ვეფხისტყაოსანი/წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ტარიელის ტირილი და დაბნედა ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა



503
მივუწერე: "მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი,
სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?!

504
მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,
აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,
რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

505
განაღამცა ვიწინაშე: აჰა რიდე, რომე მთხოვე;
ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვჰპოვე;
დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე;
სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!"

506
ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა,
მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;
გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა,
ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა".