ლეონტი მროველი - "მოქცევაჲ მირიან მეფისაჲ" (2008)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ლეონტი მროველი - "ნინოს მიერ ქართლის მოქცევა"




პუბლიკაციები[edit]

2008 - "ქართლის ცხოვრება" - რ. მეტრეველის რედაქციით


ტექსტი[edit]

ლეონტი მროველი
"მოქცევაჲ მირიან მეფისაჲ"


მოქცევაჲ მირიან მეფისაჲ და მის თანა ყოვლისა ქართლისაჲ წმიდისა და
ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ


პირველად უკუე ვაჲსენოთ ცხორებაჲ წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა და ყოვლისა ქართლისა განმანათლებელისა ნინო მოციქულისაჲ, რომელი-ესე თჳთ მანვე ნეტარმან მოგჳთხრა ჟამსა აღსრულებისა მისისასა, რომელი აღწერა მორწმუნემან დედოფალმან სალომე უჯარმელმან, ძის ცოლმან მირიან მეფისამან და ასულმან თრდატ მეფისამან.

და იყო მათ ჟამთა შინა, ოდეს წმიდაჲ გიორგი კაბადუკიელი იწამა ქრისტესთჳს, კაბადუკიას ქალაქსა კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონაჲ ღმრთისაჲ, სახელით ზაბილონ. და ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მსახურებად და ნიჭისა მოღებად მისგან.

და მათვე დღეთა შინა კაცი ვინმე იყო კოლასტრას შინა, და ესხნეს მას ორ შვილ: ძე და ასული, და სახელი ძისა მისისაჲ - იობენალი, ხოლო ასულისაჲ - სოსანა. და აღესრულნეს მეუღლენი იგი, და დარჩეს და-ძმანი იგი ობლად. და აღდგეს და წარვიდეს იგინი ქალაქად წმიდად იერუსალემად, და იმედ ყვეს იმედი იგი ყოველთა ქრისტიანეთაჲ - წმიდაჲ აღდგომაჲ. და მიევედრნეს ესენი მუნ, ვინაჲცა ძმაჲ ესე იობენალი მიემთხჳა დევტალარობასა, ხოლო დაჲ იგი მისი სოსანა ჰმსახურებდა მიაფორსა სარა ბეთლემელსა. ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკიელი, სახელით ზაბილონ, რომელი ვაჴსენეთ შესავალსავე, მიიწია ჰრომედ წინაშე მეფისა.

და აღდგომილ იყვნეს ბრანჯნი მას ჟამსა ბრძოლად ჰრომთა ველსა ზედა პიტალანისასა. და მოსცა უფალმან ძალი ზაბილონს, ჭაბუკსა მას კაბადუკიელსა, უძლეველი და ქმნა უზომოჲ წინააღდგომაჲ მტერთა მიმართ, და აოტნა ბრანჯნი იგი, და შეიპყრა მეფე ბრანჯთაჲ და ყოველნი იგი მთავარნი მათნი, და მიიყვანნა იგინი წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განაჩინა მათ ყოველთავე სიკუდილი. და მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ, ევედრებოდეს ზაბილონს და ეტყოდეს, ვითარმედ: „პირველად უკუე მოგუეც სჯული თქუენი და შეგჳყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა, და მაშინღა იყავნ სიკუდილი ჩუენი, რამეთუ შენ მიერ შეპყრობილ ვართ, და შენვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იქმნე სისხლისაგან ჩუენისა, ახოვანო“.

ხოლო ზაბილონს ვითარცა ესმა ესე, მსწრაფლ აუწყა მეფესა და პატრიაქსა სიტყუაჲ ესე. და მოსცეს ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილონისსა, და შეიყვანნეს ტაძარსა შინა უფლისასა, და აზიარნეს საიდუმლოთა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი წმიდათა მოციქულთანი. და შემდგომად ამისა აღიმსთუეს განთიად ბრანჯთა მათ და შეიმოსეს სამოსელი სამკუდროჲ, და განვიდეს ადგილსა მას კაცის სამკლველოსა და სისხლის დასათხეველსა, და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებისათჳს და ზიარებისა, რომელი მიიღეს მათ, და იტყოდეს ესრეთ, ვითარმედ: „ჩუენ სიკუდილსა ამას შინა უკუდავ ვართ, რამეთუ ღირს გუყვნა ღმერთმან ესევითარსა დიდებასა ხილვად და მიღებად საგზალსა მას დაულევნელსა - ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს, ღმრთისა უკუდავისასა, რომელი უმაღლეს არს ყოველთა მაღალთა და უქუესკნელეს ყოველთა უფსკრულთა, ქუესკნელთა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ხოლო ვაჲ ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა სიმწარისათა და მკჳდრთა ბნელისათა“, და ჴმობდეს: „მოვედინ მეჴრმლე ეგე და აღახუენინ თავნი ჩუენნი ჩუენგან!“

ხოლო ამას ხედვიდა რაჲ ზაბილონ, აღიძრა გონებითა და ტიროდა მწარედ, რამეთუ, ვითარცა ცხოვართა, თავნი მათნი წარკუეთად მოედრიკნეს და მოსიკუდიდ მიეპყრნეს, და ვითარცა კრავთა, შვილთა მათთა საწყალობელად იგლოვდეს.

მაშინ მოწყალექმნული მათთჳს შევიდა ზაბილონ წინაშე მეფისა, გამოითხოვნა იგინი მეფისაგან, და ნიჭითა განუტევნა. ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილონს, რაჲთა წარჰყვეს იგი ქუეყანასა მათსა და მისცეს სჯული ქრისტესი და ნათლისღებაჲ წყლითა ყოველსა ერსა მათსა.

ხოლო მან ისმინა ვედრებაჲ მათი და მოითხოვა მღდელნი პატრიაქისაგან. და ბრძანებაჲ მოიღო მეფისაგან; და წარვიდეს სიხარულით. და ვითარ მიეახლნეს დღისა ერთისა სავალსა, მივიდა წინა ჰამბავი მათი, ვითარმედ მეფე ცოცხალი მოვალს და ყოველნი მთავარნი მის თანა. მაშინ შეიძრნეს ათნი საერისთვნი: ხოლამ და ხოზაბ, ხლაჭა და ხენეშგი, ტიმგარაგო, ზაქაჲ, გზაჲ, ზარგა, ზარდა, ზარმა და თმოგონი სამეფო.

და მიეგებოდეს მდინარესა ზედა დიდსა ღრმასა, და განყო მეფემან ერი იგი და დაადგინა წყალსა იმიერ და ამიერ, და აკურთხეს მღდელთა მათ მდინარე იგი. და შთაჴდა ყოველი ერი იგი წყალსა მას, განიბანებოდეს და აღმოვიდოდეს აღმოსავალსა ერთსა, და დასდებდა ზაბილონ ჴელსა თჳსსა ყოველსა მას ერსა და იყო ათ დღე. მუნ ყოფასა მისსა მდინარესა მას ზედა აღჰმართნა კარავნი, და შეწირეს მღდელთა უსისხლოჲ იგი მსხვერპლი, დაუტევნა მღდელნი და განუწესა ყოველი წესი ქრისტიანობისაჲ. და ამისა შემდგომად იჯმნა მათგან, დაუტევა მშჳდობაჲ და წარვიდა ნიჭითა დიდითა ჰრომედვე, და განიზრახა გონებასა თჳსსა იერუსალემად წარსვლაჲ.

და ვითარ მიიწია იერუსალემად, განუყო ყოველი იგი მონაგები თჳსი გლახაკთა მცნებისათჳს ღმრთისაჲსა. და იხილა, რამეთუ პირველჴსენებული იგი დევტალარი პატრიაქ ქმნილ იყო: და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილონ და პატრიაქი იგი.

მაშინ ჰრქუა სარა მიაფორმან პატრიაქსა ესრეთ, ვითარმედ: „ესე ზაბილონ, მამაჲ და ემბაზი ბრანჯთაჲ, კაცი სრული სიბრძნითა და ღმრთისმოშიშობითა არს ყოვლადვე, და მიეც დაჲ შენი სოსანა ცოლად მისდა.“ ვინაჲცა სთნდა წმიდასა პატრიაქსა განზრახვაჲ ესე სარა მიაფორისაჲ, და მისცა სოსანა ცოლად ზაბილონს და წარვიდა თჳსად ქალაქად კოლასტრად.

და ესე წმიდაჲ ნინო, მოძღუარი ქართლისაჲ, მათგან იშვა ოდენ მხოლოდ, თჳნიერ სხჳსა შვილისა. და აღზარდა დედამან მისმან სოსანა მსახურებასა მას შინა გლახაკთასა. ხოლო ვითარ იქმნა ნინო წლისა ათორმეტისა, მაშინ განყიდეს მშობელთა მისთა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალემად.

ხოლო მი-რაჲ-იწივნეს იერუსალემად, მას ჟამსა ზაბილონ დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და იჯმნა ცოლისაგან თჳსისა, და შეიტკბო მკერდსა თჳსსა ასული თჳსი, წმიდაჲ ესე ნინო, დაალტო პირი ნინოჲსი ნაკადულითა ცრემლთაჲთა, რომელნი-იგი გარდამოსთხივნა თუალთაგან თჳსთა, და რქუა: „შენ, მხოლოო ასულო ჩემო, ესერა, დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგითუალავ მამასა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა, რამეთუ იგი არს მამაჲ ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ, და ნუ გეშინინ შენ, შვილო ჩემო! ხოლო შენ მარიამ მაგდანელისა შური აღიღე ქრისტეს სიყუარულისათჳს და დათა მათ ლაზარესთაჲ. და უკუეთუ შენ ეგრეთ შეიყუარო იგი, ვითარცა მათ შეიყუარეს, მან ეგრეთვე მოგცეს შენ ყოველივე, რაჲცა ითხოვო მისგან“. ხოლო ესე რაჲ თქუა, დაუტევა ამბორისყოფაჲ საუკუნოჲ და წარვიდა წიაღ იორდანესა, კაცთა მათ თანა ველურქმნილთა და კაცთაგან განშორებელთა, რომლისა-იგი სადაჲ ყოფა უწყის ღმერთმან, ყოვლისა მეცნიერმან და დამბადებელმან. ხოლო დედაჲ იგი ნინოჲსი მისცა პატრიაქმან მსახურად გლახაკთა, დედათა უძლურთა.

წმიდაჲ ნინო ჰმსახურებდა მიაფორსა დვინელსა ორ წელ, და ჰკითხვიდა ყოვლადვე ვნებათა მათთჳს ქრისტესთა, ჯუარცუმისა, დაფლვისა და აღდგომისა მისისა და სამოსლისა მის და ტილოთა და სუდარისა და ჯუარისა და სხჳსა ყოვლისავე, შემდგომითი შემდგომად გამოეძიებდა, რამეთუ არა ვინ ყოფილ იყო და არცა ვინ იყო შორის იერუსალემისა სწორ მისა მეცნიერებითა სჯულისა გზასა, ძუელსა და ახალსა, ყოველსავე ზედამიწევნით.

ხოლო იწყო უწყებად მისა: „ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა შენსა, ვითარცა ძალსა ლომისა მდედრისასა, რომელი იზახებნ ყოველთა ზედა ოთხფერჴთა, გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა ჰაერთასა უფროჲს მამლისა და ყოველი ქუეყანაჲ გუგასა შინა თუალისა მისისასა მცირისა მარგალიტისა სწორად შეაყენის და განიხილის და განიცადის საჭმელი მისი ცეცხლებრ, ხოლო იხილის რაჲ, მიუტევნის ფრთენი და მიიწიის მის ზედა. ეგრეთვე სახედ იყოს ცხოვრებაჲ შენი წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა.

ხოლო აწ ვიწყო და მიგითხრა შენვე, რამეთუ ოდეს-იგი იხილეს ღმერთი უკუდავი კაცთა მოკუდავთა ქუეყანასა ზედა, რომელი მოკუდა და მოსრულ იყო მოწოდებად წარმართთა, ვითარცა თჳთ ინება ჴსნაჲ სოფლისაჲ, იწყო კეთილის-ყოფად ჰურიათა, მკუდართა აღდგინებად, ბრმათა ახილვად, სნეულთა განკურნებად, - რომელი-ესე შეიშურვეს, და შეიზრახნეს, და წარავლინეს სტრატიოტნი ყოველსა ქუეყანასა მსწრაფლ მოსლვად ჰურიათა და თქუეს, რამეთუ: აჰა ესერა, წარვწყმდებით, მოვედით და შემოკრბით ყოველნი!“

მაშინ მოიწივნეს ყოვლით ქუეყანით და სოფლით კაცნი ურიცხუნი, სწავლულნი და მეცნიერნი სჯულსა მოსესსა, რომელნი-იგი ანტაკრად წინა-აღუდგეს სულსა წმიდასა, და რაჲ-იგი ჯერ-იყო ყოფად ქრისტესა, მათ აღასრულეს: რამეთუ ჯუარს-აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილ-იგდეს, და მიეცა და ხუდა წილითა მით ჩრდილოელთა, მცხეთელთა მოქალაქეთა.

ხოლო დაფლეს მათ ჰურიათა ქრისტე, დაკრძალეს და დაბეჭდეს საფლავი მისი, არამედ იგი აღდგა, ვითარცა თქუა პირველად, და ტილონი იგი პოვნეს საფლავსა მას შინა ქრისტესსა განთიად. და მოვიდა პილატეცა და ცოლი პილატესი ქრისტეს საფლავად, და ტილონი იგი ვითარ პოვნეს, მოითხოვნა ცოლმან პილატესმან, და წარვიდა მსწრაფლ პონტოდ, სახლად თჳსად, და იქმნა მორწმუნე ქრისტესი.

ხოლო შემდგომად ჟამთა რაოდენთამე მივიდეს ჴელთა ლუკა მახარებლისათა ტილონი იგი, და დასხნა მან, სადაცა თჳთ იგი უწყის, ხოლო სუდარი არა იპოვა, დაღაცათუ თქუეს ვიეთმე პეტრესთჳს, ვითარმედ ჴელ-იწიფა ახუმადო, და აქუს მასო, არამედ განცხადებულად არა მიუთხრეს, ვითარ სხუაჲ იგი. ხოლო ჯუარნი იგი ამასვე ქალაქსა შინა იერუსალემსა დამარხულ არიან, გარნა ადგილი მათი არა ვინ უწყის, და ოდეს ინებოს ღმერთმან, გამოჩნდენ იგინიცა“.

ხოლო ვითარცა ესე ესმა წმიდასა ნინოს სარა მიაფორისაგან, მაშინ შეწირა ღმრთისა მადლობაჲ და კურთხევაჲ, და კუალად ჰკითხა მას, თუ სადა არს ჩრდილოჲსა იგი ქუეყანაჲ, სადაჲთ-იგი მოსრულთა მათ ჰურიათა წილ-ხუდა და წარიღეს სამოსელი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. მიუგო და ჰრქუა სარა მიაფორმან, ვითარმედ: „არს აღმოსავლეთით კერძო ქალაქი, რომელსა ჰრქჳან სახელად მცხეთაჲ, და ქუეყანაჲ ქართლისაჲ და სომხითისა მთეულეთი, და საწარმართო არს იგი ჟამსა ამას და საჴელმწიფო ბერძენთა და უჟიკთა“.

ხოლო მათ დღეთა შინა მოვიდა დედაკაცი ვინმე ეფესოჲთ, თაყუანისცემად წმიდისა აღდგომისა, და ჰკითხვიდა დედაკაცსა მას სარა მიაფორი, ვითარმედ: „ელენე დედოფალი ჯერეთცა ეგევითარსა ცთომასა და ბნელსა შინა არსა?“. ხოლო მან ჰრქუა ესრეთ, ვითარმედ: „ვარ მჴევალი მათი და მახლობელი განზრახვასა მათსა ყოველსა, ცხადსა და დაფარულსა. და უწყი მე მისი, რამეთუ აქუს მას დიდი წადიერებაჲ ქრისტეს სჯულისა და ნათლისღებისათჳს“.

ხოლო ესმა რაჲ ესე დედაკაცისა მისგან წმიდასა ნინოს, ჰრქუა ნიაფორსა ესრეთ, ვითარმედ: „წარმგზავნე მე და მივიდე წინაშე დედოფლისა ელენესა, ნუუკუე მივეახლო სიტყჳსგებად ქრისტესთჳს წინაშე მისა“. ხოლო მიაფორმან აუწყა პატრიაქსა წადიერებაჲ ესე და საქმე ნინოჲსი. ხოლო დედისძმამან მოუწოდა წმიდასა ამას ნინოს, დისწულსა თჳსსა, და დაადგინა იგი აღსავალსა წმიდისა საკურთხეველისასა, და დაასხნა ჴელნი მისნი წმიდანი მჴართა ზედა მისთა, სულთ-ითქუნა ცად მიმართ სიღრმით გულისა მისისაჲთ და თქუა: „უფალო ღმერთო საუკუნეთაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ ობოლსა ამას შვილსა დისა ჩემისასა, და წარვავლინებ ქადაგებად ღმრთეებისა შენისა, რაჲთა ახაროს აღდგომაჲ შენი. სადაცა სათნო-იყო სრბაჲ ამისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, ამას მოგზაურ, ნავთსადგურ, მოძღუარ, ენამეცნიერ, ვითარცა უწინარეს ამისა მოშიშთა სახელისა შენისათა“.

და უჯმნა დედისაგან თჳსისა ამბორის-ყოფითა განშორებისაჲთა და გამოსახა მას ზედა სასწაული ჯუარისაჲ. და ესრეთ ლოცვითა ღმრთისა მიმართ და კურთხევითა განუტევა წმიდაჲ ნინო დედაკაცისა მის თანა, ეფესოჲთ მოსრულისა. და ვითარცა მიიწივნეს სამეფოს ჰრომს, სახიდ დედაკაცისა, რომლისა-იგი თანამოგზაურ იქმნა, იხილეს მუნ დედოფალი ვინმე და ტომი მეფეთაჲ, სახელით რიფსიმე, და დედამძუძე მისი გაიანე, რომელნი-ესე იყოფოდეს მონასტერსა შინა ქალწულთასა, და ჰსუროდა ქრისტეს აღსარებისათჳს და მომლოდე იყვნეს იერუსალემით ნათლისღებასა.

მაშინ დედაკაცმან მან წარუდგინა წმიდაჲ ნინო და აუწყა საქმე მისი დედოფალსა რიფსიმეს, რომელი-იგი იხილა რაჲ ქრისტეს მოყუარემან რიფსიმე, სიხარულით შეიტკბო და შეიწყნარა სახიდ თჳსად წინაშე მისა წმიდაჲ ნინო ჴელთაგან მის დედაკაცისა თანა-მოგზაურისა.

და ესრეთ იყოფვოდა რაჲ მის თანა წმიდაჲ ნინო, მასვე შინა წელიწადსა ნათელ-იღო რიფსიმე, რომლისათჳს-იგი სურვიელ იყო, და მის თანა გაიანეცა, დედამძუძემან მისმან, და სხუათა მათ სახლეულთა მისთა, რიცხჳთ ორმეოცდაათთა სულთა, ჴელსა შინა წმიდისა ნინოჲსსა, და იყოფოდეს მონასტერსა შინა თჳსსა და მათ თანა წმიდაჲ ნინო ორ წელ.

მათ დღეთა შინა წარავლინა კეისარმან ძიებად ქალისა ქმნულკეთილისა და შუენიერისა, რაჲთამცა უპოვეს ღირსი ცოლად მისა. და ვითარ მოიწინეს მეძიებელნი იგი მონასტერსა ქალწულთასა, და იხილეს და განიცადეს რიფსიმე, და ცნეს მეფეთა ნათესავობაჲ მისი, რომლისა ფრიად სთნდა შუენიერებაჲ მისი, რომლისა ვერასადა ეხილვა მსგავსი ხილვითა და შუენიერებითა, და გამოსახეს სახე შუენიერებისა და ხატისა მისისაჲ ფიცარსა ზედა, და წარგზავნეს წინაშე კეისრისა, რომელი იხილა კეისარმან, ფრიად სთნდა და სიხარულითა აღივსო და განაწესა აღსრულებაჲ ქორწილისაჲ მრავლითა სიხარულითა, რომლისათჳსცა მსწრაფლ წარავლინნა მოციქულნი და გამგებელნი ყოველთა შინა საბრძანებელთა მისთა, რაჲთა ყოველნი დიდითა სიხარულითა მოვიდენ ბრძანებითა ამას ქორწილსა სამეუფოსა.

ხოლო იხილეს რაჲ ყოვლად წმიდათა მათ დაფარული იგი მანქანებაჲ მტერისაჲ და ისარნი მისნი განჴურვებულნი, რომლითა-იგი ისწრაფდა სისრად წმიდათა ქრისტესთა, იურვოდეს, რამეთუ ჭური რისხვისაჲ იპოვა მეფე. ვითარცა გუელი, სამოთხესა შინა მსახრვალ ექმნა, ეგრეთვე აქა მსგავსად მისა უსჯულოჲ ესე, რომელსა აქუნდა შეგინებული თაყუანისცემაჲ ბილწთა და შეგინებულთა კერპთაჲ.

ხოლო იხილეს რაჲ ნეტარმან რიფსიმე და გაიანე და სხუათა მათ წმიდათა დედათა განსაცდელი ესე მათ ზედა მოწევნულად, მაშინ მოიჴსენეს მათ უბიწოჲ იგი აღთქუმაჲ და ღირსი ქებისაჲ მარტოებით ცხორებაჲ, რომელსა-იგი იყვნეს განსწავლულ, და გოდებით ტიროდეს შესწავებისა მისთჳს წინაშე მეფისა უსჯულოჲსა შუენიერებასა წმიდისა რიფსიმესსა, რომელი-იგი გამოხატვით წარგზავნეს, და მისცნეს თავნი თჳსნი ფიცხელისა მოღუაწებისა კანონსა ლოცვითა და ვედრებითა ღმრთისაჲთა, დაუცადებელითა და მჴურვალითა. და ერთობით განზრახვითა ურთიერთას ყოველთავე დაუტევეს ქუეყანაჲ იგი ფარულად ორმეოცდაათცამეტმან სულმან, და მოიწივნეს ლტოლვილნი არეთა და სანახებთა სომხითისათა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ახალქალაქი, უაღრეს შენებულსა, რომელ არს დვინი, საყოფელი სომეხთა მეფისაჲ. და შევიდეს მუნ ტალავართა მათ შინა საწნეხელთასა, რომელნი-იგი იყვნეს შენებულ ჩრდილოჲთ კერძო და აღმოსავალით, და იზარდებოდეს მუნ შინა ჴელითსაქმრისა თჳსისა განვაჭრებითა.

ხოლო იხილა რაჲ კეისარმან, რამეთუ განერნეს ჴელთაგან მისთა და ტრფიალებისაგან მისისა ბოროტისა წმიდაჲ რიფსიმე და სხუანი იგი მისთანანი, აღივსო უნუგეშინისცემოჲთა მწუხარებითა, და წარავლინნა კაცნი ყოველთა ადგილთა მოძიებად მათდა.

მაშინ მოიწივნეს მოციქულნი კეისრისანი წინაშე თრდატ სომეხთა მეფისა და მოართუეს წიგნი კეისრისაჲ, რომელსა წერილ იყო ესრეთ: „თჳთმპყრობელი კეისარი საყუარელსა ძმასა და მეგობარსა და თანამოსაყდრესა ჩემსა, თრდატს, გიკითხავ! უწყებულ იყავნ ძმობაჲ შენი და თანაშემწეობაჲ, რომლისათჳს-იგი პირველად გუევნების შეცთომილისა მის ქრისტიანეთა ნათესავისაგან, რამეთუ ყოვლადვე შეურაცხ იქმნების ჩუენი უფლებაჲ მათისაგან კრებულისა, და საწუნელ არს ჩუენი ჴელმწიფებაჲ მათგან, რამეთუ იგინი ჯუარცუმულსა ვისმე და მომკუდარსა ჰმსახურებენ, და ძელსა თაყუანის-სცემენ, და თავისა მათისა სიკუდილსა უფლისა მათისათჳს დიდებად შეჰრაცხენ, და არა ეშინის ჰურიათაგან, და მოკლულისა მისგან ჰურიათაჲსა და ჯუარცუმულისა ეშინის, და შეცთომილ არიან, მეფეთა აგინებენ, ღმერთთა შეურაცხ-ჰყოფენ, და ძალსაცა მზისა და მთოვარისასა და ვარსკულავთა ნათელსა არად შეჰრაცხენ, არამედ შექმნულად იტყჳან მათ ჯუარცუმულისა მის მიერ. და ესრეთ მიაქციეს ქუეყანაჲ, ვიდრემდის მამანი დედათაგან და დედანი მამათაგან ცოცხლივ განაშორნეს, და დაღაცათუ დიდითა ქადებითა და ფრიადითა სატანჯველითა მოვსწყჳდნეთ, არამედ კულადცა უფროჲსად განმრავლდეს.

ხოლო აწ შემემთხჳა ხილვაჲ ნათესავისა მათისაგანისაჲ, ქალისა ერთისა ჭაბუკისაჲ, და განვიზრახე მოყვანებაჲ მისი ცოლად ჩემდა, ხოლო მას არცა ღათუ, ვითარცა მეფისა, ეთქუა გულმან მისმან სურვილად ჩემდა, არამედ საძულელად და არაწმიდად შემრაცხეს მე, რომელნიცა მეოტ იქმნნეს ფარულად ჩემგან და კერძოთა ქუეყანისა შენისათა წარმოსრულ არიან. უწყებულ იყავნ შენდა, ძმაო ჩემო, მოიძიენ იგინი, და ჰპოვნე რაჲ მისთანანი იგი, სიკუდილითა მოაკუდინენ, ხოლო, რომელი-იგი მათ შეაცთუნეს, შუენიერი ხატითა, და სახელით რიფსიმე, ჩემდავე წარმოავლინე, და უკუეთუ შენ გთნდეს იგი, თავისა შენისათჳს იგულე, რამეთუ არა იპოვა სხუაჲ მსგავსი მისი იონთა სოფელსა შინა; და ცოცხლებითმცა იყოფვი შენ მსახურებასა შინა ღმერთთასა“.

ხოლო აღმოიკითხა რაჲ თრდატ ბრძანებაჲ ესე კეისრისაჲ, მყის იწყო მოსწრაფებით ძიებაჲ მათი, და პოვნა რაჲ საწნეხელთა მათ შინა პირველჴსენებულთა, და იხილა რიფსიმე, აღივსო ტრფიალებითა გულისთქუმისაჲთა და სიხარულითა დიდითა და დაამტკიცა მიყვანებაჲ მისი ცოლად მისდა. ხოლო ურჩ ექმნა რაჲ თრდატს საქმისა ამისთჳს წმიდაჲ რიფსიმე, მაშინ იწამა იგი მის მიერ წამებისა ღუაწლითა, და მის თანა გაიანეცა, დედამძუძე იგი მისი, და სხუანი მრავალნი მათთანანი, ვითარცა-იგი წერილ არს წიგნსა მას წამებისა მათისასა, და გუეუწყებიან სასწაულნი იგი, რომელნი იქმნნეს ჟამსა წამებისა მათისასა, მოქცევასა შინა სომეხთასა, რამეთუ თრდატ მეფე განგებითა ღმრთისაჲთა ეშუად შეიცვალა.

ხოლო რომელნიმე მათგანნი დაიმალნეს, და ივლტოდეს, რომელთა თანავე მაშინ ღირსი ნინო დამალულ იქმნა ეკალთა შორის ვარდისათა, რომელი-იგი ჯერეთ არღარა გამომღებელ ქმნილ იყო ყუავილისა.

და ესრეთ დამალულ რაჲ იქმნა წმიდაჲ ნინო, იხილა მუნით გამო სახითა მთავარდიაკონისაჲთა შთამომავალი ზეცით ნათლისა ოლარითა მოსილი და მპყრობელი სასაკუმეველისაჲ ჴელთა მისთა, რომლისა კუამლისა სახე და სულნელებაჲ დაჰფარვიდა ცათა. და კუალად იყო მის თანა სიმრავლე ერთა ზეცისათაჲ, რამეთუ მას ჟამსა განეყოფვოდეს ჴორცთაგან სულნი წმიდათა მათ მოწამეთანი, რომელნი-იგი შეერთნეს ბრწყინვალეთა მათ ზეცისა ძალთა, და ესრეთ ცად მიმართ აღიწეოდა, რომელი-ესე იხილა რაჲ ესრეთ წმიდამან ნინო, ღაღად-ყო: „უფალო, უფალო, რად დამიტეობ მე შორის ასპიტთა და იქედნეთა?“ მაშინ ჴმაჲ ესმა ზეგარდმო, რომელი ეტყოდა, ვითარმედ: „ესრეთვე იყოს შენიცა წარყვანებაჲ სასუფეველად წინაშე ღმრთისა ჟამსა, ოდეს-ეგე ეკალი, რომელ არს გარემოჲს შენსა, ყოველივე იქმნეს ვარდისფურცელი სულნელი, არამედ აღდეგ და ვიდოდე ჩრდილოჲთ კერძო, სადა-იგი ფრიად არს სამკალი, ხოლო მუშაკი - ყოვლად არა“.

ამისა შემდგომად წარმოვიდა მუნით წმიდაჲ ნინო და მოვიდა ორბანთად, საზღვართავე სომხითისათა. და თუესა მეოთხესა მარტითგან, რომელ არს ივნისი, წარმოემართა და მოიწია მთათა ჯავახეთისათა, სადა-იგი მიემთხჳა ტბასა დიდსა გარდამომდინარესა, რომელსა ეწოდების ფარავნაჲ. ხოლო მიხედნა რაჲ მუნით და იხილნა მთანი ჩრდილოჲსანი დღეთა მათ ზაფხულისათა სავსენი თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა, შეძრწუნდა წმიდაჲ ნინო და თქუა: „უფალო, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან“. და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა მონადირეთაჲსა. და მწყემსნიცა იყვნეს ადგილსა მასვე და ჴუმილვიდეს რაჲ საჴუმილავსა ღამისასა სამწყსოსა ზედა მათსა, ხადოდეს იგინი შემწედ და მფარველად მათ და ღმერთთა მათთა: არმაზს და ზადენს, და აღუთქუმიდეს მათ შესაწირავსა, ოდეს მოვიდეთ წინაშე თქუენსა მშჳდობითო. და ამას იტყოდეს იგინი ენითა სომხურითა, რომელი-ესე ესწავლა მცირედ რაჲმე ნინოსცა პირველვე მიაფორისა მისგან. და ჰკითხა ერთსა მწყემსთა მათგანსა და ჰრქუა ენითა სომხურითა, ვითარმედ: „რომლისა სოფლისანი ხართ“? ხოლო მან მიუგო და ჰრქუა, ვითარმედ: „ვართ ჩუენ დაბით ელარბინით და საფურცლით, და ქინძარელნი და რაბატელნი, და დიდისა ქალაქისა მცხეთისანი“. და ჰკითხა: „სადაჲთ არს მცხეთა“? ხოლო მან მიუგო, ვითარმედ: „გარდამდინარე ესე ტბისაჲ თანა-წარვალს ქალაქსა მას მცხეთასა“.

ხოლო წმიდასა ნინოს შეუძნდა სიგრძე გზისაჲ მის და სიბრტყე მთათაჲ მათ, რომელი იხილა, და ამისთჳს შეძრწუნებულმან სულთ-ითქუნა, დაიდვა ლოდი ერთი სასთუნალ და ესრეთ მიიძინა გარდასადინელსა მას ტბისასა. და ვითარ ეძინა, მოვიდა კაცი ერთი ჩუენებით, ჰასაკითა ზომიერი, ხოლო თმითა ნახევართმოსანი, და მისცა მან წიგნი დაბეჭდული წმიდასა ნინოს და ჰრქუა: „მიართუეს ესე მსწრაფლ ქალაქსა შინა მცხეთას მეფესა მას წარმართთასა“. ხოლო წმიდამან ნინო იწყო ტირილად და ჰრქუა მას ვედრებითა, ვითარმედ: „მე, უფალო, დედაკაცი ვარ უცხოჲ და უმეცარი, არღა მრავლისა მეტყუელად მეცნიერ, ვითარ მივიდე უცხოსა ქუეყანასა და კაცთა მათ უცხოთესლთა“?

მაშინ კაცმან განუჴსნა წიგნი იგი, რომელსა ზედა იყო ბეჭედი იესუ ქრისტესი, და წერილ იყვნეს მას შინა ათნი სიტყუანი მსგავსადვე ფიცართა მათ ქვისათა მოსეს ზე, და მისცა კითხვად წმიდასა ნინოს. და იყო დასაბამი სიტყუათაჲ მათ ესე:

ა „სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე, მუნცა ითქმოდის დედაკაცი ესე“

ბ „არცა დედაკაცებაჲ არს, არცა მამაკაცებაჲ, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ“

გ „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“;

დ „ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაელისაჲ“;

ე „სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ, მუნცა იქადაგოს ყოველსა სოფელსა“;

ვ „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“;

ზ „რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა მისსა სიბრძნესა ჭეშმარიტსა“;

ჱ „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად“;

თ „ჰრქუა მარიამს მაგდანელსა იესუ: „წარვედ, დედაკაცო, და უთხარ ძმათა ჩემთა“;

ი „სადაცა ჰქადაგებდეთ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“.

ვითარცა წარიკითხნა სიტყუანი ესე წმიდამან ნინო, იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ და გულისჴმა-ყო, ვითარმედ ზეცით იყო ჩუენებაჲ ესე, და აღიხილნა თუალნი ზეცად, და ითხოვა მაღალთა შინა დამკჳდრებულისა და ყოვლისა გარეშემცველისა ღმრთისაგან შეწევნაჲ მისი. და წარემართა და მიჰყვა წიაღ კერძო მდინარისა მის, ტბისაგან გარდამომდინარისა, რომელი-იგი წარმდინარეობს დასავალით, მერმე კუალად იწყებს აღმოსავალით დინებასა, სადა-იგი შეემთხჳა სიძნელესა გზათაჲ და სიფიცხლე. შეეშინა მჴეცთაგან და ნახნა ფრიადნი ჭირნი ვიდრე მიწევნადმდე ადგილსა მას, რომელსა იწყებს წყალი იგი აღმოსავალით დინებასა.

და მიერითგან იქმნა ლხინებაჲ მის თანა, რამეთუ პოვნა მუნ მოგზაურნი, რომელთა თანა მიიწია სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა მას, რომელსა ეწოდების ურბნისი, სადა-იგი იხილა ერი უცხოჲ და უცხოთა ღმერთთა მსახური, რამეთუ თაყუანის-სცემდეს იგინი ღმერთად მათდა ცეცხლსა, ქვათა და ძელთა, რომლისათჳსცა შეეურვა სულსა მის წმიდისასა. და შევიდა ბაგინსა ჰურიათასა, რაჲთამცა ზრახვიდა მათ თანა ენითა ებრაულითა, რომელსა-იგიცა მეცნიერ იყო, და დაყვნა მუნ თჳსა ერთისა დღენი, და განიცდიდა საქმესა და ძალსა მის ქუეყანისასა.

ხოლო აღიძრნეს დღესა შინა ერთსა ერნი დიდნი სიმრავლითა, მით ქალაქით წარმავალნი დიდად ქალაქად სამეუფოდ, მცხეთად, მოვაჭრებად საჴმართა რათმე და ზორვად წინაშე არმაზ ღმრთისა მათისა.

და წარჰყვა წმიდაჲ ნინო მათ თანავე. ხოლო ვითარ-იგი მიიწინეს ქალაქსა მცხეთას და დაისადგურეს მათ წიაღ მოგუთასა, ჴიდსა მას ზედა, იხილა მუნ მოგუებაჲ ცეცხლისმსახურთა მათ ერთაჲ და საცთური წმიდამან ნინო, და ტიროდა წარწყმედასა მას ზედა მათსა და ეგლოვდა უცხოებასა თჳსსა.

და, აჰა ესერა, ხვალისა დღე იყო ჴმაჲ ოხრისა და საყჳრისაჲ, და ზარი საშინელი და გამოსლვაჲ ერისა ურიცხჳსაჲ, ვითარცა ყუავილთაჲ, უწინარეს ვიდრე შეძრვასა და გამოსლვასა მას მეფისასა.

და ვითარ-იგი მოიწია ჟამი, იყო სივლტოლაჲ და მიმოდაბნევაჲ ყოვლისა კაცისაჲ, და შიშისაგან შეივლტოდეს და დაიმალვოდეს საფარველსა შინა თჳსსა. და, აჰა, მყის გამოვიდა ნანა დედოფალი, და შემდგომად მისა გამოვიდა სიმრავლე ერისაჲ ნელიად, და შეამკვნეს ყოველნი გზანი იგი და ფოლოცნი სამოსელთა მიერ თჳთოფერთა და ფურცელთაგან ხეთაჲსა. და მერმეღა გამოვიდა მეფე მირიან საზარელითა მით და თუალთშეუდგამითა ხილვითა. და ჰკითხა წმიდამან ნინო დედაკაცსა ვისმე ჰურიასა, ვითარმედ: „რაჲ არს ესე?“ ხოლო მან ჰრქუა: „ღმერთი ღმერთთა მათთაჲ არმაზ უწესს მათ წინაშე მისა აღსლვად, რომლისა მსგავსი არა არს სხუაჲ კერპი“.

და ეუწყა რაჲ წმიდასა ნინოს, აღვიდა ხილვად კერპისა მის არმაზისა ერისა მის თანა, რომლითა აღივსნეს მთანი იგი და განშუენდეს დროშათა მიერ და სამკაულთა, ვითარცა ყუავილნი ველისანი. და შეუსწრო წმიდამან ნინო ციხედ არმაზად, დადგა იგი მახლობელად კერპისა მის ნაპრალსა ზღუდისასა, და ხედვიდა საკჳრველებასა მიუწუდომელსა და ენითა გამოუთქუმელსა, ვითარ-იგი იყო შიში და ძრწოლაჲ ზარის აღსაჴდელი მეფეთა მათ და ყოვლისა ერისაჲ წინაშე კერპთა მათ წარდგომილთაჲ. რამეთუ იხილა მუნ წმიდამან ნინო მდგომარე კაცი ერთი სპილენძისაჲ, რომელსა ეცუა ტანსა მისსა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ და თავსა მისსა ჩაფხუტი ოქროჲსაჲ, სამჴრენი და თუალნი მისნი იყვნეს ზურმუხტისა და ბივრიტისანი. და ეპყრა ჴრმალი

ჴელსა მისსა ელვარე და ბრწყინვალე, რომელი-იგი იქცეოდა ჴელსა შინა მისსა, და შიშითა მისისა მიმთხუევისა და სიკუდილისა მისმიერისა არავინ განუკრძალველად შეემთხუეოდის კერპსა მას, არამედ ესრეთ განიკითხის თავი თჳსი და თქჳს: „ჵ ჩემდა, უკუეთუ და-სამე-ვაკლდი დიდებასა დიდისა ამის ღმრთისა არმაზისსა, ანუ შე-სამე-ვსცეთ სიტყუად ებრაელთა თანა, გინა მოგუთა თანა სმენასა ოდენ დამთხუეულ ვიყო, მზისა მსახურთასა, და მათსა, რომელნი-იგი იტყჳან უმეცრებით დიდსა ვისმე ღმერთსა და ძესა ღმრთისა ზეცათაჲსა. და იპოოს რაჲმე ჩემ შორის ესევითარი ბიწი, და მცეს მე მახჳლი მისი, რომლისაგან ეშინის ყოველსა ქუეყანასა“. და ესრეთ, წინაჲსწარვე განკითხვითა თავთა თჳსთაჲთა, შიშით და ძრწოლით თაყუანის-სციან მას.

და კუალად იყო მარჯუენით მისა სხუაჲ კერპი ოქროჲსაჲ, სახითა კაცისაჲთა მდგომარე, და სახელი მისი გაცი, და მარცხენით მისა უდგა კაცი ვეცხლისაჲ, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი ღმრთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა.

მაშინ, ვითარცა ესე იხილა ნეტარმან ნინო, იწყო სულთთქუმით და ცრემლით ტირილად ღმრთისა მიმართ ცთომათა მათთჳს ქუეყანისა ჩრდილოჲსათა და მიფარვისა მისთჳს მათგან ნათელისა და უფლებისა მათ ზედა ბნელისა, რამეთუ მიხედნა მეფეთა მათ დიდძალთა და ყოველთა მთავართა, რომელნი-იგი ცოცხლივ შთაენთქნეს ჯოჯოხეთსა, დაეტევა დამბადებელი, და ქვათა და ძელთა, სპილენძისა და რვალისა განჭედილსა, ღმერთად თაყუანის-სცემდეს, შემოქმედად იგინი უწყოდეს ყოვლისა. და მოეჴსენა წმიდასა ნინოს მაშინ სიტყუაჲ იგი, რომელი ამცნო დედისძმამან მისმან იობენალ, პატრიაქმან ღმრთისამან წმიდამან, ესრეთ, ვითარმედ: „ვითარცა მამაკაცსა სრულსა წარგავლინებ, და მიწევნად ხარ ქუეყანასა უცხოსა და ნათესავთა დგეველ, ზეფელ, ნარკადოველ, რომელ არს ბრანჯულად: „კაცთა ღმრთისმბრძოლთა და მჴდომელთაო“.

და აღიხილნა ზეცად მიმართ და თქუა: „უფალო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს მტერნი შენნი, და მრავლითა სულგრძელებითა შენითა იქმან გონებად მოსრულსა მათსა ყოველსა მტუერებრ და ნაცრებრ განქარვებადნი ესე ქუეყანასა ზედა, არამედ ნუ უგულებელს-ჰყოფ, რომელი შექმნეს ჴელთა შენთა კაცი ხატად შენდა, და რომლისათჳს ერთი სამებისაგანი განჰკაცენ, და აცხოვნე ყოველი სოფელი, და მოხედენ წყალობით ამათცა ზედა ნათესავთა, და შეჰრისხენ სულთა მათ ბოროტთა და უჩინოთა, სოფლისა მპყრობელთა, მთავართა ბნელისათა, და შთაჴდენ ადგილთა ძნელთა. და მიჩუენე მე, უფალო, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მჴევალსა ამას შენსა და ნაშობსა მონათა შენთასა, და რომელ იხილონ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ შენი, და რაჲთა ჩრდილოჲ ბღუარსა თანა იხარებდეს, და ყოველმან ენამან მხოლოსა ღმერთსა თაყუანის-გცენ ქრისტეს იესუჲს მიერ, ძისა შენისა, რომელსა შუენის მადლობაჲ და დიდების მიცემაჲ უკუნისამდე“. და ვითარცა დაასრულა ლოცვაჲ ესე წმიდამან ნინო, მყის წამისყოფითა საღმრთოჲთა აღდგეს დასავალით ქარნი და ჰაერნი ღრუბელთა თანა ხილვითა საშინელითა და ჴმითა ზარისა აღსაჴდელისა ქუხილისაჲთა, და მოჰბერა ნიავმან მზისა დასავალისამან სული ჯერკუალი სიმწარისა და სიმყრალისაჲ, რომელი-ესე იხილა სიმრავლემან ერისამან მათ ზედა მომავალად. მაშინ იწყეს მსწრაფლ სრბით შევლტოლად ქალაქთა და სოფელთა თჳსთა. და რამეთუ მცირედ დრო-სცა ღმერთმან ვიდრე განრინებადმდე თავთა მათთა და ყოფად ამისა, რაჲთამცა შეესწრნეს იგინი მომსრველსა მას საყოფელთა შინა თჳსთა.

და ვითარ განიბნივნეს იგი ყოველნი, მეყსეულად მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი, მწარედ სასტიკი, და მოიღო სეტყუაჲ, სწორი ქვისაჲ, ორთა მიერ ჴელთა მძლედ ძლივ სატყორცებელი, ადგილსა მას ზედა ოდენ, საყოფელსა კერპთასა, და შემუსრვით დააწულილნა იგინი, და დაირღჳვნეს ზღუდენი იგი ქარისა მიერ სასტიკისა და შთაიბნივნეს იგინი კლდეთა ნაპრალთა მათ შინა, ხოლო წმიდაჲ ნინო ეგო უვნებელად დაცული ადგილსავე მას, სადა-იგი პირველ შესრულ და მდგომარე იყო.

ხოლო დღესა მეორესა გამოვიდა მირიან მეფე და ყოველი იგი ერი ძიებად ღმერთთა მათთა და არა ჰპოვებდეს, რომლისათჳს-იგი დაეცა მათ შიში და ძრწოლაჲ, და განკჳრვებამან შეიპყრნა, და უმრავლესნი იგი ერნი იტყოდეს, გულფიცხელნი და მოუდრეკელნი, ესრეთ, ვითარმედ: „ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე ურთიერთას მტერ არიან, რამეთუ ამან ოდესმე მათ ზედა ზღუაჲ მოაქცია, და აწ მან შური იძია და მოაწია ესე ამას ზედა“. ხოლო რომელნიმე ესრეთ იტყოდეს, ვითარმედ: „რომლისა ღმრთისა ძალითა თრდატ, სომეხთა მეფე, ეშუად შეიცვალა, და კუალად ეშჳსაგან კაცადვე მოაქცია, მან უკუე ღმერთმან ყო და მოიწია ესე რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა“.

და ამას ესევითარსა იტყოდეს ამისთჳს მაშინ, რამეთუ ვინაჲთგან მეფე თრდატ ქრისტეს ძალითა ეშუად გარდაქცეულ იყო, და ძალითავე ქრისტესითა კუალად კაცადვე შეცვალებულ იყო, მიერითგან ქებაჲ და დიდებაჲ ქრისტესი არღარა ფარულად ითქუმოდა ქართლსა შინა, რამეთუ მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს.

ხოლო მასვე დღესა რისხვისა და კერპთა შემუსრვისასა, დასცხრა რაჲ სეტყუაჲ იგი და ქარი სასტიკი, მაშინ გამოვიდა წმიდაჲ ნინო კლდისა მისგან ნაპრალისა, და პოვა თუალი იგი ბივრიტი, აღიღო და წარმოვიდა წინაკერძო დასასრულსა მას კლდის ცხჳრისასა, სადა-იგი ყოფილ იყო ძუელადვე ციხე და ქალაქი. და იხილა მუნ მდგომარედ ხენი ექუსნი, რომელთა ბრინჯ უწოდიან, მაღალნი, შუენიერნი და რტომრავალნი, რომელთაცა-იგი საგრილსა ქუეშე გამოსახა სასწაული ქრისტეს ჯუარისაჲ, და აღასრულნა მუნ დღენი ექუსნი მადლობით და ვედრებით ღმრთისა მიმართ წყალობით მოხედვისათჳს და ჴსნისა ერისა მის, ეშმაკთა შეცთომილისა.

ხოლო ოდეს იქმნა კერპთა შემუსრვაჲ, იყო თუე მარტითგან მეექუსე, აგჳსტოსი, და დღე მეექუსე, რომელსა შინა ფერი იცვალა ქრისტემან წინაშე თავთა მათ წინასწარმეტყუელთა და მოწაფეთა თჳსთასა.

და ვითარ-იგი ვთქუ, იყოფებოდა რაჲ წმიდაჲ ნინო საფარველსა მას ქუეშე ხეთასა, მაშინ მოვიდა მისდა სეფექალი ერთი, სახელით შროშან, და იხილა მუნ წმიდაჲ ნინო ესრეთ მყოფი, განუკჳრდა და ჰკითხა მას სხჳსა მიერ ბერძულმეტყუელისა დედაკაცისა ვინაობაჲ მისი სხჳსა ყოვლისავე თანა საქმისა მისისა, რომელი-იგი ეუწყა რაჲ ყოველივე ნინოს თჳნიერ ხოლო უწყებისა მშობელთა თჳსთაჲსა, დაიჩემა ტყუეობაჲ თავისა თჳსისაჲ.

მაშინ შროშან, თანალმობილი და მოწყალექმნილი უცხოებისათჳს მისისა, ცრემლითა აიძულებდა წმიდასა ნინოს წარსლვად მის თანა სახიდ სამეუფოდ, რომელი-ესე არა ინება წმიდამან ნინო, არამედ განეშორა. და წარვიდა მისგან შროშან.

შემდგომად სამთა დღეთა აღდგა მუნით, განვლო მტკუარი და მიიწია სამოთხესა მას მეფისასა, სადა-იგი აწ არს სუეტი იგი ღმრთივაღმართებული და ეკლესიაჲ საკათალიკოზოჲ, და იხილა მუნ სახლი მცირე სამოთხისა მის მცველისაჲ, და შე-რაჲ-ვიდა მას შინა, იხილა და მოეგება დედაკაცი, ცოლი სამოთხისა მცველისაჲ მის, სახელით ანასტოს, და მოწლედ ამბორისყოფითა შეიტკბო, ვითარცა მრავალჟამითგან მეცნიერმან და მეგობარმან, და დაჰბანნა ფერჴნი და განუსუენა ცხებითა ზეთისაჲთა და დაუგო პური და ღჳნოჲ, და დაყვნა მის თანა წმიდამან ნინო დღენი და ჟამნი ცხრათა თუეთანი.

ხოლო იყვნეს ესე ანასტოს და ქმარი მისი უშვილო, რომლისათჳს ფრიად მწუხარე იყვნეს იგინი. მაშინ იხილა წმიდამან ნინო ჩუენებასა შინა ძილისასა კაცი ნათლითშემოსილი, რომელი ეტყოდა, ვითარმედ: „შევედ სამოთხესა მაგას, და ჰპოვო ქუეშე კერძო ნაძუთასა მცირე ბაბილოჲ, შემზადებული გამომღებელად ყუავილთა სულნელთა, და აღიღე მიწაჲ ადგილისა მისგან და ეც ჭამად მეუღლეთა მაგათ, და ესუას შვილი“. ხოლო წმიდამან ნინო ულოცა და სცა ჭამადი ცოლ-ქმართა მათ ჩუენებით უწყებისა მისებრ, და შვნეს მათ ძე და ასულები მრავალ, რომლისათჳსცა ჰრწმენა მათ ქრისტე ნინოჲს მიერ, და დაემოწაფნეს მას ფარულად.

ხოლო წმიდამან ნინო შემდგომად ცხრათა მათ თუეთასა, რომელნი დაეყვნეს სამოთხისა მცველთა მათ თანა, პოვა გარეგნით ზღუდეთა მათ ქალაქისათა სახედ ტალავარისა მცირისა მაყუალთა მიერ შემზადებული განგებითა ღმრთისაჲთა ადგილსა მას, სადა-იგი აწ არს საკურთხეველი ზემოჲსა ეკლესიისა სამთავარებისკოპოსოჲსა, და ყო იგი საყოფელად და განსასუენებელად თჳსად, და აღმართა მუნ შინა ჯუარი, თჳთ მის მიერ შემზადებული ნასხლევთაგან ვაზთაჲსა, რომლისა წინაშე განათევნ იგი ღამეთა მარადის მღჳძარებითა, და ეგრეთვე შეაღამებნ დღეთა დაუცხრომელად ლოცვითა, მარხვითა და ვედრებითა ღმრთისაჲთა. და განკჳრვებულნი სიმრავლესა ზედა ამას ღუაწლთა მისთასა ჰმსახურებდეს მას მეუღლენი იგი, მცველნი სამოთხისა მის მეფისანი.

და ესრეთ მუნ მყოფი იგი წმიდაჲ ნინო მრავალგზის მივალნ უბანსა მას ჰურიათასა ენისათჳს ებრაულისა და გამოძიებისათჳს კუართისა მის უფლისა, რომლისათჳს-იგი ესმინა იერუსალემს მიაფორისა მისგან, ვითარმედ წარუღია იგი მცხეთელთა მათ ჰურიათა, რაჲთამცა ყოვლით კერძოვე ცნა და ეუწყა მას კუართისა მის ვითარებაჲ.

მაშინ პოვა მან ჰურიაჲ ერთი, სახელით აბიათარ მღდელი, და ასული მისი, სიდონია, და უქადაგა მათ სახარებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელთაცა-იგი ჰრწმენა და დაემოწაფნეს მას, და მათ თანა სხუანიცა დედანი დაემოწაფნეს ჰურიანი, რიცხჳთ ექუსნი, სწავლასა მას წმიდისა ნინოჲსსა თჳნიერ ნათლისღებისა, რამეთუ არა იყო მას ჟამსა მღდელი, რაჲთამცა ნათელ-სცა მათ, და იყვნეს იგინი ფარულად მოწაფე მისი.

და აღასრულებდა ღმერთი ჴელითა წმიდისა ნინოჲსითა საკჳრველებათა და კურნებათა მრავალთა, რამეთუ რეცა თუ მიზეზითა წამალთა ჴმარებისაჲთა მრავალნი განუკურნებელთა სენთაგან შეპყრობილნი განათავისუფლნა უძლურებათაგან მათთა.

და ესრეთ იქცეოდა რაჲ ქალაქსა მას შინა მცხეთასა წმიდაჲ ნინო ჟამთა სამისა წლისათა, მათ დღეთა შინა იქმნა შესლვაჲ მირიანისი და ძმისწულისა მისისა, სპარსთა მეფისაჲ, საბერძნეთად, რომელნი-ესე კოსტანტინე, მეფემან ბერძენთამან, იოტნა ძალითა ქრისტესითა და ჯუარისა მისისა წინამძღურობითა ყოვლით სპითურთ მათით.


თქმული აბიათარ მღდელისაჲ, რომელი დაემოწაფა წმიდასა და ნეტარსა ნინოს

მე, აბითარ მღდელი, ვიყავ წილით ხუედრებული მის წელიწადისაჲ, ოდეს წმიდაჲ ესე და ნეტარი ნინო მოიწია მცხეთად, და მასვე უკუე ჟამსა მოწევნულ იქმნა ჩემდა წიგნი ანტიოქიით ჰურიათაგან მღდელთა, რომელსა შინა წერილ იყო ესრეთ, ვითარმედ: „განხეთქა ღმერთმან სამ ნაწილად მეფობაჲ ისრაელისაჲ, რამეთუ, აჰა ესერა, წინაჲსწარმეტყუელნი ჩუენნი დასცხრეს, და რომელსა სული ღმრთისაჲ აწუევდა მათ, და თქუეს: „აღესრულა ყოველივე და განვიბნივენით ჩუენ ყოველსა ქუეყანასა, და ჰრომთა დაიპყრეს ქუეყანაჲ ჩუენი, ვტიროდით ჩუენ ერითურთ დღეს, რამეთუ განვარისხეთ შემოქმედი ღმერთი. აწ განიხილენღა შენ წიგნნი იგი მოსესნი და სიტყუაჲ იგი, რომელი მან დამიწერა ესრეთ, ვითარმედ: „რომელი იტყოდის თავსა თჳსსა ქუეყანასა ზედა ძედ ღმრთისა, მოკუედინ!“ ანუ შე-უკუე-ვსცეთით ნაზარეველისა მის იესუს სიკუდილსა, რამეთუ ვხედავთ, ოდეს პირველ მამათა ჩუენთა შესცოდიან რაჲ ღმერთსა და ყოვლად დაივიწყიან იგი, მაშინ მისცნის იგინი ჴელმწიფებასა ქუეშე ძნელსა და ტყუეობასა ბოროტსა, ხოლო მოიქციან რაჲ, და ღაღად-ყვიან ღმრთისა მიმართ, მსწრაფლ განარინნის იგინი ჭირისა მისგან. ესე, ესრეთ ყოფადი და აღსრულებადი, შჳდგზის უწყი წერილისაგან. ხოლო აწ ვინაჲთგან ჴელნი შეასხნეს მამათა მათ ჩუენთა ძესა მას მწირისა დედაკაცისასა, და მოკლეს იგი, აღიღო ღმერთმან ჴელი მისი ჩუენ ზედა და განხეთქა მეფობაჲ ჩუენი და განგუაშორნა ტაძარსა თჳსსა და უგულებელს-ყო ნათესავი ჩუენი სრულიად. და არს მით ჟამითგან სამასი წელი და უმეტესცა, რომელ არა ისმინა ვედრებაჲ ჩუენი, და არცაღა ყო ლხინებაჲ ჩუენი, რომლისთჳს საგონებელ გჳჩნს ჩუენ, ვითარმედ: „ნუუკუე და ზეცით იყო კაცი იგი“. და განამრავლეს მათ ესევითარისა პირისათჳს მოწერად ჩუენდა.

ხოლო მე ვითარცა მესმა ესე, ვიწყე კითხვად დედაკაცისა მის ნინოჲსგან ქრისტესთჳს, თუ ვინ იყო იგი, ანუ რომლისა მიზეზისათჳს იქმნა კაცად ძე ღმრთისაჲ. მაშინ აღაღო პირი თჳსი წმიდამან ნინო, ვითარცა ჯურღმულმან აღმომდინარემან, და იწყო სიტყუად დასაბამითგან წიგნთა ჩუენთა ზეპირით წარმოთქუმად და განმარტებად ძალსა მათსა, რომლითა-იგი, ვითარცა მძინარესა, განმაღჳძებდა მე, და ვითარცა დასულებულსა განმანათლებელად აღმოჩნდა, საწყალობლად მამათა ჩუენთა დამარწმუნებდა ცვალებასა სჯულისასა, ვიდრემდის მრწმენა მე სიტყჳთა მისითა იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, ვნებულად და აღდგომილად და კუალად მომავალად დიდებით, და ვითარმედ ჭეშმარიტად იგი არს მოლოდებაჲ წარმართთაჲ, და ღირს ვიქმნენით მე და შვილი ესე ჩემი, სიდონია, მოღებად საპკურებელსა მას და განსაწმედელსა ცოდვათაგან წყალსა ემბაზისასა, რომელსა ინატრიდა წინასწარმეტყუელი დავით, და ვერ ეწიფა. და მესმა მე ჴმაჲ ახლისა სჯულისაჲ: „ეჰა საგალობელთა, რომელთა-იგი დავით ინატრიდა“. და ღირს ვიქმნენით ზიარებად ჭეშმარიტსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს, ძისა ღმრთისასა, და კრავსა, ცოდვათათჳს სოფლისათა შეწირულსა, რომლისა ტკბილ არს გემოჲსხილვაჲ მისი, და ამას ზედა სარწმუნოებ-ყავ, განსლვაჲ ჩემი ჴორცთაგან ჩემთა. კუალად სხუანიცა მრავალნი სასწაულნი ვიხილენ თუალითა ჩემითა, მცხეთას შინა ნინოჲს მიერ აღსრულებულნი.


მეორე, თქუმული მისივე, აბიათარ მღდელისაჲ, კუართისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა

მე, აბიათარ, მიგითხრობ თქუენ თხრობასა მას, რომელი მეუწყა და ყურითა ჩემითა ვისმინე დედისმამისა და მამისდედისა ჩემისაგან, და რომელი წიგნთაგანცა უწყი. რამეთუ მათცა პაპათა და მშობელთაგან თჳსთა მოთხრობით და სმენით უწყოდეს ესრეთ, ვითარმედ: ოდეს-იგი ჰეროდე მეფობდა იერუსალემს, მას ჟამსა გუესმა ესრეთ, ვითარმედ: „იერუსალემი სპარსთა დაიპყრესო“, რომლისათჳს-იგი იქმნა გლოაჲ და წუხილი ჰურიათა ზედა ქართველთა, მცხეთელთა მკჳდრთა, ბოდელთა მღდელთა, კოდისწყაროელთა მწიგნობართა და სობისკანანელთა თარგმანთა, რომლისათჳსცა ესე ყოველნი აღიძრნეს წარსლვად და შეწევნად იერუსალემელთა.

ხოლო შემდგომად მცირედთა დღეთა სხუაჲ მოიწია ღაღადისი, ნუგეშინისცემისაჲ, ვითარმედ სპარსნი იგი არა დაპყრობად იერუსალემისა მოვიდესო, არამედ საჭურველთა წილ აქუნდა ოქროჲ სამეუფოჲ და მური, მსწრაფლმკურნალი წყლულებისაჲ, და გუნდრუკი სულნელი, და ეძიებდეს ყრმასა ვისმე შობილსა თესლისაგან დავითისა, რომელ რეცა პოვეს მწირი ერთი ყრმაჲ, მწირისა დედაკაცისა შობილი უჟამოდ უადგილოსა ადგილსა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ გარეგან დაბისა მდგომარეთა კაცთაჲ. და ესენი მის ყრმისა მოვიდეს, თაყუანი-სცეს მას და შეწირეს მისა ძღუენი იგი მშჳდობით“. და იქმნა სიხარული დიდი სმენითა ამის ჰამბავისაჲთა ჰურიათა ზედა ქართველთა.

ხოლო შემდგომად, ამისა გარდაჴდეს რაჲ წელნი ოცდაათნი, მაშინ მოუწერა ანნა მღდელმან იერუსალემით მამის მამისა ჩემისა ელიოზის თანა ესრეთ, ვითარმედ: „იგივე ყრმაჲ, რომლისათჳს სპარსნი მოგუნი ძღუენითა მოვიდეს, აღზრდილ არს და ჰასაკსა ზომისასა მოწევნულ არს იგი და თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა ხადის. აწ მოვედით ყოველნი, რაჲთა აღვასრულოთ მცნებაჲ მოსესი“.

და წარვიდა აქაჲთ მამის მამაჲ ჩემი, კაცი მოხუცებული, და ესუა მას დედაჲ ტომისაგან ელი მღდელისა. და ევედრებოდა ელიოზს დედაჲ მისი ესრეთ: „წარვედ, შვილო, წოდებასა მას მეუფისასა და წესსა სჯულისასა, გარნა რომელსა-იგი განიზრახვენ, ნუ შე-ვე-ერთვინ ცნობაჲ შენი, შვილო ჩემო, რამეთუ იგი არს სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ და იგავი ბრძენთაჲ და საიდუმლოჲ, დაფარული პირველთაგან, და წარმართთა ნათელი და ცხორებაჲ საუკუნოჲ“. და წარვიდა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და მუნ დახუდეს ჯუარცმასა უფლისასა.

ხოლო რაჟამს-იგი დამსჭუალეს უფალი ჯუარსა მას ზედა და პასანიგმან კუერითა მით რკინისაჲთა სცა სამსჭუალთა მათ ზედა უფლისათა იერუსალემს, მაშინ ესმა ჴმაჲ, სამსჭუალთა მათგან გამოსრული, დედასა ელიოზისსა, მყოფსა მცხეთას შინა, და მეყსეულად იკრჩხიალნა და თქუა: „მშჳდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქუენისა მაცხოვარი და მჴსნელი, და იქმნენით ამიერითგან მკლველ და მესისხლე შემოქმედისა. ვაჲ თავსა ჩემსა, რომელ არა მეუფლა ამისა უწინარეს სიკუდილი, რაჲთამცა არღარა სმენილ იყო ყურთა ჩემთა, და არცაღა შემდგომად ამისა ღირს ვიქმენ მე ხილვად ნათლისა წარმართთა ზედა და მშჳდობისა - ისრაელსა“. და მყის შეისუენა, რაჲ სრულ-ყო სიტყუაჲ ესე.

ხოლო კუართი იგი უფლისაჲ ხუდა წილითა მცხეთელთა მათ ჰურიათა, და მოიღო იგი მცხეთად ელიოზ. და მიეგება დაჲ მისი, ცრემლთა მიერ შესუარული, და მოეხჳა ყელსა ძმასა თჳსსა, ელიოზს, და მოუღო მას სამოსელი იგი იესუჲსი, შეიტკბო მკერდსა თჳსსა, და მყის სულნი წარჴდეს მასვე ჟამსა სამთა ამათ ტკივილთა სიმწარითა: ქრისტეს სიკუდილითა და დედისა თჳსისა, და ზიარებისათჳს უარისმყოფელთა ქრისტესთა ძმისა თჳსისა.

მაშინ იყო საკჳრველი დიდი და შეშფოთებაჲ მცხეთას შინა, რამეთუ განკჳრდა თჳთ მეფე ადერკი და ყოველი სიმრავლე ერისა და მთავართაჲ, და სთნდა მეფესა ადერკის სამოსელი იგი, გარნა საკჳრველებისა მისგან ზარგანჴდილ და შეშინებულ იქმნა იგი, და ვერღარა იკადრა გამოღებად ჴელთაგან მის მკუდრისათა, რომელსა იგი მაგრიად და სურვილით შემოემკრდა. და ესრეთ ჴელთავე მქონებელი სამოსელსა უფლისასა დაჰმარხა ძმამან მისმან ელიოზ და იგი თჳსი ადგილსა მას, რომელი უწყის ღმერთმან მხოლომან და არავინ სხუამან, თჳნიერ ამისა, რომელი-ესე უწყიან, ვითარმედ არს ადგილი იგი მახლობელ ნაძჳსა მის, ლიბანით წარმოღებულისა და მცხეთას დანერგულისა და აღორძინებულისა.

და ესეცა მეუწყა მამისაგან ჩემისა, ვითარმედ არს სხუაჲცა ძალითა შემოსილი მრჩობლი იგი ხალენი ელიაჲსი ამას ქალაქსა შინა და ჴელითა ჩუენითა საკურთხეველისა სიმტკიცესა ქუეშე ქვათასა უპოვნელად ვიდრე ჟამადმდე მისა.

რამეთუ მრავალგზის მაბირა წმიდამან ნინო მამისა მიერ ჩემისა, რაჲთამცა გამოვიწულილე მისგან ადგილი იგი მჴურვალედ სამოსელისაჲ მის, ხოლო მან ესე ოდენ მრქუა, ვითარმედ: „აქა არს ადგილი სამარხავი მისიო, რომელსა ზედა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ, და არს ადგილი იგი მისი, ვითარცა ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული“.

და შემდგომად წელთა მრავალთასა ძისწულის შვილმან ადერკი მეფისამან არმაზაელ ძიება ყო სამოსელისა მის ჰურიათა თანა, და ვერ უძლო პოვნად და ცნობად მისა, გარნა მასცა ესრეთ მიეთხრა, რომელთაგან გამოიკითხვიდა, ვითარცა ესერა, ზემოჲთ ითქუა, ნაძჳსა მის მახლობელად ყოფაჲ ადგილსა მას, რომელსა დამარხულ იქმნა. ხოლო დამარხულ იყავნ ესეცა, ვითარმედ სახლი ელიოზისი, რომელმან კუართი უფლისაჲ მოიღო და დამარხა მითურთ დაჲ მისი, იყო ქალაქსა დასავალით, წიაღ მოგუთასა, ჴიდსა ზედა“.

მათ დღეთა შინა იხილა წმიდამან ნინო სამგზის და ოთხგზისცა ძილსა შინა ჩუენებით, რომელ-იგი მუჴლსა თჳსსა ზედა მიყრდნობილმან მცირედ რაჲმე მიერულის, რამეთუ ჰხედვიდა იგი ესრეთ, ვითარმედ რეცა თუ მოვიდიან მფრინველნი, ფრთითა შავნი, და შთავიდიან მდინარესა მას შინა, და განიბანიან და განსპეტაკნიან, და აღვიდიან იგინი სამოთხესა მას შინა პირველჴსენებულსა ბაბილოვანსა, და მუნ შინა მოისთულებდიან ნაყოფსა მისსა, და ყუავილთა მათ იჴუმევდიან, და ესრეთ მოწლედ და სურვილით წმიდისა ნინოჲს და მივლენ, რეცა მისი არს სამოთხე იგი, და გარემოჲს მისა მოკრბიან იგინი შუენიერად ჟივილის ჴმითა.

ხოლო ესე რაჲ ესრეთ იხილა წმიდამან ნინო, აუწყა მოწაფესა თჳსსა, სიდონიას, ასულსა აბიათარისსა, რომლისათჳს-იგი მიუგო მან და ჰრქუა წმიდასა ნინოს: „უცხოო და აქა არა შობილო ტყუეო, სიტყჳსაებრ შენისა, და ჩუენ, ტყუეთა, მჴსნელო, უწყი, რამეთუ შენ ზედა მოიწია ახალი ესე ჟამი, და შენ ჟამით ისმეს ჰამბავი იგი ძუელი, მამათა ჩუენთა ნაქმარი, ზეცისა მის კაცისა უბრალოჲსა სისხლისა დათხევაჲ, რომლითა იქმნა ჰურიათა სირცხჳლი და კიდეთა ქუეყანისათა განბნევაჲ, მეფობისა დაცემაჲ და ტაძრისა მის წმიდისა მიღებაჲ მათგან, ერისა უცხოჲსა წოდებაჲ, და მიცემაჲ მათდა დიდებისა მათისა. იერუსალემ, იერუსალემ, ვითარ განგიმარტვან ფრთენი შენნი და შეიკრებ ყოველთა ცისკიდეთა ნათესავთა ფრთეთა ქუეშე შენთა. რამეთუ აქაცა მოსრულ არს დედაკაცი ესე, რომელმანცა შეცვალოს ყოველი წესი ამის ქუეყანისაჲ“.

და კუალადცა მიექცა წმიდასა ნინოს და ჰრქუა ესრეთ, ვითარმედ: „ჩუენებაჲ ეგე შენი მოასწავებს და ცხად-ჰყოფს ადგილსა ამას შენ მიერ სულიერად სამოთხედ შეცვალებასა და საღმრთოთა ნაყოფთა გამომღებლობასა მისსა უკუნისამდე.

ხოლო ვითარ მოვიდა მირიან მეფე, საბერძნეთით ოტებული კოსტანტინე მეფისაგან, და ვიდრე მოსლვადმდე მისა განეცხადა წმიდასა ნინოს ქადაგებაჲ ქრისტეს სჯულისაჲ, რამეთუ იტყოდა იგი ჴმამაღლად, ვითარმედ: „გპოვენ მკჳდრნი იგი ჩრდილოჲსანი ცთომასა შინა“, და გამოეჩინა ჯუარი იგი ნასხლევისაჲ, და იქმოდა მის მიერ საკჳრველებათა დიდთა, რამეთუ განკურნნის განუკურნებელნი თჳნიერ წამალთაჲსა შეხებითა მით ჯუარისაჲთა. და კუალად ქადაგებდეს მის თანავე მოწაფენი მისნი, რომელნი პირველ ფარულად იყვნეს მოწაფე მისდა, რიცხჳთ შჳდნი, დედანი, ნათესავნი ჰურიათანი, სიდონია, ასული აბიათარ მღდელისაჲ, და სხუანი იგი ექუსნი, და სამოთხისა მცველნი იგი, ურთიერთას მეუღლენი, და აბიათარ მღდელი, ახალი იგი პავლე, რომელი უშიშად და დაუცხრომელად ქადაგებდა ქრისტეს სჯულსა, რომელი ფრიად მეცნიერ იყო ძუელისა სჯულისა, და ახალი ესე სჯული ესწავა მას წმიდისა ნინოჲსგან, და უმეტეს ნინოჲსა ამხილებდა ყოველსა კაცსა და ასწავებდა სჯულსა ჭეშმარიტსა ქრისტესსა.

მაშინ აღიძრნეს ჰურიანი აბიათარის ზედა, რაჲთამცა ქვაჲ დაჰკრიბეს მას, ხოლო მირიან მეფემან მიავლინნა მსახურნი და განარინა აბიათარ მოკლვისაგან ჰურიათაჲსა, რამეთუ აქუნდა მირიან მეფესა სურვილი ქრისტეს სჯულისაჲ. ამისთჳს, რომელ ასმიოდეს მრავალნი სასწაულნი ქრისტესმიერნი საბერძნეთით და სომხითით და არა დააბრკოლებდა ქადაგებად ნინოს და მოწაფეთა მისთა, არამედ ჰბრძოდა მას მტერი იგი ყოველთა მიმართ მორწმუნეთა - ეშმაკი და ვერ დაამტკიცებდა აღსარებასა ქრისტესსა, და ეგრეთვე ნანა დედოფალიცა უმეტესად გულფიცხელ და შეურაცხისმყოფელ იყო ქადაგებასა მას ქრისტეს სჯულისასა ჭეშმარიტსა.

ხოლო წმიდაჲ ნინო იყო ესრეთ და ილოცვიდა დაუცხრომელად საყუდელსა მას მისსა მაყუალთა ქუეშე, და დაკჳრვებულ იყვნეს წარმართნი იგი ლოცვასა მისსა და მღჳძარებასა, და უცხო უჩნდა საქმე იგი, იწყეს გამოკითხვად მისა, ხოლო იგი აუწყებდა ძუელთა და ახალთა წიგნთა, და განაბრძნობდა უგულისჴმოთა მათ და შთაუგდებდა გულსა მათსა სიყუარულსა ქრისტესსა.

და იყო ესრეთ სამ წელ, ვინაჲცა განაცხადა ქადაგებაჲ და დაიმოწაფნა მრავალნი. მაშინ იყო ვინმე ყრმაჲ წული, უფალი მძიმისა სენისაჲ, და მიმოაქუნდა დედასა მისსა კარითი კარად, რაჲთამცა ვინმე პოვა მეცნიერი კურნებისაჲ, და ყომცა სარგებელი მისი. და შეისწავეს იგი ყოველთა, და არაოდეს პოვეს სარგებელი კურნებისაჲ ყრმისა მისთჳს. და მკურნალთა ჰრქუეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: „არაჲ სარგებელ ეყვის ყრმასა მაგას“. და დედაკაცი იგი იყო გულფიცხელი წარმართი და მარადის სძაგებნ სჯულსა ქრისტიანეთასა და აყენებდის სხუათა კითხვად და მისლვად ნინოჲსა.

ხოლო ვითარ სასოწარკუეთილ იქმნა მკურნალთა მიერ, მოვიდა და დავარდა წინაშე ნინოჲსა და ევედრებოდა კურნებასა ყრმისასა. მაშინ ჰრქუა წმიდამან ნინო: „კურნებაჲ, რომელი კაცთაგან არს, მე არა რაჲ ვყო, ხოლო ღმერთმან ჩემმან ქმნას, რომელსა მე ვჰმსახურებ, ქრისტემან მისცეს ყრმასა ამას კურნებაჲ, რომელი ყოველთაგან განწირულ არს“. და რომელსა კილიკსა ზედა მარადის ილოცავნ წმიდაჲ ნინო, მას ზედა დადებად სცა წმიდამან ნინო სნეული იგი, და იწყო ვედრებად უფლისა. და მასვე ჟამსა განიკურნა ყრმაჲ იგი განცოფებული, და მხიარული მისცა დედასა თჳსსა. ხოლო დედამან ყრმისამან აღიარა ქრისტე და თქუა: „არა არს სხუაჲ ღმერთი თჳნიერ ქრისტესა, რომელსა ქადაგებს ნინო“, და დაემოწაფა წმიდასა ნინოს, და შეუდგა კუალსა მისსა და ადიდებდა ღმერთსა.

მაშინ ნანა დედოფალი შევარდა სენსა ფიცხელსა, დიდსა და მწარესა, რომლისა კურნებაჲ ვერვინ შეუძლო, რამეთუ ყოველთა ჴელოვანთა მკურნალთა წარმოაცალიერნეს წამალნი მათნი და ვერ შეუძლეს კურნებაჲ მისი, და უღონო იქმნნეს და სასოწარკუეთილ. ხოლო აუწყეს ვიეთმე დედოფალსა, ვითარმედ დედაკაცისა ტყჳსა ჰრომისა მიერ, რომელსა ჰქჳან ნინო, ლოცვითა მისითა მრავალნი სენნი განიკურნებიან.

მაშინ უბრძანა მსახურთა თჳსთა, რაჲთა მოიყვანონ ნინო. და მივიდეს მსახურნი დედოფლისანი და პოვეს ნინო ქოჩსა მას ქუეშე მაყულისასა, ილოცვიდა ჟამსა მეექუსესა, და მიუთხრეს ბრძანებაჲ დედოფლისაჲ. ხოლო წმიდამან ნინო ჰრქუა: „არა ბრძანებულ არს ჩუენდა, სადა ბანაკი ჩუენი არს, არა განვიდეთ მიერ, არამედ დედოფალი აქა მოვიდეს, საყოფელსა ჩემსა ჭეშმარიტსა, და განვკურნო ძალითა ქრისტესითა“. ხოლო მსახურთა მიუთხრეს დედოფალსა თქმული იგი ნინოჲსი. მაშინ დედოფალი გულსმოდგინედ ეტყოდა მათ: „შემიმზადეთ მე ცხედარი და მიმიყვანეთ მისა“. მაშინ წარიყვანეს ცხედრითა მსახურთა მათ, და ძე მისი, რევ, და სიმრავლე ერისაჲ მის თანა. ვითარ მივიდეს საყოფელსა მას წმიდისა ნინოჲსსა, და დადვეს დედოფალი კილიკსა მას მისსა ზედა, და იწყო წმიდამან ნინო ლოცვად და ვედრებად ღმრთისა მყოვარ ჟამ, და მოიღო ჯუარი იგი, რომელი აქუნდა და შეახო თავსა, ფერჴთა და მჴართა სახედ ჯუარისა, და მეყსეულად განიკურნა და აღდგა განცოცხლებული, ჰრწმენა ქრისტე, და თქუა: „არა არს ღმერთი თჳნიერ ქრისტესა, რომელსა ქადაგებს ტყუე ესე დედაკაცი“.

და მიერითგან შეიქმნა იგი მეგობრად თჳსად შინაურად, და მარადის ჰკითხავნ და გამოიწულილავნ ზედმიწევნით სჯულსა ქრისტესსა, და ასწავებს წმიდაჲ ნინო და აბიათარ, ახალი პავლე, და ასული მისი, სიდონია.

და იქმნა დედოფალი მორწმუნე, და იცნა ღმერთი ჭეშმარიტი. და ჰკითხვიდა დედოფალსა მეფე: „ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნე?“ და უთხრობდა დედოფალი ყოველსა მას, რომელი იქმნა მის ზედა: თჳნიერ წამლისა ლოცვითა ნინოჲსითა და შეხებითა ჯუარისაჲთა განიკურნა, და სიმრავლე იგი ერთაჲ, რომელთა ეხილვა, და ამტკიცებდეს სიტყუასა დედოფლისასა.

მაშინ მირიან მეფე განკჳრდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქრისტესსა, და მარადის ჰკითხავნ ჰურიაყოფილსა მას აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთასა, და იგი აუწყებდა ყოველსა და წიგნიცა, რომელი ჰქონდა მირიან მეფესა, ნებროთისი, მას წიგნსა შინა პოვა წერილი ესრეთ: „აღშენებასა მას გოდლისასა ჴმაჲ იყო ზეცით ნებროთის მიმართ, რომელი ეტყოდა: „მე ვარ მიქაელ, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავალისასა. განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი დაჰფარავს. ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფე იგი ცისაჲ, რომლისა შენ გნებავს ხილვაჲ, შეურაცხი ერსა შორის შეურაცხსა, შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი, მეფენი დაუტევებდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მან გიხილოს ჭირსა შინა და გიჴსნეს შენ“.

მაშინ გულისჴმა-ყო მეფემან მირიან, რამეთუ ძუელნი წიგნნი და ახალნი ემოწმებოდეს და ნებროთის წიგნიცა დაამტკიცებდა, და შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისაჲ, არამედ ბრძოდა მტერი იგი უჩინოჲ და აყენებდა აღსარებასა ქრისტესსა, გულსა შთაუგდებდა სასოებასა კერპთასა და ცეცხლისასა, არამედ მარადის ევედრებოდა დედოფალი აღსარებასა ქრისტესსა.

და იყო მეფე დედოფლისა მოქცევითგან წელიწადსა ერთსა ორგულებასა შინა. ხოლო ასწავებდა ერსა დაუცხრომელად წმიდაჲ ნინო, და არა ვის აუწყებდა, თუ „ვინ ვარ, ანუ სადაჲთ მოვალ“, არამედ ტყუედ იტყოდა თავსა თჳსსა.

შემდგომად ამისა მოგჳ იგი მთავარი სპარსი, სახელით ხუარა, სნეული იყო სულითა უკეთურითა და ფიცხელად იგუემებოდა, და სიკუდილსა მიახლებულ იყო. და იყო მთავარი იგი ნათესავთაგან მირიან მეფისა. მაშინ ევედრნეს წმიდასა ნინოს ნანა დედოფალი და მეფე. და მეფე იხილვიდა საქმესა მისსა მცირედ ორგულებით და ეტყჳნ წმიდასა ნინოს: „რომლისა ღმრთისა ძალითა იქმ კურნებასა ამას? ანუ ხარ შენ ასული არმაზისი, ანუ შვილი ზადენისი? და უცხოებით მოხუედ და შეუვრდი, და ზედა-აც მათ წყალობაჲ შენი, და მიგანიჭეს ძალი კურნებათაჲ, რაჲთა მით სცხოვნდებოდი უცხოსა ქუეყანასა, და დიდებულმცა არიან უკუნისამდე! - ხოლო შენ წინაშე ჩუენსა იყავ ვითარცა ერთი მაწოვნებელი შვილთა ჩუენთაგანი და პატივცემულ ქალაქსა ამას შინა, არამედ უცხოსა ამას ნუ იტყჳ - ჰრომთა მათ შეცთომილთა სჯულისა ნუ გნებავს ყოვლადვე თქუმად! რამეთუ აჰა, ესერა, ღმერთნი სოფლისმპყრობელნი, მზის მომფენელნი, წჳმის მომყვანებელნი, ქუეყანით ნაყოფთა აღმომაცენებელნი და გამომზრდელნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი, ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი, გაცი და გაიმ, იგინი იყვნენ სარწმუნებულად კაცთა მიმართ! და უკუეთუ განჰკურნო შენ მთავარი ესე, განგამდიდრო და გყო შენ მკჳდრ მცხეთას შინა, მსახურად არმაზისა. დაღაცათუ ჰაერითა და სეტყჳთა მოიწია მას ზედა შემუსრვაჲ მისი, არამედ იგი ადგილი უძრავი არს. და იგი და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან ყოვლადვე მტერ არიან. ამან ზღუაჲ შემოადგინა ზედა, და მან ამას ზედა ესევითარი ურვაჲ მოაწია, ვითარ აქუს ჩუეულებაჲ სოფლისმპყრობელთა, და კმა გეყავნ ჩემგან ბრძანებაჲ ესე“.

მიუგო წმიდამან ნინო: „შენ, მეფე, უკუნისამდე ცხოვნდი, სახელითა ქრისტესითა, და ვედრებითა დედისა მისისაჲთა და მისთა ყოველთა წმიდათაჲთა მოავლინენ შენ ზედა ღმერთმან, ცისა და ქუეყანისა შემოქმედმან და დამბადებელმან ყოვლისა დაბადებულისამან, დიდისა და დიდებულისა მისისა და აურაცხელისა მრავალმოწყალებისაგან მოგივლინენ შენ, ვითარცა საჴუმილისაგან, ნაბერწყალი ერთი მადლისა მისისაჲ, რაჲთა სცნა და გულისჴმა-ყო სიმაღლე ცისაჲ და ნათელი მზისაჲ, სიღრმე ზღჳსა საძირკუელისაჲ და სივრცე ქუეყანისაჲ და საფუძველი მისი. და უწყებულ იყავ, მეფე, ვინ შემოსნის ცანი ღრუბლითა და ქუხნ ჴმითა ჰაერისაჲთა, და იძრვინ ქუეყანაჲ სიმძაფრითა მისითა, და რბიან მეხისტეხანი, და კუალსა მათსა ეგზების ცეცხლი გულისწყრომითა მათითა, ანუ ოდეს შეიძრის ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრემდის დაირღჳვნენ მთანი და მყარნი კლდენი და ქვანი. და მეცნიერ გყავნ შენ ამას ყოველსა მიწევნად, რამეთუ ღმერთი ცათა შინა უხილავ არს, თავადი იგი ყოველთა დაბადებულთაგან თჳნიერ ძისა მისისა, რომელი მისგან გამოვიდა, და ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, ვითარცა კაცი, რომელმან აღასრულა ყოველი, რომლისათჳს მოსრულ იყო, და აღვიდა მათვე სიმაღლეთა მამისათა, და იხილა დაუსაბამოჲ იგი, რომელი მხოლოჲ მაღალ არს და დაბადებულთა ხედავს, და მაღალნი იგი შორით იცნის. მეფე, ახლოს არს მიახლებაჲ შენი ღმრთისა მიხედვად, რომელ არს ქალაქსა ამას შინა სასწაული ერთი: სამოსელი ძისა ღმრთისაჲ აქა არს, და ხალენისა მის ელიაჲსი აქავე არს ყოფაჲ. თუ არა, მე კულა მთავარი ესე შენი განვკურნო სახელითა ქრისტეს, ღმრთისა ჩემისაჲთა და ჯუარითა ვნებისა მისისაჲთა, ვითარცა-იგი დედოფალი ნანა განიკურნა სენისაგან დიდისა, და რაჲ-იგი ვაუწყე მას, ჰყოფს იგი, რაჲთა სულიცა თჳსი განაბრწყინვოს და ერიცა თჳსი მიიახლოს ღმერთსა“.

და მოჰგუარეს მას მთავარი იგი და მოვიდა ნანა დედოფალიცა სამოთხესა მას შინა, ნაძუთა მათ ქუეშე, და დაადგინა იგი აღმოსავალით, და აღპყრობად სცნა ჴელნი და ათქუმია მას სამგზის: „ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, შეუვრდები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა“. და ტიროდა ნინო სულთქუმითა და ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა კაცისა ამის ზედა, და იყვნეს მოწაფენი მისნი მუნვე ერთ დღე და ორ ღამე. და მსწრაფლ განვიდა მისგან სული იგი ბოროტი, და დაემოწაფა ნინოს სახლეულითა და ერითა მისითა, და ადიდებდეს მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.


თქმული სიდონია დედაკაცისაჲ, რომელი იყო მოწაფე წმიდისა ნინოჲსი, რომელი-ესე იხილა, და დაიწერა მოქცევაჲ სასწაულითა მირიან მეფისაჲთა და შევრდომაჲ ნინოჲსი აღსარებისათჳს ქრისტეს სჯულისა, ჯუარისა აღმართებისათჳს, ეკლესიათა აღშენებისათჳს და მას შინა სასწაულთა მისთათჳს. მამაო, გუაკურთხენ

და იყო, დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით კერძო, და მოუჴდა უჩინოჲ იგი მტერი, ბოროტი ეშმაკი, და შთაუგდო სიყუარული კერპთა და ცეცხლისაჲ, და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახჳლითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა.

და ჰრქუა მეფემან ოთხთა თანამზრახველთა მისთა: „ღირს ვართ ჩუენ ღმერთთაგან ჩუენთა ბოროტის-ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებისაგან მათისა, და მიუშჳთ ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკჳრველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვაჲ ჩემი, რაჲთა ბოროტად მოისრნენ ყოველნი მოსავნი ჯუარცუმულისანი, და უმეტესად შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთასა მათ, მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანებაჲ და დატევებაჲ სჯულსა ჯუარცუმულისასა. და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი“. და დაუმტკიცეს განზრახვაჲ მისი სხუათავე თანამზრახველთა მათ, რამეთუ მჴურვალედ იყვნეს იგინი საქმესა ამას, და ჰნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდეს განცხადებულად.

ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისაჲ და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რაჲთამცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ, და განვიდა თხემსა მთისასა. და შუა სამხრის ოდენ დაბნელდა მათ ზედა მზე, და იქმნა ღამე ბნელი უკუნი, და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი, და განიბნივნეს ურთიერთას ჭირისაგან და ურვისა. და დაშთა მეფე მარტო და იარებოდა მთათა მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული, და დადგა ერთსა ადგილსა, და წარეწირა სასოებაჲ ცხორებისა მისისაჲ, და მოეგო თავისა ცნობასა, და განიზრახვიდა ესრეთ გულსა შინა თჳსსა: „აჰა, ესერა, ვხადე ღმერთთა ჩემთა, და არა ვპოვე ჩემ ზედა ლხინებაჲ. აწ რომელსა ქადაგებს ნინო ჯუარსა და ჯუარცუმულსა, და ჰყოფს კურნებასა მისითა მეოხებითა, არამცა ძალ-ედვა ჴსნაჲ ჩუენი ჭირისა ამისგან? რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა და არა უწყი, თუ ყოვლისა ქუეყანისათჳს იქმნა ესე დაქცევაჲ და ნათელი ბნელად გარდაიქცა, და ჩემთჳს ოდენ? აწ თუ ჩემთჳს ოდენ არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოჲსო, განმინათლე ღამე ესე და მიჩუენე საყოფელი ჩემი, და აღვიარო სახელი შენი და აღვმართო ძელი ჯუარისაჲ და თაყუანის-ვსცე მას, და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა, და ვიყო მორჩილ ნინოჲსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“.

ესე ყოველი რაჲ წართქუა, განთენა და გამოუბრწყინდა მზე, გარდამოვიდა მეფე ცხენისაგან და დადგა მას ადგილსა, განიპყრნა ჴელნი აღმოსავალით და თქუა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყჳს, და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან ცასა ქუეშე და ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ შენ მიჴსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესერა, მიცნობიეს, რამეთუ გინდა დაჴსნაჲ ჩემი და ლხინებაჲ და მიახლებაჲ შენდა, უფალო კურთხეულო. ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯუარისაჲ, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იჴსენებოდის საქმე ესე და სასწაული უკუნისამდე“.

დაისწავა იგი და წარმოემართა, და იხილა ერმან მან ნათელი და გამოერთო ერი განბნეული. ხოლო მეფე ღაღადებდა: „მიეცით დიდებაჲ ღმერთსა ნინოჲსსა ყოველმან ერმან, რამეთუ იგი არს ღმერთი საუკუნეთაჲ, და მას მხოლოსა შუენის დიდებაჲ უკუნისამდე“.

ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი განვიდა მიგებებად მეფისა, რამეთუ ესმა პირველ წარწყმედაჲ და კუალად მოსლვაჲ დიდებით, და მიეგებოდეს ქინძარს და ღართას, ხოლო ნეტარი ნინო დადგრომილ იყო ლოცვასა მწუხრისასა მაყულოვანსა მას შინა ჩუეულებისაებრ მისისა ჟამსა თჳსსა, და ჩუენ მის თანა ორმეოცდაათი სული.

და იყო, ვითარცა გამოვიდა მეფე, იძრვოდა ქალაქი, და ჴმითა მაღლითა ღაღადებდა მეფე: „სადა არს დედაკაცი იგი უცხოჲ, რომელ არს დედაჲ ჩემი და ღმერთი მისი მჴსნელი ჩემი“. და ვითარცა ესმა, თუ: „აქა, მაყულოვანსა, არს და ილოცავს“, მოდრკა მეფე და ყოველი იგი ლაშქარი, მოვიდა და გარდაიჭრა საჴედრისაგან და ეტყოდა ნინოს: „აწ ღირს ვარ სახელისდებად სახელისა ღმრთისა შენისა და მჴსნელისა ჩემისაჲსა?“

ხოლო წმიდაჲ ნინო ასწავლიდა და აწუევდა მსწრაფლ თაყუანისცემად აღმოსავალით და აღსარებად ქრისტეს, ძისა ღმრთისა. მაშინ იქმნა გლოვაჲ და ტირილი ყოვლისა კაცისაჲ, ოდეს ხედვიდეს მეფესა და დედოფალსა ცრემლოსანთა.

და ხვალისა დღე წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად მირიან მეფემან წინაშე კოსტანტინე მეფისა და წიგნი ნინოჲსი ელენე დედოფლისა წინაშე, და აუწყეს ესე ყოველი სასწაული ქრისტესმიერი, რომელი იქმნა მცხეთას შინა მირიან მეფისა ზედა, და ითხოვნეს მოსწრაფებით მღდელნი ნათლისღებისათჳს. ხოლო წმიდაჲ ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა მას ზედა დღე და ღამე დაუცხრომელად, და უჩუენებდეს გზასა ჭეშმარიტსა სასუფეველისასა.


თქმული მისივე, აღშენებისათჳს ეკლესიათა, მამაო, გუაკურთხენ

ოდეს წარემართა ყოველი ერი ქრისტიანობასა მოსწრაფებით, ვიდრე მღდელთა მოსლვადმდე ჰრქუა მეფემან წმიდასა ნინოს: „მესწრაფების მე აღშენებად სახლსა ღმრთისასა, სადა უშენოთ?“ ჰრქუა წმიდამან ნინო: „სადაცა მთავართა გონებაჲ მტკიცე არს“. ჰრქუა მას მეფემან: „მიყუარან მე მაყუალნი ესე შენნი, მნებავს მე გონებისაებრ ჩემისა, გარნა, აჰა ესერა, არა ვჰრიდო სამოთხესა ამას სამეფოსა და ნაძუთა ამათ სიმაღლეთა და ბაბილოთა ამათ ნაყოფიერებასა და ყუავილთა სულნელებასა, რამეთუ ჩუენებასა, რომელ იხილე მფრინველთა მათ ფრთეთა უშუერთა განბანაჲ წყლითა და განსპეტაკებაჲ ბრწყინვალედ და დასხდომაჲ ხეთა მათ ზედა სამოთხისათა და ჴმობაჲ მათი ჴმითა ტკბილითა. ჭეშმარიტად სამოთხე ესე ჴორციელი და წარმავალი შეგუეცვალოს ცხორებად საუკუნოდ, და მუნ აღვაშენოთ სახლი ღმრთისაჲ სალოცველად ჩუენდა ვიდრე მოსლვადმდე ჩუენდა მღდელთა საბერძნეთით“.

და მეყსეულად მოიღო ძელი და ასწრაფებდა ხუროთა და მოჰკუეთა ნაძჳ იგი, და ნაძჳსა მისგან შემზადნა შჳდნი სუეტნი ეკლესიისანი. და ვითარ აღაშენეს კედელი იგი ძელითა, და აღმართნეს ექუსნი იგი სუეტნი თჳს-თჳსად, ხოლო სუეტი იგი უდიდესი, რომელი საკჳრველ იყო ხილვითა, საშუალ ეკლესიისა შესაგდებელად განმზადებული, ვერ შეუძლეს აღმართებად მისა, და აუწყეს მეფესა საკჳრველი იგი ყოვლადვე ვერძრვაჲ ადგილითცა სუეტისა მის.

მაშინ მოვიდა მეფე სიმრავლითა ერისაჲთა, და მოიხუნეს მრავალღონენი მანქანანი, და სიმარჯჳთა და ერისა სიმრავლისა ძალითა ეცადნეს აღმართებად, და ვერ შეუძლეს. და იყო დაკჳრვებულ მეფე და სიმრავლე ერისაჲ, და იტყოდეს: „რაჲ-მე არს ესე?“ და ვითარ იყო მწუხრი, წარვიდა მეფე სახლად თჳსა შეწუხებული დიდად.

ხოლო წმიდაჲ ნინო და ათორმეტნი მოწაფენი მისნი დედანი დაადგრეს სუეტისა მის თანა, ხოლო იგი სანატრელი გოდებდა სუეტსა მას ზედა და დაადინებდა ცრემლთა. ვითარცა შუაღამე ოდენ იყო, წარმოიქცეს ორნივე მთანი - არმაზი და ზადენი, რეცა თუ ჩამოირღუეს და დააყენეს წყალი ორთავე. და მტკუარმან გარდამოხეთქა, და წარჰქონდა ქალაქი, და შექმნნეს ჴმანი საზარელნი ტყებისა და გოდებისანი. ეგრეთვე არაგჳ გარდამოჴდა ციხესა ზედა, და იქმნებოდეს საზარელნი გრგჳნვანი. შეშინდეს დედანი და ივლტოდეს, ხოლო ნეტარი იგი ღაღადებდა: „ნუ გეშინინ, დანო ჩემნო, მთანი მუნვე ჰგიან, და წყალნი მუნვე დიან, და ერსა ყოველსა სძინავს. ხოლო ესე, რომელ რეცა მთანი დაირღუეს, სამართლად გეჩუენების, რამეთუ ურწმუნოებისა მთანი დაირღუეს ქართლსა შინა, და წყალნი, რომელ დაეყენნეს, სისხლი იგი ყრმათა კერპთა მიმართ შეწირვისაჲ დაეყენოს. ხოლო ჴმაჲ ესე ტყებისაჲ არს ეშმაკთა სიმრავლისაჲ, რამეთუ იგლოვენ იგინი თავთა თჳსთა, რომელ არიან მეოტ ამით ადგილით ძალითა მაღლისაჲთა და ჯუარითა ქრისტესითა. მოიქეცით და ილოცევდით ღმრთისა მიმართ“.

და მეყსეულად დასცხრეს ჴმანი იგი, და იყო არარაჲ. და დგა წმიდაჲ ნინო, განეპყრნეს ჴელნი და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და იტყოდა, რაჲთა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომელსა წარმართებულ არს მეფე.

და კუალად ვიდრე არა ეყივლა ქათამსა, სამთავე კართა ქალაქისათა დასცა ზარსა ლაშქარმან ძლიერმან, დალეწნეს კარნი, და აღივსო ქალაქი სპარსთა ლაშქრითა. და შეიქმნა ზარისსაჴდელი ზრზინვაჲ და ყივილი და კლვაჲ, და სისხლი დიოდა, და აღივსო ყოველი ადგილი, და მოვიდა მათდა სიმრავლე ზახილითა და მახჳლითა, და სხუათა მათ შიშისაგან დადნებოდეს ჴორცნი, და განილია სული მათი, ტიროდეს ნათესავთა მათთათჳს.

და მსწრაფლ ისმოდა, ჴმობდეს რაჲ ძლიერად: „მეფე სპარსთაჲ ხუარა ბრძანებს და მეფეთამეფე ხუარან ხუარა: ყოველი ჰურიაჲ განარინეთ პირისაგან მახჳლისა“. და ესე რაჲ მესმა და მოვეგე ცნობასა, და შეორგულდი მე და ათნი იგი ჩემთანანი და მოახლებულ იყვნეს მახჳლოსანნი გარემოჲს ჩუენსა, სცემდეს და კლვიდეს.

და ისმა ჴმაჲ ძლიერი: „მირიან მეფე შეიპყრესო“. გარე-მოიხილა მჴნემან მოღუაწემან და თქუა: „ესე, რომელი ყვეს? ვიცი, რომელ აწ სადამე დიდად სჭირს. ჰმადლობდით ღმერთსა, ესე ნიში მათისა წარწყმედისაჲ არს და ქართლისა ცხორებისაჲ და ამის ადგილისა დიდებისაჲ!“ და ნუგეშინის-გუცემდა ვითარცა მოძღუარი ჴელოვანი, ჭეშმარიტად მოძღუარი და მოციქული სანატრელი. მიექცა ერსა მას მომსრველსა და ჰრქუა: „სადა არიან მეფენი სპარსნი ხუარან და ხუარან ხუარა? საბასტანით გუშინ წარმოხუედით? მალე მოხუედით! დიდი სამე ლაშქარი ხართ და ძლიერი. რად დალეწეთ ქალაქი ესე და მახჳლი დაეცით? უბრძანა ქართა და ნიავთა: წარგუალეთ ბნელით ჩრდილოჲთ კერძო მთათა და კედართა! აჰა, მოვიდა, რომელსა თქუენ ევლტით!“

და განძრა ჴელი ჯუარის სახედ, და მეყსეულად უჩინო იქმნნეს ყოველნი იგი. და იქმნა დაყუდებაჲ დიდი. და დედანი იგი ჰნატრიდეს მას და ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო ვითარცა ცისკარი აღეღებოდა, მიერულა დედათა მათ, ხოლო მე, სიდონია, მღჳძარე ვიყავ. და იგი დგა ჴელგანპყრობით, აჰა ესერა, მოადგა ჭაბუკი ერთი ნეტარსა ყოვლად ნათლით შემკობილი და შებლარდნილი ცეცხლისა ზეწრითა, და ჰრქუნა რაჲმე სამნი სიტყუანი, ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა. და ჭაბუკმან მან მიყო ჴელი სუეტსა მას და აღამაღლა და წარიღო სიმაღლესა შინა. და განკჳრვებული მივეახლე მე, სიდონია, და ვარქუ ესრეთ: „დედოფალო, რაჲ არს ესე?“ ხოლო მან მრქუა: „მოიდრიკე თავი ქუეყანად!“ და ტირილად იწყო ზარისა მისგან. და მცირედისა ჟამისა შემდგომად აღდგა, და აღმადგინა. და განვეშორენით მას ადგილსა.

ხოლო დედანი ვითარ იყვნეს კიდე, აჰა, იხილეს მათცა: სუეტი იგი ცეცხლის სახედ ჩამოვიდა და მოეახლა ხარისხსა მას, და დადგა აღშორებულად ქუეყანით, ვითარ ათორმეტ წყრთა. და ნელად ჩამოიცვალებდა ხარისხად თჳსად მონაკუეთსა და ძირსა მისვე ნაძჳსასა.

ვითარცა რიჟურაჟუ ოდენ იყო, აღდგა მეფე გულგდებული ურვათაგან, მიხედნა სამოთხესა დაწყებულსა მას ეკლესიასა. და იგი მტკიცე იყო გონებით, იხილა ნათელი, ვითარცა ელვაჲ, აღწევნული ცად სამოთხით მისით. იწყო სრბად და მკჳრცხლ მოვიდოდა, და ყოველი სიმრავლე სახლისა მისისაჲ და ყოველი ერი ქალაქისაჲ მოვიდა. ვითარცა იხილეს საკჳრველი იგი, ნათლითა ბრწყინვალე სუეტი ჩამოვიდოდა ადგილად თჳსად, რეცა ვითარცა ზეცით, და დადგა ხარისხსა მას ზედა, და დაემყარა ჴელით შეუხებელად კაცთაგან, - და ნეტარ იყო მას ჟამსა შინა! - რამეთუ რაჲ-იგი იქმნებოდა, შიშითა და სიხარულითა აღივსო მცხეთა ქალაქი, და სდიოდეს მდინარენი ცრემლთანი მეფეთა და მთავართა და ყოველსა ერსა სულთქუმითა სულისა მათისაჲთა. ადიდებდეს ღმერთსა და ჰნატრიდეს წმიდასა ნინოს.

და იქმნნეს სასწაულნი დიდნი მას დღესა შინა. პირველად მოვიდა ჰურიაჲ, ბრმაჲ შობითგან, მიეახლა სუეტსა მას ღმრთივაღმართებულსა, და იქმნა მხედველ მუნთქუესვე და ადიდებდა ღმერთსა.

მეორედ, სეფეწული ვინმე ყრმაჲ ამზასპანი იდვა რვისა წლისაჲ, მოიღო დედამან მისმან სარწმუნოებით და დადვა ცხედრითა წინაშე სუეტსა მას ნათლისა, და ნანდჳლვე ნათლისასა! - ევედრებოდა ნინოს: „მოხედენ, დედოფალო, ძესა ამას ჩემსა, სიკუდილად მიახლებულსა, რამეთუ ვიცი, ღმერთი ღმერთთაჲ იგი არს, რომელსა შენ ჰმსახურებ და ჩუენ გჳქადაგებ“. მაშინ ნინო შეახო ჴელი სუეტსა მას და დასდვა ყრმასა მას, და ჰრქუა: „გრწამს იესუ, ძე ღმრთისაჲ, ცხოვრებისათჳს ყოვლისა სოფლისა ჴორცითა მოსრული? ამიერითგან განიკურნე და ადიდებდი მას, ვისმან ძალმან განგკურნა!“ და მსწრაფლ აღდგა ყრმაჲ იგი, ვითარცა მრთელი.

და თითოსახენი სნეულნი მოვიდოდეს და განიკურნებოდეს, ვიდრემდის მეფემან შეუქმნა საბურველი ძელისაჲ გარემოჲს სუეტსა მას და დაფარა ხედვისაგან. და ეგრეთვე შეეხებოდეს ერნი სართულსა მას და განიკურნებოდეს მსწრაფლ. იწყო მეფემან და განასრულა ეკლესიაჲ სამოთხესა მას შინა.

და ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი მირიან მეფისანი წინაშე კოსტანტინე მეფისა და მიუთხრეს, რაჲცა იქმნა, მაშინ აღივსო სიხარულითა მეფე და დედაჲ მისი, ელენე დედოფალი. პირველად ამისთჳს, რამეთუ მადლი ღმრთისაჲ მიეფინებოდა ყოველთა ადგილთა, და ჴელსა მათსა ქუეშე ნათელს-იღებდა ყოველნი ქართლი. და შემდგომად ამისთჳს განმხიარულდეს, რამეთუ დაიდასტურეს მირიან მეფისაგან სრულიად მოწყუედაჲ სპარსთაჲ და მტკიცედ მიღებაჲ სიყუარულისა მათისაჲ, და ჰმადლობდეს ღმერთსა.

და წარმოგზავნეს მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ებისკოპოსი, და მის თანა მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი. და მოუწერა მეფემან კოსტანტინე მირიანს წიგნი ლოცვისა და კურთხევისა და ღმრთისა მადლობისაჲ, და წარმოსცა ჯუარი და ხატი მაცხოვრისაჲ და მის თანა ნიჭი დიდი, და ელენე დედოფალმან მოუწერა წიგნი ქებისა და ნუგეშინის-ცემისაჲ.

მოიწია ებისკოპოსი, მღდელნი და მოციქულნი მცხეთად, და სიხარულითა აღივსნეს მეფე და ყოველი ერი მათი, რამეთუ სურვიელ იყვნეს ყოველნივე ნათლის-ღებისათჳს.

მაშინ მსწრაფლ გაგზავნა ბრძანებაჲ მირიან მეფემან ყოველთა ერისთავთა, სპასალართა და ყოველთა პირთა სამეფოჲსათა მოწოდებად წინაშე მისა, და მსწრაფლ მოიწინეს ყოველნი ქალაქად. მაშინ ნათელ-იღო მეფემან ჴელსა ქუეშე წმიდისა ნინოჲსსა, და შემდგომად დედოფალმან და შვილთა მათთა ჴელთა ქუეშე მათ მღდელთა და დიაკონთასა.

და შემდგომად ამისა აკურთხეს მდინარე მტკუარი და ებისკოპოსმან შემზადა ადგილი ერთი მიწურვითა ჴიდისკარსა მოგუთაჲსასა, სადა ყოფილ იყო სახლი ელიოზ მღდელისაჲ, და მუნ ნათელ-სცემდა წარჩინებულთა ერთასა. და ეწოდა ადგილსა მას „მთავართა სანათლავი“.

ხოლო ქუემოჲთ მისა, მდინარისავე პირსა, ორნივე იგი მღდელნი და დიაკონნი ნათელ-სცემდეს ერსა. და მოატყდებოდა ერი იგი ურთიერთას, მოსწრაფებით ევედრებოდეს მღდელთა, რაჲთა პირველად მას ვისმე ნათელ-სცეს. და ესრეთ სურვიელ იყო ერი იგი ნათლის-ღებისათჳს, რამეთუ ესმინა ქადაგებაჲ წმიდისა ნინოჲსი, რომელსა იტყჳნ: „ყოველმან რომელმან არა ნათელ-იღოს, არა პოვოს მან ნათელი საუკუნოჲ“. და ამისთჳს მოსწრაფე იყვნეს ნათლისღებად ყოველნი იგი.

და ესრეთ სახედ ნათელ-იღეს ყოველმან ერმან და სიმრავლემან ქართლისამან, თჳნიერ ხოლო არა ნათელ-იღეს მთეულთა კავკასიანთა მიფენასა მას ნათლისასა, არამედ დადგეს ბნელსა შინა ჟამ რაოდენმე, და ჰურიათა მცხეთელთა არავე ნათელ-იღეს, გარნა ბარაბიანთა ნათელ-იღეს ორმეოცდაათმან სულმან, და იქმნნეს ქრისტიანე ჭეშმარიტ. ამისთჳსცა დიდ იქმნნეს წინაშე მეფისა, და მიუბოძა დაბაჲ, რომელსა ჰქჳან ციხედიდი.

არამედ არა ნათელ-იღო ფეროზ, სიძემან მირიან მეფისამან, რომელსა ჰქონდა რანი ბარდავამდის მირიან მეფისაგან, არცა ერმან მისმან ნათელ-იღეს, არამედ ჴორციელად ოდენ ჰმორჩილებდეს მირიან მეფესა.

მაშინ წარავლინა მირიან მეფემან ებისკოპოსი იოვანე და მის თანა წარჩინებული ერთი წინაშე კოსტანტინე მეფისა და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხორებისაჲ, რომელი მას ოდენ ჟამსა გამოუჩინა ღმრთისმსახურსა და ღმრთისმოყუარესა ელენე დედოფალსა, და ითხოვნა მღდელნი მრავალნი, რაჲთა განავლინნეს ყოველთა ქალაქთა და ადგილთა და ნათელ-სცემდენ ერსა, რაჲთა მსწრაფლ ნათელ-იღოს ყოველმან სულმან ქართლისამან, და ითხოვნა ქვითა ხუროჲსმოძღუარნი აღშენებისათჳს ეკლესიათა.

ვითარ მიიწინეს წინაშე კოსტანტინე კეისრისა, სიხარულით მიანიჭა ნაწილი ძელისა ცხორებისაჲ და ფიცარნი იგი, რომელსა ზედა ფერჴნი დაუმსჭუალნეს უფალსა, და სამჭუალნი ჴელთანი. წარმოგზავნნეს მღდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი, რამეთუ კოსტანტინე მეფემან მეფობასა შინა მისსა აღაშენა ეკლესიაჲ, ტაძარი წმიდაჲ. და მოსცა განძი დიდძალი ებისკოპოსსა იოვანეს და უბრძანა: „სადაცა ჯერ-იყოს ადგილთა ქართლისათა, მუნცა აღაშენენ ეკლესიანი სახელსა ზედა ჩემსა და ნიჭი ესე დამიმკჳდრე საზღვართა ქართლისათა“.

და წარმოვიდა ებისკოპოსი და მის თანა მოციქული, და ვითარ მოიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქჳან ერუშეთი, დაუტევნა მუნ ხურონი საქმედ ეკლესიისა, დაუტევნა განძი და სამსჭუალნი უფლისანი, და წარმოვიდა და მოვიდა მანგლისს და იწყო ეკლესიასა [შენება], და დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი. მაშინ შეწუხნა მირიან მეფე, რამეთუ პირველ არა სამეუფოსა ქალაქსა და ადგილთა იწყეს შენებად ეკლესიათა და დაუტევნეს ნაწილნი. ხოლო მოვიდა მისა წმიდაჲ ნინო და ჰრქუა: „ნუ სწუხ, მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს, სადაცა მივიდოდიან, დასთესვიდიან სახელსა ღმრთისასა. ხოლო არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი იგი დიდებული უფლისაჲ“.

მაშინ მოიყვანა მეფემან აბიათარ და მის თანა ჰურიანი მრავალნი და გამოიკითხა მათგან კუართისა მისთჳს. და მათ მიუთხრეს ყოველი, რომელი ზემო წერილ არს. და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი მირიან და თქუა: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, რამეთუ პირველითგანვე გინდა ჴსნაჲ ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა ბნელისა. ამისთჳს სამოსელი იგი შენი წმიდაჲ წარმოეცა წმიდით ქალაქით შენით იერუსალემით ებრაელთა მათ, ღმრთეებისა შენისაგან უცხოქმნილთა, ჩუენ უცხოთა ნათესავთა“.

და წარემართა მეფე და ყოველი ქალაქი მტკიცედ ქრისტიანობასა, იწყეს ხუროთა შენებად ეკლესიისა გარეუბანსა, მაყუალთა მათ ზედა წმიდისა ნინოჲსთა, სადა აწ არს ეკლესიაჲ საებისკოპოსოდ.

მაშინ თქუა წმიდამან ნინო: „კურთხეულ არს უფალი იესუ ქრისტე და მამაჲ უფლისა ჩუენისაჲ, რომელმან მოავლინა სიტყუაჲ მისი წმიდაჲ ცათაგან მაღალთა, თჳთ ძლიერისაგან საყდრისა გარდამოსრული ქუეყანად მდაბლად, შობილი უეჭუელად თესლისაგან დავითისა, დედაკაცისაგან მარტოდშობილისა, წმიდისა და უბიწოჲსა, რომელი სათნო-ეყო მას, მიზეზთა მიზეზი ცხორებისა ჩუენისაჲ, რომელმან ცასა ქუეშე ყოველივე განანათლა და მორწმუნენი აცხოვნნა, რომელი იშვა, ვითარცა კაცი, ნათელი ყოველთაჲ, ხატი ღმრთისაჲ, და ვითარცა მსახურმან ვინმე სჯულისამან, ნათელ-იღო წყლისაგან და სულისა, ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ამაღლდა სიმაღლესა მამისა თანა, და კუალად მოვალს დიდებითა, რომელსა ჰშუენის ყოველივე დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


აღმართებისათჳს პატიოსნისა ჯუარისა

ვითარცა ნათელ-იღეს მეფემან, და დედოფალმან და შვილთა მათთა და ყოველმან ერმან მათმან, მაშინ დგა ხე ერთი ადგილსა ერთსა, კლდესა ერთსა ზედა შეუვალსა. და იყო ხე იგი შუენიერი ფრიად სულნელი. და საკჳრველებაჲ იყო ხისა მისგან: რამეთუ ისარცემული ნადირი, რომელი მივიდის და ჭამის ფურცელი მისი, გინა თესლი ჩამოცჳვნებული, განერის სიკუდილისაგან, დაღაცათუ საკლავსა ალაგსა დიდად წყლულ იყვის.

ესე დიდად საკჳრველ უჩნდა პირველთა მათ წარმართთა, და აუწყეს ებისკოპოსსა იოვანეს ხისა მისთჳს. ხოლო ებისკოპოსმან თქუა: „აჰა, ჭეშმარიტად პირველითგანვე დამარხულ არს ქუეყანაჲ ესე ღმრთისაგან მსახურად თჳსა, და ღმრთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი და დამარხულ ჟამისა ამისთჳს. და აწღა მოეფინა მადლი ღმრთისაჲ ქართლსა, და მის ხისაგან ჯერ-არს შექმნად ჯუარი პატიოსანი, რომელსა თაყუანის-სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან“.

და წარვიდეს რევ, ძე მეფისაჲ, და ებისკოპოსი, და მის თანა სიმრავლე ერისაჲ, და მოჰკუეთეს ხე იგი და წარმოიღეს რტოჲთურთ მისით. და მოაქუნდა იგი ათსა ათეულსა კაცსა ზე-ზე რტოჲთურთ და ფურცლითურთ, და შემოაქუნდა ქალაქად.

და შემოკრბა ერი ხილვად მწუანისფერობასა მას და ფურცლიანობასა ჟამსა ზამთრისასა, ოდეს სხუაჲ ყოველი ხე ჴმელ იყო, ხოლო ესე ფურცელდაუცჳვნებელი, სულამოჲ და სახილველად შუენიერი. და ძირსა ზედა აღმართეს ხე იგი კარსა ზედა ეკლესიისასა სამხრით, დაჰბერვიდა ნელი ნიავი და შლიდა ფურცელთა მის ხისათა და ძრვიდა რტოთა მისთა. და იყო ხილვაჲ მისი შუენიერი, ვითარცა სმენით ვიცით, ხისა მის ალვისაჲ.

ესე მოჰკუეთეს მარტსა ოცდახუთსა, დღესა პარასკევსა, და დაადგრა ხე იგი ეგრეთ დღესა ოცდაჩჳდმეტსა, და არა შეიცვალა ფერი ფურცელმან მისმან, ვითარმცა დგა ძირსავე ზედა თჳსსა, თავსა ზედა წყაროჲსასა, ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი შეიმოსნეს ფურცლითა და ხენი ნაყოფისა გამომღებელნი შეიმოსნეს ყუავილითა.

მაშინ თუესა მაისსა ერთსა შეიქმნნეს ჯუარნი ესე და შჳდსა ამის თჳსასა აღემართნეს ჴელისა დადებითა მეფეთაჲთა, სიხარულითა და წადიერებითა ყოვლისა ერისა ქალაქისაჲთა. და იყვნეს ეკლესიასა შინა. იხილა ყოველმან ერმან ქალაქისამან ყოველთა მათ დღეთა: აჰა, ჩამოვიდის ჯუარი ცეცხლისაჲ ზეცით მის ზედა გარემოჲს მსგავსად გჳრგჳნთა ვარსკულავისათა და დაადგრის ზედა ეკლესიასა ვიდრე განთიადმდე. და რიჟურაჟუ ოდენ გამოვიდიან მისგან ორნი ვარსკულავნი: ერთი წარვიდის აღმოსავლით და ერთი - დასავლით. და იგი თავადი ეგრეთ ბრწყინვალედ ნელიად განვიდის მიერ კერძო, ახლოს წყაროსა მას, ზემო კერძო არაგჳსა, და დადგის ბორცუსა ზედა კლდისასა, რომელი აღმოაცენეს ცრემლთა წმიდისა ნინოჲსთა, და მუნით აღიმაღლის ზეცად.

და ესრეთ მრავალგზის იხილა ყოველმან ერმან მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ. მაშინ იწყეს კითხვად ნეტარისა ნინოჲსა, თუ „რაჲ არს, რომელი გამოვალს ბრწყინვალე ვარსკულავი, და ერთი წარვალს აღმოსავლით და ერთი - დასავლით?“ ხოლო მან თქუა: „განავლინენით კაცნი მთათა ზედა მაღალთა აღმოსავლით ვიდრე კახეთისა მთამდე და დასავლით ვიდრე სანახებადმდე ამის ქალაქისა. და ოდეს გამობრწყინდენ მთიებნი იგი, ნახონ, თუ სადა დადგენ, და მუნცა აღემართნენ ორნი იგი ჯუარნი ქრისტესნი“.

მაშინ ყო მეფემან ეგრე და შეიცვნა თავნი მთათანი მიწყებით. ხოლო დღე ესე იყო პარასკევი, და შაბათი განთენდებოდა. იყო იგივე სასწაული, და იქმნა ეგრეთვე, ვითარცა პირველ იქმნის. ხვალისა დღე მოვიდეს დასავლისანი, რომელნი დგეს მთათა ზედა, ქუაბთა თავისათა, და მიუთხრეს მეფესა: „ვითარცა გამოვიდა ვარსკულავი იგი, ამაღლდა და მიიწია მთასა ზედა თხოთისასა, გარდასავალსა კასპისასა, და დაადგრა ადგილსა ერთსა და ყოვლად უჩინო იქმნა“.

და ეგრეთვე მოვიდეს მთით კახეთისაჲთ და თქუეს: „ვიხილეთ ვარსკულავი, აქაჲთ მომავალი, და დადგა დაბასა ბუდის, კუხეთისა ქუეყანასა“.

მაშინ უბრძანა ნეტარმან ნინო: „წარიხუენით ორნივე ესე ჯუარნი და აღმართენით ერთი თხოთს, სადა-იგი ღმერთმან გამხილა ძალი მისი, და ერთი მიეც სალომეს, მჴევალსა ქრისტესსა, აღმართოს უჯარმას ქალაქსა, რამეთუ ბუდი, დაბაჲ კუხეთისაჲ, არა წინა-აღუდგეს ქალაქსა მეფეთასა, რამეთუ ერისა სიმრავლე არს მუნ. და ბუდისა კულა დაბაჲ თჳთ იხილოს - სათნოჲ იგი ადგილი ღმრთისაჲ“. და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა დედოფალმან.

ხოლო ესე სასწაულითა ზეცისაჲთა ჩუენებით ჯუარი პატიოსანი მცხეთას იპყრეს ჴელითა კაცობრივითა, მივიდეს ბორცუსა მას ქუეშე და წყაროსა მას ზედა ათიეს ღამე, და ილოცეს ღმრთისა მიმართ. და ნეტარი ნინო ცრემლითა შეაზავებდა წყაროსა მას, და იქმნებოდეს კურნებანი და სასწაულნი დიდნი. ხოლო ხვალისა დღე აღვიდეს კლდესა მას ზედა. და მივიდა ნეტარი იგი ბორცუსა მას ზედა, დავარდა ქვათა მათ ზედა, და ტიროდა თჳთ იგი და მის თანა მეფენი და მთავარნი, და ყოველი სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდის მთანი ჴმასა სცემდეს. და დასდვა ჴელი ერთსა ქვასა და ჰრქუა ებისკოპოსსა: „მოვედ, რამეთუ შენდა ჯერ-არს, და დასწერე ჯუარი ქვასა ამას!“ და მან ყო ეგრეთ, და მუნ აღემართა ჯუარი იგი დიდებითა მეფეთაგან, და მოდრკა ერი იგი ურიცხჳ და თაყუანის-სცეს ჯუარსა და აღიარეს ჭეშმარიტად ძე ღმრთისა ცხოველისაჲ, და ჰრწმენა სამებით დიდებული ღმერთი.

ხოლო დიდნი იგი მთავარნი არა განეშორებოდეს ეკლესიასა წმიდასა და სუეტსა ნათლისასა და ჯუარსა მას ცხოველსა, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ უზომოთა და კურნებათა მათ მიუთხრობელთა.

და დღესა კჳრიაკესა, აღვსებისა ზატიკსა, ყო მირიან მეფემან და ყოველმან მცხეთამან შესაწირავი, და დღე იგი განაწესეს ჯუარისა მსახურებად - აღვსებისა ზატიკი - ყოველმან ქართლმან დღეინდელად დღედმდე.

და იყო, რაოდენისამე დღისა შემდგომად, მარტჳლიისა უკუანის, იხილეს სასწაული დიდად საშინელი დღესა ოთხშაბათსა: აჰა, ესერა, სუეტი ერთი ნათლისაჲ სახედ ჯუარისა დგა ჯუარსა მას ზედა, და ათორმეტნი ვარსკულავნი სახედ გჳრგჳნისა გარემოჲს მისა, ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ კუმეოდა სახედ სულნელად, და ხედვიდეს სასწაულსა ამას ყოველნი, და მრავალნი უღმრთოთაგანნი მოიქცეს და ნათელ-იღეს მას დღესა შინა, ქრისტიანენი უფროჲს მორწმუნე იქმნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა.

მერმე კუალად იხილეს სხუაჲ სასწაული ჯუარისაჲ: ვითარცა ცეცხლი დგა თავსა ზედა მისსა, შჳდწილად მზისა უბრწყინვალესი, ზედა დააგრა მას, ვითარცა საჴუმილისა ნაბერწყალნი აღვლენ, ეგრე სახედ ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა, ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ იძრვოდა ძლიერად. და ვითარცა სასწაული იგი დასცხრებოდა, ეგრეთვე ძრვაჲ იგი დასცხრებოდა. ვითარცა იხილეს სასწაული იგი, დაუკჳრდა ყოველთა, უფროჲსად და უმეტესად ადიდებდეს ღმერთსა. და ვითარცა იქმნებოდეს სასწაულნი იგი წლითი წლად, და ყოველი იგი ერი ხედვიდეს შიშით და ძრწოლით და მოვიდოდეს თაყუანისცემად გულსმოდგინედ.მერმე კუალად იხილეს სხუაჲ სასწაული ჯუარისაჲ: ვითარცა ცეცხლი დგა თავსა ზედა მისსა, შჳდწილად მზისა უბრწყინვალესი, ზედა დააგრა მას, ვითარცა საჴუმილისა ნაბერწყალნი აღვლენ, ეგრე სახედ ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა, ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ იძრვოდა ძლიერად. და ვითარცა სასწაული იგი დასცხრებოდა, ეგრეთვე ძრვაჲ იგი დასცხრებოდა. ვითარცა იხილეს სასწაული იგი, დაუკჳრდა ყოველთა, უფროჲსად და უმეტესად ადიდებდეს ღმერთსა. და ვითარცა იქმნებოდეს სასწაულნი იგი წლითი წლად, და ყოველი იგი ერი ხედვიდეს შიშით და ძრწოლით და მოვიდოდეს თაყუანისცემად გულსმოდგინედ.

მას ჟამსა რევს, ძესა მეფისასა, ესუა ყრმაჲ მცირე წული, და იყო სნეულ, და მიწევნულ იყო სიკუდილად, რამეთუ იგი ოდენ მხოლოჲ ესუა მათ. მოიღო და დადვა იგი წინაშე ჯუარსა წმიდასა და ცრემლით ითხოვდა: „უკუეთუ მომიბოძო ყრმაჲ ესე ცოცხალი, აღვაშენო კუბოჲ საყუდელად შენდა“. და მუნქუესვე განიკურნა ყრმაჲ იგი, და განკურნებული და განცოცხლებული წარიყვანა. მერმე მოვიდა აღთქუმისა აღსრულებად, და ყო მადლის მიცემაჲ, დიდითა სიხარულითა და გულსმოდგინებითა აღაშენა კუბოჲ ჯუარისა მცხეთისაჲ რევ, ძემან მეფისამან, და წლითი წლად მოვიდის და აღასრულის აღნათქუემი იგი მსხუერპლისაჲ. და მიერითგან უფროჲს მოვიდოდეს ყოველნი უძლურნი და სნეულნი, განიკურნებოდეს და სიხარულით ადიდებდეს ჯუარსა წმიდასა ქრისტესსა.

იყო ვინმე მამაკაცი ჭაბუკი, და ორნივე თუალნი დასდგომოდეს. ჯდა იგი წინაშე ჯუარსა წმიდასა ქრისტესსა, და შემდგომად შჳდისა დღისა აღეხილნეს თუალნი, ხედვიდა და ადიდებდა პატიოსანსა ჯუარსა.

მერმე დედაკაცი ერთი იყო, მარადის გუემული სულთაგან უკეთურთა ეგეოდენ, რომელ ძალი და გონებაჲ მისი მიეღო რვასა წელსა, და სამოსელსა მისსა დაიპებდა. და ვითარ მოიყვანეს და პატიოსანსა ჯუარსა შეამთხჳეს, შემდგომად ათორმეტისა დღისა განიკურნა და თჳსითა ფერჴითა წარვიდა, და ადიდებდა ღმერთსა და თაყუანის-სცემდა პატიოსანსა ჯუარსა.

მერმე კუალად იყო ყრმაჲ მცირე, და მეყსეულად დაეცა, და მოკუდა. აღიღო იგი დედამან მისმან და დააგდო წინაშე ჯუარსა ყრმაჲ იგი მომკუდარი დილეულითგან მიმწუხრადმდე, ხოლო დედაჲ მისი ტირილითა ილოცვიდა წინაშე ჯუარსა. სხუანი ეტყოდეს: „წარიღე, დედაკაცო, და დამარხე, რამეთუ მომკუდარ არს, და ნუღარა აწყინებ“. ხოლო მან არა წარიკუეთა სასოებაჲ, არამედ უფროჲს და უმეტეს საწყალობელად ტიროდა და ილოცვიდა. მწუხრისა ოდენ ჟამსა სულიერ იქმნა და თუალნი აღიხილნა, და შემდგომად შჳდისა დღისა განკურნებული და განცოცხლებული წარიყვანა ყრმაჲ იგი დედამან მისმან, და ადიდებდა ღმერთსა.

იხილეს რაჲ სასწაული და კურნებაჲ ყოვლად წმიდისა ჯუარისაჲ, მრავალნი უშვილონი მოვიდოდეს და ითხოვდეს შვილიერებასა, და შვილმრავალ იქმნებოდეს, შესაწირავთა და მადლთა ჰყოფდეს. არა ხოლო თუ რომელნი მოვლენ, მათ ოდენ მიანიჭის კურნებაჲ, არამედ რომელნი შორით ითხოვდიან შეწევნასა წმიდისა ჯუარისა მცხეთისაგან, მუნქუესვე შეწევნითა მისითა მიიღიან მადლი, მძლე იქმნიან მტერთა, და მოსწრაფედ მოვიდიან შეწირვად მადლისა.

მრავალნი უკუე უღმრთონი ჭირსა შთაცჳვიან, და, რაჟამს ხადიან წმიდასა ჯუარსა, მუნქუესვე განერნიან ჭირისაგან, და მოვიდიან შემთხუევად პატიოსნისა ჯუარისა. და მრავალთა ნათელ-იღეს და სიხარულით ადიდებდეს ღმერთსა. მრავალნი უკუე მრავალთა ჭირთა შთაცჳვნეს და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა განიკურნნეს და მრავალნი პირად-პირადთაგან სატანჯველთა. და მოივლტიედ ვედრებად, მყის განიკურნებიედ მოდღეინდელად დღემდე, და ადიდებდეს მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისა არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუცნისამდე, ამენ.


წიგნი, რომელი მიუწერა პატრიაქმან და ბრანჯთა მეფემან ნინოს, მეფესა და ყოველთა ერთა ქართლისათა

მათ დღეთა შინა მოიწია წიგნი ჰრომით წმიდისა პატრიაქისაჲ ნინოჲსა, და მეფისა და ყოვლისა ერისა ქართლისაჲსა, და მოუვლინა ბრანჯი დიაკონი ქებისა შესხმად და კურთხევისა მიცემად და ამის ნეტარისა ნინოჲს ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად. აქუნდა წიგნი ბრანჯთა მეფისაჲ ნინოსცა თანა, და მამისა მისისაგან ნათელ-ეღო ბრანჯეთს ყოველსა, და ყოველი ესე მისმენილ იყო იერუსალემით და კოსტანტინეპოლით, ვითარმედ ქუეყანასა მას ქართლისასა მიეფინა მზე სიმართლისაჲ. ამისთჳს სანატრელი წიგნი მოეწერა, რაჲთამცა ეუწყნეს აქანი იგი სასწაულნი სუეტისა მის მაყულოვანისა და ძალი იგი კურნებისაჲ. ესე ყოველი იხილა და მოისმინნა სასწაულნი იგი ყოველნი, რომელნი ქმნილ იყვნეს მცხეთას, დიაკონმან ბრანჯთამან და განკჳრვებული ადიდებდა ღმერთსა, და წარიღო წიგნები.

მაშინ მეფემან ჰრქუა წმიდასა ნინოს და ებისკოპოსსა: „მნებავს ესრეთ, რაჲთა იძულებით მახჳლითა მოვაქცინეთ მთეულნი და სიძე ჩემი, ფეროზ, და დავამონნე ძესა ღმრთისასა, და ვათაყუანნე პატიოსანსა ჯუარსა“. მაშინ ჰრქუა მას: „არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახჳლისა აღებაჲ, არამედ სახარებითა და პატიოსნითა ჯუარითა უჩუენოთ გზაჲ ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ, და მადლმან ღმრთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთაჲ“.

და წარვიდა წმიდაჲ ნინო და ებისკოპოსი იოვანე, და მათ თანა წარიყვანა მეფემან ერისთავი ერთი, და მივიდეს და დადგეს წობენს. და მოუწოდეს მთეულთა, პირუტყჳს სახეთა მათ კაცთა: ჭართალელთა, ფხოველთა, გუდამაყრელთა, და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთაჲ ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ. ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღებაჲ. მაშინ ერისთავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახჳლი მათ ზედა და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი.

გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწო-თიანელთა. ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს, ხოლო ფხოველთა დაუტევეს ქუეყანაჲ მათი და გარდავიდეს თუშეთს. და სხუანიცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს. არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლისღებაჲ. ამისთჳსცა წარკრბეს იგინი, შესცთეს, რომელნიმე უკუანაჲსკნელ მოაქცივნა აბიბოს ნეკრესელ ებისკოპოსმან, რომელნიმე მათგანნი დარჩეს წარმართობასავე შინა დღესამომდე.

ხოლო წმიდაჲ ნინო წარემართა წარსლვად რანს მოქცევად ფეროზისა, და ვითარცა მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი. და მოვიდეს მისა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისაჲ. მაშინ დასნეულდა მუნ, და ვითარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან, რომელნი ცხოვნებოდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოჲსა, და აცნობეს მეფესა და დედოფალსა. ხოლო მათ მიავლინეს ებისკოპოსი იოვანე წარყვანებად, ხოლო წმიდაჲ ნინო არა ერჩდა.

ხოლო წარვიდა თჳთ მეფე და სიმრავლე ერისა ძლიერისაჲ. და ხედვიდეს ყოველი იგი ერი პირსა ნინოჲსსა, ვითარცა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდიან და ემთხუეოდიან სარწმუნოებით. და იძულებით ევედრებოდეს ყოველნი მეფენი და დედოფალნი გარემოსმსხდომნი, რომელთა გარდამოსდიოდეს ცრემლნი თუალთაგან მათთა განშორებისათჳს მოძღურისა მის და მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა ჴელოვანისა. და ეტყოდეს სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნიელი, და მათ თანა ერისთავნი და მთავარნი ჰკითხვიდეს, თუ: „ვინაჲ, ანუ სადაჲთმე იყო აღზრდაჲ შენი, დედოფალო? მაუწყე საქმე შენი, რაჲსა იტყჳ ტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო სანატრელო? რამეთუ, ესერა, გჳსწავიეს შენ მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინაჲსწარმეტყუელნი პირველ ძისა ღმრთისაჲსა, და შემდგომად მოციქულნი ათორმეტნი, და სხუანი სამოცდაათორმეტნი, და ჩუენდა არა ვინ მოავლინა ღმერთმან სხუაჲ, გარნა შენ, და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: „მე ტყუე ვარ?“ ანუ: „ვარ უცხო?“

ხოლო მაშინ იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და თქუა: „ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო და დედოფალნო ჩემნო, გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა ყოველთა სარწმუნოებასა და სიყუარულსა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობაჲ, გლახაკისა მჴევლისათაჲ, და გაუწყოცა. რამეთუ, ესერა, მოსრულ არს სული ჩემი ჴორცად ჩემდა, დამეძინებიან მე ძილითა დედისა ჩემისაჲთა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი, და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრებაჲ ჩემი, რაჲთა უწყოდიან შვილთაცა თქუენთა სარწმუნოებაჲ თქუენი და შეწყნარებაჲ ჩემი და სასწაულნი ღმრთისანი, რომელნი გიხილვან“.

მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი სალომე უჯარმელმან და პეროჟავრი სივნიელმან, იწყო სიტყუად, და იგინი წერდეს. და წარმოუთხრა ყოველი, რომელი ზემოჲთ დავწერეთ, ცხოვრებაჲ მის წმიდისა და ნეტარისაჲ. და შევედრა მეფესა იაკობ მღდელი, რაჲთა შემდგომად იოანესა იგი იყოს ებისკოპოს. მაშინ იოვანე ებისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდაჲ ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და შეავედრა სული მეუფესა ცათასა ქართლად მოსლვითგან მისით მე-იდ წელსა, და ქრისტეს ამაღლებითგან ტლჱ წელსა, და დასაბამითგან წელთა ჭყლჱ.

მაშინ შეიძრნეს ორნივე ესე ქალაქნი: მცხეთა და უჯარმა და ყოველი ქართლი მიცვალებასა მისსა, მივიდეს და დამარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი ადგილსავე ზედა კუხეთისასა, დაბასა ბუდისსა, რამეთუ მუნ ითხოვა დაფლვაჲ მეფისაგან, შეხედვითა ღმრთისაჲთა და სიმდაბლისათჳს ქმნა ესე წმიდამან, რამეთუ ადგილი იგი შეურაცხ იყო. და მწუხარე იყო მეფე და ყოველნი წარჩინებულნი მუნ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა და ანდერძისა მისისა აღსრულებისათჳს დაფლეს მუნ.

და ვითარ აღესრულა ესე ყოველი, ღმრთივგანბრძნობილმან მირიან მეფემან განამტკიცა ყოველი ქართლი და ჰერეთი სარწმუნოებასა ზედა სამებისა, ერთარსებისა, ღმრთისა დაუსაბამოჲსა, დამბადებელისა ყოვლისაჲსა, და განმტკიცნეს სრულსა სარწმუნოებასა ზედა.

მაშინ კეისარსა კოსტანტინეს, რომელ ჰყვა მძევალი ძე მირიანისი, რომელსა ერქუა ბაქარ, გამოუგზავნა მეფემან კოსტანტინე ნიჭითა დიდითა და მოუწერა ესრეთ: „მე, კოსტანტინე, თჳთმპყრობელი, ახალი მონაჲ ცათა მეუფისაჲ, პირველ ეშმაკისაგან წარტყუენული და გამოჴსნილი დამბადებელისა მიერ, მოვსწერ შენდა, ღმრთივ განბრძნობილისა, ჩემ თანავე ახალნერგისა მორწმუნისა მეფისა მირიანისა: იყავნ შენ თანა მშჳდობაჲ და სიხარული, ვინაჲთგან იცან შენ სამებაჲ და ერთარსებაჲ, ღმერთი დაუსაბამოჲ, დამბადებელი ყოვლისაჲ, არღარა მიჴმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩუენ შორის შუამდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, პირველ ჟამთა შობილი, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა, და ჯუარი მისი პატიოსანი, რომელი მოცემულ არს ჩუენდა წინამძღურად ჩუენდა, გულითა მოსავთა მისთა. და შუამდგომელობითა ღმრთისა დამბადებელისაჲთა ვიყვნეთ ჩუენ სიყუარულსა ზედა ძმებრივსა. შვილი შენი შენდავე მიმინიჭებია, იხილე და განიხარე, და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი მშჳდობისაჲ იყავნ შენ თანა მარადის. განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცთური საზღვართაგან შენთა“.

მოვიდა ბაქარ, ძე მეფისაჲ, და მოციქული კოსტანტინე მეფისაჲ მცხეთას. აღივსნეს სიხარულითა მირიან მეფე და ნანა დედოფალი, და ჰმადლობდეს ღმერთსა, ნიჭთა დიდთა მომცემელსა. მაშინ მირიან მეფემან განასრულა ეკლესიაჲ საებისკოპოსოჲ და აღასრულა სატფურებაჲ მისი მრავლითა დიდებითა, და მოქცევითგან მირიან მეფისაჲთა კ˜ე წელსა მოკუდა ძე მისი, რევ, სიძე თრდატ სომეხთა მეფისაჲ, რომელსა მიეცა მეფობაჲ სიცოცხლესავე თჳსსა, და დაფლეს აკლდამასავე, რომელი თჳთ მასვე, რევს, აღეშენა. და მასვე წელიწადსა დასნეულდა მირიან მეფე, რომელიცა აღესრულა.

და მოიყვანა ძე მისი, ბაქარ, და ცოლი მისი, ნანა, და ჰრქუა ნანას: „აჰა, ესერა, მე წარვალ, ვინაჲცა მოვედ, და ვჰმადლობ მრავალმოწყალესა ღმერთსა, დამბადებელსა ცათა და ქუეყანისასა, რომელმან წარტყუენული ეშმაკისაგან მიჴსნა მე პირისაგან ჯოჯოხეთისა და ღირს-მყო მე მარჯუენითთა მისთა თანა. და შენ, ნანა, უკუეთუ გეცესღა მოცალებაჲ ცხორებისაჲ ჩემსა შემდგომად, განყავ სამეფოჲ განძი ჩუენი ორად და მიიღე სამარხავსა ნინოჲსსა, განმათლებელისა ჩუენისა, ჟამთა შეცვალებისათჳს, რაჲთა არა შეირყიოს უკუნისამდე იგი ადგილი, რამეთუ მეფეთა საჯდომი არს, არამედ მწირ არს“.

ეგრეთვე დავედრა ებისკოპოსთა, რაჲთა ადიდონ დიდებაჲ მის ადგილისაჲ, რამეთუ ღირს არს პატივისცემისა. ხოლო ძესა თჳსსა ჰრქუა: „შვილო ჩემო, შეიცვალა ბნელი ჩემი ნათელად და სიკუდილი - ცხოვრებად. შენდა მომიცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისაჲ, ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან, დაგამტკიცენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა, იწურთიდი ყოვლადვე მცნებათა ძისა ღმრთისათა და დაადგერ სრულიად მათ ზედა, და სახელსა ზედა ქრისტესსა სიკუდილი ცხოვრებად გიჩნდინ, რომლითა წარუვალი ცხოვრებაჲ მოიგო, და, სადა ჰპოვნე ვნებანი იგი ცეცხლისმსახურებისანი, კერპნი, ცეცხლითა დაწუენ და ნაცარი შეასუ, რომელნი მათ ესვიდენ. და ესე შვილთაცა შენთა ამცენ, რამეთუ მე ვიცი იგი, რომელ კავკასიანთაცა შინავე დაილევიან. ხოლო შენ ამას შეუდეგ გულითა შენითა, და თავი შენი შეჰვედრე ძესა ღმრთისასა, და პირველ ჟამთა შობილსა, განკაცებულსა და ვნებულსა ჴსნისათჳს ჩუენისა, და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა სძლო მტერთა, ვითარცა აქუს ჩუეულებაჲ გულით მოსავთა შენთა და პატივ-სცემდი სუეტსა მას ცხოველსა, ღმრთივაღმართებულსა. და იყავნ ყოვლითურთ სასოებაჲ შენი მისა მიმართ, და იყავნ მისლვაჲ შენი ძილად საუკუნოდ სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისასა“.

და მოაყვანებია ჯუარი იგი წმიდისა ნინოჲსი, რომელი პირველითგანვე აქუნდა, და ჩამოჰკიდა გჳრგჳნი სამეფოჲ ჯუარსა მას, და მოიყვანა ძე თჳსი, ბაქარ, და თავსა მისსა გამოსახა სახე ჯუარისაჲ, და აღიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან და დაადგა თავსა ზედა ძისა თჳსისასა. და აღესრულა მირიან მეფე, და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა, საშუალსა სუეტსა სამხრით, ჩრდილოჲთ კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი ღმრთივაღმართებულისა სუეტისაჲ. და მეორესა წელსა მოკუდა ნანა დედოფალი და დაეფლა მასვე სუეტსა დასავალით, სადა მირიან მეფე დამარხულ იყო.

და დაჯდა ძე მისი, ბაქარ, და იყო მორწმუნე, ვითარცა მამაჲ მისი. და ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა.

და შთავარდა შორის მისა და სომეხთა მტერობაჲ, რამეთუ სომეხნი ბაქარის ძმისწულისა, რევის ძისა, თრდატ მეფისა ასულის წულისა მეფობასა ლამობდეს ქართლს.

ხოლო ესე ბაქარ ეზრახა სპარსთა მეფესა, მამისძმისწულსა მისსა, დაემოყურა და გაუცვალა ქუეყანაჲ და სიძესა მისსა, ფეროზს, რომელსა ჰქონდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშჳლდითგან მიმართ ქუეყანაჲ თავამდე აბოცისა.

მაშინღა ნათელ-იღო ფეროზ და ერმან მისმან, და მოირთეს ძალი ხუასროთაგან, და ეწყვნეს სომეხთა ჯავახეთს, სძლეს და აოტნეს სომეხნი. მაშინ მეფემან ბაქარ შუამდგომელობითა ბერძენთა მეფისა და სპარსთა მეფისაჲთა დაწერა ჴელით წერილი ძმისწულისა მისისა და დედისა მისისა სალომესგან: „ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობაჲ მეფობისაჲ, მათი იყოს მეფობაჲ, არაოდეს ძებნონ მეფობაჲ ნათესავთა რევისთა“. მაშინღა მოიყვანა ძმისწული მისი და მისცა კუხეთი, და დასუა რუსთავის ერისთავად. ამან ბაქარ ყოველნი დღენი ცხოვრებისანი მისისანი დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა შინა ეკლესიათა მსახურად. ამან აღაშენა ეკლესიაჲ წილკნისაჲ. მოკუდა და დაეფლა ძმისავე თჳსისა თანა.

და დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ, და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა, და მან აღაშენნა ეკლესიანი თუხარისისა ციხესა შინა, რამეთუ ჴევსა კლარჯეთისასა არა იყო ეკლესიაჲ, და მუნ შინა დაადგინნა მღდელნი მოძღურად კლარჯთა, და ჰმატა შენებაჲ ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა.

მაშინ, ამის მირდატის მეფობასა, იწყეს ქართველთა სუეტისა ცხოველისაგან ნაწილისა გამოღებად და ქმნად ჯუარად, რამეთუ დიდნი სასწაულნი და კურნებანი იქმნებოდეს, სადაცა იყვის ნაწილი სუეტისა ცხოველისაჲ, და არა აყენებდა მირდატ მეფე ნაწილისა განღებად, რამეთუ ებისკოპოსმანცა, ჭეშმარიტმან იაკობ, ეგრეთვე ჯერ-იჩინა და თქუა: „მინიჭებულ არს უფლისაგან, და ჯერ-არს სუეტისა მის ღმრთივაღმართებულისა ქმნაჲ სახედ ჯუარისა“. და განეფინა ყოველთა ადგილთა ქართლისათა ნაწილი სუეტისა მის ცხოველისაჲ.

მაშინ ამან მეფემან მირდატ მისვე სუეტისაგან შექმნნა ჯუარნი, და ერთი წარგზავნა ერუშეთს, და, რომელი დარჩა სუეტისაგან მის ცხოველისა, მას გარე მოქმნა ქვითკირითა პირველ სუეტის ოდენად, და თავსა ზედა მის სუეტისასა აღმართა იგი ძელი განმაცხოველებელი, და ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი უშფოთველად აღასრულნა სარწმუნოებასა შინა დიდსა. და მის ზე მოკუდა იაკობ ებისკოპოსი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოზისა დიაკონი. და მოკუდა მირდატ მეფე.

და დაჯდა მეფედ ძე მისი, ვარაზ-ბაქარ, და შეირთნა ორნი ცოლნი: ერთი, ასული თრდატისი, რევის ძისა, მირიანის ძისწულისაჲ, და ერთი, რევის დისწული, ასული ფეროზისი, მირიანისვე ასულის წული. და უშვნა რევის ძისწულმან ორნი ძენი, რომელთა ერქუა მირდატ და თრდატ, და ერთი უშვა ფეროზის ასულმან, რომელსა ერქუა ფარსმან.

ესე ვარაზ-ბაქარ მეფე იყო კაცი ურწმუნოჲ და მოძულე სჯულისაჲ, და ვერ იკადრებდა ერისაგან განცხადებად სჯულისა სიძულილსა. და მოქცეულ იყო ქართლი და სარწმუნოებასა შინა იყვნეს აზნაურნი და ყოველი ერი ქართლისაჲ. და ვარაზ-ბაქარ შიშისა მათისაგან ვერ განაცხადებდა დატევებასა სჯულისასა, არასადა აღაშენა ეკლესიაჲ, და არცა ჰმატა აღშენებულთა, და ყოვლითავე იქცეოდა უსჯულოდ.

ამის ზე გამოგზავნა სპარსთა მეფემან ერისთავი სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა ზედა ხარკისა დადებად. მაშინ სომეხთა მოგზავნეს ვარაზ-ბაქარისა მოციქული და ჰრქუეს, რაჲთა შეკრბენ და მოირთონ ძალი ბერძენთაგან, და განუხუნენ კარნი კავკასიანთანი, და გამოიყვანნენ ოვსნი და ლეკნი, და წინა-აღუდგენ სპარსთა. და წარჩინებულნი თჳსნიცა ეტყოდეს წინააღდგომასა სპარსთასა. და არა ისმინა არცა სომეხთაჲ, არცა წარჩინებულთა მისთაჲ, რამეთუ იყო იგი ჩუკენი და მოშიში, და უკუ-ჯდა ჴევსა კახეთისასა, და აღაშენა ციხე ჴიდარს, და განამაგრნა ციხე-ქალაქნი, და უბრძანა ყოველთა, რაჲთა დამალნენ ჯუარნი.

მოვიდეს სპარსნი პირველად სომხითს, და მოაოჴრეს, და შემოვიდეს ქართლს, და აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისი კართა შორის ციხედ მცხეთისა. მაშინ ვარაზ-ბაქარ ეზრახა შევრდომით და ითხოვა მშჳდობაჲ, ხოლო ერისთავმან სპარსთამან ჰრქუა მას: „პირველად მომეც რანი და მოვაკანი, რამეთუ საზღვართა სპარსეთისაგანი არს, და მათი არს, რომელნი სრულიად შვილნი არიან სპარსთა მეფეთანი, და სხენან საყდართა მამათა მათთასა, და თქუენდა კმა არს ქართლი, რომელნი ნაშობნი ხართ მჴევლისანი. გაქუნდეს უკუნისამდე ქართლი და ხარკსა მისცემდით მეფეთა ხოსროვანთა“.

მაშინ ვარაზ-ბაქარ ვერღარაჲ პასუხი მიუგო შიშისაგან დიდისა, მისცა რანი და მოვაკანი და განუკუეთა ხარკი, ხოლო მან ერისთავმან მისცა ციხე ტფილისისაჲ და წარვიდა, და მიერითგან იქმნნეს მოხარკე.

და ამისა შემდგომად განუდგეს კლარჯნი ვარაზ-ბაქარს და მიერთნეს ბერძენთა. და დაიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღჳთგან არსიანთამდე.

და დარჩა ვარაზ-ბაქარს ქართლი თჳნიერ კლარჯეთისა, და ჰერეთი და ეგრისი. მანვე ერისთავმან სპარსთამან წარიყვანნა ტყუედ შვილნი ფეროზისნი, ასულისწულნი მირიანისნი, მორწმუნისა მეფისანი, და ქუეყანაჲ იგი, საზღვარი ქართლისაჲ, მოსცა ვარაზ-ბაქარსვე. და მოკუდა ვარაზ-ბაქარ, და დარჩეს ძენი მისნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა.

მაშინ წარჩინებულთა ქართლისათა ზრახვა-ყვეს და დასუეს მეფედ სიმამრი ვარაზ-ბაქარისი, კაცი მოხუცებული, თრდატ სახელით, და მისცნეს შვილნი ვარაზ-ბაქარისნი საზრდოდ, ასულის წულნი მისნი. და მესამესა შვილსა მეორისა ცოლისასა ზრდიდა სამშჳლდისა ერისთავი, რომელსა ერქუა სახელი ფეროზ.

ხოლო მეფობდა ესე თრდატ მოხუცებული კეთილად, იყო კაცი მორწმუნე, ბრძენი და გონიერი. ამან სიბრძნითა თჳსითა დაამშჳდნა სპარსნი, გამოაჩინნა ჯუარნი და შეჰკაზმნა ეკლესიანი. და ამის ზე მოკუდა ებისკოპოსი, და დასუა მის წილ ელია, და ხარკსა მისცემდა სპარსთა მეფესა. და მან გამოითხოვა რუსთავი და აღაშენა ეკლესიაჲ. და მანვე აღაშენა ნეკრისი. და მეფობდა უშფოთველად, და მოკუდა სარწმუნოებასა შინა დიდსა.

და დაჯდა მეფედ ძე ვარაზ-ბაქარისი, ძის წულისწული ფეროზისი, რომელსა ერქუა ფარსმან, რამეთუ იგი უხუცესი იყო ძმათაჲ. და მოკუდა ელია ებისკოპოსი, და დასუეს სჳმეონ.

ესე ფარსმან იყო კაცი მორწმუნე, მჴედარი შემმართებელი, და ეზრახა მეფესა ბერძენთასა, ითხოვა მისგან შეწევნაჲ, აღასრულა თხოვაჲ მისი კეისარმან. მაშინ განადგა სპარსთა, აღარა მისცა ხარკი, და განამრავლნა ჯუარნი და განაახლნა ეკლესიანი ყოველსა ქართლსა შინა, აღაშენა ეკლესიაჲ ბოლნისისაჲ, და მცირედ ჟამ მეფობდა და მოკუდა.

დაჯდა მეფედ ძმაჲ მისი მირდატ, ასულისწული თრდატისი, ძე ვარაზ-ბაქარისი, მამულად ბაქარიანი, დედულად რევიანი, ორთავე მირიანის ძეთა ნათესავი.

და იყო ესე მირდატ კაცი ქველი, მჴედარი შემმართებელი, ურწმუნოჲ და უშიში ღმრთისაჲ, ლაღი და ამპარტავანი, და მინდობილი მჴედრობასა თჳსსა. და არა ჰმსახურა მან ღმერთსა, არცა აღაშენა ეკლესიაჲ, არცა რაჲ ჰმატა აღშენებულთა და სილაღითა მისითა მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა. ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვართა ქართლისათა, ხოლო სპარსთა არა მისცემდა ხარკსა.

მაშინ სპარსთა მეფემან გამოგზავნა ერისთავი, რომელსა ერქუა უშარაბ, სპითა ძლიერითა მირდატის ზედა. მაშინ მირდატ სილაღითა მისითა არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა, მცირედითა სპითა მიეგება გარდაბანს და ეწყო. აოტეს და შეიპყრეს სპარსთა, შემოვიდეს ქართლს და დაიპყრეს ქართლი, და განრყუნეს ეკლესიანი, ხოლო ნათესავნი მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა, და სჳმეონ ებისკოპოსი მათ თანავე. ხოლო მირდატ წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა.