არქანჯელო ლამბერტი - "წმინდა კოლხეთი"

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები




თავი XIV - XVII
კრებული:

ქართული წყაროთმცოდნეობა - XV-XVI - თბილისი - 2014 - (გვ.144-153)

სტატიის სათაური:

დავით მერკვილაძე, პაპუნა გაბისონია - არქანჯელო ლამბერტის მოგზაურობა დამასკოდან გორამდე

რესურსები ინტერნეტში:

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/81518/1/Qartuli_Wkarotmcodneoba_2013-2014_N15-16.pdf


თავი XXVI - XXXVIII
კრებული:

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები - XII-XIII - თბილისი - 2014 - (გვ.234-257)

სტატიის სათაური:

დავით მერკვილაძე, პაპუნა გაბისონია - არქანჯელო ლამბერტის "წმინდა კოლხეთი"

რესურსები ინტერნეტში:

https://ijhei.files.wordpress.com/2014/11/krebuli-12-13.pdf


შესავალი[edit]

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს XVII საუკუნის იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ნაკლებად ცნობილი თხზულების "წმინდა კოლხეთის" ("Colchide Sacra") ნაწყვეტს.

ეს წიგნი ლამბერტიმ 1657 წელს გამოსცა ნეაპოლში. მასში მოთხრობილია საქართველოში გამოგზავნილი თეატინელთა მისიონის 1631-1649 წლების მთელი ისტორია: პაპის კურიის მიერ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ტერიტორიაზე მისიის შექმნის შესახებ, მისიონერთა გამომგზავრება წმ. მიწისა და ოსმალეთის სამფლობელოების გავლით, ქართლში შემოსვლა და თეიმურაზ I-ის ნებართვით ქ. გორში მოღვაწეობის დაწყება, მისიონერთა ახალი ჯგუფების გამოგზავნა, ამ უკანასკნელთა ფათერაკიანი მოგზაურობანი ოსმალეთის იმპერიის მიწაზე, მისიონის გადატანა დასავლეთ საქართველოში, აქაური ყოფა, წინააღმდეგობებით აღსავსე მოღვაწეობის მთელი სიმძიმე და ბოლოს, ხიფათიანი მგზავრობა უკან, სამშობლოსაკენ.


ტექსტი[edit]

არქანჯელო ლამბერტი
წმინდა კოლხეთი

თავი XIV[edit]

მეორე დილით გზა განვაგრძეთ. სანამ ქვემოთ დავეშვებოდით, დამასკო[1] გამოჩნდა. ის ბაღებით დაფარულ ვაკეზეა გაშლილი. როცა დაბლობზე გავედით, სხვას ვერაფერს ვხედავდით გარდა ქალაქისა. ბაღები კარგადაა მოვლილი და ირწყვება ნაკადულებით, რომლებიც ახლოს მდებარე მთებიდან ჩამოდის. ქალაქი ორი მხრიდან გალავნითაა შემოფარგლული, ალაგ-ალაგ კოშკები და თხრილებია, თუმცა თხრილი ღრმა არ არის. ქალაქის ერთ თავში ციხე-სიმაგრე მოჩანს. ის დიდია, მაგრამ ძლიერ გამაგრებული არ არის. ჩვენი ჩასვლის დროს ამ ციხე-სიმაგრეს სულთნის[2] მისაღებად ამზადებდნენ, რომელსაც განზრახული ჰქონოდა, ბაბილონის ლაშქობის[3] დროს პირადად გაევლო აქ. ასეც მოხდა.

ქალაქთან ახლოს, ერთ მთაზე მრგვალი, ქუდის ფორმის პატარა სახლია. როგორც თურქები მოგვითხრობენ, მათი წინასწარმეტყველი მაჰმადი[4] ამ ადგილიდან ტკბებოდა ქალაქის ხედით. ამ ადგილას ლოცვა წარმოსთქვა და გზა განაგრძო. ეს პატარა სახლი ამ ფაქტის მოსაგონებლადაა აშენებული. მასში ერთი თურქი დერვიში[5] ანუ ბერი მუდმივად იმყოფება და განმარტოებულად ცხოვრობს.

სიძველეებით, ადგილმდებარეობით, სიუხვით, მცხოვრებლებით და ბრწყინვალებით დამასკო უმშვენიერესი ქალაქია. იგი ღირსია, ქვეყნიერების ულამაზეს ქალაქად ითვლებოდეს. სახელიც რომ ისეთი აქვს: დღეს არ არის შემორჩენილი ქალაქი, რომელიც ანტიკურ სახელს ინარჩუნებდეს. აბრაამის დროიდან მის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ველზე მდებარე დამასკო“.[6] მართალია, თურქებმა მას სახელი შეუცვალეს და შამი[7] დაარქვეს, ის ძველ სახელს დღემდე ინარჩუნებს.

რაღა უნდა ვთქვათ ყოველგვარ სიკეთესა და სიუხვეზე, რასაც აქ ვხედავთ? რა თქმა უნდა, ქვეყნიერების არცერთ ქალაქში უკეთესს ვერ შეხვდებით! მე პურზე არ ვამბობ, რადგან მისი სიუხვე ჩვეულებრივია სულთნის ყველა ქვეყანაში. შესანიშნავია ღვინო, განსაკუთრებით ის, რომელსაც „შვიდწლიანს“ უწოდებენ. ასე ეძახიან ვილას, აქედან რამდენიმე მილით დაშორებულს, სადაც ამ ღვინოს ამზადებენ. საქონლის ხორცი, საძოვრების სიმრავლის გამო, დიდძალი აქვთ. დეკეული, ვერძები, ასევე ფრინველი, კაკბები ძალზე იაფია. ამასთან, ყველაფერი ეს ჩვენსაზე უფრო გემრიელია და კარგი. ტყის ქათმით მხოლოდ სიცილიას[8] შეეძლო ეტრაბახა. დამასკოში ბევრია თხა, რომელიც ჩვენში ძალიან უშნოა და უგემური. დამასკოში მათ უკეთესი გემოც აქვთ და უკეთესი შეხედულებისანიც არიან. ბეწვი ნაზი აქვთ და ისეთი ვერცხლისფერი, რომ როცა მზე ადგას, ვერცხლით გადაკრული გეგონება. ძალიან გრძელი, ხელისგულის ოდენა ყურები აქვთ. ბეწვი მეძებარი ძაღლივით მუცელზე აქვთ ჩამოშვებული. ასე რომ, ბეწვითა და ყურებით მორთული ეს თხები ძალზე კოხტად გამოიყურებიან. მთელი წლის განმავლობაში ამ ქალაქში გაზაფხული და შემოდგომაა. ყოველთვის გესიამოვნება აქაური ყვავილები და ხილი. მინდვრები მუდმივად მწვანეა. ყვავილოვანი კომბოსტო უზომოდ დიდია და ზომით აჭარბებს ჩვენს კომბოსტოს. ფორთოხლის ბაღები და კედარის ტყეები ურიცხვია, ზეთისხილი ესპანეთის მსგავსადაა. ყურძენი ისე ინარჩუნებს სიახლეს, თითქოს ახლა მოუკრეფიათო.

დაბლობი, რომელზეც ქალაქი მდებარეობს, მთლიანად რუებითაა დასერილი, რომლებიც მახლობელი მთებიდან გადმოედინება. მათ შორის აღსანიშნავია ორი, რომლებიც ნაამან სირიელის[9] მიხედვითაა ცნობილი. როცა ელისემ[10] მას უბრძანა, კეთრისაგან განსაკურნებლად იორდანეში[11] განბანილიყო, მან უპასუხა: „ნუთუ უკეთესნი არ არიან დამასკოს მდინარენი, აბანა და ფარფარი[12] ისრაელის ყველა წყალზე?“[13] დარწმუნებულნი არიან, რომ შეუძლებელია, დამასკოს ამ მდინარეებზე უკეთესი რამ იყოს მთელ ქვეყნიერებაზე. ეს ორი მდინარე მრავალი არხით შემოდის ქალაქში და მრავალ აუზს ქმნის, არა მარტო საერთო მოედნებზე, არამედ ყველა ეზოშიც. ყველა ცდილობს, თავისი სიამოვნებისათვის წყალი საკუთარ ბაღებში და ბინებში შეიყვანოს.

სასახლეთა შენობები, თუმცა გარედან ლამაზი არ ჩანან (თურქთა შურიანი ბუნების გამო კედლების დიდი ნაწილი ქუჩის მხარეს უფანჯროა) მაგრამ შიგნით ძალიან კარგი არაბული არქიტექტურითაა აგებული. ასეთი არქიტექტურა მოითხოვს, რომ ყველა ნაგებობა ოთხკუთხა იყოს და ოთხივე ნაწილი – შესანიშნავი ორნამენტებით მორთული. მაგალითად, თუ ეზო ოთხკუთხედია, შესასვლელში სვეტებიანი კარია, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ორი გალერეაა; მაშინ უნდა იყოს ორი სხვა გალერეაც, სიგანესთან შეფარდებული. თუ გალერეის თავზე აივანია, მის მოპირდაპირე მხარეს მეორე აივანი უნდა იყოს და ორი სხვა აივანიც - გვერდებზე. თუ სახლის ერთ მხარეს ორი ან სამი ფანჯარაა, მეორე მხარესაც იმდენივე უნდა იყოს, მაგრამ ორნამენტები – სულ სხვადასხვაგვარი.

ამ ნაგებობებს ერთი დიდი ნაკლი აქვს. ეს ეხება ყველა მათგანს, სულთნის სასახლესაც კი, – ყველა შენობის შესასვლელის წინ არის საჯინიბო. ჩვენ, იტალიელები შენობის შესასვლელს რაც შეიძლება ვალამაზებთ. მეტად შეურაცხმყოფელია, სასახლის შესასვლელთან საჯინიბოს სიმყრალე რომ ხვდება ადამიანს. მაგრამ მათ, ვინც დიდ პატივს სცემს ცხენებს, − აქ კი თითოეულს ბევრი ცხენი ჰყავს, − ამაზე ძვირფასად არაფერი მიაჩნიათ. შესასვლელშივე საჯინიბო იმიტომ აქვთ მოწყობილი, რომ თითოეულმა უცხომ, რომელიც სახლში შედის, ნახოს მისი ცხენების სილამაზე. ეს არის სწორედ მიზეზი იმისა, რომ საჯინიბოს დიდ და უკეთეს ადგილს უთმობენ.

ყველაზე ლამაზი შენობა მათთან მეჩეთია, სადაც სალოცავად იყრიან თავს. ყველაზე მეტი მეჩეთი დამასკოშია. მათი მეტად მაღალი მინარეთები ქალაქს ძალზე ამკობენ. მათ შორის ყველაზე დიდებულია ორი. ერთი ძველია, ქრისტიანების აშენებული, და მეორე – ახალი, სულეიმანის[14] მიერ აგებული.

პირველი ქალაქის შიგნითაა. როცა ის ეკლესია იყო, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამის, წმინდა ზაქარიას სახელს ატარებდა. ამ ეკლესიას წინ ჰქონდა მთლიანად მოზაიკით ნაკეთები შესანიშნავი გალერეა. მეორე დამასკოს გარეთ დგას და აშენებულია მარმარილოთი სულეიმანის დროს. იგი დიდებული გალერეებითაა შემკობილი. აქ არის ჰოსპიტალიც, რომელიც მეჩეთზეა მიდგმული. ჰოსპიტალში ღარიბებსა და მათხოვრებს ყოველდღიურად აძლევენ ხორცს, ფლავს და პურს.

დამასკოს მცხოვრებნი ლამაზი შეხედულების, მაღალი, თითქმის გიგანტური ტანისანი არიან და მეტად თავაზიანნი. თურქები თავიანთი ბუნებით ამაყნი, ქედმაღალნი და ავყიები არიან. დამასკოელებს, თავაზიანობასთან ერთად, ბუნებით მონიჭებული გარკვეული სიკეთეც აქვთ. ყოველივე ეს მათ სანდომიანებად და ზრდილობიანებად ხდის. ერთ დღეს ჩვენ დამასკოს კარიბჭეში შესვლისას ცხენზე ამხედრებულ იანიჩართა აღას შევხვდით, რომელსაც თან მრავალრიცხოვანი ქვეითი ამალა ახლდა. მან უცხოელებად გვცნო და გულზე ხელის დადებითა და თავის დახრით მოგვესალმა. ეს მეტად უჩვეულოა ასეთი თანამდებობის პირისათვის, რადგან ისინი ყოველთვის თავაწეულნი დადიან და თავს არავის უყადრებენ.

ქალაქის შიგნით მთლიანად შემორჩენილია ანანიას[15] სახლი. იგი წმინდა პავლეს ნათლია იყო. ამ სახლში შემორჩენილია კიბეები, რამდენიმე − მიწისქვეშა; შუაში საფლავია, რომელშიც ანანიაა დაკრძალული. ანანიას საფლავი თურქთა თაყვანისცემის საგანიც არის. მის მოსავლელად ერთი პირია გამოყოფილი, რომელიც სისუფთავეს იცავს და სანათურს ანთებს. იატაკზე ჭილობი აფენია, სახლში შემსვლელმა ფეხსაცმელი უნდა გაიხადოს და ხელით წაიღოს. მომვლელი ყოველ უცხოელს სანათურის ანთების სანაცვლოდ მოწყალებას სთხოვს. ანანიას სახლის კარებთან უძველესი წყაროა. ამბობენ, რომ ანანიამ ამ წყლით მონათლა მოციქული.[16]

დამასკოს ქუჩები ოღრო-ჩოღროა, მაგრამ მათგან ერთი ქალაქს თავიდან ბოლომდე ლარივით ჭრის.

...დამასკოში ჩვენ ხუთი დღე ვცხოვრობდით იმ სახლში, სადაც ქოშებიანი მამები ცხოვრობენ. მათ არ ჰქონდათ ეკლესია ღვთისმსახურების შესასრულებლად, ამიტომ მარონიტების[17] ეკლესიაში მივდიოდით ხოლმე. ამ ეკლესიას იმდენად დაბალი კარი ჰქონდა, რომ შესვლისთვის მუხლებზე უნდა დამდგარიყავი და თავიც ჩაგეღუნა. მარონიტები ამ გარემოებას ასე ხსნიდნენ: იძულებულნი ვიყავით, ასე გაგვეკეთებინა, რათა თურქთა შეურაცხყოფისაგან თავი დაგვეცვაო. რადგან, როცა მაღალი კარები გვქონდა, თურქები ჩვენს ეკლესიებს ცხენების სადგომებად იყენებდნენო. ამის გამო სომხები, ბერძნები, სირიელები და სხვა ქრისტიანები თავიანთ ეკლესიებს ასეთ დაბალ კარებებს უკეთებდნენ.


  1. ქალაქი სირიაში. 661-750 წლებში, ომაიანთა დინასტიის დროს იყო არაბთა სახალიფოს დედაქალაქი. სულთან სელიმ I-ის მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ 1516 წლიდან შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში. ამჟამად სირიის დედაქალაქი.
  2. იმ ხანებში ოსმალეთის იმპერიის სულთანი იყო მურად IV (1623-1640 წწ).
  3. უნდა იგულისხმებოდეს 1638 წელს სულთან მურად IV-ის მიერ ბაღდადის აღება, რასთან დაკავშირებითაც სულთანს მიეწერება სიტყვები: „ბაღდადის დაპყრობა უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე თვით ბაღდადი“.
  4. იგივე მუჰამედი, VII საუკუნის არაბი რელიგიური და სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, ისლამის ფუძემდებელი. მუსლიმური რელიგიის მიხედვით იგი იწოდება ღმერთის (ალაჰის) უკანასკნელ მოციქულად და წინასწარმეტყველად.
  5. სუფიზმის მიმდევარი მუსლიმი ასკეტი. დერვიშთა ერთი ნაწილი ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას. ნაწილი კი ცხოვრობდა საგანგებო სადგომებში. ეცვათ განსხვავებული სამოსი.
  6. შესაძლებელია, აქ იგულისხმება აბრაამის მიერ ლოტის გასათავისუფლებლად მტრის დამარცხება და დევნა ადგილამდე „დამასკოს მარცხნივ რომ არის“ და შეხვედრა სოდომის მეფესთან „შავეს ველზე“ (დაბადება, 14; 15 და 17).
  7. აშ-შამი დამასკოს მეორე არაბული სახელია სირიაში.
  8. ხმელთაშუა ზღვის უდიდესი კუნძული, აპენინის ნახევარკუნძულისაგან მას გამოყოფს მესინის ვიწრო სრუტე. ეკუთვნის იტალიას.
  9. ძველი სირიელი მხედართმთავარი, რომელიც ბიბლიის მიხედვით, კეთრისაგან განკურნა წინასწარმეტყველმა ელისემ.
  10. ძველი აღთქმის ეპოქის ისრაელის ბიბლიური წინასწარმეტყველი, ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ცხოვრობდა ძვ. წ. IX ს-ში.
  11. მდინარე ახლო აღმოსავლეთში. სათავეს იღებს ჰერმონის მთის ძირიდან, გაედინება კინერეთის ტბაში და ერთვის მკვდარ ზღვას. მიიჩნევა წმინდა მდინარედ. ამ მდინარეში მოინათლა იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემლის ხელით.
  12. მდინარე აბანას ამჟამად ეწოდება ბარადა, რომელიც დამასკოში ჩამოედინება ანტილიბანის მთებიდან. მდ. ფარფარს ამჟამად უწოდებენ ავაჯს. იგი ერმონის მთიდან მოედინება და სამხრეთიდან უვლის დამასკოს. ამ მდინარეებისაგან ქალაქსა და მის მიდამოებში არხების საშუალებით შექმნილია შესანიშნავი საირიგაციო სისტემა.
  13. იხ. მეოთხე მეფეთა, 5; 12.
  14. ოსმალეთის სულტანი სულეიმან I (1520-1566 წწ). მისი მმართველობისას ოსმალეთის იმპერიამ თავის ძლიერებისა განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მან დაიპყრო სხვადასხვა ქვეყნები ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.
  15. გადმოცემის თანახმად, ანანია არის ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი. შემდგომში ანანია გახდა დამასკოს ეპისკოპოსი. შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღეა 14 ოქტომბერი (ახ. სტილით).
  16. ანანიას დამასკოში მოუნახულებია ქრისტიანთა მდევნელი დაბრმავებული სავლე, დაუბრუნა თვალის სინათლე და მონათლა ქრისტიანად პავლეს სახელით (საქმე მოციქულთა).
  17. სირიისა და ლიბანის ქრისტიანული რელიგური თემის წევრები. სახელი ეწოდათ მარონიტების ეკლესიის დამაარსებლის, სირიელი წმინდანის – მარონის სახელისგან. არიან ვატიკანის დაქვემდებარებაში. ბოლო დრომდე სირიაში 52 ათასი მარონიტია.

თავი XV.[edit]

დამასკოდან ალეპოსაკენ[1] ერთი ქარავანი უნდა გასულიყო. ცხენები დავიქირავეთ და მათთან ერთად წავედით. საღამოს პირს იმ მთის[2] ძირთან მივედით, საიდანაც სათავეს ის მდინარეები იღებენ, რომლებიც დამასკოს რწყავენ.

მეორე დილით მთაზე ავედით, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს ქალაქის ბრწყინვალება, მისი გარეუბნები და ბაღები. აქედანვე დატკბება კაცი თოვლით დაფარული ლიბანის მთების[3] ცქერითაც. მთიანი ადგილების გავლის შემდეგ ვენახებში ჩაფლული სახლები შემოგვხვდა, სადაც ვაზი ჩვენებურად მჭიდროდ კი არ იყო დარგული, არამედ ერთმანეთს დიდი მანძილით იყო დაშორებული. აქ ყურძენი არაჩვეულებრივი სიდიდისა იზრდება და მას მხოლოდ საჭმელად ხმარობენ, რადგან თურქებს მაჰმადი ღვინის სმას უკრძალავს. ისინი ყურძნისგან ისეთ სასმელს აკეთებენ, რაც კანონით ნებადართულია.

სოფლის ბოლოში სულთან სულეიმანის მიერ აშენებული ქარვასლაა. იგი იმდენად კარგადაა აგებული, რომ მეტოქეობა შეუძლია გაუწიოს ანტიკურ რომაულ ნაგებობებს. ქარვასლა მთლიანად მარმარილოს მაგვარი ქვითაა აგებული. აქ ბევრი სავაჭრო დახლია და ერთი მთავარი შესასვლელი. აქ მოგზაურთათვის ყველაფერი იყიდება. შუაში ერთი დიდი მოედანია, მთლიანად ქვით ნაშენი. მოედანს წყაროები ამშვენებს, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან მოედინება. მოედანს გარს არტყია ბერების სენაკების მსგავსი გალერეები, სადაც მგზავრები თავსდებიან. ბაღის გარეთ იმ ცხოველებს აბამენ, რომლებიც ქარავანს ახლავს. გალერეაში ყველა მგზავრს თავისი ბუხარი აქვს, სადაც საჭმელს იმზადებს. ყოველ მგზავრს სულთნის ხარჯზე ეძლევა პური, ხორცი, ბრინჯი და სხვა; არც კვებისა და არც ღამის გათევისათვის იგი ფულს არ იხდის. ვისაც ეს სანოვაგე არ ჰყოფნის, მასთან საკვების გამყიდველები მიდიან და ვაჭრობენ სხვადასხვა საკვებითა და გამაგრილებელი სასმელებით.

ამ ქარვასლაში კარგა ხანს დავისვენეთ და შემდეგ ამანში[4] გავემგზავრეთ. ქალაქში ბევრი დანგრეული შენობაა. ძირითადად აბრეშუმს ამზადებენ, ამიტომ აქ მცხოვრები არაბები ძალზე ზრუნავენ თუთის ხეებზე, რომელთაც მრავლად ზრდიან. აბრეშუმისგან ამზადებენ ქამრებს და ოქროს ქსოვილს, რომელსაც თითქმის ყველა თურქი იყენებს. აბრეშუმს ისეთი დიდი რაოდენობით ამზადებენ, რომ მთელ თურქეთს ჰყოფნის.

ამანში აქვთ ბაზარი, სადაც ყველაფრის შოვნა შეიძლება. ერთ-ერთ მაღლობზე აღმართულია ციხე-სიმაგრე, რომელიც ბუნებრივივით გამოიყურება. ის დიდი ვაკის შუაგულში მდებარეობს.

ამანიდან ქალაქ ამასში გავემგზავრეთ. ეს ძველი ტარსია[5], წმინდა პავლეს[6] სამშობლო, უკეთ რომ ვთქვათ ადგილი, სადაც ის აღიზარდა. დაბადებით კი იგი გალილეაში[7] დაიბადა, პატარა სოფელ გლისკაში[8], ტიბერიადის ზღვასთან[9]. ქალაქის შუაში მდინარე ჩიდნო[10] მოედინება. რადგან მისი კალაპოტი ძალიან დაბალია, არაბებმა შეძლეს მისი წყლის სარწყავად გამოყენება. წყალი ამოჰყავთ ხის ჩარხით, რომლის დიამეტრი ოცდაათ მტკაველზე მეტია. ამ ჩარხს წყლის დინება წისქვილივით აბრუნებს. ის მდინარის შუაგულში დგას და ტრიალის დროს ჭურჭლებით ამოაქვს წყალი, რომელიც ხის არხებში გადაედინება და მთელ ქალაქს ამარაგებს. ამანის მსგავსად აქაც არის ციხე-სიმაგრე.

კილიკიაში[11] მგზავრობის დროს ბევრი ურწყავი ყანა შეგვხვდა, რადგან აქ ძირითადად კლდოვანი ადგილებია. აქ წყლის დიდ ნაკლებობას განიცდიან. ის ერთი დღის სავალი გზის სიშორიდან მოაქვთ და ინახავენ. პურს მზეზე აცხობენ შემდეგნაირად: ქალი წყალში მოზილავს ფქვილს, შემდეგ გააბრტყელებს ისე თხლად, რომ მზეზე ადვილად შრება და ამგვარად გამოცხობილს ჭამენ. ვისაც ცეცხლი და შეშა აქვს, ისინი პურს ჩვეულებრივად აცხობენ.

შემდეგ ერთ ქალაქში მივედით, რომელსაც სახელად მარაში[12] ერქვა. აქ ძალიან ლამაზი ქარვასლა დგას, მაგარი ქვით ნაშენი. ამ ქალაქს წყალი უხვად აქვს, მაგრამ მოსახლეობა მცირეა. მეჩეთი უმოქმედოდ დგას, ზოგიერთი სახლი ჯერ კიდევ მთელია, უმრავლესობა კი დანგრეულია. ამ ქალაქიდან მთელ აღმოსავლეთში განთქმულ ქალაქ ალეპოში გავემგზავრეთ.

ალეპოში ვაჭრები ქვეყნიერების სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან: სპარსეთიდან, დამასკოდან, ფრანგები, ვენეციელები და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლები. აქ ყველა ეროვნებას თავისი კონსული ჰყავს. როცა აქ ხალხმრავლობაა, საქონელზე სავაჭრო ფასები იზრდება. ერთი საათის განმავლობაში ერთი და იგივე საქონლის ფასი შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს. ფასების ეს აწევ-დაწევა ქარავნებისა და გემების მოსვლაზეა დამოკიდებული. ის ვაჭრები, რომლებიც ალეპოში ცხოვრობენ, სკანდერონიდან[13] შიკრიკების საშუალებით იღებენ ცნობებს ახალი გემების მოსვლის შესახებ. ამასთან, რადგან სკანდერონი ალეპოდან სამი დღის სავალზეა, იყენებენ მტრედებსაც. მათ ფეხზე აბამენ ბარათს და მათი მეშვეობით წინასწარ აცნობებენ ვაჭრებს ახალი გემების მოსვლის შესახებ. საქმის კურსში მყოფი ვაჭრები უცბად მორიგდებიან ხოლმე ფასებზე. მტრედებს შიკრიკებად ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყენებდნენ, ამაზე მოგვითხრობს ალექსანდრე ალექსანდრიელი[14] თავის გენიალურ დღიურებში.

ძალიან მაინტერესებდა, გამეგო, როგორ იყენებენ ვაჭრები მტრედებს წერილების მისაღებად. ამიხსნეს, რომ აუცილებელია, ორივე მხარეს იყოს სამტრედე საკუთარი მტრედებით. თითოეულ პატრონს ჰყავს ერთი ან ორი მტრედი, რომელიც მეორის სამტრედეშია გაზრდილი. რადგან ამ მტრედებმა თავიანთი ადგილსამყოფელი კარგად იციან, მიმოფრენენ სამტრედეებს შორის ფრთებქვეშ მიბმული ბარათებით.

როცა ამ ქალაქს მივაღწიეთ, ყველაზე დიდ ქარვასლაში წავედით. აქ ცხოვრობდა საფრანგეთის კონსული, ბატონი ოლივიე და ვაჭრების დიდი ნაწილი − ფრანგები, ვენეციელები და სხვანი. ქარვასლის რამდენიმე ოთახში ფეხშიშველა კარმელიტი ბერები[15] სახლობდნენ. მათ ოთახები დაექირავებინათ და საუკეთესოდ მოეწყოთ: საკურთხეველი, სატრაპეზო, მომსვლელთა მისაღები და სხვ. ეს ადგილები კედლებით იყო გამოყოფილი. ბერებს სივიწროვე ხელს არ უშლიდათ.

მორჩილი ძმა, მამა პროსპერო დელო სპირიტო კარმელიტი ბერების წინამძღვარი იყო. სივიწროვის მიუხედავად, მას უნდოდა ჩვენი მიღება რამდენიმე დღით. ჩვენი მისვლით გახარებულმა, მოინდომა საკუთარი ხელებით ფეხები დაებანა ჩვენთვის. თუმცა ჩვენ ძალიან ვეხვეწეთ, ხელი ვერ ავაღებინეთ ამ განზრახვაზე.

გარდა ხსენებული კარმელიტი ბერებისა, ალეპოში აგრეთვე იყვნენ კაპუცინები[16] და იეზუიტები[17]. ეს კათოლიკე ბერები ვაჭრებთან ერთად ერთმანეთს ეცილებოდნენ ჩვენს პატივისცემასა და მიღებაში. ამ ქალაქში მე გავცივდი. ყველასაგან წყალობას ვიღებდი. განსაკუთრებით ვენეციის კონსულმა მცა პატივი, როცა ავადმყოფობის დროს საჭირო დახმარება აღმომიჩინა.

ჯერ კარგად გამოჯანმრთელებული არ ვიყავი, როცა გავიგე, რომ არზერუმისაკენ[18] ქარავანი მიდიოდა. ეს კარგი შემთხვევა ხელიდან არ უნდა გამეშვა. თუმცა ყველა წინააღმდეგობას მიწევდა, მე მაინც წავედი. საღამოს ალეპოს გარეთ გავედი. ამ ადგილებში ჩვეულება აქვთ, რომ ქარავნის გასვლის წინა ღამე მგზავრმა ქალაქგარეთ უნდა გაატაროს. ამას ორი მიზანი აქვს: 1. ეს საშუალებას აძლევს მებაჟეებს, კარგად გასინჯონ საქონელი და სულთნის სასარგებლო ბაჟი აიღონ, და 2. რადგან ქარავანი მრავალრიცხოვანია და ათასზე მეტ კაცს ითვლის, მისი თავშეყრა ასე უფრო ადვილია. ცალ-ცალკე გასულ მექარავნეებს ადვილად ძარცვავენ არაბები, რომლებიც ალეპოდან გამსვლელებს ელოდებიან.

21 საათზე ქარვასლიდან წავედი და ქალაქგარეთ გავედი. ცხენზე ამხედრებისას მივხვდი, რომ მგზავრობა ძალზე გამიჭირდებოდა, მაგრამ მგზავრობის სურვილი გულს მიმაგრებდა. ცხენი გავაჭენე და ქარავნამდე მივედი. ღამით მგზავრობამ და ღია ცის ქვეშ ღამის თევამ უფრო ცუდად გამხადა. მე ეს არ მინდოდა გამემხილა მამა დონ ჯოზეფისათვის[19], რათა მისთვის გული არ გამეტეხა. მას სურდა, ღმერთს მივნდობოდი და ის დამეხმარებოდა. ასეც მოხდა. უფალმა გული აუჩვილა მამა პროსპეროს, რომელიც დროზე მოვიდა ქარავანთან, მნახა, და თურმე ისე ცუდად გამოვიყურებოდი, რომ ჩემს წასვლას წინ აღუდგა და ქარვასლაში დამაბრუნა.

არქიეპისკოპოსმა, რომელიც ჩვენ თან გვახლდა, ალეპოში დაბრუნებული რომ მნახა, ატირებული გამოგვეთხოვა და ალინჯაში[20], თავის ეკლესიაში გაემგზავრა. ჩვენ ძალიან შევწუხდით, რომ ასეთი მეგზური დავკარგეთ.

დაბრუნების შემდეგ მამა პროსპერომ, ჩემთვის რომ უკეთ მოევლო, საკუთარ ოთახში შემიყვანა. იქ უფრო ცუდად გავხდი. ცხადი იყო, რომ თუ გზას გავაგრძელებდი, ცოცხალი არ გადავრჩებოდი. ამიტომ ჯერ ჯანმრთელობა უნდა აღმედგინა. მით უფრო, რომ ხმა გავრცელდა, მარხვის შუა რიცხვებში სხვა ქარავანი მოდისო.


  1. სილამაზით გამორჩეული ისტორიული ქალაქი ჩრდილოეთ სირიაში. ამჟამად უდიდესი ქალაქი სახელმწიფოში.
  2. უნდა იგულისხმებოდეს ჰერმონის მთის მასივი, რომელიც მოიცავს ყველაზე მაღალ წერტილს ანტილიბანის მთაგრეხილში (2814 მ.). იგი მდებარეობს სირიაში ლიბანის საზღვართან. აქედან კარგად ჩანს ერთი მხრივ დამასკო ჩრდილო-აღმოსავლეთით და მეორე მხრივ ლიბანის მთები ჩრდილო-დასავლეთით.
  3. მთაგრეხილი ლიბანში, გადაჭიმულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ხმელთაშუაზღვისპირეთის გასწვრივ 160 კმ.-ზე. ლიბანის მთების მწვერვალები 4-6 თვის განმავლობაში თოვლით არის დაფარული. ზოგიერთი მათგანის თოვლიანი თავები ლამბერტის აპრილშიც თავისუფლად შეეძლო ეხილა.
  4. ამჟამად იორდანიის დედაქალაქი. 1516 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში.
  5. იგივე ტარსუსი, ისტორიული ქალაქი მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში. რომის იმპერიის შემადგენლობაში იყო ისტორიული მხარის – კილიკიის მთავარი ქალაქი.
  6. იესო ქრისტეს მოციქულთა თავად წოდებული (წმ. პეტრესთან ერთად). თავდაპირველი ებრაული სახელით იგივე სავლე. თავიდან იყო იუდაიზმის თავგამოდებული დამცველი, დევნიდა ქრისტიანებს. ქრისტეს აღიარების შემდეგ იწოდა პავლედ. ახალი აღთქმა მოიცავს მის რამდენიმე ეპისტოლესაც.
  7. ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ ისრაელში ლიბანის საზღვართან. აქ გაატარა მიწიერი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იესო ქრისტემ. ამ მხარიდან იყვნენ იესოს მოწაფეთა უმრავლესობა.
  8. საიდან აქვს ეს ცნობა აღებული ლამბერტის, უცნობია. პავლე მოციქულის დაბადების ადგილად ქალაქი ტარსუსი მიიჩნევა.
  9. იგივე გალილეის ზღვა, სხვანაირად, კინერეთის ანუ გენესარეთის ტბა. არის უდიდესი მტკნარი ტბა ისრაელში. მასში გაედინება მდ. იორდანე.
  10. ეს უნდა იყოს მდინარე სამხრეთ თურქეთში – ბერდანი, იგივე ტარსუს-ჩაი, რომელიც გაივლის ტარსუსს და ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში. ანტიკურ ხანაში ეწოდებოდა Cyndus (//კინდ//ჩინდ), საიდანაც უნდა მომდინარეობდეს ლამბერტისეული დასახელება მდინარისა – ჩინდო.
  11. ქვეყანა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში, ხმელთაშუა ზღვის პირას, ამჟამად თურქეთში.
  12. ქალაქი სამხრეთ აღმოსავლეთ თურქეთში. ანტიკურ ხანაში ერქვა გერმანიკეა. მარაში შეარქვეს არაბებმა ქალაქის აღების შემდეგ VII ს-ში. 1515 წლიდან შევიდა ოსმალეთის შემადგენლობაში. აქ 1920 წელს „თურქეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისას“ თურქეთის არმიის მიერ ფრანგულ ნაწილებთან მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მას 1973 წლიდან ეწოდა კაჰრამანმარაში („გმირი მარაში“).
  13. იგივე ისკანდერუნი, ქალაქი სამხრეთ თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ამავე სახელობის ყურეში. დააარსა ალექსანდრე მაკედონელმა და მის საპატივცემულოდ თავდაპირველად ეწოდა ალექსანდრეტა.
  14. ალექსანდრიის პატრიარქი 313-326 წლებში (გარდაცვალებამდე). აქტიურად იბრძოდა არიოზის სწავლების დასაგმობად და მონაწილეობდა ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში. აღიარებულია წმინდანად, ხსენების დღეა 11 ივნისი (ახ. სტ.).
  15. ფეხშიშველა კარმელიტთა რელიგიური ორდენის წევრები. XVI ს-ის მეორე ნახევარში ერთ ჯგუფი გამოეყო კარმელიტთა ძირითად ორდენს (XII ს-ში დაარსებული „ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის კარმელის მთის ძმათა ორდენი“), 1593 წლიდან დამოუკიდებელ ორდენად ჩამოყალიბდა და ეწოდა ფეხშიშველა კარმელიტთა ორდენი. იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე უპოვართა კათოლიკური ორდენი. სახელწოდება კარმელიტი მომდინარეობს ისრაელის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მთის მასივის – კარმელის სახელისაგან.
  16. კათოლიკური ორდენის წევრები. კაპუცინებმა სახელწოდება მიიღეს მაუდის წვეტიანი კაპიუშონის გამო, რომელიც მიკერებული ჰქონდათ ანაფორაზე. 1525 წლიდან წარმოადგენდნენ ფრანცისკანელთა განშტოებას. ისწრაფვოდნენ რა მეტი ასკეტიზმისაკენ, საბოლოოდ დამოუკიდებელ ორდენად ჩამოყალიბდნენ 1619 წლიდან.
  17. იეზუიტთა კათოლიკური ორდენის „იესოს საზოგადოების“ წევრები. ეს სამონაზვნო ორდენი დააარსა იგნასიო ლოიოლამ პარიზში 1534 წელს და დაამტკიცა პაპმა პავლე III-მ 1540 წელს. შევიდა რომის პაპის უშუალო დაქვემდებარებაში. იეზუიტები ეწეოდნენ ფართო საგანმანათლებლო და სამისიონერო საქმიანობას. ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ რეფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
  18. იგივე ერზურუმი, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. ამავე სახელწოდების მხარის ადმინისტრაციული დედაქალაქი. ქართული წყაროების კარნუ-ქალაქი. ბიზანტიურ ხანაში ეწოდებოდა თეოდოსიოპოლი. XVI ს-დან ოსმალეთის საზღვრებში მოექცა.
  19. იგულისხმება ჯუზეპე ჯუდიჩე, ასევე თეატინელთა ორდენის წევრი, იტალიელი მისიონერი მილანიდან. იგი ლამბერტისთან ერთად მოავლინა ვატიკანმა საქართველოში. ჯუდიჩემ და ლამბერტიმ ერთად დააარსეს სამეგრელოს მისიონიც. ლევან II დადიანის მიერ რომის პაპთან ელჩად მივლინებული ჯუდიჩე უკანა გზაზე ოსმალთა ტყვეობაში გარდაიცვალა. საქართველოს შესახებ მისი დაუმუშავებელი ნაშრომის ქართული თარგმანი გამოსცა ბ. გიორგაძემ (დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი, წერილები საქართველოზე, თბ., 1964).
  20. ალინჯა დღეს სოფელი და ციხე-სიმაგრეა (ალინჯაყალა) ჯულფის რაიონში (თანამედროვე ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა, აზერბაიჯანი) ირანის საზღვრის სიახლოვეს. ალინჯაში იმ დროს არსებობდა ავგუსტინელთა მისიონი.

თავი XVI.[edit]

დიდი ბრწყინვალებით იზეიმეს ფეხშიშველმა მამებმა ამ პატარა სასტუმროში სახელოვანი ქალწულის მეუღლის – იოსების დღესასწაული[1], აქ მცხოვრებ ვაჭრებთან ერთად.

ამასობაში ქარავანიც მოვიდა. სპარსეთის მისიონის ორი კაპუცინი ბერის და ინდოეთის მისიონის ერთი ფრანცისკანელი[2] ბერის თანხლებით ალეპოდან გავედით. ხუთივე სომხურად ვიყავით გამოწყობილი, რადგან როცა ჩვენი მეგზური და თარჯიმანი არქიეპისკოპოსი ჩამოგვცილდა, უფალმა გამოგვიგზავნა მეორე სომეხი, რომელიც იტალიასა და სპარსეთში იყო ნამყოფი და ორივე ეს ენა კარგად იცოდა. ჩვენ მას საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნადაც ვიყენებდით.

ჩვეულებრივ, ვინც ქარავანთან ერთად თავისი საკუთარი ცხენით მგზავრობს ალეპოდან, ცხენებს არზერუმში ან საქართველოში ყიდის. ასევე იქცევიან კაპუცინები. ჩვენ კი სხვა გზა გვირჩიეს. თუ რატომ მივიღეთ ეს რჩევა, ახლავე მოგახსენებთ. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ მგზავრი ცხენის გარეშე არ დარჩეს, რადგან, რაც არ უნდა მოუვიდეს ცხენს, მისი გამყოლის მოვალეობაა სხვა ცხენის გამონახვა. ხოლო თუ ნაყიდ ცხენს რაიმე შეემთხვა, მის მაგიერს უდაბნოში ვერავითარი ფულით ვერ იშოვი.

გარდა ამისა, ვინც ცხენს ყიდულობს, მისი მოვლაც უნდა შეეძლოს. მთელი დღის სიარულის შემდეგ ცხენი უნდა გაწმინდო, აჭამო, თანაც მთელი ღამე უნდა იფხიზლო, რომ არ მოგპარონ. ის კი, ვინც ქირაობს, ყოველივე ამისგან თავისუფალია. ამიტომ მისიონერებისათვის უკეთესია ცხენის დაქირავება, ვიდრე ყიდვა.

ჩვენ ეს უკვე გამოცდილი გვქონდა. ვინც ცხენები დავიქირავეთ, უკეთ ვიმგზავრეთ, ხოლო კაპუცინები, რომლებმაც ცხენები იყიდეს, ძალზე გაწვალდნენ. მათ ბევრჯერ მოუწიათ ფეხით სიარული, როცა მათი ცხენები კოჭლობდნენ. როცა არზერუმში მივედით, მათ ცხენები მაშინვე დაყიდეს, თუმცა წინ კიდევ დიდი გასავლელი გზა გვქონდა.

ალეპოდან ხუთასი დატვირთული საპალნიანი ქარავნით გამოვედით. არაბების შიშით ბევრი მგზავრი შეიარაღებული იყო. ამ გზაზე ქარვასლები იშვიათად გვხვდებოდა, თანაც მოუწყობელი, ამიტომ უმეტესად მინდორში ვათევდით ღამეს, ღია ცის ქვეშ. საღამოს, როცა დასასვენებელ ადგილს მივაღწევდით, თითოეულ ცხენს ტვირთს ჩამოვხსნიდით, ცხენს იქვე დავაბამდით, თითოეული შალის ხალიჩას გაშლიდა, რომელზედაც ღამე უნდა გაეთია. ამის შემდეგ ყველა შეშასა და წყალს აგროვებდა და ვახშამს იმზადებდა. ვახშმობის შემდეგ მგზავრები ღია ცის ქვეშ, ხალიჩაზე ერთმანეთის გვერდზე წამოწოლილნი ისვენებდნენ, რათა ყაჩაღებისაგან თავი დაეცვათ.

ქურდები ქარავანს მალულად უახლოვდებიან, აუშვებენ ცხენებს, მოაჯდებიან და გარბიან. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ვაჭრები და მგზავრები ქირაობდნენ საგანგებო მცველებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლობენ, ქარავანს გარს უვლიან, ხმამაღლა ბაასობენ და საქონელს დარაჯობენ. მაგრამ ქურდები ხანდახან მათაც ატყუებენ. როცა დარაჯები ერთ მხარეს არიან, ისინი მეორე მხრიდან იტაცებენ საქონელს და გარბიან.

პირველ და მეორე საღამოს აღმოჩნდა, რომ არსად არ იყო ქარვასლა თავის შესაფარებლად. საჭირო გახდა მინდორში გაჩერება. ციოდა და ჩვენ ტანსაცმელიც კი არ გაგვაჩნდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა ერთი პატარა კარავი, რომელიც მალტაზე[3] მარას პრიორმა ამ მიზნისათვის მოგვცა. მართლაც, მესამე ღამეს გავშალეთ და კარავში ხუთნი მოვთავსდით. დილით მთელი ქარავანი კინაღამ აგვიჯანყდა, ყველა ერთიანად ყაყანებდა. აღმოჩნდა, რომ ისინი ორი მიზეზის გამო იყვნენ წინააღმდეგნი, კარავში ღამე გვეთია: პირველი: დილით, როდესაც გაიცემა ბრძანება ქარავნის ადგილიდან დაძვრის შესახებ, კარვის დაშლა და აკეცვა დიდ დროს წაიღებდა და მთელი ქარავანი იძულებული გახდებოდა, ჩვენთვის ეცადა; მეორე მოსაზრება კარვის გაშლის საწინააღმდეგოდ ის იყო, რომ თეთრი კარავი შორიდან კარგად ჩანს და ის ორიენტირი იქნებოდა ყაჩაღებისათვის.

ჩვენ ვარწმუნებდით მექარავნეებს, რომ არასოდეს შევაფერხებდით ამ მიზეზით ქარავანს და თუ ეს მაინც მოხდებოდა, მაშინ დაე, გზაში დავეტოვებინეთ. რაც შეეხება კარვის ფერს, ჩვენ ვპასუხობდით, რომ მთელი ღამის განმავლობაში ანთებული ცეცხლი უფრო შესამჩნევია სიბნელეში, ვიდრე კარვის სითეთრე. დარწმუნების ცდამ არაფერი არ მოგვიტანა. მივხვდით, რომ ძირითადი მიზეზი შურის გრძნობა იყო. ჩვენ მაინც მთელ გზაზე ვშლიდით კარავს, ვერავინ ბედავდა ამის აკრძალვას და იღბლიანად ჩავედით არზერუმში ალეპოდან გამოსვლის 29-ე დღეს. არზერუმი გამაგრებული და სულთნის მრავალრიცხოვანი იანიჩრებით კარგად დაცული ქალაქია სპარსეთის საზღვარზე. ის ორადაა გაყოფილი: ციტადელად, ანუ ციხე-სიმაგრედ, და რაბათად. ციხე-სიმაგრეში თურქები ცხოვრობენ, რაბათში კი ქრისტიანები− სომხები, ბერძნები, ქართველები და სხვ. ეს ქალაქი ძველად ქართველებისა იყო და ახლაც აქ ეპისკოპოსი ზის, არზრუმელად წოდებული.

არზერუმში მოსულებს საქართველოში მიმავალი ქარავნისათვის უნდა დაგვეცადა. ბინას კაპუცინებთან ერთად ვეძებდით, მაგრამ ვერ მოვნახეთ; ვერც ისეთი, სადაც ერთად მოვთავსდებოდით, ვერც ისეთი, მეზობლად რომ ვყოფილიყავით. იძულებული გავხდით, ერთმანეთისაგან ძალზე მოშორებით გვეცხოვრა. კაპუცინებმა, სომხების რჩევით, თავიანთი ტანსაცმელი გაიხადეს და სომხურად ჩაიცვეს.

ერთ დღეს არზერუმში სეირნობისას ბერები გადააწყდნენ ერთ გამაჰმადიანებულ ფრანგს, რომელიც ფაშას მონა გამხდარიყო. ისინი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. იგი ხშირად მოდიოდა მათთან სტუმრად და საჩუქრები მოჰქონდა. ბერებმა ის მკაცრად გაკიცხეს ქრისტიანობის მიტოვებისათვის. ბერების სიტყვებმა მასზე ძლიერ იმოქმედა და ტირილი დაიწყო. დაჰპირდა მათ, რომ კვლავ დაუბრუნდებოდა ქრისტეს. ამიტომ ხშირად დადიოდა ბერებთან.

ერთ დღეს, როცა ეს ფრანგი ბერებთან მოვიდა, ფაშას იგი გამოუძახია. ადგილზე რომ არ დახვდათ, ძებნა დაუწყეს და ბერებთან მოაკითხეს. ბერებმა იუარეს მისი იქ ყოფნა, მაგრამ მაძიებელნი ოთახში შეიჭრნენ და როცა მონა იქ ნახეს, მამებს ჩხუბი დაუწყეს. ისინი ფაშას მოღალატეებად მონათლეს, მონა დაიჭირეს, თოკით შეკრეს და ფაშასთან წაიყვანეს.

როდესაც ეს ამბავი ჩვენმა სომეხმა თარჯიმანმა გაიგო, გამოედევნა მათ, ფული მისცა და მონა გაათავისუფლა. ამასთან აუხსნა მათ, რომ კაპუცინები ფულს არ მისცემდნენ მონის გამოსახსნელად, რადგან მათ არაფერი გააჩნიათო. ჩვენ ეს ამბავი რომ შევიტყვეთ, ღმერთს მადლობა შევწირეთ, რომ იქ არ ვიყავით და თურქების რისხვა არ დაგვატყდა თავს.

ამასობაში აღდგომის დღეც დადგა. ამ წელს სომხების აღდგომაც ამ დღეს დაემთხვა. წავედით სომხეთის არქიეპისკოპოსთან წირვაზე. წირვას დიდძალი ხალხი დაესწრო, განსაკუთრებით სამღვდელოება: დიაკვნები, მღვდლები, ვართაპეტები.

ამასობაში არზერუმში ქართველ და სპარსელ ვაჭართა ქარავანი შედგა, რომლებიც თავიანთი აბრეშუმის გაყიდვის შემდეგ სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ეს ქარავანი ყარსამდე[4] ერთად ივლიდა. შემდეგ მათი გზები გაიყრებოდა, სპარსელები სპარსეთისკენ, ხოლო ქართველები საქართველოსკენ წავიდოდნენ. ჩვენ ყარსამდე კაპუცინებთან ერთად მივდიოდით. ამ საბრალო ბერებმა ცხენები გაყიდეს და დასაქირავებლად ახალი ვერ იშოვეს. ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, აქლემებზე შემჯდარიყვნენ, რაც მათთვის მეტად მოუხერხებელი იყო. ჩვენზე ადრე იანიჩრები გაემგზავრნენ. ყველა მათგანი კეთილ მგზავრობას გვისურვებდა და რაიმეს გვთხოვდა. ჩვენც ვაძლევდით, ვიცოდით თურქთა ჩვეულება: თუ თავიდან არ მივცემდით, შემდეგ ორჯერ მეტის მიცემა მოგვიხდებოდა და საქმე შეიძლება გაჯოხვამდეც კი მისულიყო.

არზერუმიდან წამოსულები ხუთი დღის შემდეგ, სადილობის ჟამს, ყარსში მივედით.

ყარსი უკანასკნელი ქალაქია თურქეთისა და სპარსეთის საზღვარზე. იგი სინან-ფაშამ[5] შესძინა სულთანს − თურქეთის იმპერატორ მურადს.[6] ყარსში ბაჟი უნდა გადაგვეხადა. ამიტომ იძულებულნი გავხდით, მთელი ქარავანი ამ ქალაქზე ან არდაგანზე[7] გაგვეტარებინა, რომელიც, აგრეთვე, თურქეთის სამფლობელოში შედის. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს ვკარგავდით - საქონელსაც და ფულსაც.

ყარსი ცნობილი გახდა თურქეთ-სპარსეთის ომების დროს. სხვა სანაქებო მას არაფერი აქვს. ქალაქი სოფლური ტიპისაა და არავითარი მნიშვნელოვანი ნაგებობა არ გააჩნია. სახლების დიდი ნაწილი ტალახითა და მიწითაა ნაშენი. ქალაქის გასასვლელთან ახლოს ტბაა, ხოლო ქალაქი ერთ ჩაღრმავებულ ტაფობშია გაშენებული. პირველი ნახვისთანავე მასზე ყოველგვარი წარმოდგენა დამეკარგა.

ბაჟი გადავიხადეთ და ცოტა შევისვენეთ. ქარავნის ნაწილი სპარსეთისაკენ გაემგზავრა ერევნის გავლით, ნაწილი კი საქართველოსაკენ თბილისით. გამოვეთხოვეთ კაპუცინებს. ყარსს რომ გავცილდით, ბევრი უმშვენიერესი მხარე გავიარეთ, ლამაზი და გადახდილი ბრძოლებისგან დანგრეული. იქ შევამჩნიეთ მშვენიერი ნაყოფიერი მინდვრები, გამწვანებული გორაკები, თევზით სავსე მდინარეები, და ამასთან - უკაცრიელი სოფლებიც, გავერანებული მონასტრები და ეკლესიები. ბევრი შენობა მიწასთანაა გასწორებული. ამ მიტოვებულ სოფლებში ვხვდებოდით ირმებს, გარეულ ღორს, თხებს, კურდღლებს, რომლებიც თავს არხეინად გრძნობდნენ და ჩვენთანაც მოდიოდნენ.

ერთ დილას, როცა გორაკიდან ვეშვებოდით, გარეული ღორის კოლტს გამოვეკიდეთ, მაგრამ მხოლოდ გოჭების დაჭერა შევძელით. სომხები მეტად მოხერხებულნი არიან. იციან, რომელ მდინარეშია თევზი და ყოველთვის ბადით შეიარაღებულნი დადიან. შევჩერდებოდით თუ არა მდინარის ნაპირზე, თევზს იჭერდნენ და იმარაგებდნენ. ერთ საღამოსაც შესანიშნავად ითევზავეს, იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ მთელ ქარავანს ეყო და მეორე დღისთვისაც დარჩა. ისინი ამის შემდეგაც განაგრძობდნენ თევზაობას, ერთხელ ერთი დიდი თევზი დაიჭირეს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ უკაცრიელ ადგილებზე მივდიოდით, სარჩო არ მოგვკლებია.

ამ ადგილების გავლის შემდეგ საქართველოში მოვედით. გავიარეთ ისეთი ადგილები, სადაც ხალხი მჭიდროდ სახლობდა და მიწაც კარგად იყო დამუშავებული. ბოლოს თბილისში ჩავედით. თბილისს შუაში მდინარე მტკვარი ჩაუდის. ქალაქი რამდენიმე გორაკზე და პატარა დაბლობზეა განლაგებული. ერთ-ერთ გორაკზე ძლიერი ციხე-სიმაგრე დგას, რომელშიც სპარსეთის შაჰის ბინბაშია[8] (ათასისთავი) დაბანაკებული. იგი უშუალოდ შაჰს ემორჩილება და თბილისის მმართველ ხანზე არ არის დამოკიდებული.

თბილისი სავაჭრო ქალაქია. აქ ჩამოდიან სპარსელები, სომხები. ჩამოაქვთ დიდძალი აბრეშუმი და ოქრო. აქედან ეს საქონელი მთელ საქართველოში ვრცელდება. გამოაქვთ, აგრეთვე, სხვადასხვა ფერად შეღებილი ქსოვილები, რომლებსაც ნაკლები ღირებულება აქვთ, მაგრამ ვაჭრებს მაინც დიდი მოგება რჩებათ. მათ სხვადასხვა ფენის ხალხი ფართოდ მოიხმარს. ერევნიდან თბილისში ქვამარილის ქარავნები მოდის, რომელსაც მთელი საქართველო ყიდულობს. კასპიიდან შემოდის დამარილებული თევზი და დიდძალი ხიზილალა. ამიტომ ის ძალიან იაფია.

როცა სინან-ფაშამ ყარსი აიღო, სულთან მურადს მისწერა, შენს გვირგვინს თბილისიც მიუმატეო. ის ისეთი ლამაზია, მხოლოდ კონსტანტინეპოლს[9] შეედრებაო. მაგრამ ასე არ არის. თბილისი კონსტანტინეპოლს ვერ შეედრება. თუმცა, თბილისს სილამაზე არ აკლია, სავაჭრო ქალაქიცაა, ყოველგვარი საქონლით სავსე, რომელიც ყოველი მხრიდან მოაქვთ. თბილისი საქართველოს დედაქალაქია.

სპარსეთის შაჰმა აბასმა[10] თბილისი დაიპყრო და იქიდან თურქები განდევნა. თბილისში ქართველთა და სომეხთა ბევრი ეკლესიაა, ზოგი მთლიანადაა დანგრეული, ზოგიც − ნაწილობრივ. ყველა მოუვლელია. ქართველთა საცხოვრებელი სახლები ცუდად ნაშენია. თბილისში რამდენიმე ცხელი აბანოა, რომლის სამკურნალო თვისებები შესწავლილი არ არის. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა სიამოვნებით იყენებს მათ ყოველგვარი მიზნებისათვის.

ჩვენი ჩამოსვლისათვის, სიმონ ხანის[11] მოკვლის შემდეგ, ქალაქის ხანი შაჰს ჯერ კიდევ არ დაენიშნა. თბილისს შაჰის ბინბაში განაგებდა.

თბილისიდან გორამდე ორი დღის სავალია. ჩვენ ცხენები ვიქირავეთ და ჩვენი მოგზაურობა გორში დასრულდა.


  1. იგულისხმება მარიამ ღვთისმშობლის დამწინდევლის წმ. იოსები, რომლის ხსენებასაც კათოლიკური ეკლესია აღნიშნავს 1 მაისს.
  2. ფრანცისკანელთა კათოლიკური სამონაზვნო ორდენის წევრები. ორდენის დააფუძნა ფრანცისკე ასიზელმა 1208 წელს. მომდევნო წელს ორდენის წესდება სიტყვიერად დაამტკიცა პაპმა ინოკენტი III-მ. ხოლო 1223 წელს პაპმა ჰონორიუს III-მ დაადასტურა საგანგებო ბულით.
  3. კუნძული შუა ხმელთაშუა ზღვაში, იტალიის სამხრეთით. ამჟამად არის სახელმწიფო მალტას ძირითადი ტერიტორია.
  4. ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ქართულ წყაროებში მოიხსენიება როგორც ციხე-ქალაქი კარი და საქართველოს სამეფოს ძლიერების ხანაში შედიოდა მის შემადგენლობაში. ოსმალეთის შემადგენლობაში მოექცა 1534 წლიდან.
  5. სინან-ფაშა 1580 წელს სულთანმა ქართლის მეფე სიმონ I-ის დასამორჩილებლად გამოგზავნილი ოსმალეთის არმიის სარდლად დანიშნა სინან-ფაშა მუსტაფა ლალა ფაშას მაგივრად.
  6. იგულისხმება ოსმალეთის იმპერიის სულთანი მურად III (1574-1595 წწ).
  7. ძველი ქართული ქალაქი არტაანი მტკვრის ხეობის ზემო წელზე. XVI ს-ის მეორე ნახევრიდან, სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ არტაანი ოსმალეთის შემადგენლობაში მოექცა. ამჟამად ქალაქია თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
  8. ათასისთავი
  9. თანამედროვე თურქეთის უდიდესი ქალაქი სტამბული. გააშენა რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მარმარილოს ზღვის უბეში ძველი ბერძნული კოლონიის ბიზანტიონის ადგილას. იგი იქცა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქად. საუკუნეთა განმავლობაში იყო უმდიდრესი და უბრწყინვალესი ქალაქი ევროპაში. 1453 წელს ოსმალებმა ქალაქი აიღეს, უწოდეს ისტანბული და თავიანთ სახ-ელმწიფოს დედაქალაქად გამოაცხადეს.
  10. იგულისხმება ირანის შაჰი აბას I, დიდად წოდებული, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი (1587-1629 წწ). მისი ზეობის მეორე ნახევარში სეფიანთა ირანმა განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღ-წია. აბას I-მა შეძლო ოსმალეთთან მანამდე დათმობილი პოზიციების დაბრუნება.
  11. ქართლის ხანი (მეფე) სიმონ II – ირანში გაზრდილი და გამუსლიმებული, ბაგრატ VII-ს ძე. ჯერ ისევ არასრულწლოვანი, 1619 წელს ქართლში ხანად დასვა აბას I-მა, მრჩევლად კი დაუტოვა გიორგი სააკაძე. ვინაიდან სიმონის ხელისუფლება ძირითადად მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა, მას თბილისის ხანსაც უწოდებდნენ. იგი მოუკლავთ ზურაბ არაგვის ერისთავის ბრძანებით 1630 წელს.

თავი XVII[edit]

გორში 12 მაისს, საქართველოს მფარველისა და დამცველის, წმინდა გიორგის დღესასწაულის დღეს ჩავედით[1]. აღდგომის ბრწყინვალე დღეც იქ გავითენეთ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დავასრულეთ მოგზაურობა, რომლის დროსაც მრავალი ქვეყანა მოვიარეთ.

მაგრამ გორამდე უკანასკნელმა დღემ ყველაფერი ჩაგვამწარა. გორს რომ მივუახლოვდით, მდინარეზე გადასასვლელად ნავი ვერ ვიშოვეთ. დღის პირველი საათი იყო, როცა გამყოლი გარეუბანში გავაგზავნეთ მენავის მოსაძებნად, მაგრამ ის ხელცარიელი დაბრუნდა. იძულებული გავხდით, მდინარის პირას გაგვეშალა ჩვენი კარავი. ვახშამიც ისეთი იყო, როგორიც ადგილი. დავრჩით ღია ცის ქვეშ და ხმელი პურით ვივახშმეთ.

ჩვენი ჩამოსვლის შესახებ ხმას მამა დონ ჯაკომომდე[2] მიეღწია. შებინდებისას იგი მეორე ნაპირს მოადგა. ერთმანეთს შორიდან მივესალმეთ და ცოტა დავმშვიდდით. დილით ძლივს მოვნახეთ ნავი, გადავედით მეორე ნაპირზე და ჩვენი მამების სახლში მივედით. გადავეხვიეთ მამა დონ ჯაკომოსა და კლავდიოს[3], შემდეგ ყველამ მუხლმოყრით მადლობა შევწირეთ უფალს, რომელმაც უვნებლად მიგვიყვანა დანიშნულების ადგილზე.


  1. წმ. გიორგის დღეს საქართველოში აღნიშნავენ 6 მაისს (ახ. სტილით).
  2. ჯაკომო დი სტეფანო, თეატინელი მისიონერი. გორში ჩამოვიდა პატრ პიეტრო ავიტაბილესთან ერთად 1628 წლის 14 დეკემბერს. მან კარგად აუღო ალღო ქართულ ენას და ახლო ურთიერთობა დაამყარა მეფე თეიმურაზ I-სთან, რომლის პაპისადმი გაგზავნილი წერილები უთარგმნია იტალიურად და თავადაც აწარმოებდა მიწერ-მოწერას ვატიკანთან (ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, თბ. 1987).
  3. მორჩილი ძმა კლაუდიო. იგი იტალიიდან საქართველოსაკენ მომავალ პატრებს, პიეტრო ავიტაბილეს და ჯაკომო დი სტეფანოს შეუერთდა კუნძულ მალტაზე. მას შემდეგ, რაც პ. ავიტაბილე, როგორც თეიმურაზ მეფის დესპანი, გაემგზავრა რომში 1630 წლის 3 აგვისტოს, გორში მხოლოდ პატრი ჯაკომო და მორჩილი ძმა კლაუდიო დარჩნენ (ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, თბ. 1987).

თავი XXVI.[edit]

ელჩების წასვლის შემდეგ მთავარმა[1] ზუგდიდში წასვლა გადაწყვიტა. გაითვალისწინა ჩვენი დაღლილობაც და ისურვა, რომ ჩვენც დაგვესვენა. მან გაგვაგზავნა ერთ ადგილას, რომელსაც კორცხელი [2] ერქვა. იგი ერთ კოხტა გორაკზე მდებარეობს. ამ მაღლობიდან კარგად ჩანს ოდიშის დიდი ნაწილი და ზღვა. აქ დედოფალს ქვეყანაში ერთ-ერთი მშვენიერი ეკლესია ბაუშენებია. რადგან მას სჯეროდა, რომ ჩვენი ღვთისმსახურება ქართულისაგან განსხვავებული არ იყო, გადაწყვეტილი ჰქონდა, ეს ეკლესია ჩვენთვის გადმოეცა. მან აქ დაგვტოვა და იქ მცხოვრებ ყველა გლეხს უბრძანა, ჩვენთვის რიგრიგობით საჭმელი მოერთმიათ, როგორც დილით, ისე საღამოს.

სიმართლეს ვიტყვი, უფალი ჩვენდამი ყოველთვის დიდ სიყვარულს იჩენდა. სამეფო კართან ერთად ასეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში ძალიან დავიქანცეთ. ჩვენ საშუალება მოგვცეს, რამდენადმე აღგვედგინა ჯანმრთელობა. რაც საქართველოში ვცხოვრობთ, აქამდე ამის შესაძლებლობა არ გვქონია.

ჩვენთვის პირველი საქმე საკურთხევლის აღდგენა იყო. წირვას ყოველდღე ვასრულებდით წმინდა მსხვერპლის შეწირვით. სხვა არაფერი საფიქრებელი არ გვქონდა. შერჩეული საჭმელი სახლში თავის დროზე მოჰქონდათ. ადგილი ლამაზი და მყუდრო იყო. არავინ გვაწუხებდა, რადგან ამ ქვეყანაში არავინ არ გვიცნობდა, ჩვენ ძალიან შორეული ქვეყნიდან ვიყავით. როცა ლოცვებს მოვრჩებოდით, სხვა საქმიანობას ვეწეოდით. ასე, მაგალითად,- ხელოვნური ყვავილების დამზადებას. ასეთი რამდენიმე უკვე გაკეთებული გვქონდა. გადავწყვიტეთ, ნაწილი დადიანისთვის მიგვერთმია, ნაწილი კი დედოფლისთვის[3]. ისინი ახალ წელს გავუგზავნეთ.

ახალი წელი აქ დიდი დღესასწაულობით იზეიმეს. ამ დროს მინდვრები თოვლით იყო დაფარული და არათუ ყვავილები, ფოთლებიც არსად ჩანდა. როცა მსახურმა ჩვენი სახელით მთავარს ყვავილები მიართვა, იგი გაოცებული დარჩა. პირველად ისინი ბუნებრივი ეგონა, ვინაიდან არასოდეს უნახავს მსგავსი რამ ამ მხარეში. მაგრამ, როდესაც ხელი შეახო, მაშინ მიხვდა, რომ ბუნებრივი კი არა, ხელოვნური იყო. მთავარმა ბრძანა, რომ ჩვენ კარგად მიგვიბაძავს ბუნებისათვის, ძალიან კარგად გაგვიკეთებია ისინი. მას უბრძანებია მსახურისათვის: გადაეცი ჩემგან მამებს, რომ სიხარულით მივიღე მათი საჩუქარი და ვერაფერ უკეთესს ისინი მე ვერ მომცემდნენ; მე ოქრო და ვერცხლი, აგრეთვე ძვირფასი ქვები ბევრი მაქვს, და ასეთი რამ რომ მოეტანათ ჩემთვის, ისე არ ჩავუთვლიდი, როგორც ახლა ეს ყვავილები მივიღე. მათგან დიდად ვარ დავალებულიო.

ამ ყვავილების გვირგვინი მან თავზე დაიდგა და ასე შემკულმა მთელი დღე ცხენით ისეირნა. მსგავსი საჩუქარი დედოფალსაც მივართვით. ამის შემდეგ მთავარმა ბრძანა, ჩვენთვის დიდი ღორი ეჩუქებინათ, ხოლო დედოფალმა ირემი გამოგვიგზავნა, რომლის ხორცი კარგა ხანს გვეყო.

ორი თვის შემდეგ დადიანი ზუგდიდიდან დაბრუნდა და ისევ თავის კარზე მიგვიწვია. რადგან ცხენები აღარ გვყავდა, იძულებული გავხდით, თოვლში ფეხით წავსულიყავით. ამ დღეებში დიდი თოვლი მოვიდა. ზეიმის უკანასკნელი დღეები იყო, როცა მთავარს წესად ჰქონდა ირმებზე ნადირობა. ჩვეულებრივ, ნადირობაზე მთავარი დიდ თავადებს პატიჟებს ხოლმე. მან ისურვა, რომ ნადირობას ჩვენც დავსწრებოდით.

მართალია, ასეთი სანახაობა შეუფერებელია ჩვენთვის - ბერებისა და მისიონერებისათვის, - ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, წავსულიყავით, რათა მთავრისათვის გვესიამოვნებინა. მივედით ერთი დიდი მდინარის ნაპირზე, რომელიც ხშირი ბუჩქნარით იყო დაფარული. გავჩერდით იქ, სადაც დედოფალი იდგა თავისი სეფე-ქალებით. მდინარის ხმაურისა და ძაღლების ყეფის შემდეგ ჩვენს თვალწინ ირმების დიდი ჯოგი გამოჩნდა, 200-მდე ირემი იქნებოდა. ძაღლების შიშით ყველა ერთად იყო შეჯგუფებული. მონადირეები ყველას ამოხოცვას არ აპირებდნენ, მხოლოდ რამდენიმეს მოკვლა სურდათ გასართობად. ნადირობა მათთვის ყველაზე დიდი გართობაა. ჩვენ სხვა დროსაც მიგვიწვიეს ნადირობაზე, მაგრამ ბოდიში მოვუხადეთ და განვუცხადეთ, რომ ეს სანახაობა ჩვენთვის, როგორც ბერებისათვის, შეუფერებელია, რადგან ჩვენ ღვთისმსახურნი ვართ და არა ამქვეყნიური ცხოვრების დროის მატარებელნი. და თუ პირველ ჯერზე წავედით, ეს უფრო იმის გამო, რომ მთავრის ბრძანება შეგვესრულებინა, ვიდრე გავრთობილიყავით. მაგრამ მთავარს არ მოეწონა ჩვენი პასუხი და ბრძანა: განა კაცმა ნადირობა უნდა შეიძულოს, რადგან ბერია? განა ბერისათვის არ არის დაშვებული პატიოსანი და კანონიერი გართობა, ისეთი, რომელიც ღვთის შეურაცხმყოფელი არ არის? რატომ უნდა მოაკლდეს ამას ბერი? ჩემს ეპისკოპოსებს შორის ბევრი ბერია, მაგრამ ისინი არამარტო ხალისით მიდიან ნადირობის სანახავად, არამედ თავადაც მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი ნადირობენო. ამაზე ჩვენ ვუპასუხეთ: ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ თქვენი ეპისკოპოსების საქციელი, ჩვენ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და [ხალხის] ზნე-ჩვეულებებს გაცნობთო.

მთავარი ძალზე განაცვიფრა ჩვენმა პასუხმა და, როგორც ამბობდნენ, ამ საკითხებზე იგი ხშირად მსჯელობდა თავის ეპისკოპოსებთან და ბერებთან. გადაჭარბებულად რომ ეჩვენებინა ჩვენი საქციელი, ხანდახან ტყუილებსაც ურევდა. ასე, მაგალითად, პირველად მან განაცხადა, თითქოს ჩვენ გვეთქვას, რომ ბერები დიდ დანაშაულს სჩადიან, როცა ნადირობას უყურებენო. ერთხელ, თითქოს, მთავარმა მნახა თვალებზე ხელაფარებული, რომ არ დამენახა, როგორ დაიჭირა შევარდენმა ყანჩა. ეს მართალი არ იყო, რადგან მე მთავართან ერთად კარგად ვუყურე, როგორ გაუშვა მან შევარდენი ყანჩის დასაჭერად და ძალიან კმაყოფილიც დავრჩი.

მთავრის სამეფო კარზე ცხოვრების დროს ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. სასტუმრო, რომელსაც მთავარი ჩვეულებრივ მოგვიჩენდა ხოლმე, ხისა იყო და ისლით დახურული. აქ ცხოვრებას არა უშავდა, თუ მას კარი გააჩნდა, მაგრამ ხშირად ის სანახევროდ გადახურული და უკარო იყო. როცა შეშა შემოაკლდებოდათ, აქაური მცხოვრებნი პირველ რიგში კარებს სწვავდნენ ხოლმე. თუ ღამე მოთოვდა ან იწვიმებდა, ან ქარი ამოვარდებოდა,-ქარი თოვლს სახლში შემოიტანდა. ასერომ, დილით საბანი და ყველაფერი თოვლით იყო გადათეთრებული ან წვიმით დასველებული.

უფრო ძნელი იყო ის, რომ ცხენებიც ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ. ცხენი, შვრიის მუდმივი უკმარისობის გამო, რაც სამეფო კარზე იგრძნობოდა, პატრონს თავის შიმშილის შესახებ მიწაზე ფეხების ბაკუნით ან ჭიხვინით აგებინებდა, რაც ამ უკანასკნელს სიმშვიდესა და მოსვენებას ურღვევდა.

სურსათის რაოდენობა, რომელსაც სამეფო კარზე სტუმრებისთვის გამოჰყოფდნენ, ბევრი იყო. მაგრამ მომსახურე პერსონალის სიხარბის გამო ან მთლიანად ქრებოდა, ან ძალიან დაგვიანებით და ცუდი ხარისხისას გვაძლევდნენ. მათ იცოდნენ ბერების თავმდაბლობის შესახებ და ამით სარგებლობდნენ.

თითქმის ყოველ საღამოს მთავარი თავისთან ვახშმად გვპატიჟობდა. ნადირობიდან დაბრუნებული მთავარი ოთხ ან ხუთ საათამდე ისვენებდა, საღამოს კი ჩვენ გვიხმობდა სავახშმოდ. კვარის ან ერთი შეკვრა ჩალის შუქზე თოვლსა და ყინულში უნდა გვევლო. კვარი შუა გზაზე ილეოდა და ხშირ შემთხვევაში ტალახში ჩავარდნა გველოდა. ვახშამი მთავართან მამლის ყივილამდე გრძელდებოდა.

სამეფო კარზე ჩვენი ყოფნის დროს მთავარს შეატყობინეს, რომ მისი ქალიშვილის[4] მდგომარეობა, რომელსაც სომეხი ექიმი მკურნალობდა, ძალზე გაუარესდა. მთავარმა ჩვენ გვთხოვა მისი მკურნალობა და ჩვენ თავის ქალიშვილთან ერთად წალენჯიხის საეპისკოპოსოში გაგვგზავნა. ჩვენი თავი ამ მხარის ეპისკოპოსს ჩააბარა...

ამ მხარის ეპისკოპოსი იყო ქართველ კეთილშობილთა წრიდან, რომელიც გასული არეულობის დროს ქართლიდან გამოიქცა და დადიანის სამთავროს შეაფარა თავი[5]. დადიანმა მას ეს საეპისკოპოსო ჩააბარა. მან ჩვენ დიდი გულმოწყალებით მიგვიღო. გარეგნულად ის ქრისტიანული მოწყალებით აღსავსედ გამოიყურებოდა, მაგრამ სინამდვილეში იგი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორადაც თავს გვაჩვენებდა. მას სურდა, როგორც საღამოს, ისე დილას მის მაგიდასთან ვყოფილიყავით, რათა პატივი და სიყვარული დაემტკიცებინა ჩვენთვის. ყოველთვის ღვთიურ საკითხებზე გვესაუბრებოდა და თავს ღრმა მორწმუნედ და წმინდანად გვაჩვენებდა. ხშირად გვეკითხებოდა ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით პაპისა და მისი კარის შესახებ. ჩვენ ყოველთვის ამომწურავ პასუხს ვაძლევდით, როგორც მისიონერებს შეეფერებოდათ.

მაგრამ, როგორც ბიწიერ ბუნებას სჩვევია – დიდი ხელოვნებითა და გაიძვერობით ცდილობს დამალვას, მაგრამ ბოლოს მაინც აშკარავდება, - იგი ერთხელ თავის ერთ ცოდვაში გამოგვიტყდა: ერთ მის მღვდელს ცოტაოდენი ფული უშოვნია. მან გადაწყვიტა ამ ფულის ხელში ჩაგდება. ერთ დილას, როცა შენიშნა, რომ ზემოაღნიშნული ბერი დროზე არ გამოცხადდა ლოცვაზე, ის დაამწყვდევინა, თან რკინის მძიმე ჯაჭვი დაადებინა მისთვის, იმ ბრალდებით, რომ ნაკლებად ღვთისმოსავი იყო. ამით მას უნდოდა, ეიძულებინა ბერი, ფული მისთვის მიეცა. ბერი უარყოფდა, რომ ფული ჰქონდა. ეპისკოპოსმა ბერი მანამ არ გაანთავისუფლა, სანამ მთელი ფული არ წასცინცლა. შემდეგ კი უდანაშაულოდ სცნო და გაუშვა.

ამ ამბის გაგებით მასზე კარგი შეხედულება მთლიანად გაგვიფუჭდა. ამას სხვაც დაემატა და მას ჩვენს თვალში საბოლოოდ გაუტყდა სახელი. ამ საქმეში ჩვენც ვიყავით გარეული. საქმე შემდეგში იყო: როცა მთავარმა თავის ქალიშვილთან ერთად გაგვგზავნა, ჩვენ ბარგის წაღება ვერ მოვახერხეთ, და ის, ორ თურქულ მაფრაშაში გახვეული, მთავრის მეკუჭნავეს დავუტოვეთ.

ეპისკოპოსმა მასთან მისვლისას შენიშნა, რომ თან ბარგი არ გვქონდა. იგი დაინტერესდა ამით და ჩვენ ავუხსენით ბარგის ადგილსამყოფელი. მან თითქოს შეგვიცოდა ამის გამო და სასწრაფოდ გაგზავნა მსახურები ბარგის მოსატანად. მე გავგზავნი ჩემს ხალხსო, - გვითხრა მან, - რომლებიც თავიანთი მხრებით მოზიდავენ ყველაფერს. ჩვენც ხალისით დავთანხმდით, რადგან წმინდა წირვის ჩასატარებლად საჭირო მოწყობილობა გვექნებოდა. მართლაც, მეორე დღეს ჩვენი ნივთები უკვე მის სახლში იყო. ჩვენ ამ დროს ეპისკოპოსთან ვიყავით. როცა ბარგის ჩამოტანის ამბავი გაიგო, მან თავი ვერ შეიკავა სიხარულისგან, მოგვიტრიალდა და გვითხრა: "აჰა, ჩემო მამებო, უკვე ჩემს სახლშია თქვენი ბარგი. წადით, მიხედეთ თქვენს ბარგს და დაწყნარდით". ჩვენ ვერ მივხვდით, რატომ გაუხარდა მას ასე ჩვენი ბარგის მოტანა. ეს ჩვენ გავიგეთ ერთი აზნაურისაგან, რომელიც ნაწყენი იყო ეპისკოპოსზე. მან გვითხრა: იცოდეთ, ჩემო მამებო, რომ ეს ეპისკოპოსი, რომელიც თვალთმაქცი სიტყვებით გეფერებათ, დიდი გაიძვერა ვინმეა. მას ეგონა, რომ თქვენს ბარგში დიდძალ ოქრო-ვერცხლსა და ძვირფას ქვებს აღმოაჩენდა. ამის გამო იგი ყველა ხერხს იყენებდა თქვენს მოსასპობად და თქვენი ბარგის ხელში ჩასაგდებად. მაგრამ შეეშინდა მთავრის, რომელიც თქვენ მფარველობას გიწევდათ. მან ვერ გაბედა თქვენი მოკვლა. სამაგიეროდ, ყველაფერს აკეთებდა თქვენთვის სახელის გასატეხად. მან თქვენზე ბევრი სიცრუე მოიგონა. როცა თქვენ მის სახლში იყავით, ის გაკვირდებოდათ, ცდილობდა, თქვენში გაიძვერობა, მატყუარობა და ყაჩაღობა აღმოეჩინა. იგი გივრცელებდათ ხმას, რომ თქვენ ხალხში მათ მოსატყუებლად დადიხართ, და ის წამლები, რომლებითაც მთავრის ქალიშვილს მკურნალობთ, კი არ არჩენს მას, არამედ მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ამასთან იგი ირწმუნებოდა, რომ თუ ავადმყოფი თქვენგან არ დაიხსნეს, მას სიკვდილი არ ასცდებაო. მართალია, მთავარი არ იცნობდა ეპისკოპოსის ბუნებას, მაგრამ კარგად იყო ინფორმირებული მკურნალობის თაობაზე, ყოველთვის გენდობოდათ თქვენ და არასოდეს აჰყოლია ეპისკოპოსის ტყუილებსო. მას, რადაც უნდა დასჯდომოდა, უნდოდა თქვენი გაძევება ქვეყნიდან, ან თქვენი მოკვლა. რადგან თქვენს სიკეთეს ვიცნობ, იმიტომ მოგახსენეთ ყველაფერი, რომ ამიერიდან გაფრთხილდეთ და მას არ ენდოთო.

...მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსი დარწმუნდა, რომ ჩვენს ბარგში არაფერი იყო, გარდა წირვისთვის განკუთვნილი ნივთებისა, ჩვენი ძონძეულობისა და რამდენიმე წიგნისა, შეწყვიტა ჩვენი დევნა.

ამასობაში მთავრის ქალიშვილი იმდენად გამომჯობინდა, რომ დაიწყო ლოგინიდან წამოდგომა და სიარული, რაც აქამდე არ უცდია. ჩვენ მას ისეთ წამლებს ვაძლევდით, რომელთა შესახებ წიგნებში ვკითხულობდით. მოხდა ყველასათვის გასაოცარი რამ: იგი ყველგან თავისუფლად დადიოდა.

როცა ამ ამბავმა მთავრის ყურამდე მიაღწია, მან გადაწყვიტა, თავად დარწმუნებულიყო მის სისწორეში. მთავარმა სასწრაფოდ გაგვანთავისუფლა ეპისკოპოსის მეურვეობისაგან და ქალიშვილთან ერთად თავის ერთ-ერთ სასახლეში, წამხარში[6] გადაგვიყვანა. ქალიშვილს კიდევ სჭირდებოდა მკურნალობა ერთ მკლავზე და მეტყველების გასაუმჯობესებლად.

ამ სასახლეში გადაყვანის შემდეგ მთავარი გაემართა აფხაზეთის საზღვრებისაკენ მათგან ყოველწლიური ხარკის მისაღებად. ეს ხარკი იყო სანადირო ძაღლები და შევარდნები. დედოფალი ოდიშში დარჩა სეფე-ქალებთან ერთად, რომლებიც ურჩევდნენ, ქალიშვილი ახლა მათთვის მიეცა სრული განკურნებისათვის. დედოფალს თან სეფე-ქალების წამლის გამოცდა სურდა, თან ჩვენი მოშორებაც უნდოდა თავიდან. ამიტომ, როცა წმ. პეტრე-პავლობის მარხვა დადგა (იწყება ნათლისღებიდან[7] და თავდება ამ მოციქულთა დღით), შემოგვითვალა, რომ მარხვის პირველ კვირაში შეგვეწყვიტა ქალიშვილისთვის მალამოს წასმა, რადგან მის შემადგენლობაში სხვადასხვა ცხოველის ქონი ერია. ეს ღვთის რისხვას გამოიწვევს ჩემი ქალიშვილის მიმართო, იტყობინებოდა დედოფალი, და ჯანმრთელობის დაბრუნების მაგივრად სიცოცხლეს წაართმევსო.

ჩვენ ვეცადეთ, დაგვერწმუნებინა დედოფალი, რომ ცოდვა არაა მალამოს წასმა, არამედ – ამ ცხოველების ქონის ჭამა. თან დავსძენდით, რომ ღმერთი ჩვენს მიმართ იმდენად კეთილად არის განწყობილი, რომ იგი, თუ საჭიროება მოითხოვს, ქონის წასმას და მის ჭამასაც ცოდვად არ მიიჩნევს. მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა. დედოფალი ისე იყო დარწმუნებული სეფე-ქალების მიერ, რომ მტკიცედ იდგა თავის ნათქვამზე. ჩვენ იძულებული გავხდით, შეგვეწყვიტა ქალიშვილის მკურნალობა. დედოფალმა ის ქალებს გადასცა, რომელთა წამალი ლოგინის თავზე დამაგრებული ხარის თავის ქალა, შელოცვა და დანაყილი ბალახ-ბულახი იყო. ამ ქალების ჯადოსნობით მთავრის ასულის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ მალე სიცოცხლეს გამოესალმა. მთავარი რამდენადაც ჩვენით კმაყოფილი იყო, იმდენად უკმაყოფილო იყო საკუთარი ცოლით, რომელმაც ჩვენი ნამკურნალევი ბავშვი იმ ქალებს გადასცა.


  1. იგულისხმება ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657 წწ.).
  2. სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. გაუშენებია ლევან II დადიანს.
  3. იგულისხმება ლევან II-ის მეორე ცოლი ნესტან-დარეჯანი, ჭილაძის ასული, რომელიც პირველ მეუღლესთან, შერვაშიძის ასულთან გაყრის შემდეგ ლევანმა წაართვა თავის ბიძას, გიორგი ლიპარტიანს. ამ ამბების შესახებ ლამბერტი დაწვრილებით მოგვითხრობს თავის ნაშრომში "სამეგრელოს აღწერა" (თბილისი, 2011), გვ. 37-39
  4. იგულისხმება ლევან დადიანის ასული გული, რომელიც ჯუზეპე ჯუდიჩეს გადმოცემით კუტი დაბადებულა და პატრებს თითქმის განუკურნავთ, თუმცა მალე გარდაცვლილა (დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი, წერილები საქარ- თველოზე, იტალიურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბ. გიორგაძემ (თბილისი, 1964), გვ. 83).
  5. უნდა იგულისხმებოდეს ალავერდელი ეპისკოპოსი მიტროფანე (1628-1633 წწ.), რომელიც თეიმურაზ I-ს გაჰყვა დასავლეთ საქართველოში და ლევან II-მ დანიშნა ახლადდაარსებულ წალენჯიხის საეპისკოპოსოს მღვდელმთავრად (იხ. პ. გაბისონია, წალენჯიხის მონასტრის ისტორიიდან, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები , IX (თბილისი, 2008), გვ. 32).
  6. დღევანდელ სოფ. თაგილონის (გალის რ-ნი) უბანი.
  7. აქ რაღაც შეცდომაა. პეტრე-პავლობის მარხვა იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ.

თავი XXVII.[edit]

1634 წელი იდგა, როცა მთავარმა დადიანმა ყველაფერი იღონა თავისი დის[1] როსტომ ხანისათვის[2]მისათხოვებლად. ამ საქმეს სხვა არაფერი აკლდა, გარდა იმისა, რომ საცოლე ქართლში მისი საქმროსათვის გაეგზავნა. მან იმერეთის მეფეს[3], რომლის სამეფოც სამეგრელოსა და ქართლს შორის მდებარეობდა, სთხოვა, გაეტარებინა მისი და ქართლში წასასვლელად. იმერეთის მეფემ თეიმურაზის2 შთაგონებით ამაზე უარით უპასუხა. დადიანმა გადაწყვიტა, იარაღით გაეკაფა გზა, შეკრიბა უძლიერესი ლაშქარი და იმერეთის საზღვარს მიადგა, თან როსტომ მეფის საცოლე მიჰყავდა. იმერეთის მეფემაც თავის ჯარს მოუყარა თავი და იქვე, საზღვარზე, მის მოწინააღმდეგე მხარეს დაბანაკდა. მათ შორის ერთი მინდორი რჩებოდა. თავდაპირველად საქმეს მშვიდობიანი პირი უჩანდა, რადგან პირისპირ მდგომ ორ ჯარს შორის დიდხანს არავითარი შეტაკება არ მომხდარა. მოწინააღმდეგენიც, ოდიშის მთავარი და იმერეთის მეფე, ერთმანეთს მეგობრულად ექცეოდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ შორის უნდა დადებულიყო სასურველი სამშვიდობო შეთანხმება როსტომის საცოლის თავისუფლად გატარების შესახებ. ბევრს ეგონა, რომ იმერლები მოჩვენებით მეგობრობას იჩენდნენ, ხოლო მეგრელები ჯერ კარგად გაერთობოდნენ თავიანთ კარვებში და შემდეგ მოულოდნელად დაესხმებოდნენ თავს იმერეთის ჯარს. ასეც მოხდა.

ერთ დღეს დადიანი თავის კარავთან იდგა და დიდებულებთან მუსაიფობდა. შემდეგ მან ბრძანა, სადილი მოერთმიათ. ამ დროს შორს, ერთ გორაკზე გამოჩნდა ორმოცდაათამდე ცხენოსანი, ყველა შეიარაღებული, საომრად მომზადებული, შუბით ხელში. დადიანმა იკითხა - ვინ არიანო ისინი, მისი ხალხია თუ მოწინააღმდეგეთა ჯარიდან არიანო. სიშორის გამო ვერ გაარკვიეს დროშის ფერი: თეთრი იყო, სამეგრელოსი, თუ წითელი - იმერლებისა. დადიანმა მზვერავები გააგზავნა, რათა გაეგოთ, ხომ არ იყო რაიმე მოძრაობა მოწინააღმდეგის მხარეს. მზვერავებმა ამბავი მოიტანეს-გორაკიდან კარგად ჩანს მოწინააღმდეგის მთელი ჯარი, შეიარაღებული და საბრძოლო მწკრივებად დაწყობილიო.

ამ ცნობის მიღებისთანავე დადიანმა ბრძანა, სასწრაფოდ მომზადებულიყვნენ საომრად. ის პირველი მოახტა ცხენს და მცირე ამალით საჩქაროდ გაეშურა იმ დროშისა და დაშვებული შუბების შესახვედრად, რომლებიც მან დაინახა. იგი შეიჭრა მათ რიგებში, ნაწილი დახოცა და ნაწილი ტყვედ იგდო. ტყვეთა შორის იყო ერთი მხედარი, რომელიც, როგორც კი მუზარადი მოიხადა, მაშინვე იცნეს. ეს იყო იმერეთის მეფე გიორგი, ალექსანდრე ბატონიშვილის[4] მამა. მან ხმამაღლა შეჰღაღადა: ღმერთია მოწამე, მე აქ საბრძოლველად კი არ მოვდიოდი, არამედ დადიანთან მოსალაპარაკებლად, რომელმაც ჩემს მიმართ არავითარი ნდობა არ გამოიჩინა, პირიქით, მთელი ჯარი საომრად დაძრაო. იმერლებმა თავიანთი მეფის ტყვედ ჩავარდნა რომ გაიგეს, მცირე წინააღმდეგობის შემდეგ უკუიქცნენ, ბევრი ტყვედ ჩავარდა[5].

ამრიგად, დადიანმა გზა გახსნა და როსტომ მეფეს გაუგზავნა საცოლე დიდებულებისა და სასულიერო პირთა ამალით, რომელთა შორის იყო სასულიერო პირთა შორის წმინდანად აღიარებული შემოქმედელი ეპისკოპოსი[6]. მან თავის თავზე იდო საპატარძლოს წაყვანა.

მალაქიას[7] სიკვდილის შემდეგ პატრიარქი შემოქმედელი ეპისკოპოსი უნდა გამხდარიყო. მისი ადგილი შემოსავლიანიც იყო. მან თბილისამდე მიაცილა საპატარძლო, შემდეგ გორში ჩამოვიდა, სადაც ჩვენი ცხოვრების წესები შეისწავლა. იგი კარგად გვაკვირდებოდა და იმდენად შეგვიყვარა, რომ მამა დონ პიეტროს[8] სთხოვა, მიეცა მისთვის ორი მისიონერი გურიაში წასაყვანად. დონ პიეტროს სწორედ ეს უნდოდა და სწრაფად აუსრულა სურვილი. მან გურიაში გასაგზავნად აარჩია დონ ანტონიო ჯარდინო, დონ ქრისტეფორო კასტელი და მორჩილი ძმა კლაუდიო.

ეპისკოპოსმა დიდი საუნჯე შეიძინა მათი სახით. გურიაში მან მამებს საცხოვრებლად ერთი საუკეთესო სახლი და პატარა ხის ეკლესია მიუჩინა, რომელიც თავისი ხარჯით ჰქონდა აშენებული. მამებს აქ წირვა უნდა შეესრულებინათ. მამებმა ეკლესია შესაბამისად მორთეს. ეპისკოპოსმა მისიონერებს მოსამსახურეები გამოუყო და ყოველდღიურად შესაფერისი სანოვაგეც დაუნიშნა.

ერთხანს ასე ცხოვრობდნენ. შემდეგ, როცა ისინი გურიაში კარგად გაიცნეს, მთავარმა და პატრიარქმა მალაქიამ ისინი თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა. 1636 წელს ისინი ოზურგეთში გადაიყვანეს, სასახლესთან ახლოს. აქ უკეთესი პირობები ჰქონდათ. სახლთან ერთად უმშვენიერესი ბაღიც მისცეს. პატრიარქ-მთავრის ასეთმა დამოკიდებულებამ დიდი შური აღძრა ჩვენს მტერ ბერძნებში. დიდი ხანი არ იყო გასული, როდესაც მათ ლამაზ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. სახლთან ერთად დაიწვა მათი ღარიბული ტანსაცმელიც. ხანძრის დროს ანტონიო იქ არ იყო, ხოლო კასტელიმ თავს ფანჯრიდან გადახტომით უშველა. უფლის წყალობით ის არც დაშავებულა. ყველამ დიდ სასწაულად ჩათვალა ის, რომ პატარა ხის ეკლესიას არცერთი მხრიდან არ შეეხო ცეცხლი. სახლი იწვოდა და ცეცხლის ალმა პატივი სცა ეკლესიას, რომელშიც ჩვენ წმინდა წირვა უნდა შეგვესრულებინა. საოცრებას საოცრება დაემატა: დაიწვა ეკლესიასთან დარგული კაკლის ხე. ეკლესია კი, რომელიც ხესა და სახლს შორის იდგა, გადარჩა. კაკლის ხე ამწვანებული იყო და შორს იდგა, შეეძლო უფრო გაეძლო ცეცხლისთვის, ვიდრე ცეცხლთან ახლოს მდგომ მშრალი ხის ეკლესიას.

ამასობაში, 1634 წელს, გორში მისიონერთა მთავარ რეზიდენციაში ჭირი გაჩნდა, რომელმაც რამდენიმე მისიონერი შეიწირა, მათ შორის კარაფაც[9].


  1. იგულისხმება ოდიშის მთავრის მანუჩარ დადიანის ასული და ლევან II-ის ნახევარდა მარიამი. გათხოვილი იყო მამია გურიელის ძე სიმონზე. ლევან II-მ მარიამი მას ადრევე წაართვა, 1634 წელს კი მიათხოვა ქართლის მეფე როსტომ-ხანს.
  2. როსტომ ხანი, იგივე ხოსრო მირზა, ანუ ქაიხოსრო ბატონიშვილი, დავით XI-ს ძე. აღიზარდა ირანში შაჰის კარზე. შაჰ-აბას I-მა იგი თავის გვარდიის სარდლად (ყულარაღასად) დანიშნა, შემდეგ ისპაჰანის მოურავად. ბოლოს გამოაგზავნა საქართველოში და 1633-1658 წლებში იყო ქართლის მეფე (გურჯისტანის ვალი).
  3. იგულისხმება იმერეთის მეფე გიორგი III (1604-1639 წწ.).
  4. იმერეთის მეფის გიორგი III-ის ძე, შემდგომ იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639-1660 წწ.).
  5. აქ აღწერილია ბრძოლა კაკასხიდთან, ბაღდათის სიახლოვეს, როცა იმერეთის მეფე გიორგი III ტყვედ ჩაუვარდა ლევან II-ს და დიდი საფასურის ფასად იქნა გამოსყიდული (იხ. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქარ- თველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973), გვ. 905). ბრძოლის თარიღად უფრო სარწმუნოა, 1634 წ. მივიჩნიოთ (მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო (1462-1810) (თბილისი, 1989), გვ. 93).
  6. ამ ხანებში შემოქმედელი ეპისკოპოსი იყო მაქსიმე მაჭუტაძე. მისი მფარველობით სარგებლობდნენ გურიაში მოღვაწე მისიონერები. 1639-1657 წლებში იგი იყო დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც.
  7. მალაქია II, დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1616-1639 წლებში, გურიის მთავრის, გიორგი II გურიელის ძე. ითავსებდა ცაიშ-ჯუმათელ-ხონელობასაც. მას შემდეგ, რაც ლევან II-მ 1625 წ. სიმონი დაამარცხა, მას გურიელობა ჩამოართვა და გადასცა მისივე ბიძას, კათალიკოს მალაქიას, რომელიც ამის შემდეგ იმავდროულად გურიაში მთავრობდა გარდაცვალებამდე, 1639 წლამდე.
  8. პატრი პიეტრო ავიტაბილე-თეატინელი ბერი, კათოლიკეთა მისიონის პრეფექტი (ხელმძღვანელი) საქართველოში. იგი მეორე თეატინელ ბერთან, ჯაკომო სტეფანისთან ერთად 1628 წ. ჩამოვიდა გორში (რომელიც მაშინ მეფის რეზიდენციას წარმოადგენდა) და თეიმურაზ I-ს პაპის წერილი გადასცა. ამ დროიდან ამოქმედდა თეატინელთა მისიონი ქართლში.
  9. მ. თამარაშვილი პ. ავიტაბილეს მიერ შერჩეულ ექვს პატრს შორის ასახელებს ორ კარაფას: პატრ იერონიმეს და პატრ ვინჩენცოს (იხ. Mმ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის (თბილისი, 1902), გვ. 116-117). ბ. გიორგაძე ასახელებს ერთ კარაფას-ჯერონიმეს (რაც იგივე იერონიმეა). (იხ. დონ პიეტრო ავიტაბილე, დასახ. ნაშრომი, გვ. 6; დონ კრისტოფორო კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ , ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბეჟან გიორგაძემ (თბილისი, 1976), გვ. 11). ავიტაბილეს მართლაც ერთი კარაფა უნდა წამოეყვანა, ვინაიდან ერთი კარაფაა მითითებული ავთენტურ წყაროებშიც, თუმცა მის სახელად ვინჩენცო ჩანს, რომელიც გორში შემდგომ ჭირმა იმსხვერპლა (Г. Жордания, З. Гамезардашвили, Римско- католическая миссия и Грузия, ч. 1, из истории взаимоотношений папства и миссионеров с Картлийско-Кахетинским царством и Крымским ханством. Горийские миссии (конец XVI и 20-30-е годы XVII столетия) (Тбилиси, 1994), გვ. 519, 553).

თავი XXVIII.[edit]

კარაფას სიკვდილმა დონ პიეტრო მეტად დაამწუხრა. მან თავისი მისიონის ერთ-ერთი აქტიური წევრი დაკარგა. ჭირმა დონ პიეტროს ხელქვეითთა რაოდენობა შეამცირა. მას ახლო მეგობარიც არავინ დარჩა, გარდა დონ ჯუსტო პრატოსი. ამიტომ დონ პიეტრომ გადაწყვიტა, ერთხელ კიდევ გასდგომოდა ალეპოსკენ მიმავალ გზას. ეს ქალაქი იტალიასთან უფრო ახლოს იყო და აქედან იოლად შეიძლებოდა რომში წერილის გაგზავნაც და ფულადი დახმარების მიღებაც. საქართველოს მისიონის გასაძლიერებლად წმ. კონგრეგაცია ფიდემ[1] რვა მისიონერი გამოგზავნა. ესენი იყვნენ: დონ ანტონიო კორერო, ვინჩენცო ჯილბერტი უმცროსი, დონ ფრანჩესკო მარია მაჯო, მორჩილი ძმა ბონავენტურა ბოვიო, მორჩილი ძმა ემანუელე დ’არენა, მორჩილი ძმა ფრანჩესკო პისტოია და სამი მორჩილი ძმა ერისკაცებიდან.

ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს, რადგან ამდენი ხალხის ერთად გაგზავნა საშიში იყო. ამას გარდა, შემდგომში შეიძლებოდა სხვა მისიონერების გაგზავნა, როგორც ქართლში, ისე სამეგრელოში.

კორერო, ჯილბერტი, ვერიჩელი და ორი მორჩილი ძმა - ბოვიო და პისტოია კონსტანტინეპოლისაკენ გაემგზავრნენ. აქედან ისინი სამეგრელოში უნდა ჩასულიყვნენ. დანარჩენი სამი - გალანო, მაჯო და ემანუელე - ალეპოს გზით ქართლში გაემგზავრნენ. ისინი ქალაქ ალეპოში[2]მამა დონ პიეტროს შეხვდნენ. აქედან ყველანი ჯერ არზერუმში[3] გაემგზავრნენ, ხოლო შემდეგ გორში[4].

მამებმა გზაში დიდი ტანჯვა-წვალება გადაიტანეს. მძიმე ზამთარი იყო. ხშირად თოვდა და ღამით მოსვენება ხშირად თოვლზე უხდებოდათ. ზოგჯერ დიდთოვლობის გამო გზას ვერ განაგრძობდნენ. დიდი ტანჯვისა და ჯაფის შემდეგ, 1637 წელს ისინი გორში ჩავიდნენ.

მათ მოძებნეს მამა ჯუსტო პრატო. იგი მარტო იყო, მაგრამ სასარგებლო საქმე გაეკეთებინა - მას ჩვენი სარწმუნოებისათვის ერთი კარგი პიროვნება შეემატებინა. მას თავის მსახურად მიუწვევია ახალგაზრდა ქართველი, სახელად ნასყიდა[5]. ნასყიდა გაოცებულა ჯუსტოს საქმიანობით და ერთ ხანს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა მას. იგი ისე განეწყო მისიონერების მიმართ, რომ მზად იყო, უარი ეთქვა მიწიერ ცხოვრებაზე. ამასობაში გორში ახალი მისიონერები ჩამოვიდნენ. ახალი მისიონერების საქმიანობამ ის კიდევ უფრო გააოცა: მისიონერები დილიდან საღამომდე საქმიანობდნენ, ღამით ფსალმუნებს კითხულობდნენ, ლოცვებს ამბობდნენ. არავის გააჩნდა არც ფული და არც რაიმე საკუთრება, ყველაფერი საერთო იყო. კვირა დღით წირვა იყო დაწესებული ხალხის ქრისტიანობაზე მოქცევის მიზნით. ყოველივე ეს ნასყიდას სიწმინდეს შთააგონებდა. მასაც სურდა, მონაწილეობა მიეღო ამ კეთილ საქმეში. მან გადაწყვიტა, ბერძნული მართლმადიდებლობა მიეტოვებინა, ლათინურ ღვთისმსახურებაზე გადასულიყო და ჩვენი სარწმუნოების ანაფორა ჩაეცვა.

ნასყიდამ თავისი ეს გადაწყვეტილება ჩვენებს გაუზიარა. მაგრამ დემონს არ ეძინა. დაიწყო მისი დევნა. მას ეგონა, რომ ამით დაწყებულ საქმეს შეაჩერებდა, მაგრამ დემონს არ გამოუვიდა. ნასყიდა ახალგაზრდა და ლამაზი იყო, იმ ასაკში, როცა ქორწინდებიან. მან ერთი ქართველი გოგონა მოიყვანა ცოლად და თავის ოჯახში დიდი ქორწილიც გადაიხადა, რომელსაც მშობლებიც ესწრებოდნენ.

ნასყიდას ცოლის მშობლები მიხვდნენ მის განზრახვას და მუქარით აიძულებდნენ, გაეხსნა მათთვის საიდუმლო. ნასყიდამ გააცნო მათ თავისი გადაწყვეტილება - მიეტოვებინა მიწიერი ცხოვრება და ღვთის სამსახურში შესულიყო. ნათესაობა ცუდად შეხვდა მის გადაწყვეტილებას. გორში ხმა გავრცელდა, ნასყიდამ მართლმადიდებლობა მიატოვა და ლათინთა ღვთისმსახურებაზე გადავიდაო, ცდილობს, კათოლიკე ბერი გახდეს და ცოლისა და მშობლებისადმი არავითარი ინტერესი არ აქვსო. ქალაქის მთელი მოსახლეობა - ქართველები, ბერძნები, სომხები, თათრები - ყველა მის წინააღმდეგ გაერთიანდა. ისინი ცდილობდნენ, ეიძულებინათ ნასყიდა, უარი ეთქვა თავის გადაწყვეტილებაზე. საყვედურობდნენ მას, რომ წინაპართა ღვთისმსახურება მიატოვა; ბერძნები შეურაცხყოფას აყენებდნენ, აშინებდნენ როსტომის ქართველი მართლმადიდებელი მეუღლით[6], განგირისხდებაო.

მიუხედავად ამისა, ნასყიდა თავის გადაწყვეტილებაზე უარს არ ამბობდა. მაშინ მოწინააღმდეგენი მუქარაზე გადავიდნენ. გიჟურ გადაწყვეტილებაზე უარი თუ არ გითქვამს, როსტომ ხანთან წაგათრევთ და იგი სპარსული კანონებით გაგასამართლებსო (სპარსული კანონმდებლობით არავის არ აქვს სარწმუნოების გამოცვლის უფლება, ამისათვის სიკვდილით ისჯება; თუ იცვლის, - მხოლოდ ისლამზე). ნასყიდა მაინც მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე. პირიქით, ის მზად იყო, საკუთარი სისხლი დაეღვარა.

როცა ნასყიდას მოწინააღმდეგეები დარწმუნდნენ, რომ მასთან არაფერი გაუვიდოდათ, შეუცვიდნენ სახლში, დაიჭირეს და თბილისში წაიყვანეს. მათ მიმართეს ქვეყნის პატრიარქსა[7]და როსტომ ხანს, რომ ნასყიდა დაესაჯათ.

ნასყიდა მზად იყო, ყველაფერი აეტანა. მაგრამ აქ უფალმა მას შუამავალი გამოუგზავნა ჩვენი ნიკიფორეს[8] სახით. იგი სამეფო კარზე იყო და თავისი საქმიანობით დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული მეფისა და პატრიარქის წინაშე. მეფე დარწმუნებული იყო, რომ ნასყიდა სპარსული კანონების შესაბამისად არ უნდა დასჯილიყო, რადგან მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას შორის არავითარი განსხვავება არ არის; ამრიგად, ნასყიდა სარწმუნოებას არ იცვლისო.

პატრიარქმა მკაცრად უსაყვედურა მას და ურჩია, ქართველებს არ დაპირისპირებოდა. მაგრამ, როცა მეფეც და პატრიარქიც დარწმუნდნენ ნასყიდას უდანაშაულობაში, ანგარიში არ გაუწიეს მის მოწინააღმდეგეებს და ნასყიდა გაანთავისუფლეს.

გამარჯვებული ნასყიდა ჩვენთან დაბრუნდა. ჩვენი ტანსაცმელი ჩაიცვა და ანდრია დაირქვა. მან ყველაფერი შესწირა ღვთის სამსახურს. თავის სამშობლოში უსიამოვნება რომ არ შეხვედროდა, დონ პიეტრომ ნასყიდა ჯერ იტალიაში წაიყვანა, შემდეგ კი ინდოეთში, გოაში[9] გაამწესეს. მან იქ იმდენი სიკეთე დათესა, რომ წმინდანად თვლიდნენ. გოაში მას სწრაფი ჭლექი შეეყარა და სიცოცხლე იქ დაასრულა.

ახლახანს ჩამოსულმა ჩვენმა ბერებმა პირველ რიგში ქართული ენის შესწავლა დაიწყეს. მათ შორის სიბეჯითით მამა დონ კლემენტე[10] გამოირჩეოდა, რომელმაც სომხური ენის შესწავლაც გადაწყვიტა და ერთხანს თბილისში წავიდა საცხოვრებლად. თბილისში სომეხი მეტი იყო, სომხურიც უკეთესად იცოდნენ, იქვე იყო სომეხთა მღვდელი და ამ ენაზე დაწერილი წიგნებიც იშოვებოდა.


  1. იგივე პროპაგანდა ფიდე, რომის კათოლიკური ეკლესიის სამისიონერო ორგანიზაცია (სრული სახელწოდებაა `რწმენის პროპაგანდის წმინდა კონგრეგაცია~). მოქმედებს 1622 წლიდან პაპ გრიგოლ XV-ს განკარგულების საფუძველზე.
  2. ქალაქი სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
  3. ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
  4. მ. თამარაშვილი გორში ახალი მისიონერების ჩამოსვლას 1637 წელს დებს, თუმცა ამბობს, რომ აქ ორი მისიონერი ჩამოვიდაო და ასახლებს ფრანჩისკე მაჯოს და კლემენტე გალანოს (ისტორია კათოლიკობისა... გვ. 129).
  5. მ. თამარაშვილს ეს პიროვნება მოხსენებული ჰყავს როგორც "ნასყიდა ლოპამონი" (იხ. ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 126).
  6. იგულისხმება მარიამ დედოფალი.
  7. უნდა იგულისხმებოდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I (დიასამიძე). პატრიარქობდა 1632-1642 წლებში.
  8. ნიკიფორე ირბახი, იგივე ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლაყაშვილი, სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე. თეიმურაზ Iის ელჩი რომის პაპ ურბან VIII-ს კარზე 1626-1629 წლებში. ელჩობიდან საქართველოში დაბრუნდა თეატინელ მისიონერებთან ერთად. გაჰყვა თეიმურზ I-ს იმერეთში. 1657-1658 წლებში ლევან II დადიანის ხელშეწყობით ეპყრა აფხაზეთის კათალიკოსობაც. აქ რომ ეს მოღვაწე იგულისხმება, დასტურდება ავიტაბილეს მოხსენებიდან. იგი ამ ამბავთან დაკავშირებით წერს, რომ პატრიარქის წინაშე მისიონერთა უდანაშაულობა ვისაც დაუსაბუთებია "ეს იყო ნიკოლო ბერი, ყველასაგან ნიკიფორედ წოდებული, რომელიც ახლა ოდიშის მთავრის ელჩის ტიტულით კასტელისთან იმყოფებოდა" (დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე ..., გვ. 64).
  9. ჩანს, იგულისხმება ძველი გოა, ინდოეთის ქალაქი არაბეთის ზღვის პირას, XVI-XVIII სს-ში ინდოეთში პორტუგალიური კოლონიისა და ქრისტიანიზაციის ცენტრი. მდებარეობდა ამავე სახელწოდების მხარეში ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც 1510 წლიდან გახდა პორტუგალიელთა კოლონია.
  10. კლემენტე გალანო.

თავი XXIX.[edit]

სანამ გორში ეს ამბები ხდებოდა, მთავრის დიდი წყალობა მივიღეთ. მან ბინა მოგვცა წიფურიაში[1]და მალე – იქვე არსებული ეკლესიაც.

როდესაც მთავრის ქალიშვილის მკურნალობას ჩამოგვაცილეს, მთავარმა მიგვაბარა კადარად წოდებული ადგილის გამგებელს. მან თავის სახლში მოგვათავსა და მეზობელ გლეხებს დაავალა ჩვენი კვება.

კადარა[2] ძალიან ლამაზი ადგილია, ის ერთ-ერთ საუკეთესოდ მოგვეჩვენა ოდიშში. დაბლობი კარგად მოსავლიანია, კარგი სასმელი წყლებია, აქვე მოედინება მდინარე ენგური, რომელიც ზაფხულის დღეებში ძალზე ცივია და საუკეთესო. ჰაერი, თუ ყველგან საღი არ არის, ყოველ შემთხვევაში მოსაწონია. ზამთარი რბილია. აქ ადამიანი მუდმივი გაზაფხულით ტკბება. ზღვიდან საკმარისი მანძილითაა დაშორებული, ასე, რომ, კაზაკების თავდასხმის საშიშროება არ არის, რომლებიც ნაპირებს ძარცვავენ. ეს ადგილები ჩვენ ძალიან მოგვწონდა, და აი, ერთ დღეს მის დასათვალიერებლად წავედით. ვნახეთ, ორი ეკლესია იდგა, რომლებსაც გალავანი ჰქონდა შემოვლებული. მათ წინ დიდი, გაშლილტოტებიანი ჭადრები იყო დარგული. ჭადრების ტოტები იქაურობას ფარავდნენ. ჩვენ მოგვეწონა როგორც ადგილმდებარეობა, ისე ეკლესიები. ჩვენ, დონ ჯუზეპესთან ერთად, ჩავთვალეთ, რომ ეს ადგილები ზედგამოჭრილი იყო ჩვენთვის, მით უფრო, რომ ეკლესიები თავისუფალი იყო. მღვდელი, რომელიც მათ უვლიდა, ქართლის მეფის სამსახურში გადავიდა. ამიტომ ადვილი იყო ერთი ეკლესიის ჩვენთვის გამოთხოვა მთავრისაგან.

დადგა დღესასწაული. ჩვენთან მთავარი და მისი ვეზირი მოვიდნენ. ამ უკანასკნელმა ჩვენი სურვილი მოახსენა მთავარს და, რამდენადაც მთავარი ჩვენგან დავალებული იყო ქალიშვილის მკურნალობის გამო, დაგვპირდა ეკლესიას. ჯირითისა და ნადირობის შემდეგ მთავარი შეხვდა ნიკიფორეს, რომელიც ეპისკოპოსებთან და წინამძღვრებთან ერთად იყო. მათ შორის იყო ალავერდელი ეპისკოპოსიც[3].

მთავარი მიუბრუნდა ნიკიფორეს და უთხრა: იცოდე, რომ თქვენი ფრანკებისათვის უკვე მოვნახე ადგილიც და ეკლესიაც. მე გადავწყვიტე, მივცე მათ ეკლესია, სოფელი და ტერიტორიაც. ალავერდელმა მთავრის სიტყვების გაგონებისთანავე წყევლა დაიწყო: უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე! ეს რა მესმის, ეს ეკლესია გინდათ მისცეთ ლათინებს? ესენი ერეტიკოსები და ჩვენი სარწმუნოების მოწინააღმდეგენი არიან, თქვენ კი ეკლესიას აძლევთ?! მე მეგონა, თქვენ ქვეყნიდან განდევნიდით მათ! თქვენ კი მათ პატივი ეცით ჩვენი მღვდლების თანასწორად. ისე ნუ იზამთ, რაც თეიმურაზმა ჰქნა, როცა მათ თავშესაფარი მისცა თავის სამეფოში. ამის გამო დაატყდა მას ღვთის ისეთი რისხვა, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო დაკარგა, არამედ ქვეყანაზე საწანწალოდ გაუხდა საქმე, გაჭირვებული და საცოდავი შეიქნა. შენ რა სასჯელი მოგელის, როცა მათ არათუ თავშესაფარი, არამედ ეკლესიაც მიეცი სალოცავად და წირვის გადასახდელად!

ალავერდელის სიტყვებმა მთავარზე ისე იმოქმედა, რომ ეკლესიის მოცემაზე ლაპარაკი შეწყდა. ამ საუბარს დადიანის ვეზირიც ესწრებოდა, რომელმაც სახლში დაბრუნების შემდეგ დაგვამშვიდა, დადიანი ეკლესიას მაინც მოგცემთ, ალავერდელმა მთავარი ღვთის რისხვით შეაშინაო.

ჩვენ ამაზე ვუპასუხეთ, რომ ალავერდელი, ჩვენი სიძულვილით დაბრმავებული, თავისებურად ხსნის თეიმურაზის მიერ ტახტის დაკარგვას. სანამ თეიმურაზი ჩვენთან კარგად იყო და ჩვენ კარგად გვიყურებდა, მისი საქმეც კარგად იმიდიოდა. მაგრამ როცა ფული მოგვთხოვა, რომელიც არ გვქონდა, და ჩვენი განდევნა მოინდომა, მაშინ წავიდა მისი საქმე ცუდად. მაშინ განაწყენდა ღმერთი მასზე და სამეფო წაართვა. ამიტომ ჩვენი მოსვლით ქვეყანა კი არ დაეცა, არამედ გაძლიერდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მთავრის თხოვნით ერთ ქალბატონთან უნდა გავმგზავრებულიყავით მის სამკურნალოდ. ჩვენ უარი შევუთვალეთ და პირიქით, სამეფოდან წასვლის სურვილი გამოვთქვით. მთავარი ამის გაგონებაზე საშინლად შეწუხდა და განაცხადა, ასეთ კეთილ ადამიანებს მე ჩემი სამეფოდან არ გავუშვებო. ძალიან უკმაყოფილო ვარ ალავერდელის საქციელის გამო და ახლა მინდა, მოგიჩინოთ სახლი და მოგცეთ თქვენთვის სასურველი წიფურიაო. გაძლევთ ამ სოფელს ადგილ-მამულითა და ყმებით. ეკლესიას არ გაძლევთ, რათა სასულიერო პირები არ გავანაწყენოო. მაგრამ გპირდებით ახლის აშენებას, სადაც ღვთისმსახურება შეგეძლებათო. 1634 წელს წიფურია ჩვენს განკარგულებაში გადმოვიდა.

ჩვენ ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი, ერთი წლის განმავლობაში ოდიშში იმდენი ვიმოგზაურეთ, რომ დავიღალეთ და დასვენება გვინდოდა. მეორე მხრივ, უკმაყოფილო ვიყავით, ეკლესია რომ არ მოგვცეს, თუმცა ღვთის იმედი გვქონდა. მართლაც, 1635 წლის მაისში მოხდა შემთხვევა, რომელმაც მთავარი კვლავ ჩვენს სასარგებლოდ განაწყო, და გადაწყვიტა, ეკლესია ჩვენთვის გადმოეცა. ეს ასე მოხდა.

1635 წლის აპრილში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მთავარი კვლავ იმერეთზე სალაშქროდ მოემზადა, მან შეკრიბა ლაშქარი და იმერეთის საზღვრისაკენ გაეშურა, რათა ხუთ დღეში მორჩენილიყო საქმეს. იმერეთის საზღვართან იდგნენ, როცა მთავარმა ჯარის მეთაურები მიიპატიჟა სადილად. როცა სუფრიდან ადგნენ, შეზარხოშებულმა მთავარმა გაუხედნავ ცხენზე მოიწადინა შეჯდომა. ცხენი ყალყზე დადგა და მთავარი ძირს ჩამოაგდო. მთავარი ცუდად შეიქნა და მაღალი სიცხე მისცა, თავიც ძალიან სტკიოდა. რამდენადაც ჩვენ საუკეთესო ექიმებად მივაჩნდით, ხალხი აფრინეს ჩვენთან. მე მაშინვე წავედი. სამი დღე მასთან ვიჯექი. ძალიან ცუდად იყო, მაღალი სიცხეები ჰქონდა. თითქმის ყველამ გამოიტირა. მაგრამ ჩემს დანახვაზე იმედი მოეცა და გამხიარულდა. ჯერ სკამზე დამსვა, მერე ლოგინზე ჩამომსვა, ავად გახდომის მიზეზები გამაცნო და მთხოვა, ყველა საშუალება გამომეყენებინა მის გადასარჩენად. სამაგიეროდ, ყველა თხოვნის შესრულება აღმითქვა. თან დასძინა, აქამდე თქვენ ჩემგან ისე არ იყავით დაფასებული, როგორც გეკუთვნოდათ, მაგრამ ლოგინიდან თუ ავდექი, ყველაფერს გაგიკეთებთო. ამ საუბარს მეფის ვაზირი პაატა წულუკიძე[4] ესწრებოდა. მან თავის მხრივ სამასი სკუდო[5] აღმითქვა მეფის განკურნების შემთხვევაში. დედოფალი ცალკე მპირდებოდა საჩუქრებს.

მე ყველას ვუპასუხე, რომ არაფერს არ დავაკლებდი, მაგრამ ჯანმრთელობის აღდგენა მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ მეფე მძიმედ ავადმყოფია. მე მეტად რთულ პირობებში აღმოვჩნდი. ჯერ ერთი, მედიცინაში ნაკლებად ვერკვეოდი, და მერე - წამლები თან არ მქონდა. ამასთან, მარტო ვიყავი. ახლა მეფე რომ მომკვდარიყო, ბრალს მე დამდებდნენ და ჯავრს ჩემზე იყრიდნენ. მე მივმართე ჩვენს ნეტარ გაეტანოს და ანდრეას.

პირველ რიგში შევუმცირე საჭმლის რაოდენობა და საჭმელები შევურჩიე. მას სულ წყურვილი აწუხებდა. ერთ დღეს გავრისკე და სიცხის დაწევისას ბევრი წყლის დალევის უფლება მივეცი. ის ოფლად გაიღვარა და ამან მასზე კარგად იმოქმედა. მთავრის ჯანმრთელობა რამდენიმე დღეში ნორმალური გახდა.

მთავარმა გამოიძახა ვეზირი, რომელმაც მისი დავალებით გადმომცა, რომ დაპირებას ასრულებდა. ჩემთვის უნდა გადმოეცათ ოცი კომლი გლეხი და სამასი სკუდო. მე მადლობა მოვახსენე და შევნიშნე, რომ მე კი არ მოვარჩინე, არამედ უფალმა, და რადგან ღმერთის დახმარებით დაუბრუნდა ჯანმრთელობა, სჯობს, ყველა ამ საჩუქრის სანაცვლოდ წმ. გიორგის ეკლესია მოგვცეს წიფურიაში-თქო. როდესაც მთავარმა ჩვენი სურვილის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა მისი შესრულება. ჩვენ გადმოგვცეს ეკლესიაც, მსახურებიც და საჩუქრებიც. ვერავინ გაბედა, მთავრის გადაწყვეტილებას წინ აღსდგომოდა.

მე სამეფო კარზე გამგზავნეს ეკლესიის მისაღებად. 1635 წლის 14 ივნისს, წმ. ბასილის დღეს ეკლესია ჩავიბარეთ და პირველი წირვაც მის სახელზე შესრულდა. მან ხომ სამონასტრო ცხოვრება დააწესა. მისი მფარველობით შევედით ამ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.


  1. ისტორიული პუნქტი XVII ს-ის სამეგრელოში, სახელწოდება წარმოსდგება `წიფლნარიდან~ (მეგრ. `წიფური~). მდებარეობდა ერთი ვერსიით სოფ თაგილონის ტერიტორიაზე (გალის რ-ნი), მეორეთი-ამჟამად წარმოადგენს სოფ. განმუხურის ერთ-ერთ უბანს.
  2. ამ სახელწოდებით ცნობილია: 1. სოფელი გულრიფშის რ-ნში, კოდორის ხეობაში, 2. ტაძარი სოფ. ძველი აბაშის დასავლეთით, 3. ადგილი სოფ. კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტში). სავარაუდოდ, აქ ეს უკანასკნელი უნდა იგულისხმებოდეს.
  3. იგულისხმება ყოფილი ალავერდელი ეპისკოპოსი მიტროფანე.
  4. მეტსახელად წუწკი. იმერეთის მეფის რისხვას თავი შეაფარა ოდიშის მთავრის კარზე. ლევან II-მ მას უბოძა ადგილ- მამული, რომელსაც ამის გამო "ნაწულუკუ" (ანუ საწულუკიძეო) ეწოდა და დანიშნა თავის პირველ მინისტრად.
  5. ფულის ერთეული იტალიაში, XVI ს-დან გამოიყენებოდა ვერცხლის მონეტების აღსანიშნავად.

თავი XXX.[edit]

ერთხელ გურიის შემოქმედელმა ეპისკოპოსმა, რომლის მფარველობის ქვეშ ჩვენი მამები იმყოფებოდნენ, თავის საქმეებზე ოდიშში წასვლა გადაწყვიტა. მამა ანტონიო ჯარდინომ სთხოვა, თან წაეყვანა, რათა ჩვენ მოვენახულებინეთ. მკათათვე იდგა და მეტად ცხელოდა. ეპისკოპოსს სხვა ქუდი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომელსაც ბერძენი ბერები ატარებენ. იგი სიცხემ მეტად შეაწუხა. მამა დონ ანტონიო მიხვდა, და რადგან იგი მეტად კაცთმოყვარე იყო, მოიხადა ქუდი და ეპისკოპოსს დაახურა. თვითონ მას მზემ დაჰკრა და როდესაც ოდიშში ჩამოვიდა, მაღალი სიცხე მისცა. იგი ჩვენთან მოვიდა სამკურნალოდ.

მისი მოსვლა ჩვენთვის მეტად სასიამოვნო იყო, მაგრამ ავად იყო და ჩვენ არავითარი წამალი არ გაგვაჩნდა. მაინც თავზე ვადექით დღე და ღამე და შესაძლო ზომებს ვიღებდით. მისი ავადმყოფობა ორმოცდაათ დღეს გაგრძელდა. იგი რამდენჯერმე გამოკეთდა, წამოდგა კიდეც, მაგრამ კვლავ ჩაწვა და ბოლოს მეტად მძიმედ შეიქნა. ჩვენ ყველანი მასთან ვიყავით. მეგონა, მეც გადავყვებოდი მის სიკვდილს. მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ ვერც კი შევნიშნე მისი გარდაცვალება და დაკრძალვა, თუმცა ერთ ოთახში ვიწექით.

ამ დროს იქ იმყოფებოდა გურიის პატრიარქი, რომელმაც იცოდა მამა ჯარდინოს ავადმყოფობის შესახებ. იგი ყოველდღე უგზავნიდა მას საჩუქრებს, რომლებიც ჯანმრთელობის დროს უფრო გამოადგებოდა. პატრიარქს სანახავადაც უნდოდა მოსვლა.

ამ კეთილი მამის დაკარგვით გურიის მისიონმა დიდი დანაკლისი განიცადა. იგი მეტად ჭკვიანი და საქმიანი პიროვნება იყო. დიდი ნიჭი ჰქონდა ენების დაუფლებაშიც. მან შეადგინა ქართული გრამატიკის კარგი სახელმძღვანელო. ქართულ ენაზე იგი ისე თავისუფლად ლაპარაკობდა, რომ ამ ქვეყნის მკვიდრი გეგონებოდათ. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ყველასთან და განსაკუთრებით - ზემოხსენებულ პატრიარქთან. იგი განუწყვეტლად საყვედურობდა პატრიარქ-მთავარს გურიაში ბავშვებით ვაჭრობის გამო, რომლებსაც თურქებზე ჰყიდდნენ. იგი ცდილობდა, ბავშვების გაყიდვა შეემცირებინა და ამიტომ დიდი რაოდენობით ნათლავდა მათ. მათი ნაწილი შეგნებული ასაკის მიღწევამდე დაიხოცა, მაგრამ ისინი ამ გზით სამოთხეს შესძინა.

პატრიარქმა ჩვენ რამდენიმე ბავშვი მოგვცა. ისინი კათოლიკეებად მოვნათლეთ. მეტად სასიამოვნო იყო, როცა ისინი ჩვენებურად ლოცულობდნენ.

იმ დროს ერთი მტერი გამოგვიჩნდა, თურქი, სახელად ფრიდონი. იგი გურიის კათალიკოს-მთავრის მკურნალი იყო. გურიაში ჩვენი მისიონერების ჩასვლისთანავე წინ აღუდგა მათ და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას მათ სალანძღავად. ჩვენი მამები ამას მოთმინებით იტანდნენ. წარმოშობით ის იტალიელი ქრისტიანი იყო. შემდგომში კონსტანტინეპოლში[1] მან ქრისტიანობა უარყო და მაჰმადიანობა მიიღო. კონსტანტინეპოლიდან იგი გურიაში გადავიდა. ქირურგი იყო, მაგრამ თავი ყველა ავადმყოფობის მცოდნედ გამოაცხადა, პატრიარქის სამსახურში ჩადგა და თავისი წინანდელი სარწმუნოების უარყოფით მაჰმადიანობაში თურქებს ეჯიბრებოდა. ადრე მას ნიკოლო ერქვა, მაჰმადიანობაში ფრიდონი დაირქვა[2].

პირველად, როცა ჩვენები გურიაში ჩავიდნენ, ფრიდონი შეეცადა, როგორც მთავრის, ისე ხალხის თვალში ბოროტი ენებით სახელი გაეტეხა მათთვის. მამა დონ ანტონიო ჯარდინო მასთან შეხვედრის დროს ყოველთვის ცდილობდა, იგი ქრისტიანული სარწმუნოებისათვის დაებრუნებინა. მაგრამ ჯიუტი ფრიდონი მას პასუხობდა: რა სინათლე მოდის თქვენი მხრიდან? ჩემი სარწმუნოება კეთილია და მე მინდა ამ სარწმუნოებაში ყოფნაო. ეს უკეთესია, ვიდრე თქვენი სარწმუნოებაო. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მამა ანტონიო ცოცხალი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ფრიდონი შეიცვალა. უფალმა შთააგონა მას, ეღიარებინა თავისი შეცდომა და იგი მოულოდნელად დაუბრუნდა ქრისტეს რწმენას. ის წმინდანივით გარდაიცვალა.


  1. იგივე სტამბული. მას შემდეგ, რაც სულთანმა მეჰმედ II-მ ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინეპოლი აიღო, იგი ოსმალეთის იმპერიის სატახტო ქალაქად აქცია. თუმცა იმ დროს ევროპელები მას მაინც ძველი, ბიზანტიური ხანის სახელით მოიხსენიებდნენ ხოლმე.
  2. ჯუდიჩე ამ პიროვნებას "ფერინდონ"-ად (Fერინდონ) მოიხსენიებს (დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი, დასახ. ნაშრომი, გვ. 69). მის შესახებ დაწვრილებით ცნობებს ვნახულობთ ავიტაბილეს მოხსენებაში (დონ პიეტრო ავიტაბილე, დასახ. ნაშრომი, გვ. 68, 71). ამ რელაციის საფუძველზე პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციის მდივნის წერილში კი აღნიშნულია, რომ "მისიონერებს შეუერთდა ტოსკანიის ერთ ქალაქში დაბადებული ექიმი, რომელიც თურქებმა ტყვე ჩაიგდეს უნგრეთში. მან სიყმაწვილეში ქრისტიანობა უარყო და გამაჰმადიანდა, ახლა მთავარ გურიელს ექიმად ემსახურება და დღეს არაჩვეულებრივად ნანობს თავის შეცდომას" (იქვე, გვ. 80).

თავი XXXI.[edit]

ზემოთ უკვე ვთქვით, როგორ წამოვიდნენ ჩვენი მამები იტალიიდან სამეგრელოში კონსტანტინეპოლის გავლით. დონ ანტონიო კორერო, დონ ვინჩენცო ჯილბერტი, დონ მარია ვერიჩელი და მორჩილი ძმები, ბონავენტურა ბოვიო და ფრანჩესკო პისტოია პირველად კუნძულ ზანტეზე[1]გადმოსხდნენ. იქაურმა ეპისკოპოსმა ისინი გულთბილად მიიღო. მასთან რამდენიმე დღე გაატარეს. იმ ხანებში ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია ეს კუნძული, მრავალი სახლი დაინგრა, მათ შორის ეპისკოპოსის ერთი სასახლე. ეპისკოპოსიც და წმინდა მამებიც სასწაულებრივ გადაურჩნენ მიწისძვრას. ისინი კინაღამ ნანგრევების ქვეშ მოჰყვნენ. სასახლე რომ დაენგრა, ეპისკოპოსი იძულებული გახდა, მამებთან ერთად ფიცრულ სახლში ეცხოვრა. მან განკარგულება გასცა, სასახლე სწრაფად აღედგინათ.

აქედან მამები კუნძულ კანდიაზე[2] წავიდნენ, ხოლო იქიდან – ქიოსზე[3]. აქ ისინი უმაღლესმა ხელისუფალმა კონტარინიმ მიიღო. მან სურვილი გამოთქვა, ერთ-ერთი მისიონერი გარკვეულ ხანს თავისთან დაეტოვებინა. არჩევანი მამა ვერიჩელიზე შეჩერდა, რომელიც კუნძულზე ორი წელი დარჩა. მას აქ მისიონი უნდა დაეარსებინა, მაგრამ მთელი რიგი სირთულეების გამო ვერ მოახერხა. დანარჩენები გემით სამეგრელოში გამოემგზავრნენ და 1637 წლის აგვისტოში უხიფათო ნაოსნობის შემდეგ სამეგრელოში ჩავიდნენ.

სამეგრელოში მამების ჩამოსვლა მეტად დროული აღმოჩნდა. მათმა ჩამოსვლამ ჩვენ ერთგვარად გაგვამხნევა მამა ჯარდინოს გარდაცვალების შემდეგ. მხოლოდ სამი დღე იყო გასული, რაც მას გამოვეთხოვეთ. მე იმდენად სახიფათოდ ვიყავი ავად, რომ ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი.

მამებს მამა ჯუზეპე[4] დახვდა და თვალცრემლიანმა მიიღო ისინი. მან უთხრა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მაგრამ არ არის სასიამოვნო, რომ თქვენ ასეთი მწუხარების დროს მოხვედით. სამი დღეა, რაც გარდაიცვალა დონ ანტონიო ჯარდინო და შესაძლოა, მალე გამოგვეცალოს ხელიდან დონ არქანჯელო ლამბერტი. ყველანი ერთად შემოვიდნენ სახლში, სადაც მე ვიწექი. მე ძლივს შევძელი მათთან მისალმება. ჩემზე იმდენად კარგად იმოქმედა სამეგრელოში ჩამოსული ჩემი ძვირფასი ძმების დანახვამ, რომ გამომჯობინება დამეტყო. რამდენიმე დღეში განვიკურნე და ფეხზე წამოვდექი.

მთავარმა მათი ჩამოსვლის ამბავი რომ გაიგო, მათი დასაჩუქრება ბრძანა. ჩვენც ჩვენის მხრივ გავუგზავნეთ მთავარს მამების ჩამოტანილი საჩუქრები: ორი ყუთი თორმეტი ქილით ვაჟინის მოსახარში, ორი დასტა ქაღალდი და ერთი ნეაპოლური საპონი. თან ვაახლეთ მთავრისათვის სიცილიაში დამზადებული ერთი მოოქროვილი სპილენძის ყუთი მარჯნით და ქსოვილები, ერთი თაბაშირის ქანდაკება დედოფლისათვის, მაკრატელი, მარჯნისტარიანი დანები, რამდენიმე წყვილი აბრეშუმის წინდა, სპილოს ძვლის სავარცხლები და ა.შ. ამ ნივთებს შორის იყო სანთლის თოჯინა, რომელიც სკამზე იჯდა და თავსა და ფეხებს ამოძრავებდა. მისი მირთმევა მთავრისთვის გვინდოდა, მაგრამ როცა დედოფალმა ნახა, ისე მოეწონა, რომ თავისთვის დაიტოვა.

დახმარება რომ მოგვივიდა, გადავწყვიტეთ უფრო გულმოდგინედ გვეშრომა.


  1. კუნძული იონიის ზღვაში. ამჟამად ეკუთვნის საბერძნეთს.
  2. იგულისხმება კუნძული კრეტა. კუნძულს კანდია უწოდეს ვენეციელებმა. ამ სახელწოდებას იყენებდნენ ოსმალებიც.
  3. კუნძული ეგეოსის ზღვაში, მც. აზიის ნახევარკუნძულთან ახლოს. ამჟამად ეკუთვნის საბერძნეთს.
  4. ჯუზეპე ჯუდუჩე მილანელი.

თავი XXXII.[edit]

ჩვენ შევძელით, მოგვეპოვებინა მთავრის წყალობა, დიდ ბატონის წინაშე პატივი და ხალხის საყოველთაო სიყვარული დავიმსახურეთ. მაგრამ ეშმაკს არ ეძინა. მან მაინც მოახერხა ჩვენს საქმეებში ჩარევა და კინაღამ მისიონი ჩაგვიშალა.

როგორც ზემოთ ვთქვით, იტალიიდან ახალჩამოსულთა შორის იყო მორჩილი ძმა ფრანჩესკო პისტოია, რომელიც ოქრომჭედელი იყო. მთავარმა ის თავისთან წაიყვანა, რადგან სურდა, ასეთი ძვირფასი საქმის ხელოსნები თავის ქვეყანაში მრავლად ჰყოლოდა. მას ვერცხლისა და ოქროს ნივთების დამზადება დაავალა. მთავარს სურდა, ამ მორჩილ ძმას სამეფო კარზე ემუშავა სხვა ოქრომჭედლებივით. მაგრამ ეს უმცროსი ძმა კარგი მორწმუნე იყო, მას არ უნდოდა ჩვენი სახლიდან წასვლა და არც მისი უფროსები თანხმდებოდნენ.

მთავარი თავის მოთხოვნას იმით ასაბუთებდა, რომ სურდა, დაეცვა ის ოქრო-ვერცხლი, რომელიც ოქრომჭედლისთვის უნდა ჩაებარებინა ნივთების დასამზადებლად. მისი სიტყვით, სამეფოში გავრცელებული ქურდობის გამო მისიონერთა სახლში ოქროულის შენახვა საიმედო არ იქნებოდა, მაშინ როცა სასახლიდან მოპარვას ვერავინ გაბედავდა. ჩვენ დავარწმუნეთ მთავარი, რომ ისე ვუყარაულებდით, რომ არაფერი არ დაიკარგებოდა. მაშინ მთავარმა თავისი ეკლესიის ბარძიმის დასამზადებლად ხუთასი სკუდო ჩაგვაბარა.

მორჩილმა ძმამ, ფრანჩესკომ დაიწყო ოქროს მასიური ბარძიმის ჩამოსხმა. როცა სადგამი დაასრულა და ემზადებოდა სამუშაოს დასამთავრებლად, ერთ ღამეს, როცა მას ეძინა, ქურდებმა მისი ოთახის ქვეშ გვირაბი გამოთხარეს, ყუთი ოქროთი წაიღეს და გაიქცნენ.

დილით, როცა ეს ამბავი ვნახეთ, მაშინვე გაგვახსენდა მთავრის სიტყვები. აშკარა იყო, რომ ეშმაკი ყველაფერს აკეთებდა ჩვენი მისიონის დასასამარებლად.

ყველაზე მეტად მე ვიყავი განადგურებული, რადგან მთავრისათვის ეს ამბავი მე უნდა შემეტყობინებინა. უფალს მივენდე, მთავარს ვეახელი და შევკადრე, მოეცა ჩვენთვის უფლება, რომ მე და ჩემს მეგობრებს დაგვეტოვებინა მისი სამთავრო აქ გავრცელებული დიდი ქურდობის გამო, ვინაიდან უცხოელებს აქ არ ეცხოვრებათ-თქო.

"როგორ, - მიბრძანა მან, - რას ნიშნავს ეს? შეიძლება, თქვენ მოგპარეს რამე?!" "კი, ბატონო, - მივუგე მე, - მოგვპარეს თქვენი ოქრო, რომელიც ოქრომჭედელს მიანდეთ; მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ზარალი ავანაზღაუროთ. ჩვენ რაც გვაბადია, ყველაფერს გავყიდით, ოქროს საფასურს გადაგიხდით და აქედან წავალთ".

მან თავაზიანად მიპასუხა, ამაზე არ შევწუხებულიყავით. თუმცა ოქრო დაიკარგა, მაგრამ ნებას არ მოგცემთ, თქვენისთანა ხალხი სამეფოდან წავიდესო. ახლა ჩემი მიზანია, თქვენი სახლი ისე შევაკეთოთ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდესო. მან მაშინვე უბრძანა მოურავს, ჩვენთვის ისეთი სახლი გამოენახა, რომელიც მიწიდან საკმაოდ მაღლა იქნებოდა და ძირს ვერ გამოუთხრიდნენ. ასე, რომ, ეშმაკის ცდა, ამ ქვეყნიდან წავსულიყავით, ჩაიშალა და უფალმა მთავარი ჩვენს სასარგებლოდ შემოაბრუნა.

შემდეგ წელს უარესი შეგვემთხვა. შემთხვევით თუ განგებ, ერთ ოთახს, სადაც საქონელი გვყავდა, ცეცხლი გაუჩნდა. აქედან ცეცხლი სხვა ოთახებსა და საკუჭნაოს მოედო, სადაც სანოვაგე, ღომი და ხორბალი გვქონდა შენახული. ერთ წუთში ყველაფერი დაგვეწვა. ეს არაფერი იყო მეორე ზარალთან-ცეცხლი წაეკიდა მართლმადიდებლურ ეკლესიას და მთლიანად დაიწვა, ჩვენს ეკლესიას კი არ შეეხო.

ეს ამბავი მაშინვე მთავარს აცნობეს. დაიწყო დიდი მითქმა-მოთქმა. ერთნი აცხადებდნენ, რომ ჩვენს შორის რაღაც დიდი ცოდვა იყო ჩაბუდებული, რადგან პირველად გურიაში დაგვეწვა სახლი და შემდეგ ასევე მოხდა ოდიშში. ბერძნები აცხადებდნენ, რომ ეს ცეცხლი შემთხვევითი კი არ იყო, არამედ განგებამ გამოიწვია. თითქოს ჩვენ გავაჩინეთ ეს ხანძარი მათი ეკლესიის დასაფერფლად. თავისი ნათქვამი დამაჯერებელი რომ გაეხადათ, აცხადებდნენ, რომ მათ დაინახეს, ჩვენი მისიონერები როგორ უკრძალავდნენ ხალხს ცეცხლის ჩაქრობაში დახმარებას. სინამდვილეში ჩვენ ვუკრძალავდით, არ აეღოთ ჩვენი დამწვარი ნივთები. დავკარგეთ მთელი სანოვაგე და ქონება, მთელი ქვეყანა მტრად გაგვიხდა და მთავარიც გადაგვიდგა.

უბინაოდ დარჩენილები იძულებულნი გავხდით, ღამე ღია ცის ქვეშ გაგვეთია. ეს არ გაგვჭირვებია, რადგან ივლისის ცხელი დღეები იდგა. ძალიან შეგვაწუხა იმან, რომ ხალხს, რომელიც ხანძრის ჩაქრობაში გვეხმარებოდა, ვერაფრით ვერ გავუმასპინძლდით. ხოლო ჩვენზე გამწყრალ მეზობლებს არ უნდოდათ, ჩვენთვის რაიმე მოეყიდათ ან ესესხებინათ.

მოგვეჩვენა, რომ უცხო ქვეყანაში სიღარიბეში ჩავვარდით. დავკარგეთ ყველაფერი და ყველას მტერი გავხდით. მაგრამ მოკლე ხანში ყველაფერი გამოკეთდა და მთავარიც მოგვიბრუნდა. ის გვარწმუნებდა, რომ ჩვენ ბრალი არ მიგვიძღვის მომხდარ ამბავში, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა. მალე იგი დაგვეხმარა და აღგვიდგინა დანაკლისი. ხალხსაც გული მოუბრუნდა და ჩვენმა სახლმა ისევ მიიღო სტუმრები.

თავი XXXIII.[edit]

ოდიშში 1645 წლამდე ვიცხოვრეთ. ჩვენს საქმიანობას კვლავაც განვაგრძობდით: ვნათლავდით ბავშვებს და ყველგან ვქადაგებდით თურქებზე ბავშვთა გაყიდვის საწინააღმდეგოდ. მთავარმა მკაცრი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც თურქებზე ბავშვთა გაყიდვა ორი წლის განმავლობაში ძალზე მძიმე სასჯელით ისჯებოდა. შემდეგ მთავარი იძულებული გახდა, უკან დაეხია და სასჯელი დიდი ბაჟით შეცვალა. თუმცა დროდადრო ის ანახლებდა თავის ბრძანებულებას ტყვეთა სყიდვის აკრძალვის შესახებ.

ამ დროს ოდიშს ეწვია ალექსანდრიის პატრიარქი, სახელად ნიკიფორე[1]. მე შემომთავაზეს მის სანახავად წასვლა და ვეახლე. პატრიარქმა მისაყვედურა, ამდენ ხანს რომ არ მოვინახულე. მე მას ბოდიში მოვუხადე და მიზეზად ჩემი მოუცლელობა ვახსენე. პატრიარქმა დაგვიანება მაპატია იმ პირობით, რომ ამიერიდან ხშირად ვნახავდი. მართლაც, ეს პირობა პირნათლად შევასრულე.


  1. ნიკიფორე ალექსანდრიის პატრიარქი იყო 1639-1645 წლებში.

თავი XXXIV.[edit]

ამ დროისათვის ამ შორეულ ქვეყანაში მოგვივიდა ბულა[1] სარწმუნოების პროპაგანდის კოლეჯის დაარსების შესახებ. ბულა სთხოვდა ყველა ერის მეთაურებს, გაეგზავნათ ამ კოლეჯში სასწავლებლად ერის რჩეული ყმაწვილები, რომლებიც მეცნიერებასთან ერთად კათოლიკურ სარწმუნოებასაც შეისწავლიდნენ.

ჩვენ ბულა მთავარ დადიანს წარვუდგინეთ და ვურჩევდით, რომ კოლეჯის გარდა თავისი ქვეყნიდან კიდევ ორი ყმაწვილი გაეგზავნა თანამედროვე მეცნიერების შესასწავლად. მთავარმა გადაწყვიტა, მიეწერა რომის პაპისათვის და ორი ყმაწვილი გაეგზავნა კოლეჯში.

მთავარმა გადაწყვიტა, რომის პაპთან ამ საქმესთან დაკავშირებით დონ ჯუზეპე ჯუდიჩე გაეგზავნა. მას წერილი უნდა წაეღო პაპისათვის და თან ორი ყმაწვილი წარედგინა კოლეჯში მისაღებად.

ტრაპიზონის მიტროპოლიტმა[2] ბერძნულად მისწერა წერილი პაპ ურბან VIII-ს[3]. წერილში იგი, პირველყოვლისა, მადლობას უთვლიდა მას ასეთი მამების გამოგზავნისათვის, რომლებსაც მან მიუჩინა სახლიც, ეკლესიაც. ამასთან ის სთხოვდა პაპს, სხვა მამებიც გამოეგზავნა, რომელთაც ასევე პატივით მიიღებდა. ამასთან, იგი აგრეთვე სთხოვდა პაპს, პროპაგანდა ფიდეს კოლეჯში მიეღო ორი მეგრელი ყმაწვილი, რომლებსაც ჯუზეპეს თანხლებით აგზავნიდა.

ორივე ყმაწვილი ჩვენს სჯულზე მოინათლა. ერთს ანტონიო დაერქვა, მეორეს ანდრეა. ეს ანდრეა შემთხვევით მოხვდა მეფის კარზე. ის ორმა თავადმა მოიყვანა აქ და თითოეული ამტკიცებდა, ჩემიაო. მთავარმა მათ მოუსმინა და ბრძანა: ვერცერთ თქვენგანს მას ვერ ჩავაბარებ, რადგანაც მას მაშინვე მიჰყიდით თურქებს, ყმაწვილს მე მივცემ გზასო. მთავარმა ყმაწვილი ჯუზეპეს ჩააბარა იტალიაში სასწავლებლად წასაყვანად.

ანდრეა დიდი წარმატებით სწავლობდა კოლეჯში, ჩასვლისთანავე ისწავლა იტალიური ენა, შემდეგ ლათინური. შემდეგ ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესწავლას შეუდგა. მაგრამ მესამე წელს მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა.

მეორე ყმაწვილი, ანტონიო, ასეთი ნიჭიერი არ აღმოჩნდა. იგი მალე გადავიდა ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო პირის სამსახურში და კოლეჯს გამოეთხოვა.

მამა დონ ჯუზეპემ სამეგრელოდან გამგზავრების შემდეგ ზღვაზე ბევრი ქარიშხალი გადაიტანა და კონსტანტინეპოლს ჩააღწია. ამ ქალაქში ის იმ განზრახვით ჩავიდა, რომ აქ მისიონი დაეარსებინა. ამ მიზნით მან ვენეციის ბაილოსა[4] და საფრანგეთის საელჩოს ახლოს, გალათაში[5] სახლი იყიდა. ეს მეზობლობა მას დაეხმარებოდა იმაში, რომ თურქების შეურაცხყოფის შემთხვევაში თავი შეეფარებინა მათთან.

ამასობაში იტალიიდან მისიონის მსახურად ჩამოვიდა მამა დონ კაეტანო[6] და ალესანდრი, ღირსეული მოქალაქე და სათნოებით შემკული.

მამა დონ ჯუზეპესთან ერთად მამა დონ კაეტანო დროს არ კარგავდა და ამ ქალაქში ღვთისმოსაობით სულების ხსნისათვის იღწვოდნენ. ამ ქალაქში (კონსტანტინეპოლში) უამრავი იმერელი და მეგრელი ტყვე იყო. დონ ჯუზეპე არიგებდა მათ და ამაგრებდა მათ რწმენას.

ამ დროს კონსტანტინეპოლში ერთი მეტად საინტერესო ამბავი მოხდა: დონ ჯუზეპემ შეიტყო, რომ სამ ქრისტიანს, ორ მღვდელს და ერთ ერისკაცს, ქრისტიანობა მიეტოვებინათ და გამაჰმადიანებულიყვნენ. ის ძალზე შეწუხდა და ყოველი საშუალებით შეეცადა, ისინი ქრისტიანობისათვის დაებრუნებინა. თურქებს სიკვდილით დასჯა ჰქონდათ დაწესებული მათთვის, ვინც თურქს ქრისტიანად გახდომას შთააგონებდა, ან რენეგატს ძველ სარწმუნოებაზე დააბრუნებდა. მამა ჯუზეპე ამან არ შეაშინა. იგი გულმხურვალედ არწმუნებდა მათ, დაბრუნებოდნენ ქრისტიანობას.

ბოლოს, ერთი იმ რენეგატი მღვდელთაგანი წამოვიდა კონსტანტინეპოლიდან და სამეგრელოში ჩემთან გადმოვიდა, სადაც მე ეკლესიასთან შევარიგე. ამის შემდეგ ერთი წელი ის ჩვენს სახლში დარჩა. კვლავ ქრისტიანად მოქცეულს თურქეთზე გავლით სამშობლოში დაბრუნებისა ეშინოდა. მე ვურჩიე, სპარსეთით ინდოეთში, და ინდოეთიდან ჩვენს მხარეში გამგზავრებულიყო.

მამა დონ ჯუზეპე რამდენიმე თვე კონსტანტინეპოლში დარჩა და შემდეგ იტალიაში წავიდა. ამ დროს წმინდა პეტრეს ტახტზე ინოკენტი X[7] იჯდა. იგი მის ფეხებს ეამბორა და ეს ორი ყმაწვილი წარუდგინა მთავრის წერილთან ერთად. შემდეგ მისიონისათვის წმინდა კონგრეგაციიდან ორი ბერი მიიღო: მამა დონ ჯოვანი ბატისტა მონტი მილანელი და დონ ჯაკომო ანტონიო მანტი კრემონელი. იგი მათთან ერთად ჩავიდა ლივორნოში,[8] სადაც დიდი ინგლისური ხომალდი დახვდა, რომელიც კონსტანტინეპოლში მიემგზავრებოდა. გზად გემზე ოთხი დომინიკანელი[9]ბერი ამოვიდა, რომლებიც მისიონერებად მიდიოდნენ კაფასა[10] და სათათრეთში [11]. ისინი გამოემგზავრნენ 1647 წლის დიდი მარხვის დასაწყისში და თვრამეტი დღის უხიფათო მგზავრობის შემდეგ მივიდნენ დარდანელში[12], შემდეგ კონსტანტინეპოლის სრუტის შესასვლელში, სადაც ორი ციხე დგას. მათ უკვე შიში არ ჰქონდათ, ეგონათ, ყველაფერი ავბედითი უკვე უკან დარჩათ. მათ ყველაზე მეტად მეკობრეებისა ეშინოდათ, რომლებსაც ციხის მცველნი უფლებას არ აძლევდნენ, სრუტეში ეყაჩაღნათ. ამიტომ ყველანი მხიარულად იდგნენ დომინიკანელ ბერებთან ერთად და ღმერთს მადლობას სწირავდნენ უვნებლად გადარჩენისათვის. გზაში ერთი მეორეს აღსარებას ეუბნებოდა, ემზადებოდნენ ყოველგვარი წამების გასაძლებად.

როცა ნაპირს მიუახლოვდნენ, დაინახეს ნაპირზე შეგროვილი თურქები, მათ შორის ორი – შიშველი ხმლით. ისინი მათ მოსაკლავად კი არ იყვნენ მოსული, არამედ თურქთა საპატიო სამხედრო პირს ახლდნენ მცველებად. მათ შეშინებულებმა დადგეს ფეხი მიწაზე. სამხედრო პირმა ყურადღებით გამოჰკითხა მათ ვინაობა და მგზავრობის მიზანი, საეჭვო ვერაფერი ნახა და დიდი დაცვით კონსტანტინეპოლში პირველ ვეზირთან გაისტუმრა. მათთან ერთად ნავში რამდენიმე იანიჩარი[13] ჩასვეს და ქალაქში გაგზავნეს.

ძნელი წარმოსადგენია ის ტანჯვა, რაც საწყალმა ბერებმა გზაში გადაიტანეს. ისინი ვიწრო ნავზე შეჰყარეს უხეში ფიცრებისაგან შეკრულ უსწორმასწორო საწოლზე, სადაც თავები ერთმანეთისათვის ჰქონდათ მიდებული. საკვებად მხოლოდ ორცხობილა ჰქონდათ. იანიჩარებმა ისინი კონსტანტინეპოლში ჩაიყვანეს. აქ უკვე ხმა დაეყარათ კაბუდან ფაშას მიერ შეპყრობილი ვენეციის[14] შვიდი მსტოვარის შესახებ. ხალხი ცნობისმოყვარეობით ელოდა მათ გადმოყვანას ნავიდან. ვეზირმა ცხენოსანთა რაზმი გაგზავნა მათ მოსაყვანად. მისიონერები ნავიდან გადმოიყვანეს და ფეხით გაუყენეს გზას, ისინი ცხენოსანთა რაზმითა და პოლიციელებით გარშემორტყმულნი მიდიოდნენ. მათ თან მისდევდა გააფთრებული ბრბო, რომელსაც შეეძლო, ისინი ნაწილ-ნაწილ აეკუწა.

ვეზირის წინაშე რომ წარსდგნენ, მან პირველად მათი ვინაობა გამოიკითხა. უპასუხეს, ცუდი საქმის გამკეთებლები არ ვართ, კათოლიკე ბერები ვართ, იესო ქრისტეს მსახურნიო. ვეზირმა ჰკითხა: "რა მიზნით დადიხართ ქვეყანაზე?" "რადგან ეკლესიები მთელ ქვეყანაზეა გაფანტული, - მიუგეს მათ, - მივდივართ, რომ მხარში ამოვუდგეთ და დავეხმაროთ მათ. ამიტომ დომინიკანელი ბერები მიდიან კაფასა და სათათრეთში, რათა საეკლესიო რიტუალები შეასრულონ, ხოლო თეატინელმა მამებმა დადიანისაგან მიიღეს ეკლესია და მის მოსამსახურებლად მიდიან". ვეზირმა ბრძანა, ისინი ხაროში ჩაეყარათ და ძლიერი დაცვის ქვეშ ჰყოლოდათ. ულუფად მათ მცირეოდენი პური და წყალი გამოუყვეს. ასე გაატარეს ათი დღე. ამის შემდეგ მოვიდნენ სასამართლოს წარმომადგენლები, ამოიყვანეს ხაროდან და ერთი ნავით კონსტანტინეპოლიდან გალათაში წაიყვანეს. გზაში ისინი ხელახლა მოიცვა სიკვდილის შიშმა, რადგან, როცა თურქებს ვინმე ციხიდან გამოჰყავთ და არ ეუბნებიან მიზეზს, ან სად მიჰყავთ, ჩვეულებრივ, ან სახრჩობელაზე მიჰყავთ, ან სარზე ჩამოსაცმელად, ან კაუჭზე ჩამოსაკიდებლად, ან კატარღაზე მენიჩბედ.

დონ ჯუზეპემ დაინახა, რომ ნავი გაემართა აბანოსაკენ, სადაც ცხოვრობენ მონები, რომლებიც კატარღებზე მენიჩბეებად არიან განწირულნი. ბერებს იმედი მიეცათ, რომ სიკვდილით არ სჯიდნენ და კატარღაზე მენიჩბეებად სვამდნენ. ასეც მოხდა: აბანოს მცველებმა ბერებს ბორკილები დაადეს, შემდეგ თითო დომინიკანელი და თითო თეატინელი ბერი ერთმანეთს გადააბეს ჯაჭვით და ასე გადაბმული შეიყვანეს აბანოში.

დიდი შენობის მსგავსი ეს ადგილი ერთი მთლიანი მაღალი კლდით ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ღია ეზოს მაგვარია, მეორე გადახურულია და ღამით იკეტება. აქ იმყოფება კატარღების ყველა ტყვე. როცა ფლოტი კონსტანტინეპოლში ბრუნდება, კატარღების მენიჩბეები აქ მოჰყავთ, ხოლო კატარღებს ნავსაშენში მიათრევენ. დღისით ტყვეები ღია ეზოში არიან, სადაც ვაჭრობა შეუძლიათ. საღამოს ისინი გადახურულში შეჰყავთ და იქ კეტავენ.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ აქ ჯოჯოხეთის ცოცხალი ასლია: სხვადასხვა ეროვნების ტყვეები მთელი ღამე მღერიან, ტირიან, ყვირიან, ჩივიან. სიმყრალე და აუტანელი კვამლი დგას, რადგან ყველა ცეცხლს ანთებს ვახშმის მოსამზადებლად. ამას თან ერთვის ჯაჭვების გამაყრუებელი ჩხარაჩხური. საწოლად ფიცრებს იყენებენ, რომლებიც ბაღლინჯოებითაა სავსე და ღამით არავის აძინებს.

ჩვენი საცოდავი მამებიც აქ შემოიყვანეს. მათ ერთი კუთხე მიუჩინეს ფიცრებზე, რომლებიც საწოლად უნდა გამოეყენებინათ. ლეიბიც ის იყო და საბანიც. უკანასკნელად უფალმა კიდევ შეიბრალა და მოანახვინა მათ ერთი ფრანკი, რომელიც აბანოში მწერლად იყო. მან დიდი გულმოწყალება გამოიჩინა და ერთი ცალკე ადგილი გამოუძებნა, რათა ღამით მაინც მოესვენათ. ეს ამ ტანჯვაში დიდი შეღავათი იყო.

ამ დროს კონსტანტინეპოლში მამა დონ კაეტანო იმყოფებოდა, რომელიც აქაური მისიონის დასახმარებლად მოსულიყო. როცა მისი ძვირფასი მეგობრების მდგომარეობის შესახებ გაიგო, შეეცადა მათ დახმარებას. მან ურჩია ყველა ელჩს, სხვათა დასანახავად მამებისათვის ნაკლები ყურადღება მიექციათ. წინააღმდეგ შემთხვევაში თურქები მიხვდებოდნენ, რომ ბერები საპატიო პირები იყვნენ და დიდ გამოსასყიდს მოითხოვდნენ. ასეთი თანხა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატებოდა და მათი განთავისუფლების იმედს დაგვიკარგავდა.


  1. რომის პაპის ბრძანებულება ან წერილი.
  2. ეს მიტროპოლიტი სახელითაა მოხსენიებული სხვა მისიონერებთან: კასტელი წერს, რომ "მიტროპოლიტი კირილე ხელახლა მოინათლა ჩვენს წესზე" (დონ კრიტოფორო კასტელი, დასახ. ნაშრომი, გვ. 62-63), რის გამოც მას მოკვლით ემუქრებოდნენო (იქვე, გვ. 72-73). საბოლოოდ "კირილე, ტრაპეზუნტელად წოდებული," დასავლეთ საქართველოში დარჩენილა (იქვე, გვ. 165). ავიტაბილეს კი გურიაში მისვლისას იქ უნახავს "ტრაპიზონის მიტროპოლიტად ნამყოფი" "ერთი კათოლიკე ბერძენი, სახელად კირილე". ეს უკანასკნელი მისიონერს გორში გაუცვნია, როცა კონსტანტინეპოლის პატრიარქს იგი მოწყალების შესაგროვებლად გამოეგზავნა საქართველოში (დონ პიეტრო ავიტაბილე, დასახ. ნაშრომი, გვ. 76).
  3. რომის პაპი 1623-1644 წლებში.
  4. ბაილო იყო ვენეციის დიპლომატიური წარმომადგენელი კონსტანტინეპოლში. იცავდა ვენეციის პოლიტიკურ და სავაჭრო ინტერესებს ოსმალეთის იმპერიაში. რეზიდენცია ჰქონდა გალათაში.
  5. ისტორიული რაიონი ძველი კონსტანტინეპოლის მიდამოებში, ოქროს რქის ჩრდილო სანაპიროზე. დააარსეს გენუელებმა გვიანბიზანტიურ ხანაში და XIII-XV სს-ში წარმოადგენდა გენუის რესპუბლიკის კოლონიას. მათ აქ გააჩნდათ საკუთარი ბანკები, ტაძრები და სიმაგრეები. ოსმალების მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ გენუელები კიდევ დიდ ხანს ინარჩუნებდნენ აქ წამყვან სავაჭრო-ეკონომიკურ მდგომარეობას.
  6. შემდგომ "კატანო"-დაც იხსენიება.
  7. რომის პაპი 1644-1655 წლებში.
  8. ქალაქი ნავსადგური იტალიაში, ტირენის ზღვის პირას, ტოსკანის დასავლეთ სანაპიროზე.
  9. დომინიკანელთა ორდენის წევრები. მონაზონ მქადაგებელთა ეს კათოლიკური ორდენი დააარსა ესპანელმა ბერმა წმ. დომინიკმა საფრანგეთში XIII ს-ის დამდეგს. 1216 წ. ორდენის წესდება დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს III-მ.
  10. საზღვაო ქალაქი ყირიმის ნახევარკუნძულზე. XIII ს-ის დამდეგიდან გენუელთა ხელში იყო. წარმოადგენდა შავ ზღვაში გენუელთა მთავარ სავაჭრო მონოპოლისტ ქალაქს და ჩრდილო შავიზღვისპირეთის გენუის კოლონიების მართვის ცენტრს. 1475 წ. დაიპყრეს ოსმალებმა და აქციეს თურქულ პორტად. თანამედროვე ქალაქი ფეოდოსია უკრაინაში.
  11. უნდა იგულისხმებოდეს ყირიმის სახანო.
  12. ეგეოსის ზღვისა და მარმარილოს ზღვის დამაკავშირებელი ვიწრო სრუტე.
  13. "ახალი ჯარი", ელიტარული ქვეითი სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცები XIV-XIX სს-ის ოსმალეთში. თავიდან შედგებოდა ბავშვობიდანვე გამაჰმადიანებულ და საგანგებოდ გაწვრთნილ ქრისტიანთაგან. ასრულებდნენ სადამსჯელო და პოლიციურ საქმიანობასაც.
  14. იმ დროს ვენეცია წარმოადგენდა რესპუბლიკას იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

თავი XXXV.[edit]

ამ ბერებს შორის მამა დონ ჯუზეპე ჯუდიჩეც იყო. იგი ყველაზე უხუცესი იყო და ამიტომ ყველაზე მძიმედ იტანდა ტყვეობის პირობებს. იგი მძიმედ დასნეულდა ციებ-ცხელებით, რაც მის მეგობრებს ძლიერ აღონებდა. იგი შეუდარებელი მოთმინებით იტანდა ყველა გაჭირვებას, მაგრამ თანდათან ხელიდან გვეცლებოდა. ერთი დომინიკანელი ბერი საუკუნის შესანიშნავი მკურნალი იყო და შეძლებისამებრ დიდი მოწყალებით ცდილობდა მის განკურნებას. მაგრამ ამ უბედურ ადგილას არაფერი მოეპოვებოდა ავადმყოფის დასახმარებლად. ბერებმა მეთვალყურე თურქებს თხოვეს ავადმყოფისათვის ბორკილები მოეხსნათ, მაგრამ სანამ ეს შეძლეს, მამა ჯუდიჩეს მდგომარეობა ძალზე დამძიმდა. მეგობარმა ბერებმა იგი აზიარეს და ბედნიერად გავიდა ამ ცხოვრებიდან.

სიკვდილის წინ მან მამებს პატიება თხოვა, რადგან მან წამოიყვანა ისინი ამ უბედურებაში და იგია მათი პატიმრობის მიზეზი. ურჩია, მოთმინებით შეგუებოდნენ მონობას. თხოვა მათ, ყოფილიყვნენ კეთილნი და უფალი არ მიატოვებდა მათ, რომლის სახელისათვისაც იტანჯებოდნენ.

ამგვარად დაასრულა მან თავისი დღენი. ბერები ჯუზეპეს ცხედარს ანთებული სანთლებით ხელში გაჰყვნენ აბანოს კარამდე. აქედან სხვა მონებმა ჯუზეპეს ცხედარი იმ მინდორზე მიიტანეს, სადაც ჩვეულებრივ აბანოს სხვა მონებსაც მარხავდნენ.

ასე დაასრულა თავისი სიცოცხლე ამ კეთილმა ღვთისმსახურმა, რომელმაც მთელი ცხოვრება მის სამსახურში გაატარა. თუმცა სულ ავადმყოფობდა, არასოდეს არ წუწუნებდა. ტანსაცმელი ყოველთვის ღარიბული ეცვა, ჭამაში მეტად თავშეკავებული და მარხულობის დიდი მოყვარული იყო... თავისი კეთილი ბუნების გამო ყველას უყვარდა, განსაკუთრებით ოდიშის მთავარს. როცა მან ჯუზეპეს დაპატიმრებისა და სიკვდილის ამბავი გაიგო, ძალიან შეწუხდა, რადგან იგი იყო მიზეზი მისი რომში გამგზავრებისა. მთავარი მისი განთავისუფლებისათვის ნებისმიერ საზღაურს გადაიხდიდა.

ამ მამის სიკვდილმა მის ორ ამხანაგს ახალი სადარდებელი გაუჩინა, რადგან დარჩნენ უმეგზუროდ მიტოვებულნი და მიჯაჭვულნი.

მაშინ როცა მისიონერები თანამოძმის დაკარგვის გამო დიდ მწუხარებას იყვნენ მიცემულნი, მათთან თავისი თანამოაზრეებითურთ უტიფრად მოვიდა ერთი მამა, რომელსაც ქრისტიანობა დაეგმო. ისინი მოუწოდებდნენ მამებს, მიეტოვებინათ ქრისტეს რჯული და გამაჰმადიანებულიყვნენ. არწმუნებდნენ მათ, რომ თუ ასე არ მოიქცეოდნენ, მათ არასოდეს გაათავისუფლებდნენ კატარღებიდან. მართალია, თავდაპირველად ხორცსა და სულს ერთად დაკარგავდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ღმერთთან საქმეს მოაგვარებდნენ.

როგორც ჩვენები, ისე დომინიკანელი ბერები ამ ქრისტეს მგმობელს ხელის კვრით იშორებდნენ. ასე რომ მოკლე ხანში გაირკვა, რომ ყველა მზად იყო უმალ სიცოცხლე დაეკარგა, ვიდრე უარეყო ქრისტე, რომელმაც ჩვენი გულისათვის საკუთარი სისხლი დაღვარა.

ამასობაში თურქეთის ფლოტის გასაძლიერებლად რამდენიმე კატარღა მოამზადეს. აშკარა იყო, მენიჩბეთა შორის მოხვდებოდნენ როგორც ჩვენები, ისე დომინიკანელი ბერებიც. შიმშილით რომ არ მომკვდარიყვნენ, დონ კაეტანომ მათ ორცხობილის მარაგი მოუმზადა. თავის მხრივ მოწყალება გაიღო აბანოს მწერალმაც. ამის შემდეგ დატყვევებულ ბერებს თითქმის არ ვნახულობდით და დავიწყეთ მათი განთავისუფლებისათვის ზრუნვა. ბერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ მენიჩბეებად გაგზავნიდნენ ნავსადგურიდან გამავალ პირველივე კატარღაზე. მათ უკვე მიაჩნდათ, რომ ყველასაგან მიტოვებულნი იყვნენ. ვენეციის ბაილოს არაფერი შეეძლო, რადგან მისი რესპუბლიკა თურქებს ეომებოდა. სულთანს იგი შერისხული ჰყავდა და საკუთარ რეზიდენციაში დატყვევებული. რეზიდენციას იანიჩრები და გვარდიელები იცავდნენ. რაც შეეხება საფრანგეთის ელჩს, იგი საიდუმლოდ ყველაფერ შესაძლებელს აკეთებდა, მაგრამ გამოაშკარავება არ უნდოდა, რათა სულთანი არ გაეღიზიანებინა. ამასთან, თურქებმა ძალზე გაზარდეს გამოსასყიდი თანხაც. ისე რომ ბერებმა ყველაფრის იმედი დაკარგეს.

უფალმა უიმედო შემთხვევაშიც კარგად იცის იმათი დახმარება, ვისთვისაც საჭიროდ მიიჩნევს. მან აქაც მონახა ეს გზა და მალე ბერები ყოველგვარი სასყიდელის გარეშე განთავისუფლდნენ.

დომინიკელ ბერებს შორის აღმოჩნდა ერთი პოლონელი მამა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ღვთისმოსაობით, ასევე კეთილშობილური წარმომავლობით. კონსტანტინეპოლში მყოფმა პოლონეთის მეფის რეზიდენტმა, როგორც კი ამ პოლონელი მამის დაპატიმრების ამბავი გაიგო, მაშინვე შეატყობინა მეფეს და თვითონ აბანოში წავიდა მის მოსანახულებლად. მას ძალზე შეებრალა ჯაჭვებით ერთმანეთზე მონებივით გადაბმული ბერებიც. მან გადაწყვიტა ყველა საშუალება გამოეყენებინა მათ გასათავისუფლებლად. მეფისადმი მიწერილ წერილში წარმოუდგინა ღვთის მსახურნი, რომელთაც საკუთარი სამშობლო მიატოვეს ურჯულოთა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად და თურქების ხელში ჩავარდნენ. აცნობებდა, რომ მათ შორის არის პოლონეთის მეფის ქვეშევრდომიც და იგი მოვალეა, იზრუნოს მისი განთავისუფლებისათვის.

მეფე დიდი ყურადღებით გაეცნო ამ წერილს და სათანადო ზომებიც მიიღო. ამისათვის მეფემ თავის ელჩს, რომელსაც პორტაში უნდა გაევლო, უბრძანა, ყველა ღონე ეხმარა მათ გასათავისუფლებლად. ამასობაში საფრანგეთის ელჩიც დროს არ კარგავდა. ამიტომ როცა პოლონეთის ელჩი კონსტანტინეპოლში ჩავიდა, ფრანგებთან ერთად საერთო მცდელობით გატეხა თურქთა სიჯიუტე და თავისუფლება მოუტანა ყველა მამას, როგორც თეატინელებს, ასევე დომინიკანელებს. ამის სანაცვლოდ, პოლონეთის მეფემ რამდენიმე საპატიო თურქი და თათარი გაათავისუფლა, რომლებიც მასთან ტყვედ იყვნენ.

თავი XXXVI.[edit]

განთავისუფლდნენ თუ არა მამები, პირველივე გემით სამეგრელოსკენ გამოემართნენ: მამა დონ კაეტანო ალესანდროსთან ერთად იყო მორჩილი ძმა კათალიო, რომელმაც ანაფორით შემოსვის შემდეგ სახელად ნიკოლო მიიღო და კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა. ისინი ჩვენს ვაჭრებთან ერთად გამოემგზავრნენ, გზაზე რაიმე დაბრკოლება რომ არ შეხვედროდათ თურქთაგან. მათ მეფის რჩევით ვეზირისაგან პასპორტი მიიღეს, რომელშიც იგი ადასტურებდა, რომ ისინი ბერები არიან და მიდიან ეკლესიის სამსახურში დადიანების ქვეყანაში. ბერებს სჯეროდათ, რომ ეს მოწმობა ყოველ შემთხვევაში გამოადგებოდათ. მაგრამ უფალმა გადაწყვიტა, რომ ახალ მისიონერებს ახალი ტანჯვა უნდა გადაეტანათ. დონ კაეტანო ახალი მოწამეობრივი გვირგვინის მისაღებად ემზადებოდა.

ყარამუსალეში[1] იმ გემით ჩავიდნენ, რომლის კაპიტანს აკ მამედი ერქვა. იგი ჩვენი კარგი მეგობარი გამოდგა. შემდეგ თურქული გემით განაგრძეს გზა, რომლის კაპიტანი სომეხი რენეგეტი იყო. მათ იღბლიანად იმგზავრეს კაფამდე. ქალაქი ყოფილი ფეოდოსიის ადგილზეა გაშენებული. მართალია, ზღვაზე გადარჩნენ, მაგრამ ხმელეთზე ძალიან გაწვალდნენ. ის იყო კაფას ნავსადგურში შევიდნენ, რომ სომეხი რენეგატი პირდაპირ იქაურ ფაშასთან მივიდა და მოახსენა, რომ მის გემზე არის რამდენიმე ქრისტიანი მხატვარი და ურჩია ფაშას ისინი მათივე ბარგითურთ ციხეში ჩაესვა. ფაშამ მაშინვე გემზე რაზმი გაგზავნა და დაავალა გემზევე დაეპატიმრებინათ ისინი და მასთან ბარგიანად მიეყვანათ. ფაშამ იკითხა მათი ვინაობა. ძმა დონ კაეტანომ უპასუხა, რომ ისინი ცუდის გამკეთებლები არ არიან და ოდიშში მიდიან იმ ეკლესიების მოსამსახურებლად, რომლებიც ამ მხარეში აქვთ. შესაბამისად ამისა, თან გვაქვს პირველი ვეზირის ნებართვა ჩვენს საქმიანობასა და მოგზაურობისათვისო.

ამაზე ფაშამ უპასუხა: მე ვეზირის ქაღალდები არ მჭირდება, რადგან თითოეული ფაშა თავის პროვინციის პატრონია და შეუძლია ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც მას მიაჩნია და მოსწონს. ამას გარდა, ისიც კარგად ვიცით, რომ ცუდ ხალხსაც შეუძლია ფულით შეიძინოს ასეთი პასპორტი ვეზირისაგან. აქ ხშირად ჩაუვლიათ ვეზირის ნებართვით პირებს, რომლებსაც ქრისტიანი მეფეებისაგან სპარსეთის მეფესთან, ჩვენს მტერთან მიჰქონდათ წერილები მათთან თანამშრომლობისათვის და ჩვენდა საზიანოდ. ამიტომ მე მთელი გულმოდგინებით უნდა გავჩხრიკო მთელი თქვენი ბარგი და აღმოვაჩინო, თუ მიგაქვთ ასეთი წერილი. თუ ვიპოვნე ასეთი წერილი, თქვენ თავს ან მოვაკვლევინებ, ან გაგათურქებთო. ამაზე დონ კაეტანომ უპასუხა: შეგიძლიათ შეასრულოთ თქვენი გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვეშინია გაჩხრეკის, რადგან პაპისაგან მკაცრი ბრძანება გვაქვს მიღებული, რომ არ გავერიოთ არავითარ პოლიტიკურ ინტრიგაში. ჩვენი ამოცანა მხოლოდ ღვთის სამსახურია. ჩვენს ბარგში მსგავსი რამ რომ ნახოთ, შეგიძლიათ წამებით ამოგვხადოთ სული, მაგრამ ქრისტეს სარწმუნოებას არ მივატოვებთო.

ფაშამ დიდი გულისყურით მათ წინაშე გააჩხრეკინა ბერების ბარგი, რომელშიც არაფერი იყო ისეთი, რაც მას ეჭვს აღუძრავდა. მან ბერებს ბარგი დაუბრუნა და ყველანი გაანთავისუფლა. ამის შემდეგ ფაშას დასაჩუქრება იყო საჭირო ორმოცდაათი სკუდოთი, რაც გააკეთეს კიდეც.

ამის შემდეგ მამები კაფიდან წამოვიდნენ და 1647 წლის 6 აგვისტოს, დონ კაეტანოს წმინდა დღესასწაულის წინა დღეს ოდიშში ჩამოვიდნენ.

ასე გადარჩნენ მამები. მაგრამ ცოდვის დამბრალებელი ღვთის სასჯელს ვერ გადაურჩა. თავისი ბოროტმოქმედებისათვის მან პასუხი აგო თავისი გემის დამსხვრევითა და დაკარგვით. ვინაიდან მასაც ოდიშში უნდოდა გავლა, კაფადან გამოსული გემი ძლიერმა ქარიშხალმა დაამსხვრია. მან დაკარგა მთელი თავისი ქონება და გაჭირვებაში მოკვდა.

ეს ამბავი მე აკ მამედის ეკიპაჟის წევრებმა მიამბეს, რომლებიც ოდიშში ვნახე. სწორედ მათ მითხრეს, რომ რენეგატი სომეხი კაპიტნის ბრალი იყო ბერების წამებაცა და ცილისწამებაც.

ახალი მამების ჩამოსვლამ ენითგამოუთქმელი კმაყოფილება გამოიწვია ჩვენში. ჯერ იმიტომ, რომ მამა დონ ჯოვანი ბატისტა მონტი და დონ ჯაკომო ანტონიო მარცი, რომელთა შესახებ არაფერი ვიცოდით, უკვე თავისუფალნი იყვნენ. გვიხაროდა იმიტომაც, რომ მისიონს ახალი ძალები შეემატა, მაგრამ ჩვენი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან სამივე დასნეულდა. ჯერ მამა დონ კაეტანო გარდაიცვალა. მიზეზი მათი დასნეულებისა იყო ის, რომ ასეთი ხანგრძლივი და დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ, ოდიშში ჩამოსვლისთანავე ზაფხულის სიცხეში დაუსვენებლად შეუდგნენ მისიონის დამღლელ სამუშაოს, დადიოდნენ ოდიშის სოფლებში და ნათლავდნენ. ასეთი ზაფხული უცხოელებისათვის მეტად საზიანოა. გარდა ბავშვების ნათლობისა, ისინი ავადმყოფებსაც უვლიდნენ. ჩვენ წინასწარ ვურჩევდით მათ დაესვენათ, მაგრამ ისე დაავადდნენ, რომ სამი თვის განმავლობაში იწვნენ ლოგინში, თუ ლოგინს დავარქმევთ... ხალიჩასა და საბანს. ამ ქვეყნის ლოგინი ჩვეულებრივ ასეთია.

საკმაოდ ძნელი იყო ავადმყოფების მოვლა, როცა გვაკლდა საჭირო ნივთები და წამალი. წამლის უქონლობის გამო მათ ვეხმარებოდით მხოლოდ შემბრალებლობით და გულმოდგინებით. ასე გაგრძელდა დაახლოებით ორი თვე. ახლოვდებოდა მამა დონ კაეტანოს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ქრისტესათვის არ მოკლეს კაფაში თურქებმა, რომ ვერ მოასწრო დაქანცვა ქრისტეს სამსახურში. იგი დიდ სიყვარულს ამჟღავნებდა ქრისტეს მიმართ. მას სურდა ქრისტესათვის ჯვარცმული ყოფილიყო და ლოგინში არ მომკვდარიყო. იგი ღმერთს შესტიროდა: უწყი შენ ღმერთო, რომ მე უკვე ვიყავი ამისთვის გამზადებული. უკვე მივატოვე ჩემი სამშობლო, მშობლები და მეგობრები. თურქეთში ჩვენ ტყვეებად გვყიდდნენ და სიკვდილითაც გვემუქრებოდნენ. სხვა არაფერი მაკლდა, უფალო, შენ რომ ნება დაგერთო. მე რომ შენს მეგობრად ჩაგეთვალე, დამანებებდი მომკვდარიყავი, როგორც შენ მოკვდი ტანჯვაში. მაგრამ... ვკვდები... ჩემს საწოლზე. ვეხვევი უწმინდეს ჯვარცმას და ამ ცხოვრებიდან გავდივარ.

ამ მამების ჩამოსვლის შემდეგ მე იტალიიდან წმინდა კონგრეგაციის ნებართვა მივიღე დავბრუნებულიყავი ჩემს სამშობლოში ამდენი ტანჯვის შემდეგ. მაგრამ დონ კაეტანოს და სხვათა სიკვდილის შემდეგ არ შემეძლო ასე უცბად მისიონის მიტოვება. სხვა საჭიროებებმაც თავი წამოყო და მე იძულებული გავხდი მომავალ წლამდე კიდევ დავრჩენილიყავი.


  1. ქალაქი თურქეთში, მცირე აზიის დასავლეთ მხარეს, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, იზმირის ყურეში.

თავი XXXVII.[edit]

სექტემბერში, როცა თურქეთის გემები სამეგრელოში შემოდიან, ზღვის სანაპიროზე გამოჩნდა მამა ძმა ჯოვანი და ლუკა, დომინიკანელი, რომელსაც პოლონეთიდან მეფის[1] წერილი მიჰქონდა სპარსეთის შაჰთან[2]. ამ მამამ ახალი ამბები გვამცნო. აღმოჩნდა, რომ იმავე გემით მასთან ერთად ჩამოვიდა ერთი იმ მღვდელთაგანი, რომელმაც სხვა ბერებთან ერთად კონსტანტინეპოლში ქრისტიანობა უარყო. ცნობის მიღებისთანავე მე მასთან გავგზავნე ხალხი ჩემი წერილით, რომელშიც ვთხოვდი, მოსულიყო ჩემთან. მე მას ვპირდებოდი, რომ კარგად მივიღებდი. ჩემს ხალხს დავავალე, რომ თუ არ წამოვიდოდა, ძალით მოეყვანათ. ის თურქულად გამოწყობილი მოვიდა. მე იგი დიდი სიყვარულით მივიღე, როგორც კი შემეძლო. შემდეგ მოველაპარაკე მას, რათა ხელმეორედ დამებრუნებინა ეკლესიის წიაღში. მისი დარწმუნება ადვილი გამოდგა, რადგან იგი ძალზე ნანობდა დაშვებულ შეცდომას. წიფურიაში, ჩვენს ეკლესიაში შევუსრულე წირვა და დავგმე მისი შეცოდება. შემდეგ ორივემ ხელმეორედ შემოვუარეთ წმინდა ეკლესიას და მას ცოდვისათვის ეპიტიმია დავადე. მას თურქეთზე გავლის დიდი შიში ჰქონდა. იგი ჩვენთან დარჩა მთელი წელიწადი, მერე გავგზავნე სპარსეთით ინდოეთში, რათა ამ გზით გვერდი აექცია თურქთა ქვეყნისათვის და იტალიაში წასულიყო.

მის შემდეგ ოდიშში სპარსეთიდან მომავალი ერთი ნორმანდიელი ჩამოვიდა, სახელად მისიო სან ჯოვანი. როგორც ის აცხადებდა, სპარსეთის შაჰთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ფრანგი ვაჭრების სახელით, რომლებსაც სავაჭრო საქონლის შემოტანა უნდოდათ ამ მხარეში. ამიტომ იგი შეუამხანაგდა სპარსეთის ერთ ელჩს, რომელსაც შაჰი დადიანთან აგზავნიდა და მასთან ერთად ჩამოვიდა. ოდიშში მოვიდა იმ განზრახვით, რომ აქედან კონსტანტინეპოლში გამგზავრებულიყო. მე იგი ჩვენს სახლში მოვიწვიე, რათა მიმეცა საშუალება, წირვა მოესმინა და წმინდა ზიარება მიეღო. მან მოპატიჟება მიიღო და პირდაპირ ჩვენთან მოვიდა. მე მას საცხოვრებლად მივუჩინე ერთი ჩვენიანის სახლი, ჩვენს სახლთან ახლოს. იგი ხშირად მოდიოდა ჩვენთან სასაუბროდ, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლური ენები სასაუბროდ არ იცოდა; ხშირად რჩებოდა სასადილოდ.

ამასობაში დიდი მარხვა დადგა, რომელსაც მეგრელები დიდი სიმკაცრით იცავენ. მარხვის დროს იგი მეტად სამარცხვინოდ იქცეოდა, რაც მეგრელებს ძალზე შეურაცხყოფდა. ისინი ჩემთან მოვიდნენ და შემატყობინეს, რომ მისიო ჯოვანი სრულიად უსირცხვილოდ, საჯაროდ, ხორცს ჭამდა, ყოველდღე სანადიროდ დადიოდა და ბევრ ფრინველს ხოცავდა, სხვადასხვანაირად აზავებდა და მიირთმევდა. ჩვენ ვუსაყვედურეთ ამის გამო. ის თავს იმართლებდა იმით, რომ ავადაა და უხორცოდ არ შეუძლია. მაგრამ, რადგან იგი სხვადასხვა ცხოველის ხორცით იკვებებოდა, ისეთითაც, რომელიც მას უფრო ვნებდა, ვიდრე სასარგებლო იყო, ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ის სარწმუნოებაშიც მერყეობდა. ეჭვები კიდევ უფრო განგვიმტკიცდა, როცა მან ერთ დღეს დაიტრაბახა, რომ ყველაზე დიდი ერეტიკოსის, შვედეთის მეფის[3] ყოფილი ჯარისკაცი იყო.

მეორე შემთხვევამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ჩვენს ეჭვებში. სპარსეთიდან სანდო პირებმა შეგვატყობინეს ერთი ფრანკი წამებულის შესახებ. იგი კათოლიკე იყო და სპარსეთის მეფის მესაათე. ის ამტკიცებდა, რომ ჰუგენოტი[4] იყო. ერთხელ ისპაჰანში ამ მესაათეს ღამით სახლში თავს დაესხნენ. მან თავის დასაცავად შაშხანიდან ისროლა და ერთი თავდამსხმელი მოკლა. სპარსეთის შაჰ სეფის[5] მისი გამაჰმადიანება სურდა და გადაწყვიტა ამ შემთხვევის გამოყენება. ჩადენილი მკვლელობისათვის ის ციხეში ჩააგდო და შესთავაზა, ან სიცოცხლე დაეტოვებინა, ან გათათრებულიყო. მესაათემ უპასუხა, რომ ათას სიცოცხლეს დაჰკარგავს, მაგრამ სარწმუნოებას არა. ეს მისი მტკიცე გადაწყვეტილება იყო. ის მთელი თვე აწამეს. ამ ხნის განმავლობაშა ის ყოველდღე დიდ მოედანზე გაჰყავდათ, ლანძღავდნენ და თავს უწმინდურობებით უსვრიდნენ ხოლმე, შემდეგ უკან მიჰყავდათ ციხეში. ეს იმდენჯერ განმეორდა, რომ ერთ დღეს, როცა ჩვეულებრივ შუაგულ მოედანზე გამოიყვანეს, მან საჯაროდ დაიწყო მაჰმადის წყევლა-კრულვა და მისი მიმდევრებიც შეაჩვენა. შაჰი სასტიკად გაბრაზდა და ბრძანა, ხმლით შუაზე გაეხლიჩათ, რაც მაშინვე შეასრულეს. ამის შემდეგ მისი გვამი ჭუჭყით სავსე ორმოში ჩააგდეს, საიდანაც ღამღამობით ელვარება ამოდიოდა, რაც მის სიწმინდეზე მიუთითებდა. სომხებმა ის დიდი პატივით დაასაფლავეს. ეს ფაქტი ჩვენ სომხებისაგან გავიგეთ, რომლებიც ისპაანიდან[6] ჩამოვიდნენ. მათვე დაგვიდასტურეს, რომ მისიო სან ჯოვანიც ჰუგენოტი იყო. ჩვენც მალე დავრწმუნდით ამაში. თუმცა იგი ძალზე ფრთხილობდა, მაგრამ ერთხელ, ღვინით გახურებულს, მაინც წამოსცდა. მან რამდენჯერმე სცადა ჩემი მოკვლა, მაგრამ მთავრის შიშით ვერ გაბედა. ამის შემდეგ მან ოდიშიდან წასვლა მოინდომა, ავიდა ერთ გემზე და გაემგზავრა. ამოვარდა სასტიკი ქარიშხალი. გემი იძულებული იყო, ჩერქეზეთის ერთი ყურესათვის შეეფარებინა თავი და ნაპირიდან ერთ მილზე რეიდზე დადგა. ყველა მგზავრი ცურვით გავიდა ნაპირზე, მათ შორის მისიო ჯოვანიც, რომელიც იმავე ღამით მგლებმა შეჭამეს.

ცოტა ხნის შემდეგ ოდიშში ჩამოვიდა ერთი მილანელი რენეგატი, სახელად ალიბეგი. იგი პროფესიით ექიმი იყო და ჩამოვიდა, ოდიშის მთავრის სამსახურში რომ დამდგარიყო. ის ჯიუტად იდგა თავის ახალ რწმენაზე და ქრისტიანობაში დაბრუნება არ სურდა. მალე ექიმი ავად გახდა და მაჰმადიანობაში გარდაიცვალა. მთავარმა ერთ სომეხ ამირას უბრძანა, ის წიფურიაში, ჩვენს სასაფლაოზე დაესაფლავებინა. მთავრის აზრით, რადგან ექიმი წარმოშობით ქრისტიანი და მილანელი იყო, ქრისტიან იტალიელებთან უნდა დამარხულიყო. სომეხმა ეს გვამი ორი დღის მანძილზე წაიღო და ჩვენც წაგვიყვანა მთავრის სახელით, რომ დაგვემარხა. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ის მაჰმადიანად მოკვდა და ჩვენ მთავრის იმ ბრძანებებს ვასრულებთ, რომლებიც ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება. იგი გვპასუხობდა, იტალიელი იტალიელებმა უნდა დამმარხონო. მამები კი მიუგებდნენ, რომ ამ შემთხვევაში ადამიანებს რწმენა უფრო აერთიანებთ, ვიდრე სამშობლო. მაშინ, - თქვა ამირამ, - მე რა ვქნა, ცხედარი სად დავასაფლავოო? წყალში გადააგდე აქვე, ახლოს, - უპასუხეს მამებმა. ამირამ მაინც ჩვენს სასაფლაოზე დამარხა მთავრის შიშის გამო. მაშინ გამოჩნდა ღვთის ნება. ცოტა ხანში წყალმა ნაპირი მოანგრია და ცხედარი წაიღო.


  1. ეს უნდა იყოს პოლონეთის მეფე ვლადისლავ IV (1632-1648 წწ.). 1633-1634 წლებში აწარმოებდა ომს ოსმალეთთან.
  2. იგულისხმება შაჰ-სეფი (1629-1642 წწ.).
  3. უნდა იგულისხმებოდეს შვედეთის მეფე კარლ IX (1604-1611 წწ.), პროტესტანტიზმის თავდადებული დამცველი და ანტიკათოლიკე.
  4. ასე უწოდებდნენ ფრანგ პროტესტანტებს XVI-XVIII საუკუნეებში.
  5. შაჰ-აბას I-ის შვილიშვილი და მისი შემცვლელი შაჰის ტახტზე. სპარსეთის შაჰი 1629-1642 წლებში.
  6. იგივე ისპაჰანი, ქალაქი შუაგულ ირანში, სპარსეთის დედაქალაქი სეფიანთა დინასტიის ხანაში, XVI-XVIII საუკუნეებში.

თავი XXXVIII.[edit]

ორი წელი გავიდა, რაც წმინდა კონგრეგაციისაგან ნებართვა მივიღე ჩემი უკან დაბრუნებისა. ვხედავდი, რომ ჩვენი მისიონის საქმე კარგად მიდიოდა. ახლად ჩამოსული მამები უკვე ახერხებდნენ ამ ქვეყნის ენაზე ლაპარაკს. გადავწყვიტე, ნებართვა გამომეყენებინა და უკან დავბრუნებულიყავი, რომ იქ მოვმკვდარიყავი, სადაც უფალმა სარწმუნოებაში მიმიღო.

გამოვეთხოვე მთავარს, ავედი თურქულ გემზე, რომელიც ყარამუხალზე მიჰყავდა ერთ სომეხს, სახელად აიდინოს. ეს მოხდა წმ. ლუკას დღეს, სწორედ იმ დღეს, როცა ცხრამეტი წლის წინ მე ნეაპოლიდან წამოვედი.

ოდიშიდან 1649 წლის 18 ოქტომბერს გავემგზავრე. ორ დღეში აფხაზეთის ერთ ნავსადგურში, სოხუმში მივედით. მგზავრების მოლოდინში გემები აქ პირველ ნოემბრამდე ჩერდებიან. შემდეგ ყველა ადის გემზე, რომელიც ორი დღის მგზავრობის შემდეგ ერთ ადგილზე ჩერდება, სადაც გემზე მრავალ ათას ბზის ხეს ტვირთავენ, რომლის ტყეებიცაა აფხაზეთში. ამის შემდეგ აფრები აღვმართეთ. ჰქროდა ზურგის ქარი და გვჯეროდა, რომ ასეთ ამინდში ერთ დღე-ღამეში კაფაში ვიქნებოდით. მოულოდნელად ღამით ზურგის ქარი პირქარმა შეცვალა, რომელმაც გემს აფრები დაუხია და უკან დაგვახევინა. ზღვა ისე ბობოქრობდა, რომ მეზღვაურებს ცოტა რამ თუ შეეძლოთ გაეკეთებინათ. ღამე ძალზე შავი იყო. გადარჩენის იმედი მცირე იყო. როცა გემის ანძა გადატყდა, პანიკა დაიწყო და ყველას, ვინც გემზე იყო (აქ სამასი კაცი იყო), მწუხარების ხმა აღმოხდა. მე ჩემი სული უფალს შევავედრე და ვთქვი: "უფალო, შენს ხელთ ვაბარებ ჩემს სულს." უკვე დავრწმუნდი, რომ გემი დაიმსხვრა და ტალღებში უნდა შთანთქმულიყო. ანძამ სამი ყველაზე კარგი მეზღვაური გასრისა. გემს წინ უძღვოდა პატარა კარჭაპი, რომელშიც ერთი მეზღვაური იდგა. როცა მას გემიდან სასოწარკვეთილი ყვირილი მოესმა, იფიქრა, გემი იძირება, ამდენი ხალხი ჩემს ნავზე გადმოვაო, და ნაჯახით თავი წააცალა ერთ მგზავრს, რომელიც მის ნავს ებღაუჭებოდა. ამის შემდეგ ეს ნავი აღარ დაგვინახავს და არც იმ მეზღვაურის შესახებ გაგვიგია რამე.

კაპიტანმა შემჩნია, რომ გემი არ დამსხვრეულა და გადაწყვიტა მისი შემსუბუქება. ზღვაში გადაყარეს კასრები თაფლით, სასმელი წყლით, თოკის ტომრები და სხვა საქონელი. ამასობაში ალიონმაც მოაღწია, რომელსაც ჩვეულებრივ ქარის გაძლიერება მოჰყვება ხოლმე. ამდენ ღელვაში გემს მრავალ ადგილას ნახვრეტები გაუჩნდა. ყველა შეუდგა გემიდან წყლის ამოხაპვას. რამდენადაც ჩქარობდნენ ამოხაპვას, იმდენად გემი ნელ-ნელა იძირებოდა წყალში. გემში წყალი კაცნახევრის სიმაღლეს აღწევდა.

გათენდა, მაგრამ არ ვიცოდით, სად ვიყავით. მთელი ღამე ქარს ვებრძოდით და წყლისა და ცის გარდა ვერაფერს ვხედავდით. ამასობაში ზღვა თანდათან დაწყნარდა და ზოგიერთი მთის მწვერვალი გამოჩნდა. მწვერვალების მიმართულებით ხმელეთი იქნებოდა და ჩვენც იქით გავემართეთ. მიწას რომ მივუახლოვდით, მეზღვაურებმა ნაპირი იცნეს. ეს იყო ჩერქეზეთი[1].

ახლა ახალი შიში გაგვიჩნდა. მართალია, ზღვას გადავურჩით, მაგრამ ჩერქეზეთში შეიძლებოდა მონობაში ჩავვარდნილიყავით, რაც სიკვდილზე უარესი იყო. ჩერქეზები ძალზე ველური ხალხია. ყველა უცხოელს, ვინც მათ ხელში ჩაუვარდებათ, მონად აქცევენ და შეუბრალებლად ამუშავებენ აუტანელ ტანჯვაში. თუმცა პირველად არაფერი გვახსოვდა ზღვისაგან თავის დახსნის გარდა, არც ვფიქრობდით დანარჩენზე. მთავარი იყო, ხმელეთამდე მიგვეღწია და პირდაპირ მისკენ გავემართეთ. მეზღვაურებმა შეამჩნიეს, რომ იმ ადგილისაკენ მივემართებოდით, სადაც ჩერქეზეთის წმინდა ადგილი იყო. ისინი აქ სალოცავად მოდიან და აქ მოსულ უცხოელებს ძალიან კარგად იღებენ. ეს-მდინარის ერთ ნაპირზე, მეორე ნაპირზე კი ყველას, ვინც თავისი გაუფრთხილებლობით იქ მოხვდებოდა, შეუბრალებლად მონებად აქცევდნენ.

ამ დროისათვის გემზე უკვე სული მოვითქვით და ცოტა გავმხიარულდით. მაგრამ ქარი მომძლავრდა და ისევ ზღვაში მიგვათრევდა.

წყალში რომ არ დავღუპულიყავით, გადავწყვიტეთ, გემი როგორმე ხმელეთთან მიგვეყენებინა, რათა როგორღაც გადავრჩენილიყავით ან მონებად, ან თავისუფლებად, როგორც არ უნდა ყოფილიყო. ნაპირს რომ მივუახლოვდით, დავინახეთ, რომ ის ხალხით იყო მოფენილი. ხალხი შეყრილი იყო ნაპირზე და უყურებდა გემს, რომელიც ქარიშხლისაგან ნაგვემი და ნახევრად დამსხვრეული იყო. მათი მიზანი იყო გემიდან ნადავლის ხელში ჩაგდება.

კაპიტანმა გემიდან გადასვლა არ მოისურვა და ნაპირიდან სამი მილის დაშორებით ჩაუშვა ღუზა. ის აკვირდებოდა დროსა და ჩერქეზების განწყობილებას. მეზღვაურები და მგზავრები გადატანილი განცდისაგან ცოცხალ-მკვდარნი იყვნენ. მათ იმ წყლის ამოხაპვაც აღარ შეეძლოთ, რომელიც გემში გროვდებოდა. ნაწილს სურდა, ნაპირზე გადასულიყო და ცოცხალი გადარჩენილიყო, რადგან გემს ამ მდგომარეობაში ნაოსნობის გაგრძელება აღარ შეეძლო. ნაწილი გემის შეკეთებას და გზის გაგრძელებას მოითხოვდა. ისინი ამბობდნენ, თავს ცოტა ძალა დავატანოთ, გემი შევაკეთოთ, გზა განვაგრძოთ და ჩერქეზებს ტყვედ არ ჩავუვარდეთო.

გაიმარჯვა ამ აზრმა და ყველამ, სხვადასხვა იარაღით და ჭურჭლით შეიარაღებულებმა, დავიწყეთ გემიდან წყლის ამოხაპვა და ხვრელების ამოქოლვა. გემმა თანდათან ზღვის დონიდან მაღლა ამოიწია და ხვრელები ამოიქოლა.

უკვე მოსაღამოვდა, როცა ზღვა დამშვიდდა და საიმედო ზურგის ქარი ვიგრძენით. იმ ღამეს სამოცდაათი მილი გავიარეთ და დილით რიჟრაჟზე ჩერქეზეთის კიდევ ერთ ნავსადგურთან აღმოვჩნდით, რომელსაც თურქები ლიმანჯიკს[2], ანუ პატარა ნავსადგურს უწოდებენ. ნავსადგურში შესვლისას გემის საჭე წყალში ჩაგვივარდა და არ ვიცოდით, როგორ მოგვეძებნა. ნავსადგურში დაგვაკლდა სასმელი წყალიც, რადგან ქარიშხლის დროს წყალი კასრებით ზღვაში გადავუშვით. კარჭაპი აღარ გაგვაჩნდა. სასმელი წყლის ნაპირიდან მოსატანად მხოლოდ ერთი ნავი გვქონდა, რომლით მოტანილი წყალიც საკმარისი არ იყო.

ამ ნავსადგურში რვა დღე დავრჩით. ამ ხნის განმავლობაში ნაპირზე სულ ორი ჩერქეზი მოვიდა. ისინი ყიდდნენ ერთგვარი გარეული ჯიშის საქონლის ხორცს. ის ტყეში ბინადრობს და ირმისტოლა თხას ჰგავს, მისი ხორცი ძალიან გემრიელია. ჩვენი გემის თარჯიმნის საშუალებით მათ მოველაპარაკეთ და ვკითხეთ, როგორ შეიძლება მგზავრობა ხმელეთით კაფამდე, რადგან უკვე ზამთრდება და ამ დროს შავი ზღვა ძალზე ქარიშხლიანი ხდება. მათ გვიპასუხეს, რომ ეს ადვილი მოსაგვარებელია. თუ შესაფერ საფასურს გადაიხდით, ჩვენი ბატონი კაფამდე ხალხს, ცხენებს და ფორნებს მოგცემთო. ეს ყველას მისაღებ პირობად მოგვეჩვენა. ერთი ჩერქეზი გემზე მძევლად დავტოვეთ და მეორე კი მეზღვაურთან ერთად მთავართან გავაგზავნეთ ფასზე შესათანხმებლად. რვა დღის განმავლობაში მათი წასვლიდან ნაპირზე არავინ გამოჩენილა. და აი, გამოჩნდა სამი კაცი, რომლებიც ნიშანს იძლეოდნენ. გავგზავნეთ ჩვენი ნავი, რადგან მთავრის გამოგზავნილები გვეგონა. ნავი ნაპირისკენ წავიდა და იმ დროს დაბრუნდა, როცა უკვე ბნელოდა. მოიყვანეს უმშვენიერესი ვერძები, რომლებიც მენავეს ძალზე იაფად ეყიდა. ვინაიდან გემზე ხორაგის ნაკლებობა იყო და ვერძები კი იაფად იყიდებოდა, თითოეულმა გადაწყვიტა მეორე დილით საყიდლად წასვლა. ჩერქეზმა, რომელიც გემზე მძევლად იყო დატოვებული, მოინდომა მათთან ერთად ნაპირზე გადასვლა, იმ საბაბით, რომ ჩერქეზები ფასში მოგატყუებენო. კაპიტანმა ნება დართო და როცა გემი ნაპირს მიადგა, დავინახეთ, როგორ გამოცვივდა ტყიდან და ბუჩქებიდან სამასამდე ცხენოსანი ჩერქეზი და სანაპიროზე უტიფრად დააჭენებდნენ ცხენებს. ნავი დაგვეკარგა, რასაც განსაკუთრებით განვიცდიდით, რადგან გემზე სასმელი წყალი ძალზე ცოტა გვქონდა.

ამასობაში ოთხი თუ ექვსი ჩერქეზი კაპიტანთან მოსალაპარაკებლად მოვიდა. როგორც მათ კაპიტანს უთხრეს, მათმა მთავარმა გაიგო, რომ მისი სამთავროს სანაპიროზე დგას დამსხვრეული გემი და მის დასაპატრონებლად მოვიდა. კანონით მას ეკუთვნის ეს გემი ეკიპაჟით, მგზავრებითა და საქონლითურთ.

კაპიტანმა უპასუხა, რომ იგი არ მისცემს არც გემს, არც საქონელს და არც მგზავრებს, მაგრამ თავაზიანობის გამო მზად არის, დაასაჩუქროს მთავარი. ბევრი კამათის შემდეგ ჩერქეზი დათანხმდა. მოლაპარაკება ხუთ თუ ექვს დღეს გაგრძელდა. ბოლოს ხუთას სკუდოზე შეთანხმდნენ.

ამ ხნის განმავლობაში გემზე უწყლობით ვიტანჯებოდით და ბევრი იძულებული იყო, თაფლით დამტკბარი ზღვის წყალი ესვა.

...შობის წინა ღამეს ანატოლიის[3] ქ. სინოპში[4] ჩავედით, რომელიც მითრიდატეს სამეფოს[5] ყოფილი დედაქალაქია. გზაში კარჭაპი დავკარგეთ. შუადღე იქნებოდა, როცა ნავსადგურის შესასვლელს მივადექით. ნავსადგური ხმელეთშია შეჭრილი, ოთხი მილის სიგრძეზე ზღვაშია გაჭიმული. ქალაქს ორივე მხრიდან ზღვა უვლის და მეტად მდიდარია თევზით, პურით და ხილით, რომელიც წლის ყოველ დროს უხვადაა. ქალაქი სავსეა სავაჭროებით და გემთმშენებელი ოსტატებით, რომლებიც მაღალგვერდებიან გემებს აგებენ, ასევე -კარჭაპებს სულთნის სამსახურისათვის. ნავსადგურში შესვლა ვერ შევძელით საწინააღმდეგო ქარის გამო. ახლომახლო არცერთი ნავი არ აღმოჩნდა, რომ შიგ ნავსადგურში შევეყვანეთ. უკარჭაპობა ძალზე გვიშლიდა ხელს. ვერც ნავსადგურს ვაცნობეთ ჩვენი მოსვლის შესახებ და ვერც ნავსადგურში მდგომ გემებს შევატყობინეთ, რომ დაგვხმარებოდნენ. გვინდოდა ნიშნის მიცემა ყუმბარის გასროლით, მაგრამ თოფის წამალი იმდენად იყო დასველებული, რომ არ ფეთქდებოდა.

ამ დროს მოპირდაპირე პატარა მთაზე რამდენიმე მწყემსი დავინახეთ, რომლებიც თავიანთ ფარას აძოვებდნენ. გემზე ყველანი ავყვირდით. მათ გაიგონეს ჩვენი ყვირილი და შეატყობინეს ქალაქს, ნავსადგურის შემოსასვლელში ქარიშხლის მიერ დამსხვრეული გემი დგას და დახმარებას მოითხოვსო. ჩვენს გემთან ორი დიდი გემი მოცურდა, რომელმაც ორმოცდაათი მგზავრი აიყვანა. მათი დახმარებით შემოვედით ნავსადგურში და დავდექით.

მე დავუმეგობრდი ერთ მენავეს და ვთხოვე, ჩემთვის სასტუმრო მოენახა. ძალზე შეწუხებულს და მგზავრობით გადაღლილს მსურდა, ეს ზამთარი ამ ქალაქში გამეტარებინა. მან ერთი ბერძენი მღვდელი მომიძებნა, რომელმაც მაცნობა, რომ სიამოვნებით მიმიღებდა თავის სახლში.

თან მახლდა ჩემი მოსამსახურე, გურული ყმაწვილი, სახელად ჯოვანი. იგი ბავშვობიდან ჩვენ აღვზარდეთ, კარგი კათოლიკე დადგა და ძალიან კარგად იცოდა იტალიური ენა. მაგრამ ამდენი ქარიშხლისა და ტანჯვისგან ეს საწყალი ავად გამიხდა. არ მინდოდა, იგი გემზე დამეტოვებინა. ხელზე აყვანილი გადმოვიყვანე გემიდან და მღვდლის სახლში მოვიყვანე. მან ძალიან დიდი თავაზიანობით მიმიღო და ერთ ხანს ძალიან კარგად ვიყავით. რამდენიმე დღის შემდეგ ჯოვანის ავადმყოფობა დაუმძიმდა, ბოდავდა, მთელ ღამეს ყვიროდა. ჩემი მასპინძელი რომ არ შემეწუხებინა, ერთ პაწია ოთახში გადავედი. ხალხს ეგონა, რომ მას გადამდები ავადმყოფობა სჭირდა და მეც და ავადმყოფიც შეგვიძულეს. ასე, რომ, ვერავინ გამოვნახე ავადმყოფის მომვლელად და ჩემს მოსამსახურედ. ჯოვანის მთელი ავადმყოფობის განმავლობაში იძულებული ვიყავი, მე თვითონ მოვხმარებოდი ჩემს თავს. ეს ისე მძიმე არ იქნებოდა, ღამით მაინც რომ დამესვენა, მაგრამ ავადმყოფი მთელი ღამეები ყვიროდა. მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო გაუარესდა. ერთ დღეს მოვახერხე, გამესუფთავებინა და წესრიგში მოვიყვანე, ზიარება ვათქმევინე და წმ. ეპიფანის [დღის] წინა ღამეს გარდაიცვალა.

რადგან ჩვენი გემი, რომლითაც აქ ჩამოვედი, მთლიანად დამსხვრეული იყო და მის შეკეთებას დიდი დრო დასჭირდებოდა, მე მეორე გემი მოვნახე. დაახლოებით შუა მარხვაში ავედი მასზე და კონსტანტინეპოლისაკენ გავემგზავრე. ოთხი დღის შემდეგ ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და ჩვენ თავი შევაფარეთ ერთ ნავსადგურს ქალაქ მასტრაში[6]. ამ ქალაქის გარშემო მინდვრები მოფენილია დამუშავებული მარმარილოს ნამსხვრევებით. განსაკუთრებით მრავლადაა ძირს დაცემული სვეტები, რომელთაც გლეხები ღობეებად იყენებენ თავიანთი ნათესების გასამიჯნად. აქ, ამ მინდვრებში, არამარტო მარმარილოს სვეტებს ნახავს კაცი, არამედ ბევრ დანგრეულ ბრწყინვალე ნაგებობასაც, საიდანაც ჩანს, რომ წარსულში აქ დიდი ქალაქი ყოფილა.

დრო შევარჩიეთ, იალქნები გავშალეთ და კონსტანტინეპოლისაკენ გავემართეთ, სადაც უწმინდესი ხარების დღეს, 25 მარტს მოვედით. ამ ქალაქიდან წასვლა აღდგომა დღეს მინდოდა. ასეც მოვურიგდი ინგლისურ გემს, რომელიც გასასვლელად იყო გამზადებული. მაგრამ წმინდა შაბათს კონსტანტინეპოლში ცნობა მოვიდა, რომ დარდანელში ვენეციის ფლოტი გამოჩნდა. გემმა წასასვლელი ნებართვა ვერ მიიღო და ამიტომ იძულებული ვიყავი, კონსტანტინეპოლში დავრჩენილიყავი 1650 წლის სამ აგვისტომდე. გემზე ჩემი თანამგზავრები იყვნენ კეთილშობილი პირები, მამები ნიკოლინო ბაზელი და სინიორ ჯოვანი სორგო (რაგუზის ელჩი). მათ არამარტო დიდი თავაზიანობით მიმიღეს თავის წრეში, არამედ ამ ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მათთან ერთად ვსადილობდი და ღამეც მათ კარავში მეძინა. რაგუზაში[7], სადაც ორმოცი დღე კარანტინში ვიყავი, მათ დიდი პატივი დამდეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმსახურებდი. დავსხედით გემზე, რომელიც ანკონაში[8] მიდიოდა. მათ დიდი საჩუქრებით გაგვაცილეს. ასე, რომ, მათმა თავაზიანობამ მე მართლაც დამავიწყა ხანგრძლივი და დამქანცველი მგზავრობისას განვლილი ტანჯვა.

რაგუზიდან ანკონაში გავლისას ხელახლა ვნახე წმ. ლორენცოს ტაძარი.[9] კარგი იქნებოდა, როგორც აღმოსავლეთში ჩემი პირველი გამგზავრებისას, წავსულიყავი ნაზარეთში[10], გალილეაში[11], დამეკოცნა ის წმინდა მიწა, საიდანაც მაცხოვარი ლორენცოში გადავიდა. ასევე, დასავლეთში დაბრუნებისას, ხელახლა მენახა ეს უწმინდესი სახლი და მადლობა გადამეხადა უწმინდესი ღვთისმშობლისათვის, რომ მთელი ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ჯანმრთელად გადავრჩი და ოცი წლის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი.


  1. იგულისხმება ჩრდილო-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი, რომელიც იმ დროს ამ მიწა-წყალზე ჩერქეზული მოდგმის ტომების ბინადრობის გამო ჩერქეზეთად იწოდებოდა.
  2. ეს ნავსადგური უნდა ყოფილიყო თანამდროვე ბავშვთა შავიზღვისპირა დასავენებელ ბანაკის, ლიმანჩიკის მიდამოებში, ქ. ნოვოროსიისკიდან 30-ოდე კმ-ში (კრასნოდარის მხარე, რუსეთის ფედერაცია). "ლიმან" (ლიმან) თურქულად ნიშნავს ნავსადგურს.
  3. დღევანდელი თურქეთის აზიური ნაწილის ძირითადი ტერიტორია.
  4. ქალაქი-ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. მთავარი სადგური კონსტანტინეპოლსა და ტრაპეზუნტს შორის საზღვაო გზაზე.
  5. იგულისხმება პონტოს სამეფო (ძვ. წ. IV-I სს-ში), რომლის ბოლო მეფე იყო სახელგანთქმული მითრიდატე VI (ძვ. წ. 121-63 წწ.) ევპატორად წოდებული. ლამბერტსაც, უეჭველია, სწორედ ეს მითრიდატე ჰყავს მხედველობაში.
  6. პატარა ქლაქ-ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, თანამდროვე პატარა თურქული კორორტი ამასრა. ანტიკურ ხანაში წარმოადგენდა დიდებულ ქალაქს. ეწოდა ამასტრისი (ბერძ.) პაფლაგონიის დედოფლის სახელის მიხედვით. ერთხანს ფლობდნენ გენუელები. 1460 წელს დაიპყრო ოსმალეთმა.
  7. ქალაქი სიცილიის სამხრეთში. პროვინცია რაგუზას დედაქალაქი.
  8. ქალაქი-ნავსადგური შუა იტალიაში, ადრიატიკის ზღვის ერტ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავსადგური.
  9. ალბათ იგულისხმება ქ. რომის წმ. ლორენცოს ტაძარი (San Lorenzo fuori le Mura), სადაც 1374-1847 წწ. ჰქონდა კათედრა იერუსალიმის ლათინთა პატრიარქს და წარმოადგენდა რომის მთავარი შვიდი საპილიგრიმო ტაძრიდან ერთ-ერთს.
  10. ქალაქი გალილეის მხარეში (ჩრდილოეთი ისრაელი). აქ გაუტარებია ყრმობა და ახალგაზრდობის წლები იესო ქრისტეს. ამიტომ იესო ნაზარეველსაც უწოდებდნენ.
  11. ისტორიული მხარე ჩრდილოეთ ისრაელში. გალილეადან იყვნენ ქრისტეს მოციქულთა უმეტესობა.