ვეფხისტყაოსანი/წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
წიგნი ტარიელისა ინდოეთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
ტარიელის ტირილი და დაბნედა



490
მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია:
"თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია".
მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;
მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალია.

491
მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად.
აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად;
ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად,
ვჰკითხე, თუ: "ნეტარ, მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად?

492
მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია!"
მითხრა, თუ: "გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ-სათნებია,
დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია,
აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია".

493
წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა.
ეწერა: "ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა.
ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა,
არ-ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

494
ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,
შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა;
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა;
შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

495
თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,
ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო;
შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;
რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

496
იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს,
რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს;
ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს,
ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს".