ლეონტი მროველი - "მოქცევაჲ მირიან მეფისაჲ" (1849)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ლეონტი მროველი - "ნინოს მიერ ქართლის მოქცევა"




პუბლიკაციები[edit]

1849 - ქართლის ცხოვრება - ნაწილი I - მარი ბროსეს რედაქციით


ტექსტი[edit]

[ლეონტი მროველი]
"მოქცევაჲ მირიან მეფისაჲ"


მოქცევაჲ მირიან მეფისაჲ და მის თანა ყოვლისა ქართლისაჲ. წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუჱნისა ნინო მოციქულისა მიერ:
[edit]

პირველად ვაჴსენოთ ცხოვრებაჲ წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩვენისა და ყოვლისა ქართლისა განმანათლებელისა ნინო მოციქულისაჲ, რომელისა-თჳს მანვე ნეტარ-მან მოგვითხრა, ჟამსა აღსრულებისა მისისასა, რომელი აღწერა მორწმუნე-მან დედოფალ-მან სალომე უჯარმოლმან ძის ცოლ-მან მირიან მეფისა-მან, ასულმან თრდატ სომეხთა მეფისა-მან:

და იყო მათ ჟამთა შინა ოდეს წმიდა გიორგი კაბადუკელი იწამა ქრისტეს-თჳს იყო კაბადუკიათ ქალაქით კაცი ვინმე მთავართა შესაბამი მონა ღუთისა, სახელით ზაბილონ: და ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მაქსიმიანესა, მსახურებად და ნიჭისა მოღებად მის-გან: და მათვე დღეთა შინა კაცი ვინმე იყო კოლასტრას შინა, და ესხნეს მას ორ შვილ, ძე და ასული. და სახელი ძისა მისისა იობენალი, ხოლო ასულისა-მის სოსანა აღესრულნეს ქმარი და ცოლი-იგი და დარჩეს და-ძმანი იგი ობლად: აღდგეს და წარვიდეს ქალაქად წმიდად იერუსალემად. იმედ ჰყუჱს იმედი-იგი ყოველთა ქრისტიანეთა წმიდაჲ აღდგომაჲ, და მიევედრნეს მუნ: ესე ძმაჲ იობენალი მიემთხვია დევტალარობასა, ხოლო დაჲ-იგი მისი სოსანა ჰმსახურებდა ნიაფორსა სარა ბეთლემელსა:

ხოლო ესე ჭაბუკი კაბადადუკელი, სახელით ზაბულონ, რომელი ვახსენეთ, მიიწია ჰრომედ, წინაშე მეფისა, და აღდგომილ იყუნეს მას ჟამსა ბრანჯნი ბრძოლად ჰრომთა, ველსა ზედა პატალანისასა. მისცა უფალ-მან ძალი ზაბილონს, ჭაბუკსა-მას კაბადუკელსა, და ქმნა წინააღდგომაჲ მტერთაჲ-მათ უზომოჲ, და იოტნა ბრანჯნი და შეიპყრა მეფე ბრანჯთაჲ, და ყოველნი-იგი მთავარნი მათნი, და მიიყუანნა იგინი წინაშე მეფისა. ხოლო მეფე-მან განაწესა სიკუდილი მათი: მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა-მათ, და ევედრებოდეს ზაბილონს. "მოგვეც პირველად სჯული შენი, და შეგვიყუანენ ტაძარსა ღვთისა თქუჱნისასა. მაშინღა იყავნ სიკუდილი ჩვენი, რამეთუ შენ-მიერ შეპყრობილ ვართ და შენვე ჰყავ ესე ჩვენ-ზედა, და უბრალო იქმენ სისხლისა ჩვენისა-გან, ახოვანო:“ ხოლო ზაბილონს ვითარცა ესმა ესე, მსწრაფლ მივიდა იდუმალ პატრიაქისა, ფარულად, მეფისა, აუწყა ყოველი: ხოლო პატრიაქ-მან მისცა ნათელი ჴელსა ქუჱშე ზაბილონისსა, და შეიყუანნეს ტაძარსა ღვთისასა, აზიარნეს საიდუმლოსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესისა და უჩუჱნნეს დიდებანი-იგი მოციქულთანი. და დილეულ ადრე აღდგეს ბრანჯნი-იგი და შეიმოსეს სამოსელი სამკუდრო და განვიდეს ადგილსა-მას კაცის საკლავსა და სასისხლესა, ლოცჳდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებისა-თჳს და იტყოდეს. "ჩვენ სიკუდილსა შინა უკუდავ ვართ. რამეთუ ღირს გვყუნა ღმერთ-მან ესე-ვითარსა დიდებასა, მიღებად საგზალს-მას დაულევნელსა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა ღვთისა უკუდავისასა, რომელი უმაღლეს არს ყოველთა მთათა, და უქვესკნელეს ყოველთა უფსკრულთა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე: ხოლო ვა (ვაჲ) მშობელთა ჩვენთა ნაყოფთა სიმწარისათა და მკვიდრთა ბნელისათა:“ და ხმობდენ. "მოვედინ მეხრმლე და აღხუჱნ თავნი ჩვენნი ჩვენ-გან.“

ამას-რაჲ იტყოდენ იგინი, ხედვიდა ზაბილონ, აღიძრა გონებითა და სტიროდა მწარედ. რამეთუ ვითარცა ცხოვართა თავნი მათნი კლუად წარიპყრეს, და ვითარცა კრავთა შჳლთა მათთა სწყალობდეს: მაშინ მოწყალე ქმნული ზაბილონ მათ-ზედა შევიდა მეფისა და გამოითხოვნა მეფისა-გან. სამკუდროდ შეკაზმულნი, და მიმადლნა მეფე-მან და ჰქუა: "მიმინიჭებია იგინი შენდა, და რაჲცა გნებავს უყავ მათ: მაშინ ზაბილონ განუტევნა. ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილონს, რათა წარჰყუჱს ქვეყანასა მათსა. და მისცეს სჯული ქრისტესი, ნათლის-ღება წყლითა, ყოველსა ერსა მათსა: ხოლო მან ისმინა ვედრებაჲ მათი, და მოითხოვა მღუდელი პატრიაქისა-გან: და ბრძანებაჲ მოიღო, სხჳთა მიზეზითა რომლითამე, მეფისა-გან და წარვიდეს მათთანა: და ვითარ მიეახლნეს დღისა ერთისა სავალსა, მოვიდა წინა ჰამბავი, ვითარმედ მეფე ცოცხალი მოვალს, და ყოველნი მთავარნი მის-თანა. შეიძრნეს ათნი საერისთაონი. ხოზამაჲ, ხოზაჲ, გაახილაჯაჲ, ხონებაგაჲ, ხინგარაგაჲ, ზიჯაჲ, ზაგაჲ, ზარდაჲ, ზარმაჲ, და თმონი, და სამეფოჲ: მიეგებვოდეს ესე ყოველნი მდინარესა ზედა დიდსა და ღრმასა. დააყენა მეფე-მან ერი იგი და წყალსა იმიერ და ამიერ და აკურთხეს წყალი-იგი. და შთახდა ყოველი-იგი ერი, და განიბანნეს, და აღმოხდეს აღმოსავალსა ერთსა, და დასდებდა მღუდელი ყოველსა-მას ერსა ჴელსა, და იყო მუნ ათ დღე, და აზიარნა საიდუმლოსა ქრისტესსა ერი ყოველი, დაუტევნა მღუდელნი, განუწესა წესი ყოველი: და ამისსა შემდგომად მისცა მშვიდობა ყოველთა. და წარვიდა, ნიჭითა დიდითა, ჰრომედ, და განიზრახა გონებასა თჳსსა: "წარვიდე იერუსალიმად, და ვმსახურო ნიჭი ესე ჩემი ადგილთა ღვთისათა": წარვიდა ზაბულონ, და განუყო ყოველი-იგი მონაგები გლახაკთა: და პირველ ხსენებული იგი დევტალარი პატრიაქ ქმნულ იყო, და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას. ზაბილონ და პატრიაქი. ჰრქუა სარა ნიაფორ-მან პატრიაქსა: "ესე ზაბილონ მამაჲ და ემბაზი ბრანჯთაჲ, კაცი სრული ღვთის-მოშიშობითა და სიბრძნითა. მიეც უკუჱ დაჲ შენი სოსანა ცოლად მისსა:“ და სთნდა წმიდასა პატრიაქსა, და მისცა სოსანა ცოლად, და წარვიდა თჳსად ქალაქად კოლასტრად ესე წმიდაჲ ნინო, და მოძღუარი ქართლისა, მათ-გან იშუა ოდენ მხოლოდ, თჳნიერ სხჳსა შვილისა, და აღზარდა დედა-მან მისმან სოსანა მსახურებასა შინა გლახაკთასა: და ვითარ იქმნა ნინო ათ-ორმეტისა წლისა, მშობელთა მისთა განყიდეს ყოველი მონაგები მათი, და წარვიდეს იერუსალიმად: მაშინ ზაბილონ დაიწერა ჯუარი პატრიაქისა-გან. და იჯმნა ცოლისა-გან მისისა, შეიტკბო მკერდსა თჳსსა ასული თჳსი წმიდაჲ ნინო. და დაღუარნა ვითარცა წყარონი ცრემლნი თუალთა-გან პირისა მისისა: და ჰრქუა: "შენ მხოლო ასულო ჩემო, ესე-რა დაგიტეობ ობლად ჩემ-გან და მიგითუალავ შენ მამასა ზე-ცათასა ყოველთა მზრდელსა ღმერთსა, რამეთუ იგი არს მამაჲ ობოლთაჲ. და მსაჯული ქურივთაჲ. და ნუ-გეშინინ შენ, შვილო ჩემო: შენ ხოლო მარიამ მაგდალინელისა შური აღიღე. ქრისტეს სიყუარულის-თჳს, და დათა-მათ ლაზარესთა. და თუ ეგრეთ შეიყუარო იგი ვითარცა მათ, მან ეგრეთვე მოგცეს შენ ყოველივე რაჲცა სთხოვო.“ დაუტევა ამბორის-ყოფაჲ საუკუნოჲ და წარვიდა წიაღ იორდანესა, კაცთა-მათ-თანა ველურთა, სადა ყოფაჲ მისი უწყის ყოვლისა დამბადებელ-მან ღმერთ-მან: ხოლო დედაჲ მისი მისცა პატრიაქ-მან მსახურებად გლახაკთა დედათა: და წმიდაჲ ნინო მსახურებდა ნიაფორსა, სომეხსა დვიანელსა, ორ წელ, და ჰკითხჳდა ყოვლად ვნებათა-მათ ქრისტესთა, ჯუარ-ცმისა, დაფლჳსა და აღდგომისა ძალსა, და სამოსლისა მისისა, ტილოთა და სუდარისასა, მიწყებით ყოველსა: რამეთუ არა-ვინ ყოფილ იყო, და არცა იყო შორის იერუსალიმისა სწორ მისსა მეცნიერობითა. სჯულისა, ძველსა და ახალსა ყოველსავე ზედა-მიწევნით: ხოლო იწყო მან უწყებად მისსა და ჰრქუა: " ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა ლომისა ძუისასა, რომელი იზახებენ ყოველთა-ზედა ოთხ-ფერჴთა, გინა ვითარცა არწივი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა ჰაერთასა უფროს მამლისა, და ყოველი ხმელეთი გუგასა თუალისა მისისასა, მცირისა მარგალიტისა სწორად შეიყენის, განიხილის და განიცადის საჭმელი მისი ცეცხლებრ, და რაჲ ინახის, მიუტევნის ფრთენი და მიეტევის მას-ზედა. ეგრეთ იყოს ცხოვრება შენი: აწ ვიწყო და გითხრა ყოველივე: ოდეს იხილეს ღმერთი-იგი უკუდავი კაცთა მოკუდავთა ქვეყანასა ზედა, რომელი მოსრულ იყო მოწოდებად წარმართთა, ვითარცა თჳთ ინება ხსნაჲ სოფლისაჲ, იწყო კეთილის ყოფად ჰურიათა, მკუდართა აღდგინებად, ბრმათა აღხილვად, სნეულთა განკურნებად: ესე შეიშურვეს და შეიზრახნეს, და წარავლინეს სტრატიოტნი ყოველსა ქუჱყანასა, სწრაფით მოსლუად ჰურიათა, და ჰრქუჱს, რამეთუ: "ესე-რა წარვსწყმდებით. მოვედით და შემოვკრბეთ ყოველნი:“ მოიწინეს ყოვლით ქუჱყანით კაცნი მრავალ რიცხუნი სწავლულნი სჯულსა მოსესსა, რომელნი იგი ანტაკრად წინა-აღუდგეს სულსა წმიდასა ანტაკრად, რაჲ-იგი ჯერ-იყო ყოფად ქუჱყანასა, მათ აღასრულეს, ჯუარს-აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილ-იგდეს, და ხუდა წილითა მით ჩრდილოელთა მცხეთელთა მოქალაქეთა, კუართი იგი უკერავი: ხოლო დაფლეს იესო და დაჰკრძალეს საფლავი მისი, არამედ იგი აღდგა, ვითარცა სთქუა პირველად, და ტილონი-იგი ჰპოვნეს საფლავსა შინა და შემდგომად რა-ოდენთამე ჟამთა, მივიდეს ხელთა ლუკა მახარებლისათა, და დასხნა იგინი სადაცა თჳთ იცის: ხოლო სუდარი არა იპოვა, არამედ სთქუჱს ვიეთმე პეტრეს-თჳს ვითარმედ: ხელ-ეწიფა აღხუმადო და აქუს მასო.“ არამედ განცხადებულად არა გჳთხრეს: ხოლო ჯუარნი ამასვე ქალაქსა შინა დამარხულ არიან, არამედ ადგილი მათი არა-ვინ იცის. ოდეს ინებოს ღმერთმან, გამოჩნდეს იგინიცა:“ ვითარცა ესმა ესე ყოველი წმიდასა ნინოს ნიაფორისაგან, მისცა კურთხევაჲ და მადლი ღმერთსა, და კვალად ჰკითხა. "სადა არს ჩრდილოსა-იგი ქუჱყანაჲ სადა არს სამოსელი-იგი უფლისა ჩვენისა". ჰრქუა ნიაფორ-მან. "ქალაქი მცხეთა, ქუჱყანაჲ ქართლისაჲ, სომხითისა მთიულეთი, არს საწარმართოჲ, რამეთუ ჟამსა ამას უჟიკთა საჴელმწიფოთ შექმნილ არს იგი:

ხოლო მათ დღეთა შინა მოვიდა დედა-კაცი ვინმე ეფესოთ, თაყუანის-ცემად წმიდისა აღდგომისა, და ჰკითხჳდა დედა-კაცსა-მას ნიაფორი ვითარმედ: "ელენე დედოფალი ჯერეთცა ეგევითარსა ცთომასა და ბნელსა შინა არსა:" ხოლო მან ჰქუა ესრეთ, ვითარმედ "ვარ მჴევალი მათი, და მახლობელი განზრახუასა მათსა ყოველსა, ცხადსა და დაფარულსა, და უწყი მე მისი, რამეთუ აქუს მას დიდი წადიერებაჲ ქრისტეს სჯულისა და ნათლის-ღებისა-თჳს:" ხოლო ესმა-რა ესე დედა-კაცისა მის-გან წმიდასა ნინოს, ჰრქუა ნიაფორსა ესრეთ, ვითარმედ: "წარმგზავნე მე და მივიდე დედოფლისა ელენესსა, ნუ-უკუჱ მივეახლო სიტყჳს-გებად ქრისტეს-თჳს წინაშე მისსა:“ ხოლო ნიაფორ-მან აუწყა პატრიაქსა წადიერებაჲ ესე და საქმე ნინოსი: მაშინ პატრიაქ-მან, დედის ძმა-მან მის-მან, მოუწოდა წმიდასა ამას ნინოს, დის-წულსა თჳსსა, და დაადგინა იგი აღსავალსა წმიდისა საკურთხევლისასა, და დასხნა ჴელნი მისნი წმიდანი მჴართა ზედა მისთა, სულთ-ითქუნა ცად მიმართ, სიღრმით გულისა მისისათა, და ჰსთქუა: "უფალო ღმერთო, საუკუნეთაო, ჴელთა შენთა შევვედრებ ობოლსა ამას შჳლსა დისა ჩემისასა, და წარვავლინებ ქადაგებად ღთუებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომაჲ შენი: სადაცა სათნო იყოს სრბაჲ მისი, ექმენ ქრისტე ღმერთო, ამას თანა-მოგზაურ, ნავთ-სადგურ, მოძღუარ, ენა-მეცნიერ, ვითარცა უწინარეს ამისსა მოშიშთა სახელისა შენისასა:

და უჯმნა დედისა-გან თჳსისა. ამბორის-ყოფითა განშორებისათა, და გამოსახა მას-ზედა სასწაული ჯუარისა, და ესრეთ ლოცჳთა ღვთისა მიმართ და კურთხევითა განუტევა: და წარემართა წმიდაჲ ნინო დედა-კაცისა მის-თანა ეფესოთ მოსრულისა, და ვითარ მიიწივნეს სამეფოს ჰრომს სახიდ დედა-კაცისა, რომელისა-იგი თანა-მოგზაურ ექმნა, იხილეს მუნ დედოფალი ვინმე და ტომი მეფეთა, სახელით რიფსიმე, და დედა-მძუძე მისი გაიანე, რომელნი-ესე იყოფოდეს მონასტერსა შინა ქალ-წულთასა, და ჰსურდათ ქრისტეს-თჳს. და მომლოდე იყუნეს იერუსალიმით ნათლის-ღებასა: მაშინ დედა-კაც-მან მან წარუდგინა წმიდაჲ ნინო, და აუწყა საქმე მისი დედოფალსა რიფსიმეს, რომელი-იგი იხილა-რაჲ ქრისტეს მოყუარე-მან რიფსიმე, სიხარულით შეიტკბო და შეიწყნარა სახიდ თჳსად, წინაშე მისსა, წმიდაჲ ნინო. ჴელით-გან მის დედაკაცისა თანა-მოგზაურისა: და ესრეთ იყოფოდა-რა მის-თანა წმიდაჲ ნინო, მასვე შინა წელიწადსა ნათელ-იღო რიფსიმე, რომლისა-თჳს იგი სურვიელ იყო, მის-თანა გაიანეცა დედა-მძუძე-მან და სხუათა-მათ სახლეულთა მისთა, რიცხჳთა ორ-მეოცდა ათთა სულთა, ჴელსა შინა წმიდისა ნინოსსა. და იყოფოდეს მონასტერსა შინა თჳსსა, და იყო მათ-თანა წმიდაჲ ნინო, ორ წელ:

მათ დღეთა შინა წარავლინნა კეისარ-მან ძიებად ქალისა ქმნულ-კეთილისა და შუჱნიერისა, რათამცა უპოვეს ღირსი ცოლად მისსა. და ვითარ მოიწინეს მეძიებელნი-იგი მონასტერსა ქალწულთასა და იხილეს, და განიცადეს რიფსიმე, და გამოიკითხეს გუარი მისი, და სცნეს მეფეთა ნათესაობაჲ მისი, რომლისა სახე ფრიად სთნდა შვენიერებაჲ მისი, რომლისა ვერ-სადა იხილვა მსგავსი ხილვითა და შუჱნიერებითა. და გამოსახეს სახე შუჱნიერებისა და ხატისა მისისა, ფიცარსა ზედა, და წარჰგზავნეს წინაშე კეისრისა. რომელი იხილა-რა კეისარ-მან ფრიად სთნდა და სიხარულით აღივსო, და განაწესა აღსრულებაჲ ქორწილისა მრავლითა სიხარულითა, რომლისათჳსცა მსწრაფლ წარავლინნა მოციქულნი და განმგებელნი ყოველთა შინა საბრძანებელთა მისთა, რათა ყოველნი დიდითა სიხარულითა მოვიდენ ბრძანებითა ამასდა ქორწილსა სამეუფოსა: ხოლო იხილეს-რაჲ ყოვლად-წმიდათა-მათ დაფარული-იგი მანქანებაჲ მტრისა, და ისარნი მისნი განხურვებულნი, რომლითა-იგი ისწრაფდა სისრად წმიდათა ქრისტესთა, იურვოდეს, რამეთუ ჭური რისხჳსა იპოვა მეფე, ვითარცა გველი სამოთხესა შინა მზრახრველ ექმნა, ეგრეთვე აქა მსგავსად მისსა უსჯულო ესე, რომელსა აქუნდა შეგინებული თაყუანის ცემაჲ. ბილწთა და შეგინებულთა კერპთა:

ხოლო იხილეს-რაჲ ნეტარ-მან რიფსიმე, გაიანე და სხუათა-მათ წმიდათა დედათა განსაცდელი ესე მათ ზედა მოწევნულად, მაშინ მოიხსენეს მათ უბიწო იგი აღთქმაჲ და ღირსი ქებისა მარტოებითი ცხოვრებაჲ, რომელსა-იგი იყუნეს განსწავლულ, და გოდებით ტიროდეს გამოხატვით შესწავებისა-მის-თჳს წინაშე მეფისა უსჯულოსა შუჱნიერებისა წმიდისა რიფსიმესა, რომელი-იგი გამოეხატვათ და წარგზავნეს. და მისცნეს თავნი თჳსნი ფიცხელისა მოღუაწებისა კანონსა, ლოცჳთა და ვედრებითა ღვთისათა, დაუცადებელითა, და ერთობით განზრახჳთა ურთიერთარს, ყოველთავე დაუტევეს ქუჱყანა-იგი ფარულად, ორ-მეოც და ათცამეტ-მან სულ-მან, და მოიწივნეს ლტოლვილნი არეთა და სანახებთა სომხითისათა, ადგილსა რომელსა ჰქვიან ახალ-ქალაქი, უაღრეს შენებულსა, რომელ არს დვინი, საყოფელი სომეხთა მეფისა, და შევიდეს მუნ ტალავართა-მათ შინა საწნეხელთასა, რომელნი იგი იყუნეს შენებულ ჩრდილოთ-კერძ, და აღმოსავალით, და იზრდებოდეს მუნ შინა ჴელთ-საქმისა თჳსისა განვაჭრებითა: ხოლო იხილა-რაჲ კეისარმან, რამეთუ განერნეს ჴელთა-გან მისთა. ტრფიალებისა-გან მისისა ბოროტისა წმიდაჲ რიფსიმე და სხუანი იგი მისთანანი, აღივსო უნუგეშინისცემოითა მწუხარებითა, და წარავლინნა კაცნი ყოველთა ადგილთა მოძიებად მათდა.

მაშინ მოიწივნეს მოციქულნი-იგი კეისრისანი წინაშე თრდატ სომეხთა მეფისა, და მოართვეს წიგნი კეისრისა, რომელსა წერილ იყო ესრეთ: "თჳთ-მპყრობელი კეისარი, საყუარელსა ძმასა და მეგობარსა და თანა-მოსაყდრესა ჩემსა თრდატ, გიკითხავ: უწყებულ იყავნ ძმობაჲ შენი და თანა-შემწეობაჲ, რომლისა-თჳს იგი პირველად გვევნების შეცთომილისა-მის ქრისტეანეთა ნათესავისა. რამეთუ ყოვლადვე შეურაცხ იქმნების ჩვენი უფლებაჲ მათის-გან კრებულისა, და საწუნელ არს ჩვენი ჴელმწიფებაჲ მათ-გან. რამეთუ იგინი ჯუარ-ცმულსა ვისმე მომკუდარსა ჰმსახურებენ. და ძელსა თაყუანის-ცემენ, და თავისა მათისა სიკუდილსა უფლისა მათისათჳს დიდებად შეირაცხებენ. და არა ეშინის ჰურიათა-გან, და მოკლულისა მის-გან ჰურიათა-გან და ჯუარ-ცმულისა ეშინის და შეცდომილ არიან: მეფეთა აგინებენ. ღმერთთა შეურაცხ-ჰყოფენ, და ძალსაცა მზისასა, მთოვარისასა და ვარსკულავთა ნათლისასა არად შეჰრაცხიან, არამედ შექმნულად იტყვიან მათ ჯუარ-ცმულისა-მის მიერ, და ესრეთ მიაქციეს ქუჱყანაჲ ვიდრემდის მამანი დედათაგან, და დედანი მამათა-გან ცოცხალვე განაშორნეს: დაღაცათუ დიდითა ქადაგებითა და ფრიადითა სატანჯველითა მოვსწყვედენით, არამედ კვალადცა უფროსად განმრავლდეს: ხოლო აწ შემემთხვია მე ხილუაჲ ნათესავისა მათისაგანისა, ქალისა ერთი ჭაბუკისა, და განვიზრახე მოყვანებაჲ მისი ცოლად ჩემდა, ხოლო მას არცაღათუ ვითარცა მეფისა უთქუა გულ-მან სურვილად ჩემად, არამედ საძულელად და არაჲ-წმიდად შემრაცხეს მე, რომლითაცა მეოტ იქმნნეს ფარულად ჩემ-გან და კერძოთა ქუჱყანისა შენისათა წარმოსრულ არიან: უწყებულ-იყავნ შენდა, ძმაო ჩემო, და მოიძიენ იგინი და ჰპოვნე-რაჲ მისთანანი-იგი სიკუდილითა მოაკუდინენ: ხოლო რომელი იგი მათ შეაცთუნეს, შუჱნიერი-იგი ხატითა და სახელით რიფსიმე, ჩემდავე წარმოავლინე: და უკეთუ შენ გთნდეს იგი, თავისა შენისა-თჳს იგულე, რამეთუ არაჲ იპოვო სხუაჲ მსგავსი მისი იონთა სოფელსა შინა, და ცოცხლებითმცა იყოფები შენ მსახურებასა შინა ღმერთთასა:“

ხოლო აღმოიკითხა-რაჲ თარდატ ბრძანება ესე კეისრისა. მყის იწყო მოსწრაფებით ძიებაჲ მათი, და ჰპოვნა-რაჲ საწნეხელთა-მათ შინა პირველ -ხსენებულთა, და იხილარაჲ რიფსი მე, აღივსო ტრფიალებითა გულის-თქმისათა და სიხარულითა დიდითა, და დაამტკიცა მოყუანებაჲ მისი ცოლად მისდა. ხოლო ურჩ-ექმნა რაჲ თარდატს საქმისა ამის-თჳს წმიდაჲ რიფსიმე, მაშინ იწამა იგი მის მიერ წამებისა ღუაწლითა, მის თანა გაიანეცა, დედა-მძუძე იგი მისი და სხუანი მრავალნი მათთანანი, ვითარცა-იგი წერილ არს წიგნსა -მას წამებისა მათისასა, მოქცევასა შინა სომეხთასა, რამეთუ თრდატ მეფე, განგებით ღვთისათა, ეშვად შეიცვალა: ხოლო რომელნიმე მათგანნი წმიდანი დაიმალნეს და ივლტოდეს, რომელთა-თანავე მაშინ ესე წმიდაჲ ნინო დამა ლულ იქმნა. ეკალთა შორის ვარდისათა, რომელი-იგი ჯერეთ არღა-რა გამომღებელ ქმნილ იყო ყვავილისა ჟამსა, და ესრეთ დამალულ რაჲ იქმნა წმიდაჲ ნინო, და იხილა მუნით-გამო, სახითა მთავარ-დიაკუნისათა. შთამომავალი ზე-ცით ნათლისა ოლარითა მოსილი, და მპყრობელი სასაკუმევლისა ჴელთა მისთა, რომლისაჲ კუამლისა-სახე სუნნელებაჲ დაჰფარვიდა ცათა. და კვალად იყო მისთანა სიმრავლე ერთა ზეცისათა, რამეთუ მას ჟამსა განეყვოდეს ჴორცთა-გან სულნი. წმიდათა მათ მოწამეთანი, რომელნი-იგი შეიერთნეს ბრწყინვალეთა-მათ ზე-ცისათა ძალთა, და ესრეთ ცად მიმართ აღიწეოდა: რომელი ესე იხილა-რაჲ ესრეთ წმიდა-მან ნინო, ღაღად-ჰყო ესრეთ. "უფალო, უფალო. რად დამიტევებ მე შორის ასპიტთა იქედნეთა:“ მაშინ ჴმა ესმა ზეგარდამო, რომელი ეტყოდა, ვითარმედ "ესრეთვე იყოს შენიცა წარყუანებაჲ სასუფეველად, წინაშე ღვთისა. ჟამსა-ეგე ეკალი, რომელ არს გარემოს შენსა, ყოველივე იქმნეს ვარდის ფურცელი სურნელი. არამედ აღჰსდექ და ვიდოდე ჩრდილოთ კერძო, სადა-იგი ფრიად არს სამკალი, ხოლო მუშაკ ყოვლად არა:“

ამისსა შემდგომად წარმოვიდა მუნით წმიდაჲ ნინო, და მოიწია ორბანთად, საზღუართავე სომხითისათა, და მუნ დაიზამთრა ჭირთა შინა მრავალთა, და თვესა მეოთხესა მარტით-გან რომელ-არს ივნისი, წარმოემართა და მოიწია მთათა ჯავახეთისათა, სადა-იგი მიემთხვია ტბასა დიდსა გარდამომდინარესა, რომელსა ეწოდების ფარავნა: ხოლო მიხედნა რაჲ მუნით და იხილნა მთანი ჩრდილოსანი, დღეთა-მათ ზაფხულისათა სავსენი თოვლითა და ჰაერითა სასტიკისათა, შესძრწუნდა წმიდაჲ ნინო და თქვა: " უფალო, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემ-გან:“ და და ყო მუნ ორი დღე, და ითხოვა საზრდელი მეთევზურთა-გან ტბასა-მას შინა მონადირეთასა: და რამეთუ მწყემსნიცა იყუნეს ადგილსა-მასვე და ჴმილვიდეს-რაჲ საჴმილავსა ღამისასა სამწყსოსა ზედა მათასა, ხადოდეს იგინი შემწედ და მფარველად მათთა ღმერთთა მათთა, არმაზს და ზადენს, და აღუთქმიდეს მათ შესაწირავთა, "ოდეს მოვიდეთ წინაშე თქუჱნსა მშვიდობითო.“ და ამას იტყოდეს იგინი ენითა სომხურითა, რომელი-ესე ესწავლა მცირედ რაჲმე ნინოსცა. პირველვე ნიაფორისა-გან, და ჰპოვა მწყემსთა-მათ შორის მზრახველი სომხურისა ერთი, და ჰკითხა და ჰრქუა ენითა სომხურითა, ვითარმედ "რომლისა სოფლისანი ხართ.“ ხოლო მან მიუგო და ჰრქუა, ვითარმედ "ვართ ჩვენ დაბით ელარბინით და საფურცლით, და ქინძარელნი, რაბატელნი, და დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ. და მეფენი მეფობენ.“ და ჰკითხა: "სადათ არს მცხეთა.“ ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ვითარმედ "გარდამდინარე ესე ტბისა თანაწარვლის ქალაქსა-მას მცხეთასა:“

ხოლო წმიდასა ნინოს შეუძნდა სიგრძეო გზისა-მის და სიბრტყე მთათა-მათ, რომელი იხილა და ამისთჳს შეძრწუნებულ-მან სულთ-ითქუნა: დაიდუა ლოდი ერთი სასთუნალ და ესრეთ მიიძინა გარდასადინელსა-მას ტბისასა: და ვითარ ეძინა იგი, მოვიდა კაცი ერთი ჩვენებით, ჰასაკითა ზომიერ, ხოლო თმითა ნახევარ-თმოსანი, და მისცა მან წიგნი დაბეჭდული წმიდასა ნინოს და ჰრქუა მიართვი ესე მსწრაფლ ქალაქსა შინა მცხეთას, მეფესა-მას წარმართთასა:“ ხოლო წმიდა-მან ნინო იწყო ტირილად და ჰრქუა მას ვედრებით, ვითარმედ: " მე უფალო, დედაკაცი ვარ უცხო და უმეცარი. არღა მრავლის-მეტყუჱდ მეცნიერ: ვითარ მივიდე უცხოსა ქუჱყანასა და კაცთა-მათ უცხო-თესლთა.“ მაშინ კაც-მან განუჴსნა წიგნი-იგი. და იყო წერილი რომაელებრ, რომელსა ზე და იყო ბეჭედი იესოს ქრისტესი. და წერილ იყუნეს მათ შინა ათნი სიტყუანი, მსგავსადვე ფიცართა მათ ქჳსათა, მოსეს-ზე: მისცა კითხუად წმიდასა ნინოს, და (განიფრთხო წმიდამან, აქუნდა ჴელთა შინა: ხოლო) იყო დასაბამი სიტყუათა მათ ესე.

ა. სადაცა იქადაგოს სახარება ესე, მუნცა ითქმოდის დედა-კაცი ესე:

ბ. არცა მამა-კაცება არს, არცა დედა-კაცება, არამედ თქუჱნ ყოველნი ერთხართ:

გ. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, და ნათელს-ცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისათა:

დ. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა. და დიდება ერისა შენისა ისრაელისა:

ე. და იქადაგოს სახარება ე სე სასუფეველისა ყოველსა სოფელსა:

ვ. რომელ-მან თქვენ შეშეგიწყნარნეს მე შემიწყნარა, და რომელ-მან მე შემიწყნაროს შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი:

ზ. რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა მისსა სიტყუასა ჭეშმარიტსა:

ჱ. ნუ-გეშინინ მათ-გან რომელთა მოსწყუედნენ ჴორცნი თქვენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყვედად:

თ. ჰრქუა მარიამს მაგდანელსა იესო. "წარვედ დედა-კაცო და ახარე ძმათა ჩემთა:“

ი. სადაცა ჰქადაგებდეთ, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა:

ვითარცა წარიკითხნა სიტყუანი ესე წმიდა-მან ნინო, იწყო ვედრებად ღვთისა მიმართ და გულის-ხმა ჰყო, ვითარმედ ზე-ცით იყო ჩუჱნებაჲ ესე. და აღიხილნა თუალნი ზე-ცად და ითხოვა მაღალთა შინა დამკჳდრებულისა და ყოვლისა გარე-შემცველისა ღვთისა-გან შეწევნა მისი, და წარემართა და მიჰყუა მდინარისა-მას ტბისა-გან გარდამომდინარესა, რომელი იგი წარმდინარეობს დასავლით, მერმე კვალად იწყებს აღმოსავალით დინებასა: მიუდგა გზათა ძნელთა და ფიცხელთა, ნახნა ჭირნი დიდნი გზათა-გან და შიშნი დიდნი მჴეცთა-გან, ვიდრე მიწევნადმდე ადგილსამას, რომელსა იწყებს წყალი-იგი აღმოსავლით დინებასა, და მიერით-გან იქმნა ლხინებაჲ მისი. რამეთუ პოვნა მუნ მოგზაურნი, რომელთა თანა მიიწია სანახებსა ქართლისასა, ქალაქსამას რომელსა ეწოდების ურბნისი, სადა იგი იხილა ერი უცხო და უცხოთა ღმერთთა მსახურნი. რამეთუ თაყუანის ცემდეს იგი ღმერთად მათდა ცეცხლსა ქუასა და ძელთა, რომლისა-თჳსცა შეეურვა სულსა ამის წმიდისასა, და შევიდა უბანსა ჰურიათასა, რომელთაცა ზრახჳდა მათ-თანა ენისათჳს, ებრაულისა, რომელსა იგიცა მეცნიერ იყო. და დაყუნა მუნ თჳსა ერთისა დღენი, და განიცდიდა საქმესა და ძალსა მის ქვეყანისასა: ხოლო აღიძრნეს დღესა შინა ერთსა ერნი დიდნი სიმრავლითა მით ქალაქით, წარმავალნი დედა-ქალაქად სამეფოდ მცხეთად, მოვაჭრებად საჴმართა რათამე და ზორვად წინაშე არმაზ ღვთისა მათისა, და წარყვა მათ წმიდაჲვე ნინო: ხოლო ვითარ-იგი მიიწივნეს ქალაქად მცხეთად, და დაისადგურეს მათ წიაღ მოგუთასა, ხიდსა-მას ზედა, იხილა მუნ მოგობა ცეცხლისმსახურთა-მათ ერთა და საცთური, და ტიროდა წმიდაჲ ნინო წარწყმედასა-მას ზედა მათსა, და იგლოვდა უცხოებასა თჳსსა: და აჰა ხუალისა დღე იყო ჴმა ოხრვისა და საყჳრისა, და ზარი საშინელი, და გამოსლუა ერისა ურიცხვისა, ვითარცა ყვავილთა ველისათა, და ზარი საშინელი გამოვიდოდა, ვიდრე გამოსულადმდე მეფისა: და ვითარ-იგი მოიწია ჟამი, იწყო სივლტოლაჲ და მი- მოდაბნევაჲ ყოვლისა კაცისა, შიშისა-გან შეივლტოდეს და დაიმალვოდეს საფარველს შინა თჳსსა: და აჰა მყის გამოვიდა ნანაჲ დედოფალი, და შემდგომად მისსა გამოვიდა სიმრავლე ერისა ნელიად, და შეამკუნეს ყოველნი გზანი-იგი და ფოლორცნი, და სამოსელთა მიერ თჳთო-ფერთა ფურცელითა-გან ხეთასა: მერმეღა გამოვიდა მეფე მირიან, საზარელითა და თუალშეუდგამითა ხილვითა, და იწყო ყოველ-მან ერმან ქებად მეფისა: და ჰკითხა წმიდა-მან ნინო დედაკაცსა ვისმე ჰურიასა, ვითარმედ "რაჲ არს ესე.“ ხოლო მან ჰრქუა ღმერთი ღმერთთა არმაზ უწესს მათ წინაშე მისსა აღსლუად, რომლისა მსგავს არა არს სუა კერპი:“ და ეუწყა-რაჲ წმიდასა ნინოს, აღვიდა ხილვად კერპისა მის არმაზისა, ერის-მის-თანა. რომლითა აღივსნეს მთანიიგი და გან1-30 სტრ., 74 აშვენებდეს დროშათა მიერ და სამკაულითა, ვითარცა ყვავილნი ველისანი: და შეუსწრო წმიდა-მან ნინო ციხედ არმაზად, და დადგა იგი მახლობელად კერპისა-მის ნაპრალსა ზღუდისასა, და ხედვიდა საკჳრველებასა მიუწდომელსა და ენითა გამოუთქმელსა, ვითარ-იგი იყო შიში და ძრწოლაჲ ზარისა აღსაჴდელი მეფეთა-მათ და ყოვლისა ერისა, წინაშე კერპთა-მათ წარდგომილთა: რამეთუ იხილა მუნ წმიდა-მან ნინო. მდგომარე კაცი ერთი, სპილენძისა, რომელსა ეცუა ტანსა მისსა ჯაჭვი ოქროსა, და თავსა მისსა ჩაფხუტი ოქროსა, სამჴრენი და თუალნი მისნი იყუნეს ზურმუხტისა და ბივრიტისანი, და ეპყრა ჴრმალი ჴელსა მისსა, ელუარე და ბრწყინუალე, რომელი-იგი იქცეოდა ჴელსა შინა მისსა, და შიშითა მისისა მიმთხუჱვისა და სიკუდილისა მისმიერითა, არა-ვინ განუკრძალველად შეემთხუჱოდეს კერპსა-მას, არამედ ესრეთ განიკითხის თავი თჳსი და თქუის: ჶი ჩემდა უკეთუ დასამევაკლდი დიდებასა დიდისა ამის ღვთისა არმაზისსა, ანუ შესამევსცეთ სიტყუად ებრაელთა თანა, გინა მოგუთა თანა სმენას, ოდენ დამთხუჱულ იყო მზისა მსახურთასა, და მათსა რომელნი-იგი იტყუიან უმეცრებით დიდსა ვისმე ღმერთსა და ძესა ღვთისა ზე-ცათასა. და იპოოს რაჲმე ესე-ვითარი ბიწი, დამცეს მე მახჳლი მისი, რომლისაგან ეშინის ყოველსა და ქუჱყანასა: და ესრეთ წინასწარვე განკითხჳთა, თავთა თჳსთათა, შიშითა და ძრწოლით თაყუანის-ციან მას:

და კვალად იყო მარჯვენით მისსა სხუაჲ კერპი ოქროსა, სახითა კაცისათა, მდგომარე, და სახელი მისი გაცი, და მარცხენით მისა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ: რომელნი იგი ღმერთად უჩნდენ ერთა-მას ქართლისასა: მაშინ, ვითარ იხილა ნეტარ-მან ნინო. იწყო სულთქმით და ცრემლით ტირილად ღუთისა მიმართ ცთომითა-მათ -თჳს. ქუჱყანისა ჩრდილოსათა, და მიფარვისა მათ-გან. ნათლისა, და უფლებასა მათ-ზედა ბნელისა-თჳს: რამეთუ მიხედნა მეფეთა-მათ დიდ-ძალთა და ყოველთა მთავართა, რომელნი -იგი. ცოცხლივ შთაენთქნეს ჯოჯოხეთს, დაეტევათ დამბადებელი, და ქუათა და ძელთა, სპილენძსა და რვალსა განჭედილსა ღმერთად თაყუანისცემდენ, და ესენი იცნობებოდეს ყოვლისა შემოქმედად: და მოეხსენა წმიდასა ნინოს მაშინ სიტყუაჲ იგი, რომელი ამცნო დედის ძმა-მან მის-მან იობენალ პატრიაქ-მან ღირს-მან, წმიდა-მან, ესრეთ, ვითარმედ "მამა-კაცსა სრულსა წარგავლინებ, და მიწევნად ხარ ქვეყანასა უცხოსა და ნათესავთა: დარგველ ზეველი, ბარკადულ, რომელ არს ბრანჯულად, კაცთა ღვთის მბრძოლთა და მჴდომელთა:“ მაშინ აღიხილნა ზე-ცად მიმართ და თქუა: " უფალო მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს მტერნი შენნი, და მრავლითა სულ-გრძელებითა შენითა იქმენ, რასაცა იქმან, და მოიგონებენ ყოველსა მტვერებრ და ნაცრებრ, განქარვებადნი-ესე ქუჱყანასა ზედა. არამედ ნუ უგულებელს-ჰყოფ რომელი შექმნეს ჴელთა შენთა კაცი ხატად შენდა. და რომლისათჳსცა ერთი სამებისაგანი განჰკაცენ და აცხოვნე ყოველი სოფელი, და მოხედენ წყალობით ამათცა ზედა ნათესავთა და შეჰრისხენ სულთა ამათ ბოროტთა და უჩინოთა, სოფლისა მპყრობელთა, მთავართა ბნელისათა, და შთაჴდენ ადგილთა ძნელთა, და მიჩვენე მე უფალო, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მჴევალსა ამას შენსა და ნაშობსა მონათა შენთასა, რომელ იხილონ ყოველთა კიდეთა ქუჱყანისათა მაცხოვარებაჲ შენი, და რათა ჩრდილო ბღუარსა თანა იხარებდეს, და ყოველ-მან ერ-მან მხოლოსა ღმერთსა თაყუანის-გცენ. ქრისტეს იესოს მიერ ძისა შენისა, რომელსა შვენის მადლობაჲ, და დიდების მიცემაჲ უკუნისამდე:“

და ვითარცა დაასრულა ლოცუა ესე წმიდა-მან ნინო, მყის წამის-ყოფა საღმერთოთა აღდგეს დასავლით ქარნი, და ჰაერნი ღრუბელთა თანა ხილჳთა საშინელითა და ჴმითა ზარისა აღსაჴდელისა ქუხილისათა, და მოჰბერნა ნიავ-მან მზისაჲ დასავლისა-მან სული ჯერკუალი, სიმწარისა სიმყრალისა, რომელი -ესე იხილა-რაჲ სიმრავლე-მან ერისა-მან მათ- ზედა მომავალად, მაშინ იწყეს მსწრაფლ სირბილად, შელტოლუად ქალაქთა და სოფელთა თჳსთა, და რამეთუ მცირედ დრო-სცა ღმერთ-მან ვიდრე განრინებადმდე თავთა მათთა და ყოფად ამისსსა, რათამცა შეესწრნეს იგინი მომსრველსა-მას საყოფელთა შინა თჳსთა. და ვითარ განიბნივნეს იგინი ყოველნი, მეყუ- სეულად მოიწია რისხჳსა იგი ღრუბელი, მწარედ სასტიკი, და მოიღო სეტყუა სწორი ქვისა, ორთა მიერ ხელთა მძლედ ძლით სატყორცებელი, ადგილსა-მას ოდენ ზედა, საყოფელსა კერპთასა, და შემუსრვით დააწულილნა იგინი. და დაარღვივნა ზღუდენი-იგი ქარისა მიერ სასტიკისა, და შთაიბნივნეს იგი კლდეთა ნაპრალთა -მათ შინა. ხოლო წმიდაჲ ნინო ეგო უვნებლად, დაცული ადგილსა-მასვე, სადა იგი პირველ შესრულ და მდგომარე იყო:

ხოლო დღესა მეორესა გამოვიდა მირიან მეფე და ყოველი-იგი ერი, ძიება ღმერთთა მათთა, და არა ჰპოებდეს რომლისა-თჳს იგი დაეცა მათ შიში და ძრწოლა, და განკჳრვება-მან შეიპყრნა, და უმრავლესნი-იგი ერნი იტყოდეს გულ -ფიცხელნი, მიუდრეკელნი ესრეთ, ვითარმედ "ქალდეველთ ღმერთი ითრუჯან და ჩვენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე ურთიერთარს მტერ არიან. რამეთუ ამან ოდესმე მათ -ზედა ზღუაჲ მოაქცია, და აწ მან შური იძია და მოაწია, ესე ამას -ზედა: "ხოლო რომელნიმე ესრეთ იტყოდეს, ვითარმედ "რომლისა ღმერთისაჲ ძალითა თრდატ, სომეხთა მეფე ეშვად შეიცვალა, და კვალად ეშვისა-გან კაცადვე მოაქცივნა, მან უკუჱ ღმერთ-მან ჰყო და მოაწივნა ესე რისხუაჲ თჳსი მათ-ზედა.“ და ამას ესე-ვითარსა იტყოდეს, ამისთჳს მაშინ, რამეთუ ვინათ-გან მეფე თარდატ ქრისტეს ძალითა ეშვად გარდაქცეულ იყო და ძალითავე ქრისტესითა კვალად კაცადვე შეცუალებულ იყო, მიერით-გან ქება-დიდებაჲ ქრისტესი არღა-რა ფარულად ითქმოდა ქართლს შინა. რამეთუ მადლსა ღუთისასა ეწყო მიფენაჲ აღმოსავლეთს:

ხოლო მასვე დღესა რისხჳსა და კერპთა შემუსრვისასა დასცხრა სეტყვაჲ-იგი და ქარი სასტიკი. მაშინ გამოვიდა წმიდა ნინო კლდისა-მის-გან ნაპრალისა და პოვა თუალი იგი ბივრიტი, აღიღო და წარმოვიდა წინა-კერძო დასასრულსა-მას კლდის ცხჳრისასა, სადა იგი ყოფილ იყო ძველადვე ციხე და ქალაქი, და იხილნა მუნ მდგომარედ ხენი ერთნი, რომელთა ბრინჯ უწოდიან, მაღალნი, შუენიერნი და რტო-მრავალნი, სადა იგი ყოფილ იყო ბარტამ მეფის საგრილი და განსასვენებელი, და მივიდა ხესა-მას ქუჱშე გამოსახა სასწაული ქრისტეს ჯვარისა, და აღასრულნა მუნ დღენი ექუსნი, მადლობით და ვედრებით ღუთისა მიმართ, წყალობით მოხედვისათჳს და ხსნისა ერისა-მის ეშმაკთა შეცთომილისა: ხოლო ოდეს იქმნა კერპთა შემუსრვაჲ, იყო თვე მარტით-გან მეექუსე აგვისტოსი, და დღე მეექუსე, რომელსა შინა ფერი-იცვალა ქრისტემან, წინაშე თავთა -მათ წინასწარმეტყველთა და მოწაფეთა თჳსთასა:

და ვითარ იგი ვთქუ იყოფებოდა-რაჲ წმიდა ნინო საფარველსა-მას ქუჱშე ხეთასა, მაშინ მოვიდა მისდა სეფე ქალი ერთი, სახელით შროშანა, და იხილა მუნ წმიდა ნინო ესრეთ მყოფი, განკჳრდა და ჰკითხა მას, სხვისა მიერ ბერძულ-მეტყუჱლისა დედა-კაცისა, ვინაობაჲ მისი, სხვისა ყოვლისავე თანა საქმისა მისისა. რომელი-იგი აუწყა-რაჲ ყოველივე ნინო, თჳნიერ უწყებასა მშობელთა თჳსთასა, და იჩემა ტყუჱობა თავისა თჳსისა, მაშინ შროშანა თანალმობილი და მოწყალე ქმნილი უცხოებისა-თჳს მისისა, ცრემლით აიძულებდა წმიდასა ნინოს წარსლუად მის-თანა, სახიდ სამეუფოდ, რომელი-ესე არა ინება წმიდა-მან ნინო, არამედ განეშორა და წარვიდა მის-გან შროშან: და შემდგომად სამთა დღეთა აღდგა მუნით, განვლო მტკუარი და მიიწია სამოთხესამას მეფისასა, სადა იგი აწ არს სუჱტი იგი ღვთივ-აღმართებული და ეკკლესიაჲ საკათალიკოზო, და იხილა მუნ სახლი მცირე სამოთხისა-მის მცველისა, და შერავიდა მას შინა იხილა და მოეგება დედა-კაცი ცოლი სამოთხის მცუჱლისა მის, სახელით ანასტოსია და მოწლედ ამბორისყოფითა შეიტკბო, ვითარცა მრავალ-ჟამით-გან მეცნიერ-მან და მეგობარ-მან, დაბანნა ფერჴნი და განუსვენა ცხებითა ზეთისათა, და დაუგო პური და ღვინო.

დაჰყუნა მის-თანა წმიდა-მან ნინო დღენი და ჟამნი ცხრათა თვეთანი: ხოლო იყუნეს ესე ანასტასია და ქმარი მისი უშვილო, რომლისა-თჳს ფრიად მწუხარე იყუნეს იგინი: მაშინ იხილა წმიდა-მან ნინო ჩვენებასა შინა ძილისასა კაცი ნათლით-შემოსილი, რომელი ეტყოდა, ვითარმედ "შევედ სამოთხესა მაგას, და ჰპოო ქვეშე-კერძო ნაძუთასა. მცირე ბაბილო შემზადებული გამომღებლად ყვავილთა სურნელთა, და აღიღე მიწაჲ ადგილისა-მის-გან და ეც ჭამად მეუღლეთა მაგათ და ესვას შვილი:“ ხოლო წმიდა-მან ნინო ულოცა და სცა ჭამად ცოლ-ქმართამათ, ჩვე- ნებით უწყებისა-მის-ებრ. და შუნეს მათ ძე და ასულები მრავალ, რომლისა-თჳსცა ჰრწმენა მათ ქრისტე, ნინოს მიერ, და დაემოწაფნეს მას ფარულად: ხოლო წმიდა-მან ნინო შემდგომად ცხრათა-მათ თვეთასა, რომელნი დაეყუნეს სამოთხისა მცველთა-მათ თანა, ჰპოვა გარეგნით ზღუდეთა-მათ ქალაქისათა ქოჩი ერთი ბრწამალი, სახედ ტალავარისა მცირისა, მაყვალთა მიერ შემზადებლი, განგებითა ღვთისათა, ადგილსა-მას სადა-იგი აწ არს. საკურთხეველი ზემოჲსა ეკლესიისა სამთავარეპისკოპოზოჲსა, და ჰყო საყოფლად განსასუჱნებლად თჳსად. და აღმართა მუნ შინა ჯუარი თჳთ მის-მიერ-შემზადებული ნასხლევთა-გან ვაზთასა, რომლისა წინაშე განათევნ იგი ღამესა მარადის მღვიძარებითა, და ეგრეთვე შეღამებენ დღეთა დაუცხრომელად ლოცვითა, მარხჳთა და ვედრებითა ღვთისათა, და განკჳრვებულნი სიმრავლესა ზედა ამას ღუაწლთა მისთასა, ჰმასახურებდეს მას მეუღლენი-იგი მცველნი სამოთხისა-მის მეფისანი. და ესრეთ მუნ მყოფი იგი წმიდა ნინო. მრავალ-გზის მივალნ უბანსა მას ურიათასა, ენისა-თჳს ებრაულისა. და გამოძიებისა-თჳს კუართისა-მის უფლისა, რომლისა- თჳს იგი ესმინა იერუსალიმს ნიაფორისა-მის-გან, ვითარმედ "წარმოუღიაო იგი მცხეთელთა-მათ ჰურიათა“, რათამცა ყოვლით-კერძოვე სცნა, და ეუწყა მას კვართისა-მის ვითარებაჲ: მაშინ ჰპოვა მან ურია ერთი სახელით აბიათარ, მღუდელი, და ასული მისი სიდონია, და უქადაგა მათ სახარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელთაცა-იგი ჰრწმენა და დაემოწაფნეს მას, და მათ-თანა სხუანიცა დედანი დაემოწაფნეს ჰურიანი, რიცხჳთ ექუსნი, სწავლასა-მას წმიდისა ნინოსსა, თჳნიერ ნათლის-ღებისა, რამეთუ არაჲ იყო მას ჟამსა მღუდელი, რათამცა ნათელ-ეცა მათ. და იყუნეს იგი ფარულად მოწაფე მისი: და აღასრულებდა ღმერთი ჴელითა წმიდისა ნინოსითა საკჳრველებათა და კურნებათა მრავალთა. რამეთუ რეცა-თუ მიზეზითა წამალთა ხმარებისათა მრავალნი განკურნებულთა სენთა-გან შეპყრობილნი განათავის- უფლნა უძლურებათა-გან მათთა. და ესრეთ იქცეოდა -რაჲ ქალაქსა-მას შინა მცხეთას წმიდა ნინო, ჟამთა სამისა წლისათა, მათ დღეთა შინა იქმნა შესვლა მირიანისი და ძმის წულისა მისისა, დიდისა სპარსთა მეფისა, საბერძნეთად. რომელნი-ესე კოსტანტინე, მეფე-მან ბერძენთა-მან, აოტნა ძალითა ქრისტესითა და ჯუარისა მისისა წინა-მძღრობითა, ყოვლით სპითურთ მათით:


თქმული აბიათარ მღუდელისა. რომელი დაემოწაფა წმიდასა და ნეტარსა ნინოს:
[edit]

"მე აბიათარ მღუდელი ვიყავ წილით ხვედრებული მის წელიწდისა, ოდეს წმიდაჲ ესე და ნეტარი ნინო მოიწია მცხეთად, და მასვე უკუჱ ჟამსა მოწევნულ იქმნა ჩემდა წიგნი ანტიოქით ურიათა-გან მღუდელთა, რომელსა შინა წერილ იყო ესრეთ, ვითარმედ "განხეთქა ღმერთმან სამ ნაწილად მეფობაჲ ისრაელისა. რამეთუ აჰა ესე-რა წინასწარ-მეტყუჱლნი ჩვენნი დასცხრეს, და რომელსა სული ღვთისა აწვევდა მათ და თქვეს აღესრულა ყოველივე, და განვიბნიენით ჩვენ ყო ველსა ქუჱყანასა, და ჰრომთა დაიპყრეს ქუჱყანაჲ ჩვენი: ურიანი ვტიროდით ჩვენ ერითურთ, დღეს, რამეთუ განვარისხეთ შემოქმედი ღმერთი: აწ განიხილენღა შენ წიგნნი-იგი მოსესნი და სიტყუაჲ-იგი რომელი მან დამიწერა ესრეთ, ვითარმედ რომელი იტყოდის თავსა თჳსსა ქუჱყანასა ზედა ძედ ღვთისად მოაკუდინა: ანუ შეუკუევსცეთით ნაზარევლისა-მის-თჳს იესოს სიკუდილისა, რამეთუ ვხედავთ, ოდეს პირველ მამათა ჩვენთა შესცოდიან -რაჲ ღვთისა და ყოვლად დაივიწყიან იგი, მაშინ მისცნის იგი ჴელ-მწიფებასა ქუჱშე ძნელსა და ტყუჱობასა ბოროტსა. ხოლო მოიქციან-რაჲ და ღაღად-ყვიან ღვთისა მიმართ, სწრაფით განარინნის იგი ჭირისა-მისგან: ესე ესრეთ ყოფადი და აღსრულებადი შვიდ-გზის უწყით წერილისა-გან: ხოლო აწ ვი- ნათ-გან ჴელნი შეასხნეს მამათა მათ ჩვენთა ძესა მის მწირისა დედა-კაცისასა და მოკლეს იგი, აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა მისისა ჩვენ- ზედა და განხეთქა მეფობაჲ ჩვენი, განგვაშორა ტაძარსა თჳსსა წმიდასა, და უგულებელს ყო ნათესავი ჩვენი სრულიად, და არს მით ჟამით-გან სამ-ასი წელიწადი და უმეტესცა, რომელ არა ისმინა ვედრებაჲ ჩვენი, და არცაღა ყო ლხინებაჲ ჩვენი, რომლისა-თჳს საგონებელ გვიჩნს ჩვენ, ვითარმედ ნუ უკუჱ ზე-ცით იყო კაცი იგი:“ და განმრავლეს მათ ესე-ვითარისა პირისა-თჳს მოწერა ჩვენდა:

"ხოლო მე ვითარცა მესმა ესე, ვიწყე კითხუად დედა-კაცისა მის ნინოსა-გან ქრისტესთჳს, თუ ვინ იყო იგი, ანუ რომლისა მიზეზისა-თჳს იქმნა კაცად ძე ღვთისა: მაშინ აღიღო პირი თჳსი წმიდა-მან ნინო, ვითარცა-რაჲ ჯურღმულ-მან აღმომდინარე-მან, და იწყო სიტყუად დასაბამით-გან წიგნთა ჩვენთა ზე-პირით წარმოთქმად და განმარტებად ძალსა მათსა, რომლითაიგი ვითარცა მძინარესა განმაღვიძებდა მე, და ვითარცა დასულებულსა გონიერმყოფდა მე და მამათა ჩვენთა შემაწყალებდა, და მარწმუენებდა ცუალებასა სჯულისასა, ვიდრემდის მრწმენა მე სიტყვითა მისითა, იესო ქრისტე ძე ღვთისა ვნებულად და აღდგომილად და კვალად მომავალად დიდებით, და ვითარმედ ჭეშმარიტად იგი არს მოლოდება წარმართთა: და ღირს ვიქმნენით, მე და შვილი ესე ჩემი სიდონია, მოღებად საპკურებელსა-მას განსაწმედელსა ცოდუათა-გან წყალსა ემბაზისასა, რომელსა ინატრიდა წინასწარმეტყუჱლი დავით, და ვერ ეწიფა: და მესმა მე ჴმაჲ ახლისა სჯულისა ერთად მგალობელთა, რომელსა-იგი დავით ინატრიდა, და ღირს ვიქმნეთ ზიარებად ჭეშმარიტსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს, ძისა ღვთისასა, და კრავსა ცოდუათა-თჳს სოფლისათა შეწირულსა, რომლისა ტკბილ არს გემოს ხილუაჲ-მისი, და ამას-ზედა სარწმუნოება ჰყავ უფალო, განსლუაჲ ჩემი, ჴორცთა-გან ჩემთა: კვალად სხუანიცა მრავალნი სასწაულნი ვიხილენ თუალითა ჩემითა, მცხეთას შინა, ნინოს მიერ აღსრულებული დღეთა ჩემთა:


მეორე თქმული მისვე აბიათარ მღუდელისა კუართისა-თჳს უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტესა:
[edit]

"მე აბიათარ მიგითხრობ თქუჱნ თხრობასა-მას, რომელი მეუწყა და ყურითა ჩემითა ვისმინე, მამის დედისა ჩემისა-გან, და რომელი წიგნთა-განცა უწყი. რამეთუ მათცა პაპათა და მშობელთა-გან თჳსთა მოთხრობით და სმენით უწყოდეს: ოდეს-იგი მეფობდა ჱეროდე იერუსალიმს, მას ჟამსა შინა გვესმა ესრეთ, ვითარმედ "იერუსალიმი სპარსთა დაიპყრესო.“ რომლისა-თჳს იქმნა გლოვაჲ და წუხილი ჰურიათა ზედა ქართველთა, მცხეთელთა მკჳდრთა, ბოდელთა მღუდელთა, კოდის-წყაროელთა მწიგნობართა, და სობის კანანელთა თარგმანთა. რომლისა-თჳსცა ესე ყოველნი აღიძრნეს წარსლუად და შეწევნად იერუსალიმელთა: ხოლო შემდგომად მცირედთა დღეთა სხუაჲ მოიწია ღაღადისი ნუგეშინის-ცემისაჲ, ვითარმედ "სპარსნი-იგი არაჲ დაპყრობად იელუსალისა მოვიდეს, არამედ საჭურველთა-წილ აქუნდა ოქრო სამეუფო. და მური მსწრაფლ მკურნალი წყლულებისა, და გუნდრუკი სურნელი, და ეძიებდეს ყრმასა ვისმე, შობილსა თესლისა-გან დავითისაჲ, რომელ რეცა პოვეს მწირი ერთი ყრმაჲ, მწირისა დედა-კაცისაჲ, შობილი უჟამოდ, უადგილოსა ადგილსა, ვითარცა არს ჩვეულებაჲ გარე-გან დაბისა მდგომარეთა კაცთა, და ესენი მის ყრმისაჲ მოვიდეს, და შესწირეს მისსა ძღუჱნი-იგი მშვიდობით:“ და იქმნა სიხარული დიდი სმენითა ამის ჰამბავისათა ურიათა ზედა ქართუჱლთა:

ხოლო შემდგომად გარდაჴდეს-რაჲ წელნი ოც-და-ათნი, მაშინ მოწერა ანნა მღუდელმან იერუსალიმით, მამისა ჩემისა ელიოზის-თანა ესრეთ, ვითარმედ "იგივე რომლისათჳს სპარსნი მეფენი ძღუნითა მოვიდეს, აღზრდილ არს და ჰასაკსა ზომისასა მიწევნულ არს იგი, და თავსა თჳსსა ძედ ღვთისად ხადის. აწ მოვედით ყოველნი სიკუდილსა მისსა, რათა აღვასრულოთ მცნება მოსესი: და წარვიდა აქათ ელიოზ, მამის მამა ჩემი, კაცი მოხუცებული, და ესვა მას დედაჲ ტომისა-გან ელი მღუდელისა, და ესვა მას დაჲ ერთი. და ევედრებოდა ელიოზს დედაჲ მისი ესრეთ. "წარვედ შვილო, წოდებასა-მას მეფისასა და წესსა სჯულისასა, გარნა რომელსა-იგი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობაჲ შენი, შვილო ჩემო, რამეთუ იგი არს სიტყუაჲ წინაწარ-მეტყველთა, და იგავი ბრძენთა, და საიდუმლო დაფარული პირველთ-გან, და წარმართთა ნათელ, და ცხოვრებაჲ საუკუნო: და წარვიდა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, და მუნ და ხუდეს ჯუარ-ცმასა უფლისა ქრისტეს: ხოლო რა-ჟამს-იგი დამსჭუალვიდეს უფალსა ჯუარსა ზედა და ჰასანიგ-მან კვერითა-მით რკინისათა სცა სამსჭუალთა-მათ-ზედა უფლისათა იერუსალიმს, მაშინ ესმა ჴმა სამსჭუალთა მათ-გან გამოსრული დედასა ელიოზისასა, მყოფსა მცხეთას შინა, და მეყუსეულად იკრჩხილნა და თქუა: "მშვიდობით, მეფობაო ურიათაო, რამეთუ მოჰკალით თავისა თქუჱნისა მაცხოვარი და მხსნელი, და იქმნენით ამიერით-გან მკლუელ და მესისხლე შემოქმედისა: ვაჲ თავსა ჩემსა, რომელ არაჲ მეუფლა უწინარესვე ამისსა სიკუდილი, რათამცა არღა-რა სმენილიყო ყურთა ჩემთა, და არცაღა შემდგომად ამისსა ღირს-ვიქმენ მე ხილუად ნათლისაჲ წარმართთა ზედა, და მშვიდობაჲ ისრაელსა:“ და მყის შეისვენა რაჲ სრულ ყო სიტყუაჲ ესე:

"ხოლო კუართი იგი უფლისა ხუდა წილითა მცხეთელთა-მათ ურიათა, და მოიღო იგი მცხეთად ელიოზ: და მიეგებაჲ დაჲ მისი ცრემლთა მიერ შესვარული, და მოეხვია ყელსა ძმასა თჳსსა ელიოზს, და მოუღო მას სამოსელი-იგი იესოსი, შეიტკბო მკერდსა თჳსსა, და მყის მეყუსეულად სულნი წარხდეს მასვე ჟამსა, სამთა ამათ ტკივილთა სიმწარითა. ქრისტეს სიკუდილითა, და დედისა თჳსისა, და ზიარებისა-თჳს უარის-მყოფელთა ქრისტესთა ძმისა თჳსისა: მაშინ იყო საკვირველი დიდი და შეშფოთება მცხეთას შინა, რამეთუ განკჳრდა თჳთ დიდი მეფე ადერკი და ყოველი სიმრავლე ერისა და მთავართა. და სთნდა მეფესა ადერკის სამოსელი იგი, გარნა საკჳრველებისა-მის-გან ზარ-განხდილ და შეშინებულ იქმნა იგი, და ვერღა-რაჲ იკადრა გამოღებად ჴელთა-გან მის მკუდრისათა, რომელსა-იგი მაგრად და სურვილითა შემოემკერდა: და ესრეთ ჴელთავე მქონებელი სამოსლისა უფლისაჲ დამარხა ძმა-მან მის-მან ელიოზ დაჲ-იგი თჳსი, ადგილსა-მას, რომელი უწყის ღმერთმან და არაჲ-ვინ სხუა-მან, თვინიერ ამისა რომელ ესე უწყიან, ვითარმედ არს ადგილი-იგი მახლობელ ნაძვისა-მის, ლიბანით წარმოღებულისა, და მცხეთას დანერგულისა და აღორძინებულისა:

და ესეცა მეუწყა მამისა-გან ჩემისა, ვითარმედ არს სხუაცა, საღმერთოთა ძალითა შემოსილი, მრჩობილი-იგი ხალენი ელიასი, ამას ქალაქსა შინა და ჴელთა ჩვენთა, საკურთხეველისა სიმტკიცესა ქუჱშე ქვათა, უპოვნელად ვიდრე ჟამადმდე მისსა: რამეთუ მრავალ-გზის მოიბირა წმიდა-მან ნინო მამისა მიმართ ჩემისა, რათამცა გამოვიწულიე მის-გან ადგილი-იგი მხურვალედ სამოსლისა-მის: ხოლო მან ესე ოდენ მრქუა ვითარმედ "აქა არს ადგილი-იგი სამარხავი მისიო, რომელსა ზედა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღვთისა მიმართ, და არს ადგილი-იგი ადგილი ვითარცა, იაკობისი, კიბედ ხილული და ზე-ცად აღწევნილი: და შემდგომად წელთა მრავალთასა ძის-წულისა შჳლ-მან ადერკი მეფისა-მან ამზაელ ძიება ყო სამოსლისამის-თჳს, ჰურიათა თანა, და ვერ უძლო პოვნად და ცნობად მისსა, გარნა მასცა ესრეთ მიეთხრა, რომელთაგან ესრეთ გამოიკითხჳდა, ვითარცა ესე-რა ზემოთ ითქუა "ნაძვისა-მის მახლობელად ყოფა ადგილსა-მას, რომელსა დამარხულ იქმნა:“ ხოლო დამარხულ იყავნ ესეცა, ვითარმედ სახლი ელიოზისი, რომელმან კუართი უფლისაჲ მოიღო, და დამარხა მითურთ დაჲ თჳსი, იყო ქალაქსა დასავლით, წიაღ მოგუთასა ხიდსა ზედა:

"მათ დღეთა შინა იხილა წმიდა-მან ნინო ძილსა შინა, ჩვენებით, რომელი იგი მუხლსა თჳსსა ზედა მიყრდნობილ-მან მცირედ რაჲმე მიირულის, რამეთუ ხედვიდა იგი ესრეთ, ვითარმედ რეცა-თუ მოვიდიან მფრინველნი ფრთითა შავნი და შთავიდიან მდინარესა-მას შინა, და განიბანიან, განსპეტაკნიან, და აღვიდიან იგი სამოთხესა-მას შინა პირველ ხსენებულსა ბაბილოვანსა, და მუნ შინა მისთულებდიან ნაყოფსა მისსა და ყვავილთა-მათ იხუმევდიან, და ესრეთ მოწლედ და სურვილით წმიდისა ნინოსდა მოიღებდა რეცა მისი არს სამოთხე იგი, და გარემოს მისსა მოაკრბიან იგი ჟივილითა შვენიერად: ხოლო ესე-რაჲ ესრეთ იხილა წმიდა-მან ნინო, აუწყა მოწაფესა თჳსსა სიდონიას, ასულსა აბიათარისსა, რომლისა-თჳს-იგი მიუგო მან და ჰრქუა წმიდასა ნინოს: "უცხო და აქა არა შობილო ტყვეო, სიტყვისა-ებრ შენისა, და ჩვენ ტყვეთა მხსნელო უწყი, რამეთუ შენ -ზედა მოიწია ახალი ესე ჟამი, და შენ ჟამით ისმეს ჰამბავი-იგი ძველი მამათა ჩვენთა ნაქმარი, ზე-ცისა მის კაცისა უბრალოსა სისხლისა უსამართლოდ დათხევა, რომელთა იქმან ურიათა სირცხჳლი და კიდეთა ქუჱყანისათა განბნევაჲ, მეფობისა-გან დაცემაჲ, და ტაძრისა მის წმიდისა მიღებაჲ მათ-გან ერისა უცხოსა წოდებაჲ და მიცემაჲ მათდა დიდებისა მათისა: იერუსალიმ. იერუსალიმ, ვითარ განგიმარტავნ ფრთენი შენნი და შეიკრებ ყოველთა ცის-კიდითა ნათესავთა ფრთეთა ქვეშე შენთა, რამეთუ აჰა აქაცა მოსრულ არს დედა-კაციიგი რომელმანცა შეუცალოს ყოველი წესი ამის ქუჱყანისა და კვალადცა მიექცა წმიდასა ნინოს და ჰრქუა ესრეთ, ვითარმედ "ჩვენებაჲ ეგე შენი მოასწავებს და ცხად-ჰყოფს ადგილსა ამას შენმიერ სულიერად სამოთხედ შეცუალებასა და საღმერთოთა ნაყოფთა გამომღებარობასა მისსაჲ უკუენისამდე:

ხოლო ვითარ მოვიდა მირიან მეფე საბერძნეთით, ოტებული კოსტანტინე მეფისა-გან და ვიდრე მოსულადმდე მისსა, განცხადა წმიდისა ნინოს ქადაგებაჲ ქრისტეს სჯულისა, რამეთუ იტყოდა იგი ჴმა-მაღლად, ვითარმედ "გპოვენ მკვიდრნი -გე ჩრდილოსანი ცთომასა შინა:“ და გამოეჩინა ჯუარი-იგი ნასხლევისა, და იქმოდა მის-მიერ საკჳრველებათა დიდთა: რამეთუ განჰკურნის განუკურნებელნი თჳნიერ წამალთასა, შეხებითა -მით ჯუარისათა და კვალად ჰქადაგებდეს მისთანავე მოწაფენი მისნი, რომელნი პირველ ფარულად იყუნეს მოწაფე მისდა, რიცხჳთ შვიდნი დედანი, ნათესავნი ჰურიათანი, სიდონია, ასული აბიათარ მღუდელისა, და სხვანიიგი ექუსნი და სამოთხისა მცველნი-იგი ურთიერთას მეუღლენი, და აბიათარ მღუდელი, ახალი იგი პავლე, რომელი უშიშად და დაუცხრომელად ჰქადაგებდა ქრისტეს სჯულსა და ფრიად მეცნიერ იყო ძველისა სჯულისა, და ახალი ესე სჯული ესწავა მას წმიდისა ნინოს-გან, და უმეტეს ნინოსსა ამხილებდა ყოველსა კაცსა და ასწავებდა სჯულსა ჭეშმარიტსა ქრისტესასა: მაშინ აღიძრნეს ჰურიანი აბიათარს ზედა, რათამცა ქუაჲ დაკრიბეს მას: ხოლო მირიან მეფე-მან მიავლინნა მსახურნი, განარინა აბიათარ მოკლვისა-გან ჰურიათასა, რამეთუ აქუნდა მირიან მეფესა სურვილი ქრისტეს სჯულისა, ამის-თჳს რომელ ასმოდეს მრავალნი სასწაულნი ქრისტეს მიერნი, საბერძნეთით და სომხითით. და არაჲ დააბრკოლებდა ქადაგებად ნინოსა და მოწაფეთა მისთა, არამედ ჰბრძოდა მათ მტერი-იგი ყოველთა მიმართ მორწმუნეთა ეშმაკი, და ვერ დაამტკიცებდა აღსარებასა ქრისტესსა. და ეგრეთვე ნანა დედოფალიცა უმეტეს გულ-ფიცხელ და შეურაცხისმყოფელ იყო ქადაგებასა-მას ქრისტეს სჯულისასა ჭეშმარიტსა: ხოლო წმიდაჲ ნინო იყო ესრეთ და ილოცვიდა დაუცხრომელად საყუდელსა-მას მისსა, მაყუალთა ქუჱშე და დაკჳრვებულ იყუნეს წარმართნი-იგი ლოცუასა მისსა და მღვიძარებასა, უცხო უჩნდა საქმე-იგი იწყეს გამოკითხუად მისსა, ხოლო იგი აუწყებდა ძველთა და ახალთა წიგნთა, და განაბრძნობდა უგულისხმოთა-მათ, და შთაუდებდა გულსა მათსა სიყუარულსა ქრისტესსა:

"და იყო ესრეთ სამ წელ, ვინაჲცა განაცხადა ქადაგებაჲ და დაიმოწაფნა მრავალნი: მაშინ იყო ვინმე ყრმაჲ-წული უფლისა მძიმისა სენისაჲ, და მიმოაქუნდა დედასა მისსა კარითი-კარად, რათამცა ვინმე ჰპოვა მეცნიერი კურნებისა, და ჰყომცა სარგებელი მისი. და შეისწავეს იგი ყოველთა, და არა-ოდეს ჰპოვეს სარგებელი კურნებისა ყრმისა-მისთჳს, და მკურნალთა ჰრქუჱს დედა-კაცსა-მას, ვითარმედ "არა-რაჲ სარგებელ ეყჳს ყრმასა მაგას:“ და დედა-კაცი-იგი იყო გულფიცხელი წარმართი, და მარადის სძაგებნ სჯულსა ქრისტიანეთასა, და აყენებდის სხუათაცა კითხუად და მისლუად ნინოსსა. ხოლო ვითარცა სასო-წარკვეთილ იქმნა მკურნალთა მიერ, მოვიდა და დავარდა წინაშე ნინოსსა, და ევედრებოდა კურნებასა ყრმისასა: მაშინ ჰრქუა წმიდა-მან ნინო. "კურნებაჲ რომელი კაცთა-გან არს, მე არა-რაჲ ვყო, ხოლო ღმერთმან ჩვენ-მან, რომელსა მე ვმსახურებ, ქრისტე-მან მისცეს ყრმასა ამას კურნებაჲ, რამეთუ ყოველთა-გან განწირულარს:“ და რომელსა კილიკსა ზედა მარადის ილოცავნ წმიდასა ნინოს მას ზედა დადებად უბრძანა მან სნეული-იგი და იწყო ვედრებად უფლისა, და მასვე ჟამსა განიკურნა ყრმაჲ- იგი განცჳფრებული და მხიარული მისცა დედა

"მაშინ დედოფალი ნანა შევარდა სენსა ფიცხელსა, დიდსა და მწარესა, რომლისა კურნება ვერა-ვინ შეუძლო. რამეთუ ყოველთა ჴელოვანთა მკურნალთა წარმოცალიერნეს წამალნი მათნი, და ვერაჲ შეუძლეს კურნება მისი: უღონო იქმნეს და სასო-წარკუეთილ. ხოლო აუწყეს ვიეთმე დედოფალსა, ვითარმედ "დედა-კაცისა-მის ჰრომისა ტყჳსა მიერ, რომელსა ჰქვიან ნინო, ლოცჳთა მისითა მრავალნი სენნი განიკურნებიან.“ მაშინ უბრძანა მსახურთა თჳსთა, რათა მოიყვანონ ნინო: და მივიდეს მსახურნი დედოფლისანი, და ჰპოვეს ნინო ქოჩსა-მას ქუეშე მაყვალთასა, ილოცჳდა ჟამსა მეექუსესა, და მიუთხრეს ბრძანებაჲ დედოფლისა: ხოლო წმიდა-მან ნინო ჰრქუა. "არა ბრძანებულ არს ჩემდა. სადა ბანაკი ჩვენი არს, არა განვიდეთ მიერ. არამედ დედოფალი აქა მოვიდეს, საყოფელსა ჩემსა ჭეშმარიტსა, და განიკურნოს ძალითა ქრისტესითა:“ ხოლო მსახურთა მიუთხრეს დედოფალსა თქმული-იგი ნინოსი: მაშინ დედოფალი გულსმოდგინედ ეტყოდა მათ. "შემიმზადეთ მე მცხედარი და მიმიყუანეთ მისსა:“ მაშინ წარიყუანეს მცხედრითა მსახურთა-მათ და ძე მისი რევ, და სიმრავლე ერისა მის-თანა: ვითარ მივიდეს საყოფელსა-მას წმიდისა ნინოსსა, და დადვეს დედოფალი კილიკსა მისსა ზედა, იწყო წმიდა-მან ნინო ლოცვად და ვედრებად ღვთისა მიმართ მყოვარ-ჟამ, და მოიღო ჯვარი-იგი რომელი აქუუნდა, და შეახო თავსა, ფერჴთა და მჴართა, სახედ ჯვარისა, და მეყუსეულად განიკურნა, და აღდგა განცოცხლებული: ჰრწმენა ქრისტე და თქვა: "არა არს ღმერთი, თჳნიერ ქრისტესა, რომელსა ჰქადაგებს ტყვე ესე დედაკაცი.“ და მიერით-გან შექმნა იგი მეგობრად თჳსად შინაურად, და მარადის ჰკითხავნ და გამოიწულილვან, სჯულსა ქრისტესსა, და ასწავებს წმიდა ნინო და აბიათარ, ახალი პავლე, და ასული მისი სიდონია და იქმნა დედოფალი მორწმუნე და იცნა ღმერთი ჭეშმარიტი, და ჰკითხჳდა დედოფალსა მეფე: ვითარ-იგი მეყუსეულად განიკურნე და უთხრობდა დედოფალი ყოველსამას რომელი იქმნა მის-ზედა თჳნიერ წამლისა, ლოცჳთა ნინოსითა და შეხებითა ჯუარისათა, განიკურნა და სიმრავლე- იგი ერთა, რომელთა ეხილვა, დაამტკიცებდეს სიტყუასა დედოფლისასა:

მაშინ მირიან მეფე განჰკჳრდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქრისტესსა, და მარადის ჰკითხვან ჰურია ყოფილსა-მას აბიათარს ძველთა და ახალთა წიგნთასა, და იგი აუწყებდა ყოველსა: და წიგნიცა, რომელი აქუნდა მირიან მეფესა ნებროთისი, მასცა წიგნსა შინა პოვა წერილი ესრეთ, აღშენებასა-მას გოდლისასა ჴმა იყო ზე-ცით ნებროთის მიმართ, რომელი ეტყოდა. "მე ვარ მიქელ, რომელი დადგინებულ ვარ ღვთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავლისასა: განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი დაჰფარავს: ხოლო უკანასკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფე-იგი ცისა, რომლისა შენ გნებავს ხილვაჲ, შეურაცხი ერსა შეურაცხსა: შიშ-მან მის-მან განაქარვნეს გემონი სოფლისანი: მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მან გიხილოს ჭირსა შინა, და გიხსნას შენ:“ მაშინ გულის-ხმა ჰყო მეფე-მან მირიან, რამეთუ ძველნი წიგნნი და ახალნი ემოწმებოდეს, და ნებროთის წიგნიცა დაამტკიცებდა: და შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისა, არამედ ჰბრძოდა მტერი-იგი უჩინო, და აყენებდა აღსარებასა ქრისტესსა, გულსა შთაუგდებდა სასოებასა კერპთასა და ცეცხლისასა: არამედ დედოფალი მარადის ევედრებოდა აღსარებასა ქრისტესსა, და იყო მეფე დედოფლისა მოქცევით-გან წელიწდისა ერთისა ორგულებასა შინა:

"ხოლო ასწავებდა ერსა დაუცხრომელად წმიდაჲ ნინო, და არა-ვის აუწყებდა, თუ "ვინ ვარ, ანუ სადათ მოვალი,“ არამედ ტყვედ იტყოდა თავსა თჳსსა: შემდგომად ამისსა მოგჳ -იგი მთავარი სპარსი, სახელით ხვარასნელი იყო, სულითა უკეთურითა ფიცხელად იგვემებოდა, და სიკუ- დილსა მიახლებულ იყო, და იყო მთავარი-იგი ნათესავისა-გან მირიან მეფისა: მაშინ ევედრნეს წმიდასა ნინოს ნანა დედოფალი, და მეფე იხილვიდა საქმესა მისსა მცირედ ორგულებით: ეტყჳნ წმიდასა ნინოს. "რომლისა ღვთისა ძალითა იქ კურნებასა ამას: ანუ ხარ შენ ასული არმაზისი, ანუ შვილი ზადენისი, და უცხოობით მოხვედ და შეურდი, და ზედა-აც მათ წყალობაჲ შენი, და მიგანიჭეს ძალი კურნებათა, რათა მით სცხონდებოდი უცხოსა ქვეყანასა, და დიდებულმცა არიან უკუნისამდე: ხოლო შენ წინაშე ჩვენსა იყავ ვითარცა ერთი მაწოვნებელი შჳლთა ჩვენთაგანი, და პატივ-ცემული ქალაქსა ამას შინა, არამედ უცხოსა ამას სიტყუასა ნუ იტყჳ. ჰრომთა-მათ შეცთომილსა სჯულსა ნუ გნებავს ყოვლადვე თქმად: რამეთუ აჰა ესე-რა ღმერთნი დიდნი,სოფლის მპყრობელნი, მზის მომფენელნი წვიმის მომყუაენებელნი, ქუჱყანით ნაყოფთა აღმომყუანებელნი, გამომზრდელნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი, ძველნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი, გაცი და გაიმ, იგინი იყუნენ სარწმუნებლად კაცთა მიმართ, და უკეთუ განჰკურნო შენ მთავარი ესე, განგამდიდრო და გყო შენ მკჳდრ მცხეთას შინა, მსახურად არმაზისი: დაღაცათუ ჰაერითა მით და სეტყჳთა მოიწია მას-ზედა შემუსრვა მისი, არამედ ადგილი-იგი უძრავ არს და ქალდეველთ ღმერთი ითრუჯან და ესე ყოვლადვე მტერ არიან. ამან ზღუაჲ შემოადგინა ზედა, და მან ამას ზედა ესე-ვითარი ურვა მოაწია, ვითარ აქუს ჩუჱულობაჲ სოფლის მპყრობელთა, და კმაჲ გეყავნ ჩემ-გან ბრძანებაჲ ესე:“

"მიუგო წმიდა-მან ნინო. " შენ მეფე, სახელითა ქრისტესითა, და ვედრებითა დედისა მისისათა, და მისთა ყოველთა წმიდათათა, მოავლინენ შენ-ზედა ღმერთმან ცისა და ქვეყანისა შემოქმედმან, დამბადებელ-მან ყოვლისა დაბადებულისა-მან დიდისა, და დიდებულისა და აურაცხელისა მისისა მრავალ-მოწყალებისა-გან, მოგივლინენ შენ, ვითარცა სახმილისა-გან ნაბერწყალი ერთი მადლისა მი- სისსა, რათა სცნა და გულის-ხმა ჰყო სიმაღლე ცისა და ნათელი მზისა, სიღრმე ზღვისა საძირკველისა, და სივრცე ქვეყანისაჲ და საფუძველი მისი: და უწყებულ იყავნ, მეფე, ვინ შემოსნის ცანი ღრუბლითა და ქუხან ხმითა ჰერისათა, და იძრვინ ქვეყანაჲ სიმძაფრითა, და ჰრბინ მეხისტეხანი, და ყოველსა მთასა ეგზებინ გულის-წყრომითა მათითა: ანუ ოდეს შეიძრას ყოველი ქვეყანაჲ ვიდრემდის დაირღვიონ მთანი და მყარნი კლდენი, და ქვანი, და მეცნიერ იყავნ შენ ამას ყოველსა მიწევნად. რამეთუ ღმერთი ცათა შინა უხილავ არს თავადი-იგი, ყოველთა დაბადებულთა-გან, თჳნიერ ძისა მისისა, რომელი მის-გან გამოვიდა, ქვეყანასა ზედა გამოჩნდა ვითარცა კაცი, რომელ-მან აღასრულა ყოველი რომლისა-თჳს მოსრულ იყო, და აღვიდა მათვე სიმაღლეთა მამისათა და იხილა რამეთუ დაუსაბამო-იგი მხოლო მაღალ არს და მდაბალთა ხედავს, და მაღალნიიგი შორით იცნის: მეფეო, ახლოს არს მიახლება შენი ღვთისა, მიხედვად, რომელი არს ქალაქსა ამას შინა, სასწაული ერთი, სამოსელი ძისა ღვთისაჲ აქა არს, და ხალენი მის ელიასი აქავე არს ყოფაჲ, და სასწაულნი არიან, რომელნი ღმერთ-მან გამოაჩინნეს. თუ არა მე კულაჲ მთავარი ესე შენი განვჰკურნო სახელითა ქრისტეს ჩემისათა და ჯვარითა ვნებისა მისისათა, ვითარცა-იგი დედოფალი ნანა განიკურნა სენისა-გან დიდისა: რაჲ იგი ვაუწყე მას, ჰყოფს იგი, რათა სულიცა თჳსი განაბრწყინვოს და ერიცა თჳსი მიიახლოს ღმერთსა:“ და მიჰგუარეს მას მთავარიიგი და მოვიდა ნანა დედოფალიცა სამოთხესა მას შინა, ნაძუთა მათ ქუჱშე, დაადგინა იგი აღმოსავალით და აპყრობად სცა ჴელნი, და ჰრქუა მას სამ-გზის: "ვიჯმნი შენ-გან, ეშმაკო, შეუდგები ქრისტესა, ძესა ღვთისასა:“ და სტიროდა ნინო სულ-თქმითა თვისითა, და ითხოვდა ღვთისა-გან შეწევნასა კაცსა ამას ზედა, და იყუნეს მოწაფენი მისნი მუნვე ერთ დღე და ორ ღამე, და მსწრაფლ განვიდა მის-გან სული-იგი ბოროტი, და დაემოწაფა ნინოს სახლეულით და ერითურთ მისით, და ადიდებდეს მამასა და ძესა, და სულსა წმიდასა:“


თქმული სიდონია დედა-კაცისა, რომელი იყო მოწაფე წმიდისა ნინოსი, რომელი ესე იხილა და დაიწერა მოქცევა სასწაულითა მირიან მეფისათა, და შევრდომაჲ ნინოსი, აღსარებისა-თჳს ქრისტესისა, ჯუარის აღმართებისა თჳს, ეკლესიათა აღშენებისა-თჳს, და მას შინა სასწაულთა მისთა-თჳს:
[edit]

"და იყო დღესა ერთსა ზაფხულისასა, თვესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე მირიან ნადირობად მუხნარით კერძო, და მოუხდა უჩინო-იგი მტერი ბოროტი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყუარული კერპთა და ცეცხლისა, და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა, მახვილითა მოწყუჱდასა ყოველთა ქრისტიანეთასა: და ჰრქუა მეფე-მან ოთხთა თანამზრახველთა მისთა. "ღირს ვართ ჩვენ ღმერთთაგან ჩვენთა ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებვიქმნენით მსახურებისა-გან მათისა და მიუშვით ჩვენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქვეყანასა ჩვენსა. რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკჳრველებათა-მათ: აწ ესე არს განზრახვაჲ ჩემი, რათა ბოროტად მოისრნეს ყოველნი მოსავნი ჯუარ-ცმულისანი, და უმეტესად შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთასა მათ მპყრობელთა ქართლისათა: ვამხილო ნანას, ჩემსა ცოლსა, შენანებაჲ, და დატეობაჲ სჯულსა ჯუარცმულისასა და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი, და სხუათავე თანა წარვჰსწყმიდო იგიცა:“ დაუმტკიცეს განზრახუაჲ მისი თანა-მზრახველთა-მათ, რამეთუ მხურვალედ იყუნეს იგინი საქმესა ამას, და ანებვიდა პირველით-გან, და ვერ იკადრებდეს განცხადებულად: ხოლო მეფე-მან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა, და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა, მაღალსა, რათამცა მოიხილა კასპად და უფლის-ციხედ განვიდა თხემსა მთისასა. შუა-სამხრის ოდენ, დაუბნელდა მათ-ზედა მზე თქვა იქმნა ღამე ბნელი, უკუნი და დაიპყრა ბნელმან არენი და ადგილნი. განიბნივნეს ურთიერთას ჭირისა-გან და ურვისა: და დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა მაღნართა, შეშინებული და შეძრწუნებული, და დადგა ერთსა ადგილსა, და წარეწირა სასოებაჲ ცხორებისა მისისა: და ვითარცა მოეგო თავისა ცნობასა, და განიზრახჳდა ესრეთ გულსა შინა თჳსსა. "აჰა ესე-რა ვხადე ღმერთთა ჩემთა, და არა ვპოვე ჩემ-ზედა ლხინებაჲ. აწ რომელსა ქადაგებს ნინო, ჯვარსა და ჯუარ-ცმულსა და ჰყოფს კურნებათა მისითა სასოებითა, არამცა ძალ-ედვაა ხსნაჲ ჩვენი ჭირისა ამის-გან. რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა, ვერა უწყი, თუ ყოვლისა ქვეყანისა-თჳს, იქმნა დაქცევა ესე და ნათელი ბნელად გარდაიქცა, და თუ ჩემ-თჳს ოდენ: აწ თუ ჩემ-თჳს ოდენ არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მიჩვენე საყოფელი ჩემი, და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯვარისა და თაყუანისვსცე მას, და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა, და ვიყო მორჩილ ნინოსსა სჯულსა ზედა ჰრომთასა:“

"ესე ყოველი რაჲ წართქუა, განთენა და გამოუბრწყინვა მზე, და გარდამოვიდა მეფე ცხენისა-გან და დადგა მას ადგილსა: განიპყრნა ჴელნი აღმოსავლით და თქუა:“ შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი რომელსა ნინო იტყჳს, და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისა-გან, ცასა ქვეშე და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისა-გან და განმინათლე ბნელი ჩემი: აჰა ესერა მიცნობიეს, რამეთუ გინდა ხსნა ჩემი და ლხინებაჲ, დამიახლებაჲ შენდა: უფალო კურთხეულო, ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯუარისა, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი, და იხსენებოდის საქმე ესე და სასწაული უკუენისამდე:“ და ისწავა ადგილი-იგი და წარმოემართა, და იხილა ერ-მან მან ნათელი და გამოერთნენ ერი განბნეული: ხოლო მეფე ღაღადებდა. "მიეცით ღმერთსა ნინოსსა დიდება ყოველ-მან ერმან. რამეთუ იგი არს ღმერთი საუკუნეთა, და მას მხოლოსა შვენის დიდებაჲ უკუნისამდე:“

ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი განვიდეს მიგებებად მეფისა. რამეთუ ესმა პირველ წარწყმენდა, და კვალად მოსლუა დიდებით, და მიეგებოდეს ქინძარას და ღართას: ხოლო ნეტარი ნინო დადგომილიყო ლოცუასა მწუხრისასა, მაყულოვანსა-მას შინა, ჩუჱულებისა-ებრ მისისა, ჟამსა თჳსსა, და ჩვენ მის-თანა ორ-მეოცდა ათი სული: და იყო ვითარცა შემოვიდა მეფე, აღიძრვოდა ქალაქი, და ხმითა მაღლითა ღაღადებდა მეფე: " სადა არს დედა-კაცი იგი უცხო, რომელ არს დედაჲ ჩემი და ღმერთი მისი მჴსნელი ჩემი:“ ვითარცა ესმა, "თუ აქა მაყლოვანსა არს და ილოცავს.“ მოდრკა მე ფე და ყოველი-იგი ლაშქარი: მოვიდა და გარდაიჭრა სახედრისა-გან და ეტყოდა ნინოს, "აწ ღირს მყავ სახელის-დებად სახელისა ღვთისა შენისასა და მხსნელისა ჩემისასა:“ ხოლო წმიდაჲ ნინო ასწავებდა და აწუყევდა მსწრაფლ თაყუანის-ცემად აღმოსავალით და აღსარებად ქრისტეს ღვთისა: მაშინ იქმნა გუირგვინა და ტირილი ყოვლისა კაცისა, ოდეს ხედვიდეს მეფესა და დედოფალსა ცრემლოსანთა: და ხვალისა დღე წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად მირიან მეფე-მან წინაშე კოსტანტინე მეფისა, და წიგნი ნინოსი, ელენე დედოფლისა წინაშე, და აუწყეს ესე ყოველი სასწაული ქრისტეს-მიერი, რომელი იქმნა მცხეთას შინა, მირიან მეფესა ზედა, და ითხოვნეს მოსწრაფებით მღუდელნი, ნათლის-ღებისათჳს: ხოლო წმიდაჲ ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა-მას-შინა დღე და ღამე დაუცხრომელად, და უჩვენებდა გზასა ჭეშმარიტსა სასუფეველისასა:"

თქმული მისივე, აღშენებისა-თჳს ეკლესიისათა:
[edit]

"ოდეს წარემართა მეფე და ყოველი ერი ქრისტიანობასა მოსწრაფებით, ვიდრე მღუდელთა მოსლუამდე რქუა მეფე-მან წმიდასა ნინოს. "მესწრაფების მე აღშენებად სახლსა ღვთისასა. სა და უშენოთ: ჰრქუა ნინო: " სადაცა მთავართა გონებაჲ მტკიცე არს:“ ჰრქუა მას მეფემან. "მიყვარან მე მაყვალნი ესე შენნი, მნებავს მე გონებისა-ებრ ჩემისა, გარნა არა ესე რაჲ, არამედ არა ვრიდო სამოთხესა ამას სამეფოსა და ნაძუთა ამათ სიმაღლესა, და ბაბილოთა ამათ ნაყოფიერებასა, და ყუავილთა სურნელებასა. რამეთუ ჩვენებასა, რომელი იხილე შენ ,მფრინველთა-მათ ფრთითა უშვერთა განბანა წყლითა და განსპეტაკება ბრწყინვალედ, და დასხდომა ხეთა- მათ ზედა სამოთხისათა, და ჴმობაჲ მათი ხმითა ტკბილითა, ჭეშმარიტად სამოთხე ესე ჴორციელი და წარმავალი შეგვეცვალოს ცხოვრებად საუკუნოდ, და მუნ აღვაშენოთ სახლი, ღვთისა, სალოცველად ჩვენდა, ვიდრე მოსლუადმდე ჩემდა მღუდელთა საბერძნეთით:“ და მეყუსეულად მოიღო ძელი და ასწავებდა ხუროთა, და მოჰკუჱთა ნაძჳ- იგი და ნაძვისა-მის-გან შემზადნა შვიდნი სვეტნი ეკლესიისანი: და ვითარ აღაშენეს კედელი-იგი ძელითა, და ამართნეს ექუსნი იგი სვეტნი თჳსთჳსად: ხოლო სვეტი-იგი უდიდესი რომელი საკვირვე ლ იყო ხილჳთა, საშუალ ეკკლესიისა შესაგდებლად განმზადებული, ვერ შეუძლეს აღმართებად მისსა, და აუწყეს მეფესა საკვირველი-იგი, ყოვლადვე ვერ ძრვა ადგილითცა სვეტისა-მის: მაშინ მოვიდა მეფე, სიმრავლითა ერისათა, და მოიხუნეს მრავალ-ღონენი მანქანანი, სიმარჯჳთა და ერისა სიმრავლისა ძალითა, ეცადნეს აღმართებად, და ვერ შეუძლეს:

"და იყო დაკვირვებულ მეფე და სიმრავლე ერისა და იტყოდეს:"რაჲმე არს ეს:“ და ვითარ იყო მწუხრი, წარვიდა მეფე სახლად თჳსად, შეწუხებული დიდად: ხოლო წმიდაჲ ნინო და ათორ-მეტნი მოწაფენი მისნი დედანი დაადგრეს სვეტისა-მის თანა: ხოლო იგი სანატრელი გოდებითა სვეტსა-მას-ზედა დაადინებდა ცრემლთა: ვითარცა შუა-ღამე ოდენ იყო, წარმოიქცეს ორნივე მთანი არმაზი და ზადენი, რეცა-თუ ჩამოირღვიეს და დააყენეს წყალნი ორთავე: და მტკვარმან გარდამოხეთქა და წარჰქონდა ქალაქი. და შეიქმნეს ხმანი საზარელნი, ტყებისა და გოდებისანი, ეგრეთვე არაგვი გარდამოხდა ციხესა ზედა, და იქმნებოდეს საზარელნი გრგჳნვანი: შეშინდეს დედანი და ივლტოდეს: ხოლო ნეტარი-იგი ღაღადებდა. " ნუ გეშინინ, დანო ჩემნო, მთანი მუნვე ჰგიან, და წყალნი მუნვე დიან, და ერსა ყოველსა სძინავს:“ ხოლო ესე რომელ რეცა მთანი დაირღვიეს სამართლად გეჩუჱნების, რამეთუ ურწმუნოებისა მთანი დაირღვიეს ქართლს შინა, და წყალნი რომელ დაეყვნეს, სისხლნი -იგი ყრმათა კერპთა მიმართ შეწირვის დაეყენოს: ხოლო ხმა ესე ტყებისა არს ეშმაკთა სიმრავლისა. რამეთუ იგლოვენ იგი თავთა თჳსსა, რომელნი არიან მეოტ ამით ადგილით, ძალითა მაღლისათა და ჯუარითა ქრისტესითა: მოიქეცით და ილოცევდით ღვთისა მიმართ:“ მეყუსეულად დასცხრეს ხმანი-იგი, და იყო არა-რაჲ:

"და დადგა წმიდაჲ ნინო, განეპყრნეს ჴელნი და ილოცევდა ღვთისა მიმართ, და იტყოდა. "რათა არაჲ დაებრკოლოს საქმე ესე რომელსა წარმართებულ არს მეფე:“ და ვიდრე არა ეყივლა ქათამსა სამთავე კერძთა ქალაქისათა დაჰსცა ზარსა ლაშქარ-მან ძლიერ-მან და დაჰლეწნეს კარნი, და აღივსო ქალაქი სპარსითა ლაშქრითა, და შეიქმნა ზარი სახდელი ზრზინვა, და ყივილი და კლუა, და სისხლი დიოდა, და აღივსო ყოველი ადგილი, და მოვიდა მათდა სიმრავლე, ზახილითა და მახვილითა და სხვათა-მათ შიშისა-გან დადნებოდეს ჴორცნი და განილია სული მათი. ტიროდეს ნათესავთა-მათ-თჳს: და მსწრაფლ ისმოდა ჰხმობდნეს-რაჲ ძლიერად. "მეფე სპარსთა, ხვარაჲ ჰბრძანებს, და მეფეთა მეფე ხუარან-ხვასრა: ყოველი ჰურიაჲ განარინეთ პირისა-გან მახჳლისა:“ ესე-რაჲ მესმა და მოვეგე ცნობასა, და შეორგულდით მე და ათნი-იგი ჩემთანანი, და მოახლებულ იყუნეს მახჳლოსანნი გარემოს ჩვენსა, სცემდეს და კლვიდეს:

და ისმა ჴმაჲ ძლიერი. "მირიან მეფეჲ შეიპყრესო:“ გარე მოიხილა მჴნე-მან მოღვაწემან და თქვა: "ესე რომელი ყივის, ვიცი რომელ აწ სადამე დიდად ჰსჭირს, და ჰმადლობდით ღმერთსა რომელი ესე ნიში მათისა წარწყმედისა არს და ქართლის ცხოვრებისა, და ამის ადგილისა დაბისა: და ნუ-გეშინის გუცემდა ვითარცა მოძღუარი ჴელოვანი, ჭეშმარიტად მოძღუარი და მოციქული სანატრელი: მიექცა ერსა-მას მომსრუჱლსა და ჰრქუა:" სადა არიან მეფენი სპარსნი, ხუარა და ხუარან ხუასრაჲ. საბასტინით გუშინ წამოხუჱდით მალე მოხვედით. დიდი სადმე ლაშქარი ხართ და ძლიერი, რად დალეწეთ ქალაქი ესე, და მახჳლი დაეცით. ქართა და ნიავთა წარჰგუალეთ, ბნელით ჩრდილოთ კერძო, მთათა და კედართა. აჰა მოვიდა რომელსა თქვენ ევლტით:“ და განიძრა ჴელი ჯუარის სახედ, და მეყუსეულად უჩინო იქმნეს ყოველნი-იგი, და იქმნა დაყუდება დიდი, და დედანი-იგი ჰნატრიდეს მას და ადიდებდეს ღმერთსა:

"ხოლო ვითარცა ცის-კარი აეღებოდა, მიერულა დედათა-მათ: ხოლო მე სიდონია მღვიძარე ვიყავ, და იგი დგა ჴელ-განპყრობით. აჰა ესე-რა ზედა მოადგა ჭაბუკი ერთი ნეტარსამას, ყოვლად ნათლითა შემკობილი, შებლარდნილი ცეცხლისა ზეწარითა, და ჰრქუა რაჲმე სამნი სიტყუანი: ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა, და ჭაბუკ-მან მან მიყო ჴელი სუჱტსა-მას და აღამაღლა, და წარიღო სიმაღლესა შინა: და განკვირვებული მივეახლე მე სიდონია, და ვარქუ ესრეთ. "დედოფა- ლო, რაჲ არს ესე:“ ხოლო მან მრქუა: "მოიდრიკე თავი ქვეყანად.“ და ტირილად იწყო ზარისამისგან და მცირედისა ჟამისა შემდგომად აღდგა და აღმადგინა, და განვეშორენით მას ადგილსა: ხოლო დედანი ვითარ იყუნეს კიდე, აჰა იხილეს მათცა სვეტი-იგი, ცეცხლის სახედ ჩამოვიდა და მოეახლა ხარისხსა-მას და დადგა, აღშორებულად ქვეყანით, ვითარ ათორ-მეტ წყრთა, და ნელიად-ნელიად ჩამოიცვალებდა ხარისხად თჳსად მონაკვეთსა და ძირსა მისვე ნაძვისასა: ვითარცა რიჟრაჟი ოდენ იყო, აღდგა მეფე გულ-გოდებული ურვათაგან, მიხედნა სამოთხესა დაწყებულსა-მას ეკლესიასა, და იგი მტკიცე იყო გონებითა, იხილა ნათელი ვითარცა ელვა აღწევნული ცად, სამოთხით მისით: იწყო სრბად და მკჳრცხლ მოვიდოდა, და ყოველი სიმრავლე სახლისა მისისა და ყოველი ერი ქალაქისა მოვიდა: ვითარცა იხილეს საკვირველი იგი ნათლითა ბრწყინუალე სვეტი ჩამოვიდოდა ადგილად თჳსად, რეცა ვითარცა ზე-ცით და დადგა ხარისხსა- მას-ზედა, და დაემყარა ჴელით შეუხებელად კაცთა-გან: და ნეტარ იყო მას ჟამსა შინა, რამეთუ რაჲ-იგი იქმნებოდა შიშითა და სიხარულითა აღივსო მცხეთა ქალაქი და დიოდეს მდინარენი ცრემლთანი, მეფეთა და მთავართა, და ყოველსა ერსა. სულ-თქმითა სულისა მათისათა ადიდებდეს ღმერთსა, და ჰნატრიდეს წმიდასა ნინოს, და იქმნეს სასწაულნი დიდნი მას დღესა შინა:

"პირველად მოვიდა ჰურია, ბრმა შობით-გან მიეახლა სვეტსა-მას ღვთივ აღმართებულსა, და იქმნა მხედველ მუნ-თქვესვე, და ადიდებდა ღმერთსა: მეორე სეფე-წული ვინმე ყრმა, ამზასპანი, იდვა რვისა წლისა მდებარე, მოიღო იგი დედა-მან მის-მან სარწმუნოებით, და დასდუა ცხედრითა წინაშე სვეტსა-მას ნათლისასა, და ნანდჳლვე ნათლისასა, ევედრებოდა ნინოს." მოხე- დენ, დედოფალო , ძესა ამას ჩემსა სიკუდილად მიახლებულსა, რამეთუ ვიცი ღმერთი ღმერთთა არს, რომელსა შენ მსახურებ და ჩვენ გვქადაგებ:“ მაშინ ნინო შეახო ჴელი სვეტსა-მას, და დასდუა ყრმასა-მას, და ჰრქუა:" გრწამს იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ცხოვრებისა-თჳს ყოვლისა სოფლისა ჴორცითა მოსრულ. ამიერით-გან განიკურნე და ადიდებდი მას, ვის-მან ძალმან განგკურნა:“ და მსწრაფლ აღდგა ყრმაჲ -იგი, ვითარცა მრთელი, და დაეცა შიში დიდი მეფესა და ყოველსა ერსა. და თჳთო-სახენი სნეულნი მოვიდოდეს და განიკურნებოდეს, ვიდრემდის მეფე-მან შეუქმნა საბურველი ძელისა გარემოს სუჱტსა-მას, და დაფარა ხედვისა-გან, და ეგრეთვე შეეხებოდეს ერნი, და განიკურნებოდეს: მსწრაფლ იწყო მეფე-მან და განასრულა ეკლესია სამოთხესა- მას შინა:

და ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი მირიან მეფისანი წინაშე კოსტანტინე მეფისა, და მიუთხრეს ყოველი რაჲცა იქმნა, მაშინ აღივსო სიხარულითა მეფე და დე და მისი ელენე დედოფალი, პირველად ამის-თჳს, რამეთუ მადლი ღვთისა მიეფინებო და ყოველთა ადგილთა, და ჴელსა მათსა ქუჱშე ნათელ- იღებდა ყოველი ქართლი. და შემდგომად ამის-თჳს განმხიარულდეს, რამეთუ დაადასტურეს მირიან მეფისა-გან სრულიად მოწყვედა სპარსთა და მტკიცედ მიღებაჲ სიყუარულისა მათისა: და ჰმადლობდეს ღმერთსა, და წარმოგზავნეს მღუდელი ჭეშმარიტი, იოანე ებისკოპოსი, და მის-თანა მღუდელნი ორნი და დიაკონნი სამნი. და მოუწერა მეფე-მან კოსტანტინე მირიანს წიგნი ლოცჳსა და კურთხევა ღვთისა მადლობისა, და წარმოსცა ჯვარი და ხატი მაცხოვრისა, და მის-თანა ნიჭი დიდი. და ელენე დედოფალ-მან მოუწერა წიგნი ქებისა და ნუ-გეშინისცემისა: მოიწია ებისკოპოსი მღუდელნი და მოციქულნი მცხეთად, და აღივსნეს სიხარულით მეფე და ყოველი ერი მათი. რამეთუ სურვიელ იყუნეს ყოველნივე ნათლის- ღებისა-თჳს: მაშინ მსწრაფლ გაგზავნა ბრძანება მირიან მეფე-მან ყოველთა ერის-თავთა თანა, სპასალართა და ყოველ- თა პირთა სამეფოსათა, მოწოდებად წინაშე მისსა. და მსწრაფლ მოიწივნეს ყოველნი ქალაქად:

"მაშინ ნათელს-იღო მეფე-მან ჴელსა ქუჱშე წმიდისა ნინოსსა. და შემდგომად დედოფალმან და შვილთა მათთა, ჴელთა ქუჱშე მათ მღუდელთასა და დიაკონთასა. და შემდგომად ამისსა აკურთხეს მდინარე მტკუარი: და ებისკოპოს-მან შემზადა ადგილი ერთი, მიწურვითა ხიდისა კარსა მოგვთისასა, სადა ყოფილ იყო სახლი ელიოზ მღუდელისა, და მუნ ნათელსსცემდა წარჩინებულთა ერთი-ერთისა, და ეწოდა ადგილსა-მას მთავართა სანათლავი: ხოლო ქუჱმოთ მისსა, მდინარისავე პირსა ორნი-იგი მღუდელნი და დიაკონნი ნათელს-სცემდეს ერსა, და მიატყდებოდა ერი-იგი ურთიერთს, მოსწრაფებით ეუბნებოდენ მღუდელთა, რათა პირველად მასვე ნათელს-სცეს: და ესრეთ სურვიელ იყო ერი იგი ნათლის-ღებისა-თჳს, რამეთუ ესმინა ქადაგებაჲ წმიდისა ნინოსი, რომელსა იტყჳან ყოველ-მან რომელ-მან არა ნათელს-იღოს, არა პოვოს მან ნათელი საუკუნო: და ამისთჳს მოსწრაფე იყუნეს ნათლის-ღებად ყოველნი-იგი და ესრეთ სახედ ნათელ-იღეს ყოველ-მან ერ-მან და სიმრავლე-მან ქართლისა-მან. თჳნიერ ხოლო არა ნათელს-იღეს მთეულთა კავკასიანთა, მიფენასა-მას ნათლისასა, არამედ დადგეს ბნელსა შინა ჟამსაოდენმე, და ჰურიათა მცხეთელთა არავე ნათელს-იღეს, გარნა ბარბიანთა ნათელს-იღეს ორ-მეოცდა ათ-მან სახლ-მან და იქმნეს ჭეშმარიტ. ამის-თჳსცა დიდ იქმნეს წინაშე მეფისა, და მიუბოძა დაბაჲ, რომელსა ჰრქვიან ციხე-დიდი:. არამედ არაჲ ნათელს-იღო ფეროზ, სიძე-მან მირიან მეფისა-მან, რომელსა ჰქონდა რანი ბარდავამდის, მირიან მეფისა-გან არცა ერ-მან მის-მან ნათელიღეს, არამედ ჴორციელად ოდენ მორჩილებდეს მირიან მეფესა:

"მაშინ წარავლინა მირიან მეფე-მან ებისკოპოსი იოანეჲ და მის-თანა წარჩინებული ერთი წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, რომელი მას ოდენ ჟამსა გამოეჩინა ღვთის მსახურსა და ღვთის მოყუარესა ელენე დედოფალსა: და ითხოვნა მღუდელნი მრავალნი, რათა განავლინნეს ყოველთა ქალაქთა და ადგილთა, და ნათელს-სცემდენ ერთა, რათა მსწრაფლ ნათელს-იღოს ყოველ-მან სულ-მან ქართლისა-მან და ითხოვნა ქვითხუროჲსა მოძღუარნი, აღშენებისა-თჳს ეკკლესიათა: ვითარ მიიწივნეს წინაშე კოსტანტინესა კეისრისა, სიხარულით მიანიჭა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, და ფიცარნი-იგი, რომელსა ზედა ფერჴნი დაუმსჭუალნეს უფალსა, და სამსჭუალნი ჴელთანი. წარმოგზავნეს მღუდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი: რამეთუ კოსტანტინე მეფე-მან მეფობასა შინა მისსა აღაშენა ეკკლესიაჲ ტაძარი წმიდაჲ, და მოსცა განძი დიდ-ძალი ებისკოპოზსა იოანეს, და უბრძანა: "სადაცა ჯერ იყოს ადგილთა ქართლისათა, მუნცა აღაშენენ ეკკლესიანი, სახელსა ზედა ჩემსა, და ნიჭი ესე დიდ -ძალი დამიმკჳდრე საზღვართა ქართლისათა:“ და წარმოვიდა ებისკოპოსი, და მის-თანა მოციქული: და ვითარ მოიწივნეს ადგილსა რომელსა ჰქჳან ერუშეთი ,და დაუტევნა მუნ ხურონი, საქმედ ეკლესიისა, და დაუტევნა განძი და სამსჭუალნი უფლისანი: და წარმოვიდა, და მოვიდა მანგლისს, და იწყო ეკკლესიასა დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი: მაშინ შეწუხდა მირიან მეფე, რამეთუ პირველ არა სამეფოსა ქალაქსა მოვიდეს, არამედ სხუათა ქალაქთა და ადგილთა იწყეს შენებად ეკკლესიასა და დაუტევნეს ნაწილნი: ხოლო მოვიდა წმიდაჲ ნინო, და ჰრქუა "ნუ სწუხ მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ არს, სადაცა მივიდოდიან დასთესვიდიან სახელსა ღვთისასა, რამეთუ არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი-იგი დიდებული უფლისა:“

მაშინ მოიყუანა მეფე-მან აბიათარ და მის-თანა ჰურიანი მრავალნი, და გამოიკითხა მათ-გან კუართისა-მის-თჳს და მათ მიუთხრეს ყოველი რომელი ზემო წერილ არს: და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი მირიან მეფე-მან და თქუა: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა ცხოველისაო, რამეთუ პირველით-განვე გინდა ჴსნა ჩვენი ეშმაკისა-გან და ადგილისა მის-გან ბნელისა. ამის-თჳს სამოსელი- იგი შენი წმიდა წარმოეცა წმიდით ქალაქით შენით იერუსალიმით ებრაელთა-მათ ღვთაებისა შენისა-გან უცხო ქმნილთა, და ჩვენ უცხოთა ნათესავთა:“ და წარემართა მეფე და ყოველი ქალაქი ქრისტიანობასა. იწყეს ხუროთა შენებად ეკკლესიისა, გარე უბანსა, მაყუალთა-მათ-ზედა საყოფელთა წმიდისა ნინოსითა, სადა აწ არს ეკკლესია სამთავრო-ებისკოპოსოდ: მაშინ ჰსთქუა წმიდა-მან ნინომ. "კურთხეულ არს უფალი იესო ქრისტე და მამა უფლისა ჩვენისა, რომელ-მან მოავლინა სიტყუა მისი წმიდათა-გან მაღალთა, თჳთ ძლიერისაგან საყდრისა გარდამოსრული ქვეყანად, მდაბლად, შობილი უეჭველად თესლისა-გან დავითისსა, დედაკაცისა-გან მარტოდ შობილისა, წმიდისა და უბიწოსა, რომელი სათნო ეყო მას მიზეზითა, მიზეზი ცხოვრებისა ჩვენისა. რომელ-მან ცასა ქუჱშე ყოველივე განანათლა, და მორწმუნენი აცხოვნნა. რომელი იშუა ვითარცა კაცი, ნათელი ყოველთა, ხატი ღვთისაჲ, და ვითარცა მსახურ-მან ვინმე სჯულისა-მან ნათელ-იღო წყლისა-გან და სულისა, ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ამაღლდა სიმაღლესა, მამისა თანა, და კვალად მოვალს დიდებითა. რომელსა ჰშვენის ყოველივე დიდებაჲ, თანა მამით და სულით-წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ:“


აღმართებისა-თჳს პატიოსნისა ჯვარისა:
[edit]

ვითარცა ნათელს-იღეს მეფე-მან დედოფალ-მან, შვილთა მათთა თანა, და ყოველ-მან ერ-მან მათ- მან, მაშინ დგა ხე ერთი ადგილსა ერთსა, კლდესა ზედა შეუვალსა, და იყო ხე იგი შვენიერი, ფრიად სულნელად. საკჳრველებაჲ იყო ხისა-მის-გან, რომელი ისარ - ცემული ნადირი მივიდის და სჭამის ფურცელი მისი, გინა თესლი ჩამოცვივნებული, განერის სიკუდილისა-გან, დაღაცათუ საკლავსა ალაგსა დიდად წყლულ-იყვის: ესე დიდად საკჳრველ უჩნდა პირველთა-მათ წარმართთა, და აუწყეს ეპისკოპოსსა იოანნეს ხისა-მის-თჳს. ხოლო ებისკოპოზ-მან თქვა: "აჰა ჭეშმარიტად პირველთ-განვე დამარხულ არს ქვეყანა ესე ღვთისა-გან მსახურად თჳსად, და ღვთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი, და დამარხულ ჟამისა-მის-თჳს, და აწღა მიეფინა მადლი ღვთისა ქართლს, და მის ხისა-გან ჯერ არს შექმნად ჯვარი პატიოსანი, რომელსა თაყუანის-სცეს ყოველ-მან სიმრავლემან ქართლისა-მან: „„ და წარვიდა რევ, ძე მეფისა და ებისკოპოსი მის-თანა, და სიმრავლე ერისა, და მოჰკუჱეთეს ხე-იგი და წარმოიღეს რტოთურთ მისით. და მოაქუნდა ათსა ათეულსა კაცსა, ზეზე რტოთურთ და ფურცლითურთ შემოაქუნდა ქალაქად, და შემოკრბა ერი ხილვად მწუანისა ფერობასა-მას და ფურცლიანობასა, ჟამსა ზამთრისასა, ოდეს სხუა ყოველი ხე ჴმელ იყო, ხოლო ესე ფურცელ დაუცჳნელი, სულ-ამო და სახილუჱელად შუჱნიერი: და ძირსა ზედა ამართეს ხე იგი, კარსა ზედა ეკლესიისასა, სამხრით მის ხისათა. და ბერვიდა ნელი ნიავი, და შლიდა ფურცელთა ძრვითა რტოთა მისთა და იყო ხილვა მისი შუჱნიერი, ვითარცა სმენით ვიცით ხისა-მის ალვისა: ესე მოჰკუჱთეს მარტსა ოცდა ხუთსა, დღესა პარა სკევსა, და დაადგრა ეგრეთ ხე-იგი დღესა ოც და ჩვიდმეტსა, და არა შეიცვალა ფერი ფურცელ-მან მის-მან, ვითარმცა დგა ძირსავე ზედა თჳსსა, თავსა ზედა წყაროსასა, ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი შეიმოსნეს ფურცლითა, და ხენი ნაყოფის გამომღებელნი შეიმოსნეს ყვავილითა: მაშინ თუჱსა მაისსა ერთსა შექმნნეს ჯუარნი ესე და შვიდსა ამის თჳსასა აღემართნეს ჴელისდადებითა მეფეთა, თანა სიხარულითა და წადიერებითა ყოვლისა ერისა ქალაქისათა, და იყუნეს ეკლესიასა შინა:

იხილა ყოელ-მან ერმან ქალაქისა-მან, ყოველთა მათ დღეთა აჰა ჩამოვიდის ჯუარი ცეცხლისა ზე-ცით და მის ზედა, გარემოს მსგავსად გჳრგჳნივით ვარსკულავისათა, და დაადგრის ზედა ეკკლესიასა ვიდრე განთიადმდე, და რიჟრაჟ ოდენ გამოვიდიან მის-გან ორნი ვარსკულავნი. ერთი წარვიდის აღმოსავლით და ერთი დასავლით, იგი თავადი ეგრეთ ბრწყინუალედ, ნელიად, განვიდის მიერ კერძო, ახლოს წყაროსა-მას ზემო კერძო არაგვისა და დადგის ბორცუსა ზედა კლდისასა, რომელი აღმოაცენეს ცრემლითა წმიდა ნინოსითა, და მუნით აღიმაღლის ზე-ცად: და ესრეთ მრავალ-გზის იხილა ყოველ-მან ერ-მან მაცხოვარებაჲ ღვთისა ჩვენისა: მაშინ იწყეს კითხუად ნეტარისა ნინოსსა, თუ რაჲ არს, რომელი გამოვალს ბრწყინუალე ვარსკულავი, და ერთი წარვალს აღმოსავლით და ერთი დასავლით:“ ხოლო მან თქუა: "განავლინენით კაცნი მთათა ზედა მაღალთა, აღმოსავალით ვიდრე კახეთისა მთამდე და დასავალით ვიდრე სანახებამდე ამის ქალაქისა, და ოდეს გამობრწყინდენ მთიებნი-იგი ნახონ თუ სადა დადგენ, მუნცა აღემართნენ ორნი იგი ჯუარნი ქრისტესნი:“ მაშინ ყო მეფე-მან ეგრე და შეცვნა თავნი მთათანი მიწყებით, ხოლო დღე ესე იყო პარასკევი და შაბათი განთენდებოდა იყო იგივე სასწაული, და იქმნა ეგრეთვე ვითარცა პირველ იქმნის ხუალისა დღე მოვიდეს დასავლისანი, რომელნი დგეს მთათა ზედა ქუაბთათავისათა, და მიუთხრეს მეფესა. "ვითარცა გამოვიდა ვარსკულავი-იგი, ამაღლდა და მიიწია მთასა ზედა თხოთისასა გარდასავალსა კასპისასა, და დაადგრა ადგილსა ერთსა, და ყოვლად უჩინო იქმნა:“ და ეგრეთვე მოვიდეს მთით კახეთისით და თქუჱს: "ვიხილეთ ვარსკულავი აქათ მომავალი, და დადგა დაბასა ბოდისასა კუხეთისსა ქუჱყანასა:“ მაშინ უბრძანა ნეტარ-მან ნინო. "წარიხ უჱნით ორნივე ესე ჯუარნი და აღმართენით ერთი თხოთს, სადა იგი ღმერთ-მან გამხილათ ძალი მისი, და ერთი მიეც სალომეს, მჴევალსა ქრისტესსა, აღმართოს უჯარმოს ქალაქსა, რამეთუ ბუდი დაბაჲ კუხეთისა, არა წინა-აღუდგეს ქალაქსა მეფეთასა, რამეთუ ერისა სიმრავლე არს მუნ: ბუდისა კულა დაბაჲ თჳთ იხილოს სათნო-იგი ადგილი ღვთისა: და ყუჱს ეგრე ვითარცა უბრძანა ნინო:

ხოლო ესე სასწაულითა ზე-ცისა ჩუჱნებით ჯუარი პატიოსანი მცხეთას იპყრეს, ჴელითა კაცობრივითა, მივიდეს ბორცუსა-მას ქუჱშე და წყაროსა-მას-ზედა ათიეს ღამე, და ილოცეს ღვთისა მიმართ, და ნეტარი ნინო ცრემლითა შეაზავებდა წყაროსა-მას, და იქმნებოდეს კურნებანი და სასწაულნი დიდნი: ხოლო ხვალისა დღე აღვიდეს კლდეს- მას-ზედა, და მივიდა ნეტარი-იგი ბორცუსა-მას-ზედა, დავარდა ქუათა-მათ ზედა და სტიროდა თჳთ იგი, და მის თანა მეფენი და მთავარნი, და ყოველი სიმრავლე ერისა, ვიდრემდის მთანი ხმას სცემდეს, და დასდუა ჴელი ერთსა ქუასა და ჰრქუა ებისკოპოსსა: "მოვედ, რამეთუ შენდა ჯერ არს და, დასწერე ქუასა ამას ჯუარი:“ და მან ყო ეგრეთ, და მუნ აღემართა ჯვარი იგი დიდებითა, მეფეთა-გან და მოსდრკა ერი-იგი ურიცხჳ, და თაყუანისცეს ჯუარსა, და აღიარეს ჭეშმარიტად ძე ღვთისა ცხოველისა, და ჰრწმენა სამებით დიდებული ღმერთი:

ხოლო დიდნი-იგი მთავარნი არა განეშორებოდეს ეკკლესიასა წმიდასა, და სვეტსა ნათლისასა, და ჯუარსა-მას ცხოველსა. რამეთუ ხედჳდეს სასწაულთა-მათ უზომოთა, და კურნებათა-მათ მიუთხრობელთა. და დღესა კჳრიაკესა აღვსებისა ზატიკსა ყო მირიან მეფე-მან და ყოველ-მან მცხეთა-მან, შეწირვად დღე-იგი: განაწესეს ჯუარის მსახურებად, აღვსებისა ზატიკსა ყოველმან ქართლ-მან დღეინდელად დღედმდე: და იყო რა-ოდენისამე დღისა შემდგომად, მარტჳლისა უკანისა, იხილეს სასწაული დიდად საშინელი, დღესა ოთხ-შაბათსა: აჰა ესერა სვეტი ერთი ნათლისა სახედ ჯუარისა დგა ჯუარსა-მას ზედა, და ათორმეტნი ვარსკულავნი სახედ გჳრგჳნისა, გარემოს მისსა: ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისა კმეოდა სახედ სულნელად და ხედჳდეს სასწაულსა ამას ყოველნი, და მრავალნი უღთოთაგანი მოიქცეს და ნათელს-იღეს მას დღესა შინა: ხოლო ქრისტიანენი უფრო მორწმუნე იქმნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა: მერმე კვალად იხილეს: სხუაჲ სასწაული ჯუარისაჲ, ვითარცა ცეცხლი დგა თავსა ზედა მისსა, შვიდ წილად მზისა უბრწყინუალესი, ზედა დაადგრა მას ვითარცა საჴმილისა ნაბერწყალნი აღვლენ, ეგრე სახედ ანგელოზნი ღვთისანი აღვიდოდეს და გარდამო ვიდოდეს მას-ზედა: ხოლო ბორცჳ- იგი ჯუარისა იძრვოდა ძლიერად, და ვითარცა სასწაული -იგი დასცხრებოდა, ეგრეთვე ძრვა-იგი დასცხრებოდა ვითარცა იხილეს სასწაული იგი დაუკჳრდა ყოველთა, უფროსად და უმეტესად ადიდებდეს ღმერთსა: და ვითარცა იქმნებოდეს სასწაულნი-იგი წლითი-წლად და ყოველი-იგი ერი ხედჳდეს , შიშით და ძრწოლით მოვიდოდეს თაყუანის-ცემად გულს-მოდგინედ:

მას ჟამსა რევის, ძესა მეფისასა, ესვა ყრმა მცირე წული, და იყო სნეულ და მიწევნულ იყო სიკუდილად: და იგი ოდენ მხოლო ესვა მათ მოიღო და დადვა იგი წინაშე ჯუარისა წმიდისა და ცრემლით ითხოვდა: "უკეთუ მომიბოძო ყრმა ესე ცოცხალი, აღვაშენო კუბო საყუდლად შენდა:“ და მუნ-თქვესვე განიკურნა ყრმა-იგი და განკურნებული და განცოცხლებული წარიყუანა მერმე მოვიდა აღთქმისა აღსრულებად, და ყო მადლისა მიცემა დიდითა სიხარულითა, და გულს- მოდგინებით აღაშენა კუბო ჯუარისა მცხეთისა რევ, ძე-მან მეფისა-მან და წლითიწლად მოვიდის და აღასრულის აღნათქუამი იგი მსხუჱრპლისა, და მიერითგან უფრო მოვიდოდეს ყოველნი უძლურნი და სნეულნი, განიკურნებოდეს და სიხარულით ადიდებდეს ჯუარსა წმიდასა ქრისტესსა:

იყო ვინმე მამა-კაცი ჭაბუკი, და ორნივე თუალნი დასდგომოდეს, ჯდა იგი წინაშე ჯვარსა წმიდასა ქრისტესსა, და შემდგომად შვიდისა დღისა აღეხილნეს თუალი, ხედვიდა და ადიდებდა პატიოსანსა ჯუარსა: მერმე დედა-კაცი ერთი იყო, მარადის გვემული სულთა-გან უკეთურთა ეგეოდენ, რომელ ძალი და გონებაჲ მისი მიეღო რვასა წელსა, და სამოსელსა თჳსსა დაიპობდა. და ვითარ მოიყუანეს და პატიოსანსა ჯუარსა შეამთხვიეს, შემდგომად ათ-ორ-მეტისა დღისა განიკურნა და თჳსითა ფერჴითა წარვიდა, ადიდებდა ღმერთსა და თაყუანის-ცემდა პატიოსანსა ჯუარსა: მერე კვალად იყო ყრმა ვინმე მცირე და მეყსეულად დაეცა და მოკუდა: აღიღო იგი დედა-მან მის-მან და დააგდო წინაშე ჯუარსა ყრმა-იგი მომკუდარი დილეულით -გან მიმწუხრადმდე: ხოლო დედაჲ მისი ტირილითა ილოცვიდა წინაშე ჯუარისა სხუანი ეტყოდეს. "წარიღე დედა-კაცო, და დამარხე. რამეთუ მომკუდარ არს, და ნუღა-რა აწყინებ:“ ხოლო მან არა წარიკვეთა სასოება, არამედ უფროს და უმეტეს საწყალობლად ტიროდა და ილოცვიდა. მწუხრისა ოდენ ჟამსა სულიერ იქმნა, და თუალნი აღიხილნა, და შემდგომად შვიდისა დღისა განკურნებული და განცოცხლებული წარიყუანა ყრმა იგი დედა-მან მის-მან და ადიდებდა ღმერთსა:

იხილეს-რაჲ სასწაული და კურნებაჲ ყოვლად წმიდისა ჯუარისა მიერ, მრავალნი უშვილონი მივიდოდეს და ითხოვდეს შვილიერებასა, და შვილ-მრავალ იქმნებოდეს, და შესაწირავთა და მადლთა ჰყოფდეს. არა-ხოლო თუ რომელნი მოვლენ, მათ ოდენ მიანიჭის კურნებაჲ, არამედ რომელნი შორითცა ითხოვდიან შეწევნასა წმიდისა ჯუარისა მცხეთისა-გან მუნ-თქვესვე შეწევნითა მისითა მიიღიან მადლი, მძლე იქმნიან მტერთა და მსწრაფლ მოვიდიან შეწირვად მადლისა: მრავალნი უკვე უღმრთონიჭირსა-რა შთასცვივიან, რა-ჟამს ხადოდიან წმიდასა ჯუარსა მუნ-თქვესვე განერნიან ჭირისა-გან, და მოვიდიან შემთხუჱვად პატიოსნისა ჯუარისა. და მრავალთა ნათელსიღეს, და სიხარულით ადიდებდეს ღმერთსა: მრავალნი უკუჱ მრავალთა ჭირთა შთსცვივეს, და ძალითა პატიოსნისა ჯვარისათა განიკურნნეს. მრავალნი პირად- პირადთა-გან სატანჯველთა მოივლტიედ ვედრებად, მყის განიკურნებიან, მუნით-გან დღეინდელად დღედმდე, და ადიდებდეს მამასა, და ძესა, და წმიდასა-სულსა, რომლისა არს დიდებაჲ აწ და მარადის, და უკუნითიუკუნისამდე. ამინ


წიგნი რომელი მოუწერა პატრიაქ-მან ჰრომისა-მან და ბრანჯთა მეფემან ნინოს და მეფესა, და ყოველსა ერთა ქართლისათა:
[edit]

მათ დღეთა შინა მოიწია წიგნი ჰრომით, წმიდისა პატრიაქისა, ნინოსა და მეფისა, და ყოველსა ერსა ქართლისასა და მოუვლიანა ბრანჯი დიაკონი, ქებისა შესხმად და კურთხევისა მიცემად: და ამის ნეტარისა ნინოს ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად: აქუნდა წიგნი ბრანჯთ მეფისა ნინოსცა თანა. და რამეთუ მამისა მისისა-გან ნათელს-ეღო ბრანჯეთს ყოველსა ერსა, და ყოველი ესე მასმენილ იყო იერუსალიმით და კოსტანტინეპოლით, ვითარმედ ქვეყანასა-მას ქართლისასა მიეფინა მზე სიმართლისა. ამის-თჳს სანატრელი წიგნი მოეწერა, რათამცა ეუწყნეს აქანი იგი სასწაულნი სვეტისა-მის მაყულოვანისა, და ძალი-იგი კურნებისა: ესე ყოველი იხილა და მოისმინნა სასწაულნი-იგი ყოველნი რომელნი ქმნილ იყუნეს მცხეთას დიაკონ-მან ბრანჯთა-მან, და განკვრვებული ადიდებდა ღმერთსა: და წარიღო წიგნები:

მაშინ მეფე-მან ჰრქუა წმიდასა ნინოს და ებისკოპოზსა. "მნებავს ესრეთ, რათა იძულებით, მახვილითა მოვაქცინეთ მთეულნი, და სიძე ჩემი ფეროზ, და დავამონნე ძესა ღვთისა, და ვათაყვანნე პატიოსანსა ჯუარსა:“ მაშინ ჰრქუა მათ. "არა ბრძანებულ არს უფლისა-გან მახჳლისა აღებაჲ, და სახარებითა და პატიოსნითა ჯუარითა უჩვენოთ გზაჲ ჭეშმარიტი, მიმყუანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, და მადლ-მან ღვთისა-მან განანათლოს ბნელი-იგი გულთა მათთა:“ და წარვიდა წმიდაჲ ნინო და ებისკოპოსი იოვანე, და მათ წარატანა მეფე-მან ერის-თავი ერთი, და მოვიდეს, და დადგეს წორბანსა, და მოუწოდეს მთიულთა, პირ-უტყვის სახეთა-მათ კაცთა, ჭართალელთა ფხოელთა, გუდამაყრელთა, და უქადაგეს მათ ჯვარი ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყუანებელი ცხოვრებად საუკუნოდ: ხოლო მათ არა ნათლი- ღებაჲ მაშინ ერის-თავ-მან მეფისა-მან მცირედ წარმართა მახჳლი მათ-ზედა და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი:

გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთსა და უქადაგეს ერწო-თიანელთა, ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს: ხოლო ფხოველთა დაუტევეს ქვეყანაჲ მათი და გარდავიდეს თუშეთს, და სხუანიცა მთიულელნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფე-მან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის-ღებაჲ: ამის-თვისცა წაკრბეს იგინიცა და შესცდეს, და რომელნიმე უკანასკნელ მოაქცივნა აბიბოს, ნეკრესელ ებისკოპოს-მან რომელნიმე მათგანნი დარჩეს წარმართობასავე დღესამომდე: ხოლო წმიდა-მან ნინო წარემართა წარსლვად რანს, მოქცევად ფეროზისსა. და ვითარცა მიეახლა კახეთს, დაბასა ბუდისასა, დაყვნა მუნ დღენი, და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიღებდეს სწავლასა მისსა, სიმრავლე ერისა: მაშინ დასნეულდა მუნ, და ვითარცა ცნა რევ, ძე-მან მეფისა-მან და სალომე, ცოლმ-ან მის-მან, რომელნი ცხოვნდებოდეს უჯარმოს, მოვიდეს ნინოსსა, და აცნობეს მეფესა და დედოფალსა: ხოლო მათ მიავლინეს ებისკოპოსი იოვანე წარმოყუანებად. წმიდაჲ ნინო არა ერჩდა: ხოლო წარვიდა თჳთ მეფე და სიმრავლე ერისა ძლიერისა, და მივიდეს მას-ზედა და შეკრბა სიმრავლე ერთა, და ხედვიდეს ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა ვითარცა ზე-ცისა ანგელოზისსა, და მოსწყვედიან ფესვსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდეს და ემთხვეოდეს სარწმუნოებით, და იძულებით ევედრებოდეს ყოველნი დედოფალნი, გარემოს მსხდომნი, რომელთა მოსდიოდეს ცრემლნი თუალთა-გან მათთა, განშორებისა-თჳს მოძღვრისამის და მოღვაწისა, და სნეულთა მკურნალისა ჴელოვანისა: და ეტყოდეს სალომე უჯარმელი, და პეროჟ ავრისვნელი და მათ-თანა ერის-თავნი და მთავარნი, ჰკითხჳდეს: "თუ ვინაჲ ანუ ვითარ მოხუჱდ ქვეყანასა ამას მაცხოვარებად ჩვენდა, ანუ სადაჲთმე იყო აღზრდაჲ შენი დედოფალო: მაუწყე ჩვენ საქმე შენი. რასა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მჴსნელო სანატრელო, რამეთუ ესე-რა გვისწავიეს შენ-მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინასწარმეტყველნი პირველ ძისა ღვთისა, და შემდგომად მოციქულნი ათ-ორ-მეტნი, და სხვანი სამ-ოც-და ათ-ორ-მეტნი. ჩვენდა არავინ მოავლინა ღმერთ-მან სხუა გარნა შენ, და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ მე ტყუჱ ვარ, ანუ ვითარ უცხო:“

ხოლო მაშინ იწყო სიტყუა წმიდა-მან ნინო და თქუა: "ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო, გხედავ თქუჱნ, ვითარცა პირველთა-მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა და სიყუარულსა ქრისტესსა, და გნებავსთ გზათა ჩემთა ცნობაჲ, გლახაკისა მჴევლისათა, და გაუწყოცა. რამეთუ ესე-რა მოსრულ არს სული ჩემი ჴორჴად ჩემდა, და მეძინებიან მე ძილითა დედისა ჩემისათა, საუკუნოდ. არამედ მოიხვენით საწერელნი და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრებაჲ ჩემი, რათა უწყოდიან შვილთაცა თქვენთა სარწმუნოებაჲ თქვენი და შეწყნარებაჲ ჩემი, და სასწაულნი ღვთისანი, რომელ გიხილვან:“ მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი სალომე უჯარმელ-მან და პეროჟ ავრი სვნელ-მან: იწყო სიტყუად და იგინი წერდეს, და წარმოუთხრა ყოველი, რომელი ზემოთ დავწერეთ ცხოვრებაჲ მის წმიდისა და ნეტარისა. და შევედრა მეფესა იაკობ მღუდელი, რათა შემდგომად იოანესსა იგი იყოს ებისკოპოზ: მაშინ იოანე ებისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდაჲ ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და შევედრა სული მეუფესა ცათასა, ქართლად მოსჳლთ-გან მისით მეთოთხმეტეს წელსა, და ქრისტეს ამაღლებითგან სამ ას ოც და თურამეტ წელსა და დასაბამით-გან წელთა ხუთ-ათას რვა ას ოც და ათრვა-მეტსა: მაშინ შეიძრნეს ორნივე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმო, და ყოველი ქართლი მიცუალებასა მისსა. მივიდეს და დამარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი ადგილსავე ზედა ჰერეთისა, დაბასა ბუდისასა. რამეთუ მუნ ითხოვა თჳთ დაფლვაჲ მეფისა-გან შეხედჳთა ღვთისათა და სიმდაბლისა-თჳს ჰქმნა ესე წმიდა-მან, რამეთუ ადგილი -იგი შეურაცხი იყო: და მწუხარე იყო მეფე, და ყოველნი წარჩინებულნი მუნ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა და ანდერძისა მისისა აღსრულებისა-თჳს დაფლეს მუნ:

და ვითარ აღასრულა ესე ყოველი ღვთივ-განბრძნობილ-მან მირიან მეფე-მან განამტკიცა ყოველი ქართლი და ჰერეთი და სარწმუნოებასა ზედა სამებისა ერთ-არსებისაჲ ღვთისასა, დაუსაბამოსა, დამბადებელსა ყოვლისასა, და განმტკიცნეს სრულსა სარწმუნოებასა ზედა: მაშინ კეისარსა კოსტანტინეს რომელ ჰყუა მძევალი ძე მირიანისი, რომელსა ერქუა ბაჰქარ, გამოუზავნა მეფე-მან კოსტანტინე, ნიჭითა დიდითა, და მოუწერა ესრეთ: "მოვსწერ შენდა ღთივგანბრძნობილისა, ჩემ-თანავე ახალ-ნერგისა მორწმუნისა მეფისა მირიანისსა: იყავნ შენ-თანა მშვიდობაჲ და სიხარული, ვინათ-გან იცან შენ სამებაჲ ერთ-არსებაჲ, ღმერთი დაუსაბამოჲ, დამბადებელი ყოვლისა. არღა-რა მიჴმს მე შენ-გან მძევალი, არამედ კმა არს ჩვენ შორის შუა-მდგომელად ქრისტე, ძე ღთისა პირველ ჟამთა შობილი, რომელი განჰკაცნა ჴსნისა-თჳს ჩვენისა, და ჯვარი მისი პატიოსანი, რომელი მოცემულ არს ჩვენდა წინა-მძღურად ჩვენდა, გულითა მოსავთა მისთა, და შუამდგომელობითა ღვთისა დამბადებელისათა ვიყუნეთ ჩვენ სიყუარულსა ზედა ძმებრივსა: შვილი შენი შენდავე მიმინიჭებიეს, იხილე და განიხარე და ღვთისა-გან მოვლინებული ანგელოზი მშვიდობისა იყავნ შენ-თანა მარადის. განდევნენ ღმერთ-მან დამბადებელ-მან ეშმაკი მაცთური საზღუართა-გან შენთა:“

მოვიდა ბაჰქარ, ძე მეფისა მირიანისი, და მოციქული კოსტანტინე მეფისა კეისრისა მცხეთას, აღივსნეს სიხარულითა მირიან მეფე და ნანა დედოფალი, და ჰმადლობდეს ღმერთსა ნიჭთა სრულითა დიდითა მომცემელსა: მაშინ მირიან მეფე-მან განასრულა ეკლესიაჲ საეპისკოპოსო, და აღასრულა სატფურებაჲ მისი მრავლითა დიდებითა: და მოქცევით-გან მირიან მეფისათა ოც და მეხუთესა წელსა მოკუდა ძე მისი რევ, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომელსა მიეცა მეფობაჲ სიცოცხლესავე თჳსსა და დაფლეს აკლდამასავე, რომელი თჳთ მასვე რევს აღეშენა: და მასვე წელიწადსა დასნეულდა მირიან მეფე, რომელიცა აღესრულა: და მოიყუანა ძე მისი ბაქარ და უთხრა: "აჰა ესე-რა მე წარვალ ვინაცა მოვედ, და ვმადლობ მრავალ-მოწყალესა ღმერთსა, დამბადებელსა ცათა და ქუჱყანისასა, რომელ-მან წარტყუჱნილი ეშმაკისა-გან მიჴსნა მე პირისა- გან ჯოჯოხეთისა, და ღირს მყო მე მარჯვენით მის-თანა: შენ, ნანა, უკეთუ გეცესღა მოცალებაჲ, ცხოვრებისა ცხოვრებისა ჩემისა შემდგომად, განჰყავ სამეფო განძი ჩვენი ორად, და მიიღე სამარხავსა ნინოსა, განმანათლებელსა ჩვენისასა, ჟამთა შეცუალებისა-თჳს, რათა არა შეირყიოს უკუნისამდე იგი ადგილი. რამეთუ მეფეთა საჯდომი არს, არამედ მწირ არს: ეგრეთვე: დავედრა ებისკოპოსნი, რათა ადიდონ დიდება მის ადგილისა, "რამეთუ ღირს არს პატივ-ცემასა:“ ხოლო ძესა თჳსსა ჰრქუა შვილო ჩემო, შეიცვალა ბნელი ჩემი ნათლად და სიკუდილი ცხოვრებად, შენდა მომიცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისა. ღმერთ-მან ცისა და ქუჱყანისა-მან და განგამტკიცნეს შენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა: იწურთიდი ყოვლადვე მცნებათა ძისა ღვთისათა, და დაადგერ სრულიად მათზედა, და სახელსა ზედა ქრისტესსა სიკუდილი ცხოვრებად გიჩნდენ, რომლითა წარუვალი ცხოვრება მოიგო და სადაცა პოვნე ვნებანი -იგი ცეცხლის მსახურებისანი და კერპნი, ცეცხლითა დაწვენ, და ნაცარი შეასუ რომელნი მათ ესჳდენ, და ესე შჳლთა შენთაცა ამცენ. რამეთუ მე ვიცი იგი, რომელ კავკასიათაცა შინავე დაილევიან: ხოლო შენ ამას შეუდეგ ყოვლითა გულითა შენითა და თავი შენი შევედრე ძესა ღვთისასა და პირველ ჟამთა შობილსა, განკაცებულსა და ვნებულსა ჴსნისა-თჳს ჩვენისა, და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა სძლო მტერთა, ვითარცა აქუს ჩუჱულება გულითა მოსავთა მისთა: და პატივს-ცემდე სვეტსა-მას ცხოველსა ღვთივ-აღმართებულსა და იყავნ ყოვლითურთ სასოებაჲ შენი მისა მიმართ, და იყავნ მისლუა შენი ძილად საუკუნოდ, სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისასა:“

და მოაყუანიებია ჯუარი-იგი წმიდისა ნინოსი, რომელი პირველით-გან აქუნდა, და ჩამოჰკიდა გჳრგჳნი სამეფო ჯუარსა-მას და მოიყუანა ძე თჳსი ბაჰქარ, და თავსა მისსა გამოსახა სახე ჯუარისა, და აღიღო გჳრგჳნი ჯუარისა-გან და დადგა თავსა ზედა ძისა თჳსისასა: და აღესრულა მირიან მეფე და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა, საშუალსა სვეტსა, სამხრით კერძო, და მას სვეტსა შინა არს ნაწილი ღვთივ-აღმართებულისა სვეტისა: და მეორესა წელსა მოკუდა ნანა დედოფალი და დაეფლა მასვე სვეტსა დასავლით, სადა მირიან მეფე დამარხულ იყო:


კე. მეოცდახუთე მეფე, ბაქარ, ძე მირიანისი, ხოსროიანი:
[edit]

და დასჯდა ძე მისი ბაქარ, და იყო მორწმუნე, ვითარცა მამაჲ მისი. და ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა: ხოლო შთავარდა შორის მისსა და სომეხთა მტერობაჲ. რამეთუ სომეხნი ბაჰქარის ძმის-წულისა, რევის ძისა, თრდატ მეფისა ასულის წულისა მეფობასა ლამოდეს ქართლს: ხოლო ესე ბაქარ ეზრახა სპარსთა მეფესა, მამის ძმის-წულსა მისსა, დაემოყურა და გაუცვალა ქვეყანაჲ, და სიძესა მისსა ფეროზს, რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანის-გან, და მისცა მის-წილ სამშჳლდით-გან მიღმართ ქუჱყანაჲ ვიდრე თავადმდე აბოცისა: მაშინღა ნათელ-იღო ფეროზ და ერ-მან მის-მან, და მოირთეს ძალი ხვასროთა-გან, და ეწყუნეს სომეხთა ჯავახეთს, სძლეს და აოტნეს სომეხნი: მაშინ მეფე-მან ბაქარ, შუა-მდგომელობითა ბერძენთა მეფისა და სპარსთა მეფისათა, დაწერა ჴელით-წერილი ძმის-წულთა მისთა, და დედისა მათისა სალომესი. " ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელ ეძლოს პყრობაჲ მეფობისა, მისი იყოს მეფობაჲ, არა-ოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა:“ მაშინ მოიყუანნა ძმის-წულნი მისნი, და მისცა კუხეთი, და დასხნა რუს-თავს ერის-თავად: ამან ბაქარ ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღუდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა შინა, ეკკლესიათა მსახურად: ამან აღაშენა ეკკლესია წილკნისა: მოკუდა და დაეფლა მამასავე თჳსსა თანა;


კვ. მეოცდაექუსე მეფე მირდატ, ძე ბაქარისი ხოსროიანი:
[edit]

და დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა და მან აღაშენა ეკლესია თუხარისის ციხესა შინა, რამეთუ ჴევსა კლარჯეთისასა არა იყო ეკკლესია, და მუნ შინა დაადგინნა მღუდელნი მოძღურად კლარჯთა, და ჰმატა შენება და შემკობა ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა: ხოლო ამის მირდატის მეფობასა იწყეს ქართველთა სვეტისა ცხოველისა-გან ნაწილისა გამოღებად და ქმნად ჯუარად, რამეთუ დიდნი სასწაულნი და კურნებანი იქმნებოდეს, სადაცა იყვის ნაწილი სვეტისა ცხოველისა. და არა აყენებდა მირდატ მეფე ნაწილისა გამოღებად. რამეთუ ეპისკოპოს-მანცა ჭეშმარიტმან იაკობ ეგრეთ ჯერ-იჩინა და თქვა: "მინიჭებულ არს უფლისა-გან და ჯერ არს სვეტისა-მის ღმრთივ-აღმართებულისა ქმნაჲ სახედ ჯვარისა.“ და განეფინა ყოველთა ადგილთა ქართლისათა ნაწილი სვეტისა-მის ცხოველისა: და ამან მეფე-მან მირდატ მისვე სვეტისა-გან შექმნა ჯუარნი, და ერთი წარგზავნა ერუშეთს, და რომელი დარჩა სვეტისა-გან მის ცხოველისა, მას გარე მოქმნა ქვით-კირითა, პირველ სვეტისაოდენად, და თავისა ზედა მის სვეტისასა აღმართა იგი ძელი განმანათლებელი: და ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი უშფოთველად აღასრულნა, სარწმუნოებასა შინა დიდსა და მისსაზე მოკუდა იაკობ ებისკოპოსი და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოზისა დიაკონი, და მოკუდა მირდატ მეფე


კზ. მეოცდაშვიდე მეფე, ვარზა-ბაქარ ძე მირდატისი, ხოსროიანი:
[edit]

და დაჯდა ძე მისი ვარზა-ბაქარ და შეირთო ცოლი, ასული თრდატისი, რევის ძისა, მირიანის ძისწულისა, მორწმუნე და კეთილ-მოქმედი: [იყო ესე უშვილო, რამეთუ არა ესვა ძე წული და ევედრებინ ღმერთსა მარხჳთა და მჴურვალედ ვედრებითა, რათა ღირს იქმნეს იგი მიცემად ძისა, რომლისაცა მიმთხვევად ღირს იქმნა: რამეთუ ჟამსა რომელსამე მომავალი ქვეყანათა-გან სამეფოდ მისდა, მცხეთად მწუხრი დაივანა კიდესა დიდისა მის მდინარისასა რომელსა მტკუარ ეწოდების და ვითარცა აღასრულა მწუხრისა ლოცვა, რათა მიიძინოს, რამეთუ თჳნიერ ლოცჳსა არა-ოდეს ისერის არცა მიიძინის, ამას ლოცვასა შინა გამოუჩნდა ანგელოზი ნათლისა ბრწყინვალე, რომლისა ხილვასა შეშინდა მეფე: ხოლო მან თქვა: "ნუ გეშინინ ჶი მეფე. რამეთუ შეისმეს ვედრებანი შენნი წინაშე ღუთისა, და მოგეცეს ძე რომელი იყოს დიდ და სრულ წინაშე ღუთისა და კაცთა, და მრავალნი ერნი ღუთისა მოაქცივნეს:“ და ვითარცა განიღჳძა მეფე-მან, მხიარული სულითა ადიდებდა ღმერთსა. და შემდგომად მცირედისა მიუდგა ცოლი მეფისა და უშვა მას ძე, და დიდი სიხარული ყვეს მეფე-მან ყოვლით სამეუფოთ მისითურთ, ჟამსა-მას შობისა მისისასა. და ნათელსცეს სახელითა წმიდისა სამებისასა, და უწოდეს სახელად მურვანოს: ესრეთ ანგელოზისა ხარებითა იშუა წმიდა ესე, ვითარცა სამოელ და ერემია. და საშოთა-განვე წმიდა იქმნა, ვითარცა დიდი წინა-მორბედი: და ვითარ მიეცა სასწავლოდ, მცირედთა ჟამთა დაისწავლა ყოველივე წერილი, და გულის-ჴმისყოფით აღმოიკითხავნ და იწურთინ დღე და ღამე: რამეთუ ფრთხილ იყო და მახჳლ გონებითა, და მადლი ღვთისა იყო მას-ზედა: ჟამთა მცირისა თეოდოსი, ბერძენთა მეფისათა, იქმნა მტერობა ბერძენთა შორის და სპარსთა. და მეფე-მან თეოდოსი, მოშიშ-მან ნუ უკვე შეერთნენ ქართველნი სპარსთა და იძლინენ ბერძენნი, ამის-თჳსცა მოსთხოვა სიყვარული ქართველთ მეფესა, და უმეტესისა სიმტკიცისა-თჳს მძევალნიცა სთხოვნა. ხოლო რათა არა განიცვალნენ ქართველნი ბერძენთაგან: ყოველი სათხოველი ბერძენთა მეფისა აღუსრულა მეფე-მან ქართველთა-მან და წარმოავლინა ძე თჳსი მურვანოს, ათ-ოთხ-მეტისა წლისა, მძევლად, ქალაქად კოსტანტინეპოლედ, სხვათა-თანა სე- ფე-წულთა, მრავლითა პატივითა და დიდებითა: და ვითარცა მიიწინეს და ცნა მეფემან თეოდოსი, მრავლითა მლევანებითა აღიყვანა სამეუფოდ პალატად, და ხილვასავე თანა, ვითარცა ღვთივ მონიჭებული ძე მათი, ესრეთ სურვილით და სიყვარულით და ამბორის-ყოფით მოიკითხეს, მეფე-მან თეოდოსი და მეუღლე-მან მის-მან ევდუკია, ყოვლისა თანა სამეუფოსა მათისა: ვითარცა იხილა ყრმა-მან მან მურვანოს მეფე და დედოფალი, და ყოველი პალატი, რამეთუ იყუნე დიდსა შინა ღუთის მსახურებასა, მარხჳთა, ლოცვითა, გლახაკთ მოწყალებითა, ამან უფროსად განამრავლა მოღვაწება მარხვა ფრიადი, მღჳძარება უზომო, ლოცვა დაუცხრომელი, გლახაკთ მოწყალება, სიმშჳდე, სიყვარული, სახიერება, მოთმინება და ყოველნივე ნაყოფნი სულისანი შეიტკბნა, რომელ არიან წმიდანი სათნოებანი, სიტყჳსა-ებრ წმინდისა მოციქულისა: ხოლო უმეტეს და უაღრეს ყოვლისა მოიგო სიწმიდე სულისა და ჴორცთა, ვითარცა დიდ-მან იოსებ: ხოლო მცირეთა ჟამთა ისწავა ენა ბერძული, და ყოველივე სწავლულება საეკლესიო და საფილოსოფოსო: ეგრეთვე, წარვიდა-რაჲ იერუსალემად, საფლავსა უფლისასა მიიწია, და მუნ აკვეცილ იქმნა მონოზნებად, და უწოდეს სახელით პეტრე: ისწავა ენა და სწავლულება ასურებრივი, ვიდრემდის უკჳრდა ყოველთა სიფრთხო და სიმახჳლე გონებისა მისისა. ხოლო დღითი-დღე პალატით მოცემულსა როჭიკსა გლახაკთა განუყოფდა, ემოსა ფლასი ფიცხელი და მქისე ქვეშე-კერძო სამეუფოთა სამოსელთა, იმარხავნ იგი ორ-ორით სამ-სამით, და უფროსღა შჳდეულით: რამეთუ იყო დიდი წმიდა წინაშე ღვთისა: და იქმნა ჩვენებითა და ბრძანებითა ქრისტესითა ეპისკოპოზ მოჰამისა, რამეთუ არავინ შემძლებელ იყო ქებად მისსა, გარნა გრიგოლი დიოლოღი პატრიაქი რომისა, რომელ აღწერა ქება მისი წიგნსა შინა თჳსსა ხოლო ამას ანგელოზისა ხარებითა მოენიჭა ძე, რომელსა უწოდეს მურვანოს. ესე მურვანოს საშოთ-განვე დედისათ, დიდი წმიდა იქმნა, ვითარცა წინამორბედი, და ყოველივე საღმრთო წერილი დაისწავლა, და წარემატებოდა ჰასაკითა და მადლითა, წინაშე ღუთისა

ვითარ იქმნა ათ-ორ-მეტისა წლისა, მაშინ ბერძენთა მეფე თეოდოსი მცირე შეშინებულიქმნა, რათა არა მიერთუნენ ქართველნი სპარსთა. და სთხოვა ვარზა-ბაქარს მურვანოს მძევლად, და წარიყუანა კოსტანტინეპოლედ, და ვითარცა ძესა თჳსსა ზრდიდა, ფუფუნებითა დიდითა: ხოლო მურვანოსს არა-რას ეურვებოდა სოფლისა ამის დიდებისა-თჳს, არამედ შესძინა ლოცუასა და მარ ხუასა და სიწმიდით ცხოვრებად, და შეიმოსა შინა-გან ჴორცთა თჳსთა ზედა ფლასი თხის ბალნისა, და მით აჭირვებდის ჴორცთა თჳსთა. და მსწრაფლ ისწავა ენა ბერძული და ასურებრივი და ფილოსოფოსობა სრული, ვიდრე ყოველთა უკჳრდა: ხოლო მიენიჭნეს მას მადლნი, ღუთისა მიერ, სნეულთა კურნებისანი, რომელი წერილ არს სრულსა ცხოვრებასა მისსა და ღამესა განცხადებისასა მდგომარე იყო უძილად, და ჰრქუა მსახურსა თჳსსა, მოღებად ზეთი აღსანთებელად კანდლისა: ხოლო მან შეურაცხ ყო მურვანოს: " რამეთუ მეფისა ძე ხარ და არა გსურის სამეფოთა-თჳს, და ვითარცა მონაზონი იყოფები, მშიერი კჳრიაკედმდე:“ ხოლო მურვანოს აღანთო წყალი კანდელთა შინა, თჳნიერ ზეთისა, და ილოცჳდა ეგრე. ხოლო შვიდ-ღამე ენთებოდა კანდელი იგი წყალსა-მას შინა, და ეჩუჱნა უფალი იესო ქრისტე, და აღუთქუა მის-თანა ყოფა მარადის, და მრავალი სასწაული აღასრულა კანდლისა-მის მიერ ცხებითა სნეულთათა: ხოლო საჭურისი ვინმე იყო მეფისა, რომელნი-ესე ორნივე შეითქუნეს წარსლუად: სცნა მეფე-მან თევდოსი და დაუდგინნა მცველნი, არამედ წინამძღურებითა უფლისათა განვლეს ღამე და წარვიდეს: რამეთუ სვეტი ნათლისა წინაუძღოდა მათ, ვითარცა ისრაელთა და ჴმა ესმათ სვეტით გამო: " რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელ- სა:“ და ჰპოვეს ნავი და ვლეს რაოდენიმე დღენი: ხოლო ქალაქსა ერთსა შინა შეპყრობილ იქმნეს ვის-გან-მე და შეიყენნეს საპყრობილესა: ხოლო მას ღამესა იქმნა ძრვა და მეხის-ტეხა, და ელუა ფრიადი, და მთავარსა მის ქალაქისასა დაადგა კაცი ვინმე საშინელებით ეტყოდა. "განუტევენ მონანი ღუთისანი უკეთუ არა, დაიქცევის ქალაქი ესე:“ და ესრეთ შეძრწუნებულმან განუტევნა:

ამისა შემდგომად მოვიდეს იერუსალემად და მუნ იყო ვინმე მეფე, რომისა სამთავროთ მოსრული, სახელით პინინოს, და მეუღლე მისი რომელთა დაეტევათ სოფლისა სიცბილი და მუნ იყოფოდენ. რამეთუ მონაზონ- იქმნნეს და აღაშენნეს ორნი მონასტერნი, სადა თჳთოეულნი მუნ იყოფოდეს. და ამათ მიერ შეწყნარებულ იქმნეს: შემდგომად ამისსა, საფლავსა უფლისასა მიიწივნეს და მუნ აღკვეცილ იქმნეს მონაზონებად, და უწოდეს მურვანოსს პეტრე, ხოლო საჭურისსა იოვანე, რომელთა ღუაწლნი და შრომანი გამოუთქმელ არიან: და აღაშენნეს მონასტერნი და ქსენონი: ამისა შემდგომად გამოსცადა ეშმაკ-მან პეტრე და აყვედრა მამულთა სამეფოთა დატევება, და მონაზონებითა არა კეთილად ცხოვრება: ხოლო ამან შერისხა და განაძო: ამისსა შემდგომად გამოეცხადა კვალად ქრისტე, და აჩვენა ცათა შინა ეკლესია და ერგასისნი კაცნი მგალობელნი შვენიერნი ხილვითა, და აღუთქუა ცხოვრება საუკუნო:

ხოლო ანასტასი პატრიაქისა მიერ იძულებით მღუდელად ჴელ-დასხმულ იქმნა: შემდგომად განვიდა უდაბნოთა და აღაშენა მუნცა მონასტერნი. პირსა იორდანესასა, მჯდომი მძვინუარე განჰკურნა მოვლნა ყოველნი უდაბნონი ეგჳპტისა და სკჳტისანი და მრავალნი სასწაულნი აღასრულნა: კვალად მონასტერსა და ქსენონსა თჳსსა მოიქცა, და სიყმილსა შინა საფქვილე, საცერცვე, საზეთე და საღჳნე ყოველნივე ჭურჭელნი ლოცჳთა თჳსითა აღავსნა: მას ჟამსა აღესრულა ებისკოპოსი მოამისა, და შეჰკრბეს კაცნი მის ქალაქისანი და გამოითხოვეს პეტრე ქართუჱლი: ხოლო მან არა თავს-იდუა, რათამცა უსმინა პატრიაქსა, არამედ ენება თავისა გარდაგდება სიმაღლისა-გან და ეგრეთ წარტოლუა სხუათა ადგილთა. არამედ კვალად ქრისტე გამოეცხადა სიმრავლესა თანა ანგელოზთასა, და სიტყჳთა უფლისათა ებისკოპოსობა თავს-იდუა: მრავალგზის ესმა ჴმა ზე-გარდამო ქალაქსა-მას, რომელი ეტყოდა პეტრე ქართუჱლსა და უწჳმრობასა წჳმიან ჰყოფდა, უშვილოთა შვილიერ, სნეულთა განჰკურნებდა, უნაყოფოთა ნაყოფიერ ჰყოფდა, მეთევზურთა განუმარჯვებდა: ხოლო მისცა ღმერთ-მან მადლი წინასწარმეტყველებისა და სულისაწმიდისა ხილჳსა: რამეთუ სული მამისა ესაიასი და მამისა ზენონ სკიტელისა ჴორცთა-გან რა განვიდოდეს, იხილნა ზე-ცად აღმავალნი: ამისა შემდგომად სცნა განსლუა თჳსი ჴორცთა-გან, და ყოველთა აუწყა: ხოლო მამა-მან ვინმე ათანასე იხილა ჩვენება პეტრეს-თჳს, რამეთუ წმიდანი ევედრნეს ღმერთსა. " პეტრე ქართველისა ჰბრძანე მოყვანებად ჩვენდა, რამეთუ ფრიად სტანჯნა ჴორცნი თჳსნი:“ და შემდგომად ათისა დღისა უბრძანა მოსლვად მისსა: ამისა შემდგომად ათ დღე ილოცჳდა სენაკსა თჳსსა. და გამოვიდა მეათესა დღესა და შესწირა წმიდა მსხუჱრპლი, და ეზიარა წმიდათა საიდუმლოთა, და სხუანიცა აზიარნა, და აკურთხნა და მშვიდობა მისცა: შევიდა სენაკად, მიწვა და დაიძინა ძილი თჳსი თთვესა დეკემბერსა ორსა, და იხილეს წმიდათა კაცთა ვიეთმე წმიდა სული მისი, რომელ შეჰყუანდათ სიმრავლესა წმიდათასა, გალობითა და დიდებითა, რომელთა წანა-უპირობდა მღუდელ -მოწამე პეტრე ალექსანდრიელი: და მრავალნი სნეულნი განიკურნეს, რომელნი შეეხნეს წმიდასა გუამსა მისსა, რომელი ცხოვრებასა შინა მისსა წერილ არს: ხოლო ამის ნეტარისა ფრიადი ქება აღეწერა გრიგოლ დიალოღოსსა, წმიდასა პატრიაქსა რომისა, წიგნსა შინა თჳსსა:

ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ:ვინათ-გან ესე ვარზა- ბაქარ დაშთა უძეოდ, შეიყუარა სოფელი ესე და მიდრკა კეთილისა-გან და შეირთო სხუაცა ცოლი. ძისწული ფეროზისი, მირიანის ასულისა, და უშვა ფეროზის ძის-წულ-მან ძე, რომელსა ერქუა ფარსმან: ხოლო რევის ძის-წულ-მან, რომელი პირველ ვახსენე, ორნი ძენი, რომელთა ერქუა მირდატ და თარდატ: ესე ვარზა- ბაქარ მეფე იყო კაცი ურწმუნო და მოძულე სჯულისა, გარნა ვერ იკადრებდა ერისა-გან განცხადებად სჯულისა სიძულილისა. რამეთუ მოქცეულ იყო ქართლი, და დიდსა სარწმუნოებასა შინა იყუნეს აზნაურნი და ყოველი ერი ქართლისაჲ და ვარაზ-ბაქარ შიშისა მათისაგან ვერ განაცხადებდა დატევებასა სჯულისასა: არა-სადა აღაშენა ეკკლესია და არცა ჰმატა აღშენებულსა, და ყოვლითავე იქცეოდა უშჯულოდ:

ამისსა-ზე გამოგზავნა სპარსთა მეფე-მან ერის-თავი სპითა დიდითა, სომეხთა და ქართუჱლთა ზედა ხარკისა დადებად: მაშინ სომეხთა მოგზავნეს მოციქული ვარზა-ბაქარისსა, და ჰრქვეს, რათა შეჰკრბენ და მოირთონ ძალი ბერძენთა-გან და განახუნენ კარნი კავკასიანთანი, გამოიყუანნეს ოვსნი და ლეკნი, და წინა-აღუდგენ სპარსთა: და წარჩინებულნი თ თჳსნიცა ეტყოდეს წინააღდგომასა სპარსთასა არა ისმინა, არცა სომეხთა, არცა წარჩინებულთა თჳსთა. რამეთუ იყო იგი ჩუკენი და მოშიში: უკუ-ჯდა იგი ჴევსა კახეთისასა, და აღაშენა ციხე ჴიდარს, და განამაგრნა ციხექალაქნი და უბრძანა ყოველთა, რათა დამალნენ ჯუარნი: მოვიდეს სპარსნი პირველად სომხითს და მოაოჴრეს. შემოვიდეს ქართლს, აღაშენა ერის-თავ-მან სპარსთა-მან ტფილისი, კართა შორის ციხედ მცხეთისა: მაშინ ვარზა- ბაქარ ეზრახა შევრდომით და ითხოვა მშვიდობაჲ: ხოლო ერისთავ-მან სპარსთა-მან ჰრქუა მას. "პირველად მომეც რანი და მოვაკანი რამეთუ საზღუართა სპარსეთისა არს, და მათი არს რანი სრულიად. შვილნი არიან სპარსთა მეფეთანი და სხენან საყდართა მამათა: მათთასა, და თქვენდა კმა არს ქართლი, რომელნი ნაშობნი ხართ მჴევლისანი. გაქუნდეს უკვე ქართლი და ხარკსა მისცემდეთ მეფეთა ხუასროვანთა:“ მაშინ ვარზაბაქარ ვერღა-რა პასუხ-უგო შიშისა-გან დიდისა მისცა რანი და მოვაკანი და განჰკუჱთა ხარკი, ხოლო ერის-თავმან მან მისცა ციხე ტფილისისა და წარვიდა. და მიერით-გან მოხარკე:

ამისა შემდგომად განდგეს კლარჯნი ვარზა- ბაქარს და მიერთუნეს ბერძენთა, და დაიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი, ზღჳთ-გან არსიანთამდე: და დარჩა ვარზა-ბაქარს ქართლი, თჳნიერ კლარჯეთისა, და ჰერეთი და ეგრისი: მანვე ერის-თავ-მან სპარსთა-მან წარიყუანნა ტყუჱდ შვილნი ფეროზისნი, ასულის-წულნი მირიანისნი, მორწმუნისა მეფისანი, და ქვეყანისა მათისა საზღუარი ქართლისა მოსცა ვარზა- ბაქარსვე: და მოკუდა ვარზა- ბაქარ, და დარჩეს ძენი მისნი სამნი წურილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა.


კჱ მეოცდარვა მეფე, თრდატ სიმამრი ვარზა- ბაქარისა, ხოსროიანი:
[edit]

მაშინ წარჩინებულთა ქართლისათა ზრახუა ჰყუჱს და დასვეს მეფედ სიმამრი ვარზაბაქარისი, ძე რევისი ძის-წული მირიანისი, კაცი მოხუცებული სახელით თარდატ, და მისცნეს შვილნი ვარზა- ბაქარისნი საზრდოდ ასულის-წულნი მისნი და მესამესა შვილსა, მეორისა ცოლისასა, ზრდიდა სამშჳლდისა ერის- თავი, რომელსა ერქვა სახელი ფარსმან: ხოლო მეფობდა ესე თარდატ მოხუცებული კეთილად, იყო კაცი მორწმუნე, ბრძენი და გონიერი. ამან სიბრძნითა თჳსითა დაამშჳდნა სპარსნი, გამოაჩინნა ჯუარნი, და შეჰკაზმნა ეკკლესიანი: ამის-ზე მოკუდა ებისკოპოზი იობ, და დასვა მის-წილ ელია, და ხარკსა მისცემდა სპარსთა მეფეთა, ხოლო მან გამოითხოვა რუს-თავი და აღაშენა ეკლესია, და მანვე აღაშენა ეკლესია ნეკრესი, და მეფობდა უშფოთველად, და მოკუდა სარწმუნოებასა შინა დიდსა:


კთ. მეოცდაცხრე მეფე, და მეოთხე ფარსმან, ძე ვარაზ-ბაქარისი, ხოსროიანი:
[edit]

და დაჯდა მეფედ ძე ვარზა- ბაქარისი ძის წულის წული ფეროზისი, რომელსა ერქუა ფარსმან, რამეთუ იგი უხუცესი იყო ძმათა: და მოკუდა ელია ებისკოპოზი, და დასვეს სჳმონ: ესე ფარსმან იყო კაცი მორწმუნე მჴედარი შემმართებელი: ეზრახა მეფესა ბერძენთასა, და ითხოვა მის-გან შეწევნა, და აღასრულა თხოვა მისი კეისარ-მან: მაშინ განუდგა სპარსთა, და არღა-რა მისცა ხარკი, და განამრავლნა ჯვარნი, და განაახლნა ეკკლესიანი ყოველსა ქართლსა შინა: და აღაშენა ეკკლესია ბოლნისისა. და მცირედ-ჟამ მეფობდა, და მოკუდა:


ლ. მეოცდაათე მეფე, და მეოთხე მირდატ, ძმა ფარსმან მეფისა, ხოსროიანი:
[edit]

და დაჯდა ძმაჲ მისი მირდატ მეფედ, ასულის-წული თრდატისი, ძე ვარაზ- ბაქარისი, მამულად ბაქარიანი, დედულად რევიანი. ორითავე მირიანის ძეთა ნათესავი: და იყო ესე მირდატ კაცი ქველი, მჴედარი და შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღვთისა, ლაღი და ამპარტავანი, და მინდობილი მჴედრობასა თჳსსა: არა ჰმსახურა ღმერთსა, არცა აღაშენა ეკკლესია, არცარა ჰმატა აღშენებულთა, და სილაღითა მისითა მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა: ბერძენთა-გან ეძიებდა კლარჯეთს, საზღუარსა ქართლისათა, ხოლო სპარსთა არა მისცემდა ხარკსა: მაშინ სპარსთა მეფე-მან გამოგზავნა ერის-თავი რომელსა ერქუა უბარაბ, სპითა ძლიერითა, მირდატს ზედა: მაშინ მირდატ, სილაღითა თჳსითა არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა, და მცირედითა სპითა მიეგება გარდაბანს: ეწყო აოტეს და შეიპყრეს იგი სპარსთა, წყობასა შინა: შემოვიდეს ქართლად, დაიპყრეს ქართლი სპარსთა, განრყუნნეს ეკკლესიანი: ხოლო ნათესავნი ქართლისა მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა, და სჳმონ ებისკოპოსი მათ-თანავე. ხოლო მირდატ წარიყუანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა: