიკეთებიათ. აბა სად მივიდეთ. ეს თქვენის კეთილშობილებისათვის დიდად აუგია და სათაკილო. თუმცაღა ჩვენ ქართველთა მეფე გვყოლია, მაგრამ ოდესმე საბერძნეთის ყმანი ვყოფილვართ და ოდესმე სპარსეთისა, და ახლა მეფე თეიმურაზმან, მეფე ერეკლემ და მეფე გიორგიმ ეს ქვეყანა რუსეთის ხელმწიფეს მისცა. დაგიჟინიათ მეფის ერეკლეს ანდერძზედ დავდგეთო. მეფე ერეკლემ დასტოვა თავისის ანდერძის დამარღვეველი ანდერძი, რომელიც მეფეს გიორგის მისცა, ის ანდერძი გარსევანმა წაიღო იმპერატორთან. მოიცადეთ, ნუ აჩქარებულხართ, ნურც თქვენს სოფლებს ახდენთ, და ნურც ჩვენი ბატონიშვილების ოჯახს აქცევთ და სისხლს უგდებთ ერთი ერთმანეთში. რაც იმპერატორის ნება და ბრძანება მოვა, თქვენც იმაზედ დასდექით, და ჩვენც იმის პირდაპირი, ხომ იცით, არავის შეუძლიან. და მერმე ერთი რამ რომ გარდამავალობა ვქმნათ და ძალით გვაქმნვინონ, სირცხვილი იქმნება საზოგადოებისათვის, ჩვენი რჩევა ეს არის და ახლა ნება თქვენია იანვრის ია (11) ქ(ორონიკონ)ს უპთ (489).[2]

(ბეჭედსმულია _ ვახტანგ, იოანე, ზაალ მორდალი, სოლომონ)


  1. როსტომ ბეგთაბეგიშვილი გარდაიცვალა 1836 წელსა. ელიზბარ თუმანიშვილი . . . წელსა და დუცალ იყო თავადი იოანე ბარათოვი, ზედ დამატებით დუცალიშვილი, ესე გარდაიცვალა 1810 წელსა.
  2. ნამდვილი ესე, რომელიცა მე მაქვს არის ბეჭედ-სმულნი. _ ზოგიერთი ძნელი გასარჩევია და რამდენიმე მხოლოდ წარვიკითხე. გვამნი ესენი არიან:
    მეფის ძე იოანე
    მონა ღვთისა გაბრიელ.
    დიმიტრი (თუმანიშვილი მდივანი).
    ალექსანდრე (მაყაშვილი, ეშიკაღაბაში მეფისა).
    სოლომონ მეითარი (თარხნიშვილი).
    ზაალ მორდალი (ბარათაშვილი, მოკლული ყმათაგან თვისთა 1810 წელსა).
    ვახტანგ (ორბელიანი, ქმარი მეფის ასულის თეკლასი).
    დავით (რექტორი ალექსიშვილი).
    ნიკოლოოზ.
    ფარსადან.
    დავით (მიმბაში, თარხნიშვილი).

155[edit]

მეფისავე გიორგისა დროთა ერისკაცობაში და მერეთ შესული სამღვდელოსა წოდებაში ეგნატი იოსელიანი, იყო მიწერ-მოწერაში დავით სომეხთა კათოლიკოსთან. ერთმან ესე ვითართა წერილთაგანმან მოაწია ჩემდა და ამისთვის დაუკარგველობისათვის დროთა წარსულთა მოთხრობისა, დავურთებ აქა მას მიწერილსა სომხურად, მისგანვე თარგმნილსა ქართულად:[1]

„უწმინდესო მეუფო უმაკურთხეველესო უფალო!

ვინაიდგან არა არს ხელმწიფება, გარნა ღვთისაგან, ამისთვის ღვთისა მიერ განფესულ-განძირულმან მპყრობელმან ხელმწიფეთა შორის იმპერატორმან და იმპერატორთა შორის ხელმწიფემან პავლე პირველმან აღგაგო და აღგანთო შენ უწმინდესი ეგე ვინმე სანთლად მთებარედ, რომელიცა დაგადგინა არა ხვიმირსა ქვეშე დაფარულად, არამედ სასანთლესა ზედა განბრწყინვებულად, რათა ნათობდე ყოველთა, და მით პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ბრწყინავდე და უსაკუთრესად ნათესავსა ზედა ჰაოსთასა, რომელთაცა საზოგადოდ მამად და მწყემსად იზედ იწოდე შენ. ამიერითგან ხარ შენ, ვითარცა ქალაქი მთასა ზდა დაშენებული იმპერატორისაგან, რომლისაცა ნათელსა არა ძალუძს დაფაროს ვინმე; ესე ყოველი იქმნა ხელმწიფებითა სულისა წმინდისა ღვთისათა, რომელმანცა სცხო გონებასა იმპერატორისასა უხილავად ვიდრემე მავალისა ფრთისა კალმითა; და ვინადგან იცის მოწყლებამან ღვთაებრივმან, კვალად შემდგომად რისხვისა შეიწყალებს შერისხულთა, ამისთვის ჩვენ შერისხულთა მტერთაგან სიყმილითა, სრვითა და პატრონთა მამათა ჩვენთა ხელმწიფეთა მეფეთა გარდაცვალებათაგან აღგვედგინა უხელმწიფესი და უთვითმპყრობლესი იმპერატორი, რომელმანცა შეგვიწყალა და განგვასვენა მემკვიდრისა აღდგინებითა და თქვენ უწმინესისა აქა მონიჭებითა, რათა აკურთხო შენ მემკვიდრე ჩვენი ივერიელთა გვარისა, და მყოფნი ივერიასა შინა მონანი მისნი და მეცა უმონაესი მონა თქვნისა უწმინდესობისა.

ე გ ნ ა ტ ი ი ო ს ე ლ ი ა ნ ი. 20 აპრილსა 1801 წელსა. თ ფ ი ლ ი ს ი თ“.


  1. ესე დავით იყო სოფლისა ენაგეთიდამ, ახლოს თფილისისა, მცნობი მეფისა გიორგისა და მეგობარი მეფის ძისა დავითისა. ოდეს სომეხთა კათოლიკოსი იოსებ არღუთაშვილი მოსრული რუსეთით მოვიდა თფილისს და მოკვდაცა აქა 11 მარტსა 1801 წელსა, მეცადინობითა მფის ძისა დავითისა და მაჰმად-ხან ერევნისა ხანისა დამტკიცდა კათოლიკოსად სომეხთა დ ა ვ ი თ ე ნ ა გ ე თ ე ლ ი. შემდეგ 1804 განაგდეს სომეხთა და დასვეს ბრძანებითა ალექსანდრე იმპერატორისა დ ა ნ ი ი ლ ს ტ ა მ ბ ო ლ ე ლ ი.
    (შენიშვნა: პ. იოსელიანი შეცდომით ასახელებს ერევნის ხანად მაჰმად-ხანს (?). იგულისხმება ჯავათ-ხანი, განჯელი, რომელიც მოკლეს 1804 წ. 3 იანვარს. რ ე დ.)

156[edit]

დღიდგან გარდაცვალებისა მეფისა არა დასცხრებოდა ღელვა აღრეულობისა ქ. თფილისს. არცა დავით მემკვიდრე, არცა შვილნი სხვანი მეფისა, და არცა რუსთა ჯარისა მბრძანებელი არა აბოლოებდენ მეფისა გვამისა დასაფლავებისა საქმესა. ლაზარევსა მომლოდინესა ბრძანებისა კნორრინგიდამ და შიშმან ძმათაგან მეფისა, რომელნიცა აგროვებდენ ჯართა დასაცემად თფილისზედ, ვერ გააბედვინა მიცემა ჯარისა, რათა წარეღოთ გვამი უდაბნოდ მოშორებულისა თფილისიდამ 60 ვერსტითა. ესე იყო მიზეზი რომელ 20 ფებერვლამდე 1801 წლისა ესვენა გვამი მეფისა სიონისა ეკკლესიასა და სხეულისა ხრწნილებასა იმაგრებდენ და ეშველებოდენ კუბოსა შინა ყინულთა შთადებითა. თავადნი და აზნაურნი ქართლისა და კახეთისა, მომავალნი თფილისს, მიმოვიდოდნენ კუბოდ მისსა, სტიროდენ, ემთხვეოდენ ხელთა მისთა და ესალმებოდენ საუკუნოდ. უკანასკნელ, გასულმან მოთმინებიდამ მეფის ძემან იოანე, დაუდევნელობისა გამო მეფის ძისა და მემკვდირისა დავითისა თვით იზრუნვა და დაასკვნეს უკანასკნელი ანდერძის აგება 20 ფებერვალს და მასვე დღესა წასვენება გვამისა მცხეთას. შემდგომად წირვისა და ანდერძისა გამოასვენეს ეკკლესიით კუბო მეფისა. კუბოსა ამას, რომელიცა ეპყრათ თავადთა ურჩეულესთა, უძღოდენ წინა ჯერეთ თავადნი და აზნაურნი, მათ შეუდგენ ეკკლესიისა მსახურნი ხატებითა და სანთლებითა; მერეთ ორდენნი: ალექსანდრე ნეველისა და წმინდისა ანდრია პირველწოდებულისა, ხმალი, სკიპტრა, გვირგვინი, ბაირაღი, მარჯვნივ იყო კათოლიკოსი ანტონი სამღვდელოთი და მარცხნივ იოსებ კათოლიკოსი სომეხთა თვისითა სამღვდელოთი. ბალდახინისა ქვეშე გარემო კუბოჲსა მიუძღოდენ მეფის ძე და მემკვიდრე დავით, იოანე და ბაგრატ. დიღმის კარითა გაასვენეს მიცვალებული და გარე ქალაქისა დასდვეს გვამი, სთქვეს პანაშვიდი და მაშინ დაცალეს 6 ბატალიონმან თოფები და 3 პოლკის ზარბაზანთა სამ-გზის ჰქმნეს სროლა. მასვე დღესა ციხის მეზარბზნეთა ისროლეს 31 სროლა. ქაშოეთის წინ გამოეთხოვა სამეფო ქალაქი თფილისი მეფესა თვისსა. დადუმდა ხმა საგლოველი ბარაბანთა და მუსიკისა და ხმა ზარბაზანთა. ჯარი უკუ იქცა ქალაქად და გვამი მეფისა წარიღეს მცხეთას. ესე იყო დღე ოთხშაბათი, მესამისა, დიდმარხვისა კვირისა. მეორესა დღესა, შემდგომად ლიტურღიისა, კათოლიკოსმან ანტონი და მღვდელმთავართა დაასაფლავეს მარცხნივ აღსავლისა კარისა. მუნ იყვნენ და დაესწრნენ მეფის ძენი იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ, მიხაილ და ილია, თავადნი და აზნაურნი და მოხელენი მრავლად. დედოფალი და ქალნი, ქართველთა წესითა, დაშთენ თფილისსა, ვითარცა მგლოვარენი და მხოლოდ საღამოსა დროსა წაბრძანდნენ.

მეფე გარდაიცვალა 56 წლისა შობიდგან. განმგმან საქართვლოჲსა მარკის პაულუჩჩი 1812 წელსა უქმნა ტაგრუცი და დაასდვა თითბრის ფიცარზედ რუსული ზედა-წარწერა:

«Здесь покоится царь Георгий, родившийся в 1750 году, который взошёл на престол Грузинской в 1798 году, и который из любви к благу своих подданных, желая навсегда обеспечить их благосостояние, 1799 году уступил Грузию Российской Империи и скончался 1800 году. Дабы предать потомству память о последнем Грузинском царе, именем Е г о И м п е р а т о р с к а г о В е л и ч е с т в а А л е к с а н д р а, главнокомандующий в Грузии Маркиз Паулуччи соорудил ему сей памятник в 1812 году».[1] მოხსენებული აქა წელიწადი ცხოვრებისა (დაბადებისა) არის ყოვლად შეცდომითი.


  1. „აქ განისვენებს მეფე გიორგი, დაბადებული 1750 წელს, რომელიც საქართველოს ტახტზე ავიდა 1798 წელს, და რომელმაც თავის ქვეშევრდომთა სიკეთისადმი სიყვარულით, და სურვილით სამუდამოდ უზრუნველეყო მათი კეთილდღეობა, 1799 წელს დაუთმო საქართველო რუსეთის იმპრიას და გარდაიცვალა 1800 წელს. რათა მიეცეს შთამომავლობას ხსოვნა საქართველოს უკანასკნელი მეფის შესახებ, მ ი ს ი ი მ პ ე რ ა ტ ო რ ო ბ ი თ ი უ დ ი დ ე ბ უ ლ ე ს ო ბ ი ს ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ს სახელით, მთავასარდალმა საქართველოში მარკიზმა პაულუჩჩიმ აუგო მას ეს ძეგლი 1812 წელს“. ხელნაწერში პლატონ იოსელიანს მარკიზის გვარი ეწერა ქართულად „პავლუჩჩი“ და რუსულად კი «Павлуччи». (წიგნის რედაქტორის შენიშვნა).

157[edit]

დედოფალმან მარიამ და მგლოვარეთა შვილთა მისთა გარდაიხადეს ორმოცი. კათოლიკოსმან და მღვდელმთავართა და ერთგულთა გარდაცვალებულისა მეფისა კვალად დაურთეს დედოფლისა ცრემლთა ცრემლნი თვისნი. მცხეთას მიბრძანდენ დედოფლი და შვილნი, გარდა მეფის ძის დავითისა. განმგედ ვალდებულებისა ამის, წესისამებრ ეკკლესიისა, იყო მეფის ძე იოანე. მარჯვე საქმეთა შინა, მხოლოდ ესე მეფის ძე, შეექმნა ქვეყანასა და სახლეულობასა თვისსა, მისაყრდნობელად. მორიდებაცა დიდი აქვნდათ ყოველთავე ამისი. სარდალი იოანე ორბელიანი ექმნა მორჩილი და იახლაცა თვისთანა მცხეთას სახლეულობით. ქალაქისა მცხოვრებნი ურმებითა, ცხენებითა და ქვეითითა მივიდნენ მრავლად მცხეთას და დაესწრნენ წირვისა და ორმოცისა გარდახდასა. მოიგლიჯნენ სოფლებიდამ ქალნი და კაცნი და სტიროდენ მეფესა და ობლობასა. ოთხი ათასი და მეტი ქალი და კაცი ისტუმრა ტრაპეზითა მეფის ძემან იოანე. მასპინძელნი სანოვაგითა უხვად იყვნენ თვით კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი იუსტინე, სტეფანე რუსთველი ეპისკოპოსი და არსენი თფილელი. იყო 21 ფებერვლისა და დღე თფილი, უტალახო და მშვიდი. წინამძღვარმან ჯვარის მონასტრისა წირვისა შემდგომად სთქვა ქადაგებითი სიტყვა, რომელსა შინა გამოხატა ღირსება მეფისა გიორგისა, ვითარცა ნამდვილისა ქრისტიანისა, წმინდისა ჰაზრითა და გონებითა, წმინდისა ცხოვრებითა განკრძალულითა და წმინდისავე ქრისტიანებრითა აღსასრულითა.

ტრაპეზისა შემდგომად წარვიდენ თვისდა მცხოვრებნი და სამეფო სახლი და დედოფალი წარმობრძანდნენ თფილისად მეორესა დღესა, შემდგომად ლიტურღიისავე აღსრულებისა დილით ზედმობმით ცისკრისა.

158[edit]

მეფის ძე და მემკვიდრე დავით, ვითარცა რეგენტი ანუ განმგე საქართველოისა ელოდდა წერილთა თვისთა მიწერილთა იმპერატორისადმი პავლესა, პასუხთა. შესული, რეცა სრულსა განმგეობითსა ძალსა, იქმოდა სამართალსა, მიიღებდა მოჩივართა და უძღვიდა სამეფოსა. განრისხებულმან ვიეთთამე გვამთა ზედა ვითამცა ურჩთა, ბრძანა და მისცა საპყრობილესა სარდალი ოთარ ამილახვარი და სხვანიცა. ამათ შორის იყო თვით უუგონიერესი სოლომონ ლიონიძე. ესე თვით საპყრობილესა შინა არა დასცხრებოდა სიტყვითა და თქმითა გლოვითითა: „დავითმან დაღუპა ოჯახი მეფეთა, გამოსჭრა ყელი მეფობასა და დაამცირა ერი თვისი და თვით თავი თვისი“. დასადუმებელად მწარედ მოუბარისა ენისა ამის ურჩივეს მემკვიდრესა დავითს, მისცეს მას შემთხვევა ლტოლვისა საპყრობილიდამ. მაშინ მიუჩინეს იდუმალ კაცნი და აღუთქვეს გააპარონ იგი იმერეთსა. ეთანხმა სოლომონ ლიონიძე, გამოვიდა იდუმალ ციხიდამ და წარვიდა ქუთაისს და შეეხიზნა იმერეთისა მეფესა სოლომონს.

ვუწოდებ მას, პატიოსნებისა გამო მაღალისა დროთა ამათ, ფაბრიციოდ ქართველთა; და ვითარცა მტკიცე და შეურყეველი, იქმნა ნამდვილ ქართველთა ერისა ისტორიისა კატონად.

159[edit]

შეერთების რესკრიპტი

14 ფებერვალსა მოვიდა რუსეთით ორი რესკრიპტი იმპერატორისა პავლესი: ერთი ქართველთა სახელზედ და ერთი სახელსა ზედა დავით მემკვიდრისა, ესრეთ ქართულად თარგმნილი მასვე დღესა:[1]

რ ე ს კ რ ი პ ტ ი 1 „წყალობითა ღვთისათა ჩვენ პავლე პირველი იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა როსსიისა და სხვათა.

ადრით დროთაგან საქართველოისა სამეფო შეჭირვებულიყო უცხო თესლთაგან, რომელთაცა მეზობლობით განელიათ ძალი დაუცხრომელითა ბრძოლითა საკუთარითა დამცველობისა თავისა თვისისათა და განმხილველნი განულტოლველობისა შედგომილებაი აქვნდათ უბედურად. ამასთანავე შეერთდა უთანხმოება სახლსა შინა სამეფოსა სამუქაროი სრულყოფად დაცემისა სამეფოისა და ამისდა იშვა ურთიერთარს შორის ბრძოლაი, მეფემან გიორგი ირაკლის ძემან იხილა მოახლოვება დასასრული ღვთისა (თუ: სიცოცხლისა?) თვისისა. ჩინებულნი გვამნი და თვით ერი საქართველოისა მოლტოლვილი იქმნეს საფარველსა ქვეშე ჩვენსა და არა რაიმე განიხილეს განრინებისათვის თვისისა დაუსრულებელისაგან წარწყმედისა და დამორჩილებისადმი მტერთა თვისთა, ითხოვეს წარმოგზავნილთა მიერ ელჩთა სხვისა (თუ: სრულისა?) ძალისა მქონებელთაგან (რუს. полномочные) უსაშვალოდ, მონებაი იმპერატორისა ყოვლისა რუსეთისა ტახტისა. ამისთვის ყურად-ვიღევით თხოვა მათი მებრ-თან-შობილისა მოწყალებისა ჩვენისა ერთმორწმუნეთა ერთა ზედა. და სამარადისოთა ზრუნვითა სარგებლობისათვის საქართველოსა ერთასა, განვსაზრეთ ჩვენ აღსრულება სურვილისა მეფისა გიორგისა ირაკლისა ძისა და ერისა თვისისა. და ამისთვის ვბრძანეთ რაოდენ დაპყრობისათვის შინაურისა დაწყნარებისა, ეგოდენ გარე მოზღუდვისათვის მისივე გარეგანთაგან დაცემათა და ვუბრძანეთ შეყვანება მხედრობისა ჩვენისა საპყრობელოსა (რუს. держава) საქართველოსა და ამით გამოუცხადებთ იმპერატორულისა ჩვენისა სიტყვითა ვითარმედ შეერთებისაზე სამეფოსა ქართლოსისა საუკუნოობითითა დროითა, მპყრობელობასა ქვეშე ჩვენსა. არა თუ ოდენ დატყვევებულ იქმნებიან (საყვარელ სიმრთელესა შინა დაცვისა ჩვენისასა კანონნი მათნი) საყვარელ სარწმუნოითა ახალნი ყმანი ჩვენნი სამეფო ქართლოსა და სამფლობელონი მისნი; არამედ წარმატებულება და საკუთრად სჯულიერი თითოეული შესაბამობა, რომლისაგანცა თვითოეულსა დროსა დანიშნულება შედგომილება ერისა სამფლობელოსაცა აქვს სარგებლობად ყოვლითა მით კანონითა, რომლითაცა რუსეთისა ძველნი ყმანი წყალობითა ჩვენითა წინაპართათა და ჩვენითა დატკბებოდნენ თავისუფლებითა და წამატებულებითა საფარველსა ქვეშე ჩვენსა. სხვებრ ვეგებით რწმუნებულნი, ვითარმედ ესე ახალნი ყმანი ჩვენნი და შემდგომნი ძენი მათნი დაცულ იქმნებიან შეურყეველითა დარწმუნებითა ჩვენთა და მოსაყდრეთა ჩვენთაგან და ვიმედოვნებთ, რომელ იქმნებიან მცდელ ერთგულებისა ჩვენისა და სარგებლობისა იმპერიისა ჩვენისა ყოვლისა უმაღლესისა განზრახვითა და მონარქიულისა კეთილმნებებელობისა ჩვენისა. გამოცხადდა სანკტპეტერბურღსა შინა წელსა 1801 იანვრის 18 დღესა. წელსა მეფობისა ჩვენისა 5 და დიდისა მაგისტრობისა ჩვენისა წელსა 3.

პ ა ვ ლ ე“.

რ ე ს კ რ ი პ ტ ი 2. „უფალო ღენერალ-ლეიტენანტო, მეფის ძეო დავით! წერილნი თქვენნი ოცდა ოთხით და ოცდა რვით დეკემბრით ჩვენგან მირებულ იქმნეს. თანა აძს უწყებად უგანათლებულესობასა თქვენსა თხოვა ნეტარხსენებულისა მამისა თქვენისა, დიდებულთა და ერთა საქართველოსათა ჩვენდამი გამოცხადებულისა მიღებისათვის სამეფოსა საქართველოსასა საუკუნოობითსა მონებასა შინა იმპერიისა ჩვენისასა, რომლისათვისცა გამოცხადებულ იქმნების ნება ჩვენი მდებარითა ამას უკვე წერილსა შინა გამოცხადებულითა მანიფესტითა, რომელნიცა თვის (სიც) ეყვიან პატივცემულსა გვამსა თქვენსა, წარმოგზავნილთა აქდგან სრულისა ძალისა მქონებელთა საქართველოსა დესპანთა ძალ-ედვათ უწყებად თქვენდა წინადადებულთათვის ჩვენთა, რომელთაცა შინა ჰპოებთ თქვენ საკუთარსა მტკიცედ დამტკიცებასა მზრუნველობისა ჩვენისასა თქვენდამი, ვით თქვენთვის, ეგრეთვე საზოგადოდ კეთილობისათვის საქართველოისა განკუთვნილთა მოწყალებითა, თქვენდამი კეთილმნებებელობითა.

პ ა ვ ლ ე“.

რესკრიპტი პავლესი წარიკითხეს სიონისა ეკკლესიასა შინა. შემდგომად წირვისა აღსრულებულისა არსენი თფილელისაგან. კათოლიკოსმან ანტონი აღასრულა პარაკლისი. მუნ დაესწრნენ მეფის ძენი: დავით, იოანე, ბაგრატ, მიხაილ და სარდალნი სამეფონი და მოხელენი. მასვე დროსა იმპერატორმან მოსწერა ღენერალსა კნორრინგსა, რათა სიმტკიცისათვის ერთგულობისა, წარგზავნოს ს. პ. ბ. ქართველთაგან დეპუტატნი, დასაფიცებელად მათისა მუნ.


  1. ორივე ესე რესკრიპტი მაქვს მე მამისავე ჩემისა ხელითა ნაწერი. რუსული ვერ ვპოვე. ვინ სთარგმნა ქართულად, არ ვიცი. ამისთვის ისევე დავწერე, როგორც იყო დაწერილი და არა შევეხე გასწორებასა.

160[edit]

მეფის ძე დავით, დაშთომილი განმგედ საქართველოისა, ვითარცა მოადგილე იმპერატორისა, განაგრძელებდა მოქმედებასა თვისსა დაწყობისათვის ქვეყანისა. მეფის ძენი[1] იოანე, ბაგრატ და მიხაილ წარვიდნენ რუსეთად და გზაზედ გიორგიევსკის სცნეს გარდაცვალება იმპერატორისა პავლესი 11 მარტსა 1801 წელსა. მოვიდა ამბავი ესე თფილისსა და შემოვიდაცა თფილისს დასაწყობელად საქმეთა და დასაცველად სამეფოისა საქართველოისა ღენერალი კარლე თეოდორეს ძე კნორრინგი 9 აპრილს, 1802 წელსა. ამან იხილა დიდი და დაუბოლოებელი აღრეულობა ქართველთა და მოახსენა იმპერატორს ალექსანდრე პირველსა მდგომარეობა ქვეყნისა. ალექსანდრე, მზრუნველი ქვეყნისათვის, ჰგონებდა რუსთა ჯარისა შემოსვლითა შფოთთა დაცხრომასა. კნორრინგმა კვალად მოახსნა დაუცხრომელობა ამბოხთა, უსურველობა ქართველთაგან თვისთა მეფის ძეთა და წადილი დიდთა და მცირედთა, რათა განცხადდეს საქართველოსა შინა ყოვლადი მმართველობა რუსეთისა. რუსთა დაადგინეს დავით და განხსნეს მმართველობა დროებითი, სადაცა ისხდნენ ღენერალ-მაიორი ლაზარევი და თავადნი: ზაალ ბარათოვი, იოანე ჩოლაყაევი, სულხან მდივანი თუმანოვი და ეგნატი მდივანი თუმანოვი.

მაშინ იმპერატორმან ალექსანდრემ გამოსცა მანიფესტი, რომლითაცა საუკუნოდ შეერთდა საქართველო რუსთა იმპერიასა. მანიფესტი ესე მაშინვე ითარგმნა ქართულად და დაიბეჭდაცა. აჰა თვით ნამდვილი რუსულად და ქართულადაცა თარგმნილი (მოგვყავს ქართული თარგმანი):


წ ყ ა ლ ო ბ ი თ ა ღ ვ თ ი ს ა თ ა ჩ ვ ე ნ ალექსანდრე პირველიი მ პ ე რ ა ტ ო რ ი დ ა თ ვ ი თ მ პ ყ რ ო ბ ე ლ ი ყ ო ვ ლ ი ს ა რ უ ს ე თ ი ს ა

და სხვათა, და სხვათა, და სხვათა.

განუცხადებთ ყოველთა საქართვლოისა სამეფოსა შინა მყოფთა ვისდამიცა სათანადო არს ცნობად მისთვის.

მფარველობა და უზენაესი ხელმწიფება რუსეთისა იმპერიისა სამეფოსა ზედა ქართველთასა, სდებენ მარადის ერთ მთავართა ზედა როსიელთასა, ვალსაცა ხელისა აპყრობისასა. ჩღჟვ (1796) წელსა პირისპირ ძლიერად დაცემისა თქვენზედა აღა-მაჰმად-ხანისა ღვთისადმი განსვენებულმან დიდმან ხელმწიფა იმპერატრიცა ეკატერინა ალექსეევნამ წარგზავნა ნაწილი მხედრობათა თვისთა. ესე ოდენი წარმატებაი, მაშინ არა თუ ოდენ განარინებდა საქართველოისა სამეფოსა, არამედ ბედნიერებითი დაპყრობა ყოველთა სამფლობელოთა და ერთა კიდურსა ზედა კასპიის ზღვისასა მდებარეთა ვიდრე მტკვრად და არეზადმდე, შემოგზღუდვიდენ თქვენ ყოველთა საშიშოთა გამო; დაშთებოდა ოდენ შინაგანითა კეთილ დაწესებითა დამყარება კეთილდღეობისა თქვენისა საუკუნოდ. გარნა მეყვსეულად მსწრაფლ მოწევნითმან გამოსვლამან რუსეთისა მხედრობისამან სპარსეთით, სომხითით და საზღვრით გამო თქვენით აღმოფხვრა სამართლიანი ლოდინი თქვენი. შემდგომად ყოველმან თქვენ მიერ მოთმენილმან განსაცდელმან, მოსვლამან სხვათა სარწმუნოებისა ერთამან, დაქცევამან ქალაქთა და შენობათა, და მონებამან და წარზიდვამან მამათა, დედათა, ცოლთა და შვილთა თქვენთა; უკანასკნელ უთანხმოებამან მეფისა სქესთამან (უფრო სწორად: საგვარეულოთამან, რუს. царской фамилии) და განყოფამან ერთა სხვათა და სხვათა მეფობისა ღირსებისა მეძიებელთა შორის მიგზიდნეს თქვენ ურთიერთისა საბრძოლველად. გარემოსნი თქვენნი წარმტაცნი ერნი იყვნენ მზა დაცემად სამეფოსა ზედა თქვენსა და დაუსჯელად განგლეჯად დაშთომილთა მისთა. შეერთებითა ყოვლისა მის ბოროტებისათა არა თუ ოდენ ერი, არამედ თითქმის სახელითა ქართლოსანთა (ე. ი. სახელიცა ქართველი ხალხისა, რუს. и имя народа грузинскаго) პირველივე გულოვნობითა დიდებული ყოველსა აზიასა შინა, აღიფხვრებოდაცა პირისაგან ქვეყანისა, მდგომელნი უფსკრულსა ამას შინა არა ერთგზის უწოდდით თქვენ მფარველობასა როსსიისასა. შესვლამან სპათა ჩვენთა და დაწყვლამან ომარ-ხან ავარიისა დააყენა წარწყმენდა თქვენნი. შეაძრწუნნა ყოველნი წარმტაცნი კავკასიის მთათა აღმავსებელნი, და იგინიცა რომელნიცა ჰკრეხენ (ე. ი. არბევენ, ძარცვავენ, რუს. раздирают) სამფლობელოსა სპარსეთისა და დიდისა სომხითისასა; დამყუდრდა შორის თქვენსა მიმგვრიობა (რუს. крамолы) და თქვენ ყოველთაცა ერთსულობითა და დღესასწაულობითა ღაღადჰყავით, რათა ხელმწიფება რუსეთისა გმართებდესთ თქვენ უსაშვალოდ. ჩვენ აღსრულთა ყოვლისა რუსეთისა საყდარსა ზედა ვჰპოეთ სამეფო საქართველოისა, შეერთებული რუსეთისადმი, რომლისათვისცა გამოცხადება იყო უკვე იანვრის იჱ (18) დღესა წელსა ჩყა (1801), საყოველთაოდ ცნობისა; მიმწთომან მდგომარობისა თქვენისა, და მხილველმან ვიღარმედ ღონიერება და ყოფნა რუსეთისა მხედრობათა საქართველოსა შინა იპყრობს მხოლოდ იგი დათხევასა ჩვენთა ერთსარწმუნოთასა სისხლსა და ნამდვილსა წაწყმედასა განმზადებულსა თქვენთვის სხვათა ნათესავთა მესაზღვრეთა თქვენთა ერთაგან, _ და ვისურვეთ ჩვენ გამოცდა, ვალად არს შეძლება აღდგინებად პირველისა მმართებელობისა მფარველობასა ქვეშე ჩვენსა და მით დაცვად თქვენდა უშიშრებასა და განსვენებასა შინა. _ გარნა უახლოესმან გამოძიებამან ამისმან მიგვიზიდნეს ჩვენ, ვითარმედ პირად პირადი ნაწილი საქართველოს ერისა, თანასწორ უძვირფასესი ჩვენთვის კაცობრიობისა ძლით, იშიშვის სამართლად დევნულებისა და ნაცვალგებისა მის, რომელიცა მეძიებელი მეფობისა ღირსებისა შეიძლებდაცა მიწდომასა ხელმწიფებისა მისისასა; ვინაიდგან პირისპირ ყოველთა მათ უფროსმან ნაწილმან ერთაგან ესოდენ ცხად-ჰყო თავი თვისი; მხოლო მან ეჭვმან და შიშმან შესადგომელთა ამათ ჰშვა განუსვენებელობა, და უცილობელად იქმნებოდაცა წყაროდ ურთიერთისა შორის სისხლთ მთხეველობისა; გარდა ამისა მმართებლობამანცა მეფობასა შინა მეფის ირაკლისასა, რომელმანცა სულითა და ღირსებითა თვისითა შეაერთა ყოველი ხელმწიფებასა ქვეშე თვისსა, ვერ ხელიეწიფა (sic) დამტკიცება ვერცა გარეგანისა და ვერცა შინაგანისა უშიშროებისა. პირისპირ ესოდენ გზის მიგზიდნათ თქვენ ფსკერსა შინა ბოროტებისასა, რომლისა კიდურსა ზედაცა დღეს სდგეხართ თქვენ, და რომელსა შინა ყოველთა გამოხატვათამებრ გშვენისთ თქვენ შთაცვივნა, უკეთუ ძლიერი ხელი მართლისა ხელმწიფებისა არა შეგიპყრობსთ თქვენ დაცემისა ამისაგან. ძალმან გარემოებათა ამათ, ზოგად ამის ძლით გრძნობამან თქვენმან, და ხმამან საქართველოისა ერისამან, მოგვიზიდნეს ჩვენ, არა დაუტეოთ და არა მივსცეთ მსხვერპლად განსაცდელისა ენა ერთმორწმუნეთა, მომცემელთა ხვედრისა თვისისა დიდ სულისა რუსთისა საფარველისადმი. განღვიძებული იმედი თქვენი არა იქმნების მოტყუებული ამ გზის. არა აღორძინებისათვის ძალთა, არა ნივთათათვის, არა განვრცელებისათვის საზღვართა, და ესრეთცა უკვე ვრცელისა ქვეყანასა ზედა იმპერიასა შინა, მივიღებთ ჩვენთვის ზედა ტვირთსა საქართველოს სამეფოსა მართებელობისასა. მხოლოდ პატივი და კაცობრიობა სდებენ ჩვენზედა საღმრთოსა ვალსა. მსმენმან ვნებულთა ვედრებისა განსადევნელად შეჭირვებათა მათთა დავაწესო საქართველოსა შინა მმართებლობა, რომელსაცა ეძლოსცა დამყარება მართლმსაჯულებისა, ნივთისა და საქონლისა უშიშროებისა (ე. ი. პირადი და ქონებრივი უსაფრთხოებისა, რუს. личную и имущественную безопасность), და მიცემად თვითოეულისა დაცვა სჯულისა (ე. ი. კანონისა, რუს. закона). ხოლო ამისათვის გამომრჩეველმან ჩვენისა ღენერალ-ლეიტენანტისა კნორრინღისა, რათა იყოს უპირატეს მმართებელად თქვენ შორის, მივეცით ჩვენ მას სრული მოძღვრება გამოაცხადოს მმართებლობა ესე საკუთრად სახელითა ჩვენითა და მოიყვანოს ძალსა და მოქმედებასა შინა ჩვენ მიერ დათხზული განწესებაი, რომლისა სრული საყოფელადცა უზიარებთ (ე. ი. რომლისა აღსრულებისთვისცა თანავაზიარებთ, რუს. к исполнению коего приобщая) თქვენ მიერ ღირსებათა და საზოგადოდ ნდობათამებრ გამორჩეულთა, ვსასოებთ, ვითარმედ თქვენ მორწმუნენი მმართებლობისა ამის უეჭველად სიგრილისა ქვეშე მის დასაბამსავე მოიპოვებთ განსვენებასა და უშიშროებასა და შემდგომად, კეთილდღეობასა და უხვებასა.

ყოველნი ხარკნი თქვენისა ქვეყანისანი, ვუბრძანებთ ჩვენ, რათა მიაქციონ სასარგებლოდ თქვენდა და რაიცა სახარჯოდ მმართებლობისა დარჩების აღსადგინებელად დაქცეულთა ქალაქთა და შენობათა. თვითოეული დარჩების უპირატესობათა თანამდგომარეობისა თვისისათა, თავისუფლად და შეუხებელად სარწმუნოებისა და საკუთრისა თვისისა თან. მეფის ძენი დასცვენ (უფრო სწორად: შეინარჩუნებენ, რუს. сохранят) მამულთა თვისთა, გარდა განშორვებულთა, და განშორვებულთა მათ მიეცემისთ მამულთა თვისთა გამოსავალი ყოველ წლივ თეთრად, სადაცა იქმნებიან იგინი, ოდენცა სცვიდენ ვალსა ფიცისასა. _ ნაცვლად დიდსულობითთა ზრუნვათა ამათ ჩვენთვის, ვითხოვთ ჩვენ თქვენგან, რათამცა თქვენ დამტკიცებისათვის თქვენზედ დაწესებულისა ხელმწიფებისა ჰყოთ ფიცი ერთგულებასა ზედა, ამასთანა მდებარისა სახისამებრ. სამღვდელოთა ვითარცა მწყემსთა სულისა თანა პირველად შვენისთ მიცემა მაგალითისა.

უკანასკნელ, რათა სცნათ თქვენ ფასი კეთილად მმართებლობისა, რათა დაეშენოს შორის თქვენსა მშვიდობა, მართლმსაჯულება, რწმუნება, ვითარცა ნივთთა, ესრეთვე საქონლისაცა (ე. ი. პირადი და ქონებრივი), რათა მოისპოს თვითმმართებლობაი (უფრო სწორად: თვითნებობაი, რუს. самоуправство) და მხეცებრივი უთანხმოება, რათა იქცეოდეს თვითოეული უმჯობესთა სარგებელთა თვისთა და საზოგადოებისადმი თავისუფლად დაუბრკოლებელად, შრომის მოყვარებდეს მიწისა მუშაკობასა, განზრახვათა (უფრო სწორად: რეწვათა, მრეწველობათა, რუს. в промислах), ვაჭრობათა და ხელთსაქმეთა შინა, საგრილსა ქვეშე სჯულთა (ე. ი. კანონთა, რუს. законов) ყოველთა თანასწორ მფარველთასა. ნაშთი და კეთილდღეობა თქვენი იქმნების მხოლოდ ჯილდოდ ჩვენთვის. მიეცა საყდროსანსა ქალაქსა მოსკოვს სეკდემბრის იბ (12) დღესა ჩყა (1801) წელსა.

ნამდვილზედ ქვემო წერილ არს, საკუთარითა ხელითა მათისა იმპერატორების დიდებულებისათა ესრეთ:

ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე“. (ადგილი ბეჭდისა)


  1. წერილი მეფის ძის მიხაილისა ს. პ.-ბურღით მამაჩემთან, რომელიცა იყო მასწვლებელი მისი და ძმისა მისისა მეფის ძის ილიასი:
    „უფალო პროთოდიაკონო ეგნატი! მრავალი კითხვა მოგახსენესთ. ჩვენ მშვიდობით გახლავართ, შენ ფილონს დიმიტრი თუმანოვი მოგიტანს. ესე მარტივი წიგნი ანუ პროსტოი არ გეწყინოს. თუ მეგობრად არ გრაცხდე, ასე არ მოგწერდი.
    თქვენი მეგობარი მეფის ძე მ ი ხ ა ი ლ“.
    1806 9/5
    წერილსა ამას მოხსენებული თუმანიშვილი არის ძე მდივნისა იოსებისა, მოლექსე და მწერალი. გარდაიცვალა თფილისს 1921 წელსა. თვით მამაჩემი გარდაიცვალა 77 წლისა 22 ივლისს 1844 წელსა.

161[edit]

მანიფესტისა ამის გამოცემისა დროსა, დაესწრნენ მოსკოვსა დესპანნი, მეფის გიორგისავე გაგზვნილნი გიორგი ავალიშვილი და ელიაზარ ფალავანდიშვილი. მუნვე იყვნენ 12 დეპუტატად ქართველთაგან მისრულნი თავადნი და აზნაურნი გიორგი თუმანიშვილი,[1] გიორგი ერისთვიშვილი[2], გლახა ვაჩნაძე, ოთარ ქობულიშვილი, აბესალომ ბებუთოვი, გაბრიილ რატიშვილი, რომელიცა ახლდა იოანე მეფის ძეს, იაია ავალიშვილი, ძმა გიორგი ავალიშვილისა, იოანე მაღალოვი; პავლე წინამძღვრიშვილი, დავით ზანდუკელი, გიორგი ოქრომჭედლიშვილი, ნიკოლოოზ ონიკოვი.

ამათგან ორთა გიორგი ავალიშვილმან და ელიზარ ფალავანდიშვილმან იმპერატორისა ბრძანებითა წარმოიღეს საქართველოდ მანიფესტი ესე, რათა მიართონ მემკვიდრესა დავითს I საცნობელად ქართველთა.


  1. ესე იყო შვილი ეგნატი თუმანიშვილისა, მოლექსე და მოყვარე ქართველთა მწერლობისა, გარდაიცვალა სტატსკი სოვეტნიკად 1837 წელსა.
  2. გიორგი იესეს ძე ერისთოვი. ამან შეირთო ცოლად მეფის გიორგის ქალი გაიანე. მექონი ღენერალ-ოტინფანტერიისა ჩინისა და ლურჯისა წმინდის ანდრიასი ლენტისა. გარდაიცვალა 1863 წელსა.
    (შ ე ნ ი შ. გ. ი. ერისთავი გარდ. 1864 . რ ე დ.)

162[edit]

მასვე დროსა კნორრინგმან, განმგემან საქართველოისა გამოსცა ქართულად დაბეჭდილი თფილისს თვისი გამოცხადება ქართველთადმი შემდეგი:

„მისის იმპერატორებითისა დიდებულებისა თვითმპყრობელისა ყოვლისა როსიისა ღენერალ-ლიტენანტი, კავკასიისა ინსპექციისა ინსპექტორი, უპირატეს მმართებელი საქარველოისა, ასტრახანისა მხედრობითა ღუბერნატორი, მემთავრე ასტრახანისა ღუბერნიასა შინა საქმეთაცა სამოქალაქოთა, კაზანის მუშკეტერის პოლკისა შეფი და ორდენთა: წმინდისა ალექსანდრე ნეველისა, წმინდისა ანნასი პირველი ხარისხისა, სამხედროსა წმინდისა დიდისა მოწამისა და ძლევამოსილისა გიორგისა მეოთხისა ხრისხისა, და მპყრობელობითისა წმინდისა იოანე იერუსალიმელისა უფროსისა ჯვარისა კავალერი.

განვუცხადებ ყოველთა საზოგადოდ ქართლსა და კახეთსა შინა მცხოვრებთა:

ვიწყევ რა აღსრულებად მოყვანება უმაღლესისა ნებისა მისისა დიდებულებისა ყოვლისა როსიისა იმპერატორისა, მაქვს მე ვალი და შეკრულება, რათა განვაწესო კვლავ ჟამადმდე თფილისსა შინა უზენაესი საქართველოისა მმართებლობა ჩემსა ქვეშე პირველ მჯდომარეობასა; ხოლო ქალაქთა შინა და მაზრათა, ვითარცა სასამართლო და განმგებლობა, ეგრეთვე კეთილწესობაცა, რომლისა გამო, განმცემი ან საყოველთაო უწყებად განწესებისა შინაგანისა საქრთველოისა მმართებლობისა, რომელიცა დამტკიცებულ არს საღმრთოთა ნებითა ხელმწიფისა იმპერატორისათა, შეკრულ ვარ მე, რათა შევზღუდო სამფლობელონი ესე გარეშეთა დაცემათა გამო, დავიცვა მცხოვრებელნი მათნი უშიშროებასა სინა თვით თავისა მათისა და ქონებისაცა, და მივაწიო ყოველთადმი დაფარვა, რწმუნება და განსვენება მმართებელობითა მღვიძარითა და ძლიერითა, მარადის განმზადებულითა, რათა მისცეს მართლმსაჯულება დაჩაგრულსა, შემწე ექმნას არა ბრალულებასა, და სამაგალითოდ ბოროტთა დასაჯოს კანონთ გარდამავალი. ამისთვის უკვე ნუ ვინმე იკადნიეროსმცა თავ-ნებად და მძლავრებით კმაყოფილება საძიებელისა თვისისა, არამედ თვითოეულმან წარადგინოს საჩივარი თვისი განწესებულთა მისთვის ადგილსა შინა, მსასოებელმან უეჭველად, რომელ მიიღებს მსწრაფლსა და პირ-მიუფერებელსა სამართალსა. მოგონებანი განსაცდელთა მათ, რომელნიცა განზავებულ იყვნენ საქართველოისა შინა, წარმოადგენენ სარწმუნოსა ყოველთა მისთა მცხოვრებელთათვის თავდებობასა, რომელ იგინი სავსითა სასოებითა აღიარებენ ხელმწიფებასა განმზადებულისა მფარველობისასა, რომელიცა განსდევნის მათგან უფსკრულისა ბოროტებისა მათდა გარერტყმულსა და ყოველთა მათთა საზღვართა ზედა განაპყრობს დაფარვასა მშვიდობისა და უშიშროებისასა, რომელ მიჩნევა საკუთრისა კეთილდღეობისა თვისისა აღსძრავს გულთა მათთა საუკუნოსადმი მადლობის ჩემისა და შევრდომილებისა, და რომელ სრულიადითა მორჩილებითა განამართლებენ იგინი ზრუნვათა ნებისა კეთილმდგომარეობისა მათისა დამამყარებელისათა. მოყვარენი მშვიდობისა და კაცობრივობისანი იძულებულ იქმნან, რომელ მოხალისობა და შრომანი და არა მანქანებანი; უხვება მცხოვრებელთა, და არა სიგლახავე მათი; მტკიცე და შეურყეველი სასოება სახიერებისადმი უფლისა, და არა სასოწარკვეთილება; უკანასკნელ არა მზაკვრობა, სისხლისა თხევა, სულელობა, უწყალოება და არცა სიგლისპე; არამედ წრფელ სულიერობა, კაცთმოყვარება და შებრალება, ქველის მოქმედებანი, რომელთაცამებრ შვენის ქრისტიანესა ჩინებულ ყოფა, არიან წყაროდ ერთა განსვენებისა და კეთილდღეობისა. მიცემულ არს თფილისსა მაისის ზ (7) დღესა, ჩყბ (1802) წელსა.

მოწერილ არს: კ ნ ო რ რ ი ნ გ ი“.

163[edit]

4000 ეგზმპლარი გამოცხადებისა ამის და ესოდენივე რიცხვი იმპერტორისა მანიფესტისა მხოლოდ ქართულად დაბეჭდილი თფილისს მეფის გიორგისაგანვე გამართულსა სტამბაში, _ განეფინა და განითესა ქართლ-კახეთისა ადგილთა.

სცნეს ესე დიდთა და მცირეთა, მოხარულთა და არა მოხარულთა დროთა ცვლილებისა. სცნო ყაენმან და ფათალიშაჰმან და სულთანმან თურქთა სელიმმან, ხანთა და ფაშათა მეზობელთა. მეფე იმრეთისა სოლომონ შედგა და შესწუხდა: იწყო გამაგრება სამზღვართა თვისთა და დაკავშირება თურქთა ფაშებთა თანა მესამზღვრეთა. დაღესტანი შეძრწუნდა რუსთა მეზობლობითა.

მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ, მოძულენი ძმისწულისა თვისისა დავითისა, იყვნენ ქართლსა და განიზრახვიდენ რუსთა მთავრობის ურჩებასა. ვერა-რაის მქმნელნი, ვერცა იმერთა მეფისა შეწევნითა, რომელსაცა შეეხიზნენ ცოლ-შვილითა, და ვერცა ერთა აშფოთებითა, _ მოეცნენ რუსთა და წარვიდენ რუსეთად 1805 წელსა და აღსრულდენ ს. პ. ბ. იულონ 23 აგვისტოს 1816 წელსა და ფარნაოზ ახლოს 1844 წელსა.

მეფის ძე ალექსანდრე გაქცეული მეფისავე დროსა სპარსეთად, დაშთა მუნ; ვითარცა მითრიდატე ქართველთა ისტორიისა _ სიძულვილითა რუსთა მთავრობისა და დაუძინებელითა მათდამი მტერობითა, აღსრულდა თავრიზის ახლოს 1844 წელსა.

დედოფალი დარეჯან გარდავიდა 1804 წელსა რუსთსა და, მიღებული პატივითა იმპერატრიცასაგან, გარდაიცვალა ს. პ. ბ. 1807 წელსა და დასაფლავდა ალექსანდრე ნეველის მონასტრისა ხარებისა ეკკლესიასა, თვით საფლავსა მას, რომელიცა იყო უქმი და ცარიელი შემდგომად გარდასვენებისა მუნით იმპერატორთა საძვალესა გვამისა იმპერატორისა პეტრე მესამისა იმპერატორისა პავლესაგან 1796 წელსა.

164[edit]

აღსრულებად ესრეთისა მანიფესტისა, განმგემან საქართველოისა კნორრინგმან, შეჰყარა თავადნი და აზნაურნი ქართლისა და კახეთისა ქ. თფილისს და გამოუცხადა მათ ნება იმპერატორისა. სიონისა საკათედროსა ეკკლესიასა შინა კათოლიკოსმან ანტონი წარაკითხა ქართულად არქიმანდრიტსა თვისსა ტრიფილეს. შემდგომად წარკითხვისა დასდვეს საწიგნე და მასზედა დაბეჭდილი პეტერბურღსავე რუსულად და ქართულად ფიცითი აღთქმა შემდეგი:

ფიცითი აღთქმა მე ქვემო სახელდებული აღვსთქვავ და ვფუცავ ყოვლისა შემძლებელითა ღვთითა წინაშე წმიდისა სახარებისა მისისა მას შინა, ვითარმედ მნებავს და თანამაძს მათის იმპერატორების დიდებულებისა ალექსანდრე პავლოვიჩისა თვითმპყრობელისა ყოვლისა რუსეთისა და მათის იმპერატორების დიდებულების ყოვლისა რუსეთის საყდრისა მემკვიდრისა, რომელიც იქმნების დანიშნულ, ერთგულად და პირუთვნელად ვმსახურო და დავემორჩილო ყოველსა შინა უმაღლესსა ნებასა მისსა, არა დავზოგო ცხოვრება თვისი ვიდრე უკანასკნელ წვეთად სისხლისა. ყოვლი მოცმული და შემდგომად მოსაცემელი მათის დიდებულების დადგინებულისა ხელმწიფისაგან სჯულის დება ანუ განწესებაი მივიღო სათანადოითა მორჩილებითა, და მათცა უკიდურესისა გულისხმისყოფისა, ძალისა და შესაძლებლობისამებრ გავუფრთხილდე და მივაქციო; აღდგინებულისა მათის იმპერატორების დიდებულებისაგან მამულსა შინა ჩემსა განსვენება და მყუდროება უკიდურესისა შეძლებისამებრ ჩემისა დავიცვა და არავითარი მიწერ-მოწერა ამღვრეველთადმი ჩემისა მამულისათა სწორედ ანუ საშუავლით, საიდუმლოდ ანუ ცხადად არა თუ ოდენ საქმით, არამედ მხილებითცა ანუ სხვითა რაითამე მოქმედებითა და განზრახვითა არა ვიქონიო. ხოლო ვნებასაცა მათის დიდებულების სარგებლისა, ანუ საზოგადოსა შესამატისასა, ვითარცა ვსცნობ რა, არა თუ ოდენ ცხად ვჰყოფ აღმსთობითვე, არამედ ყოვლითა ზომითა გარე ვაქცევ და არა მიუშვებ და ესე ვითარითა ხატითა მოვაქცევ თავსა, ვითარცა სარწმუნოსა მათის იმპერატორების დიდებულების ჩემზედა დადგინებულისა ხელმწიფებისადმი და მშვიდისა მოქალაქისა კეთილშესაბამ და თანამდებ არს, და ვითარცა ჯერმიჩნს მე წინაშე ღვთისა და საშინელისა მსჯავრისა მისისა მარადის მას შინა სიტყვის გება, რომელსა შინაცა მწე მეყოს მე უფალი ღმერთი სულიერად და ხორციელად. დასამტკიცებელადცა ფიცისა ამის ჩემისა ამბორსუყოფ სიტყვასა და ჯვარსა მაცხოვრისა ჩემისასა. ამინ.

ფიცითსა აღთქმისა ფურცელზედ მოაწერეს ხელი კათოლიკოსმან ანტონი, მთავარეპისკოპოსმან იუსტინე, თფილელმან არსენი, ბოდბელმან იოანე, რუსთვლმან სტეფანე, წილკნელმან გერვასი, ნეკრესელმან ამბროსი, ნიქოზელმან ათანასი, წინმძღვარმან ნათლისმცემელისა ევთიმემან და სხვათა სამღვდელოთა. მათ შეუდგნენ მუხრანის-ბატონი კონსტანტინე, სარდალი იოანე ორბელიანი, მორდალი ზაალ ბარათაშვილი, აბელ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილები, გიორგი ავალიშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და სხვა.

კნორრინგი თვით დაესწრო მუნ და ღენერალნი რუსთა ჯარისა ლაზარევი, გულიაკოვი, კარიაგინი და კოვალენსკიცა ადრითვე ელჩად რუსეთისა ყოფილი თფილისს მეფისა კარზედ. 10000 რუსეთისა ჯარი იდგა და იცვევდა საქართველოსა.


1803 წელსა, აპრილის 18 წარიყვანეს რუსეთსა დედოფალი მარიამ, მეუღლე მეფისა გიორგისა მოკვლისა გამო ღენერალისა ლაზარევისა. თანა ჰყვნენ მას შვილნი: ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი და ქალნი ანნა და თამარ. თვით დედოფალი ვითარცა პყრობილი, დააბინავეს კურსკისა გუბერნიისა ბელგოროდისა დედათა მონასტერსში, სადაცა დაჰყო 1811 წლადმდე. მერეთ მივიდა მოსკოვს, გარდაიცვალა 30 მარტსა, 1850 წელსა. მოასვენეს გვამი მისი საქართველოს და დაასაფლავეს მცხეთას.

მეფის ძე თეიმურაზ წავიდა სპარსეთსა და ეახლა ყაენსა. მოიქცა მუნით და წარვიდა რუსეთად 1810 და მუნ გარდაიცვალა 25 ოკდომბერსა 1846 წელსა.

თვით მეფის ძე და მემკვიდრე დავით და ბიძა მისი ვახტანგ წარვიდნენ რუსეთად 18 თებერვალსა 1803 წელსა. მისრულთა მცხეთას, მოეგებნენ შიომღვიმისა ბერნი და მათ უბოძა თოფი თვისი „გველტუჩა“, რათა დასდვან უდაბნოსა და გაემგზავრა. ვახტანგ გარდაიცვალა ს. პ.-ბურღს 23 ოკდომბერს 1814 წელსა, ხოლო თვით დავით ს. პ. ბ. 50 წლისა, 13 მაისს, 1819 წელსა.

165[edit]

დავით, ვითარცა ღენერალ-ლეიტენანტი და სენატორი, იყო მიწერ-მოწერასა შინა მამაჩემთან და დავით რექტორთან. მცოდნე რუსულისა ენისა თარგმნიდა წიგნთა ქართულად და უგზავნიდა ამათ, ვითარცა კაცთა განსწავლულთა. საქართველოისა საქმეთა შინა არღა ეროდა, იყო მორიდებული და მომდურვიცა ქართველთა.

1819 წელსა, იანვრის 8 მოსწერა წერილი და ესეცა იყო მისგან უკანასკნელი, მწიგნობრობისა და მწერლობისა მასწავლებელსა თვისსა დავით რექტორს. წერილსა ამას შინა სხვათა შორის იტყვის შემდეგსა:

„ჩემო ლალავ! ყველას მოკითხვა უბრძანეთ, ვინც ჩემზედ იცინის და ვინც ჩემთვის სწუხს, იმათ წაუკითხე ლუკას თავი კგ (23), მუხლი კზ (27) _ ვიდრე ლბ (32) -მდის.[1]

ვჰმადლობ ღმერთსა, სუყველას მოვრჩი!“


  1. ადვილპოვნისათვის წმინდისა სახარებისა მუხლთა ამათ, დავუმატე აქაცა ესე:
    „26. და შეუდგა მას სიმრავლე ერისა და დედებისა, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.
    27. მიექცა მათ იესო და ეტყოდა: ასულნო იერუსალიმისანო ნუ სტირით ჩემ ზედა, რამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა.
    28. რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა სთქვან, ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს.
    29. მაშინ იწყონ სიტყვად, მთათა დამეცენით ჩვენზედა და ბორცვთა დამფარენით ჩვენ.
    30. რამეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ხმელსა მას რაიმე ეყოს?
    31. მაშინ მოჰყვანდეს სხვანიცა ორნი ძვირისმოქმედნი მოკლვად მისთანა“,
    ესე სწერია ბოლოს წიგნაკისა მის: „ჰ ი ნ დ თ ა ღ ვ თ ი ს მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა“, მისიონრისა მამა ბუშესაგან მოწერილი ეპისკოპოსთან ავრანშის მონასტრისა“ და რომელიცა ეთარგმნა რუსულისა გაზეთით „ინვალიდით“ თვით დავითს და მეფის ძეს ბაგრატს გარდაეწერა მისთვისვე ძმისათვის თვისისა დავითისა 8 ივლისსა 1817 წელსა ს.-პ. ბ. მეფის ძეს დავითს ადგილ-ადგილ თვით გაუსწორებია რვეულისა (12 ფურცელი) წიგნაკი და გამოუგზავნია დავით რექტორისათვის. რვეულისა ამის ბოლოს ფურცელზედ, რომლისა მესამედი არის მოგლეჯილი, სწერს მეფის ძე დავით შემდეგსაცა: „...ცოტა შვინდის კურკა წამოიღოს... ელევთერს ხელს აკოცე. შვინდის ჩურჩა და კუნელი გამომიგზავნე. წამლათ მინდა კუნელი. ჩემო ლალავ, ცოტა რაჭული წამალი კრიბული გამომიგზავნე... ფიას და. . . . . .,“
    ამასთან არის მოხსენებული წიგნისათვის „ანსილიონისა“ მის მეფის ძის დავითისაგან თარგმნილისა ქართულად და გამოგზავნილისა ერთი დავით რექტორთან და ერთი ეგნატი იოსელიანთან. აჰა რასა სწერს მეფის ძე დავით: „მამაო ეგნატი! წმინდა მარჯვენას გიამბორებ. კარგა-ხანია თქვენი ამბავი არა მსმენია რა, არცა თქვენგან და არცა სხვათაგან. ანსილიონისა რა ჰქენით, ვერცა რა ამისი გავიგეთ. და ვერცარა თქვენი ანაფორისა გაგიგევით თქვენ, ამიტომ უფრო, რომ არ ვიცი ჭიჭნეულისა გინდათ თუ მატყლისა.
    ანსილიონში მეხუთე თავში, სადაც სხუაობისათვის ძველისა და ახლისა პოეზიისა სწერია, ჩაიკითხეთ და იპოვნეთ ის მუხლი.
    ვჰგონებ არცა ერთი ლექსთაგანი არს სხვათა შორის ესოდენ ხმეული ძვირის-ყოფასა შინა, ვითარცა ლექსი ესე რომელ არს ბუნება. ჩაჰყევით და იპოვნეთ: ულისე და მწყემსი აპოლონ. ნავზიკა და ცოლი მისი სწერია. _ ასე უნდა: ნავზიკა და ცოლნი მისნი. მრავლობითად უნდა.
    გთხოვ გახსოვდე.
    1817 ივლისი 22“.
    ამათ გაქცეულთა და ლტოლვილთა რუსთაგან და თვით დავითისაგან მემკვიდრისა, იახლეს თვისთანა თამაზცა ორბელიანი. მაშინ გამოსთქვეს ლექსი დასაცინებლი და წარუვლინეს მათ:
    ლომნი კატურად გარბიან, ერთითა შეძახილითა,
    ამილახვარი მოჰყვანდათ, ერთითა შეძახილითა,
    იულონ თქმით, თამაზ ბანით, ფარნაოზ მოძახილითა.
    აქ უნდა ვსთქვა 1) რომ თუმცა ამილახვარი არ გარდაჰყვა მათ, გარნა დიდად ეწინააღმდგებოდა დავითს, და მოიყვანეს მაშინვე თფილისს და უბრძანეს აქა დასადგურება; 2) თამაზ, შვილი მეფის ასულისა ანნასი, დისა მეფისა ირკლისა, იყო კარგი ბანისა მთქმელი გალობაში; 3) ფარნაოზ საკვირვლი და ტკბილი მოძახილი გალობაშივე (ბ ა ნ ი დ ა მ ო ძ ა ხ ი ლ ი არიან გალობისა კილონი ანუ ტონნი ევროპულად) და 4) დავითმან მემკვიდრემან დაწერა ესე ლექსიო, _ იტყვიან.
    ნაცვლად-გებითი პასუხი დაცინებისა მოერთვა მათგან დავითს, ლექსადვე დაწერილი თამაზისაგან სხვათა შორი ესეღა მრავალთაგან დახსოვნილი:
    დავით პლუტეს, ბაგრატ ცუდეს და ივანე მოგვიკუნტეს,
    დარბისელთ გამორჩევით, ხათა-გოგიამ ვ... უკუ სცეს.

166[edit]

დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.

რ უ ს თ ა ვ ე ლ ი

დაბოლოება

ღვთისა განგებას ვერავინ შეაყენებს. განიკითხონ მკითხველთა წიგნისა ამის, ვის შეეძლო ქართველთა სამეფოისა დაცვა, გარდა რუსთა. თვით რუსეთი, ვითარცა კოლოსსი დიდი ებრძოდა 70 და მეტსა წელსა კავკასიის მთისა მცხოვრებთა, თათრობისა გამო მათ შინა შესულისა, ქართველთა ქრისტიანობისა გამო მტერთა. განგებამან ღვთისა ქმნა ესე, რომელ რუსთა ძალითა დამშვიდდნენ მთისა მცხოვრებნი, თემნი თვით ქართველთა სამეფოისა დაგლეჯილნი და დანაწევრებულნი გაუქმნდნენ და მცხოვრებნი თემთა ამათ: იმერელნი, მეგრელნი, გურულნი, სვანნი, რაჭველნი და სამცხენი ათაბაგთა, შეიქმნენ და იწოდნენ ქართვლებად.

განგება ღვთისა რუსთავე ძალითა მოიყვანს ნათესაობითსა ერთობასა ქობულეთსა, აჭარასა და ლივანას, ჯერეთცა თურქთაგან პყრობილთა. განგება ღვთისა შეიტანს და განფენს ქრისტიანობისა ნათელსა მათთა შინა, სადაცა მკვიდრობენ ლეკნი, ჩეჩენნი, ქისტნი, ჩერქეზნი და აფხაზნი. ნათესაობითი ერთობა ქართველთა გვარისა განმტკიცდება სარწმუნოებითითა ერთობითა მათთან. მართლმადიდებლობა რუსეთისა, ვითარცა შუქი მზისა მაცხოველებელისა და მანათობელისა, მოჩანს ვითარცა განმბნეველად მაჰმადიანობისა სიბნელისა, ბოროტისა კაცთა ნათესავისათვის და მარადის უნაყოფოისა. _ ესე ყოველი ხვდა წილად რუსეთსა და აღსრულდებაცა ესე ვითარი ქრისტიანობითი და მოქალაქობითი განახლება კავკასიისა, სასიქადულოდ ქვეყანისა და კაცთა ნათესავისა.

მაშინ ქვეყანა კავკასიისა, სავსე ქვეყნიერითა და ზეციურითა მადლითა, უხვებითა, სიმდიდრითა, მშვენიერებითა, შეიქმნება ერთი და ყოვლადი. მცხოვრებნი ქვეყანისა ამის, შორის ორთა ზღვათა, მაერთებელთა ევროპისა და აზიისა, მოიგონებენ მაცხოვრისა ნუგეშინისცემითსა სიტყვასა: „დ ა ი ყ ვ ნ ე ნ ე რ თ ი მ წ ყ ე მ ს ი დ ა ე რ თ ი ს ა მ წ ყ ს ო“.

სამეფოჲსა ნაღარა-ხანისა პირნი

1) იოსებ ბარათაშვილი, ზედამხედველი, შემდეგ უზბაშად დადგენილი ალავერდისა და ახტალისა მადნებზედ 1809 წელსა. მოკვდა 1811 წელსა.

2) მ ე დ ა ფ ე ნ ი: ივანე კოტეტიშვილი; დავით ოჯალაშვილი; ფილიპე გოცირიძე და 4 სხვანი.

3) მ ე ბ უ კ ე ნ ი: სტეფანე ნორიელი; შიო ბორაშვილი, დიდი ფალავანი და მოკრივე; ქრისტესია კავთისხეველი.

4) მ ე ზ უ რ ნ ე ნ ი: დათია ღოღოლაშვილი; პაატა ამისხაშვილი; არუთინა ტაგრუციშვილი და 3 სხვანი.

5) მ ე ქ ო ს ე ნ ი: პავლე სოზაშვილი; სოლომონ...; კუკიელი და 2 სხვანი.

6) მ ე ნ ა ღ ა რ ე: დავით ირემაშვილი; სესია....; როსტომა გელიაშვილი.

7) ტაბლაკი...

8) ჯიმჯიმი...

თოფხანისა მსახურნი

1) განმგე ჯაბახანისა მეფის ძე იოანე. 2) იოანე ქობულაშვილი. რუსთა მიიღეს იგი პოდპოლკოვნიკად.

2) ზედამხედველი თავადი... გურამიშვილი და მის შემდეგ... ნაზარაშვილი, ხუმრობით კნიაზად წოდებული თვით ახლად მოსულთა რუსთაგანცა.

3) ...ყალამთაროვი. ესე დაესწრა ნიახურას ომშიაცა. რუსთა მიიღეს იგი არტილერიისა კაპიტნად.

4) გიორგი ჩემსურაშვილი – ხირსელი.

მ ს რ ო ლ ე ლ ნ ი: a) ზურაბა... ხიდისთაველი. ესე ცხოვრობდა მეფის ძეს იოანესთან ს. პ. ბ., მერეთ მეფის ძეს ბაგრატთან. 1834 მოვიდა საქართველოს და მოკვდა ხიდისთავს 1837 ღრმად მოხუცი. მან შესწირა აქა თვისსა ეკკლესი[ა]სა ზარები ზედა წარწერით: . . . . . . . . .

b) ზურაბა ხაჩიშვილი ბოდბისხეველი. ამას მოხუცსა მეც მოვესაწარი. მოკვდა 1826 წელსა ქ. თფილისსა. იყო ყმა ნათლისმცემლის უდაბნოჲსა. c) კაცი მეხუმარი და მოხუცებაშიცა ცქვითი. მოკვდა 1824 წელსა. d) 40 სხვანი, რომელთა სახელი და გვარნი დავიწყდნენ დროთაგან.

ასოცი ხარი და კამბეჩი იყო მზად ზარბაზანთათვის დანიშნული და მათნი მეხრენი.

თოფის წამლისა მკეთებელნი

1) ზედამხედველი ერასტი სოროლაშვილი, ნალეკარი, ხერთვისიდამ ტყვედ მოყვანილი 1770 წელსა. მისი თანაშემწე:

2) პეტრე... ხიზაბარელი და 10 სხვანი.

წამლისა კეთება არავის ჰქონდა აღკრძალული. ყოველ სოფელში აკეთებდნენ თავისთვის სახმარსა და ჰყიდდენცა თავისუფლად.

ზარბი-ხანა

ფულის მომჭრელ[ნ]ი

ფულსა სჭრიდენ მეფისა გიორგისა დროსა ვეცხლისა აბაზიანსა, ორ აბაზიანსა, ორ-შაურიანსა და ერთ-შაურიანსა, და შავი ფულიდამ ორ-ფულიანსა და ერთ-ფულიანსა.

ლეკთა გამო, რომელნიცა, თხოულობდენ ჯამაგირსა, მეფემან უბოძა ვეცხლის ბადიეები და ვეცხლის კოკები და აქედამ მოაჭრევინა 700 თუმანი.

მუსინ-პუშკინისა დროსა, 1800 წელსა, მასვე ზარბი-ხანაში, რომელსაცა უწოდეს მონეტნი დვორი, ახტალისა მადნებიდამ გამოტანილისა ვეცხლისა მოსჭრეს სახედ და საჩვენებელად რუსთა და ქართველთა რამდენიმე ბრონზისა ფულნი; მათზედ იყვნენ გამოჩენილნი ერთსა მხარეს არწივი რუსეთისა და მეორესა ღერბი ქართველთა მეფისა, ესენი შემდგომათ წარუვლინეს რუსეთისა დიდთა კაცთა. გარდა ამა დაწყებისა დროსა რუსთაგან ფულის მოჭრისა, არა რაჲ მოუჭრიათ 1802-მდე. 1809 იწყეს მოჭრა ორაბაზიანისა და აბაზიანისა, ესრეთვე სპილენძიდამაც ორ-კაპეიკიანისა და ერთ-კაპეიკიანისა.

დ რ ო თ ა | მ ე ფ ო ბ ი ს ა | მ ი ს ი ს ა, | გ ვ ა მ ნ ი | წ ა რ ჩ ი ნ ე ბ უ ლ ნ ი | გ ვ ა რ შ თ ა მ ო ე ბ ი თ ა, | ს ა ქ მ ი თ ა, | ს ი ტ ყ ვ ი თ ა, | ც ხ ო ვ რ ე ბ ი თ ა | ი ყ ვ ნ ე ნ | შ ე მ დ ე გ ნ ი: 1) მ უ ხ რ ა ნ ი ს - ბ ა ტ ო ნ ი | ი ო ა ნ ე,

სიძე მეფისა და მეუღლე ქეთევან მეფის (ერეკლეს – ი. ხ.) ასულისა, – მექონი ხმისა და პატივისა..., სალთ-ხუცესი სასახლისა; არა ცხადად, გარნა არა მყვარებელი მეფისა (გიორგისა – ი. ხ.), მორიდებულად მეფისა მცხოვრები მუხრანსა, შეშინებული მეფისაგან, რომლისაგანცა ჰგონებდა, რათა მოუღებს მას სალთ-ხუცესობასა მიტაცებულსა მეფის ირაკლისა მიერ დავით სარდლისაგან ორბელიანისა*. ესე გარდაიცვალა 1798 წელსა. მისმან შვილმან ჯერეთ 16 წლისამან კონსტანტინემ დაიმკვიდრა ადგილი მისი დამტკიცებითა თვით მეფისა გიორგისაგან და გარდაიცვალა 1843 წელსა (*ხელნაწერში ამ სიტყვებს მიჰყვება ბარბარე ქობულიშვილის მინაწერი, რომელიც მქრალი ფანქრით არის გადახაზული: «ყველა სარდალ[თ] შორის უფროსი და მბრძანებელი ომში. ეს იყო სომხითის ამშენებელი, რომ აღარსად იყო შენობა გარდა კუმისისა. იქაცა კლდის შემწეობით შვიდი კომლი ესახლა. დავით სარდალმან გააკეთა ტაბახმელას კოშკი. კოდაზედ კოშკი და გალავანი ეკლესია». ქ ვ ე ვ ი თ, | ყ ვ ე ლ გ ა ნ, | ქ ო ბ უ ლ ი შ ვ ი ლ ი ს | ხ ე ლ ი თ | შ ე ს რ უ ლ ე ბ უ ლ ი | ა დ გ ი ლ ე ბ ი | შ ე ტ ა ნ ი ლ ი | გ ვ ა ქ ვ ს | კ ვ ა დ რ ა ტ უ ლ | ფ რ ჩ ხ ი ლ ე ბ შ ი. ცარიელი და უბრალო ფჩხილები კი ავტორს ეკუთვნის. რ ე დ. /წიგნის რედაქტორი გახლდათ აკაკი გაწერელია – ი. ხ./).

2) დ ა ვ ი თ | ს ა რ დ ა რ ი | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, სიძე მეფის გიორგისა. ქმარი დისა მისისა თამარისა ერთისა დედიდამ... ამას ჰყვანდა ცოლად... და იყო კაცი მხნე და ძლიერი სიტყვითა. ამან დააშენა სომხითი მტერთაგან გაოხრებული. გარდაიცვალა 1796 წელსა.

3) ო თ ა რ | ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი, სარდარი [საამილახვროსი და ლიახვზედ საერისთოსი] მოურავი გორისა; ქალი მისი ელენე იყო ცოლი თეიმურაზ მეფის ძის გიორგისა შვილი. გარდაიცვალა 1827 წელსა.

4) გ ი ო რ გ ი | ც ი ც ი შ ვ ი ლ ი, ეშიკაღაბაში მეფისა გიორგისა. გარდაიცვალა 1850 წელსა, ღრმად მოხუცი.

5) ლ უ ა რ ს ა ბ | თ ა რ ხ ნ ი შ ვ ი ლ ი, ქმარი სოფიო მეფის გიორგის ასულისა, გარდაიცვალა . . . . . . . . წელსა.

6) ე ვ ს ტ ა ტ ი | ც ი ც ი შ ვ ი ლ ი [ქალაქისა მოურავი, ნაშობი მეფის ირაკლისა ასულისაგან], მეგობარი კათოლიკოსისა* ანტონისა მეორისა (*აქ ქობულაშვილის მიერ ჩამატებულია სიტყვა «პოეტი» რ ე დ.). გარდაიცვალა ნიჟნი-ნოვგოროდსა 1828 წელსა და მექონი ჩინისა д. ст. сов. (действительный статский советник – ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი; სამხედრო ხაზით უტოლდებოდა გენერალ-მაიორის წოდებას – ი. ხ.), კაცი წერილთაცა შინა დახელოვნებული.

7) დ ა ვ ი თ | თ ა რ ხ ნ ი შ ვ ი ლ ი, მიმბაში მეფის კარზედ მყოფი. გარდაიცვალა 1847 წელსა.

8) ნ ი კ ო ლ ო ზ | ხ ი მ შ ი ა შ ვ ი ლ ი, რომელმანცა მოკლა ღენერალი ლაზარევი; [იყო ყულუხჩი მარიამ დედოფლისა. გადავარდა ახალციხეს და მუნ მოკვდა].

9) რ ო ი ნ | ა მ ი რ ე ჯ ი ბ ი, დიდი მხნე და ვაჟკაცი, ერთგული მეფისა.

10) ფ ა რ ს ა დ ა ნ | მ ა ჩ ა ბ ე ლ ი, შინა ყმა მეფისა, ოვსთა ჯარისა მკრებელი, და ხარკისა სახასოს მომგროვებელი.

11) ე ლ ე ა ზ ა რ | ფ ა ლ ა ვ ა ნ დ ი შ ვ ი ლ ი, რომელმანცა მოაწერა ხელი ტრაქტატზედ პავლეს იმპერატორისა და მეფისა.

12) შ ა ნ შ ე | ე რ ი ს თ ა ვ ი. შინა მეფესა ახლდა. მოკვდა 1831 წელსა.

13) ე ლ ი ზ ბ ა რ | ე რ ი ს თ ა ვ ი ყულარაღასი. ესე იყო სიძე იმერეთისა მეფისა სოლომონისა დიდისა. ქალი ამის ანნა იყო ცოლი მეფის ძის ფარნაოზისა. მოკვდა . . . წელსა.

14) . . . . შალიკაშვილი მხნე და ვაჟკაცი, მტერთა უშიშარი, გამბედავი მეომარი – მეფე ირაკლი იტყოდა: «სამისა შალიკაშვილითა 500 კაცს მტერს არ შევუშინდებიო».

15) ზ ა ა ლ | ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი [ყმაწვილი კაცი, მაგრამ მაინც მეფე გიორგიმ ისევ უბოძა მამის ადგილი სუფრაჯობა და ემსახურებოდა].

16) გ ი ო რ გ ი | ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი (სუფრაჯი... გარდაიცვალა 1854 წელსა)* (ჩვენ მიერ ფრჩხილებში შეტანილი სიტყვები ავტორს მელნით გადაუხაზავს. რ ე დ.) – ახლდა განუშორებლივ მეფესა.

17) ზ ა ზ ა | ს ო ლ ო ღ ა შ ვ ი ლ ი, – ლეკთა აიკლეს მისი სოფელი, დაასახლა გლეხნი, აღაშენა კოშკი, მოუხდა ახალციხის ფაშა რვაასის კაცითა; გაუმაგრდა კოშკში და მოუკლეს შვილი ფაშასა. ზაალ (sic) გამოუხდა კოშკით, მოსტაცა მოკლული შვილი და შეითრია. ფაშა სირცხვილეული დაბრუნდა. ამას ზაზას ჰყვანდა ძმა სვიმონ რუსეთისა კარზედ ცერემონმეისტერი.

18) ვ ა ხ ტ ა ნ გ | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი | ა ნ უ | ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, იყო ქმარი თეკლა მეფის ასულისა, მოკლული კახეთსა 1812 წელსა. მას ებარა ყარაბულახი და გარემო სოფლები და იფარვიდა საგარეჯოს, მანავს ლეკთა დაცემისაგან. უდაბნოს ბოლოს დაამარცხა ბელადი ერთი და მოსჭრა თავი.

19) თ ა მ ა ზ | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი. ეშიკაღბაში. მამიდაშვილი მეფისა. გაიქცა იმერეთსა და მერეთ მობრუნდა და მოკვდა თფილისს ( . . . . . . . . . . . . . ).

20) ზ ა ა ლ | ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი. მეომარი, თანაშეზრდილი ირაკლისა ( . . . . . . . . . . . ).

21) ჭ ა ბ უ ა | ანუ | ი ო ა ნ ე | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, მდივანბეგი, ფილოსოფოსი, მოლექსე, მწერალი სამღრთოთა და საეროთა წერილთა. სიტყვა მჭევრი.

22) ე გ ნ ა ტ ი | თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, მდივანი მეფისა, კაცი გონიერი და მწერალი და მწიგნობარი.

23) ს ო ლ ო მ ო ნ | ლ ი ო ნ ი ძ ე. მაღლის გონების კაცი. ერთგული ქვეყნისა, დიდი მრჩეველი და უცთომელად შემმეცნებელი საქმისა.

24) შ ი ო | ს ი დ ა მ ო ნ ი ძ ე. საყვარელი მეფისა. ამას ჩააბარა მეფემან გრემის ეკკლესია, სადაცა დაუმტკიცა მამულებიცა; მოკვდა 1810 წელსა.

25) ი ე ს ე | დ ე კ ა ნ ო ზ ი, იყო სასახლისა. მეფემენ გიორგიმ უბოძა მას აზნაურობა; შვილი მისი ეფრემ, მოხსენებული ზევით ( . . . . . . . . . . . . . . ).

26) ი ე ს ე | ო ს ე ს - შ ვ ი ლ ი, გვარით ბარათაშვილი. [მსაჯულობით ხმობილი. მისსა ბეჭედზედ ესრეთ ეწერა: «ჟამი ესეცა წარსვლის»]. აქვნდა მას სხვაცა ბეჭედი წარწერითა: «პირი ესეცა მტკიცე არს». მტერთა დააბეზღეს მეფესთან, რომელ იესე მსაჯულს ორი ბეჭედი აქვს და ასვამს ზოგსა ქაღალდზედ ერთსა და ზოგზედ მეორესაო. მეფემან მიიხმო და მოსთხოვა პასუხი: «დიახ, ბატონო მეფევ! თქვენს განჩინებაზედ, ვითარცა მტკიცეზედ და სამართლიანზედ ვსდებ სიმტკიცისა ბეჭედსა და სხვათა წერილთა ზედა ადვილ დასარღვეველთა მეორესა. ორთავე ბეჭედთა ზედა წარწერიდამ სჩანს ლექსი სახელისა მისისა «იესე»» – მეფემან გაიღიმა და სდუმნა. იხილა, რომელ არა რაჲ იყო უგვანი ბეჭედთა მისთა გამო.

27) ე გ ნ ა ტ ი | ი ო ს ე ლ ი ა ნ ი, მწერალი მეფისა, მისგანვე მიბარებული სომხისა მოძღვართან სასწავლებლად ენისა და სომხურისა ენისათვის მოხმარებული მეფისაგან, მწერალი წიგნთა. გარდაცვლილი 1843 წელსა, 77 წლისა.

28) გ ლ ა ხ ა | ჭ ი ლ ა შ ვ ი ლ ი, მილახვარი მეფის ძის ვახტანგისა ანუ ალმასხანისა, აზნაურიშვილი არაგვისა. მობრუნდა რუსეთით და მოკვდა 1815 წელსა.

29) ა დ ა მ | ყ ა რ ა ნ გ ო ზ ი შ ვ ი ლ ი [ვაჟკაცობით ცნობილი], მოკლული ლეკთაგან ნაოზსა 1801 წელსა.

30) გ ი ო რ გ ი | ყ ა რ ა ნ გ ო ზ ი შ ვ ი ლ ი, მებრძოლი რუსთა.

31) ი ა ს ე ძმა მისი, დიდივე ვაჟკაცი. 32) გ ო შ პ ა რ კობიაშვილი ( . . . . . . . . . . . . . . . . ).

33) ზ ა ა ლ | ტ ე რ ი შ ვ ი ლ ი, მეფისა კარზედ აღზრდილი და მეფისა გიორგისა საყვარელი. მოკვდა 1824 წელსა. [გედევანიშვილი, საკათოლიკოსო აზნაური და სარდალი საეკლესიო ყმათა]* (*ჩამატებულია ქობულაშვილის მიერ უადგილოდ. რ ე დ.)

34) ბ ე ც ი ა | კ ო ბ ი ა შ ვ ი ლ ი. მეფემან გიორგი მიანდო გზაზედ დარიალისა დახვედრა და გამოძღოლა რუსთა ჯარისა. თუმცა იწყინა ესე ძმამან მისმან ვახტანგ, გარნა ვერა ჰქმნა წინააღმდეგი.

35) ზ ა ა ლ | გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი, მისსა სახლში ქვემო ავჭალას გაატარა მეფემ სახლობით თვისით ორი ზაფხული. ცოლი მისი ნინო დღესაც ცოცხალია 104 წლისა. თვით მოკვდა 1804 წელსა.

36) ი ო ა ნ ე | კ ვ ე ზ ე რ ე ლ ი, არა აზნაურთაგანი, მეფის სადილზედ განუშორებელი. იყო ერთგული მეფისა, მესაუბრე კარგი და მლოცველი. კარი მეფისა იყო მისთვის ღია მარადის.

37) ი ო ს ე ბ | ზ ე ი დ ლ ი შ ვ ი ლ ი, წინამძღვაროვი გვარით, რუსულისა ენისა მცოდნე. მერეთ მოძღვარი კ. ციციანოვისა. მოკვდა 1827 წ. თვით მე გამიგონია მისგან შემდეგი ამბავი: «მოკვდა აფიცარი ლუტერანი 1801 წელსაო; არ ვიცოდი როგორ უნდა დაგვემარხაო. მიბრძანეს დაასაფლავეო. გადვიკიდე ოლარი და გავყევ მიცვალებულსაო, მოთქმით გალობისა: «არც ჩვენია, არც სხვისია, ეშმაკმან იცის ვისია»-ო. ესეთი ხუმრობა მრავალი იცოდა მან მოხუცმან.

38) ზ ა ქ ა რ ი ა | ს ი დ ა მ ო ნ ი ( . . . . . . . . . . . . . . )

39) ი ა ს ე | ს უ ლ ხ ა ნ ი შ ვ ი ლ ი.

40) თ ე ი მ უ რ ა ზ | ც ი ც ი შ ვ ი ლ ი, მდივანბეგი, დიდი ჭკვიანი კაცი, ორჯერ სტამბოლში ელჩად გაგზავნილი. მოკვდა 1802 წელსა.

41) ბ ა რ ძ ი მ (მოკვდა მოხუცი ღრმად 1827; ახლდა სპარსეთს მეფეს თეიმურაზს) და ზ ა ზ ა მიმბაში ბორტიშვილები მაჩაბლები. ბარძიმს მეფე უწოდებდა «უმანკო ტრედი» და ზაზას «შევარდენი». ზაზა დაესწრო ასპინძის ომში, როდესაც მეფის ძეს გიორგის არ დაუჯერა ტოტლებენმან მიშველება, მაშინ ზაზამ შეჰკივლა: «დაანებე მაგ მ....ძ. წამობრძანდით, ჩვენ შევებმით და გავიმარჯვებთო». შემდეგ რუსთა შეიპყრეს ზაზა და ბაადურ მაჩაბელივე და ორნივე ციხეში დაიხოცნენ 1810. ამ ზაალს (?) უბოძა კეხვის ციხე, – მეფის ძემან დავით.

42) ზ უ რ ა ბ | ფ ა ლ ა ვ ა ნ დ ი შ ვ ი ლ ი, მამა მიხაილისა. მეფემან გიორგი მიუჩინა რუსისა ჯარსა საგზლისა მისაცემად. მისცეს პირდაპირ ჩინი ტიტულიარნის სოვეტნიკობისა. მოკვდა მოხუცი 1819 წელსა, ანუ 1820 წელსა.

43) ნ ი კ ო ლ ო ო ზ | ე ლ ი ო ზ ი შ ვ ი ლ ი, ნაზირი კათოლიკოსისა ანტონი მეორისა. თანა ჰყვა მას რუსეთს და უკუქცეული მუნით მოკვდა 1857 წელსა ღრმად მოხუცებული.

44) კ ა თ ო ლ ი კ ო ს ი | ა ნ ტ ო ნ ი | მ ე ო რ ე, [მეფის] ირაკლის ძე. უყვარდა მეფეს, ვითარცა ძმა თვისი და კაცი განკრძალული. საკვირველი სასოებიანი მწირველი. იონა მიტროპოლიტი და ექსარხი ხშირად მეტყოდა ხოლმე მისთვის: რუსეთში მისგან ვისწავლე წირვაო. თვით იონა იყო დიდად სასოებიანი მწირველი. გარეგანსა ცერემონიასა გარდაემატებოდა მარადის ღირსებითა ცრემლთა დენითა და კრძალვითა სამღვთოჲსა ლიტურღიისა მისგან აღსრულება.

45) ი უ ს ტ ი ნ ე, მთავრ-ეპისკოპოსი [მაღალაშვილი, კაცი ფილოსოფოსი და გაზრდილი დიდის კათოლიკოსისა]გან. წირვისათვის მისისა იტყოდა მეფე გიორგი: «წირვა იუსტინესი არის გარედგან რაჲმე საჩვენებელი დიდისა საიდუმლოჲსა, რომელიცა არის ლიტურღია; კეთილი და პატიოსანი; მაგრამ გვავიწყებს და არა გვაგონებს ლიტურღიისა სიღრმესა; ვითარცა, მზე ზამთრისა ანათებს და არ გვათბობს. წირვა უნდა ხვდებოდეს გულსა და არა თვალსა». ესე ვიცი თვით მიტროპოლიტისა იოანე ბოდბელისაგან, და ხშირად მეტყოდა მეფისა თქმასა ამას იმერეთისა მიტროპოლიტიცა დავით წერეთელი.

46) ა რ ს ე ნ ი თფილელი [ქართველთ მეფეთ ჩამომავლობა]. მოკვდა განდევნილი კათედრიდამ 1813 წელსა. ესე არა უყვარდა მეფეს გიორგის.

47) ვ ა რ ლ ა ა მ, შემდეგ ექსარხოსად ყოფილი. ქსნის ერისთვისშვილი; მცოდნე ებრაულისა ენისა. დეკანოზი და მასწავლებელიცა ხელმწიფე იმპერატორისა ალექსანდრე მეორისა გერასიმე პავსკი, მასწავლებელიცა ჩემი ს. პ. ბ. ებრაულისა ენისა მეტყოდა ვარლამისთვის (1834 წელსა), რომელმან მისისა თხოვნითა თარგმნა რუსულად ქადაგებები ვარლაამისა, რომელიცა დაიბეჭდაცა. მისგანვე ვარლაამისა ესწავა მრავალთა ქართულთა ლექსთა, ებრაულის ენისა სახმართა.

48) ი ო ა ნ ე | ბ ო დ ბ ე ლ ი [მაყაშვილი]. ამას არ უყვარდა მეფე გიორგი და მარადის მოიხსენებდა არა კეთილად. იყო ორგული მეფისა, თუმცა მიმალული. ძმასა მისსა ალექსანდრესთან აქვნდა იდუმალ მიწერ-მოწერა. ღრმად მოხუცი გარდიცვალა 1837 წელსა; იყო დიდი პურადი, დიდი ეკკლესიათა ძველთა განმაახლებელი. დიდად მეცადინებდა შემდგომად თვისსა ყოფილიყო ვინმე მღვდელმთავრად ბოდბეს და ვერვის დააჯერა. მრავალი ვიცი მისგან ძველი ამბავი და მრავალი მაქვნდა მასთან ბაასი მრავალთათვის საგანთა.

49) მ ი ხ ა ი ლ | ნ ი ნ ო წ მ ი ნ დ ე ლ ი, არ უყვარდა მეფესა გიორგის. მოკვდა 1813 წელსა ბრმად. იყო მოწაფე ანტონი კათოლიკოსისა. ამან უქმნა სარდალსა დავით ყაფლანიშვილსა ზედა წარწერა, ღვთისა დედისა ხატზედ: «სიტყვისა ღვთისა დედაო, ძღვენს მცირეს გაგიბედაო, როს აწყურს მექმენ მწედაო, მუნ შოვნით გიმკობ ზედაო. შენდა ვითხოვ ჟამსა არ დრობით ვინ გამკობ არ დარიდობით». ხატი ესე დღესაცა აქვს კ. მანანა ორბელიანსა, ვითარცა სამკაული და საუნჯე ოჯახისა. არის სახე ივერიისა ანუ კარისა ღვთისმშობლისა და გარემო 26 უსხედან წმიდანი ნაწილნი, ზედა წარწერებითა თვით წმიდათა მათ, რომელთაცა ნაწილნი განაშვენებენ ხატსა წმინდასა.

50) ა მ ბ რ ო ს ი | ნ ე კ რ ე ს ე ლ ი, ნამღვდელავი, მოკვდა თფილისს 1799 წელსა. ქალი მისი თინათინ იყო დედა ნ. ო. ფალავანდოვისა ღუბერნატორად ყოფილისა 1837 წელსა. ესე ამბროსი იყო უკანასკნელ ეპისკოპოსი ნეკრესისა, ლეკთაგან გაოხრებულისა.

51) გ ე რ ვ ა ს ი | წ ი ლ კ ნ ე ლ ი, გვარით მაჭავარიანი, ესე ეკურთხა მეფის გიორგისა დროსა, რომელიცა მას ვერა სწყალობდა. რად? ვერ ვცსან; მოკვდა 1817 წელსა. ამის მეტი მეფის გიორგის დროს არ კურთხეულა ეპისკოპოსად.

52) ...მ რ ო ვ ე ლ ი.

53) ე ვ თ ი მ ი, არქიმანდრიტი წინამძღვარი ნათლისმცემლის უდაბნოსი, მოძღვარი მეფისა. მისი იყო ხშირად საუბარში თქმა: «ქრისტეს ღვთის მადლითა». ესე თქმა მიიღო თვით მეფემან გიორგი მისგან და ხშირად ხმარობდა საუბართა შინა და წერილთაცა თვისთა და თვით მიწერმოწერასაცა შინა სამეფოჲსა საქმეთა გამო.

54) ი ო ა ნ ე | ქ ა რ უ მ ი ძ ე, სამთავნელი, მერეთ მთავარ-ეპისკოპოსი, კაცი ნასწავლი. მოკვდა თფილისს და დაასაფლავა არსენი თფილელმან თვისსა სამეტოქოსა კვირა-ცხოვლისა ეკკლესიასა 1804 წელსა.

55) ი უ ლ ი ო ს | უ რ ბ ნ ე ლ ი, თუხარელი. კაცი მაღლისა სათნოებისა, ღირსი ვითარცა მეუდაბნოე. მომხილველი ტრაპეზუნტისა და აღკვეცილი ახლოს მისა ნათლისმცემლისა უდაბნოჲსა; წინამძღვარმან მან უდაბნოჲსა ამის უწოდა სახელი თვისი და მოვიდა ახალციხით თფილისად. იყო არქიმანდრიტად დიდისა ანტონისაგან ნაკურთხი. მანვე მიუბოძა ურბნისელობა.

56) ს ე რ ა პ ი ო ნ, წინამძღვარი დავით გარესჯისა.

57) ნ ე ო ფ ი ტ ე, არქიმანდრიტი და წინამძღვარი მცხეთის დაუჯდომლობისა ეკვდერისა, დაქცეულისა 1838 წელსა. მოკვდა უადგილო თფილისს 1841 წელსა.

58) ნ ი კ ო ლ ო ო ზ შუამთისა [მოძღვართ მოძღვარი, ნიკოლოოზ ქობულოვი]* მოკვდა 1803 წელსა (*პ. იოსელიანს ბარბარე ქობულაშვილის ჩანაწერი /შეტანილი კვადრატულ ფრჩხ-ში/ შემდეგ შეუსწორებია. რადგან სიტყვა «ნიკოლოოზ» თვითონ მას დაუწერია ნომრის /# 58/ შემდეგ, ამიტომ ეს სახელი ქობულაშვილის ფრაზიდან ამოუგდია. ჩვენ ის აღვადგინეთ /შდრ. ძვ. გამოცემა, გვ. 315. რ ე დ./)

59) ნ ი კ ი ფ ო რ ე შიო მღვიმისა, რომელიცა დაიკეტა ლეკთა გამო 1800 წ. 1802-დმდე ( . . . . . . . . . . . . ).

60) გ ა მ ა ლ ი ე ლ, წინამძღარი იკორთისა, მოკვდა 1816 წელსა. არ უყვარდა ამას ვარლაამ ექსარხოსი, რადგანაც ებრძოდა ერისთვიანთა ყმათა და მამულთათვის ძველად შეწირულთა და მისგან ექსარხისა მიმალულითა.

61) ა თ ა ნ ა ს ი ჯვარის-მამა, ბერძენი, მოკვდა პატრიარქად იერუსალიმისა 1834 წ.

62) ნ ი კ ი ფ ო რ ე, არქიდიაკონი იოანე ბოდბელისა; მერეთ არქიმანდრიტი ხირსისა, მერეთ ეპისკოპოსი გორისა და ვიკარი ექსარხოსთა. მოკვდა 1850 წელსა. სნეულმან მდებარემან სარეცელსა მრავლად ეცადა ენახა და მიღო კურთხევა ექსარხოსისა ისიდორესი, გარნა ამან არ ნახა, მტერობისა გამო მისდა და მეშურნეობისა, რომელ მას უმეტესსა უძღვიდენ პატივისცემასა კ. ვორონცოვი და სხვანიცა. – მე თვით ვარ მოწამე ამისი და თვით ვიყავ შუამავლად რათა ენახა მას იგი.

63) ... სინა-მთისა.

64) .....ათონისა.

65) ი ო ა კ ი მ ვიკარი კიპრისა მონასტრისა, იქმნა ეპისკოპოსად ახტალისა 1803 წელსა, მოკვდა 1829 წელსა. ამას ახლდა დიაჩოქად ვასილი... რომელმანცა მიიღო დეკანოზობისა ხარისხი და აღაშენა ხარფუხს თფილისს ეკკლესია გუმბათიანი წმინდისა ნიკოლოოზისა სახელზედ.

66) ტ რ ი ფ ი ლ ე, აღმწერელი წიგნთა, წინამძღარი ჯვარისა მონასტრისა, არაგვს გაღმა პირის-პირ მცხეთისა. მოკვდა 1818 წელსა.

67) ი ო ს ტ ო ს, მღვდელ-მონოზონი ანდრონიკაშვილი [კაცი ფილოსოფოსი და ერთგული მეფეთა]. მოკვდა ვეჯინსა კახეთში.

68) ი ო ა ნ ე | ო ს ე შ ვ ი ლ ი [სიონის მღვდელი იყო]* ( . . . . . . . . . . . ) (*ხელნაწერში, ქობულაშვილის ამ ფრაზაში, პ. იოსელიანს წაუშლია სიტყვა «მღვდელი» და მის ნაცვლად დაუწერია «დეკანოზი» /შდრ. ძვ. გამოცემა, გვ. 316/. რ ე დ.)

69) ო ნ ი ს ი მ ე იოსელიანი [საყვარელი მეფის გიორგისა] იოსებ კათოლიკოსისაგან ნაკურთხი. მამა მისი ქრისტეფორე გადმოვიდა იმერეთით წყალ-ტუბოდგან. ორნი ძმანი მისნი დაიხოცნენ ჭარის ომში. კათოლიკოსსა ანტონის უნებდა, რათა მიჰყიდოს მან მამული თვისი და ვენახი მარტყოფს «სესიაური» სხვასა. უარისათვის გადააყენა მღვდელობიდამ. მეფემან თეიმურაზ იწყინა და კვალად გახსნეს კრულებიდან.

70) ს ო ლ ო მ ო ნ დეკანოზი ანჩის-ხატისა [ალექსიევი]. მწერალი და მწიგნობარი; ძე ალექსი დეკანოზისა, მწერალისავე ჩინებულისა. მოკვდა 1808 წელსა; ამან 1795 წელსა ზურგით გაიტანა ხატი პირის მღვთისისა ქალაქიდამ, დაუდვა ურემსა მცხეთაში და აქედამ გასული არაგვსა წარვიდა თელავსა და დახიზნვა მუნ იგი წინ ქეთევან დედოფლისა ეკკლესიასა.

71) კ ე ჟ ე რ ა შ ვ ი ლ ი მარტყოფელი, მბეჭდავი წიგნთა.

72) ა ბ რ ა მ, გვარით ურიათყოფილი, მოუსტვინეშვილად წოდებული, მბეჭდავი წიგნთა, პატივცემული მეფისაგან; მეგობარი დავით სარდლისა ორბელიანისა; მშრომელი მეტეხისა ეკკლესიისა განახლებაზედ სოფელსა მეტეხს, დიდი მლოცველი და მემარხულე, და მღვდელი განკრძალული იდგა მარტყოფს.

73) ზ ა ქ ა რ ი ა | ს უ ლ ხ ა ნ ო ვ ი, მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა. დაახლოვებული მეფისა გიორგისა. მოკვდა 1820 წელსა.

74) ი ს ა კ | მ წ ი გ ნ ო ბ ა რ ი, სიონისა თფილისს ეკკლესიასთან მცხოვრები. მოკვდა 1799 წელსა, მეფემან გიორგი თავისის ხარჯითა დაასაფლავა იგი მუნვე. მეფის ძემან დავით იახლა თავისთან, ოდეს მოიხილა ერევანი და განჯა, ეჩმიაწინისა ეკკლესიასა შინა შესულმან, არ დაიწერა პირჯვარი და ამით აწყინა სომეხთა ოქევარტერსა ლუკას, ამან არ მიიღო მღვდელობისა ხარისხი სიმდაბლისა გამო და იმავე მწიგნობრისა ანუ მკითხველისა ხარისხითა აღსრულდა.

75) ჰ ა რ ო ნ მღვდელი ალექსიევი. ეახლა კათოლიკოსსა ანტონი მეორეს. არ უყვარდა ესე მეფეს. მოკვა თფილისს 1827 წელსა.

76) ე ლ ე ვ თ ე რ ი, საყვარელი მეფის გიორგისა მღვდლობაში. 1804 ბერი და არქიმანდრიტი, 1812 წელსა წინა უძღოდა კახეთისა დამამშვიდებელსა, გარნა მრავალთა თავადთა, აზნაურთა და სამღვდელოთა ბოროტად და შეუწყალებელად დამსჯელსა, ღენერალსა დიმიტრი ორბელიანსა, აქა შეიძაგეს იგი. შეიძაგა თვით ერმოლოვმაცა. გარნა უყვარდა მრავალთა პურადობისათვის და ტკბილისა ხასიათისათვის. მოკვდა 1835 წელსა.

77) გ ო გ ი ა | დ ი ა კ ვ ა ნ ი [საყვარელი მეფის გიორგისა]. სახლობა მისი ახლდა მას და დედოფალსა მსახურებად. იყო გარკვევით ლექსთა და აზრთა გამოხატვით მკითხველი ეკლლესიისა წიგნთა. ხმა მისი არის, – ბრძანებდა მეფე, – ხმა ლოცვისა და ვედრებისა, ხმა საგალობელისა ხმათაო.

78) დ ა ვ ი თ | მ ღ ვ დ ე ლ ი | ჩ უ ბ ი ნ ი ძ ე, ნათლისმცემლის ეკკლესიისა აწ დაქცეულისა, და ი ე ს ე | დ ე კ ა ნ ო ზ ი, შვილი მისი. ამას აქვნდა მუნ სასწავლებელი, სადაცა მეცა ვსწავლობდი ქართულისა კითხვასა და წერასა ხარისა ბეჭის ძვალზედ დროთა ჩვეულებისა გამო. 1817 გაუქმდა სასწავლებელი ესე და გადაგვიყვანეს სემინარიისა, რომელიცა განხსნა მასვე წელსა 1 ოკდომბერსა ექსარხოსმან თეოფილაკტე. კარგად მახსოვს დღე ესე 8 წლისას, ოდეს რექტორმან პირველმან ვიტალი კურთხევისა დროსა და სხურებისა გვიბრძანა ვუყრიდეთ თეოფილაკტეს ყვავილოვანთა ბალახთა.

79) ზ ო ს ი მ ე, ბერი დავით გარესჯელი, გამომკვეთილი სენაკისა და კანკელისა, თფილისს სიონისა შემმზადებელი.

80) ი ლ ა რ ი ო ნ არქიმანდრიტი, ვაჩნაძე; – მრავალი დასდვა ამაგი საბა წმინდის მონასტრის განახლებაზედ კახეთს.

81) დ ა რ ჩ ი ა | მ ე ლ ი ქ ი | ბ ე ბ უ თ ა შ ვ ი ლ ი, კუზიანი ტანით და ფრთხილი საქმეში კაცი. პატივს სცემდა მას მეფე გიორგი, თუმცა განარისხაცა ორგულობისა შეწამებისა გამო. მოკვდა 1827 წელსა.

82) ს ტ ე ფ ა ნ ე | გ უ რ გ ი ნ ბ ე გ ი შ ვ ი ლ ი, კაცი მდიდარი და დარბაისელი, მოკვდა 1881 წელსა.

83) ო ს ე ფ ა | ბ ე ბ უ თ ა შ ვ ი ლ ი, მიშკარბაში, მამა ვასილისა, ღენერალ ოტინფანტერისა. ელჩად ხმარობდა მას ეჩმიაწინსა და ერევანსა. მოკვდა 1807 წელსა.

84) ა ღ ა | დ ა | დ ა ნ ი ე ლ | ფ ი თ უ ა შ ვ ი ლ [ნ] ი. მოქალაქენი დარბაისელნი.

85) ...მ უ ნ თ უ ა შ ვ ი ლ ი.

86) მ ი კ ი რ ტ უ მ | თ ა ყ უ ა შ ვ ი ლ ი, სასახლისა კაცი და მოქალაქე.

87) ა ღ ა ლ ო | ო ქ უ ა შ ვ ი ლ ი, დიდი მდიდარი საკათოლიკოსო ყმა.

88) რ ე ვ ა ზ | დ ა | ზ ა ქ ა რ ი ა | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, ქიზიყისა მოურავნი ( . . . . . . . . . . )

89) ი ო ა ნ ე | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი ეშიკაღაბაში, მემკვიდრისა მახლობელი და ერთგული. გარდაიცვალა 1830 წელსა.

90) ს ვ ი მ ო ნ | ა ბ ა შ ი ძ ე, მეფის გიორგისა მძახალი და მისგან პატივცემული.

91) ს ვ ი მ ო ნ | ბ ე ბ უ რ ი შ ვ ი ლ ი, დიდი გამოჩენილი ვაჟკაცი, გმირთა გმირი. ესე გაიქცა 1803 წელსა და მივიდა თვისსა ძმასთან ადამთან, რომელიცა ახლდა მეფის ძეს ალექსანდრეს. დამსწრემან რუსთა თანა სპარსთა ომისა, შეიძაგა სპარსნი მხდალნი. ამისთვის უიმედო მათგან გამოვიდა რუსთან და გამოიყვანაცა ძმა თვისი.

92) თ ა დ ი ა | ჩ ო ლ ო ყ ა შ ვ ი ლ ი, გაიქცა სპარსეთსა ალექსანდრესთან და მერეთ მობრუნდა. მოკვდა 1836 წელსა. მეფე გიორგიმ მინდო მზრუნველობა რუსთა ჯარისათვის, რომელიცა იდგა საგარეჯოში და ახლო მისსა სოფლებში.

93) ჰ უ ს ე ი ნ ო ღ ლ ი | ს უ ლ ი ა ნ, ბორჩალოელი, მეფისა მცნობი; საქმეთა შინა მრავალთა მისგან ხმარებული. შემდგომად მეფისა არ დამორჩილდა რუსთა და ივლტოდა სპარსეთად.

94) ა ლ ი ბ ე გ, სულთანი ყაზახისა, მდიდარი საქონლითა. შემნახავი მეფისა გიორგისა, ცხვრისა და ძროხის არვეთა. ივლტოდა სპარსეთად.

95) ი ბ რ ა ღ ი მ, სულთანი შამშადილისა. ამას ებარა მეფისა ჯორები და აქლემები.

96) პ ე ტ რ ე | ლ ა რ ა ძ ე, მოლექსე და მწიგნობარი, შვილი მღვდელთა ხარებისა ეკკლესიისა, რომელიცა თეიმურაზ მეფემან მოუღო ფრანგთა. მოკვდა 1837 წელსა.

97) დ ა ვ ი თ | რ ე ქ ტ ო რ ი | ა ლ ე ქ ს ი ე ვ ი. მოკვა 1825 წელსა.

98) ო მ ა ნ | ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე, აღმწერელი მეფის ირაკლის ცხოვრებისა; მოკვდა 1805 წელსა. ახლდა იულონსა და მომდურავი მისი ეახლა მეფეს გიორგის, რომელმანცა უბოძა მდივნობა კახეთისა ოქმითა.

99) ს ტ ე ფ ა ნ ე | ფ ე რ შ ა ნ გ ი, გორელი სომეხი, მოლექსე. ამან ტყვედ მოყვანილსა ლეკსა ოსოქოლელსა ასესხა ფული რვა თუმანი და გაიხსნა მაჩაბლისაგან, პირობითა, რომ გამოუგზავნის. ლეკმა დაიცვა სიტყვა მიცემული და გამოგზავნა რვისა ნაცვლად ათი. სცნო ესე მეფემან და იამა მეფესა. – იყო სტეფანე მოიჯარადრე ბურნუთისა და თამბაქოსა თფლისს. მრავალია მისგან დაწერილი ლექსი. მოკვდა თფილისს 1839 წელსა, ღრმად მოხუცი.

100) დ ი მ ი ტ რ ი, იოსებ მდივნის შვილი, გვარით თუმანიშვილი. მოლექსე. მოკვდა 1821 წელსა. ახლდა მეფის ძეს მიხაილს. ს.-პ. ბ. მისგან დაწერილსა ლექსსა სიყვარულითსა: სიცოცხლეს შენგან მოველი, უკვდავება ხარ ცხოველი. უქმნა დაწუნება ლექსადვე მღვდელმან ეგნატე იოსელიანმან. ამას შეუდგინეს ბაასი. მიწერ-მოწერისა ესე წიგნაკი, წარკითხული ჩემსა სიყრმეში, ვეღარსად და ვერვისთან ვჰპოვე. დიდის გონიერებით იყო ორთავე მხრითგან ნაწერი. – იყვნენ სიყრმით მეგობარნი და მეზობელნი სახლთა სადგურით, მეფეთა სასახლისა.

101) ბ ე ს ი კ ი ანუ ბ ე ს ა რ ი ო ნ | გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი, მოლექსე, მოკვდა 1799 წელსა* (ბესიკი გარდ. 1791 წ. იანვარში. რ ე დ.); ამაზედ მრავალი სწერია და მე აღარ განვიმეორე.

102) ს ო ლ ო მ ა ნ ა | ა ბ ა მ ე ლ ი ქ ი, ბიძა მეფის რძლის ელენესი. დავით მემკვიდრის ცოლისა. მეფე გიორგი პატივს სცემდა. პატივისცემისათვის თვისისა რძლისა. მოკვდა ბრმა, ღრმად მოხუცი 1823 წელსა.

103) . . . . . . . . . ს ა ა თ ნ ა ვ ა, სომეხი თფილისელი, ცნობილი გვამი, გამოჩენილი მოლექსე. მოკვდა 1801 წელსა; იყო მწერალი მარტივითა საუბარისა ენითა, გარნა ჰაზრთა მკვეთრთა მექონი. მისთა თქმათა დღესაცა იგავად იტყვიან ქართველნი; იყო მომღერალიცა, იყო სომეხი და სძაგდა სომეხი; ამისთვის ემდუროდნენ სომეხნი.

104) ო თ ა რ | ქ ო ბ უ ლ ა შ ვ ი ლ ი, სოფლისა კისისხევისა, დესპანი ქართველთა მოსკოვსა, ოდეს შეერთდა საქართველო რუსეთსა 1801 წელსა. გარდაიცვალა 1830 წელსა; იყო ესეცა მოლექსე სიყვარულისა და მიჯნურობისა. ლექსთა მისთა იმღეროდენ ქართველთა მოსაკრავენი და მეჭიანურენი.

105) გ ი ო რ გ ი | ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი, ცოლისძმა გარსევან ჭავჭავაძისა.

106) ი ა ი ა | ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი, ძმა გიორგისა, ცოლის ძმა გარსევან ჭავჭავაძისა. იყო დესპანად ოდეს შეერთდა საქართველო რუსეთსა 1801 წელსა. მოკვდა კახეთს 1837 წელსა.

107) გ ა რ ს ე ვ ა ნ | ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, გვამი ცნობილი.

108) პ ა ა ტ ა | ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე. ამას მიანდო მეფემან ირაკლი გამოყვანა 900 ლეკისა და სარდლობაცა იმერეთისკენ. მუნ მისრულთა ლეკთა შესაწევნელად ქართველთა ჯარისა, ოდეს დასვეს მეფედ სოლომონ, ლეკთა ააოხრეს იმერეთი, დაიტაცეს ეკკლესიათა სამკაულნი და ბარძიმ-ფეშხუმნი ჰქმნეს ჭურჭელად ჭრაქისა ასანთობელად. ესე იწყინეს იმერთა და დიდად ემდურვოდნენ მისსა სარდლობასა. იტყვიან დღედმდე იმერელთა თფილისისა აღებისა დღესა სპარსთაგან, მაგიერი გარდაუხადეს ქართველთაო: ე. ი. გაცარცვეს თფილისიო.

109) ნ ი კ ო ლ ო ო ზ მხატვარი აბხაზი, შვილი მისი იოანე იქმნა შემდგომად ღენერალი ( . . . . . . . . ). დედოფალმან დარეჯან დაახატვინა ამას კანკელი ანანურისა ეკკლესიისა და სხვათაცა ეკკლესიათა, ამანვე განაახლა სიფრთხილით ანანურისა ეკკლესიისა კედელზედ დახატულნი ძველად 13 ასურელთა მამათა ხატნი. დღეს არღა არიან ესენი.

110) ი ო ს ე ბ | კ ა ლ ა ტ ო ზ ი შ ვ ი ლ ი, ახლდა მეფესა გიორგისა და მერეთ დედოფალსა მარიამს; ამან გასცა დედოფალი, რომელსაცა უნებდა გაქცევა ქალაქიდამ თუშეთსა ანუ ფშავ-ხევსურეთსა. კნიაზმან ციციანოვმან დაასაჩუქრა იგი; მოკვდა 1834 წელსა. მრავლად ემდუროდა მას მეფის ძე თეიმურაზ; როტიე გოლლანდიელი წერს მისთვის წიგნში. თუმცა ახსენებს მას გვარით და არა სახელით.

111) ი ო ა ნ ე | ა ბ ხ ა ზ ი კარდანახელი, კაცი ქრისტიანე და პატივცემული; მოკვდა 1828 წელსა ( . . . . . . . . . . . ). ესე გაგზავნა მეფემან გიორგი თელავსა ორჯერ და გაატანა სანთლები კელაპტრები, რათა დღესა ქეთევან დედოფლობისსა, დაესწოს წირვისა ჟამსა მცირესა ეკკლესიასა შინა, აღშნებულსა მუნ თეიმურაზ მეფისაგან პირველისა. ესე ეკკლესია არის პირველი, ნაკურთხი ქეთევან დედობლისა წამებულისა სახელზედ.

112) ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე | მ ა ყ ა შ ვ ი ლ ი, ეშიკაღაბაში მეფისა გიორგისა, ძე გამდელისა მისისა სვიმონისა. გარდაიცვალა 1823 წელსა ცხენიდამ გადმოვარდნით, ოდეს მიეგებებოდა მისულსა კახეთად და მიმავალსა გომბორისა გზით ექსარხოსსა იონას. ამანვე დაასაფლავა იგი იყალთოს მონასტერსა.

113) ს ვ ი მ ო ნ | მ ა ყ ა შ ვ ი ლ ი, ლალა მეფისა გიორგისა, დასაფლავდა იყალთოს მონასტერსა ( . . . . . . . . . . . . . . . . ).

114) დ ა ვ ი თ | ჯ ი მ შ ე რ ი შ ვ ი ლ ი, ჩოლოყაშვილი, დიდად ნიჭებული კაცი სიტყვითა და მწერლობითა ( . . . . . . . . . . . . . . . . . ).

115) გ ი ო რ გ ი | თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, ძე ეგნატი მდივნისა, მოყვარე მწიგნობრობისა და მწერლობისა, ამან შეკრიბა ერთ წიგნად ლექსნი ძველად თქმულნი და უწოდა ქართველთა მწერლობისა ამის საუნჯესა «მრავალ-ყვავილოვანი». დღესცა აქვს იგი შვილსა მისსა ღენერალ-მაიორსა ალექსანდრეს. მოკვდა 1837 წელსა.

116) ი ო ა ნ ე | ა ბ ა მ ე ლ ი ქ ი, ძმა მეფის რძლის ელენესი ( . . . . . . . . . . . . . ).

117) ს ო ლ ო მ ო ნ (სოღომონ) ა ბ ა მ ე ლ ი ქ ი, ბიძა მეფის რძლის ელენესი, მოკვდა 1827 წ.

118) მ ი რ ზ ა | ა ფ რ ი ა მ ა | ე ნ ა კ ო ლ ო ფ ა შ ვ ი ლ ი, სპარსეთიდამ მოსული. მეფემან გიორგიმ სამჯერ წარავლინა ერევნის ხანთან და მუნით შირვანსა ტყვეთა ქართველთა, დაშთენილთა მუნ დროთა თფილისის აოხრებისა, მოსაყვანად. მოკვდა 1824 წელსა.

119) შ ი ო | მ ე ჭ ი ა ნ უ რ ე, ქებული მრავალთაგან და მომღერალიცა. მოკვდა 1828 წელსა, გვემული დროთა ცვლილებისაგან, მტირალი წარსულთა ჟამთათვის, მისთვის ტკბილთა და ცრემლით მოსაგონთა. თვით პოეტი, გოდებით ჰკრავდა ჩანგთა და აგოდებდა თვით ჩანგსა.

120) დ ა ვ ი თ ა | მ ე თ ა რ ე, წავკისელი.

121) [ა ღ ა ჯ ა, მომღერალი], სომეხი თფილისელი.

122) [ა ლ ა ვ ე რ დ ა | მ ო მ ღ ე რ ა ლ ი], თფილისელი თათარი.

123) ნ ი ნ ი ა, დურგალი ლალიაშვილი, ჩინებული ხელოსანი*

(## 122 და 123-ის შორის წაშლილია სიტყვები: [საათნავა მოლექსე და მომღერალი] მოღერალნი ქართველნი – ზაალ, პაატა, ოტია; თათარნი – ისმაილა, უსეინა; სომეხნი – თარუმა, პოღოს. პირველი სტრიქონი /კვ. ფრჩხილებში/ ეკუთვნის ბარბარე ქობულაშვილს)

124) გ ლ ა ხ ა | კ ა ლ ა ტ ო ზ ი | ზ ა ზ ი ა შ ვ ი ლ ი, სომეხი. ამან ააშენა ეკკლესია მარტყოფს გუმბათიანი და იქავე დაასაფლავა რუსთველმან სტეფანე 1826 წელსა.

125) ო ქ რ ო მ ჭ ე დ ე ლ ი [გ ა ბ რ ი ე ლ | მ ა ს ხ ა ლ ო ვ ი], (აწ ბასხაროვი), მისგან მრავალია ნაკეთები ბარძიმ-ფეშხუმნი, ჯვარნი და ხატნი შემკულნი. ალევის სამების ეკკლესიაში არის ერთი მისგან გაკეთებული სასანთლე ვერცხლისა ბატკნად ანუ ცხვრად ნაკელი ვერცხლისა. ესე შეუწირავს მეფისა გიორგის ძეს იოანეს, როგორც სჩანს ზედა წარწერიდამ.

126) სამართებლების მკეთებელი ი ვ ა ნ ე | ზ ო ტ ი შ ვ ი ლ ი. ქალაქსა ს.-პ. -სა გავიცან 1843 წელსა,.... სლივიცკი მოხუცი, მამა მის სლივიცკისა, რომლისაცა ძეგლად სიმხნისა იმპერატორმან ნიკოლოოზ უწოდა სიმაგრესა ერთსა პოლშაში «Фორტი სლივიცკისა». ესე მოხუცი სლივიცკი იყო ზუბოვისა ადიუტანტი დერბენტსა და როდესაც იმპერატორმან პავლე დააბრუნა ჯარი რუსეთად, მაშინ მოვიდა იგი თფილისს 1797 წელსა და მოისყიდა სამართებლები, ეგონა კიდევ იყო ხელოვნება ესე მუნ და მოთხოვა დაუბარო მას რავდენიმე. თვითოში მივე თვითო აბაზიო. არცა ერთი ევროპაში ნაკეთი არ შეედრება თფილისისა სამართებლებსაო – ესრეთ ადვილად იკარგება ხელოვნება?

127) ა ს ლ ა ნ | ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ეშიკაღაბაში მეფისა; მცოდნე სპარსულისა ენისა, დასაფლავდა მთაწმინდას თფილისში... წელსა 1826. ერმოლოვისა თხოვითა დაამშვიდა აღრეულობა ყაზახში და არცა მიუდგა მეფის ძეს ალექსანდრეს, რომელთა წერილთა არა უმალავდა ერმოლოვსა. შემდგომად სპარსთა დამარცხებისა შამქორს ერმოლოვმან ჰკითხა ასლანს: «მითხარ, გიყვარვარ თუ არაო?» – ასლანმან უპასუხა: «სარდალო, არც მყვარებიხარ და არც მიყვარხარო». – მოიწონა ესე სწორი მისი თქმა და უთხრა: ერევანსა რომ შემოვადგებით, მაშინ შევრიგდებითო.

128) ი ო ა ნ ე | ს ა რ დ ა ლ ი. ოდეს კ. ციციანოვისა დროსა წარვიდა ჯარში, მაშინ ესე და ასლანცა და სხვანი თავადნი იგდეს ტყვედ სპარსთა. ფათალიშახმან ნახა ესე იოანე და ოდეს იხილა მისსა გულზედ ვარსკვლავი ანნასი, ბოძებული იმპერატორისაგან, მაშინ ჰყვედრა მრავალი. მისწვდა თვით ვარსკვლავსა, მოგლიჯა იგი და გარდააგდო და უბრძანა: «ამისთვის უღალატე შენს მეფესა და ქვეყანასაო?» – მოქცეული თავისდა გარდაიცვალა თფილისს...

129) ა ბ ე ლ | ჩ ო ლ ა ყ ა შ ვ ი ლ ი, მეფისგან გიორგისა შერისხული თელავს, სადაცა მოვიდა გვიან და არა უნებდა მოწერა ხელისა ფიცისა ქაღალდზედ. 1812 წელსა უღალატა რუსთა, რომელთაცა გაგზავნეს სიბირს: უკუ მოქცეული მოკვდა კახეთს 1838 წელსა.

130) ა ბ ე ლ | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, მიმბაში მეფისა გიორგისა, აღმაშენებელი ქოდალას ღვთაებისა გუმბათიანისა ეკკლესიისა ქაშოეთისა თფილისს ეკკლესიისა პლანისა. 1812 წელსა ბუნტისა გამო გაგზავნეს სიბირსა და უკუმოიქცა 1817 წელსა. იყო სიძე სარდლის იოანესი. მოკვდა და დაეფლა მუნვე 1835 წელსა.

131) თ ო მ ა | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, შვილისშვილი მეფისა მეფის ასულის ბარბარესაგან, ჯერეთ ყრმა იზრდებოდა მეფესთან. მოკვდა 1847 წელსა.

132) დ ა ვ ი თ | მ ი მ ბ ა შ ი | თ ა რ ხ ნ ი შ ვ ი ლ ი. ცოლი ამისა მაკრინა იყო ცოლის და დადიანის ლეონისა, და დედიდაჲ დავით უკანასკნელისა დადიანისა. გარდაიცვალა 1837 წელსა. ესე იყო მიმქმელი მეფის რძლის ელენესი, მეფის ძის დავითის ცოლისა (მემკვიდრისა), ოდეს მიიღო მართლმადიდებლობითი სარწმუნოება.

133) გ ი ო რ გ ი | ჩ ო ლ ა ყ ა შ ვ ი ლ ი, შერჩა მეფესა გიორგის, ვითარცა მეფის ძისა ბაგრატის ნათესავსა ცოლით, და ვერ შერჩა რუსთა, რომელთაცა უღალატა 1812 წელსა; ამისთვის პყრობილი თფილისის ციხესა, მოკვდა 1813 წელსა.

134) ა დ ა მ | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, მილახვარი მეფის გიორგისა. 1801 წელსა გაჰყვა სპარსეთსა ალექსანდრეს. მოვიდა მუნით 1804 წელსა. მოხუცი 80 წლისა მოკვდა 1854 წელსა ვეჯინში.

135) ბ ე ც ი ა | თ უ რ ქ ი ს ტ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, ესე იყო მოურავად ტირძნისა სოფლისა, მეფისაგან გიორგისა დადგენილად.

ტირძნისისათვის, სადაცა იყო ეგნატი იოსელიანი, სწერს შემდეგსა:

«ტირძნისი ყოფილა არაგვის ერისთავის საპურე სოფელი და მეფემ ირაკლი არაგვთან ტირძნისიცა ჩამოართვა არაგვის ერისთავთა.

მაშინ ტირძნისი მისცა სარჩოდ ხერთვისისა ბეგსა ახალციხიდამ აქ გადმოვარდნილსა. მას ბეგს გამოართვა მეფე ერეკლემ და მისცა სამოურაოდ დავით ვისმე აბაშიძეს, და შემდგომად აბაშიძისა, მისცა მეფემ ერეკლემ მეთოდი რაჭის ერისთავს. შემდგომად გარდაცვალებისა მეფის ირაკლისა, გამეფებულმან მეფემან გიორგი წარგზავნა გამგედ მის სოფლისა ბეცია თურქისტანიშვილი და როდესაც ახალსა დროსა მეფისა გიორგისა გამეფებისა, დავით ბატონიშვილი გადმოვიდა რუსეთით და ლაშქაროვის მაგიერ სოფელი სთხოვა მეფესა, მაშინ მეფემან დაუწერინა სიგელი ტირძნისისა რომ არის ლაშქაროვისაო. მაშინ ის სოფელი მიაბარა მეფემან სიგლითურთ დავით ბატონიშვილსა. დავით ბატონიშვილმან გამგზავნა მე განმგედ მის სოფლისა და მე გამოსცვალე ბეცია და ვიყავ ორს წელს გამგე მისი ჩ ღ ჟ ჱ და ჩ ღ ჟ თ და რაც გამოსავალი იყო სოფლიდამ ჩემს სარგოს მე ვიღებდი და საბატონოს ვუგზავნიდი დავით ბატონიშვილსა. მერმე მე გამომცვალა სვიმონ გაბაშვილმა 1799 წელსა. 1802 წელსა რუსეთით მოვიდა ნიკოლოოზ ონიკოვი და ლაშქაროვსა ტირძნისი მიებარებინა მისთვის. ამისთვის მან ონიკოვმან გამოსცვალა სვიმონ გაბაშვილი და მიიღო ონიკოვმან ტირძნისი. შემდგომად მისსა მიიბარა ლაშქაროვისაგან და ონიკოვისა იოსებ დეკანოზმან წინამძღვრიშვილმან, ამისისა მოქმედებითა გაისყიდა ტირძნისი და მიესყიდა სულხანოვს».

136) ი ო ბ | ზ ე დ გ ე ნ ი ძ ე. ესე იყო მოურავი და სალთხუცესი მუხრან-ბატონისა: მეფე გიორგი სწყალობდა მას ვითარცა მეფეთა ერთგულსა და უბრძანებდა ყოველთვის საამოდ მისდა სიტყვათა. თვით მუხრან-ბატონი ექცეოდა მას ვითარცა კაცსა დარბაისელსა. მოკვდა მოხუცი 1819 წელსა.

137) დ ი მ ი ტ რ ი | ს ა გ ი ნ ო ვ ი. ზედამხედველი ქ. თფილისს თამბაქოს იჯარისა მეფისა გიორგის დროს. ნაცვლად ამისა მიეცა რუსთაგან პენსია. მოკვდა 1821 წელსა.

138) შ ი ო შ | თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, ძე სულხანისა. მეფე ერეკლე სწერს მამასა მისსა სულხანს შემდეგსა წერილსა, რომელსა შინა მოიხსენებს შიოშსაცა:

«ჩვენ მაგიერად თუმანოვს მდივანს სულხანს მრავალი მოკითხვა ეუწყოს. მერე შენი წარმოგზავნილი მაიორის დისწული დავით, მრავლის საქმეების გამო აქამომდე ვერ გამოვისტუმრეთ, რომელიც ამ დროს ჩვენის ქვეყნის ამბის ვითარება იყო; ჩვენი წიგნები მოგივა და ყოველსავე იმით სცნობ. ამ დავითის ხელით რომ წიგნები წარმოგეგზავნა შენის ძმის წიგნში, შენი დიახ, შეწუხება მოგეწერა ულუფის მოუცემლობის მიზეზზედ, და ჩვენ ამისთვის წარსულს ჟამს ერთი წიგნი მოვსწერეთ აშტარხანს თარხან-აღაშვილს სტეფანეს და სამოცს თუმანს დავესესხენით, რომ მანდ შენთვის უნდა გამოეგზავნა და მაგიერი ჩვენგან მიეღო, და ერთი წიგნიც იოსებ არქიერს მოვსწერეთ და იმასაც ასს თუმანს დავესესხენით შენთვის მოსაცემად და ჯერეთაც არ ვიცით ჩვენის მიწერილობისამებრ ხელი გაგიმართეს თუ არა, რადგანაც აქაური ამბავი ყოველივე ამ ახლის ჟამში მოწერილი გვქონდა, რომელსაცა ჩვენის წიგნებითა სცნობ: ამისთვის ამ წიგნით ამბავს აღარას მოვიწერთ: აქაური ნაღველი ნურა გაქვს რა, ღვთის მოწყალებით ვინცა ვინ შენიანი არიან, ყველანი მშვიდობით იმყოფებიან, და შენს შვილს შიოშს ჩვენ ფეშქაშნავისობა ვუბოძეთ ქართლისა.

ირაკლი

წელსა 1791. აგვისტოს 20.

ესე შიოშ იყო შემდეგ გუბერნიისა გახსნისა მიღებული რუსთა მთავრობისაგანცა; მოკვდა 1829 წელსა.

139) ი ო ს ე ბ | მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი, ხაზინადარი. ამას უბოძა მეფემან გიორგი ლაშქარ-ნავისობა სომხითისა და საბარათაშვილოსი. მოკვდა 1830 წელსა.

140) ს ო ლ ო მ ო ნ | ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი, კახელი; 1800 წელსა, ოდეს რუსის ჯარი წარვიდა ყაზახსა, მაშინ წარატანა ჯარი ქართველთა 600 კაცი არაგველი სოლომონს. შვილი ამისი ივანე იყო ღენერალ-მაიორი და მოკვდა 1861 წელსა.

141) ზ უ რ ა ბ | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, იყო ზედამხედველი თფილისის ბაჟისა, მოკვდა 1827 წელსა. ესე იყო მამა ღენერალ-ოტინფანტერისა კ. გრიგორი ორბელიანისა.

142) გ ი ო რ გ ი | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, ნაზირი მეფისა გიორგისა, მცოდნე არაბულისა, სპარსულისა და თათრულისა ენათა. მოკვდა 1810 წელსა.

143) ე ლ ი ზ ბ ა რ | ე რ ი ს თ ვ ი შ ვ ი ლ ი, ყულარაღასი. ესე გადვიდა იმერეთსა და მუნ შეირთო ცოლად ქალი იმერთა მეფისა სოლომონ დიდისა. დაახლოვებული იმერთა მეფისა დავითისა, ურჩევდა მიწერ-მოწერასა რუსეთთან და ჰგონებდა ამით ქსნის საერისთავოჲსა მოპოვებასა, ჩამორთმეულისა ქართლისა მეფისაგან. მეფემან სოლომონ მეორემან ჩამოართო სოფლები იმერეთსა ნაშოვნი და მიუბოძა რა იგინი მალხაზ ანდრონიკაშვილსა, რომელიცა იყო ქმარი მეფის ძის არჩილის ქალისა მარიამისა. გადმოსრული იმერეთით მოკვდა ქართლსა 18... წელსა.

144) მ ა ლ ხ ა ზ | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, ამას ჰყვანდა ცოლად მეფის ძის არჩილის ქალი მარიამ და სცხოვრობდა იმერეთსა. შემდგომად მეფისა გიორგისა ებრძოდა რუსთა, ვითარცა ერთგული იმერთა მეფისა სოლომონისა. 1811 წელსა წარვიდა სპარსეთად და უკუმოქცეული მივიდა ახალციხეს და ტრაპეზუნტსა. აქა მოკვდა მეფე სოლომონ 1815 წელსა. მალხაზ მერეთ მობრუნდა კახეთს და მოკვდა აქა 18...; ღენერალ-ლეიტენანტი იოანე მალხაზიჩი ანდრონიკოვი – დღესაცა ცოცხალი არის შვილი მისი.

145) ნ ი ნ ი ა | ჩ ე რ ქ ე ზ ი შ ვ ი ლ ი, კაკაბეთის მოურავი. დამსწრე ნიახურას ომშიაც. საყვარელი მეფისა.

146) ზ ა ა ლ | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, სალთხუცესი მეფის ძის იოანესი. დიდი ერთგული მეფისა.

147) დ ი მ ი ტ რ ი | ჩ ო ლ ა ყ ა შ ვ ი ლ ი, ფშავისა, ხევსურისა და თუშეთისა მოურავი.

148) ი ო ს ე ბ | ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, ნაზირი მეფისა.

149) ა დ ა მ | ვ ა ჩ ნ ა ძ ე, დიდი ვაჟკაცი. ამან მოკლა თოფითა ჯუნგუთაი (?) დაღესტნელი, რომლისა თავი მოართვეს მეფესა შემდგომად ნიახურას ომისა.

150) ი ლ ი ა | ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი. ესე გაგზავნა მეფემან გიორგი ძმასთან ალექსანდრესთან ჭარსა წერილითა მასთან და ომარ-ხანთან წინათ ნიახურას ომისა. წერილითა ამით მოუწოდებდა ძმასა დამორჩილდეს და არა შევიდეს ქრისტიანეთა სისხლის ღვრასა ლეკთა შეწევნითა.

151) პ ა ა ტ ა | ა ბ ა შ ი ძ ე ქართვლელი, ნაზირი; ამან შეიპყრო გზაზედ კაცი, ძმისაგან მეფისა ალექსანდრესაგან გამოგზავნილი იმერეთსა და მოართვა მეფესა თფილისს. წერილითა ამით სთხოვდა მოსცეს ჯარი თვისი იულონს, რათა განაძიონ მეფე გიორგი მეფობიდამ და მისდა ნაცვლად დასვან იულონ. ამასვე დროსა უნიშნავდა დღესა, როდესაც უნდა შემოვიდეს ლეკთა ჯარი და განაძიონ თფილისიდამ თვით რუსნიცა, მეფისა გიორგისაგან მოყვანილი საქართველოსა. მეფემან აჩვენა ესე რუსისა ღენერალსა და თვით ნამდვილი უბრძანა კაცსა ძმისა თვისისა ალექსანდრესსა, წარიღოს და მიართვას მეფესა სოლომონს.

152) გ ი ო რ გ ი | ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე. მეფემან წარავლინა ესე და ზაალ ბარათაშვილი მდივანბეგი დემურჩასალოს, ბრძანებითა, რათა ჩამოართოს მოურავობა ესე მეამბოხესა თამაზს ყაფლანიშვილსა და მიიბაროს ზაალ ბარათაშვილმან. დარეჯან დედოფალმან იწყინა ესე და იქმნა დიდი შფოთი წინათ გარდაცვალებისა მეფისა. ამისთვის 8 იანვარსა 1801 წელსა მოვიდა ალექსანდრე ყარაბაღით ყაზახში და აცნობა დედასა წერილით, რას მიბრძანებთო. მეფე გიორგი, გარდაცვლილი 28 დეკემბერსა, ჯერეთ არ იყო დასაფლავებული.

153) გ ა ბ რ ი ე ლ | რ ა ტ ი შ ვ ი ლ ი. ამას ვითარცა ომში ნიახურას დასწრობილსა, გაატანა მეფემან წერილი, ერთი ხელმწიფე იმპერატორთან და ერთი კნორრინგთან ლინიაზედ; წერილებითა ამით მოახსენებდა პავლეს მადლობასა ჯარისათვის და გაუგზავნა ლეკთა ბაირაღები; და ითხოვდა, რათა დაჯილდოვდნენ ლაზარევი, გულიაკოვი, მეფის ძენი იოანე და ბაგრატ და სხვანიცა. მასვე გაატანა საკუთარი მოხსენება, ვითარცა განმგემან ჯაბახანისა, თვით მეფის-ძემან იოანე, ღენერალ კნორრინგთან.

154) ზ ა ზ ა | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, წარსული ს. პ. ბ. 1800 წელსა დესპანთა თანა, ზრუნავდა დიდად მეფობისათვის ქართველთა, და ამისთვის არ მოეწონა მოხსენება ღენერალისა კნორრინგისა, მისრულისა 1801 წელსა ს. პ. ბ., ვითამც ქართველთა არა სურდესთ თვისი მეფე. მასვე დროსა მისწერა წერილი იოანე სარდალსა ორბელიანსა და ურჩევდა არა ჰქმნან ამოვარდნა მეფობისა საქართველოში. წერილი ესე იგდეს რუსთა და აღუკრძალეს მოსვლა საქართველოდ. 1818 წელს ესე ზაზა და დოსითეოს ეპისკოპოსი ფიცხელაური წარვიდენ ნევისა მდინარესა შესართავსა ფინის ზღვის პირას, და აქა ბანაობდენ ცურვითა; მსწრაფლ აღელდა ზღვისპირი. დოსითეოს ცურვითა გამოვიდა წყლისა პირსა და ზაზა მოტაცებული ღელვისაგან დაირჩო. ვერღა იპოვეს ვერცაღა გვამი მისი. იყო წლისა 50 და სცხოვრობდა იულონ მეფის ძესთან მისსა მწყალობელთან, რომელსაცა უყვარდა იგი, ვითარცა კაცი დიდად სიტყვა მჭევრი და აზრთა დიდთა და საფუძვლიანთა მქონი.

155) გ ი ო რ გ ი | ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი, ამას ჰყვანდა ცოლად დაჲ სარდლისა დავით ორბელიანისა. 1801 წლისა იანვრის დამდეგს, იულონმან მოიტაცა ტყვედ ცოლი ესე მისი ქეთევან და მიიყვანა თვისდა სოფელსა ბელოტს. მემკვიდრე მეფის ძე დავით აპირებდა რუსთა ჯარითა ზედა დასხმასა. მაშინ გაიქცა იმერეთსა იულონ და განთავისუფლდა დისწული მემკვიდრისა ტყვეობისაგან.

მოხელენი მოურავად მეფისა გიორგისა დროსა იყვნენ შემდეგნი პირნი:

მოურავნი ქართლისა:

ერასტი ამილახვარი . . . სოღანლუღს

ქაიხოსრო სუმბათოვი მოლარეთუხუცესი . . . ნავთლუღსა

ბარამ გურგენიძე ნაზირი . . . დიდუბეში

ალექსანდრე მაყაშვილი . . . წინწყაროს. ორსავე ავლაბარში. კუკიას

არსადან ქარუმიძე . . . ახალსოფელში

იორგი ამილახვარი . . . გორში

ლუარსაბ ლოლაძე და გოგია ბეგიაშვილი . . . მეჯვრისხევს

გოგია ბეგიაშვილი . . . მეჯუდაში

დავით ბიბილური . . . სათემოს

ფირან ჩერქეზიშვილი . . . კრწანისში და ტყვიავში, ღვიდისში

გოგია ფურცელაძე . . . პატარა ლიახვსა და ოსებისა

გოგია მირზაშვილი . . . ვანათსა, არბის, შინდისს

ეგნატე იოსელიანი (ორჯერ) . . . ტირძნისში

ნინია ამილახვარი . . . ცხინვალში და ქარელში

მიმბაში ზაზა მაჩაბელი . . . ქელვი და აჩაბეთი

ნასყიდა ზარდიაშვილი . . . მაღრანდოვლეთში

ევგენი აბაშიძე . . . ალსა, სურამსა და ქეფინისხევსა

ნიკოლოზ გლურჯიძე მოლარეთუხუცესი . . . ხიდისთავსა

დომენტი წინამძღვრიშვილი . . . გლურჯეთსა

დავით აბაშიძე ქეშიქჩი-ბაში . . . ბორჩალო და შილიხოს

შანშე ერისთვისშვილი . . . შელავერსა

რევაზ ვახვახიშვილი . . . ახატელისა თათრებისა

თამაზ ორბელიანი . . . დემურჩასალის

ადამ ანდრონიკაშვილი . . . კახეთში თათრებისა ქირჩხლის

ოსეფა ბებუთაშვილი მიშკარბაში . . . ბაადარსა

სოლომონ არღუთაშვილი . . . სარვანში

საამ ბარათაშვილი . . . ძველს თაქლასა

პაატა აბაშიძე . . . ახალს თაქლასა

სოლომან გაბაევი . . . მუღანლოსა

გიორგი ციციშვილი სარდალი . . . ელებისა, ქოლაგირისა, მუღანლოსა, ქოშქილისისა, აყლილისა, უზუნლარისა და დისიღისა

ოსეფა ყორღანაშვილი მილახვარი . . . ჰასან ხოჯალისა

გარსევან ჭავჭავაძე . . . ყაზახის თათრებისა

გიორგი ციციშვილი სარდალი . . . ფამბაკისა

მოურავნი კახეთისა:

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი . . . მანავში

თადია ჩოლაყაშვილი (მის ნაცვლად ვახტანგ ორბელიანი) . . . თვალ-საგარეჯოს, სართიჭალაში

დავით მაყაშვილი . . . უჯარმასა

ზაალ ანდრონიკაშვილი . . . ორსავე მარტყოფში

გოგია ნათალიშვილი . . . ლილოსა

დიმიტრი ჩოლაყაშვილი . . . თიანეთში და მარილისში

გლახა საგინოვი აზნაური . . . ქისტაური

ალექსანდრე მაყაშვილი . . . ბოჭორმას

დავით და იოანე ქობულოვი . . . ზემოხოდაშენსა

ალექსანდრე მაყაშვილი* (ორივე სიტყვა გადახაზულია ხელნაწერში) . . . ძველი გალავნისა თელავსა

იროდიონ გურგენიძე . . . თელავსა

გიორგი ვახვახიშვილი . . . კალაურსა

იოსებ ჭავჭავაძე . . . ირაკლის ციხისა

სფირიდონ ჯანდიერიშვილი . . . ქვემო ხოდაშენსა და შაშიანსა

ომან ჯანდიერიშვილი . . . ურიათუბანსა დიმიტრი ანდრონიკაშვილი . . . ველისციხეს

დავით ჯანდიერიშვილი . . . გურჯაანში

დურმიშხან ჩოლაყაშვილი . . . პანკისში, ბახტრიონსა და ქორბალას

აღათანგო პეტრიაშვილი . . . მაღრიანში ნიკოლოოზ ჩოლაყაშვილი . . . ლალისყურსა თამაზ ჯორჯაძე . . . შაქრიანსა

დიმიტრი ჯორჯაძე . . . ენისელსა

დავით მაყაშვილი . . . აღდგომას

გიორგი ნოდარაშვილი და ფარეშთუხუცესი ანდუყაფარ ბანცურაშვილი . . . შილდას

კირილე ავალიშვილი . . . ლომის-ციხეს

დავით ჩოლოყაშვილი . . . ვეფხვის-ციხეს

ლუარსაბ თარხნიშვილი . . . ფაშაანსა

იმონ ქობულაშვილი . . . სანავარდოს

გარსევან ვაჩნაძე . . . კუჭავანსა და ორსავე გავაზს

სპირიდონ თარხნიშვილი . . . ვანათს

ლუარსაბ თარხნიშვილი . . . აკურას

ომან მაყაშვილი . . . ყარაჯალას პირაქეთ თათრებისა და კახეთში მცხოვრებთა

დავით და იოანე ქობულაშვილი . . . თათრებისა ყიზილ-აჯილისა

რევაზ ანდრონიკაშვილი სარდალი . . . ქიზიყში

როსეფ ჯანდიერი ნასახჩი-ბაში . . . ჯიმითსა და ყანდაურას

ნინია ჩერქეზიშვილი . . . კაკაბეთსა

დურმიშხან ჩოლაყაშვილი . . . თუშებისა

დიმიტრი ჩოლაყაშვილი . . . ფშავისა და ხევსურებისა

სამღვდელო წესი

მეფისა გიორგი XIII დროსა სამღვდელო წესი იყო შემდეგი:

1) კათოლიკოსი

2) ქართლისა მიტროპოლიტნი: სამთავროჲსა, თფილისისა, რუისისა.

3) არქიეპისკოპოსნი: წილკნისა, მანგლისისა.

4) ეპისკოპოსნი: ურბნისისა, სამთავისისა, ნიქოზისა.

5) კახეთისა მიტროპოლიტნი: ალავერდისა, ბოდბისა, ნინოწმინდისა.

6) არქიეპისკოპოს[ნ]ი: რუსთავისა, ნინოწმინდისა.

7) ეპისკოპოსნი: ნეკრესისა, ხარჭაშნისა.

მეფისა დროსა იყვნენ მონასტერნი:

ქ ა რ თ ლ ი ს ა: შიომღვიმისა, მეტეხისა, იკორთისა, ანანურისა, ჯვარისა, მღვიმისა, ლარგვისისა, ხობისა, ულუმბიისა, გეთსამანიისა, თირისა.

კ ა ხ ე თ ი ს ა: 12-გან ორნი – დავით გარესჯელისა, იოანე ნათლისმცემლისა; შუამთისა, ბოჭორმისა – (ორივეს) ალავერდელი განაგებდა; წ. საბასი, ხირსისა, ღვთაებისა ვეჯინსა, ნათლისმცემლისა – (ოთხივე) განიგებოდა ბოდბელისაგან.

მღვდელმთავარნი:

ქ ა რ თ ლ ი ს ა: კათოლიკოსი ანტონ II, მთავარ-ეპისკოპოსი იოანე (მოკვდა 1802 წ.), თფილელი არსენ, მროველი იუსტინე, წილკნელი იოანე (შვილი სქემონასანისა ონისიფორესი 38 წლისა, ქარუმიძე), ურბნელი იულიოს, სამთავნელი გერვასი, ნიქოზელი ათანასი.

კ ა ხ ე თ ი ს ა: ალავერდელი, – განმგედ თვით ანტონი, ბოდბელი იოანე, ნინოწმინდელი მიხაილ, რუსთველი სტეფანე, ნეკრესელი ამბროსი (ესე შილდას იდგა).

ნიახურისა ომში დასწროფილნი და მხნეობითა გამოჩენილნი მუნ იყვნენ პირნი

მ ე ფ ი ს | ძ ე ნ ი: იოანე, ბაგრატ.

ქ ა რ თ ლ ი ს ა | თ ა ვ ა დ ნ ი: პაატა აბაშიძე, ნაზირი მეფისა; ზაალ ბარათაშვილი მდივანბეგი; გიორგი ხერხეულიძე; გაბრიელ რატიშვილი.

კ ა ხ ე თ ი ს ა (თ ა ვ ა დ ნ ი): რევაზ ანდრონიკაშვილი, ქიზიყის მოურავი; ზაზა ანდრონიკაშვილი, სალთხუცესი მეფის ძის იოანესი; იოანე ზურაბიშვილი; ზაზა ზურაბიშვილი; იოანე ანდრონიკაშვილი; როსებ ჯანდიერიშვილი; გიორგი ჯანდიერიშვილი; ადამ ვაჩნაძე; იოსეს ვაჩნაძე; ასლან ონანიშვილი; გიორგი ჩოლაყაშვილი; დიმიტრი ჩოლაყაშვილი, ფშავის და თუშის მოურავი; ლუარსაბ სუმბათიშვილი, მიმბაში; იოსებ ჭავჭავაძე, ნაზირი მეფისა; ილია ავალიშვილი; იოანე ქობულიშვილი, პოლკოვნიკი ქართველთ თოფხანისა; ალექსი ყალანთრიშვილი, კაპიტნად წოდებული ქართველთ ჯაბახანისა და გიორგი ჩამბურიშვილი კაპიტანივე ჯაბახანისა.

ამასვე ომში დაესწრნენ ექიმნი ქართველთა მეფისა, ფრანგნი სარწმუნოებით: ოსეფა ყარაშვილი და შვილი მისი იოანე.

სამოხელონი მეფისა გიორგისა XIII:

ს ა მ ხ ე დ რ ო ნ ი:

სარდალი, სარდარქარი, მიმბაში, პუნსედ-ბაში, უზბაში, ფანჯაბაში, დეღ-ბაში.

ს ა ს ა ხ ლ ი ს ა: სალთხუცესი, ვეზირი, მდივანი, ფეშქაშ-ნევისი, მუსტოუფი, მოლარეთ-ხუცესი, ნაზირი, სალაროს ნაზირი, მოლარე, სალაროს მუშრიბი, მუშრიბი, თუშმალი.

ს ა მ ე ფ ო ჲ ს ა: ყულარ-აღასი, ეშიკაღაბაში, ეშიკჩი-ბაში, ქეშიქჩი-ბაში, ქორიასაული, ნასახჩი-ბაში, მირისშქარ-ბაში, ბოქოულთ-ხუცესი.

ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო ნ ი: მოურავი, მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქეთხუდა თავი, ქეთხუდა მეორე.

ს ა მ ო უ რ ა ვ ო ნ ი: თფილისისა, ქიზიყისა, თუშისა, ხევსურეთისა, ფშავისა, სამშადილისა, ბორჩალოსი, ფამბაკისა, გორისა, თელავისა, საგარეჯოსი, სურამისა.