ვეფხისტყაოსანი/რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა



507
დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;
ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,
რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაეე დავჯე სკამითა.

508
გვიბრძანეს, თუ: "ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია;
ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;
ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,
ყმისა არ-სმა არა გვაგვა, ამად ზედა წაგვითვლია

509
აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,
რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,
არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ".

510
ვთქვით: "თქვენის ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების,
მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების;
ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების,
სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების".

511
დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;
ვთქვი: "ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!"
მეფემან ბრძანა: "ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,
თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრი არ-რომელია".

512
რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;
ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბვად არ ეგებოდა,
ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.

513
დედოფალმან თქვა: "ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი,
მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!"
შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი!
მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

514
გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;
შესთვალეს: "გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;
არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი,
თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი".

515
კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,
გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;
ებრძანა: "მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა!
და თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!"

516
კვლა გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,
დაავედრეს: "ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად".
მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად,
გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად".