კესარიოს ნაზიანზელი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
კესარიოს ნაიაზნელი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ



საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები





კესარიოს ნაზიანზელი
(გარდ. 368 წ.)

კესარიოსი, გრიგოლ ნაზიანზელის უმცროსი ძმა, დაიბადა ნაზიანზში, სწავლობდა ალექსანდრიაში გეომეტრიას, ასტრონომიას და, განსაკუთრებით, მედიცინას. კეისარმა კონსტანციმ მისცა მას კონსტანტინეპოლის მთავარი ექიმის თანამდებობა. კესარიოსი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მაღალ წრეებში. 368 წელს მან მიიღო ახალი თანამდებობა comes sacrarum largitionum, და ცხოვრობდა ნიკეაში. გარდაიცვალა ამავე 368 წელს.
კესარიოსის ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ არავითარი ცნობა არ არის შენახული, მაგრამ მისი სახელით მოღწეულია ერთი დიალოგი, რომელშიც გამოჩენილ პირთა სხვადასხვა შეკითხვაზე გაცემულია პასუხები. დღეს უკვე დამტკიცებულია, რომ ეს დიალოგი დაწერილი უნდა იყოს 395 წლის შემდეგ, მახლობელ წლებში.
კესარიოსისათვის მიწერილი თხზულების ქართული თარგმანი 1961 წ. გამოქვეყნდა კრებულში გეორგიკა - ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ - ტომი I - ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და სიმონ ყაუხჩიშვილმა - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წიგნი IV - თბილისი - 1961


კესარიოს ნაზიანზელი - ქართული თარგმანის PDF ვერსია







ამაძონები

პასუხი 109. ხოლო ამაძონებს არ ჰყავთ ქმრები; ისინი მსგავსად უტყვი ცხოველებისა, წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის ბუნიობის დროს, საზღვარზე გადადიან და ეუღლებიან მეზობელ მამაკაცებს და ამ კავშირის დრო მიაჩნიათ რაღაც ზეიმად და დღესასწაულად. მათგან რომ დაორსულდებიან, ყველანი ერთად შინ ბრუნდებიან. რომ მოიმშობიარებენ, მამრობითს [ნაყოფს] სპობენ, მდედრობითს კი ცოცხალს სტოვებენ და მზრუნველობით უვლიან.[1]

პონტოს ქვეყნები

ზემო სარმატიაში და სკვითიაში და ყველა იმ ტომებთან, რომელნიც პონტოს გარეთა მხარეებში ცხოვრობენ, - ვერსად ვერ ნახავ ვერც ზარაფს, ვერც მოქანდაკეს ან მხატვარს, ვერც ხუროთმოძღვარს, ვერც აშუღსა და მსახიობს, როგორც ეს ჩვენშია.[2]


  1. იგივე ცნობა, ოდნავ განსხვავებული სიტყვიერი გამოთქმებით, მეორდება ევსევი კესარიელის ნაშრომში Praeparatio evangelica
  2. ეს ნაწყვეტიც იმეორებს ევსევი კესარიელის ნაშრომში (Praeparatio evangelica) გადმოცემულ ცნობას, განსხვავებაა ზოგიერთ გამოთქმაში