1981 - სოსელია ოლღა - ღოღობერიძეთა სათავადო

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ბაგრატიონთა გერბი


გენეალოგიური კვლევები


ღოღობერიძეები



პუბლიკაცია:

ოლღა სოსელია - ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები) - წიგნი II - თბილისი - 1981

http://nobility.pro/ge/statia/139-ghoghoberidzeebis-sagvareulo.html


ტექსტი[edit]

ღოღობერიძეთა სათავადო

ღოღობერიძეთა სათავადოს ისტორია.

ღოღობერიძეთა საგვარეულოს შესახებ საისტორიო წყაროებში მეტად მცირე ცნობებია შემონახული, ამიტომ ჩვენი მსჯელობა ამ საგვარეულოზე ფრაგმენტულია, ზოგჯერ მხოლოდ ზეპირგადმოცემაზე და ვარაუდებზეა დამყარებული. მაგრამ, ვფიქრობთ, ის მაინც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა აღნიშნული გვარის ისტორიაზე.

იოანე ბატონიშვილი თავის ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ ამბობს: „ღუბილხან ანუ ღუღილხან იყო თათარი წელსა 1253–ს ... ამათ გუარნი დაშთენ იმერეთს შ(ინ)ა და მიიღეს ღოღობერიძეობა სახელის გამო მათისაო“.

ღოღობერიძეთა წარმომავლობის შესახებ იოანეს ცნობა რეალურ საფუძველს მოკლებულია, ამ ცნობაში სინამდვილესთან ახლოსაა მხოლოდ მათი შორეულ წარსულთან დაკავშირება.

როგორც ა. შანიძე შენიშნავს, გვარსახელ ღოღობერიძეს „საფუძვლად უძევს პირის სახელი ღოღა, რომლისგანაც ნაწარმოებია გვარები: ერთი მხრით ქართ. ღოღაისძე... და მეორე მხრით ჭანური ღოღა(იშ)ბერე. უკანასკნელ გვარს გაქართულების პროცესში დაჰრთვია ქართული გვარების დაბოლოება ძე და იგი გადაქცეულია ღოღაბერი (ს) ძე–დ, შემდეგ კი–ხმოვანთა ასიმილაციის გამო – ღოღობერიძე–დ“.

“ღოღაისძე“ თუ „ღოღაძე“ (ღღ–ძთა), დასახელებულია ვანის მარმარილოს ქანდაკების ასომთავრულ წარწერაში“, რომელსაც ე. თაყაიშვილი სავსებით მართებულად „ღოღობერიძეთა“–დ კითხულობს. წარწერა ХI-ს. მიეკუთვნება. ამავე საუკუნეში მოღვაწეობენ მასში მოხსენიებული ღოღობერიძეები: ზვიადი და მისი ძმა თუ თანამოგვარე გიორგი. ესენი არიან ღორობერიძეთა გვარის პირველი ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელნი, რომელთაგან ზვიადს, როგორც აღნიშნული წარწერიდან ვგებულობთ, ფრიად მაღალი საერო ხელისუფლება – ერისთავთერისთავობა აქვს. მაგრამ ამის შემდეგ სხვა წყაროებში ღოღობერიძეთა სახლის წევრი არც ერისთავთერისთავად იხსენიება და არც ერისთავად. არ იხსენიება ამის შემდეგ ღოღობერიძე საერთოდ დიდხანს.

აღსანიშნავია, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ღოღობერიძეს იმერეთს „აწინდელთა ჟამთა“ (საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლილობის პერიოდის) იმ „უწარჩინებულეს“ გვართა შორის ასახელებს, რომელნიც იყვნენ „მთავრობით პატივცემულ მეფეთაგან“. („მთავარს“ ვახუშტი აქ, და სხვაგან, თავადის სინონიმად ხმარობს).

იოანე ბატონიშვილის ზემოხსენებულ „აღწერაშიც“ ნათქვამია: „ღოღობერიძე თავადი იმერეთისაო“. ერთი გვიანდელი ხანის (1819 წ.).. საბუთის ენით რომ ვთქვათ, ღოღობერიძის „თავადობა მთელმან იმერეთმან იცოდა“.

ვანის მარმარილოს ქანდაკების წარწერის შემდეგ ღოღობერიძეთა ანუ ღოღაბერიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი პირველად ჩანს ХV-ს. პირველ ნახევარში. თოფურიძეთა 1413 – 1444 წწ. სასისხლო სიგელში ალექსანდრე მეფის „კარის ვაზირთა’“ შორის მოწმედ იხსენიება „ხალიფანდრო ღოღაძე“, რომელიც უთუოდ ღოღობერიძეა.

უფრო გვიან , 1486 – 1488 წლებში ვხედავთ დავით ღოღობერიძეს. ამ დროს მას დიდი თანამდებობა – მეაბჯრეთუხუცესობა უჭირავს და წარჩინებული პირია.

დავითზე უფრო დაწინაურებულია მისი სახლიკაცი ესტატე, რომელიც ამავე ხანში, 1488 წ. ციხისთავად არის დასახელებული. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ციხისთავობა ძველად (ХV-XVI სს.) „სავაზირო თანამდებობას შეადგენდა“ და „წინათ იმერეთში იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი“ სახელო, რომელიც თვით „სახლთუხუცესის თანამდებობაზედაც მაღლა იდგა“, ცხადი გახდება თუ რარიგ დიდი გავლენა ჰქონდა ამ სახელოს მფლობელ ესტატე ღოღობერიძეს.

ციხისთავის თანამდებობით ღოღობერიძე უკანასკნელად ჩანს 1545 წელზე ცოტა ადრე, მაგრამ მისი სახელი არ იხსენიება. აღნიშნულ წელს ციხისთავი ღოღობერიძე ცოცხალი არ არის. „უშვილოდ“ გადასულს მას თავისი მამული „ნაშვილეობით“ ბაგრატ იმერთა მეფისათვის მიუცია და უკანასკნელი ამ მამულს გელათის წმინდა გიორგის სწირავს.

XVII ს. ციხისთავობა ომათმათიძეთა (შემდეგდროინდელ სახელწოდებით აგიაშვილთა) საგვარეულოს აქვს და ღოღობერიძეები უკვე დაქვეითებული ჩანან.

ამ საგვარეულოს აღზევების ხანში (ХV ს. მიწურულიდან მომდევნო საუკუნის 60–იანი წლების დამლევამდე) უნდა იყოს ჩამოყალიბებული ღოღობერიძეთა სათავადო. რომელიც, გადმოცემის მიხედვით, მოიცავდა ტერიტორიას „გუბის წყლიდან ცხენის წყლამდის“.

აღნიშნულ სათავადოში ამ დროს, მთლიანად თუ ნაწილობრივ, შედიოდა შემდეგი სოფლები: 1. ღანირი, 2. ქუტირი, 3. ივანდიდი, 4. პატარა ანუ გოჩა ჯიხაიში. 5. მათხოჯი, 6. ნანახულევი.

ამავე სათავადოში შედიოდა ხონის დიდი ნაწილიც.

ღოღობერიძეების სათავადოს აღმოსავლეთით გუბის წყალი საზღვრავდა, დასავლეთით და ჩრდილოეთით – ცხენის წყალი, სამხრეთით – თავად მიქელაძეების სამფლობელო – სოფ. ჭაგანი და ეწერი.

ღოღობერიძეთა რეზიდენცია პატარა ჯიხაიშში იყო. იმ ადგილას, სადაც ახლა „ამოკირულას“ ეძახიან, იყო ღოღობერიძეების სასახლე, ხოლო მის ჩრდილო–დასავლეთით–კარის ეკლესია.

ციხე – სიმაგრე ღოღობერიძეებს ჰქონიათ „ამოკირულადან“ ცოტა დაშორებით, სამხრეთ – დასავლეთისაკენ, იქ, სადაც დღეს ადგილობრივი მოსახლეობა „გორიკას“ ეძახის, მაგრამ ახლა მისი ნანგრევებიც არ ჩანს.

ამ „გორიკაზე, იტყვიან, ძველად ქალაქიც ყოფიალაო“ .

საგვარეულო სასაფლაო ღოღობერიძეებს ხონის წმინდა გიორგის ეკლესიაში ჰქონდათ.

ღოღობერიძეების ყმათა საერთო რაოდენობის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ მათი ძლიერების ხანაში (XV ს. დასასრულიდან XVI ს. 60 – იანი წლების ბოლომდე) ისინი ერმრავალი ფეოდალები უნდა ყოფილიყვნენ. მეტი თუ არა, დაახლოებით 200 – 300 კომლი ყმა მაინც უნდა ყოლოდათ.

გადმოცემითა და ზოგიერთი დოკუმენტური მონაცემის მიხედვით, ღორობერიძეთა ყმა გლეხები იყვნენ: კიკაჩეიშვილები, ცაგარეიშვილები, ბალანჩივაძეები, ფუტკარაძეები და სხვ.

ღოღობერიძეების აზნაურები იყვნენ ქუთათელაძეები (ხონის).

ღოღობერიძეების სათავადოს ძირითად ნაწილს საგადასახადო შეუვალობა ჰქონდა: სამეფო საური და საუდიერო არ მართებდა. ამ გადასახადებისაგან განთავისუფლებულ იყვნენ ღოღობერიძეთა ყმა გლეხების მნიშვნელოვანი ნაწილი ХVIII ს. მეორე ნახევარში. მაგრამ, ფაქტიურად, ღოღობერიძეებს, ისე როგორც სხვა თავადებს, საგადასახადო იმუნიტეტი ბევრად უფრო ადრიდან (მათი ძლიერების ხანიდან) უნდა ჰქონოდათ მოპოვებული.

გვიანდელი (1810 წ. ) ცნობით, სამეფო საურს ღორობერიძეების მხოლოდ 10 კომლი იხდიდა, ხოლო საუდიეროს მიქელაძეების, ნიჟარაძეების, ჩხეიძეების, ლორთქიფანიძეებისა და ღოღობერიძეების ყმათა საერთო რიცხვიდან – 100 კომლი. აქედან ღოღობერიძეთა ყმებად თუ 1/5 – ს ვივარაუდებთ, საუდიეროს გადამხდელი მათი ყმებიდან მხოლოდ 20 კომლი ყოფილა.

ღოღობერიძეების სათავადოს თავის სამოხელეო აპარატი უნდა ჰქონოდა, რომლითაც იგი ყმა–მამულის მართვის საქმეს აწესრიგებდა, მაგრამ ამის შესახებ ცნობები დაცული არ არის.

როგორც ზემოთ ითქვა, ციხისთავ ღოღობერიძეს წყაროებში უკანასკნელად ვხედავთ 1545 წელზე ცოტა ადრე. ამის შემდეგ ღოღობერიძეთა ხსენება ერთხანს კვლავ საერთოდ წყდება და ეს საგვარეულო ისტორიის ასპარეზზე სრულებით არ ჩანს.

რით უნდა იყოს გამოწვეული ამ შემთხვევაში ღორობერიძეთა ასეთი გაუჩინარება?

ამის მიზეზი ღორობერიძეების საგვარეულოს და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონფლიქტში უნდა ვეძიოთ: 1587 წ. გიორგი II იმერთა მეფემ „ხონის ხოსროსეული სასახლე“ და ადგილ–მამული დავით წულუკიძეს უბოძა. თუ ვინ იყო ის ხოსრო, რომელსაც „ხონს... სასახლე“ და მიწა – წყალი ჰქონდა, ამაზე წყაროებში ვერაფერს ვპოულობთ. მაგრამ აქ ჩვენ გვაგონდება ის ჩვეულება, რომელიც ხონის წმინდა გიორგის დღესასწაულთან იყო დაკავშირებული და რომლის შესახებ ცნობები ჩავიწერეთ 1959 წ. აგვისტოს პატარა ჯიხაიშში ზემოხსენებული გრიგოლ ღოღობერიძის თხრობის მიხედვით:

„23 აპრილს, გიორგობის დღეს ხონში ძველად დიდი დღესასწაული იმართებოდა. ამ დღეს აქ თავს იყრიდა იმერეთის სხვადსხვა კუთხის მოსახლეობა. წმინდა გიორგის საყდრის წინ, წინეთ თვალწვდენი მინდორი იყო, იცოდნენ ბურთაობა, ჯირითი, სიმღერა, ცეკვა. ბურთაობის დაწყებამდე ეკლესიიდან გამოასვენებდნენ წმინდა გიორგის ხატს. მას წინ დროშით მოუძღოდნენ ჭანტურიშვილები. ბურთი მოჰქონდათ თავად წულუკიძეებს, მათ მხარდამხარ მოსდევდნენ ღოღობერიძეები. დადგებოდნენ დიდი ცაცხვის ძირში. გადაიხდიდნენ პარაკლისს და მერე იწყებოდა ბურთაობა. ბურთის პირველად გაგორების უფლება მხოლოდ ღორობერიძეთა გვარს ჰქონდა, შემდეგ შეიძლებოდა თამაშში სხვები ჩარეულიყვნენ“

ამ ჩვეულებაში ჩვენ ვხედავთ ხონისა და მისი მიდამოების მიმართ ღორობერიძეთა ოდინდელი უფლების გამოვლინებას. ამიტომ, ვფიქრობთ, 1587 წლის წინარე ხანაში ამ ადგილების დიდი ნაწილი, როგორც ზემოთ ითქვა, ღოღობერიძეებს ეკუთვნოდათ და ხოსრო, რომლის „სასახლე“ ხონს აღნიშნულ წელს მეფისაგან დავით წულუკიძემ „იქრთამა“, ღოღობერიძე იყო.

ფეოდალისათვის ყმა მამულის ჩამორთმევა, როგორც ცნობილია, მეფის ღალატის ან სხვა რაიმე დიდი დანაშაულის შემთხვევაში ხდებოდა. რა დანაშაული ჩაიდინეს ღოღობერიძეებმა? არც ამის შესახებ მოგვეპოვება წერილობითი ცნობა. მაგრამ ამ საკითხსაც რამდენადმე შუქს ფენს თვით ღოღობერიძეთა გვარში შემონახული ზეპირგადმოცემა.

ამ გადმოცემის ერთი ვერსიით, „ერთხელ თავად აბაშიძეს მეფისათვის მოუხსენებია: „ღოღობერიძე ისეთი მდიდარია რომ ესტუმროთ, თავს არ შეიწუხებსო“. მართლაც, მეფე თავის ამალით ღოღობერიძეს სტუმრად სწვევია. მაგრამ იგი მედიდურად მოქცევია მეფეს: ეზოს კარს გარეთ არ მიგებებია; ღოღობერიძის ცოლიც არ წამომდგარა, ისე გაუწოდებია ხელი მეფისთვის. მეფეს ეს სწყენია, მაგრამ არ გამოუმჟღავნებია. მასპინძლობის დამთავრების შემდეგ ღოღობერიძეს მეფე გაუცილებია. საღოღობერიძეოს საზღვართან, გუბის წყალთან რომ მისულან, მეფეს ღორობერიძისათვის თვალების დათხრა და ყმა–მამულის წართმევა უბრძანებია“.

მეორე ვერსიით, რომელიც სინამდვილეს უფრო უნდა ასახავდეს, „იმერეთის მეფეს ღორობერიძისათვის ოდიშის მთავრის ღალატი დაუვალებია. ღოღობერიძეს მეფისათვის მთავართან მორიგება შეუთავაზებია. მეფე ამის გამო მასზე განრისხებულა. შემდეგ დადიანის დამარცხება რაჭის ერისთავისა და წულუკიძისთვის მიუნდვია. მათ შეუსრულებიათ მეფის ბრძანება. ხოლო ღოღობერიძის მოქმედებით უკმაყოფილო მეფეს ჩამოურთმევია მისთვის ადგილ–მამული და წულუკიძისათვის უბოძებია. ამის შემდეგ ღოღობერიძეს თავის ძველ სამფლობელოდან მხოლოდ ჯიხაიში დარჩენია“

ერთი სიტყვით, ღოღობერიძეთა დამცრობის მიზეზი, გადმოცემით, დადიანთან კეთილგანწყობილება ყოფილა, რაც სარწმუნოდ გვეჩვენება. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დადიანსა და ღოღობერიძეებს შორის ეს განწყობილება, როგორც ქვემოთ ვნახავთ, გვიანდელ ხანაშიც გრძელდება. მაგრამ ახლა ისმის კითხვა: როდის მოხდა ღორობერიძეთა დამცრობა?

ვფიქრობთ, ეს მოხდა გიორგი II-ის მეფობაში (1565–1587 წწ.) თიანეთის ბრძოლის (1568 წ.) შემდეგ. ამაზე მიგვანიშნებენ ამ მეფის დროინდელი ფაქტები: ოდიშის მთავარი ლევან I დადიანი და ტახტის პრეტედენტი გიორგის ბიძაშვილი ხოსრო ბატონიშვილი მეფის სამტროდ ერთმანეთს დაუკავშირდნენ: მის ტახტიდან გადაგდებას ცდილობდნენ. დადიანმა მოიშველია იმ დროს ფრიად გავლენიანი თავადური გვარის მეთაური ვარაზ ჭილაძე „ლიპარტიანით ოდიშრით“ და აღნიშნულ წელს თავს დაესხნენ მეფეს იანეთს, მაგრამ დამარცხდნენ და ილტვოდნენ.

როცა მეფე ტახტზე მომაგრდა. სასტიკად გაუსწორდა დადიანის „მიმდგომ“ თავადებს. საჯავახოს მფლობელი ჯავახ ჭილაძე მოკლა და მისი მამული თვითონ „დაიპყრო“.

ზემოაღნიშნული ისტორიული გადმოცემა საფუძველს გვაძლევს დადიანის „მიმდგომთა“ შორის ამ დროს თავად ღოღობერიძეებიც ვიგულისხმოთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის, რომ გიორგი მეფის მიერ „ხონს ხოსროსეული“ (ჩვენი ვარაუდით, ღოღობერიძისეული) მამულების დავით წულუკიძესათვის ბოძება, დოკუმენტური მონაცემებით, ქრონოლოგიურად სწორედ იანეთს მეფეზე თავდასხმის შემდგომ ხანს (1587 წ.) ემთხვევა. გადმოცემით კიდევ დადიანთან კეთილურთიერთობის გამო შერისხული ღოღობერიძეთა მიწა–წყალი, როგორც ვნახეთ, მეფემ სწორედ წულუკიძეებს უწყალობა, რის შემდეგ ღოღობერიძეებს მხოლოდ პატარა ჯიხაიში შერჩათ.

ამგვარად, თუ წერილობითი წყაროების ცნობებზე დაკვირვებას ზეპირგადმოცემით შევავსებთ, ღოღობერიძეთა დაქვეითება, მათი ადგილ–მამულის წულუკიძეებისთვის გადაცემა ოდიშის მთავრის მომხრეობის გამო მოხდა ზემოაღნიშნულ დროსა და ვითარებაში. ამას უნდა მოყოლოდა ისტორიის სარბიელიდან ერთხანს ღოღობერიძეების მოცილება.

ამის შემდეგ ამ საგვარეულოს წარმომადგენელს პირველად ვხედავთ XVII ს. პირველ ნახევარში. ესაა ზაალ ღოღობერიძე, რომელიც იხსენიება 1643–1649 წლებში განწესებულ ჯვარის მონასტრის აღაპში. ამ მონასტრის სასარგებლოდ მას რაღაც შეუწირავს, რაკი მისთვის აღაპი (მოსახსენებელი ტრაპეზი) გააჩინეს. ამასთან, ეს შეწირულება მის ეკონომიკურ შასაძლებლობაზედაც მეტყველებს.

ეს ზაალ უნდა იყოს ხომულის ციხის წარწერაში მოხსენიებული ზაალ ღოღობერიძე, რომელთან ერთად დასახელებულია აგრეთვე მისი ძმა თუ სახლიკაცი გიორგი. ისინი ამ ციხის აღდგენა –განახლებისათვის იღწვიან.

ზაალ და გიორგი ღოღობერიძეები უნდა იყვნენ გოჩა ჯიხაიშელ თავად ღოღობერიძეთა ერთი შტოს წარმომადგენელნი, რომელნიც ხომულში დამკვიდრებასა და იქ თავიანთი რეზიდენციის მოწყობას ცდილობენ.

XVII ს. შუა წლებისათვის ღოღობერიძეებმა, როგორც ჩანს, შეძლეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან განწყობილების გამოსწორება. იმერეთა მეფის ალექსანდრე III-ს 1651 წლის ცნობილ ფიცის წიგნში, მართალია, მეორეხარისხოვან თავადთა რიგებში, მაგრამ მაინც იხსენიება ამ საგვარეულოს წევრი ფაცია ღოღობერიძე.

აღნიშნული საუკუნის 50–იან წლების დამდეგს ღოღობერიძეთა სახლის თავკაცი ბეჟან ღოღობერიძეა. იგი ფრიად გავლენიანი თავადია. ეს ჩანს თუნდაც იქედან, რომ ოდიშის მთავარმა ვამეყ დადიანმა ქართლის მეფესთან მოყვრობას ღოღობერიძესთან მოყვრობა არჩია: ვახტანგ V–ის ძის არჩილისათვის „დაწინდული“ თავისი ასული დადიანმა ბეჟანს მიათხოვა. დადიანის არჩევანს პოლიტიკური ანგარიში ედვა საფუძვლად. ღოღობერიძის მოყვრობაში დადიანი ქვემო იმერეთის შემომტკიცების გარანტიას ხედავდა. მაგრამ ღოღობერიძე ამჯერადაც ოდიშის მთავრის პოლიტიკური ანგარიშების მსხვერპლი გახდა: ვახტანგ მეფემ 1661 წ. მოაკვლევინა „ზემომხრელთა იმერთა“ ბეჟან ღოღობერიძე და, ამგვარად, დადიანს საიმედო მოკავშირე გამოაცალა.

ამ ბეჟანის თანამედროვეა მისი მოგვარე მეორე ბეჟან ღოღობერიძე, რომელიც ბაგრატ IV-ს მიერ რუსთ ხელმწიფისათვის გაგზავნილ 1669 წ. წერილში იმერთა მეფის თავადებს („ბოიარებს“) შორის არის დასახელებული.

აქვე თავადთა შორის დასახელებულია აგრეთვე ღოღობერიძეთა საგვარეულოს მეორე წარმომადგენელი ზაალიც. ვფიქრობთ, ესეც ის ზაალია, რომელიც ჯვრის მონასტრის აღაპში და ხომულის ციხის ზემოაღნიშნულ წარწერაშია მოხსენებული. იგივე ზაალ უნდა იყოს ბაგრატ მეფის 1673 წ. წყალობის წიგნში მოწმეთ დასახელებული და 1673–1696 წწ. ერთ საბუთში ნახსენები ზაალ ღოღობერიძეც, რომლის „კაცს ... ხობის ღმთისმშობლის ფიცის ტეხა დაედვა“ და რომლიც მან „ხატს შემოსწირა“.

აღსანიშნავია, რომ არც ალექსანდრე III-ის 1651 წ. ფიცის წიგნში და არც მისი მემკვიდრის ბაგრატ IV-ის ზემიხსენებულ წერილში ღოღობერიძეთა სახლის წევრები იმერეთის დიდებულ თავადთა („დიდი ბოიართა“) რიგებში არ გვხვდებიან და არც რაიმე სახელოს ფლობენ, არამედ მხოლოდ მეორეხარისხოვან თავადებში იხსენიებიან. ჩანს, იმერთა მეფეები ამ საგვარეულოს აღნიშნულ ხანშიც დიდად არ წყალობენ. მიუხედავად ამისა, ღოღობერიძეთა გვარში დიდებული თავადი მაინც საგულისხმებელია.

XVIII-ს. დამდეგიდან ღოღობერიძეები უფრო ხშირად ჩანან წყაროებში. ნიშანდობლივია ის, რომ აღნიშნულ საუკუნეშიც მათ კარგი განწყობილება აქვთ დადიანთან: ამ საგვარეულოს ზოგი წევრი სწორედ ოდიშის სამთავროში წინაურდება საეკლესიო სფეროში.

1701 წ. ცაიშელ ეპისკოპოსად სვიმონ ღოღობერიძეს ვხედავთ. უფრო გვიან, 1714 წ. ბეჟან დადიანმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტადაც ევდემონ ღოღობერიძე დასვა. ამ ხარისხით გვხვდება იგი 1727 წელსაც. ეს ევდემონი უნდა იყოს იმავე დადიანისა და შოშიტა რაჭის ერისთავის მიერ 1717 წ. გრიგოლ კათალიკოსისათვის მიცემულ პირობის წიგნში მოწმედ მოხსენიებული „ღოღობერიძე წინამძღვარი ევდემოზ“. ჩანს, მიტროპოლიტობასთან ერთად, მას მარტვილის მონასტრის წინამძღვრობაც ჰქონდა.

ევდემონის თანამედროვე იყო მისი სახლიკაცი ხახუ ღორობერიძე, რომლის ასული (სახელი არ იხსენიება) ოდიშის თავად დეისმა ჯაიანის თანამეცხედრე იყო და რომელიც ზემოდასახელებულ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წ. გუჯარშია ნახსენები. მაგრამ არც დეისმა, არც ხახუ ღოღობერიძე და არც მისი ასული ამ დროს ცოცხალი არ უნდა იყვნენ.

იმერეთის სამეფოშიც გარკვეულ წარმატებას აღწევს ღოღობერიძეთა საგვარრეულოს წარმომადგენელი სილიბისტრო ალექსანდრე V-ის მეფობის ბოლო წლებსა და მისი ძის სოლომონ I-ის მეფობაში. აქაც ღოღობერიძე საეკლესიო სფეროში მოღვაწეობს.

1750 წ. სილიბისტრო ღოღობერიძე „წმინდის მოწამეთის წინამძღვარი“ და „ხელმწიფის კარის მღვდელია“.

1755 წ. მას სოლომონ I-ის „კარის წინამძღვარად“ ვხედავთ. ამ მეფის კარის წინამძღვრობა ჰქონდა სილიბისტროს უთუოდ ადრეც.

უფრო გვიან ოდიშის მთავარმა კაცია II დადიანმაც (1757 – 1788 წწ.) ლეჩხუმის საირმის უდაბნოს „მამად“ „იმერელი“ სილიბისტრო ღოღობერიძე დაადგინა. მას არქიმანდრიტის ხარისხი ჰქონდა.

წინამძღვარი სილიბისტრო ღოღობერიძის მიერ არის დაწერილი იმერთა მეფის სოლომონ I-ის და სხვა პირთა არაერთი სიგელი.

სილიბისტროს უკანასკნელად ვხედავთ 1786 წ. ამის შემდეგ ის უთუოდ მალე გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ XVII -ს. 60–იანი წლების შემდეგ ღოღობერიძეთა საგვარეულოს როლი იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტად უმნიშვნელოა. ადრიდანვე მამულდამცრობილი ღოღობერიძეები ქვეითდებიან.

იმერეთის სამეფოში რუსული მმართველობის სისტემის დამყარებასთან დაკავშირებით ღორობერიძეთა სათავადო ადმინისტრაციულად გაუქმდა.

შეიძლება ეს სიმონი იყოს 1819 წ. იმერეთის მმართველობისათვის „მოხსენების“ წარმდგენი „თავადი ღოღობერიძე სვიმონ“.

ბ ე რ ი - გვხვდება სოლომონ I- ის 1770 წ. წყალობის წიგნში. ამ ბერიმ „იშოვა“ ოდიშს მახარობელი ფუტკარაძე და ჯიხაიშს სამეფო მიწაზე დაასახლა. მეფემ ბერის „ვედრებით“ ეს მისი გლეხი ყოველგვარი „სახელმწიფო გადასახადისაგან“ გაათავისუფლა.

გ ო გ ი ტ ა ბეჟანის ძე (III-ის?) - ვხედავთ 1770 წ. ერთ „სათავდებო წიგნში“.

ლ ე ვ ა ნ I - იხსენიება 1782, 1792, 1819 წლებში. მას ორი ძმა ჰყავდა: ქაიხოსრო და როსტომი. ლევანთან ერთად იხსენიებიან ისინი სოლომონ II-ის 1792 წ სიგელში. ძმები ღოღობერიძეები ამ მეფის ერთგულად ნამსახურნი იყვნენ (უნდა ვიფიქროთ იმერეთის ტახტისათვის ბრძოლაში, ღოღობერიძეები სოლომონ II -ეს უჭერდნენ მხარს). ამის „ნაცვლად’’ უკანასკნელმა მათ „კაცებს“ აღნიშნული სიგელით სამეფო გადასახადი – საური და საუდიერო „ამოუკვეთა“.

ლევან I უკანასკნელად მოხსენიებულია 1823 წ. 4 ოქტომბერის წყალობის წიგნში, მაგრამ ამ დროს იგი ცოცხალი არ არის.

ლევან I-ს ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონ (II), გიორგი, საფრონ, ლევან (II) და საბიტო. ხუთივე ერთად დასახელებულია ხსენებულ წყლის წყალობის წიგნში. მათგან სიბიტო გვხვდება უფრო ადრეც – 1819 წელს, ხოლო ლევან II-გვიან. 1832 წ. 19 აგვისტოს. ამ წელს ლევან II -ეს პრაპორშჩიკის ხარისხით ვხედავთ. ამავე დროს მას მოურავობაც აქვს.

ნ ი კ ო ლ ო ზ ქაიხოსროს ძე - ჩანს 1785 წ. მის მიერ ხონის ტაძრისთვის მიცემულ შეწირულობის წიგნში.

ნიკოლოზის მამა ქაიხოსრო არ უნდა იყოს ლევან I-ისა და როსტომ ღოღობერიძეების ძმა ქაიხოსრო, რომელიც მათთან ერთად იხსენიება 1792 წ. საბუთში (იხ. ზემოთ ლევან I).წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საბუთში ჩვეულებრივ ნიკოლოზიც იქნებოდა მოხსენიებული.

გ ე რ ა ს ი მ ე - გვხვდება 1807, 1838 წლებში. მისი დაწერილია ხახუ და სხვა ფაღავების მიერ ანტონ ხონელისადმი მიცემული 1807 წ. „საუდაო წიგნი“. ხოლო 1838 წ. გერასიმე ღოღობერიძე თავის თავს მარტვილის ეკლესიის დასავლეთის მარჯვენა ეკვდრის წინამძღვრად ასახელებს (ამ ეკლესიის დასავლეთის მარჯვენა და მარცხენა ევკდრები დადიანების სასაფლაო იყო).

ო ტ ი ა - იხსენიება იმერეთის მდივანბეგთა 1814 წ. განჩინების წიგნში.

ს ო ფ რ ო მ - მღვდელ–მონაზონი. ვხედავთ 1815 წ. დოკუმენტში.

ს ი კ ო - გვხვდება 1819 წ.

ბ ე ჟ ა ნ IV - ვხვდებით 1823 წ. წყალობის წიგნში, რომელიც მის მიერაა დაწერილი.

ბ ე ს ა რ ი ო ნ - „იმერეთის არხიეპისკოპოსის“ სოფრონიოსის „სეკრეტარი“ ჩანს 1835 წ.