ვეფხისტყაოსანი/ტარიელის ტირილი და დაბნედა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად



497
აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;
თქვა: "მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!"
იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,
პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

498
ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;
ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,
კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

499
ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;
ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
თქვა: "ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!"

500
ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად.
ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,
დდარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

501
ავთანდილს უთხრა: "ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,
გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა:
ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა,
მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

502
ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.
წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.
მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,
იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა" .